არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ომარ თურმანაული

Go down 
5 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 10:52 pm

ომარ თურმანაული  - Page 4 Omara10

ომარ თურმანაული

სიყვარულის სანაპირო

მიწავ, შენთან სიყვარულმა გამომაგზავნა...
მე უსხეულო სიყვარული ვიყავი ადრე
და ვიდრე მე ჩემს დედ-მამას მოვიძიებდი,
ვიდრე მათგან ხორცს შევისხამდი
და შენი მრავალსახოვანი სხეულების სამყაროში
ფეხს შემოვდგამდი,
მანამდე მე ქვეყნად არვის დავუნახივარ
და არც მე მახსოვს, რომ მანამდე რამე მტკენოდეს,
ან რაიმე მწყენოდეს, ან გამხარებოდეს,
ან რომ გვიან, შემოდგომაზე, შუადღის მზით მოტყუებულს
ცივ არაგვში მებანავოს... ამას რაღა დამავიწყებდა.

მე უსხეულო სიყვარული ვიყავი მაშინ
და არ გამაჩნდა არც თვალები და არც ყურები,
არც გული, თორემ ერთხელ მაინც ამტკივდებოდა,
ერთხელ მაინც გამწიწკნიდა მკერდში იმგვარად,
რომ ვერასოდეს დავივიწყებდი...

...სიყვარული ვიყავი მხოლოდ
და მარტოოდენ სიყვარულის საქმე ვიცოდი:
არ მტკიოდა, არ მციოდა, არ მეშინოდა,
არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ქვეყნად ყოველი გრძნობა
მხოლოდ ჩემგან იბადებოდა...
არა ვჩანდი, მაგრამ ქვეყნად ყოველ ხილულს მე ვქმნიდი:

ვზრდიდი სურნელოვან ცაცხვებს, საჩრდილობელ მუხებსა და
მთის სიღრმიდან, უჩინარი სადინარებით
დღის სინათლეზე გამომყავდა სამთიბლოს წყარო...
სვამდნენ ცივ წყაროს მთიბელები, ჩემი ათა-პაპები და
ილოცებოდნენ: „დაილოცოს შენი გამჩენი“.
მერე ისევ თიბავდნენ ბალახს,
ხნავდნენ, თესავდნენ და ზეციერს ევედრებოდნენ..

მე კი ღმერთი არ ვიყავი, მე სიყვარული ვიყავი მხოლოდ
და ღმერთივითაც არ მესმოდა მათი სიტყვები.
მაგრამ მიხმობდნენ თუ არა, მე ყველგან ვიყავი...
დეკისა და ფურისულების სურნელებით ვაზავებდი
კამკამა ჰაერს,
მინდვრის ყვავილებს ვავსებდი ნექტრით
და თითოეულ ფუტკარს მათკენ მე მივუძღოდი.

მე ვიყავი სიყვარული
და ერთმანეთს ვაყვარებდი ლამაზ ქალ-ვაჟებს,
მერე ისინი მე მთარგმნიდნენ თავის ენაზე,
ლექსებად და სიმღერებად,
ზღაპრად და მითად
მაგროვებდნენ ლამაზ სიტყვებში, თუმცა ვერც იქ ვერ ვეტეოდი...

სიყვარული ვიყავი მხოლოდ,
არც მესმოდა და არც ვხედავდი
და „სიყვარული ბრმა-ყრუაო“ ხალხმა დაასკვნა...
მე კი ჩემი საქმე ვიცოდი:
ვთრგუნავდი წუხილს,
ვარიგებდი წაჩხუბებულებს,
ვამოყვრებდი შერიგებულებს,
ვამეგობრებდი უცნობებს და
ვაშენებდი... საკუთარ სხეულს...

მე ბრმა ვიყავი, ყველაფერი რომ დამენახა,
რადგან, როდესაც რაიმეს ვხედავთ,
ეს ნიშნავს, რომ ვეღარ ვხედავთ ათას სხვა რამეს,
უკეთესს ან უარესს მასზე...
ბრმა ვიყავი, რომ დამენახა უსასრულობა.

ყრუ ვიყავი, ყველაფერი რომ გამეგო,
რადგან, როდესაც რაიმე გვესმის,
ეს ნიშნავს, რომ აღარ გვესმის სხვა არაფერი,
არც სხვა სიმღერა, არც ტირილი და არც ჩურჩული...

ყრუ ვიყავი, ყველაფერი რომ გამეგო და
არაფერს ვგრძნობდი, ყველაფერი რომ მეგრძნო მიტომ,
რადგან, როდესაც გვიხარია, აღარა ვწუხვართ,
როდესაც გვცხელა, ვეღარა ვგრძნობთ მაშინ სიცივეს
და ყველაფერი რომ შემეგრძნო, არაფერს ვგრძნობდი...

ძნელი ყოფილა აქ ცხოვრება, ძალიან ძნელი,
და უფრო ძნელი
სიყვარულის ― საკუთარი თავის ტარება.
ნუთუ მე ვარ ის სიყვარული?
თავს ვეღარა ვცნობ...
სად წავიდე, სად შევეფარო...
სიძულვილის პირქარი მოჰქრის,
შურის ზვირთები მეხეთქება და მირყევს სხეულს.
მე კი წელში გამართულმა უნდა ვიარო
შენს ტყე-ველებზე,
შენს სოფლებში და ქალაქებში,
ტალახიან ორღობეებში
და ხალხმრავალ ფართო ქუჩებში
და ვიმღერო სიყვარულზე და სიკეთეზე,
რომ ჩემი გზა და ჩემი საქმე არ დამავიწყდეს,
არ დამავიწყდეს სიყვარული,
„სიყვარული“ ― ჩემი არსი, ჩემი სახელი,
„სიყვარული“ ― ჩემი სიცოცხლე.

Arrow


Last edited by Admin on Sat Oct 31, 2020 11:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 10:54 pm

