არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 კობა ცხაკაია

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



კობა ცხაკაია Empty
PostSubject: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptySat Jul 25, 2009 6:49 pm

კობა ცხაკაია Koba_t10
Koba Tskhakaia

მძულს სიტყვები ზოგიერთი

მძულს სიტყვები ზოგიერთი,
როგორც თითქოს, ანდა თითქმის.
მათ აზრი აქვთ ერთადერთი
და ტონითაც ისე ითქმის,
რომ არ მწამდეს ქვეყნად ღმერთი,
მეც ვიტყოდი, რომ მწამს თითქმის...
ან ვიტყოდი, რომ თითქოს ვარ,
ქვეყნად კაცი მხოლოდ ერთი,
და ხანდახან, საღამო ხანს
მუსაიფობს ჩემთან ღმერთი...


კობა ცხაკაია

მწერალი, დრამატურგი, კინორეჟისორი და მსახიობი

დაიბადა 1964 წლის 30 მარტს. პროფესიით კინოსა და თეატრის მსახიობი და კინოსა და ტელევიზიის რეჟისორია.
იბეჭდება 1997 წლიდან. გამოსაცემად მზად არის მისი მოთხრობებისა და პიესების კრებული.
1999 წელს მიიღო "ბესტსელერის" პრემია.
მიუნჰენის კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარის სპეციალური პრიზით აღინიშნა მისი რეჟისურა და სცენარი მხატვრული ფილმისათვის "პილიგრიმი" (1994 წ.).
ბელგრადის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა საპატიო სიგელით (1995 წ.).
მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" და ტელევიზიაში. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/კობა_ცხაკაია
* https://ru.wikipedia.org/wiki/Цхакая,_Коба_Львович
* https://1tv.ge/elit_author/koba-ckhakaia/
* https://www.facebook.com/kobatskhakaia
* https://www.imdb.com/name/nm9122031/?ref_=nv_sr_1
* https://www.youtube.com/user/kobacxakful
* https://1tv.ge/elit/dros-gaisma-kakuni/
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000579/
* https://georgian-cinema.ge/index.php/ge/2015-04-01-05-46-25/471-2015-07-25-18-18-51
* https://poetry.ge/pages/koba-tskhakaia/poems

Arrow

”მზის ჯარისკაცები” - http://www.litsakhelebi.ge/book.php?id=926


კობა ცხაკაიას ფილმი "პილიგრიმი"

study
Back to top Go down
Guest
Guest



კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptySat Jul 25, 2009 7:00 pm

კობა ცხაკაია Koba_t16

ჩემი ბიოგრაფია

ჩემი ბიოგრაფია სად მქონდა არ მახსოვდა, რადგან არც არაფერში მჭირდებოდა. ადრე მგონი სადღაც საოჯახო საბუთებში ინახებოდა, მაგრამ მერე სად წავიდა არც კი ვიცი.
ჰოდა, სანამ არ მითხრეს საჭიროაო, არც კი მიძებნია.
მშობლებს ვკითხე, ხომ არ გინახავთ ან ხომ არ გახსოვთ სად წავიდა – მეთქი.
მათ მხრები აიჩეჩეს – შენ ხომ ხარო, რაც მთავარია ყველას გვიყვარხარო და განა ამაზე მეტი რა ბიოგრაფია გჭირდებაო?
ცოლმაც, შვილებმაც და რძალმაც იგივე მითხრეს…
ბოლოს შვილიშვილს ვკითხე… მან ისე შემომხედა ნამდვილად იცოდა სად იყო ეს დასაწვავი ბიოგრაფია, მაგრამ ლაპარაკი ჯერ არ იცოდა, მხოლოდ სახეზე მომითათუნა ხელი და გაიცინა.
ალბათ უნდა დავლოდებოდი მის გაზრდას, მაგრამ დრო არ იცდიდა, ბიოგრაფია ერთ კვირაში სჭირდებოდათ.
ამიტომ ავიკაპიწე სახელოები და გადავატრიალე მთელი სახლი, მაგრამ ვერსად ვნახე ისეთი ფურცელი, რომელიც აღწერდა ჩემს ცხოვრებას, ჩემს წარსულს და ჩემს შესახებ, ჩემს მაგივრად მოჰყვებოდა.
მერე ჩავწერე ჩემი სახელი და გვარი Google-ში, ქართულად, ინგლისურად, რუსულად… ეგება ინტერნეტში იყოს სადმე მეთქი… თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრგან აღმოჩნდა ჩემი სეხნიების ბიოგრაფიები. გადავწყვიტე მათი მონაცემებით მესარგებლა… საუკეთესოები გადმოვიწერე, შევაზავე და გავმართე… თითქოს ყველაფერს კარგად გავართვი თავი, მაგრამ ბოლოს მაინც არ მომეწონა… ალბათ იმიტომ, რომ იქ გაწერილი პიროვნება – მე არ ვიყავი, არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები…
ავდექი და სადაც ვსწავლობდი და სადაც ვმუშაობდი, იქ დავრეკე – იქაც არ აღმოჩნდა, ეს დასაწვავი ბიოგრაფია… ბოლოს ქუჩაში დავიწყე სირბილი და ყველა ნაცნობს ვეკითხებოდი:
-„ ვინმემ ხომ არ იცით ჩემი ბიოგრაფია, ან ვინმეს ხომ არ შემოგრჩათ მისი, თუნდაც დაკუჭული ან დახეული ეგზემპლიარიმეთქი?“
შედეგი ზერო – ნ უ ლ ი.
იმდენად გადამეწურა საკუთარი ბიოგრაფიის პოვნის იმედი, რომ გადავწყვიტე თვითონ დამეწერა ეს…
ჰოდა, დაბნეული, გაბრაზებული და გათანგული შევყურებ ცარიელ ფურცელს, ხელში ვატრიალებ ნახევრად დაღეჭილ ფანქარს და არ ვიცი რა ვქნა?
ვარსებობ, ვგრძნობ, ვფიქრობ, ვცხოვრობ, ვშრომობ, მაგრამ ბიოგრაფია არა მაქვს და მგონი ამას აღარაფერი ეშველება.

პატივისცემით, კობა ცხაკაია

* https://1tv.ge/elit_author/koba-ckhakaia/

@

კობა ცხაკაია Ferebi10

დასახელება: ფერები და შიმშილი
ავტორი: კობა ცხაკაია
კატეგორია: პროზა
გამომცემლობა: "საარი"
გამოცემის თარიღი: 2003
გვერდების რაოდენობა: 184
ფასი: 5.00 ლარი
ISBN: 99928-39-86-4
ყდა: რბილი
ყდის ზომა: 140X200

Arrow


MESXURI NANINA
•Oct 16, 2011

კობა ცხაკაიას ანიმაცია

variation of the Georgian lullaby

* https://youtu.be/p6zqtJSvV0A

affraid
Back to top Go down
Guest
Guest



კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyTue Jul 28, 2009 5:48 pm

კობა ცხაკაია 02_n12

დასახელება: ზონაში
ავტორი: კობა ცხაკაია, სოსო მჭედლიშვილი
კატეგორია: პროზა
გამომცემლობა: "საარი"
გამოცემის თარიღი: 2005
გვერდების რაოდენობა: 80
ფასი: 3.50 ლარი
ISBN: 99928-39-57-0
ყდა: რბილი
ყდის ზომა: 135X195


study

კობა ცხაკაია Koba_c10
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyMon Mar 15, 2010 6:19 pm

კობა ცხაკაია Koba_t14

კობა ცხაკაია

სხვა საქართველო...
( ა მ ბ ა ვ ი N )

არ მინდა ეს ამბავი, რომელიმე კონკრეტულ რეგიონს ეხებოდეს და შესაბამისად ზოგიერთი დასახლებული პუნქტის დასახელება შეცვლილია...
ამის გამო ამბავმა აბსურდის ელემენტები მოირგო და უფრო დაუახლოვდა ჩვენ მშობლიურ რეალობას!
...
ექსპრესი "თბილისი -"შანხაი"", რომელიც თითქმის ყველა სასიცოცხლო და მნიშვნელოვან პუნქტთან ჩერდებოდა და შესაბამისად მთავარი გზით მოძრაობდა, გადიოდა ყოველ დღე 13.00-საათზე...
თუმცა მიუხედავად რეკლამისა, სისწრაფისა და კომფორტულობისა პარასკევობით ნახევრად ცარიელი იყო... თუმცა ოპტიმისტი იტყოდა - ნახევრად სავსე ბრძანდებოდაო...
მოკლედ...
ივნისის დამდეგს - არაჩვეულებრივი დღე იდგა, თუმცა დილიდან მოიღრუბლა, მაგრამ თორმეტი საათისთვის ქარმა სრულებით განდევნა ღრუბლები და ლაჟვარდოვან ცაზე, ადრეზაფხულის ხალისიანი მზე აკაშკაშდა.
ჭუჭყიანი ქალაქიდან ახლადგამოსული ექსპრესი ლამაზად შემინულ შენობასთან გაჩერდა, ვიღაც ორივე ხელით ჩაეჭიდა ამოსასვლელი კიბის მოაჯირს და "პა-პაპა-პა-პააა"-ს ძახილით მიიპყრო ყველა მგზავრის ყურადღება.
ტრანსპორტის კიბეებზე ამომსვლელის სიტლანქე და სიმძიმე საგრძნობლად არყევდა ექსპრესის სალონს და მგზავრებში, დაბნეულობას და გაკვირვებულ ირონიას იწვევდა.
კიდევ ერთი "პა-პაპა-პა-პააა"-ს შეძახილი და კარში გამოჩნდა ხანშიშესული, კარგა გვარიანად ჩასუქებული ქალბატონი.
ქალის სიმსუქნე უფრო ავადმყოფურს ჰგავდა. სხეული ნაკვთები, დიდ ნაოჭებად მოჩანდა გახუნებულ ფართხუნა კაბაში და მის მფლობელს მუხლუხოს ფორმას ანიჭებდა... ქალს სახეზე, გამხმარი ტყავისფერი დაჰკრავდა, თუმცა...
...
"აქ, კი მაპატიეთ!
კადნიერებასა და ზედმეტ თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, რადგან გადავწყვიტე მთელი მოქმედების აწმყო დროში გადმოტანა, თითქოს ყველაფერი ახლა - ამ წუთას ხდება...
რათა ყოველი მკითხველი, ვინც პატივს დამდებს და "ჩაუჯდება" ამ მონათხრობს, მოქმედების და ამბის მსვლელობის უშუალო თანამონაწილე - მოწმე - მოთვალთვალე გახდეს..."
...
სახეზე გამხმარი ტყავისფერი დაჰკრავს, თუმცა ლოყებზე დაძაბულობისაგან კიდევ ეტყობა სიწითლე. ოფლი ღვარივით მოსდის, რომელსაც ერთ დროს ყვავილებიანი თავსაფრით იწმენდს. მასთან ერთად ახალ, მდიდრულ და კეთილმოწყობილ სალონს ნაფტალინის, ოფლის მომწარო-მოტკბილო სუნი ავსებს... მაგრამ ეს დროებითია, რადგან მძლავრი კონდიციონერები სწრაფად და ეფექტურად მუშაობენ.
ქალს მარცხენა იღლიაში გვარიანად გაქუცული ქოლგა ამოუჩრია, ხოლო მეორე ხელით შეცბუნებულ ბიჭუნას მოათრევს, რომელიც ფრთხილი და უცნაურად მძიმე ნაბიჯით მოჰყვება.
როგორც კი კარი იკეტება, გაღიმებული მოხუცი ხმამაღალი ხვნეშის და ამასთანავე თვითკმაყოფილი იერით, თვალს ავლებს მგზავრებს, შემდეგ კი ბოხი, ხრინწიანი ხმით გაჰყვირის:
- ეს ტრანსპორტი "შანხაიში" მიდის?
მგზავრებს თითქოს ძაბავს შეკითხვა, მაგრამ მცრედი პაუზისა და ფიქრის შემდეგ, ყველა ერთხმად უქნევს თავს.
დადებითი პასუხი, მეტ კმაყოფილებას ჰგვრის ქალბატონს და გამარჯვებული იერით, თვალს აყოლებს კონტროლიორს, რომელსაც მგზავრების ბილეთების შემოწმება უკვე დაესრულებინა და იქვე გაჩერებაზე დარჩენილიყო, როგორც ჩანს, მორიგი ექსპრესის მოლოდინში.
ექსპრესი ადგილიდან რბილად იძვრის, როგორც კი საბურავები ქვაღორღიანი გზიდან ავტოსტრადაზე გადაინაცვლეს და ტრანსპორტი სიჩქარეს უმატებს... ხოლო სალონის სუჩუმეს, ასაფრენად გამზადებული ლაინერის ძრავებივით ზუზუნი ცვლის. კონდეციონერისგან გაგრილებული და გამოცოცხლებული ქალი, კმაყოფილებით უჯიკებს ხელს ბიჭუნას:
- ხომ გეუბნებოდი ვეფხი, "შანხაიში" მიდის მეთქი!
ვიღაცა ხმამაღლა აცემინებს. ქალი თავს აბრუნებს წინა სკამზე მჯდარი მგზავრისკენ და თვალებს ჭუტავს.
- იცოცხლე! ბევრი ფული და ბარაქა!
- გმ-ადლ-ოოობთ! - უცნაურად წელავს სიტყვებს მგზავრი და ცხვირს ხმაურით იხოცავს. ის, ორმოცდაათს გადაცილებული გამხდარი, კაფანდარა კაცია. ყურებპარტყუნა, მსხვილი ხორციანი ცხვირით, რომელიც სახეს ზიზღნარევ გამომეტყველებას ანიჭებს.
- ყველაფერს, უცებ მივხვდი! - ატყობინებს მას გახარებული ქალი, - აბა, ეს ლამაზი ექსპრესი სად უნდა მიდიოდეს თუ არა "შანხაიში"?!
კმაყოფილი იმით, რომ დასაჯდომი ადგილისათვის ბრძოლა არ მოუწევს და ფეხზე არ იდგებიან მთელი გზა, ქალი "გაციებული" მგზავრიდან მარჯვნივ განთავსებულ რიგში, ცარიელ სავარძელზე, ხალისით "შეაგდებს" დარცხვენილ ბიჭუნას. თვითონ კი "პა-პაპა-პა-პააა"-ს ძახილით, გვერდით უჯდება.
- ნახე, რა ლამაზი სალონია! თეთრი და წითელი ფერის ზოლები მიუყვება! როგორი რბილი სკამებია? გრილა! ფანჯრებიც რა სუფთაა! ადამიანი, ადამიანად იგრძნობ თავს! აბა, იმას კი არ ჰგავს დღეს, რომ ვიმგზავრეთ! - ფანჯარაზე მზერით "მიწებებულ" ბიჭუნას აჩეჩილ თმებს ხელით უვარცხნის... და თან ეშმაკურად აცეცებს თვალებს, ხმამაღალი ლაპარაკით და ჟესტებით, ცდილობს მისი სიტყვები ყველას ესმოდეს და ხედავდეს, - აქ უკეთესია! დღეს ვიმგზავრეთ თბილისამდე და დავიტანჯეთ! იმდენი კონტროლიორი ამოვიდა, რომ... მათ, რომ არ შევხვედროდით, წინ წავედით! მაგრამ რად გინდა? იქიდან მეორე მოდის! მოკლედ ძალიან ვინერვიულეთ მე და ჩემმა ვეფხიამ! ეს, ჩემი შვილიშვილია! შვილი არ გეგონოთ! ამ სიბერეში, აბა სად შემიძლია ბავშვის გაჩენა! შვილიშვილია! ესღაა, ჩემი იმედი და მომავალი!
ინტერესს მგზავრების მხრიდან არავინ გამოხატავს, მაგრამ ქალში ეს უხერხულობას არ იწვევს, პირიქით უფრო მეტი ენერგიით აგრძელებს ლაპარაკს. ყოველი წინადადების წარმოთქმის დროს, ხან ერთი მგზავრის კეფას აჩერდება, ხან მეორესი, ხან მესამესი... ალბათ ჰფიქრობს, რომ ამ ექსპრესში მყოფ ადამიანებს, თვალები სწორედ აქ ააქვთ განლაგებული.
- ეეეჰ! ყველაფერი კარგი, მაგრამ ინვალიდია! არ გჯერათ? აი, აქ წერია! - ხელი იყოფს კაბის ჯიბეში და რაღაც ქაღალდს იღებს. საბუთს დახედავს, მერე შვილიშვილს სევდიანად გაუღიმებს, მერე კი ცოტა ხანს ჩუმდება...
უეცრად ჩამოვარდნილი სიჩუმე ადუნებს მგზავრებს და ისაა, ზოგიერთი მათგანი თვალებს მილულავს ჩასაძინებლად, რომ ქალი უფრო მეტი ენერგიითა და ხმაურით აგრძელებს:
- რაკი კონტროლიორებს ვეღარ გავექეცით! გაჩერებაზე ჩამოვხტით! ნავთლუღამდეა რაღაც გაჩერება!ჰოდა, იქ ჩამოვბობღდით! ჰა-ჰა-ჰა! - ხარხარებს ქალი, მისი გადამდები სიცილი უცებ აცოცხლებს სალონს და ზოგი, ინტერესითაც კი გახედავს ამ უცნაურ მოხუცს.
- მაგრები ვართ! ბოლო მომენტში ავძვერით იმ ვაგონში, სადაც უკვე კონტროლი დამთავრებული იყო... აქ როგორ ამოვედი, სამი საფეხურია და როგორ ვიწვალე... აბა, იმ უპლატფორმო სადგურიდან მ,ატარებლის კიბეზე, რა ცქვიტად შევკუნტრუშდებოდი ხომ წარმოგიდგენიათ?! ჰა-ჰა-ჰა! - კიდევ ერთხელ გადაიხარხარებს ქალი, - საშინელი ხალხია მატარებელში! სიტყვას არავინ გათქმევინებს! ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს, ზოგი ყვირის კიდეც! ჩვენს ვაგონში ერთი კაცი ისე დააყაჩაღეს, ვერავინ ვერაფერი გაიგო! ყველას ეგონა მამა და შვილები კამათობდნენ რაღაცაზეო! ატყდა ერთი ამბავი! ამ აყალ-მაყალში, კიდევ მოიპარეს რარაც! ჰოდა ვირაც ისევ ყვირის, ვიღაც ყმუის... აბა, მოკლედ მატარებლით, კონკრეტულად "შანხაის ელექტრიჩკით" თუ გინდა მგზავრობა, მგელი უნდა იყო! ნამდვილი მგელი, თორემ ვიღაცა რაღაცას აუცილებლად წაგგლეჯს! ჰოდა ვთქვი, უკან მატარებლით აღარ დავბრუნდები მეთქი! დავიქანცეთ! უკვე ბებერი ვარ! ეს ბავშვი კი, ხომ ხვდებით - ავადაა! სად შეუძლია, ამდენი ძრომიალი! ვიფიქრე, ვინმე "შანხაელი" შემხვდება და იმას გამოვყვები მეთქი! ეგრე არ არის? ან ჩემიანი რომელიმე... უბნელებს ყველას ვიცნობ! მასწავლებელი ვიყავი! კარგი მასწავლებელი! ეგენი, ბავშვობიდან დაწყებული, სულ ჩემს თვალწინ დარბოდნენ! ბებრებზე, მათ მშობლებზე, რომ არაფერი ვთქვათ! ვინმე ნაცნობი, მაინც შემხვდება მეთქი! ღმერთს ვთხოვდი, მატარებელში ნუღარ ამიყვან, ამ მგლების ხროვაში მეთქი და რაც გინდა იმას გავყვები მეთქი! და აი, ღვთისნიერმა ხალხმა მასწავლა, სად დავმდგარიყავი! მოვედით, თუმცა ზუსტად არ ვიცოდი საით მიდიოდა ეს ექსპრესი, მაგრამ ამოვედით და აი, აქა ვართ!
ქალი ამას საკმაოდ ხმამაღლა ამბობს და თან გამუდმებით ყურებპარტყუნა მგზავრისკენ იხედება, რაღაც მომენტში ერთი სკამით წინ გადაჯდება და უფრო ახლოს მოხვდება ამ კაცთან.
- ათასი ჯურის ადამიანს ნახავ ქალაქში! ლაპარაკობენ - ვერ მიხვდები რას და რა ენაზე ლაპარაკობენ! თითქოს ადამიანური დაავიწყდათ! აქ კი, ყველა "შანხაიში" მივდივართ, ანუ ყველას გვესმის ერთმანეთის! ქალაქში - ყაისნაღი ვიყიდე და ძაფი! ქალაქში ახლობელი მყავს, იმან მირჩია რაიმე მომექსოვა და ჩამებარებინა. კარგად ფასობსო ხელით ნამუშევარი! მე კი მაგრად ვქსოვდი და თუ არის საშუალება, რად არ უნდა გამოვიყენო? ძაფები, აღარ მქონდა, არც ყაისნაღები... ჰოდა ბაზარში ძაფების გამყიდველ კაცს ვკითხე, ყაისნაღი სად იყიდება-თქო და იმან, თოფებისა და დანების მაღაზიში გამიშვა... ამ ხალხს, სულ დაავიწყდა ქართული დასახელებები... მაგრამ მერე ყაისნაღის ძებნისას, საერთოდ აფთიაქში მოვხვდი! იქ სადაც გიჟების წამლებს ყიდიან!..
მგზავრები ისმენენ ყაისნაღის ძებნის უცნაურ და სასაცილო ისტორიას, ზოგი ხმადაბლა იცინის, ზოგი მხოლოდ იღიმება. ისინი ხვდებიან, რომ ახლად ამოსული ქალი ადამიანთა, ანუ "შემთხვევით შემხვედრთა" იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც მიუხედავად ასაკისა და არც თუ სახარბიელო ჯანმრთელობისა, თავისუფლად შეუძლიათ გაგახალისონ, გულიანადაც გაცინონ და ოპტიმიზმის მარცვალიც ჩაგინერგონ... და სერიოზულადაც დაგღალონ... ასევე, ძალიან ხმამაღლა და ხანგრძლივად შეუძლიათ ჭკვიანური ლაპარაკი ყველანაირ თემაზე... ანუ, ასეთი ქალები განეკუთვნებიან ადამიანთა განსაკუთრებულ კატეგორიას, დამღლელი ოპტიმიზმითა და ტვინისმბურღავი ენერგიით.
ათლეტური აღნაგობის, სპორტულად გამოწყობილი ტიპი, უკმაყოფილო სახით ბრუნდება ქალისკენ და დაძაბული უყურებს მას... ქალი, "სპორტსმენს" არანაირ ყურადღებას არ აქცევს და დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს მონოლოგს, ყაისნაღით ქსოვის სპეციფიურ საკითხებსა და თავის სამომავლო, გრანდიოზულ გეგმებზე.
- ცოტა ხმდაბლაა, რაა თუ შეიძლება! - ისტერიული ხმით აჟღერებს თავის პოზიციას "უყურადღებოდ" დატოვებული "სპორტსმენი", - დასვენება გვინდა! არავის გვაინტერესებს, თქვენი ყაისნაღური პრობლემები! ჩვენიც გვეყოფა!
- ყურები შენი გააქვს? ჰოდა, ნუ მისმენ! - გულნატკენი პასუხობს ქალი, და სანამ სიბრაზისგან გაწითლებული მგზავრი რაიმეს ეტყვის, შვილიშვილს იხუტებს და ხმადაბლა ეუბნება:
-კარგად ზიხარ? მოგწონს? ხედავ რა ლამაზია ირგვლივ ყველაფერი? გინდა ვიმღეროთ?
ბიჭუნა თავს უქნევს და ორივე სასიამოვნოდ, მელოდიურად შეწყობილი ხმით მღერის:
"ქარი გიმღერის ნანასა, / ზრაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო, ეჭვებით ნაავადარი..."
ბებია-შვილიშვილი საოცრად კარგად მღერიან, ტრანსპორტში ყველა, სიამოვნებით უსმენს, ბავშვის წკრიალა და მოხუცის ხრინწიან ხმას და ზოგისთვის უკვე მოყირჭებულ, თუმცა სასიამოვნო პეიზაჟსაც კი, ახალი ინტერესითა და ხალისით უყურებს.
ბიჭუნასაც, მოხუც ქალსაც, ეს ჰანგები სინაზითა და სითბოთი ავსებს. რაღაც მომენტში ქალი თავს ანებებს სიმღერას და ყურფართხუნა მგზავრს მხარზე ხელს დაჰკრავს:
- შენ ქართველი ხარ?
მგზავრი საკმაოდ უკმაყოფილო ტონით პასუხობს:
- რა მნიშვნელობა ააქვს! მე საქართველოს მოქალაქე ვარ!
- მნიშვნელობა არა აქვს! - მხრებს იჩეჩავს ქალი, - მე ქართველი ვარ, თუმცა ისე იმერელი ვარ! ჩემი მეზობელი ოსია, მაგრამ ისიც ქართველია! საქართველოს მოქალაქე თუ ხარ, ქართველი ხარ აბა, რა ჯანდაბა ხარ! ეგრე, არ არის?
ქალის შეკითხვა ჰაერში ეკიდება, პასუხს არავინ სცემს და ახლა ის, მხოლოდ კაცის ყურებს მიმართავს, თუმცა მათი პატრონი საუბრის მიმართ, არანაირ ინტერესს აღარ გამოხატავს.
- არაჩვეულებრივი დღეა, არა? - ქალი ფანჯარაში არც კი იხედება ისე კითხულობს, მაგრამ რაკი კვლავ არავითარი რეაქციაა არაა, ინტერესით იწყებს ტრანსპორტის სალონის დათვალიერებას, - აქ შიგნით სიმყუდროვეა, ყველაფერი სასიამოვნოა, კომფორტულია... ამ სკამზე, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სამეფო სავარძელში იჯდე... დილით წვიმას აპირებდა და ვთქვი: დიდი ამბავი, წვიმა მაინც ვერ შეგვაშინებს და ჩვენ მაინც წავალთ თბილისში, ფილარმონიაში გადაუდებელი საქმეები გვაქვსთქო. ხვალ კი თუ უნდა ცა ჩამოიქცეს მეთქი. წვიმამ კი შეგვაშინა, მაგრამ არ მოწვიმა! არაჩვეულებრივი დღეა! - ხმამაღლა ამოისუნთქებს, - მშრალი გზა როცაა, სასიამოვნოა მგზავრობა! ჰორიზონტს იქითაც კი ვიხედებით! რა კამკამა ცაა, არა? წვიმაში კი წყალია, არაფერი მოჩანს, ტალახია, ბორბლები სრიალებს! დედაა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი საშინელი ავარია...
ბიჭუნა ბებიას მაჯის ელექტრონულ საათზე ანიშნებს. ქალი, ჯიბიდან წამლის პატარა ბოთლს იღებს. იქიდან, რამოდენიმე ცალ ბურთულასს ხელისგულზე იყრის და ყურებპარტყუნა მგზავრს ბედნიერი სახით ეუბნება:
- შეხედე, შეხედე! რა კარგი ბიჭუნაა! ჭკვიანი! იცის ბებო კარგად, რომ იყოს, ყოველ სამ საათში წამალი უნდა დალიოს! ბებოს ავიწყდება და ვინ ახსენებს? აბა, თუ მიხვდები ვინ ახსენებს?
- ნეტა ვინ ახსენებს? - ამოიოხრებს მგზავრი, - ხალხნო, აბა თუ მიხვდებით ვინ ახსენებს? ჩვენ ვერავინ ვერ ვხვდებით ვინ ახსენებს!
- ხუმრობაც ცოდნია! გამოცოცხლდა! გაცოცხლდა ხალხნოო! - ქალი ხმამაღლა იცინის ყურპარტყუნას საქციელზე და წამალს რიგრიგობით ყლაპავს.
ექსპრესის სალონში ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებს, რომელსაც გარედან შემოსული ზარების ხმა არღვევს. ქალი და ბიჭუნა ლამის ერთდროულად იწერენ პირჯვარს:
- თქვენ ნასადილევი ხართ? - ეკითხება მგზავრებს, მაგრამ პასუხის მაგივრად, მხოლოდ ხვნეშა, ან მთქნარების ხმა ესმის, - ჩვენ, არა! ნეტა, რომელი საათია? ორის ნახევარი იქნება, ალბათ! - პასუხობს თავის თავს და ფანჯარაში იხედება, - ჩვენ მშივრები ვართ, - განაგძობ მშვიდად, წუწუნის გარეშე, თითქოს ვიღაც სხვაზე ლაპარაკობს, - ღვთის წყალობით, ეს ტრანსპორტი სწრაფად ჩაგვიყვანს... სახლიდან, როცა გამოვედი ორმოცდაათი ლარი წამოვიღე... მდიდრები არა ვართ, არც ღატაკები! ღატაკები, ისინი არიან ვინც სულებს კარგავენ! ღარიბები კი ვართ, მაგრამ როცა გჭირდება, შავი დღისთვის გადანახულიც კი უნდა დახარჯო! ჰოდა, საქმეზე ვიყავით ფილარმონიაში, მერე სამინისტროებში, მერე წამლებიც ვიყიდეთ, ყაისნაღი და ძაფები! ზოოპარკში ცხოველები ვანახე! მაიმუნები რას მაიმუნობდნენ, არა შვილო? თუმცა იქ ყველა მაიმუნობდა, დათვებიც, ვეფხვებიც და მგლებიც! გაგიგიათ ხალხნო, ბამბის ნაყინში ლარი წამართვეს!.. მოკლედ მაგრა დავიხარჯეთ, თუმცა კარგი დღე გავატარეთ ერთად!... ახლა კი, რამდენი დამრჩა? თითქმის არაფერი! - ბავშვს თავზე კოცნის და სევდიანი ღიმილით ამბობს, - აი, ხომ ხედავ, რა ძვირი მიჯდება შენი კარიერა, საბუთები და ჩვენი გართობა?! მთელი სიცოცხლე...
ამ დროს საუბარში ახლად გაგონილი "ფაქტებით" გამოცოცხლებული ყურპარტყუნა ერთვება:
- ორმოცდაათი ლარი?! დილით, მატარებლით იმგზავრეთ და ფული გადაიხადეთ?.. ახლა, ექსპრესის ფულის გადახდაც გინდათ? რამდენი დაგრჩათ? ან საერთოდ, რა რაოდენობის თანხა გაგაჩნიათ? - ხმამაღლა კითხულობს ის და "მხიარული " ინციდენტის მოლოდინში, თვალებს ეშმაკურად აკვასკვასებს.
- როგორ თუ, რამდენი დამრჩა? თქვენ გგონიათ, რომ ფული არ მაქვს? - აფორიაქდა ქალი, - ძალიანაც მაქვს! - იწყებს ჯიბეებში ფათურს და ქაღალდის ორ ხუთლარიანს იღებს, - ათი ლარი საკმარისია? ეს, ხომ თვითმფრინავი, ან ტაქსი არ არის?! ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტია! - არწმუნებს საკუთარ თავს, - მეტი არ ეღირება!
- ძვირფასო ქალბატონო, დილის მატარებელში რამდენი გადაიხადეთ? - კვლავ სარკაზმით კითხულობს ყურებპარტყუნა.
- რამდენი?.. არც არაფერი! ხომ გითხარით - ეს ბავშვი, ინვალიდია! - ხმამაღლა, თითქმის უემოციოდ პასუხობს ქალი, - არც დედა ყავს და არც მამა. ანუ ფაქტიურად ობოლია. სანამ ამ ბავშვს მშობლები ცოცხლები ჰყავდა, საცოდავი ჩემი შვილი და მისი მეუღლე, მეც მათთან ერთად ვცხოვრობდი! მაძღრად, მშვიდად და ბედნიერად! ახლა, ისინი აღარ არიან! ომმა დამიხოცა, გასაგებია?.. ბავშვი ფეხის ტერფებს ვერ ამოძრავებს! მეღა დავურჩი სულელი, და ცოცხალი! ეს, დაბომბვის დროს კედლის ქვეშ მოყვა, ფეხის მყესები და კუნთები დაუზიანდა... და რაღაც ისეთი დაემართა, გაუქვავდა ფეხები, წესიერად ვერც კი დადის! კიდევ კარგი დროზე ამოთხარეს, თორემ ვეღარ გადარჩებოდა! გასაგებია? ახლა, შვიდი წლის შემდეგ, როგორც იქნა ქაღალდი მოვიდა. აი, ეს ქაღალდი - თავდაცვის და ჯანდაცვის სამინისტროდანაა. გასაგებია?! აქ წერია, რომ ბიჭუნა ომის ინვალიდია და ძალიან ბევრი შეღავათი ეძლევა! დღეს თბლისში, სულ უფასოდ დავდიოდით! არაფერს არ ვიხდიდით. რაა, უნდა გადაგვეხადა რაიმე? ის, ხომ თერთმეტი წლისაა! სოფელში, ეზოს ბოლომდე ძლივ-ძლივობით მიდის... კიბეზე კი დახმარების გარეშე საერთოდ ვერ ადის! ამიტომ ვერავინ ვერაფერს გადაახდევინებს! ვერც მე? მეც ინვალიდი ვარ და ესეც!
ყურებფართხუნა ხელს ჩაიქნევს და აბეზარ ქალს, გულგრილად აქცევს ზურგს. კაცის ასეთია საქციელი ქალს უფრო მეტად ძაბავს და ის ხმას უწევს, თითქოს ვინმეს ეჩხუბება.
გაჰყვირის მთელი ხმით, ხმადაბლა მოხითხითე ექსპრესის სალონს:
- იმიტომ, რომ მე თანმხლები პირი ვარ! ჩემი ხუშტური კი არ იყო, ქალაქში ჩამოსვლა! სახლშიც არხეინად ვიყავი! ქათმები მყავს! კვერცხს ვყიდი! ლტოლვილის და დევნილის კვალობაზე, თხაც მყავს, ფულს ვაგროვებ, ძროხა უნდა ვიყიდო! უფრო მეტი ფული, როცა გვექნება, ბავშვს პიანინოს ვუყიდი! ხომ ნახეთ რა კარგი სმენა აქვს! ნიჭიერში გადაიღეს დღეს ფილარმონიაში! აბაა?! ბევრი ტაში დაუკრეს!.. ისეთი ნიჭიერია, მუსიკა ძალიან უყვარს! აჩვენებენ ტელევიზორში, გახდება ცნობილი! გაიცნობს ხალხი და მათში ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება, რომელიც ოპერაციის ფულს მისცემს და ისიც, წესიერად გაივლის ფეხზე! - ხელს კრავს ყურფართხუნას და ჰკითხავს, - ხომ არ იქნება გვიან?.. ხომ აკეთებენ ასეთ ოპერაციებს?
- იცი, რამდენი გულის საკლავი ისტორიები გვაქვს გაგებული?.. შენი ყველაზე უინტერესოა! - კბილებში გამოცრავს კაცი, - ღატაკიო... ისაო, სული ვისაც არა აქვსო?! რა თეატრალურად გამოგივიდა?.. ეგ, რომ არ გეთქვა, კიდევ დავიჯერებდით რაიმეს!.. თქვი რა ფული, რომ გინდა! აღიარე ჩამოყალიბებული მათხოვარი, რომ ხარ და ეგ არის?!.. სიმღერაც ხომ უკვე იმღერეთ!
- ხომ აკეთებენ ასეთ ოპერაციებს? - დაჟინებით კითხულობს, მისი სიტყვებით გაოგნებული ქალი, - მითხარ, ხომ აკეთებენ ასეთ ოპერაციებს?
მგზავრი უხეშად აუქევს ხელს და რაღაცას უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნებს.
ქალი კი აღარ ჩერდება. ყვება და ყვება:
"რა იყო ბავშვის ცხოვრებაში მთავარი და მნიშვნელოვანი. როგორ წვალობდა, როცა სოფელში ომის მერე კვლავ დაბრუნდნენ... ირგვლივ დაუმარხავი გვამების სუნი ტრიალებდა! როგორ ეძინათ უფანჯრებოდ დარჩენილი, ჩამოქცეული სახლის კედლებში, რომელსაც მათი ახლობლების სისხლი, ჯერაც მკაფიოდ ეტყობოდა!.. როგორ არ ეშინოდათ გარეული და მტაცებელი ცხოველების და ომისგან გავერანებულ სოფელში, გაჩენილი მგლების, და როგორ ემალებოდნენ უცნობ ადამიანებს!!! ".
ამ ყველაფერს პათოსისა და ზედმეტი ემოციების გარეშე ყვებოდა... ბევრი რამ გაიხსენა... ტკივილიანი ისტორიებიდან, ბუნებრივად გადავიდა მხიარულ ამბებზე... სალონში უკვე დაუფარავად ხითხითებდნენ და კმაყოფილებით აქნევდნენ თავებს მგზავრები...
იმ შემთხვევაზე კი, ღამით, სახლის სარდაფში შემოხიზნული ბეკეკა ეშმაკი, რომ ეგონათ და გათენებამდე ლოცვებსა და გალობაში გაატარეს... თვითონაც და ბავშვმაც ბევრი იცინა, მძღოლსა და სხვა დანარჩენზე, რომ არაფერი ვთქვათ...
ქალი თავსაფრით, პერიოდულად იწმენდდა მხიარულებისაგან აცრემლებულ თვალებს და ბიჭუნას გამხდარ ლოყებზე ჩქმეტდა:
- გახსოვს ბები? გახსოვს? როგორი საცოდავი თვალებით გვიყურებდა ბეკეკო?! მთელი ღამე გასუსული, როგორ გვისმენდა და ხმას არ იღებდა? ახლაც კი, "შენ ხარ ვენახო"-ს, ან "ღვთისმშობელო ქალწულო"-ს , როგორც კი გაიგონებს, შემოვარდება სახლში და სანამ არ დავამთავრებთ ლოცვას გახევებული გვისმენს!
ექსპრესი მორიგ გაჩერებას უახლოვდება და რბილად ჩერდება.
სალონში დაღლილი კონტროლიორი ამოდის. მის დანახვაზე, ბიჭუნა იბუზება. ქალი, ნაზად იხუტებს შეშინებულ ბავშვს და დაძაბული უყურებს კონტროლიორს, რომელიც ნელა მოიწევს მათკენ. გზა და გზა კი "თქვენი ბილეთები თუ შეიძლება?" - შეკითხვით, გამხიარულებულ მგზავრებს უმოწმებს ბილეთებს.
ქალი - დაბალი, გულშიცამწვდომი ხმით ცდილობს, უეცრად მოვარდნილი და გულში გაჩენილი შფოთის ჩახშობას:
- ნუ გეშინია, ეს კონტროლიორი ჩვენებურია! რაკი ექსპრესი "შანხაიში" მიდის, ალბათ ისიც იქაურია, აბა რაა! - ყურში ჩასჩურჩულებს თვალებგაფართოებულ ბიჭუნას.
მაგრამ მაინც ვერ მშვიდდება, ყრუ შიში და უსუსურობის შეგრძნება იზრდება, გულზე აწვება და სუნთქვას უშლის...
მგზავრებიც გრძნობენ ამას და ყველა... ინტერესით და აზარტით ელოდება - საპრემიეროდ გამზადებული ფილმის "უბილეთო ექსცენტრიული, ორიგინალური მათხოვარი ქალის საბედსწერო შეხვედრა ექსპრესის კონტროლიორთან" დაწყებას.
დაძაბულ და გამწარებულ ქალს უკვე ყურებფართხუნას ზურგიც კი აღიზიანებს, რომელიც ექსპრესის მოძრაობასა და ლავირებასთან ერთად, აქეთ-იქით სინქრონულად ქანაობს:
- რა, ამჟავებული სახე აქვს! - ხმამაღლა ამბობს ქალი, ისე რომ მგზავრის ზურგს თვალს არ აცილებს... ასე, ცდილობს არავითარ შემთხვევაში არ შეხედოს თითქმის მოახლოებულ კონტროლიორს...
... უცებ რაღაც ახსენდება და იმედის ნაპერწკალი უჩნდება. ჩაახველებს და ჩვეული ენერგიით აგრძელებს, ცოტა ხნის წინ შეწყვეტილ მონოლოგს - "ყველაფერზე":
- ბიოლოგიის მასწავლებელი გვყავდა, სკოლაში! სტალინის დროს, უამრავი გადასახლება და ციხე გამოიარა! კარგი კაცი იყო! როცა გავიცანი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, სკოლაშივე, მეორე სართულზე! ტელევიზორის საყურებლად ხშირად მოდიოდა ჩვენთან! უყვარდა ცხოველებზე გადაცემები! ჰოდა, ერთხელ უყურებს ამ გადაცემას და ხედავს მშიერი ვეფხვი, როგორ მისდევს ანტილოპას! ერთი ნახტომიც და საცოდავი ცხოველი მის მომაკვდინებელ კლანჭებში მოექცევა და... ამ დროს, გააფთრებული ლომივით წამოხტა, ეს ჩვენი მასწავლებელი, ეცა ტელევიზორს და გადართო სხვა არხზე! გადართო და შვებით ამოისუნთქა - ეს, ანტილოპა მაინც გადავარჩინეო, სიკვდილის საბედისწერო კლანჭებსო!.. - იცინის და ბავშვს კოცნის, - რატომ გამახსენდა, იცით? თუ არ ხედავ ცუდს, ის ვეღარ ხდება!.. ცუდს მაყურებელი თუ არ ჰყავს, ვეღარ ცუდობს! დახუჭავ თვალებს და ისიც გაქრება!.. სიკეთე კი, სიბრმავესაც, დაუნახაობასაც, უმადურობასაც და სიბნელესაც იტანს!


(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Thu Jan 24, 2019 5:19 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyMon Mar 15, 2010 6:24 pm

კობა ცხაკაია Koba_t11

კობა ცხაკაია

სხვა საქართველო...
( ა მ ბ ა ვ ი N )

(გაგრძელება)

