Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
Subject: ტარიელ ხარხელაური Sun Nov 30, 2008 12:00 pm
Tariel Kharkhelauri
*** ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი, ამოზიდული დიდგორსა, შვიდპირად მაკრავს ღრუბელი, გველი მილოკავს ლიბოსა. ვერ იქამს წუთისოფელი, ფეხებზე დამიკიდოსა. ხმალი მომეცი, სამკლავე, ფარიც აქ სადმე იდოსა, ამოვალ, ქშენით ამოვძოვ სისხლით დაფერილ მინდორსა. მოყვარეს მოყვრის მივუზღო, მტერმა რო სამტრო ზიდოსა. მერე ჩამიქრეს ნათელი, მზე წითლად დამებინდოსა... ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი, მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა.
ტარიელ ხარხელაური პოეტი
ტარიელ პავლეს ძე ხარხელაური დაიბდა 1945 წლის 11 დეკემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. იყო მეცხვარე და წერდა ლექსებს სკოლის მოწაფეობიდან. პირველად ლექსების გამოქვეყნებაში დაეხმარნენ მეუღლე, მარინა და კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე, რის შემდეგაც მისი პოეზია საქვეყნოდ გახდა ცნობილი. 1976 წელს, როცა 30 წლის იყო, ჩააბრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან საბუთები გადაიტანა დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე და ასე დაამთავრა უნივერისტეტი. 2010 წლის 16 დეკემბერს მოკლეს მისი 23 წლის შვილი ბექა, რამაც მძიმე ტკივილი დაამჩნია პოეტს, ლექსების წერაზე ხელის აღებასაც კი აპირებდა, მაგრამ ახლობლებმა გადააფიქრებინეს. ჰყავს მეუღლე, მარინა და ორი ქალიშვილი: გვანცა და სოფო, ასევე - შვილიშვილები.
წიგნები: * წუთისოფლის სიმფონია (ლექსები), თბ. : შპს "საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა" : [ნუგზარ ჭიაბერაშვილი], 2012 (შპს "გამომცემლობა გრიფონის" სტ.) * 100 ლექსი, თბ. : ინტელექტი, 2012. * მინდვრის ფსალმუნები (პოემა, ლექსები, წერილები), თბ. : "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2008 - ISBN 978-9941-0-0747-7 * აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა (ლექსები), თბ. : "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2005 - ISBN 99940-0-590-1 * იქ, მიღმა... (ლექსები), თბ. : ლომისი, 1998. * საიდან მოველ, ვინა ვარ (ლექსები), თბ. : მერანი, 1985. * წყალი საკალმახე (ლექსები), საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1978.
ტარიელ ხარხელაური | ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი •Nov 2, 2019 TV IMEDI
Last edited by Admin on Fri May 28, 2021 8:25 am; edited 20 times in total
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Tue Jan 06, 2009 10:16 pm
ტარიელ ხარხელაური
მამაჩემო - თოვლის ფერო...
მამაჩემო - თოვლის ფერო, დედაჩემო - ფერო მიწის, როგორ უნდა დავიჯერო, რა მაწუხებს, თქვენ არ იცით. სატკივარი გამიჯერეთ, ამახვიეთ ტანზე ნისლი, დავბნეულვარ - გზა მიჩვენეთ, საქმე არ ვქნა საძრახისი... შუბლი მთვარით დამისერეთ, სისხლი მთისა გადამისხით, მამაჩემო - თოვლის ფერო, დედაჩემო - ფერო მიწის.
მამაჩემო, თოვლისფერო...
მამაჩემო, თოვლისფერო მზე ტკივილებს არ მიამებს, გავაგრძელო კიდე ფრენა? ფიქრი დამიკვალიანე. მამაჩემო, თოვლისფერო მაღლობს შემაცურე ცერით, ქარის ხმაზე ქრის სიმღერა წვიმის ხმაზე წვეთავს ცრემლი. დედაჩემო, ფერო მიწის გამიმწუხრისფერდა სული, შავი ზოლი მაწევს სივრცის ვარ ლანდებით დანისლული. შუბლზე მადევს დანაცრული ცა, ასე არ მითრთოლია, მამაჩემო დამისრულე წუთისოფლის სიმფონია.
Last edited by Admin on Thu May 27, 2021 5:46 pm; edited 11 times in total
ნეკერა
Number of posts : 142 Age : 38 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : კარგი Registration date : 27.12.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Sat Jan 17, 2009 1:52 am
*** ვწყევლი წვიმიან ამინდებს ეს რა ნაღველი შემყარა. წაგიყვან! წინ გადამიდგეს შენი შეშლილი ქვეყანა. მამტვრიონ, მლეწონ, მიტირე, ამაზე როდი ვჯარდები, მერე, ო, დედას გიტირებ, აბა ნუ შეგიყვარდები!
ჩემი საყვარელი ლექსი
„სიძულვილი ჩემთვის უცხოა. ჩემი შვილის მკვლელიც არ მძულს...“
2019, 26 ნოემბერი, 21:20
ტარიელ ხარხელაურთან ყველაფერი სხვაგვარადაა: სიცოცხლე, რომელიც სიზმარივითაა, აერთიანებს ადამიანებსა და ცხოველ-ფრინველებს, მცენარეებსა და დამუნჯებულ კლდეებს... მთის ბილიკებსა და დახუჭუჭებულ ცხვრის ფარებს... აქ ყველაფერი იმდენად სუფთაა, შეხება მოგერიდება, რამე არ გავუფუჭო, ჩემი სიტყვითა და ფიქრით უნებურად არ შევბღალოო. ამიტომ ისე ფრთხილად ვუახლოვდები მისი ცხოვრების სიმფონიას, რომ ჩემი ნაბიჯების ხმა არ ისმოდეს...
სამაგიეროდ, მესმის მისი ნათქვამი:
მამაჩემო, თოვლისფერო, მზე ტკივილებს არ მიამებს, გავაგრძელო კიდე ფრენა? ფიქრი დამიკვალიანე. მამაჩემო, თოვლისფერო, ...მაღლობს შემაცურე ცერით, ქარის ხმაზე ქრის სიმღერა, წვიმის ხმაზე წვეთავს ცრემლი. დედაჩემო, ფერო მიწის გამიმწუხრისფერდა სული, შავი ზოლი მაწევს სივრცის ვარ ლანდებით დანისლული. შუბლზე მადევს დანაცრული ცა, ასე არ მითრთოლია, მამაჩემო, დამისრულე წუთისოფლის სიმფონია...
მერე წუთისოფლის სიმფონიაც მესმის, და რაც მთავარია, ვხედავ კიდეც... ეს არ არის უბრალოდ დილა, შუადღე და მიმწუხრი მისი ცხოვრებისა... ეს გახლავთ სიზმარი დილით, შუადღესა და დღის მიწურულს.
* * * - ჩემი მეხსიერება პაპაჩემით იწყება. ყველა კუნწყულას ეძახდა. დედის მხრიდან მყავდა, ბაიაშვილი იყო გვარად. ჩემს ჩამოყალიბებაში მას აქვს უდიდესი წვლილი. მასთან გავიზარდე სიმონიანთხევში. გლეხს თუ შეიძლება მაღალი ინტელექტი ჰქონდეს, მას ჰქონდა ნამდვილად. მიწას კითხულობდა. აიღებდა მუჭით, დახედავდა და იტყოდა: ჯერ ადრეა, ორი დღეც ვაცალოთ და მერე დავხნათო... მისი წიგნი მიწა იყო. მარტო ეს კი არ იცოდა, საერთოდ, ბრძენი კაცი იყო.
პაპა ერთადერთი კაცი იყო, ვისგანაც აუგ სიტყვას ვერ გაიგონებდი. ის ერთადერთი იყო, ვინც გაბრაზება არ იცოდა... რაღაც თუ არ მოეწონებოდა, ამოიოხრებდა. დღესაც კი, დასაძინებლად რომ დავწვები და ვიფიქრებ, აბა, რა შემეშალა, რა გავაკეთე ცუდი-მეთქი, თვალწინ პაპა მიდგება. ვფიქრობ, რომ ეს საქციელი პაპას ამოაოხრებინებდა, ჰოდა, ვცდილობ, აღარასოდეს გავიმეორო. პაპა გუთნისდედა იყო. ხვნა-თესვა რომ მთავრდებოდა, მერე ცხვარში მიდიოდა. ექვსი წლის ვიყავი, პირველად რომ გვერდით დამიყენა ხვნის დროს. კვალში დამიყენებდა. ამას ეძახიან ჩეკანოს. გუთანი რომ ამოვარდება მიწიდან, უნდა გაასუფთავო.
ფიზიკურად კი არ მტვირთავდა, მიწას მაყვარებდა... დღეგრძელი და გონებანათელი კაცი იყო. 86 წლისა გარდაიცვალა. მე პაპასავით არ მესმის მიწისა. იმას თავისი საიდუმლო ჰქონდა და ეტყობა, ბოლომდე გადმოცემა ვერ შეძლო. საოცარია, რომ ბევრი რამ არ მახსოვს... ვერ ვიხსენებ, ვინ მეჯდა გვერდით პირველ კლასში. გარეულს მეძახდნენ, იმიტომ, რომ სულ განცალკევებით ვიყავი. თითქოს დანარჩენები სხვაგან იყვნენ, მე - სხვაგან. მხოლოდ სპორტული თამაშისას თუ გავერეოდი ბავშვებთან. მერე ისევ განვმარტოვდებოდი და წიგნს ვკითხულობდი. არ მიყვარდა ზეიმები, ხალხში გასვლა.
ვსწავლობდი მარტო იმას, რაც მაინტერესებდა. ჩუმად ვიჯექი, ხელს არავის ვუშლიდი. მართალია, მათემატიკას არ ვსწავლობდი, მაგრამ მაინც გადავყავდი კლასიდან კლასში. ისე ახლა ვნანობ... მათემატიკა უფრო საჭირო ყოფილა ცხოვრებაში... ბევრს ვკითხულობდი, მიყვარდა ნელა კითხვა, წავიკითხავდი, ვფიქრობდი... მერე რაღაც მტანჯავდა და კალამთან მისვლა მაინც მეშინოდა. ვეკრძალებოდი, მეგონა ეს ქალის საქმე იყო, თუმცა ვაჟა-ფშაველა წინ მყავდა და ასე არ უნდა მეფიქრა. მეექვსე კლასშიღა გავბედე კალამთან მისვლა. ვწერდი ჩემთვის, არავის ვაკითხებდი.
ძალიან კარგი ალღო და მეხსიერება მქონდა... დავდიოდი ტყეში, დავხეტიალობდი, გზა თუ ამბნევია? - არასოდეს. ყიზლარშიც კი, სადაც ვაკე ადგილია და იქაურებსაც უჭირთ ნისლში გადაადგილება, მე არასოდეს დავბნეულვარ. ინტუიცია მაქვს ისეთი, რომ მკარნახობს, საით უნდა წავიდე. იცი რა მიყვარს ძალიან? როცა მთაში ვიყავი, ნისლი რომ დაბლა იყო, ვიდრე მთის თავს დაეხვეოდა... მე გავუდგებოდი გზას, მთისკენ რომ მომესწრო, ავჩენილიყავი. ისე ამოვტივტივდებოდი ზემოთ, როგორც წყლიდან ამოსული... საოცარია, მთის წვერიდან დაბლა დაწოლილ ნისლს რომ დახედავ.
მეხუთე კლასიდან მამას ყოველ ზაფხულს დავყავდი ცხვარში. სკოლა რომ დაგვიმთავრდებოდა, მთაში მივდიოდი. იქ მივიღე ფიზიკური და სულიერი წრთობა. მწყემსი არ მოგატყუებს, რაც არის, - ის არის, არ გეპირფერება... იმიტომ გამიჭირდა, ქალაქში რომ ჩამოვედი. ვგრძნობდი, ცრუ იყო სამყარო. მე ხომ ვხედავდი, ის კაცი ისეთი არ იყო, თავს როგორც მაჩვენებდა... თვალებში ვკითხულობდი...
1976 წელს 30 წლისა ვიყავი. მაშინ ჩამომიყვანეს უნივერსიტეტში სასწავლებლად. ვერ გავძელი. მეორე კურსიდან წავედი. იქ ჩემი სამყარო არ იყო, არ იყო გარემო, სადაც გავძლებდი. მიყვარს მარტოობა, სივრცე...
ჩემი ლექსები რომ დაიბეჭდა, ისეთი ამბავი მოჰყვა, რომ ყველას ყურადღების ცენტრში ვიყავი. ეს სულ არ შემეძლო. ამიტომაც წავედი. მახსოვს, პირველი დაბეჭდვის მერე ორ კვირაში მომივიდა 2000 წერილი, სულ გოგოებისა იყო, არც ერთი კაცისა. მამაჩემი კითხულობდა და გადაარჩევდა ხოლმე, ეს წაიკითხე, ეს არ გინდაო... ჩემი პრესცენტრის ხელმძღვანელი იყო... მამამ ვაჟა-ფშაველა იცოდა ზეპირად თავიდან ბოლომდე. ამისი დრო თუ ჰქონდა? როგორ არა, მიდიოდა ცხვარში, ხელში წიგნი ეჭირა და კითხულობდა. მეც ასეთი სივრცე მინდოდა... წიგნი და სივრცე...
მერე ვახუშტი კოტეტიშვილმა გამიკეთა ისე, რომ დაუსწრებელზე გადამიყვანა და მხოლოდ გამოცდებზეღა ჩამოვდიოდი... სწორად მოვიქეცი. საზოგადოება არასოდესაა მზად, რომ გაგზარდოს. მას თავისი დაკვეთა აქვს, და უნდა შეასრულო. როცა საზოგადოების დაკვეთას ასრულებ, პოეტს კლავ. აქ გავიცანი მომავალი მეუღლე. ვისაც ყველაზე ნაკლებად ვაინტერესებდი, ის მოვიყვანე ცოლად. ვგრძნობდი, რომ ის იყო ადამიანი, ვისაც შეეძლო ჩემ გვერდით ყოფნა. არც შევმცდარვარ. დღემდე არ მიგრძნია, ოჯახს თუ რამე აკლდა. ყველაფერს უძღვება მეუღლე... მე კი მაქვს თავისუფლება, რომელიც მჭირდება.
ჩემი დაღლა არ შეიძლებოდა. 50 წლამდე ისეთი ვიყავი, ჩვენი მთის წვერზე ავიდოდი, გადავიდოდი ჩარგალში და დავბრუნდებოდი სირბილით... დღესაც არ ვიღლები ფიზიკურად... გულქანს თითქმის ყოველდღე ვხედავდი, ჩავიდოდი მთიდან და პური ჩარგლიდან ამომქონდა. ვიჯექი ჩუმად და ვაკვირდებოდი, როგორ ქსოვდა წინდას... ლამაზი სახე ჰქონდა... ძალიან მიყვარდა მისი ყურება. ცხვარი ძალიან მიყვარს, მაგრამ თუშისა და მოხევისნაირად მაინც არავის უყვარს ცხვარი.
მე ძალიან მიყვარდა ცხვარში ყოფნა. მილაპარაკია კიდეც ცხვართან, ლექსიც წამიკითხავს ბატკნისთვის. ჩემი აუდიტორია ეგ იყო და აბა, რას ვიზამდი. ასეც ყოფილა, შუა ფარაში ვმდგარვარ და ხმამაღლა დამიწყია ლექსის კითხვა. როცა ლექსს ვწერ, ხმამაღლა მიყვარს ფიქრი... ამიტომ როცა ლექსს ვწერ, ვცდილობ გავერიდო ყველას. თითქოს რაღაც მეხსნებოდა გონებაში და ვიცოდი, რაღაც უნდა მეღონა... თუ ცხვარში ვიყავი, კარგად დავათვალიერებდი, რომ ირგვლივ არ ყოფილიყო ადამიანი და დავიწყებდი! ძალიან მერიდებოდა საერთოდ ლექსის კითხვა. დღესაც მერიდება. ჩემი ლექსის კითხვისას შიში, ხათრი და მოკრძალება ვერ დავძლიე. ორ-სამ კაცთან კიდევ არა უშავს, თუ წავიკითხავ რამეს, მაგრამ ბევრ ხალხში ძალიან მიჭირს...
ხელმოკლედ თუ მიცხოვრია? არასოდეს, ჩვენს ოჯახს დოვლათი მოსდგამდა. ისე, მოთხოვნილებაც არასოდეს მქონია დიდი. სულ ორი შარვალი მქონდა ხოლმე. დოლის დროს, ბატკანი რომ იბადება, ვიდრე სველია, ისვამ მუხლზე, რომ არ გაცივდეს, მერე ჩასვამ ვირის ხურჯინში და გზავნი ბინაზე. საღამოს რომ გავიხდიდით შარვალს, გაშეშებული დგებოდა ხოლმე. დილით ჩავხტებოდით ხოლმე შარვლებში. მე მაინც ის ცხოვრება მერჩია. მენატრება კიდეც... ახლა რომ წავიდე ცხვარში? ცხვარი აღარ არის და... ჩემიც ვერ მეყოლება, იმიტომ, რომ ყიზლარის საძოვრები ჩამოგვართვეს. დავრჩით უმიწაწყლონი...
როგორც დიდი ბოღმაა ძნელი სატარებელი, ისე - დიდი სიყვარულიც, რომ ეს არ გახუნდეს, არ დაგეკარგოს... სამი შვილი მყავდა... ბიჭი - ბექა, აღარა მყავს, მომიკლეს... ბექას მერე ჩემი მიმწუხრია დამდგარი...
ამიტომაც არის, რომ უფრო ძნელად დასაჯერებელი გამიხდა დრო - რომელი უფრო ნამდვილი დროა, მე რომ ვცხოვრობ და განზომილებადია, თუ, დრო შენ რომ ცხოვრობ და განუზომელი. ყოველ შემთხვევისათვის, მე აქედან ასე მეჩვენება"...
მოხუცი დედა მყავს სიმონიანთხევში. მისთვის ჩემი ლექსები უინტერესოა, მარტო ის აინტერესებს, მე როგორი ვარ, როგორც კაცი... თუ მოვწონვარ? მოვწონვარ, იმიტომ რომ ყველა მიყვარს. სიძულვილი ჩემთვის უცხოა. ჩემი შვილის მკვლელიც არ მძულს... ძალიან მიჭირს, მეცხრე წელიწადი მიდის და ყოველღამე ვტირი... მრცხვენია, მაგრამ ასეა... ყველაფერი დეტალურად მახსოვს, როგორ მღეროდა, იღიმოდა, როგორ ეძინა... საერთოდ არ მეგონა, ამდენ ხანს თუ ვიცხოვრებდი. მას მერე, რაც ბექა გამიჩნდა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით... მეგონა, მე გავიდოდი ადრე... სკოლა რომ დაამთავრა, დედამისმა მისი სურათი დადო კარადაში... შევხედე და დავინახე... არ იყო ამქვეყნის! მაშინვე ავაღებინე. ბოლო ორ წელიწადს ჩვენი ხატების კუთხე სველდებოდა, ხატები ტიროდნენ. მას მერე, რაც ბექა აღარ არის, აღარ დასველებულა.
ახლა მაღლა ვეძებ ჩემს შვილს, დაბლა არა! სხეული უცხოა ჩემთვის, სული მაინტერესებს. ჩემი გული დაღრუბლულია. ძალიან მინდა ჩემი მისდამი სიყვარული გადავიტანო ვინმეზე, ვერ შევძელი... სისხლს ნუ დამანახებ! ნადირობა არ მიყვარს... დედაჩემს უჩხუბია კიდეც ბევრჯერ მაგის გამო. ერთხელ ნამიანში მივდიოდი და ჯოხს ვიქნევდი, ტოროლა მოვკალი, ეს არის ჩემი სატკივარი... ერთხელ კიდევ ძროხამ ბილიკზე წიხლი მკრა, არ ვიცი, რა მომივიდა, მოვბრუნდი, ხელი შემოვკარი და მოკვდა... ეგეც ჩემი სადარდებელი გახდა. ხან იმას ვფიქრობ, ამის გამო ხომ არ დავისაჯე...
მგელი თუ მომიკლავს? არც მგლისთვის მისვრია... არც დათვისთვის. ისინი თავისას ცდილობენ. იმათ ძაღლები უსწორდებოდნენ... ბოღრა მყავდა ძაღლი... ძლიერი იყო, ბევრჯერ დავუგლეჯივარ. ჩემი ბრალი იყო, ვეთამაშებოდი, ვეჭიდებოდი. მეტი რომ მომივიდოდა, კბილს გამკრავდა. მერე ნანობდა, შორიდან მოდიოდა, რომ მომფერებოდა. მალე შევრიგდებოდით ხოლმე. რომ იგრძნო, კვდებოდა, წავიდა, სხვაგან მოკვდა. სიცოცხლესთან დაშორებული, მოწყვეტილი ყვავილიც კი არ მიყვარს... დავუწვებოდი და ვიყავი პირქვე იებთან... მე მოუწყვეტელი იები მიყვარს...
არასდროს მიფიქრია, ლექსის მწერალი კაცი ვყოფილიყავი, მინდოდა მთის ძლიერი კაცი ვყოფილიყავი. ჩხუბიც ვისწავლე, თუმცა არ გამომიყენებია არასოდეს... ჩემთან კამათიც კი არავის მოსვლია. როცა ვწვები, სუფთა ფურცლებს ვალაგებ სასთუმალთან. ღამით რომ მომივა სტრიქონი, ჩავწერ... ხან მგონია, სიზმარში ვცხოვრობ, სიზმრებს კი სულ ვნახულობ და იქ უცხო ენაზე ვკითხულობ ლექსებს... რუსული საერთოდ არ ვიცოდი, მხოლოდ ერთი სიტყვა "ხლებ" ვიცოდი. ერთხელ სიზმარში რუსულადაც კი ვკითხულობდი ლექსს, ერთი ფრაზა დამამახსოვრდა: "ი ტვაია დუშა პოგიბნეტ!". ზოგჯერ ჩემთვის სრულიად გაუგებარ ენაზე ვლაპარაკობ... იმ ენის ჟღერადობაც მახსოვს...
თვალწინ მიდგას ის ქალაქი, სიზმრად რომ ვნახულობ ხოლმე, ის ციხესიმაგრე... მე დავფრინავ ამ ქალაქის თავზე... იქნებ, ის არის ცხადი. დანარჩენი - სიზმარია...
Number of posts : 145 Age : 112 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Mon Feb 09, 2009 8:26 pm
*** ვწყევლი წვიმიან ამინდებს ეს რა ნაღველი შემყარა. წაგიყვან! წინ გადამიდგეს შენი შეშლილი ქვეყანა. მამტვრიონ, მლეწონ, მიტირე, ამაზე როდი ვჯარდები, მერე, ო, დედას გიტირებ, აბა ნუ შეგიყვარდები!
ძალიან მაგარი ლექსია. ძალიან მაგარი
არაბული
Number of posts : 182 Age : 31 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Wed Feb 11, 2009 2:24 pm
* * * (პატარა მარიამ არაბულს)
მოდი, პატარავ, ეგებ ამ გულს ეშველოს რამე, მო, მარიამო, შენებურად დასკუპდი მუხლზე, უნდა გიამბო, ღამე როგორ ცრემლებით ვნამე და მე შეშლილი, ო, შეშლილი ვიყავი წუხელ... ცა მრისხანებდა, დაიხვია ელვა გველებად, გამძვინვარებით ქარიშხალი ზღვებზე კიოდა... და ირგვლივ იყო, იყო მხოლოდ საშინელება.... და თითქოს სხვათა საფლავიდან ამოვდიოდი... ... ხმა მომდიოდა შემზარავი წყევლის და კრულვის და მე გავრბოდი, მე გავრბოდი არსად, არსაით, ჰო, ჩემო ქალო, ესღა ვიცი არა მაქვს გული და თუა, ალბათ გზაზე გდია, სადღაც, ქვასავით... ფრთხილად, პატარავ, ფრთხილად, არსად წამოჰკრა ფეხი, იქნებ ჯერ კიდევ ცოცხალია ანდა ეტკინოს, მაგრამ, ო, არა ჩემს ხმას სულაც არა ჰგავს ეს ხმა, ყურს ნუ მიუგდე თუნდაც უკან გამომეტიროს... ნუ დაიმძიმე ეგ თვალები ნაღვლიან ფიქრით და რაც გიამბე, ეს შეშლილი როკვაა სულის, ჯერ კიდევ დღეა, ციდან თხელი ჩამოდის ფიფქი, ან იქნებ ჩემი გაყინული ცრემლია სულაც... მოდი, პატარავ, ეგებ ამ გულს ვუშველოთ რამე, მო, მარიამო, შენებურად დასკუპდი მუხლზე.
არაბული
Number of posts : 182 Age : 31 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Wed Feb 11, 2009 2:25 pm
ტარიელ ხარხელაური
*** დარდი, ფიქრი და ტკივილი ჩემგან მოედო სამყაროს... რას ამბობ, ნისლო, ტირილი შენ როგორ უნდა მასწავლო - ეს მე ვარ, კლდეთა კალთებზე ცრემლად რომ ჩამოვწკანწკარობ.
*** პირიმზეო, წუხელ შენზე ვწუხდი, შენთან ყოფნის მომიარა ჟინმა. ცა ბობოქრობს, ელავდა და ჰქუხდა, სული ჩემი დაემგვანა წვიმას. ავიდევნე შენზე ფიქრი, ძილი არა და არ მიეკარა თვალებს, არც დადგომა არ იგრძნობა დილის, არსად მთვარის არ ჩანს სიფერმკრთალე. შეწყდა წვიმა, ბოლო წვეტი წვიმის ჩემს ხერხემალს ჰა, ჰა, ჩაამთავრებს. არსად აჩნდა არა სვეტი ნათლის მოეფინოს მთებს, აიმღვრას ნისლი, ვწუხვარ - შენი სიყვარული მმართებს, სხვისი არცრა, არცრა არავისი. პირიმზეო, ნაავდრალი მხრები თუ როგორმე გავიტანე გარეთ, ალბათ, მოვალ, შენ წინ დავემხვები და ცრემლიან წერილს დაგიმთავრებ.
*** ძაღლს მაინც აიდევნებდი, ცერად რომ გასჭერ ჭალაო, მიზეზობ ძებნას ცხენისას, გუმანს მიგიხვდი, ქალაო, ახლა თუ ცოდვა დავიდე, ზიდოს ლაშარის ჯვარმაო...
*** ბევრი მე თვითონ არ მომწონს, ბევრს არ მოვწონვარ, გვიმრაო. დღეს ამიტომ არ ვკანკალებ, დღეს ამიტომ არ ვგმინავო. ის მტკივა, ისა – გვირილამ დღეს რო არ გამიღიმაო, უფრო ამიტომ ვჯაჯღანებ, უფრო ამიტომ ვღრინავო.
*** რომ დამინახე, პირიმზე, რად მოგერია ცრემლები, ამ გულს ვერ დასდებ მალამოს, ვერა, შენ შემოგევლები. ნუ, შენ ნუ მომეღრუბლები – ნისლები მკმაობს სველები.
Tabagari Tea
Number of posts : 122 Age : 37 Registration date : 27.12.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Sun Feb 15, 2009 11:47 am
უსაყვარლესი პოეტი!
Tariel Kharkhelauri Photo by Mikho Mosulishvili
თამარ გონგაძე
ტარიელ ხარხელაური - ხევსური პოეტი დიდი ტრაგედიით
"ფშავში მიყვარს განმარტოება. ქედის იქით ძალიან კარგი პოეტი ცხოვრობს - ტარიელ ხარხელაური. ის მეუბნება: ფშავლებში ცხოვრობ, კარგი ქართულით ლაპარაკობენ, მწერალი ხარ და ძარცვე ეგ ხალხიო" - მითხრა ხუთი თვის წინ გურამ ქართველიშვილმა. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, ჩავწერ ბატონ ტარიელს-მეთქი. ახლახან კი რედაქტორმა მითხრა, იცი, თეონა ქუმსიაშვილის სიმღერის - "შენ ჩემო დიდო ტკივილო" ლექსი ხარხელაურს ეკუთვნის, შვილი ჰყავს გარდაცვლილიო... ახლა წინ მისი ნაჩუქარი კრებული - "მინდვრის ფსალმუნები" მიდევს და წინასიტყვაობისგან გაოგნებული თავს ვერ ვუყრი სათქმელს. "ეს წიგნი დიდმა ტკივილმა წერა. ნუ შეგაკრთობთ ცრემლი, რომელიც კაცის თვალებიდან იღვრება. ეს ყველა მამის ცრემლია, რომელიც არა თუ არ ჩამოუვარდება დედის ცრემლს, შეიძლება კიდევაც გადაამეტოს ტკივილთა სიმძაფრეში. ღმერთმა დამიფაროს, რომ მარტო ჩემს ტკივილს ვჭირისუფლობდე, ყველას შვილს დავტირი, ყველას ტკივილი მტკივა..." აქ ჩემი ემოციები ყოვლად უადგილოა. მე უბრალოდ მინდა ამ გენიალური პოეტის სულის ვიწრო სარკმელში შეგახედოთ, რომელიც ამ ტკივილიანმა ხევსურმა ჩვენთვის შეაღო. ამ ხევსურს კი ვახუშტი კოტეტიშვილმა "კაი ყმა" უწოდა.
"არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, შვილო" "სურათის გადაღება კი არა, ჩემ თავს რომ ვხედავ, მეზარება" - გვითხრა ქალბატონმა მარინა ხარხელაურმა. "არც მე მილხინდა, მაგრამ ურთიერთობების დროს უარს ვერ ეტყვი ფოტოს გადაღებაზე, ინტერვიუზე. მას ხომ სიამოვნებს შენთან ერთად, რა უფლება გაქვს ამ სიამოვნებაზე უარი უთხრა? რ უფლება მაქვს ჩემი ტკივილი თავს მოგახვიო? თუ ჩემი ტკივილი შენადაც იქცა, მაშინ ერთი სატკივარის ჭირისუფლობა შეიძლება.
ბექა რომ დაიბადა, იმის განცდა მქონდა, რომ ჩვენ წუთისოფლის ერთად გალევა გაგვიჭირდებოდა. პირიქით მეგონა, რომ ცოტა ადრე მე მომიწევდა ამ სოფლიდან გასვლა. ლექსი დავუწერე: "როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ გავილევ, ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე. მე ვერ შემბედა, საწუთრო ვერანაირად მიმოკლა, გარს მივლის, მეფოლორცება, ჩამოტეხილ მხარს მილოკავს..." მას ჩემზე უკეთ შეეძლო მამულისთვის ემსახურა. სიყვარულის მატარებელი, რაინდული სულის პატრონი იყო, ჩემგან საოცრად განსხვავებული. ხევსურული სისხლის პატრონი ჩხუბს არასდროს მოვრიდებივარ. ის ერიდებოდა. ერთადერთი, რასაც ვერ იტანდა და მდგომარეობიდან გამოიყვანდა, დედის შეგინება იყო. იმ დონეზე უყვარდა დედა, ამას არც მე მაპატიებდა. და ამას შეეწირა კიდეც. თიანეთში, ჩვენს სოფელ სიმონიანთხევში იყო. საღამოს ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა ჩვენ სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფა, ჩემ სოფელში, უნდა გაიცინებს, უნდა - არა, შენ ვინ გეკითხებაო. იმან შეაგინა... ბექა ფიზიკურად ძლიერი იყო და ის ბიჭი სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ, შენც გამოფხიზლდები და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდიო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა... მე თბილისში ვიყავი. ჩემთვის ძალიან მძიმეა. სხვანაირად განვიცდი. ყველა მისი მოძრაობა გონებაში მაქვს შენახული. როგორ ადიოდა კიბეზე, როგორ ჩამოდიოდა, როგორ იცინოდა, როგორ აღვიძებდა მეზობლებს სიმღერით, როგორ შეუვარდებოდა დილით... სოფელში რომ ავდივარ და მის საწოლს გადავხედავ, მგონია, რომ იქ წევს. "ბარგს შევკრავ, ვიცი, გრიგალი მალულად გაიქილიკებს, ერთხელღა ამოვიბღავლებ, მერე შენს ნავალ ბილიკებს მოვძებნი, გულში ჩავიხვევ - ნისლივით დავეწურები, ქარი ჩემს საფლავს წააყრის მტვერს შენი ნაფეხურების."
ამ ტრაგედიის შემდეგ ვაპირებდი საერთოდ გამენადგურებინა რაც კი რამ მქონდა დაწერილი. რომ არა ბიზნესმენ ომარ ქუცნაშვილის მოთხოვნა და იძულებით გადადგმული ნაბიჯი (სტამბაში წინასწარ გადახდილი ფული) გაგრძელებას არ ვაპირებდი. ლექსებს ვწერდი და ვხევდი. არ მეგონა, მკითხველისთვის თუ კიდევ ვიქნებოდი საინტერესო. ის პირველი კრებული 2004 წელს გამოვიდა. მესამე კრებულის გამოცემა უკვე თქვენმა თაობამ მოითხოვა და მარტში იგეგმება.
მე როცა ვთქვი ლექსი - "სამშობლოვ ჩემო, პოეტი შენ ხარ, მე შენი ენით მოლაპარაკე" - მას შემდეგ უფლება არ მქონია ჩვეულებრივი მოკვდავივით მეცხოვრა, ვინც ყოველდღიურ მოთხოვნილებაზე აგებს თავის ყოფას. არჩევანის წინაშე დავდექი. ცხოვრება უნდა შემეცვალა. ხომ არ მაქვს უფლება, რომ ბედნიერი ვიყო, მაგრამ გარკვეულწილად ვარ ბედნიერი. ჩემს გვერდით ხომ ჩემი შვილების თაობა მოაბიჯებს. ცოტა ხანს მაინც ვიყოთ ბედნიერი ამ წუთისოფელში.
მყავს ორი ქალიშვილი - გვანცა და სოფო და შვილიშვილები. ამბობენ, შვილიშვილი შვილზე მეტად საყვარელიაო, მაგრამ ჩემში, ამ ტრაგედიამ, ეს გრძნობა იმდენად მოკლა, რომ ხანდახან ჩემი თავიც კი მძულს, რომ შვილიშვილი ჩემ შვილზე მეტად არ მიყვარს. ის ყველაზე მეტად მიყვარს. დიდ ბოდიშს გიხდი, შვილო, ასე რომ დაგამძიმე..."
"შენ ჩემო დიდო ტკივილო" თეონა ქუმსიაშვილის ტრაგედია ყველას გვახსოვს და ჯერ ისევ მოუშუშებელი იარაა. მისი ბოლო სიმღერა დაუვიწყარია. არადა, ასე ტკივილით სავსედ ნამღერი სიმღერის ლექსი თავის დროზე შეყვარებულ პოეტს თავისი მომავალი მეუღლისთვის მიუძღვნია. "ერთ-ერთი პირველი ლექსია, რომელიც მეუღლეს მივუძღვენი. სვანეთში იყო, ფოლკლორულ ექსპედიციაზე, მე ნახირში, მწყემსად. უცებ მომეძალა სევდა, მომენატრა და გონებაში ეს ლექსი დავწერე. თეონამ მომიბოდიშა, ტარიელ ძია, გავბედე და ამ ლექსზე სიმღერა დავწერეო. რომ მოვუსმინე, შემძრა. სულის მძიმე განწყობა დამანახა. პირველი შემთხვევაა, როდესაც სიმღერა და ლექსი ასე ჰარმონიულად მოქმედებს და მიდის მსმენელის გულთან. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა"...
"ჩემი გონება ამის შემქმნელი არ არის" ცივია ქალაქი, არ მიყვარს აქ ყოფნაო - ეს იყო ჩემი და ბატონი ტარიელის პირველი საკონტაქტო ფრაზა. ქალაქში სასწავლებლად ჩამოსული მუდმივად გარბოდა მთებში. "სოფლის ცხოვრებით ვცხოვრობდი და არც მეგონა, ჩემი ლექსი ინტერესს თუ გამოიწვევდა და ასეთი ძალა ექნებოდა. ლექსით გამოჩენა სწორად არ მიმაჩნდა. პოეზიით დამკვიდრების სურვილი არ მქონია. ლექსი მოითხოვს ვთქვა, რომ პოეტი ვარ-მეთქი, თორემ მე გადმომაქვს, ლექსის გადმომწერი ვარ. ხილვაა, ვხედავ იმ სამყაროს, რასაც ვქმნი. ბევრჯერ სიზმრიდან გადმომაქვს ლექსი. ლექსების უმეტესობა ასე მაქვს დაწერილი. ზოგჯერ ჩემთვის გაუგებარ ენაზე დაწერილ ლექსს ვკითხულობ სიზმრად და გადმომაქვს. მერე მეღვიძება ჩურჩულით. თუ ცივა და ადგომა მეზარება, სტრიქონებს ვიმეორებ რომ არ დამავიწყდეს. თუ ფურცელზე გადატანას ვერ ვახერხებ, ლექსი გამექცევა ხოლმე. გული ძალიან დამწყვეტია. ამიტომ დაწოლის წინ მაგიდაზე ვტოვებ გაშლილ თაბახის ფურცლებს. შუქს არ ვანთებ, განწყობა და ემოცია რომ არ დავკარგო, ამიტომ ხელის ვარაუდით ვიცი ერთი სტრიქონის დაწერის მერე სად უნდა დავწერო. ასე ვიწერ ლექსს.
კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს აგარაკი ჰქონდა სიმონიანთხევში, სწორედ მისი და ჩემი ცოლის, მარინა ხარხელაურის წყალობით, რომელიც ნაგლეჯებზე მიწერილ გადაყრილ ლექსებს აგროვებდა, გავხდი პოეტი. ასე შემიყვანეს პოეზიაში. იქნებ დანაშაულიც ჩაიდინეს. მიჭირს იმასთან შეგუება, რომ პოეტი ვარ. ზოგჯერ, რომ გადავხედავ ლექსს, ვაცნობიერებ, რომ ჩემი შესაძლებლობის და პოტენციალის გათვალისწინებით ამის დაწერა არ შემიძლია. "დახურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ" - ჩემი გონება ამის შემქმნელი არ არის. ხშირად გავუოცებივარ სტრიქონებს - "წუხელ მუხლებზე მეწვა სიკვდილი, და მე და ქარი ვჭირისუფლობდით". ამას ადამიანის გონება ვერ შექნის. ასეთი გაბედული ნათქვამი არ შემიძლია. უფალი გაძლევს ნიჭს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო. უბრალოდ, მე შექმნის პროცესში ახლოს ვარ ლექსთან. მერე მეც ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, როგორც სხვა. ვსწავლობ მის დინამიკას, რა არის მასში ფასეული. ლექსების რაოდენობა არ მაინტერესებს. ამით რომ დაინტერესდები, ის ლექსი შენზე წინ მოკვდება. არ მინდა ლექსმა გამასწროს. ჭირისუფალი ხომ მინდა რომ დამიტიროს? ლექსები ჩემი ჭირისუფლებია. მათზე უკეთ არავინ დამიტირებს. ლექსის წერის დროს გარემოს მნიშვნელობა არ აქვს. ისეთ ადგილებში დამიწერია ლექსი, კაცი სიცილით მოკვდება. უხერხულ მდგომარეობაში მყოფსაც, თავი მიმინებებია და ლექსთან წავსულვარ. ვარაზის ხევზე ჩამოვდიოდი და ჭადრის ფოთოლმა ჩამომიფრინა - "შენ საით წახვალ ხმელო ფოთოლო" - ამეკვიატა სტრიქონი. ამ ლექსს ადევნებულმა ტრანსპორტით თავი საბადურებში ამოვყავი. ასე გაგიტაცებს ლექსი. ხშირად მინდორში ამკვიატებია სტრიქონები, ამ დროს გარემოს ათვალიერებ, რომ ლექსის ხმამაღლა წასაკითხად სიმყუდროვე იყოს. რამდენჯერმე ვკითხულობ, რომ არ დამავიწყდეს. მთაში რომ დაინახონ მარტო თავისთვის მოლაპარაკე კაცი, არანორმალურიაო იტყვიან. ამიტომ ვათვალიერებ გარემოს, რომ არ შემრცხვეს.
ლექსის წერისას ყველა კომპონენტი უნდა მონაწილეობდეს, გული, გონება, ყნოსვაც კი. - რისი სუნი აქვს თქვენს ლექსებს? - იმ სამყაროსი, რაშიც ვცხოვრობ. თივის, წვირის, ყვავილის, მიწის, ქალის სურნელიც აქვს...
"ასე დამამთავრებინეს უნივერსიტეტი" "ფილოლოგიის ფაკულტეტი ხელშეწყობით დამამთავრებინეს, თორემ მეორე კურსიდან გავიქეცი მთაში, ისევ ცხვართან. აუდიტორიაში ვერ გავძელი. ტყვეობაში ვიყავი. მერე ვახუშტი კოტეტიშვილმა დამაბრუნა უნივერსიტეტში. თავისუფალი დამსწრე ვიყავი. ლექტორები ჩემი მეგობრები იყვნენ. მპატიობდნენ გაცდენებს. ჩემ ნებაზე დავდიოდი. გულისყური მთისკენ მეჭირა. მთიდან მხოლოდ გამოცდების დროს ჩამოვდიოდი. ჩემი კურსელები რომ დამინახავდნენ, უკვე კანკალებდნენ, გამოცდები დაიწყოო. ასე დამამთავრებინეს უნივერსიტეტი მარტო იმიტომ, რომ დიპლომი მქონოდა. მაშინ კომუნისტების ეპოქა იყო და უდიპლომო პოეტი იმ სისტემისთვის სირცხვილი იყო".
"ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა" "ჩემს გარშემო სუსტი სქესის ცვენა იყო. იცოდნენ რომელ აუდიტორიაში მქონდა ლექცია და კართან გროვდებოდნენ. იშვიათი ეგზემპლარივით მათვალიერებდნენ. მინდოდა იმაზე მეტი გამოვჩენილიყავი, ვიდრე ქალაქელები იყვნენ. მარინა ერთადერთი გოგო იყო, რომელიც ჩემით არ დაინტერესებულა. გოგოები რომ მეხვეოდნენ, ის ჩემ სიახლოვეს არ მოდიოდა. ახლა მივხვდი, მგლის პრინციპი ჰქონდა არჩეული. სადაც თვითონ ბინადრობს, იქ არ ნადირობს. მივხვდი, რომ როგორც პოეტი არ ვაინტერესებდი. ოჯახი, რომელიც ლექსის გამო შეიქმნება, გავა დრო და დაინგრევა. ოჯახი ჭეშმარიტმა სიყვარულმა უნდა შეკრას. გულწრფელად ვამბობ, რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, არანაირი ქალი ამას არ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება. საზრუნავი თავის თავზე აიღო. როცა უფლის გზაზე ხარ, გიმართლებს.
ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. ცვალებადი არ უნდა იყო. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი". მარინა ხარხელაური: "უნივერსიტეტის გაზეთში ტარიელის ლექსები რომ დაიბეჭდა, სახლში მივიტანე. დედამ წაიკითხა და თქვა - "ნეტა, მის დედას, ვინ არის, რა კარგი შვილი გაუზრდიაო. ეს "კარგი შვილი" ერთ წელიწადში მისი სიძე გახდა".
"რას გრძნობს გული და გონება" "წუწუნის არც სურვილი მაქვს და არც ნიჭი. ვცხოვრობ ისე, როგორც მთელი სოფელი. ცხვარში 12 წელი მაქვს გატარებული. ისეთი რა ცხოვრება უნდა შემხვდეს სოფელში, რომ გამიჭირდეს. გამორიცხულია. ჩემი მთავარი მიზანი ის კი არ არის, რას გრძნობს კუჭი, არამედ ის, რას გრძნობს გული და გონება, რა საზრდოს იღებს. სხეულს დღეს ატარებ, რამდენიმე ხნით, ხვალ არ გექნება. სულის მზიდველად გჭირდება".
12.12.2015 ჟურნალი „კარიბჭე“
არაბული
Number of posts : 182 Age : 31 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Wed Feb 25, 2009 10:46 pm
ტარიელ ხარხელაური ჩემი უსაყვარლესი პოეტია............ იმაზე თანამედროვეა ჩემთვის ვიდრე სხვა რომელიმე დღევანდელი ახალგაზრდა პოეტი... ვაჟასავით სუფთაა, ვაჟასავით ალალი..... "ლეგა ნისლების მესაიდუმე" .... პირველად ტარიელ ხარხელაურის ლექსებს რომ გავეცანი, ორი სიტყვა "წამცდა" "ხვალის იმედი".. დიახ, მართლაც რომ ხვალის იმედია ტარიელის ლექსები, ჩვენი თაობის იმედი, მისი ლექსები ჩვენი თაობის გზაა, გზა წარსულიდან მომავლისაკენ... ეს წმინდა ქართული გზაა, არც რომ წარსულს გავიწყებს და არც მთლად აწმყოში გაცხოვრებს.... ეს გზა ხვალის იმედია, ჩვენი ქართველობის იმედი, ქართველებად ყოფნის იმედი.... მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ ამ ადამიანს, ბედნიერი ვარ, რომ მისგან ბევრი რჩევები მიმიღია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პოეტები არსებობენ, რომლებიც ინახავენ ქართულ სიტყვას... მინდა უბრალოდ გითხრათ ყველას, დიდს, პატარას... იხარეთ, იხარეთ, რადგან ასეთი ადამიანების ეპოქაში გიწევთ ცხოვრება... იხარეთ რადგან ტარიელ ხარხელაურისნაირი პოეტები კიდევ არსებობენ და ინახავენ ქართულ სიტყვას.... მინდა მთელი ჩემი თაობის და არა მარტო ჩემი თაობის სახელით მადლობა გადავუხადო ტარიელ ხარხელაურს..... ღმერთმა გადღეგრძელოთ ბატონო ტარიელ! ( ერთხელ შემიწორა ტარიელ ძიაო).... არ მიყვარს პოეტზე ბევრი ლაპარაკი და ვფიქრობ არცაა საჭირო მაგრამ გული აღარ გამიჩერდა და დამაწერინა ეს "მოწიწებული" წერილი.......
პ.ს. ამას წინათ მითხრა პატარა წიგნი გავაკეთოთ შენიო და მე გაგიკეთებბ წინასიტყვაობას და რედაქტორი მე ვიქნებიო, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის ჯერ ნაადრევია, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი პოეტი ამას რომ შემოგთვაზებს...
Last edited by არაბული on Wed Feb 25, 2009 11:05 pm; edited 1 time in total
თეკლე
Number of posts : 23 Age : 42 Registration date : 17.12.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Wed Feb 25, 2009 11:01 pm
იმდენად სუფთაა აქ პოეზია, კენჭებს დაითვლით...
ტარიელ ხარხელაური
*** მანძილი შენამდე დიდია, შენიდან ჩემამდე - არც ისე ამინდი საგრძნობლად მშვიდია, მანცვიფრებ... ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები, ქარია - მომიტანს რამე ჭორს, მე ვამბობ, არ მომენატრები, შენ სდუმხარ, იღიმი საეჭვოდ, ვარსკვლავნი აენთნენ, რომ ვხედავ, შორი-შორს საკმაოდ, მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ - ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც, მუდმივად რაღაცა მაწამებს და ჩემში მუდმივად ბინდია, და მაინც მიზიდავს წამწამებს მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია. შორს სადღაც ჰყვავიან ატმები, ქარია - მომიტანს რამე ჭორს, მე ვამბობ, არ მომენატრები, შენ სდუმხარ, იცინი საეჭვოდ.
სანათა
Number of posts : 328 Age : 63 Registration date : 10.11.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Thu Feb 26, 2009 12:19 am
არაბული wrote:
ტარიელ ხარხელაური ჩემი უსაყვარლესი პოეტია............ იმაზე თანამედროვეა ჩემთვის ვიდრე სხვა რომელიმე დღევანდელი ახალგაზრდა პოეტი... ვაჟასავით სუფთაა, ვაჟასავით ალალი..... "ლეგა ნისლების მესაიდუმე" .... პირველად ტარიელ ხარხელაურის ლექსებს რომ გავეცანი, ორი სიტყვა "წამცდა" "ხვალის იმედი".. დიახ, მართლაც რომ ხვალის იმედია ტარიელის ლექსები, ჩვენი თაობის იმედი, მისი ლექსები ჩვენი თაობის გზაა, გზა წარსულიდან მომავლისაკენ... ეს წმინდა ქართული გზაა, არც რომ წარსულს გავიწყებს და არც მთლად აწმყოში გაცხოვრებს.... ეს გზა ხვალის იმედია, ჩვენი ქართველობის იმედი, ქართველებად ყოფნის იმედი.... მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ ამ ადამიანს, ბედნიერი ვარ, რომ მისგან ბევრი რჩევები მიმიღია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პოეტები არსებობენ, რომლებიც ინახავენ ქართულ სიტყვას... მინდა უბრალოდ გითხრათ ყველას, დიდს, პატარას... იხარეთ, იხარეთ, რადგან ასეთი ადამიანების ეპოქაში გიწევთ ცხოვრება... იხარეთ რადგან ტარიელ ხარხელაურისნაირი პოეტები კიდევ არსებობენ და ინახავენ ქართულ სიტყვას.... მინდა მთელი ჩემი თაობის და არა მარტო ჩემი თაობის სახელით მადლობა გადავუხადო ტარიელ ხარხელაურს..... ღმერთმა გადღეგრძელოთ ბატონო ტარიელ! ( ერთხელ შემიწორა ტარიელ ძიაო).... არ მიყვარს პოეტზე ბევრი ლაპარაკი და ვფიქრობ არცაა საჭირო მაგრამ გული აღარ გამიჩერდა და დამაწერინა ეს "მოწიწებული" წერილი.......
პ.ს. ამას წინათ მითხრა პატარა წიგნი გავაკეთოთ შენიო და მე გაგიკეთებბ წინასიტყვაობას და რედაქტორი მე ვიქნებიო, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის ჯერ ნაადრევია, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი პოეტი ამას რომ შემოგთვაზებს...
გიო, გახსოვს ალბათ, ამ რამოდენიმე დღის წინ რომ წაგიფშაურე, ხევსურებმა მარტო ხევსურეთში და მარტო სუფრასთან იცით უფროს-უმცროსობა თუ ყველგან-მეთქი... მაშინ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა მე და ბატონ ტარიელს შენზე ნალაპარაკები ძალიან კეთილმოსურნედ. ამასთან დაკავშირებით მინდოდა და კვლავაც მინდა შენთან ლაპარაკი. ახლა, აქ მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ძალიან მიხარია შენი სწორად მიმართული მზერა! მოუსმინე და დაუჯერე ტარიელს. არა მარტო იმიტომ, რომ კარგი პოეტი და მრავლისმნახველი, ბრძენი კაცია... იშვიათი გულის პატრონია, გიო! როცა გელაპარაკება,აბსოლუტურად გახსნილი და მართალია, შენგან არაფერი უნდა, არაფერს მოელის, ისე, უშურველად ფიქრობს შენს საფიქრალს და თუ ნამდვილად არ იცის კითხვაზე სწორი პასუხი, დუმილს არჩევს. შენში ტარიელი მომავალ პოეტს ხედავს და ძალიან მინდა გაუმართლო!
სანათა
Number of posts : 328 Age : 63 Registration date : 10.11.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Thu Feb 26, 2009 12:25 am
ტარიელოო(მიხო ასე გეტყოდათ), ჩემო ბატონო ტარიელ! ახლა უკვე 26 თებერვალია 00.21 წუთი! ათიოდე წუთში დაიწყება მარიამ წიკლაურის გადაცემა "ერთი საათი ტარიელ ხარხელაურთან" და მე ძალიან მიხარია, რომ წინ მაქვს ეს სიამოვნება - ერთი საათი თქვენთან და თქვენს პოეზიასთან!
მარიამო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ტარიელისთვის!
Guest Guest
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Thu Feb 26, 2009 7:04 pm
Tariel Kharkhelauri with my linden-tree Photo by Mikho Mosulishvili, 2010
გამოცანა გერგება, მარიამო...
მართლა ეგრე ეძახის მიხო. ამ დღეებში ხო რაღაც პიესას სწერს და ლამის ამოგვხოცოს ყველანი, და ტარიელის ინტერვიუ რომ უნდა დაწყებულიყო საპატრიარქოს რადიოზე, დაურეკა იქ, სიმონიანთხევში, რომ - ტარიელოო, კაცოო, ჩართე რადიო, შენი ინტერვიუ იწყებაო. იმან კიდევ უთხრა იქიდან - არ იჭერს აქაო და აბა, რა ვქნაო... მობილზე მაინც მქონოდა იმდენი, რო მოვუდებდი ამ რადიოს და მოგასმენინებდიო, დაიდარდა მერე მიხომ...
როგორი ნაღდია, როგორი - არანაირი სიყალბე არა აქვს ტარიელს, არანაირი...
”ვიცი, ჩემი გზა საითაც წავა, შენ საით წახვალ, ხმელო ფოთოლო”
- ტარიელის ამ ლექსზე იაკობ ბობოხიძის სიმღერა არის დაწერილი და აბა, თუ ვინმე ნახავს ინტერნეტში დადებულს, ჩვენც შემოგვაშველეთ იმისი ბმული...
Last edited by ბობო on Thu Feb 26, 2009 8:35 pm; edited 1 time in total
Guest Guest
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Thu Feb 26, 2009 7:27 pm
*** გაიცრიცება საღამოს ბინდი, ვიცი, ამ დილით უნდა მოთოვლოს, ვიცი, ჩემი გზა საითაც მიდის, შენ საით წახვალ, ხმელო ფოთოლო! ამოვარდნილა ქარი ძლიერი, ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს. და შენზე ამით ვარ ბედნიერი, რომ ქარს არ ავდევ, ხმელო ფოთოლო. ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს, მთა დუმს, ამ დილით უნდა მოთოვოს, ვიცი, ჩემი გზა საითაც წავა, შენ სადღა წახვალ, ხმელო ფოთოლო!..
Last edited by ბობო on Thu Feb 26, 2009 8:36 pm; edited 1 time in total
Guest Guest
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Thu Feb 26, 2009 7:41 pm
*** (გოდერძი ჩოხელს)
ჩემს ფიქრებს თეთრი ფერი ერევა, ფერი, რომელსაც ნიადაგ ვლოკლდი, თავი მოვიკლა? სისულელეა! ვერც ეს გზა აგყრის პოეტის ბორკილს. არა! არ არი არც ეს გზა სრული, ქარებსაც ბევრჯე ვევნე-ვესალმე... არის სიკვდილი და არის სული, მაგრამ არსებობს სხვა გზაც - მესამე. იქ უნდა დადგე, სადაც მზეების უზარმაზარი ლანდი დაირხა, არა?! - მონა ხარ საშინელების, თავს რაღად იკლავ, ისეც მკვდარი ხარ. ძმაო, მოგბღავი, ძმაო, მოვკივი, შენს ბებრ სისხლში ჟრჟოლვად გავივლი; სიცოცხლე მითხარ, თორემ სიკვდილი წარმოუდგენლად არის ადვილი.
nukri bereTeli
Number of posts : 28 Age : 41 Location : ... Humor : :) Registration date : 02.02.09
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Thu Feb 26, 2009 8:31 pm
როცა ტარიელ ხარხელაურის ლექსებს ვკითხულობდი, სულ მქონდა განცდა, რომ მიწაზე კი არ იყო, როცა ამ ლექსებს წერდა,_ სადღაც, უფრო ზემოთ, მთის წვერზე შეკრებილ ღრუბლებზე იჯდა და ნისლებზე წერდა-მეთქი. როცა მერგო ბედნიერება და გავიცანი, მივხვდი, რატომ მქონდა ასეთი განცდა... ჩემთვის ეს ადამიანი პოეტზე მეტია!
Guest Guest
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Thu Feb 26, 2009 8:52 pm
არ ბეჭდავადა ადრე ტარიელი ლექსებს, ბეჭდავდა კი არა, დახევდა ხოლმე. და წამოუღია ერთ რედაქციაში კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს, მიუტანია და დებულა და დებულა იქ კარგა ხანს. მერე ისევ იაკობ ბობოხიძეს მიუკითხებია და წაუყვანია ტარიელი ამ თავის ლექსებიანად რეზო ინანიშვილთან.
ტარიელი ამბობს, - ვაჟას შემდეგ მწერლებიდან ბატონი რეზო მიყვარდა ძალიან, ბევრ რამეს მაძლევდა იმისი პატარა მოთხრობები და ჩემი ლექსებისთვის კი არა, უფრო იმისითვის გავყევი, ნამდვილი მწერალი რომ მენახაო; მენახა, როგორ დადიოდა, ჩვენსავით ისიც ლაპარაკობდა თუ არაო...
წაუკითხავს და მაშინვე დაუხურავს რვეული, - მე რა უფლება მაქვს, ამის დამწერს რამე ვასწავლოო... წაუღია და თხუთმეტი ლექსი თავის პატარა წინათქმით დაუბეჭდავს მაშინდელი ”ცისკრის” მერვე ნომერში...
აი, ეს ლექსი სრულად:
***
- ოჰოო! - ამოიოხრა მუხამა მძიმედა, ხომ გაიგონე, იმედავ, კვნესა მუხისა?! ვინ იცის, ღიმილი უღირს რად ცასა, სხვისა ტკივილი სხვასა, სხვისა სიხარული სხვასა... ამოიოხრა მუხამა მძიმედა, იმედავ! - ტოტი მოსტყდა და კვნესოდა იმითაო, - მითხარი, ზურგი შეატრიალე, გამცილდი და უშნოდ გაიღრიჯე, ვირისთავო. მუხა კი კვნესოდა... მესმოდა... და გული მიბრაგუნებდა ბეჭიდან. სხვას როგორღა ვუთხრა, იმედავ, როცა ტკივილი მუხისა, უშნოვ, შენც ფეხებზე გეკიდა. - ოჰოო! - ამოიოხრა მუხამა მძიმედა. დაგაყრუოს გამჩენმა, იმედავ!..
Last edited by ბობო on Fri Feb 27, 2009 10:45 am; edited 1 time in total
Guest Guest
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Thu Feb 26, 2009 8:59 pm
ამ ლექსს გელა დაიაურის მეუღლე, თეონა ქუმსიაშვილი მღერის თავისი რაკრაკა ხმით - ძალიან ლამაზად...
***
შენ, ჩემო დიდო ტკივილო, დილაო - ავდრიანაო. ძლივს აჩენილო ღიმილო, ღიმილო - დარდიანაო. შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე. რომ ვფიქრობ, აგრეც არაო. ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ, მეც შენთან მაბრიალაო. მე თუ არ მეტრფის - დაიწვას თვალები - ნაღვლიანაო. შენ, ჩემო დიდო ტკივილო, დილაო - ავრიანაო...
Guest Guest
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Fri Mar 13, 2009 12:08 am
*** დაგაგვიანდა მოსვლა, გვირილა, ვერ გამინელებ ახლა ტკივილებს... ახლა ჩრდილი ვარ, ახლა ჩრდილი ვარ, მზე გარდასულთა, შენი ჭირიმე!..
საითკენა ხარ, ტარიელო, რო აღარ გამოჩნდი ჩემსკენა?.. გამოიარე, ახალი ლექსების წასაკითხად და ამაზე უკეთესი სურათები უნდა გადაგიღო...
Last edited by ბობო on Fri Mar 13, 2009 2:14 am; edited 1 time in total
Guest Guest
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Fri Mar 13, 2009 1:38 am
*** მე შევძლებ, შენით სამყარო შევქმნა, მე შენით შევძლებ სიკვდილზე ვწერო, ცოცხალი მხოლოდ ვიქნები შენთან და მკვდარიც შენთან, სიცოცხლევ ჩემო! ქარია ახლა და სადაც ვდგავარ, უკვე დაეშვნენ მწუხრის ჩრდილები, ვჩანვარ, ასეა, შენითა ვჩანვარ, გამწირავ - შენით გავიწირები. ქრის და ცრემლებით სავსეა თვალი, ქრის, ღამემ შენზე ფიქრი ინება, შენა ხარ ქალი, შენა ხარ ქალი და ჯერ ართქმული აქვითინება.
ნიკა ჩერქეზიშვილი
Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Wed Mar 25, 2009 3:00 pm
რაღაცნაირი.. ძალიან სუფთა გამოხედვა აქვს ამ კაცს.. გიყურებს და გრძნობა გეუფლება ისეთი.. თითქოს შენი წინაპარია.. ძველი საუკუნეებიდან ჩვენს საუკუნეში ჩვენი გათბობის და სიყვარულით ავსებისათვის მოსული.. ჩვენი გამაგრებისთვის და ყოჩაღად ყოფნისთვის..
nukri bereTeli
Number of posts : 28 Age : 41 Location : ... Humor : :) Registration date : 02.02.09
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Wed Mar 25, 2009 11:11 pm
*** ბევრს არასა გთხოვ, ღრუბელო, ცვარს რომ ულოკავ გვიმრასა. ამ სერს გადაღმა, კლდის ძირას ერთ ბუერასა სძინავსა. ნუ შეაწუხებ ძალიან, ნუ მოაჭარბებ წვიმასა, ნუ დამიმატებ ტკივილსა, გულს ნუ შემიჭმევ გმინვასა. ბევრს არასა გთხოვ, ღრუბელო, ცვარს რომ ულოკავ გვიმრასა.
ლექსმრავლობას ვუსურვებ ბატონ ტარიელს!(დამსჯის "ბატონი" თუ წაიკითხა,მაგრამ,მაინც. )
ჯალალი
Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
Subject: Re: ტარიელ ხარხელაური Wed Apr 01, 2009 10:03 am
*** გაიცრიცება საღამოს ბინდი, ვიცი, ამ დილით უნდა მოთოვლოს, ვიცი, ჩემი გზა საითაც მიდის, შენ საით წახვალ, ხმელო ფოთოლო! ამოვარდნილა ქარი ძლიერი, ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს. და შენზე ამით ვარ ბედნიერი, რომ ქარს არ ავდევ, ხმელო ფოთოლო. ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს, მთა დუმს, ამ დილით უნდა მოთოვოს, ვიცი, ჩემი გზა საითაც წავა, შენ სადღა წახვალ, ხმელო ფოთოლო!..
ნიკა ჩერქეზიშვილი
Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
*** ეხ, კლდეო, კლდეო! მარადიულო ფიქრის დედავ, დუმილის ხატო და სანთელო, ჟამგადასულო ღვთაებავ, მარტოკაცო და მარტოსულო! არც დასაწყისი იცი შენ და არც ის - სად და როდის დასრულდები. ვერც არას ტალღა გაკლებს ყოველდღიური ლოკვითა და ვერც არას ქარი, შენს ხერხემალზე წიოკით მავალი. ხომ ასე დიდი და დიადი ხარ, მდგრადი და შეუღწეველი, მაინც საბრალოდ და ბეჩავად მეჩვენები. ვინ იცის, რა გაწუხებს, ისე როგორ გადაკეტე გულის კარები, რომ სატკივარს ამოოხვრის საშუალებაც არ მიეცი, როგორ დავიჯერო, რომ არც არა გაწუხებს და არც არა გიხარია რა. როგორ დავიჯერო, როგორ.
აი, ეგრე ელაპარაკება ტარიელ ხარხელაური კლდეს...
ეეჰ, საითა ხარ, ნეტავ, ტარიელო?.. ახალ რეერთ ლექსებ დასწერე, ნეტარა?..