ფიტულების გამოფენამე ფიტული ვარ _ ჟამის ფიტული,
დღეებისა და ღამეების შესაკრებელი;
შენც ფიტული ხარ, სალომე, და მეც ფიტული ვარ _
ჩვენ ჩვენი დიდი სიყვარულის ფიტულები ვართ,
ჩვენ ძირსდაცემულ ფრინველების ფიტულები ვართ;
თითქოს გვაქვს ფრთები,
ბუმბულსაც შლის ზოგჯერ ნიავი,
მაგრამ ეს ფრთები ვერასოდეს აფრინდებიან _
ვეღარასოდეს შეაერთებენ
ცასა და მიწას ფიტულის ფრთები.
ეს ფრინველები ვერ გაშლიან ფრთებს სილურჯეში,
ვეღარასოდეს გაიგდებენ სივრცეს ეს ფრთები
და ის თვალებიც... თუმც რა თვალები?! _
მინის შავი და გამყინავი წერტილებია,
ჩამქრალი ცეცხლი იმზირება ამ თვალებიდან.
თუმც ზოგი ამბობს _ სიბრძნეც ასე იმზირებაო,
ფრთები სიბრძნესაც არა აქვსო, _ ასე ამბობენ.
მოდი, გავშალოთ სურათების ძველი ალბომი,
მოდი, ნისლივით გავეხვიოთ მოგონებებში! _
გეპატიჟებით ფიტულების გამოფენაზე!
მე შენ მიყვარხარ _ შენი მწვანე ფიტული მიყვარს
და ვერ შეღებავს შემოდგომა ამ ფიტულს ყვითლად!
არც დაიღალა, ვერც გაძღა...ჩამოიქცა წვიმა
ას სევდიან სიმად,
აღარც ზეცა დაიღალა და ვერც გაძღა მიწა.
უსასრულოდ ვჩნდებით,
უსასრულოდ ვქრებით.
არც სიცოცხლე დაილია, ვერც სიკვდილი გაძღა.
მზე სულ მიდის, მიდის,
არ უტყდება ხიდი.
არც სინათლე დაიღალა, ვერც სიბნელე გაძღა.
ხმალი დადნა ლესვით,
ძირს მიგია ძეძვი.
არც იმედი დაიღალა და ვერც გაძღა სევდა.
ჩობალაურიზამთრის პირია. გავასვენეთ ჩობალაური.
ჩანაღვლიანდნენ, ჩაინისლნენ ხატის ტყეები;
ისაკლისებენ ჩობალაურს, ჩამწუხრდნენ მთები.
მოდის ზამთარი... იმიტომ მოდის,
რომ დაასვენოს ქარებისგან ნატანჯი ტყე და
რომ დააძინოს უძილობით ნატანჯი მთები.
...შენმა სიკვდილმა გამაგებინა,
რატომ და რისთვის მოდის ზამთარი _
შენც დაასვენე ჭინჭრიანში ნათრევი სული
და ცოტა მაინც მოუფონე დაჭიმულ ნერვებს;
დადე წვიმისგან დასველებულ-დამძიმებული
სინანულის და სიყვარულის მაღალი დროშა;
მოვიდნენ შენი წამყვანები, ჩობალაურო!
წუთისოფლისგან დაკეჭნილო, მაღალო ხეო!
მიწა და თოვლი შეგიხვევენ ღია ჭრილობებს,
ქარი კი... ქარი მაგ სიღრმეზე ვეღარ ჩამოვა.
წვიმს უსასრულოდ, აგერ, თოვლიც გამოურია,
ვდგავარ სარკმელთან და გიყურებ თოვლში მიმავალს _
თოვლი მოგყვება, თოვლი ავსებს შენს ნაფეხურებს.
...მაინც რა იყო! _ შენმა წილმა წუთისოფელმა
ასე რად დაგღრღნა, ასე რატომ აგითვალწუნა?!.
ბღაჭიასა და მარღიას მითი _ 2008 წ.ბღაჭიასა და მარღიას _ ორ ძმას,
ლეგენდები და თქმულებები დაეპატრონენ:
ბღაჭიას ფარზე ლომი იყო გამოსახული
და თუკი ომი მეტისმეტად გაჭირდებოდა _
გადმოდიოდა აღრენილი ლომი ფარიდან
და ბღაჭიაზე წამოსულ მტერს კბილებით ფლეთდა.
ხოლო მარღიას ლომის ფილტვი აჭამეს თურმე
სიყვაწვილეში და მისი ხმა მეხის ხმას ჰგავდა _
ის რომ მღეროდა, ირყეოდა ცა და ხმელეთი
და შიშისაგან მტერი მუხლში იკეცებოდა.
...სხვა ლეგენდები სხვას ამბობენ: ერთხელაც, თურმე,
ვიწრო კლდეებთან შემოჰყრიან მარბიელ თათრებს,
_ გავიქცეთ, ბღაჭო, _ ურჩია ძმამ, _ ბევრნი არიან!
_ არაო! _ ბღაჭომ, _ მე თავის შველა
რბოლით კი არა, ხმლით და თოფით გამიგიაო!
და თათრებს ისე მივარდნიან, მისტევებიან,
ადიდებული მდინარე რომ უტევს ხეობას.
...მათ საფლავებზე ორი დიდი ლოდი დევს ახლა,
გვერდი-გვერდ წვანან ქვები და ძმები.
სოფელი ამბობს: ღამ-ღამობით, თუ ყურს დაუგდებ,
მიწის სიღრმიდან ბღაჭიას ხმლის წივილი ისმის
და ძმა, მარღიაც, ისევ მღერის ლომის ფილტვებით.
ახლახან ვნახე, ორ ლოდს შუა სოლოღა იჯდა,
მთვრალი იყო და ჩასძახოდა მიწაში ბიჭებს:
_ თუ ცოცხლები ხართ, ამოდით და ღვინო დავლიოთ!
_ თუ სიმღერა გსურთ, ამოდით და ვიმღეროთ ერთად!
_ თუკი მანდ ომობთ, საომარი აქაც ბევრია!..
უცხო უცხოთა სოფელშიჯერ უძრავად დევს ქვა ქვაზე და კითხვა ესევითარი:
_ რა ხნით მაქვს გამოწერილი წერა-მწერელის ქვითარი,
კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ტკივილის ჭვლებით
მდიდარი?..
...
რაც თავი მახსოვს, სიცოცხლეს ვსწავლობ _
მინდა, როგორმე დროის ქარებს შევუწყო ფეხი.
თუმც დროს კი არა... ეს ორი ფეხი
ერთმანეთისთვის ნორმალურად ვერ შემიწყვია.
თითქოს სხვისია, ისე მივათრევ
ქვიანი გზისგან დალეწილ და დაჟეჟილ მუხლებს.
უნდა ვიარო _ მისჯილი მაქვს ეს სიარული,
უნდა ვიწვალო, მეც სხვასავით უნდა ვისწავლო _
სად გადავიდე შეტევაზე, სად მოვითმინო;
სად ვაპატიო, სად არ დავთმო, არ ვაპატიო;
სად მართალი სჯობს, სად _ ტყუილი და სად _ დუმილი;
სად არწივივით ავიმართო მწვერვალებს ზემოთ,
სად მელასავით შევიმალო ჩემს ბნელ სოროში...
უნდა ვიარო, მისჯილი მაქვს ეს სიარული,
თუმცა ვიცი, რომ უაზროა ჩემი წვალება _
იქ ვერასოდეს ვერ მივაღწევ, სადაც მივდივარ.
...ნუ გამამტყუნებთ, ნუ დამცინებთ... ასეთად გავჩნდი,
მე აქ შემთხვევით შემომაგდეს უცხო ქარებმა _
ჩემი საქმე ხომ ვარსკვლავების მომწყემსვა იყო...
...
ჯერ უძრავად დევს ქვა ქვაზე და კითხვა ესევითარი:
_ რა ხნით მაქვს გამოწერილი წერა-მწერელის ქვითარი,
კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ტკივილის ჭვლებით
მდიდარი?..
ბებერი ცაცხვი ჩვენს ნასახლარზესახლი აღარაა. ნანგრევებია. ნამოსახლარი _
და ეს ბებერი ცაცხვიღაა ამ მიდამოში,
ვისაც ამ სახლის ბინადართა ამბავი ახსოვს.
და აი, ისიც ხანმორეული მოხუცის დარად,
ერთ და იმავეს ჰყვება და ჰყვება:
...ასე თქვა იმანო, ასე უპასუხა ამანო...
...ასე მიეჭრა ის იმას კარზე
და იმან ტყვია დაახვედრაო...
...სისხლი ემართა, არ შეარჩინეს,
ქუმლისციხესთან წამოეწივნენ
და ფოცხვერაშვილს ჩაულეწეს თავი ქვითაო...
...ჭიდილაშვილის დახვრეტაც მახსოვს:
ესროდნენ, მაგრამ არ იქცეოდა,
მთასავით იდგა, მუხასავით გაიბოტიტა,
შვიდმა ტყვიამ რომ ვერ წააქცია, მერვე ესროლეს.
ბოლოს წაიქცა _ სალი კლდე რომ ჩამოიშლება,
ისე დაეცა
და ისეთ გმინვით ამოიგმინა _
გაიფიქრებდი, დედამიწამ დაიკვნესაო...
...ვეფხვივით იყო ქალი ხვარამზე,
ვეფხვივით ლამაზი, ვეფხვივით საშიში;
სიყვარულითაც ვერვინ შებედა,
გაუთხოვარი დარჩა ხვარამზე...
...ამზეურებს ჩვენი ცაცხვი
დროის სკივრში ჩაობებულ ამბებს,
წვიმას, თოვლს და ქარს ებაასება.
ზოგჯერ მთვარესაც მოიგდებს ხოლმე
ბებერ ხელებში და ეუბნება:
_ შენც ხომ გახსოვსო, _ მთვარეს იმოწმებს;
...მეც არა მტოვებს უყურადღებოდ _
ისღაა ჩემი მასპინძელი და ხმის გამცემი,
ცრემლებს მიმშრალებს ფოთლებით და თან მანუგეშებს.
შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკანასეთი იყო მისი სიყვარული _
ის შეუყვარდა, ვინც არ უნდა შეყვარებოდა,
ვის სიყვარულსაც ადათი და წესი კრძალავდა _
შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან.
...სამ დღეს ვეძებეთ.
ბოლოს, ტყის პირას,
ერთი იფნის ქვეშ ვიპოვეთ მკვდარი.
იწვა მინდორში მძინარესავით.
ჭიქაც იქ იყო _ საწამლავი გამოეცალა.
შხამის წვეთიღა შეხმობოდა ბაგეზე ლურჯად.
_ წერილი, წერილიო, _ წერილს ეძებდნენ.
წერილი არ იყო _
ისედაც ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა _
ის შეუყვარდა, ვინც არ უნდა შეყვარებოდა...
შორს გაცურა და მერე ვეღარ დაბრუნდა უკან.
_ გულსაც აღვირი სჭირდებაო,
არც გული უნდა მიუშვაო თავის ნებაზე! _
თქვეს მოხუცებმა ასაკობრივ თავდაჯერებით.
_ მაშინ ისიც თქვით, რა ჯაჭვებით დავაბათ გული! _
ვიფიქრე ჩემთვის და შევხედე გაყინულ ზეცას.
თითქოს ჭინჭარშირა უდიერად დაიძახეს შენი სახელი! _
მთები დანისლეს, გადაკეტეს უღელტეხილი.
...
ამ ვარსკვლავივით მოკაშკაშე სახეს და სახელს
შხამის და ბოღმის ნიაღვარი გადმოანთხიეს;
რა საშინელი სისასტიკით გამოაცხადეს:
_ გამოვიტანოთ სინათლეზე მათი ცოდვები! _
თითქოს ჭინჭარში ჩაისროლეს ჩვენი გულები,
თითქოს ჩვენს მთვარეს ჭრელი გველი შემოეხვია,
რა უდიერად დაიძახეს შენი სახელი! _
დამბლადაცემულ ტრადიციის ხმა იყო ეს ხმა _
მათ არ იწამეს მთვარის ლოცვა და ენძელების
საგაზაფხულო ამოსვლა და ამომზევება.
როგორც კლდეს მეხი _ მეც არ მიკვირს ეს ქვების
სროლა,
აღარაფერი აღარ მიკვირს! _ მე ხომ იქა ვარ,
სადაც ვარსკვლავებს ხოცავდნენ და დღესაც ხოცავენ...
...
რა უდიერად დაიძახეს შენი სახელი! _
მთები დანისლეს, გადაკეტეს უღელტეხილი.
აბრია გაბიდაურიგაბიდაური შეეზარდა ჩაკეტილ სივრცეს,
სიმარტოვეს შეერწყა და შეეზარდა იგი.
მის კარზე აღარ აკაკუნებენ.
აღარ ჩერდება მის ჭიშკართან ფოსტალიონი.
თავის დღე-ღამეს, როგორც უღელ ხარს,
მიერეკება და მიათრევს თავის სიცოცხლეს.
მიდის და მიდის საკუთარი დასასრულისკენ.
მას არც სიკვდილი გაუჭირდება.
მარტოობიდან _ მარტოობაში,
უკვე შეჩვეულ `ცხოვრებაში~ გადავა იგი.
...ის ახლაც მარტო მისჯდომია სავახშმო სუფრას,
მარტო სვამს არაყს... აქაა და აქაც არაა...
ფიქრობს... ვიღაცას უყურებს და უღიმის ფიქრში.
ვინ იცის, იქნებ, სიყვარული კვლავ ამოდუღდა _
სადღაც სივრცეში მარტოსული ხვდება მარტოსულს,
როგორც ჭრილობა _ ჭრილობას და
ისარი _ მიზანს...
...სახლში ჭოტის ხმა შემოვარდა შავ ისარივით
_ მოხვე მშვიდობით! _ ეუბნება ამ ხმას აბრია
და ჭიქას იღებს: _ გაგიმარჯოს, ბებერო ძმაო,
ცოტა ხანს უნდა ავიტანოთ ეს გასაჭირი,
ცოტა კიდევ და ჩვენი მხსნელის წერილიც მოვა.
სიბრძნე გვრიტია გვრიტიშვილისა(იუმორივით)
_ ადამიანი როცა კვდება, რა რჩება მისგან?
_ დაცლილი ჭიქა!
ამ სიტყვა-პასუხს მახვილივით დაატარებდა
გვრიტათ გვრიტია.
როდესაც სასმისს ასწევდა და გადიწურავდა,
ლუკმის მაგიერ დააყოლებდა:
_ ადამიანი როცა კვდება, რა რჩება მისგან?
_ დაცლილი ჭიქა!
არავინ იცის, სად გაიგო, სად წაიკითხა
გვრიტამ ეს `სიბრძნე~.
ჩვენთან ამბობდა _ ბერძნებისგან ნათქვამიაო,
სხვასთან კი უთქვამს _ ფრანგებისგან გავიგონეო.
ავტორიცა და შემნახავიც გვრიტია იყო.
...და აი, ახლა გვრიტიშვილი გარდაიცვალა,
უეცრად მოკვდა, ნასმურევზე `გაექცა გული~.
ცოცხლებს მკვდრის მიმართ რაც ევალებათ,
იმას ვაკეთებთ.
პატივს ვცემთ გვრიტას _
ღირსეულად გვსურს გასტუმრება.
თუმცა... კვიმატ ფიქრს რა გამოლევს, გვრიტა, ბატონო?! _
უკვე წასულ კაცს გისტუმრებთ და ვერ გაგვიგია:
შენ არც იქა ხარ, არც აქა ხარ,
აბა, სადა ხარ?!
_ ადამიანი როცა კვდება, რა რჩება მისგან?
_ დაცლილი ჭიქა!..
რას ეუბნება ცა დედამიწას?..რას ეუბნება ცას დედამიწა,
როცა ნისლები ადიან ზევით?
რას ჩურჩულებენ, რა ამბავი ააქვთ ზეცაში?
რას ეუბნება ცა დედამიწას,
როდესაც მუხას ეგრიხება ელვა ქალივით?
და მუხა კვდება _ სიყვარულის ხელებში იწვის!
რას ეუბნება ცას დედამიწა,
როცა ვულკანი ბოროტების კვირტივით სკდება? _
რა ვერ ეტევა მიწაში და რა ადის ცისკენ?
რას ეუბნება ცა დედამიწას,
როცა ვარსკვლავებს საბანაოდ აგზავნის ტბაში?
რას მიანიშნებს, რას იხსენებს, რას ვერ იხსენებს?
რას ვეუბნებით ჩვენ ერთმანეთს,
რაღა გვაერთებს განშორების დიდ ტრამალებში?
და რაღა ავსებს თავზარდამცემ სიცარიელეს?
_ ცა დედამიწას ეუბნება: მე შენ მიყვარხარ!
_ ცას დედამიწა ეუბნება: მე შენ მიყვარხარ!
...და მეც ჩურჩულით გეუბნები: მე შენ მიყვარხარ!
დიქტატორის მწვერვალი _ 1994 წელი...და, აი, ისიც! ხომ ააღწიე,
ხომ გადმოხედე მტკვრის ხეობას მაგ მწვერვალიდან,
ხომ დაჩნდნენ ჭიაღუებივით ჭალის სოფლები!
მწვერვალზე დგახარ, გილოცავენ გამწვერვალებას.
დიდი ზეიმის ბურუსით ხარ გარემოცული
და დოლ-გარმონის ხმა გამოდის თავის ქალიდან.
...მაგრამ მუდმივად მაგ მწვერვალზე ვერ გაჩერდები;
რაა მუდმივი, რომ ეგ იყოს სამარადჟამო?
წასვლის დრო მოვა, მაგრამ სად წახვალ? _
ზევით ვერ ახვალ _
ჰაერზე ხომ ვერ ააბიჯებ?!
გვერდზეც ვერ გახვალ _
უფსკრულებში ჩაიჩეხები.
სხვა გზა არაა _ ძირს უნდა ჩაძვრე,
იქიდან როგორც ამოცოცდი, უნდა ჩაცოცდე.
ალტერნატივა ირონიით გიმზერს თვალებში _
ან ჩავარდები, ან ჩაძვრები, ან ჩაგაგდებენ...
"ირმების ღამე"მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `ირმების ღამე~,
`ციცნათელების ამოფრქვევა~ დავარქვათ თუნდაც...
მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `დეკის სიმღერა~,
`იების ჩუმი ამოპარვა~ დავარქვათ თუნდაც...
მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `აპრილის სუნთქვა~,
`ორი ფრინველის ცაში ასვლა~ დავარქვათ თუნდაც...
მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `მთვარის შრიალი~,
`ზევიდან ქვემოთ ჩამოსული ზეცა~ დავარქვათ.
`მწარე ამბავსაც~ დავარქმევდი, `შხამიან გზასაც~,
მაგრამ ცოდვაა სიყვარული,
ამ საზარელი სიტყვებისთვის ნუ გავიმეტებთ,
ნუ გავწირავთ და ნუ გავკიდებთ სახრჩობელაზე,
სიყვარული ხომ... თუკი ზოგჯერ ლომივით ბრდღვინავს,
ზოგჯერ ნავივით იღუპება უეცარ ქარში.
სიყვარული ხომ ისაა, ერთად სამნი რომ
შეჰფარებიან იისფერ ღამეს _
სამნი _ მთვარე და ორი ირემი _
რომ გაჰყურებენ იის სუნით გაჟღენთილ ღამეს...
მოდი, დავარქვათ ჩვენს სიყვარულს `ირმების ღამე~.
ზეცის სტუმრებიცაში ავყევით ერთმანეთს _ ცად სიყვარულმა გვაქცია
მერე კი წვიმის ღრუბელმა წვიმებად ჩამოგვაქცია.
...
არც ზღაპრები და არც ლეგენდები!
ჩვენ იქ ვიყავით _ იმ ლურჯ გზებზე მიმოვდიოდით,
ჩვენ იქ ვიყავით _ იმ ლურჯ წყლებში მიმოვცურავდით,
ჩვენ დავინახეთ ადამი და იქ იყო ევაც.
ოქროსფერ ცაში და ვარსკვლავებში,
ვერცხლისფერ ნისლში და სიმღერებში,
ქარვისფერ ქარში და სიყვარულში
დავფრინავდით და ვსრიალებდით ქარვისფერ ფრთებით.
არც ის გვახსოვდა, როდის ავფრინდით,
არც ის _ რა ძალამ მოგვწყვიტა მიწას,
არც ის ვიცოდით, ფრენა როდის დასრულდებოდა.
...და როცა მიწას დავეხეთქენით _
ჩვენივე ფრთების ნამსხვრევებმა ჩაკეტეს ზეცა,
ჩვენივე ფრთების ნამსხვრევებმა დაფარეს მიწა.
...სადღაც, ჩვენს ახლო ადამი და ევაც დაეცნენ,
...
ცაში ავყევით სიყვარულს, სიყვარულმა ცად გვაქცია,
მერე კი წვიმის ღრუბელმა მიწაზე ჩამოგვაქცია.
ბურსაჭილი _ 1990 წელიაღარც ხარი და აღარც მარხილი;
აღარც ხანჯლების და ცელების გამოელვება;
აღარც ცხენების გამონთება მოსახვევებში;
აღარც სიცოცხლე, აღარც სიკვდილი...
მხოლოდ ეს დარჩა _ ქარი და ნისლი,
მხოლოდ ეს დარჩა _ დაღრუბლული დღეების დენა
და... კიდევ შამბი _ ისე ლაღად, ისე უტიფრად
გადაფოფრილი წინაპართა საფლავის ქვებზე,
რომ უცნაური გაფიქრებით, ამასაც იტყვი:
_ ნეტავი წესად შემოიღონ, რომ მკვდარ სოფელსაც,
როგორც გარდაცვლილ ადამიანს, ასაფლავებდნენ!..
ძნელზე ძნელია დაუმარხავ მკვდრის გვერდით ჯდომა,
ძნელზე ძნელია მოყრანტალე ყორნების მზერა,
რომლებიც სიკვდილს ცხრა მთის იქით იგებენ გეშით.
ამ შავეთივით შავ ღამეში...ეს ხომ ის სიყვარულია, ზეცას რომ შეეხიდება,
რასაც ვერც წყალი წაიღებს, არც ცეცხლი წაეკიდება.
...
ამ წერილს შორი-შორიდან ვგზავნი,
ზღაპრებში როა _ ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ისე შორიდან...
სიშორის ჩემი ნაპირიდან ვგზავნი ამ წერილს
და არც კი ვიცი შენს ნაპირზე მოვა, თუ _ არა.
ამ სიშორეში ქარიშხალი მგელივით დაძრწის
და ამ უკუნი ღამეების ოკეანეში
სინათლის ერთი ნაპერწკალიც არ გაერია;
მხოლოდ და მხოლოდ შავი ისრის სტვენა ისმოდა
და ზარნაშოს ხმა სიკვდილის ხმას ბაძავდა თითქოს...
_ რა უნდა გითხრა ისეთი, რომ ჩემმა ნათქვამმა
ამ შავეთივით შავ ღამეში გამოაღწიოს?
_ ალბათ, ისევ ეს სამი სიტყვა: მე შენ მიყვარხარ! _
ცა-ვარსკვლავეთში ნუგეშივით რომ ავარდნილა;
_ ალბათ, ისევ ეს ორი სიტყვა: არ დამივიწყო! _
ჩემი მუდარა, ჩემი ლოცვა, ჩემი ვედრება...
...
ეს სიყვარული ისაა, ზეცას რომ შეეხიდება,
რასაც ვერც წყალი წაიღებს, არც ცეცხლი წაეკიდება.
ოდე... ოდესღაცნუ დამშლი, წუთისოფელო, ამ მზისთვის მაყურებინე;
არადა, რატომ მოვედი _ ის მაინც გამაგებინე!
...
არა, ქედანი არ ღუღუნებს, არც შურთხი უსტვენს _
ეს სალომეა, სალომე მღერის
და ჩემს ბილიკზე გაფენილა მისი თვალები.
სალომე მელის.
მეც მალე მოვალ _ მისკენ ფრთები მიმაქროლებენ,
სათიბებიდან ვბრუნდები და სალომესთვის
წითელი მოცხრის ტოტები და შლიშავი მიმაქვს.
არა, ქედანი არ ღუღუნებს _
სალომე მღერის.
...მაგრამ, ეჰ, ეს ხომ მირაჟია, ეს ხომ ოდესღაც,
ოდე... ოდესღაც და ძალიან ოდესღაც იყო.
...
ნუ დამშლი, წუთისოფელო, ამ მზისთვის მაყურებინე;
არადა, რატომ მოვედი _ ის მაინც გამაგებინე.
სიმღერა(ასე წავიკაფიავეთ მე და ლეომ, ცოტა
შემთვრალები რომ ვბრუნდებოდით
ილიკოს დაკრძალვიდან.)_ მიდის ხალხი ზემოთიდან ქვემოთკენ,
ქუხს მიქაელ-გაბრიელის ქვემეხი;
_ გარდაცვლილი ორი `პურისჭამაა~,
ქელეხი და ორმოცი, ორმოცი და ქელეხი;
_ მიდის ხალხი ზემოთიდან ქვემოთკენ,
ქუხს მიქაელ-გაბრიელის ქვემეხი.
_ ჩადის ხალხი ზემოთიდან ქვემოთკენ,
ილექება აუვსებელ ორმოში;
_ გარდაცვლილი ორი `პურისჭამაა~,
ორმოცი და ქელეხი, ქელეხი და ორმოცი;
_ ჩადის ხალხი ზემოთიდან ქვემოთკენ,
ილექება აუვსებელ ორმოში.
კანარის ჩიტიაი, გალია, რომელშიც ახლაც
ზის სიყვარული _ მოწყენილი კანარის ჩიტი.
...
ზღვაში ტალღების გრგვინვას ჰგავდა ის სიყვარული _
ვერ გავდიოდი ცეცხლისაგან ჩაკეტილ წრიდან
და თვალებიდან _
შენგან დანისლულ ხეობიდან ვერ გავდიოდი...
როგორც ზაფხული, რომელიც ერთი
კარიდან გადის და მეორით _ ისევ შემოდის,
მეც ვერ გტოვებდი _ მივდიოდი და ვბრუნდებოდი;
შენ სულ იყავი _ ხან ღრუბელთან, ხან _ ღია ცაში,
სულ მთვარესავით ილეოდი და ივსებოდი.
დავარქვათ ამას სიყვარული?! ერთი მითხარი
ამ მეხთატეხას სიყვარული როგორ დავარქვა?!
...
აი, გალია, რომელშიც ახლაც
ზის სიყვარული _ მოწყენილი კანარის ჩიტი.
მარადისობის განრიგიქალაქის თავზე გიგანტური ღრუბელი დადგა,
თავზე დაგვყურებს სიბრალულით და ირონიით...
მე გავიფიქრე, მარადისობაც
ალბათ, ამგვარად დაგვყურებს-მეთქი.
ღრუბელს რაღაცის თქმა უნდა და ვერ მეუბნება _
რისი თქმა უნდა?
ალბათ, უნდა, რომ პირდაპირ მითხრას:
_ ნუ იყურებით წარსულისკენ, როგორც სიღრმისკენ,
ნუ გგონიათ, რომ სადღაც ძირს დარჩნენ
ბაბილონი და ნინევია, კართაგენი და ალექსანდრია;
უნდა რომ გვითხრას _ გაიხედეთ ჰორიზონტისკენ,
წინ არ მიდიან, მაგრამ სჯერათ, რომ წინ მიდიან,
არადა, მხოლოდ ამოდიან და კვლავ ჩადიან.
ეს ტრამალები მარადიულ ქარებს უპყრიათ
და გუშინდელ დღეს მარადიულ წესის მიხედვით,
ასაფლავებენ, დასტირიან, მიწას აყრიან;
სპარსთა, მონღოლთა ადიდება _ ცხენების თქეში,
ვარიაგების და ჰუნების მტვრიანი გზები
ამ მესაფლავე ქარებმა დაფლეს...
უნდოდა ეთქვა, მაგრამ არა თქვა _
მარადისობის ენა ვის ესმის?!
მარადისობა მარტო იყო და გაჰყურებდა,
როგორ ებრძოდნენ მესაფლავე ქარები გმირებს,
როგორ ებრძოდნენ მესაფლავე ქარებს გმირები...
უდაბნოს გზას მიჰკვალავდა მოსე,
კოლხეთისკენ მიცურავდა `არგო~,
ბაბილონელნი თიხას ზელდნენ ფირფიტებისთვის,
ხოლო პოეტი გილგამეშის პოემას წერდა.
...ახალ-ახალი ბელადები ამოდიოდნენ
და ურდოები ამოჰყავდათ მიწის სიღრმიდან _
აშენებდნენ და კვლავ ანგრევდნენ,
აშენებდნენ და ისევ ანგრევდნენ,
აშენებდნენ და აშენებულს ცეცხლს უკიდებდნენ.
გიგანტურ ბომბებს აკეთებდნენ ასაფეთქებლად _
თან სიყვარულის სიმღერებს წერდნენ...
მომავლიდან მოდიოდა წარსული
და მოსდევდნენ მესაფლავე ქარები...
...უნდოდა ეთქვა, მაგრამ არა თქვა _
აბა, მის ენას და მის ნათქვამს ვინ გაიგებდა?!
ზაფხულის ღამის იეროგლიფიღამე აცოცხლებს ვარსკვლავებს და ციცინათელებს _
ღამე დედაა, დღე კი მათი სასაფლაოა.
ღამით იშლება საქორწილო სუფრა ზეცაში
და ღამე ავსებს სიყვარულით მაღალ სასმისებს.
ციდან ლამაზი პატარძლების კისკისი ისმის...
ეს მაშინ, როცა დღე მიდის და ღამე შემოდის
შავი ღვინით და ცეცხლოვანი ფრთების ფრიალით...
ალბათ, არ უყვართ ერთმანეთი დღესა და ღამეს
და ერთმანეთს არ ეხლართება მაგათი გზები,
ვერ ჩატკბებიან ერთმანეთში, ვერ ჩადნებიან
და ერთ ლოგინში ვერასოდეს ვერ ჩათბებიან...
ღამე აცოცხლებს ვარსკვლავებს და იეროგლიფებს _
ვინ წაიკითხავს სიყვარულის ცეცხლში გახვეულ
ზაფხულის ღამის წაუკითხველ იეროგლიფებს?!