ბებია და შვილიშვილი ღიმილით ხუჭავენ თვალებს, მაგრამ კონტროლიორი უკვე თითქმის მათ გვერდით დგას და ელოდება...
...ქალი ისეთი მშობლიური სახით ახედავს მომხვურდს, რომ წამიც და ისინი ძველი ნაცნობებივით გადაეხვევიან ერთმანეთს... მაგრამ ფორმიანი კაცი, ისეთ სახეს ღებულობს თითქოს რაღაცამ აწყინა და ახლა უნდა აღებინოს... ამიტომ, მკაცრი, თავშეკავებული და თეატრალური ტონით მიმართავს ნარინჯისფერ თმიან ქალს:
- თქვენი ბილეთები, ქალბატონო!
ბებია კი, თითქოს ფანჯარაში იხედება, მაგრამ კვლავ გამუდმებით უთვალთვალებს, კიდევ ერთი რიგით მოახლოებულ კონნტროლიორს.
ბიჭუნა, თვალებს ხუჭავს და ხმადაბლა რაღაცა ღიღინებს.
ბებიას და შვილიშვილს, ეს კონტროლიორი მანამდე არასოდეს შეხვედრია...
ფორმიანს სახეზე, მხოლოდ მოწყენილობა და დაღლილობა აღბეჭდია. არაფერი აინტერესებს, მხოლოდ დროულად შეაწმოს ბილეთები და დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. ამაში იღებს ფულს, რომელიც დიდი ხანია კონკრეტული საქმეებისთვის აქვს გადანაწილებული.
კარგად მოქმედი ავტომატია. ეს, კი ფრიად საჭირო დამოკიდებულებაა ხელფასისა და თანამდებობის შესანარჩუნებლად...
...კონტროლიორი, პერიოდულად იხედება მათკენ.
ბიჭუნა თვალებს წამით ახელს და ეჩვენება - ეს კაცის, როგორ უქნევს თითს და მკაცრად აფრთხილებს:
"აი, მოვაღწევ თქვენამდე და ერთი, ბილეთი არ გქონდეთ! მე, თქვენ გიჩვენებთ სიერს..."
ბიჭუნას ეშინია, გაქცევა უნდა, წამოდგომასაც კი ცდილობს, მაგრამ მუხლები საშინელი ტკივილით ახსენებენ -" ვერსად გაიქცევიო!"... და ისიც, სიმწრისაგან ბებოს ეკვრის და მის მკერდში მალავს თავს.
ქალი, ჰორიზონტს გაჰყურებს თითქოს, არც მგზავრები, არც ექსპრესი, თავისი კონტროლიორ-მძღოლიანად არც აინტერესებდეს... ბავშვს, კი მკაცრი, ხმადაბალი ტონით ეუბნება"
- ჩუმად იჯექი!.. ნუ სლუკუნებ! ნურაფრის გეშინია, ვეფხვო!..
ექსპრესი, ოკეანის ლაინერევით მიცურავს, მზისგან გახურებულ ასფალტზე და სიჩქარისგან წარმოქმნილი ჰაერის ტალღა, შრიალით აღვიძებს, გზის გასწვრივ ჩაძინებულ კაკლის ხეებს.
ბებია უყურებს მზის სხივებით გამთბარ პეიზაჟს, უკიდეგანო მინდვრებს, მხარგაშლილ ქედებს... ლურჯად მობიბინე ბალაში, სისხლისფრად ჩაყრილ ყაყაჩოებს... და თითქოს ენერგიის მოზღვავებას გრძნობს, ნელ-ნელა ბრუნდება, კიდევ რამოდენიმე ნაბიჯზე შეყოვნებულ კონტროლიორისკენ, ხელით ივარცხნის ჭაღარა თმას და უფრო მკვრივად იკრსავს თავშალს.
კონტროლიორი, უბილეთო მგზავრს აღმოაჩენს. თითქოს, ექსპრესში სიტუაცია იძაბება, მაგრამ გაუგებრობა ადგილზევე გვარდება. უბილეთო, სრულად იხდის მგზავრობის საფასურს.
ქალი ნათლად ხედავს, როგორ გადაინაცვლებს კონტროლიორის ხელში რამოდენიმე ათლარიანი და წამის წინ მოზღვავებული ენერგია უკვალოდ უქრება.
"ალბათ, ეს არ მიდის "შანხაიმდე"! - ფიქრობს ქალი, - აბა, მაშინ სად მიდის, ეს ოხერი?"
აზრი, იმის შესახებ, რომ ავტობუსი შეცდომით სხვა მიმართულებით მიექანება, აბნევს და უფრო მეტად ძაბავს. ამიტომ გადაწყვეტს კიდევ ერთხელ გადაამოწმოს მარშრუტი:
- დარწმუნებული ხარ, რომ "შანხაიში" მივდივართ? - ეკითხება ყურებპარტყუნას.
- დიახ, ქალბატონო! - დემონსტრატიულად, ოდნავ დამცინავი ინტონაციით პასუხობს ყურებპარტყუნა.
ქალი, კვლავ იხედება ფანჯარაში. იქ, მინდვრის უკიდეგანო პეიზაჟს, სარეკლამო აბრების მთელი სერია ფარავს.
ფერადი პლაკატები, ქათქათა კბილებით, არაბუნებრივი ფერის თვალებით და იდეალური სახის ნაკვთებით ცდილობენ - სწორი რჩევის, მართებული შემოთავაზების და მომხმარებლის ხორცშეხმული ოცნების რეალიზებას.
ამ დროს, კონტროლიორი უახლოვდა ქალს და მხარზე ეხება:
- საით მიემგზავრებით? ბილეთები, თუ შეიძლება?
- ბილეთები არ გვაქვს, მაგრამ აი, ფული...- ქალი აწვდის ორ ხუთლარიანი.
- ეს, არ ეყოფა! ორმოცი ლარი უნდა!.. - მაგრამ რაკი ვერანაირ რეაქციას ვერ ამჩნევს, ბრაზდება, - ესეც ვიცოდი, რომ რაღაც სიურპრიზი დამხვდებოდა! რას ამოაჭერი ამ ექსპრესში? არ იცი, რომ აქ ორმაგი და სამმაგი ფასებია?
- ეს ბავშვი, ინვალიდია! - ქალი ცდილობს სიტუციის ახსნას, თან სამედეცინო ცნობას აჩეჩებს კონტროლიორს.
- ჩემი საქმე არ არის! ჩემი მოვალეობაა ყოველი მგზავრიდან ავიღო დადგენილი საფასური! - ორმოცი - ორმოცი ლარი! ეს კონკრეტული და კომერციული თანხაა!
- ჩემთვის არაფერი უთქვათ! რატომ თავიდანვე არ გამაფრთხილე? - გაბრაზებულმა ქალმა ხელი ჰკრა ყურებპარტყუნას.
ყურპარტყუნა დამცინავი სახით ბურტყუნებს :
- ყველამ, თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს!
ქალი ჯუბეებში იწყებს ქექვას, ერიდება კონტროლიორისკენ გახედვას. ის კი, მყარად დგას საფასურის მოლოდინში და არსად წასვლას არ აპირებს. ქალი ხან სკამის სახელურს ჩაავლებს, ხან სადღაც კაბის შიგნით დამალული ჯიბისკენ წაიღებს ხელს.
დაძარღვული, დამსკდარი და დაკოჟრილი ხელები, რომლებზეც ბებრული ლაქები ხალებივით ეტყობა, ნერვიულობისგან უკანკალებს.
ჯიბიდან ყველაფერს იღებს, ცხვირსახოცს, ფერად ქვებს, ბუშტს, ასანთს, თმის ყვავილებიან სამაგრს, კანფეტს, მაგრამ ფული, არსად ჩანს.
- ძვირფასო ქალბატონო! - ამბობს გულგატეხილი კონტროლიორი, - კიდევ ოცდახუთი ლარია საჭირო! სამწუხაროდ მე, ვერაფერს დაგიმარებით!
- მოიცადეთ! - ქოშინით იძახის ქალი და ხელს ისე ღრმად იყოფს კაბაში, რომ ლამის მუხლებამდე იხრება. იქაც დიდ ხანს ეძებს, სახე მთლად უჭარხლიანდება და ოფლი ასხამს:
- ღმერთო, შენ გვიშველე!.. ღმერთო, შენ გვიშველე!
ბოლოს დატკეპნილი ფეხსაცმელსაც კი იხდის, სიტყვებით:
- აქ, ყოველთვის ვინახავდი ფულს... აი, ჩამოგიყვანე თბილისში! რად მინდოდა კონკურსი, ან ეგ ცნობა, სოფელში! რა თავში ვიხლიდი! ახლა, ხომ ხედავ რა დღეში ვართ! სასწაული თუ გვიშველის - გულნატკენი ეუბნება, სირცხვილისა და უხერხულობისაგან ლამის ატირებულ ბიჭუნას და მგზავრებს იმედის თვალით შეჰყურებს...
...მგზავრებს, ძალიან ართობს ეს სცენა. ისინი, პერიოდულად აპარებენ ცნობისმოყვარე თვალს ამ "მხიარული ბებრუხანასკენ"...
...კონტროლიორი იცდის. შემდეგ მის ყურადღებას, მგზავრების მხიარული "რეაქცია" იპყრობს და ხმადაბლა ამბობს:
- ამათ ღმერთი არ სწამთ და ამიტომ აქ სასწაული არ მოხდება!
ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა, სტუდენტი, გაბურძგნული, მუწუკებიანი, გამხდარ სახეზე დიდი სათვალეებით, ფეხზე წამოდგება, მიირბენს, აფორიაქებულ მოხუცთან და ისეთი ტონიც ამბობს სათქმელს, თითქოს რაღაც დამამცირებელს აკეთებდესო:
- მე, მაქვს რვა ლარი! - და სანამ რკინის ლარიანები ქალის კალთაში ჩაიყრებიან, სწრაფად უბრუნდება თავის ადგილს.
გახარებული და გაკვირვებული ქალი ყვირილით წამოდგება:
- დიდი მადლობა! ღმერთი გფარავდეს!
მან არ იცის კიდევ, როგორ გადაუხადოს მადლობა ამ უცნობ ყმაწვილის, მაგრამ იმასაც ხვდება, - ამ თანხით, პრობლემები არ ამოეწურება - ფული, მაინც არაა საკმარისი... და ქალი მუდარით შეხედავს კონტროლიორს:
- არ არის საკმარისი?
კონტროლიორი ამოიოხრებს, ჭერს ახედავს და ყველას გასაგონად ამბობს:
- საჭიროა კიდევ 18 ლარი! მე ჩემი მხრიდან კიდევ ხუთ ლარს დავამატებ... - სიტყვები საკმაოდ ხმამაღალა და მკაფიოდ გაისმის ექსპრესის სალონში... მგზავრებს ნათლად ესმით მისი ნათქვამიც და ის, აზრიც, რაც ამ ტექსტის უკან იგულისხმება...
კონტროლიორი, კიდევ ერთხელ იმეორებს, მაგრამ ამჯერად საკმაოდ შერბილებული ხმით:
- საჭიროა, კიდევ 18 ლარი! მე, ჩემი მხრიდან კიდევ ხუთ ლარს დავამატებ... - ის, მაინც ფირმის ოფიციალური კონტროლის წარმომადგენელია და არ უნდა კლიენტებმა არასწორად გაიგონ მისი სიტყვები...
... დრო მიდის, იცდის ქალი, ბავშვი თვალდახუჭული ზის ბებიის კალთაში. მგზავრები, ხმას არ იღებენ და არც კი ინძრევიან.
"მოკვდნენ, თუ რა დაემართათ?!" - ფიქრობს ქალი. ფეხზე დგება და ორივე ხელით ეჭიდა სკამის საზურგეს.
თვალებით ეძებს იმას, ვინც გაუგებს... მაგრამ ირგვლივ შეურაცხმყოფელი სიჩუმე დგას. მათკენ არავინ იხედება. ყველა "ტკბება" პეიზაჟით. ყურებფართხუნას კი, საერთოდ თავი ჩაუქინდრავს, მგონი სძინავს კიდეც.
ქალს, უცებ მოუნდება ამ მოხერხებული სავარძლის მოგლეჯა და მილეწ-მოელეწვა ექსპრესის, ამ კომფორტული სალონის... მაგრამ, ამის მაგივრად შელახული და დამცირებული, გვერდით მდგარ კონტროლიორს გახედავს.
კაცმა არიდებს თვალს და მონოტონური და დაღლილი ხმით ამბობს:
- ვერაფერს ვიზამთ! მეც ჩამივალ ხუთ ლარს! ხუთ ლარზე მეტს ვერ დაგიმატებ! ბილეთი თუ არ აიღე და საჭირო ფული არ გადამიხადეთ, უნდა ჩაგყაროთ! თუ მე აქედან არ ჩაგყარეთ, სამსახურიდან გამომაგდებენ... - ამოიოხრავს, ცოტა ხანს ჩაფიქრდება... და უეცრად გაუბრწყინებული თვალებით, წელში მოხრილ ქალს მიმართავს, - მოდი, იცი რა ვქნათ? ბიჭუნას, ყოფნის ბილეთზე. თქვენ გრჩებათ ხუთი ლარი. აქედან ბოლო გაჩერებამდე შორი მანძილი არარ დარჩა. ჩადი და ფეხით ორ-სამ საათში დაფარავ მთელ გზას... ჩვენ კი, ბიჭუნას ბოლო გაჩერებაზე დავტოვებთ! იქ, საოფისე პუნქტი გვაქვს და ფირმის წარმომადგენელთან ერთად იქნება. არაფერი დაუშავდება! დაგელოდება!.. არაფერს დააკლდება შენს ვაჟკაცს! კარგი? რა გქვია შვილო? - ჰკითხა ბიჭუნას.
- ვეფხია! - ბოკვერივით დაიღრენს ბავშვი.
- კარგი სახელია, ვეფხია! ქართული! გააჩერე ავტობუსი! - ყვირის კონტროლიორი, - გააჩერე, აქ ჩადიან!
- გააჩერე, ჩავდივარ! - ლოცვასავით იმეორებს ქალი და გაყუსულ სალონს გადახედავს.
- გააჩერე, ფული არ ყოფნის! - ისეთი ხმით ყვირის კონდუქტორმა, რომ სინდისის ქენჯნას მგლებშიც კი გააღვიძებს... მაგრამ...
მაგრამ, სალონში ჩვეულებრივი, მოსამსახურე-მოჯამაგირე ადამიანები ისხდნენ, რომლებიც კაპიკს კაპიკზე ადებდნენ და ხელფასიდან-ხელფასამდე ცხოვრობდნენ. მორჩენილი ფულით კი საყვარელ და ძვირფას ადამიანებს უკეთებდნენ საჩუქრებს... ისინი, "საშინელებებს" არ სჩადიოდნენ და ამიტომ ეგონათ, რომ ღმერთი სწამდათ...
ექსპრესი ძველი შენობის წინ ჩერდება.
- იცოდე, ჩავდივარ... შენ კი იქ დამიცადე. მალე მოვალ. ფეხი არსად გაადგა, გაიგე? იმღერე! ჩვენი სიმღერები, იმღერე! - არიგებს ჩასასვლელად გამზადებული ბებია, შვილიშვილს.
ბიჭუნა სირცხვილისაგან და უსუსურობისაგან ცახცახებს და ცრემლებს ძლივს იკავებს, თვალებზე მუშტებს იფარებს და ბებოს თანხმობის ნიშნად, თავს უქნევს...
- იმღერე!
და ბიჭი ხმადაბლა, წკრიალა ხმით მღერის.
კარი იღება და ქალი ჩასასვლელთან მიდის, კიდევ ერთხელ გახედავს ფანჯრებზე მიტმასნილ მგზავრებს... რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ ბოლო მომენტში, ხელი ჩაიქნევს და ჩადის.
ბიჭუნა არ ტირის, არც ემღერება, მაგრამ მაინც მღერის.
კარი იკეტება, კონტროლიორი თვალს აყოლებს გაჩერებაზე დარჩენილ დადარდიანებულ ქალს, რომლის დანაოჭებული, უწყლო, გამხმარი მიწასავით სახე, მკაცრად მოკუმული უკბილო, ათრთოლებული პირი და თავსაფრიდან ამოვარდნილ, ქარზე მოფრიალე თმები აღარასოდეს დაავიწყდება...
"პირნათლად შესრულებული ვალდებულებისთვის, ალბათ პრემიას მისცემენ! ან სულაც ხელფასს მოუმატებენ!.."
ბიჭუნა ტირის, მაგრამ მაინც მღერის.

"მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?"

კაცი, უსმენს ბავშვს და გუნებაში აგინებს - თავის ბედს, კონტროლიორის - უმადურ და უგულო თანამდებობას, უმუშევრობას, და ყველაზე მთავარს - მისი საქმიანობის შემმოწმებელს, უფრო დიდ და მზაკვარ "კონტროლიორს", რომლის შესახებაც დილიდან "ჩუმად" გააფრთხილეს... და რომელიც ახლა ავტობუსის სალონში, უბრალო მგზავრივით მოკალათებულა და სამსახურის შესანარჩუნებელ ქულებს უწერს... ან არ უწერს - თავისი საქციელით და ფირმის მოვალეობის პირნათლად შემსრულებელ, შერცხვენილ და გულნატკენ ადამიანს...


(დასასრული)

Exclamation


Last edited by Admin on Thu Jan 24, 2019 4:07 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyTue Mar 30, 2010 10:41 am



ნახეთ კობა ცხაკაიას ფილმი "თამადა"

What a Face


ყირამალა (Upside down - ВВЕРХ ТОРМАШКАМИ )
•Jun 30, 2019

Screenwriter and director – Koba Tskhakaia

Animation and film editing – Koba Tskhakaia, Studio KOTS

Music of Prokofiev and Tchaikovsky is usedIt is used Prokofiev, Tchaikovsky and Mozart's music

One day a human discovers that he can live hanging upside down.
Using this talent he found inner peace and true love.
This fantastic story about love and spiritual freedom takes place in aggressive and problematic atmosphere of the city.

* https://youtu.be/qCcPFHO6hvg

@


Last edited by Admin on Fri Apr 23, 2021 2:00 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyTue Mar 30, 2010 10:44 am


Jul 13, 2014
კობა ცხაკაია - ხანძთა

დადგენილია ხანძთის ნამდვილი ადგილმდებარეობა!
ყველაფერი ემთხვევა - გიორგი მერჩულეს მონათხრობი, ნიკო მარის ფოტოფაქტი და ზუსტი აღწერა, ადგილობრივების მონათხრობები და სხვა ისტორიული წყაროები.

* https://youtu.be/XzZIY2tPvvY

What a Face



About Adam...
•Apr 4, 2019

If there is no real feeling, there is no beauty and no form.
It is impossible to create a beautiful world, real art.

* https://youtu.be/f48gjLbcdfk

Arrow



Last edited by Admin on Fri Apr 23, 2021 2:07 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyWed Feb 06, 2013 6:48 pm

კობა ცხაკაია Kobacx10

წიგნის დასახელება – „გადააბიჯეთ მკვდრებს გაბედულად“ (რომანი)
ავტორი – კობა ცხაკაია
რედაქტორი – ქეთევან თოდუა
კომპიუტერული უზრუნველყოფა - ნიკა ხვედელიძე
გამომცემლობა - „საუნჯე“
ISBN 978-9941-442-32-2
გვერდების რაოდენობა – 230
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი - 2012
ფასი - 10 ლარი

ავტორი დიდ მადლობას უხდის ბატონ როსტომ ჩხეიძეს ტექსტის რედაქტირებაში გაწეული დახმარებისათვის.

ანოტაცია:
„გადააბიჯეთ მკვდრებს გაბედულად“- აქ წარმოდგენილი ნაწარმოები დოკუმენტურ მასალაზეა აგებული.
ეს დოკუმენტი, ანუ საბრალდებლო დასკვნა "ს.ს. #!!!!!!! საქმეზე", გადასცა ავტორს მისი პირველი პედაგოგის თ.მ. ძმის შვილმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზ.მ., რომელიც თავის დროზე ქალაქის ერთ-ერთი საგამოძიებო სამმართველოს უფროსად მუშაობდა...
მასალა საინტერესო გახლდათ იმდენად, რამდენადაც ახლოს იყო იმ პრობლემატიკასთან, რასაც 30-45 წლის ადამიანები შეეჯახნენ, 1991-2012 წლების პერიოდში და შექმნეს თანამედროვე საქართველოსათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი შრე, რომელსაც, სამწუხაროდ, "დაკარგული თაობის" ფენომენი ეწოდა...
ავტორი დიდ ბოდიშს უხდის მკითხველს, ერთი შეხედვით, გაბნეული და კალეიდოსკოპური თხრობისათვის... მან იმიტომ მიმართა თხრობის ასეთ უჩვეულო მანერას, რომ შეენარჩუნებინა "ს.ს#!!!!!!! საქმის" ზუსტი წყობა იმ სახით, რა სახითაც ეს ოთხასფურცლიანი დოკუმენტი მის ხელში აღმოჩნდა.
P.S. იმისათვის, რათა არ მომხდარიყო რეალურ ისტორიასთან სრული იდენტიფიკაცია, ნაწარმოებში შეტანილია მცირედი ცვლილება და განსხვავებანი...

კობა ცხაკაია Kobacx11

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyMon Nov 07, 2016 10:55 am

კობა ცხაკაია Koba_t13

კობა ცხაკაია

შე-სა-წი-რა-ვი

წარმოიდგინეთ - ხატი, რომელთანაც მიდის მიწათმოქმედი (ან უბრალოდ ადამიანი) და მიაქვს უფლის შესაწირად ის, რაც ყოველდღიურად მოყავს და მოიხმარს, ანუ ის, რაც მას და მის ოჯახს, კეთილ ხალხს, ახლობელს და შორებელს ასაზრდოებს.
ანუ მიაქვს ყოველდღიურ შრომის, თავდახრილ-თავმდაბლობის, სიმშვიდის, მადლით აღსავსე მუშაკობის შე-სა-წი-რა-ვი -- ის, რაც "პომპეზურობის გარეშე" აძლევს შემქნელ-მომყვანსსა და, საერთოდ, საზოგადოებას ჰაერს, წყალს, ჰორიზონტს, გზას, სინათლეს და ღამის ბინდს, განთიადს და ა.შ...
ჰოდა ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როცა ვკითხულობიდ - ჩემი კეთილი ძმის და თანამოაზრის, მიხო მოსულიშვილის წიგნს "არსაიდან არსაითკენ" და ჩემი უფროსი მეგობრის, მრჩევლის და შემოქმედებითი მიზნების მიმნიშებლის, როსტომ ჩხეიძის "ქართული დუელიანა"-ს და "ლეგენდა ისკანდერისა"-ს.
ესაა ლიტერატორის ყოველდღიური ლოცვა უფლის წინაშე - განცდილზე, გადატანილზე, ადრე წაკითხულზე, მოვლენების ანალიზზე და რაც მთავარია - ადამიანობაზე, პატივისცემაზე, ტრადიციაზე და სიყვარულზე...
ლოცვა ხომ საუბარია შემოქმედთან.
ისინიც ასე ესაუბრებიან უფალს ყოველდღიურად და მეც მაიძულეს თავისი ნაწარმოებებით იგივე შემეგრძნო და დავმშვიდებულიყავი.
ხელოვნებით და ნიჭით განათებული ჩუმი სიკეთე და ქართველობა შემეგრძნო...
ამ პოლიტიკურ ბასტი-ბუბუში გავწონასწორებულიყავი.
მადლობთ, ბატონო როსტომ!
მადლობ, ძმაო მიხო!


2012 წლის 7 ნოემბერი


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyThu Jan 24, 2019 5:24 pm

კობა ცხაკაია Koba_t15

კობა ცხაკაია

THE SENSE
(ერთაქტიანი დუეტი)

“დედამთილი” - ორმოცდაათამდე წლის ქალი. მახიობია. სახეზე აქვს
თეთრი გრიმის ნიღაბი.
“რძალი” - ოცდაათამდე წლის ქალი. მსახიობია. სახეზე აქვს თეთრი
გრიმის ნიღაბი, შეწითლებული ლოყებით.


მოქმედება მომდინარეობს დიდ ცარიელ ოთახში, რომლის შუაგულში დგას ასაწყობი საწოლი. საწოლი ძველებურია. მას რკინის ან სპილენძის საზურგეები აქვს, ხოლო ის რაზეც უნდა დაიდოს ლეიბი, წარმოადგენს დიდ და ფართე ფიცარს, რომლის გვერდების ჩუქურთმებითა და ორნამენტებითაა დამშვენებული. ფიცარი მიყუდებულია კედელთან, მასთან დგანან დედამთილი და რძალი. ისინი ფიცარზე გაკეთებულ წარწერებს კითხულობენ. საწოლის საზურგეები დაშლილია. მთელი სცენის მანძილზე ეს ორი ქალი ნელ-ნელა აწყობს საწოლს. პარალელურად საუბრობენ და იმეორებენ იმ როლებს, რომლის რეპეტიციაზეც საღამოს უნდა წავიდნენ.

დედამთილი _ (კითხულობს) რომ ვცადო შენთან ლაპარაკი, ვაი თუ დამიმძიმდეს სატკივარი, მაგრამ ვის ძალუძს დადუმება!
რძალი _ განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე... ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე!
დედამთილი - (კითხულობს) განა ყური არ განიცდის სიტყვას და სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს?... სადღაც წამიკითხავს ეს სიტყვები... მაგრამ ვერ ვიხსენებ სად!
რძალი - (კითხულობს) რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას?... განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს? შექსპირს წააგავს!
დედამთილი - (კითხულობს) ამაოება ამაოებაა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებაა, ყოველივე ამაოა! მართლა თეატრიდან მოიტანე ეს საწოლი?
რძალი - ჰო... იმ სპექტაკლისთვის უნდოდათ, მე და შენ რომ უნდა ვითამაშოთ, მერე გადაიფიქრეს და გვაჩუქეს!... აი კიდევ! (კითხულობს) კიდევ და კიდევ განვიცადე ამაოება ამ მზის ქვეშეთში!
დედამთილი - (კითხლობს) ვეტყვი ღმერთს: ნუ დამადანაშაულებ! მაცოდინე რისთვის მედავები?... ნეტა რამდენმა ადამიანმა დაწერა ეს ყველაფერი!... ხედავ, სულ სხვადასხვა ხელითაა დაწერილი!
რძალი - აი კიდევ _ ყველაფერი იწყება და მთავრდება სარეცლით!... ალბათ რეპლიკებია როლებიდან!
დედამთილი - მართლა გაჩუქეს ეს საწოლი!
რძალი - მართლა მაჩუქეს?... არა, ტყუილა მაჩუქეს! არ მოგწონს?... ხომ ჯობია იმ ძველ საწოლს... აქ ორივე კარგად დავეტევით!... დიდი კია, მაგრამ არც იმხელა ადგილს იკავებს!...
დედამთილი - ამ სიმძიმე მარტომ როგორ ამოიტანე?
რძალი - საყვარლები დამეხმარნენ!... რა ეჭვიანი ხარ!... აი გავაკეთებ, ცოტას მივაჭედ-მოვაჭედებ! ჩავხრახნ-ჩამოვხრახნი და მერე ვნახოთ! როგორ აჭიკჭიკდები!... ადგომაც კი აღარ მოგინდება! სულ იწვები და იწვები!
დედამთილი - შენ სულ მაგაზე ფიქრობ!
რძალი - (ირონიულად) ჰო, იცი, როგორ მინდა, რომ ჩაძაღლდე!...
დედამთილი - ესე ნუ განიცდი, ეგეთი აზრები მეც მომდის თავში!... (ამოისუნთქავს) თან საქმე!... საღამოს რეპეტიციისთვის თითქმის ზეპირად უნდა ვიცოდეთ როლები. შენ რძალი ხარ, მე, დედამთილი!
სიჩუმეა. ორივე იღებენ ჯიბეებიდან როლებს... აქედან იწყება _ მათ შორის საუბარი, პარარელურად როლის კითხვა და საწოლის აწყობა. თუ რა იქნება როლის ტექსტი, რა “ნამდვილი”, ძირეული მნიშვნელობა არა აქვს, აქ მთავარია ის, რომ მსახიობები ერთმანეთის ურთიერთობის ფონზე “პერსონაჟებსაც” თამაშობენ)
რძალი - (კითხულობს) სიჩუმე ეს ის ტყუილია, რომელიც ამბობს სიმართლეს!... უკვე ხუთი წელია, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთ. გახსოვს, ის დღე, აქ პირველად რომ მომიყვანეს?
დედამთილი - (კითხულობს) არ მახსოვს!
რძალი - მაგითი რისი თქმა გინდა?
დედამთილი - არაფრის!
რძალი - ლაპარაკები, ლაპარაკები, ლაპარაკები!
დედამთილი - შენ მაგითი რისი თქმა გინდა?
რძალი - ყველა ადამიანი მაიმუნისაგან გაჩნდა, ოღონდ ზოგი ძალიან ადრე, ზოგი კი მხოლოდ ეხლახან!
დედამთილი - (იხედება როლში) შენთან ლაპარაკიც კი “პახაბნი” გახდა!
რძალი - ლაპარაკის დრო არ არის ახლა!... ჩვენთვის სარეცელი უნდა მოვამზადოთ. მეფური სარეცელი!
დედამთილი - დიდ საწოლს დიდი პრობლემები მოაქვს! მე არ მოგეხმარები!
რძალი - ძალიანაც კარგი!
დედამთილი - ძალიანაც კარგი!
რძალი - გმადლობთ, ძვირფასო!
დედამთილი - არაფრის, გეთაყვა!
რძალი - ხი-ხი!
დედამთილი - ხა-ხა!
“რძალი” საწოლის აწყობას. “დედამთილი” შორიახლოს დადის და როლს კითხულობს.
რძალი - ეეჰ!... მუშაობა არ გინდა, წყალი მაინც დამალევინე! მწყურია!
დედამთილი - მეც მწყურია!... თანაც მცხელა!
რძალი - მცხელა, მეც!
დედამთილი გადის, შემოდის დოქით.
დედამთილი - ჰო, მართლა! გუშინ კოფთა რომ გეცვა, სად იყიდე?...
რძალს საზურგის დაჭერის დროს ხელი ეტკინება.
რძალი - გაგიხმეს ენა!... ოო, ბოდიში (იხედება როლში) თავიდან დაიწყე!...
დედამთილი - ყურადღებით იყავი!... (იმეორებს) ჰო, მართლა! გუშინ, კოფთა რომ გეცვა, სად იყიდე?...
რძალი - მოგეწონა?
დედამთილი - ძალიან მომეწონა! გიხდებოდა... საოცრად!
რძალი - მართლა? დამცინი?!
დედამთილი - დედას გეფიცები, ძალიამ მომეწონა!... ისიც კი გავიფიქრე, არასოდეს კარგი გემოვნება არ ჰქონია და ახლა საიდან აღმოაჩნდა მეთქი!
რძალი - იცი, რას გეტყვი?... საშუალება რომ მქონდეს, აქ შენს გვერდით ერთ წამსაც კი არ გავჩერდებოდი. ერთი წამის მემილიარდედ წამუკასაც კი!
დედამთილი - საშუალება რომ მქონდეს, საერთოდ არ გავჩნდებოდი!
რძალი - დედა, რა ტრაგიკული ხარ?!
დედამთილი - ტრაგიკულიცა ხარ და შენი უნიჭო... ვატირე!...
რძალი - გაგიხმეს ენა!
დედამთილი - ნუ იწყევლები!... როცა ვმუშაობთ, ვიმუშაოთ. თუ არ გინდოდა ეს როლი, თავიდანვე უნდა გეთქვა უარი!
რძალი - მინდოდა!... მინდოდა!... მინდოდა!... ოღონდ ნუ უზრდელობ! ნუ იგინები!
დედამთილი - ვიგინები, თორემ პირველად გესმის!
რძალი - დიახაც პირველად მესმის!
დედამთილი - ეს ცხოვრება სამობითაა!… თუ მუშაობა გინდა, იმუშავე, თორემ ისეთს შეგაშინებ, ისეთს... დედა-შვილს არ აიყვანს ხელში!...
რძალი - იგინე, იგინე... კაი ჩიტსაც დაიჭერ! საწოლიც ვაწყო, როლებიც ვუკითხო!... ფიგარო ხომ არ გგონივარ?
დედამთილი - კარგი, ბატონო, მევ მოგეხმარები!
იწყებენ ერთად საწოლის აწყობას.
რძალი - (კითხულობს) ჩემი ნება რომ იყოს... ჩინელივით გაგატყავებდი!... ისინი ნელ-ნელა ატყავებენ ადამიანს, ისე ნელა, რომ არ აძლევენ ტკივილებისაგან გონების დაკარგვის საშუალებას!... თანაც ბოძზე აბამენ!... მეც ბოძზე მიგაბამდი!
დედამთილი - ბოძზე რატომ?
რძალი - არსად რომ არ გამექცე!
დედამთილი - (თავისთვის) ჩინელებმა ჩინეთდან ჩაი ჩამოიტანეს!... ჩინელებმა ჩინეთიდან ჩაი ჩამოიტანეს! (ერკვევა) უკაცრავად, კრეტინი ვარ!
რძალი - ეგეთი რეპლიკა აქ საერთოდ არ არსებობს... თუ გინდა ჩავამატებ!... მართლა, რა კრეტინი ხარ!
დედამთილი - ცოტა ფრთხილად!
რძალი - შენ თვითონ არ თქვი, მე მხოლოდ გავიმეორე!
დედამთილი - მე რომ ვამბობ, სხვანაირად ჟღერს... შენ რომ ამბობ, სხვანაირად!
რძალი - (იცინის) გინდა, მოგიყვები... მხიარულ ისტორიას?
დედამთილი - მინდა!
რძალი - (მღერის) ცოცხალი ვარ, ცოცხალი, სანთელივით ვიწვები... დავდნები და ... ცრემლად გადაგეღვრები!
დედამთილი - ძალიან მხიარული ისტორიაა!… ღმერთო ჩემო, როგორ მშია!
რძალი - შემწვარი გოჭი გინდა თუ ბაჟეში ჩაწყობილი ინდაური!... სოკოს ხომ არ მიირთმევდით ერბოში ჩაშუშულს!... იქნებ ცეცხლი და ბაბაასი გნებავთ?
დედამთილი - არ მნებავს!... ეხლა სიამოვნებით შევჭამდი მარწყვის ტორტს და დავაყოლებდი ერთ ფინჯან ყავას!... ოღონდ ტორტი ჩემი გაკეთებული უნდა იყოს!... ისეთი მარწყვის ტორტს ვაკეთებ, ისეთს?!
რძალი - მეც მინდა!... ოღონდ მაგ მენიუს, ნაყინს დავამატებდი და... ერთ ბოთლ შამპანიურსაც!
დედამთილი - აი, ახლა საშუალება რომ გქონდეს, ყველაზე მეტად რას აისრულებდი... რას გააკეთებდი?
რძალი - (იცინის) ვერ გეტყვი! მრცხვენია!
დედამთილი - ოი, ღმერთო ჩემო... მე ხომ მაგას არ გეკითხები... საჭმელზე გეკითხები!...
პაუზაა. ისინი ერთმანეთს უყურებენ.
რძალი - (კითხულობს) რიტუალი მენატრება!... როცა სახლში ხარ და ელოდები, ის კი აგვიანებს... მერე მოდის, დაღლილ-დაქანცული! ფეხსაცმელებს იხდის და ყრის!... მე ვეჩხუბები. ყურადღებას არ მაქცევს. ჭამა-ჭამით ჯდება ტელევიზორთან, ყრის ნამცეცებს! ვეჩხუბები, ვეჩხუბები, ვეჩხუბები!... ის წვება ტახტზე, ჭმუჭნის ახალდაუთოებულ გადასაფარებელს, ეწევა სიგარეტს. ყრის ფერფლს... მე ვეჩხუბები, ვეჩხუბები და... ბოლოს - მაგინებს! (იცინის). ღმერთო ჩემო, რა ტკბილად მაგინებს... ვბრაზდები, ვტირივარ, მივრბივარ საწოლ ოთახში და ვწვები... ის ცოტა ხანს ტელევიზორთან ბუზღუნებს, მერე შემოდის ჩემთან და მიყურებს... მე ზურგს ვაქცევ და ვსლუკუნებ!... ის ამოიოხრებს. ნელ-ნელა იხდის და წვება!... ვოხრავ, ის კი ფრთხილად მეხვევა. ისეთი უხეში და მძიმე ხელები აქვს... მიწასავით უხეში. მაგრამ ისეთი თბილი. ტირილი მინდა და მიხარია!... როგორ მენატრება, ღმერთო ჩემო! როგორ მენატრება ეს დამპალი, დამპალი რიტუალი... როგორ მენატრება.
სიჩუმეა. “დედამთილი” ტაშს უკრავს. “რძალი” მადლობის ნიშნად უღიმის.
დედამთილი - კარგია!... ოღონდ ტკივილს გარეთ ნუ გამოიტან!... შენი ტკივილი სინზე დადებული არ უნდა იყოს... ფარული, იდუმალი, ჩუმი და ღრმა უნდა იყოს!... “ტი მენია პონალა!”
რძალი - (ღიღინებს) ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე, რომ მითხარი მოვალო, ჭირიმე, რატომ დაიგვიანე!... გახსოვს, ეს სიმღერა!
დედამთილი - მახსოვს! (კითხულობს) ყველაფრის მიუხედავად ტყვია უკეთესი ხვედრია!... უკეთესია, ვიდრე სხვა რამ!
რძალი - (ყვირის) გეყოფა!... გვაქვს ახალი საწოლი და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას!
დედამთილი - ჯერ ძველი არ დაგვიმთავრებია!
რძალი - (მღერის) რომ მითხარი, მოვალო, ჭირიმე, რატომ დაიგვიანე! (შეხედავს “დედამთილს”. დიდხანს უყურებს). “ხლაპუშკასავით” გავარდა და გაქრა! გათავდა, გააზრებაც კი ვერ მოვასწარით!... თუმცა ყველაფერი ყოველთვის უეცრად მთავრდება!... ჩვენც გავთავდით!
დედამთილი - ხანდახან ნაბიჯების ხმა მესმის... ასე მგონია, ეს ნაბიჯები ფარული სევდაა მეთქი!
რძალი - არ უნდა გესმოდეს... არ უნდა გრძნობდე... არ უნდა ხვდებოდე!
დედამთილი - (კითხულობს) ექოს სიჩუმე გაურყვნია ჩვენი სიტყვებით...
რძალი - (კითხულობს) მე ვარ მონაპოვარი... მონაცა და პოვარიც! ბოლოს და ბოლოს მომეხმარები, თუ არა?
დედამთილი - (კითხულობს) ნეტა სიკვდილი თუ ქვრივდება, როცა ჩვენ ვკვდებით?
რძალი - ისევ შენთვის დუდღუნებ! მომეხმარე!
დედამთილი - (კითხულობს) გრძნობები ენის წვერზე იღუპებიან!... ქვრივთა დუმილი იწყება მაშინ...
რძალი - ქვრივთა დუმილი?!... რამდენჯერ უნდა გითხრა, ამ სიტყვებს ნუ ახსენებ-მეთქი!
დედამთილი - როცა ცა, ოჯახის ზღურბლთან თავს ჩაომოიხრჩობს!... ცხოვრებისგან გათელილები თუ ვეღარ ვდგებით! დავჭრათ ჰაერი!
რძალი - დავჭრათ ჰაერი?
დედამთილი - დავჭრათ ჰაერი! ჭრილობებიდან ატკიებული სული გამოვა!
ცოტახანს გაუნძრევლად და ჩუმად არიან, ორივე თავის ფიქრში ჩაღრმავებული.
რძალი - ხელზე ძარღვი ამითამაშდა!
დედამთილი - (თავისთვის) ხელზე ძარღვი ამითამაშდა!... დავჭრათ ჰაერი! (ერკვევა) რა თქვი?
რძალი - არაფერი ისეთი... ხელზე დავიხედე და გავიფიქრე, ნეტა რამე მოხდეს მეთქი და... ძარღვი ამითამაშდა! გულივით დაიწყო ფეთქვა!
დედამთილი - მერე?
რძალი - არაფერი!... არ ველოდი!... სასაცილოა არა!
დედამთილი - (კითხულობს) დავიღალე, რა ვქნა, აღარ ვიცი... და-ვი-ღა-ლე!
რძალი - შენ მაინც რამ დაგღალა?
დედამთილი - შენმა ყურებამ დამღალა!
რძალი - (იცინის) ძალიან კარგი, დახუჭე თვალები.
დედამთილი - რატომ?
რძალი - დახუჭე-დახუჭე!
დედამთილი - აჰა, დავხუჭე, მერე?
რძალი - ათამდე დაითვალე!
დედამთილი - ნელა თუ ჩქარა?
რძალი - ძალიან ნელა!
დედამთილი - ეერთიი, ოორრრიიი...
რძალი - ძალიან კარგი!
დედამთილი - სსაამიი, ოოთხიიი, ხხხუუთიი...
რძალი - ნუ აჩქარდები!
დედამთილი - შშვიიდიი, რვააა, ცხრააა, აათიიი!
რძალი - არ გაახილო თვალები!... ახლა ისევ დათვალე, ოღონდ უხმოდ! გუნებაში!...
დედამთილი - დავთვალე! (პათეტიკურად) რა ვქნა? რა ვიღონო?... რით დავეხმარო საკუთარ თავს?
რძალი - გაახილე თვალები!
დედამთილი - აჰა, გავახილე!
რძალი - მიიხედ-მოიხედე!
დედამთილი - მივიხედ-მოვიხედე!
რძალი - მერე?
დედამთილი - რა მერე?
რძალი - რა გააკეთე ახლა?
დედამთილი - აბა, მე რა ვიცი!... დათვალეო - დავთვალე! გაახილე თვალებიო და გავახილე! ეხლა რა ვქნა!
რძალი - (იცინის) ჩვენ ერთმანეთისთვის დემონებიცა ვართ და ანგელოზებიც!... ვერაფერს ხედავ ახალს?
დედამთილი - თმები გაქვს აჩეჩილი!

(გაგრძელება ქვემოთ)


study


Last edited by Admin on Thu Jan 24, 2019 5:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyThu Jan 24, 2019 5:25 pm

კობა ცხაკაია Koba_t15

კობა ცხაკაია

THE SENSE
(ერთაქტიანი დუეტი)

(გაგრძელება)

რძალი - მართლა?... მათხოვე სავარცხელი!
დედამთილი - არა მაქვს!
რძალი - რა გაეწყობა, ჩემით დავივარცხნი! (ხელით აკეთებს სავარცხელს და თმას ივარცხნის).
დედამთილი - იცი, ყველაზე მეტად რა მიშლის ნერვებს?
რძალი - რაა?
დედამთილი - მე თვითონ არ ვიცი! (იცინის) მე მგონი ვბერდები!
რძალი - ძალიან გეჩქარება საიქიოში?
“რძალი” ეჭყანება.
დედამთილი - იცი, როცა შენ დგახარ და მე ვზივარ... ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს!
რძალი - გინდა გითხრა რაღაც საიდუმლო?
დედამთილი - მინდა!
რძალი - მოიწიე ახლოს!
“დედამთილი” მოიწევს, “რძალი” კოცნის.
დედამთილი - შენ არანორმალური ხარ!
რძალი - შეიძლება, მაგრამ არანორმალურებსაც შეუძლიათ სიყვარული!... (მღერის და თმას ივარცხნის) ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე!
დედამთილი - აღარ მინდა მაგ სიმღერის გაგონება!
რძალი - ადამიანის თმაში სულიერი ძალაა ჩამალული!... ცამეტი წლის როცა ვიყავი, ძალიან მომწონდა თმის ასე ვარცხნა!
დედამთილი - მანამდე არა?
რძალი - მანამდე ბავშვი ვიყავი!
დედამთილი - შენ არასოდეს ყოფილხარ ბავშვი!
რძალი - ნუ ჭმუნავ ტაკოს... ნაოჭები გაგიჩნდება!
დედამთილი - მიდი, შენს საქმეს მიხედე!
რძალი - (პათეტურად) მე წავალ ჩემს საქმეს მივხედავ, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ჩემი ვალი!
აგრძელებს საწოლის აწყობას. “დედამთილი” ჩაიხედავს როლში.
დედამთილი - (ამთქნარებს) მეძინება!
რძალი - რატომ ადექი ასე ადრე!
დედამთილი - ჩემს ასაკში ადრე თუ არ ადექი... ეგრევე ცხვირზე მოგადებენ სარკეს, მოკვდა თუ არაო!
რძალი - შენ მარტო მაგის გამო დგები, ცოცხალი რომ არ დაგმარხონ?
დედამთილი - ხანდახან მგონია, რო ტყვიაგაუმტარი შუბლი გაქვს! (იცინის)
რძალი - რაზე გაგეცინა?
დედამთილი - ერთხელ ჩემს ქმარს ვკითხე - შენთვის სიყვარული რა არის მეთქი?... იმან იცი რა მიპასუხა - არ ვიცი, რა გითხრა, ჩემი მეუღლისათვის არასოდეს მიღალატიაო!
რძალი - ეთქვა იმ მამაცხონებულს რაიმე ნორმალური, ხომ იქნებოდი ახლა ბედნიერი!... ისე, რომ იცოდე... ჩვენ ჩვენი გულები მხოლოდ იმათ უნდა ვანდოთ, ვინც გაუფრთხილდება!
დედამთილი - ჰოო! (ჩაფიქრდება) ბოროტები ვართ!... ყველანი ბოროტები ვართ... მაგრამ გაიძვერები მაინც არა ვართ!... გვაქვს უფლება რომ ვიყოთ ბოროტები და ვართ... იმიტომ ვართ, რომ გვაქვს უფლება!
რძალი - ყველასა აქვს უფლება დროდადრო გაგიჟდეს... ამას ცხოვრებაც კი მოითხოვს!
დედამთილი - გაგიჟდეს-გაგიჟდეს!... იცი, რა მაინტერესებს, რომ გთხოვო ფანჯრიდან გადახტი მეთქი, გადახტები?
პაუზაა. ისინი ერთმანეთს უყურებენ.
რძალი - კი!... შენ მთხოვ ამას?
დედამთილი - არა!
რძალი - “არა” თუ არ იცი?
დედამთილი - არა ვიცი! (გაიცინებს. კითხულობს როლს) თუკი არ იცი, საით მიდიხარ, იქ ყველა გზა მიგიყვანს!
რძალი - (დაცინვით) მოიხურე რაიმე, თორემ შეგცი-შეგცი-შეგეცივდება!
დედამთილი - ნუ უზრდელობ!
(იყურებიან როლებში, შემდეგ ერთმანეთს შეხედავენ).
რძალი - არ შეგიძლია, ცოტა ხანს მარტო დამტოვო?
დედამთილი - შენ ისედაც მარტო ხარ!
რძალი - არ შეგიძლია, ერთხელ მაინც არ გამცე პასუხი!... არ შეგიძლია, ცოტა ხანს მაინც დამუნჯდე, დაყრუვდე... ჩაკვდე, ჩაკვდე, ჩაკვდე?
დედამთილი - (ირონიულად) როგორ ხმამაღალი ხარ!
რძალი - რაც უფრო მეტი ჩაიდანია, მით უფრო მეტი ჩაი იქნება!
დედამთილი - მეზიზღები, ვერ გიტან! ღმმერთო ჩემო, რა საშინელებაა ყოველდღე ერთი და იგივე! მე-შენ, შენ-მე! ჩვენ-თქვენ! თქვენ-ჩვენ!... როგორ დაემგვანა ეს ცხოვრება გაკეთებულ ერთიდაიგივეობას... რაღაც სხვა მინდა! სხვა!... ხანდახან მონდა, რომ შენ აღარ არსებობდე... არც შენი ქმარი მინდა!
რძალი - არც შენი შვილი!... შენი შვილი, ჩემი ქმარია, ხომ არ დაგავიწყვა!... აქამდე იყო, ყოველშემთხვევისათვის? (თავისთვის) როლის მიხედვით?
დედამთილი - მერე რა!... მერე რა!... ასი წლის მერე ეგ არავის ემახსოვრება!... ხანდახან მინდა, რომ... ნიანგმა მიკბინოს... ან მონდა, ჩემი ფანჯრების გასწვრივ ღრუბლები გამოჩნდეს... რაღაც ისეთი მინდა, რაც არ მომხდარა, და არ მოხდება... აღარ შემიძლია იმის ატანა - რაცაა მოსალოდნელი, უცრად ხდება!... რატომ არ შეიძლება, ამ ცხოვრებაში, ხანდახან მოულოდნელობებიც ხდებოდეს!
რძალი - საიქიოში ხომ არ გეჩქარება?
დედამთილი - ავადა ვართ ყველა! ავად!
რძალი - შენ რა გჭირს საწუწუნო?
დედამთილი - არ ვწუწუნებ! არა... სიცოცხლე მინდა და არა დარჩენილი დროის თვლა!
რძალი - (პათეტურად) სიცოცხლე - სიყვარულის სეტარი შხამი!
დედამთილი - ეგრე ნუ ამბობ!... გეზიზღები, იმიტომ რომ ტირილი არ შემიძლია?!... ზოგს სიცილი არ შეუძლია, ზოგს სიკეთის კეთება, ზოგს დადუმება... მე ტირილი არ შემიძლია!
რძალი - (პათეტურად) სიცოცხლევ - შენ შეგიძლია ყველაფერი მიქნა, მაგრამ მე ტკივილს მაინც არ დაგიძახებ!
დედამთილი - მორჩი ამ ტაკიმასხარაობას!... თუმცა მოვა დრო და… შენ დადგები ჩემს ადგილას!... (თავისთვის) შენც შეასრულებ ამ როლს და მერე ვნახოთ როგორ აჟღურტულდები!
რძალი - დროის წებოვანი თითები!... (ირონიულად) ახლა თუ გეშინიათ რაიმესი?…
დედამთილი - მე ვიცი შენ რა ნაკლი გაქვს?
რძალი - რა ნაკლი მაქვს? დედა, როგორ მაინტერესებს!
დედამთილი - შენ ქვისა ხარ!
რძალი - ხანდახან ასე მგონია, რომ ორივეს მაგივრად ლაპარაკობ!
(ისინი დაძაბული უყურებენ ერთმანეთს. რაღაც მომენტში ენერგიულად გადაშლიან როლის თითო გვერდს. იწყებენ კითხვას.)
დედამთილი - არ არსებობს დღე, რომ არ ვიჩხუბოთ!
რძალი - იმიტომ ვჩხუბობთ, რომ არასოდეს ვართ კარგად!
დედამთილი - იქნება ეგეც ჩემი ბრალია!... მითხარი, მე რაში ვარ დამნაშავე?... ან შენ რა შუაში ხარ?
რძალი - შენ არ იცი, მე ვინა ვარ!... ვერასოდეს მიხვდები ამას!... ჩვენს შორის დარჩენილი სიცარიელე არაფრით არ ამოივსება! არაფრით!
დედამთილი - სიცარიელე!... რა არის სიცარიელე, არაფერი! (დგამს რძლისკენ ნაბიჯს) ხომ შეიძლება ერთმანეთისაკენ თითო ნაბიჯი გადავდგათ და სიცარიელეც გაქრება!
რძალი - მე და შენ არ გაგვიჩენია ეს სიცარიელე და არც არავინ გვკითხავს მის შევსებას!
დედამთილი - ამაზრზენი ხარ!
რძალი - (იცინის) ადვილია ცხოვრება, მაგ სიტყვების შემდეგ, არა?… ადვილია, ხომ!... ხომ იპოვე, შენი უბედურების მთავარი მიზეზი! დამნაშავე ხომ აღმოაჩინე!…ახლა როგორ გრძნობ თავს, ჰა?
დედამთილი - (იღიმება) ვკვდები!... არ მინდა ამ როლის თამაში!... აღარ მინდა როლების თამაში!...
რძალი - მეც ეგრე ვარ! ესე როლი რა როლია, როლზე გადანამორია! ესე როლი რა როლია, ლორზე გადანამორია! ესე როლი რა როლია, ღორზე გადანამორია!... (ყვირის) ეს მახინჯი ტკივილი!,, ეს მახინჯი ტკივილი!
დედამთილი - რა თქვი?
რძალი - (ხმამაღლა, პათეტურად) ღმერთო, მიხსენი სულიერი ტკივილისაგან, მე კი როგორმე გავუმკლავდები ფიზიკურს!... ახლა კი აი ამ ლურსმანს ჩავაჭედებ აი ამ ფიცარში და... ჩვენი ცხოვრებაც ოდნავ შეიცვლება!
“დედამთილი” უყურებს, რძალი როგორ აჭედებს ლურსმანს. სიჩუმეა.
დედამთილი - მოდი, ნუღარ ვიზამთ იმას, რომ ერთმანეთი გვძულდეს!
რძალი - ესე იგი, თქვენ გინდათ, იცხოვროთ ნორმალური ცხოვრებით, არა?
დედამთილი - ნორმალური ცხოვრება არ არსებობს... არსებობს ცხოვრება, რომლითაც ვცხოვრობთ!...
რძალი - ხანდახან მაიც თუ იყავი ბედნიერი?
დედამთილი - ბედნიერი ვიყავი, როცა... შვილი შემეძინა! როცა ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა!
რძალი - ბლა-ბლა-ბლა!... მორჩი, გეყოფა... ინტერვიუს ხომ არ ვიღებ?
დედამთილი - ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ!... ყველა შენნაირი ხომ არ იქნება!
რძალი - გავძეხი!... უკვე გავძეხი ლაპარაკით!
დედამთილი - კარგი! (ჩაფიქრდება) ბედნიერი ვუყავი, მაშინ როცა არ ვიყავი მოწყენილი!... კმაყოფილი ხარ!
“რძალი” ტაშს უკრავს.
რძალი - ხანდახან ისეთი რამის გაკეთება მინდა, რაც ადამიანს სართოდ არ გაუკეთებია! შენ არ გინდა?
დედამთილი - ყველას გვინდა რაღაც ძნელის... უცხო ხილის გასინჯვა!
რძალი - მაგალითად ბანანის!...
დედამთილი - ყველაფერი კარგად იქნება!... ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის... ფუჭად ხომ მაინც არ ჩაივლის!... ყველაფერი კარგად იქნება!
რძალი - რატომ ტყუიხარ! შენ გგონია რაიმესი მეშინია?
დედამთილი - არა! არ მგონია!
რძალი - არ მინდა ვიყო რაღაც “ისტორია”,... რაღაც “ამბავი”, მარტოდ დარჩენილი ქალის შესახებ!... არ მინდა ვიყო რაღაც “როლი”! მინდა ვიყო ცოცხალი ადამიანი! მინდა ველოდე რაღაცას... ვი-ღა-ცას... თუნდაც მთხლეს... ოღონდ მოვიდეს! ოღონდ დაბრუნდეს! გაიგე!... ქალი მინდა ვიყო! ცოცხალი!
დედამთილი - (კითხულობს) ქორწინება წყდება ცაში, საწოლებს კი მიწაზე აკეთებენ, არა!
რძალი - (იცინის) დიახაც მინდა!... მინდა! რა სხვას არ უნდა, თუ მე ვარ ასეთი უნიკალური!... ქალი ვარ და იმიტომ მინდა!... დავდევდი ჩემს კუდს მთელი ცხოვრება და ვიყავი ასე!... იცი, ოჯახიც კი სპარსული სიტყვაა!
დედამთილი - რა გინდა რა?... ვინმემ რომ მოგისმინოს, რაღაც საშინელება შეიძლება გაიფიქროს! არ გრცხვენია?
რძალი - შენი? არა? შენ მაინც უნდა გითხრა ის... რაც შენმა შვილმა ჩაიდინა!
დედამთილი - რა ჩაიდინა?
რძალი - რა და... აღარ დაბრუნდა! სად არის... სად არის?... სად?... იქნება (ჰაერს უბერავს) ფუუჰჰ!
დედამთილი - ხანდახან გიყურებ და ასე მგონია, რომ სულში... რაღაც დიდი ხვრელი გაგიჩნდა... ხვრელი, რომლის ამოვსება არ შეგიძლია... ვერც ავსებ ვერაფრით, იმიტომ რომ უძირო ხარ! უძირო!
რძალი - (იცინის) შენ რა, არა გაქვს ეგეთი ხვრელი?!
დედამთილი - გაჩუმდი!
რძალი - რატომ?!...
დედამთილი - გაჩუმდი შე... უზრდელო! ნაძირალავ!... ჩათლახო!
რძალი - (იცინის) რაღა მაინცდამაინც “ის” უნდა იფიქრო! “კაჟდი პონემაეტ ვმერუ სვოეი ისპორჩენოსტი!”
დედამთილი - ხმა! ხმა! ხმა!
რძალი - (ყვირის) ააა!
“რძალი” აყვირდება დიდხანს ძალიან დიდხანს. “დედამთილი” უყურებს. შემდეგ ორივე უხმოდ უბრუნდება საწოლის კეთებას.
რძალი - თუკი არსებობს ღმერთი, ის მარტო შენში, ჩემში ან ჩვენში კი არ უნდა იყოს... ის იმ სიცარიელეშიც უნდა იყოს, რომელიც ჩვენს შორის არის!... ყველაფერს რასაც ვაკეთებთ ცხოვრებაში, განა მხოლოდ იმისათვის არ ვაკეთებთ, რომ ცოტა დიდხანს და ცოტა უფრო მეტად ვუყვარდეთ?!... რაღაც მინდა გკითხო?
დედამთილი - არაფერი არ ვიცი და არც ვიცოდი!
რძალი - (ნაღვლიანად მღერის) რომ მითხარი მოვალო, ჭირიმე, რატომ დაიგვიანე?... შენი აზრით, რა განსხვავებაა, სიყვარულსა და სექსს შორის?
დედამთილი - არაფერი არ ვიცი და არც ვიცოდი!
რძალი - სადღაც წავიკითხე, რომ სექსი გვეხმარება წნევის დაწევაში, სიყვარული კი აწევაშიო! შენ როგორ ფიქრობ, სწორია ეს... ეს სიტყვები?
დედამთილი - იცი როგორი აუტანელი ხარ ხანდახან!
რძალი - მე მხოლოდ ხმამაღლა ვფიქრობ!... არ შეიძლება ხმამაღლა ფიქრი?... (თამაშობს) იყო დრო, როცა მეგონა, თუ ბროლის ქოშს ვიპოვიდი, აუცილებლად მომერგებოდა!... ნახევარი ცხოვრება გაიარე და ამდენს ვერ ხვდები, რომ...
დედამთილი - (აწყვეტინებს) შენ იცი რა არის ნახევარი ცხოვრება... იცი რა არის?... მე არ ვიცი, რა არის ნახევარი ცხოვრება...
რძალი - რომ გცოდნოდა, რას იზამდი?
დედამთილი - არაფერს. მეცოდინებოდა!
ჩუმად აკეთებენ საწოლს. რძალი ჩაიხედავს როლში.
რძალი - (კითხულობს) მილიარდი წლის წინათ ვარსკვლავები როცა აფეთქდნენ, გაჩნდა სამყარო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ... ჩვენ ყველანი ვარსკვლავების მტვრისაგან ვართ მოზელილები!... ხანდახან მგონია, რომ მეც ვერსკვლავი ვარ და უნდა ავფეთქდე, რომ სამყარო გაჩნდეს. ჩემი ახალი სამყარო!
დედამთილი - ცოტა მეტი ხომ არ გინდა ამ ცხოვრებისაგან? იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდება?
რძალი - (იცინის) გინდა მხიარული ამბავი მოგიყვე?
დედამთილი - მინდა!
რძალი - (მღერის) ცოცხალი ვარ, ცოცხალი!...
დედამთილი - არ მინდა ეგ სიმღერა!
რძალი - (მღერის) ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე!
დედამთილი - გააწყალე რა გული! გააწყალე!
დედამთილი - ჰოი, გა-ვა-წაყ-ლე! წყალე! ვაწყალე! (ჩაფიქრდება) ერთი მისი თანა-მებრ-ძოლი შემხვდა... მკითხა, როგორ ხართო... ხომ ხედავ, კაბა მაცვია! შენ კი შარვალი მეთქი!... მერეო?... მერე ის, რომ მე რაც მაცვია, ისა ვარ, მაგრამ შენ რაც გაცვია, ის არა ხარ მეთქი!
დედამთილი - ენამწარობის ჩემპიონი ხარ!
რძალი - (თამაშობს) ჩემპიონობა შეიძლება დავკარგო, მაგრამ ექსჩემპიონობას არასოდეს დავკარგავ!... (ჩაფიქრდება) რა არის ის ცხოვრება, რომელშიც ყოველთვის ვიღაც გვაკლია?
დედამთილი - ცხოვრება დანაკლისებით იწონება!
რძალი - ღმერთო ჩემო, რა კრეტინი ხარ!
დედამთილი - ჰო, მე ყველაფერი ვარ!... შენ კი ბინძური ხარ, ენაბინძური!
რძალი - ჯობია ბინძური და კეთილი იყო, ვიდრე ლამაზი და ბოროტი!... (თამაშობს) დედამიწაზე ფრთები გვიშლის... ცაში კი ხელები!
“დედამთილი” წამოდგება.
დედამთილი - (თამაშობს) ვინ არ მჯდარა უნიტაზზე და ვის არ ნდომებია ვარსკვლავად გადაქცევა?... ვაიმე დედა! (წელზე იკიდებს ხელს)
რძალი - რა მოგივიდა!
დედამთილი - როცა დაბერდები, მიხვდები!
რძალი - რა დროს შენი დაბერებაა... ხელმეორედ უნდა გაგათხოვო!
დედამთილი - შენ თავს მიხედე!... თორემ გაგათხოვებ და გაგაჩუქებ კიდეც.
რძალი - მართლა?
დედამთილი - მართლა!
რძალი - ხომ იცი შენ ვინა ხარ?
დედამთილი - ვინა ვარ?
რძალი - ის ხარ, ვინც მარტო უნდა დარჩეს!... მარტოდ დარჩენილები დიდხანს ცოცხლობენ!
დედამთილი - ყვავმა ყვავს უთხრა... შე ყვავოო!
რძალი - (კითხულობს) როცა შენს თავსაც ქარვისფერი მტევნებით მოვრთავ!
როცა ტოტები დასკდება და მუქ ქერცლს აიყრის!
როცა სიტყვები დაელევა უტიფარ მგოსანს!
და როცა ბედი ატირებულ ფრთებით ჩაივლის
მიხვდები, ალბათ, რომ მეზღაპრე - ვისაც ელოდი!
სარკიდან გიცქერს გამაძღარი წმინდანის სახით!...
(თამაშობს) ...ვერ ამჩნევ, როგორ ვიცვლები?... ბუმბულს ვიცვლი... ნისკარტი უფრო მიზანდასა¬ხული და მკაცრი გამიხდა!... ფრთები ღონიერი და სწრაფი!... ახალი საწოლი, ახალი სამყაროს და ახალი ცივილიზაციის დასაწყისია!
დედამთილი - შენ ამას უძახი, ახალი ცივილიზაციის დაწყებას?
რძალი - რატომ?... ვაშლის შეჭმით თუ დაიწყო ჩვენი ცივილიზაცია! ახალი სარეცლის გაკეთებით რატომ არ უნდა დაიწყოს?... ის თუ არ დაიწყება... სხვა რამე მაინც ხომ უნდა დაიწყოს... (ჩაფიქრებული) სხვა რამ მაინც, მარტოობის გარდა, სხვა რამ!...
დედამთილი - (უყურებს) შენ არა ხარ საშიში, შენ სასაცილო ხარ! (იცინის)
რძალი - დადაა, როგორ გიხდება სიცილი!... როცა იცინი, მთელი სამყაროს, მთელი ცივილიზაცია იცინის შენთან ერად!...
დედამთილი - შეხედე შენს თავს... შეხედე, ადამიანს აღარ გევხარ!
რძალი - ადამიანი! ადამი-ანი!... ადამი - პირველი კაცი და ანი - პირველი ასო სა-მყა-რო-ში!
დედამთილი - ყველაფერი “ასომდე” დაგყავს!
რძალი - ან-ბან-გან-დონ!
დედამთილი - აღარ მინდა შენი გაგონება! (მღერის) ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე, რომ მითხარი მოვალო!...
რძალი - ეხლა შენ დაიწყე!
დედამთილი - რატომ დაიგვიანე! რა დავიწყე?
რძალი - სიმღერა!
დედამთილი - შენი ბრალია!... ამეკვიატება ახლა და მთელი დღე დეგენერატივით ვიმღერებ!... (იცინის) მომწონდეს მაინც...
რძალი - მაგ სიმღერამ გამაცნო შენი შვილი... (კითხულობს როლს) უფრო სწორად, მეგაფონიდან თაფლივით ტკბილი სიმღერა იღვრებოდა. “ზღელოდა ზალიან!”... მე მივდიოდი ნარნარ-ნარნარით იქითკენ და შენი შვილი მოდიოდა ტატ-ტატით აქეთკენ... რაღაც მომენტში დაგვიბნელდა მზე... გასკდა მიწა... ამოვარდა ქარიშხალი და... ჩვენ ერთმანეთს შევეჯახ-შევეჩეხეთ1 ასე დაიწყო პრელუდია ოპერისა “ლა მურრ”!
დედამთილი - (იცინის) ვაიმე დედა!
რძალი - რა იყო,”ზალიან ზაზაზილო“ რამე მოვყევი?
დედამთილი - არა, შენზე არ მეცინება... გუშინ სადღაც გავიგონე ერთი სიმღერა (მღერის) “ფული გაქვს? -მაქვს! მაქვს!... თუ ფული გაქვს, შენი ვარ, თუ არა და სხვისი ვარ!”... ჰოდა ჩამეჭედა თავში ეს სისულელე. ვდგევარ გაჩერებაზე და ვმღერივარ. იქ ვიღაც, საკმაოდ სიმპათიური ინტელიგენტური შესახედაობის კაცი დგას... დავუდექი გვერდით... ვგრძნობ, რომ რაღაც ვერაა საქმე მთლად ისე, როგორც უნდა იყოს... უცებ მომიბრუნდა და მეკითხება - რა გერბავთ?არაფერი, არაფერი მეთქი და ... მაშინ მივხვდი, რომ მთელი იქ დგომის მანძილზე ყურში ჩავღიღინებდი - “ფული გაქვს, ფული გაქვს?... თუ ფული გაქვს, შენი ვარ, თუ არა და სხვისი ვარ!”
რძალი - კიდევ კარგი ნახალოვკელ ტასოზე სიმღერა რომ არ გაგახსენდა, თორემ დავიღუპებოდით!... მერე რა მოხდა?
დედამთილი - არაფერი, წავიდა! ფეხით!
რძალი - სად წავიდა?
დედამთილი - ბანკში ფულის გამოსატანად!
იცინიან და თან საწოლის საზურგეებს აწყობენ.
რძალი - ცოტაც და საწოლიც მზად იქნება!
დედამთილი - მეც შემხვდა ერთი!... ქუჩაში შემხვდა... ორდენით მკერდზე! მაინც რაში მისცეს ეს ორდენი!
რძალი - კროსით რომ ჩამოვიდნენ თბილისამდე, იმაში!
დედამთილი - როგორ ხარო მკითხა! შენზე უკეთესად მეთქი!... თქვენ რა იცით მე როგორ ვარო?... მე ის ვიცი, რომ სახლში არავინ მელოდება და თვალებში ვერავინ ჩამხედავს... აქედან გამომდინარე, შენზე უკეთესად ვართქო!... ასე ნუ მელაპარაკებით, თორემ გამბრაზდებიო!... გაბრაზდები, თორემ ხახვი არ დააჭრა ყურებზეო... აქ კი არა, იქ უნდა გაბრაზებულიყავი და მაშინ ჩემზე უკეთესად იქნებოდი მეთქი!
რძალი - ბოროტები ვართ, მაგარი ბოროტები!
დედამთილი - არ გვინდა ვიყოთ, მაგრამ მაინც ვართ!
სიჩუმეა. უხმოდ აკეთებენ საქმეს.
რძალი - (იცინის) იცი, ჩვენს მეზობელს რა მოუვიდა... საპარიკმახეროში ჰყავდა ბავშვი წაყვანილი... გუშინწინ, ძალიან როცა ცხელოდა... ლამის ტვინი რომ ამიდუღდაო. მიუყვანია და პარიკმახერი ეკითხება (თამაშობს) რა გავუკეთო ამ ბავშვს, გენაცვალე, თქვენ რომ გასიამოვნოთ?... ამას უთქვამს - თუ შეიძლება მინეტი გაუკეთეთო! რა ბრძანეთ, გენაცვალე?... როგორი მინეტიც ამ ორი კვირის წინ გაუკეთეთ, ისეთი მინდა ახლაც რომ გაუკეთოთო... ესე იგი, საპარიკმახეროში ბუზებიც კი გაისუსნენ!... მერე უცებ ყველას ერთხმად აუტეხია ხარხარი... თურმე “ნანეტის” მაგივრად, “მინეტს“ ეუბნებოდა!
(იცინიან. სიცილი ნელნელა სიჩუმეში გადადის).
დედამთილი - როცა სიჩუმეა, ისეთი სიცარიელეა ირგვლივ!... ადამიანიც კი შეიძლება დაუახლოვდეს სიცარიელეს!
რძალი - სანამ საომრად წავიდოდა, იცი, მითხრა - მე ჩემს ერს არ ვაყენებ ყველაზე მაღლაო, მაგრამ ის ყველაზე მეტად მიყვარსო. პირველით განვსხვავდები ფაშისტებისაგანო და მეორეთი კოსმოპოლიტებისაგანო... სად მიდიხარ, სად?... რომ არ წავიდე, მაშინ ომი თვითონ მოვაო… არ წახვიდე მეთქი!... გაეცინა და მაკოცა... არა! არა! არა!... სამჯერ მაკოცა. (დედამთილს) იცი, არ მინდა ვიყო ბედნიერი... ვიყავი უკვე და ვიცი რა მწარეა ეს!... როცა მიწაზე დადიხარ და ცაში იყურები, ყოველთვის ეცემი! (იხედება როლში) ძალიან მაღალფარდოვანი ტექსტია, არა? უკეთესი იქნება, ყველაფერს მოკლედ თუ ვიტყვი... მხოლოდ ბოლო წინადადებებს გავიმეორებ და საკმარისი იქნება... (იმეორებს) იცი, არ მინდა ვიყო ბედნიერი... ვიყავი უკვა და ვიცი რა მწარეა ეს!... როცა მიწაზე დგახარ და ცაში იყურები, ყოველთვის ეცემი!
დედამთილი - (კითხულობს როლს) შენ რაღაცას არ მეუბნები!
რძალი - რაღაცას?... მე შენ არაფერს არ გეუბნები!
დედამთილი - რატომ?
რძალი - არ მახსოვს და იმიტომ!
დედამთილი - რატომ არ გახსოვს?
რძალი - იმიტომ, რომ არ უნდა მახსოვდეს!... გემს ერქვა “ტიტანი”, შეყვარებულები მას მოფერებით “ტიტანიკს” ეძახდნენ!... ამ სახელწოდებით დარჩა ის ისტორიის ფურცლებზე და ქვრივების მეხსიერებაში!
დედამთილი - ქვრივთა დუმილი!
რძალი - ასე მგონია, ვერ მიტანო!... ჰო, ვერ გიტან, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ მეთქი!... ბოლოს ჩამოსული როცა იყო, მაგრა ვიჩხუბეთ... იარაღებით იყო დახუნძლული, ასე ვუთხარი - შენ მანამდე ხარ ვაჟკაცი, სანამ იარაღი გიკეთია მეთქი! - მე მანამდე ვარ ცოცხალი, სანამ იარაღი მიკავიაო!... გემოთი ეგ ყველაფერი ძალიან წააგავს შიშს მეთქი!... გეშინოდეს ეს ნორმალურიაო. რა გინდაო? მკითხა... არ წახვიდე! ჩემი ერთადერთი სურვილია, არ წახვიდე!... ჯოჯოხეთი ის კი არაა, როცა არც ერთი სურვილი არ გისრულდება, არამედ ის, როცა ყველაფერი გისრულდებაო!... მირჩევნია, ცოცხალი მთხლე იყო, ვიდრე მკვდარი გმირი მეთქი... მაინც წავიდა... ჰო, ბატონო! სანამ მაქვს თავი და კისერი უნდა დამაჯდეთ, აბა სხვანაირად არ შეიძლება!... ხომ შეიძლება, რაღაც მაინც ისე გაკეთდეს, როგორც მე მინდა!... თუმცა, ვიცი კი საერთოდ რა, როდის, ან რანაირად მინდა! (სიგარეტს უკიდებს) ასე რატომ ვართულებთ ყველაფერს?
დედამთილი - არ ვიცი!
ჩუმად არიან.
რძალი - ეს საწოლი შეავსებს ჩემს ცარიელ ცხოვრებას?!
დედამთილი - მე შენ... შენ კარგი ადამიანი ხარ!
რძალი - სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ყოველთვის ასეთი სენტიმენტალური ხდები?...
დედამთილი - რა გაიფიქრე პირველად, როცა გითხრეს, რომ დაიკარგაო...
რძალი იღებს იქვე დადებულ როლს და ეძებს რეპლიკას, ვერ პოულობს და გაბრაზებული ძირს აგდებს.
რძალი - ჯიბიდან ხომ არ გადმოგივარდათ მეთქი - ორმეტრიანი კაცი, როგორ დაკარგეთ, როგორ?
დედამთილი - იმათ რაო?
რძალი - ნახევარი საქართველო დავკარგეთო და რა გასაკვირიაო... მერე გაჩუმდნენ... იცი, რა გამახსენდა... ის დღე, პირველად როცა მითხრა, მიყვარხარო!... მე კი ვუთხარი - არ მიყვარხარ მეთქი! - ისე ვნანობ ეხლა ამ სიტყვებს! ნეტა მქონდეს საშუალება, რომ ეს პირველი შეცდომა გამოვასწორო!... იმიტომ რომ, თუ ეს გამოვასწორე, მაშინ ყველაფერი სხვანაირად დაიწყება... სხვანაირად იქნება... ხომ ამბობენ, კლეოპატრას ცხვირი ორი სანტიმეტრით გრძელი ან მოკლე რომ ჰქონოდაო, სამყარო სულ სხვანაირი იქნებოდაო!... გული მერევა!... გული მერევა, ყველაფერი როცა მახსენდება... ხანდახან მგონია, რომ ჩემი ბრალია, ის რომ აქ არ არის!
დედამთილი - (კითხულობს) დანაშაული რომ იგრძნო, ამისათვის სულაც არ არის საჭირო, დამნაშავე იყო!
რძალი - ისინი რატომ არ გრძნობენ, ისინი, ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო?
დედამთილი - ისინი ღარიბი ცის ქვეყანაში ცხოვრობენ!
რძალი - როგორ გადააქცევ ყველაფერს ზღაპრად!... ერთი სიტყვისაც კი არ მჯერა!... არ მჯერა!... ფეხებზე მკიდია ყველაფერი!... მიმიფურთხებია მთელი თქვენი ცხოვრებისათვის! მთელი თქვენი ქვეყნისათვის!... მე ვიცი გზა, რომელსაც ცთუნებამდე მივყავარ! ცხოვრება მოკლეა, გემო კი ხანგრძლივი! (ხარხარებს)
დედამთილი - ჰოო! (მიდის და სილას აწნის) დაწყნარდი!
რძალი - (ჯდება საწოლის კუთხეში) სისხლი მომდის!... ძალიან მაგრად დამარტყი!... მეტკინა... იცი, ძალიან მეტკინა!
დედამთილი - არა უშავს, სისხლთან ერთად გამოდის ტკივილებიც!
რძალი - (ტირის) მართლა სისხლი მომდის! თავხედო, რატომ მატკინე!
დედამთილი - (ჯდება მის გვერდით) ირგვლივ ღარიბი ცის ქვეყანაა და იმიტომ!
(ისინი უხმოს სხედან).
რძალი - (იწმენდს სახეს) იცი, ჯერ ვიწყებ პერსონაჟის თამაშს... მერე ვგრძნობ, რომ მასაც ვთამაშობ და საკუთარ თავსაც, ბოლოს კი ვხვდები, რომ მარტო ჩემს თავს ვთამაშობ, ოღონდ თეატრალურ კოსტუმებში და დეკორაციებში!
დედამთილი - ღარიბი ცის ქვეყანა!
რძალი - (ამოიოხრებს) რომ იცოდე, როგორ მომბეზრდა ყველაფერი!... როგორ მომბეზრდა!... გახსოვს, ერთხელ, შენ რომ კითხე, რამდენი შაქარი ჩაგიყარო ჭიქაშიო... როცა ჩემი ცოლია სახლში სამიო და როცა არაო, შვიდიო!... გახსოვს, რამდენი ვიცინეთ! რამდენი ვიცინეთ! რამდენი ვიცინეთ!
დედამთილი - სხვას რომ გაყოლოდი... შეიძლება უფრო ბედნიერი ყოფილიყავი!
რძალი - სხვასთან შეიძლება ვყოფილიყავი, მაგრამ მასთან ვიყავი!... მასთან ვარ!
დედამთილი - ნეტა ცოცხლები მაინც იყვნენ!
რძალი - რა კარგია ჩვენთან რომ გადმოხვედი... მარტო რომ არ დამტოვე!... თორემ შეიძლება გამეფრინა!... ყოველ დილით ორივესთვის ვასხამდი ჩაის! საჭმელს ორ თეფშზე ვიღებდი... სულ ვფიქრობდი, რომ გაიღებოდა კარები და შემოვიდოდა მშიერი, ოფლიანი, დაღლილი! და მეტყოდა... (ჩაფიქრდება) ღმერთო ჩემო, ნეტა რას მეტყოდა!... რომ არ მოსულიყავი მინასავით დავიმსხვრეოდი!... შენ მაინც არ მომატოვო!... არ დამტოვო!
დედამთილი - ნუ გეშინია! (კითხულობს) ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ... ყველგან გამარჯვებულები გამოვალთ! ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც დავკარგეთ!
რძალი - (კითხულობს) მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ!...
დედამთილი - (კითხულობს) ვიცი, მეც ძალიან მიყვარხარ!
(ცოტა ხანს ჩახუტებულები არიან. მერე ორივე ყრის იატაკზე როლებს).
რძალი - ორივე დაიკარგა?... ორივეს დაგვეკარგა?
დედამთილი - ჰო!... ორივეს!... ტექსტიდან ვერ მივხვდი!...
რძალი - ვკარგავთ კაცებს, ვპოულობთ როლებს!... როცა საშინლად მარტო ხარ, რას აკეთებ?
დედამთილი - სული ყოველთვის დღესასწაულზე ოხრავს!
ცოტა ხანს ჩუმად არიან. “დედამთილი” იწყებს სიცილს.
რძალი - რაზე იცინი?
დედამთილი - არაფერზე!... მიხარია, რომ შენნაირი პარტნიორი და ახლობელი მყავს!... ეხლა წამოვწვებით ჩვენს მინდორზე და ავმღერდებით სირინოზებივით!
რძალი - მთელი ცხოვრება ვმღერივართ სირინოზებივით!
რძალი და დედამთილი - (მღერიან) ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე! რომ მითხარი მოვალო, ჭირიმე, რატომ დაიგვიანე!
ისინი ნელ-ნელა იცლიან სახეზე წასმულ გრიმს (ნიღაბს). მათ სიმღერაზე განათება ოდნავ რბილდება. უკანა ფონზე ჩნდება კაცის სილუეტი.

ფ ა რ დ ა


1996 წელი, თბილისი

study


Last edited by Admin on Fri Apr 23, 2021 2:25 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyFri Apr 23, 2021 11:25 am

კობა ცხაკაია 01_n12

ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი

დაუსრულებელი ყაისნაღური პრობლემები...
კობა ცხაკაიას ორი მოთხრობა _ შთაბეჭდილება


„თავისუფლება ეს არის სიმართლის აღიარება და მისი სამსახური. ასეთებად მეოცნებება იდეალური, მომავლის საქართველო...“ - გურამ გეგეშიძე.

„ცხოვრებაში მეორე ადამიანზე ფიქრით უნდა იარო...“ - ალექსანდრა ჯაფარიძე.

„...თუკი სხვა რამეში მართლა ბევრად ჩამოვრჩებით დანარჩენ მსოფლიოს, პრობლემების სიმრავლით ნამდვილად აღვემატებით ყველას“ - ოთარ ჭილაძე.

„გავიბითურეთ სამშობლო,
მართლაც სამოთხის სადარი,
სხვა საქართველო კი არა,
თვით საქართველო სად არის?!“
- ვახუშტი კოტეტიშვილი.



კ. ცხაკაიას ორივე მოთხრობა _ `სხვა საქართველო...~ და `... მეთუნუქის აღმზრდელობითი `საუბარი~ 13 წლის შვილთან...~ _ ჟურნალ `ანეულში~ დაიბეჭდა (2015 წ. #3; 2018 წ. #1) და მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება შეულამაზებელი, უკომპრომისო თხრობით; მიუხედავად ავტორის გაფრთხილებისა, `დავდე პატივი~ და როგორც ერთ-ერთი რიგითი მკითხველი მის მოთხრობებს `ჩავუჯექი~, რათა იმ ამბების არა მარტო უშუალო თანამონაწილე, არამედ მოთვალთვალე _ მოწმე გავმხდარიყავი _ გულშემატკივარიც; რატომ?! _ იმიტომ, რომ ის ყველაფერი, რაც მწერალს აწუხებს, მეც მაწუხებს, ჩემთვისაც მახლობელი გულისამაჩუყებელი და მიუღებელია... ასე წავიკითხე ხელმესამედ `სხვა საქართველო...~ და ხელმეორედ `მეთუნუქის აღმზრდელობითი `საუბარი~ 13 წლის შვილთან...~
მოთხრობას `სხვა საქართველო...~ სათაურის ქვეშ მიწერილი აქვს _ ამბავი, ვფიქრობ, ამის ხაზგასმა აღარ იყო საჭირო, რადგან, ზოგადად, უმრავლეს შემთხვევებში მოთხრობა _ თავისთავად, გარკვეულ ამბავზეა აგებული. ავტორი თითქოსდა ბოდიშის მოხდით, შესავალშივე გვაფრთხილებს, რომ მოთხრობაში განვითარებული მოქმედება ჩვენი ქვეყნის რომელიმე კონკრეტულ რეგიონს არ მიეკუთვნება, რის გამოც შეცვლილია ზოგიერთი დასახლებული პუნქტის სახელებიო... რის გამოც-ო, ამ ამბავმა აბსურდის ელემენტები მოირგო და `უფრო დაუახლოვდა მშობლიურ რეალობას!...~
ჭუჭყიანი ქალაქიდან, თითქმის ყოველდღე ცამეტ საათზე გადიოდა ექსპრესი `თბილისი-შანხაი~... და თითქმის ყველა სასიცოცხლო და მნიშვნელოვან პუნქტთან ჩერდებოდა. ივნისის დამდეგის ერთ არაჩვეულებრივ დღეს ექსპრესში ქოშინით ამოდის ქალი, რომელსაც სახეზე ღვარად მოსდის ოფლი, მარცხენა იღლიაში გვარიანად გაქუცული ქოლგა ამოუჩრია, მეორე ხელით შეცბუნებულ ბიჭუნას მოათრევს, რომელიც ფრთხილი და უცნაური ნაბიჯით მოჰყვება; ექსპრესის კარი იკეტება, მოხუცი ხმამაღალი ხვნეშითა და თვითკმაყოფილი იერით... ბოხი, ხრინწიანი ხმით გაჰყვირის, და კიდევ ერთხელ აზუსტებს ექსპრესის მარშუტს; დადებითი პასუხი მეტ კმაყოფილებას ჰგვრის, გამარჯვებული იერით თვალს აყოლებს კონტროლიორს, რომელსაც მგზავრების ბილეთების შემოწმება უკვე დაესრულებინა და იქვე გაჩერებაზე დარჩენილიყო, როგორც ჩანს მორიგი ექსპრესის მოლოდინში.... კმაყოფილია იმით, რომ დასაჯდომი ადგილისათვის ბრძოლა არ მოუწევს; დარცხვენილ ბიჭს ცარიელ სავარძელზე ხალისით `შეაგდებს~, თვითონაც პაპაპას ძახილით გვერდით მიუჯდება; `... ფანჯარაზე მზერით მიწებებულ ბიჭუნას აჩეჩილ თმებს ხელით უვარცხნის და თან ეშმაკურად აცეცებს თვალებს, ხმამაღალი ლაპარაკით და ჟესტებით, ცდილობს მისი სიტყვები ყველას ესმოდეს და ხედავდეს, _ `აქ უკეთესია! დღეს ვიმგზავრეთ თბილისამდე და დავიტანჯეთ! იმდენი კონტროლიორი ამოვიდა, რომ... მათ რომ არ შევხვედროდით, წინ წავედით! მაგრამ რად გინდა? იქიდან მეორე მოდის! მოკლედ ძალიან ვინერვიულეთ მე და ჩემმა ვეფხიამ! ეს ჩემი შვილიშვილია! შვილი არ გეგონოთ!... ესღაა, ჩემი იმედი და მომავალი!... _ ეეჰ! ყველაფერი კარგი, მაგრამ ინვალიდია! არ გჯერათ? აი აქ წერია! _ ხელს იყოფს კაბის ჯიბეში და რაღაც ქაღალდს იღებს, საბუთს დახედავს, მერე შვილიშვილს სევდიანად გაუღიმებს, მერე კი ცოტა ხანს ჩუმდება...~
ჩამოვარდნილი სიჩუმე მგზავრებს ადუნებს, თუმცა მალევე, ქალი უფრო მეტი ენერგიითა და ხმაურით აგრძელებს მონოლოგს, ხარხარით იხსენებს მატარებლით მგზავრობის პერიპეტიებს: `... საშინელი ხალხია მატარებელში!... სიტყვას არავინ გათქმევინებს, ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს, ზოგი ყვირის კიდეც! ჩვენს ვაგონში კაცი ისე დააყაჩაღეს, ვერავინ ვერაფერი გაიგო! ყველას ეგონა მამა და შვილები კამათობდნენ რაღაცაზეო! ატყდა ერთი ამბავი! ამ აყალ-მაყალში, კიდევ მოიპარეს რაღაც!... მოკლედ, მატარებლით, კონკრეტულად `შანხაის ელექტრიჩკით~ თუ გინდა მგზავრობა, მგელი უნდა იყო! ნამდვილი მგელი, თორემ ვიღაცა რაღაცას აუცილებლად წაგგლეჯს! ჰოდა ვთქვი, უკან მატარებლით აღარ დავბრუნდები-მეთქი! დავიქანცეთ!~
პროფესიით მასწავლებელი თითქმის ყველა `შანხაელს~ იცნობს; ისინი, მათი მშობლებიც კი მის ხელში გაიზარდნენ და სწორედ მათი, `ხვთისნიერი ხალხის~ იმედით მოხვდა ამ ექსპრესში, რომელიც ზუსტად არც იცოდა საით მიდიოდა...~ _ ათასი ჯურის ადამიანს ნახავ ქალაქში! ლაპარაკობენ ვერ მიხვდები რას და რა ენაზე ლაპარაკობენ! თითქოს ადამიანური დაავიწყდათ! აქ კი ყველა `შანხაიში~ მივდივართ, ანუ ყველას გვესმის ერთმანეთის!...~ _ ამ ქალმაც კი იცის მთავარი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს საკუთარი ენა დავიწყებია და ისიც, რომ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის გაგება, ერთმანეთთან ადამიანური საუბარი...
ქალი ყაისნაღით კარგად ქსოვდა, რის გამოც ახლობელმა ურჩია მოქსოვილები გასაყიდად ჩაებარებინა, რადგან კარგად ფასობდა. _ `ძაფები აღარ მქონდა, აღარც ყაისნაღები... ჰოდა, ბაზარში ძაფების გამყიდველ კაცს ვკითხე ყაისნაღი სად იყიდება-მეთქი და იმან თოფებისა და დანების მაღაზიაში გამიშვა... ამ ხალხს სულ დაავიწყდა ქართული დასახელებები... მაგრამ მერე ყაისნაღების ძებნისას, საერთოდ აფთიაქში მოვხვდი! იქ, სადაც გიჟების წამლები იყიდება!~ _ ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია; იუმორი და ირონია, იცოცხლე, გაგიხარია!...
მიუხედავად ყველაფრისა, მგზავრები ნაკლებად ინტერესდებიან ქალის პრობლემებით. ერთი ათლეტური აღნაგობის სპორტულად გამოწყობილი ტიპი ისტერიული ხმით გამოთქვამს თავის პოზიციას: _ `ცოტა ხმადაბლა, რაა, თუ შეიძლება! _ დასვენება გვინდა! არავის გვაინტერესებს, თქვენი ყაისნაღური პრობლემები! _ ჩვენიც გვეყოფა!... _ ყურები შენი გააქვს? ჰოდა, ნუ მისმენ! _ გულნატკენი პასუხობს.~ კარგა ხანია შემოგვეპარა _ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირის _ სინდრომი; მისი აღარც დანახვა გვინდა, აღარც მოსმენა, რადგან საკუთარიც გვყოფნის. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, როდესაც პირადი გაჭირვების მიუხედავად, სხვების მოსასმენად და შესაშველებლად გავრბოდით _ ეს ხომ ლამის ჩვენს ტრადიციებში შენივთებული ქმედება იყო!...
მკითხველს ჩვეულებრივი, გაუცვეთელი ადამიანური კითხვა უჩნდება, _ რა იქნება ხვალ? როდემდე გაგრძელდება აბსურდის თეატრის უკვე დახვეწილ-დავარცხნილი სპექტაკლი?! როდემდე ვივლით მოჯადოებული წრის ბილიკებზე ლოზუნგით: _ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!... როდემდე უნდა მოვიწონოთ თავი წარსულით... დღეს რას ვაკეთებთ?!... მინიმუმამდე დავიყვანეთ ავისა და კარგის განცდა... 35 წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად (ანკეტაში 22 ძირითადი ღირებულებები იყო მოცემული), ქართველები უპირატესობას ანიჭებდნენ ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს, ბოლო წლების სოციალურ-ფსიქოლოგიურმა ტესტმა კი გვიჩვენა, რომ ქართველებისათვის დღეს უპირველესი ღირებულებები ძალზე მიწიერი და მატერიალურია... ეს არცაა გასაკვირვი იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანის ღირსებას, ძალას, პრესტიჟს, ფული და სიმდიდრე განსაზღვრავს და არა მისი ინტელექტუალური მონაცემები...
ქალი იხტიბარს არ იტეხს; სკამზე კარგად მოკალათებულ შვილიშვილს იხუტებს და... _ `გინდა ვიმღეროთ? ბიჭუნა თავს უქნევს და ორივე სასიამოვნოდ შეწყობილი ხმით მღერის: `ქარი გიმღერის ნანასა,/ ზღაპარს გიამბობს ჭადარი....~ ბებია-შვილიშვილი საოცრად კარგად მღერიან, ყველა სიამოვნებით უსმენს... მაგრამ ქალი მაინც ვერ ისვენებს და ყურფართხუნა მგზავრს მხარზე ხელს დაჰკრავს: _ „შენ ქართველი ხარ? მგზავრი საკმაოდ უკმაყოფილო ტონით პასუხობს: _ რა მნიშვნელობა აქვს! მე საქართველოს მოქალაქე ვარ!~ ეს ის პასაჟია, რომლის კითხვისას, რაღაც წამებით სუნთქვას შეწყვეტ მწერლის პასუხის მოსასმენად; რაღა თქმა უნდა, იგი არ იბნევა, და ქალსაც დროისა და სიტუაციისათვის მორგებული პასუხი მზადა აქვს: _ რა არა აქვს! _ მხრებს იჩეჩავს ქალი, _ მე ქართველი ვარ, თუმცა ისე იმერელი ვარ!~ ჩემი მეზობელი ოსია, მაგრამ ისიც ქართველია! საქართველოს მოქალაქე თუ ხარ, ქართველი ხარ აბა, რა ჯანდაბა ხარ! ეგრე არ არის?~ თუმცა, ქალის პასუხგაუცემელი შეკითხვა ჰაერში ეკიდება, სიტყვა `ჯანდაბას~ კი დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არა აქვს...
ქალი კვლავაც არაფრად აგდებს მგზავრების დუმილს, ხალისით ყვება თუ როგორ არ შეაშინათ მოსალოდნელმა წვიმამ, როგორ ჩამოვიდნენ თბილისში _ ფილარმონიაში გადაუდებელი საქმეების მოსაგვარებლად... `_დღეს `ნიჭიერში~ გადაიღეს! აბა!? ბევრი ტაში დაუკრეს!... მუსიკა ძალიან უყვარს! აჩვენებენ ტელევიზორში, გახდება ცნობილი! გაიცნობს ხალხი და მათში ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება, რომელიც ოპერაციის ფულს მისცემს და ისიც, წესიერად გაივლის ფეხზე! _ ხელს ჰკრავს ყურფართხუნას და ჰკითხავს, _ ხომ არ იქნება გვიან?... ხომ აკეთებენ ასეთ ოპერაციებს?~ ყურფართხუნა _ გულგრილი, უსულგულო, დაუნდობელი ადამიანი ცინიკურად პასუხობს: `_ იცი რამდენი გულის საკლავი ისტორიები გვაქვს გაგებული?... შენი ყველაზე უინტერესოა!... თქვი რა ფული, რომ გინდა! აღიარე ჩამოყალიბებული მათხოვარი, რომ ხარ და ეგ არის?!... სიმღერაც ხომ უკვე ვიმღერეთ!...~
რაღაც მომენტში შვილიშვილი, ჭკვიანი ვეფხია, ბებიას შეახსენებს _ წამლის მიღების დროაო; მან იცის, რომ ბებიამ ყოველ საათში წამალი უნდა მიიღოს! თითქოს უმნიშვნელოდ უნდა მოგვეჩვენოს ერთი ეპიზოდიც, როდესაც ცოტა ხნით დასადგურებულ სიჩუმეს გარედან ეკლესიის ზარების რეკვის ხმა არღვევს, `ქალი და ბიჭუნა ლამის ერთდროულად იწერენ პირჯვარს,~ როგორი ტევადია ორივე ეპიზოდი. კიდევ იმასაც ვიგებთ, რომ ომმა ვეფხიას მშობლები დაუხოცა, რომ მანამდე ისინი მაძღრად, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ... ბავშვი ფეხის ტერფებს ვერ ამოძრავებს!... `დაბომბვის დროს კედლის ქვეშ მოჰყვა, ფეხის მყესები და კუნთები დაუზიანდა... და რაღაც ისეთი დაემართა, გაუქვავდა ფეხები. წესიერად ვერც კი დადის!... კიდევ კარგი დროზე ამოთხარეს, თორემ ვერ გადარჩებოდა!... ახლა, შვიდი წლის შემდეგ, როგორც იქნა ქაღალდი მოვიდა. აი, ეს ქაღალდი _ თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროდანაა?! აქ წერია, რომ ბიჭუნა ომის ინვალიდია და ძალიან ბევრი შეღავათი ეძლევა! დღეს თბილისში სულ უფასოდ დავდიოდით!... რაა, უნდა გადაგვეხადა რამე? ის თერთმეტი წლისაა! სოფელში ეზოს ბოლომდე ძლივ-ძლივობით მიდის... კიბეზე კი დახმარების გარეშე საერთოდ ვერ ადის! ამიტომ ვერავინ ვერაფერს ვერ გადაახდევინებს! ვერც მე? მეც ინვალიდი ვარ და ესეც!~ მისი ხუშტური კი არ იყო ქალაქში ჩამოსვლა. სახლშიც კარგად და არხეინად იყო; _ `ქათმები მყავს, კვერცხს ვყიდი! ლტოლვილისა და ინვალიდის კვალობაზე, თხაც მყავს, ფულს ვაგროვებ, ძროხა უნდა ვიყიდო! უფრო მეტი რომ გვექნება, ბავშვს პიანინოს ვუყიდი! ხომ ნახეთ რა კარგი სმენა აქვს...~ _ ეს ვარდისფერ ღრუბლებში ფრენაა, თუ იმედი, რომლის გარეშეც ადამიანის ყოფა უნუგეშო და სწრაფწარმავალია...
ყოველგვარი პათოსისა და ზედმეტი ემოციის გარეშე მოყვა, თუ როგორ წვალობდნენ ომის შემდეგ, როდესაც კვლავ სოფელში დაბრუნდნენ... ირგვლივ დაუმარხავი გვამების სუნი ტრიალებდა... როგორ ეძინათ უფანჯრებოდ დარჩენილი, ჩამოქცეული სახლის კედლებში, რომელსაც მათი ახლობლების სისხლი ჯერაც ეტყობოდა!... როგორ არ ეშინოდათ გარეული, მტაცებელი ცხოველების და ომისაგან გავერანებულ სოფელში, გაჩენილი მგლებისა, და როგორ ემალებოდნენ უცნობ ადამიანებს!!! მოუყვათ იმაზეც, და მგზავრებიც კარგა ხანს ახითხითა, თუ ღამით სახლის სარდაფში შემოხიზნული ბეკეკა ეშმაკი რომ ეგონათ, და გათენებამდე ლოცვაში და გალობაში გაატარეს... _ `გახსოვს, ბებო? გახსოვს? როგორი საცოდავი თვალებით გვიყურებდა ბეკეკო?! მთელი ღამე გასუსული გვისმენდა და ხმას არ იღებდა? ახლაც კი, `შენ ხარ ვენახი-ს~, ან `ღვთიშობელო ქალწულო-ს~, როგორც კი გაიგონებს, შემოვარდება სახლში და სანამ არ დავამთავრებთ ლოცვას, გახევებული გვისმენს!~ _ უმშვენიერესია!
ხანში შესული ქალი გვარიანადაა ჩასუქებული; მისი სიმსუქნე უფრო ავადმყოფურს ჰგავს, სხეულის ნაკვთები დიდ ნაოჭებად მოუჩანდა გახუნებულ, ფართხუნა კაბაში და მის მფლობელს მუხლუხოს ფორმას აძლევდა.... ქალს სახეზე გამხმარი ტყავისფერი გადაჰკვროდა~.... მწერლის დაკვირვებულ თვალს მხედველობიდან არც ერთი ნიუანსი არ რჩება, სწორედ ამიტომაც ჰყავს პერსონაჟი ასეთნაირად შემკულ-დახატული, რომ შემდგომში თავადვე შემოგვთავაზოს თითქოსდა მკაცრი, თუმცა ზედმიწევნით რეალური კომენტარი: ~... ექსპრესში ახლად ამოსული ქალი ადამიანთა, ანუ `შემთხვევით შემხვედრთა~ იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებმაც მიუხედავად ასაკისა და არცთუ სახარბიელო ჯანმრთელობისა, თავისუფლად შეუძლიათ გაგახალისონ, გულიანად გაცინონ და ოპტიმიზმის მარცვალიც ჩაგინერგონ... და სერიოზულადაც დაგღალონ... ასევე ძალიან ხმამაღლა და ხანგრძლივად შეუძლიათ ჭკვიანური ლაპარაკი ყველანაირ თემაზე... ასეთი ქალები განეკუთვნებიან განსაკუთრებულ კატეგორიას, დამღლელი ოპტიმიზმისა და ტვინისმბურღავი ენერგიით. ასეთ ქალებს გენეტიკურად მოსდევთ ეს თვისება, თუ ცხოვრება აყალიბებს ასეთებად, ესეც ჯერ კიდევ გასარკვევია...~
ავტორი აზრის სისადავით, პირუთვნელად ამხელს იმ ნაკლოვანებებს, რომლითაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილია მოცული; ყველაფერი კი XX ს-ის 90-იანი წლების წინ დაიწყო, მერე და მერე გამწვავდა და ახლა, უკვე, ზოგად ქართულ რეალობად იქცა, რომელსაც ბოლო არ უჩანს, _ ექსპრესის სალონში მსხდომნი ამ საზოგადოების ნაწილი არიან, მართალია მცირე, მაგრამ მაინც _ როგორ ავლენენ იმ თვისებებს, საკუთარსა თუ შეძენილს _ რომლითაც თანამემამულეთა გარკვეული ნაწილი სუნთქავს?! მწერალი თხრობისას საოცრად გულწრფელია, მის მოდარაჯე თვალსა და ყურს არაფერი რჩება დაუნახავი, მოუსმენელი, იგი ზედმიწევნით აღწერს და მოგვითხრობს იმას, რასაც თუ ნორმალური ადამიანი ხარ არ შეიძლება თვალი მოუხუჭო; თხრობას ხანდახან ზომიერი იუმორი და ცინიზმიც ახლავს თან, რადგან რთულია მუდმივად მხოლოდ სევდითა და ვაებით გამოხატო რეალობა; თუმც, ნაღველიცა და ღიმილიც მტკივნეული ტკივილითაა სავეს.
მკითხველის თვალწინ ფილმის კადრებივით გაირბენს ყველა ეპიზოდი _ ერთის შთაბეჭდილებიდან არა ხარ გამოსული, რომ მას მეორე, მესამე მოსდევს... და კიდევ უფრო ითრგუნები იმ სიმართლით, რომელიც თითქოს ისედაც იცი, თუმცა ქაღალდზე გადმოტანილი სინამდვილე უკვე არა მარტო `ცოდნაა~, არამედ ძილ-ბურანიდან გამოფხიზლების კიდევ ერთი ნიშანი. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორს მოთხრობაში ბევრი საჭირბოროტო საკითხის, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბების ჩატევა სურდა; ჩვენს ცხოვრებაში ასეთი ტიპის, ფესვგამდგარი, `ახალი~ ჩვევების თუ შეხედულებების, ფასეულობების შემცველი მაგალითები ხომ გამოულევლადაა~.
მოთხრობის დასასრულამდე კიდევ `ბევრი რამ საჯაროვდება~, რომლებზეც აღარ შევჩერდები; ფინალი კი, მართლაც უნუგეშოა. ექსპრესში კონტროლიორის ამოსვლისთანავე ბებია ბავშვს ამშვიდებს: _ `ნუ გეშინია, ეს კონტროლიორი ჩვენებურია! რაკი ექსპრესი `შანხაიში~ მიდის, ალბათ ისიც იქაურია, აბა რაა!~... თუმცა, ბიჭს ეს სიტყვები ვერ ამშვიდებს, `ყრუ შიში და უსუსურობის განცდა იზრდება, გულზე აწვება და სუნთქვას უშლის... ბებიას და შვილიშვილს ეს კონტროლიორი მანამდე არასოდეს შეხვედრია... ფორმიანს სახეზე მხოლოდ მოწყენილობა და დაღლილობა აღბეჭვდია. არაფერი არ აინტერესებს, მხოლოდ დროულად შეამოწმოს ბილეთები და დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. ამაში იღებს ფულს, რომელიც დიდი ხანია კონკრეტული საქმეებისთვის აქვს გადანაწილებული. შემდეგი ფრაზა ფაქტიურად, კომენტარია:... `კარგად მოქმედი ავტომატია, ეს კი ფრიად საჭირო დამოკიდებულებაა ხელფასისა და თანამდებობის შესანარჩუნებლად... და კიდევ: _ `მგზავრები ინტერესითა და აზარტით ელოდებიან _ საპრემიეროდ გამზადებულ ფილმს `უბილეთო ექსცენტრიული, ორიგინალური მათხოვარი ქალის საბედისწერო შეხვედრის _ ექსპრესის კონტროლიორთან _ დაწყებას~.
კონტროლიორი პერიოდულად იხედება მათკენ, შეშინებული ბიჭუნა თვალებს წამით ახელს და ეჩვენაბა _ ეს კაცი, როგორ უქნევს თითს და მკაცრად აფრთხილებს: _ `აი, მოვაღწევ თქვენამდე და ერთი, ბილეთი არ გქონდეს! მე თქვენ გიჩვენებთ სეირს... ბიჭუნას ეშინია, გაქცევა უნდა, მაგრამ მუხლები საშინელი ტკივილით ახსენებენ: _ `ვერსად გაიქცევიო!~... და ისიც, სიმწრისაგან, ბებიას ეკვრის და მის მკერდში მალავს თავს! კონტროლიორისათვის მთავარია აიღოს ორმოცი, დადგენილი, ორმოცი ლარი, ქალს კი მხოლოდ ათი ლარი აღმოაჩნდა _ სად არ ეძება _ ჯიბეში მხოლოდ ცხვირსახოცი, ფერადი ქვები, ბუშტი, ასანთი, თმის ყვავილებიანი სამაგრი, კანფეტი აღმოაჩნდა... `ახლა ქოშინით ხელს იყოფს კაბაში~ _ იქაც დიდხანს ეძებს, მაგრამ იქაც არაფერია... დატკეპნილ ფეხსაცმელსაც იხდის, `სადაც ყოველთვის ინახავს ფულს~... მაგრამ თბილისში ჩამოსვლამ, კონკურსში მონაწილეობამ, ცნობის აღებამ _ მთელი მისი ფულის მარაგი ამოწურა...
მგზავრებს ეს სცენა ართობს, პერიოდულად `მხიარული ბებრუხუნასკენ ცნობისმოყვარე მზერას აპარებენ...~ კონტროლიორი იცდის, შემდეგ მის ყურადღებას მგზავრების მხიარული რეაქცია იპყრობს და ხმადაბლა ამბობს: `_ ამათ ღმერთი არ სწამთ და ამიტომ აქ სასწაული არ მოხდება~. ვერაფრით ვერ ავუვლით გვერდს ქალის შეწყვეტილ მონოლოგს `ყველაფერზე~, სიტუაციის სათავისოდ შემობრუნების კიდევ ერთ მცდელობას: `..._ ბიოლოგიის მასწავლებელი გვყავდა სკოლაში! სტალინის დროს, უამრავი გადასახლება და ციხე გამოიარა! კარგი კაცი იყო! როცა გავიცანი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, სკოლაშივე, მეორე სარულზე! ტელევიზორის საყურებლად ხშირად მოდიოდა ჩვენთან! უყვარდა ცხოველებზე გადაცემები! ჰოდა ერთხელაც უყურებს ამ გადაცემას და ხედავს მშიერი ვეფხვი, როგორ მისდევს ანტილოპას! ერთი ნახტომიც და საცოდავი ცხოველი მის მომაკვდინებელ კლანჭებში მოექცევა და... ამ დროს, გააფთრებული ლომივით წამოხტა, ეს ჩვენი მასწავლებელი, ეცა ტელევიზორს და გადართო სხვა არხზე! გადართო და შვებით ამოისუნთქა _ ეს ანტილოპა მაინც გადავარჩინეო, სიკვდილის საბედისწერო კლანჭებსო! _ იცინის და ბავშვს კოცნის, _ რატომ გამახსენდა, იცით?. თუ არ ხედავ ცუდს, ის ვეღარ ხდება!... ცუდს მაყურებელი თუ არ ჰყავს, ვეღარ ცუდობს! დახუჭავ თვალებს და ისიც ქრება!... სიკეთე კი სიბრმავესაც, დაუნახაობასაც, უმადურობასაც და სიბნელესაც იტანს!~ _ ქალი ისე, თითქოს ჰორიზონტს გაჰყურებს, არც მგზავრები, არც ექსპრესი, თავისი კონტროლიორ-მძღოლიანად არ აინტერესებდეს... ბავშვს კი მკაცრი, ხმადაბალი ტონით ეუბნება: `_ ჩუმად იჯექი!... ნუ სლუკუნებ! ნურაფრის გეშინია, ვეფხო!~...
მცირე სასწაული მაინც ხდება. ვიღაც ახალგაზრდა სტუდენტი `გაბურძგნული, მუწუკებიანი, გამხდარ სახეზე დიდი სათვალეებით მიირბენს მოხუცთან... და ისეთი ტონით ამბობს თავის სათქმელს, თითქოს რაღაც დამამცირებელს აკეთებდეს: `_ მე, მაქვს რვა ლარი! _ და სანამ რკინის ლარიანები ქალის კალთაში ჩაიყრებიან, სწრაფად უბრუნდება თავის ადგილს. ქალი ყვირილით წამოდგება: _ დიდი მადლობა! ღმერთი გფარავდეს!~ თუმცა, თანხა საკმარისი არ არის... საჭიროა კიდევ თვრამეტი ლარი!... _ ყველას გასაგონად რამდენჯერმე ამბობს კონტროლიორი: ბოლოს ამატებს: `_ მე ჩემი მხრიდან კიდევ ხუთ ლარს დავამატებ...~ _ თან არ უნდა, რომ კლიენტებმა სხვანაირად გაიგონ მისი სიტყვები, რადგან იგი ფირმის ოფიციალური წარმომადგენელია... `დრო მიდის, იცდის ქალი, ბავშვი თვალებდახუჭული ზის ბებოს კალთაში, მგზავრები ხმას არ იღებენ და არც ინძრევიან... ქალი თვალებით ეძებს იმას, ვინც გაუგებს... მაგრამ ირგვლივ შეურაცხმყოფელი სიჩუმე დგას. მათკენ არავინ იხედება. ყველა `ტკბება~ პეიზაჟით... ბოლოს დაღლილი კონტროლიორი გამოსავალს პოულობს: _`მეც ჩამოვალ ხუთ ლარს!... მეტს ვერ დაგიმატებ! ბილეთი თუ არ აიღე და საჭირო ფული არ გადამიხადეთ, უნდა ჩაგყაროთ! თუ მე აქედან არ ჩაგყარეთ, სამსახურიდან გამაგდებენ... _ ამოიოხრებს. ..._ მოკვდნენ, თუ რა დაემართათ? _ ფიქრობს შელახული, დამცირებული ქალი... მოუნდება მოხერხებული სავარძლის მოგლეჯა, ექსპრესის კომფორტული სალონის მილეწვ-მოლეწვა...~ კონტროლიორი ორიგინალურ, საკუთარი თავის შესაფერის გამოსავალს პოულობს! თვალებგაბრწყინებული ქალს მიმართავს: `_ბიჭუნას ბილეთზე თანხა ჰყოფნის... აქედან ბოლო გაჩერებამდე შორი მანძილი აღარაა დარჩენილი, ჩადი და ორ-სამ საათში მთელ გზას დაფარავ; ჩვენ კი ბიჭუნას ბოლო გაჩერებაზე დავტოვებთ. იქ საოფისე პუნქტი გვაქვს და ფირმის წარმომადგენელთან ერთად იქნება, არაფერი დაუშავდება! დაგელოდება! არაფერი დააკლდება შენს ვაჟკაცს... კონტროლიორი ბიჭს სახელს უქებს: _ კარგი სახელია, ვეფხია! ქართული!~... თუმცა ვეფხიას და ბებიამისს მაინც არაფერი შველით.
`_გააჩერე, ჩავდივარ! _ ლოცვასავით იმეორებს ქალი და გაყურსულ სალონს გახედავს. _ გააჩერე, ფული არ ყოფნის! _ ისეთი ხმით ყვირის კონდუქტორი, რომ სინდისის ქეჯნას მგლებშიც კი გააღვიძებს... მაგრამ... მაგრამ, სალონში ჩვეულებრივი მოსამსახურე-მოჯამაგირე ადამიანები ისხდნენ და ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობდნენ. მორჩენილი ფულით კი საყვარელ და ძვირფას ადამიანებს უკეთებდნენ საჩუქრებს!... რა თქმა უნდა, მოსაწონია `საჩუქრების კეთების~ ამბავი, ასევე კარგია, რომ მორჩენილი ფულით წამლებს ყიდულობდნენ და გაჭირვებულებს ურიგებდნენ; მაგრამ... ცოტაც და მოკლე პაუზის შემდეგ, მას საზარელი, სამართლიანი განაჩენი გამოაქვს: `_ისინი `საშინელებებს~ არ სჩადიოდნენ და ამიტომ ეგონათ, რომ ღმერთი სწამდათ~... წინადადების ბოლოს არც კითხვის და არც ძახილის ნიშანია, სამი წერტილი კი ბევრ რამეზე მიანიშნებს; უმთავრესად კი იმაზე, რომ ადამიანთა გარეგნული კეთილშობილებით შენიღბული საქციელი, სულაც არ ნიშნავს აუცილებელი ღვთისნიერ საქციელის ქმედებას.
ცრემლებამდე გულისმომკვლელია ბებიის დარიგება: `_იცოდე, ჩავდივარ... შენ კი დამიცადე, მალე მოვალ. ფეხი არსად გაადგა, გაიგე? იმღერე! ჩვენი სიმღერები იმღერე! თვალცრემლიანი, უსუსურობისაგან აცახცახებული ბიჭი, ცრემლებს რომ ძლივს იკავებს, არც ტირის და არც ემღერება, თუმცა მაინც მღერის: _ `მინდვრები, ქართლის მინდვრები, /ქედები მხარგაშლილები.../ მთაში... ტყე დანაბინდები,/ ტყეში_ქორბუდა ირმები.../ ბარად შრიალებს ჭადარი,/ მზეს უმღერიან ჩიტები.../მხარევ მოსულო დიდებით,/ სხვა საქართველო სად არის?...~ სიმღერის მელოდია ჩაგესმის, კითხულობ ტექსტს და შენდაუნებურად დასტირი საქართველოს ბედს... აქ არ შეიძლება არ გავიხსენო, ჩვენი სასიქადულო ქართველის _ ბატონ შოთა ნადირაშვილის სიტყვები, რომლებიც მან 2003 წლის მაისში წარმოთქვა: `... ხმაურმა და დაუსრულებელმა კამათმა დაქსაქსა ერი. ჩვენი ქვეყანა გადაიქცა პოლიტიკურ უდაბნოდ, სადაც ჩამკვდარია ეროვნული ცხოვრება. როცა ერს აღარ აქვს მიზანი, აღარ ჰყავს ეროვნული მისაბაძი გმირები, ისპობა და ნადგურდება ჭეშმარიტი ღირებულებები. ამ დროს მოდიან უცხოელები, მოაქვთ ფსევდოღირებულებები, ფსევდოდღესასწაულები, თავს იჩენენ ფსევდოგმირები, ფსევდოვარსკვლავები... მცდელობა იმისა, თითქოს ეროვნულობის გვერდის ავლით სახელმწიფო აშენდება, მარცხისთვის არის განწირული, რადგან ამ შემთხვევაში უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, ენასა და სხვა ღირებულებებზე...~
კონტროლიორი თვალს აყოლებს გაჩერებაზე დარჩენილ დადარდიანებულ ქალს, რომლის დანაოჭებული, უწყალო, გამხმარი, მიწასავით სახე, მკაცრად მოკუმული პირი და თავსაფრიდან ამოვარდნილი, ქარზე მოფრიალე თმები აღარასოდეს დაავიწყდება... `პირნათლად შესრულებული ვალდებულებებისათვის, ალბათ პრემიასაც მისცემენ! ან სულაც ხელფასს მოუმატებენ!~... მწერალი, ცუდკაცობისათვის, კონტროლიორს ბოლომდე ვერ იმეტებს და მოთხრობას ასე ამთავრებს: `_კაცი უსმენს ბავშვს და გუნებაში აგინებს _ თავის ბედს, კონტროლიორის _ უმადურ და უგულო თანამდებობას, უმუშევრობას, და ყველაზე მთავარს _ მისი საქმიანობის შემმოწმებელს, უფრო დიდ და მზაკვარ `კონტროლიორს~, რომლის შესახებაც დილიდან `ჩუმად~ გააფრთხილეს... და რომელიც ახლა ავტობუსის სალონში, უბრალო მგზავრივით მოკალათებულა და სამსახურის შესანარჩუნებელ ქულებს უწერს... ან არ უწერს _ თავისი საქციელით და ფირმის მოვალეობის პირნათლად შემსრულებელ, შერცხვენილ და გულნატკენ ადამიანს~...
მოთხრობაში მცირე თემები საგულდაგულოდაა გადანაწილებული, რათა მკითხველმა კითხვის ბოლოს შეაჯამოს, დაიჯეროს და დაეთნხმოს მწერალს. დიდი ნაღველითა და სევდით დამძიმებულ ავტორს, ერთი რაც შეუძლია _ ცდილობს ამხილოს პერსონაჟთა მანკიერებები, რადგან იმედი აქვს რომ გამოსწორდებიან, შეეცდებიან მაინც... გვრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი თავად ზის ავტობუსის სალონში, თითქოსდა შეგნებულად ჩაჯდა, სწორედაც ამ ექსპრესში _ მგზავრების ახლოს გასაცნობად, თანამემამულეების ფსიქოლოგიის, ერთმანეთთან დამოკიდებულებების, მათი რეალური სატკივარის გასაცნობად...
და, მაინც, თუ ვიკითხავთ საით მიდის ექსპრესი, ჩვენი ბედკრული სამშობლოს რომელ კუთხეში, პასუხი ისედაც ნათელია, რადგან ყველა კუთხე _ რატომღაც `შანხაიად~ ქცეულა _ როგორც ჩანს ავტორმა სხვა დიდი ქალაქების მოსახმობად, შესადარებლად ვერ გაიმეტა... თუმცა, არა _ ქალი ხაზგასმით ამბობს რაკი ექსპრესი `შანხაიში~ მიდის ე.ი. კონტროლიორი ჩვენებურია! როგორც ვნახეთ, მათ ვერც `ჩვენებური~ კონტროლიორი შველით, რადგან თავად არის კიდევ უფრო `ზემდგომზე~ დამოკიდებული და როგორც იტყვიან _ თავს ზემოთ ძალა არ არის... კონტროლიორი უფლებააყრილი ინდივიდია, რომელიც თუ ასე არ მოიქცევა, სამსახურს დაემშვიდობება, დაა, მაინც არ სურს ადამიანური სახის ბოლომდე დაკარგვა, ამიტომაც უმატებს მათ რვა ლარს და ბრძნულ რჩევას აძლევს _ ქალი, ბებია ჩაბრძანდეს, ოფისამდე დარჩენილი მანძილი ფეხით გაიაროს, ბიჭი კი დარჩეს ექსპრესში.... ხომ კარგი, მარჯვე რჩევაა, მკითხველო!?
სალონში მსხდომთა პროტესტი არ ჩანს, ან ძალზე პასიურია. მწერალი არ კარგავს ჰუმანურობას _ მიუხედავად სინამდვილის მკვეთრი ფერებისა, ადამიანებში მაინცდამაინც უკეთური თვისებები და ინსტიქტები ეძებოს; მისი პერსონაჟები მიწიერ თემებზე საუბრობენ; დიალოგებში თვალნათლივ ჩანს დღევანდელი სასაუბრო მეტყველების ავ-კარგი... მართალია, მხატვრული შედარებების ნაკლებობაა, რაც არის _ მოსაწონია; მაგალითად: `ექსპრესი ოკეანის ლაინერივით მიცურავს, მზისგან გახურებულ ასფალტზე და სიჩქარისაგან წარმოქმნილი ჰაერის ტალღა, შრიალით აღვიძებს, გზის გასწვრივ ჩაძინებულ კაკლის ხეებს.~/`ბებია უყურებს მზის სხივებით გამთბარ პეიზაჟს, უკიდეგანო მინდვრებს. მხარგაშლილ ქედებს... ლურჯად მობიბინე ბალახში, სისხლისფრად ჩაყრილ ყაყაჩოებს...~ ავტორი არც სარეკლამო აბრებს ივიწყებს და სევდიანად შეგვახსენებს ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელ ატრიბუტს: `იქ, მინდვრის უკიდეგანო პეიზაჟს, სარეკლამო აბრების მთელი სერია ფარავს./ფერადი პლაკატები, ქათქათა კბილებით, არაბუნებრივი თვალებით და იდეალური სახის ნაკვთებით ცდილობენ _ სწორი რჩევების მართებული შემოთავაზების და მომხმარებლის ხორცშესხმული ოცნების რეალიზაციას~.

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Fri Apr 23, 2021 1:48 pm; edited 2 times in total

kobacxak likes this post

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyFri Apr 23, 2021 11:31 am

კობა ცხაკაია 00_n13

ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი

დაუსრულებელი ყაისნაღური პრობლემები...
კობა ცხაკაიას ორი მოთხრობა _ შთაბეჭდილება


„თავისუფლება ეს არის სიმართლის აღიარება და მისი სამსახური. ასეთებად მეოცნებება იდეალური, მომავლის საქართველო...“ - გურამ გეგეშიძე.

„ცხოვრებაში მეორე ადამიანზე ფიქრით უნდა იარო...“ - ალექსანდრა ჯაფარიძე.

„...თუკი სხვა რამეში მართლა ბევრად ჩამოვრჩებით დანარჩენ მსოფლიოს, პრობლემების სიმრავლით ნამდვილად აღვემატებით ყველას“ - ოთარ ჭილაძე.

„გავიბითურეთ სამშობლო,
მართლაც სამოთხის სადარი,
სხვა საქართველო კი არა,
თვით საქართველო სად არის?!“
- ვახუშტი კოტეტიშვილი.



(გაგრძელება)


კ. ცხაკაია თავის სულიერ სამყაროსაც წინ სწევს და, ამავდროულად, ქმნის სუბიექტურ-ობიექტური რეალობის დანახვის შესაძლებლობას. მთავარი მოქმედი პერსონაჟის აქტიურ ქმედებაზე, ქალის საჯაროდ მოყოლილ ამბებზეა მოთხრობა აგებული; ამბები _ კარგი თუ ცუდი არ დავიწყებია, მუდმივად ახსოვს და საფიქრებელია, ვიდრე ცოცხალი იქნება, ვერც დაივიწყებს, რადგან ეს იმ მოგონებების ნაკრებია, რომლებითაც ხსენებულ დღემდე მოვიდა; სამწუხაროდ და ჩვენდა სავალალოდ _ პროფესიით პედაგოგი, ომის და მისგან გამოწვეული ტრაგედიის თვითმხილველი... რომელსაც, როგორც თავად თვლის, ყველა იცნობს, ყოველ შემთხვევაში _ საქართველოს იმ რეგიონში, საითაც ექსპრესი – კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს _ `თბილისი-შანხაი~, მატარებელი _ `თბილისი-შანხაი~ _ მოძრაობს. _ კიაფობს იმედის შუქურა?! რა თქმა უნდა! მართალია, მქრქალად, მაგრამ მაინც... ჯერ კი, პერსონაჟები იმ რეალობას განასახიერებენ, რომელშიც მათი უნუგეშო ცხოვრება მიედინება...
იგივე სულისკვეთებითაა განმსჭვალული მეორე მოთხრობაც _ `სასწრაფო დაკვეთის შესრულების დროს, ავტომობილის ხელოსნის, კერძოდ კი, მეთუნუქის აღმზრდელობითი `საუბარი~ 13 წლის შვილთან~ ქვემოთ ფრჩხილებში მოქცეული მინაწერით _ ანტიჩანაწერი. ალბათ, მწერალს ვრცელი სათაური დასჭირდა, რომ გამოკვეთილიყვნენ მოთხრობის პერსონაჟები _ მამა-შვილი; ან/და _ ორიგინალურობისათვის, რაც ნამდვილად გამოუვიდა; თუმცა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბევრს მისი წაკითხვის სურვილი გაუქრა კიდეც. `ანტიჩანაწერზე~ _ კი რა მოგახსენოთ; პირიქით, ეს ის მოთხრობაა, რომელიც ყველა სპეციალობის ადამიანმა უნდა წაიკითხოს, ასევე, ცხადია, მშობლებმა და მოზარდებმა. ავტორს კი სულაც არ სჭირდება, ასე ვთქვათ, მკითხველთან თავის `მართლება~ და მობოდიშება.
მოთხრობაში განვითარებულ აჩქარებულ ტემპს ფეხი უნდა ავუწყოთ, ამავდროულად, ყურადღებით უნდა დავუგდოთ ყური მეთუნუქის აღმზრდელობით `საუბარს~ 13 წლის შვილთან (არ არის დაკონკრეტებული _ გოგონაა თუ ბიჭი), თუმცა, მაინც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ვაჟია, რომელიც მამასთან მისულა ან მამას თავად ჰყავს წაყვანილი თავის სამუშაო ადგილზე, სადაც იგი სასწრაფო დაკვეთას გაფაციცებით ასრულებს, რადგან დროში უნდა ჩაეტიოს, დათქმულ დროზე პატრონი მოვა და გამზადებული უნდა დაახვედროს. მიუხედავად ასეთი სერიოზული საპასუხისმგებლო სამუშაოსი, დროის უკმარისობისა, იგი ცდილობს ეს მომენტი მაქსიმალურად გამოიყენოს, რადგან შვილი ყოველთვის ხომ არ არის მასთან, ყოველთვის ხომ არ არის ფუფუნება იმისა, სახელოსნოში მათ გარდა არავინ იყოს?!... ჰოდა, მისდაუნებურად, იწყებს პასუხგაუცემელ მონოლოგ-დიდაქტიკას, რომლის დროსაც _ დასმული ქვეტექსტებით შელამაზებული მთავარი და განუმეორებელი კითხვა _ რატომ? _ საღეჭ რეზინში შთაბერილ ბუშტუკ-ბურთულებში შთაინთქმება...
მოთხრობა დიალოგზეა აგებული. კითხვებს მამა სვამს, ხშირ შემთხვევაში თავადვე სცემს პასუხს, რადგან მოზარდი _ ან საღეჭს ღეჭავს, ან ამთქნარებს ან იზმორება, ან ცხვირს აცემინებს... ნაწარმოები კი ასე იწყება: `თუ განათლება არა გაქვს _ დაიღუპები?... ვერც კი წარმოიდგენ, რა კარგი რამაა _ ცოდნა, კითხვა, სწავლა?? როგორ შეიძლება კაცს არ უნდოდეს განათლება, არ უყვარდეს კითხვა, არ ეტრფოდეს ლიტერატურას... მთელი დღეა ლიტერატურაზე ვფიქრობ... _ რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ იცოხნები! ნუ იცოხნები!... რამდენ ცალს ღეჭავ ერთდროულად! ვეღარ ლაპარაკობ... გააჩერე პირი... რას ვამბობდი?~
ავტორი საინტერესო მინიშნებას აკეთებს, როდესაც ასე ხაზგასმულად წერს იმის თაობაზე, თუ როგორ უყვარს პროფესიით მეთუნუქე კაცს, მამას _ ლიტერატურა, და არა მარტო უყვარს, მას სერიოზულად აფიქრებს, ყველაფერი, რაც ლიტერატურას ეხება, სწორედ ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ: `_ ნაბიჯ-ნაბიჯ ვფიქრობ ლიტერატურაზე~... იგი ფიქრობს არა რაიმე კონკრეტულ ლიტერატურაზე, ან მხოლოდ ვიწრო ეროვნულზე, ან სამეზობლო ლიტერატურაზე, `არამედ მსოფლიო ლიტერატურაზე... უსაზღვრო, უგამშვებო, უპასპორტო, უბაჟო ლიტერატურაზე... თუმცა, რაა მსოფლიო ლიტერატურაზე თუ არ ფიქრობ კოსმოსურ-ზეციურ ლიტერატურაზე, რომელსაც არა აქვს ენა, მაგრამ აქვს ღრმა აზრი... რადგან მთავარია აზრი... და სიტყვები... არა... აზრია უმთავრესი და არა `ბაყაყი წყალში ყიყინებს~... აბა, ვშრომობ და ვფიქრობ და ვფიქრობ ლიტერატურაზე, გაუგებარია, აბსოლიტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მშობლიური ლიტერატურა, ან გიყვარდეს მხოლოდ მშობლიური ლიტერატურა?~
შვილი კი აგრძელებს ღეჭვას, რომლის გამო მამა ლამის მწყობრიდან გამოვიდეს: _`ახლა რაღას ჭამ! გამოტენილი პირით ვერ ვხვდები რას ამბობ? _ გადაყლაპე ეგ ლუკმა და ისე გამაგებინე, რა გინდა? რა გინდა? რა გინდა?... გაოგნებული მამისთვის გასაოცარი, დამთრგუნველია ის, რომ შვილი თითქოს კულტურულ გარემოში დაიბადა და გაიზარდა _ რატომ არ უყვარს მშობლიური ლიტერატურა, რატომ ვერ გრძნობს მის ჟღერადობას, სიღრმეს, სიდიადეს... კითხვისას რატომ არ უჩქროლდება სისხლი, როდესაც კითხულობს `დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან! /მაგრამ სალამურს თუ მოჰკრეს ყური... თანაც როგორი აღწერებია ბუნების, ადამიანების, ბებია-ბაბუა შვილიშვილობის... დედა-მდედრობის, მამა-მამრობის~ _ `თქვენი ჭირიმე, ჰო მთებო/ ქედაწვდილებო ზეცადა,/ რამ გაგაჩინათ, ნეტარა,/ ჩემფერი კაცის ბედადა?!/ ხან კი რომ დაითოვებით,/ ხან დაგედებათ ნისლიო~...
შვილი კვლავაც საღეჭს აღლარჩუნებს, მამა კი კვლავაც კითხვების დასმას აგრძელებს, თუმცა ეს კითხვები უკვე საზოგადოებისკენაა მიმართული, რადგან ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს თითქმის ყველასათვის თუ არა, ყოველი მეორე, მესამე მოზარდის, მოსწავლის მისამართითაა ეს კითხვები დასმული: `_კაცო, ხომ ადამიანი ხარ? ადამიანმა არ გშვა? ხასიათი ხომ ჩამოგიყალიბდა? ბაღში ხომ გატარე? ახლა დამატებით მასწავლებელთან, ხომ დადიხარ? მერე კიდე ხომ სწავლობ, ხომ სწავლობ სასწავლებელში?... _ რამხელა ხმაზე ამთქნარებ? არა გრცხვენია? ხელი მაინც აიფარე! გამოუძინებელი ხარ? რატომ? ხომ სასწავლებელში სწავლობ? _ რა, არა გაქვს პასუხი, რაიმე სათქმელი? რას ჩაგიგდია ენა? რატომ ჩაგიწყვეტია ხმა? რას კრუსუნებ, რაას? _ მეტი როგორ აგიხსნა, რანაირად ჩაგაგონო? რაღაც სენი გჭირს... აბა, როგორ, რანაირად შეიძლება ლიტერატურა არ გიყვარდეს? _ მთელი ცხოვრება ლიტერატურა მასულდგმულებს. ლიტერატურა რომ არა, შეიძლება ტერორისტი გავმხდარიყავი და ლიტერატურამ მაქცია გაწონასწორებულ კაცად... ჩამომაყალიბა ყველასაგან დაფასებულ პიროვნებად... ღირსეულად გადამალახინა გადაულახავი და დამაძლევინა დაუძლეველი! რამ გადაგიგვარა ეს გონება!~... და ისევ მალევე: `_ ცოდნა ძალაა!~ მერე კი როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება ხოლმე, მსგავსი ვითარების გამო, რა თქმა უნდა, ყველაფერში დედაა დამნაშავე! _ `დედაც შენი... ასეთი იყო ასეთი შენი დედაც იყო... მასაც ბევრჯერ შევაგონე და მერე შეუყ...ვარდა. არ უყვარდა ლიტერატურა, მაგრამ მერე... _ ეეეუუუუ! ჰმ! ააახმმმ!... შენი დედა ტყ...უილად აღარ ხარჯავდა დროს... დედაშენს, ... უდე.... უდე... უდედ-მამო ბავშვობა ჰქონდა და ალბათ იმიტომ... ვერავინ შეც...შეც... ვლის მშობლის ამაგს და ამიტომ მასაც არ უყვარდა ლიტერატურა, მაგრამ მერე... შევ... შევ... შევაააგონე და შეუყვარდა... / თუკი ამდენი ლაპარაკის მერე კიდევ არ გეყვარება ლიტერატურა, მართლა რაღაც ტრ...ტრ...ტრამვა გქონია, ან სულიერად ავადმყოფი ხარ... მეეე, ლიტერატურამ, ამ ერთგვაროვან მასაში, ხალხში – ადამიანები, პიროვნებები დამანახა! / იცი რამდენად მრავალფეროვანია ხალხი? უბრალოდ მრავალფეროვანი კი არა, ძალიან მრავალფეროვანი... / მრავალფეროვანი და საინტერესო ადამიანები, ღრმად ადამიანურად, ძალიან, ღრმად, ადმიანურები ღრმად... ძალიან ღრმად, ეეეჰმ! ოოოჰ!... / მთელი დღეა ვფიქრობ ლიტერატურაზე, პოეზიაზე, ბელეტრისტიკაზე, პროზაზე... ესთეტიკაზე, ჰაგიოგრაფიასა და დოკუმენტურ პუბლიცისტიკაზე... / ვცოცხლობ-მივაბიჯებ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ და ვფიქრობ ლიტერატურაზე / ვერა ვხვდები, როგორ შეიძლება ლიტერატურა არ გიყვარდეს?... დედაც შენი... გჭირს რაღაც სენი... ასეთი დედაც შენი... დედაც, შენი... ასეთი იყო... რანაირად ჩაგაგონო მეტი? როგორ აგიხსნა მეტი? რაღაც სენი გჭირს... აბა, როგორ შეიძლება ლიტერატურა არ გიყვარდეს?~
ტექსტში მსგავსი შეძახილი ბევრჯერ მეორდება; პირველად მუსიკალურ ფონად, წამღერებასავით მოგეჩვენება, მაგრამ შემდგომ, გამოფხიზლებული ხვდები, რომ ეს ავტორის ღაღადისია, რათა არც შვილს და, რაც მთავარია, მკითხველს არ დაავიწყდეს მთავარი _ რატომ, რისთვის, როგორ უნდა უყვარდეს ლიტერატურა!... და ჩამესმის ოთარ ჭილაძის სევდანარევი ხმა: `...ძველი რექვიემი კვნესის, / ნიშნად თაობათა შეცვლის~.
მამა, რატომღაც, სამ შეგონებას ლათინურად წარმოთქვამს: 1. შციეტია Pოტენტია Eზტ! _ ცოდნა ძალაა. 2. Aქუილა ნონ ცაპტოიტ მუსცას! _ არწივი არასოდეს დასდევს ბუზებს! 3. Fინის ჩოზონატ Oპუს! _ საქმეს დასასრულ აგვირგვინებს, ასევე, ფრაზა _ `ვოტ ი ვსიო!~ _ იგი ან ყოფილი საბჭოთა მოქალაქეა, ან უფრო თავს იწონებს შვილის წინაშე, ანუ ეფექტის მოსახდენად, ანდა ჩვევადაა აქვს ამ სიტყვის წარმოთქმა...
მშობელი მამა, თანაც ლიტერატურაზე ასე გადამკვდარი, არაფრით შეიძლება იყოს ცივი, უემოციო და, უკაცრავად, ფეხებზე ეკიდოს შვილის ჯანმრთელობა, სხვა დანარჩენთან ერთად, _ ბიჭი ხან ამთქნარებს, ხან საღეჭს ღეჭავს, ხანაც აცემინებს, დააა, მამაც უცებვე ფხიზლდება, დიდაქტიკას დროებით გვერდზე სდებს: `_იცოცხლე! გაცივდი სადმე? აქეთ გადმოჯექი და მოიფარე ეს!...~ თუმცა, მამას არ სურს წუთისა და წამის ხელიდან გაშვება და ისევ დაუზარელად, მენტორის ხმით, უკვე მერამდენედ, თავიდან იწყებს: _`რანაირად შეიძლება არ გიყვარდეს ლიტერატურა?... არა, ნამდვილად რაღაც სენი გჭირს... ესნი. ენსი. ნისე. სინე. ნესი./ იცი რა ერქვა კალიფორნიის 33-ე გუბერნატორს და ამერიკის მე-40-ე პრეზიდენტის ცოლს?/ ... მღჭ-მღაჭ...მღჭ-მღაჭ!.../ არ იცი!/ ნენსი...~ ამის ცოდნასაც კი შვილს განათლებაში უთვლის, რადგან იქვე პასუხობს: `_ თუ განათლება არა გაქვს _ დ ა ი ღ უ პ ე ბ ი!~... ნაწარმოების ბოლოს ბიჭი `მოახერხებს~ და ამოღეჭავს:... `_მშია მეე!~ აღმოჩნდა, რომ მასაც მოშიებია, თანაც ისე, რომ `ლამის არის ძვლებიანად~ შეახრამუნოს შვილი, რომელსაც თავადაც მოსთხოვს საღეჭ რეზინას დაა, `მღჭ-მღაჭ, მღჭ-მღაჭ~-ის ანუ მღაჭ-მღუჭით გაუყვებიან გზას. თუმცა, მამა მაინც ვერ ისვენებს, კვლავ აგრძელებს ნაღვლიან საუბარს: `_იცი, იყო დრო, როცა შენხელა, ჩემხელა, უფრო პატარები და უფრო ბებრები... ერთად ვიდექით და ვმღეროდით: `ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია~ ... ვმღეროდით და ერთი ციცქნა ქვეყანა უზარმაზარი ხდებოდა... `წვრილშვილნი წამოგესწრნენ, ნაზარდნი, გულმტკიცები,/მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,/არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.../ ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?... _ სად წავედით, სადა? რა დაგვემართა? რაა? _ მამა მშია!... ფინიტე ლა კომედია... მორჩაა... გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა... დავიძარით _ მღჭ-მღაჭ-მღწ-მღაჭ!~
მამა-შვილი ღეჭვა-ღეჭვით აგრძელებენ გზას, რომელიც ტაძართან ნამდვილად არ მიიყვანთ, რადგან იქ მისვლას სხვა შემართება და სურვილი სჭირდება; მართალია, მამამ თითქმის ყველა აუცილებელი, სავალდებულო კითხვა დასვა, ადეკვატური პასუხებიც გასცა, მაგრამ... თავადაც მიმხვდარია, რომ მთავარი გამორჩა, რასაც მხოლოდ ოჯახის ფენომენი იძლევა... კარგია, რომ ამას არც სკოლას აბრალებს და არც თანამედროვე განათლების სისტემასა და მეთოდებს... თუმც, ამაში მათი ბრალეულობა ნათელია. მე კი დავამატებდი, _ ბევრი რამ, აღზრდილი აღმზრდელების ნაკლებობითაა გამოწვეული... დაა კიდევ, სკოლამ აღმზრდელობითი ფუნქცია დაკარგა....
მოთხრობის ბოლო ფრაზა რამდენიმენაირად შეიძლება გავიგოთ, _ ან ყველა იმაზეა გამეცადინებული, რომ რამენაირად სტომაქი ამოივსოს, ან _ მამისათვის შვილის უჭმელობა დამთრგუნველია (რაც ბუნებრივია!) ანდა საზოგადოების დიდ უმრავლესობას აღარ ახსოვს, საჭირო აუცილებლობად აღარ თვლის _ სულის საზრდოს, სწორედ ამიტომაა, რომ მამა საუბრისას ძირითადად ლიტერატურაზე, წიგნის კითხვაზე ამახვილებს ყურადღებას. აქვე, გავიხსენებ ს.ს. ორბელიანის მიერ სიტყვა `აღმზრდელის~ განმარტებას, რომელსაც `მამის~ მნიშვნელობის ანალოგიით განმარტავს: `მამა არს ღმერთი დამბადებლითა. მამა არს შემქმნელი. მამად ითქმნიან მოძღვარი, მღვდელი, აღმზრდელი ოსტატი, გინა კაცი უხუცესი~.
ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოების ყურადღების ცენტრში დგას აღზრდის საკითხები, რომელზედაც ყოველთვის ფიქრობდნენ და იფიქრებენ; ამ დროს, ხომ ძალზე მნიშვნელოვანია აღმზრდელის როლი, რომელმაც თავის აღსაზრდელში უნდა განავითაროს ზნეობა, კეთილშობილება, საკუთარი სურვილების არაყოლა, ნებისყოფის სიმტკიცე, ღირსების გრძნობა... ამ შემთხვევაში _ მამა _ დღევანდელი მშობლების დიდი ნაწილის განზოგადებული სახეა, რომლის `აღზრდის მეთოდი~ გარკვეულ კითხვებს აღძრავს... იგი არც ს.ს. ორბელიანის, არც დ. გურამიშვილის და არც ი. გოგებაშვილისას არ გავს... ერთადერთი, რასაც მას ვერ დაუწუნებ _ ესაა მცდელობა, სურვილი, რამენაირად _ შვილს ჩვენი ქვეყნისა და მხატვრული ლიტერატურის სიყვარული ჩაუნერგოს, გაუღვივოს, მოახდინოს ფასეულობების იდეალიზაცია...
ეს მოთხრობა ხმამაღალ ფიქრსა ჰგავს; მწერალი უყურადღებოდ ვერ ტოვებს შემოჩვეულ პრობლემებს _ მათ მიზან-შედეგობრივ კავშირებს; არ შეიძლება არ გავიხსენოთ ლუთერის სიტყვებიც: `ადამიანები არ იბადებიან ადამიანებად, ადამიანებად ისინი აღზრდის გზით ხდებიან”. თანამედროვეობის ყოველმხრივი განცდა და მასზე პასუხის გაცემა ხომ ყველა თაობის მწერლის ამოცანაა!...
ორივე მოთხრობა ფიქრისა და განსჯის, მსჯელობის საშუალებას იძლევა. პერსონაჟების მეტყველებით, ქცევითა და ჟუსტიკულაციით _ მათი ინდივიდუალური თვისებები, ხასიათები იკვეთება, რაც ავტორისათვის ხატვისა და ჩვენების საშუალებაა. სწორედ ამიტომაა, რომ მოთხრობების თანაავტორად მკითხველიც იქცევა, რაც მას მხოლოდ ღირსებას მატებს; რადგან ყოველ შემოქმედებით ნამუშევარს სჭირდება რაღაცის დამატება, საკუთარი ოცნებით შევსება, სუბიექტურ ფასეულობებში მოქცევა. ესაა გაცნობიერებული რეალობის აღქმის შედეგი; ზნეობრივი მწერლის პოლემიკა მკითხველთან, განსჯის ელემენტებით _ რისთვის მოხვედი ამ ქვეყნად, რას ელი მისგან და სხვა. ავტორს ერთი საფიქრელი აქვს _ საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პირუთვნელი შეფასება თუ არა, ჩვენება _ მაინც, ყოველგვარი შელამაზების გარეშე; და როგორც ბ-ნი როსტომ ჩხეიძე ამბობს: _`მთავარია, მწერალმა ზნეობრივი ფერისცვალება მოახდინოს, მამხილებელ პოზიციასთან ერთად.~
ორივე მოთხრობაში, შეიძლება ითქვას, ჩვენი ყოფა ნატურალური სიზუსტითაა გადმოცემული; რიგითი ადამიანების _ უბრალო, ჩვეულებრივი, შეულამაზებელი ყოფა... _ მწერალი აქეთ-იქით აწყდება, ეძებს გზებს მათ გამოსასწორებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ერთმანეთში ისე გადახლართულა _ ტრადიციული ფასეულობები, დუხჭირი სოციალური მდგომარეობა, თანამედროვე რეალობა, რომ ძნელია სწორი გამოსავლის მოძებნა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, რადგან ავტორის თქმისა არ იყოს: _ამათ ღმერთი არ სწამთ და ამიტომ აქ სასწაული არ მოხდება!~ და კიდევ, ყურფართხუნას დამცინავი სახით წაბურტყუნებული სიტყვები: `_ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს...~ მართლაც, ადამიანთა დიდი უმრავლესობა, ხომ დიდი ხანია სხვბისათვის ვეღარ იცლის, მათთვის აღარც დრო აქვთ და მათკენ აღარც გული მიუწევთ... ხანდახან თუ ამოძრავდებიან, ტყავში ძვრებიან, ისიც მხოლოდ მაში, თუ ის ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი რაიმეში გამოადგებათ.
მწერალი კობა ცხაკაია, როგორც თავის საქმის პროფესიონალი _ იგი ხომ, უპირველესად _ მსახიობი, 45-სერიანი ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროზაიკოსია; დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მოგვიანებით _ სარეჟისორო _ არა მარტო ავტორია ზემოთ განხილული (პირობითად, რა თქმა უნდა) მოთხრობებისა, არამედ რეჟისორი და სახასიათო როლების საუკეთესო შემსრულებელიც.... `სხვა საქართველოს~ მოუღლელი მაძიებელი!...
ნაწერი კი მინდა დავასრულო ჩვენი ცნობილი მეცნიერის, ასტრონომის, აკადემიკოს ევგენი ხარაძის ჩანაწერით: `ანა კალანდაძის ლექსი. `მოდიოდა ნინო მთებით~ 1945 წელს დაიწერა. კარგად ვიხსენებ, როგორი კმაყოფილებით მიიღო საზოგადოებამ.... ოღონდ დღეს ამ ლექსში განსაკუთრებულად მაღელვებს მისი ორი სტრიქონი: `... მწყემსმა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი? / მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე!~
წმინდა ნინოს შეკითხვა შეეხებოდა გზას საქართველოსაკენ, რომლითაც შემოჰქონდა `სანატრელი ვაზის ჯვარი~. ფიქრთა ასოციაციით მე წარმომესახება დღევანდელი `ქართლის გზაი~, შინაური აღორძინებისაკენ მიმავალი და გარეთ კი _ მსოფლიო სახელმწიფო წრეში შესასვლელი...
სად არის ის მწყემსი, რომელსაც უნდა შევეკითხოთ _ დღეს `რომელია ქართლის გზაი~?
როცა ქვეყანა განსაცდელშია და მას მისაკვლევი აქვს გასაჭირიდან გამოსასვლელი გზა, პირველი სიტყვა მწერლებს და მეცნიერებს ეკუთვნით. მათ პირველებმა უნდა მისცენ მოსახლეობას საორიენტაციო გზები. ისტორიულად ეს ასეა....~

(დასასრული)

study


Last edited by Admin on Fri Apr 23, 2021 1:52 pm; edited 3 times in total

kobacxak likes this post

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyFri Apr 23, 2021 11:59 am


კობა ცხაკაია - სიყვარულის წიწვოვანი კავშირი (5 სერია)
•Oct 15, 2015

სცენარის ავტორი და რეჟისორი - კობა ცხაკაია
ხმის რეჟისორი - გიორგი ცაგარეიშვილი

მონაწილეობენ: ლილი ხურითი, ნიკა წერედიანი.

ჩაწერილია 2006 წელს

ბმული:
* https://youtu.be/vePV8Pe8HAU

What a Face
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyFri Apr 23, 2021 12:00 pm


კობა ცხაკაია - თამადა
•Oct 15, 2015

რეჟისორი - კობა ცხაკაია
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია

მონაწილეობენ: ჯემალ მონიავა, დავით როსტომაშვილი, პაატა კიკვაძე.

ჩაწერილია 2007 წელს

ბმული:
* https://youtu.be/odqJD4k9UGY

What a Face
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyFri Apr 23, 2021 12:03 pm


კობა ცხაკაია - გრძნობა
•Oct 14, 2015

რეჟისორი - ლევან ლორთქიფანიძე
ხმის რეჟისორი - ნანა სანდუხაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ხათუნა ბედელაძე

მონაწილეობენ: დარეჯან ხარშილაძე, თამარ გეგეჭკორი.

ჩაწერილია 2000 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/OE_JkStXRO8


What a Face
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია EmptyFri Apr 23, 2021 12:05 pm


კობა ცხაკაია - მექანიკური პიესა რითმის მოყვარულთათვის
•Oct 15, 2015

რადიოპიესის ავტორი და რეჟისორი - კობა ცხაკაია
ხმის რეჟისორი - ბაკო ხვიჩია

მონაწილეობენ: ანდირა ვაჭრიძე, კობა ცხაკაია, დავით ბერაძე, ნინო მენთეშაშვილი.

ჩაწერილია 2015 წელს.

ბმული:
* https://youtu.be/MAx7t78hDv0
* https://www.youtube.com/playlist?list=PLuYSHtt6Nj03acdRXpxFpeXwmZi58Pz8F


What a Face
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




კობა ცხაკაია Empty
PostSubject: Re: კობა ცხაკაია   კობა ცხაკაია Empty

Back to top Go down
 
კობა ცხაკაია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: