ცირა ბარბაქაძე
* * *
ჰეი, ოჩოპინტრევ, გეძახი... ადვილად
ვიცი, შეგიძლია ახდენა ოცნების,
დავთქვათ შუა ტყეში შეხვედრის ადგილი
იქ, სადაც იწვიან კოცონში ფოთლები...
ვიცი, მხოლოდ ცეცხლი გამხელს და უჩინარ
სახეზე გაჩნდება ცხოველთა ლანდები,
მოდი, ოჩოპინტრევ, მეც ბედის ურჩი ვარ,
ნისლიან ტყეებშიც არ დავიკარგები....
მარტო ვარ, სამყარომ მე ზურგი მაქცია,
თუმცა სული ვარ და ყველა ხის მშობელი.
ხანდახან ქალი ვარ, ხანდახან - მაქცია,
არ ვიცი, რომ მოხვალ, დაგხვდები რომელი...
04.12.2019
* * *
(დ)ადევნებული კითხვა ვარ - რატომ?
მოულოდნელად შენთვის დასმული,
შენი აწმყო ვარ და არა მარტო....
ვარ მომავალი და ვარ წარსული!
ის სამყარო ვარ, რომელშიც შენ ხარ,
სადაც სიტყვებით ვაგებ სასახლეს,
მე ვარ მდინარე, რომელშიც შეხვალ,
და სიპი ქვა ვარ, შენ რომ დასახლდე.
(დ)ადევნებული კითხვა ვარ - რატომ?
ხან შვება ვარ და ხანაც - მარწუხი!
მე ვარ კითხვები და არა მარტო...
ყველა კითხვაზე მე ვარ პასუხი!
10.12.2019.
* * *
ქარია ისეთი ცივი და უგულო,
მოწყენილს ამაღამ არავის დატოვებს, -
ცას უნდა ავხედო,
ცას უნდა ვუყურო -
ვარსკვლავებს ჯგუფებად
და ასე მარტოებს...
ისეთი ღამეა, ვერაფერს მიმალავს
ქარი და მომაყრის კოსმიურ სიგნალებს...
ვერ გეტყვით....
ჰო, მაგრამ... მე ვიცი, ვინა ვარ...
უბრალოდ ხანდახან რას აღარ ვიბრალებ...
* * *
ვინც სიყვარული
გამოკეტა საკუთარ თავში,
მთელი ცხოვრება
ვინც სიზიფეს ლოდი აგორა,
ვინც ისე დაჭკნა,
ვერ მოასწრო ყვავილად გაშლა,
ვინც სიყვარული
მთელ სამყაროს ვერ გააგონა...
სუსტია ყველა....
სიყვარული ვინც ვერ ჩატვირთა
სულში და
ზღვები ვინც აქცია მღვრიე აუზად...
და ვისმა გულმაც
ვერ გაუძლო ასეთ დატვირთვას -
ადგა და შიშით
სიყვარული დააპაუზა....
სუსტია ყველა...
* * *
ვიქეცი (გაქც)ევად, ქარად და ნიაღვრად,
ვეძებე საშველი, ყველაზე ახლობელ
უშენო ყოფაში, სიკვდილს რომ მიაგავს,
რომელშიც მარტოდენ ჩრდილები სახლობენ,
ჩავაქრე ამ სულის სულ ყველა ხანძარი,
სიტყვების მაგივრად დუმილი ვახარე,
იმ სიყვარულისგან დავტოვე ნაცარი
და მერე ავდექი, სულ თვალში გაყარე…
და როცა ვერსაით ვიპოვე საშველი,
გაქცევა ვაქციე ამ სულის გამოცდად;
მე გავხდი კედელი, რომელიც ვაშენე,
შენ იყავ ოსტატი, კარი რომ გამოჭრა…
* * *
შენ ზღვა ხარ, მე კი შენი ტალღა ვარ,
და მოძრაობით ისე მაბრუებ,
მოულოდნელად ზღვარს რომ გადავალ,
ხელს მომკიდებ და უკან მაბრუნებ...
და რაღაც უცხო არის ამაში,
ავქაფდები და ნაპირს დავქარგავ...
მე მომწონს შენთან ასე თამაში,
და შუა ზღვაში თავის დაკარგვა.
* * *
ყოველდღე გწერდი დუმილის წერილს,
შენი პასუხიც იყო დუმილი,
დუმილს სდიოდა სისხლი და ცრემლი;
ფეთქავდა სივრცე ჩვენი გულივით.
ბოლოს ხომ მაინც დაინგრა ფიქრით
ციხე, რომელიც დროს ვერ ითვლიდა,
რადგან შენ დუმდი ამ კედლის იქით.
რადგან მე ვდუმდი კედლის შიგნიდან.
01.07.2019
* * *
მე მინდა, ვფლობდე შენს დღეს და ღამეს,
ყველა გაზაფხულს და ყველა თოვას...
გზებს, რომ მიდიან შინიდან - გარეთ,
დროებს, რომლებიც იყო და მოვა...
მე მინდა, ვფლობდე, შენს ყველა ბგერას,
რომელიც უცხო ამბავს მიყვება,
შენი სულის და აზრების ღელვას,
რომ არ ქცეულა ჯერაც სიტყვებად...
და ახლა, როცა ვზივარ და გნატრობ,
მინდა, გაიგო, თუ რამდენს ვბედავ:
მე მინდა, ვფლობდე... და არა მარტო
მას, რასაც მხოლოდ თვალები ხედავს...
21.03.2016
*
მე მინდა ცხოვრება ლექსებით აგიხსნა
შენ გინდა, ყველაფერს დაარქვა სახელი,
შენ გინდა, იბრძოდე, შენ გინდა, ომობდე...
მე მინდა, თვალების ბოლომდე გახელა
შენში და... უბრალოდ, მე მინდა, ვცხოვრობდე...
შენ გინდა თამაში... შენ გინდა თამაშით
რომ ჰგავდე მზიან და ნისლიან ამინდებს....
მე მინდა, გიპოვო ამ ფერთა გამაში...
მინდა, ფიფქი იყო და ხელში დამიდნე...
არ ვიცი, სადა ხარ: დარჩი თუ წახვედი,
ნოემბრის წვიმებმა ფიქრები დანისლა...
შენ გინდა, ყველაფერს დაარქვა სახელი, -
მე მინდა, ცხოვრება ლექსებით აგიხსნა!
* * *
შენ ზღვა ხარ, მე კი შენი ტალღა ვარ,
და მოძრაობით ისე მაბრუებ,
მოულოდნელად ზღვარს რომ გადავალ,
ხელს მომკიდებ და უკან მაბრუნებ...
და რაღაც უცხო არის ამაში,
ავქაფდები და ნაპირს დავქარგავ...
მე მომწონს შენთან ასე თამაში,
და შუა ზღვაში თავის დაკარგვა.
* * *
ნუ გაჩერდები,
როცა არ იცი, საით წახვიდე,
მდინარეებს ჰკითხე და გეტყვიან,
როგორ ისწავლეს სიარული...
მათ ყოველთვის ზუსტად იციან,
საით გაკვალონ....
ნუ გაჩერდები...
შენს თავს მიჰყევი და
ფონს გაგიყვანს...
და ეს სამყაროც
იქით წამოვა,
საითაც წახვალ....
ვარსკვლავივით აგედევნება...
და შენი სუნთქვის თანამგზავრი
ურჩი ქარებიც
ჩადგებიან,
რადგან ქარებიც…
მხოლოდ უძრავ საგნებს ერჩიან...
ნუ გაჩერდები...
არცერთია ბოლო სადგური
და ვერსად ჩახვალ...
ნუ გაჩერდები...
მგზავრი იყავი აქამდე და...
ახლა კი - გზა ხარ!
* * *
ილაპარაკე,
ყველაფერი სიტყვებს გამოჰყვეს,
სხვა სივრცეებით ამოივსოს ჩვენი ნაპირი,
ილაპარაკე,
სახიფათო არის დუმილი,
ღრუბლიანი ცა გაავდრებას როცა აპირებს...
მოულოდნელად თუკი წვიმამ მაინც დაუშვა,
ილაპარაკე,
რომ სიტყვებმა იპოვოს ფერი,
რა ადვილია, რომ ადგე და ხელი გაუშვა,
და რა ძნელია, არასოდეს გაუშვა ხელი!
* * *
მე ვლოცულობ შენთვის:
ვინც გზიდან გადაუხვია გზის ძებნაში,
ვინც თავის საპოვნელად წავიდა და თავი დაკარგა,
ვინც თვალი დახუჭა დამალობანას სათამაშოდ
და არავინ უთხრა: გაახილე...
მე ვლოცულობ შენთვის:
ვინც ყოველდღე სახლში ბრუნდება და
მაინც შინმოუსვლელია...
ვისაც მიწა გამოეცალა ფეხქვეშ
და ჰაერში დარჩა...
ვინც დრო ხელიდან გაუშვა და ვეღარ დაეწია.
ვინც, როგორც იქნა, თავი იპოვნა და
მაშინვე თავდავიწყებას მიეცა....
ვინც 9-ჯერ გაზომა და ვერც ერთხელ ვერ გადახტა.
ვინც „კაცია და ქუდი ხურავს“,
მაგრამ „თავი ქუდში არასდროს აქვს“.
მე ვლოცულობ შენთვის და გეუბნები:
_ ყველა გზა შენშია....
_ თვალები კი დახუჭე, მაგრამ მესამე თვალიც გაქვს,
_ შინ დასაბრუნებლად ნუ გაირჯები,
შენ ხარ შენი შინ....
_ დრო - არ არსებობს... გინდა, ხელი გაუშვი, გინდა,
გააჩერე და გინდა, გაუსწარი....
_ რამდენ თავსაც იპოვი, ყველა დაივიწყე;
_ პირველივე ცდაზე გადახტი... !
_ ერთადერთი ქუდი არსებობს,
ის, რომელიც უჩინარს გაგხდის...
მე ვლოცულობ შენთვის და ვიცი,
უკვე ყველაფერი კარგადაა.
16.11.2017
*
სასაცილოა:
როცა ვამბობ: არ ვიცი, ვინა ვარ
და, ამავე დროს, გიყვებით
ჩემი იდეების შესახებ,
ჩემი განცდების შესახებ,
ჩემი სიყვარულის შესახებ....
ჩემი საქმეების შესახებ...
ახალი კითხვა ჩნდება:
ვინ ლაპარაკობს ჩემში,
რომელი მესაკუთრე,
რომელიც გამუდმებით ამბობს:
ჩემი...ჩემმა... ჩემს... ჩემის... ჩემად... ჩემო...?
თქვენში ვინ ლაპარაკობს...?
25 მაისი, 2020
* * *
გულწრფელდ გეტყვით:
წარმოდგენა არა მაქვს, რა არის გულწრფელობა...
ბოლო დროს მივხვდი,
რომ დამეკარგა საზღვარი -
რეალურსა და წარმოსახვითს შორის...
ტყუილსა და მართალს შორის,
სიკეთესა და ბოროტებას შორის...
სიყვარულსა და სიძულვილს შორის...
გულწრფელად გეტყვით,
რომ ბოლო დროს მეც დავიკარგე...
გუშინ გულწრფელად მჯეროდა იმის,
რისიც დღეს გულწრფელად აღარ მჯერა
და მთელი ცხოვრების კითხვაზე:
ვინ ვარ მე?
ჩემი პასუხია: არ ვიცი....
24.05.2020
* * *
მე არასოდეს არ ვწერდი სხვაზე,
მე ვწერდი ჩემზე... მე ვწერდი ჩემთვის,
მაშინაც... როცა მე ვწერდი ქარზე...
როცა სიჩუმით სათქმელი ვერ ვთქვი...
სიტყვასაც ხშირად ვაგდებდი ბანზე,
მეტაფორების ხეივანს ვსხლავდი...
მაშინაც, როცა მე ვწერდი ზღვაზე
და საკუთარ თავს არაფრით ვგავდი...
მაშინაც ვწერდი...
ვისწავლე ქარგვა _
ვახვევდი სულზე ფერად სტრიქონებს...
ჰო, ვერაფერი ვიპოვნე, მაგრამ...
ჩემი თავი ხომ გამოვიგონე!
* * *
შენ გინდა, ყველაფერს დაარქვა სახელი,
შენ გინდა იბრძოდე, შენ გინდა, ომობდე...
მე მინდა თვალების ბოლომდე გახელა
შენში და... უბრალოდ, მე მინდა ვცხოვრობდე...
შენ გინდა თამაში... შენ გინდა თამაშით
რომ ჰგავდე მზიან და ნისლიან ამინდებს...
მე მინდა, გიპოვნო ამ ფერთა გამაში...
მინდა, ფიფიქი იყო და ხელში დამიდნე...
არ ვიცი, სადა ხარ: დარჩი თუ წახვედი,
ნოემბრის წვიმებმა ფიქრები დანისლა...
შენ გინდა, ყველაფერს დაარქვა სახელი,-
მე მინდა ცხოვრება ლექსებით აგიხსნა!
* * *
მე მაპატიე,
ვერ დავემგვანე
იმ ქალს, რომელსაც
ღამ-ღამობით, ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე,
ვერ ვიქეცი სურვილის მონად...
ვეღარ გითხარი -
რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი...
სხვა სიყვარული...
მონატრება...
სხვაგვარი თრთოლვა...
ვეღარ გითხარი,
დროც არ იყო ამის სათქმელი,
რადგანაც გულში სევდამ მოთოვა...
ბოლოს კი მაინც...
უხმაუროდ...
ისე წავედი,
შემოდგომისპირს როგორც იცის
ხოლმე ფოთოლმა.
* * *
დღეს ყველა კითხვა ქარს გავატანე,
ვირჩევ დუმილში სიტყვით ხეტიალს,
რა ვქნა, ვერასდროს ვერ დავამთავრე
ის, რაც ჩვენ შორის ჩვენზე მეტია...
ასე დავადე სიტყვის ხუნდები
მას, რაც სიტყვაში ვერ ჩაეტია,
და ახლა იმის ახსნას ვუნდები,
რაც მე და შენზე უფრო მეტია...
* * *
ყოველდღე გწერდი დუმილის წერილს,
შენი პასუხიც იყო დუმილი,
დუმილს სდიოდა სისხლი და ცრემლი;
ფეთქავდა სივრცე ჩვენი გულივით.
ბოლოს ხომ მაინც დაინგრა ფიქრით
ციხე, რომელიც დროს ვერ ითვლიდა,
რადგან შენ დუმდი ამ კედლის იქით.
რადგან მე ვდუმდი კედლის შიგნიდან.
*
უცხოქალაქი
უცხოა ქალაქი, რომელშიც დაგეძებ,
როგორც დაეძებენ ქარები ფოთლებს...
უცხოა ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ,
მისი საზღვრები კილომეტრებით
არ იზომება.
დაგეძებ ქალაქში,
რომელშიც დავდივართ,
რომელიც სავსეა მზითა და ავ-კარგით...
რა ძნელად შეგხვდი და დაგკარგე ადვილად
ქალაქში,
რომელმაც საზღვრები დაკარგა...
ქალაქში ქალაქი... შენი და ჩემია!
და ისევ გიმღერებ... დღეს თუკი გადავრჩი,
შენ, ჩემო, ქალაქში დაკარგვა გჩვევია...
მე კი ვიკარგები შენში... ვით ქალაქში...
* * *
დღეს მინდა ავრიო სიტყვები, რომლითაც
კოშკები ვხატე და ზეცამდე ავაგე,
ავშალო ყველა გზა, შენამდე მოსული -
რაც ასე გულდაგულ, სიტყვებით დავაგე...
დღეს მინდა ავრიო და ვიყო ისეთი,
რომ ყავის მაგივრად ავდგე და ჩაი ვსვა...
მინდა, გავაუქმო ყველაფრის მიზეზი -
დღეს მინდა ცხოვრება უკუღმა ჩავიცვა!
* * *
რაც დრო გადის, აღარ მტანჯავს,
არც ვღელავ და განვიცდი _
უფრო ცოტა „ვიცი“ დამრჩა,
უფრო მეტი - „არ ვიცი“...
აღარც ვდარდობ: მოხვალ - წახვალ...
დარჩები თუ დამიცდი...
იქნებ მართლა დაიღალე
და უდროოდ გამიცვდი?
გინდა - მოვალ...? გინდა - წავალ...
გინდა - სადმე დაგიცდი...
დღეს ღამეში გადაგიცვლი
და გულს გულში გაგიცვლი...
მაგრამ ნისლი მომერია,
უშენობას განვიცდი...
ყველაფერი, რაც ვიცოდი,
არაფერი არ ვიცი...
* * *
გათენებისას მივატოვე სიზმრები,
რომელშიც შენ იყავი...
სიზმრებში გითხარი: მეყოფა სიზმრები!
პირის ნაბან წყალს გადავაყოლე ჩემი ეჭვები-
იქნებ არ ღირდა...
სარკეში იმას... ჩემს მეორეს ვუთხარი:
მე გავწყვიტე შიშის ყულფი,
შენ თუ გინდა, დარჩი სარკეში,
მე წავედი...
ვერაფერმა შემაჩერა:
ვერც შავმა კატამ გზაზე,
ვერც ამინდის პროგნოზმა, რომ დღეს ქალაქში
მოსალოდნელია ისეთი სიცხე,
თუ გარეთ გახვალთ,
თქვენ მაგივრად დარჩება ჩრდილი...
მოვატყუე ყველა, ვინც გზაზე შემხვდა...
მოვატყუე ყველა,
საკუთარი თავის გარდა...
როგორც იქნა, მოვედი შენამდე
და გეკითხები:
გუშინ აქედან რომ გავედი,
შენ გვერდით თავი დავკარგე
და ხომ არ გიპოვნია...?
* * *
არაფერსაც არ გადავდებ -
მე ვიქნები ასეთი:
მოულოდნელი და უეცარი -
გაზაფხულის წვიმასავით...
არ გადავდებ შენთვის სათქმელ
არცერთ სიტყვას,
არ დავაჭკნობ, არ გავახმობ, არ დავამწნილებ...
გუშინდელ სათქმელს
ხვალ ისე ვერასდროს გეტყვი...
უდროო სიტყვებიც დროში იბადება...
და როცა გავჩუმდები,
ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი მაქვს.
არ გადავდებ სათქმელს, „რომელიც მოიცდის“...
„ეს მოიცდის...“, „ის არ მოიცდის...“
აბა, ჰკითხეთ სიტყვებს და სათქმელს,
თავად გიპასუხონ... რომელი იტყვის:
მე მოვიცდი...
არასდროს არაფერი არ იცდის.
ერთხელაც გახდები ისეთი შეშლილი,
საკუთარ თავს გამოუცხადებ:
არაფერია, გადავდებ საკუთარ თავს,
„ის მოიცდის...“
თავ-გადადებულებო და თავ-დადებულებო,
გამოგელევათ ოპიუმი...
უთავოებს ჭკუა აღარ მოგეკითხებათ...
მე დღეს გზაში შემხვდა ჩემი თავი
და დავიბრუნე...
როცა მოწყენილი ხარ...
წამოკრიფე ფოთლები ქუჩაში და დააბრუნე ხეებზე,
დათვალე ვარსკვლავები და დაიძინე,
ადი მაგიდაზე და იყვირე: ვირი ვარ და ვყვირი...ვარ!
მისწერე მეგობარს შემაშფოთებელი წერილი და იცინე...
შედი ფეისბუკში - გამოიცვალე სახელი, გვარი,
სქესი, იმიჯი -
და დაწერე სტატუსი: რა ბედნიერი ხარ...
როცა მოწყენილი ხარ...
თუ მორწმუნე ხარ, უარყავი ღმერთი...
დარწმუნებული იყავი, არ ეწყინება...
გახდი ათეისტი და საკუთარი შიშების დასაძლევად
ხმამაღლა გამოაცხადე, რომ ღმერთი დაამარცხე,
რაკი უარყავი...
თუ შენს ჩაქოლვას დაიწყებენ,
ამით მხოლოდ ფასი მოგემატება
საკუთარ თვალში...
თუ უკვე ათეისტი ხარ, გახდი მორწმუნე
და მღვდლის კალთაში
თავმიდებულმა მორჩილად იქვითინე
ამა სოფლის ამაოებაზე,
ღმერთს მიენდე და ყველაფერი დააბრალე ბედისწერას,
რომელსაც ქრისტიანობა უარყოფს...
ან გახდი ამბიციური და თქვი,
რომ სამყარო შენ გარშემო ბრუნავს...
გააკეთე სიზმრების კონსპექტი და ყოველდღე გაიმეორე...
მერე დაიწყე ფსიქოანალიზი და არ დაამთავრო...
თუ მოწყენილი ხარ,
გამოიცვალე ან გადაცვალე პოლიტიკური პარტია,
ცოლი (ან ქმარი),
შპალერი გამოცვალე სამზარეულოში...
თუ არაფერმა არ გიშველა....
თავი დაანებე, ეჭვის ჭიას... გაუშვი,
ბოლომდე გამოგხრას...
* * *
მე არა ვარ ის, რასაც ვწერ...
არ ვგავარ ჩემს ნაწერებს...
მე ვერ გამომიცნობ ჩემი მეგობრებით, -
არ მყავს...
ვერ გამომიცნობ ჩემი წაკითხული წიგნებით,-
ყველა დამავიწყდა...
აღარ მაქვს პრინციპები,
დავკარგე -
ხანდახან ვიგონებ,
ადამიანებს უპრინციპო რომ არ ვეგონო...
დესკტოპზე დაყენებული ფოტო
ჩემს საიდენტიფიკაციოდ ვერ გამოდგება, -
ხშირად ვიცვლი...
ფეისბუქ-პროფილი ანტი-მე ვარ...
ყავა არ მიყვარს,
მაგრამ ხშირად ვსვამ...
ამ ნაწერითაც ვერაფერს გაიგებ...
მე ხომ არ ვგავარ ჩემს ნაწერებს...
* * *
დავიტირე ყველა უპატრონო მკვდარი, -
თვალის უპეებში ცრემლი მაინც ვერ ამოვაშრე...
გამოვფინე ყველა გამოუძინებელი ღამე და
ლუსტრაცია მოვუწყე სიზმრის პერსონაჟებს-
გონება კი არ იშლის თავის დაზეპირებულ თამაშებს.
ლოდინის ჭაში წყალი ამოვაშრე,
შენც არ მომიკვდე, - ყოველ ცისმარე
სავსე მხვდება...
ვიწყებ თავიდან ყველაფერს:
ვტირი უპატრონო მკვდრებს,
ვრეცხავ და ვაშრობ სიზმრებს,
წყალს ვუცვლი ლოდინის ჭას...
წყალს ვუსხამ ყვავილებს...
ვითვლი ვარსკვლავებს ცაზე...
ვითვლი ძილის წინ...
ყოველდღე გკლავ...
ყოველდღე იბადები...
* * *
ვაუქმებ შუქნიშნებს გადასასვლელებზე,
ჭაღარას - თმებში...
რისხვას - გულში...
ვაუქმებ სიყვარულის სამკუთხედებს
და ვტოვებ წრფეებს...
ასე უფრო წრფელია.
ვაუქმებ დამარცხებებს და გამარჯვებებს,
ვაუქმებ გამოცდებს სიყვარულში...
და ვაუქმებ ცხოვრებას, როგორც გამოცდას...
ნეტა როგორ იცხოვრებენ ადამიანები...?
(ლიტერატურული გაზეთი 2012 N84)
* * *
(ტექსტში დარჩენილებს)
ვერ შევამჩნიე,
დღე ღამეში როგორ გაზავდა...
ანდა ფოთლებმა
ხის ტოტები როდის დატოვეს,
ეს მერამდენედ...
ცხოვრებასთან ისევ დავზავდი
და სიცოცხლესაც ისე ვიხდი,
როგორც ბატონებს...
შენ კი, რომელიც
ტექსტში ხარ და სიტყვამ დაგაბა,
სულ შენი ჯავრი
რად დამყვება ყოველ ცისმარე,
წიგნიდან როცა გამოვედი,
სიტყვის დარაბა
გამოვხსენი და...
შენც იმ გზებით გამოიპარე!
* * *
„უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!“
პატრიკ ზიუსკინდის ესსედან
ჰო, სულერთია...
ვინ ხარ და რა გწვავს...
ლექსი რამდენხანს გემახსოვრება...
ამიერიდან...
ახლა და ამ წამს
უნდა შეცვალო შენი ცხოვრება.
უნდა აქციო წარსული აწმყოდ,
რომ დაიბადოს სული მეორედ,
კაცობრიობის ყველა ტკივილი
შენს გულში უნდა გაიმეორო.
და დარჩე ასე –
ცასა და მიწას
შორის გაბმული...
სივრცე გაწვალებს...
ფრენა შეგეძლო...
ერთ მშვენიერ დღეს
ადგნენ და ფრთები
სულ დაგაცალეს!
ფერი იცვალე...
და ახლა სხვა ხარ,
ცხოვრებას მაინც
ვერაფერს შველი...
ჰო, სულერთია –
ვინ ხარ და სად ხარ, –
შეცვალე მხოლოდ სამყარო შენი.
* * *
ნუ წუხხარ,
მე რომ ვწუხდები,
რა სათქმელია, წუხილი...
წვიმა სარკმელსაც უხდება,
ჩუმად მოვიდა წუხელი...
ხელში ვარსკვლავი მიქრება,–
ცაზე ავანთებ მილიონს,
წვიმას ვეძახი, იქნება
ღრუბელი გამომილიოს.
* * *
რამდენი რამე უნდა ვიპოვნოთ
საკუთარ თავში...
უწყის უფალმა...
რასაც დავეძებთ დაბადებიდან,
სულში ნეტავ რას გადაუფარავს...
როდის დავკარგეთ ის,
რაც გვაწვალებს,
კითხვებმა სული რატომ არია?..
გთხოვ, დამეხმარო,
ან გზა მასწავლო,–
როგორ ვიპოვნო, ჭია-მარია?
* * *
ვცხოვრობთ სიტყვებში...
ამ სიტყვებით
გავკვალეთ გზები...
დაკარგულები
ჩვენ ერთმანეთს
სიტყვებში ვხვდებით...
ვხედავთ სამყაროს
ამ ტექსტიდან
თუმცა სხვა თვალით...
მაინც სიტყვაა
ახლა ჩვენი
თავშესაფარი...
სრულდება დღე და,
რა თქმა უნდა,
ღამეც წავიდა...
ხვალიდან ისევ
ყველაფერი
მოვა თავიდან...
ჩვენ კი...
აწმყოში ჩავიძირეთ
სიტყვის უფლებით...
ტექსტში ვცოცხლობთ და
ცხოვრებისგან ვთავისუფლდებით!
* * *
„ყველაფერს თავისი ფასი აქვს...“
შემთხვევით გაგონილი
თქვენ ამბობთ: ყველაფერს
ფასი აქვს,
სამყარო ნივთებად იშლება...
თქვენ ამბობთ...
თუ მართლა ასეა –
კვირტს ჰკითხეთ, ხეზე რომ იშლება...
არასდროს იღიმის ყასიდად,
თოვლქვეშ რომ ამოდის ენძელა...
ცხოვრება ზოგს მხოლოდ საყიდლად,
ზოგსაც – გასაყიდად ეძლევა...
თქვენ კი – დამიბრუნებთ არჩევანს,
ღიმილით...
როგორც ეს გჩვევიათ...
თვალი ვარსკვლავისკენ დამრჩება...
– მაჩუქებთ?
– ისედაც ჩემია!
* * *
ავადა ხარ სიყვარულით
თოვლის ფიფქებს ესინჯები,
შენი სული ავსებულა
სიყვარულის მესიჯებით.
და აგზავნი ისე, როგორც
ზეცა-წვიმას, ანდა-ფიფქებს,
ვანთებ მთვარეს, ვევედრები,
სულო ჩემო, არ ჩამიქრე!
* * *
უნდა წამოვკრიფო
სულის ნაწილები,
ვიდრე ეს ქარები
ღრუბლებს წამოშლიან,
ვიდრე თოვლი მოვა,
ვიდრე გაწვიმდება...
ვიდრე შემოდგომა
მზისფერ სამოსშია...
მერე მოგიყვები
ამ დღეს დაწვრილებით–
რაზე იცინოდა
მთვარე დავერცხლილი,
ფოთლებს მივუყვები...
ვიდრე გაწვიმდება,
უნდა წამოვკრიფო
სული სარეცხივით.
ახლა უშენობაც
შენი ნაწილია...
უფრო ნამდვილი და
უფრო შორეული...
მაინც უშენობით
დაღლილ–დაცლილი ვარ,
ქუჩას მივუყვები
წვიმამორეული...
* * *
წვიმა მოვა...
თოვლი წავა...
ხელისგულზე დადნება...
სულის ყველა ფორიაქი
სიტყვით არ ითარგმნება...
მრავალწერტილს ჩავაბარებ,
ნისლი გადააფაროს...
ყველაფერი გაამჟღავნოს...
ყველაფერი დაფაროს...
რადგან სიტყვა საკუთარი
თავით ხშირად იღლება...
სარკმელი რომ იკეტება,
სადღაც კარი იღება...
ზოგი სიტყვა გამირბის და
ზოგი – თვალსაც მარიდებს,
ვისაც უნდა, ლექსში დარჩეს,
ვისაც უნდა – წავიდეს!
* * *
თავისთავადგასაგებ და...
თავისთავადგაუგებარ
საგნებსა და მოვლენებში
შევდივარ და...
შესვლას ვბედავ...
ჩემ წინ ხარ და
აღარ ვიცი,
ვის ვუყურებ –
ასლს თუ დედანს?
ეს სამყარო გასაგები –
რატომ იქცა გაუგებრად?
*
გუშინ
რაც ხვალ მოხდება,–
ეს იყო გუშინ...
აწმყო კი მხოლოდ
დროის ხიდია,
რომელსაც დააქვს
სულიდან სულში
სიცოცხლისა და ტანჯვის იდეა.
ვარ მომავალი,
რომელიც იყო,
გუშინდელ დღეში
რომელიც დარჩა...
მიდის ცხოვრება–
ერთი ხილულად,
ხოლო მეორე–
რომელიც არ ჩანს:
დაფარულია დროის დინებით,
სულ სხვა სივრცეში
ბორგავს და წვალობს,
და ელოდება, როდის იტყვიან–
არსად წახვიდე,
„შეჩერდი, წამო!“
რადგან რაც იყო,
კვლავ ჩვენთან მოვა...
რაც ხვალ იქნება,
არ არის შორი...
იქნებ თქვენ მითხრათ,
რომელი დროა–
გუშინდელსა და
ხვალინდელს შორის?
* * *
მე ვდარდობ შენზე,
ეს იგივეა,
რომ საკუთარი
თავი ვიდარდო,
მე მოვალ შენთან,
ეს იგივეა,
რომ საკუთარ თავთან მივიდე.
ვერ წავალ შენგან,
საკუთარ თავს ვერ მივატოვებ!
* * *
ალბათ ტკივილებს
ვერ გადმოწერს შავი ფანქარი
შენი სულიდან... ყველაფერი
დუმილს დარჩება,
თუმცა სტრიქონი
მოიზომავს რითმის მაქმანებს,
კალამი მაინც გააკეთებს
თავის არჩევანს...
და გზა, რომელიც
სხივებივით შენ წინ თამაშობს,
ყოველთვის მიდის...
სხივებივით ცრუ და თავნება...
მე გამოგყვები შუა ტექსტში,–
სიტყვამ დამახრჩოს,
არაფერია,
თუ დუმილით დავიფარები...
* * *
აჰა, შენ ჩემი ბიოგრაფია–
დაბადების წელი, ადგილი,
მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო
ყველა თარიღი...
ერთი ღიმილი
განა უფრო მეტს არ გეტყოდა?!
* * *
როცა მოვედი,
წასასვლელი გზები ავბურდე,
მაინც მივდივარ...
რომ წასული
უკან დავბრუნდე.
* * *
ლექსს კი არა ვწერ,
ეს–დრო გამყავს
მზის ამოსვლამდე,
მზის ამოსვლამდე
და შენ მოსვლამდე.
* * *
შენ რომ არ იყო,
დაიღვრებოდა ალბათ ზეცა
თოვლის ფერებად...
მაგრამ ჩემს კალამს
ვერასოდეს აამღერებდა.
* * *
ჩემი გულიდან
შენს გულამდე–
სტრიქონთა ხიდზე,
ვიცი, სიყვარულს
ფეხი არასდროს არ დაუცდება.
(ჩვენი მწერლობა 2007 N15)
-------------------------------------------------
მარადისობა
დე, ისე იყოს,
როგორც შენ გინდა,
ბოლოს და ბოლოს,
ხომ სულერთია,
რას მეტყვი ანდა...
რა გინდოდა, უკეთ რომ გეთქვა,
ისეთს რას იზამ, ‒
დღე ან ღამე რომ შეამოკლო,
ან შეაჩერო გაზაფხულზე
კვირტების ფეთქვა...
ჰო, სულერთია,
დუმილის და სიტყვების ვადა
ამოიწურა...
აღარ მინდა დროსთან კამათი,
ისიც მეყოფა,
ამ უაზრო, ცრუ წუთისოფელს
მარადისობის ერთი სხივი
მაინც წავართვი!
*
განწყობილება
სხვა ვერ გაიგებს, ‒
აუხსნელი დარჩეს ამინდი,
რა საჭიროა,
ყვავილების ენა იცოდნენ,
შენ კი მოდი და
სიყვარულის ცეცხლი ამინთე,
ღმერთის ენაზე გადავთარგმნოთ
ჩვენი სიცოცხლე.
თორემ სხვა რაა ეს ცხოვრება,
ვერც-ვინ გაიგო,
ცაზე ღრუბლები საოცნებო
შენი ფრთებია,
ქარმა ფოთლები უმოწყალოდ
ფეხქვეშ გაიგო
და შენ ერთს გესმის,
ეს წვიმები
რაზე ჰყვებიან.
*
თვალების პეიზაჟი
ის არის შენი,
რასაც მხოლოდ მზერით მიწვდები,
რასაც დაიტევს პეიზაჟი
შენი თვალების,
ღამის ვარსკვლავებს ჩაიხატავ
სულის სარკეში,
მერე ვარსკვლავებს შენ თვითონვე
შეეფარები.
აქ არის შენი სავანე და
სულის კედლები
გადახანძრულა ვარსკვლავების
მკრთალი ალებით,
ხეტიალისას ფიქრში სადმე
გადაგეყრები
და შეიცვლება
პეიზაჟი ჩემი თვალების.
*
თეთრი ფურცელი
ხომ შეიძლება, დღეს მე გავჩუმდე,
თეთრმა ფურცელმა მითხრას ‒ რა იყო.
ან რა მოხდება, კალმის მდინარემ
მოულოდნელად თუკი წაიღო.
ილაპარაკე, თეთრო ფურცელო,
დღეს მე ვარ შენი დარდის მპარავი
და ვერ დარჩები, ალბათ, უცვლელი,
როცა გეხება ჩემი კალამი.
შენ იბადები... სიტყვების ფეთქვა
აგახმიანებს მზით და სიცოცხლით
და იმას იტყვი, რაც უნდა გეთქვა,
რაც სიტყვებამდე ისეც იცოდი!
*
დავეკარგოთ ქალაქს
მოდი, დავეკარგოთ ქალაქს‒
ფიფქებმა გვძებნონ და...
ვერ გვიპოვონ,
წვიმებმა გვძებონ და...
ვერსად გვნახონ,
ჩვენ კი თეთრ ღრუბლებში,
ცასთან ახლოს,
დავიდოთ ბინა...
‒ მოდი, დავეკარგოთ ქალაქს,
მერე ერთმანეთის გულებში
დავიკარგოთ.
*
დიალოგი თოვაში
მოდი, დავზავდეთ,
რომ ყველაფერს თავისი გზა აქვს,
მთვარე აანთე,
თუ სანთელი ხელში გიქრება,
რომ არ ველოდით,
წელს ზამთარსაც თავისი გააქვს,
მთელი სამყარო დაგვაცალა
სულზე ფიფქებად.
რა სითეთრეა...
რა აზრი აქვს სიტყვას ან ფრაზას,
სული ამაღამ თეთრი ფიფქით,
ალბათ, დათვრება.
და შენი სუნთქვაც
კალამს ერთვის, ო, ისე ნაზად,
ალბათ, მოუწევს ამ ლექსებში
გამოზამთრება...
რა შორეული სევდა მოაქვს
ანდამატს ფიფქის...
მარტო ვარ, თუმცა
ასე ახლოს რად მეგულები,
თუ ამ თოვაში შემიცივდა
ცოტათი ფიქრი,
ვიცი, გაათბობ
შენი თეთრი ხელისგულებით.
*
მეტამორფოზა
დაიყვავილეს უკვე კვირტებმა... ეს გაზაფხულიც
სადღაც წავიდა... ზიხარ კუთხეში და აკვირდები:
ვინ ხარ, სადა ხარ ანდა რა გინდა?!
აი, სამყარო! ‒ უნდა იცოდე, რომ დედამიწა
შენი სახლია... და, რა თქმა უნდა, ჩვენი სიცოცხლეც
ამ გაზაფხულის ხეზე ანთია.
ისიც მოვიდა დიდი ხნის შემდეგ! სიმართლე
გითხრათ: აღარც ველოდი, რადგან ვეძებდი
მიზეზს და შედეგს, რომელიც ხშირად სულს ვერ შველოდა.
და ჩემში ჩასახლდა ბავშვი ‒ თეთრი
ღიმილით ნაფერმკრთალები, ეს გაზაფხულიც რაღაცას
წაშლის ნუშის ყვავილთა ნატერფალებით.
*
ლექსესენციები
*
სულის საუბარს ის ვერ გაიგებს,
ვისაც სული დაბადებიდან
არ დაჰყოლია ‒
ფიფქების ჩურჩულს
ზამთრის სუსხზე დაახურდავებს...
*
შენში რომ ღამე ჩაიხედება
და უცაბედ ანარეკლს ტოვებს,
ასეა ზოგჯერ ადამიანიც ‒
გიყურებს და შენ კი არა,
შენში ჩარჩენილ საკუთარ თავს
ესაუბრება...
*
ენძელა ცდილობს,
ეს სიყვარული,
თავის ენაზე
გადამითარგმნოს.
(„ცისკარი“ 2004 N3-4)
***
მე არასოდეს არ ვწერდი სხვაზე,
მე ვწერდი ჩემზე... მე ვწერდი ჩემთვის,
მაშინაც... როცა მე ვწერდი ქარზე...
როცა სიჩუმით სათქმელი ვერ ვთქვი...
სიტყვასაც ხშირად ვაგდებდი ბანზე,
მეტაფორების ხეივანს ვსხლავდი...
მაშინაც, როცა მე ვწერდი ზღვაზე
და საკუთარ თავს არაფრით ვგავდი...
მაშინაც ვწერდი...
ვისწავლე ქარგვა _
ვახვევდი სულზე ფერად სტრიქონებს...
ჰო, ვერაფერი ვიპოვნე, მაგრამ...
ჩემი თავი ხომ გამოვიგონე!