ომარ თურმანაული

ნაწყვეტები ნაპოვნი წერილებიდან

...გადავრჩი...
ისევ შევასკდი უარს,
გულით შევასკდი, მაგრამ გადავრჩი.
კვლავ მარტო დავრჩი ჩემი სულის უფსკრულის თავზე
და შიშით ჩავცქერ ჩაუწვდომელ სიღრმეებს მისას.
სადღაც იქ, ფსკერზე,
სიყვარულის მდინარე მიდის
და სიბნელეში ულამაზეს ფიგურებს ძერწავს.
საით გახეთქავს სიყვარულის მდინარე ნეტავ,
საით გაიკვლევს თავის გზა-სავალს?
ჯერ კი კვლავ სიყვარულით ვუყურებ ყველას:
მომღიმარ წყვილებს,
ოჯახებით გამთბარ სართულებს,
ოდნავ ცერცეტა, ლამაზ ასულებს,
ახოვან ვაჟებს... იმასაც, დღეს რომ...
და ვდგავარ ისევ ჩემი სულის უფსკრულებს ჩავცქერ...
... კარგად იყავით,
მომიკითხეთ ყველა ერთიან:
ვეფხია, ჯიმი, თებრო, ხათუნა...
მე ყველა მიყვარს,
გადაეცით ყველას რომ მიყვარს
თვითოეული, და წყვილ-წყვილად
და ყველა ერთად...
ჩემს მაგიერად გადაკოცნით ხელ-და სულსპეტაკ გლეხსა
და ყველა მსუქან დახლიდარს.
მე ყველა მიყვარს,
და უთხარით ყველას რომ მიყვარს...
თვით ვაჟის მკლავზე ათრთოლებულ ქალიშვილს ჰკითხეთ
თუ როგორ არის, დამიკოცნეთ, დამინუგეშეთ...
დამინუგეშეთ ჩემს მაგიერ დედები თქვენი,
ცოლები თქვენი
და შვილები
და მეზობლები.
ვინაც თქვენ გიყვართ,
უთხარით მას, რომ ის მეც მიყვარს,
ვინაც თქვენა გძულთ,
უთხარით, რომ მე მაინც მიყვარს,
ვისაც გაიცნობთ ან დასტოვებთ მე ყველა მიყვარს...
კარგად იყავით
მომიკითხეთ ყველა ერთიან...
მე არა მიშავს, მე ღმერთები მივლიან თვითონ;
მეფერებიან, მტანჯავენ და მეფერებიან და
ყველა ღმერთი არის თვითონ სიტყვა...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 10:55 pm

ომარ თურმანაული

მზის ექო...

ბავშვი ასფალტზე თეთრი ცარცით
თეთრ მზეებს ხატავს...
მათხოვრის ქუდშიც მონეტებზე ბრწყინავს მზეები.
იმ მზეებიდან ამ მზეებამდე, როგორი გზაა?..
ბრწყინავს მზეები ასფალტზე და მათხოვრის ქუდში.
ჩვილი ღუღუნებს და ქუჩაში ღიღინებს ლოთი,
როგორი გზაა იმ ღუღუნს და ამ ღიღინს შორის?
როგორი გზაა, გაავლე თვალი,
პირველ ამბორს და მეძავ ქალის გინებას შორის...
გაავლე თვალი,
გაავლე თვალი,
ამომავალი და ჩამავალი
მზის ექო გასდევს ცხოვრების გზებს,
ექო, მზის ექო,
ჩვენივ გულიდან არეკლილი რომ ისახება
ჯერ თეთრ მზეებად
და ღიმილად
და იმედებად,
პირველ ლექსად
პირველ ამბორად,
მერე კი მერე...
სექტემბრის მზეს დაუხრია თბილი ტოტები.
ღუღუნებენ ჩვილები და ხელებს იწვდიან.
ვარდისფერ ხელებს იწვდიან მზის თბილი ტოტისკენ...
იღიმებიან ქალიშვილები
და მათი ნაზი ღიმილი ჟონავს
მათივე ჩუმი სურვილების მიმართულებით...
მზე ნელა ჩადის
და რამდენი თვალი უყურებს
ამ მზეს ჩამავალს
ორგვარ ნდომის გამომხატველი:
„მზეო ჩადი“ და
„მზეო ნუ ჩახვალ“ ―
მავანისათვის სიყვარულის პირველი ღამე,
მავანისათვის საბოლოო დაისი დგება.
„მზეო ჩადი“...
„მზეო ნუ ჩახვალ“...
მზის სვლას ორგვარი სურვილები აწონასწორებს.
მზე ნელა ჩადის,
სექტემბრის მზე ნელა ჩადის და
ჩემი მზეც ჩაჰყავს...
და მე ვუსმენ უთქმელ გრძნობების გნიასს
ჩემი გულის ფარეხში:
იხორხლებიან ერთმანეთზე გრძნობა უთქვამი
თუ ნათქვამი,
უთქვამ-ნათქვამი,
როგორც ფარები... გინახიათ დამფრთხალი ფარა?..
მზეო ნუ ჩახვალ,
ნუ დამიფრთხობ გრძნობებს ჯერ უთქმელს...
და
― მზეო ჩადი,
მოდი მალე ყვითელო მთვარევ
და ხორციელი სიყვარულის ღამევ პირველო...
მზის სვლას ორგვარი სურვილები აწონასწორებს...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 10:56 pm

ომარ თურმანაული

მთები

დილა...
ჯერ კიდევ მომწვანო ბალახს
თეთრი თვირთვილის ცივი ხაზები
ზამთრის მომავალ დიდ ყინვებს აჩვევს.
დილა.
ხმამაღლა ლანძღავს მდინარე
გაყინულ რიყეს,
გათოშილ მთებს,
გადამზრალ ჭალებს.
დაბერყრუებულ მთებს სიმღერად ესმით ეს ლანძღვა
და... ბანს აძლევენ,
სერიოზულ, ბებრულ სიდინჯით.
მღერიან მთები, დღე და ღამე მღერიან მთები...
არ მინდა ახლა რაიმეზე ფიქრი, არ მინდა...
მთა მინდა ვიყო, ბებერი, ყრუ მთა
და ყოველი ხმა ჩემს სმენაში შემოღწეული,
სიმღერის ხმა მეგონოს მინდა
და მე ვმღეროდე,
დღე და ღამე ვმღეროდე მინდა...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 10:57 pm

ომარ თურმანაული

სიყვარული მუდამ შორსაა...

სიყვარული ჰორიზონტსა ჰგავს―
უახლოვდები და გშორდება,
უახლოვდები და გშორდება,
უახლოვდები და კვლავ შორსაა...
სამაგიეროდ, გზად მიმავალი,
მიმავალი სიყვარულისკენ
რაღას აღარ გადაეყრები:
ქალს, რომლისკენაც ისწრაფვოდი
(გეგონა, რომ სიყვარული სწორედ იქ იყო)
და მიაღწიე,
ხელი ხელზე შეახე და ბაგეზე ბაგე,
გაიხედე და... სიყვარული ისევ შორსაა...
სიყვარულისკენ მიმავალი
ცხვირ-პირსაც ბევრჯერ წაიმტვრევ ქვებზე,
წამოდგები,
პირიდან სისხლს წამოაფურთხებ
და ჯავრით ჩამობინდულ მზერას
კვლავ მიმართავ სიყვარულისკენ,
სიყვარული კი ისევ შორსაა.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 10:59 pm

ომარ თურმანაული

ფიქრი მტკვრის სანაპიროსთან


„დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე...“ - ვაჟა.


აუცილებლად არსებობდეს უნდა არაგვი,
რადგან სხვა ყველა, ყველაფერი და კიდევ მეტი,
ის, რაც არ არის თავად არაგვი,
ამ არაგვის ნაპირი ან შენაკადია.
გაღმა ატლანტის ოკეანე, გამოღმა კანატიისძირი და ხილიანი,
მაღლა ზეცა, დაბლა ქვესკნელი,
ყველაფერი არაგვიდან ერთი ფიქრის გაშლაზე არის,
ყველაფერი ამ არაგვის ნაპირი, ან შენაკადია
და ყველაფერი, ჩემი ფიქრის ქვიშრობის გავლით,
მზეც, ვარსკვლავებიც, ბაბილონიც, ხეთაც, ჭერემიც,
ლეთაც და აბზუც და არაგვიც
არაგვს შეერთვის.
და თუ არაგვი არ იქნება
მაშინ სამყაროს არ ექნება თავი და ბოლო,
და მაშინ, ალბათ, არც ჩვენ ვიქნებით
ან, თუ ვიქნებით, ვერ გავიგებთ, ვართ თუ არა ვართ,
რა ვართ, სადა ვართ, ვერ გავიგებთ ვერასდიდებით.
თუ არაგვი არ იქნება: არ იქნება არც ძმა, არც მტერი,
არც აღმოსავლეთ ― დასავლეთი იქნება მაშინ
და მზეს სადაც უნდა ამოვა,
და როცა უნდა, ამოვა მაშინ.
და მე რომ დედა-მშობელი ვიცნო,
რომ გავიგო თვითონ ვინა ვარ,
რომ სხვის მაგიერ სხვას არ ვაკოცო,
ან საკუთარ თავს უცხოსავით არ ჩავუარო
და საჭმელზე ფიქრში გართულმა,
ბოლო ლუკმით ხელში ან ყელში არ გადავტოპო ლეთა მდინარე,
ამისათვის საჭიროა არაგვი იყოს.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 11:00 pm

ომარ თურმანაული

***
რა მანძილია, ვფიქრობ ჩემთვის, ამ საზკვების სასადილოდან
(სადაც ვზივარ და უგემურ კატლეტს ვღეჭავ),
უსუპის ძმისწულის, ცამცუმის კოშკამდე?
ეჰ! იქ კარგია. რაც არ უნდა შორი გზა იყოს,
წასვლა ღირს, მაგრამ გზას ვინ მასწავლის?
რაღა თქმა უნდა, გზად ათასი ფათერაკია,
ისიც ვიცი რომ გზაჯვარედინზე,
შეიძლება სწორედ იქით მომიხდეს წასვლა,
საიდანაც არ ბრუნდებიან,
მაგრამ მერე რა,
გზას ვინ მასწავლის?..
გუშინ მივიღე დედის წერილი და მივხვდი, რომ ღრმად შემიტოპავს,
მივხვდი რომ უნდა მივატოვო ეს უსახელო ქალ-ვაჟები,
ეს უსახელო ჭარმაგები და მოხუცები,
რომლებიც აგერ ჩემს პირდაპირ,
ჩემს ზურგს უკან, თუ იქეთ-აქეთ,
კითხვის ნიშნებივით მოხრილან
და თავიანთ თეფშებსა და ჯამებს ჩასცქერენ.
იღიმებიან, არ ვიცი, რატომ.
ლაპარაკობენ, არ ვიცი, რაზე.
და მიდიან, არ ვიცი, საით...
თვითონ, თვითონ თუ იციან?
არც ეს არ ვიცი.
უსახელო ქალ-ვაჟები,
უსახელო ჭარმაგები და მოხუცები...
ნუთუ მეც ერთი ამათგანი ვარ, მეც ერთი მუქი კითხვის ნიშანი?..
გზები და გაჯვარედინებიც დახვეულან კითხვის ნიშნებად
და ყოველი გზის დასაწყისშიც მოჩანს მხოლოდ კითხვის ნიშანი...
რას ნიშნავს ეს?
სად არის ის გზაჯვარედინი, სადაც წერია:
„მარჯვნივ წახვალ, ცხენს მოგიკლავენ,
მარცხნივ წახვალ, თვითონ მოკვდები,
პირდაპირ წახვალ, შენც და ცხენიც დაიღუპებით“.
რა მანძილია ამ საზკვების სასადილოდან,
უსუპის ძმისწულის, ცამცუმის კოშკამდე?
სად მთავრდება სამფლობელო კითხვის ნიშნების,
და სად იწყება ის ქვეყანა, სადაც ყველას და ყველაფერს სახელი ჰქვია
დევებს ― ბეღელა, ბაყბაყა და ცხრათავიანი,
ხთიშვილთ ― კოპალა, იახსარი, პირქუში, გიორგ;
ხალხს ― მირიანი, ამირანი, ნინო, ქეთევან...
დღეს რომ დღე ჰქვია და ღამეს ― ღამე...
რა მანძილია ამ საზკვების სასადილოდან,
უსუპის ძმისწულის, ცამცუმის კოშკამდე?
მერე რა, თუ მეც და ცხენიც დავიღუპებით,
იქ ხომ მკვდარიც ამხელს თავის წუხილს, სატკივარს,
ვინაობას: „...ძმისწული ვარ უსუპისი,
სანამ ვიყავ, მტერი ვმუსრე, არ შევჭამე ჯავრი მტრისი,
მოვკვდი, მხოლოდ ჯავრი ჩამყვა ერთი დევის, ბაყბაყისი...“
რა მანძილია ამ საზკვების სასადილოდან
უსუპის ძმისწულის, ცამცუმის კოშკამდე?

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 11:02 pm

ომარ თურმანაული

ენა ჩემი და ხელები ჩემი

1
გათხრების დროს, ბაბილონის ერთ-ერთ ნანგრევთან,
აღმოაჩინეს თიხის ფირფიტა, ლურსმულ წარწერით;
გაშიფრეს, თარგმნეს დედამიწის ყველა ენაზე
და მთელ მსოფლიოს გააგებინეს,
რომ წარღვნამდე ათას წლით ადრე
მე შენ მიყვარდი;
მეორე დღეს,
დედამიწის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ჟურნალისტებმა
და მრავალმა ცნობისმოყვარემ
გადამითქერეს სახლის ირგვლივ მოსული შამბი
და მთხოვეს მათთვის მეჩვენებინა ხელები ― რითიც გეფერებოდი
და იმ ენაზე, მრავალი წლის წინ
საალერსო სიტყვებს ყურში რომ ჩაგჩურჩულებდი,
ინტერვიუ მიმეცა მათთვის;
დიდხანს ვეძებე, ვერ ვიპოვე ხელების ნაშთიც
და ვერც ვერაფრით ინტერვიუ მივეცი ვერვის,
რადგან ენაც და ხელებიც ჩემი
შემომქრობოდნენ ყოველივეს ― თქმულის და ქმნილის―
ამაოებას შეგუებულნი.

2
და აი ახლა, მე ვარ უხელოდ. და უენოდ ვარ.
და რას გაუგებთ ჩემს მდუმარ მუზას მსუბუქ სიტყვათა ნისლეულში,
ათასი ღია ბაგის ქაოსში?
მინდა კი გითხრათ, ყველას გითხრათ, რომ:
„აგერ ქალის თმა გადაშლილი კაცის მკლავებზე.
აგერ ქალის თმით შეხვეული ჯვარი ვაზისა.
ორჯერ ორი ოთხიც არის და ოთხზე მეტიც
და ქვეყნად არრა არის საეჭვო,
მაგრამ ყველაფერს სასრულობა მისი დასცინის“.
მინდა ეს გითხრათ. ვერ გეუბნებით,
რადგან ენაც და ხელებიც ჩემი
შემომქრობიან თქმულის და ქმნილის ამაოებას შეგუებულნი.

3
აი სურათი: ღამის ქალაქი.
მის ბნელ ჩრდილებში კი ამაოდ ბრწყინავენ ახლა
ძვირფასი თვლები: უპატრონო მყეფარის ცრემლი,
სულელი ბიჭის გულუბრყვილო შეკითხვები და
ჩემი სუსტი ბიოდენები.
ფარდებს მიღმიდან გამომკრთალი ნოეთა მზერა
ყოველ ნაბიჯზე უნდობლობის კოცონებს გვინთებს...
„ზეთისხილის რტო!.. სად ვიპოვოთ ზეთისხილის რტო?“―
ამ კითხვის მიღმა მივატოვეთ მოგონებები მშობელ დედებზე,
პატრონზე და ჩვენს წილ მიწაზე
და ქალაქის ბნელ ჩრდილებს ავსებს
ყველასაგან მიტოვებული ძვირფასი თვლები.
― ჩუ! ― აჩუმებენ კიდობნების კედლების მიღმა მტირალ პატარებს...
― ჩუ! ― აჩუმებენ მიწის სუნთქვას ქვაფენილები...
― ჩუ! ― აჩუმებს ღამის ზეცას უხვი ნეონი
და კიდობნები მილიარდობით დატივტივებენ შიშისა და
უნდობლობის ოკეანეში.
და მაინც... აი ზეთისხილის რტო―
ქვას და ქვას შორის ამომსკდარი მწვანე გმინვა, მწვანე ბალახი.
და კიდევ: აი ფერმკრთალი მთვარეც
და ფანჯარაში მომღიმარე ბავშვის თვალებიც...
მაგრამ საით წავიღოთ ეს ზეთისხილის რტო?
რომელი ნოე დავაჯეროთ:
― გამოჩნდა მიწა!
― გამოჩნდა ცა!
გამოჩნდა... გული!
რომელ კიდობანს დავაწვეთოთ დაღლილი მტრედის ოფლის წვეთები?
სად გამოვკიდოთ ცისარტყელა ჩვენი ცრემლების,
ჩვენი ფიქრის და ჩვენი ბიოდენების?
ვის ვუთხრა... ანდა როგორ ვუთხრა,
მრავალი წლის წინ შემომაცვდენ მე ენა ჩემი და ხელები ჩემი
ყოველივეს ― თქმულის და ქმნილის ― არარაობას შეგუებულნი.

4
მე ვარ უხელოდ და უენოდ ვარ.
წყნარია ჩემი შავი დღეები
და მე გონების სუსტი ნათელით განათებულ დედამიწის
ბნელ წიგნს ვკითხულობ,
სავსეს მრავალი კითხვის ნიშანით,
სისხლის უგნური ძახილის ნიშნით,
ვნების წერტილმძიმეებით და ასე შემდეგ,
და სულ ამაოდ ბობოქრობენ სათაურები:
კერპთა და ღმერთკაცთ სახელები
სხვანი და სხვანი...
ყოველივეს სასრულობა მისი დასცინის.
მე ვარ უხელოდ და უენოდ ვარ.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 11:03 pm

ომარ თურმანაული

წუთები

ვაგონში ორი ქალიშვილის მეზობლად მოვხვდი,
სიტყვა ვუთხარი და, როგორც ერთ სიმღერაშია,
გაიცინეს და არ იწყინეს...
...არ არის აუცილებელი, რომ ქალს აკოცო,
ან რომ მასთან სარეცელი გაიზიარო,
საკმარისია გაიცინოს, სიტყვას რომ ეტყვი,
საკმარისია გაიცინოს და სიტყვა გითხრას...
ხელს თუ შეახებ და არ იწყენს,
უკვე ბევრია...
ხელი შევახე...
დაიკივლა... მატარებელმა.
მან მხოლოდ თვალი გააპარა ზემოთ,
მეგობრის საწოლისაკენ,
სადაც მეორე ქალიშვილს მშვიდად ეძინა,
მერე ისევ მე შემომხედა
შემომხედა და გამიღიმა;
გამიღიმა, იმიტომ რომ
სხვას ვერავის აჩუქა წუთი,
წუთი, რომელიც უკვე უნდა გაფრენილიყო
და... გაღიმება ძლივს მოასწრო,
წუთიც გაფრინდა.
წუთი წუთსა ჰგავს, როგორც წვეთი წვეთს
(წყლის წვეთზე ვამბობ)
და წუთები მხოლოდ მაშინ გვამახსოვრდება,
როცა მასში ცრემლის წვეთია,
ანდა როცა ღიმილი ბრწყინავს,
ან როდესაც მათ კივილის ან ხარხარის ხმა აქვთ;
ხოლო წუთი, რომელიც წუთს ჰგავს,
როგორც წვეთი წვეთს,
ნაბიჯი ― ნაბიჯს
(როცა მიდიხარ ქვაფენილზე აუჩქარებლად),
დავიწყების ბინადარია.
წუთს, იგი რომ დაგვამახსოვრდეს,
ბოლოს და ბოლოს მატარებელში გაცნობილი
ქალიშვილის ხელის სითბო ხომ უნდა ჰქონდეს,
თუ სხვა რამე უკეთესი, არ გააჩნია...
წუთისოფელიც სხვა რა არის,
თუ არა მხოლოდ იმ წუთების ერთობლიობა,
რომლებიც ჩვენ გვამახსოვრდება?..
...მე წუთებმა გამაძევეს ჩემი აკვნიდან,
აკვანი ჭიებს მიუგდეს და დაახვრევინეს,
აკვნის სანაცვლოდ მყუდრო და ყრუ კუბოს დამპირდნენ
და გამიშვეს, რომ მეპოვა ჩემი სიკვდილი.
და ვდგავარ თუ მიმოვდივარ, წუთებს ვაგროვებ,
სანამდე იმ წუთს არ ვიპოვი,
რომელიც მე სიკვდილს მიმალავს...
...სიკვდილს ვეძებდი,
უფრო სწორად, წუთს,
რომელიც ჩემს სიკვდილს მალავდა,
წუთები კი
ხელში ხან თოხს,
ხან ქალის წელს,
ხან ობიანი პურის ლუკმას მაჩეჩებდნენ
და გარბოდნენ, თვალს ეფარებოდნენ.
ალღო ავუღე წუთების თამაშს
და როდესაც მორიგი წუთი
სიკვდილის ნაცვლად ქალიშვილის ღიმილს
თვალწინ ამიფრიალებს,
მეც ვიღიმები (აღარ ვფიქრობ უკვე სიკვდილზე)...
...როცა წუთების თამაშს ავყვები,
როცა სიცოცხლის აზარტში შევალ,
როცა სიკვდილს სულ დავივიწყებ
და როდესაც მორიგ წუთს უკვე
წინასწარი ღიმილითაც შევეგებები,
უცებ იგი გამომიჩენს
დამალულ სიკვდილს...
...ხშირად არ გვახსოვს, როდის იყო წუთი,
რომელიც სულ მუდამ გვახსოვს,―
ზამთარში იყო
თუ ზაფხულში,
დღისით თუ ღამით...
...წუთმა თავისი საქმე იცის:
წუთი მარადისობიდან მოდის, მოაქვს თავისი ტვირთი:
სადღაც მათხოვარს შაურანს ჩაუგდებს ქუდში,
სადღაც ტყეში დათვს ტყვიას ხეთქავს ბალნიან შუბლში.
სადღაც მზის სხივს ააელვარებს,
სადღაც სეტყვის მარცვლებს ჩამოყრის,
ხოლო ბევრგან ისე ჩაივლის,
რომ იმ წუთის მოსვლა-წასვლას ვერც გაიგებენ...
მერე ეს წუთი წავა ჩვენგან,
დაიკარგება:
არც დათვის ღრიალს არ დაუცდის,
არც მათხოვარის კმაყოფილ ბუტბუტს,
წავა, გაქრება...
...წუთისოფელი კი არც დღეა და არც ღამეა,
წუთისოფელი არის მარადისობის წუთი
და ნაწილ-ნაწილ,
დღედ და ღამედ,
ცრემლ-ღიმილად გადმოდის ჩემში.
მარადისობის იმ ერთ წუთში
ერთად არიან ბავშვობაც და სიბერეც ჩემი;
ერთად არიან ჩემი შვება და მწუხარება;
მარადისობის იმ ერთ წუთში
იმდაგვარი სივიწროვეა,
რომ ერთი გვერდი საერთო აქვთ
ჩემს ღარიბულ, თელის ხისგან გამოთლილ აკვანს,
და ჩემს მდიდრულ, მუხის ხისგან გამოთლილ კუბოს―
ჩემს აკვანს უზის დედაჩემი და ენას მიჩლექს,
ჩემს კუბოს ― ჩემი ცოლ-შვილი და ზედ დამტირიან...
ხოლო აქ, ამ წუთისოფელში,
არც წარსულია ჩემთან და არც მომავალია,
აქ მუდამ აწმყოს ერთი წუთის ანაბარა ვარ
და იგი ისე მოულოდნელად მოდის და მიდის,
რომ სანამ მე გონზე მოვალ, აღარ არსებობს...
...მომავალში ჩვენ უკუსვლით შევდივართო,―
დაასკვნა ერთმა.
მე კი ვიტყოდი:
მომავალი ზურგიდან მოდის,
მაშინ, როცა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ:
სახლს რომ ვაშენებთ,
ერთმანეთს რომ ვეალერსებით,
მიწას რომ ვთხრით ან
ვარსკვლავებს ვითვლით...
― ხვალე, თბილისში როცა ჩავალთ,―
ვეუბნები ქალიშვილს და ხელზე ხელს ვახებ,
საღამო ხანს ამ მისამართზე გადმომირეკე...
― კარგი... მოვალ... ― მეუბნება და იღიმება...
ამასობაში კი სადღაც შორს,
უსასრულობის წიაღში შობილი წუთი
დედამიწას უახლოვდება.
მოდის, მოაქვს თავისი ტვირთი:
სადღაც მათხოვარს შაურიანს ჩაუგდებს ქუდში,
სადღაც ტყეში დათვს ტყვიას ხეთქავს ბალნიან შუბლში,
ვიღაცისათვის წუხილი მოაქვს,
ვიღაცისათვის სიყვარული,
ხოლო ბევრს ისე ჩაუვლის გვერდზე,
რომ იმ წუთის მოსვლა-წასვლას
ვერც გაიგებენ.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 11:04 pm

ომარ თურმანაული

ნაწყვეტები ნაცარქექიას იჭვნეული მონოლოგებიდან

1.
...გამოვიკეტე სახლის კარები,
გუდით წავიღე თბილი ნაცარი:
თქვენი ღიმილი, თქვენი ფიქრი და
გულისტკივილი (თქვენი რაც არის);
გზად, უკანონოდ შობილ შვილივით
გაუმხელელი ეჭვი მაწვალებს:
„არის კი ქვეყნად ვინმე ცოდვილი,
არის კი ქვეყნად ვინმე მართალი“...

2.
„...რად იღიმება ირონიულად
ცის შავ სიღრმეში თეთრი ვარსკვლავი;
რად მოსჩანს მისგან ჩვენი კალამი,
ჩვენი თოხი ან ხმალი, სამკლავე;
ღირს კი ნეტავი წყევლად იუდა;
ერთს რად აქებენ, ან სხვას რად კლავენ...“
შეუცნობლობის მტანჯველ ტკივილის
კიდეზე ჩემი სული კანკალებს.

3.
„...რანი ვართ ჩვენ, ჩვენ თაობებიან
ან ეს ჩვენს ირგვლივ, რაა, რაც არის;
იქნებ ბალახიც ბაობაბია
და ამ ბაობაბს ვუმზერთ სხვა თვალით;
გული აქ, მკერდში მწოლი ნებივრად,
თავს რომ აქა სძრავს ბოლო სად არის...“
შეუცნობლობის მტანჯველ ტკივილის
კიდეზე ჩემი სული კანკალებს.

4.
„...იქნება მადლი სულ სხვა რამეა
იქნება ცოდვაც არის სხვა რამე
იუდას ცოდვა, იობის მადლი,
ვაი თუ ცოდვა-მადლი არ არის;
ეს დღე-ნათელი იქნებ ღამეა
და ღამე იქნებ...“ და სხვა მრავალი
შეუცნობლობის მტანჯველ ტკივილის
კიდეზე ჩემი სული კანკალებს.

5.
„...სად მივალ, ანდა რა მიმაქვს გუდით,
ნაცარია თუ ღმერთის სამხარი;
იქნებ ღმერთს აქეთ არა აქვს ბუდე
და მე ეშმას გზას მივლევ ხანხალით;
ან ეს სვლა რითი სჯობია ყუდილს,
ვინ გამოჰყვება ჩემ სუსტ ნაკვალევს...“
შეუცნობლობის მტანჯველ ტკივილის
კიდეზე ჩემი სული კანკალებს.

6.
...მიმძიმებს გუდას მრავალი ხატის
მზერა და ვნების ბევრი ზღაპარი:
„იმედი“, „შიში“, „სურვილი“, „ხათრი“
და აღარსაით ძალმიძს გაპარვა,
ლამაზი ქალის ღიმილი მათრობს,
მტანჯავს ცრემლები ქალის საპყარის...
ყოველგვარ ტვირთზე მძიმეა, მარტომ
რომ საკუთარი გული ატარო.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 11:06 pm

ომარ თურმანაული

ჭინჭრაქას აღსარება

ჭინჭარის ტევრში პირიმზეს ვკრეფდი
და გზა ამებნა ჭინჭარის ტევრში;
ტევრს იქით დარჩა ღიმილი დედის,
მე ტევრში ჭინჭრის პირისპირ შევრჩი;
მკერდში ისმოდა გულის კი არა,
შეშინებული კომპასის ფეთქვა
და ყოველ წერტილს ტევრში და ჩემში
ჰკვეთა ხვიარას განედი, გრძედი.
შეშინებული კომპასი კარგად
არ უჩვენებდა, მიჭირდა სვლა და
დუმილი, ჩემი პატარა სორო,
ნიჟარასავით მიმქონდა გზა-გზა;
პირიმზე ბებო ხვარამზეს ჰგავდა,
მე ― ჭინჭარს, ხანაც პირიმზეს ვგავდი,
პირიმზეობა მინდოდა მაგრამ...
არ უჩვენებდა კომპასი კარგად.
დნებოდა ჩემი დღეების თოვლი
ავი და წმინდა სულების ფერხთით;
მხატავდა მუქი მყობადის ფონზე
ბედი ― მაცილი და ბედი ― ღმერთი;
დროს, ბევრი რამის საზიდავ ბორანს,
ბევრი ტკივილი მიჰქონდა ჩემთვის;
და მწარე, როგორც ნედლი ხის ბოლი,
ბოლავდა ეშმას სიცილი თეთრად;
გადამავიწყდა ჩემი სახელიც,
ცოტა თუ ბევრი ვიარე როცა
და მე ამტკივდა არა სახსრები,
არც სხეული, არც ნაგვემი ხორცი.
ძლივს მივათრევდი ბედის ნახელავ
სულს განედების შუაზე ცოცვით,
ვახოცდი ცრემლებს მტვრიან საყელოს
და ჭინჭრის გენებს ამაოდ ვხოცდი...
ავად ღელავდა ჭინჭარის ტევრი,
ტოტები ტოტებს ხოცავდნენ მზისთვის
ძაფად და ძაფად წყდებოდა ნერგი,
წვეთად და წვეთად შრებოდა სისხლი,
მზე იყო ბევრი, ძალიან ბევრი,
უფრო ბევრი კი სიხარბის ნისლი...
ავად ღელავდა ჭინჭარის ტევრი
ტოტები ტოტებს ხოცავდნენ მზისთვის.
მეცოდებოდა ფესვები ჭინჭრის
ჩემთვის და ჩუმად ვტიროდი სიმწრით
იზრდება, რისთვის იზრდება იცის?
არსებობს, რისთვის არსებობს ესმის?
მინანაობდა აკვანი მიწის
სავსე ბადაგით და სავსე გესლით,
ერთი ძუძუდან იკლავდნენ შიმშილს
ჭინჭრის ფესვი და პირიმზის ფესვი...
ბავშვობიდან მაქვს ჩამრჩალი ხიჭვად
ჭინჭრის გენი, ვით ბოროტი ნიჭი.
მისი ბრალია ასე რომ მიჭირს
ღიმილი და რომ გიყურებ ეჭვით...
საცოდავია ფესვები ჭინჭრის
ვფიქრობ და სიმწრით ვტირივარ ჩემთვის:
იზრდება. რისთვის იზრდება იცის?
არსებობს. რისთვის არსებობს ესმის?
ვლოცულობ ბავშვის ღიმილის ახლოს
ან დედის ცრემლის სალოცავ ნიშთან,
რომ ბნელი, რაიც ჩემში კვლავ სახლობს,
გაილიოს და განქარდეს შიშით,
ვაწონასწორებ კომპასის ისარს
გარდასულსა და მომავალს შორის
და კვლავ იმედით ვუყურებ ცისკარს
იმედითა და ფარული თხოვნით.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Oct 31, 2020 11:10 pm

ომარ თურმანაული

ნოეს კიდობანში

ჩამოსვლა უნდა მიწაზე აპრილს,
მაგრამ სად არის, არ არის მიწა.
ამაოდ ეძებს ზღვა თავის ნაპირს,
ამაოდ ეძებს დასასრულს ქარი...
მიყრდნობილი ვარ კიდობნის კარზე.
დაგმანულია კიდობნის კარი.
მინდობილი ვარ ზღვაზე და ქარზე...
გარეთ წყალია მხოლოდ და ქარი...
სხვა არაფერი არ არის გარეთ.

სხვა არაფერი არ ხდება გარეთ:
აღარ კოცნიან ერთმანეთს ვნებით;
აღარ უმზერენ გულისთქმით ქალებს
ცოლმოწყენილი კაცები ― ქმრები;
არ იღერებენ ქალებიც ყელს და
არ გამოსცემენ ჯადოსნურ ხმებს და
არც ხეთა, აღარც შრიალი ხეთა,
არსად ჩურჩული ლამაზი წყვილის.
დაუფარია ყოველი წყალს და
წყალს დაუხრჩვია ჭინჭველაც, რწყილიც.

შიგნით კი, შიგნით, კიდობნის შიგნით
გვაქვს ყველაფერი „დედალ და მამალ“,
გვყავს ყველაფერი „დედალ და მამალ“,
ჩვენც შიგნითა ვართ ― დედა და მამა.
სხვაც ყველაფერი თავისი რიგით...

და რაღა უნდა გვიჭირდეს თითქოს,
ჩვენ, ერთგულების ღვთიური ნიჭით
დაჯილდოებულთ, მაგრამ, რომ ვიცით
ერთურთის იქით ვეღარსად წავალთ,
ჩვენ ახლა უფრო ძალიან გვიჭირს,
ეს ერთგულება და იჭვი გვწამლავს.

გარეთ ოდესღაც ნაპირი იყო,
რომელიც კიდევ ახსოვთ ამ ქარებს
და გამალებით ეძებენ ახლა,
რომ ზედ დაღლილი აპრილი დასვან,
გააფურჩქვნინონ თოთო კვირტები
და ეთამაშონ მერე ყვავილებს,
მაგრამ სად არის, არ არის მიწა,
ეძებენ, მაგრამ არსად არ არის.

აღარაფერი არ ხდება გარეთ,
ზღვა და ჰაერი გვარტყია ირგვლივ.
ხოლო შიგნით კი, კიდობნის შიგნით
და უფრო შიგნით, სადღაც ჩვენს შიგნით,
ჩაბუდებულა უკუნი ღამე
და ნელა-ნელა გვიწოვს და გვჯიჯგნის.
იგი არ არის არც დრო, არც სივრცე,
მარადისობად ქცეულა იგი,
უსასრულობად ქცეულა იგი,
და შემორტყმია ირგვლივ კიდობანს
და შემორტყმია ყველაფერს ირგვლივ.

ღამე დგას საგანს და საგანს შორის.
ღამე დგას სხეულს და სხეულს შორის.
ყოველი ჩემი მთრთოლვარე ნერვის
შუა და შუა ჩამდნარა ღამე.
მანძილს ჩემს და ჩემს მეუღლეს შორის,
დროს დარდს და მცირე სიხარულს შორის
ისევ ამ ღამის სახელი ჰქვია,
რადგან არ არის სხვა არაფერი.

გულზე მატყვია სიბნელის დამღა.
თვალებში მიდგას სიბნელით დაღლა.
ღამეა იქით, ღამეა აქეთ.
ღამეა დაბლა, ღამეა მაღლა.
ღამედ ქცეულა „გუშინ“ და „ახლა“
ღამედ ქცეულა „ხვალე“ და „მერე“
აღარ არსებობს სხვა არაფერი
ღამესა ვჭამ და ღამესა ვხატავ...

ვშიშობ: „იქნებ მეც ღამედ ვიქეცი...“
და ბნელში ჩუმად ვისინჯავ სხეულს.
მეუღლეს ვუხმობ. მპასუხობს ღამე
ან იქნებ თვითონ ის ღამეც მე ვარ...
იქნებ ღამე ვართ ორივე ერთად
და ყველა ერთად... ერთ სულ და ერთ ხორც...
და ჩემს საკუთარ სულსა და სხეულს
როგორც ეს წყალი საკუთარ ნაპირს,
როგორც ეს ქარი საკუთარ ბოლოს
ამ ყიამეთში ამაოდ ვეძებ...

ვიხსენებ: „იყო ოდესღაც „გარეთ“...
მცნება „ჩემს გარეთ“, „კიდობნის გარეთ“...
აღარ არსებობს ახლა ეს მცნება,
აღარ არსებობს არც ერთი მხარე...
გარეთ ოდესღაც ხდებოდა რაღაც:
ვიღაცის თეთრი მკლავები ჩანდა,
ვიღაცის შავი თვალები გვწვავდა,
ახლა კი... ახლა წყალი ვარ იქნებ,
ანდა, იქნება, ქარი ვარ ახლა?..
აღარც წყალი ჩანს და არც მე ვჩანვარ,
არაფერი ჩანს ამ ღამის გარდა...

ვფიქრობ: „იქნებ სჯობს გავაღო კარი
(როდემდის ვიჯდეთ კიდობნის შიგნით?)
და ჩვენთან ერთად გაგვეშვა ღამე
ღამეში ― ასე ნელა რომ გვჯიჯგნის.
გავახარებდით ცოტა ხნით ქარებს,
ვიგრძნობდით ზღვის და ქარების ძიძგილს;
დავიძახებდით სანატრელ სახელს,
მოვიშორებდით ზიზღსა და ნაღველს,
შეგვიერთდებდა ზღვა და ჰაერი,
მერე ყველაფერს შეჭამდა ღამე...
როდემდის ვიჯდეთ კიდობნის შიგნით?

ღორები უკვე კიდობანს ხრავენ;
ძროხა ჩემს ხელზე მლაშე ოფლს ლოკავს;
ყველა ერთად კი ვქცეულვართ ღამედ...
და რაკი ყველა ვიქეცით ღამედ,
თავს მოვიკლავთ, რომ ეს ღამეც მოვკლათ.
ხოლო თუ ღამეს ვერ მოვკლავთ ამით,
თვითონ უფალმა იტვირთოს ბრძოლა
სატანასთან და წყვდიადთან ღამის,
მე კი ამ მარად შიშსა და ძრწოლას,
იძულებით ერთ საწოლზე წოლას,
არყოფნა მიჯობს ათასჯერ უფრო...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptyWed Apr 28, 2021 8:16 am


ომარ თურმანაული - გვირილა
•Apr 26, 2021

გვირილა
© ომარ თურმანაული
(კითხულობს მიხო მოსულიშვილი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2021

***
ომარ თურმანაული

გვირილა

გვირილავ, სითბოს ამოჰყოლიხარ
და იღიმები მუდამ იმგვარად,
რომ ჩემთვის ვფიქრობ: „ღმერთს ამ ორიდან
ნეტავ რომელი ჩვენგანი ვგავართ“.

მგონია, მუდამ ბედნიერი ხარ,
თეთრ ღიმილს ისე უხვად არიგებ.
არ ვიცი, ალბათ... ანდა იქნება
იცი ის, რასაც მე ვერ გავიგებ.

ისეც და ასეც შენზე ცოდო ვარ
და ღმერთს თუ ხედავ, ჩემზეც ანიშნე:
„ეყოფა მაგას კაცად ჯახირი,
მინდვრის ყვავილად სადმე დანიშნე“.

ეგება თვალი მეც ავახილო -
სიკვდილ-სიცოცხლის რამე გავიგო,
სანამდე მომძოვს სოფლის ნახირი,
მომძოვს, ან სულაც ჩლიქქვეშ გამიგებს...

მაგრამ იქნებ შენ ჩემზე შორიდან
უყურებ ღმერთს და არა იცი-რა;
მაშინ გავუყოთ, მოდი, ორივემ
ერთ-ურთს, რაც ჩვეში თრთის და ციმციმებს.

ცოტას იტირებ შენაც ჩემსავით,
ცოტას, შენსავით, მეც გავიცინებ,
მერე ორივე ერთად დავწვებით,
ჩაგეხუტები და დავიძინებთ.

1991

***
The Chamomile
The poem by Omar Tourmanaouli
This clip is made with: Emanuel by Kristina Cooper. Originally by Michel Colombier, arranged by Yasumasa Satoh.

© Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2021

ბმული:
* https://youtu.be/1dMtZluPUY0

ომარ თურმანაული  - Page 4 0-111

ომარ თურმანაული  - Page 4 0-210

ომარ თურმანაული  - Page 4 A-0210

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Jul 24, 2021 10:17 am

ომარ თურმანაული

წასულ მეგობრებს

მეც კი ვცადე... ვერ წავედი როგორც ბადრი წავიდა,
როგორც დათო წავიდა...
როგორც უშო წავიდა...
როგორც ბრატი...
ამირანი...
მაჭუტინო...
წავიდნენ!
მეძახიან, მამხნევებენ ახლა ლეთის გაღმიდან...
რა გული აქვთ!
რა ხელები!
გაცურეს და გავიდნენ!
მათი გაღმა გამხედვარი ვამბობ: მე აქ რა მინდა?!
და... მივდივარ... ვეპირები დღისითაც და ღამითაც
მაგრამ, ვერა...ვერ მივდივარ... ვმერყეობ და თავიდან
ვიწყებ ისევ...
ჰე, ბიჭებო!
ბადრიიი!
უშოოოო!
ამირააან!..
თუ ძმები ხართ, აქ მობრუნდით ისევ ერთი წამითა,
აქ დარჩენას კი არა გთხოვთ (ამას ღმერთიც არ იზამს!),
ლეთა მეც გამაცურვინეთ, მეც მიშველეთ რამითა...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Jul 24, 2021 10:20 am

ომარ თურმანაული

ჩვენს გულებს, როგორც ოაზისებს მექარავნენი...

ჩვენ არაფერი გვეკუთვნის თურმე.
ჩვენს გულებს, როგორც ოაზისებს მექარავნენი,
დღეები ისე აღმოაჩენენ
და მხოლოდ ერთხანს არწყულებენ
თავის ქარავანს
ჩვენი ცრემლით და ჩვენი ღიმილით.
ჩვენ არაფერი გვეკუთვნის თურმე,
არც ძმა,
არც მტერი,
ყველაფერი ამ დღე-ღამეთა საკუთრებაა,
ამ მომთაბარე მექარავნეთა,
ჩვენს გულებში რომ მხოლოდ ერთხანს იდებენ ბინას...
ჩვენს გულებში მხოლოდ ერთხანს იდებენ ბინას
და მერე ჩვენი სასიკვდილო სარეცლებიდან,
როგორც დამშრალი ოაზისიდან,
ვინ იცის, ვისი გულებისაკენ
გაირეკავენ თავის ქარავანს -
მზეს,
ვარსკვლავებს,
სამშობლოს და სხვას...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Jul 24, 2021 10:21 am

ომარ თურმანაული

ცოდვა

როგორღაც მიყვარს მე ჩემი ცოდვა,
ჩემს სიზმრებში რომ ჩუმად წრიალებს
და გარეთ უნდა რომ გამოვიდეს
და შეხვდეს ცოდვილ ადამიანებს:
ვიცი, რომ მისი ადგილი სწორედ
გარეთ არის და, არა აქ, გულში,
მაგრამ საშინლად ვუფრთხი კვლავ ჭორებს
და ცოდვას გარეთ გამოსვლას ვუშლი.
ის კი იზრდება და იმ წუთს ელის,
მე რომ ვიქნები მასზე პატარა,
რათა როგორც ბავშვს, ჩამკიდოს ხელი
და დღე და ღამე შენთან მატაროს...
ჯერ ტოლები ვართ. გავდივართ გარეთ.
ლაღობს; გაზაფხულს და მზეს შეხარის;
მეჩურჩულება: "ოთხივე მხარეს
ყველა ცოდვილი არის შენსავით"
ნაცნობ ქუჩაზე გავდივართ ერთად;
ნაცნობ ტელეფონს ზუსტად მახსენებს;
მე: "არა-მეთქი... დაგწყევლოს ღმერთმა,
ჩამომეხსენი და მომასვენე".
ვდაობთ. არაფრით არ მიშვებს სახლში,
ვიღლები - არც მე ვჩანვარ ძლიერი
და ცოტას ვუთმობ, შევდივარ ბაღში
და უცნობ წყვილებს ვათვალიერებ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Jul 24, 2021 10:22 am

ომარ თურმანაული

სიკვდილის შემდეგ

ლ. ს.

სად წავიდეთ ჩვენ როცა მოვკვდებით?..
ვიღაც სხვა ვაჟი დაიკავებს ჩემს წილ სივრცეს ამ კედლებს შორის;
სხვა ქალიშვილი
შენს გაციებულ ნაფეხურებს წაშლის, ალბათ, თბილი ტერფებით;
მათი მხურვალე ბაგეები
ჩვენი ვნების ნაშთებს სულ მთლად გააძევებენ ამ ოთახიდან...
ჩვენ სად წავიდეთ როცა მოვკვდებით?..
სად წავიღოთ ეს სიყვარული, სხეულები რომ აღარ გვექნება;
როგორ ვიმღეროთ, სიმღერა რომ მოგვენატრება,
ან დარდი როგორ მოვიფინოთ მაშინ ცრემლის ღვრით?
რა ეშველება ჩვენს სიყვარულს როცა მოვკვდებით...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Jul 24, 2021 10:24 am

ომარ თურმანაული

თოვლიანი დღის ელეგია

(თამაზ ბაძაღუას)

1.
აი, მოვიდა შენს საფლავზე პირველი წვიმა...
წელს შენ საფლავზე დაეცემა თოვლიც პირველად
და...
ჩემს ცნობიერებაში,შენთან ერთად,
თავს იმკვიდრებს შენი საფლავი,
რომელზეც უნდა (დღეის შემდეგ) კიდეც იწვიმოს,
ითოვოს კიდეც,
და დაცვივდეს ხმელი ფოთლებიც,
მას სურს ნამდვილი საფლავი იყოს
და არაფერის მოკლება არ სურს...
ამ ქვეყნად ასე თავს იმკვიდრებს შენი საფლავი...

2.
მგონია რომ იმ დროს ვცდებით, იმ დროს ვტყუვდებით
როდესაც ჩვენ ერთმანეთის სიკვდილს ვიჯერებთ -
ამით ხელიდან ვუშვებთ იმ თოკებს,
ერთმანეთთან რომ გვაკავშირებენ და...
(ჩემთვის ვფიქრობ):
მე რომ ის თოკი არ გამეშვა მაშინ ხელიდან
და, რაც უნდა დაგეგვიანა,
არ დამეჯერა შენი სიკვდილი,
რომ არა და არ დამეჯერა,
რომ არა და არ დამეჯერა,
მაშინ ღმერთს სხვა გზა არ ექნებოდა:
დაგაბრუნებდა ისევ აქ, ჩვენთან
ან... მეც იმ თოკს გამოვყვებოდი...

3.
ისევ ისე წვიმს,
ისევ ისე თოვს, როგორც შენ დროს,
შარშან, შარშანწინ და...
მრცხვენია რომ ისევ ისე თოვს,
ისევ ისე წვიმს...
ხომ რაღაც უნდა შეცვლილიყო შენი წასვლით
ან ჩემში, ან ამ სამყაროში:
ან სიცივე აღარ მეგრძნო,
ან შიმშილი,
ანდა ეს თოვლი ისეთივე არ მოსულიყო...
მაგრამ არა, არაფერი არ შეიცვალა:
ისევ მცივა და თბილად ვიცვამ.
ყოველდღიურად ვზრუნავ ისევ სასმელ-საჭმელზე.
ჩვეულებრივად თენდებ-ღამდება და...
შენს წინაშე თავს იმითღა ვიმართლებ ხოლმე
რომ ჩემს შემდეგაც არაფერი არ შეიცვლება...
არ შეიცვლება არაფერი
არავის შემდეგ:
ისევ მოვა ფაფუკი თოვლი,
ისევ იწვიმებს
ჩვეულებრივად...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 EmptySat Jul 24, 2021 10:25 am

ომარ თურმანაული

ეჭვი

რა დამავიწყებს, სულ ცხადად მახსოვს,
წვიმის ყველა წვეთს ვიხსენებ თითქმის
და შენ ხომ ისე ცხადად და ახლოს,
რომ ზოგჯერ ვცდილობ შეგახო ხელი.
თითოეული შენი თმის ღერი,
თითოეული ნერვივით მითრთის...
მაგრამ... ხსოვნის ამ ძვირფასი ტვირთით
ვუახლოვდები თანდათან სიკვდილს
და ვფიქრობ შიშით: "გამატანს ღმერთი
რაიმეს ჩემი სიკვდილის იქით?"


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ომარ თურმანაული  - Page 4 Empty
PostSubject: Re: ომარ თურმანაული    ომარ თურმანაული  - Page 4 Empty

Back to top Go down
 
ომარ თურმანაული
Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: