არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მალხაზ ხარბედია

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



მალხაზ ხარბედია Empty
PostSubject: მალხაზ ხარბედია   მალხაზ ხარბედია EmptySun Jul 05, 2009 12:06 pm

მალხაზ ხარბედია Malkha14
Malkhaz Kharbedia

მალხაზ ხარბედია
(დ. 27 ოქტომბერი, 1974) – ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ავტორი და ენოლოგი. არის ჟურნალების – „ლიტერატურა - ცხელი შოკოლადის“ და „არილის“ რედაქტორი, რადიო თავისუფლების რუბრიკა „ბიბლიოთეკის“ ავტორი და წამყვანი და „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი.

ბიოგრაფია
დაიბადა 1974 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1998 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ენების განხრით. 1994 წელს მუშაობა დაიწყო გაზეთ „კავკასიონში“, 1996 წლის იანვრიდან კი „არილის“ თანამშრომელი გახდა, მას შემდეგ, რაც გაზეთი 8 გვერდიან ყოველკვირეულ ჩანართად იქცა „კავკასიონში“. 1996 წლიდან გახდა „არილის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, შემდეგ კი მთავარი რედაქტორი. 1998 წელს იყო „საქართველოს გაზეთის“ ლიტერატურული ჩანართის რედაქტორი. 2001-2012 წლებში იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2002–2006 წლებში გაზეთ „24 საათის“ კულტურის განყოფილების რედაქტორი, ასევე დამატებების, „ლიტერატურის“ და „წიგნების“ მთავარი რედაქტორი. 2006 წლიდან 2014 წლამდე იყო ყოველკვირეული გაზეთის, „მარანის“ მთავარი რედაქტორი (გაზეთ „Weekend-ის“ დამატება).
2007 წლის სექტემბერში შექმნა ყოველდღიურად განახლებადი ქართულენოვანი ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ vinoge.com. 2007–2011 წლებში იყო „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადის“ მთავარი რედაქტორი. 2009–2013 წლებში იყო რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი, გადაცემა „ბიბლიოთეკის“ წამყვანი. 2009 წლის ზაფხულში თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა „ღვინის კლუბი“. 2011–2012 წლებში მიჰყავდა ჯერ ყოველთვიური, შემდეგ კი ყოველკვირეული ღვინის რუბრიკა ჟურნალ „ტაბულაში“. 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მარტამდე იყო გადაცემა „ღვინის გზამკვლევის“ ავტორი და წამყვანი რადიო „ცხელი შოკოლადში“. 2013 წლის აპრილიდან 2014 წლამდე იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის" მთავარი რედაქტორი.

წიგნები:

ქართულად
* 2004 – „თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია – 1990–2004“ (შემდგენელი), გამომცემლობა LINK.
* 2006 – „პირადი ბიბლიოთეკა“, გამომცემლობა „არეტე“
* 2010 – ქართული ღვინისა და კერძის შეხამება, ღვინის კლუბი.
* 2011 – „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2012“, გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“.
* 2012 – „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2013“, გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“.
* 2014 – „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2014“, გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“.
* 2016 – „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2016“, გამომცემლობა „ცხელი შოკოლადი“.
* 2013 – „მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“, გამომცემლობა „დიოგენე“.
* 2014 – „ტექსტი და სიმართლე“ – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები, გამომცემლობა „აზრი“.
* 2014 – „ღვინის დაგემოვნება – პრაქტიკული კურსი“ (საერთო რედაქცია და თავები საქართველოს შესახებ). "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"
* 2016 – „დიდი ენციკლოპედია – ღვინო“ (საერთო რედაქცია და თავები საქართველოს შესახებ). "პალიტრა L".

ინგლისურად
* 2010 – „Georgia – Cradle of Wine“
* 2011 – „Georgian Wine Guide – 2012“
* 2012 – „Georgian Wine Guide – 2013“
* 2014 – „Georgian Wine Guide – 2014“

ჯილდოები
* 2007 - „საბა" ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა კრებულისთვის „პირადი ბიბლიოთეკა".
* 2015 - „საბა" ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა წიგნისთვის „ტექსტი და სიმართლე – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები".

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/მალხაზ_ხარბედია
* http://burusi.wordpress.com/literature/malkhaz-kharbedia/
* http://www.radiotavisupleba.ge/archive/Malkhaz_Kharbedia/latest/1022/2342.html
* https://www.facebook.com/მალხაზ-ხარბედიაMalkhaz-Kharbedia-117860181665108
* http://arili2.blogspot.com/
* http://vinoge.com/
* https://www.facebook.com/malkhaz.kharbedia


ლექციები ლიტერატურაზე - მალხაზ ხარბედია - "სემუელ ბეკეტი – ზამთრის მოგზაურობა“
•Jan 20, 2015

• სემუელ ბეკეტი ქართულ ენაზე.
• ბიოგრაფია: წითელი პარასკევიდან – შობამდე.
• ბეკეტი და ჯოისი – ირლანდია, პარიზი, დანტე, სიტყვები.
• ბეკეტის გატაცებები: ლიტერატურა, სასმელი, მუსიკა, კინო, მხატვრობა, სპორტი. რაგბისტი ბეკეტი – შუამარბი, რომელიც მოგვიანებით რაგბის რეპორტაჟებს არ ტოვებდა, განსაკუთრებით ირლანდია – საფრანგეთის თამაშებს.
• ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომელიც არ ასახავს ავტორის პირად გამოცდილებას. ავტობიოგრაფიულობა, რომელიც არასდროს ამოდის ზედაპირზე, როგორც პირადი ცხოვრება.
• ბეკეტის ტრილოგია: მოლოი, მელოუნი კვდება, უსახელო. სხეულიდან –გაქრობამდე.
• გოდოს მოლოდინში, ბედნიერი დღეები და სხვ. – თანაცხოვრება კვანძის გახსნის გარეშე.
• ბეკეტი და საზოგადოების თვალი.
• სემი მარტოა ქვეყანაზე.

ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“. მხარდამჭერი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.


Idea


Last edited by ბობო on Sun Jul 05, 2009 12:10 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



მალხაზ ხარბედია Empty
PostSubject: Re: მალხაზ ხარბედია   მალხაზ ხარბედია EmptySun Jul 05, 2009 12:09 pm

მალხაზ ხარბედია

ორჰან ფამუქი - "მე მქვია წითელი" (1995)

ეს ამბავი იმ დროისაა, როცა სტამბული შედარებით პატარა და ღარიბული, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო ბედნიერი ქალაქი იყო, როცა ფადიშაჰები მოცალეობისას წიგნების კითხვასა და მინიატიურების ჭვრეტაში ატარებდნენ დროს, ძლიერი, ჭკვიანი და სასტიკი მმართველები, რომელთაც მხოლოდ თავიანთი ქალიშვილები და თავიანთივე შეკვეთით შექმნილი წიგნები უყვარდათ.
ერთ-ერთი ასეთი ფადიშაჰის მიერ შეკვეთილი წიგნის გარშემო ტრიალებს რომანის მთელი სიუჟეტი და ყველა მთხრობელი სწორედ ამ წიგნის შექმნასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა გააერთიანა.
მთხრობელთა შორის ბევრი უსულო არსებაცაა, მაგრამ სიუჟეტს ძირითადად სულიერები ქსოვენ. პირველ რიგში ესაა ყარა, ადამიანი, ვინც რომანში გამომძიებელიცაა (ეს ტიტული ძალზე პირობითად შეგვიძლია მივანიჭოთ მას) და ეჭვმიტანილიც, შეყვარებული გმირიცა და გულმოდგინე მხატვარიც _ თავისი ფილოსოფიური ჭვრეტებითა და აღსარებებით.
თორმეტწლიანი ყარიბობის შემდეგ ყარა მშობლიურ სტამბულს უბრუნდება: «ამბობენ, მიცვალებულებს მიწა უხმობს, მე კი სიკვდილმა მომიხმო. ვბრუნდებოდი ქალაქში და მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი, მაგრამ სიყვარული დამხვდა, რომელიც ისეთივე შორი და მივიწყებული იყო, როგორიც ჩემი ქალაქი». ამ ძველ სიყვარულს შექიურე ჰქვია, იგი ყარას ბიძაშვილია და თავის დროზე სწორედ ამ სიყვარულის გამო წავიდა ყარა ქალაქიდან, რადგანაც ბიძამისმა, ოსტატმა ენიშთემ (ვინც ყარას ხატვას ასწავლიდა) არ მოიწონა მათი საქციელი და ნათესავი სახლიდან გააძევა... და ყარაც თორმეტი წლით დაემშვიდობა თორმეტი წლით უმცროს მიჯნურ შექიურესა და წაბლის ჩრდილში ჩაფლულ ქუჩებს. ამის შემდეგ შექიურე მალე გაათხოვეს მეომარზე, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთი ლაშქრობისას დაიკარგა და ვისგანაც შექიურემ ორი შვილი _ შევქეთი და ორჰანი გააჩინა.
ამათგან შევქეთი არაფერს ჰყვება, სამაგიეროდ ავტორის უფლებით აღჭურვილი პატარა ორჰანი თავიდანვე ერთვება თხრობაში, რომანის ბოლოს კი დედამისის უცნაური შენიშვნა თავად ავტორის, ორჰან ფამუქის ჩანაფიქრის მოხდენილობასაც გაგვანდობს (ამაზე მოგვიანებით).
რომანში კიდევ არიან მთხრობელები: ენიშთე ეფენდის მოსწავლეები _ ქელებექი, ლეილექი და ზეითინი, ებრაელი ქალი ესთერი, ოსტატი ოსმანი, ძაღლი _ ყავახანაში დაკიდებული ნახატიდან, ოქროს მონეტა, ხე, ცხენი, სიკვდილი, შაითანი, ორი დერვიში (ასევე მინიატიურებიდან) და რაც მთავარია _ თავად წითელი ფერი, რომანის მთავარი ხმა.
ყველა ეს პერსონაჟი მკითხველთან, ანუ ჩვენთან, ახლო ურთიერთობაში აცნობიერებს თავის არსებას. მაგალითად, თავიდანვე ყარა იმ მკითხველს მიმართავს, ვინაც ინტერესი გამოიჩინა მისი ამბის მიმართ და ნახატისა და ბედნიერების შესახებ განსჯას შეუდგება, თავის მხრივ კი შექიურეც გვიზიარებს თავის გულისნადებს: «არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენ გესაუბრებით. მრავალი წლის მანძილზე, მამის წიგნების თვალიერებისას, მუდამ ლამაზმანთა გამოსახულებებს ვეძებდი. ისინი ყოველთვის დარცხვენილნი ჩანდნენ, მათი შეწუხებული მზერა ყოველთვის უჭვრეტდა რაღაცას ან ვიღაცას, თითქო პატიებას ითხოვენ თავიანთი სილამაზის გამოო. ისინი არასდროს უყურებენ სამყაროს ამაყად თავაწეულები _ როგორც კაცები, მეომრები ან ფადიშაჰები. მაგრამ სახელდახელოდ შექმნილ იაფფასიან წიგნებში ზოგიერთი ქალი მიწას კი არ დაჰყურებს, რაიმე საგანს, არამედ პირდაპირ მკითხველისთვის მიუპყრია მზერა. და მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე: ვინაა ის მკითხველი, ვისაც ის უყურებს?»
რა თქმა უნდა, ეს თამამი მზერა თავად შექიურეს ეკუთვნის და არა მხოლოდ მას; თითქმის ყველა მთხრობელი პირდაპირია და მოურიდებელი თავის მკითხველთან. აქვე ჩანს ავტორის თვითირონიაც, რომელიც, ფაქტობრივად, სახელდახელოდ შექმნილ, იაფფასიან წიგნად ასაღებს თავის რომანს, საიდანაც ვარსკვლავიან ზეცასავით _ პერსონაჟთა მირიადი თვალი გვიყურებს, ჩვენი თანაგრძნობის იმედად რომ კიაფობენ ხოლმე.
ამ რომანში პერსონაჟები ხან მაგარი ყავის მოდუღებისკენ მოგვიწოდებენ, რათა ყურადღებით მოვისმინოთ და არაფერი გამოგვეპაროს მონათხრობიდან, ხან კი ჩვენივე რეაქციაზე ხვდებიან, რომ უკვე ვიცით მომხდარის შესახებ და იძულებულნი ხდებიან, ამჯერად მხოლოდ თავისი გრძნობები გაგვიზიარონ. ზოგჯერ ისინი უეცრად მოსწყდებიან ხოლმე თავიანთ ამბავს, როგორც ფოთოლი _ ხეს და ამ დროს თხრობაში განსჯა იჭრება, იწყება ფილოსოფიური თუ სახელოვნებო საკითხების გარკვევა.
ასეთ ჩანართებში ყველაზე ხშირად ძველი ოსტატების შესახებ მოგვითხრობენ ხოლმე. თითქმის ყველა პერსონაჟს, ამა თუ იმ მოვლენის საილუსტრაციოდ თუ სანიმუშოდ, სპარსული მინიატიურის სცენები და მათი ავტორების უცნაურობანი აკერია პირზე. მაგალითად, როდესაც მკვლელი, ოთხი დღის შემდეგ დანაშაულის ადგილს დაუბრუნდება, რატომღაც XV საუკუნის დიდი ჰერატელი მხატვარი, ბეჰზადი ახსენდება: «ბეჰზადმა იცოდა თავისი ძალა; იგი არსად ტოვებდა ხელმოწერას _ ნახატის ყველაზე მიმალულ კუთხეშიც კი... ბეჰზადი შედევრებს ქმნიდა და ყოველთვის ცდილობდა კვალი არ დაეტოვებინა, რის მიხედვითაც ამ საოცრებათა შემოქმედს ამოიცნობდნენ».
რომანში ბევრს ლაპარაკობენ ხატვის აღმოსავლურ და დასავლურ მანერაზე; დეტექტიური სიუჟეტი კი ძირითადად ვენეციურ, გიაურთა სკოლასა და აღმოსავლურ სკოლებს შორის «ურთიერთობაზე» იგება.
აქ შეხვდებით შირაზელ მხატვრებს, რომელთაც ჰორიზონტის ხაზი ნახატში მაღლა ასწიეს და ახალი სტილი შექმნეს მხატვრობაში; გაიგებთ, რომ მხატვრობა _ ესაა სიჩუმე გონებისთვის და მუსიკა თვალისთვის, რომ ალაჰისგან მხატვრისთვის ყველაზე დიდი წყალობა სიბრმავეა, რადგან მხოლოდ ბრმა მხატვრის მეხსიერებით შეიძლება გაიგო, როგორ ხედავს ალაჰი სამყაროს. მხატვარი ხომ მთელი ცხოვრება ხელს იწაფავს, რათა სიბერეში ხელმა თავისით დახატოს შედევრი. ეს კი მაშინ მოხდება, როცა სიბრმავის უკუნში მას თვალწინ ალაჰის გამოსახულება დაუდგება და მხატვარსაც შთაგონება ეწვევა.
რომანში ბევრი იმ უკანასკნელ ნახატზე ოცნებობს, რომელსაც დაბრმავებამდე დაათვალიერებდა, თვალის ჩინს მისი ცქერისას გამოეთხოვებოდა და ნახატის უსასრულო დროში გაუჩინარდებოდა. ზოგი კი თავისი ხელით ითხრის თვალებს, ნემსით, რათა მისი მოწაფე შემდეგ ამ ნემსის წვერზე შერჩენილ წვეთს ლუპით დააკვირდეს, «როგორც სევდიან სასიყვარულო სცენას».
ორჰან ფამუქიც ასევე ლუპით აკვირდება თავის პერსონაჟებს, თუმცა ისინი ხშირად გამოდიან ამ საჭვრეტი სივრციდან და გათავისუფლებულნი არც მკითხველს ერიდებიან და არც ავტორს. რომანის ბოლოს მოთავსებული პატარა ორჰანის დედის (შექიურეს) მონოლოგი ასეთი გათავისუფლების სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ და მასში თითქოს ავტორიც თავისუფლდება ამბისგან, რომლის თხრობაც ეს-ესაა დაასრულა:
«ჩემი ორჰანი _ საბრალო, მუდამ ნერვიული, შეურიგებელი და უბედური; მას არ ეშინია, როცა ვინმეს უსამართლოდ აძაგებს ხოლმე. ამიტომაც არ დაუჯეროთ, თუკი ყარას უფრო დაბნეულს აღწერს, შევქეთს კი უფრო ბრაზიანს, ვიდრე სინამდვილეში. არც ისეთი ლამაზი და თავნება ვარ, როგორც წიგნში და ასეთი მძიმე ცხოვრებაც არა გვქონია. რას არ მოიგონებენ, რომ ამბავი უფრო საინტერესო იყოს და ჩვენც დავიჯეროთ ეს ყველაფერი».
წერილი ერთი ეპიზოდით მინდა დავასრულო ორჰან ფამუქის რომანიდან. ამ ეპიზოდში ოსტატი ოსმანი ჩვენს ქალაქს იხსენებს: «აჰ, ტიფლისი, იქ ახლა ალბათ თოვს!» და დასძენს, «როცა ტიფლისის ციხეში თოვლი მოდის, ქალები ყვავილებზე მღერიან ხოლმე, ბალღები კი თოვლს ბალიშის ქვეშ მალავენ _ ზაფხულისთვისო». ორჰან ფამუქმაც, როგორც ჩანს, ეს გადამალული თოვლი იპოვა თავის წარმოსახვაში, თოვლი კი წიგნად გადნა და თბილისშიც ჩამოაღწია, იმ ბალღების შორეულ მემკვიდრეებთან.

study
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მალხაზ ხარბედია Empty
PostSubject: Re: მალხაზ ხარბედია   მალხაზ ხარბედია EmptyWed Dec 16, 2009 1:22 pm

მალხაზ ხარბედია Aaasaa10

მალხაზ ხარბედია - ალტერნატიული ტფილისის ისტორია

ხორხე ლუის ბორხესი
ტფილისი

რა არის ტფილისი?
ეს პირველ რიგში მეიდანია, სადაც დაღლილი აქლემები კლდეს აჰყურებენ.
ესაა ცეცხლების ლაბირინთი, რომელიც მამადავითიდან გადაიშლება.
სახრჩობელა მახათაზე და ცაცხვის ხე ვაკეში, ტრამვაის წრესთან. სიკვდილი და ჩრდილი, თაკარა მზე და სიგრილე.
ქოხებიანი გრძელი ქუჩა, რომლის მოქცეულ სახურავებსაც ჩამავალი მზის ბოლო სხივები ეცემა.
ეს ფოტო 1978 წელსაა ტფილისში გადაღებული. მაშინ იტალო კალვინოსა და ხორხე ლუის ბორხესს Zakaria Chichinadze Memorial Lectures-ის ფარგლებში სამ-სამჯერ მოუწიათ ტფილისურ კათედრასთან მისვლა
ტივების მისადგომი და ბევრი, ბევრი წისქვილი მტკვრის ნაპირებთან.
ჭიშკარი ბაღის ქუჩაზე, რომლის წინაც დაყუდებულმა ერთხელ მთელი ღამე გავათიე.
ერეკლე მეფის ბრინჯაოს ძეგლი, ღამით რომ პედესტალიდან ჩამოდიოდა ხოლმე და მუხრანის ხიდთან მტკვარში ხტებოდა, სადგაფუნოდ.
ტფილისი მოგონებად ქცეული ხმალია და მიწად ქცეული გალავანი.
ვიტრინა, სადაც უკანასკნელად ჩაიხედა ვაკელმა მაიამ.
დაკეტილი კაფეები, კაფეების თავზე გამოღებული ფანჯრები და კაფეს მეზობლების ღამეული გადაძახილები.
ტფილისი ქალაქია, სადაც ამბობენ, რომ სიკვდილი არ არსებობს.
აქ, მტკვრის კალაპოტში, ადრე გველეშაპი იყო გაწოლილი, დღეს კი ამ კალაპოტში დრო მიედინება. დღეს უკვე ერთ მტკვარში ორჯერ ვეღარ შეხვალ.
ტფილისი ბუკინისტია, ვისთანაც ყოველდღე ახალ საიდუმლოს ნახულობ.
მე დავიწყე ტფილისის გადაფურცვლა.


Last edited by Admin on Fri Jan 15, 2021 7:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Guest
Guest



მალხაზ ხარბედია Empty
PostSubject: Re: მალხაზ ხარბედია   მალხაზ ხარბედია EmptyWed Dec 30, 2009 12:19 pm

მკითხველი გამთენიისას; რეზო გაბრიაძის "საშობაო მოთხრობა"

რაღაც საშობაო მინდოდა დამეწერა და რადგან განწყობა ვერა მაქვს მაინცდამაინც საშობაო, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ერთი ძველი სტატია გამეცოცხლებინა საშობაო თემაზე დაწერილი. თან რადგან ქუთაისში ხდება რეზო გაბრიაძის ამ მოთხრობაში მოქმედება, მინდოდა ამ წერილითაც კიდევ ერთხელ გამეტარებინა ჩემს გულში ქუთაისური ტრაგედია, თუმცა ამჯერად ლამაზ, ყოფით ზღაპრად. ეს რამდენიმე დღეა ძალიან მთრგუნავს დედა-შვილის უბედურება, ამიტომ ამ წერილს მათ და დედაჩემის მშობლიურ ქალაქს მივუძღვნი.

ამ მოთხრობის წერა თვრამეტი წლის წინ დაუწყია ავტორს და ხუთ ქალაქს შორის "გამოკიდულს" დაუსრულებია მასზე მუშაობა. თან წერდა, თან კი რენს, ნამურს, ლონდონს, პარიზსა და ლოზანას შორის მიმოდიოდა თავისი პროფესიიდან გამომდინარე. ამის მიუხედავად, მწერალს არაფერი მიუთვისებია ამ ხუთი ქალაქისა და მოთხრობასაც მხოლოდ ერთი ქალაქის, ქუთაისის, ხვავრიელი და სველი თოვლი ავსებს. ეს თოვლია ყველა ამ ევროპულ ქალაქს რომ ფარავს, ათანაბრებს და აქრობს. რჩება ერთი, ამ თოვლის ფიფქივით ნაზი მოგონება, - ბავშვობიდან გამოყოლილი - ზღაპრული მოგონება შორეული, ტკბილი ქრისტეშობისა.

წიგნს სამი მთავარი გმირი ჰყავს, შესანიშნავი სამეული.

პირველი ჩიტოა - ადამიანი-მანქანა, ოდესღაც ჩრდილოეთის ფლოტში რომ მსახურობდა სუბმარინაზე და კვირაში ერთხელ "გულით დაწერილ წერილს" რომ უგზავნიდა საყვარელ ცისანას. ქუთაისში დაბრუნებულმა ჩიტომ თავის საუკეთესო მეგობართან, როლანდისთან ერთად ნახა ცისანა - "ზიმ-მასკვიჩით" გამოსრიალდნენ პედინსტიტუტიდან. ჩიტოს ფეხები მოეკვეთა, ჩაჯდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ამოქოქა თავისი წარმოსახვითი მანქანა და ბალახვნისკენ ჩაუხვია.

ამ ამბის მერე ჩიტო სულ აღმა-დაღმა დაადრიგინებდა თავის ჩიტო-პაბედას, "მძღოლები პატივს ცემდნენ, გზას უთმობდნენ, 1 მაისს აბგონზედაც უშვებდნენ... თბილისის მატარებლის მოსვლისას ჩადგებოდა ზადნით ტაქსებში ვაგზლის მოედანზე და ისე იმნაირად გააღებდა კარს და ისე იმნაირად გადმოვიდოდა მანქანიდან, რომ იფიქრებდი, ეგების მართლა დგას აქ მანქანა და მე ვერ ვხედავო". ჩიტოს ვერც დედისა და მეზობლების ცრემლისღვრამ უშველა, ვერც მკითხავებმა და ვერც ჩვენი სამეულის მეორე წევრმა, ექიმმა იაკობმა, ანუ ბატონმა იაშამ, ვისაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრება გამოძახებად ექცა - ხან არაუშავს ადგილებში და ხანაც გადასაკარგავში; და ვინაც ამ თავის პაციენტებზე გადამკვდარი "ხახვის სუნსაც ვერ აყენებს ოჯახში შობაზე". მესამე გმირი კი ერმონიაა, ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი ქუთეისელი ანგელოზი რეზო გაბრიაძის წინა წიგნიდან.

ამბავს კი ავტორი ასე იწყებს: ბატონ იაშასთან ჩიტო-პაბედა მიდის და თორმეტი გამოძახებით გათანგულ ექიმს კიდევ ერთგან ექაჩება. ჩასვამს თავის პაბედაში - სჩასტლივი ნომრით гк 49-54 - დაქოქავს და "წეიყვანს" ექიმს "საცხა", გადაკარგულში. აქედან მოყოლებული ყველაზე ფხიზელს და რაციონალურს რომ ეძახიან, ისეთი მკითხველიც კი ამ ფანტასტიკურ მცირე თავგადასავალში ერთვება, ყველაფერს ვიჯერებთ, ყველაფერს ვენდობით და ავტორიც ისე იმნაირად გვაჩვენებს და გვასმენინებს ჩიტო-პაბედას წარმოსახვით "დრმ-დრმ"-ს, რომ თავად რეზო გაბრიაძეც ამ სიზმარეული სამების მეოთხე წევრად შეგვიძლია აღვიქვათ.

ნაწარმოებს მთლიანად ჩიტოს წარმოსახვა განსაზღვრავს - მის სტრუქტურასაც და ესთეტიკასაც - იმდენად, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ავტორის ხმაც ამ "გლახაობას" უერთდება. ყოველ შემთხვევაში, წერის რეზო გაბრიაძესეული, განუმეორებელი მანერა არც დროს გვიტოვებს და არც სივრცეს, იმისთვის, რათა სერიოზულად ჩავუფიქრდეთ ამ კაცის ბედს, რეალობად აღვიქვათ მისი ავადმყოფობა, რადგანაც სწორედ ამაში, სევდის ასეთ გაელვებებშია (რომელიც მთლიანად გამსჭვალავს წიგნს) ავტორისა და, ზოგადად, პოეტური პროზის ეშხი და ლაზათი.

ჩიტო ხან დვორნიკებს ამუშავებს, ხანაც რადიოს უწევს და გული უკვდება მშრომელთა თხოვნით გადმოცემულ სიმღერებზე. ხან ბრჭყვიალა შარიკით რთავს სიჩქარეში და იქვე შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონიასაც (!!!) აყოლებს ხმას (შოსტაკოვიჩის "გულობიზა" ერთხელ კინაღამ მოუკლავთ კუპრავას ქელეხში) და ეს ყველაფერი თავისი გაუთავებელი დრმ-დრმ-ის ფონზე. ჩიტოს ამგვარი საქციელი ექიმს იმასაც ათქმევინებს, გიჟს როგორ ჩავუჯექი მანქანაშიო და იქვე დასძენს: "ხომ მათქმევია მაინც, რომ მანქანაში ვზივარ!"- ო. ერთი სიტყვით, ყველა ჩიტოიანურ, წარმოსახვით ფერხულში ებმება და ამ ყველას არც ავტორი ჩამორჩება. მართალია, ექიმი, ბატონი იაშა, ერთხელ აღიმაღლებს ხმას ("მანქანა თუ ხარ, სადაა შენი ბორბალი! ეს დამკრატი არაა! ეს თავია! უტვინო თავი! არ ხარ შენ პაბედა! არც ერთი მანქანა არ ხარ შენ! გიჟი ხარ! გიჟი!") და წამოარტყამს კიდეც ჩიტოს, მაგრამ სამაგიეროდ, ცოტა ხანში თავად დაემართება ისეთი რამ, რაც მეორე პლანზე გადაიტანს ჩიტოს "სუნელურ" საქციელს. ეს მერე მოხდება, როცა დასველებული, დაგლახავებული და დამონავებული ჩიტო ბებერს დაემსგავსება, "ფართოდ დამდგარი თვალებიდან" ორ ნაკადად წამოუვა ცრემლი და სადარბაზოდან გავარდნილს ქარი წაიღებს წუილით.

აქ უკვე მეორე თავი იწყება, წიგნის ყველაზე ლირიკული და სევდიანი ნაწილი სახელად "დაუვიწყარი ტანგო".

წარმოიდგინეთ, ჩიტოს "დატუქსვის" შემდეგ ექიმი დაეცემა და სადღაც ჩასრიალდება. როცა დარწმუნდება რომ ცოცხალია, წამოდგება ("ხელებით აჰყვება იქვე მდგარ ტანად ხეს"), თეთრად განათებულ "მოღუნულ ბილიკს" გაუყვება და სასაფლაოზე აღმოჩნდება. მის თვალწინ "პატარა, გულისმომკვლელად ნაცნობი, ღარიბი საფლავი დაიდგა ჩუმად და ნაზად". ეს მისი ცოლის საფლავია, საბრალო ნუნუსი, ვინაც ყველაფერი კარგი, რაც იყო, თან წაიღო რკინიგზის საავადმყოფოს მეშვიდე პალატიდან. სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი გაელვება, უფრო სწორად კი ქროლვა სევდისა, რომელშიც ექიმის გარდა მისი გარდაცვლილი მეუღლეც მონაწილეობს. ნუნუს იაშას "ყიყლიყო" შეძახილები გამოიხმობს, მის მოწოდებას გამოჰყვება ("სადა ხარ, სად?! მომენატრე!", "ძვლებში შედის სევდა, ნუნუ! ჩემო ნუნუ!")... და "ნელ-ნელა, ძალიან ნელა, ძელქვის უკნიდან დამცინავი ღიმილით გამოვიდა ნუნუ. პატარა, ნაზი ქალი თლილი ფეხებით. მკრთალი ცისფერი კრებდეშინის კაბა ეცვა ვიტოჩკებით, ოდნავ ყვითელი ქამრით, ასეთივე ვიწრო ზოლით ქვეიდან. პატარა ატმისფერი რომბიკებით". ნახეთ, როგორი კონკრეტიკაა! (თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ლიტერატურაში, იდუმალისა და შორეულის სწორედ ამგვარი დაკონკრეტება მიზიდავს ხოლმე ყველაზე მეტად) და ამ გამოსვლას კიდევ უფრო დეტალიზებული ტანგო მოჰყვება, ცეცხლოვანი, "ელვასავით ტეხილი, სიკვდილივით ულმობელი ტანგო!", სადაც ისე ერთვება კარგი მკითხველი, რომ ვერც კი ამჩნევს ავტორის "ულმობელ" შენიშვნას: "ასეთი ტანგო იცეკვა ექიმმა იმ მცირე დროში, რომელსაც ვერც ძილს და ვერც ჩათვლემას ვერ დაარქმევდი."

კარგი ლიტერატურა ყოველთვის ძილ-ღვიძილის ზღვარზე გამყოფებს, ნისლოვანს ხდის სიტყვიერ გამოსახულებას და მას მხოლოდ ავტორის ფიქრთა ქროლვა თუ გააანკარებს ხოლმე. ასეთი ანკარა და საჩინოა რეზო გაბრიაძის მიძღვნა, წიგნს რომ ასრულებს. მასში უკვე მკაფიოდ ისმის ავტორის ხმა, თავის მეზობლებს, ექიმებს, გიორგი ლორთქიფანიძესა და გიორგი გელოვანს რომ იხსენებს, იხსენებს თავის დას, "თითქმის ნახევარი საუკუნე რომ უძღვნა ამ საქმეს", მშობლიურ ქალაქს, რომლის სიყვარულიც მუდამ თან დაჰყვებოდა. ავტორი ჩვენს ულმობელ დროსაც შეეხება. უპატივცემულობით, უთანხმოებითა და "გაყრა-განშორებით" აღვსილ ურწმუნო დროს და ჩვენი წინაპრების წესსაც გვახსენებს, შობას და აღდგომას პატიებას რომ თხოვდნენ ერთმანეთს.

ზემოთ სევდის გაელვებები ვახსენე. როგორც გითხარით, ეს მოთხრობა სავსეა ასეთი გაელვებებით და ამგვარი ქროლვა მანამ გრძელდება, სანამ წიგნის ბოლოს მოკრძალებული საშობაო სუფრა არ გაიშლება და სანამ გამთენიისას, ზარების ხმით განწმენდილი და განათლული ჰაერი არ წამოუბერავს მკითხველისკენ. განთიადი და მკითხველი, აქ, შემთხვევით როდი მეზობლობენ. ამ წიგნზე თავჩახრილ კარგ მკითხველს მართლა დაათენდება თავზე და თოვლიან ქარში "გადაგდებული" გმირებივით, იქნებ ჩვენც მივაგნოთ ჩვენს პატარ-პატარა ჭეშმარიტებებს. ასეთ ჭეშმარიტებაში კი იმ ციცქნა, ლამის უხილავ სიბრძნეს ვგულისხმობ, რომელიც რეზო გაბრიაძის ნაწერში ყოველთვის მოჩანს ხოლმე.

cyclops

მალხაზ ხარბედიას ბლოგი
Back to top Go down
Guest
Guest



მალხაზ ხარბედია Empty
PostSubject: Re: მალხაზ ხარბედია   მალხაზ ხარბედია EmptySun Jan 10, 2010 11:43 am

ინტერნეტ-მეკობრის ჩანაწერები - 3

09.01.2010
მალხაზ ხარბედია

“უბიწოების მუზეუმი”, ორჰან ფამუქი (2008)

ამ წერილს “ბოსფორელი ფლობერიც” შეიძლებოდა რქმეოდა. ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი ფამუქის რომანის ბოლო ეპიზოდს წაიკითხავთ და ამ რომანის შესახებ The New York Times-ში დაბეჭდილ ერთ რეცენზიას - გადაავლებთ თვალს. რეცენზიას “ბოსფორელი ლოლიტა” ჰქვია. ამერიკელებმა ხომ ყველაფერთან რაღაც გაცვეთილი ბმული უნდა გააბან?! არადა, რომანის ორ მთავარ გმირს, ქემალსა და ფიუსინს შორის ასაკობრივი სხვაობა გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე ჰუმბერტ-ჰუმბერტსა და ლოლიტას შორის (ქემალი 30-ისაა, ფიუსუნი 18-ის). და ფლობერი რაღა შუაშია? რა და ქემალს ფლობერის ერთი უცნაური ვნება ახასიათებს, რაზეც ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ.

ორჰან ფამუქის ბოლო რომანი “უბიწოების მუზეუმი” (2008) დასავლურ ენებზე სულ ახლახან გამოვიდა, სწორედ ამიტომ მოხვდა იგი ჩვენს მიმოხილვაში, აშშ-ში წიგნი გასული, 2009 წლის 20 ოქტომბერს გამოჩნდა, რუსეთში - აგვისტოში. ყველას, რა თქმა უნდა, გერმანელებმა დაასწრეს, რომლებმაც ჯერ კიდევ შარშანწინ თარგმნეს “უბიწოების მუზეუმი”.

მოქმედება 1975 წლიდან იწყება, როცა ლამაზი გამყიდველის, ფიუსუნის ვნებიანი სიყვარული წარჩინებულ ოჯახიშვილს, ქემალს, ყველაფერს დაავიწყებს: თავის დანიშნულსაც, მეგობრებსაც, მამასაც, ვისგანაც დიდ მემკვიდრეობას ელის. მალე ყველაფერი ცუდად ვითარდება, გოგონა შორდება ქემალს, მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ იგი სხვა ქალზეა დანიშნული და იწყება “დევნის” 9-წლიანი ისტორია, როცა ქემალი ურთიერთობების აღდგენას ცდილობს და რომლის დროსაც იგი თავის მიჯნურთან დაკავშირებული მოგონებების გროვებას იწყებს, უფრო სწორად, იგი პარავს ფიუსუნს ნივთებს, და აგროვებს იმ უმნიშვნელო რაღაცებს, რომლებიც ნელ-ნელა ყველაზე მნიშვნელოვნად იქცევა და შეავსებს მის ცხოვრებას.

მის კოლექციას ამშვენებს: საცვალი, თმის სარჭი, ფინჯანი, რომლიდანაც ფიუსუნი სვამდა, საყურე, სიგარეტის ნამწვი, საწრუპავი, კომშის სახეხი... ყველა ამ “ექსპონატიდან”, მათი სიყვარულის ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, “უბიწოების მუზეუმი” იქმნება და ქემალი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ ეს საგნები შეიძლება თხრობის მთლიანმა ხაზმა გააერთიანოს, როგორც არისტოტელესთან დრო აერთიანებს წამის გაელვებებს და შესაბამისად რომელიღაც მწერალმა ამ მუზეუმის კატალოგი დაწეროს, როგორც რომანი. სწორედ ამ მიზნით, უკვე რომანის ბოლოს, ჩნდება ნაწარმოებში თავად ავტორი, ორჰან-ბეი ფამუქი და მასთან ერთად ფლობერის აჩრდილიც.

ქემალი და ორჰან-ბეი ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ მწერლების მუზეუმებზე, იმაზე, რომ დოსტოევსკის სახლ-მუზეუმში, პეტერბურგში, ნამდვილი მხოლოდ დოსტოევსკის შლაპა ყოფილა, შემდეგ პრუსტს, ნაბოკოვს, სპინოზასა და სტრინდბერგსაც გადაწვდებიან და, ბოლოს, ფლობერის ერთ უცნაურობას ახსენებენ, რომელიც მწერალს პირად წერილში წამოცდენია. ეს უცნაურობა მის სატრფოს, ლუიზა კოლეტს უკავშირდება, ვინაც შთააგონა ფლობერს “მადამ ბოვარის” დაწერა და ვის ნივთებსაც, თმის კულულებს და ა.შ. მწერალი სათუთად ინახავდა, ზოგჯერ კი სატრფოს ფეხსაცმელს ამოიღებდა, იატაკზე დააწყობდა და ვნებით წარმოიდგენდა ხოლმე საყვარლის მოძრაობებს.

“უბიწოების მუზეუმი”, როგორც ფამუქის თითქმის ყველა სხვა რომანი, ქალაქური რომანია. აქ სტამბული ერთ-ერთი გმირია, ქალაქი, სადაც იკარგებიან, ან ხელახლა ჩნდებიან. გახსოვთ, ალბათ, განშორებები და გაუჩინარებები “შავი წიგნიდან”, “მე მქვია წითელის” იდუმალი პაემნები, ვიწრო ქუჩები, იქაც განშორება და მელანქოლია, ასევე - ტანჯვა, “თოვლი”, ზამთრის ყარსი, ძველი შეყვარებულების შეხვედრა, კვლავ განშორება, ფიქრი, დევნა.

სადაც უნდა იყოს ორჰან ფამუქი (ის კი ბოლო წლებში სულ უცხოეთში ცხოვრობს, ჯერ განათლებას იღებდა იქ. სომხების გენოციდის აღიარების შემდეგ განსაკუთრებით დაშორდა სამშობლოს და ახლა ლექციებსაც კითხულობს კოლუმბიის უნივერსიტეტში), იგი სულ მუდამ თავის ქვეყანას უბრუნდება, მუდამ სტამბულის რუკა უჭირავს ხელში და წარმოსახვით მის ქუჩებში დახეტიალობს, იხსენებს დეტალებს. რასაც ვერ იხსენებს, იგონებს.

ისევე, როგორც ქემალის “მუზეუმში”, სტამბულშიც ყველაფერი მოგონებებითაა სავსე, ქალაქი პირად მუზეუმად იქცევა, საცავად (გაიხსენეთ “შავი წიგნის”, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონაკვეთი, სადაც ბოსფორის ფსკერია აღწერილი, ჩაძირული განძეულობით თუ უბრალო ნივთებით, მწვანე კალმისტრით, შავი "კადილაკითა" და ბოთლის თავსახურებით. მწერლის კალამი აქ კამერასავით მოძრაობს და მისი მეშვეობით სიბნელიდან ამოანათებენ, ოქროს საყურეები, ნიჩბებზე მიბმულ მონათა ჩონჩხები, სათვალეები და ქოლგები, გერმანული ჯავშნოსნის ღუზა, აბჯარასხმული უძველესი რაინდები, რომლებიც ფსკერზეც კი ცხენებზე არიან ამხედრებულნი და მრავალი სხვ.).

ორჰან ფამუქის ეს რომანიც ასეთივე საცავია, უფრო სწორად, საცავის კატალოგი, სადაც, მწერლის ვნება - ყველაფერი ჩამოთვალოს და მინაწერი გაუკეთოს ნივთებს, ექსპონატებს, - ზღვარს აღწევს. “უბიწოების მუზეუმში”, როგორც რომელიმე ლუვრში, ძალიან ბევრი კარია (წიგნი 83 თავისგან შედგება) და მკითხველსაც სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მოლოდინით სავსე სიფრთხილით გამოაღოს ისინი.

"უბიწოების მუზეუმის" რუსული თარგმანი

---
გადმოტანილია აქედან...
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მალხაზ ხარბედია Empty
PostSubject: ციებ-ცხელება თუ შეფასებები?   მალხაზ ხარბედია EmptyFri Mar 05, 2010 11:09 pm

ციებ-ცხელება თუ შეფასებები?

27.02.2010
ავტორი მალხაზ ხარბედია


ბოლო ერთი თვის მანძილზე ბევრმა რამემ გამოჟონა სელინჯერის პირადი ცხოვრებიდან, ერთმა მისმა ძველმა მეგობარმა სახელდახელო მოგონებებიც დაწერა, სადაც ჩვენთვის უცნობი სელინჯერი დავინახეთ, იმ პერიოდისა, როცა იგი უკვე ძალიან დაშორებულიყო ამა ქვეყნის ამაოებას. მოგონებებში სელინჯერის რამდენიმე გამონათქვამმაც გაიჟღერა, ერთ-ერთში იგი თანამედროვე მწერლებს ეხებოდა: ,,არა, მწერლები აღარ არსებობენ, მარტო საკუთარი წიგნების გაყიდვაზე გამწარებულ მდარე ადამიანებს და მოლაყბეებს ვხედავ’’.

თანამედროვე დასავლურ ლიტერატურას რომ გადავხედოთ, მართლაც აღმოვაჩენთ, რომ ბევრი მწერალი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს წიგნის გაყიდვაზე, ვიდრე მის წერაზე და ტურნეები უფრო მეტ დროს იკავებს, ვიდრე წიგნზე მუშაობა. მწერლებს ბევრ რამეზე უწევთ ლაყბობა, ხშირად გამოთქვამენ საკუთარ აზრს ისეთ რაღაცეებზე, რაც სინამდვილეში არ აინტერესებთ, უხდებათ მკითხველის დაშოშმინება, ყალბი ოპტიმიზმის დანერგვა, თვალში ნაცრის შეყრა... ამის გამო ისინი, რა თქმა უნდა გაცილებით მდარეები ჩანან, ვიდრე მათი წიგნებია, სულ მალე კი მათი წიგნებიც ავტორის გამონათქვამებს ემსგავსებიან.

რა თქმა უნდა, სელინჯერის ეს სიტყვები ნაწილობრივ ქართველ მწერლებსაც ეხებათ, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ჩვენთან ბევრ მწერალს ძალიან უჭირს აზრის ჩამოყალიბება, მათ ინტერვიუებში სანთლითაა საძებარი ჭკვიანური ნათქვამი და ქართველ მწერალთა უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელაც კი არ უცდია, საკუთარ კოლეგაზე, ანუ სხვა მწერალზე, რამე დაეწერა, არა ვალმოსახდელი სადღეგრძელო, არამედ რამე, სადაც მისი, როგორც მკითხველის ნამუშევარი გამოჩნდებოდა.

სელინჯერის სიტყვები თანამედროვე ქართულ მწერლობას უფრო იმაში ეხმიანება, რასაც „საკუთარი წიგნების გაყიდვაზე გამწარება“ გულისხმობს და ეს „გამწარება“ ჩვენში პიკს ახალი წლის პირველ თვეებში, იანვარ-თებერვალ-მარტში აღწევს ხოლმე. რატომ? იმიტომ, რომ ლიტერატურული პრემია „საბა“ ახლოვდება და ავტორები გადარბენებში არიან.

შევეცდები, უფრო დეტალურად დავახასიათო, რა იგულისხმება „გადარბენებში“.

სამჯერ თუ ოთხჯერ მომიწია პრემია „საბას“ ჟიურიში ყოფნამ და უკვე კარგად ვიცი, ვინ როგორ ემზადება პრემიისთვის. ჩაწყობის მცდელობებზე და სხვა სახალისო ამბებზე ახლა არ მოვყვები, უბრალოდ ერთ ქართულ, ეროვნულ საგამომცემლო ტექნიკას მინდა გაზიაროთ, რომელიც ბოლო წლებში სწორედ „საბას ხათრით“ დამკვიდრდა საქართველოში.

ანუ რა ხდება? რა და წელი დამთავრდება თუ არა, იწყება ფუსფუსი და ზოგიერთ გამომცემლობაში რიგები დგება ხოლმე, სახელდახელოდ კრეფენ და აკაბადონებენ წიგნებს და სახელდახელო ტირაჟებით (100–150 ცალი) გამოიცემა, რომელთაც ყველას რატომღაც 2009 წელი აწერია, არადა აშკარად 2010 წლის პირველ თვეებშია დაბეჭდილი. დარწმუნებული ვარ, მარტის განმავლობაშიც გამოჩნდება არაერთი ახალი წიგნი, რომელიც 2009 წლით იქნება აღნიშნული და საბას ჟიურიც, იძულებული იქნება თავის ლისტებში ჩასვას ეს წიგნები.

გაცილებით მარტივი იქნებოდა, საკონკურსო წიგნების მიღება 30 დეკემბერს რომ მთავრდებოდეს, ჟიური კი იანვარშივე იწყებდეს მასალაზე მუშაობას და მკაცრად იკრძალებოდეს ყოველგვარი გამონაკლისის დაშვება.

თუმცა, რომ ვუკვირდები, არც ეს გამოსავალი იქნებოდა მარტივი. „მშობლიური“ სპეციფიკიდან გამომდინარე, მგონია, რომ პრემია „საბამ“ კიდევ უფრო უნდა გაართულოს ნაწარმოებების შერჩევისა და პრემირების პროცედურა, ჩამოაყალიბოს ზეპირი თუ წერილობითი რეცენზირების სისტემა, გაასაიდუმლოს ჟიურის წევრთა ვინაობა. კარგი იქნება, თუკი ჟიური, საერთოდაც, საფეხუროვანი იქნება და მხოლოდ 5 ადამიანის პასუხისმგებლობაზე არ იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება.

სხვა საკითხია მთელი წლის მანძილზე პრემიის საინფორმაციო უზრუნველყოფა. ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამარჯვებულების, არამედ ე.წ. „შორტ-ლისტებში“ მოხვედრილი ავტორების წინ წამოწევა, მათთან ინტერვიუები, რომლებიც სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში დაიბეჭდება. კარგი იქნება, თუკი ყველა ამ ნაწარმოებზე დაიწერება არა შიდა, არამედ პრესისთვის (შესაბამისად, ფართო მკითხველისთვის) განკუთვნილი რეცენზიები, გაიმართება მრგვალი მაგიდები, შედგება კითხვარები, რომლებიც დაეგზავნებათ ლიტერატორებს და სხვ.

დარწმუნებული ვარ, ლიტერატურული პროცესი გაცილებით უფრო საინტერესო გახდება, თუკი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული პრემიის ყველა ნომინანტს ჩავრთავთ საქმეში, ანუ თითო ნომინაციიდან ერთს კი არა, რამდენიმე ავტორს გავაცნობთ მკითხველს. ამით მედია ავტორსაც დაეხმარება, მკითხველსაც, გამომცემლობასაც და შესაბამისად გამოირიცხება ისეთი ნომინანტის „გაყვანაც“, რომელზეც არავის არაფერი აქვს სათქმელი.

კარგია, როდესაც მწერლებს და გამომცემლობებს სურვილი აქვთ, პრემიებზეც წარადგინონ თავიანთი ნაწარმოებები. ცუდია, როდესაც მხოლოდ პრემიისთვის გამოიცემა წიგნები.

საერთოდაც, დროა თანამედროვე ლიტერატურული პრემიები ციებ-ცხელების რეჟიმიდან შეფასებისა და დასკვნების რეჟიმში გადავიდეს.

Wink
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6730
Registration date : 09.11.08

მალხაზ ხარბედია Empty
PostSubject: Re: მალხაზ ხარბედია   მალხაზ ხარბედია EmptyFri Jan 15, 2021 7:05 pm

მალხაზ ხარბედია

შეთხზული „მე” – მწერალი და ავტობიოგრაფია

ყველასთვის ძალიან ნაცნობ თემაზე ვაპირებ წერას. მწერლის „მე”-ზე, და მის ერთ-ერთ უმთავრეს და უცნაურ გამოხატულებაზე, ავტობიოგრაფიაზე. არამხოლოდ დაწერილზე ან დაბეჭდილზე, არამედ ზეპირ ავტობიოგრაფიაზეც, ქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ ავტობიოგრაფიას ქმნიან. მომავალში ასევე შევეხები ალბათ იმ აუარება „მე”-ს მწერლებისას, რომლებმაც ბოლო წლებში გადაავსეს სოციალური მედია, ინტერნეტ სივრცე, ბლოგების ვირტუალური თაროები. „მე”-ებს, ვინც ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდნენ, გაიზარდნენ, შეიქმნეს ბიოგრაფია, წარსული, მოხაზეს მომავალი, გაუჩნდათ ან გაიჩინეს ბზარები, ტკივილები, შემოიკრიბეს ან დაივიწყეს ისტორიები, ადამიანები, ფასეულობები. ზოგი საკუთარი თავის გამორკვევას ეცადა, სხვები კი ანტიკური ეპოსის გმირებივით, ღრუბელში და ნისლში გაეხვია. ოღონდ ღმერთის ან ქალღმერთის დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი მონდომებით.

ამ წერილში (თუ წერილებში) ტექსტები ნაკლებად იქნება, უფრო მეტად ავტორი გამოჩნდება, ავტორი, როგორც ტექსტი. ძველი და ახალი ავტორები, ტრადიციული და ახალი ავტობიოგრაფიები, ღია, გახსნილ მედიაში ჩამოყალიბებული, ფოტოთი, პროფაილით, CV-ით და მთელი ამბებით.

უნდა ვაღიარო, რომ ავტობიოგრაფიებისადმი ეს ინტერესი რამდენიმე წლის წინ ხელახლა გამიღვივა ერთმა უნიკალურმა წიგნმა, რომელიც ერთდროულად ამ ჟანრის სუფთა საცავსაც წარმოადგენს და უზარმაზარ ქრესტომათიასაც ჟანრის პოეტიკის საკვლევად. ესაა 2013 წელს „ლიტერატურის მუზეუმის” მიერ გამოცემული ბრწყინვალე ორტომეული, „მწერალთა ავტობიოგრაფიები”: 1600–ზე მეტი გვერდი საერთო მოცულობა, 300-ზე მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფია XIX-XX საუკუნეებიდან – იდეალური მასალა ქართველი მწერლების ბიოგრაფიული და არა ტექსტუალური, გამოგონილი პორტრეტების შესასწავლად.

ზემოთ „ხელახლა” ვახსენე და უნდა ვთქვა, რომ ეს ინტერესი ავტობიოგრაფიებისადმი ადრეც მქონდა. დაახლ. 20 წლის წინ ფილიპ ლეჟენის სახელი პირველად გავიგე. იგი იყო და დღემდე რჩება ავტობიოგრაფიის, როგორც ავტობიოგრაფიის ჟანრის ყველაზე აღიარებულ მკვლევრად, ადამიანად, ვინც ლიტერატურის თეორიაში (და არა ტრადიციულ კრიტიკაში, სადაც ისედაც დიდი ადგილი ეთმობოდა ბიოგრაფიას) თავის დროზე თამამად შემოიყვანა ავტორის ფიგურა, მთელი თავისი გულახდილობით, და ეს იმ წლებში, როცა როლან ბარტის „ავტორის სიკვდილი” დაბალი ღრუბელივით იყო ჩამოწოლილი (1968–69 წლებში). მახსოვს 20 წლის წინ მისი ტექსტებიც ჩამივარდა ხელში, თუმცა იმ პერიოდში სხვა გატაცებებმა გადასძალა, როგორც ჩანს. მაშინ მეც უფრო მეტად ბარტი მაინტერესებდა. „ავტორის სიკვდილის” შესახებ იდეებით, როცა მოგინდებოდა, ერთი ხელის მოსმით გააქრობდი ავტორს და რჩებოდა წერა (L’ecriture), წერისას კი ხმის, ამოსავალი პირველწყაროს, „მე”-ს ცნება უკვე აღარ არსებობდა: „წერა – ბუნდოვანების, არაერთგვაროვნებისა და შეუსაბამობის ის სფეროა, სადაც იკარგება ჩვენი სუბიექტურობის კვალი, ესაა შავ-თეთრი ლაბირინთი, სადაც ქრება ყოველგვარი თვითიგივეობა, პირველ რიგში კი დამწერის სხეულებრივი იგივეობა”, – ასე განსაზღვრავდა ამ ამბავს ბარტი.

ახლა სხვა სიტუაციაა. ფილიპ ლეჟენის და მისნაირი მკვლევრების ინტერესთა სფერო იმდენად გაფართოვდა, რომ ფაქტობრივად უმართავი შეიქნა, რადგან სწორედ თვითიგივეობა, იდენტობა, სხეულებრივი თუ სიტყვიერი პრეზენტაცია გახდა დღეს მთავარი.

ბიოგრაფიამ, უფრო სწორად კი ავტობიოგრაფიამ, ახალი ძალები მოიკრიბა. პირადმა გვერდებმა სოციალურ ქსელში უსასრულო შესაძლებლობები გამოაჩინეს პიროვნების ნაკვთების გამოსაძერწად, მისი ფორმების შესავსებად თუ დასახვეწად. ერთი სიტყვით, „მე”-მ ახალი ძალით ამოიღო ხმა, პირველი პირის ნაცვალსახელები აგუგუნდნენ.

ნაცვალსახელი ვახსენე და მოდით, ცოტა ლინვისტიკაშიც ჩავიხედოთ და მოკლედ ვთქვათ, რას ნიშნავს „მე”.

დიდმა ენათმეცნიერმა, ემილ ბენვენისტმა XX საუკუნის 50–იან წლებში კარგად ჩამოუარა პირის ნაცვალსახელებს და თავის ადგილზე დააყენა სამივე პირი. „მე/შენ” ნამდვილ პირებად აღიარა და „ის” გამორიცხა ამ ჯგუფიდან. მან თქვა, რომ „მე” ყოველ ჯერზე შეიძლება სხვადასხვა ინდივიდს შეესაბამებოდეს, ერთადერთს და განუმეორებელს. „მე” საუბრის მომენტში არსებობს. „მე” ვარ ის, ვინც ახლა ვწერ ან ვლაპარაკობ. „მე” არ ვარ „ნიშანი” (ლინგვისტიკის ენაზე რომ ვთქვათ), არამედ ინდივიდი, ვინც საკუთარ თავს წარვადგენ ან ვყვები ჩემს შესახებ და ვარსებობ მხოლოდ კონკრეტულ სამეტყველო აქტში. აკაკი შანიძის „გრამატიკის საფუძვლებიც” რომ გადავშალოთ, იქაც ვნახავთ, რომ „მე” “ავთანდილსაც აღნიშნავს, ტარიელსაც, ფრიდონსაც, თინათინსაც, ნესტანდარეჯანსაც და სხვასაც, ოღონდ თავთავიანთი თვალსაზრისით და მხოლოდ მაშინ, როცა ისინი თავის თავს ასახელებენ”. მესამე პირს კი „არ-პირს” უწოდებს აკაკი შანიძე.

აქ ბევრი ნიუანსიცაა, მაგ. ინკლუზივისა და ექსკლუზივის („ჩვენ”-ში „მე” და „შენც” იგულისხმება და „მე” და „ის”-იც), ჩვენებით ნაცვალსახელებში კი პირველ პირთან ახლოს მყოფობაც შეიძლება აღინიშნოს („ამ”) და მეორე პირთან ახლო მყოფობაც („მაგ”). თუმცა ახლა ასეთი ჩაღრმავებების დრო არაა, მით უმეტეს, რომ ჩვენმა ძვირფასმა მასწავლებელმა, დამანა მელიქიშვილმა სტუდენტობისას იმდენი გვამუშავა ამ თემაზე (განსაკუთრებით ინკლუზივ-ექსკლუზივზე), რომ არსებობს საფრთხე, სულ სხვა მიმართულებით წავიდეს ეს წერილი. სიმართლე ითქვას, პირველი ნაბიჯები გადაიდგა კიდეც ამ მიმართულებით, რადგან მეც უკვე ავტობიოგრაფიაში შევტოპე სხვათა გულახდილობაზე საუბრისას.

ასე რომ, დავუბრუნდეთ ისევ ავტობიოგრაფიას და ვნახოთ, როგორ შეიძლება გადანაწილდეს და დაჯგუფდეს ჩვენი კლასიკოსების მიერ დანახული საკუთარი ცხოვრებები. ფილიპ ლეჟენზე და ბიოგრაფიულ თუ უპიროვნო ლიტერატურებზე საუბარი მომდევნო წერილისთვის გადავდოთ. კიდევ ბევრია ამ თემაზე სალაპარაკო და დასაზუსტებელი.

„ლიტერატურის მუზეუმის” მიერ გამოცემულ ზემოხსენებულ ორტომეულში შესული ტექსტებიდან ზოგი ძალზე ხატოვანია და დეტალური, სხვები კი მშრალი. განსაკუთრებით XX საუკუნის მწერლებს ეხებათ ეს, სადაც უმცირეს წვრილმანებში გვიწევს საჭირო ინფორმაციის ამოკითხვა. თავად ტექსტების სტრუქტურა კი ფორმალური თვალსაზრისით შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს:

შესავლები, სადაც ხანდახან ჟანრის ავკარგიანობაზეც წერენ ავტორები, წინაპრების ამბები, დაბადება, მშობლები, ნათესავები, ბავშვობა (მწარე თუ ტკბილი მოგონებები), აღზრდა, განათლება, შრომა, ბრძოლა და გზაზე დადგომა და რაც მთავარია, შემოქმედებითი ბიოგრაფია.



წინაპრები

წინაპრებზე, რა თქმა უნდა, ყველა სიამაყით, მოწიწებითა და მითოპოეტური შემართებით ლაპარაკობს. წინაპრებს უქებენ კაცთმოყვარეობას, ნიჭს, უნარებს, გაბედულებას, სიფიცხესა და დაუნდობლობასაც კი. ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი თავისი წინაპრების განათლებას უსვამს ხაზს (მეფის კარზე მდივნები ყოფილან) და ძველი გამოთქმა მოჰყავს: „თუმანიშვილები კალმით არიან დაბადებულებიო”.

გვარი და წარმოშობა კიდევ ერთი მიმართულებაა. ყველა წინაპარი როდი იყო თავისი შთამომავლების მოგვარე. ზოგიერთმა თავად დაუდეს გვარს სათავე ან გვარის შეცვლის მიზეზი გამხდარან. მაგალითად, შიო მღვიმელის (ქუჩუკაშვილის) წინაპრები ბობნაძეები ყოფილან და ახალციხის მაზრიდან გადმოსულან. ავტორი იქვე ჰყვება გვარი ქუჩუკაშვილის წარმოშობის ლეგენდასაც.

თედო სახოკიას პაპის მამა დადიანის კარზე მღვდელი იყო და ბატონი შეშასაც კი აზიდვინებდა მოძღვარს და ჭინჭარსაც აკრეფინებდა ხოლმე დიდმარხვაში, ვალად სდებია თურმე ეს საქმიანობა. ასე რომ, დიდი ხნის განმავლობაში სახოკიებს მეჭინჭრეებს (მეგრ. მეჭუჭელე) უწოდებდნენ. სახოკიების შორეული წინაპარი რაჭიდან ყოფილა, გამყრელიძე, რომელსაც მშობლიურ სოფელში კაცი შემოჰკვდომოდა და თავის გადასარჩენად გორდში (მაშინ ლეჩხუმს ეკუთვნოდა) გადმოსახლებულა, შეურთავს ცოლი და 4 ვაჟი გასჩენია, იმათაც მოუკლავთ ადამიანი (მაგ. დადიანის მოურავი ჩიქოვანი, რომელიც მათ დას ჰყვარობდა), გაქცეულან სამეგრელოში, მისულან მარტვილის ტაძარში და „ნიშნად მონობისა კისრით გამობმულან ტაძრის კარების ბოქლომზე”, რის შემდეგაც მარტვილის ტაძრის ყმებად ითვლებოდნენ და ხელშეუხებელნი იყვნენ. ხოლო გვარი გადაიკეთეს, ორმა ძმამ სახოკიები დაირქვეს, ორმა გახოკია.

გლეხი წინაპრების შესახებ, როგორც წესი, ნაკლები ინფორმაცია აქვთ, უფრო მეტი იციან თავადაზნაურული წარმოშობის მწერლებმა. ზოგიერთის ბებია ან ბაბუა შეიძლება აზნაურებს ეკუთვნოდნენ, მაგრამ „გლეხისგან არ გაირჩეოდნენ თავიანთი შრომითა და გარჯილობით”, როგორც მაგ. მარიამ გარიყულის დიდი ჯიხაიშელი ბებია, ვინც „დღე-ღამიან” მუშაობდა, უმოჯამაგიროდ, „განძიანი ოჯახი“ ჰქონდა და მას იქაური თავადებიც კი შენატროდნენ. იგი თავის აზრებს „ვეფხისტყაოსნის” ტაეპებით ასაბუთებდა თურმე.

აღმატებული სტილის თვალსაზრისით განსაკუთრებულია მწერალ ლადო მაჭავარიანის (დ.1893) წინაპრების ამბავი, რომლებიც ზესტაფონის სოფ. ილემიდან იყვნენ. ავტობიოგრაფია შემდეგნაირად იწყება: „დიდი მაჭავარიანები, ასე უწოდებდნენ ილმელებს. დიდი ზურაბი, ბაბუა ჩემი (აზნაური), ყველა თავადზე სახელგანთქმული, პოპულარული და გავლენიანი ყოფილა. დარბაისელი, დინჯი, მჭერმეტყველი – ასე ახასიათებდნენ მას თანამომსწრენი. თანამდებობით ის იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი. <…> ქუთაისის საკრებულო ტაძარში, გუბერნატორი, რომელსაც უნდა გამოეცხადებინა ბატონყმობის გაუქმების აქტი, საშიშ მდგომარეობაში ჩავარდნილა. აღშფოთებულ თავადებს უნდოდათ შუა გაეგლიჯათ, ან ნაკუწ–ნაკუწად ექციათ იგი. ამ დროს გაისმა ზურაბის მჭექარე ხმა. აბობოქრებული ზღვა თავადებისა ცხრება, მშვიდდება. „ერთი ძაღლი მე მაპატიეთო”, შესძახებს ერთხელ კიდევ ზურაბი, ჩაისვამს ეტლში, თითქოს მიწიდან ამოღებულ გუნერნატორს და გადაარჩენს მას”.

როგორია?! ხომ არის იმერული ეპოსივით?

იქვე ბებიასაც იხსენებს ავტორი: „ბებია ჩემი. საჩხერელი დიდი წერეთლის ქალი”.

წარმოშობით ჭიათურელი (გეზრულიდან) ბორის ჩხეიძის წინაპრები აზნაურები არ ყოფილან, და „არც ძიობდნენ, თუმცა ძლიერ დაიაზებით (პატივით, ცერემონიით) ინახავდნენ იმერეთის მეფის, სოლომონის სიგელს, რომლის ძალითაც აზნაურ ოთია ჩხეიძეს ებოძა სოფელი გეზრული საშვილისშვილო სამფლობელოდ”.

გურული გლეხი იყო იოსებ გრიშაშვილის პაპა დათია მამულაშვილი, რომელიც ბატონს გამოქცევია და ორთაჭალაში მებაღედ დამდგარა, „დაქორწინებულა ვინმე ლამაზ „იაგუნდაზე” და ჰყოლია ცხრა ქალ-ვაჟი”.

ეს გადაადგილებები, ბატონის თუ სხვათა მკვლელობები, გამოქცევები, ხატს შევედრებები, მონასტრის ყმობა, ახალი გვარის არჩევა და ა.შ. არაერთხელ გვხვდება ამ ბიოგრაფიებში: სვანეთიდან თბილისში ჩამოდიან, მესხეთიდან ქართლში გადმოდიან, იმერეთიდან კახეთში – ან პირიქით. ქვეყნის გარეთაც ახერხებენ წინაპრები დროებითი თავშესაფრის პოვნას.

სასეირო მოგონებები აქვს ბებია-ბაბუაზე დავით კლდიაშვილის შვილს, სერგო კლდიაშვილს. საყმაწვილო რომ აშორებოდა, ბებიას ახალშობილისთვის პირში წითელ ფხვნილში გალესილი წამალი ჩაუსხამს, „რომელმაც დროებით მომკლაო”, წერს სერგო კლდიაშვილი. საღამოს გამორკვეულა, რომ თურმე ცოცხალი ყოფილა ჩვილი. „საყმაწვილო ამშორდა, მაგრამ მას შემდეგ ენა მებმისო”, – ასკვნის ავტორი.

ბაბუა კიდევ უფრო ახირებული კაცი ყოფილა. როცა მოხუცებულა, წინასწარ კუბო მოუმზადებია და სარდაფში დაუდგამს. ბავშვს თურმე ძალიან ეშინოდა კუბოსი, მაგრამ, როცა შიგ ქათმებმა საბუდარი გაიკეთეს, გულზე მოეშვა თურმე და შეეჩვია.

სანდრო შანშიაშვილს ძალზე ხელგაშლილი პაპა ჰყოლია, შვილიშვილის მომავალზე მზრუნველი. სიკვდილის წინ მოუხმია, ქისა ამოუღია და 30 ოქროს თუმნიანი მიუცია, „შეინახე და საზღვარგარეთ წასვლას რო აპირებ, იქ მოიხმარეო. იქნებ ვეღარ გნახო. ჩემი სხეული ეხლა დასვენებას მთხოვს და აი, ეს არის სიკვდილიო”. ბაბუა მეორე თუ მესამე დღეს გარდაცვლილა.

მწიგნობარი კაცი ყოფილა ალიო მირცხულავას ბაბუა ნიკოლოზი, შეძლებული გლეხი. რუსული, თურქული და ბერძნული ენები სცოდნია, კარგი ბიბლიოთეკა ჰქონია, ლამის ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი”, 105 წელი უცოცხლია და შემთხვევით გარდაცვლილა, ცხენიდან გადმოვარდნისას.

წარმოშობით კულაშელი ებრაელი მწერლის, სამუელ მოძღვრიშვილის წინაპრები ლაილაშელი ებრაელები ყოფილან, ლეჩხუმიდან.

ერთი ავტორი ამბობს, მართალია ბაბუა წერა-კითხვის უცოდინარი იყო, მაგრამ დიდი შინაგანი კულტურით გამოირჩეოდა და პროგრესული აზრის ადვილად ამთვისებელი გახლდათო.

განათლებულ მახვშად იხსენიებს თავის პაპას, დარისპან მარგიანს მწერალი რევაზ მარგიანი.



დაბადება და ბავშვობა

ამ წიგნში დაბადების ერთი-ორი ფანტასტიური აღწერა გვაქვს. ასეთია მაგ. მწერალი ვახტანგ პეტრეს ძე გორგანელის „ქვეყნად მოვლინება”, რომელიც საქართველოს გასაბჭოებას შეეხება და ემთხვევა. საქმე ისაა, რომ იგი 1921 წლის 25 თებერვალს დაბადებულა, „საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების პირველს დღეს”. და ამ მოვლენას იგი ასე აღწერს: „მამა სიხარულისაგან გარედ გავარდნილა, სამჯერ უსვრია თოფი, მერე სახლში შეჭრილა, თოთო ბავშვი ავუყვანივარ ხელში და 25 თებერვლის დილას დაფნის ტოტივით წინ შემაგება თურმე: ეს გამარჯვება შენი სიცოცხლის თავდები იყოსო, შვილო!”.

დაბადებას უკავშირდება თარიღების თემაც, დაბადების თარიღების შეცვლა და მასთან დაკავშირებული გაუგებრობები. ეს მოვლენა ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ახსნა არაერთ ავტობიოგრაფიაში გვხვდება, ყველაზე გამორკვევით კი ლეო ქიაჩელთან: „როცა წლოვანებას მიკლებდნენ, ჩემი მშობლებიც ალბათ იმავე მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ, რომლითაც ჩვენში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში, ყველა მშობელი ხელმძღვანელობდა. მოსაზრება ასეთი იყო: სამხედრო ბეგარის მოხდის დროს უფრო ტანგამაგრებული იქნება და მის მძიმე ტვირთს უცხოეთში უფრო ადვილად აიტანსო”.

თარიღებთან დაკავშირებით არაჩვეულებრივია გრიგოლ ჩიქოვანის შენიშვნა საკუთარ დაბადებაზე: „1910 წლის 15 მარტს დავიბადე. დღემდე მეგონა, რომ 18 სექტემბერს ვიყავი დაბადებული და ჩემი დაბადების 60 წლისთავი ამ თარიღით აღინიშნა”.

ზოგი მთხრობელი პირველი შვილია, ზოგიც მეექვსე, მერვე ან მეათე. სხვანაირი ფორმულირებებიც არსებობს: ცხრიდან მესამე, ექვსი შვილიდან მეორე და ა.შ. ზოგი ტყუპისცალია.

არიან ვუნდერკინდებიც. მაგ. გოგლა ლეონიძე, ვინც 4 წლისამ უკვე ანბანი იცოდა და 5 წლისა გაზეთებს კითხულობდა. დაისვამდნენ თურმე ოჯახში და იაპონიის ომის ამბებს აკითხებდნენ „ცნობის ფურცლიდან”.

ძალზე ხატოვნად აღწერს თავის პირველ „შთაბეჭდილებას“ აკაკი გელოვანი: „ჩემთვის ეს [დაბადება] დიდი მოვლენა იყო, რადგან ამ დღეს ვიხილე პირველად მსოფლიოს უმშვენიერესი კუთხე – სვანეთი. ეს მოხდა ლალხორალში, ზემო სვანეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჩანჩქერის თავზე არწივის ბუდესავით დადგმულ ვიწრო სავანეში”.

დაბოლოს, ჩემი საყვარელი კატეგორია უნდა ვახსენო, რომელიც ერთი ფრაზით შეიძლება გადმოიცეს: „დავიბადე ინტელიგენტებისა და წიგნის მოყვარულების ოჯახში”. ესაა ფრაზა, რომელსაც დღესაც ხშირად გაიგონებთ, დღესაც ბევრი იწონებს თავს ამ ბუნდოვანებით, კვლავ ივსება დარბაისელ ქართველთა რიგები ინტელიგენტების და მწიგნობარი ხალხის შთამომავლებით, ამაყი, დახვეწილი, ორგზის და სამგზის ინტელიგენტი ქალ-ვაჟებით.

(გაგრძელება იქნება)

---
ბმული:
* https://publika.ge/article/shetkhzuli-me-mwerali-da-avtobiografia/?fbclid=IwAR1-P_fE6DS5VR1K1Pp_r7C5QweopIumfzXJvn2LloYcLQy6B-uOlqPXx3A

@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მალხაზ ხარბედია Empty
PostSubject: Re: მალხაზ ხარბედია   მალხაზ ხარბედია Empty

Back to top Go down
 
მალხაზ ხარბედია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: