არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ომარ დურმიშიძე

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptyFri Mar 27, 2009 10:06 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d19
Omar Durmishidze

სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ებ­ში „ღა­მის მხატ­ვრის“ მეტ­სა­ხე­ლი­თაც იც­ნო­ბენ, რად­გან ბევ­რი მისი ნა­მუ­შე­ვარ­ში სწო­რედ ღა­მის თბი­ლი­სის პე­ი­ზა­ჟე­ბია ასა­ხუ­ლი. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გახ­ლდათ ხატ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, ეგრეთ წოდებული „ნა­კაწ­რი“...

ომარ დურმიშიძე


დაიბადა 1949 წლის 18 ივნისს ქ. თბილისში. 1964-1968 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1968-1973 წლებში აგრძელებს სწავლას ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა “მშვიდი ძილი” ფრიადი დაიმსახურა. 1973 წლიდან მხატვართა ახალგაზრდული კავშირის წევრია. 1973 წლიდან მონაწილეობს თითქმის ყველა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენაში.
1974 წელს მიიღო მონაწილეობა სახვითი ხელოვნების ფესტივალში - დევიზით “ბალტიკა - მშვიდობისა და მეგობრობის ზღვა”. წარმოდგენილმა ტილომ “რაბერი - ღამით” დიპლომი დაიმსახურა.
პირველი პერსონალური გამოფენა - 1976 წ. - საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში.
მეორე პერსონალური გამოფენა - 1977 წ. - მარმელადის ფაბრიკაში, მიძღვნილი საბჭოთა კავშირის 60 წლისთავისადმი.
მესამე პერსონალური გამიფენა - 1978 წ. - აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში.
მეოთხე პერსონალური გამოფენა - 1984 წ. - მხატვრის სახლში.
მეხუთე პერსონალური გამოფენა - 1984-85 წ. - მართვის სისტემების ინსტიტუტში.
მეექვსე პერსონალური გამოფენა - 1985 წ. - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მეშვიდე პერსონალური გამოფენა - 1986 წ. - ქ. მოსკოვის საგამოფენო ცენტრ “ფიროსმანში”.
1977 წელს გამოფენა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც შეძენილ იქნა ფერწერული ტილო “ჭრელ აბანოებთან” სერიიდან “ღამის თბილისი”.
1979 წელს გამოფენა ქ. მოსკოვის ექსპორტ - სალონში
1980 წელს გამოფენა - იტალიაში , სადაც შეძენილ იქნა ფერწერული ტილო “კოჯრის ქუჩა” სერიიდან “ღამის თბილისი”.
1983 წელს გამოფენა მიძღვნილი “გეორგიევსკის ტრაქტატის” 200 წლისთავისადმი.
1984 წელს გამოფენა მიძღვნილი “საბჭოთა კავშირ-რუმინეთის ახალგაზრდების მე-4 შეხვედრა”.
1987 წელს გამოფენა რეტროპერსპექტივა “მხატვრის სახლში”.
1994 წელს გარდაიცვალა.
1995 წელს “კავკასიის მხატვართა გილდია” “კავკასიური სახლი” აწყობს ქართველ მხატვერთა გამოფენას, სადაც ომარ დურმიშიძის ნამუშევრებიც გამოიფინა.
1995 წელს გალერეა “ჰობი” აწყობს გამოფენას “მიძღვნა ფიროსმანს”, სადაც გამოიფინა მხატვრის ნამუშევრები მიძღვნილი ფიროსმანისადმი.
1995 წელს მხატვრის ავტოპორტრეტების პერსონალური გამოფენა “გაერო”-ს სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობაში, რომელიც მოაწყო ჟურნალისტი გალერეა სალონმა “ნეო”-მ
1995 წელს საქართველოს ეროვნულ გალერეაში “ცისფერი გალერეა” პერსონალური გამოფენა მიძღვნილი გარდაცვლილების წლისთავისადმი.
1996 წელს ეროვნულ გალერეაში ეწყობა ქართველ მხატვართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის სამი ფერწერული ტილო.
1999 წელს - გალერეა TMS -ში პერსონალური გამოფენა მიძღვნილი 50 წლისთავისადმი.
2006 წელს გალერეა “ვერნისაჟი”, პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “ლერმონტოვის ქუჩა ღამით”.
ოთარ დურმიშიძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. საზღვარგარეთ, კერძო კოლექციებში: საფრანგეთი, ამერიკა, იუგოსლავია, სირია, თურქეთი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ჰოლანდია, ქ. მოსკოვის გალერეებსა და კერძო კოლექციებში.

ბმულები:
* http://www.art.gov.ge/artists.php?lang=En&artist=52#
* http://erzi-gallery.ru/painters/durmishidze-omar/ - Дурмишидзе Омар
* https://www.facebook.com/pg/MsoplioMkhatvroba/photos/?tab=album&album_id=176942155797164
* https://www.myvideo.ge/v/2181993



ერთსულოვნების ვერნისაჟი - ომარ დურმიშიძე
•May 28, 2015

Exclamation
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptyFri Mar 27, 2009 10:15 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d17
ომარ დურმიშიძე - „ღამის ქუჩა“.

