არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ბესო ხვედელიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6407
Registration date : 09.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyThu Mar 19, 2009 12:20 pm

ბესო ხვედელიძე Beso_k12
Beso Khvedelidze

ბესო ხვედელიძე

დაიბადა 1972 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. შემდგომ კულტურის ინსტიტუტის ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტი 1997-2000 (ხელმძღვანელი გივი ალხაზიშვილი); აგრეთვე - ქართულ-შვეიცარული კინო-საპროდიუსერო კომპანია IFASC-ის კინო-სასცენარო კურსი (2007-2009).

წიგნები:
* “მინდვრის ყვავილები” (მერანი. მოთხრობები) - 2000 ივნისი.
* “მედლის იქითა მხარე” (მერანი. ლექსები) - 2000 დეკემბერი.
* “ჯადო” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. მოთხრობები) - 2002
* “ძაღლური ცხოვრება” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. მოთხრობები) - 2004
* “ლბილი სევდის დედა” (საარი. კინო-პოემა) - 2004
* “გაფრინდინელა” (დიოგენე. რომანი) - 2004
* “იხვის ტოლმა” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. რომანი) - 2005
* “უზარმაზარი ბაზარი” (პალიტრა L. რომანი) - 2006
* “ესტაფეტა” (სიესტა. მოთხრობები) - 2007
* “თაგვის გემო” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. მოთხრობები) - 2009
* "წითელი" ("საუნჯე", მოთხრობები) – 2011
* „ნამასტე“ (სულაკაური. რომანი) - 2014
* „მკვდრების ქალაქი“ (სულაკაური. რომანი) - 2018
* „განჯადოება“ (სულაკაური. რომანი) - 2019

ლიტერატურული ჯილდოები:

* 2002 - “პენ-მარათონი-2002” - სპეციალური პრიზი გენერალური სპონსორისგან.
* 2003 - ლიტერატურული კონკურსი “საბა” - ლაურეატი - პირველი ადგილი მოთხრობების კრებულთა ნომინაციაში.
* 2003 - ახალგაზრდა ხელოვანთა კონკურსი “წინანდალი” - კონკურსის სიგელის მფლობელი პროზის ნომინაციაში.
* 2004 - “პენ-მარათონი-2004” - ლაურეატი.
* 2007 - ლიტერატურული კონკურსი “წერო” - ლაურეატი.
* 2009 - რუსული ლიტერატურული ჟურნალის “ოქტიაბრის” პრემია - წლის საუკეთესო მოთხრობისათვის.
* 2010 - საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის “ლიტერატურული ხიდები” (აზერბაიჯანი) - ლაურეატი.
* 2010 - ლიტერატურული პრემია “ლიტ-სახელები” - ლაურეატი.

რედაქტორი ლიტერატურული ჟურნალისა “ლიტერატურული პალიტრა”.
ბესო ხვედელიძის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ, აზერბაიჯანულ, ლიტვურ და უზბეკურ ენებზე.

ბმულები:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000119/
* https://www.sulakauri.ge/author/besokhvedelidze/
* https://www.facebook.com/nat.miaus
* https://intelekti.ge/author_ge.php?id=340
* https://1tv.ge/elit_author/beso-khvedelidze/
* http://magazines.russ.ru/kreschatik/2007/4/hve13.html
* https://es.wikipedia.org/wiki/Beso_Khvedelidze
* http://georgia-characters.com/Authors/Khvedelidze.aspx?AuthID=134
* http://bookplatform.org/en/activities/1033-beso-khvedelidze.html
* http://book.gov.ge/en/author/khvedelidze-beso/33/
* https://www.amazon.de/-/en/Beso-Chwedelidze/dp/3866601808


ფიქრის საბაბი - ბესო ხვედელიძე - ''მეშვიდე გრძნობა''
•Apr 8, 2015

საიდან იწყება თავისუფლება. ბესო ხვედელიძის "მეშვიდე გრძნობა". "ფიქრის საბაბი" კვლავ არტარეაზე, ყველაზე მთავარს ეხმიანება!

Idea


Last edited by Admin on Thu Jan 21, 2021 3:58 pm; edited 16 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyThu Mar 19, 2009 10:26 pm


ტელებლოგი - "ღია ბარათები ნეპალიდან"
•Apr 15, 2016

ნინო ბასილიას ფილმი - "ღია ბარათები ნეპალიდან".
15 აპრილი, 2016
ცხოვრების სტილი, რომელიც მხოლოდ ამ ქვეყნის შეფერილობაა. სტიქია, რომელთანაც გამკლავება ამ ადამიანებმა შეძლეს. ქვეყანა, როგორც თავისუფლებისა და გულწრფელობის სიმბოლო.

@
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyThu Mar 19, 2009 10:29 pm


03-ბესო ხვედელიძე - 12 კითხვა მუსიკის შესახებ [20.11.2019]
•Dec 9, 2019

გადაცემის „12 კითხვა მუსიკის შესახებ“ შეკითხვებს პასუხობს მწერალი, მოგზაური, გიდი, ჟურნალისტი და კინოსცენარისტი ბესო ხვედელიძე.

© რადიო „იმედი“ © ლაშა გაბუნია 2019

@


Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyThu Mar 19, 2009 10:39 pm

ბესო ხვედელიძე Aaaa_a12

http://newlit.ru/~hvedelidze/3157.html

ხათუნა ქარდავა

ინტერვიუ მწერალ ბესო ხვედელიძესთან

ვურეკავ, ინტერვიუზე შესათანხმებლად. ინტერნეტით საუბარს მთავაზობს. ვთანხმდები. კითხვებს ვაგზავნი და პასუხების მოლოდინში ინტერნეტში განთავსებულ მის ინტერვიუებში ვიქექები. ერთ-ერთში ვკითხულობ: “რავი… მეწერინებაო, რომ ვთქვა – ვერ ვიქნები ალალი… ეგ ცოტაა… ალბათ, უბრალოდ, ვიგრძენი ოდესღაც, რომ თუ არ დავწერდი, მაზოლები გამომივიდოდა… არ მკითხო _ სად… მოკლედ, წარმოიდგინე _ ბესოს ერთი დიდი ცოცხი უჭირავს და ყოველ თავის დაწერილ ტექსტში საკუთარივე თავს გვის შიგნიდან გარეთ..”.

- ბესო, პირისპირ შეხვედრას ინტერვიუს ეს ფორმა ამჯობინე, როგორი მოსაუბრე ხარ… როგორი რესპოდენტი? რა გრძნობა გაქვს ხოლმე, შენზე წერილებს რომ კითხულობ?

- ასე მიჯობს მაინც, იმიტომ რომ – ხშირად მომხდარა, ერთი მითქვამს და ჟურნალისტს სხვანაირად გაუგია და ჩაუწერია, და, შესაბამისად, გამოქვეყნებულ ინტერვიუში რაღაც უხერხულ და კომიკურ გაუგებრობებს ჰქონია ადგილი. ინტერვიუს ეს (წერილობითი) ფორმა ერთგვარი თავის დაზღვევაცაა ჩემი მხრიდან, და მეორეც კიდევ – ცარიელ ფურცელთან უფრო შეთამამებული ვარ კაი ხანია, უფრო ზუსტიც ვარ სათქმელის მხრივ. ბოლოს და ბოლოს, წერა გაცილებით კარგად მეხერხება, ვიდრე ზეპირი და რიტორიკა. კითხვის მეორე ნაწილს რაც შეეხება, ბოლო დროს უფრო სხვები მეუბნებიან – აქ შენზე ეს დაწერეს, იქ – ტელევიზორში გნახე… ერთი 7-8 წლის წინ კი ვადევნებდი თვალს, მაგრამ უკვე იმდენი დაიწერა და იმდენი მხრიდან შემომხედეს, რომ კი ამებნა სათვალავი… მაინცდამაინც თავსაც არ ვიდებ ჟურნალისტებთან ურთიერთობით და არც ზოგიერთივით მაწუხებს საკუთარი მნიშვნელობის თუ უმნიშვნელობის კომპლექსი, რომ თვითმიზნად გავიხადო პირდაღებული ადამიანების თვალში ხშირი მოხვედრა…

- ვინ არის ბესო ხვედელიძე, საიდან მოდის… მოყევი შენი ბავშვობის ყველაზე მძაფრ შთაბეჭდილებებზე.

- საიდან მოვდივარ და, განსაკუთრებული რა ვთქვა, აბა: _ ისევ საკუთარი ბავშვობიდან. რუსული ბაღიდან. ატენის ქუჩიდან. ბავშვობაში ნაკითხი ზღაპრების წიგნებიდან. კითხვა ძალიან ადრე დავიწყე და იმდროინდელი ყველაზე ნამდვილი და ფანტასტიკური გართობა ისევ წიგნებთან ახლოს ყოფნა იყო: ყველგან, ყოველთვის, ლოგინში, ხეზე, საპირფარეშოში… სხვა რითი უნდა გაგერთო ბავშვს 70-იან წლებში თავი – კომპიუტერი მაშინ არ იყო, ტელევიზორში ბევრს ვერაფერს ნახავდი, სათამაშოები – კატასტროფა… წიგნი, ბურთი, სოფელი… მერე სკოლა იყო. კარგი მოწაფე ვიყავი – სამაგალითო და ხუთოსანი. ამ პერიოდში ტვინის შერყევების მთელი კოლექცია მოვაგროვე. ერთხელ მანქანა დამეჯახა და ძლივს გადამარჩინეს. მეორედ მერვე სართულიდან გადმოვარდნილი აგური დამეცა კეფაში. მესამედ _ ხიდან ჩამოვვარდი. ერთხელაც მდინარემ წამიღო და გადამარჩინეს. იმის მერე წყლის შიში მაქვს და ვერაფრით ვისწავლე ცურვა – რაც არ უნდა ვიფართხალო, ეგრევე ვიძირები. მოკლედ, კაი ხიფათიანი ბავშვობა გამოვიარე. გარდატეხის ასაკს რომ ეძახიან, იმ პერიოდში ლაზათიანადაც ავურიე, და სკოლიდანაც მრიცხავდნენ, თუმცა იმან გადამარჩინა, რომ დედაჩემი ამავე სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. საბოლოოდ, მაინც სხვა სკოლაში გადავედი და ეს მომთაბარეობა მერეც კაი ხანს გამყვა ხასიათში. სკოლის მერე უნივერსიტეტი იყო, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მეექვსე კორპუსი, რომელიც, რაც დრო გადის, სულ უფრო თბილად მახსენდება. იყო ამ პერიოდშიც ბევრი გაუგებრობა, პირველი სიყვარულები, თავგზის არევები, ლოთობები, უარესიც… ნუ, საბოლოოდ მაინც გადავრჩი…

- როდის და რა დაწერე პირველად, ვინ და როგორ შეგიფასა, როდის დაარქვი შენს თავს მწერალი?

- ახლა რომ ვიხსენებ, მგონი წერაც კითხვასთან ერთად დავიწყე. გაჯიბრების სურვილი გამიჩნდა, თუ რა მოხდა, აღარ მახსოვს… რაღაც ეგეთი. ვწერდი და მერე ხმამაღლა ვუკითხავდი ოჯახის წევრებს, მეგობრებს. გაკვეთილზეც ბევრჯერ წამიკითხავს – კლასელების წინ. მერე კინოზე მქონდა ჩაციკვლა და პატარა სცენარების წერასაც მივყავი ხელი. აი, ეგრე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თუ წვეთ-წვეთ მივედი პირველ სრულყოფილ მოთხრობამდე. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის დამთავრების შემდეგ იყო კულტურის ინსტიტუტის ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტი – კურსი, რომელსაც გივი ალხაზიშვილი უძღვებოდა. კაი ჯგუფი გვყავდა – შალვა ბაკურაძე, დათო რობაქიძე, მადი სერებრიაკოვა, სოფიკო კვანტალიანი და სხვები. შეიძლება ითქვას, რომ ყველანი ამ მიმართულებით ბატონმა გივიმ დაგვაკვალიანა. 1998 წელს მივედი მოთხრობებით ლიტერატურულ გაზეთ “არილში”, სადაც დამხვდნენ შადიმან შამანაძე, ზაზა თვარაძე, მახო ხარბედია, ანდრო ბუაჩიძე. კარგად მახსოვს, ჩემი მიტანილი მოთხრობა წასაკითხად ანდრო ბუაჩიძეს გადასცეს. შემდეგ იყო მოთხრობის საფუძვლიანი რედაქტირება ზაზა თვარაძესთან ერთად და ის მალევე გამოქვეყნდა “არილში”. ასე შედგა ჩემი ლიტერატურული დებიუტი. ნუ, ეს ერთგვარი სტიმული იყო 25 წლის ბიჭისთვის, რამაც სერიოზული “რაზგონი” ამაღებინა და იმის მერე აღარც გავჩერებულვარ. სამწუხაროა, რომ “არილი” აღარ არსებობს, არადა, დღეს ახალგაზრდა თაობის ლიტერატორებში ვინც კი სერიოზულ ძალას წარმოადგენს, ძალიან ბევრმა სწორედ “არილში” აიდგა ფეხი. პარალელურად და მერე იბეჭდებოდა ჩემი მოთხრობები “ალტერნატივაში”, “ცისკარში”, “მნათობში”, “წიგნებში”, “პარნასში”, “ახალ საუკუნეში”… რომელი ერთი ჩამოვთვალო – სამწუხაროა, მაგრამ ამ პერიოდული გამოცემებიდან აღარცერთი აღარ გამოდის. იმედს ვიტოვებ, რომ დროებით და არა სამუდამოდ…

- უნდა იყოს თუ არა მწერლისთვის თვითმიზანი ბევრი წიგნის გამოცემა? რამდენი კრებული გაქვს და მათ, ვისაც შენი არაფერი წაუკითხავს, საკუთარი თავის გაცნობას რომელი კრებულით ურჩევდი?

- ეს ხომ ელემენტარულია. როგორც მხატვარი ხატავს ნახატებს და აწყობს გამოფენას, არქიტექტორი ქმნის ნახაზს და აშენებს სახლს, მიახლოებით ისევეა ამ წიგნის შემთხვევაშიც. ბოლოს და ბოლოს ხომ ისევ მკითხველისთვის იწერება, რაც იწერება და არა ბალიშის ქვეშ ამოსადებად ან ცეცხლში შესაკეთებლად. წიგნი ერთგვარი შემაჯამებელი ეტაპი და დასკვნაა ხოლმე ჩემთვის – თუ სად ვარ და როგორ ფორმაში. მკითხველამდე იოლად მისვლის ერთ-ერთი საშუალებაცაა. აგერ უკვე მეათე წიგნამდე მოვედი (შარშან გამოსცა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ჩემი მოთხრობების კრებული “თაგვის გემო”). თუმცა ამაზე შეჩერებას არ ვაპირებ – იდეები, სიუჟეტები, ამბები უწყვეტ ნაკადად მოდიან, მოსაყოლიც საკმაოდ მაქვს და ალბათ ჩემი მხრიდან “ლიტერატურული ცოდვა” იქნება მათი დაკონსერვება, მიჩუმათება და დაბლოკვა. თანაც კიდევ, ეს გზა კაი ხანია ავირჩიე (ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი მის სასარგებლოდ უარი) და აქაური თამაშის წესებს სწორედაც აუცილებლად სჭირდება და უხდება წიგნი, როგორც ასეთი. წასაკითხად ჩემი წიგნებიდან ისევ ბოლო წიგნს გავუწევდი რეკომენდაციას… ჯერ მაინც ცხელია და მგონია, რომ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვნის მასში საკუთარ მოთხრობას(ებს), მით უმეტეს, რომ შიგნით შესული მოთხრობების ოდენობაც (სულ 17 მოთხრობაა) იძლევა ამის საშუალებას. ჰო. კიდევ, ახლახან გადავიკითხე ჩემი და მაკა მიქელაძის ერთად დაწერილი რომანი “იხვის ტოლმა”. ხუთმა წელიწადმა გაიარა მისი დაწერისა და გამოცემის შემდეგ და ახლა ცოტა სხვანაირი თვალითაც წამეკითხა, სხვა გადმოსახედიდან შევაფასე ტექსტი და თავმდაბლობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ კაი იშვიათი და იშვიათად გიჟური რამე კი დაგვიწერია დუეტში…

- ლიტერატურული პრემია „საბა“, „პენ-მარათონი“, „წერო“ – რას ფიქრობ ლიტერატურულ კონკურსებზე. რითია კარგი და რა არ მოგწონს მათში?

- როგორც წყალი სჭირდება დ უხდება მცენარეს და ძაფი ჩურჩხელას _ მიახლოებით მსგავსი ანალოგიაა. ჯერ ერთი, რომ ძალიან კარგი ფინანსური სტიმულია მსგავსი პრემიები მწერლებისთვის, მეორეც – კონკრეტული წიგნების გაპიარებისა და მკითხველამდე იოლად მიტანის ხერხი და საშუალებაცაა. მოწონება-არმოწონება – იქით იყოს, და ასეთი კონკურსები და პრემიები თუ გადაარჩენს დღეს ქართულ მწერალს და ლიტერატურას. იქნებ დადგეს ოდესმე ის დროც, რომ ბოლომდე წერაზე ვიყო გადადებული – და თავს იმით ვირჩენდე, რაც მსიამოვნებს და ყველაზე კარგად გამომდის… რაღაც კარგი ტენდენციებია ამ მხრივ და ვნახოთ აბა – რამდენად გაქაჩავენ მუდმივობას “გალა”, “წერო”, ახლად დაარსებული “ლიტსახელების” პრემია. აგერ “პენ-მარათონმა” მოიკოჭლა ამ ბოლო დროს – აშკარად აირია მისი ჩატარების გრაფიკი და ჩავარდნები მოუხშირდათ… არადა, რაც იყო, ყოველთვის კარგი იყო.

- ბესო, შენი თაობის მწერლებში ბევრი საინტერესო სახელი და გვარია, როგორ „უფასებთ“ ერთმანეთს მწერლობას, მხოლოდ აქებთ და ადიდებთ, თუ შენიშვნებსაც აძლევთ ხოლმე. გულწრფელები ხართ ერთმანეთის შემოქმედებაზე საუბრისას?

- სიმართლე ამ შემთხვევაში საუკეთესო იარაღი და ფარია. რაც მომწონს – მომწონს _ ამის აღიარების არასდროს მომხათრებია და არც ქათინაური დამიშურებია. რასაც ვერ ვიღებ, იმაზე საერთოდ არ მიწევს ლაპარაკი და ესეც ალბათ ერთგვარი შეფასებაა ხოლმე ჩემი მხრიდან. მაინც ვერიდები პირში მიხლას იმიტომ, რომ ყველა თავისებურია, ზოგს თუ წამალივით უხდება კრიტიკა, ბევრ კომპლექსიანს ისე ამუხრუჭებს და ბოღმავს, რომ მირჩევნია დრომ გაიაროს და თვითონ მიხვდეს საკუთარ შეცდომებს. “დათვურ სამსახურსაც” ვერავის გავუწევ – იყო დრო, რამდენიმე ახალგაზრდა დამწყებს შევუქე რაღაცეები, და იმის მერე ისეთი ბღენძი სახეებით დაიწყეს სიარული, ჩემი თავის შემრცხვა… ასე რომ, დრო ყველაფერს შეაფასებს და დაალაგებს.

- მოდი, შენს მოთხრობებზე გადავიდეთ. „სიზმრების ახსნა“ ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემულ „15 საუკეთესი მოთხრობაში“ შევიდა. აბელისა და კაენის ამბავია. როდის აღარ დაიჯერე, რომ ძმა ძმისთვის არის…

- ბევრმა, საკუთარი განვითარებიდან გამომდინარე, ეს მოთხრობა ეფრემ-ვერდის პაროდიად აღიქვა და მხოლოდ, სხვამ კიდევ უფრო მეტი ამოიკითხა. ისე, ძმობა და ამბავი იქით იყოს და, ამის წერას რომ ვიწყებდი, უბრალოდ ცოდვის მარადიულობასა და უწყვეტ წრიულობაზე მინდოდა დამეწერა. კონტექსტები მრავლად აქვს ამ ტექსტს და ერთი პირობა იმასაც ვფიქრობდი – სქოლიოები ხომ არ დამერთო მოთხრობისთვის, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ასე უფრო გამტარი ტექსტი გამოვიდა.

- ერთი შენი მოთხრობის სათაურის გმირები სოუზაშვილები არიან. რას ერჩი ამ გვარს. Smile ))) როგორი ხალხია სოუზაშვილები და ჰყავთ მათ რეალური პროტოტიპები?

- ეს გვარი, როგორც ასეთი, ბუნებაში არც არსებობს. ის, უბრალოდ, მახინჯი და პატარა ქართველების კრებითი სახეა და მეტი არაფერი – ადამიანების, რომლებსაც საკუთარი ყალბი მეობის იქით აღარაფერი გააჩნიათ ძვირფასი და ღირებული და პირადი კეთილდღეობა მათი ერთადერთი ამოსავალი წერტილია. არასდროს აკლდა და ახლა მით უმეტეს მოუმრავლდნენ საქართველოს ე.წ. “სოუზაშვილები” და მათი კურსის გამტარებლები – “ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად, და ჩვენს მერე თუნდაც ქვა ქვაზე ნუღარ დარჩენილა…”

- მოდი, შენი შემოქმედებითი ლაბორატორიაც აღწერე. მაგიდა, არეული ფურცლები…

-ეგ უფრო ადრე იყო. მერე და მერე მეც შემეხო ე.წ. “ტექნიკური პროგრესი” და კომპიუტერმა გადამიბირა. თუმცა, გააჩნია მაინც სად ვარ – ყველგან თან ვერ დამაქვს ლეპტოპი და ხშირად ისევ ხელით ბლოკნოტში მიწევს ჩანაწერების კეთება, იდეების მონიშვნა, მომავალი სამუშაო მასალის გროვება. მეხსიერებასაც არ ვუჩივი. სამზარეულოში მიდგას ლეპტოპი და ძირითადად იქაურობა მაქვს ხოლმე ათვისებული.

- ბესო, ჩვენი კლასიკოსი მწერლების ამოსავალი წერტილი ქართველი ქალის იდეალიზება იყო. დღეს ასე აღარ არის. რა მოუვიდათ ქალებს თანამედროვე პროზაიკოსებთან?

- ჩემს მოთხრობებში მრავლად არიან ქალები. სხვადასხვანაირები. მაღლები, დაბლები, ნაკლებად ერთგულები, მოღალატეები, ჯიგრები, ბოლომდე წამომყოლები, დებილები, გონებაშეზღუდულები, ისტერიულები, შინაბერები… იდეალურს ალბათ ვერცერთს ვუწოდებ – ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ეგეთი ჯერ არც არავინ შემხვედრია ცხოვრებაში. არც მე ვარ იდეალური და ალბათ იმიტომ. “ბრმების ქალაქში” შევეცადე ეგეთი ჩემთვის იდეალური გოგო დამეხატა და მგონი, რაღაც დოზით გამომივიდა.

- და ბოლოს, ამჯერად რაზე მუშაობ?

- პარალელურად რამდენიმე ტექსტზე მიწევს მუშაობა. ეს უკვე ტრადიციად მექცა. აქედან სამი რომანია, და რამდენიმეც _ მოთხრობა. რომანებიდან ერთ-ერთი ისეთ “იშვიათ” და უნიკალურ ფენომენზეა, რასაც ქართული ტელევიზია ჰქვია. ვფიქრობ, წლის ბოლოს მოვუღებ ბოლოს და გული მიგრძნობს, დიდ სკანდალსაც ატეხავენ მავანნი, ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს რომანში.

წყარო – http://7days.ge/index2.php?newsid=227
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptySat Oct 31, 2009 11:20 am

მ. არაბიძე (შეკეშფეხევარიდან) - ზოგიერთისგან განსხვავებით..

რაც შეიძლება მოუვიდეს ტიპიურ აქლემს ნემსის ყუნწში გაძვრომისას, სავარაუდოდ იგივე დაემართება სტანდარტულ მკითხველს ამ წიგნთან (ბესო ხვედელიძე. “ესტაფეტა”) პირველი შეხებისას. ნუგეში ამ მრავალშრიანი და ქვეტექსტებიანი ტექსტის ყოველი მორიგი გადაკითხვაა, რომლის შემდეგაც ზემოთნახსენები აქლემი აუცილებლად დაპატარავდება, ხოლო ყუნწი კი აბსოლუტურად გაფართოვდება.
ვინც თვალს ადევნებს ბესო ხვედელიძის შემოქმედებას, დამეთანხმება, რომ მსგავსი გარანტია ყოველთვის დევს მის ნაწარმოებებში. ამ კრებულის პირველად წაკითხვაც, უპირველესად ავტორის მხრიდან შემოთავაზებული თამაშის წესების გაცნობაა, შემზადებაა საკუთარი თავის იმავე ორბიტაზე განმეორებით გადასაგზავნად, ანუ წიგნის სინამდვილეში წასაკითხად. წიგნის მეორედ წაკითხვა მკითხველის აზროვნებას უკვე იქითკენ მიმართავს, რა ნიშნულებითა და კოდური ბმულებითაც ის პირველად წაკითხვამ მოამარაგა. აქცენტი კოდურობაზე წიგნის თავშივე კეთდება. მეტად პრეტენზიული აბზაცი, ანუ შესავალი სიტყვა, რომელიც მოთხრობების ამ კრებულს ხსნის, ჩემი აზრით “გამაღიზიანებლად” ზუსტია, როდესაც ისეთი ტიპის მწერალთან გვაქვს საქმე, როგორიც ბესო ხვედელიძეა.
“როგორც წესი, ნებისმიერი კარგი მწერალი თავისი იდეებით, აზრებით, შეხედულებებით თუ დასკვნებით ათწლეულებით უსწრებს ხოლმე მკითხველს და ეს უკვე ლამის აქსიომასავითაა. რა თქმა უნდა არიან მკითხველებში იშვიათი გამონაკლისები, რომელთა შინაგანი მზაობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს მაინც იშვიათი, ნიჭიერი გამონათებებია... უბრალოდ, კარგ მწერალს ძალიან ბევრ რამეზე უწევს ფიქრი, ჩაღრმავება, წვდომა, პასუხების ძიება... შესაბამისად, საკუთარი შინაგანი სიმაღლიდან თუ სულიერი გადმოსახედიდან წერს ტექტს, რომელიც ჩვეულებრივი, რიგითი ობივატელისთვის იმ მომენტში ჩინურივითაა... ანუ როგორც პირველი კლასის მოწაფე ვერაფერს გაუგებს უმაღლეს მათემატიკას, ასევეა ძირითად შემთხვევაში ნამდვილ ლიტერატურაში. ამიტომაა, ყველა კარგ წიგნს მინიმუმ ორჯერ წაკითხვა მაინც რომ სჭირდება.” (სიესტა ჯგუფი)
ბოლომდე დავეთანხმები ზემო მოსაზრებას, ვინაიდან ჯერჯერობით თანამედროვე ქართველ ავტორებში არავინ მეგულება, ვისი ტექსტებიც ასეთი დრომოჭმული “ფოლკნერული” სიზუსტით ამართლებდეს ზემო მოსაზრებას. - და რატომ მაინცდამაინც ფოლკნერული? – იმიტომ, რომ ზემოთქმულს თუ კარგად გავისიგრძეგანებთ, კიდევ უფრო ნათელი გახდება რად თხოვდა თავის დროზე უილიამ ფოლკნერი “ხმაურისა და მძვინვარების” ერთ უბრალო მკითხველს, ორგზის და სამგზის რომ წაეკითხა ეს რომანი და ვერ გაეგო – მეოთხედაც უნდა წაიკითხოო.
ჩემთვის “ესტაფეტას” “ხიბლი” უპირველესად მაინც მასში შესულ მოთხრობებში განფენილ ისტორიათა და პერსონაჟების აშკარა და დაუნდობელ “პარანორმალურობაშია”. კლასიკური კომპოზიციური ხერხებით მოყოლილ რვავე მოთხრობაში მთავარ პერსონაჟთა ცნობიერების ლამის “შიზოიდური” გახლეჩვის მთელი ფეირვერკი დგას. ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის იმდენად ფერმკრთალი, წაშლილი და თან ამავდროულად დამაჯერებლად ბუნებრივია, რომ ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: - რა ჭირთ მოთხრობათა გმირებს ან მათი მოქმედების ველს ასეთი “უზარმაზარი” და თან “ლბილი” ერთდროულად?
ერთ შემთხვევაში თუ გარემოებათა გამო ჩამქრალი შინაგანი ბუნტი პერსონაჟებს აშკარა კაპიტულაციისკენ უბიძგებს და კონფორმიზმის სევდიან საბურველში ხვევს (“ყველა”, “აბრეშუმის გზა”, “სოფელი პატივა”), მეორე შემთხვევაში გმირები დიდი შინაგანი კათარზისის გავლით ლამის მესამე თვალის გახსნის ტოლფასი შეგრძნებებით იმუხტებიან (“რაღაცაში იყო საქმე”, “ესტაფეტა”, მელნის სუნი”). ერთი კია _ ლიტერატურული პერსონაჟები, რომლებითაც ბესო ხვედელიძე “ამარაგებს” თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, ყოველთვის გამწარებით და ბოლომდე არიან მომართულნი გასაქცევად თუ ამოსახტომად როგორც საკუთარი “მე”-დან, ასევე მოცემული გეოგრაფიული სიბრტყიდან სხვადასხვა მიმართულებით. ავტორის ძველ წიგნებს რომ თავი დავანებოთ, ამ წიგნის რვავე მოთხრობის რვავე მთავარ პერსონაჟს ეს “თვისება” აშკარად ანათესავებს - იქნება ეს მეყვავილე კაცი (“აბრეშუმის გზა”), კოკა (“ყველა”), მიხო (“რაღაცაში იყო საქმე”), მერაბო და გამოქვაბულელები (“კალიფსოს გამოქვაბული”), ტარტალო (“წყევლა”), კოკა და მთელი სოფელი (“სოფელი პატივა”), მამა-შვილი და მთელი კაცობრიობა (“ესტაფეტა”), გაბრიელი (“მელნის სუნი”).
პროტესტის მუხტი, რომლითაც ისინი არიან “დარტყმულები” იდეურად იმდენად მემარცხენეა, რომ მე პირადად წიგნის კითხვისას ძალიან უსუსურად ვიგრძენი თავი – პროზაიკოსი რომ ვყოფილიყავი, არასდროს მომივიდოდა თავში აზრად მსგავსი ლანგრით დამედო, ანუ განმემიწიერებინა მომწიფებული იდეა. ეს კარგად შეუძლია ბესო ხვედელიძეს, და საერთოდაც მე მის შემოქმედებას “შლეგურ იდეათა პროზას” ვუწოდებდი, ვინაიდან მისი თითქმის ყველა მოთხრობა თუ რომანი, მეტად მნიშვნელოვან და ღრმა იდეურ ქვაკუთხედზე დგას; ნაირნაირი სიმბოლოებით, არქეტიპებით და ქვეტექსტოვანი შრეებით უხვად გაჯერებული ტექსტი კი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, საშენი მასალა, აგურებია, რომლითაც ასე თამამად და მომავლის გემოვნებითაა აშენებული ბესო ხვედელიძის პროზის სახლი.
ამ “აშკარა და დაუჯერებელი” მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თვისება მათი უცნაური დამაჯერებლობაცაა. ავტორი იმდენად კარგად გრძნობს დეტალისა და ჟესტის დანიშნულებას, რომ მათი საჭირო დროს გამოყენებით სამოქმედო ფონის “წარმოსახვით” თუ შეშლილ რეალურობას მყისიერად უსვამს ხაზს – სხვანაირად რომ ვთქვათ, ის თხზავს ფანტასტიკურ ამბავს, რომელსაც დამაჯერებლობისათვის მეტად კონკრეტული და ზუსტი ნიშნულები და მოტივაციები სჭირდება. მათი მიგნება კი, მინდა ვაღიარო, რომ ავტორს ძალიან კარგად გამოსდის.
ამ მოთხრობების კიდევ ერთი გამაერთიანებელი ნიშან-თვისება, მათი გროტესკული აპოკალიფსურობაა. ეს ბესო ხვედელიძეს ამ კრებულის რიგ მოთხრობებში (“აბრეშუმის გზა”, “ყველა”, რაღაცაში იყო საქმე”, “კალიფსოს გამოქვაბული”) შეფარულად აქვს მოცემული, თუმცა კი მათი “ცხარე” ფინალები მიახლოებით ერთნაირად და გამიზნულად ჰყიდიან ავტორის მთავარ სათქმელს.
ამ მხრივ გამუდმებით მაქსიმალური და ლამის წინასაინფარქტო წნევა დგას კრებულის ორ წამყვან, მაგისტრალურ მოთხრობაში (“სოფელი პატივა” და “ესტაფეტა”). თუ პირველ მათგანში ადამიანური რესურსის რეგრესი პირდაპირპროპორციულია ტექნიკური პროგრესის მიმართ და ზომბირების კოეფიციენტი ერთმანეთთან ფიჭური ტელეფონების გზავნილების ენაზე “შემზარავი” ურთიერთობით გამოითვლება, “ესტაფეტაში” საბოლოოდ გაჩანაგებული დედამიწიდან სხვა პლანეტაზე ემიგრირებული კაცობრიობის ნაწილის მეხსიერებიდან საერთოდაც ნელ-ნელა იწყებენ აორთქლებას სიტყვები. დედამიწის საბოლოოდ ჩაქრობა (მამისა და შვილის გაერთიანება), სხვაგან ყველაფრის სხვანაირად დაწყებისა (თუ გაგრძელების) და მესამე თვალის გახსნის (სულიერების ბოლო სიმაღლეზე ასვლის) უცნაური წინაპირობაა. ეს ორი მოთხრობა ფაქტობრივად ერთ მუშტად კრავს მთელ კრებულს და იდეურ აქცენტს მისტერიულ-კათარზისულ ფორმულაზე - “თუ არ მოკვდი, ვერ გაცოცხლდები” – პირდაპირი დარტყმით აკეთებს.
... და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ვერცერთი ძველი ქართველი ავტორი, ვისი შემოქმედებიდანაც მცირე დოზით მაინც გამოდის ბესო ხვედელიძე, იმდენად უცხო და სხვანაირია მისი პროზა ქართული ლიტერატურისთვის – ოდიოზური მისტიფიკაციები, გამიზნული ქვეტექსტურობა, ჰიმნოგრაფიულობა, მაგიური რეალიების მთელი კასკადი, სარკასტული გროტესკი და შავზე “ბნელი” იუმორი, უცხო შეგრძნებათა მთელი წყება და რაც მთავარია, თხრობის ძალიან დამაჯერებელი მანერა – ერთმანეთში კულინარიული ოსტატობით გადაზელილი ეს ყველაფერი აშკარად განასხვავებს და გამოარჩევს ამ ავტორს მისი კოლეგებისგან.
უკვე მესამედ ვკითხულობ ამ “დამთხვეულ” წიგნს, და მხოლოდ ახლახანს შევნიშნე (თუ აღმოვაჩინე), რომ მოთხრობა “წყევლის” მთავარ პერსონაჟს საკუთარი სიყრუისა და სიბრმავის გადამკიდე, აშკარად არ უნდა სცოდნოდა ცოლის მშობიარობის “გიჟური” დეტალები.
ისე, არც ლუდი “მევლუდი” დამილევია, და არც არაყი “ვარაყი” გადამიკრავს არასდროს, მაგრამ მათი გემო და გრადუსი უკვე ზედმიწევნად ზუსტად ვიცი.
ვატყობ, მომიწევს იგივე ორბიტაზე მეოთხედ გასვლა.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyTue Dec 15, 2009 8:51 pm

Журнал "Октябрь" назвал лауреатов премии за лучшую публикацию
19:22 14/12/2009

МОСКВА, 14 дек - РИА Новости. Литературный журнал "Октябрь", которому в этом году исполнилось 85 лет, назвал имена лауреатов своих ежегодных премий за лучшую публикацию, сообщили РИА Новости организаторы премии.

Литературный журнал "Октябрь", которому в этом году исполнилось 85 лет, назвал имена лауреатов своих ежегодных премий за лучшую публикацию.

В номинации "Проза" названы два лауреата - Валерий Попов с повестью "Нарисуем" и грузинский писатель Бесо Хведелидзе с рассказом "Тринадцатое пятно".

Торжественная церемония объявления лауреатов состоится в Культурном центре "Покровские ворота" 22 декабря.

http://rian.ru/culture/20091214/199247503.html
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6407
Registration date : 09.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptySat Feb 12, 2011 10:31 am

ბესო ხვედელიძე Aaaa_a13
Beso Khvedelidze and Shalva Bakuradze

ბესო ხვედელიძე

სველზე სველი
(ნოველა)

ეს ისეთი ამბავია, ნახევრადჩურჩულით თუ მოიყოლება. დღეს მეტის თავი არ მაქვს. გუშინდელმა ნერვიულობამ იოგები და ნერვები ერთდროულად დამაწყვიტა. ახლა ტემბრი მაქვს მინიმუმ ტომ უეიტსის, მაქსიმუმ ოთარ რამიშვილის. ჰოდა, მოწიეთ ახლოს ყური - მით უმეტეს, რომ სალაღობო ამბავია, თან მოსახიფათოვოც, იმიტომ რომ ეგეთების გამო ჩვენკენ უფულო ხალხს ვირის აბანოსკენ ამისამართებენ, ფულიანებს კიდევ ხვავრიელად აჯარიმებენ.

ჰოდა, ესე იგი, გუშინ ისე გამეტებით წვიმდა, თითქოს ზეციდან განკვეთილ ანგელოსთა დასი რწყავდა პლეხანოვს უამრავი შლანგიდან ერთდროულად. სველზე სველი იყო ყველაფერი და არ გაიგდებოდა გარეთ არათუ ძაღლი-კატა, არამედ უბრალო მწერიც კი მობინადრე ამ უბნის ფორტოჩკიან კუხნებში. ვისხედით ნაქირავებში ღამენათევები - მე და ჩემი მეგობარი დოდო და ვუპარპალებდით აწითლებულ თვალებს კომპიუტერის ეკრანს. იქ კი გადიოდა ძალიან შლეგური ოკეანისგაღმური კინო ორ აღვირახსნილ თახსირზე: მათ ჯერ გვარიანი შიში აჭამა სიაბანდმა ლას-ვეგასმა და მერე საერთოდ მოაძულა თავი. ნამიანი გვქონდა ამის შემხედვარეთ ოთხივე თვალი და გვტკიოდა მუცლის პრესები სიცილისგან. ჰოდა, როგორც კი “ზე ენდი” დაიწერა შავ ფონზე - “ახლავე ავალთ. წავაწყვეტ თავებს!” - გახურდა მადაზე მოსული დოდო. მე გავუპროსტესტე: შორია. ადი-ჩამო. თან შარია. ტაქსის გააჩერებ - მით უფრო შარია. აჩერე ამ უთენიას მანქანა და აეჭვიანე ვინმე დედაბუდიანად. დილის რვაა. ვინ შეგხვდება? სად გინდა? რა თბილისის ზღვა? რატომ ამ თქეშში? მერე კი ვიფიქრე - ერთი დოდოს ყოვლად ჯიუტი ხასიათების ასე და ისე-მეთქი, და მაინც წამოვდექი.

***
დოდო რომ დაიბადა, მზის დაბნელება იყო. ეს მისგან ვიცი და მჯერა. შემიძლია ინტერნეტით გადავამოწმო, იყო თუ არა მის დღეობაზე მზის დაბნელება, მაგრამ მეზარება, და უბრალოდ მჯერა. როგორც დოდო ამბობს, იმ დღეს ადამიანები გარეთ იყვნენ გამოყრილები, ფოტოაპარატებით დარბოდნენ და ამ იშვიათობის ფირზე აღბეჭდვას ცდილობდნენ. ეს საიდან იცის დოდომ არ ვიცი, მაგრამ მაინც ყვება და ამისიც მჯერა. როგორც დოდო ამბობს, სახელი დოდო აბაშიძის საპატივცემულოდ დაარქვეს, ვინც მარად-მოქეიფე მამის თვალში ფენომენალური თამადა და კაი მსახიობი, ანუ ფრიად მისაბაძი პიროვნება ყოფილა. დოდოს სკოლაში დოდიკას ეძახდნენ, ინსტიტუტში - დოდმენას, ახლა კი უბრალოდ დოდოა. თმა კუდუსუნამდე აქვს ჩაზრდილი და ამბობს, რომ ოქროს კვეთის ენერგეტიკას აგროვებს. დოდოს უყვარს აღმოსავლეთი, ნუსრატ ფატეჰ ალი ხანი და იცის თითებით მუდრების კეთება. მისი ოცნებაა გადასახლდეს ბუტანში, მაგრამ გზის ფული ვერაფრით მოუქუჩებია. ისე, დოდო წარმოშობით ბოტანიკოსია, ამიტომაც მთელი სახლი ნაირგვარი ქოთნებით გვაქვს სავსე. ქოთნებში კულტურული მცენარეები ყვავიან. ისინი ნთქავენ ჩვენს მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს, გვაძლევენ ცოცხალ ჟანგბადს და იმის კაშკაშა იმედს, რომ ჩვენ ყველა ვარიანტში გავხდებით ოდესმე იმ კოსმოსური ექსპედიციის პირველი წევრები, ახალი პლანეტის აღმოჩენის მიზნით რომ მოსწყდება დედამიწას. ჩვენ ერთად ვქირაობთ ბინას, მაგრამ არ ვართ გეები, იმპოტენტები და ქალთმოძულეები. უფრო პირიქით! ჩვენ უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ და ამას თავისი დიდი წინაპირობები უძღვის. დოდო მცენარეებს წყალს ბოთლიდან ღიღინით უსხამს ხოლმე და ბოთლი სიმბოლურად მუდამ “ლიკანისაა”.

-როგორა გვყვანან გრილი ლიკანი?

-ორი ლიკა შემოემატა. - ცქმუტავს დოდო და “ფეისბუქზე” ჩორტაობს. - ხომ არ ამომეყარა და მიგვეკასტინგა პიერ ვუდმენის პონტში?

-როგორი ლიკებია?

-ფოტოებზე - დამყოლი და უსურვაზი! ერთი შავია და ულტრა-პატრიოტი. ეტყობა მშობლები მეკარვე ზვიადისტები ჰყავდა. მეორე ქერაა და ზოო-სვინგერული სევდა უდგას თვალებში. ნახე როგორ იღიმება. თან თავისი ნებით დაემატა ბანდას.

ადვილად მოსადრეკ ასულთა ჯგუფი “ლიკანი” დოდომ ფეისბუქზე შექმნა და მსგავსი ლიკების მთელი კოლექცია აქვს. სულით, ხორცით და არსით დოდო ნაშამორია. გოგოებსაც ძალიან უყვართ დოდო. დოდოს მუდამ აქვს პისტონჩიკში ფოლგით ხარისხიანი ბალახი.

***
ჰოდა, გამოვედით თუ არა, გავილუმპეთ ფეხსახსრიანად ვიდრე ხუთ წრეს დაარტყამდა წამის ისარი ჩემს მაჯაზე. ვიდექით ძველ ფილარმონიასთან და გვქონდა ხელი გაშვერილი ვინმე ღვთისნიერის გასაჩერებლად. კიდევ კაი, მალე მოაგდეს ჩვენს ფეხებთან საბჭოთა ჭაღაროსანი, ფარღალალა “ნოლ-შესტი”. ჩავსხედით: დოდო წინ, მე - უკან. ვეუბნები:

-თბილისის ზღვა, და მერე ისევ უკან. ოცი ლარი და აღარ ვივაჭროთ.

-ვა! - ამბობს მესაჭე.

-რა ვა? - ეკითხება დოდო.

-იქ მე ერთი ზავედენია ვიცი, მაგრამ ამ საჭაშნიკოში უფრო მაგარ ხაშს არ ხარშამენ?

-წავეით-წავეით! - აგულიანებს დოდო და ცას აჰყურებს. - დავლპით ამ წვიმაში.

-ისე ბალახებს უხდება. - ამბობს მძღოლი.

-აბა ბალახი? - იძაბება დოდო და კევს იგდებს სიბრძნის კბილებისკენ.

-არა, ვაფშე ბალახებს, მიწასაც. ვენახი, კარალიოკი, აივა...

-ფენესონიქ ფორევა. - ვამბობ მე.

-ცოტას მოისუნთქებს ხილ-ბოსტანი.

-ცოტას ხო. - ღრმად სუნთქავს დოდო და სიგარეტს იღებს.

-წითელ “მალბოროს” ეწევი?.. - გახარებულია მესაჭე. - მეც ეგრე ვიყავი შენხელა... მეტი ვერ უძლებდა ჩემი ხასიათი!

-ახლა რამდენის ხარ? - ვეკითხები.

-ახლა ვარ თქვენზე კაკ მინიმუმ ოცი წლით უფროსი.

-გვაბერებ, კაი კაცი? - ეცინება დოდოს.

-არა. რა დაბერება. ის კი არ ვარ... რა ქვია? ფოკუსნიკი. ილო ვარ ცაცანი - მალაკანი კაცი.

-მალაკნების ბაზარი ვიცი მე. - ამბობს დოდო.

-ეგ ერთ დროს ჩვენი იყო. - პასუხობს ილო ცაცანი სიამაყით.

***
დოდო უფატალურესად გავიცანი. მტკვარზე რომ თევზის რესტორანია, იმის აივანზე ვქეიფობდით მე და ჩემი ძველი ნაცნობი ხანიგები. მზიანი საღამოხანი იქნებოდა და უკვე იმ ალკოჰოლურ ზღვარზე ვიყავით, რომლის დროსაც აუცილებლად ისმება ბავშვობაში ნაყოლ შინაურ ცხოველ-ფრინველთა სადღეგრძელო.

მოაჯირზე აფორთხებული თავისუფლების ქანდაკების განმგმირავი მზერით დავცქეროდი ლმობიერ თანამეინახეთ და მახსენდებოდნენ მავანი ცუგები, ჯეკები, ნიკორები, ფუსები, კოკოები, ბომბორები თუ ბუცები, ხელში კი ცივი ღვინით სავსე ორლიტრიანი გრაფინი მეჭირა. სწორედ ამ განწყობით შემართულმა მოვინდომე სასმისის ბოლომდე გამოყლურწვა. სანიმუშოდაც დავიწყე, გრძელი ყლუპებით, აქეთ-იქიდან აპლოდისმენტებითა და შეძახილებით: “ოლეე-ოლე-ოლე-ოლე!” და “ხესბოლა, ჩამპიონ!” ღირსეულად შევასრულებდი კიდეც, რომ არა ის პრიალა ბუზი, ლამის ინდური შეურყვნელობის ნიშნად რომ დამაჯდა შუბლზე, გეგონება ზიტა ან გიტა, ან სულაც დედამაგათი ვყოფილიყავი გათხოვებამდე. მაინც ვყლუპავდი და შუბლისჭმუხვნით ვცდილობდი შუბლიდან ბუზის აფრთხობას. მერე მახსოვს, გაბეზრებულმა ხელი ავუქნიე და სწორედ აქ მორჩა კინო. გამობრუჟულმა მაშინვე წონასწორობა დავკარგე და გრაფინიანად გადავყირავდი ჭუჭყიან მდინარე მტკვარში. რაღაც ხანს თვალებში ციმციმი მედგა, ალაგ-ალაგ ბნელოდა და ვიდრე გავითიშებოდი, მახსოვს, წყალი წაღმა-უკუღმა შემდიოდა ცხვირში, პირსა თუ ყურებში. მერე გულთან დენმა დამარტყა, სრული წკვარამი ჩამოწვა და თითქოს მართლაც ყველაფერი მორჩაგათავდა. შემდეგ ვიღაცამ ტუჩებიდან ტუჩები მომაშორა და სახეში გამილაწუნა.

თვალებს ვერ ვახელ, ვახველებ და ვერაფერს ვხვდები. გაჭირვებით ვაბოყინებ და ვგრძნობ, რომ პირიდან მძაღე წყალი გადმომდის. რაღაც მაგარზე ვწევარ. ქვებია თუ კენჭები. იქნებ ორივენიცა.

-ცოცხალი ხარ? - მეკითხება ხმა. ძლივს ვახელ თვალს. კონტრაჟურში გრძელთმიან კონტურს ვხედავ. მუხლებზე დაჩოქილა და მიუხედავად იმისა, რომ სახეს ვერ ვარჩევ, ვიცი რომ მიყურებს. მის უკან საღამოს მზეა. ახლოდან სასწრაფოს სირენის ხმა მესმის. ვგრძნობ, რომ სველზე სველი და წყლით გაბერილი ვარ. წამოწევას ვცდილობ.

-იწექი! - მეუბნება სილუეტი და უკვე ვიცი, რომ ისიც სველზე სველია.

-მე რა მქვია? - ვკითხულობ სუსტი ხრიალით და ისიც მპასუხობს:

-ხუევოზნაეტ!

“ხუევოზნაეტ”, “ხუევოზნაეტ” - მიტრიალებს თავში და უცებ ყველაფერი მახსენდება. თევზის რესტორნის მოაჯირი, ხანიგები, შინაური ცხოველების სადღეგრძელო, გრაფინი ღვინით, ბუზი... მერე, მერე, მერე...

***
ჰოდა, თბილისის ზღვაზე რომ ავედით, ზეციდან განკვეთილ ანგელოსთა დასი არათუ დამცხრალიყო, პირველიდან მესამეში ჩაეგდო წვიმის სიჩქარე. თქეშდა სასწაულად, მანქანის “დვორნიკები” მეტრონომივით ხაზავდნენ პარპრიზს და არ ჩანდა რაიმე ათ მეტრში - ისმოდა მხოლოდ წვიმის შხუილი და ილო ცაცანის მჟღერი ბარიტონი, რომელიც გვიამბობდა თავის მალაკნურ ეპისტოლეს.

-მე დავიბადე თეთრმა მამალმა რო იყივლა ორხევის ზემოთ, თოვლიან დილას. ჰოდა, რომ დავიბადე, გლავნი მალაკანს თეთრი ძროხა მოუკვდა. ბევრს იწველიდა. უფროსის ოჯახს ხო აძლევდა და იმდენი ჰქონდა, მორჩენილ რძეს ყველა სვამდა. გაცოფდა გლავნი მალაკანი, თან ვიღაცამ ჩემი ამბავი მიუტანა და იმანაც გადაწყვიტა: ჩემი ძროხის სული მაგან მოიპარაო. გამოგზავნა ხალხი ჩემ წასართმევად, მაგრამ დედაჩემმა სუ პოლის ჯოხით გაყარა ეზოდან. მერე ჩვენი სახლის დაწვაც უნდოდათ, მაგრამ დატოვა ჯეკამ მოკბეჩილი კოზლებით. ჯეკა გვყავდა ძაღლი – იმან უქნა. გამართეს მერე კრება. იყვირეს. დედაჩემთან სიტყვა მოიტანეს: უნდა აიბარგოთ, თარსი გააჩინე და ამოვითარსეთო. რა ექნა დედაჩემს... შეკრა ბარგი, ამიყვანა ხელში და თავისი ხელით წაუკიდა სახლს ცეცხლი. ბოლომდე უყურა, ვიდრე ბოლომდე არ დაიწვა. ყველა იქ იდგა და ხმა არავინ ამოიღო. მერე გატრიალდა დედაჩემი და წავედით შორს. ჯეკაც თან გაიყოლა. ვის დაუტოვებდა...

“ეს იმდენს მოყვება, მალაკან ცოლებს მოგვაყვანინებს...” - ვფიქრობდი და გემრიელად დანისლულ თბილისის ზღვას გავყურებდი. ჰოდა, ზემოთკენ, თემქის გადასასვლელიდან მარჯვნივ აღება დააპირა ილო ცაცანმა - ილანდებოდა მარჯვნივ სრულიად ჩამოფხავებული დუქან-სამიკიტნო, მაგრამ დოდომ საპირისპირო მხარეს მიუთითა და გაკვირვებული ილო ცაცანიც თბილისის ზღვის მეორე ნაპირისკენ წაქროლდა წრეზე ჩვენიან-“შესტიანად”. არ გვივლია ნამეტანზე მეტი.

-მოვეით. - თქვა ერთ უკაცრიელ ადგილას დოდომ და ილო ცაცანს მანქანა იმ თავსხმაში გზის მარჯვენა პირზე გააჩერებინა. მერე პირჯვარი გამოისახა, ათ წუთში აქ ვარო და გზის გადაღმა რომ გორაკზე შეფენილი ტყეა, იქ შევარდა თავზე ქურთუკწამოფარებული.

-ტვალეტი მოუნდა? - გააყოლა ეჭვის თვალი დოდოს ილო ცაცანმა და სარკეში შემომხედა.

ამ კითხვის გაგონება იყო და გონება ტურბო-სისწრაფით ამუშავდა. რა ტუალეტი? ტუალეტისთვის ამ წვიმაში თბილისის ზღვის სველზე სველ ტყეში ამოსვლა იქნება? გიჟები ხომ არ ვართ. მაგრამ სხვა რა პასუხია. თან ეს ისეთი ნასტირნი ჩანს, კიდე შემეკითხება. ძროხის სული მაქო. თან მალაკანი ვარო. ვიცი, არ მომეშვება, და ისეთი უნდა ვუთხრა, რო გაჩუმდეს. და იქნებ ვინაა რო? ცოტა აუყრიათ? და ისეთი რა უნდა ვუთხრა? ისეთი. ისეთი. უამრავი რამ ამიხტუნავდა გონებაში, მაგრამ არც ერთი აზრი იყო ვენეციური და არც დანარჩენი არაბული.

-ასეთი სველი ამინდები მე ბავშვობის მერე არ ვიცი. მარტო ტელევიზორმა იცის, ისიც ფირმაში. ამასწინეებზე ვნახე, საფლავები წაიღო პარიჟში.

-ვისი, ტო?

-ხალხის, ვისი... ეგ შენი ძმაკაცი კიდე ამხელა ტალახიან ტყეში შევარდა. მე ვერ გავიგე მერე საითაა ჩვენი გზა? იქეთ არაფერია. კრუგია და წყალი. ექსკურსია გვაქ?

ამის გაგონება იყო და უცებ განათდა გონება, და განათდა რომელია, ისეთი ამოიქოქა აზრები:

-ილო, ხომ?

-ხომ.

-ამ ტყის იქით რო სასაფლაოა, იცი?

-აბა სასაფლაო?

-იეზიდებს იცნობ?

-იეზიდებს იმდენს ვიცნობ...

-ხოდა, ეს ჩვენი ძმაც მაედანაა. უბრალოდ, ფირმაში ცხოვრობს. აქ იყო ორი კვირით და ხვალე უკან მიფრინავს.

-აქ მისი წინაპრების ძვლების ამბავია?

-ჩემების საფლავებს მოვინახულებო და ხათრი როგორ გამეტეხა...

-მე ვიცნობ იეზიდებს, ლოტკინელ კაი ბიჭებს, ჩუღურეთლებს, აეროპორტელებს, მთაწმინდელებს.

-ეს კენიგსბერგში ცხოვრობს, მაგრამ სუ ჩამოდის და ფესვებს არ ივიწყებს.

-ეგ სადაა?

-პრუსიაში.

-ეგეთი ქვეყანაც არი? რუსია ვიცი, ბელორუსიაც ვიცი და ეგ პ რა პონტია?

-იქ უფრო პრადვინუტები არიან.

-კი გავს ისე ფირმას. აგერ კასეტა მაქ ბარდაჩოკში. - მოაფათურა ილო ცაცანმა ხელი. - ლენინგრადელი იეზიდკა მღერის. ზარა. იცი ზარა? ისეთი სოჩნი და სტრანნი თვალები აქ. ვაფშემც იეზიდებს სუ სტრანნი თვალები აქვთ - გეგონება მაგნიტი უდევთ.

-ჩართე აბა.

და იმანაც ჩართო.

-ნახე, რა კაი ხმა ამოდის. ისე, ვიდზეც კაიზე დგას. აგერ კასეტაზეა ფოტო. იეზიდებს კაი ქალები ჰყავთ. ვმამენტ ჩვენებიც კარგები არიან. ნუ, ეხლა ქართველი გოგოებიც სხვანაირები წამოვიდენ...

-ყველა ეზოს თავისი კაები და შმარები ყავს.

-ეგ კაი სიტყვა გცოდნია. - გაუხარდა ილო ცაცანს. - მე ერთი იეზიდი ვიცოდი ბავშვობაში - მოხუცი ადი. სხვანაირი ჭკუის მოხუცი იყო. ორთაჭალელი. ფარშავანგები ყავდა ეზოში, ყველა მამალი. ასე ამბობდა - ფარშავანგები პატარა ღმერთებიაო. თვალებზე ვისაც შეხედავდა, იცოდა რაზეც ფიქრობდა და გულში რა ედო.

-ტელეპატი იყო?

-არა, ვინმე თუ გააბრაზებდა, იმენნა ფსიხაპატი იყო. ფარშავანგებს უქსევდა და ისინიც ყივილით კმენდენ. კი არ ვიცოდი, რო მაგათი სასაფლაო აქ არი. არა, რაღაც რო არი, გამეგონა. მე ძველი ტაქსისტი ვარ. ოცდახუთი წელია რული მიჭირავს.

-ამან იცის ზატო. მე ვუთხარი, ამოგყვები-მეთქი და იმან - არ შეიძლებაო.

-მაგათთან უცხოებზე რაღაცეები არ მოსულა. შენ ეტყობა იეზიდების ამბავი არ იცი.…

-საიდან? ეს იქაა, მე აქ.

და ილო ცაცანმა მოყვა ეგეთი იმ წვიმაში:

-მე ვიცი, რო მაგათ ერთი დიდი ღმერთი ყავთ - და კიდე სამი გლავნი ანგელოსი: მალაქ-თაუზი, შეიხ ადი და ეზიდი. პირველი ანგელოსი ზემოთა რაიდან გამოაგდეს ადრე, იმიტო რო ამათ ადამს და ევას პურის თავთავის ზაპრეტნი რასტოკები აჭამა.

-აბა ვაშლიო?

-ამათი ვაშლი - პურია. პური და ვაშლი არ გიჭამია ერთად?

-პური და ვაშლი?

-ე, მაგრა მიდის პარაში.

-თავთავის ზაპრეტნი რასტოკები რა პონტია?

-აკაიფებს ალბათ. კაიფი კიდე არ მოსულა. მაგრამ მალაქ-თაუზი მაინც ყველაზე მოშნია. ეგრე ამბობენ მაგათი ძველები: დრო მოვა და მაგას ყველაფერს აპატიებს ღმერთი. მეორე ადგილზე არის შეიხ ადი - ბრძენი და სვიტოი კაცის ობლიკში, აი როგორც ჩემი ძველი ნაცნობი მოხუცი ადი და ყველაფერი იცის თვალდახუჭულმა, რაც ამ ქვეყანაზე ხდება. მესამე ანგელოსი კიდევ მალადოი კაცის ვიდზეა და აქაური მალადოი იეზიდების სახეზეა აძინ ნა აძინ. აზზე ხარ? არადა, თავიდან, როგორც ყველა მსოფლიოში, მაგათ ყველაზე დიდი პატივისცემა ქონდათ მზეზე, თვარეზე და ცეცხზე, და მერე ყველა რო აზზე მოვიდა, ეგენი ამათზე გადავიდნენ.

-შენ საიდან იცი ეგეთები?

-ე, მე რა, რულით და ტორმუზით კი არ დავიბადე... მაგნიტოგორსკში ისტარიჩესკი მაქ დამთავრებული.

ჰოდა, ამ დროს მარცხენა ტყიდან ისევ გამოვიდა დოდო – დიდ წვიმაში მოყოლილი გალუმპული ქუჩის ძაღლივით თუ სველზე სველი ქათამივით. უცებ შემოძვრა მანქანაში და ისევ პირჯვარი გამოისახა.

-ნახე? - ვკითხე მე.

-ყველა ადგილზეა.

-ღმერთი აცხონებს. - თქვა ილო ცაცანმა და დოდოს მაგნიტოფონზე მიუთითა, საიდანაც ზარას იეზიდური ჰანგი იღვრებოდა. - ეს მომღერალი გოგო იცი? ლენინგრადელი ზარაა. კაი ხმა აქვს. ისეც კაი გოგოა. იეზიდია.

-იეზიდი? - დაფიქრდა დოდო და იქვე გამოერკვა. - ჩავეით ქვემოთ. მაგრა წვიმს.

-ისე, დიდი ნიჭის ხალხია იეზიდები. - მიაგელვებდა წვიმაში მანქანას ილო ცაცანი. - აი, ჩვენ ხომ ჩვენი ისტორია ვიცით, მალაკნებმა, მაგრამ იეზიდები უფრო ვიშერაზვიტი ხალხია, მაგრამ თან სტრანნი. შენ იმას იცნობ? - გახედა ილომ დოდოს. - ალექსეევკელი პოლუ-ბარონია, იეზიდი - ჰეზიზი. ის ყველას იცნობს.

-ჰეზიზი? - გაკვირვებით გადმოაპარა ჩემკენ თვალი დოდომ.

-ნაღდი კაცი. კაი პურიმჭამელი რო იტყვიან. კაი დამრტყმელი.

ჰოდა, ეგრე ვიარეთ. ილო ცაცანი მთელი გზა იეზიდებზე გვიამბობდა. რომ გავივაკეთ და ისევ ძველ ფილარმონიასთან მივედით, დოდოს ილო ცაცანმა ზარას კასეტა აჩუქა და კეთილი გზა უსურვა. დაბნეულმა დოდომ წითელი “მარლბორო” დაუტოვა. მე ოციანი მივეცი.

-კაი კაცია ეგ შენი ძმა. - მითხრა ილომ დოდოზე. - აგერ მე დედაჩემის საფლავზე სამი წელია არ ავსულვარ, ეგ კიდე ტალახში და წვიმაში ავიდა... ნაღდი ფირმაა.

-მერე ადი შენც, მზე რო გამოვა.

-ავალ. ოღონდ მაგ შენ ბრატუხას უთხარი, პირჯვარს რა პონჩი იწერს - იეზიდია თუ ჩეხასლავაკი?

-ვეტყვი, მა რას ვიზამ. - მივუხურე კარი და წახრიგინდა ისიც იმ თავისი ფარღალალა, ჭაღაროსანი შესტით. სველზე სველი დოდო კიდევ ზარას კასეტით ხელში არკაში კანკალებდა და მელოდებოდა.

-მაგარი ესხა აი. - მითხრა და კასეტას დახედა. - ეს რათ მინდოდა?

-გაჩუქა. ხომ არ წაურთმევია? კაი გოგოაო.

-რა იეზიდები. აბა მალაკანი ვარო?

-რას გაუგებ დილის შოფრებს. ითრიე?

-ტყვილა ხომ არ ვიჭყლაპუნებდი? - მიირტყა ხელი ჯიბეზე დოდომ. - გასაშრობია.

ჰოდა, ავედით უკან. ნაქირავებში. გამორთულ კომპთან. გაზის ქურასთან. კულტურულ მცენარეებთან. ფორტოჩკიან სამზარეულოში, საიდანაც ყოველთვის ფუნიკულიორის ანძა ჩანს და კიდევ დიდი ნაძვის სველი ტოტები. გარედან ალბათ ჩვენი სახეები ილანდებოდა: ორი თახსირის - გაღიმებულების და მომლოდინეების.

-რაღაც სტრანნი სასაფლაოსთან დამირგავს, მე სირს... - გამოტყდა უცებ დოდო.

-ახურეფ!

-ბნელოდა მაშინ.

ჰოდა, გვიყურებდნენ დღის სინათლეზე ეზოს სველი წიწვები, შორიდან ფუნიკულიორის ტელე-ანძა და შორი-ახლოდან დამბალი ჩიტები. გვხედავდნენ ორს: - მე და ჩემ მეგობარ დოდოს, რომელსაც ცხოვრებაში პირველად, სულ ნახევარი საათით, თან ისე, რომ თვითონ ვერ გაიგო -ფესვებმონატრებული იეზიდობა ერგო. მერე მოვუსმინეთ ზარას, მერე გავხდით კიდევ უფრო მშვიდები, მშრალები და ზეციდან განკვეთილ ანუ მავნე ანგელოზთა დასიც შეეშვა მტკვრის მარცხენა სანაპიროს და გადაინაცვლა მარჯვენაზე. მე კიდევ გავედი ჩემ ოთახში, საწერ მაგიდასთან დავჯე და სისხლისფერი კალმით თეთრ ფურცელზე გამოვიყვანე სველზე სველი ასოები:

“მე დოდოს ვალი მაქვს. ვერასდროს რომ ვერ გადავუხდი ისეთი. დღეს აქ ეგეთი სიტუაციაა: - მე ვწერ რომანს, დოდო ერთობლივ გასხივოსნებაზე ზრუნავს, ერთად ვუყურებთ კინოებს და სოფელიც განუწყვეტელ შენებაშია: - გარეთ სოკოებივით მრავლდებიან ფერადი კორპუსები. შორს სოკო ფეხებსა და გენიტალიებზე! მეტი რაღაა? ა, ჰო. ალბათ ის, რომ ისე და შემთხვევით არაფერი არსებობს. ისიც, რაც გგონია რომ საერთოდ არ არსებობს, ისიც კი არსებობს, თუკი გულით იტყვი და დაიჯერებ რომ არსებობს. სიტყვა სიტყვაა და გინდა სველი იყოს, გინდა მშრალი, სიტყვაზე ნაღდი არაფერი გამოუგზავნიათ ზემოდან ქვემოთ. ეგრეა, მე ვიყო ილო ცაცანის სველზე სველი, ჭაღაროსანი ნოლ-შესტი.”

study

წყარო – http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=188%3A2011-02-07-16-48-57&catid=1%3Astory&Itemid=6

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6407
Registration date : 09.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptySat Feb 19, 2011 9:23 am

ბესო ხვედელიძე Bkh-th10

წიგნის დასახელება – "წითელი"
ავტორი – ბესო ხვედელიძე
ჟანრი – პროზა (მოთხრობები)
გამომცემლობა – "საუნჯე"
გარეკანის დიზაინერი - ნიკა ხვედელიძე
ISBN 978-9941-9186-1-2
გვერდების რაოდენობა – 202
წელი – 2011








Last edited by Admin on Sun Jul 01, 2012 11:06 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6407
Registration date : 09.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyThu Mar 24, 2011 9:52 pm

ბესო ხვედელიძე Beso_k10

ბესო ხვედელიძე

ლოცვა # 1

მწყურია ღმერთი და ვეძებ ყველგან: თვალის ფშვნეტაში, თან მთქნარებაში, ფანჯრის რაფაზე მდგარ კაქტუსებში, იქ მოღუღუნე ცოლ-ქმარ მტრედებთან, წვეთების შემდეგ დამბალ ეზოშიც, ეზოს სკამზე მჯდომ ცალ მეზობელთან, რომელიცა ჰგავს ამ ნაწვიმარზე თეთრ სოკოსავით ამოსულ წმინდანს. მის მშრალ ფეხებთან აბუზულ ძაღლში, ძაღლში, რომელიც არავის არ ჰყავს, შენს ბილწ თვალებში, ბინძურო ძაღლო, რომ ამოცქერენ ამ სველ ფანჯარას.

აქ მე ვარ ჩემი ძვლებით, ბზარებით სავსე ოთახით და ჩემი სუნით, კედლის სარკეთი, რომელშიც მე ვარ, მე ვარ ბოლომდე, ოღონდ პირიქით... აგერ საწოლი, სკამი, მაგიდა, მაგიდაზე კი ელეთ-მელეთი – არეულობა თეთრი ფურცლების, რომლებზეც დღემდე სიტყვებით ვცეკვავ. ირყევა სკამი, მაგიდა დგას და სუფთა ფურცლებზე მე ვხედავ გემოს, გემოს ვგრძნობ სუნით, ხოლო სუნს მზერით, ღმერთის არომატს მე ვეძებ ყველგან:

უმ სიტყვებსა და წერტილ-მძიმეში, თვალისხამხამში გალეულ დღეში, ამ კალენდარში, კიდევ ნახატზე – (მახსოვს, საბავშვო ბაღში დავხატე) რომელზეც გარბის ჟირაფი მარცხნივ: ის ვეღარ იტანს საკუთარ კოპლებს – ჟირაფი გორაკს აირბენს კოხტად და დაინახავს ტბას წყნარს და ქორფას, ერთს გაიღიმებს, შეიკუნტრუშებს და დაეშვება დასარწყულებლად, მოსრუტავს ყლუპს და მზის ამოწვერა თითქოს დაუვლის კოპლებზე ოფლად.

ვეძებ თმის სარჭზე შერჩენილ თმაში, გუშინ რომ დარჩათ (შემთხვევით?Smile) ჩემთან, ნახევრად სავსე ჩაის ჭიქაში, რომლის ფსკერზეც სიტკბო არ გალღვა, ძილით დაორთქლილ მწვანე ყურმილში, რომლით ხელშიაც გამომეღვიძა, და ერთადერთი მახსოვდა წვიმა და კიდევ სველი მტრედების რაფა. და მე მომწყურდა, მომშივდა ღმერთი, დავიწყე ძებნა დედის მუცელში, ნანახ სიზმარში, ჩემში და გარეთ, ფანჯრის ჩარჩოში, სარკეში, ჭერში, კაქტუსებსა და ცალ მეზობელთან, გამორთულ დენსა და წვიმის სუნში, რომელიც დგება ავდრის დასასრულს, მას არ აქვს წონა, მაგრამ აქვს ფერი – ის არის ერთი და არის ყველგან:

– შორ ჩრდილოეთში, სადაც სათბობად ერთმანეთისგან ხდიან ბევრ არაყს, მერე კი სვამენ გაოგნებამდე – მისაყოლებლად ნერწყვიც კი არ აქვთ; – შორ სამხრეთშიაც, სადაც კი ჩრდილებს ვერ პოულობენ შეღამებამდე, საღამოსაკენ აღმოაჩენენ და მერე, ღამით, სულ აღარ ჩანან; – შორ დასავლეთში, სადაც პლასტმასის მანეკენები გაცოცხლდნენ ერთად, ადამიანად დაცემის ვნებით დადგნენ ქუსლებზე, აყვირდნენ ერთხმად. – აღმოსავლეთში, იქ სადაც მწიფობს მზის გულზე სილა, სილაში ვარდი, ჩილიმს ეწევა მამა და შვილი, ირგვლივ კი ცაა სხვა სილაჟვარდის.

ვეძებ მას ყველგან: ზემოთ და ქვემოთ, მპირჯვრავს მოხუცი ბენზინის სუნში, ჰორიზონტსა და ღრუბლიან ცაში, მღვრიე მზერების ჩხარუნთან ხურდის. ცრუ მათხოვრებში, ნაძვის გირჩებში, ცხელ მზესუმზირის ყრუ გამყიდვლებთან, პურის სურნელის გრძელ მთაგრეხილში, რომ ესამხრება ქალაქს ფერდიდან. და ვეძებ ყველგან, ყოველ ნაბიჯში, წვიმის წვეთებზე ასხლეტილ მზეში – მივდივარ ჩუმად, კანკალით, ფეხით, ხელებს ძლივს თბილათ ჩემს ჯიბეებში – ხეებს კი სცვივათ, და სცივათ ფოთლებს, მათ შეაგროვებს მოხუცი ქალი, წაიღებს სახლში, ჩადებს წიგნებში და მოინიშნავს წასაკითხ თავებს – გვერდებს, აბზაცებს, წინადადებებს, საკუთარ თმებსაც გათეთრებამდე, ომში უკვალოდ დაკარგულ ქმარს და ქორწილის ღამის თამამ ჭრიალებს, თბილ წყალში ჯდომას, ხმარტალა საპონს, ფანჯარას სადაც იწყება მთვარე...

ქარებშიც ვეძებ, ქარტეხილებთან, შორიდან მოსულ ნიავქარებშიც, მათ მოაქვთ სევდა ცათამბჯენების, დანგრეულების, დახვრეტილების: – ა, წაატეხეს ეშმაკსა რქები! – ფეხშიშვლად თოხნის გლეხკაცი ყანას. მის ფიქრშიც ვეძებ, თოვლისკენ, ტყისკენ, ხეზე შერჩენილ ყვავის ყრანტალთან, მიწასთან ახლოს, დამჭკნარ ფოთლებში, კვალში, რომელიც ჩამომრჩა უკან, ფიქრში, რომელიც აქამდე დამცდა, დამრჩა წარსულში, ისევ ქარებთან.

და ვეძებ იქაც, შორ ბავშვობაში: დაჩუტულ ბურთში – კოპლებიანში, აქერცლილ მუხლში, ქვიან გუნდაში, მერე სკოლაშიც, მასწავლებლებთან, დაფაზე, ცარცში, გასაწურ ჩვარში, მერხზე ნაკაწრში, სუფთა წერისას, კვამლით გაბუღულ ტუალეტებში, თვით დირექტორში, ბოლო ზარისას. ვეძებ მას ყველგან: ჩემში და მათში, აქვე, იქამდე, ვიდრე, ოდესღაც, მე მიყვარს ჩემი მზისფერი მსხლების სველ ფოთლებიდან კისკისით ჭვრეტა...

სადღაც იყვირეს: – ვლესავთ და ვლესავთ! აბა, საზამთრო! ვიბარებ ბოთლებს! მაწონი! ნავთი! ნაყინი! ნესვი! მწვანილი! ხორცი! წამალი! თევზი! სულყველგან ვეძებ: აქაც და იქაც - ზღვებსა და ტბებში, შორ კუნძულებზე. იქ პალმებს არხევს ნამდვილი ქარი – ცხელი, ველური, ოხშივრიანი, ნიჟარებს უგდებს ყურს სანაპირო – ქვიშიანი და ალაგ ქვიანი.

და იქაც ვეძებ, სულყველგან ვეძებ, ხელისგულიდან ვკითხულობ ამბებს, დავიწყებულებს, გასახსენებლებს, მოსახდენს ალბათ, ან არმოსახდენს: რომ ძიებაა მუდამ მთავარი, რომ ძიებაა – მერე კი მისვლა, არც წყურვილის კვლა, მუცლის ავსება, და არც სიმღერა მის სადიდებლად. გზაა მთავარი, გზა განიერი, სადაც ეტევა ერი და ბერი, ქალი და კაცი, ძროხა და ხარი, ძაღლი და კატა, ტურა და მგელი. ამ გზას გათელავს ბოლოსკენ ყველა, და მხოლოდ იქით, ძიების იქით, აღმოაჩენენ, რომ ღმერთი მოხდა, მოხდა უეცრად და ყველა ხნის წინ.

ცისმარე დილით, უმამლო დილით, ჩუმ ალიონზე გამოღვიძებულს, დამხვდა ლოგინში მე სუნი წვიმის – ჩემს გვერდით ტკბილად იწვა, ეძინა. მე დავუკოცნე შუბლი და ლოყა, მერე კი ყელი, ძუძუ, მუცელი, და კოჭებამდე სულ კოცნა-კოცნით შევისწავლე და ვერ დამავიწყდა მივმხვდარიყავი მის ვინაობას, მის ყველა სახელს, ყველა თვისებას, გავმხდარიყავი სულყველა ერთად, ყველა ენაზე ხმამაღლა მეთქვა:

– მე მომიტევეთ მთელი მსოფლიოს ხმაური ერთად, მთელი სამყაროს გუგუნი, კვნესა, როდესაც დღეა და ძინავთ სიზმრებს, ღამით, როდესაც სიზმრებში ძინავთ. გადაჭედილან ავტოსტრადები, ცოლებისავით დარბიან ქმრები, თითის ანაბეჭდს ამჩნევენ ღილაკს, ლიფტებიც ისევ ზემოთ მიჰქრიან.

მე მომიტევეთ ყველას სირბილი ქანცგაწყვეტამდე, მსოფლიოს ყველა საათი ერთად, მათი წიკწიკი, მკვდარი მაჯები, ყველა მათგანზე დრო ისევ ფეთქავს. სველი მორები მიაქვთ და მიაქვთ, სველი ხარები ტყლიზნიან ტალახს, წყაროსთავებზე აღარ დევს ჭიქა, მინდორში აღარ თიბავენ ბალახს. ტყეებში აღარ ამოვა სოკო, არ გააღვიძებს გოგოს ბებია – დაესიზმრება, რომ გააღვიძეს: – აგერ კალათი, გელოდებიან...

მე მომიტევეთ ყველა ცრემლი და ყველა ძაძა, როცა დეკემბრის ბოლო დგას თითქოს, როცა დედები ბადებენ შვილებს, მამები ბოლთას სცემენ უკბილოდ. მათი ფიქრები ასულა ცაში, იქ ღრუბლებია, მზეა ნელ-თბილი, ყველა მოლოდინს ერთხმად დაათოვს, როცა შერცხვებათ ბავშვის ტირილის. ცივი წყალია მათი შვება და ჯიბეებს ათბობს სიცარიელე, შვილებს სწყურიათ კუთვნილი რძე და დედების ძუძუ მშრალია ისევ.

მე მომიტევეთ ყველა სირცხვილი და გაწითლება, ბერიკაცები ქექავენ ნაგავს, მათი წვერები თეთრია, ოღონდ სასაფლაოს თოვლს ჯერ კიდევ არ ჰგავს. ღმერთის ქერტლივით გაფითრებულნი ისინი წმენდენ ჭუჭყიან ქალაქს, მათ ყავთ ცოლი და სხვისი შვილი, ჯიბიდან ხურდას ურცხვად რომ პარავს –

რომელსაც უყვარს მულტფილმები და სკოლის ღვეზელი შესვენებისას, ის იღებს დედის ფიქრებში ნიშნებს, მან კარგად იცის არითმეტიკა – მდინარეები, ტბები და ზღვები, და ჭაობებთან წვიმის სიმღერა - როცა ბაყაყი ყიყინებს წყალში, ჭრიჭინები კი ღმერთებს რომ ჰგვანან, როცა ბალახი აძინებს მიწას, მიწა რომ ფშვინავს ჭიანჭველებად, ცოლები გლეხებს რომ ბანენ ფეხებს, მერე იმ წყალში დიდხანს რომ დგანან.

მე მომიტევეთ ყველა ძილი და გამოფხიზლება, სქელი მკლავები რომ ფენენ სარეცხს, უთქმელი ორთქლი ასდის ჩაიდანს, ასფალტს ერევა ბალახი, მწვანე. ლიფტები უკვე მიქრიან ქვემოთ, დედებს კოცნიან შვილები მორცხვად, სიზმრის ნაფლეთებს ტოვებენ ზღურბლზე, გარბიან ფეხით, გარბიან ნორჩად. დილაა ისევ ქალაქში ყუჩი, დილის სიჩუმე დაძრწის ქუჩებში, ვიღაცა კატას რძეს ალევინებს, ცოლი აფხიზლებს ქმარს შუბლზე ტუჩით.

მაინც მოხდება ომი და წავლენ – უიარაღოდ, მშრალი ხელებით, ტუჩების კვნეტით, წარბის თამაშით, ბოლო ამბორით, ცოლის ცრემლებით. ომს წააგებენ – მოიკვლებიან, დაბრუნდებიან ტყვიის ყუთებით, ვიღაც იპოვის სანგრებში ლოცვებს, სიკვდილის შემდეგ სისხლით დაწერილს. წამოიღებს და ჩამოარიგებს, როგორც ბილეთებს ყველასთვის ღმერთი: – აბა ბალკონი, პარტერი, ლოჟა!! – და მეც შემხვდება მხოლოდ ერთ-ერთი.

მეტყვიან – თქვი, და მეც ვიტყვი ჩუმად: – მწყუროდა, ჰოდა, ვეძებდი გარეთ, აგერ ვიპოვე... შეხედეთ, ის სულ – აქ იყო, ჩემში... აქ იყო მარად...

study


Last edited by Admin on Thu Jan 21, 2021 3:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6407
Registration date : 09.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyThu Jan 21, 2021 2:22 pm

ბესო ხვედელიძე Beso_k11

ბესო ხვედელიძე

ბრმების ქალაქი

პლეხანოვზე დავნიშნეთ შეხვედრა. თუმცა არა. რა პლეხანოვზე... პლეხანოვზე მერე წავედით. თავიდან გამოფენის შესასვლელთან შევხვდით და შემდეგ იქიდან ფეხით.
ხუთი წელი არ მენახა - მთელი ხუთწლედი. ის კიდევ ზუსტად ისეთი გამოცხადდა. ბეწოთიაც არ შეცვლილიყო: მიმოხვრა, ვარცხნილობა, ღიმილი, ცალ ლოყაზე ფოსო - ყველაფერი ძველებურად. თითქოს, აგერ გუშინ იყო ის მაშინდელი დღე, სულ ბოლოს, - რომ მესტუმრა და ჯაჭვიანი საათი დამიტოვა.
"ეს შენ ჩემგან..." - ყოველთვის ჰქონდა მოძრაო­ბებსა და გამოთქმაშიც რაღაც პროვინციული.
"ვა... რა მაგარია..." - ვთქვი მე მაშინ და საათი საწოლის თავზე მიჭედებულ ლურსმანზე დავკიდე.
"მანდ რა უნდა?" - გაუკვირდა გულწრფელად.
"აბა ბაბუაჩემი ხომ არ ვარ?" - დავაელამე თვალები და ჯიბეზე გამობმული ამდაგვარი საათით მართლაც ცხონებული ბაბუაჩემი დამიდგა თვალწინ.
"რამდენ ხანში გაჩერდება?" - შევხედე კედელზე ჩამოკონწიალებულს.
"როცა ასეთი დაგავიწყდები..." - მიპასუხა ეშმაკურად და მეც გამიხარდა.
"ყოჩაღ!" - შევაქე. - "პოეტურია... აგითვისებია."
"უუფ!"
მაშინ მეტი საათზე აღარაფერი გვითქვამს. როგორც მერე გამიმხილა, მეორე თუ მესამე დილით მიემგზავრებოდა, ოღონდ ჯერ თვითონ არ იცოდა საით. ავტობუსს უნდა გაჰყოლოდა - თურქეთი-საბერძნეთი-გერმანია.
"სადმე ჩამოვხტები..."
"რა უნდა აკეთო?"
"თურქეთში - არ ვიცი..."
"საბერძნეთში?"
"საბერძნეთში ფორთოხლებს ახვევენ პარკებში."
გერმანია აღარ მიხსენებია, და ისიც წავიდა. წავიდა და მთელი ხუთი წელი არ გამოჩენილა. ის საათიც, მე ჩემი ბედის რა ვთქვი, მთელი ხუთი წელი არ გაჩერებულა. ვისაც არ ვეუბნებოდი, არავინ მიჯერებდა: "არ არსებობს... გვეკაიფები... ელემენტი დევს თუ წისქვილი?..."
ჰოდა, აგერ, ზუსტად ხუთი წლის თავზე დარეკა რადიოში. ის სიმღერა უყვარდა: საიმონ- გარფანკელის - თჰე ბოხერ - ვიდრე წავიდოდა, სულ მაგას მთხოვდა ხოლმე. ახლაც არ ვიცი, რამ გამახსენა. კაი ხანი იქნებოდა, არ გამეშვა. გავუშვი თუ არა, ტელეფონიც შეთქმულივით აწკრიალდა.
"აქა ვარ..." - ამდენი ხნის შემდეგ ეს მისი პირველი სიტყვები იყო, მაგრამ მაინც მაშინვე ვიცანი. ბევრიც არაფერი გვითქვამს: შევხვდეთ?... აუცილებლად... სად შევხვდეთ?... დიდუბეში?... მაშინ გამოფენის შესასვლელთან... როდის?... სამზე?... კაი...
"მტკვრისგაღმელთა რუსთა­ვე­ლი წერეთელია?" - ვეანგლე ძველებურად.
"უუფ!" - არც ის შეცვლილიყო.
ჰოდა, შევხვდით.
"როგორ გასუქებულხარ!" - ჩემს დანახვაზე მაშინვე უმრავლესობას დაემსგავსა. მერე თბილად გადამკოცნა და სხვებს ბოლომდე მაინც ვერ წაბაძა. "მაგრამ გიხდება..."
"დადიოდა..." - გამეფიქრა ჩემთვის და გავუყევით.
ათენზე მიყვებოდა. იქაურებზე. კუნძულებზე. ფეხბურთზე აფრენენო. თბილისს ტიფლოსს ეძახიან, რაც იქაურად ბრმების ქალაქს ნიშნავსო. რომ მკითხეს და ვუთხარი თბილისიდან ვარო, გაეცინათ - ბრმების ქალაქიდან თვალხილული როგორ ჩამოხვედიო.
"მერე ვერ ჩაარტყი?" - ვკითხე მე.
"ვისა?"
"პლატონას... ვინც ეგ გკითხა..."
"უუფ!"
მთელი წერეთლის გამზირი ფეხით გავიარეთ. სტადიონამდე რომ ვიწრო ქუჩაა, მუშტაიდთან რომ ჩადის, საცობი თუა, სამარშრუტო ტაქსები იქიდან რომ მიძვრებიან ხოლმე, იმას ჩავუ­ყევით.
"სად მივდივართ?" - მუშტაიდის მატარებელს რომ გავუსწორდით მერეღა მკითხა. იქამდე რადიოს ამბებს იძიებდა: ის როგორ არის? ის რატომ წავიდა? ის ვის გაჰყვა? იმან ვინ მოიყვანა? - და ეგეთებს...
"თუ გინდა ვაგონში ჩავჯდეთ..." - მივუთითე მატარებელზე.
"უუფ!" - ვერანაირი ათენი ამ "უუფ"-ს ვერ ამოუშლიდა. ასეც იყო. მივჟღურტულებდით. გავიარეთ სტადიონი. უკან მოვიტოვეთ მუსკომედია. მერე კინოსტუდია. კინოსტუდიის კაფესთან შევყოვნდით.
"აქა?" - შემეკითხა.
"არა..." - გადავაქნიე თავი. "აქ მოგონებები დამხვდებიან... სულ სხვაგან წამიღებენ..."
ბოზების ბირჟამ უხერხულად შეშმუშნა.
"ა თვალხილული ხალხი!" - მივუთითე და გზაჯვარედინი გადავჭერით.
"ხომ არ დაიღალე?" - შევეკითხე სკოლასთან.
"სადმე დავჯდეთ რა..."
"კი".
კიდევ გავუყევით. უკვე საკუთარ თავზე ჭიკჭიკებდა. ვიღაც გიჟ ბებერ კაცს ვუვლიდიო. მისმა შვილებმა მიქირავეს, თვითონ ვერ უძლებდნენ, თან სხვაგან ცხოვრობდნენო. არანორმალური იყო ნამდვილი - როგორ გავჩერდი ხუთი წელი მეც არ ვიციო. ფაშისტი იყო დეგენერატი, სულ ჰიტლერ-გებელსების და გესტაპოს სურათებით ჰქონდა თავისი ოთახი სავსეო. მთელი დღე ფაშისტურ მუნდირში დაღოღიალობდა და რაღაცეებს ხაოდაო.
"საბერძნეთში კი არა, დაო, სრულმეტრაჟიან კინოში ყოფილხარ." - გამეღიმა მე.
"ნევროზი ამკიდა... მე ჩემი ოთახი მქონდა... შუაღამით, ჩუმად შემოდიოდა ხოლმე იმ მუნდირში და ხელგაწვდილი თავზე დამხაოდა - ჰაილ, ჰიტლერრ!!"
"მაგარია!!"
"აბა შენ გიკეთოს ეგეთები ვინმემ ხუთი წელი, თან ყოველ შუაღამეს..."
"მერე კარი ვერ დაკეტე?"
"არ იყო გასაღები."
"მაშინ გაქცეულიყავი..."
"კარგად რო მიხდიდნენ?"
"დაგებრიდა, მაგის დებილი დედაც!... სახლი გაგესუფთავებინა და იალა იქით, ან აქეთ."
"უუფ!... პასპორტი შვილებს ქონდათ..."
კინოს გავცდით. კარგარეთელის ბაღსაც. მერე ძველ ფილარმონიას. კბილის კლინიკამდე საუბრით მივედით.
"ამდენი ათენში არ მივლია ფეხით..." - გამომხედა გაწამებული სახით.
"ფაეტონს დაჰყავდი?"
"ავტობუსს."
"აი მოვედით." - ვთქვი მე და შუშის კარი შევაღე. "ახალი გახსნილია... ანუ, უსუნო ყვავილივითაა... ჯერ."
შევედით. ჩვენი რადიო ჰქონდათ ჩართული და გაეხარდა. ჩამოვჯექით.
"დავლიოთ?" - შევეკითხე.
"მშია."
"მაშინ ვჭამოთ, თან დავლიოთ და ბრმების ქალაქიც აშენდება... "
თავი დამიქნია და შევუკვეთეთ.
"ახლა შენ მითხარი რაღაცეები..." - ჩამაცქერდა თვალებში, თან მანტო გაიხადა და გვერდით მოიდო. "შეეშვი მელნის ხარჯვას?"
"შევეშვი რა, ქალია?..."
სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
"რომანებზე რომ უნდა გადასულიყავი?"
"ვცდილობთ..." - ამოვიოხრე საწყლად. "თან აღარც ვიცი... მკითხველიც გაიაფდა დროსავით... ამასწინებზე ერთმა მითხრა, დიდ რაღაცეებს რაღა წამაკითხებს - სადღა მაქვს მაგის დროვო..."
"შენც პატარა რომანები წერე..." - რგოლი გამოუშვა, მერე სული შეუბერა და გააქრო.
"პაწაწინა რომანები." - ვთქვი ჩემთვის და თითებზე დავიხედე.
"აი, ჩემზე და შენზე მაგალითად..."
გამეღიმა და თვალი თვალში გავუყარე.
"საბაბები როა ცოტა?"
"ეგ რას ნიშნავს?" - შეკრა წარბი. ამ დროს მიმტანმა მაგიდაზე შეფიფქული ბოთლი დადგა.
"აგერ, მაგალითად, - აიღე ეს ბოთლი, გადამამსხვრიე... და საბაბიც იქნება..." - ავუხსენი იოლად.
"უუფ!"
ბოთლი გავხსენი და ჩამოვასხი.
"სადღეგრძელოები თუ იციან?" - დავეკითხე და ჭიქა ავწიე.
"ვინა? იმათ?" - შემეკითხა და ჩაიღიმა. "ჩვენზე ნაკლებები კი არ არიან?"
"მაშ მოდი, დაო, საბერძნეთიდან ჩამობრძანებულ პირველ და უკანასკნელ დაბრძენებულ არაბერძენს გაუმარჯოს!" - ვთქვი და ჭიქა მივუჭახუნე.
მომტანი არ ისვენებდა. მოჰქონდა და მოჰქონდა. ერთი პირობა გამეფიქრა, რამე ხომ არ შეეშალათ-მეთქი, თუმც მალევე მივხვდი - მთელი ჩვენი შენაკვეთი სანოვაგე ორად გაენაწილებინათ, ცალ-ცალკე თეფშებზე დაეწყოთ და ისე გვაწვდიდნენ.
"ახალი წესები?" - გაუკვირდა იმას. ცოტა ხანში ისე ჩანდა, თითქოს სუფრა სულ გადავსებული გვქონდა.
"სუფრა არის აქაური ყველაფერი..." - ვყვებოდი მე. "სუფრა არის აქაური ანი და ჰოე - ყველა საიდუმლო რაც კი აქაა, დევს აქაურ სუფრაში!..."
"უუფ!"
"რატომ?"
"შენ რა პატრიოტი გამხდარხარ!"
ნელ-ნელა როლებს ვცვლიდით. უკვე მე ვუყვებოდი და ის მისმენდა. ადრეც ეგრე იცოდა - დამაწყებინებდა ლაპარაკს და გზაში ერთს არ შემეკითხებოდა რამეს, არ გამაჩერებდა, ვიდრე ქანცს არ გამაძრობდა. ახლაც მხოლოდ ისევ იმ ძველებური - "უუფ"-ით თუ მაყოვნებდა, ისიც ხანდახან.
"კიდევ გაქვს ღამე?... გახსოვს რომ დავრჩით?... რა ლამაზი იყო..." - მახსენებდა მერე, ლაპარაკისგან მისავათებულს, სადღაც ექვსი წლის წინანდელს.
მაშინ რადიოში მთელი ღამით დარჩა. სულ ახალი გაცნობილი მყავდა. დარჩა და სიმღერებს ვუშვებდით. თან ნებისმიერ წვრილმანზე ისეთი სერიოზული სახით ვმსჯელობდით, თითქოს ნიშანს გვიწერდნენ და დილამდე ეგრე. გარიჟრაჟზე კიდევ, სახურავზე ვიდექით და მზის ამოსვლას ვუყურებდით. დილის სიო თმას უწეწავდა. თმის ბოლოები სახეზე მელამუნებოდა და მსიამოვნებდა.
"ყველაზე ძალიან მსოფლიოში მე მიყვარს მზე!" - გამოაცხადა მაშინ ხმამაღლა.
მერე უკვე ქუჩაშიც შევხვდით. ორჯერ კინოშიც ვიყავით და მე ორივეჯერ ვერაფერი გავუგე ფილმს. სიუჟეტს ვერ ვიჭერდი. თავიდან გამეფიქრა, ზერელედ ვუყურებ-მეთქი და ყურადღებას ვძაბავდი, მაგრამ მაინც არაფერი გამომდიოდა. რატომ? - ამას მაშინ ვერაფრით ვხვდებოდი.
მოგონებებში კიდევ ბევრი რამე იყო. და მაინც, ძირითადად სიარული: აქა და იქა, იქა და აქა... აღარაფერი დავტოვეთ მოუნახულებელი. ყველგან ერთად. ხელკავი და ეგრე.
"ნახე ზეედორფმა რა ითამაშა?..." - დაიწყო სულ პირველად ვაკის პარკში.
"ვა..." - გამიკვირდა მაშინ გულწრფელად. "შენ საიდან - ზეედორფი?..."
"ვუყურებ ხოლმე..."
"ვა..." - ვთქვი კიდევ ერთხელ. მაშინ წამომცდა, გოგოდ რომ გავჩენილიყავი, ალბათ შენნაირი ვიქნებოდი-მეთქი და შევატყე - ძალიან გაუხარდა. იმ დღეს სულ სხვანაირ ხასიათზე იყო. ფიქრს მიჰყავდა. მერე უცებ მოცოცხლდებოდა ხოლმე.
მოგონებები მართლაც მრავალნაირი იყო. ჩვენც მივედ-მოვედეთ. ორ საათს მაინც ვისხედით. მე ოდნავ შევთვერი. ის კიდევ მხოლოდ წრუპავდა, ადრინდელივით, და უკვე მერამდენედ მამეორებინებდა:
"არაყს სვამენ ყლუპებით, გოგო!... რას წრუპავ აქ?! ჭიქა არაყი, მთელი ცხოვრებაა გიხსნი, რომ ისმება ერთ... ერთ ცალ ყლუპში, ლუდი - ორში, ღვინო - სამში..."
"აი შამპანური კი..." - ჩაურთო უცებ ჩემივე სათქმელი და გაიცინა.
"აი შამპანური კი..." - ნელა გავიმეორე ღიმილით. "წრუ-პვით!" - და ბოლო ჭიქა ჩამოვასხი. "ამის მერე რა ვქნათ?... - ავხედე თან კედლის საათს. "ახლა არ თქვა, არ მცალიაო?"
თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია.
"ჰოდა, ავდივართ ჩემთან..." - ავწიე ჭიქა და თვალი ჩავუკარი. "ანუ, სცენა შეუმდგარი ფილმიდან - უძღები ქალიშვილის დაბრუნება..."
"სადმე სხვაგან რო?..." - გაიქნია თავი გაურკვეველი მიმართულებით. "რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ..."
"გიდიც გინდა გამხადო?" - მოვ­ჭუტე ცალი თვალი. "ვერ ეღირსები1... ჯერ ჩემთან! ყავა, რამე, და საღამოს უკან... კინოს სახლში ხომ გინდა?... ფესტივალია..."
"მინდა." - დამიქნია თავი მხიარულად და ჭიქა მომიჭახუნა. "ვისა ესე იგი?"
"ბრმებს, ყრუებს და მუნჯებს."
"უუფ!"
დავლიეთ და მალევე გამოვედით. ძველებურად ხელკავი გამოვდე. გზაში ისევ ბერძნებზე მიყვებოდა. ძალიან ხმაურიანები არიან, ამიტომ ყველა "ნაუშნიკებით" დადის, მუსიკას უსმენს, იქაურმა ქუჩის ღრიანცელმა რომ არ შეაწუხოსო.
"ჩვენზე მაგრა ყაყანებენ?..." - გამიკვირდა მე და მანაც პასუხად დამცინავად შემომხედა.
"თბილისი კურორტი და სანატორიუმია, ძმაო... "
სახლში არავინ დაგვხვდა. სამზარეულოს ეტყობოდა, დეასთვის დაქალებს მოეკითხათ და სახლში რაღა გააჩერებდა. როგორც კი შევედით, ჰაერი ღრმად შეისუნთქა და გაუხარდა.
"უი, ეს სუნი მე ვიცი!!..."
"სუნი?" - შევწუხდი მე. "რა სუნი?"
"შენი სახლის სუნი, იგივე შენი სუნია." - თქვა და მანტო გაიხადა. ჩამოვართვი, საკიდზე ჩამოვკიდე და ჩემს ოთახში შევედით. ამ ხუთი წლის განმავლობაში ბევრი არაფერი იყო შეცვლილი. ერთადერთი - ტახტი იდგა ფანჯარასთან. იმას კიდევ, შემოაბიჯა თუ არა ოთახში, თვალი უმალ ჯაჭვიანი სა­ა­თისკენ გაექცა. თავის ადგილას რომ დაინახა, გაეღიმა.
"როგორაა?" - გამომხედა მორცხვად.
"დღეს გაჩერდა" - გავუმხილე ამაყად.
"უუფ"...
"გეუბნები..."
"რანაირად?"
"კარგად... სხვებსაც არ ჯეროდათ... გვატყუებო... ელემენტებს უცვლიო..."
"ისევ ისინი უდგას?" - გაუკვირდა უცებ გულწრფელად და სახეზე უცნაურმა ფერმა დაურბინა.
"მე არ გამომიცვლია და..." - ავიჩეჩე მხრები. საწოლთან მისულმა ხელი სწრაფად გაიწოდა და ლურსმნიდან საათი ჩამოხსნა. მე მაგნიტოფონთან მივედი, მუსიკა ჩავრთე და მივუტრიალდი. საათი ისევ ხელში ეჭირა, ამოეტრიალებინა და ფრჩხილით უკანა სარქველის წაძრობას ცდილობდა.
"ფრჩხილი მოგტყდება!" - გავაფრთხილე და თაროდან ლანცეტი ჩამოვიღე.
გამომართვა და სარქველიც უცებ წააძრო. იქიდან უეცრად რაღაც პატარა ქაღალდი გადმოვარდა და ვიდრე ძირს დაეცემოდა, მოასწრო - ჰაერში დაიჭირა.
"ეგ რაღაა?" - შევეკითხე გაფაციცებით.
"არაფერი." - მითხრა თითქოს უდარდელად, მაგრამ ხმაში მაინც უცნაური თრთოლვა შევნიშნე.
"მოიტა აბა... ვნახოთ..." გავუწოდე ხელი.
იმან კიდევ ქაღალდი უცებ მოჭმუჭნა და ფანჯრიდან ეზოში გადაუძახა.
"რატო არ მანახე?" - გავბრაზდი მე.
"აღარაა საჭირო."
"რა აღარაა საჭირო?"
შუა ოთახში პირისპირ ვიდექით და ერთმანეთს თვალებში შევყურებდით.
"შენი ჩადებული იყო!!" - დავეჭვდი მე.
"უუფ.." - გაიმეორა თავისი საყვარელი შორისდებული და სავარძელში ჩაჯდა. მერე ელემენტები ხელისგულებზე გადმოიფერთხა და დააცქერდა.
"ესენი და ხუთი წელი?"
მე ისევ მხრები ავიჩეჩე და მეორე სავარძელში ჩავეშვი.
"ეგენი, ეგენი..." დავუქნიე მერე თავი და მუხლისთავიდან მტვერი გადავიფერთხე. "აგე, შენც არ გჯერა..."
"იგივეები კია..." - თქვა კაი ხნის ფიქრის შემდეგ. "...ბაზრობაზე ვიყიდე მაშინ..."
"ყველაფერი გახსოვს..." - დავუქნიე თითი. ელემენტები ისევ უკან ჩააწყო და საათს სარქველი მოარგო. მერე ყურთან მიიტანა და მიუგდო.
"არ მუშაობს." - თქვა მოწყენილმა.
"დილით გაჩერდა-მეთქი... რადიოში წასვლამდე..."
"ესე იგი..." - დაიწყო და შეყოვნდა.
"რა ესე იგი?"
"ყველაფერი მორჩა?"
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.
"ანუ თავიდან იწყება..." - დავამშვიდე იქვე. "მეორე სერია... ისეთი მაინც აღარ მახსოვხარ და... თან საბაბიც მაქვს..." - მივუთითე გაჩერებულ საათზე. თავი მორცხვად დახარა და ფრჩხილებზე დაიხედა. მერე თითები ერთმანეთზე დაიტოლა და მათი ჭრილებიდან გამოიჭყიტა.
რვამდე გაუჩერებლად ვქაქანებდით - ხან ის: საბერძნეთზე და ხანაც მე: - აქაურობაზე. ფეხბურთიც მოვიკითხეთ ტრადიციულად
"ყომარობდი?" - შევეკითხე ცალი თვალის მოჭუტვით.
"ისე რა..."
"იგებდი?"
"ერთხელ მოვიგე... ბოლოს... ბევრი."
"რამდენი?"
"თორმეტი ათას ხუთასი."
"რამდენი?" - მოულოდნელობისგან უზარმაზარი ნერწყვი გადავყლაპე.
"მაგიტომ ჩამოვედი..."
"ეგეთი რა იყო?"
"პირდაპირ დავდე ათასი დოლარი..."
"მდაა..." - გამიკვირდა მე.
"სიზმარი ვნახე... ყავისფერი ვირთხები ესეოდნენ მკვდარ, ზოლებიან კატას... გახრწნილს... თითქმის დანაქუცებულს... "
"მეტი რაღა გინდოდა..."
"ჩვენების გავარდნაზე "ტირანასთან"... მეორე თამაშის წინ. შემდეგ წრეში გასვლაზე. თორმეტი და ხუთი ჰქონდა "ტირანას".
"გიჟი ხარ... მერე?"
"ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი... გულზე..."
"სადა?"
გულისკენ ჩაიხედა.
"მანკის ნიშნებიაო, მითხრეს..." - თქვა მერე და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. კაი ხანს ვდუმდით. მერე დეა მოვიდა თავისიანებთან ერთად და ჩვენც დავიძარით.
კიბეები ჩუმად ჩავიარეთ. ეზოში გასვლისას შევხედე და გავჩერდი. ისიც შეჩერდა.
"რაო?" - შემეკითხა ნაღვლიანად.
"მითხარი რა ეწერა?" - შფოთი მედგა ხმაში მე.
"სად?"
"იმ ფურცელზე!"
"არაფერი."
"მითხარი!!"
"მაინც ვერ დაინახავდი."
"ვერ დავინახავდი?"
ეშმაკურად გამიღიმა და თვალებში შემომცინა.
"შენ ხომ ბრმა ხარ!" - თქვა და ეზო­დან გავიდა. ავედევნე.
"ბრმაცა ხარ და უარესიც!... მითხარი-მეთქი!!" - მოვკიდე ხელი მხარში და შევაჩერე.
თვალი თვალში გამიყარა.
"გითხრა?" - დამეკითხა მერე.
"უნდა მითხრა, აბა არ უნდა მითხრა?... ჩვენ ხომ მაინც ყველაფერს თავიდან ვიწყებთ..."
"უუფ..."
"მიდი-მიდი... რა ეწერა?" - შევა­გულიანე მე. და იმანაც უცებ თქვა:
"ის, რაც მაგ საათს მთელი ხუთი წელიწადი ამუშავებდა."
უკვე ბინდდებოდა. ქუჩაში ხალხი თითქმის არ იყო. კინომდე ხმა აღარ ამოგვიღია. თითქოს ბოლომდე ვიყავით დაცლილები, დამჯდარები - აიმ ელემენტებივით. არც მახსოვს, როგორ და რა გზით მივედით.
იქ კი, ჩვენს ჯინაზე, მაინცდამაინც რაღაც ახალი ბერძნული ფილმი გადიოდა.
"გვეჩალიჩებიან." - გამოვთქვი ვარაუდი და პირჯვარი გადავიწერე.
გაეღიმა და რიგში ჩავდექით.
"შენ გგონია, მე ვერ ვხედავ მზეს?" - შევეკითხე დარბაზში შესვლისას.
უცნაურად შემომხედა. მერე ხელებზე დამხედა. ხელში ბილეთები მეჭირა.
"რომელი ადგილებია?"
"ბოლო რიგის სულ იქითა კუთხე..."
"მართლა?..."
უკნიდან ხალხის ნიაღვარი გვაწვებოდა და ჩვენც ნელ-ნელა სწორედ ბოლო რიგის გასწვრივ აღმოვჩნდით. ჩვენს ადგილებს ხელისგულებჩაჭიდებულებმა ვუწიეთ და უცებ დავჯექით.
"რა ცხელი ხელისგული გაქვს..." - შევხედე მე.
"არა მხოლოდ..." - მითხრა და ამ დროს სინათლეც ჩააქრეს.
ვიდრე ტიტრები იწერებოდა, პირი ყურთან მივუტანე.
"ხომ არ გვეკოცნავა?" - შევეკითხე და მისკენ გავიწიე.
"სიბნელეში რას დამინახავ?" - ამყვა ისიც ღიმილით.
"მართლა ბრმა კი არ ვარ!" - გავიმართლე თავი. - "შენ კი გხედავ..."
"ხატიასავით... და მაინც საბაბები გჭირდება, არა?" - ჩამჩურჩულა ყურში და ჩემს თანხმობას არ დაელოდა, ისე მაკოცა.
"აკი, უნდა დამვიწყებოდი?" - ჩავჩურჩულე მე.
"წესით." - დააქნია თავი.
"ეგ რომელი წესით?"
მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთხელ მაკოცა.
"აწი რომელი მანკი მომერევა..." - დააქნია მერე თავი და დავინახე, როგორ ჩამოუგორდა ლოყაზე ცალი ცრემლი.
"ვერანაირი..." - ვაკოცე სველ ლოყაზე და მთელი ძალით მივიხუტე.
აშკარა იყო, ჩვენს გარდა კიდევ ვიღაც ერია ამ ურთიერთობაში - ჩვენზე ბევრად მეტი და ძალიან საჭირო: ყველაფერს ერთი ხელის მოსმით რომ ამჭვირვალებს ხოლმე და შემთხვევითი დამთხვევებით ხუნძლავს ცხოვრების ყოველ ჩქამს.
თან გულებიც ერთნაირად გვიცემდა. თვალებიც ხომ ერთნაირად დაჭყეტილი გვქონდა. ყველაფერსაც ირგვლივ - ერთმანეთით დაწყებული და ასევე ერთმანეთით დასრულებული, უკვე ზედმეტად კარგად ვხედავდით და ვგრძნობდით.
ბოლო-ბოლო, ეკრანზეც ხომ მაინცდამაინც ახალი ბერძნული კინო-ფილმი გადიოდა.

study


Last edited by Admin on Thu Jan 21, 2021 3:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6407
Registration date : 09.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyThu Jan 21, 2021 2:30 pm


Měsíc autorského čtení / Authors´Reading Month 2017 : Beso Chvedelidze / ბესო ხვედელიძე (Brno)
•Streamed live on Jul 6, 2017

(c) Větrné mlýny, 2017
(c) Authors’ Reading Month, 2010 (6. 7. 2010)
Měsíc autorského čtení je největší středoevropský literární festival, který probíhá v Brně, Košicích, Ostravě, Lvově a Wroclawi (www.autorskecteni.cz)

Beso Chvedelidze
Jeden z nejproduktivnějších a nejvydávanějších gruzínských autorů. Narozen 1972, v roce 1996 vystudoval fakultu žurnalistiky na Státní univerzitě v Tbilisi. První z jeho povídek se objevily v literárních časopisech v roce 2000; od té doby vydal na deset knih, od románů a povídkových sbírek po knihy básní. Jeho povídky byly přeloženy do deseti jazyků, jedna celá povídková sbírka pak vyšla v německém překladu pod názvem Der Geschmack von Asche. Chvedelidze je držitelem řady literárních ocenění, včetně ceny Saba (kterou získal hned dvakrát), Ceny literárních mostů udílené na Mezinárodním festivalu (Baku, 2010) a ceny za nejlepší povídku ruského literárního časopisu Oktjabr (Moskva, 2009). Autor žije částečně v Tbilisi, částečně v Káthmándú a jednu ze svých nejnovějších knih, Namaste, věnoval své východní zkušenosti a objevení buddhismu.

Beso Khvedelidze:
Born in 1972, he is one of the most productive and most published authors in Georgia. In 1996, he graduated from the Faculty of Journalism at Tbilisi State University. His first short stories appeared in literary journals in 2000 and since then, he has published over ten books, including novels, short story collections and poems. Khvedelidze’s short stories have been translated into ten languages. A collection his short stories, Der Geschmack von Asche, was published in Germany by Leipziger Literaturverlag. He has received several literary awards, including the Saba literary award (twice), the Literature Bridges Prize at the International Festival (Baku, 2010) and the prize for the best short story at the October Award (Moscow, 2009). The author lives partly in Tbilisi and partly in Kathmandu, and one of his most recent books, Namaste, is about his Eastern experience and the discovery of Buddhism.

ბესო ხვედელიძე:
ბესო ხვედელიძე 1972 წელს დაიბადა. იგი არაერთი პუბლიკაციის ავტორია. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მისი პირველი მოთხრობები ლიტერატურულ ჟურნალებში 2000 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ გამოცემული აქვს ათზე მეტი წიგნი - რომანები, მოთხრობებისა და ლექსების კრებულები. ბესო ხვედელიძის მოთხრობები ათამდე ენაზეა ნათარგმნი.
ავტორის პროზაული კრებული „თაგვის გემო“ გერმანიაში Leipziger Literaturverlag-მა გამოსცა. მიღებული აქვს სხვადასხვა პრემიები და არის ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებული: ლიტერატურული პრემია „საბა“; „ლიტერატურული ხიდების პრემია“ საერთაშორისო ფესტივალზე ბაქოში, 2010 წელს; ჯილდო საუკეთესო მოთხრობისთვის „ოქტომბრის დაჯილდოებაზე“ მოსკოვში, 2009 წელს. ამჟამად ავტორი თბილისსა და კატმანდუში ცხოვრობს. ბესოს ერთ-ერთი ბოლო

რომანი „ნამასტე“ სწორედ მის აღმოსავლურ გამოცდილებას და ბუდიზმის აღმოჩენას შეეხება.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6407
Registration date : 09.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyThu Jan 21, 2021 2:33 pm

ბესო ხვედელიძე Beso_c10

Der Geschmack von Asche: Vier Erzählungen (German) Hardcover – Unabridged, 15 Jan. 2014
by Beso Chwedelidze (Autor), Luka Kamarauli (Übersetzer), Anastasia Kamarauli (Übersetzer)

Zum ersten Mal liegt hiermit in deutscher Sprache eine Auswahl von Erzählungen dieses Meisters der georgischen short story vor. Chwedelidzes Texte überraschen durch ihre surrealen Wendungen, die von der absurden Wirklichkeit eines Lebens im gesellschaftlichen Umbruch inspiriert sind. So nehmen in der Erzählung Schwalben die namenlosen Figuren ER und SIE ihr Leben selbst in die Hand und lassen sich nichts mehr vorschreiben. In Der Geschmack von Asche wird wird aus einem High-Society-Journalisten ungewollt ein Kriegsreporter, dessen Notizbücher nun Interviews mit Soldaten, Verletzten und Geiseln sowie die Briefe an seine Mutter füllen. Ob eine Rückkehr in das zivile Leben noch möglich ist, bleibt ungewiß, denn – so die unerwartete Schlußpointe – nur den Toten gelingt es, diesem Inferno zu entfliehen. „Ich will mich einfach hinlegen, einschlafen, und das Ganze soll aufhören. Wenn ich aufwache, will ich an einem anderen Ort sein, ganz woanders, wo die Dinge nicht so sind wie hier. Ich habe hier nichts mehr verloren. Mutter, wo ist Gott?“ In dialogreicher Sprache, die eine nahezu soghafte Unmittelbarkeit des Erzählten bewirkt, spannt Beso Chwedelidze den Bogen vom Politischen zu den Begebenheiten des Alltags und Zwischenmenschlichen. Große Erzählkunst im kleinen Format!


Product details
Publisher : Leipziger Literaturverlag; 1st edition (15 Jan. 2014)
Language : German
Hardcover : 150 pages
ISBN-10 : 3866601808
ISBN-13 : 978-3866601802
Dimensions : 14.9 x 1.7 x 21.8 cm
Best Sellers Rank: 3,188,483 in Books (See Top 100 in Books)
123,372 in Contemporary Fiction (Books)
234,569 in Literary Fiction (Books)

* https://www.amazon.de/-/en/Beso-Chwedelidze/dp/3866601808

Zurück zur Autoren-Übersicht

Beso Chwedelidze
geb. 1972 in Tbilissi, studierte Journalistik, Kulturmanagement und Drehbuch, arbeitete als Redakteur der Literaturzeitschrift Literaturuli palitra, veröffentlichte Erzähl- und Gedichtbände sowie Romane, mehrfach mit literarischen Preisen geehrt u.a. 2003 mit dem Saba-Nationalpreis für Literatur, zählt zu den erfolgreichsten Autoren des heutigen Georgiens.

Aus dem Georgischen von Anastasia und Luka Kamarauli

Zum ersten Mal liegt hiermit in deutscher Sprache eine Auswahl von Erzählungen dieses Meisters der georgischen short story vor. In dialogreicher Sprache, die eine nahezu soghafte Unmittelbarkeit des Erzählten bewirkt, spannt Beso Chwedelidze den Bogen vom Politischen zu den Begebenheiten des Alltags und Zwischenmenschlichen. Große Erzählkunst im kleinen Format!

* https://l-lv.de/
* http://l-lv.de/neu/product_info.php/info/p7_chwedelidze--beso--der-geschmack-von-asche--vier-erzaehlungen.html

study


Last edited by Admin on Thu Jan 21, 2021 4:10 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6407
Registration date : 09.11.08

ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე EmptyThu Jan 21, 2021 4:03 pm


ბესო ხვედელიძე "ნამასტე"
•Dec 21, 2020

თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო - პორტრეტები. “ ცოცხალი წიგნები ”

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ ცოცხალი წიგნები ” წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა ვიდეო- პორტრეტებს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ბესო ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ბესო ხვედელიძე   ბესო ხვედელიძე Empty

Back to top Go down
 
ბესო ხვედელიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: