ირმა შიოლაშვილი
მაშინ, როდესაც ცეცხლმა დაწვა ბევრი შენობამე გამოვედი ჩემს ქალაქში, დამწვარ ქალაქში,
გავხსენი ჩანთა და უსიტყვოდ ამოვალაგე
ყველა უაზრო ძველი ნივთი, ყველა ზღაპარი,
ყველა ცრურწმენა მივაშავე დამწვარ სანაგვეს-
რომელიც იქვე, ქუჩის ბოლოს მშვიდად იცდიდა,
უბრალოდ იდგა ჭვარტლიანი, მოკლე მკლავებით,
წარმოვიდგინე, ცეცხლის ენა როგორ ჰკოცნიდა
მოკლე მკლავებზე, რა ვნებით და რა აალებით
და გავაგრძელე გზა ქალაქში,დამწვარ ქალაქში
გახსნილი ჩანთით ჩავუარე ბიბლიოთეკას,
სადაც ჭვარტლიან წიგნებიდან ღმერთი ბღაოდა,
სადაც სიტყვები ადნებოდნენ წიგნის გარეკანს,
გახსნილი ჩანთით ჩავუარე კინოს, ოპერას,
ძველ სასტუმროებს, -შავებსა და გულამოცლილებს-
რომელთაც თვალი გააყოლეს ცარიელ ჩანთას,
მეც ცარიელი, მშრალი მზერით გამომაცილეს,
მე კი წარსული მომყვებოდა იმ შენობიდან
სადაც დამწვარი წიგნებიდან ღმერთი ბღაოდა,
მივბრუნდი და ვთქვი:
გადმოვიტან ყველა წიგნის ყველა გარეკანს,
გადმოვიტან ყველა წიგნის დამწვარ იმედს
ჩემს უცნაურ, ჭვარტლიან გულში,
შინაგან გზაზე ავაშენებ თეთრ შენობას,
ის იქნება ჩემი სახლი,
ის იქნება ჩემი დიდი ბიბლიოთეკა.
ოქტომბერიაი ჩემი ოქტომბერი,
ჩემი სიმწვანეშეპარული ოქტომბერი,
ჩემი ვერგაყვითლებული ოქტომბერი,
ჩემი ბავშვობაგაუხუნარი ოქტომბერი,
ჩემი გაზაფხულით სავსე ოქტომბერი,
ჩემი ემოციებით სავსე ოქტომბერი,
კალათაში მწვანეფოთლებჩაყრილი ოქტომბერი,
ცხოვრების დასაწყისში მდგარი ოქტომბერი,
16 წლის გოგოს გულისნაირი ოქტომბერი,
რეალობას ვერშეწყვილებული ოქტომბერი,
მწიფე ხილის ნაცვლად
ჩიტების ჟღურტულით სავსე ოქტომბერი,
მწიფე ხილის ნაცვლად
ყვავილობის სუნით სავსე ოქტომბერი,
თავდაყირადაყენებული ოქტომბერი,
პოეტის ოცნებებით სავსე ოქტომბერი,
პოეტის აპრილებით სავსე ოქტომბერი,
ჭკუიდან შეშლილი ოქტომბერი
ერთ დიდ ტაბლაზე დაგიდე და ვახშმად მოგართვი.
ახლა უკვე შენი საქმეა, ჩემი სულის მწვანე ფოთლებით
როგორ გააფორმებ დღევანდელ საღამოს,
ოდნავ მზიანს, ოდნავ მოწყენილს,
როგორ გადაკვეთავს ერთმანეთს ჩემი და შენი რეალობა,
როგორ შეეწყობა ერთმანეთს ჩემი და შენი ოქტომბერი.
შენს პრაქტიკულ წარმოდგენებს, შენს საშემოდგომო მოსავალს
როგორ დაამშვენებს ჩემი თავდაყირადაყენებული სამყარო,
როგორ დაისვამ სუფრაზე პირისპირ
ჩემს ყვავილებით დაფოთლილ სხეულს და მოგეწონები,
როცა თვალებიდან აპრილის მერცხლები ამიფრინდებიან.
დაალაგე შემოდგომის ხილი სუფრაზე. მიმიპატიჟე.
მოვალ, დავჯდები და მოგიყვები, რას ვგრძნობ, როდესაც
მწვანე ფოთლების მოსავალი ყვირილით მიხმობს.
ჩემოდანი.პრაღა. საიდუმლო“მოდი, წავიდეთ პრაღაში,
პრაღა ჩემი ქალაქია,
პარიზზე უფრო ჩემი ქალაქი,
რადგან პარიზზე სადად ბრწყინავს
და მხოლოდ გემოვნებიანი ტურისტები სტუმრობენ_
მითხარი და თვალი გააპარე ჩემოდნისკენ,
შენი აქერცლილი ჩემოდნისკენ,
რომელსაც ნახევარი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი.
მე მიყვარდა შენი ჩემოდნიდან ამოლაგებული ამბები,
საღამოობით, ჩაის სმისას
ჭადრაკის ქვებივით რომ მილაგებდი დაფაზე,
თან ამბებს მიყვებოდი და თან მეთამაშებოდი...
ცხოვრებას მეთამაშებოდი ირიბად.
წამოვალ შენს პრაღაში-გავიფიქრე:
მაინტერესებს კაფკას სახლი, კაფკას საფლავი,
დრამატული მწერალია ეს ჩვენი კაფკა,
ჩემად არ ვთვლი, მაგრამ მისი ნათითურები
უფრო ახლოს მინდა შევიგრძნო.
წამოვალ პრაღაში,
მაინტერესებს კარლოსის ხიდზე ჩამომსხდარი
საკულტო ქანდაკებები,
რომლებიც ალბათ ჩემს ოცნებებს ჩაისუნთქავენ
და გზას დამილოცავენ შენი გულისკენ.
ჩემი ერთადერთი საიდუმლო სურვილი შენ ხარ!
წამოვალ.
ამ შენს ჩემოდანში, ამ შენს აქერცლილ ჩემოდანში
წიგნებს შორის შევაცურებ ერთადერთ სურვილს,
ვნახოთ, თუკი ამიხდება ოცნებების მაგიური რიტუალები,
თუკი ხიდი საიდულოს ჩამიყლაპავს
და შენს გულთან ამოახველებს,
გპირდები რომ ეს ქალაქი ჩემიც გახდება.
კაბაამ კაბასაც ჰქონდა თავისი ისტორია,
სანამ სარეცხ მანქანაში
მცდარ გრადუსზე შევაგდებდი და შედგებოდა.
ამ კაბით ვიმოგზაურე ფშავში,
სუფთა მთის ჰაერი ვისუნთქე და
მერე იმ ჰაერში მაღალი სიყვარული გავაჩინე.
თავიდანვე ჰაერში ეკიდა ის სიყვარული,
ჰაერიდან ეპატარავებოდა დედამიწა,
ჰაერიდან საუბრობდა ცვალებად ამინდებზე
და ცვალებად კაბებზე,
აალებულ ცეცხლზე და დარჩენილ ნაცარზე,
ბევრ რამეზე , რაც სიყვარულს ასე უხდება!
ჰაერიდან ათვარიელებდა ჩემს კაბასაც,
შავს, შვინდისფერი სარჩულით და
ვერცხლისფერი წარწერებით,
ბედისწერასავით ჩახლართული წარწერებით,
კაბებს რომ მუდამ რაღაცას უმტკიცებენ,-ისეთით.
მეც ამ წარწერებივით ვუმტკიცებდი კაბას წარმავალობას,
უფრო სწორედ წარმავალობის მარადიულობას,
არასდროს ვიხდიდი სინათლეში,
არც ვინმეს თანდასწრებით, არც სარკის წინ,
მხოლოდ გაწეული ფარდის უკან,
მზის სხივებისგან დახშულ ოთახში
ვბედავდი, სხეულისთვის კანივით ამეხია და
ყოველთვის ერთი და იგივე ადგილას დამეკიდა.
კაბის ბრალი იყო, რომ ვერ მივენდე მთის სიყვარულს,
ვერ დავიჯერე ჰაერში ცხოვრება,
ვერ დავარტყი ფრინველის წრე
სიმაღლეში ასროლილ თავისუფლებას,
მაინც ცივად შემოვბრუნდი,
მაინც მიწას ავეკარი,
მაინც კაბა დავისვარე,
მერე ის კაბა
მცდარ გრადუსზე გავრეცხე და შედგა.
წერტილი გადარჩენისთვისღირსებასავით მნიშვნელოვანი იყო
ჩემთვის შენი სიყვარული,
ღირსებასავით ანათებდა ჩემს მხრებზე,
როცა მიჭირდა, შენი სულის სკივრთან მოვდიოდი,
დაუკითხავად ვიღებდი იქიდან
შენს მარადიულ გრძნობას და მხრებზე ვიხვევდი.
როცა მიჭირდა, მხოლოდ შენი სიყვარულის
მჯეროდა დედამიწის ზურგზე,
მხოლოდ შენს სიყვარულს ვეძახდი
ღვთიურს და გადამრჩენელს!
შენ არასდროს გენანებოდა,
გაგეღო სული ჩემი ტკივილებისთვის,
დაგეამებინა ჩემი ჭრილობები,
არასოდეს გენანებოდა, გყვარებოდი ასე უანგაროდ!
მე კი წლებთან ერთად დამიმძიმდა ეს სიყვარული,
რომელიც მხოლოდ მხრებზე მეფინა და
გულამდე ვერ ჩადიოდა,
წლებთან ერთად დამიმძიმდა მხრებიც,
ოდნავ მოვიხარე კიდევაც,
ალბათ თავდაჯერება დამაკლდა,
ალბათ გაუწონასწორებელმა სიყვარულმა ჩამომშალა!
და ერთ დღესაც, როცა შენი სულის სკივრთან
ფრთხილად მოვედი,
როცა შენ კარი გამიღე და სინათლე გამომიწოდე,
შემრცხვა და გითხარი:
„დავიღალე საკუთარი თავის ნანგრევებში დგომით,
დავიღალე ფრთებით, რომელსაც შენ მაწებებ,
დავიღალე ძვლებში ვერშეზრდილი ბედნიერებით,
დავიღალე ჩემი უმადური მარტოობით,
რომელიც სულ ბრუნავს და ადგილიდან მაინც ვერ იძვრის“
და გამოვბრუნდი, და ცხოვრების ყველა მძიმე
გადარჩენის დიდ წერტილად გადავაკეთე.
ომი და ჩემი სიყვარულირამდენჯერ მოვუყევი ცხოვრებას რომ
ჩემი წილი სიყვარული ომში დაეცა
მაშინ, როცა სამშობლოს ართმევდნენ,
მაშინ, როცა ღირსებას ართმევდნენ,
მაშინ როცა თავისუფლებას ართმევდნენ,
ეს ყველაფერი არ დაუშვა და
ოცი წლის სიცოცხლე სასწორზე დადო!
მაგრამ მარტო სიცოცხლე არა,
ჩემი გულიც დადო სასწორზე,
ჩემი მარტოდგატარებული ახალგაზრდობაც,
ჩემი სამომავლო გეგმებიც,
ჩვენი არშემდგარი შეხვედრებიც,
რომელიც ღმერთმა კი დაგეგმა,
მაგრამ ომმა გაანადგურა!
არ უფიქრია, რომ ომმა დანდობა არ იცის,
არ უფიქრია რომ ომმა ღირსება არ იცის,
არ უფიქრია, რომ ახალგაზრდული გულით
რეალობასთან წააგებდა,
თავად მიწასთან დაწვებოდა და
მე ქარებს შემატოვებდა.
მე კი ქარებში გავაგრძელე სიარული,
ჯერ წრეში, მერე წრის გარეთ და საზღვების გარეთ,
სულ მახსოვდა, სულ ვიცოდი
რომ დამეკარგა
ჩემი ომში დაღუპული სწორფერი
რომელიც ვერ გავიცანი,
რადგან ომმა ერთმანეთი წაგვართვა.
ცალი ფრთალუკას
შემიძლია მოგიყვე ჩემს ცხოვრებაზე,
ჩემს ნაოცნებარ ომებზე,
რომელიც თხუთმეტი წლისას
ფრთების გასაშლელად მჭირდებოდა,
რადგან მჯეროდა, თუკი ომში წავიდოდი,
თუკი ცხოვრების ომში წავიდოდი,
იქ ჩემს გაშლილ მკლავებს ფრთებად მონათლავდნენ
და გმირობად ჩამითვლიდნენ ფრენის სიყვარულს.
მაგრამ მე წავაგე ახალგაზრდული ომი,
რადგან როცა სახლის სახურავზე
გაშლილი ფრთებით დავდექი, მესროლეს.
ტყვია მარჯვენა ფრთაში მომხვდა
და სისხლმა სიტყვებად დაიწყო დენა.
ასე ესროლეს ჩემს ყველა მეგობარს,
რომელთაც სჯეროდათ, რომ სამყაროს შეცვლიდნენ.
მეგობრებს,რომელთაც იდეალების სჯეროდათ
სათითაოდ ესროლეს ფრთებში.
ზოგს გული გაუსკდა,
ზოგმა ჩემსავით წერა დაიწყო.
ალბათ გიკვირს, რატომ არ ჩერდება სიტყვების დენა
ჩემი ნატყვიარი ფრთიდან.
ალბათ გიკვირს რომ
როცა ფრთას ფურცელზე ვუსვამ,
ირიბად ვურტყამ ცხოვრებას,
რომელმაც ტყვია მესროლა.
სამშობლოასე-
ამობრუნებული ამბებით და ღია ჭრილობებით
შემიძლია ვიარო შენამდე
ალბათ გზაზე დამდგარს ჭრილობებიც შემიხორცდება,
ალბათ დაუხურავად შემიხორცდება,
ღია იქნება და აღარ მეტკინება,
ღია იქნება და ამასაც შევეგუები!
ხანდახან ხელით მოვისინჯავ,
ცნობისმოყვარეობით გადავამოწმებ
ჩემს ამობრუნებულ ამბებს,
ჩემს თავდაყირა ცხოვრებას და გაშიშვლებულ სიყვარულს!
მაინც ამაყად გავაგრძელებ სიარულს შენკენ!
განა არ იცი, რომ მთელი ცხოვრება
შენთვის ვაგროვებდი ამოყირავებულ ამბებს,
შენთვის ვიმახსოვრებდი ყველა ჭრილობას,
ხან პეშვით დაგატარებდი და ხან ჭრილობებში გინახავდი.
მე ვიყავი შენი სამშობლო, არადა სამშობლოს გეძახდი.
„ლიტერატურული გაზეთი“, # 9 (265), 22-28 მაისი, 2020
ბმული:
*
https://www.yumpu.com/xx/document/read/63434110/-n265 