ზაალ სამადაშვილი

კვლავაც მოდური სილუეტები

თბილისს მაშინაც ნარიყალას გაყოლებაზე აღმართული “ქართლის დედა” გადმოჰყურებდა...
ქალაქი იზრდებოდა – გარეუბნებში ოთხსართულიანების ნაცვლად რვა და თექვსმეტსართულიან სახლებს აშენებდნენ, მეტროპოლიტენს უკვე შვიდი სადგური ჰქონდა, ტრამვაის ვატმანებად და ტროლეიბუსების მძღოლებად სოფლების მაცხოვრებლებს უხმობდნენ, ქუჩებში “პობედებთან”, “ზიმ-მოსკვიჩებთან” და “ვოლგებთან” ერთად “ჟიგულებიც” და “ზაპოროჟეცებიც” მოძრაობდნენ...
წელიწადში ორჯერ, გაზაფხუილსა და შემოდგომაზე კვლავ იმართებოდა კომუნისტური დღესასწაულები ხალხმრავალი დემონსტრაციებითა და მანიფესტაციებით, კვლავ ხუთად ხუთი გაზეთი გამოდიოდა, აქედან ორი – რუსულ ენაზე; ჯერ არ იყო დანგრეული კაფე “მეტრო”, სადაც მიმტანად მომავალი ექსტრასენსი, ჯუნა დავითაშვილი მუშაობდა; მელიქ-აზარიანცის სახლის პირველ სართულზე, ვერისუბნისა და ზემელის ყველაზე იაფფასიან, “ობლებად” წოდებულ დიეტურ სასადილოში ლუდის დასალევად შესული კაცი იოლად გადაეყრებოდა ავთო ვარაზს ან ნიაზ დიასამიძეს, ან ორივეს ერთად...
“მარტოობის ასი წელი” ახალი გამოქვეყნებული გახლდათ. ჩვენ მას ძნელად მოსაპოვებელ რუსულ ჟურნალ “Иностранная Литература”-ში ვკითხულობდით და ვრცელი ტექსტის დიდი სიამოვნებით შთანთქმის შემდეგ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით პირველი აბზაცის სწორად წარმოთქმაში. გემახსოვრებათ, ალბათ: “გავა მრავალი წელი და პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგარი...”
“ბითლზი” დაშლილი იყო და ბიტლომანები ამბობდნენ, ეს იოკო ონოს “დამსახურებააო”. კვლავ ერთად უკრავდნენ “როლინგები”, “Led zeppelin”და “Deep Purple”; ცოცხლები იყვნენ ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი და ჯიმი მორისონი...
კინოს სახლში რჩეულ საზოგადოებას უჩვენებდნენ ფილმებს, რომელთა მცირე ნაწილს, თანაც გვარიანად დაჩეხილს, ჩვენც გვაყურებინებდნენ კინოთეატრებში. ერთ-ერთი ასეთი ფილმი იყო “Lucky man”, რომელსაც მუსიკალურად ალან პრაისი აფორმებდა...
ბოლშევიკ კალინინის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობდა პოეტი ბაადურ ბალარჯიშვილი, ავტორი სტრიქონისა: “მე ლამაზი აღარა ვარ, ეხლა მშვენიერი ვარ”, ვისთანაც ვინ იცის, რა გზებით ნაშოვნი შოტლანდიური ვისკის ან მექსიკური საწებლების დასაგემოვნებლად და არა მხოლოდ ამისთვის “Under ground”-ის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. მათგან ვიგებდით, რომ ამერიკულ ლიტერატურას ფოკლნერის, ჰემინგუეის და სელინჯერის გარდა, თომას პინჩონი, ჯეკ კერუაკი და ჩარლი ბუკოვსკიც ქმნიდნენ, რომ ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს გენიალური ლექსები ჰქონდა დაწერილი და ჰიპებს თავიანთი საკულტო წიგნი გააჩნდათ, გრძელი და ცოტათი უჩვეულო სახელით – “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა...”
პირველად, საბჭოთა კავშირისა და “NHL”-ის ისტორიაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რუსი და კანადელი ჰოკეისტები. ჰოკეის მატჩები, მართალია, საერთაშორისო, მართალია, ცნობილზე ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით, მაგრამ მაინც სპორტული პაექრობები ჩვენს მიერ აღიქმებოდა როგორც თავისუფალი სამყაროს ბრძოლა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში თავისუფალ სამყაროს ვგულშემატკივრობდით. ჩვენი ჯილები იყვნენ ბობი ორი და ფილ ესპოზიტო, გორდი ჰოუ და პიტერ მახოვლიჩი. ეს უკანასკნელი, თანაგუნდელებივით უჩაჩქნოდ მოთამაშე ორმეტრიანი ბიჭი, ახალგაზრდა გარი კუპერს ჰგავდა ფილმ-ვესტერნიდან “ბარის მცხოვრები...”
ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მოპირდაპირე მხარეს ხშირად ვხედავდით შინისაკენ, ნაფარეულის ქუჩის კუთხეში მდგარ სამსართულიანი სახლისკენ მიმავალ გივი მაღულარიას, განუყრელი შავი პორტფელით. ეს ხმელი, ჭაღარა კაცი, ყოფილი კატორღელი, გახლდათ ავტორი პირველი ქართული “ლაგერნი” რომანისა, რომელიც დაწერიდან ოცდაათი წლის შემდეგ, “პერესტროიკის” ეპოქაში უნდა გამოქვეყნებულიყო...
ყოველთვიურ სალიტერატურო ჟურნალ “მნათობში” გაგრძელებებით იბეჭდებოდა რომანი, რომლის ორიგინალურობას თხრობის უკიდურესად არტისტული მანერა, პერსონაჟების ესპანური გვარ-სახელები და მოქმედების ადგილების შორეულ ლათინურ ამერიკასთან მსგავსება განაპირობებდა. მისი დამსწერი გურამ დოჩანაშვილი, მაღალი, ხუჭუჭთმიანი კაცი პირველად ტელეეკრანზე ვნახე, როდესაც მან განაცხადა – რომანს აღარ დავწერო. ეპატაჟი უცხო სიტყვა იყო ჩვენთვის, ნებისმიერ გამონათქვამს ზედმეტად სერიოზულად ვეკიდებოდით და აქედან გამომდინარე – გავბრაზდი. მწერალი იმუქრებოდა, საშუალებას უსპობდა მკითხველს “სამოსელ პირველზე” უკეთესი თუ არა, მასზე არანაკლებ ეფექტური, არანაკლები მიზიდულობის ძალის მქონე წიგნი აეღო ხელში...
სათხილამუროდ, ლამაზი გოგოების მოსახელთებლად და მათთან ერთად ყირაზე გადასასვლელად ბაკურიანში ავდიოდით. ამ პატარა დაბაში, სადაც ბორჯომიდან ცეროდენა ორთქლმავლიანი მატარებლით ვხვდებოდით, ერთი სასტუმრო, რამდენიმე ტურისტული ბაზა და უამრავი იაფფასიანი ღამის გასათევი იყო. ვისაც გაუმართლებდა და სასტუმროს ბინადარი გახდებოდა, იმის ფანჯრიდან თვალწარმტაცი ხედი გადაიშლებოდა. თოვლით გადალესილი თვალუწვდენელი ველი მზის ამოსვლისას იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი – მაშინ, როცა მთელი ეს სივრცე ოქროსფრად იწყებდა ბრწყინვას. გამთენიისას გადაჭრიდა ხოლმე ამ ველს კოხტაგორისკენ მიმავალი მიტო დანგაძე, ცნობილი ალპინისტი, რომელიც სათხილამურო სეზონის დროს ინსტრუქტორისა და მაშველის მოვალეობას ასრულებდა. თოვლის მოტოციკლზე გადამჯდარს უკან ძუნძულით მიჰყვებოდა უზარმაზარი სენ-ბერნარი. ამბობდნენ, ტიან-შანში თუ პამირზე ამ უერთგულესმა არსებამ გადაარჩინა სიკვდილს – ნაპრალში გადაჩეხილს, ჩაჰყვა და გვერდით მიუწვა, მეგობრების მოსვლამდე რომ არ გაყინულიყოო...
ჩვენი ზღვისპირა კურორტი ლიძავა იყო, აფხაზეთში, გაგრასთან ახლომდებარე, ბიჭვინთაზე გადაბმული სოფელი, რომელსაც დასავლეთის მხრიდან პოლიტბიუროს აგარაკების ბერლინის კედელივით მაღალი, მავთულხლართებიანი კედელი ესაზღვრებოდა, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან – თევზის გადამამუშავებელი ქარხანა. ზღვა აქ იშვიათად ღელავდა და წვიმაც ორჯერ-სამჯერ თუ წამოვიდოდა მთელი თვის მანძილზე. პლაჟის ზემოთ, გზისპირას, თბილისელი მეცნიერებისა და მწერლების აგარაკები იყო ჩამწკრივებული, მაშინდელი საზომებით მდიდრული, დღევანდელით კი – საკმაოდ მოკრძალებული სახლები. თემო ჯაფარიძე, ფერმწერი და ფილოსოფოსი, ხელოვნებით გატაცებულთათვის უაღრესად საინტერესო გამოკვლევის – “ნახატის სიჩუმის” ავტორი პირველად ლიძავაში ვნახე. ბინა მას ზღვიდან შორს, სოფლის სიღრმეში ჰქონდა დაქირავებული, რა თქმა უნდა, სიიაფის გამო; ვისხედით პატარა, ბნელ ოთახში და აჯიკაწასმულ შავ პურს ვაყოლებდით შინნახად ხილის არაყს. დიდი, გამობურცული შუბლითა და ასევ დიდი, ოდნავ წინწამოწეული ნიკაპით ის ძველი ეპოქების პირქუშ მოაზროვნეს ჰგავდა. იმ დროისათვის მას უკვე დახატული ჰქონდა “საიდუმლო სერობა”, რომელიც სადღაც საბურთალოზე, რომელიღაც გარაჟში ჰქონდა გადამალული და მის სანახავად კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს ჩუმად დაჰყავდა უცხოელი სტუმრები...
მთაწმინდის, სოლოლაკის, ავლაბრის და ჩუღურეთის ვიწრო ქუჩებს, ამ ქუჩებზე გადმომდგარ ძველისძველ სახლებს და სახლების თანატოლ ტოტებგაფარჩხულ ხეებს ბევრი ხატავდა, მაგრამ მოხერხებით ცოტა თუ ახერხებდა იმგვარ ზემოქმედებას, რომლის წყალობითაც ნახატის წინ შეჩერებული ადამიანი ფერწერის სამყაროდან პოეზიის სამყაროში ინაცვლებდა. ამ ცოტათაგან ერთ-ერთის ნამუშევრების ყურებისას ყოველთვის რომელიღაც ლექსი მახსენდებოდა, უმეტესად ოთარ ჭილაძისა – ან “მარინა, მაგრამ როგორ გაიგებ...” ან “ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს და მავთულები ნაცრისფერ ცაში...” ეს “ერთ-ერთი” ომარ დურმიშიძე გახლდათ, დიდთვალება, ულვაშებაპრეხილი, კაფანდარა კაცი, რომელსაც სახელოსნო სადმე მზიან მანსარდზე კი არა, ნახევარსარდაფში ჰქონდა, თაგვი კუდს რომ ვერ მოიქნევდა, ისეთ მოცუცქნულ, ნესტიან ოთახში, სადაც ვერცხლის ქუჩის დამსკდარი ტროტუარიდან კიბის სამი საფეხურის ჩავლით უნდა მოხვედრილიყავი. დღის შუქი იქ ძლივს აღწევდა და ყველა კუთხე-კუნჭულში არყის, ღვინის და ლუდის ცარიელი ბოთლები ეყარა. როცა არ ხატავდა, ომარი მაგრად, გადაბმით, დღის ჩაუგდებლად სვამდა. ხანდახან, ძალიან რომ გადათვრებოდა, ანდა უსაშველოდ რომ გაუგრძელდებოდა სმის პერიოდი, წელზევით გაშიშვლდებოდა, ტანზე საბანს შემოიხვევდა და რუსთაველის პროსპექტზე გაბოდა ყვირილით. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის ხან მილიციელები იჭერდნენ, ხან სასწრაფო დახმარების ავტომობილი მიაქანებდა სამედიცინო გამოსაფხიზლებლისაკენ, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს, გოგოლის ქუჩაზე მდებარეობდა...
თბილისურ “Under ground”-ს სრულიად განსხვავებული პერსონაჟებიც ჰყავდა. გურამ გეგეშიძეს ვერც კაფე “თბილისში” მოჰკრავდი თვალს კონიაკის ბოთლებითა და ყავის ჭიქებით გადავსებულ მაგიდასთან და ვერც ხელმოკლე ინტელერქტუალების მიერ ამოჩემებულ რომელიმე კურორტზე. ეს დაბალი, ქერა კაცი, რომლის სპორტული აღნაგობა, ძუნწი და სხარტი ჟესტიკულაცია და მწყობრი მსჯელობა დაახლოებამდე, არაერთგზის გასაუბრებამდე მიგახვედრებდა, რომ მამაც, შეუპოვარ, მიზანსწრაფულ ადამიანთან იჭერდი საქმეს, დროის უმეტეს ნაწილს წერასა და საქართველოს მივარდნილ, მიყრუებულ კუთხეებში ხეტიალს ანდომებდა. მისი მოთხრობა “შურისძიება” - ძმების, ორი პატარა ბიჭის ამბავი, დაწერილი უბრალოდ, ყოველგვარი ლიტერატურული ფოკუსების გარეშე, თავდაყირა აყენებდა ქუჩის დაუწერელ კანონს იმის შესახებ, რომ სამაგიეროს გადახდა აუცილებელია და მხოლოდ ამის შემდეგ რომ გრძნობს შვებას დამცირებული, ღირსებაშელახული ადამიანი...
სასურსათო მაღაზიებს “გასტრონომები” ერქვათ. გასტრონომში საჩვენო ღვინო მანეთიანი “საერო” იყო, ხოლო სიგარეტი – ოცდაათკაპიკიანი “მზიური”. “საეროს” მოგვიანებით უფრო იაფი და უფრო მდარე ხარისხის “ალჟირული” დაემატა. “მზიურს” კი იგივე ღირებულების “ლუქსი”. უცხოური სიგარეტებიდან ბულგარულები იყიდებოდა, ორი დასახელების – “ბეტე” და “ტრეზორი”; რუსული “სტალიჩნი”, ცხადია, უცხოურად არ ითვლებოდა...
გვეცვა დაბალწელიანი და ბოლოგანიერი შარვლები, რომლებსაც თხუთმეტ მანეთად ცნობილი ავლაბრელი თერძი, კროპოტკინის ქუჩაზე მცხოვრები ოთარ მატინიანი გვიკერავდა. საგულდაგულოდ მოშვებული გრძელი თმა შუბს და ყურებს გვიფარავდა, ხოლო ფერდებზე მჭიდროდ გვქონდა შემოტმასნილი დიდსაყელოიანი, ტილოს პერანგები...

***
ეს გაურკვეველი ჟანრის ტექსტი დაწერილია თვრამეტიდან ოცდაორ წლამდე ასაკის გოგო-ბიჭებისათვის, მათთვის, ვინც იმეორებს არცთუ ისე შორეული მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილს, ვისთვისაც კვლავ მოდურია იმდროინდელი სილუეტები...

14.07.2008


:::

ომარ დურმიშიძე Omar_d14

ომარ დურმიშიძე - „ქოლგა“.

:::

ოთარ ჭილაძე

***
ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს
და მავთულები ნაცრისფერ ცაში
იჭიმებიან და თითქოს გრძნობენ
რაღაცას დღემდე უცნობს და საშიშს,

სახლში ცხოვრობენ, შრომობენ, უყვართ
და ნებდებიან საყვარელ ხელებს
და ახარჯავენ ერთმანეთს უხვად
მას, რაც ისედაც გაქრება მერე.

და სურვილებიც ჩნდებიან ისევ
და ძველ სურვილებს აგლეჯენ ღვედებს,
და აღარ თვლიან სიცოცხლის ღირსად
და სულის მაღალ კედელებთან ხვრეტენ.

მაგრამ ზამთარში ღამდება ადრე
და ღამე შუბლით აწვება კარებს,
გარეთ კი ამტვრევს პროტესტის ჭადრებს
იანვრის ქარი... და ცივა გარეთ.

და მავთულებიც რაღაცას გრძნობენ,
რაღაცას, დღემდე უცნობს და საშიშს,
და ნუგეშივით უსმენენ შოპენს,
დაჭიმულები ნაცრისფერ ცაში.

1959


***
მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.

აქ იყო თოვლი და როგორც ვალი
ჩემს მხრებზე იწვა მთელი სიმძიმით
და შეუმჩნევლად მიღლიდა თვალებს
თეთრი სანთლების ცივი ციმციმი.

ყოველდღე თოვდა და თოვლი ქუჩებს
იმედებივით ართმევდა ფერებს
და ყველაფერი გადაწყდა უცებ,
სულ უმნიშვნელო ყოყმანის მერე.

ის თოვლი ჰგავდა დაქანცულ ლტოლვილს
და სიბერეზე გადაკრულ სიტყვას.
ძალიან დიდხანს გაგრძელდა თოვლი,
ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს.

მარინა! მაგრამ შორს იყავ მაშინ
და დილით, როცა ფანჯრებს ვაღებდი,
მოჩანდა, როგორ მოჰქონდათ ბავშვებს
თოვლის ბრჭყვიალა ბაირაღები.

ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი
ბაირაღები მოჰქონდათ ბავშვებს.
მე კიდევ მთვლიდნენ ოჯახის წევრად,
მე კი ქუჩებში ვეძებდი საშველს.

და თოვლს მიჰყავდა ყინვის აღვირით
ჩვენი ქუჩები, როგორც ცხენები.
მარინა! შენი ძებნით დაღლილი
ვწვებოდი თოვლში და გიხსენებდი.

მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.

1960


:::

ომარ დურმიშიძე Omar_d12

:::


Idea
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptyFri Mar 27, 2009 10:17 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d21
Graphics without light (the sketch for 'An Old Fisher') by Omar Durmishidze.

@

მიხო მოსულიშვილი

„მოხუცი მეთევზე“
(მინიატურა)

ერთხელ ჯუან-ძის ესიზმრა, რომ პეპელა იყო, მხიარულად მოფარფატე პეპელა და ვერ ხვდებოდა, რომ სინამდვილეში ჯუან-ძი იყო. მაგრამ უცებ გამოეღვიძა და ვეღარ გაიგო: ჯუან-ძის ესიზმრებოდა, რომ პეპელა იყო თუ პეპელას ესიზმრებოდა, რომ ჯუან-ძი იყო.

ჯუან-ძი (369 - 286 ქრისტეშობამდე) - „საგანთა თანაბრობის გამო“.



ამ ბოლო დროს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, საკუთარ ქალაქში (და ქვეყანაშიც) ემიგრანტი მგონია თავი - ემიგრანტი, საგანგებოდ რომ შეუსწავლია აქ მცხოვრებთა სალაპარაკო ენა, მაგრამ ადამიანებს ვერ ცნობს, იმათი საქციელის ვერა გაუგია რა…
და ის თბილისი მენატრება, ოთხმოციანი წლების დასაწყისში რომ გვქონდა - სულ სხვანაირი…
მაშინდელ ქალაქში ფერმწერ ომარ დურმიშიძის ერთი კარგი გამოფენა მახსოვს, ხოლო განსაკუთრებით ვიგონებ მის ერთ ნახატთაგანს - „მოხუცი მეთევზე“ ერქვა სახელად.
დაბინდული ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარა მოხუცი მეთევზე, წინ - ყუთზე ერთი თევზი დაუდია. ისე დამჯდარა, რომ პერანგის ნაკეცები და სახეზე გაჩენილი ნაოჭები დაახლოებით ერთნაირი მოხაზულობისაა და უსასოობის, მიუსაფრობის გრძნობას გიჩენს.
მიუახლოვდები ნახატს - იმედი უჩანს მოხუცს თვალებში, იქნებ შენ მაინც იყიდო მისი თევზი.
უკან-უკან დაიწევ, მოშორდები, ახლა შორიდან შეხედავ და - არა, აღარა ჩანს იმედის თეთრი ნაპერწკლები, არც შენ იყიდე ის თევზი.
მიუახლოვდები - იმედი უჩანს თვალებში, მოშორდები, - გაუქრება.
კი დაეჭვდები, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ეს ცდა, ყოველთვის იგივე შედეგს მიიღებ...
მაშინ ოცი წლის ვიყავი, თითქმის ყოველდღე დავდიოდი იმ ნახატის სანახავად და ისე კარგად დამიმახოვრებია, რომ ახლაც თვალნათლივ ვხედავ.
არა, ვხედავ კი არა, ის მოხუცი მეთევზე თვითონ ვარ და მე შემოგყურებთ პატარა იმედით იმ ნახატიდან - იქნებ ვინმემ იყიდოს თევზი…

წიგნიდან: „გედები თოვლქვეშ“, თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2004 წელი


:::

ომარ დურმიშიძე Omar_d20
Autoportrait by Omar Durmishidze.

:::

@

Micho Mossulischwili


Der alte Fischer

"Einst träumte Dschuang Dschou, dass er ein Schmetterling sei, ein flatternder Schmetterling, der sich wohl und glücklich fühlte und nichts wußte von Dschuang Dschou. Plötzlich wachte er auf: da war er wieder wirklich und wahrhaftig Dschuang Dschou. Nun weiß ich nicht, ob Dschuang Dschou geträumt hat, dass er ein Schmetterling sei, oder ob der Schmetterling geträumt hat, dass er Dschuang Dschou sei."

Zhuang Zhou (d. i. Zhuangzi) - "Über die Gleichheit der Sachen" (Dschuang Dsï: Das wahre Buch vom südlichen Blütenland. Düsseldorf/Köln 1972, S. 51-52.; Übersetzung Wilhelm.)



Unlängst hatte ich ein merkwürdiges Gefühl: als ob ich in meiner eigenen Stadt und sogar in meinem Land ein Emigrant wäre, der schon ausgezeichnet die Sprache der Einheimischen gelernt hat, aber die Menschen und ihr Verhalten noch nicht verstehen kann ...
Und ich erinnerte mich an das Tiflis der 80er Jahre. Es war völlig anders. Ich erinnere mich an eine prächtige Ausstellung des Künstlers Omar Durmischidse in der damaligen Stadt.
Und besonders blieb mir ein Bild mit der Bezeichnung „Der alte Fischer“ im Gedächtnis haften.
Ein alter Fischer sitzt auf dem Bürgersteig einer dunklen Straße mit einer Kiste vor sich. Er rückt einen Fisch in dieser Kiste zurecht und blickt völlig hoffnungslos und einsam. Er sitzt so merkwürdig, dass die Falten seines Hemdes und seines Gesichts ein und dieselbe Form haben.
Und wenn du näher trittst, entdeckst du plötzlich ganz kleine Funken von Hoffnung in seinen Augen: kaufst du vielleicht seinen Fisch?
Wenn du von dem Bild weiter weg gehst und noch einmal darauf blickst, siehst du diese weißen kleinen Funken nicht mehr. Und du hast auch diesen Fisch nicht gekauft.
Gehst du wieder zu dem alten Fischer hin, erkennst du die Stückchen Hoffnung in seinen Augen; und wenn du dich von ihm entfernst, verschwinden die kleinen Funken wieder.
Man könnte denken, dass es einfach eine Illusion sei. Aber so oft du es auch wiederholst, du erhältst dasselbe Ergebnis.
Ich war damals zwanzig Jahre alt, und ich ging mir fast jeden Tag dieses Bild anschauen.
Ich erinnere mich an dieses Bild so deutlich, dass ich den Alten erkennen kann, das heißt ich kann ihn mir vorstellen und sehr genau in Erinnerung rufen.
Ich schaue nicht einfach, sondern fühle auch, dass das ich bin, dieser Fischer, der aus seiner Zeichnung auf euch schaut, mit ganz kleinen Funken der Hoffnung in den Augen. Und kauft vielleicht jemand meinen Fisch?


Übersetzung: © 2012 Joachim Britze



:::

@

:::

ომარ დურმიშიძე Omar_d23
Autoportrait by Omar Durmishidze.

:::

An Old Fisher
By Mikho Mosulishvili

Translated from Georgian into English by Ann Mosulishvili


Once Zhuangzi dreamt he was a butterfly, a butterfly flitting and fluttering around, happy with himself and doing as he pleased. He didn't know he was Zhuangzi. Suddenly he woke up and there he was, solid and unmistakable Zhuangzi. But he didn't know if he was Zhuangzi who had dreamt he was a butterfly, or a butterfly dreaming he was Zhuangzi. Between Zhuangzi and a butterfly there must be some distinction! This is called the Transformation of Things.

Zhuangzi - "About equality of things."



Recently I have had a strange feeling: as if in my own city and even in the country I were an immigrant who has learned the language very well but can not understand the people and their behavior.
I miss the 80s Tbilisi – absolutely different… I remember Omar Durmishidze’s splendid exhibition in the city in those times.
I especially remember a picture “an old fisher”.
An old fisher is sitting on a pavement of a dark street; there is a box in front of him. He has put a fish on this box and looks absolutely hopeless and lonely. He is sitting so strangely that the pleats of his shirt and the wrinkles of his face have the same shape.
When you get closer you start discovering small pieces of hope in his eyes – may be you will buy his fish?
If you get back and look at him again you won’t see white pieces any more – you did not buy fish either.
When you get closer – you see the pieces of hope and when you get back – they disappear.
One may think that it is just an illusion but the more times you do it, the more times you will get the same result.
I was twenty thven and I went to see that painting every day.
So I remember it so very well that I can see it, or I can imagine it or I can recall it.
Not only see but also feel that I am that fisherman looking at you from the picture with the pieces of hope in my eyes – may be someone will buy my fish?

2004


ომარ დურმიშიძე Omar_d16
Autoportrait by Omar Durmishidze.


Михо Мосулишвили

Старый рыбак

"Однажды Чжуану Чжоу приснилось, что он - бабочка, весело порхающая бабочка. Он наслаждался от души и не сознавал, что он - Чжоу. Но вдруг он проснулся, удивился, что он - Чжоу, и не мог понять: снилось ли Чжоу, что он - бабочка, или бабочке снится, что она - Чжоу..."

Чжуан-цзы, "О равенстве вещей".



Недавно у меня было странное чувство: как будто в своем собственном городе и даже в стране я эмигрант, который уже отлично изучил язык туземцев, но ещё не может понять людей и их поведение...
И мне вспомнился Тбилиси восьмидесятых - совершенно другой. В тогдашнем городе помню я великолепную выставку художника Омара Дурмишидзе.
А особенно запечатлелось в памяти полотно под названием "Старый рыбак".
Старый рыбак сидит на тротуаре темной улицы; перед ним ящик. Он поместил рыбу на этом ящике и выглядит совершенно безнадежным и одиноким. Он сидит так удивительно, что складки его рубашки и морщины имеют одну и ту же форму.
А когда подходишь ближе, вдруг обнаруживаешь маленькие искорки надежды в его глазах - может быть, ты купишь его рыбу?
Если отойдешь от картины подальше и посмотришь, уже не увидишь те белые искорки - и ты тоже не купил рыбу.
Подойдешь к старому рыбаку опять - увидишь кусочек надежды в его глазах, а когда отступишь от него - искорки исчезают.
Можно подумать, что это - просто иллюзия, но сколько раз ты бы ни попытался, столько раз и получишь тот же результат.
Мне тогда было двадцать лет, и я ходил смотреть на это полотно чуть ли не каждый день.
Я помню ту картину так отчётливо, что могу опять увидеть старика, то есть, могу представить себе, досконально восстановить его в памяти.
Я не просто смотрю, но также чувствую, что это же я сам, тот рыбак, смотрящий на Вас из рисунка с маленькими искорками надежды в глазах - а может быть кто-нибудь купит мою рыбу?

2004

---
* Примечание автора: текст редактировала Анастасия Галицкая.



Ссылка:
* http://erzi-gallery.ru/painters/durmishidze-omar/

study
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptyFri Mar 27, 2009 10:24 pm

ომარ დურმიშიძე Aaaa_a10

ომარ დურმიშიძე - ”მშვიდი ძილი”

@

ქეთი ცეცხლაძე

რეალობის სხვა მხარე ან რეალობის მიღმა


ომარ დურმიშიძე წინა საუკუნის 70- 80-იანი წლების იმ მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება ჩვენში ე.წ. “თბილისურ სკოლას” რომ ეძახიან და რომელთა სახელები - ავთო ვარაზი, თემო მაჭავარიანი, ალბერტ დილბარიანი ყველასთვის ნაცნობია. კოლორიტული ადამიანი, რომელიც თბილისური ბოჰემური ცხოვრების ნაწილი იყო, ამ ქალაქით ცხოვრობდა, მისი რიტმით, მისი ხასიათით და სწორედ ამიტომაც ის ცხოვრების ბოლო წლებს განსაკუთრებულად უთმობს ქალაქს და მისი სინამდვილის სხვა მხარეს გვაჩვენებს, იმ ნაწილს, რომელიც მისთვის იხსნება. მხატვრის შემოქმედება ერთგვარი რეფლექსიაა იმ საზოგადოებრივი მდგომარეობისა თუ აზროვნებისა, რომელშიც ის ცხოვრობს, რადგან ხელოვანი თავისთავად საზოგადოების ნაწილია, რომელიც ძალიან მძაფრად გრძნობს ხილულსა, თუ უხილავ პროცესებს.
ადამიანები მნიშვნელოვანი თავისებურებითა თუ სახასიათო ნიშნით გამოყოფენ ამა თუ იმ მხატვარს და საუბრობენ მასზე. რას იტყვიან, როგორ შეფასებას მისცემენ მას ან რა მოთხოვნებს წაუყენებენ, - ეს სხვა საკითხია, მაგრამ შეფასების არგუმენტებად მხოლოდ ფერით მეტყველების ნიჭი, ან კარგი ნახატის ოსტატობა ნამდვილად ვერ გამოდგება. მიმდინარეობებს მხატვრობაში ყოველთვის ცალკეული ინდივიდები განსაზღვრავენ, მაგრამ ამ საერთო საზიარო კონცეფციის გარეშე თითოეულის მნიშვნელობა ცხადი და ნათელი უნდა იყოს, ყოველი მხატვარი რაღაც ახალს უნდა ამბობდეს, რამოდენიმეს თუ არა, ერთ მიმართულებას მაინც უნდა იძლეოდეს მომავალი თაობებისათვის, რათა მისგან არ დარჩეს მხოლოდ “სახელი”, არამედ მისი ხსენებისას ნამუშევარი გაგახსენდეს... პერიოდი, რომელშიც ომარ დურმიშიძე ცხოვრობდა, საკმაოდ რთული პროცესების შედეგი იყო. საუკუნის დასაწყისის მოდერნისტულ ტენდენციებს ჯერ სოცრეალიზმი მოჰყვა და შემდეგ ე.წ. 50-60-იანი წლების მხატვრობა, რომლის წარმომადგენლებმაც ერთადერთი გზა ამ სივრცის გარღვევისა სწორედ მხატვრობის სახვით -ფორმალური მხარის განახლებაში, მის ‘მოდერნიზაციაში” ნახეს.. ეს იყო ერთგვარი “წარმატებული ცდა” უკვე არსებულ სქემებში მანევრირებისა. მთელი აქცენტი გადატანილ იქნა სახვით საშუალებებზე, ხოლო თემატური თვალსაზრისით პოპულარული გახდა პეიზაჟის ჟანრი, რომელიც ყველაზე ნეიტრალურია თავისი ხასიათით და სხვადასხვა სახვით-ფორმალური ძიებების გამოვლენის საშუალებას იძლევა. 50-იანელების ამ მიმართულებამ უფრო ინდივიდუალისტური გახადა მხატვრობა თავისი ფორმალური მხარით, რამაც გარკვეული გავლენა იქონია 70-იან 80-იან წლებში მოღვაწე ქართველ მხატვრებზე, რომელთა შორის ომარ დურმიშიძე ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია. ის ნაადრევად გარდაიცვალა 1994 წელს. ვინც იცნობს ამ პერიოდის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას, მასზე ბევრი ექნება გაგონილი, - იყო ძალიან ენერგიული, მეგობრული, ბევრისთვის ცნობილი პიროვნება. სამუშაოდ ძირითადად გარეთ გადიოდა, ყველა პეიზაჟი გვიანი პერიოდის “ღამის თბილისის” სერიებამდე პირდაპირ ნატურიდან აქვს შესრულებული. საერთოდ ამ მხატვრისთვის სახასიათო მნიშვნელოვანი ასპექტი სერიულობაა. მთელი რიგი ავტოპორტრეტებისა, ნატურმოტები და პეიზაჟები სხვა გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად არის ძირითადად ომარ დურმიშიძის თემა და სიუჟეტი. ვფიქრობ, რომ ყველაზე გამორჩეული მხატვრის ავტოპორტრეტები და “ღამის თბილისია”. ნატურმორტებიდან ერთი სერია განსაკუთრებით საინტერესოა, - უფრო ნათელი კოლორიტითა და გამოკვეთილი გრაფიკულობით, სადაც მნიშვნელობას იძენს საგნის ხასიათი, ფორმა და მისგან ობიექტურად გამომდინარე შინაარსი. მომდევნო ნატურმორტებში საგნები თითქოს მხატვრის განწყობაში არიან “გახვეულები”. საგანთა ობიექტური ფორმა ნაკლებად აქტუალურია, მნიშვნელოვანი აქ გარემოა, რომელშიც ისინი ექცევიან. შავ ნეიტრალურ ფონზე, მაგიდაზე “დაბრძანებული” საგანი მოცულია ზუსტად იმ მისტიური ენერგიით და განწყობით, რაც მხატვრის “ღამის თბილისის” პეიზაჟებშია. სურათზე არაფერია საგნისა და მაგიდის გარდა, საგანთა ეს ერთგვარი ექსისტენციალური მდგომარეობა გამძაფრებულია სინათლით, რომელიც საიდანღაც მოდის და მათ ეფინება. თითქოს ისინი ღია ცის ქვეშ არიან მთვარის შუქით განათებულები, ხელშეუხებლები ყველაფერი ზედმეტისაგან დაშორებულები და თითქოს სულიერებით განსჭვალულებიც კი... ნატურმორტების მთელ რიგში ისეთებსაც იპოვით, რომლებიც პირდაპირ გაგახსენებთ რაღაც ნაცნობს, უკვე ნანახსა და მიღებულს. დახეული ფეხსაცმელების ვან გოგის თემა განსხვავებული ფერწერული მანერითაა გადმოცემული. არის სეზანის თემებიც, - მსგავსი კოლორიტითა და კომპოზიციის ორგანიზების პრინციპითაც, - ექსპერიმენტები, რომლებიც ძიების პროცესსა და მის მხატვრულ ინტერესებზე მეტყველებენ.
ომარ დურმიშიძის თბილისურ პეიზაჟებში გამოსახულება უშუალოდ რეფლექსიას უკავშირდება. თითოეული ტილო არის პირველ რიგში საკუთარი თავის, განცდის, მდგომარეობის პროეცირება, ხოლო მათი სერიულობა კი განპირობებულია სწორედ ადექვატური, საჭირო ფორმის ძიებით და ერთგვარი პორტრეტია მხატვრისა. რაკურსების, ხედების არჩევანი საკმაოდ ტრადიციულია, მაგრამ წინ მოდის მხატვრის სუბიექტური მოტივაცია, ერთგვარი ინტიმურობაც. სწორედ ამიტომ მისი პეიზაჟები თბილისისა თითქოს სცილება კიდევაც ამ ჟანრის ფარგლებს და იქცევა პირადი განწყობის, მდგომარეობის სიმბოლოდ, რომელიც ღამის თბილისის ქუჩებში ჩნდება.
ომარ დურმიშიძის ექსპრესიული მხატვარობა პირველ რიგში პირადი მდგომარეობის და ემოციის გამომხატველია.
“ღამის თბილისი”-ის სერიის ბოლო ნამუშევრებში თითქოს მთლიანად იხსნება და ისეთ რეალობას ეხება, რომელიც
სულ სხვაა, არ ჰგავს მანამდე ნანახს და გააზრებულს.
თბილისის ხედების ხსენებაზე ბუნებრივია ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გახსენება, რომლებშიც ავტორი პირდაპირ ობიექტზეა ორიენტირებული, ომარ დურმიშიძესთან კი ხედები თვითრეფლექსიის გამოხატვაა, მისტიური განწყობითა და დიდი ენერგიით. კომპოზიციები ფოტოკადრებს ჰგავს, სადაც მთავარი ფერადი საწყისია.
მის პეიზაჟებში სიღრმე ყოველთვის საგრძნობია, მაგრამ ის მაინც სადღაც ისაზღვრება, სრულდება, თუმცა, საინტერესო სწორედ ის არის, რომ მაყურებელისთვის ტილოს სივრცეში შესასვლელი კარი ყოველთვის ღიაა. თანთდათანობით მხატვრის ნამუშევრების კოლორიტი მძაფრდება ექსპრესიულობა მატულობს და ბოლო წლებში ის ერთგვარ პიკს აღწევს. თუ ადრეული პეიზაჟები უფრო მშვიდი და ობიექტური სინამდვილისადმია მიმართული _ მხატვარი თითქოს ეძებს საწყისს თვითონ ქუჩებში, ქალაქში, გარემოში, ზოგადად ობიექტში, ბოლო წლებში კი ის სუბიექტურ შეგრძნებებს, საკუთარ “მე”-ს აშიშვლებს და ნახატი ისეთივე მისტიკურ – ტრაგიკული ხდება, როგორც თავად მხატვრის ბედი.

ჟურნალი "შთაბეჭდილება", No.1, 2009


ომარ დურმიშიძე 786810

ომარ დურმიშიძე - ”ფუფალა”


study
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptyWed May 06, 2009 11:43 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d10


მარინა მჟავანაძე

ომარ დურმიშიძის სულიერი მემკვიდრეობის ბედი გაურკვეველია

ომარ დურმიშიძეზე საუბრის მოსმენა არასდროს მომწყინდება. ხელოვანი, რომელმაც სულ რაღაც 45 წელი იცოცხლა და ამხელა მემკვიდრეობა დატოვა, ნამდვილად არის იმისი ღირსი, რომ სულ გვახსოვდეს და შესაბამის პატივსაც ვცემდეთ მის შემოქმედებას.

თეა დურმიშიძე – მისი ერთადერთი ქალიშვილი, დიდი სევდით ყვება მამაზე:

– მისთვის მატერიალურს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, საკმარისი იყო სულ მცირედი, საარსებოდ საჭირო მინიმუმი... და ხატვა! ხატვა კი ხელოვანმა ყველგან უნდა შეძლოსო, ამბობდა. სახელოსნოს რასაც ეძახდა, პატარა ბნელი სარდაფია, იმდენად ნესტიანი, რომ აქ სურათების დაკიდებაც კი შეუძლებელია, ნესტი გააფუჭებს. სწორედ აქ მუშაობდა... აქ, გარეთ და ღამით... ღამის მხატვარიც კი დაარქვეს...

– ომარ დურმიშიძეზე დაწერილი წერილის საილუსტრაციოდ კარგი იქნება მისი „ჩაიკოვსკის ქუჩა”, ან „ვერცხლის ქუჩა” გადავიღოთ, – ვუთხარი მასპინძელს და თვალწინ დამიდგა ეს და მხატვრის სხვა საუკეთესო ტილოებიც, რომლებიც „თი ბი სი ბანკის” საგამოფენო დარბაზში მქონდა ნანახი წლების წინ... თეას მოულოდნელად ძალიან დიდი მწუხარება დაეტყო სახეზე...

– სამწუხაროდ, ვერაფერს გადავიღებთ. მამაჩემის მემკვიდრეობა დაყადაღებულია.

სიტყვა გამიწყდა...

– როგორ? განა შეიძლება, ომარ დურმიშიძის სულიერი მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი აღარ იყოს ჩვენთვის?

მასპინძელს აშკარად ტკივილით მოეწურა გული:

– საუბედუროდ, ასე მოხდა. მას მერე, რაც დედინაცვალი გარდაიცვალა, სახლი ნასყიდობით თავის ნათესავს დაუტოვა. თუმცა, რაც შეეხება მამაჩემის სურათებსა და ჩანაწერებს, ამის შესახებ არაფერი უთქვამს და არც იტყოდა. მან იცოდა, რადგან მამა პირად საუბრებში ყოველთვის ყველასთან აღიარებდა, რომ ეს ნამუშევრები ჩემი იყო. სამწუხაროდ, დღეს ამ ბინიდან მამაჩემის ჩანაწერებისა და სურათების გამოტანას ვერ ვახერხებ. მხოლოდ მატერიალური ღირებულების მქონე არც ერთ ქონებაზე არ მექნებოდა დავა, მაგრამ ის, რაც მამაჩემის სულიერი, ინტელექტუალური საკუთრება იყო, იმას, რასაც დიდი რუდუნებით ინახავდა, რომ თავისი შვილისთვის – ჩემთვის დაეტოვებინა, ვერაფრით შეველევი.

– რატომ არ იზრუნეთ, რომ თავის დროზე წამოგეღოთ სურათები?

– ჯერ ერთი, მამა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, ამიტომ ანდერძის დაწერაზე არც უფიქრია. მერე კი იმდენად კარგი ურთიერთობა მქონდა მის მეუღლესთან, იმდენად გარკვეული იყო ყველაფერი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ მოხდებოდა. როგორც შეგვეძლო, მეც და მამაჩემის მეგობრებიც, მატერიალურად ვეხმარებოდით, ვზრუნავდით მასზე... რაც ჩემთან იყო, ისიც კი იქ მიმქონდა, სადაც მისი მეუღლე ცხოვრობდა, ვფიქრობდი, ჯობდა, მემორიალური მემკვიდრეობა ერთად ყოფილიყო თავმოყრილი...

თეა დურმიშიძე თავადაც მხატვარია, მამის გვერდით იზრდებოდა და სწავლობდა..., სიანკარე შეჰქონდა გოგონას მის საკმაოდ მძიმე ყოველდღიურობაში. ამაზე ყვება ზეთში შესრულებული შვილის პორტრეტი „თეა”...

ომარ დურმიშიძეს აქვს ერთი სურათი „ავტოპორტრეტი ჩიტით”.

შეუძლებელია, დაგავიწყდეს ამ სურათზე ასახული მხატვრის დაძარღვული ხელები, დანაოჭებული შუბლი და სხეულზე ნაოჭებად ქცეული სამოსი (გაგახსენებს გურამ დოჩანაშვილის პორტრეტსაც, რომლის დახატვის მერეც მეგობრისთვის ალალად უთქვამს: არ გეწყინოს, ასეთი ნაოჭებიანი რომ ხარ სურათზე, სახეზე შენი ტვინიც დაგახატეო). მისი სიფრთხილე და დაჟინება, რომლითაც ჩიტს უყურებს, იცის, რომ არსებობს რაღაც, რასაც განსაკუთრებული მოფრთხილება უნდა, მაშინაც კი, თუ წინ ცარიელი ჯამი გედგება... ამ სულის ჩიტს თავად ყოველთვის უფრთხილდებოდა. ახლა რა იქნება? ამაზე ალბათ აქ თეა დარდობს და მამამისი – ზეციურ საქართველოში. აკი თავად ამზადებდა შვილს, რომ მისი სურათებისთვის მოევლო, რესტავრირება ასწავლა... ზოგიერთი მათგანი მერე თეამ აღადგინა... და დღემდე მუშაობს ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, პატარა რომანტიკული გოგონა კი არა, უკვე ფეხზე მტკიცედ მდგარი, წარსულიდან ნასაზრდოები და სულიერებით სავსე დახატა ის, 1982 წელს ტუშით. თეა შეიძლებოდა, ყოფილიყო საყრდენი!

ძალიან გაუჭირდებოდა ამისი წარმოდგენა, რომ ერთ დღეს თეას სასამართლოში მოუწევდა სიარული იმის გამო, რომ დაემტკიცებინა: მამას ის განსაკუთრებულად უყვარდა და ეიმედებოდა, თავის სულიერ მემკვიდრეობას მხოლოდ მისთვის აგროვებდა... ეს იყო მისი ვალდებულება ერთადერთი ქალიშვილის მიმართ, რათა მისთვის შეექმნა და დაეტოვებინა ეს კოლექცია, რომელიც ხელშეუხებელი იყო ყველასთვის.

ნეტავ კომპოზიტორი ან პოეტი მაინც ყოფილიყოო, – ალბათ, გაკენწლავს გულში მხატვრის ქალიშვილს, მაშინ ასე არ გაუმწვავდებოდა მამის სულიერი მემკვიდრეობის მოვლაზე უფლების მოპოვება... და ესეც რომ არ იყოს, მარტო მისი კი არა, ომარ დურმიშიძე რასაც ხატავდა, საქართველოსია. უპატიებელია, რიგიანად დაცული და ხელუყოფელი რომ არ დარჩეს შთამომავლობას...

გურამ დოჩანაშვილი: ბედნიერება მქონდა, ვყოფილიყავი მხატვარ ომარ დურმიშიძის მეგობარი. კარგად ვიცნობ მის მაღალ შემოქმედებას, ყოველ მის ნახატს, რომლებსაც მუდამ მოწიწებული აღფრთოვანებით შევხაროდი. დღეს სწორედ ამ ნახატების რატომღაც სათუო ბედით დიდად შეწუხებული ვარ. ვიცით, ის მთავარი და უბრალოც კი – ჭეშმარიტება, რომ ყოველი მშობლისთვის, მით უმეტეს, ისეთი სულიერი სიფაქიზით გამორჩეული შემოქმედისთვის, მთავარი საზრუნავი მისი შვილი – ერთადერთი და შემოქმედებაა! და ნუ შევაწუხებთ იმქვეყნად მის ნათელ სულს, მით უმეტეს, რომ მხატვარ თეა ომარის ასულ დურმიშიძის გარდა საკადრისად და სწორად მოვლა-პატრონობას მისი შემოქმედებისას – ვერავინ შეძლებს.

ერთი პირობა ისიც გავიფიქრე, ამ წერილს ჩარჩოში ჩასმული სიცარიელით დავბეჭდავ-მეთქი. ეს იქნებოდა განგაშის სიმბოლო! მერე გადავიფიქრე... ომარ დურმიშიძეს ბევრი ავტოპორტრეტი აქვს დახატული და ყოველ მათგანში იკითხება ერთგვარი შიში და განგაში, რომ „სულის ჩიტი” არავინ გადათელოს. სწორედ ამიტომ, თავის დროზე მოწყობილი გამოფენის კატალოგიდან ამოვიღე მხატვრის პორტრეტი, რომელიც ყველას და ამ შემთხვევაში – მკითხველს, თვალებში უყურებს.



07/10/2013 00:00

ბმული:
* http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268439986




თეა დურმიშიძის გამოფენა
•Dec 4, 2012



study
Back to top Go down
Guest
Guest



ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptyWed May 06, 2009 11:46 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d11

ომარ დურმიშიძე - ”ნადიკვარის ქუჩა”


Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 3:56 pm

ომარ დურმიშიძე 28468376_1121843397973697_33580470569948821_n.jpg?_nc_cat=103&_nc_ohc=p0O4PeK6x2QAX_X7azk&_nc_ht=scontent.ftbs6-1

ომარ დურმიშიძე 1988 წ, ზეთი, ტილო 62X38

study



Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 4:25 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 4:21 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d10

study


Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 4:33 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 4:28 pm


Omar Durmishidze (video1)
•Jul 13, 2011



Omar Durmishidze (video 2)
•Jul 13, 2011


Omar Durmishidze (video 3)
•Jul 13, 2011



Omar Durmishidze (video 4)
•Jul 13, 2011



Omar Durmishidze (video 5)
•Jul 13, 2011



Omar Durmishidze (video 6)



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 5:19 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d11




study


Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 11:59 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 5:20 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d10
ომარ დურმიშიძე - ”ლერმონტოვის ქუჩა”

@


study


Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 11:28 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 5:21 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d13

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 5:22 pm


ომარ დურმიშიძე // Omar Durmishidze
•Nov 9, 2013


study


Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 11:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 5:23 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d15

ომარ დურმიშიძე - შურიხძიება


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 5:58 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d22
ომარ დურმიშიძე "ავტოპორტრეტი", დაფა, ზეთი.


study


Last edited by Admin on Sat Feb 22, 2020 11:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5868
Registration date : 09.11.08

ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე EmptySat Feb 22, 2020 11:58 pm

ომარ დურმიშიძე Omar_d18

ომარ დურმიშიძე "ჭიქა ფეხსაცმლით", დაფა, ზეთი.

Omar Durmishidze "Glass with boots", oil on plywood, 72X53,5


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ომარ დურმიშიძე Empty
PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   ომარ დურმიშიძე Empty

Back to top Go down
 
ომარ დურმიშიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება (მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა) :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: