Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: მანანა ჩიტიშვილი Sun Nov 30, 2008 12:54 pm
Manana Chitishvili
მერე გაფრინდი
მიწას წივილით მივლოკავ, გზები მინამქრეს ქარებმა, სად მიჰყეფ, შავო ყორანო, საითკენ მიგეჩქარება? ჯერ ჩემი გული დაფლითე, სისხლმა კოცონად იალოს, ჯერ მე და... საქართველოსკენ მერე გაფრინდი, ტიალო!
მანანა ჩიტიშვილი (1954 წლის 13 ნოემბერი) ცხოვრებისეული კრედო: "პოეზიაშიც და ადამიანებთან ურთიერთობაშიც ყველაზე მეტად სინათლეს, უბრალოებას და გულწრფელობას ვაფასებ. მჯერა, რომ ღმერთის რწმენის გარეშე შეუძლებელია ყოფა, აზროვნება, შემოქმედება. მინდა, შვილი აღვზარდო სიკეთის რწმენით და ადამიანების სიყვარულით"
დაბადების ადგილი - ლენინგორის რ - ნის (ახლანდელი ახალგორი) სოფელი კორინთა, მშობლები - დედა - ოლღა თინიკაშვილი, მამა - ვასილ ჩიტიშვილი, დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წ., მეუღლე ემანუილ მარგიშვილი, ჰყავს შვილ(ებ)ი ლაშა, ფილოლოგი, პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი, 1974 - 1981 წ. მუშაობდა ლენინგორის რაიონულ გაზეთში ჯერ პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი რედაქტორის მოადგილედ, 1982 - 1985 წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი. ლექსების წერა დაიწყო ადრეულ ასაკში. მისი ლექსები ნათარგმნია რუსულ, თურქულ, იტალიურ, ესპანურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემაა: " ნიკოლო მიწიშვილი. ცხოვრება და შემოქმედება (მონოგრაფია)", დაიცვა 1986 წ., არის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის საკავშირო ახალგაზრდული, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველწლიური, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურეატი, არის შემდეგი ორგანიზაციის წევრი: საქართველოს საერთო ეროვნული კავშირი, საქართველოს მწერალთა კავშირი, უყვარს წიგნების კითხვა
ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. თბილისი, კ. გამსახურდიას გამზირი 14ა, ბინა 42, ტელ. ბინის: 38-48-84, სამსახურის: 99-53-00.
მანანა ჩიტიშვილის პოეზიის აუდიო დისკი : "შენ ჩემი ლოცვა გიშველის" კითხულობს ავტორი •Jun 2, 2020
აუდიო დისკი ჩაიწერა და გამოიცა 2013 წელს ლიტერატურული საზოგადოება "ვერკვლისციხელის" მიერ, პროექტის: "იცნოს სოფელმან" ფარგლებში. პროექტის ავტორები: მარინა ხარხელაური და გიორგი ფარეშიშვილი
Last edited by Admin on Thu Feb 08, 2018 12:52 pm; edited 1 time in total
გაგა
Number of posts : 145 Age : 111 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Thu Feb 12, 2009 6:12 pm
მანანა მართლა ძალიან კარგი პოეტია და მისი ლექსები ძალიან ვაჟკაცურია.
რომელიღაც ლექსში აქვს: "ავიწიე და გაკოცე ჩემგან გაჩეხილ მხარზედა".
და კიდე ეს ძალიან მომწონს
"შენ ნუ მიმატოვებ ოღონდ ნურსად, ქარში ფრიალებენ პეპელები, ქსანზე რომ ბალახს ხელს გადვუსვამ მთელ საქართველოს ვეფერები"...
ჯალალი
Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Mon Mar 09, 2009 5:32 pm
საღამო არაგვზე
ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, – ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს, ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ, მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.
რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა, ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ, თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან, აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.
ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის, აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს, მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი, რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.
ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის, და არაგვიდან წამოსული მზე ჩემს ულამაზეს თვალებში ჩადის.
მეც განსაკუთრებულად მიყვარს მანანას ლექსები...
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Sun Jun 19, 2011 10:58 am
მანანა ჩიტიშვილი
მამის ხალათი
შაბიამნისგან გაცრეცილი, გარდაცვლილი მამის ხალათი ჰკიდია ბოძზე და შვილები რომ გვერდით გავუვლით, ისე ჩუმად შეაკანკალებს, რომ აშკარად ვგრძნობ, ჩვენთვის თავზე ხელის გადასმა, ჩვენი ალერსი, გულში ჩაკვრა ვით ენატრება.
ვისაც ვუყვარდით
ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე ამ დილა სისხამს? ქარია, ალბათ, გზა აებნა იქნებ მათხოვარს… მშვიდობა ყველას, შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც, ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.
ამ სასტიკ ქარში სული ჩემი მარტოდ ვალალებს, არ ჩანს მშველელი, საიმედო თუნდაც დროებით და ჩემს მშვენიერ, სინათლისგან დახლეჩილ თვალებს კვლავ ენატრებათ მყუდროება საღამოების.
ჩამოდის თქეშად უგუნურთა ცოფი და რისხვა, განმსჯელი არ ჩანს, მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს… მშვიდობა ყველას, შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც, ვისაც ვუყვარდით, მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.
Last edited by Admin on Wed Feb 06, 2019 11:07 am; edited 3 times in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Thu Feb 08, 2018 12:50 pm
თუ ისე მიმტრო საწუთრომ, ერთად დამიმხო ცხრა კარი, დავლად წაიღო მომხდურმა, ჩემი ნათიბი, ნამკალი. თუ მტერს ვერ გადავეწიე, გული ჯავრისგან დავკალი, ვერ ჩამიხვია სწორფერმა მთვარით ნაფერი მხარ-მკლავით. ნურცავის ზღაპრად უამბობ, არცვის უჩვენო გზა-კვალი, ვინ მე და სულის განლევა, სიკვდილთან თრთოლა-კანკალი, მოდი და ლექსის სტრიქონი გულზე ხმალივით დამკარი.
მამულისადმი
ხან თუ სევდიან სტრიქონებს ვწერდი, ხანაც მზე მწვავდა შორი ცის... ვიდრე გჭირდები, რომ გყავდე გვერდით, – სწორედ იმდენ ხანს მოვიცდი.
ხმამაღლა ვერ ვთქვი ამ მიწის ტრფობა, სევდით გავყურებ ჭაუხებს... დედასავით რომ ჩამიკრავს გულში, მაშინ ჩურჩულით გავუმხელ.
საღამო არაგვზე
ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, – ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს, ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ, მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.
რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა, ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ, თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან, აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.
ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის, აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს, მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი, რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.
ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის, და არაგვიდან წამოსული მზე ჩემს ულამაზეს თვალებში ჩადის.
გადაძახილი
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი, თვალს ვარიდებ გადამტვრეულ, პირბლაგვ მახვილს, ”რა უყავით, რა უყავით მამულები?!~ – ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის.
ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს, ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი – ”ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო, უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?! ~
ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო, ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს... გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, ქართველებო! – დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი.
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო, ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია, ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
ყაყაჩოს ბაგე დავკოცნე
იის თვალები მათრობდა, ყაყაჩოს მწვავდა ბაგენი, შენც იმათ შუა გეძებდი, ვერ იქნა, ვერ მოგაგენი.
ტრფობის მორევმა წამიღო, რისი ნავი და რა – გემი, ყაყაჩოს ბაგე დავკოცნე, შენი ხო მქონდა ნაგემი.
Last edited by Admin on Tue Nov 03, 2020 1:04 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Sat May 05, 2018 3:24 pm
მანანა ჩიტიშვილი
მედეა
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ლექსსა და მკითხველს შორის არავინ უნდა ჩადგეს, თვით ავტორიც კი. დღეს პირველად ვარღვევ ამ ტრადიციას და გეტყვით - ლექსი ,,მედეა" ჩემთვის განსაკუთრებულია ბევრი რამით, თუნდაც თავისი შექმნის ისტორიით. თვეზე მეტია ეს ლექსი დაიწერა, მაგრამ მკითხველის სამსჯავროზე მის გამოტანას არ ვჩქარობდი, სწორად, ვერ ვიმეტებდი. და აი, ახლა გამომყავს ის, როგორც გლადიატორი კოლიზეუმის არენაზე. მე უკვე არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია, თავისი ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ერთს კი ვისურვებდი - ,,უფალი შეეწიოს". ეს ახლა ორივეს გვჭირდება.
აკვნიდან ქართულ ნანას ისმენდი, ამ ხმებმა თითქოს სხვისთვის იდინა, რა სიყვარული შეგხვდა ისეთი, თვით სამშობლო რომ გაგაყიდინა.
ანდა ელინთა ჩვენ რა გვემართა, არც მხდალნი ვიყავთ, არც უწარსულო, რა დაგემართა, რა დაგემართა, კოლხეთის მეფის ბრძენო ასულო.
გახსოვს, რა მორჭმით იყავ მარები, მკურნალად ექმენ სნეულთ, უპოვართ, ღალატის გველმა შენს გულს კარები როგორ შეხსნა და როგორ უპოვა.
სად გაქრა შენი კდემა-სინაზე, მიჭირს, მომხდარი რომ გავიაზრო, რა დაჰკარგვოდათ ქართულ მიწაზე იმ არგონავტებს, ანდა იაზონს.
ეგ გული სიბრძნით რად არ დადინჯდა, რად ცოდვილ ვნებას ასე დაება, როგორ მიუგდე უცხოთ საჯიჯგნად ერის ღირსება და უკვდავება.
ფაზისთან დღეს სხვა ქარები ქრიან, შაშვიც სისხამზე ისევ იტირებს, ღალატზე მეტი ღალატი ჰქვია, შენივ სისხლ-ხორცით თუ გაიწირე.
შენს ქებად ხმობდნენ ჩანგი, ებანი, შეგტრფოდა ერი ლაღს და იღბლიანს, იცის უფალმა, თუმცა მებრალვი, შენდობა მაინც არ შემიძლია.
რადგან ჯერ ისევ მეწვის იარა, გული ჯავრისგან გახლეჩას ლამობს, მე ვტირი, მაგრამ შენთვის კი არა, შვილნაღალატევ კოლხეთის გამო.
განა რა გრძნებით შეგკრა მავანმა, რომ შენი ჰგმე და სხვის ღმერთს უფერე, რომ ჰელიოსის შთამომავალმა მამულს უმზეო დღე გაუთენე.
ნუთუ ამგვარად უნდა გვვნებოდი, ასე ვით ეყმე სურვილებს სხვისას, შენ თვითონ უნდა აჰფარებოდი კოლხეთისაკენ მომართულ ისარს.
ვაი, დამხობილ ტაძრებს, პალატებს, ვაი, დაქცეულ ბჭეს და კერიას, სამშობლოს ორგულს და მოღალატეს შენდობა არსად არ უწერია.
თოვლს წვიმა ცვლიდა, ავდარს - მზედარი, დრო - ჟამმა თავის წესზე იბრუნა და მთელი შენი ნამოქმედარი მისხლობრივ შენვე შემოგიბრუნა.
თუმცა შეგფიცეს და მოგიწონეს, უმალ განქარდა შენი დიდება, რადგან მამულის ტოლ საპირწონედ პინაზე არც რა არ დაიდება.
წყევად შემორჩი აქაც და იქაც, ახლაც არ ვიცი, დრო რას გიპირებს, მე ვერც შენდობით წაგიქცევ ჭიქას და ვერც ქართულად ვერ დაგიტირებ.
რადგან სამკვიდრო, რომ ჰგავდა ედემს, მოსპე, დალეწე ზეცა ბროლებად და ყველაფერი, რაც მოხდა შემდეგ, იმ ღალატს როგორ მიეტოლება.
ჩადის წარსულის მზე დაწურული, კოლხეთს კვლავ ბევრჯერ უწვიმ-უთოვებს და თრთის ზღვის ტალღა, როგორც კულული, სახსოვრად დედას რომ დაუტოვე.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Wed Feb 06, 2019 10:54 am
მანანა ჩიტიშვილი
შენ დედაჩემიც იყავი
,,ხან ვეფხვი, ხან თავისი შვილი ელანდებოდა მძინარსა.“ ვეფხვის და მოყმის ბალადა
ჟამს შევრჩი გაურიყავი, დროში მეც გამაქვიტკირე, შენ დედაჩემიც იყავი, რადგან დედისებრ მიტირე.
ჩასისხლა ორთა იარამ ქვიშანი შავად შეფხვნილი, უბრალო ვაჟი კი არა მოყმე გაზარდე ვეფხვივით.
მთვარე მთის წვერებს ლოკავდა, არც რა გადგვირჩა უკრავად, ჩვენ სიმამაცემ მოგვკლა და იმანვე გაგვაუკვდავა.
კლდეს აჩნდა სისხლით ნაბანი, დღე დავიბნელეთ მზიანი, არც მე ვიყავი ჯაბანი, არც ის შემიხვდა ჭკვიანი.
ლოდებმა კენჭებრ იგორეს, შტონი დავლეწეთ ასევე, როგორ ერთფერად გვიგლოვე, რა ერთი ცრემლით გვასველე.
იწვოდა გული - აბედი, ავი სახმილი გგზნებია, სად შვილის მხარ-მკლავს აქებდი, არც ჩემი დაგვიწყებია.
გრძნობა, უცნობი მანამდი, ყელს წამეჭირა ქამანდად, მეც იმნაირად დაგნანდი, ვით შენი შვილი დაგნანდა.
წყევა ვთქვი ჩემი ბედისა, დარდში ვერ ჩაგეზიარე, ამ ქვეყნად, გარდა დედისა, მკვდარ შვილს ვინ უხვევს იარებს.
მზემ მთები დააირისა, ცა იყო ავად მქუხარი, ჩემიც და შენი შვილისაც ჩემ დედას ორნივ უთხარი.
შემეძლოს, შენს კვალს ავლოკდი, ვწევარ, ქარები მბურდავენ, ნუ გვიგლოვ, ჩვენ კი არ მოვკვდით, ერთურთი გავაუკვდავეთ.
შევრჩით ჟამს გაურიყავი, დროში მეც გამაქვიტკირე... შენ დედაჩემიც იყავი, რადგან დედისებრ მიტირე.
2019 წლის 28-29 იანვარი.
Last edited by Admin on Fri Nov 06, 2020 12:47 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Wed Feb 06, 2019 11:12 am
მანანა ჩიტიშვილი
ისევ ევას მონოლოგი
იმ დღეს მიწაზე დილიდან ცრიდა და სველდებოდა გზა თუ ყანობი, მე შენ მიყვარდი და სამოთხიდან გამოძევებას ვერც კი ვნანობდი.
ჩემს ბედს ტიროდა ზეცა ვნებული, კუპრივით შავი წვებოდა ღამე, მე კი შენს მკერდზე თავმიდებული ვუსმენდი წვიმის ღვთაებრივ გამებს.
თუმც გამოუცნობ ელდით ვკრთებოდი, ირგვლივ ყოველი ჩემებერ კრთებოდა, ვიცოდი, სადაც შენ იქნებოდი ჩემი ედემიც იქ იქნებოდა.
დაქანცულს ამდენ ურვით და ფიქრით, ჟრჟოლად შემყროდა სისხლში ვნება და მე ქალი ვიყავ, სიყვარულს იქით არც რა მსურდა და არც რა მებადა.
მახსოვს, ცრემლებმა სახე დალორთხეს, იმ დღეს კოშმარულ სიზმრად ვიგონებ... მე შენ მიყვარდი და ის სამოთხეც იოლად მისთვის გამოვიგლოვე.
ნუ მგმობთ და მკრულავთ წყევლიან პირით, ტკივილს ირეკლავს გული სარკისებრ, ყველა ქალივით მეც მაშინ ვტირი, როცა სიყვარულს მოვისაკლისებ.
ყველამ თავის გზით უნდა იაროს, არ გკითხავთ, რად წვიმს ან რად ათოვებს, ახლაც, სიყვარულს რომ ეზიაროს, ედემს რამდენი ქალი დატოვებს.
შემინდე, ღმერთო, თუკი ვერ ვნანობ, მსაჯე ნებისად ქარით თუ სეტყვით, და მაინც ქალი სასჯელის გამო სიყვარულს უარს ვერასდროს ეტყვის.
2018
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Wed Feb 06, 2019 11:16 am
მანანა ჩიტიშვილი
ვინა ნახა
ამ უხდინარ საწუთროში დავალ, როგორც მწირი გლახა, ხან თუ მზის შუქს ვეფერები, ხანაც კუპრის ტბასა ვლახავ. ცრუ მგონია ეს სოფელი, ერთხელ მიღალატა რახან, სხვათ აჭმია დოლის პური, არც ხმიადი შემინახა. ჩითის პერანგს მანატრულა ზოგს არგუნა დიბა, ქამხა, ბედს ვსდიე და ვერ ვეწიე, ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადალახა, ნეტა, ჩემმა დამკარგავმა უმჯობესი ვინა ნახა.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Wed Feb 06, 2019 11:17 am
მანანა ჩიტიშვილი
ილაპარაკონ ამ გვირილებმა
ჩვენი შეხვედრა სასწაულს ჰგავდა, ყველა ზღაპარი ერთდ გახუნდა... შიშით ვუცდიდით კარსმომდგარ ზამთარს, მაგრამ უეცრად გამოზაფხულდა.
ტორს გვცემდა ცივი ქარების რემა, რამდენი ფიქრი ჩუმად დამიწდა... ჟამმა ისეთი სიავით გვგვემა, გულს აღტაცება გადაავიწყდა.
და წუთისოფლის ზაკვით ვნებულნი გზა-გზა ნამალავ ცრემლებს ვაფენდით, და ერთხელ, მწუხრით დაღამებულნი, აბრიალებულ ცეცხლში გავთენდით.
უფლისთვის არც რა იყო მალული, გული მადლობის ლოცვით აივსო... დღეს კარგად ვიცით, ეს სიყვარული არის ბოლო და სამარადისო.
ღამის კოშმართა გაქრა ზმორება, მოვიდა გრძნობა სულის დამხსნელად, და ჩვენ სიკვდილშიც გვემახსოვრება, როგორ გვიყვარდა უკანასკნელად.
პირისპირ შევრჩით აპრილს ვნებიანს, უწინ მზისა და სითბოს ნატრულნი, ეს ვარსკვლავები ნაკვერჩხლებია, ქრისტეს ცეცხლიდან გადმოფანტული.
ახლა თოვლისფერ გვირილებს ვუმზერთ და ცას, რომ იბნევს ვარსკვლავს ღილებად, ვთხოვთ, რომ ჩვენს შემდეგ ჩვენს სიყვარულზე ილაპარაკონ ამ გვირილებმა.
2015
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Wed Feb 06, 2019 11:19 am
მანანა ჩიტიშვილი
***
ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი, წვიმის სევდიანი იდილია, რაც მიყვარს, ყველაფერი აქეთ არი, წყალგაღმა მარტო სიკვდილია. მე რას გთხოვ? _ ბევრი არაფერი, სიტყვა სიყვარულით მომიწანი, ვიდრე აქეთა ვარ, მომეფერე, ნავში ჩაჯდომამდე მომისწარი. თორემ თუ მგზავრობა დამიპირეს, ვეღარ მოვერიე ქარიშხალებს, მერე როგორც გინდა, დამიტირე, ფარჩა-აბრეშუმი გამიშალე. აღარ გამთელდება ნაღარავი გული, აქამდეც რომ მიკირია, წყალგაღმა არაფერი აღარ არის, წყალგაღმა მარტო სიკვდილია...
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Thu Apr 04, 2019 10:53 am
მანანა ჩიტიშვილი
ჩამავალ მზეში
ჩამავალ მზეში სერებს ფერი ედება სოსნის, ცას გამოაყრის ვარსკვლავები ღვთაებრივ ჭორფლად, ვითომ მამშვიდებ აღდგომით და მეორედ მოსვლით, მე კი ერთხელაც გამიჭირდა ამქვეყნად ყოფნა.
ამოდის მთვარე, მოციმციმე, როგორც კანდელი, შემინდეთ ეჭვი ერთ ყარიბ და უბრალო მგოსანს, _ ამქვეყნიური ვარამის და ტანჯვის განმცდელი, ნეტავ რამდენი ისურვებდა ხელახლა მოსვლას.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Tue Mar 24, 2020 12:16 pm
მანანა ჩიტიშვილი
შეხვედრა მამაჩემთან ლეთას გადაღმა
იმ ღამით, როცა ლეთას მოვადგები, როცა ქარონი ჩამისვამს ნავში და მღვრიე ტალღებს ჩვენი ნავი ნელა გაჰყვება, როგორც არ უნდა ღრმად გეძინოს, გაგეღვიძება, ელდანაკრავი სიმწრისაგან დაიკბენ მაჯებს, ახლობელთაც არაფერს ეტყვი, თან არავის გამოიყოლებ,--- ვაითუ, მერე მათი ნახვის სურვილმა მძლიოს. მარტო, სულ მარტო მოადგები უდაბურ ნაპირს, გულგახეთქილი ბუჩქის უკან აიტუზები, ფრჩხილებით ქვას და მიწას მოპოტნი, ახლოს მიიყრი, მოაგროვებ, დაიმარაგებ და მერე როცა გაიგონებ ნიჩბების ტლაშუნს, დაჭრილ მგელივით ბუჩქებიდან გამოვარდნილი გაბოროტებით და ხმამაღლა დამიწყებ ძახილს: "აქეთ რა გინდა, აქეთ -- არა, არ წამოხვიდე, შე ძაღლის ლეკვო, ვიდრე დროა, გაბრუნდი უკან" ყოველთვის მშვიდი გინებასაც არ დაინანებ, ბრაზით, უმწეოდ, ხელუკუღმა დამიშენ ქვა-ღორღს, თან სახელსაც არ დამიძახებ, თან სახესაც არ დამანახებ, ვითომდა სხვა ხარ, ვითომდა მანდ მესისხლე მიცდის... "გაბრუნდი-მეთქი, წადი-მეთქი, არ გესმის ჩემი?" შენი ღრიალი გააყრუებს უდაბურ ჭალებს, მაგრამ ქარონი ნაპირთან რომ ნავს მოაყენებს, ჩიტივით საწყლად აბუზული მომიხვალ ახლოს, მთრთოლვარე ხელით მომისინჯავ სახეს და სხეულს და ხმის კანკალით უსასოოდ იმასღა მკითხავ: "მოგიკვდეს მამა, რამე ხომ არ გატკინე, შვილო?" და უბედური, და უმწეო, და ბედნიერი ჩუმად ჩამიკრავ ნაჯაფარი ხელებით გულში და სიმწრისაგან მღელვარებით სუნთქვაშეკრული ყელიდან ძლივსღა ამოღწეულ ბგერებით მეტყვი: როგორი დაღლილი, გატანჯული, ნაიარევი, როგორ სულაწიოკებული მომიხველ, შვილო".
Last edited by Admin on Fri Nov 06, 2020 12:49 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Tue Nov 03, 2020 12:44 pm
მანანა ჩიტიშვილი
ყივჩაღის კიდევ ერთი გახსენება
ქსანი - მინანქრის ლურჯი ტიხარი, ალვაზე - ბუდე, როგორც ბეჭედი... ოღონდაც ახლა მაინც მითხარი - მეტრფე იყავ თუ... ხიფათს ეძებდი. ნელ-ნელა ქრება მთებზე ნათელი, შორით მოისმის აფთრის ხარხარი, თუმც არასოდეს იყო ქართველი მტრის უცაბედი და უნახავი. მაგრამ სუყველა ჟამმა წახვეტა და დავიწყების ნისლი დაჰხურა, შენ ვინ იყავი ისეთი, ნეტავ, დრომ რომ აქამდე ვერ გაგახუნა. ეგ გული ქართულ ხმალით დამიწდა, ჩაუქრო ყველა სურვილ-ვნებანი და მაინც დღემდე ვერ დაავიწყა ქართველს შუღლი და ჯიბრი შენდამი. კიდევ ათას წლებს ლექსში დამიცდი, თუმც შენი ტრფობა, ალბათ, მეძრახვის, მაგრამ მუხრანთან ვარ და არ ვიცი, ქარი უსტვენს თუ... კვლავ შენ მეძახი.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Tue Nov 03, 2020 12:46 pm
მანანა ჩიტიშვილი
თიბათვე
სოფლად ხურს თონე და ღუის ვარცლი, პირბადრი ქალი გადივლის ბოგირს... ერთი კვირაა მთას თიბავს კაცი - დანატრებული დიაცის ლოგინს. ღამით მჭკნარ ბალახს მოპოტნის მუჭი, სურვილს და ვნებას ამძაფრებს მთვარე... ყველა ღიღილო - ნაზი და ლურჯი, აგონებს ქალის ნამიან თვალებს. მორჩა... ჩამოლევს ფერდობს ძუნძულით, თავს მიჰხრის, სერზე გადივლის სანამ - როგორც დიაცის სავსე ძუძუნი, მინდორში თივის ზვინები ჩანან.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Tue Nov 03, 2020 12:47 pm
მანანა ჩიტიშვილი
ცხრაჯერ
ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი ქალმა კოშკიდან ამაყად, ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი, ერთხელ არავინ ამამყვა. ცხრაჯერ ვამტვრიე ცხრა კლიტე ან ცხრაკლიტული რა იყო... კარი დავტოვე ღრიჭოდა, მაგრამ არც ერთხელ გაიღო. ცხრაჯერ ვიქეცი თეთრ შუნად, დავწურე მკერდის მტევნები, ფეხთ ვეცი მონადირეთა, სად იყო გამომდევნები?! ცხრაჯერ შევბღავლე ქარაფებს, ცხრაჯერ დუმილმა დამსუსხა, ჯავრით გულშეწუხებულსა არავინ გამეპასუხა. ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი ქალმა კოშკიდან ამაყად, ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი, ერთხელ არავინ ამამყვა.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Tue Nov 03, 2020 12:48 pm
მანანა ჩიტიშვილი
ქსანზე რომ...
შენ ნუ იფიქრებ, რომ დავიღალე ან წვიმა შემაკრთობს სადმე მარტოს, ქსანზე რომ ბოკვრებს გავზრდი ხვალე, ჩემს საქართველოს შეემატოს. შენ ნუ მიმატოვებ ოღონდ ნურსად, ქარში ფრიალებენ პეპელები, ქსანზე რომ ბალახს ხელს გადვუსვამ, მთელ საქართველოს ვეფერები.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Tue Nov 03, 2020 1:01 pm
მანანა ჩიტიშვილი
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ, ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა... ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.
დაე, იქუხოს და გაავდარდეს ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან, დიდი სიძულვილი არ მადარდებს, მცირე სიყვარულმა შემაშფოთა.
სულო, სულ სიზმრებში მიხიზნულო, ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა... იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს, ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა.
ლურჯი ბილილები დამკარგვია, დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი, მახვილის სიმრავლე რას გარგია, მკლავი, მომქნეველი, აღარ არი.
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ, ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა... ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.
Last edited by Admin on Tue Nov 03, 2020 4:00 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მანანა ჩიტიშვილი Thu Nov 05, 2020 11:48 pm
მანანა ჩიტიშვილი - რანაირი გაზაფხული მოვა • Nov 5, 2020
ქარი ახლა საალერსოდ მიწვევს, იამინდა, გადაიღო თოვამ... ნეტავ, ჩვენ რომ არ ვიქნებით, იმ წელს რანაირი გაზაფხული მოვა? კვლავ ის ფერი თუ ექნებათ ნისლებს? ამ ცის თაღებს, ცისფრად შემოგარსულთ? ან ტყემალი ემსგავსება ისევ, ქორწილიდან გამოპარულ ასულს? მთებსა ვძრავდით სასურველის პოვნად, ვგავდით ჟინით მყვირალობის ირმებს. ან იმ ქვეყნად მიგვდევს ვინმეს ხსოვნა, ან ამ ქვეყნად ვეხსომებით ვინმეს?! ქარი ახლა საალერსოდ მიწვევს. სულს მოსწყურდი... გადაიღო თოვამ, ნეტავ, ჩვენ რომ არ ვიქნებით, იმ წელს, რანაირი გაზაფხული მოვა.
*** What spring will come The verse by Manana Chitishvili (in Georgian) This clip is made with: André Rieu - The Rose. This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020
თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.
მანანა ჩიტიშვილი
სტამბოლის მონათა ბაზარში
და როგორც იატაგანი, ცაზე ნამლევი მთვარის, სტამბოლს მონათა ბაზარი, მე ბაზრის თავში მდგარი.
კედლებზე სისხლის წვეთები ვატყობ, სხვებისთვის არ ჩანს... წაულეკია ერთიან ოქსინოსა და ფარჩას.
ცას ხვრეტენ მინარეთები, ისმის ყივილი მოლის, აქ თვალს არც ოქრო იზიდავს, არც ალმასი და ბროლი.
არც სიტკბო რაქათ-ლუქუმის, მზერამ მომნუსხოს რისამ... რამ დამავიწყოს რბევა და ელვა გასისხლულ ხმლისა.