არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ალექსანდრე საჯაია

Go down 
AuthorMessage
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 260
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptyFri Apr 24, 2009 4:45 pm

ალექსანდრე საჯაია 38_o10
Aleksandre Sajaia

ალექსანდრე საჯაია
პოეტი

დაიბადა 1916 წელს, ოდიშში, ზუგდიდის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1940 წელს.
მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა, 1938 წელს პირველი პოეტური კრებული. ალექსანდრე საჯაიას კრებულებია: „ნაადრევი ვარდები“ (1987), „ჩემი ზღაპრები“ (1944 წ.), „ლექსები“ (1947 წ.), „ორი ზღაპარი“ (1949 წ.), „რჩეული“ (1955 წ.), „ლექსები“ (1967 წ.), „რჩეული“ (1970 წ.), „უთავო მეფე და დიდთავა მეფე“ (ზღაპარი სკოლამდელთათვის) (1973 წ.).
თარგმნილი აქვს შექსპირის, შელის, ედგარ პოს, ლონგფელისა და ლორდ რენდალის ნაწარმოები.
გარდაიცვალა 1944 წელს.

წიგნები:
* ნაადრევი ვარდები : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 229გვ.
* ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალის გამ-ბა და სტ., 1947. - 108გვ.
* ჩემი ზღაპრები : საბავშვო (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1944. - 26გვ.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_საჯაია
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000855/
* https://poetry.ge/poets/aleksandre-sajaia/poems

@
Back to top Go down
http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 260
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptyFri Apr 24, 2009 4:45 pm

სვანური მოტივებიდან

ქარს ღრუბლების ჯოგი მიჰყავს და
დაბრუნდება, იქნებ როდის.
შენ ღრუბელი ყოფილიყავ და
მენაც ქარი ვიქნებოდი.
შენ უშბაზე დაიძინებ და
მე ხევს ჩავალ ქარიშხლებით.
თუკი შევხვდით, ან ვიწვიმებთ და
ანდა სეტყვად დავიშლებით.
Back to top Go down
http://www.geogen.ge
Guest
Guest



ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptyFri Apr 24, 2009 10:11 pm

ალექსანდრე საჯაია

ავდარი

თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,
მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.
დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,
და ეს ავდარიც ალბათ ზღვის არი.

ავგული იყოს და ჯავშნიანი
ფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,
ზღვის ღელვა – ლურჯი კაბის შრიალი,
ზღვის მსხვრევა – თეთრი ხელების ტაში...

ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარს
და საუნჯეთა მფლობელი არის,
მას ვარსკვლავები ტყვეებად ჰყავდა,
მან დაატყვევა ყოველი ქარი.

ჩემი ხომალდის გზა – სიყვარული,
თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი...
ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის
და დაუხარჯავ ცრემლების ფასი.

@
Back to top Go down
Guest
Guest



ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptySat Apr 25, 2009 11:01 am

ალექსანდრე საჯაია

თოვლის ქალი

ეთერ სვანიძეს

ჩემი და თეთრი თოვლის ქალია
და უყვარს მარტო თოვლი და თოვა.
იგი ლაჟვარდის ერთი თვალია
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.

ჩემი და თეთრი თოვლის ქალია.
მან იცის ჩემთვის სიმღერა ერთი,
და რომ მიმღეროს, თურმე, რცხვენია,
მან შეინახა ცრემლები ჩემთვის,
მაგრამ არასდროს არ უცრემლია.

ჩვენი ამბავი ულამაზესი
ერთხელ ნიავმა თურმე გალექსა,
დას ნიავივით სურდა ალერსი,
მაგრამ შედრკა და არ მიალერსა.

და განა მისთვის ვწუხდი ძალიან,
და განა მუდამ იქნება თოვა?
ჩემი და ტეთრი თოვლის ქალია
და გაზახფულზე ენძელად მოვა.

@


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 4:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptySat Apr 25, 2009 11:02 am

ალექსანდრე საჯაია

პირადი წერილები


ლადო ასათიანს

I
გამარჯობა ძმაო ლადო!
შენი წასვლის შემდეგ საქართველოში არაფერი მომხდარა საყურადღებო.
თბილისის ლიტერატურული ახალგაზრდობა. . . დახუჭე თვალი და წარმოგიდგება ,,ჩვენი თაობის” რედაქციის კარებთან ატუზული ერთი რიჟა და მეორეც კისერწაგრძელებული ვებერთელა ჩლიქებიანი მგოსანი (აი სიტუაცია).
მაგრამ ჯანდაბას მათი თავი, განა ღირს მათზე ლაპარაკი.
მე მხოლოდ მინდა შენ კარგად იყო და უფრო და უფრო კარგი ლექსები სწერო. დროებით განშორება არაფერია, თუ გულში სიყვარული გაქვს, სიყვარული პოეზიისა. იმედი მაქვს, ვაჟკაცურად მოიხდი ვალს სამშობლოს წინაშე. ჩემო ლადო,
29-ში ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ქუთაისს მიემგზავრება ლიტერატურული საღამოების მოსაწყობად. მათ შორის მე და რეზოც. შენს ლექსებს უსათუოდ წავიკითხავთ და შენს ქებადიდებას მოვფენთ.
მწერალთა კავშირში მიღება ჯერ არ მომხდარა და სულ გორის კრებულის ბრალია. ყოველ დღე სხდომებია და მაინც არ ეშველა.
ჩემი ლექსები თვითონ ლიშაშვილმა დაიწუნა. . .მაგრამ მე მაინც არ ვწუხ დიდად ისევე, როგორც რეზიკო,
რომელმაც დროზე ვერ მოუსწრო ლექსი გორის კრებულს და უზარმაზარ ,,ლილედან” ფრაგმენტებიღა შერჩა. ვოლდემარი კითხვის ნიშნის გვერდით უკვე გაკვირვების ნიშანსაც ხმარობს და საერთოდ, პროზაიკოსები ძალიან ირევენ ყოველგვარ ნიშნებს. . .
ეხ, ჩემო ლადო. მაპატიე ეს უშნო წერილი.
შემდეგში უფრო ვრცელს და სერიოზულ წერილებს მოგწერ.
შენი ალექსანდრე.
ჩვენი ბიჭები ყველანი კარგად არიან. ალეკომ რამენიმე კარგი ლექსი დაწერა. მან დამავალა შენთვის გულთბილი მოკითხვა.
(1939)


II
გამარჯობა ძმაო ლადო! შენი წერილი მივიღე. ცუდად ვარო, მწერდი. ,,მაზგავოის”წამალი ვიშოვე მთელი ნახევარი წლის სამყოფი. ნუ გეშინია, ლადო. მთავარია, არ ინერვიულო და ბევრი ჭამო.
კარაქი იყიდე ცალკე.
გამოვიდა ,,ჩვენი თაობა” # 4. შენი ლექსი განსაკუთრებით მომეწონა ახლა.
შენ სხვა კაცი ხარ, ბიჭო. მე ვიცი შენი გულის ამბავი შენივე ლექსებიდან და მიხარია რომ ვიცი. . . მე კი ცხოვრებაში დონ კიხოტი ვარ.
მიკვირს, რატომ შენებურად არ გამომლანძღე ერთხელ მაინც. მაგრამ გეცოდები. ა?მაგრად გართმევ ხელს, ჩემო ლადო. სულ მაგრად.
შენი ალიოშა
ივნისი, 1940.


111
ძმაო ლადო!
ანიკოს ბევრი ველაპარაკე, მაგრამ არაფერი გამოვიდა _მერე უფრო ვერ შევძლებ წასვლასო. რატომ შენს ჯამრთელობაზე არაფერს მწერ, ბიჭო!როგორა ხარ? ცოტა თუ მოიკეთე. მე უსათუოდ ჩამოვიდოდი,მაგრამ ავადა ვარ.თავის ტკივილი დამეწყო და სულ გაგიჟებული ვარ.ლიტფონდმა საგზური მიწყალობა (,,შოვში”), მაგრამ ჯერ არ მინდა წავიდე.
. .
გუშინ ერეკლესთან ვიყავით და ბევრი ვისაუბრეთ შენზე. ანიკოს იცნობს თურმე და ძალიან პატივსა სცემს. ბევრი არ იკითხოსო. გონებრივი მუშაობა არ ვარგაო. მართლაც ცოტა ხანს შენც მოითმინე. ისე კი გონებრივი სამუშაო ბევრი გვაქვს მე და შენ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა...
(აქ მოხეულია ქაღალდი. რედ.)
ახლა უფრო მჯერა, რომ მასეთი რამე საჭიროა. როცა ჩონგურის ტკბილ ჟღერას (?) ვერ გაიგონებს კაცი, ჩაქუჩი უნდა ურტყა საფეთქლებზე. გზაზე ბევრი ნაგავია და თუ არ გასუფთავდება, ისევ არაფერი გამოვა. მე 1 ივლისიდან საგურამოში მივდივარ ერთი 10 დღით. თბილისში ხშირად ჩამოვალ წიგნის დასაბეჭდადაა გამზადებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაიბეჭდება ალბათ. ,,სახელგამი” ისევ უქაღალდოდაა.
ხვალ რეზოს საღამოა. ანგარიშს მოგწერთ. ახლა 11 სათია და რეზოს ველოდები. ახალი ლექსები უნდა წამიკითხოს. გადასარევიაო, იმუქრება... საბოლოო სიტყვა უთუოდ საინტერესო იქნება. გიგზავნი სურათს.
ღმერთივით ბიჭებია, ხომ? რეზომ ფული აიღო, მაგრამ სულ დახარჯა...
სხვა, ჩემო ლადო! როგორ არ გცხვენია, რომ მადლობას მიხდი წამლისათვის.
მე შენთან ისედაც პირშავა ვარ. ვერაფერი გაგიკეთე. ძმები ვართ, შე ღმერთძაღლო,
ძმები. უცხონი ხომ არა ვართ.
ალიოშა
(1940)


IV
ძმაო ლადო. კარგა ხანია, შენგან არაფერი მიმიღია. ხომ არდაგავიწყდი,
ბიჭო, ა? შენი არ ვიცი და მე კი ძალიან მომენატრე. ერთხელ მაინც უსათუოდ გინახულებთ ბიჭები.
ანიკო დიდი ხანია არ შემხვედრია და არ ვიცი, საგზური იშოვნა თუ არა. შენი ჩამოსვლა ჯერჯერობით არაფრით არ შეიძლება. თბილისში ძალიან ცხელა და უკვე ყველას თავში უღიტინებს. დღეს მე და რეზო ვიყავით ,,საბლიტგამში” და სულ ბუღი ვადინეთ...... თუ ხვალ კაშმაძემ ფული არ გადმორიცხა, ცოცხალი ვერ გადამირჩება, ხო, მართლა ის ვერ გამოვტეხეთ ვერაფრით. ისე კი, რეზოს აზრით, წერილი უსათუოდ მიღებული აქვსო. მიხვრა-მოხვრაში ეტყობაო.[რედაქტორმა] კი მითხრა, ორი ღამე არ მიძინიაო.
რატომ დაჩაგრე საწყალი კაცი. მაგრამ ეგ არაფერი, თუ მაგრა აგინე, შეერგება, ოღონდ ასე ნუ იზამ, ჩემო ლადო. არავის არაფერი მოსწერო ცუდი. ეს ჩემი ძმური თხოვნაა და მე მგონია, შემისრულებ. ეს ასე ჯობია, ლადო. ცოტა მოიცადე კიდევ და მერე ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთ. განა ღირს იმდენად დ-ძე რომ მაგისთვის ნერვები აიშალო.
პოეზიაში უნიჭო, ცხოვრებაში საძაგელი ჭია, რა სათვალავში ჩასაგდებია ან თუნდაც სხვები. ერთი სიტყვით, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. შენ იქნებ გგონია, რომ მე ზედმეტად ფრთხილი კაცი ვარ და ვინმესი მეშინია. სრულებითაც არა. შენ თუ გინდა, მომწერე და, ვინც გინდა იყოს პირისპირ გავუსწორდები. მე მაგათი დედაც ვატირე. მართალია, ცოტა შემგუებელი ხასიათი მაქვს, მაგრამ ეს ჩემი ნაკლია და მალე გამოვასწორებ.
რასაკვირველია, არავის არაფერი არ უნდა დაუთმო. ანიკოს კარგი წერილები მოსწერე ხოლმე. გაუხარდება. ერთ დღეს შენი წერილი მიიღო და პირდაპირ მოფრინავდა. მე მართალი გითხარი, ანგარიშიანი კაცი არ მიყვარს, მაგრამ ბევრ რასმე სჭირდება ანგარიშის გაწევა.
ლადოჯან, ალბათ, მოგაბეზრე თავი ამდენი,,რჩევა-დარიგებებით” ,,მაგრამ მე მგონია, ყოველივე ამას შინაურულად მიიღებ და არ გეწყინება. ან რატომ უნდა გეწყინოს ჩემგან რამე.
წიგნების საქმე ისევ ისეა. ჟურნალებიც არ გამოდის .
მე-4 ,,მნათობი” ვნახე და სულ წყალია. თაობა ჯერ-ჯერობით არ გამოსულა . ვოლდემარმა დაამთავრა ახალი რომანი -ფრესკა ,,(ტალანტები”) ვნახოთ, რა იქნება .
რეზოს საღამო არ მოაწყო იმ პოვარმა ,იმან, თორემ მე ვიცი, რას ვიზამდი.
ეთერი ყაზბეგში წავიდა სამსახურში. ვახტანგი ჯერ კიდევ თბილისშია და კარგადაც არის. შენთან მოკითხვა დამაბარა.
ტ...ვა ჩაჭრა კაპანელმა და არი ერთი ამბავი უნივერსიტეტში.სასახლეში როდიონი გახარებული იყო. სერგომ კი აცნობა პარტიას და ხელისუფლებას და ალბათ ზომები ექნება მიღებული.
სხვა რა მოგწერო.იყავი სულ კარგად და კარგად.
მე მგონია, გინახულებ.
შენი ალიოშა.
8/V1 40წ.


V
ძმაო ლადო!
შენი წერილი დღეს დილით მივიღე და ანიკოსაც ვუჩვენე.
მეგონა,თუ მაინცმიიღო.ძალიან ნაწყენი იყო.თუ ჩემი ძმა ხარ, ხშირად მოსწერე ანიკოს წერილი. მეტად მოსიყვარულე ქალია და პატარა ამბავიც შეაწუხებს. გვიხარია, რომ კარგად მოეწყვე. მატარებლის წასვლის შემდეგ უცნაურ ხასიათზე დავდექით სამივე გამცილებელი. ანიკოს ეჭვი ეპარებოდა, საგზური ივლისის ხომ არ იყოო. მაგრამ, საბედნიეროდ, საქმე კარგად წასულა.
თანდათან უფრო შეეჩვევი იქაურობას. მე ყოველდღე მოგწერ რასმე, თუ შენ კითხვა არ დაგეზარება. თბილისში უკვე ძლიერ ცხელა და მე უსათუოდ დღესვე წავიდოდი სადმე, რომ ერთი საქმე არ მაკავებდეს, რაზედაც ჯერ არაფერი მითქვამს შენთვის, მაგრამ ალბათ ბევრს გეტყვი მომავალში. გაგიჟებამდე მიყვარს ერთი თავადის ქალი. ლადო, იმედია არ დამცინებ. არ ვიცი, რა ვქნა, ან როგორ მოვიქცე. რა არის ჩემი სიცოცხლე უმისოდ.
თავი უნდა მომეკლა, მაგრამ არის რაღაც ჩემს ხასიათში გლეხური, რომელიც აბათილებს ჩემს სიამაყეს და პოეტურ ,,არისტოკრატიზმს”.
(წაშლილია. რედ.) და ადვილად ვეგუები ყველაფერს. ახალს! ეს ათი დღე გვიჩვენებს ყველაფერს. აბასთუმანში უსათუოდ ჩამოვალ. მანამდე კი, რაც გინდა, მომწერე, ლადო, რაც გინდა, დამავალე. მე გამიხარდება ეს. ბიჭები კარგად არიან.
დღეს ჯაბუშანურის საღამოა.
წერილს ხვალაც მოგწერე. შ ე ნ ი ა ლ ი ო შ ა.


VI
ძმაო ლადო! როგორა ხარ! ამდენ ხანს წერილს როგორ არ გამოგიგზავნიდი, მაგრამ ვაი, რომ ჩემი თავი მე არ მეკუთვნის. სადა ვარ და რას ჩავდივარ, მე თვითონ არ ვიცი. თბილისში მნიშვნელოვანი დიდი ხანია არაფერი მომხდარა და არც მოხდება, ალბათ. შენი წასვლის შემდეგ მეტი მოწყენილობა და მყუდროებაა. ჯაბუშანურის საღამომ მშვიდობით ჩაიარა. ს-მ ილაპარაკა პოეზიის ,,ზოგად საკითხებზე” და უნდა გენახა, რა სიამოვნებით უსმენდა მთელი დარბაზი.
რა უვიცობაა! რა გონებრივი სიდამპლეა. კაცი არ არის, გაგიგოს რამე. რამე ესმოდეს.
სხვათა შორის, დ: აუტანელი ტიპია. ესე მგონია, ხელებზე და სახეზე ლორწო აქვს. იქნებ ჩემი ასეთი ზიზღი მეტისმეტია, მაგრამ რა ვქნა; მეჯავრება ყველა მახინჯი და გაიძვერა, მიყვარს ამაყი და ჯიშიანი კაცი.
სხვა, ლადო, აქ გავიგეთ რომ ,,მაზგავოის” წამალი მანდაც ყოფილა. სანატორიუმის ექიმს ექნება. შენ გამოართვი და იხმარე მანდ ყოფნისას.
აქ რომ ჩამოხვალ, იმდროისათვის ეთერი იშოვის კიდევ. ნუ მოიწყენ და კარგად იყავი. ლექსები დაწერე ბევრი. უსაქმოდ ყოფნა უარესია.
რეზო კარგად არის. ეთერმა და ვახტანგმა მოგიკითხეს.
ალიოშა
ლადო,იყიდე კარაქი კერძოდ
და სჭამე. ეგ მთავარია.


VII
ძმაო ლადო! მივიღე შენი მეორე წერილიც.
მომწყინდაო, იწერები. რასაკვირველია, მოგწყინდება, მაგრამ წამოსვლა სისულელეა.
კიდევ ორი თვე და მერე სულ კარგად იქნები. წამალი არ მოიკლო, იცოდე. თუ მანდ არ არის, აქედან გამოგიგზავნით. კარაქიც უნდა ჭამო, თორემ ისე არაფერი გამოვა. მერე შენი ის არ მომწონს, რომ ძალიან ერევი ამ ლიტერატურის საქმეებში. აბა რა საჭირო იყო რედაქციისთვის სალანძღავი წერილი გაგეგზავნა... მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი აზრები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს და მომწონს შენი პოეტური სიამაყე, მაგრამ, ჩემო ლადო, ამ ავადმყოფობის დროს თავი ანებე ყველას და იფიქრე ჯანმრთელობაზე.
თუ ძმა ხარ, არ გეგონოს რომ ჭკუას გარიგებ. ესე ისე, ასე სჯობია და იმიტომ გწერ. იქნებ შენ უფრო მართალი იყო.
ბოლოს და ბოლოს, სანამდე უნდა აიტანო კაცმა ეს სიბინძურე.
ჩვენი წიგნები ჯერჯერობით არ გამოდის. ქაღალდი არ არისო, და ვ...ც ,,ავანსად” არ ხატავს. (წაშლილია. არ იკითხება. რედ) (ა!).
რეზომ წაიკითხა ,,ნაწყვეტები” შენი წერილიდან თავისებურად გაიკრიჭა. წერილს მივწერო. ისევ, ხომ იცი საცაა საღამოს მოუწყობენ და მეტად დატვირთულია. ვახტანგს უკვე დიდი ხანია დაეკარგა თარგმნის მადა. ისევ ისე უსაქმოდ დავყიალობთ მე და ვახტანგი. ხო, მართლა, ერთხელ მე რაღაც მოგწერე ვიღაც თავადის ქალთან დამიჯნულების შესახებ. მოგეხსენება სიყვარულის ამბავი...
მდგომარეობა დღეში ათასნაირად იცვლება. დაწვრილებით ვერაფერს მოგწერ. უკეთ, ვერ ვახერხებ მოგწერო რამე. კალამი არ მერჩის. არ იფიქრო, რომ არ გენდობი ან რამეს გიმალავ. ვის, ვენდობი, თუ არა შენ. კაი ბიჭები ასე ცოტაა ამ ქვეყნად.
მალე მორჩი, შე ღმერთძაღლო, ჩამოდი და იქნებ გავაკეთოთ რამე. დროა, კაცმა იფიქროს ნამდვილ წიგნზე. თუ სიყვარულშიც დავმარცხდი, დედას გეფიცები, თავს მოვიკლავ.
ბოლოს და ბოლოს,რას ვაკეთებ და ვის რათ ვუნდივარ. თუ სიყვარული მექნება, ლექსებსაც დავწერ და ყველაფერსაც ვიზამ, თუ არა და არაფერი არ მინდა. ამ დღეებში ბარათაშვილს ვკითხულობ სულ. გასაგიჟებელი პოეტია. არავის შემოქმედებაში არ მინახავს ასეთი სულიერი ტანჯვა.
ეს სიმართლე... ეხ, რა სისულელეები მოვროშე. ბარათაშვილი, რა თქმა უნდა, კარგი პოეტია.
წერილს კიდევ მოგწერ. სულ მალე.
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
შენ ლექსში ,,ყისმათი” გავასწორე და ლიკას მივეცი.
31. V 40წ.


VIII
გამარჯობა ლადო!
შენს წასვლის შემდეგ თბილისში არაფერი შეცვლილა და სასახლეშიც ისევ ძველი სუნია. რეზო... კვლავინდებურად მუშაობს ლექსების ციკლზე.
პრეზიდიუმის სხდომა ჯერ არ ყოფილა. შენი ლექსები დაიბეჭდა ,,მნათობში”, ,,თაობაში”. მე მომწონს და ყველას მოსწონს. საერთოდ, ჩემო ლადო, ყველაფერი ძველებურადაა, იყავი კარგად და მუდამ მოგწერ. შენც ნუ დაგვივიწყებ, ბიჭო!
ანიკო კარგად არის.
ა ლ ი ო შ ა.

[ნიკა აგიაშვილის მონაწერი]
ეს ის ალიოშა საჯაიაა, რომელიც ჩვენი ძმაა და მეგობარი. ახლა, ამ წუთს ჩავირბინეთ ქვევით, ბუფეტში, და მე, ალეკომ, გრიშა აბაშიძემ და ალიოშამ ანიკოს წინადადებით გადღეგრძელეთ ლუდით და ზედ ცხელი მუღლამა დავამატეთ.
ნიკა.
ნიკა.
ნიკა.
შენიშვნები
1. რეზო (რეზიკო)_რევაზ მარგიანი.
2.
ვოლდემარი _ლადო ავალიანი.
3. ალეკო _ალეკო შენგელია.
4. ანიკო _ლადო ასათიანის მეუღლე ანა ვაჩნაძე.
5. ერეკლე _პროფესორი ერეკლე ტატიშვილი.
6. ეთერი _ეთერ სვანიძე, რომელსაც პოეტმა მიუძღვნა ლექსი ,,თოვლის ქალი”
7. ვახტანგი _ვახტანგ ჭელიძე.


ლადო ასათიანი
(ერთი წელი გარდაცვალებიდან)

ხანმოკლე იყო ლადო ასათიანის ლიტერატურული მოღვაწეობა. 1940 წელს გამოაქვეყნა მან ლექსების პატარა წიგნი, ხოლო 1943 წლის გაზაფხულზე უკვე სიკვდილს ებრძოდა.
მიუხედავად ამისა,ლადო ასათიანმა არა მარტო მკითხველი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, არამედ თანამედროვე ქართულ
პოეზიაში საგრძნობი კვალიც დატოვა. ჩვენ დაგვრჩა მისი სამოცამდე უკვე
გამოქვეყნებული ლირიკული ლექსი, რამდენიმე ისტორიული ბალადა და პოემები
,,ბასიანის ბრძოლა~და ,, კოლხიდა~.
ეს ნაწარმოებები საკმარისი გახდა იმისათვის, რომ გაგვეცნო ასათიანის სულიერი სამყარო.
ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში დაწერილი მისი
ლექსები განსაკუთრებით აღრმავებს ჩვენს გულისტკივილს, რომ დავკარგეთ
შემოქმედებითი ენერგიით სავსე ახალგზრდა, რომ მას ბევრი, ძალიან ბევრი სათქმელი დარჩა.
სამწერლო ასპარეზზე ლადო ასათიანი კარგად გავარჯიშებული კალმით გამოვიდა და ახალგაზრდულ განწყობილებასთან ერთად ოსტატობაც გვიჩვენა. მას არ განუცდია საგრძნობი ლიტერატურული გავლენა და არც ფორმალური ძიებით
ყოფილა გატაცებული. იგი ყოველთვის გავრცელებულ ფორმებს ირჩევდა, რათა
მხატრული გააზრებისათვის მეტი სინათლე მიეცა. სამაგიეროდ, ორიგინალურად
მართავდა ფრაზას და კეთილხმოვანი სიტყვების ოსტატური შეწყობით თავისებურ მუსიკალობას აღწევდა.
ლადო ასათიანიანის ლექსებში თანაბრადაა მოცემული პლასტიკა, ამღერება ლირიზმი, მაგრამ პოეტური აზრი ყოველთვის წინ არის წამოწეული. მის ლექსებს
ბევრი თავისებურება ახასიათებს.
პირველ ყოვლისა, ასათიანი ნათელი ფრიზა ოსტატია.
ჰეი, თქვენ, არაგველობო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია? შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
რასაკვირველია, ეს შესანიშნავი სტრიქონები გვიზიდავენ არა რომელიმე სახითა-აქ თითქმის არაფერია დახატული, - არც მუსიკალური თავისებურებით, რადგან ეს მოტივი არ არის უცხო ქართული ლექსისათვის. მაგრამ აქ არის პატრიოტული აღფრთოვანებით გამოწვეული ერთგვარი ზეაწეული ტონი, სიტყვები და ფერები, რომლებიც ქართველი მკითხველის სულიერ სამყაროში უშუალოდ ჰპოულობენ ადგილს. სწორედ ეს მგზნებარე განწყობილება, ეს მაღალი ტონი და სინათლე არის ძირითადი თვისება მისი ლექსებისა ლადო ასათიანისთვის არ არსებობს ლამაზი სიტყვა.თავისთავად,უმიზნოდ დახატული პეიზაჟი ან ტენპერამენტს მოკლებული ნაზი სიმღერა. პოეტი მტკივნეულად განიცდის სამშობლოს შორეულ წარსულს. იგი გატაცებულია წინაპართა ცხოვრებით.
მამულისათვის თავდადებული ქართველი რაინდები: ხერხეულიძეები, არაგველები მის ლექსებში იხატებიან არა როგორც დიდი წარსულის აჩრდილები, რომელთაც თავიაანთი სახელოვანი გზა განვლეს, არამედ ქართველი ერის გმირულისულის მატარებელ სიმბოლოეებად ცოცხლდებიან დღევანდელობაშიც. პოეტი თითქოს მათი ბრძოლების მონაწილეა და უშუალოდ განიცდის მათი გამარჯვებით გამოწვეულ აღფრთოვანებას, თითქოს ქრება საუკუნეთა მანძილი და მგზნებარე პატრიოტი თამარ მეფის სამეფო დარბაზის სილამაზეს ისევე გურწფელად და ახლოს განიცდის, როგორც გაზაფხულის სიდიადეს.
საინტერესოა, რომ ლადო ასათიანის პოეზია სავსებით მოკლებულია სევდისა და მელანქოლიის განწყობილებას. მის ლექსებს მთის საგმირო ფოლკლორის სილაღე და ოპტიმისტური ბუნება ახასიათებს.
მისი პოეზიის ძირითადი მოტივი პატრიტიზმია. თითქმის ყველა ლექსი დაწერილია სამშობლოს სიყვარულის თემაზე.
ომის დღეებში დაწერილი ლექსები: ,,ბელადი ~, ,, ლენინის ტომები ~, ,, მარშალ ჟუკოვს ~,,ცხრა ძმა ხერხეულიძე ~, პოემა ,,ბასიანის ბრძოლას ~ ცხადჰყოფენ ლადო ასათიანის დიდ მხატვრულ პოტენციას.
ქართველი მკითხველი საზოგადოება არ დაივიწყებს ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტს, რომელმაც თანამედროვე ქართული პოეზიის საგანძურში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ჩვენ კი, მის მეგობრებს, რომელთაც პოეტის მგზნებარე სტრიქონებთან ერთად მისი ფართო, ცისფერი თვალების ამაყი გამოხედვაც გვახსოვს, მარად დაგვრჩება პატრიოტი პოეტის ნათელი ხსოვნა.
1944 წ.


რევაზ მარგიანს

1
რეზიკო! ისე მოულოდნელად წამოვედი, რომ გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარი.
გადაეცი ჩემი სალამი პ-ტ ასათიანს და მოიკითხე ყველა ჩვენი მეგობარი და
კეთილის მსურველი.
მე, მართალი გითხრა, უკვე მომენატრა თბილისი და საზიზღრად მწყურია
,,პივა”.
აქ ყოველდღე წვიმს. არსად არ დავდივარ და ციხეში მგონია თავი. დარწმუნებული
ვარ, შეგეცოდები და მომწერ წერილებს, თუმცა თანამდებობის კაცს ცოტა დრო
გექნება. გერმანელს დავასხი თავსხ ლაფი. ლადოს1 გამარჯვება და კარგად ყოფნა.

2
სალამი ნინიკო და რეზიკო! მართალი გითხრათ, არა ხართ წერილის ღირსი, მაგრამ მე ალბათ ზედმეტად მგრძნობიარე კაცი ვარ და არ შემიძლია ასე
ერთბაშად ჩავახშო გულში მეგოგბრისადმი სიყვარული. რასაკვირველია,
იმ კაცს, რომელიც სამი დღე ზუგდიდის ბულვარზე დასეირნობდა და არც
კი მოისურვა ტელეფონით მაინც დაერეკა ჩემთვის [ეს მოსახერხებელია!],
არ ესიამოვნება ეს წერილი. შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ ნინიკო არ
ჰყავდა გვერდით, რჩევა-დარიგება მიეცა!...
ხო, იმ კაცმა_თქვა, მე ვამბობ, არ ახსოვს
ალექსანდრე საჯაია. აქ არაფერი არ არის გაუგებარი. დამგმეთ, შემიძულეთ,
დამკარგეთ. აფერუმ, ბიჭო, შენს ვაჟკაცობას! ნინიკოს ახლა ალბათ 15 ნათლია
ეყოლება (ყველისა, რძისა თუ თაფლის დარგში), მაგრამ ვინ დაარწია ხათუნას აკვანი პირველად? ვინ დაარქვა ეს მშვენიერი სახელი (რომელიც დედაქალაქში, სხვათა შორის, ძალიან მოსწონთ!) მე! მაგრამ ვინ გაფასებთ! მე მინდა ვიცოდე, როგორ არის ჩემი მშვენიერი ნათლული, მაქვს თუ არა ამის უფლება?! დარწმუნებული ვარ, დედ_მამას არ დაემსგავსება. მე უკვე საკომისიო მაღაზიებში ვეძებ
შესაფერ საათს. გადაეცით ჩემი მოკითხვა და კოცნა ნათლულს (ამას მე მოვითხოვ). თქვენი ამბავი მურზამ მიამბო, კარგად ჰყოფილხართ.
სულ კარგად იყავით, ჩემო კარგებო! მე ისევ ისე ვარ. ძველებურად. თჩ დიდად არ მაწუხებს. ლექსებსაც ნაკლებად ვწერ(არც ეს მაწუხებს). ვცხოვრობ დედაქალაქში. აქ ძალიან სიძვირეა.რძე 40 მანეთი, ღორის ხორცი- 250 და ასე შემდეგ. რეზოს, ვიცი, ყველა ამბავზე უფრო მწერალთა კავშირის ამბავი აინტერესებს.
მაჩაბლის ქუჩაზე ახალი სასადილო გაგვიხსნეს. კოოპერატივში ზოგჯერ არის მყრალი თევზი... ჩვენი წიგნი ისევ ისეა, როგორც დატოვე. რომ ჩავედი, რაჟდენმა მითხრა, რეზომ მთხოვა, მისი ლექსები ცალკე გამომეცაო და ვინაიდან შენი თანხმობა არ მქონდაო, ვერ გამოვეციო. რასაკველია, მე ვიცოდი , რომ ეს არ იყო მართალი. მივედი ოთარ ეგაძესთან. დამპირდა და ვერ მიიღო ზომები.
ახლა საქმე ასეა. ჩვენი წიგნები,თუ საერთოდ,გამოვიდა,ცალ-ცალკე გამოვა. ყველა წიგნს სინჯავს ე.წ. სარედაქციო კომისია..... მათ დაიწუნეს და აკრძალეს ვოლდემარის უკვე დაბეჭდილი მეორე წიგნი.ლადო ასათიანის წიგნი და სხვა. ჩვენი წიგნებიც ამ დღეებში გადაეცემა იმ კომისიას და შეიძლება ჩვენც ასე გაგვაბითურონ.
ვნახოთ.ასეა, ჩემო რეზო საქმე.
ის მეთოდები, რომლითაც ჩვენ გვინდოდა საქმის გაკეთება, არ გამოდგა. რაჟდენს ვეჩხუბე გუშინწინ და შედეგი ის იქნება მგონი, რომ წიგნები დღეს გადაეცემა კომისიას.სხვა,შენი ლექსები დაიბეჭდა ,,ლიტ.გაზეთში”. რაღაც კრებულშიც შეიტანეს ,,ჩანჩიბაძე”.გამოგზავნე კიდევ და ყველაფერი დაიბეჭდება,შენც თუ ჩამოხვალ, მთლად გაკეთებული იქნება....
სხვა რა მოგწერო. მე ახლა ვმუშაობ პოემაზე.
მომიკითხე დეიდა ნინო და აკაკი ბიძია. პაჭა, ბუთული, დოდოლი. ჩვენი გივი.
იყავით კარგად და კარგად!
ალიოშა.
ვახტანგი კარგად არის,
მოგიკითხათ!


III
სალამი რეზიკო! წერილები ძალიან დაგვიძვირდა.
გავფუჭდით, ძმაო, გავფუჭდით.შენ ცოლ-შვილი დაგაწვა კისერზე, მე კიდევ უცოლშვილობა. დაგვავიწყდა ძმაკაცობა და პურისჭამა. თბილისში ქესატობაა,მაგრამ ღვინოს ყოველ მეორე დღეს მაინც ვყლაპავთ..... ,,ნორჩი ლენინელიც” იხსნება მგონი. რედაქტორი ელიკო იქნება ალბათ და შენ მდივნად მოგიწვევთ უსათუოდ.
ჩემო რეზიკო, ნინიკო ვნახე თბილისში. ხათუნას ამბებს მომიყვა. მოხარული ვარ, რომ კარგი ქალიშვილი გამოვიდა ჩემი ნათლული.
სახელი მაინც იშვიათი აქვს. მე მინდა ამ ზაფხულზე ამოვიდე მესტიაში. დავრჩები ერთ თვეს, შეიძლება მეტსაც. თუ კაცი ხარ, წერილი მომწერე. პურის წიგნაკის წამოღება თუა საჭირო (თუ აცხობენ . და თუ კარგია პური). ფასები დაახლოებით ვიცი.
ქუთაისიდან
ჩამოვფრინდები, ღვინოს და კიტრებს ჩამოვიტან. გოშთელიანების სახლი ალბათ
დაცლილია.
ჩემო რეზო, გოგის არ მიუღია შენი ლექსები. გამოგზავნე კიდევ. მოკითხვა დიდის
პატივისცემით ნინო დეიდას და აკაკი ბიძიას და ყველას.წერილი მომწერე, ჩქარა. მე ჩამოვალ პირველ ივლისს.
გკოცნი კოკი.
მურზას მოკითხვა 18.V.44 წ.

1.ლადო ასათიანი
2.ხათუნა _ხათუნა მარგიანი, რევაზ მარგიანის ქალიშვილი.
3.`მურზა რატიანი,რომელიც იმ დროს მესტიის სარაიონო გაზეთში მუშაობდა და
პოეტთან მეგობრობდა;
4.
რაჟდენი _მწერალი რაჟდენი გვეტაძე, მწერალთა გამომცემლობის დირექტორი. ,,
5. ელიკო _ ელენე აგლაძე,,ნირჩი ლენინელის რედაქტორი.
6. გოგი _მწერალი გიორგი ნატროშვილი, ლიტერატურული გაზეთის
რედაქტორი.


ლადო ავალიანს

I
სალამი ვოლდემარ
სალამი და კიდევ სალამი... მივიღე შენი წერილი სწორედ იმ დღეს, როდესაც მათემატიკას ვაბარებდი და მოგეხსენებათ ჩემი დაღრეჯილობის ამბავი. სული წინ და უკან მიმდიოდა და მიმდიოდა...
სხვა, „ პატენი“, დიდი წვალების და ვაი ვაგლახის შემდეგ 2 სექტემბერს მივიღე შენი ფული, მაგრამ ვაი ასეთ მიღებას.
შენ ხომ კარგად იცი ცარიელი ჯიბის ხასიათი და თურმე ქე დამიხარჯია . ახლა სხვა რა ვილაპარაკო, ვქენი მეგრული .ფული 7 ან რვაში მექნება მაგრამ არ გამოგიგზავნი, როგორც ვიცი აწი უნდა დაბრუნდე და დაგახვედრებ. ბოდიში და კიდევ ბოდიში... მაგრამ ამავე დროს უნდა გახარო, რომ შენი მოთხრობა ,, დედა ხვიბლან“ უკვე სტამბას, გადაეცა. კოტეს არა უშავრს რა. შენი წერილი მივიღო. .
ალექსანდრე საჯაია
5/IX. 35წ.


II
ვოლდემარ ჩემო!
მე სოფელში ვარ. მამა ავადაა და სექტემბრის 20-მდე მაინც უთუოდ ვერ
ჩამოვალ. ეს ყრუ სოფელი და საერთოდ ავადმყოფური გარემო აუტანელია. აქ ძალიან ცოტას ვკითხულბ. გუჩინწინ დავიწყე ,, “ და დღეს მხოლოდ მე
150 _გვერდზე ვარ. დოსტოევსკი გასაგიჟებელი რაღაცაა.
რამდენი ადამიანი ,
რამდენი ტიპი და ხასიათი... ზოგიერთი პირდაპირ მოჩვენებად გადამექცა. მე
ამგვარი ჯერ არაფერი წამიკითხავს. ამბობენ, სიცოცხლეშივე ბევრი მკითხველი
ყავდაო. რატომღაც მეეჭვება: მასებისათვის დოსტოევსკი მიუწვდომელი იქნება...
თუმცა ყველაზე უფრო საჭირო. ხშირად ჭარბი ფსიქოლოგიზმი მომქანცველია.
რამდენად ზუსტია მოქმედების, მდგომარეობის და ხასიათის აღწერა, იმდენად აღიზიანებს მკითხველს. ნუთუ ამის შემდეგ ვინმეს ეყოფა გამბედაობა, აღწეროს პატიმართა ცხოვრება.
მრავალი ადგილი ამოვიწერე და ამის შესახებ ტფილისში ვისაუბროთ.
მე ხშირად მაგონდება შენი ახალი რომანის სიუჟეტი და ათასნაირად ვაბრუნებ ხოლმე (თითქოს რაღაც მოვალეობას ვგრძნობ).
ჩემის ფიქრით, პირეველი თავი რაღაც საიდუმლოებით უნდა იყოს მოცული .საჭირო არ იქნება ახსენო არც ქალის ვინაობა , არც სახელი, რომ მკითხველს ბოლომდე შერჩეს ინტერესი.
შეიძლება აგრეთვე პირველ თავში აღწერე რომელიმე მატარებლის მგზავრი ძველი მილიონერი ან სხვა იმისმსგავსი, რომ ბოლოს მკითხველი მოტყუებული დარჩა. ესეც მე მგონია ინტერესს გააორკეცებს.
დააანარჩენი შემდეგისათვის გადავდოთ.
წერილი მომწერე.
ალექსანდრე
ზუგდიდი. სოფ. ოდიში.


III
ვოლდემარ...
შენს წერილს პირდაპირ ,, გულისფანცქალით~
ველოდი და ის იყო დღეს მაღირსე კიდეც.
დაპირების შესრულება შენგან მოსალოდნელი იყო წაშლილია და არ იკითხება. რედ. რეზო თურმე შარაში მოგზაურობს და ჩემმა წერილმა ვერსად ვერ მოუსწრო. რა ვქნა, ამიკლო საყვედურებით. ბიჭების სინაკლებებს მეც მიჩივის და არ ვიცი რა უყო. ჩვენსკენ კი პირიქითაა: ბიჭი ვარ ,,ღმერთივით~, მარა ქალების კრიზისია პირდაპირ.
რასაკვირველია მე ამ წერილში დოსტოევსკის შესახებ კრინტსაც არ დავძრავ: ჩვენში მკვდრებზე ისედაც ბევრს ლაპარაკობენ.
_როგორ შეიძლება ერთ წერილში შეეხო ორ მწერალს(?!!!).
მე აშკარად მეგრული გამბედაობა გამოვიჩინე წინა წერილში. ეს კი ალბათ
,,საყომარო გზაზედ უკომპასოდ სიარულია'”.
კეთილი და პატიოსანი. მე მეტს არ გავაგრძელბ. ახლა გადავალ უშუალოდ ჩემი საცხოვრებელი ბინის აღწერაზე (შენიშვნა: აზრი ნასესხებია).


1. ჩვენი ოდა შორიდან ქოლგას გავს.
ირგვლივ ღობეა, ეზო. წინ 3 ჩინარი.
მარცხნივ ჭა, მარჯვნივ სამზარეულო და სხვა წვრილი ნაგებობანი. უკან კი ტყე და შორს საქათმე, წელში მოხრილი და ჩამოსკლინტ... კიდევ გავაგრძელებდი, მარა ნამეტანი ნატურალიზმი გამომდის. სიფრთხილეს თავი არ ტკივა: ვინ იცის, ბესომ ეგ წერილი სადმე რომ იპოვოს, ,,მიმდინარე ეტაპზე”
ნაღდად გაგვანადგურებს.
მე აქ შევწყვეტდი ჩემს წერილს, რომ რაღაც ეშმაკად, ტფილისში ჩვენი უკანასკნელი გასეირნება არ გამხსენებოდა.
ნუ თუ მართალია ეს. მე იმ დღეს განგებ ვახელებდი გიორგის, რომ მეტი ეთქვა ჩემს შესახებ. ო, ღმერთო ჩემო! მე ყველაფერი შემიძლია და გაბოროტება არა. ეს დიდი ცილისწამება... იქნებ ჩემი ნაკლია: ,,არ ვიცი მტრობა”.
მე, თუ გნებავთ, ბრიყვი მიწოდეთ, მაინც მჯერა, რომ უამხანაგოდ არ არის ბედნიერება.
მტრობა,შური ისიც ამ უბრალო ლექსებისათვის?!. არ ვიცი...
მე უთუოდ დამნაშავე ვიყავი პირველად, მაგრამ...
ამაზე მეტს არ ვიტყვი. მოსამართლეობას ვერ დაგაკისრებთ, ესეც რომ არ იყოს, თქვენ ასეთ დროს გჩვევიათ გარინდება (კ. გ.)
შენ დიდკაცურად მწერ, რომ ჩემი წერილის წაკითხვა არ დაგეზარება, მე კი გულწფელად გეტყვი: გამიხარდება თუ მიპასუხებ, ნუ დაგავიწყდება, რომ ჩემს კალამსაც ჯერ ჟანგი არ მოდებია და მარად ალესილია საპასუხოდ (პა პა პა) . . .
ასე ჩემო ვოლდემარ!
ალექსანდრე!


IV
ასე, ჩემო ვოლდერმარ!
ალექსანდრე.
სალამი ძმაო ლადო!
როგორ ხარ? რას შვრები.
მე ამასწინათ ფოსტით გამოგიგზავნე წერილი, მაგრამ ალბათ ჯერ არ გექნება მიღებული. ჩვენ ერთი თვეა თბილისიდან გაზეთები არ მიგვიღია!
ლადო! ეს ამხანაგი ჩვენი გაზეთის რედაქტორია და ძალიან გთხოვ დაუხატო რაღაცეები, არც შეიძლება შეღავათიან ფასებში, მაგრამ კარგად, მეც ამ გაზეთში ვმუშაობ და ფულს სინაკლებე გაქვს. მე მგონია, ჩემი თუ რა, სვანეთის ხათრით მაინც გავაკეთებ ამ საქმეს (ან შენი სვანური მოთხრობების ხათრით) მე გთხოვ, კიდევ ამ ამხანაგს გამოატანო ვრცელი წერილი და მწელკავის ამბები. ძალიან მოგვიწყინდა მე და რეზოს.
მომიკითხე ნათელა. თბილისში ალბათ ძალიან სიცხე იქნება. ცოტა აქაც დაცხა, მაგრამ საღამოობით მაინც გრილა.
ვოლდერმა! უსათაუროდ მომწერე. ბიჭო, ასე უნდა ავადმყოფი კაცის მიტოვება.
სირცხვილია! სირცხვილი!
შენი ალექსანდრე საჯაია.
(1943)


V
ვოლდემარ! ნუ გგონია წერილის სიმოკლით სამაგიეროს გიხდიდე. აქ კონვერტების დიდი გასაჭირია და ეს ღია ბარათიც ძლივს ჩავიგდე ხელში ასეც რომ არ იყოს, მოსაწერიც არაფერი მაქვს არც წამიკითხავს, არც მიწერია, არც ვფიქროფ რამეს.
დღეს თვრამეტია, ხვალ კი თბილისში მივდივარ თუ გახერხდა, მინდა ქობულეთშიც ჩამოვიდე ჩვენი ბიჭებიდან, ვახტანგი გურიაშია, რეზო სვანეთშია, დანარჩენის არა მესმის რა. ვრცელ წერილს თბილისიდან მოგწერ.
ა ლ ი ო შ ა.

1 კოტე _ მწერალი კოტე ხივშიაშვილი
2. ბესო _ კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი
3. ნათელა_ ლადო ავალიანის მეუღლე, მხატვარი ნათელა იანქოშვილი..

@


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 4:10 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptySat Apr 25, 2009 11:02 am

ალექსანდრე საჯაია

ახალი წელი კახელებთან

ჩვენი ხარების ღონიერ ქედებს,
ჩვენი გლეხკაცის გამძლე მარჯვენას,
ედემს, ალაზნის ბარაქა ედემს,
კიდევ სიცოცხლე და გამარჯვება!

კედევ გახედა მარცხენა თვალით
ძველმა ვეფხვმა და მონადირემა:
_რუსუდან ჩემი ირემი ქალი,
ქეთევან ქალი_თვალებიანმა.

რა იყო მაინც ეს შარშანდელი
მზე, ყვავილები, წვიმა მრავალი…
ამდენი ვარდი, თოვლიც ამდენი,
რა მოსავალი, რა მოსავალი!

შირაქმა ბამბა გადაიყარა,
ქიზიყის ველს რომ მარტო გახედო…
ბაკურ ციხეში ვაზმა იხარა;
აგრეც იხარე, ჩემო კახეთო!

იჯდა, მღეროდა მწყემსი იალაღს,
ტრფობით ცეცხლი რომ გულში აღენთო;
შენალაზანმაც ბევრი გიმღერა,
აგრეც იმღერე, ჩემო კახეთო!

ეს კიდევ ერთი, ისევ იმგვარად,
იმ სიყვარულის ვარსკვლავს ვფიცავ…
დილა გათენდა, დარმა იდარა
და თოვლმა თოვლის ფერი იცვალა.

შემეძლო, მზესაც გადავკოცნიდი,
გომბორის კალთა რომ გადაცურა,
რა ღვინო იყო ის დალოცვილი,
რა ღვინისფერი თოვლი მოსულა!

@


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 4:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptySat Apr 25, 2009 11:03 am

ალექსანდრე საჯაია

კაფია

ვახტანგ ჭელიძეს

არაფერია, წვიმას აპირებს!
ქარი, ავდარი და მისტერია!...
ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს,
შენ კი მითხარი: - არაფერია!
ლამაზი იყო, მზე იყო მხოლოდ;
თეთრი სიზმარი, თეთრი ფერია.
მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს,
შენ კვლავ მითხარი: - არაფერია!
ცრემლები დაშრენ. დღეს დღენი მიჰყვა...
გზებს ია-ვარდი დაუფენიათ.
არაფერია, მე ბავშვი ვიყავ,
თორემ ცრემლებიც არაფერია...
მოიტათ ღვინო... სულში ფარული
არ დარჩეს კიდევ ჩრდილი პატარაც,
ვხედავ, მეწვია მე სიხარული,
მაგრამ ძნელია მისი ატანაც.
მოიტათ ღვინო... ღვინო სისხლს ერთვის,
შეგათრთოლებს და სისხლის ფერია...
ვგიჟდები... ახლაც მაღირსე ერთი,
ძმავ, ეგ ძვირფასი: - არაფერია!

@


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury
renuari

Female
Number of posts : 118
Age : 60
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptySat Jun 13, 2009 5:12 pm

სვანური მოტივები

საღამოზე შველი გადამეღობა,
ას წელიწადს მაძებნია კვალი,
მთვარედ მექცა, ვარსკვლავებში შეტოპა,
მივდევ ელვის მოგიზგიზე ხმალით.

სალოცავად ქართველობა მეყოფა,
საფიცავად შენი თაფლის თვალი.

უშენობით გული დამიმიწდება,
დევის მკლავებს წაერთმევათ ძალა,
კვალდაკარგულს ფეხი გადამიცდება,
გავტყდები და მომაშველებ დალალს.

მთის კაცი ვარ,
ხელი ცამდე მიწვდება,
ქარის მუხლით მოგეწევი, ქალავ!
დავიწვი და ენგურსა ვთხოვ, მეგობარს,
მომასხუროს მკერდზე წმინდა წყალი,
შენი შუქი ბნელში გადამეღობა,
ღრუბლებზედაც ვნახე შენი კვალი.

საამაყოდ ქართველობა მეყოფა,
საფიცავად შენი თაფლის თვალი.
Back to top Go down
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 183
Age : 29
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptyWed Jun 17, 2009 1:48 pm

...პატარას სამი პოეტი გამორჩეულად მიყვარდა.. ესხენი იყვნენ": ლადო, მირზა და ალექსანდრე საჯაია.... ერთი თაობის და ერთი "სულის" პოეტები... საჯაიაც გელოვანის მსგავსად ომში დაიღუპა.... მახსოვს მისი ზღაპარიც რაღაც ასეთი ერქვა "დიდთავა და უთავი მეფეებიო" თუ.. (სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს)..... მერე იყო ნიკა აგიაშვილის "ჭაბუკები დარჩნენ მარად" წავიკითხე სადაც ამ თაობის პოეტებზე და მათ სამეგობროზე ბევრი კარგი მოგონებაა... მერე იყო მათი ერთი მეგობრის - გიორგი ნაფეტვარიძის წიგნი ვიპოვე სოფლის ბიბლიოთეკაში... ისიც ამათი მეგობარი და ომში დაღუპული... "ვინც უკვდავებაზე ფიქრობს ის ცუდი ჯარისაკაციაო " წერდა ის დღიურში... გაბრიელ ჯაბუშანურიც, მათი მეგოპბარი არ წაიყვანეს ომში, "შენაო მონაპირე კუთხის შვილი ხარ და საზღვარს მიხედეო" გაუშვეს არხოტში... ლადოს გულის ჭლექმა "დაღრღნა" და ისიც გაეცალა წუთისოფელს.... მერე ალბატ ასე იყო: მოვიდა მათი გმირულად სიკვდილის ამბავი და გაბრიელმა დაწერა

" ავახ თქვენი ჯგრო რუსთაველზე აღარ ჩაიარს,
ასათიანო გელოვანო და საჯაია" ....


"თოვლი თოვს, თეთრი ქარია,
თეთრ სამოსელთ ვირთვებით" - მახსოვს ძალიან პატარამ საახალწლო ზეიმზე წავიკითხე...

მადლობა ნიკას ამ თემის გახსნისთვის... მომაგონდა სამი პოეტი რომლებიც ბავშვობასი ძალიან მიყვარდა და ახლაც არ გამნელებია მათი სიყვარული...

ცეცხლივით ენთო მაშინ მათი ლექსები....

ნაკვერჩხლებივით ღვიოდნენ...
Back to top Go down
http://lib.ge/
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 260
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptyWed Jun 17, 2009 3:32 pm

მივდივარ, აღარ მშორდება
მკერდგაღეღილი ჩიტები.





Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Sep 03, 2013 4:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://www.geogen.ge
არაბული
Into Armury
Into Armury
არაბული

Male
Number of posts : 183
Age : 29
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptyWed Jun 17, 2009 4:20 pm

თოვლის ქალი

ჩემი და თეთრი თოვლის ქალია
და უყვარს მარტო თოვლი და თოვა.
იგი ლაჟვარდის ერთი თვალია
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია.

მან იცის ჩემთვის სიმღერა ერთი,
და რომ მიმღეროს, თურმე რცხვენია,
მან შეინახა ცრემლები ჩემთვის,
მაგრამ არასდროს არ უცრემლია.

ჩვენი ამბავი ულამაზესი
ერთხელ ნიავმა თურმე გალექსა,
დას ნიავივით სურდა ალერსი,
მაგრამ შედრკა და არ მიალერსა.

და განა მისთვის ვწუხდი ძალიან,
და განა მუდამ იქნება თოვა?
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია.
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.

1937


პატარა კახი

ეს ჩემი პაპა, ძველი ქართველი...
რამ გაახსენა დღესაც კრწანისი
თქვვენაც იყავით ასე ჯანმრთელი,
ამტანი წლების და სიმწარესი.
პატარა ბავშვის...
ისევ მესამედ
სამ_სამი ჯიხვი შემოატარა...
ჩვენი ესმოდა,
თვალს აკვესებდა
და კისკისებდა კახი პატარა.
რომბაიზარდოს იგი უეცრად,
ახდეს ზღაპარი გასაკვირველი,_
ან რკინის ფრთებით დალეწავს
ზეცას,
ანდა მთვარეზე ავა პირველი;
ან დაწერს ახალ ,,ვეფხისტყაოსანს “,
თვალს დახრის შოთა მის
წინ მუდარით...
ლექსი აცოცხლებს ბედნიერ
მგოსანს,
მზის ფერადებით ნასათუთარი.
ის ღამე მაინც იქცა ლექსებად...
სიმღერით გვსურდა ტრფობის
ატანა.
ჩვენი ესმოდა, თვალს აკვესებდა
და კისკისებდა კახი პატარა.

1938 წ.

ავდარი

თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,
მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.
დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,
და ეს ავდარიც ალბათ ძრვის არი.
ავგული იყოს და ჯავშნიანი
ფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,
ზღვის ღელვა _ ლურჯი კაბის შრიალი,
ზღვის მსხვრევა _ თეთრი ხელების ტაში...
ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარს
და საუნჯეთა მფლობელი არის,
მას ვარსკვლავები ტყვეებად ჰყავდა,
მან დაატყვევა ყოველი ქარი.
ჩემი ხომალდის გზა _ სიყვარული,
თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი...
ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულის
და დაუხარჯავ ცრემლების ფასი.

1938წ.



დიდი ხმა


ეს ზეცა ზოგჯერ აუნთებს სისხამს
ღრუბლის ხომალდებს თეთრაფრიანებს;
ღამით მეწამურ ყვავილებს ისხამს,
დღისით მზის თვალებს შეაბრიალებს.
ხან მთვარის შუქით გაინაზება,
ხან შვიდი ფერით ველებს ანაზებს...
ხან გაიელვებს და შემაზრზენი
ქუხილის ხმები სწუხს ქვეყანაზე.
მაგრამ არ არის, ცავ, თუ ბავშვივით
ფანტავ ღრუბლების ბნელ ფარატინებს;
მე გეურჩები მკლავებგაშლილი,
ჰა, შტამაგონე, ან ამატირე...
მწამს, შევაშფოთოთ თვალანახელი
ათასი მნათი, ოქროს ჟინჟილა,
მწამს, ჩააჩუმოს ცათა ძახილი
აბობოქრებულ მიწის ყიჟინამ...
მწამს, გაიგონებს ზღვა თუ ხმელეთი,
თვითონ კირჩხიბი და თვითინ მარსი,
რომ ქვეყნად ცოცხლობს მნათობი ერი
და არსად კიდევ იმისი მსგავსი.
1938წ.
Back to top Go down
http://lib.ge/
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptyTue Jan 12, 2021 11:58 am

ალექსანდრე საჯაია

თოვლი თოვს

თოვლი თოვს, თეთრი ქარია,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
ჩიტებო, რა გიხარიათ,
რისთვის მღერიხართ ჩიტები.
დიდი ზამთარი იქნება?
ნეტამაც ასე ინებოს!
თქვენ მაინც რა გეფიქრებათ,
რა გენანებათ, ჩიტებო?
გადივლის, დაიფარება
ფიქრებით, თოვლის ქულებით. . .
თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ
მაგ პაწაწინა გულებით?
თოვლი თოვს, უფრო თოვდება,
თეთრ სამოსელით ვირთვები.
მივდივარ, აღარ მშორდება
მკერდგაღეღილი ჩიტები.

@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია EmptyTue Jan 12, 2021 12:27 pm

ალექსანდრე საჯაია

წერილი

ის, ჩიტისგულა,ცრემლით მიგონებს,
ვერ მალავს დედა საოცარ სურვილს,
და მოხუც მამის ნაწერ სტრიქონებს
მოჰყავს გამარგილ სიმინდის სუნი.
ვიცი, იქ ახლა ნისლი ნისლი ირღვევა,
ფითრდება ღამე თმაგიშრიანი,
წაეკიდება ცეცხლი სიმღერას
და ჯეჯილებში წავა შრიალით.
ტყე მოხარული ატეხავს ხივილს,
რომ მის გულშიაც სიმღერა ცოცხლობს,
და ვნებიანი პირველი სხივი
ფორთოხლის მკერდში დაანთებს კოცონს.
ვუსმენ, წერილი მიჰყვება ამბავს
და ჟრუანტელი ძარღვებში მივლის,
გუგული ისევ მეძახის, ალბათ,
ყოველ საღამოს და ყოველ დილით,
მე აქ ალიონს რუსთველივით გავშლი,
მსუბუქ ოცნებით შუბლდაღარული,
ჩქეფს, იფერფლება წიგნების ყდაში
ღამე, ფიქრები და სიყვარული.

@
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ალექსანდრე საჯაია Empty
PostSubject: Re: ალექსანდრე საჯაია   ალექსანდრე საჯაია Empty

Back to top Go down
 
ალექსანდრე საჯაია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: