არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ოთარ ჭილაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 12:11 pm

ოთარ ჭილაძე - Page 4 Otar_c13

ოთარ ჭილაძე

მონოლოგი

„გოდორთან“ დაკავშირებით ბევრს ვერაფერს ვიტყვი. რისი თქმაც მინდოდა, მე მგონი, უკვე ვთქვი, ხოლო, „მისი შექმნის ისტორია“ იმდენად ჰგავს ყველა წინამორბედი რომანის ისტორიას, ნამდვილად არ ღირს სალაპარაკოდ. სამაგიეროდ, არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერების გრძნობით არ აღვნიშნო მკითხველის ინტერესი და გულისხმიერება, რაც მან "გოდორის" მიმართ გამოიჩინა. ტირაჟი გაიყიდა, მაგრამ წიგნის შეძენის მსურველნი ჯერ კიდევ მრავლად არიან. ასე რომ, ჰონორარისა რა მოგახსენოთ, - დღესდღეისად, უაღრესად ეფემერული ცნება გახლავთ, - მაგრამ ჩემი მწერლური პატივმოყვარეობა სავსებით დაკმაყოფილებულია. ეტყობა, ადგილობრივმა ნიჰილისტებმა მაინც ვერ შეძლეს ანტილიტერატურული ატმოსფეროს შექმნა ჩვენში და ვერც შექმნიდნენ, რამდენადაც ლიტერატურა მხოლოდ გართობის სახეობა არ არის. სხვანაირად რომ ვთქვათ, სულიერი ფენომენია, ანუ მხოლოდ ხალხის სულთან ერთად, ხალხის სულიანად შეიძლება მისი ამოკვეთა თუ ამოშანთვა საერთო ეროვნული სხეულიდან. ამას რომ ვამბობ, თავისთავად ცხადია, მთელ ქართულ მწერლობას ვგულისხმობ და არა კონკრეტულად "გოდორს", თუმცა, მეც ქართული მწერლობის რიგით წევრად ვთვლი თავს და, არ დაგიმალავთ, გარკვეულ მნიშვნელობასაც ვანიჭებ საკუთარ ნამოღვაწარს. უმნიშვნელო მწერალი საერთოდ არ არსებობს. ყველა მწერალი ერთნაირად მნიშვნელოვანია მშობლიური ლიტერატურისთვის. ლიტერატურა თანაბართა დაპირისპირება კი არა, განსხვავებულთა ერთობაა, მეც ეს მავალდებულებს (გარკვეული თვალსაზრისით, მაიძულებს კიდეც), ნებისმიერ გარემოსა და პირობებში ვაკეთო ჩემი საქმე, ვიდრე კალმის ხელში დაჭერა და საბეჭდ მანქანაში ფურცლის ჩადება შემეძლება... ლექსს ახალი ლექსი, პიესას ახალი პიესა, რომანს ახალი რომანი უნდა მოჰყვეს, აუცილებლად, რამდენადაც მწერლობაც, ცხოვრების მსგავსად, უწყვეტი პროცესია და გაჩერება მისთვის სიკვდილს ნიშნავს. მხატვრული ნაწარმოებიც, ლექსი იქნება თუ რომანი, ნებისმიერ სულიერ არსებასავით ისახება, ვითარდება, მწიფდება და იბადება. "მშობელი" ამით ამთავრებს მასთან ურთიერთობას. გნებავთ, ამით ამოიწურება "მშობლის" მოვალეობა. დანარჩენი თავად მხატვრულ ნაწარმოებზეა დამოკიდებული. ირმის ნუკრივით, ანდა კამეჩის ზაქივით, "ცის ქვეშ", "ტრიალ მინდორში" შობილი, დროულად თუ არ წამოდგა ფეხზე და "ჯოგს" არ გაეკიდა, ანუ წიგნის სამყაროში მოხვედრის უფლება თუ ვერ მოიპოვა, ან მგელი შეჭამს, ან აფთარი და ამით დამთავრდება მთელი მისი თავგადასავალი, ხოლო, მგელს და აფთარს თუ გადაურჩა, ანუ მშვიდობიანად თუ მიაღწია მკითხველამდე და, რაც მთავარია, ყურადღებასთან ერთად, მოწონებაც დაიმსახურა, პირადად ჩემთვის, სულერთია, რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიაკუთვნებენ, რადგან ამით აღარაფერი შეიცვლება არც იმისთვის, არც ჩემთვის. მე მაინც მომეწონება, ან არ მომეწონება და, იმასაც, თავისთავად ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული მონაცემებისა და თვისებების გათვალისწინებით მიუჩენენ ადგილს სხვა წიგნებს შორის. საერთოდ, თუკი ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი ლიტერატურულ თეორიაში და შეკითხვებსაც უფრო თქვენი ხათრით ვპასუხობ, ვიდრე ცოდნის დასამტკიცებლად, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მაინც შეგეკამათოთ. ჩემს ერთ- ერთ ნაწარმოებში განუწყვეტლივ მოგუგუნე კარადისხელა საათი "ვერმობრუნებული დროის ტკივილი" კი არა, იგივე დროა და განუწყვეტელი გუგუნით თავის შეუფერხებელ დინებას ახსენებს და ასე აფრთხილებს ყველას (ვისაც გაგონება შეუძლია), სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ იღონოს რამე, ანუ, თავს უშველოს, თუკი საერთოდ შესაძლებელია ამგვარი რამ. აქედან გამომდინარე, ჩავლილი დრო, დაკარგული დროა და მისი დაბრუნება, ან რამენაირად ანაზღაურება არც ერთ სულიერს არ შეუძლია. მათ შორის "საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველობას".
"საქართველოს ფარგლებს გარეთ" ყოფნა, ანუ, ემიგრაცია, უაღრესად რთული, უაღრესად სათუთი თემაა და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა დაუმსახურებლად არ ვატკინოთ ვინმეს გული, ანდა, კიდევ უარესი, ასევე დაუმსახურებლად არ მივუტევოთ "დროებითი", "ეპიზოდური", ასე ვთქვათ, სიტუაციიდან გამომდინარე და ამდენად, ვითომ გამართლებული ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტე და სულმოკლეობა. ჩვენი ემიგრაცია, როგორც ყველაფერი ქართული, აშკარად განსაკუთრებულია და, ალბათ, მხოლოდ მიახლოებით თუ ჰგავს ემიგრაციის კლასიკურ მოდელს. სხვათა შორის, არც ემიგრაციაში წასვლის მიზეზია საერთო. ვინ იძულებით მიდის, ვინ საკუთარი ნებით; ვინ ფეხის ხმასაა აყოლილი, ვინ ახლობლების რჩევასა თუ მოთხოვნას. მოკლედ, რაც ერთისთვის ტანჯვაა, მეორისთვის ნეტარებაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთს დაბრუნება უნდა, მაგრამ არ შეუძლია, მეორეს შეუძლია, მაგრამ არ სურს. ასე რომ, ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, ლუკმა პურის მაძიებელი ჭარბობს მათ შორის, თუ "ტკბილი ცხოვრებისა". ერთი ცხადია, ემიგრანტობა, ცხოვრების წესად თუ არა, მოდად ნამდვილად იქცა ჩვენში, რასაც თავის დროზე თავად ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი. შეიძლება მკრეხელობას ჩავდივარ, მაგრამ ჩვენი ემიგრაციის მთავარი მიზეზი მაინც არასწორად გაგებული თავისუფლება მგონია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სამშობლოსგან ვთავისუფლდებით, ქართველობაზე ვამბობთ პირველ რიგში უარს და თუ ეს მართლა ასეა, ძალიან სერიოზული ძალისხმევა გვმართებს ყველას ამ დამღუპველი პროცესის შესაჩერებლად. ქართველმა ებრაელებმა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, გენი დაუბრუნეს სამშობლოს, ჩვენ კი, სამშობლოდან, უპირველეს ყოვლისა, გენი გაგვაქვს. მშობლების, ბებია- ბაბუების პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მშობლიურ გარემოს ძალით მოწყვეტილი ბავშვი ქვეყნის ქომაგად ვერ გამოდგება. ეროვნებაც სიქალწულესავითაა - თუ დაკარგავ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ, მაგრამ სიქალწულისგან განსხვავებით, მისი დაკარგვა სრულებითაც არ არის სასურველი. ჩვენ კი ძალით ვაკარგვინებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს და, რაც მთავარია, დარწმუნებულები ვართ, სწორად ვიქცევით, დროულად ავუღეთ ცხოვრებას ალღო და ქეჩოზე მოვექეცით ჩვენს წასალეკად აფოფრილ ტალღას, საიდანაც ყველასათვის ერთნაირად საიმედო მიწა კი მოჩანს, მაგრამ ჯერ ღმერთმა იცის, რა გველოდება ამ მიწაზე.
აი, ამგვარი გაურკვევლობა სუფევს "საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფთა" შორის და, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი გაურკვევლობა აქ დარჩენილთა ფსიქიკაზეც ახდენს უარყოფით ზეგავლენას, ანუ, აქაც თავისთავად იბადება ეჭვი, შიში, უნდობლობა, უიმედობა და საუკეთესო პირობები იქმნება ანტიეროვნული, ანტიქართული (რაკი ჯერ კიდევ ბევრს ადგას გულზე ჩვენი არსებობა!) იდეოლოგიის საქადაგებლად. ჩვენდა სამწუხაროდ, არც მოხალისე თუ მოსყიდული ქადაგია სანთლით საძებარი. ხოლო ყველაფრის თავიდათავი ისევ თავისუფლებაა, უფრო სწორად, ნაწყალობევი თავისუფლება, რითაც ამ თხუთმეტიოდე წლის წინ ჩვენი ორასწლიანი მონობა დამთავრდა თითქოს. მაგრამ ამაზე საუბარი, მეტი რომ არ ვთქვათ, ქართულ უმადურობად და ქართული ბუნების აგრესიულობად ითვლება უკვე, არა მარტო საქმეში ჩაუხედავი და ფეხებზემკიდია მსოფლიოსთვის, არამედ ამ თხუთმეტიოდე წლის მანძილზე ჩვენში გამოჩეკილ პოლიტიკოსთა თუ პოლიტოლოგთა საკმაოდ დიდი ნაწილის თვალსაზრისითაც. თავისუფლება შენით უნდა მოიპოვო, განუწყვეტელი ბრძოლითა და შრომით. ჭირნახულივით უნდა მოიწიო, თორემ მწყალობელი, მით უფრო შენთან ისტორიულად დაპირისპირებული, აუცილებლად დაგათმობინებს რაღაცას, შეგაცვლევინებს მაინც; ხოლო ანგარებით თავსმოხვეული ნებისმიერი ცვლილება, რა ხასიათისაც არ უნდა იყოს ის, ბოროტებაა. თუკი უკანასკნელი თხუთმეტი წლის მანძილზე ჩვენში მომხდარ ცვლილებებს თვალს გადავავლებთ, არც იმის დადგენა გაგვიჭირდება, ვისთვის იყო სასარგებლო ამგვარი ცვლილებები, "დანგრეული" იმპერიისთვის თუ "გათავისუფლებული" კოლონიისთვის. ამდენი გზასამცდარი ბავშვი, მოშლილი ოჯახი, სასოწარკვეთილი ადამიანი არც ერთ ისტორიულ ტრაგედიას არ დაუტოვებია ჩვენთვის. როცა შემოდგომაზე ხეს ფოთოლი ცვივა, ეს ბუნებრივი და, აქედან გამომდინარე, აუცილებელი პროცესია, კი არ გაეჭვებს და გაფორიაქებს, გაიმედებს და გამშვიდებს. ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები სამყაროს უცვლელობისა და მარადიულობის დამადასტურებელია მხოლოდ. ხოლო ის "ეპოქალური" გარდაქმნა, რომელიც ნაწყალობევ თავისუფლებას მოჰყვა ჩვენში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ გვაფრთხობს და ავ წინათგრძნობებს გვიჩენს, რის გამოც თავისუფლების შეგრძნება პასუხისმგებლობის გრძნობას კი არ გვიმძაფრებს საკუთარი ქვეყნის მიმართ, არამედ მონური თავშეკავებულობისა თუ მონური თავაშვებულობისკენ გვიბიძგებს ისევ.
რაც შეეხება ჩვენში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, ჩემი აზრით, ეს პროცესები უფრო პრაგმატული ხასიათისაა, ვიდრე ლიტერატურული და, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც ბუნებრივი მოვლენაა ამ ეტაპზე. ჯერჯერობით ლიტერატურაშიც სრული განუკითხაობა სუფევს და ლიტერატურული სამყაროც უმთავრესად პირადულ ინტერესებსაა დაქვემდებარებული. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, რომელ ლიტერატურულ პროცესებზე შეიძლება ლაპარაკი ხელოვნურად ჩამკვდარ, ხელოვნურად დასაჭურისებულ ქვეყანაში, სადაც გამართულად მეტყველებაც უჭირს უკვე ხალხს და ჟურნალისტურ ილეთს მეტი გასავალი აქვს, ვიდრე მწერლურ მიგნებას. დღევანდელი ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა უმნიშვნელო ადგილსაც აღარ უთმობს მხატვრულ ნაწარმოებს და პოლიტიკურ ანარქიასა და აჟიოტაჟში ისიც ვერ გაგვირკვევია, ვქმნით თუ ვანადგურებთ, რას მივიღებთ საბოლოოდ - ლიტერატურული მატიანის კიდევ ერთ ფურცელს, თუ ლიტერატურული მატიანის კიდევ ერთი ფურცლის ფერფლს. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ეს ყველაფერი შორსმჭვრეტელთა მითითებითა და ბრმადშობილთა ხელით კეთდება, რაც კიდევ უფრო გარდაუვალს ხდის მოსალოდნელ კატასტროფას, თუკი დროზე არ მოვეგებით ყველანი გონს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენმა მტრებმა ჩვენზე უკეთ იციან ქართული მწერლობის ფასი და იმასაც ისეთივე დაუნდობლობით ებრძვიან, როგორც ქართულ ენას, ქართულ ეკლესიას თუ ქართულ მეურნეობას ებრძოდნენ თავის დროზე, ანუ, ებრძვიან ყველაფერ იმას, ურომლისოდაც, უბრალოდ, შეუძლებელია, ქვეყანად იწოდებოდე, მით უფრო - სახელმწიფოდ. რასაკვირველია, მტრების სივერაგისა და სისასტიკის ბრალია ჩვენი მწერლობის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, ოღონდ, მტერში, მაინცდამაინც, ჟირინოვსკის კი არ ვგულისხმობ, არამედ ჩვენიანსაც, რომელიც ადვილი შესაძლებელია, ჟირინოვსკიზე დაუნდობელიც აღმოჩნდეს საკუთარი სისხლისა და ხორცის მიმართ. მართალია, რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის ლეკვები ვართ, მაგრამ ბოლოს, ეტყობა, მაინც გავტყდით. ჩვენც დავკნინდით, დავწვრილმანდით და, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმანეთს დავერიეთ, მტრების გულის გასახარად. ახლა აზრიც არა აქვს იმის გარკვევას, ვინ არის ჩვენ შორის ნამდვილი მწერალი და ვინ ცრუ; ვინ განაწესა ღმერთმა ქართული სიტყვის მსახურად და ვინ შექმნა "კაგებემ" ციხის შიგნიდან გასატეხად. ციხე რა ხანია, გატყდა, ქვეყნის გასაბჭოებისთანავე, მაგრამ ნამდვილი, ასე ვთქვათ, ღვთით მოვლენილი მწერლები მაინც ჯიუტად ისხდნენ ყოველთვის ქართული მწერლობის სანგარში, რათა ენაშერყვნილ, ეკლესიაშებილწულ, არისტოკრატიადახვრეტილ და მეურნეობამოშლილ ქვეყანას იმედიც არ დაეკარგა. ჩვენ კი დღეს იმ სანგრის მიწით ამოვსებას ვცდილობთ, ანუ, ძირითადად საყოფაცხოვრებო პრობლემებითა ვართ დაკავებულნი და ეს არის ჩვენი მთავარი საქმიანობა. ვინ ძველი კვალის მოსასპობად იქცევა ასე, ვინ ამ გზით ცდილობს ლიტერატურაში კვალის დატოვებას და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობს და კამათობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი აღთქმული მომავლისთვის სისხლხორცეულად საჭირბოროტო საკითხებზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, არც ქვეყანა ადარდებს და არც მისი მომავალი, მთავარია, დღეს მიიღოს ხვალისა, ხელისუფალთა ყურადღება მიიქციოს და თანამოკალმეებზე მაღლა დადგეს როგორმე. ამას თუ არ ჩავთვლით "ლიტერატურულ პროცესად", პირადად მე ნამდვილ ლიტერატურულ პროცესებზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევად მიმაჩნია. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდხანს ვერ გაგრძელდება ასე. არათუ დაუშვებელი, შეუძლებელიცაა იმ ინერციის, იმ ენერგიის, იმ სულისკვეთების შეჩერება (შეჩერებაც კი!), ქართულ მწერლობას რომ ამოძრავებს აგერ უკვე მეთექვსმეტე საუკუნეა. ასე რომ, ვიდრე ლიტერატურა გვახსოვს და ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ, ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა, ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს, რამდენადაც ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ბუნებრივი მოვლენის კი არა, სწორედაც რომ არაბუნებრივი, ხელოვნურად შექმნილი, შეგნებულად დამახინჯებული მოვლენისა თუ მოვლენების კანონზომიერი შედეგია. ხალხის მახსოვრობა მოკლეა და, თუკი იკადრებ, შეგიძლია იმდენჯერ მოატყუო, რამდენჯერაც მოგესურვება. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ხანდახან შეგნებულადაც იტყუებდეს ხალხი თავს. ყველა ხალხს და, თავისთავად ცხადია, მათ შორის ქართველ ხალხსაც, ურჩევნია მოსაჩვენებლად, ასე ვთქვათ, დროს გასაყვანად ირწმუნოს ტყუილი, ვიდრე ერთბაშად გადააყოლოს სიმართლეს თავი. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, არაფერი შეიცვლება. რაც მთავარია, ჩვენი ლაპარაკი არა მარტო მტერს, მოყვარესაც აღიზიანებს უკვე, როგორც აქ, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მით უფრო რუსეთში ემიგრირებულს, რაც, მე თუ მკითხავთ, თავისთავად უკვე უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში. თავს აფარებ იმას, ვინც თავშესაფარი მოგიშალა! ასე რომ, ტყვეობაში შობილი თაობა კი მოვიდა, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ აკრძალულსა და წარმოდგენილ თავისუფლებას, რომელსაც, მართას მსგავსად, მერცხლებისა და ყვავილების სახით გამოხატავდა ტყვეობაში, ხელისუფლებისგან შემოთავაზებული (გნებავთ, შემოპარებული) ყველაფრის უფლება ამჯობინა, ანუ, პირველ რიგში, მერცხლებსა და ყვავილებს აუბზუა ცხვირი და, მოსვლისთანავე, დაგმო სწორედ ის, რამაც ხელი შეუწყო, უფრო მეტიც, რამაც საერთოდ განაპირობა მისი განთავისუფლება. ეს კი თვითმკვლელობის ტოლფასი აქტია, არადა, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, ანუ, როგორც ფიზიკური, ისევე სულიერი მონობის ჟამს, ცენზურის განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ შექმნილი ქართული ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ადამიანის გაუტეხლობის, მისი ამოუწურავი ენერგიისა და შინაგანი თავისუფლების სადიდებელია. თუკი წერა ძნელი იყო როდისმე, მაშინ იყო ძნელი. უფრო მეტიც, წერა მაშინ ომს ნიშნავდა და ყველა როდი ბრუნდებოდა იმ ომიდან ცოცხალი. ბევრმა მწერალმა დადო თავი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ადამიანური და მწერლური ღირსების დასაცავად. წერა დღესაა ადვილი, მაგრამ იმიტომ კი არა, ცენზურა რომ აღარ არსებობს, არამედ იმიტომ, ორსაუკუნოვან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელ) მწერლების შთამომავალმა განთავისუფლებისთანავე რომ თქვა უარი მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე, ანუ, ჩვენი ისტორიული პრობლემა გადაწყვეტილად მიიჩნია და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად "თანამედროვე" და "აქტუალური" თემებით დაინტერესდა, როგორიცაა, თუნდაც, ჰომოსექსუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი თუ გლობალიზაცია, ანუ მშობლიური ისტორიის კრიტიკა და მშობლიური კულტურის უარყოფა. ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, ოღონდ, თავისუფალი ადამიანისთვის. დღეს კი, მეტ- ნაკლებად თავისუფალ საქართველოში, ძირითადად მონებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ყაზბეგისა და ჯავახიშვილის წიგნებზე უკეთ საღდება. ამგვარი ლიტერატურა, რა თქმა უნდა, ზნეშეცვლილ ოჯახთან, ფუნქციადაკარგულ სკოლასთან და კორუმპირებულ საზოგადოებასთან ერთად, ხელს უწყობს ახალი ყაიდის, მე ვიტყოდი, ანტიქართული აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და, ჩვენდა სამარცხვინოდ, მთლად ახალი მოვლენა არ არის ჩვენში. ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის ომის დროს ქართველი თავადაზნაურების მარშალმა, ვინმე გურამიშვილმა (მომიტევოს დიდი დავით გურამიშვილის სულმა მისი გვარის ამ კონტექსტში მოხსენიება), პირდაპირ მოუწოდა ქართველ ხალხს, დედაწულიანად გამწყდარიყო რუსეთისთვის, რადგან მხოლოდ ასე დაუმტკიცებდა ერთგულებას ერთმორწმუნე "მფარველს", რაც, ამავე დროს, მისი (ქართველი ხალხის) ისტორიული მისიის აღსრულებაც იქნებოდა თურმე. ჩვენი მისია უკვალოდ გაქრობა კი არ არის, მით უფრო, ვინმეს ხათრითა თუ შიშით, არამედ - გამორჩეული, განსაკუთრებული ხმისა და სახის, სულისა და ხასიათის შენარჩუნება სამყაროს აღსასრულამდე, რაც არ უნდა ძნელი მოსასმენი იყოს ეს ვიღაც-ვიღაცებისთვის. ისტორიულმა კატაკლიზმებმა კი არ უნდა წაგვახდინოს, კიდევ უფრო უნდა აღგვაგზნოს საომრად და სამოქმედოდ. ჩვენ მეომარი და შემოქმედი ხალხი ვიყავით ყოველთვის - ხმალი არ გაგვიგდია ხელიდან, მაგრამ მაინც იმდენი რამის შექმნა შევძელით, თანაგრძნობითა და პატივისცემით უნდა გვხვდებოდნენ დღეს ყველგან, სადაც ბედი თუ უბედობა გადაგვისვრის, განათლების მისაღებად თუ თავშესაფრის სათხოვნელად. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ფუტკარიც კი არსებობს ქართული ჯიშისა! მსოფლიომ შეიძლება ჯერ არ იცის (დიდხანს ვიყავით იმპერიის ჯურღმულებში ჩამწყვდეულნი), მაგრამ აუცილებლად გაიგებს. მთავარია, ჩვენ არ გადავშენდეთ იქამდე. ამის საშიშროება კი ნამდვილად არსებობს. განგებ შეგვყარეს თუ ჩვენ თვითონ დავიმართეთ შეგნებულად, აშკარად ავი სენი გვჭირს. ამ სენს სამშობლოზე გულის აცრუება ჰქვია და ძნელი სათქმელია, რატომ უნდა შეგვყროდა მაინცდამაინც ჩვენ, როცა ყველა ჯურის გადამთიელს მაინცდამაინც ჩვენს სამშობლოზე რჩება თვალი. მაგრამ რაკი შეგვეყარა, ახლა განკურნებაზე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვიკურნოთ ამ სამარცხვინო სენისგან, თორემ ოდესღაც შესაშურად წიგნიერი ხალხი, სანიმუშოდ უწიგნურ ხალხად ვიქცეთ ლამის. რასაკვირველია, ერთბაშად არ მომხდარა ეს. როგორც ჩათვლემილ ბავშვს საყვარელ სათამაშოს გამოაცლის ხოლმე დედა ხელიდან, ისე გამოგვაცალა ვიღაცამ, "ჩვენზე მზრუნველმა" წიგნი, და ჩვენც თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, თვითონაც რომ ვერ გავიგეთ, უმეცრების წყვდიადში აღმოვჩნდით ბოლოს, სადაც უფრო იოლად ვივიწყებთ წინაპართა დადგენილს და უფრო თამამად მივსდევთ სხვათა ადათ- წესებს. უფრო მეტიც, ლამის ადმინისტრაციული მეთოდებით ვაუქმებთ ძველს და ვამკვიდრებთ ახალ ტრადიციებს. ეს კი მიუტევებელი შეცდომაა, დანაშაულზე რომ არაფერი ვთქვათ. დრომოჭმული ტრადიცია თავისით ქრება და ახალიც, ფაქტობრივად, თავისით მკვიდრდება, თუკი მისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის ცხოვრება. აქედან გამომდინარე, როგორც ძალით დამკვიდრებულ, ისევე ძალით ამოძირკვულ ტრადიციას მხოლოდ და მხოლოდ არასასურველი და არასასიამოვნო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. განა თბილისის ქუჩებიდან ტრამვაის გაქრობამ, ტრადიციულ იერთან ერთად, ხასიათიც არ შეუცვალა ქალაქს?! ვიღაცის "ჯადოქრობის" წყალობით ერთ მშვენიერ დღეს უცხო ქალაქში გამოგვეღვიძა თითქოს, თუმცა, ადვილი შესაძლებელია, ბევრი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდეს ამას. ტრამვაი არა მარტო ალამაზებდა, უფრო სწორად, არა მარტო ამშვიდებდა, ათვინიერებდა თბილისს, არამედ ჩვენც გვაახლოვებდა და გვანათესავებდა, გნებავთ, გვამსგავსებდა ერთმანეთს, სულიერ არსებასავით გაჟღენთილი ჩვენი სითბოთი, ჩვენი სუნით, ჩვენი ნაფიქრალით, ჩვენი სადარდელითა და სანატრელით... მისი ზარის წკარუნი და ბორბლის ღრჭიალი არა მარტო ახალი დღის დადგომას გვაუწყებდა, არამედ გამოვლილ გზასაც გვახსენებდა განუწყვეტლივ. გამოვლილი გზის დავიწყებიდან ერთი ნაბიჯიღა რჩება სამშობლოს უარყოფამდე. უვიცი სწავლულზე ბედნიერია, მაგრამ ჩვენ თუკი რამე გვჭირდება დღეს, სწავლა- განათლება გვჭირდება პირველ რიგში, ვთქვათ, ფრანგებისგან განსხვავებით. საფრანგეთი აწყობილი ქვეყანაა და შეუძლია ამგვარი "ფუფუნების" უფლებაც მისცეს თავს, თუნდაც მარტო იმის გასარკვევად, თუ რამდენად სახიფათო აღმოჩნდება წიგნისადმი დღევანდელი გულგრილობა მომავლისთვის, ანუ, შეიძლება თუ არა ხვალ და ზეგ ქვეყნის ბედიც ანდო იმას, ვისაც გუშინ და გუშინწინ ორ ბატსაც არ ანდობდი მოსამწყემსად. სწავლა განა არ გვიყვარს, სიბეჯითე გვაკლია, გვეზარება. უფრო გულახდილები თუ ვიქნებით, მოგვბეზრდა, ყელში ამოგვივიდა "განათლების მიღება" უსწავლელად, რასაც განათლების საბჭოური მეთოდი გვთავაზობდა. სავალდებულო, მაგრამ იოლმა სწავლამ აშკარად არ გაგვიმართლა, თუმცა მაშინაც ასე ვიყავით მოდებული ქვეყანას, თავისთავად ცხადია, შესაძლებლობების ფარგლებში, კიევიდან ნოვოსიბირსკამდე, და უნდა ვაღიაროთ, ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის კარი იღებოდა ჩვენთვისაც, რამდენიმე ჩურჩხელისა და შინნახადი ჭაჭის საფასურად. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწავლის მძებნელებიც და შინ დარჩენილნიც ერთნაირად უვიცნი აღმოვჩნდით ბოლოს და ბევრი სიმწარეც ვიგემეთ საკუთარი უვიცობის გამო. ამიტომაც გვირჩევნია ოცნება სინამდვილეს. ოცნებაში უცებ შეგიძლია იმის ასრულება, რასაც სინამდვილეში ხანგრძლივი, თავაუღებელი შრომა სჭირდება. საქართველო რომ საქართველოა, ოცნებაში ისიც კი შეიძლება წარმოიდგინო ამერიკასავით ძლიერ და მდიდარ ქვეყნად. კი ბატონო, ვიოცნებოთ. ოცნებას რა სჯობს! მაგრამ ერთი პირობით: აუცილებლად უნდა გვიყვარდეს ეს "დაწყევლილი" საქართველო, უნდა გვჯეროდეს მისი და სადაც არ უნდა ვიყოთ, შინ თუ გარეთ, მხოლოდ მის საკეთილდღეოდ უნდა ვიღვწოდეთ, უხმაუროდ და უანგაროდ.
ასე რომ, "ერის, როგორც მთლიანი ორგანიზმის, სულიერი სიჯანსაღე" რომ დავიბრუნოთ, ხელახლა უნდა მოვინათლოთ ყველანი ქართველებად და ხელახლა უნდა შევისწავლოთ ანი და ბანი. მტერმა შეიძლება სკოლა დაგვინგრიოს, წიგნი დაგვიწვას, სინათლე ჩაგვიქროს... მაგრამ სწავლის უნარსა და სურვილს ვერ ჩაგვიკლავს. სწავლა სიბნელეშიც შეიძლება და არა მარტო უცხოეთში, არამედ ადგილზეც, შინ. უცხოეთში, საერთოდ, იმის სასწავლებლად მიდიან, რისი სწავლაც შინ არ შეუძლიათ, მაგრამ სწორედ შინ სჭირდებათ. ქართულს, რასაკვირველია, საქართველოზე უკეთესად ვერსად შეისწავლი, მაგრამ შენ თუ აღარ გინდა ქართველობა, შენ თუ მსოფლიო მოქალაქეობას აპირებ, მაშინ... თუმცა, საბედნიეროდ, არც ერთი მოზარდი არ ფიქრობს ასე. ასე ზოგიერთი მათგანის მშობელი ფიქრობს და არა მარტო ფიქრობს, დაუნანებლად იმეტებს შვილს უცხო სივრცეებში უკვალოდ გასაქრობად. არავითარ შემთხვევაში! ეს დიდი დანაშაულია ღმერთისა და ქვეყნის წინაშე და უმალ ასეთ მშობლებს გააგზავნის საქართველო "გასანათლებლად", ვიდრე მათ შვილებს. მათი შვილები საქართველოს საკუთრებაა. მათი შვილებია ხვალინდელი საქართველო, რომელიც, ღვთის წყალობით, ერთხელ კიდევ აღსდგა დღეს მკვდრეთით, ისევ სახელმწიფოდ იწოდება და საკუთარი დროშა, ჰიმნი და გერბი აქვს, თუნდაც, გამარტივებული. სხვათა შორის, სახელმწიფო გერბი ჩვენსავე თავგადასავალს გვიყვება ჰერალდიკის ენაზე. უფრო სწორად, სხვებისთვისაც წარმოაჩენს, თუკი რამე მნიშვნელოვანი და საინტერესო გაგვაჩნია. სამეფო გვირგვინი, ყალყზე შემდგარი ლომები და წმინდა გიორგი, რასაკვირველია, ძვირფასი სიმბოლოებია თავისთავად, მაგრამ მათი გამოსახვა ნებისმიერი ქრისტიანული ქვეყნის გერბზე შეიძლება და არის კიდეც გამოსახული; ხოლო ქრისტეს კვართზე, მით უფრო კი ოქროს საწმისზე, მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ სხვებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთსაც, რომელმაც ჯერ კიდევ ამ ორასი წლის წინ გაგვიუქმა სახელმწიფოც და სახელმწიფო სიმბოლოებიც და, ალბათ, მაინცდამაინც არ ესიამოვნება, მისგან ერთხელ და სამუდამოდ დამარხულის აღდგენას თუ მოინდომებს დღეს ვინმე. მოკლედ, ჩემსავით გამოუსწორებელი ეჭვიანები რომ იყვნენ ჩვენი პარლამენტარებიც, დარწმუნებული ვარ, უფრო ღრმად დაფიქრდებოდნენ, არ აჩქარდებოდნენ გერბის საბოლოო ვარიანტის მიღების დროს. მაგრამ ჩვენი ბედ-იღბლის ხალხისთვის ისიც დიდი მიღწევაა (მე ვიტყოდი, ბედნიერება), რასაც, ჯერჯერობით, მივაღწიეთ. ასე რომ, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს გაცილებით უკეთ ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით. რადგან დღეს უფრო მეტმა ვიცით, რატომ ვართ ცუდად. იმედია, ხვალ კიდევ უფრო მეტს გვეცოდინება. ეს ეხება "გახიზნულ, გაჩუქებულ, გაყიდულ" შვილებსაც, რომლებსაც ვერაფრით ვეღარ დავიბრუნებთ, თუკი თავად არ მოუნდებათ დაბრუნება. დაბრუნება არა მარტო კეთილშობილური მიზანი, არამედ მოურეველი სურვილიც უნდა იყოს მათთვის. ოღონდ, შურის საძიებლად კი არ უნდა დაბრუნდნენ, არამედ გვერდში ამოსადგომად და მხარის შესაშველებლად. როგორმე უნდა მოერიონ თავს და გამხიზნავ, გამჩუქებელ, გამყიდველ მშობლებს მიუტევონ, აპატიონ ყოვლად გაუმართლებელი სისუსტე და სიბეცე, უპრინციპობა და უნებისყოფობა. ეს არა მხოლოდ სულიერ შვებას აგრძნობინებთ, არამედ "უსამშობლოდ დაკარგული დროის ანაზღაურებადაც" ჩაეთვლებათ. დარწმუნებული ვარ, ასედაც მოხდება. როგორც კი განვიწმინდებით მონური ყოფის შლამისგან, ყველას, წასულსაც და დარჩენილსაც, ერთად, ერთდროულად გაგვახსენდება "ვისი გორისანი ვართ" და სულის შემძვრელი სიცხადით დაგვიდგება თვალწინ ჩვენი საერთო დედის, ჩვენი მარადიული, დაულეველი, ამოუწურავი, აუწონავი, გაუზომავი, ფასდაუდებელი, თვალშეუდგამი, ხელშეუხებელი სამშობლოს ულამაზესი და უძვირფასესი სახე...

study


Last edited by Admin on Wed Apr 29, 2020 9:52 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 12:13 pm

ოთარ ჭილაძე

მედეა
(გერმანული გაზეთისთვის)

მედეა ერთ-ერთი გამორჩეული სახეა მსოფლიო ლიტერატურაში და გამორჩეულია, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი გრძნობებისადმი უსაზღვრო ერთგულებით, რომელთა დასაცავად დაუფიქრებლად შეუძლია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა: მამის ღალატი იქნება ეს, სამშობლოს მიტოვება, ძმის გაწირვა, თუ საკუთარი შვილების დახოცვა... თუმცა ასეთი „დაუნდობელი“ მედეა მაინც ბერძნული ფსიქიკის, ბერძნული მსოფლმხედველობის შექმნილია, ასე ვთქვათ, ბერძნებმა „აიძულეს“ მას მართლაც რომ შემზარავად დიდებული ნაბიჯის გადადგმა სცენაზე, რაც, ჩემი აზრით, უაღრესად ზუსტი, დამაგვირგვინებელი დეტალი აღმოჩნდა იმ საერთაშორისო, განუმეორებელი ვერსიის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ნებისმიერი მეტნაკლებად განათლებული ადამიანის წარმოდგენაში არსებობს დღეს და უმალ ბერძენი ავტორის გენიალურობას უსვამს ხაზს, ვიდრე, ვთქვათ, მედეას სისასტიკეს... ამდენად, ჩვენი მიზანი სრულებითაც არ ყოფილა ამ ვერსიის განმეორება, ანდა უარყოფა... რაც მთავარია, ვერაფერს ვხედავ ამ ვერსიაში ქართული ბუნებისთვის მიუღებელსა და შეურაცხმყოფელს. პირიქით, მოწიწებით ვიხრი ქედს მისი მარად მშფოთვარე სულის წინაშე... როგორც უკვე ვთქვით, ის გამორჩეული სახეა და ამაყად დგას საკუთარი სიმარტოვის მოედანზე – ზურგს უკან კი არ მალავს, გულზე აქვს დაკრეფილი შვილების სისხლში ამოსვრილი ხელები... რასაკვირველია, ძლიერია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უმწეობითაა ძლიერი... რასაკვირველია, უბედურია, მაგრამ აგერ უკვე რამდენი ხანია, ყველას ერთნაირად გვაბედნიერებს სიყვარულის სიდიადის, ღალატისადმი შეურიგებლობისა და საკუთარ სისუსტეებზე ამაღლების ნეტარი შეგრძნებით... ასე რომ, არაფერი სჭირს დასაცავი და არც ჩვენ ვაპირებთ მის „დაცვასა“ და „გამართლებას“ სხვათა თვალში. სამაგიეროდ, გვეამაყება მისი თანამემამულეობა, გვეამაყება, მაინცდამაინც მას რომ აღმოაჩნდა ძალაცა და უნარიც ვერაგი დამპყრობლისა და მოღალატის ბაცილის აღმოსაჩენად. უფრო მეტიც, მან ეს ბაცილა შვილების სისხლით შეღება, უფრო ადვილი დასანახი რომ ყოფილიყო სხვებისთვისაც...
ჩემი მიზანი გაცილებით მოკრძალებულია. ქართულ რომანში მედეა ჯერ კიდევ ბავშვია, გულუბრყვილო, გულწრფელი არსებაა, რომელიც რასაც სჩადის, სიყვარულის კარნახით სჩადის, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე უგულობის, სიბნელის, დაუნდობლობის ყრუ კედლებს აწყდება. ის ხომ, პირველ რიგში, თავად არის მსხვერპლი ავანტიურისა, რომელიც მისი ძლევამოსილი მამის დასამხობად, მისი სამშობლოს დასაკნინებლადაა გამიზნული.
მედეა ბუნებით კი არ არის მკვლელი, როგორც ზოგს მიაჩნია, არამედ იძულებულია, უფრო სწორად, ვალდებულია, აღიაროს საკუთარი შეცდომა და თავად ამოძირკვოს ამ შეცდომის ნაყოფი, გნებავთ, შედეგი, რაც სინამდვილეში ყოვლად შეუძლებელია, მაგრამ სწორედ შეუძლებლისკენ სწრაფვა, წარმოუდგენლის წარმოდგენა, მიუღწევლის მიღწევა გამოარჩევს მას ჩვეულებრივად მიტოვებული, ჩვეულებრივად ნაღალატევი, ჩვეულებრივად დამცირებული ქალების უკიდეგანო ოკეანეში...

1994


study


Last edited by Admin on Thu Feb 27, 2020 1:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 12:15 pm

ოთარ ჭილაძე


გზაზე ერთი კაცი მიდიოდა (1973)
(ციტატები)


თუ სიკეთე გინდა, ბოროტებასაც უნდა დაუხუჭო თვალი, რადგან ერთს მეორე მოსდევს. ან ორივეს ზურგი უნდა შეაქციო, ან ორივე უნდა ჩაიხუტო, რადგან ორივენი თავხედი და უზრდელი ბავშვებივით არიან, მცირე ოდენი ყურადღებაც საკმარისია ერთის მიმართ, ორივენი მაშინვე კალთაში რომ ჩაგისხდნენ, რადგან ერთმანეთს ხელს არ უშვებენ და წინასწარვე არიან შეთანხმებულები-ყველაფერი ძმურად გავიყოთო.


კაცი ძველ ტანსაცმელს საჭიროებისათვის იცვამს, ახალს კი თავის გამოსაჩენად და სხვების გულის გასახეთქადო.


განა ზღვაში გადაგდებული ქვა სამუდამოდ ქრება, სამუდამოდ იკარგება? არა, არც ქრება და არც იკარგება, უბრალოდ მისი დანახვა აღარ შეგვიძლია, რადგან წყალშია ჩაძირული. მაგრამ შეიძლება ვინმემ წყალში ჩაყვინთოს და სწორედ ის ქვა ამოიღოს, ჩვენ რომ სამუდამოდ დაკარგული გვეგონა.


განა ტალღებმა იციან, რომელ ნაპირს შეასკდებიან, ქვიშიანსა თუ სილიანს? მაგრამ მაინც ერთი სული აქვთ როდის მიაღწევენ ნაპირამდე, რათა დაიმსხვრნენ, დაიფუშონ და განადგურდნენ იმ ერთწამიანი შეხების გულისთვის, რისთვისაც საერთოდ გაჩენილან სადღაც ბნელსა და გათოშილ წიაღში. მეგობარი ან ტალღაა, ან კლდოვანი ნაპირი, ან იღუპება, ან გღუპავს. ამაშია სწორედ მისი ძალაცა და სილამაზეც - მარადიული ძალა და წარმავალი სილამაზე, რადგან ახალ წყვილს, ყველა ახალ კლდოვან ნაპირსა და ტალღას თავისი განსაკუთრებული სილამაზე მოაქვს. პატრონი კი სხვაა, ის სილიანი ნაპირია, არც თავს დაიღუპავს და არც შენ მოგცემს დაღუპვის უფლებას. მას გულიცა და გონებაც თავის ადგილზე აქვს და ერთიცა და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვალეობას ასრულებს, რისი ასრულებაც ბუნებას დაუვალებია. ბუნებას და არა ბედისწერას.


ყველა სამშობლოს ეძებს. ჩვენ ხომ ბრმად და გულუბრყვილოდ ვიწყებთ ცხოვრებას და მერე, როცა გონებაში ვვარდებით, როცა საბოლოოდ გვეხილება თვალი, აღარ მოგვწონს იგი, გვეშინია მისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება სამშობლო, მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელი, რადგან აღარ გვახსოვს სად დაიწყო ჩვენი ცხოვრება, რომელიც საერთო ცხოვრებაში ათქვეფილა და აღარც დასაწყისი აქვს და აღარც დასასრული. ჩვენც თავ-გზა აგვბნევია უსასრულო ტალანებში ხეტიალით და ჩვენი სურვილისამებრ კი არ ვმოძრაობთ, არამედ მოძრაობის აუცილებლობა გვერეკება თავის ნებაზე. ხოლო მოძრაობის აუცილებლობას შიშისა და უმწეობის ნათესლარი იწვევს, რომელსაც იმედი ჰქვია. იმედი თავის მართლებაცაა და მოტყუებაც, ერთიცა და მეორეც დიდი ვერაფერი შვილია და ვერც ვერაფერში გვეხმარება, უბრალოდ ახანგრძლივებს და ჩვენთვისაც მეტ-ნაკლებად ასატანს ხდის თავის მშობლებს: შიშსა და უმწეობას. თუმცა არა, იმედი დაულეველი საბადოცაა იმ ჯანისა, რომელსაც ტალანებში უთავბოლო ხეტიალისას ვხარჯავთ. რითი მთავრდება ჩვენი ხეტიალი? არაფრითაც არ მთავრდება, არც თავი აქვს და არც ბოლო, მისი თავი იგივე ბოლოა, ხოლო ბოლო-იგივე თავი.


ყველა ჩვენგანს ყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები. მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!


ადამიანი ევლინება ამ ქვეყანას, საკუთარ გზას ადგება, ეკლებითა და ვარდებით მოფენილს. ხან ეკალი ერჭობა, ბორძიკობს, იქცევა. ხან ვარდის სურნელება და სილამაზე ათრობს, აბრუებს.


study


Last edited by Admin on Fri Feb 28, 2020 11:40 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 12:19 pm

ოთარ ჭილაძე

გოდორი (2003)
(ციტატები)


ადამიანი ძალაუფლების მაძიებელი ცხოველია.


უსაფუძვლო სიძულვილი და ბრმა რწმენა აიძულებს ახალგაზრდას ქუჩაში გამოვიდეს და ხელი მოუღეროს ხელისუფალს.


თუკი ხელისუფლების შენარჩუნება გსურს, პირველ რიგში, შეკითხვის გეშინოდეთ, ბავშვის პირიდან ამოსულის.


ბავშვი საზარელი იარაღია, თუკი არადანიშნულებისამებრ გამოიყენებ.


მეომარი ხალხი ვართო ვიძახით, და მართლაც, ნებისმიერ ტილიან ქართველს დაედება ფასი, ოღონდ შავ ბაზარზე, როგორც სარეცხის სოდას, კბილის პასტას, პრეზერვატივს თუ შავ პილპილს.


მარქსიზმი ქურდულმა მორალმა დაამარცხა მხლოდ. უბნის რწმუნებულს ზედ არ აფურთხებდნენ უბანში, ქურდს კი ძაღლიც არ უყეფდა.


ვიდრე ბუნების ენას არ ვისწავლით, ყველა ცოდნა დამღუპველია.


აღარ რჩება ჩვენი ადგილი არათუ ტაღლითი კარტოგრაფის შედგენილ რუკაზე, არამედ ბუნებაში, და თქვენი ყბადაღებული სრულიად საქართველო ისტორიული მირაჟი გამოდის მხოლოდ. მკვდარი ვირის სიზმარი. ტელევიზია კი ჩივის, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო, ღვთის რისხვაა, აბა ეს რაა?! ქვეყანას ისევ ჩემსავით დაობებული კომუნისტები და შენსავით „ეროვნული მოძრაობიდან“ მოსული კომკავშირლები მართავენ.


ციხეში კაცი ბრძენდება, ანუ, ზოგი გვიან, ზოგი კი ადრე, - უნდა არ უნდა, ბოლოს მაინც რწმუნდება თავის სიბრიყვეში, ხვდება რომ ბრიყვად გაუჩენია ღმერთს და მე თუ მკითხავ, არც ამის მიხვედრაა ცოტა.


არავინ არავის არ სჭირდება. ანდა ერთხელ სჭირდება მხოლოდ. მოკლას ან მოეკვლევინოს. ადამიანი ერთჯერადი შპრიცივითაა დედისთვისაც, მამისთვისაც, ცოლისთვისაც... მისი ზედმეტად გამოყენება სახიფათოა, შიდსი იცის, საერთო გამოქლიავება, საბოლოო დაქიანთარება და ცუმპარუმპა.


დიდების ნაფშვენებს თურმე ყვავიც არ აკარებს პირს. სახიფათოა სიცოცხლისთვის. ყვავს თავის სამასწლიან მარტოობაში ყოფნა ურჩევნია იმ თქვენს დიდებას. სამაგიეროდ ადამიანი დაუფიქრებლად ჭამს და კვდება.


ყველა ჭეშმარიტი პოეტი ან მკვდარია, ან უგულებელყოფილი. ვინც იბეჭდება, ხელისუფლებას ემსახურება, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ იმის დაბეჭვდის უფლებას იძლევა, რისი დაბეჭდვაც უპირველეს ყოვლისა თვისთვის მიაჩნია სასარგებლოდ და არა პოეტისთვის.


სიყვარული სიძულვილზე უკეთესი მიზეზია მკვლელობისთვის, მაგრამ იოტისოდენადაც არ ამართლებს მკვლელს. პირიქით, უფრო ამძიმებს დანაშაულს. თუმცა ამავდროულად რაღაცნაირად ამაღლებს და აკეთილშობილებს, შარავანდედში ხვევს დამნაშავეს. მართლაც, თუ არ გიყვარს, რატომ კლავ? რა უფლებით? უფლება კი სიყვარულია.

ინგრეოდა, ნადგურდებოდა წინაპართა სისხლითა და ოფლით, ხმლითა და წიგნით წვითა და დაგვით ნაშენები ქვეყანა. წყალს მიჰქონდა ნაფოტივით, ქარს მიჰქონდა თივის ბულულივით, ორი მეფის, ოთხი მთავრის, ერთი ათაბაგისა და უთვალავი თავად-აზნაურის უკუდო, ამპარტავნობას გადაყოლილი, მათ სიხარბესა და სივერაგეს ვერგაწვდენილი…

თავის მოსულელებაც ერთგვარი სახეა ბრძოლისა, მით უფრო, როცა სხვა აღარაფერი შეგიძლია.


სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე. „სამშობლო, დედის ძუძუი“ ეტო ვზდორ! ვზდორ! და კიდევ ერთხელ ვზდორ!


სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს და არა იქ, სადაც მამა-პაპის ცოდვების გამო ადვილი შესაძლებელია, შენ წაგაცალონ თავი.


ქართველებს რომ გულში უდევთ ის საქართველო აღარ არსებობს.


აუცილებელია ყველამ, სრულიად საქართველომ, სასწრაფოდ მოიშალოს მუცელი… გაიკეთოს აბორტი – დაუნდობლად, დაუნანებლად… თუკი მართლა აპირებს გადარჩენას.


ნაუცბათევ ქორწილებზე რომ ტყვია წამალი იხარჯება სავსებით საკმარისი იქნებოდა აბსუების თუნდაც ერთი იერიშის მოსაგერიებლად ჩრდილო დასავლეთის ფრონტზე!


ერთად ვუშველოთ სამშობლოს! ნუ განვუდგებით სიღარიბის გამო. ნუ ვუუკადრისებთ სიპატარავისთვის. ნუ დავუწუნებთ გარეგნობას. განა ყველა მშობელი ერთნაირად ლამაზი არ არის?! მოვუხმოთ ჭკუას და დავბრუნდეთ შინ, გაქცეულნიც და გასაქცევადაც გამზადებულნიც… ბარგზე მჯომარენიც… ბატებო, ბატებო, შინ! ჩვენს დროს იყო ასეთი თამაში. უფრო სწორედ, უფროსები თამაშობდნენ ასე ჩვენს ბავშვობაში…


მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე.


საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა.


მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.


სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ გასაგები გახდეს ვინმესთვის.


ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.


study


Last edited by Admin on Fri Feb 28, 2020 11:39 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 12:24 pm

ოთარ ჭილაძე

„მარტის მამალი“
(ამონარიდები)

„ადამიანი სიბნელიდან მოდის და სიბნელეში ქრება“.

„სიცოცხლე, ხანგრძლივიცა და ხანმოკლეც, სიკვდილთან შეჩვევაა და მეტი არაფერი“.

„ყველაზე დიდი შიში ისაა, რომელსაც ვეღარ გრძნობ“.

„ასეთია ბუნება კაცისა, ასეა ცხოვრება მოწყობილი: თითქოს სწვდები საწადელს, ცოლს შეირთავ, შვილს გააჩენ, ჰა და ჰა, თითქოს უნდა გაგიმართლდეს ნაოცნებარი და სწორედ მაშინ შემართავს ხოლმე ბედისწერა უროს. ის კი, ადამიანი, მაინც იბრძვის, მაინც წვალობს, მაინც ფუტფუტებს ოცნების ნამსხვრევებში და ხელახლა აჩიტებს, ხელახლა აფრთიანებს ახალ ოცნებას, ერთხელ კიდევ რომ გაიწბილოს თავი. ამას ჰქვია ცხოვრება, ასე დაგვეკვება ღმერთისგან და ამის შეცვლა არ შეიძლება, რადგან ცხოვრება ან არის, ან არ არის, მისი შეცვლა მის მოსპობას ნიშნავს, ანუ, სიკვდილს, არაფერს“.

„სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს… ყველაფერი სულერთია შენთვის“.

„ადამიანმა თუ არ იჩქარა, თუ დღესვე არ მიიღო დღეს მისაღები, ხვალ გვიან იქნება და ისეთივე ხელცარიელი, გულცარიელი და თავცარიელი გაბრუნდება უკანვე, მოუსვლელში, ჯანდაბაში, როგორიც იქიდან მოვიდა“.

„არყოფნა მაშინ იწყება, როცა დედის ხმას დაივიწყებ, დაკარგავ, ანდა, როცა დედის ხმა თავისი ნებით და სურვილით წავა შენგან“.

„უნდილი კაცის ცოლობაზე დიდი სასჯელი ჯერ არ მოუგონია ღმერთს ქალისთვის“.

„ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი“.

„სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ, სული იგივე სინდისია“.


„ადამიანი ბევრი რაღაცის ჯამია და ვერაფერზე იტყვის უარს, თუმცა, უარი შეიძლება თქვას, მაგრამ მოშორებით ვეღარ მოიშორებს, რაც გაჩენის დღიდან გადახდენია თავს, რაც შეუძენია თუ შეუძენინებიათ, რაც ჩაუდენია თუ ჩაუდენინებიათ – გუშინდელმა ისევე უნდა აგოს პასუხი დღევანდელზე, როგორც დღევანდელმა – გუშინდელზე, ორივემ ერთად კი – ხვალინდელზე“.

„შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, გულადი იქნები თუ მხდალი“.

„ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთვარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს“.

„ქალი მაშინაა ბედნიერი, როცა ქმარ-შვილის ქვეშევრდომია. იმიტომ რომ, ნებაყოფლობითი ქვეშევრდომობა იგივე სიყვარულია. რომ გიყვარს, იმიტომ ემსახურები და არა იმიტომ, ქალის ხვედრი როა ასეთი, როგორც ზოგიერთები ამბობენ“.

„კაცი ჯერ თავს უკვდება, მაგრამ საბოლოოდ, სამუდამოდ მაშინ კვდება, როცა ყველა დაივიწყებს, როცა ყველასთვის სულერთია, მკვდარია თუ ცოცხალი. მკვდარს თუ გამხსენებელი ყავს, თავისი მომავალიც აქვს. გამხსენებელთან ერთად გადადის ხვალინდელ დღეში. ყველაზე მწარე სიკვდილი, სწორედ, უმომავლო სიკვდილია“.

„ადამიანის ფიქრი და ოცნება მოითხოვს სივრცეს და არა თავად ადამიანი“.

„ადამიანი განუწყვეტლივ ირჩევს რაღაცას, მაგრამ იმდენად მერყევია მისი ბუნება, ისე მალე ეცვლება აზრი, შეხედულება თუ სურვილი – ბოლოს აღარაფერი შერჩება ხოლმე ხელში“.

„დამთავრდა, გაუქმდა და გაუფასურდა ყველაფერი, რითაც აქამდე სულდგმულობდით, რაზეც აქამდე თვალი და ხელი მიგიწვდებოდათ და რასაც აქამდე საერთოდ არ ედო თქვენთვის ფასი. ამიტომაც არ გაგაჩნია არაფერი საკუთარი, უპოვარი ხარ, ის ერთი ბეწო ადგილიღა ადასტურებს შენს არსებობას, გაურკვევლობის წყვდიადში რომ გიკავია და უსასრულო, უკიდეგანო სამყაროს ტოლფარდია შენთვის, რადგან თავისუფლად ეტევა ზედ მთელი შენი ცხოვრება, ყველაფერი, რაც შენიანებს, შენიანად, დღემდე გადახდენიათ და ჯერ კიდევ უნდა გადახდეთ თავს – ისაა ერთადერთი დასაშვები და სასურველი ადგილი, სადაც ყოველ წუთას მზადა ხარ ნებისმიერ უბედურებასთან საბრძოლველად და სადაც, მიუხედავად ყველაფრისა, ანდა, სწორედ ყველაფრის გამო, შემაძრწუნებლადა ხარ ბედნიერი, და თუკი იმას მაინც შეგინარჩუნებენ, მადლობელი იქნები, დიდი მადლობელი იქნები ბედისა, ქვეყნისა, ხალხისა, ყველასი და ყველაფრისა – ჯერჯერობით, ეს შეგიძლია მხოლოდ, მარადიული მადლობის თვალაუწვდენელ, დამაყრუებლად მოგუგუნე კოცონს შეემატო, შეეკეთო ფიჩხივით, ნაფოტივით. ამიტომ, უსიტყვოდ უნდა მიიღო, რასაც ცხოვრება გიწყალობებს, თვალდახუჭულმა უნდა მიიღო, რადგან მაინც ვერ აუქცევ გვერდს იმას, რაც არ გსიამოვნებს და მაინც ვერ მიეახლები იმას, რაც გსურს“.

„მახსოვრობა იგივე სასჯელია, ბუნებისგან დადგენილი, უვიცობისთვის, უმეცრებისთვის, მიუხვედრელობისთვის. ხოლო, თუ გაწყრა ღმერთი და დაივიწყა, ეს უკვე საყოველთაო უბედურების ნიშანია და, პირველ რიგში, ადამიანის გადაგვარების მაუწყებელი“.

„ხალხისაგან განსხვავებით, სიცოცხლის შენარჩუნებაზე მეტად, იმაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, ადამიანად შობილი, ადამიანადვე რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან. ხალხი თუ სიცოცხლეს ინახავს, როგორც ნაცარი – ნაღვერდალს, ადამიანი სიცოცხლის აზრს, ანუ, იმ ნაღვერდალში ჩაბუდებულ ცეცხლს განასახიერებს, ალივით. ამიტომ, არაფერი არ უნდა დათმოს, რაც მის ადამიანობას ადასტურებს და რისი შენარჩუნებაც, ენით აუწერელი ტანჯვის საფასურად შეუძლია მხოლოდ“.

„რაც გიყვარს, სიყვარულის გამო უნდა გიყვარდეს მხოლოდ და რაც გძულს, ისიც სიყვარულის გამო უნდა გძულდეს“.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 12:25 pm

ოთარ ჭილაძე

„ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“
(ამონარიდები)

„ქალს რამეზე ხელი რომ ააღებინო, სამაგიეროს უნდა დაჰპირდე, თან უკეთესს“.

„უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი“.

„უბედურებაზე უფრო, მარტო დარჩენის ეშინია კაცს“.

„ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება“.

„როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს“.

„კაცს ქალი რყვნის“.

„ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე“.

„ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც, დიდებისაგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდევაც“.

„რაც არ ეგუება – კვდება“.

„ვაჟკაცობა თავის გამოდება და სიკვდილი კი არა, გადარჩენაა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს ის“.

„მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია, სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული“.

– ყველა სიკვდილი ერთნაირია, მამაო. ყველა ერთნაირად ყარს.
– ცოდვა ყარს და არა სიკვდილი!

„ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე, ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი – ადამიანს“.

„ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი“.

„ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისთვის“.


„ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება, ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირ ბრძოლისაგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას“.

„ადამიანი მარტო არასოდეს არ არის, მარტო თავის თავს არასოდეს ეკუთვნის“.

„მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, ამაშია ადამიანის ბუნების მთელი საიდუმლო“.

– ვიბადებით, რათა შევცოდოთ, და ვიხოცებით, რათა განვიწმინდოთ.
– სიკვდილი განწმენდა კი არ არის, მამაო, სიკვდილი სიბინძურეა.
– სიკვდილს გააჩნია…
– იქნებ მოყვასისთვის სიკვდილია ვარდივით სურნელოვანი? ჰა, მამაო? გიყვარდეს მოყვასი შენიო… ასე არ არის?!
– მოყვასისთვის სიკვდილი ყველას როდი შეუძლია. ყველას თავისი სატკივარი კლავს.

„ადამიანის სიცოცხლესაც და სიკვდილსაც არა თვითონ ადამიანი, არამედ უხილავი სული ქმნის და ადამიანი უმწეოა, იღონოს რამე“.

„სიკვდილი ყველას შეუძლია, გადარჩენა კი – არა“.

„სამშობლო ოჯახიდან იწყება და, თუ ოჯახს მოუშლი კაცს, ცოლს გაუბახებ, შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ, მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარ და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცისქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია, მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულ ერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს“.

„ქალი არსებულის მსახურია და არა წარმოდგენილისა“.

„ადამიანის ბუნება საფუძვლიანად ვერცერთ ასაკს ვერ ეგუება, შემდეგი, უფრო ზემო საფეხური მიაჩნია სრულყოფილად და ამიტომაც დაუნანებლად, უკეთესობის იმედით გადადის ერთი ასაკიდან მეორეში, სანამ ბოლო საფეხურს მიაღწევდეს, რომელსაც სიბერე ჰქვია, რომლის იქითაც აღარაფერი აღარაა, და სწორედ მაშინ ხელმეორედ ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის სულსა და გონებაში მისი ცხოვრების პირველი საფეხურები, იმ პირველ საფეხურზე შემომდგარი, სულის შემძვრელად ნორჩი არსება, რომელიც თვითონ იყო ოდესღაც“.

„ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი“.

„ერთადერთი გზა შეგუებაა, დანარჩენი თავისით მოვა“.

„ყველანაირი სიმართლე უბრალოა, ცარიელ-ტარიელაა, რაც არის – ის არის, არც მეტი და არც ნაკლები, ვერც შეკვეცავ და ვერც გაწელავ, ნალივით მარტივია და ნალივით გამოსადეგი, ოღონდ უნდა იცოდე მისი გამოყენება, როგორც ნალისა, რადგან ნალი ცხენს შუბლზე თუ მიაჭედე, დაასახიჩრებს და გააგიჟებს, ხოლო ფლოქვზე მოერგება და მოეხმარება კიდეც სიარულში“.

„მოწყალების მიღება საკუთარი უმწეობის აღიარებაა, ხოლო მოწყალების გაღება საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად სჭირდება ადამიანს“.

„ამ ქვეყანაზე ტყუილად არავინ არაფერს იძლევა, მაგრამ ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს“.

„გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა“.

„სიმახინჯისაკენ მიდრეკილება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რადგან სიმახინჯე სილამაზის ხვალინდელი დღეა, უფრო მშვიდი და ხანგრძლივი“.

„კაცობრიობის ერთიანობას ერთ ქარგაზე მოჭრილი ნიფხავი კი არ განაპირობებს, არამედ დიადისკენ ერთნაირი მიდრეკილება, შექმნის მოთხოვნილება და უნარი“.

„ადამიანისთვის ნამდვილი ის არის, რასაც ეჩვევა ყოველდღიურად, თანდათანობით და სამუდამოდ“.

„ადამიანი მხოლოდ მაშინ ითვლება მკვდრად, როცა იმის სიკვდილს შეეგუებიან“.

„გაუმართლებელი, გადამეტებული სიკეთე ბოროტებას აღვივებს მხოლოდ“.

„ქალთან, შეიძლება, საუკუნე იცხოვრო ერთ ჭერქვეშ და სამუდამოდ უცხო და უცნობი დარჩე მისთვის, მაგრამ ქალმა ერთხელ მაინც თუ გაიტანა შენი ქოთანი თავისივე სურვილით, არათუ გიცნობს უკვე, დედაზე მეტი უფლებითაც სარგებლობს, რადგან დედა რასაც განუსჯელად და სიხარულითაც გააკეთებდა, ის განსჯითა და ზიზღით აკეთებს. ზიზღსაც ძლევს, რადგან ადამიანად გთვლის, სულერთი არა ხარ მისთვის და ყველაფერი აინტერესებს შენი“.

„ადამიანი იმას კი არ ირჩევს, რაც მას უნდა, არამედ, იმას თანხმდება, რასაც თავზე ახვევენ… ანდა იღუპება“.

„იმედის ანაბარა ცხოვრებას უიმედო ბრძოლა სჯობია“.

„თანაგრძნობა მხოლოდ იმისგან შეიძლება მიიღო, ვისაც შენს უბედურებასთან არაფერი ესაქმება, ვისი ხელიც არ ურევა შენს უბედურებაში“.

„რაც დრო გავა, უფრო მეტი და მეტი იქნება დასამახსოვრებელი, მაგრამ ყველაფრის დამახსოვრება უნდა შესძლოს კაცმა. უნდა შესძლოს! დავიწყება დამარცხებას ნიშნავს“.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 12:26 pm

ოთარ ჭილაძე

2 სექტემბრის ქუჩა

პორტიდან ისმის გესმის საყვირი,
გემი კი ნიშნავს მეზღვაურებს,
ან უფრო სწორად,
მუშტრებს, რომლებმაც იციან ფასი
ნაუცბათევი სიყვარულის...
ბავშვებო კმარა!
სასწრაფოდ უნდა დაცალოთ ქუჩა,
ისედაც ვიწრო.
აქ ჩაივლიან მეზღვაურები,
სხვების მამები და სხვების ქმრები,
დანატრებულნი ოჯახურ სითბოს,
დახარბებულნი დამპალ ცხოვრებას...
და თუკი დღისით თქვენ გეკუთვნოდათ,
ახლა ბნელია ეს ჩვენი ქუჩა.
აკრიეფთ თქვენი თოჯინებიც... ეს თოჯინები
საკუთარ ბავშვებს გაახსენებენ
ჩვენს მეზღვაურებს
და ჩვენ დავკარგავთ ერთი ღამის ბედნიერებას –
ბავშვებო, დედების ხათრით,
დაგვითმეთ ქუჩა!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 1:54 pm

ოთარ ჭილაძე

ლეკის დაბრუნებული ბავშვი
(ნაწყვეტი რომანიდან „მარტის მამალი“)

„ის მაინც თუ იცი, სიღნაღი რას ნიშნავსო“, - ეკითხება უცებ ვანო მასწავლებელი. ნაომარი მაზარა მხრებზე მოუსხამს, ეტყობა იმასაც სცივა.
- სიღნაღი?! - იმეორებს ნიკო. არასოდეს არ დაფიქრებულა ამაზე.
- დიახ, სიღნაღი.
- სიღნაღი იმას ნიშნავს, რასაც შენ დაეძებ… რასაც ყველანი დავეძებთ… შენც... მეც... ყველანი… სიღნაღი თავშესაფარს ნიშნავს თურქულად. - ამბობს უკვე მშვიდად, ჩვეულებრივი ხმით.
- დიახ, - ეთანხმება ნიკო.
არ ახსოვდა, თორემ, იმანაც იცოდა. სიღნაღი ყოველთვის თავშესაფარი იყო. მტერი რომ შემოესეოდათ, რაც გარშემო სოფლებია, სულ აქ შემოცვივდებოდნენ ხოლმე, დედა-წულიანად, საქონლიანად.
ერთხელაც რომ შემოცვენილან გალავანში და კარი ჩაურაზავთ, ვიღაც მაღაროელ ქალს მერეღა შემოურტყამს სახეში მუშტი, ჩვილი დამრჩა აკვანშიო... გამიშვით და გამიშვით, მეც იქ უნდა მოვკვდეო, - აქეთ-იქით აწყდებოდა თურმე თავზარდაცემული, გულადუღებული დედა...
ვერაფრით რომ ვერ გაუჩერებიათ და გაშვება გადაუწყვეტიათ, სწორედ ამ დროს დაუძახიათ მეციხოვნეებს, - აკვანი მოაქვთო...
მართლაც, აცვენილან გალავანზე და რას ხედავენ: ვიღაცა ლეკი თავის კოჭბროლა ცხენს მოათამაშებს შარაზე. უნაგირზე კი აკვანი შემოუდგამს. ერთი ხელი აკვნისთვის ჩაუვლია - მაგრად, საიმედოდ უჭირავს, მარტო საჩხრიალო ქანაობს გამალებული, აქეთ და იქით, აქეთ და იქით, - მეორე ხელით კი ცხენს უმოკლებს აღვირს, გაქაფულ ლაგამს აღეჭვინებს და ისიც, ცხენიც, ყელმოღერილი, სადღაც გვერდზე იყურება, თითქოს თვალს არიდებს სიღნაღს, რცხვენია გალავანზე გადმომდგარი ხალხისა. თან მოცეკვავს შარაგზის მტვერში. სამტროდ რომ არ მოდის, იმის მხედარს სახეზე აწერია. ცალ ლოყაზე, წარბის ბოლოდან ნიკაპის წვერამდე, ძველი ნახმლევი თუ ნახანჯლარი ჩასდევს, მაგრამ კი არ იბღვირება, იღიმება. ჩამოუშვით თოკი, წაიყვათ თქვენი მჩხავანა ბალღიო, - ასძახის მეციხოვნეებს.
მეციხოვნეები ჩქარ-ჩქარა, ფაცაფუცით ჩაუშვებენ თოკს.
ლეკი თოკის ბოლოს აკვანზე გამოაბამს, რამდენჯერმე განასკვავს, მოქაჩავს კიდეც, შეამოწმებს, საიმედოა თუ არაო, და მერეღა გაუშვებს ხელს. აკვანი ნელა, ბზრიალბზრიალით წავა მაღლა... დედისკენ...
გალავანზე გადმომდგარმა ხალხმა აღარ იცის, როგორ მოიქცეს, - ხან ლეკს ჩახედავენ, ხან ერთმანეთს შეაჩერდებიან სახეში. სჯერათ და არცა სჯერათ სასწაულისა, უნდათ და არც უნდათ მტრის სიკეთის დანახვა...
რატომ დაგვიბრუნე ბავშვიო. - ჩასძახიან ლეკს.
ლეკი იღიმება, მათრახის ბოლოთი იშორებს გალავნის ხორკლიან კედელს, ზედ რომ არ მიაგდოს მოუსვენარმა, დაუოკებელმა ცხენმა.
„ცოტანიღა დარჩით და აფსუსია თქენისთანა კარგი ხალხის გაწყვეტაო“, - ასძახის გაოცებულ, დაეჭვებულ, გაღიმებულ სახეებს.

study


Last edited by Admin on Fri Feb 28, 2020 11:51 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 2:43 pm

ოთარ ჭილაძე

გინდა თუ არა, მაინც მოვა გულქვა ზამთარი

გინდა თუ არა, მაინც მოვა გულქვა ზამთარი.
ვეღარ შეასწრებ მელნის ზღვაში… ქაღალდის ნავით,
ანუ – ზღვიანად, ნავიანად – გადასახლდები
იქ, სადაც თოვლის მედიდური ერთფეროვნებით
გადაშლილია ყველაფერი და კაცის თვალი,
ნასროლ ქვასავით იკარგება თეთრ სიჩუმეში…
გინდა თუ არა, მაინც მოვა გულქვა ზამთარი.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyThu Feb 27, 2020 2:47 pm

ოთარ ჭილაძე

დე, მოსახდენი მოხდეს...

დე, მოსახდენი მოხდეს! ახია!
ეს გრძნობა ჩემზე ბევრად დიდია...
აქ სადღაც ახლოს შენი სახლია_
ზედ ელდის დიდი ზარი ჰკიდია.
თუ ფიქრობ... თუმცა რა საჭიროა,
ესეც ზერელე საუბარია...
მე კვლავ გამეხსნა ძველი ჭრილობა
და ყველაფერი იმის ბრალია.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyFri Feb 28, 2020 11:33 am

ოთარ ჭილაძე

ვით ჯოხი ბრმისა...

ვით ჯოხი ბრმისა - დაძაბული და მგძნობიარე -
ანდა ისარი საათისა - წრის ბინადარი -
განშორებიდან შეხვედრამდე მივიწევ ნელა
და საამისოდ დრო არ მრჩება, რომ გავარკვიო,
რატომ მივილტვი იმისაკენ, რასაც ვშორდები.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyFri Feb 28, 2020 11:39 am

ოთარ ჭილაძე

ვერ მოგიარე...

ვერ მოგიარე, ვერ შევასრულე
დანაპირები, აღთქმული, თქმული...
ბედნიერება იქცა წარსულად,
დაკოჭლებული ქვითინებს გული.

ვეღარც გული და ვეღარც გონება
ვერ დაგივიწყებს ვერც ერთი წუთით...
ჩემთვის ეს გაყრა თუ განშორება
ღმერთთან პირისპირ დარჩენას უდრის.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyFri Feb 28, 2020 11:44 am

ოთარ ჭილაძე

ეს ის ჟამია როდესაც ხვდები...

ს. ი.

ეს ის ჟამია, როდესაც ხვდები,
რომ მიტევებაც არის სასჯელი,
ტანჯვაც შვებაა და ღმერთის ნებით,
განვლილი ბევრად სჭარბობს დარჩენილს!
ეს ის ჟამია, როდესაც გინდა
დაჯდე, დაწერო ბოლო წერილი,
თუმცა სასწაულს კვლავ ელი ციდან
და განვლილს ბევრად სჯობს დარჩენილი!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyFri Feb 28, 2020 11:57 am

ოთარ ჭილაძე

აჰა, ზამთარიც!..

აჰა, ზამთარიც! მთის თხემებზე უკვე თოვლია
დღეს უფრო დაბლა, უფრო ზანტად ფრინავს თოლია.

დასალიერთან რაღაც მღილი მიცოცავს ფრთხილად –
ეს ის გემია, აქ რომ იდგა ცოტა ხნის წინათ.



Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyFri Feb 28, 2020 12:38 pm

ოთარ ჭილაძე

***

რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.
ხალხური

...და მაინც დიდი გზაა იქამდე,
კვლავ შევესწრები ხის აყვავებას,
კვლავ შემაწუხებს,რაც დავიქადნე,
ქმნად სიკეთისა რაც მაკავებდა.

და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,
გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,
მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,
რაც ჩემი ნებით არ დამითმია.

1975

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyFri Feb 28, 2020 2:07 pm

ოთარ ჭილაძე

აველუმი
(პირველი აბზაცები რომანიდან)

1
მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლად დამიჯერე, ბევრად აჯობებდა იმას დაეწერა საკუთარი თავგადასავალი, ვის შესახებაც მე ვაპირებ გიამბო, უფრო სწორად, ვის მაგივრადაც მე მომიწევს ლაპარაკი და ალბათ შენც გაგიჭირდება ხანდახან ჩვენი გარჩევა, რაც გარკვეულ დაბნეულობასთან ერთად, დიდ შინაგან თავისუფლებასაც მოგანიჭებს კითხვისას - ვინც გენდომება, იმას წარმოიდგენ ავტორადაც და გმირადაც - არა მარტო იმიტომ, ერთ დროს, ერთ ქვეყანაში, ერთ ქალაქში, ერთსა და იმავე გარემოში რომ მოგვიწია ცხოვრება ავტორსაც და გმირსაც, არამედ იმიტომაც (და ამას ვანიჭებ გადამწყვეტ მნიშვნელობას), მისი თანამზრახველობა რომ მარგუნა ბედმა წილად, ავად თუ კარგად, მეც რომ ვიყავი მისი ჭირისა თუ ლხინის მოზიარე, მისი მესაიდუმლე, ოღონდ, ჩემგან (ჩვენგან) განსხვავებით, ის დაბადებით აველუმი გახლდათ, ჩვენ კი, იმის ახლობლები, მხოლოდ ვაველუმობდით.

რაც შეეხება თავად "აველუმს", შუმერული სიტყვაა და თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს. თუმცა, ერთადერთი წყარო, საიდანაც ამ სიტყვის წარმომავლობა ირკვევა, ჩემივე ძველი რვეულია. მაგრამ ჩემთვისაც ძნელი დასადგენია უკვე, თავიდან რისთვის დამჭირდა ამ სიტყვის ამოწერა საიდანღაც (თუკი მართლა შუმერულია) ანდა გამოგონება (თუკი მართლა ჩემი გამოგონილია). რაც მთავარია, ამით მისი მნიშვნელობა არ იცვლება - მაინც იმას ნიშნავს, რასაც ნიშნავს, რა მნიშვნელობაც დიდმა შუმერმა თუ იმ დიდი შუმერის პატარა შთამომავალმა (ესე იგი - მე!) მიანიჭა თავის დროზე. სხვა საკითხია, რამდენად გასაგებია ამ სიტყვის მნიშვნელობა დღეს, ჩვენი გაზეთების ენით რომ ვთქვათ, რაოდენ აქტუალურია და რამდენად შეესაბამება თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებებს... მაგრამ მაინც დაბეჯითებით მინდა განვაცხადო, რომ აველუმი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ყველანაირად ცდილობდა სწორედ თავისუფალი, სწორედ სრულუფლებიანი მოქალაქე ყოფილიყო თუნდაც მარტო მის წარმოდგენაში არსებული ქვეყნისა. ეს კი, მოგეხსენებათ, არც ისე ადვილი მისაღწევია და ვერც ის მიაღწევდა (თუკი მიაღწია საერთოდ), უსიყვარულოდ რომ გაეტარებინა ერთი დღე მაინც. მხოლოდ სიყვარული ანიჭებდა თავისუფლებისა და უფლებამოსილების შეგრძნებას და ისიც თავგანწირულად და უსასრულოდ, გნებავთ, უაზროდ და უშედეგოდ იბრძოდა იმის გადასარჩენად, რასაც ჯერ კიდევ სიყვარულს ვეძახით და რაც ადამიანთა მიწიერ არსებობას ცხოვრებად გარდაქმნის ხოლმე, თუკი საერთო, საყოველთაო, მით უფრო, სავალდებულო მოთხოვნილებად კი არ იქცევა, არამედ ბოლომდე დარჩება ცალკეული, თავისებურად დამთხვეული პიროვნებების სწრაფვად, აჩემებად, ოცნებად, ჟინად - რისი უმნიშვნელო, საცოდავი ნამცეცები ალბათ ყველა ჩვენგანის ხსოვნაშიც და ყველა ჩვენგანის გულის მიყრუებულ კუნჭულებშიც არის ჩარჩენილი, როგორც საფანტი ნადირის კუნთსა თუ სახსარში და, ამდენად, თითქმის არც არსებობს.

არც არსებობს-მეთქი, ვწერ და ჯერ თვითონვე არ ვიცი, როგორ, რანაირად შევძლებ ამ "არარსებულის" სიტყვით გადმოცემას. ეს ხომ იგივე იქნება, ქარს ხმელი ფოთლების გვირგვინი დავადგა თავზე (თუკი, რასაკვირველია, ის მაინც მეცოდინება, სადა აქვს ქარს ან თავი, ან ბოლო). ამიტომაც, ეს წერილი არც პატივმოყვარე ქალის დღიურივით საინტერესო საკითხავი აღმოჩნდება შენთვის, მოცლილო მკითხველო, და არც მრავალჭირნახული, ნაცხოვრები კაცის მემუარებივით გამოსადეგი. მაგრამ წერილი თავისთავად უაღრესად დამახასიათებელი ატრიბუტია საერთოდ სიყვარულისთვის. დღეს "ეპისტოლური" ურთიერთობის მრავალი სახეობა არსებობს - ტელეფონი, სელექტორი, ვიდეო თუ აუდიო ტექნიკა - მაგრამ წერილი მაინც საფუძველია ასევე უკვე ანაქრონიზმად გადაქცეული სიყვარულის იმპერიებისა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობამ მთელი თავისი სიცოცხლე დასაწერის შესანიღბი და დაწერილის ამოსაკითხი საშუალებების ძებნასა და გამოგონებას შეალია. რიღათი არ წერდნენ - რძიანასა თუ ხახვის წვენით, ლეღვის ლოპოთი თუ გომბეშოს სისხლით, ყორნის ნაღვლითა თუ ვეშაპის თესლით - უთქმელადაც ყველასათვის გასაგები "საიდუმლო" რომ დაეფარათ როგორმე და, იმავე დროს, დაუნდობლად სპობდნენ თვითონვე საკუთარი გულისთქმის კვალს, ხან სიფრთხილის, ხან სიმხდალის, ხან სიშლეგისა და ხან სიბრიყვის გამო. ასე რომ, ეპისტოლური ჟანრის საუკეთესო ნიმუშები, მოურჯულებელ მეოცნებეთა და თავისუფლების დაუოკებელ მოტრფიალეთა მსგავსად, ძირითადად კოცონზე ამთავრებდნენ სიცოცხლეს - კვალი კი არ რჩებოდა მათგან, არამედ ფერფლი. მაგრამ ეს მრავალტანჯული და დაუმსახურებლად ათვალწუნებული ჟანრი, ჩემი ღრმა რწმენით, მაინც შეუცვლელია აქამდე და შეუცვლელია პირველ რიგში, დიახაც რომ, განსაცვიფრებელი ტევადობისა და ამტანობის წყალობით. რა უნდა ანდოთ, არ დაიტიოს და რა უნდა შეამთხვიოთ, არ აიტანოს. მეც, რაკი თუნდაც ამ ჩვეულებრივ წერილს ვწერ, ეტყობა, მჯერა კიდეც მისი, მისი სიცოცხლისუნარიანობისა და იმისაც, მართლა რომ წაიკითხავს მომავალში ვიღაც ჩემს ნაცოდვილარს. მწერლობა კი, კაცმა რომ თქვას, სწორედ ესაა, ანდა, მხოლოდ ესაა - ვიღაცისთვის ხმის მიწვდენის დაუოკებელი სურვილი - თუ ვერ გაგიგებს, მოგისმინოს მაინც - ნებაყოფლობითი გულახდილობაა, მაგრამ, ამავე დროს, მე თუ მკითხავთ, დიდი ვერაფერი ზრდილობაა, სრულიად უცხო ადამიანს თავი მოაბეზრო მისთვის ასევე სრულიად გაუგებარ სატკივარებზე წუწუნით. მართლაც, რატომ უნდა დააინტერესოს ვიღაცას, მით უფრო, ჯერ არდაბადებულ ადამიანს, თუ რატომ აკეთებდა ჩემი თანამედროვე ყოველთვის იმას, რისი გაკეთებაც არ შეეძლო?! ანდა, კიდევ უარესი - რამდენი წუმპეჩამდგარი ორმო იყო ჩემს დროს თბილისში და როგორ ახერხებდნენ ერთი და იგივე გამვლელები ერთსა და იმავე ორმოებში ჩაცვენას უსასრულოდ?!

დღეს, ღვთის ძის ნაყოფიერი ხორცშესხმიდან ათასცხრაას ოთხმოცდაცხრა წლის თავზე, მაგალითად, რამდენიმე ჩერნობილური გრიპი ერთდროულად მძვინვარებს კავკასიის ქალაქთა შორის ულამაზეს ქალაქში. თუმცა, გაზაფხულმა, ჩვეულებისამებრ, ისევ დაამახინჯა ირგვლივ ყველაფერი - ისედაც უშნო, უღიმღამო სახლებისთვის სველი თითების ანაბეჭდები შეუტოვებია, რაც გაჭიანურებულ ზამთარში მოჩიტული გოგო-ბიჭების თვალით, სკოლის საპირფარეშოების უხამსი მხატვრობისა თუ მხატვრული უხამსობის ჰიპერბოლურ ნიმუშებად აღიქმება. მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის საფეხურები დახეული კარტის ნაკუწებითაა მოფენილი. კიბის თავში ბოშა ქალი ქვესკნელის დიასახლისივით ეგებება მომავლის შიშით აფორიაქებულ თანამოქალაქეებს. ერთ ხელში ჟანგიანი თუნუქის პატარა, მრგვალი კოლოფი უჭირავს, "ბედის წერილებით" სავსე, მეორეზე ყვითელი, მობუზული ჩიტი უზის, "ბედის გამრიგე", მოფერებით "ბორია", რომელსაც ერთბაშად (თანაც სულ ოც კაპიკად) შეუძლია გამოგიყვანოს გაურკვევლობის ბურუსიდან და "გითხრას", რა გელოდება წინ. მაგრამ ხალხს ყველაზე მეტად სწორედ ამის გაგებისა ეშინია და საქმიანად გარბი-გამორბიან ჩაბნელებულ, ვიწრო გვირაბში, ვითომ სადმე მიეჩქარებოდეთ მართლა. წარღვნამდელი, სიძველისგან გვერდზე გადაბრეცილი ტროლეიბუსები ძაგძაგით მიშლაპუნობენ ფეკალური წყლის ნიაღვრებში. გაურკვეველი წარმოშობის ორმოებიც ბინძური, ქაფიანი წყლითაა სავსე. ტროტუარის გასწვრივ დამხრჩვალი, მუცელგაბერილი და ფეხებგაფარჩხული ვირთხები ყრია. აფთიაქების წინ კი გრძელი რიგები დგას: მხდალი, ნერვული, მოუთმენარი - მოულოდნელად ერთს შეირხევა, გაიკლაკნება მომაკვდავი ლოქოს კუდივით და ისევ გაირინდება კარგახანს. ერთმანეთის ზურგებს ამოფარებული ხალხი ერთმანეთის კიდევ უფრო დაშინებით იქცევს თავს: გაიგე? გაიგეთ? კიდევ ორმოცი კაცი მოუკლავს გუშინ. ორმოცი?! აკი თვრამეტიო? სხვა არაფერი გნებავთ? თვრამეტი კაცის გულისთვის ვინ სულელი გამოგიგზავნის გრიპს, თანაც განსაკუთრებულს, ამ სიშორეზე?! ადამიანი მკაცრდება წამლის მოლოდინში. შეიძლება, გაზაფხულის ბრალი იყოს ესეც. გაზაფხულზე ხომ ყველაფერი მართლა რთულდება, თუკი კარგად დავუკვირდებით. ჯერ მარტო სასაფლაოზე გასვლა თქვით. ფაფასავით სქელ ტალახში ფეხსაცმელი სძვრება ჭირისუფალს. ვერც ყვავილი უშოვია. რომც იშოვოს, ვერ იყიდის. ხელს დასწვავს. პლასტმასის ყვავილი უნდა გედოს ჯიბეში. მუდმივი. ცოტა ხანს დაუდებ ფერხთით მიცვალებულს, გაფერთხავ და უკანვე წამოიღებ, ისევ საძებარი რომ არ გაგიხდეს ხვალისთვის. ცხოვრება ისეთი მამაძაღლია, მკვდრის გაცურებასაც გასწავლის. მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. ხვალ კი არა, დღეს რა მოხდება, ის არ ვიცით, არ ვიცით, ერთი საათის მერე ცოცხლები ვიქნებით თუ არა საერთოდ. იმიტომაც ვლაპარაკობთ ამდენს, სასაფლაოს ტალახს ვზელთ თუ წამლის რიგში ვდგავართ. ლაპარაკით ვმალავთ უვიცობას. რამდენი წამი უნდა გავიდეს, თქვენი აზრით, ერთი საათის შემდეგ რომ იყოს უკვე? მე მეკითხებით? დიიიახ, ბატონო, სწორედ თქვენ გეკითხებით. მე თქვენს შემდეგ ვდგავარ. ეგ არაფერს ნიშნავს. თუ მიპასუხებთ, ჩემს რიგს დაგითმობთ. ალბათ ისევ სამასსამოცი. დარწმუნებული ბრძანდებით? დარწმუნებული ვიყავი, ახლა კი, რა მოგახსენოთ. მეც მანდა ვარ. არავინ აღარაა დარწმუნებული. ამას ველოდით, მოვესწარით და... გვეშინია. არა.
იმიტომ გვეშინია, ამას რომ არ ველოდით. არც გვიფიქრია ამაზე. ვინ იფიქრებდა? ერთბაშად იქცა წარსულად, რაც ჯერ კიდევ გუშინ მარადიული გვეგონა. კვარცხლბეკზე მარტო ცალი ფეხი დარჩენილა. ისიც მუხლსქვემოთ. მაგრამ ვითომ
ესეც ნიშნავს რამეს?! მობრუნდება ვითომ?! ყოველ შემთხვევაში, ჩემი საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ჩაატარეს მთელ ქალაქზე, დევის გვამივით, წითელი საღებავით მოთხუპნილი. ბავშვები ჟივილ-ხივილით მისდევდნენ უკან. და მაინც, ეშმაკმაც არ იცის, რა იქნება ხვალ, პოეტური ან ფილოსოფიური კი არა, პირდაპირი, ჩვეულებრივი გაგებით: ხვალ, ესე იგი, დღეს, ჯერ კიდევ ჩვენს სინამდვილეში, ვთქვათ, ღამის თორმეტ საათამდე (ახალგაზრდობაში, ხანდახან, გვიანობამდე რომ შევრჩებოდით ხოლმე კაფეში, ჩვენს მეტრდოტელს არა მარტო გუნება, გარეგნობაც ეცვლებოდა - მარად მომღიმარი და გულისხმიერი მასპინძელი, ერთ დაბნეულ, ტვინგაყინულ ფსიქოპათად გადაიქცეოდა, მხოლოდ იმიტომ, ვერაფრით რომ ვერ გაერკვია, რა ექნა, რა აჯობებდა საქმისთვის, საერთო ახსნა-განმარტებით ბარათში მოეყარა თავი ჩვენი ნალაპარაკევისათვის, თუ ორად გაეყო - თორმეტ საათამდე და თორმეტს შემდეგ). ეშმაკი გატრუნული, თვალებმოჭუტული უთვალთვალებს ყველაფერს, რა დროც არ უნდა იყოს საათზე, ვიდრე არარსებულ მომავალში არარსებულ ადრესატამდე მიაღწევდეს ჩემი წერილი. მართლაც, ადვილზე ადვილია, საერთოდ არ დადგეს ეგრეთწოდებული მომავალი, ანუ, კაცობრიობის ხვალინდელი დღე, როგორც პოეტური, ისე ფილოსოფიური და, რასაკვირველია, პირდაპირი, ადამიანური გაგებით. დღევანდელობის შემყურეს, ამის სათქმელად არა მარტო გამბედაობა (თუნდაც ნებადართული), არამედ მიზეზიც (თუნდაც სუბიექტური) საკმარისზე მეტი მომეპოვება და არაფერი დაშავდება, ერთი წუთით მაინც თუ გამოვაყოფინებ ცხვირს ბუნაგიდან (ანუ, საკუთარი გულიდან) ყველასათვის ესოდენ საზარელ ეჭვს. ვალდებულიც ვარ, ასე მოვიქცე. რაკი ნებაყოფლობით ვიკისრე გულახდილობა მომავლის წინაშე, როგორმე უნდა მოვახერხო კიდეც. რასაკვირველია, ჩემი საიდუმლო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საკუთრებაა და როგორც მომესურვება ისე მოვექცევი: მინდა დავმალავ (მაინც არაფერი დააკლდება ამით კაცობრიობას), მინდა გავამჟღავნებ (ისევ ჩემი ჭიის გასახარად), მაგრამ ჩემი მთავარი საიდუმლო სწორედ ის გახლავთ, არაფერი რომ არა მაქვს დასამალი. უფრო სწორად, არაფრის მეშინია, არც აწმყოს დაუნდობლობისა და არც მომავლის გულგრილობისა. თუმცა, პირიქით რომ მეთქვა, ალბათ, უფრო მართალი ვიქნებოდი. ერთისაც მეშინია და მეორისაც. მაგრამ იმდენად აღემატება ამ ორ შიშს მესამე, საერთოდ უკვალოდ გაქრობის შიში, მგონი ძალით ვატენი ვიღაცას ჩემს საიდუმლოს, იმ პაწია, მაგრამ მილიონთა და მილიონთა გამაბრიყვებელი იმედით, იქნებ ვიღაცამ როდისმეო... და თუ მართლა ასეა, მაშინ სულგრძელად უნდა მაპატიოს ყველამ, დაუკითხავად, თავხედურად, უაღრესად პირადული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ვაპირებ სხვის ცხოვრებაში შეჭრას, ანუ, ჯერ არარსებული მომავლისგან მოვითხოვ ყურადღებასა და თანაგრძნობას, როცა დღევანდელობისგან ისიც არ მომითხოვია (გინდაც მომეთხოვა, მაინც არაფერი შეიცვლებოდა), რაც ყველა ადამიანს ეკუთვნის. და მაინც უნდა ვაღიარო, გაუცნობიერებელი შიში მაქვს აბსტრაქტული მომავლისა, თუკი, რასაკვირველია, ეს ჩემი "წერილი", როგორც გული მიგრძნობს, ზედმეტად გულახდილი და მოურიდებელი, წაკითხვამდე არ მისცეს ცეცხლს, ესე იგი, თუკი უკვალოდ გავქრი ამ ქვეყნიდან და, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ მუჭა ფერფლად მივემატე საკუთარი უზნეობის კოცონზე ასევე დაფერფლილ კაცობრიობას.

დიახაც, გვიახლოვდება ქვეყნის აღსასრული. პატარის სიკვდილით იწყება დიდის სიკვდილი. თუმცა ამ შემთხვევაში, უფრო თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ბუნებრივ სიკვდილთან. აველუმის მიკროიმპერიის, ანუ, მისი მრავალსახა, მაგრამ ერთ სულ და ერთ ხორც სიყვარულის ჩაკვლასა და გაბიაბრუებას გადაჰყვა თან მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო, უმკაცრესი იმპერია. პატარის მოსპობის ჟინმა დააკნინა, დააწვრილმანა - ხან ლიფტიორს მიუგზავნიდა, ხან უბნის რწმუნებულს, გული რომ გახეთქვოდა უარესად, ლუკმა ყელზე დასდგომოდა, თუკი იმ დროს სუფრასთან იჯდა თავის დულცინეასთან ერთად, ანდა, ნემსით გახვრეტილ ბუშტივით ჩაფუშულიყო თავის მანონის საწოლში, თუკი მაინცდამაინც მაშინ წაადგებოდნენ თავზე. სულ კვალში ედგა, სულ თან დასდევდა აჩრდილივით, როგორც ერთ სატრფიალო სიმღერაშია. კითხულობდა მის წერილებს, მაგნიტოფონის ფირზე იწერდა მის ნალაპარაკევს და მერე დაუსრულებლად ამეორებინებდა კაგებეს კაბინეტებსა თუ სარდაფებში. უთვალთვალებდა მის ყოველ ნაბიჯს, მისი ხელშენავლები საგნებიდან იღებდა თითის ანაბეჭდებს, ჩხრეკდა მის საცვალსაც, ალბათ იმ გრძნობის ბაცილის აღმოსაჩენად და, თავისთავად ცხადია, მოსასპობადაც, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან აველუმის გულში რომ ჰპოვა თავშესაფარი და იქიდან ეფინებოდა მთელ ქვეყანას. მაგრამ ვერ მივართვით. აბსტრაქტულ ცნებას ვერაფერს დააკლებ ტყვია-წამლითა თუ საწამლავით, მეთვალყურეთა თუ დამსმენთა არმიებით. არადა, თუ იმ აბსტრაქტულ ცნებასაც არ მოსპობდა, ვერც თავს ჩათვლიდა ზესახელმწიფოდ, ქვეყნიერების ბატონ-პატრონად, რადგან ისიც კარგად მოეხსენებოდა, რომ სწორედ სიყვარულია ერთადერთი მარადიული იმპერია, რომელსაც ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით ემონებოდნენ, ემონებიან და მომავალშიც დაემონებიან, თუკი საერთოდ გადარჩება ბატონი ადამი. მაგრამ ჩემი ბუნებით, მე უფრო ლირიკოსი გახლავართ, ვიდრე პოლიტიკოსი. მეორეც ერთი, რაც ჩვენს თავს ხდება, ჩემი აზრით, იმიტომ ხდება, ის რომ არ მომხდარიყო, რაც აუცილებლად მოხდებოდა, იმას თუ არ მოვახდენდით, რაც მოვახდინეთ. ამიტომ, ეპოქის სულისკვეთების გადმოცემას - რაც არც კი ვიცი, როგორ მიიღწევა - ისევ აველუმის განცდების, იგივე სიყვარულის, ანუ, მთელი მისი ცხოვრების ქაღალდზე გადატანა ვამჯობინე. ყველაფერს დაუფარავად მოვყვები, თუნდაც იმიტომ, ჩემი გულწრფელი აღსარებიდან გამომდინარე, იქნებ სხვამ, სხვამ კი არა, ჩემმა მოცლილმამკითხველმა მაინც გაარკვიოს, დავიღუპეთ თუ გადავრჩით, ანუ ღირსნი ვიყავით თუ არა, თუკი დავიღუპეთ და საჭირო იყო თუ არა ჩვენი გადარჩენა, თუკი გადავრჩით.

ერთი კაციც თუ გადარჩება ნებისმიერი კატასტროფიდან, რასაკვირველია, ისიც დიდი ბედნიერებაა. მაგრამ სიყვარული ამ თვალსაზრისითაც განსაკუთრებული, გამორჩეული კატასტროფაა - აუცილებლად ყველა, ანუ, ორივე იღუპება, გინდაც ერთი მათგანი, თავისი ჭკუით, გადარჩეს, ანუ, გინდაც ერთ-ერთმა მათგანმა, რა თქმა უნდა, მისივე შეხედულებებიდან გამომდინარე, უფრო ზუსტად კი საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივი მოდელის შესაბამისად, მაინც მოახერხოს ახალი ცხოვრების "აწყობა", როგორც, მაგალითად, სონიას დაემართა. სიყვარულს რომ არ შესწირვოდა მსხვერპლად, ქმარს მიეკედლა. სხვანაირად რომ ვთქვათ, სიყვარულიდან, ანუ მომაკვდავი ზღვიდან, სახელდახელოდ შეკოწიწებულ ოჯახს, ანუ ხელოვნურ ნაპირს მიაშურა, საიდანაც მისი უკან დაბრუნება ისეთივე სისასტიკე იქნება დღეს, როგორი სისასტიკეც იმავე ზღვიდან მისი ძალით გამოთრევა იქნებოდა გუშინ.

ღვთის წყალობით, ლაპარაკზე უკეთ ალბათ წერა მეხერხება, რადგან ლაპარაკით, ამდენი ხანია, ვერავის ვერაფერი გავაგებინე, წერით კი, სხვას რომ თავი გავანებოთ, აქამდე ვინახავ ოჯახს და... ჰმ, ჰმ... არა მარტო ოჯახს. ოღონდ, მაინცდამაინც დარწმუნებული არა ვარ, მართლა რომ გამოუჩნდება ამ წერილს წამკითხავი, გინდაც მოცლილი. მაგრამ რაკი უთქვამთ, ცდა ბედის მონახევრეაო, მეც ჩემსას ვცდი, საქვეყნოდ ამოვიბერტყავ გულს, ანუ, საქვეყნოდ მოვეჭიდები ხავსს, რაც ყველა წყალწაღებულის ხვედრია და, იმავე დროს, ახიცაა ყველა წყალწაღებულზე, რადგან შეგნებულად კი არ მიისწრაფვის იმისკენ, რაც შავი დღისთვის წინასწარ დაუგულებია, არამედ ალალბედზე, ბრმად, მისდაუნებურად ებღაუჭება იმას, რაც უკიდურესმა გაჭირვებამ მოალანდა უკანასკნელ წამს. გულისამობერტყვის ჟინიც თავისებური "ხავსია" და როცა აქამდე მივა საქმე, მართლა შეგიძლია დამთავრებულად ჩათვალო ცხოვრება.

საბედნიეროდ, ყველა დიდი წიგნი უკვე დაწერილია. მე, უბრალოდ, იმ შემთხვევას ვგულისხმობ, თუნდაც იმ შემთხვევითობას, რომლის ძალითაც, მაინცდამაინც, ეს წერილი უნდა გადარჩეს და ერთ მშვენიერ დღეს მომავლის წინაშე წარდგეს, როგორც უკვე გარდასული, უკვე გაიდუმალებული, ძნელად წარმოსადგენი და ასევე ძნელად დასაჯერებელი ეპოქის უტყუარი დადასტურება, გნებავთ, მამხილებელი საბუთი. ამდენად, ეს წერილი იმ ჯოჯოხეთური კოცონიდან გადმოვარდნილ ნაღვერდლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც ჩვენივე დაუდევრობითა და უზნეობით გავაჩაღეთ
და რომელზედაც უკვე განურჩევლად ვიწვით ყველანი ერთად: მტყუანნიც და მართალნიც, ბოროტნიც და კეთილნიც, ავაზაკნიც და ანგელოზნიც, მგლებიც და კრავებიც - აღარავინ გვყავს მიმტევებელი, რადგან უპირველეს ყოვლისა მიმტევებელი მოვიშორეთ თავიდან, შავი თეთრად და ცოდვა მადლად რომ მოგვჩვენებოდა. ყველაფერი კი იმ დღეს დაიწყო, მელანიამ კონვერტი რომ დაუდო აველუმს მაგიდაზე (რასაკვირველია, გაუხსნელი) - წერილია, ბატონო, მოსკოვიდანო - და გახსნამდე უგრძნო აველუმს გულმა, რაღაც უნდა შეცვლილიყო მის ცხოვრებაში. თუმცა, აველუმის იმპერია პირველად ჯერ კიდევ დეკემბრის მიწისძვრამ შეარყია, ხოლო მიხვედრილი კაცი კიდევ უფრო ადრეც იგრძნობდა საფრთხეს და თუ ვერ აიცილებდა, არც პირდაღებული დახვდებოდა, როგორც ბრმა და უტვინო ბარტყი - დედაჩიტს.

ჯერ იყო და, ათი მეტრის სიმაღლე წითელი თოვლი დადო სვანეთში. ხალხი თოვლის ქვეშ ცხოვრობდა უჰაეროდ, უსინათლოდ, უწყლოდ, უპუროდ... სიცივე ინახავდათ ალბათ. ამას დიდი ზვავები მოჰყვა, სოფლები დაიტბორა და სახურავებზე გასული ხალხი ცას იყო მიჩერებული მშველელის მოლოდინში. მაგრამ დეკემბრის მიწისძვრამ მთელი საქართველო შეარყია და საკმაოდ სახიფათოდაც. აველუმი გიჟივით წამოვარდა საწოლიდან. ძილში ჩაესმა წიგნის თაროების შემზარავი, სისხლის გამყინავი წკრიალი და ჯერ ისევ ძილბურანში მყოფმა, ერთად მოუსვა ხელი თავისიანებს, ერთად დააყენა ყველანი დიდი ოთახის კარის ჭრილში, ვითომ ეს იყო ერთადერთი საშუალება მიწისძვრისაგან თავის დასაცავად. შიშით კი მერე შეეშინდა, შუაღამისას, ლამის უკვე ჩაძინებულს, როცა ერთი წამით გონება გაუნათდა და წარმოიდგინა, რა შეიძლებოდა დამართვოდა მისიანებს მისივე "საზრიანობის" წყალობით - კარის ჭრილი რამდენიმე წლის წინ, რემონტისას, გააფართოვებინა კალატოზებს და თავხე ლამის წკიპზეღა იდო შესუსტებულ საყრდენებზე. ფეხები ისე აუკანკალდა, ვერაფრით გაიჩერა, თითქოს მისი სხეულის განუყრელი ნაწილები კი არ იყვნენ, არამედ მისგან დამოუკიდებლად არსებული და რატომღაც მის საწოლში მოხვედრილი ცხოველები, რომლებსაც, თავისთავად ცხადია, დიდხანს არ შეეძლოთ უჰაეროდ გაძლება, მით უფრო საბნის ქვეშ, და გამწარებულნი ხტოდნენ, ძაგძაგებდნენ, იკრუნჩხებოდნენ ამ ყოვლად მოულოდნელი, ყოვლად გაუთვალისწინებელი სიკვდილის მოლოდინში.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyFri Feb 28, 2020 2:15 pm

ოთარ ჭილაძე

***
თურმე, ტყუილად დავაპე შეშა,
თურმე, ტყუილად დავანთე ცეცხლი.
აუხდენელი ოცნება შემრჩა,
როგორც ძველ ბუდეს - ბუმბული მერცხლის.

როგორც მოვიდა, ისევე წავა,
უცაბედია წვიმაც და ქარიც.
ისევე წავა... თითქოს მახსენებს
შენს წასვლას... ჩუმად ჭრიალებს კარი...

და იკლაკნება ბუხარში ბოლი,
თითქოს იხრჩობა და შველას ითხოვს...
ჯერ არ ყოფილხარ შენ ასე შორი...
ყოველთვის შორი იყავი თითქოს.

1955


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyTue Mar 24, 2020 11:01 pm

ოთარ ჭილაძე

ოთახი

ქალი ტიროდა. გარეთ კი თოვდა
და გროვდებოდა თოვლი რაფაზე.
და ქალთან რაღაც საერთო ჰქონდა
ზამთრის სიმკაცრეს და სიკაპასეს.
შეშფოთებულნი იყვნენ საგნებიც,
ან თოვლის შუქზე მოჩანდნენ ასე
და, რა თქმა უნდა, ჩემზე ნაკლებად
იტანჯებოდნენ ტირილის ხმაზე.
ის კი ტიროდა და პირქვე იწვა:
სურდა ტირილით თავი გაერთო...
და უკვე თოვლით დაფარულ მიწას
იმ ქალთან რაღაც ჰქონდა საერთო.

@

ГРУЗИНСКАЯ ПОЭЗИЯ. ОТАР ЧИЛАДЗЕ. ДВА ПЕРЕВОДА ОДНОГО СТИХОТВОРЕНИЯ...

ОТАР ЧИЛАДЗЕ. КОМНАТА
перевод Беллы Ахмадулиной

Поступок неба - снегопад.
Поступок женщины - рыданье.
Капризов двух и двух услад
вот совпаденье и свиданье.
Снег, осыпаясь с дальних лун,
похож на плач, и сходство это
тревожит непроглядный ум
и душу темную предмета.
Слеза содеяна зрачком,
но плач - занятье губ и тела.
Земля и женщина ничком
лежали, и метель летела.


@


ОТАР ЧИЛАДЗЕ. КОМНАТА
Перевод Иосифа Бродского

Рыдала женщина. Снаружи
снежок клубился. И сиротство
той женщины и краткость стужи
какое-то имели сходство.
И стены мучились законным
сочувствием, хоть не касались
рыданья их.
На заоконном
свету скорбящими казались
столы и стулья вместе с нишей...
И в женщине, лицо склонившей,
себя слезами обогревшей,
все больше было сходства с нищей
землей, от снега побелевшей.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 EmptyTue Apr 28, 2020 9:29 pm


ოთარ ჭილაძე - გამოთხოვება (ქ. ლ.)
•Apr 28, 2020

გამოთხოვება
ქ. ლ.
© ოთარ ჭილაძე, 1966
(კითხულობს ავტორი)
ნახატი - მიხო მოსულიშვილის, 2019

The Farewell
A verse by Otar Chiladze (in Georgian), 1966
With graphics by Mikho Mosulishvili, 2019
This clip is made with: 'Dance Me to the End of Love de Leonard Cohen' by Alexandre Da Costa (Instrumental).
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020


Exclamation

ოთარ ჭილაძე

გამოთხოვება

ქ.ლ.

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, –
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების.
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მიყვარხარ!
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელიც ახლავს,
რაც არ უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება
მისი წარმოთქმა. მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა, რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად თუ ჭორად,
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ.
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთი
და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად.
და რისხვა, გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით,
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად ან მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება,
რომ ფრთებშეკვეცილ ფრინველის მსგავსად
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა, თუ უცხო თვალი,
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში…
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვის გროვდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.

1966

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე - Page 4 Empty

Back to top Go down
 
ოთარ ჭილაძე
Back to top 
Page 4 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: