არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ოთარ ჭილაძე

Go down 
Go to page : 1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
Guest
Guest



ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyThu Mar 12, 2009 11:37 pm

ოთარ ჭილაძე Otar_t11
Otar Chiladze

***
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი -ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.


ოთარ ჭილაძე

მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი

ოთარ ივანეს ძე ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20 მარტს ქალაქ სიღნაღში, დედის მშობლების სახლში. მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს, რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა. მამამისი – ივანე ჭილაძე – პედაგოგი იყო ეკონომიური და იურიდიული განათლებით. დედა – თამარ მათეშვილი – საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო, რომელმაც, უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრება თბილისში. სულ სამი შვილი ეყოლათ, თამაზი, ოთარი და თინათინი. თინათინი ქართული ენციკლოპედიის თანამშრომელი იყო. ძმა – თამაზ ჭილაძე მწერალი იყო.
ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წლის 1 ოქტომბერს, დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.

პირველი ნაშრომები
ოთარ ჭილაძემ სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი” 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული „მატარებლები და მგზავრები“ — 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.
მწერალთა კავშირში 1959 წელს მიიღეს, პირველი პოეტური კრებულის გამოცემამდე.
მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ (1958–64). მსახურობდა ჟურნალ “მნათობში”, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა.
ყმაწვილთა საკითხავად სამი ლექსი აქვს დაწერილი: “ზოოპარკი”, “პედრო” და “ფრანგული ზღაპრის ფრაგმენტი”. რაც შეეხება “საქმიან მოგზაურობებს საზღვარგარეთ”, ასეთი რამ არ ახსოვს. თუმცა, ერთხელ დიდი ხნის წინად, მართლაც იყო მცდელობა, ისიც ჩაერთოთ “საქმიან მოგზაურობაში”, ანუ ისიც შეიყვანეს სამკაციან დელეგაციაში, ფინელ მწერლებთან შესახვედრად, მაგრამ ადგილობრივმა ცენტრალურმა კომიტეტმა ვერ გაბედა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, რის მერეც, საკმაოდ დიდი ხნით, საერთოდ აეკრძალა იმას ყველანაირი მოგზაურობა საზღვარგარეთ.

ოჯახი და კარიერა
დაოჯახდა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. მეუღლე — ნანა თოფაძე. ჰყავს ორი შვილი – ზაზა და თაკო – და ოთხი შვილიშვილი – ნანა, ანა, ოთარი და ნათელა.
იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964–73), ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1973–81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981–87). 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი.

შემოქმედება
პირველი ლექსი გამოაქვეყნა ალმანახში “პირველი სხივი” (1952), ლექსების პირველი კრებული “მატარებლები და მგზავრები” გამოვიდა 1959. გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების კრებულები: “თიხის ფირფიტები” (1963), “რკინის საწოლი” (1965), “სინათლის წელიწადი” (1967), “ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით” (1968), “ცხრა პოემა” (1969), “გულის მეორე მხარე” (1974), “გახსოვდეს სიცოცხლე” (1984; 1992), “ლექსები, პოემები” (1991). ჭილაძის რომანებია: “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” (1973), “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976), “რკინის თეატრი” (1981), “მარტის მამალი” (1987), “აველუმი” (1995). იგი ავტორია ორი პიესისა – “წათეს წითელი წაღები” (დაიწერა 1969, გამოქვეყნდა 1986), “ლაბირინთი” (1990). ჭილაძის შემოქმედებისათვის უცხოა პათეტიკა. მას ახასიათებს ფილოსოფიური განსჯა, ადამიანის სულის სიღრმეების წვდომა, უბერებელ პრობლემათა დღევანდელი ფეთქვის შეგრძნება.

რომანები
ექვსივე რომანში დროსივრცული მოდელი გადასვლის, ცვლილების მომენტს ასახავს. ძველი ვანის დაღუპვით მარადისობაში პირველად იჭრება დრო, ისტორია კი – მითში. მთავრდება ვანის “ბავშვობის ხანა”, მისი განვითარების ერთი ციკლი და იწყება მეორე (“გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”). ფეოდალური საქართველოს უკანასკნელ დღეებსა და რუსეთის იმპერიული ძალაუფლების ისტორიულ-პოლიტიკური ეპოქის დადგომას ასახავს “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”. სოვეტური” მმართველობის ადრეული პერიოდის, დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი დღეების დაძაბული რიტმი იგრძნობა “რკინის თეატრში”. ახალი, ომისშემდგომი თაობის ცნობიერების გამოფხიზლებაა ნაჩვენები “მარტის მამალში”. ეს ის თაობაა, რომელმაც 1956 წლის მარტის გამოსვლებით ბიძგი მისცა “ერად ყოფნის ძალისხმევის” (მერაბ მამარდაშვილი) კიდევ ერთ ამოფრქვევას. “აველუმი” ცხრა აპრილის მოვლენების ამსხაველი ტილოა – ეროვნული ცნობიერების კიდევ ერთი გამოღვიძების, კიდევ ერთი მოუთმენლობისა და კიდევ ერთი კრიზისის სურათი.

პოემები
ოთარ ჭილაძე ცხრა განსხვავებული პოემის ავტორია. მეოცე საუკუნის სამოციანი წლების დამდეგს ოთარ ჭილაძემ ახალგაზრდა მწერალთა და ხელოვანთა მოზრდილ ჯგუფთან ერთად იტალიის ქალაქებში იმოგზაურა და ხსენებული პოემა მაშინდელ შთაბეჭდილებებზე დაიწერა.
ოთარ ჭილაძე არგონავტების მითზე პოემის დაწერას აპირებდა, მაგრამ ხანგრძლივი ცდის მერე დარწმუნდა, რომ ჩანაფიქრს ეპიური ტილო უფრო შეეფერებოდა და წლების ტიტანური შრომის შემდგომ იშვა მისი პირველი რომანი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", რომელმაც სხვადასხვა ენებზე თარგმნის მერე მსოფლიო სახელი მოუტანა.
ახალგაზრდა, ხელისუფლების მიერ "მუქთახორად" შერაცხილი, ჯერ კიდევ დაუპატიმრებელი იოსებ ბროდსკი, როდესაც ოთარ ჭილაძის ლექსს თარგმნიდა, ერთი დღით ჩამოფრინდა თბილისში, რათა ძმები ჭილაძეები გაეცნო. მას ძალიან უნდოდა ეთარგმნა ოთარ ჭილაძის პოემა "სინათლის წელიწადი", ბწკარედსაც ითხოვდა, მაგრამ, მიზეზთა გამო, ეს განზრახვა შეუსრულებელი დარჩა. ოთარ ჭილაძე განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ბროდსკის დიდ, მრავალმხრივ ტალანტს.

გამოხმაურება უცხოეთში
უცხოეთის ქვეყნებში არც ერთ ქართველ მწერალს არ ჰქონია იმდენი და ისეთი გამოხმაურება, რამდენიც ოთარ ჭილაძის რომანებს ჰქონდა. საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, დანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი - ნაწილია იმ ქვეყნებისა, სადაც ოთარ ჭილაძის შემოქმედებამ დიდი რეზონანსი მოიპოვა.
"რკინის თეატრმა" საფრანგეთში გამოსვლისთანავე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ხოლო დანიის გაზეთ "ვიკენდავისენში" დაიწერა, რომ ამ რომანის შემდეგ "საქართველო უბრუნდება მსოფლიო ლიტერატურის რუკას".
რუსმა კრიტიკოსმა სტანისლავ რასსადინმა ზედიზედ გამოქვეყნებული რომანების ტრაგიკული ტონალობის გამო ოთარ ჭილაძეს "ქართველი ესქილე" უწოდა, "გოდორის" წაკითხვის შემდეგ კი განაცხადა - ეროვნული გამოფხიზლების წარმომჩენი ასეთი სიძლიერის რომანი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოგვეპოვებაო.
გამომცემლობა "აზბუკამ" 2000 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოსცა მისი პირველი რომანი გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. წიგნის ანოტაციაში ლაპარაკია ოთარ ჭილაძის პროზის რთულ, ძნელად ასახსნელ ფენომენზე, კერძოდ, ნათქვამია: "ამ პროზის პოლიფონიურობა გვაჯადოებს, ხოლო მისი კუთვნილება მარადისობისადმი სიმშვიდითა და იმედით გვასაჩუქრებს".

ნობელის პრემია
1999 წელს ოთარ ჭილაძე ბრიტანელმა ქართველოლოგის დონალდ რეიფილდის წყალობით წარადგინეს ნობელის პრემიაზე, თუმცა ჟიურიმ გამარჯვებულად გერმანელი მწერალი – გიუნტერ გრასი გამოავლინა.

პუბლიცისტიკა
ოთარ ჭილაძე გამორჩეული პუბლიცისტია. მისი წიგნი "წინ მარადისობაა!", რომელიც 2009 წელს ზვიად კვარაცხელიას რედაქტორობით გამოსცა ინტელექტმა", მნიშვნელოვანი ნაშრომია. იგი იტევს "საუბრებს", "სიტყვებს", "მოკლე ავტობიოგრაფიას" და მკაცრი საზომებით აფასებს მის თანამედროვეობას. თავის დროზე ეს რთული და საშშიც კი იყო. ავტორი წერს: "ბოლო ორის საუკუნის მანძილზე, ცენზურრის განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ შექმნილი ქართველი ადამიანის გაუტეხელობის, მსი ამოუწურავი ენერგიისა და შინაგანი თავისუფლების სადიდებელია. თუკი წერა ძნელი იყო როდისმე, მაშინ იყო ძნელი. უფრო მეტიც, წერა მაშინ ომს ნიშნავდა და ყველა როდი ბრუნდებოდა ამ ომიდან ცოცხალი.."
ინტერესი გამოიწვია ოთარ ჭილაძის სხვადასხვა დროის ჩანაწერებმა სათაურით "ცა მიწიდან იწყება" (ინტელექტის გამომცემლობა, 2000 წელი, რედაქტორი თამაზ ჭილაძე). წიგნს წინ უძღვის თამაზისავე შესავალი წერილი "ბედნიერება უნდა მოითმინო", რომლის პირველი აბზაცი ასეა წარმოდგენილი: "ეს არის ოთარ ჭილაძის რვეულებიდან ამოკრეფილი ჩანაწერები და წარმოადგენს ძალზე მცირე ნაწილს იმ ზღვა მასალისას, რომელიც უამრავსა და უამრავ რვეულშია გაბნეული. ბევრი რამ ვერ ამოვიწერე, მწერლის თანდათანობით გაუარესებული კალიგრაფიის გამო, ბევრი რამ კი გარკვეული მიზეზით არ იბეჭდება, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ისურვებდა ზოგიერთი ჩანაწერის გამოქვეყნებას".

დაუმთავრებელი რომანი
განსაკუთრებით საინტერესო 2009 წლის ბოლო, უკანასკნელი ჩანაწერები, სადაც მოგვითხრობს დაუმთავრებელი მორიგი რომანის "აკმე"–ს შესახებ. ამ დროს ოთარი საავადმყოფოშია და ისევ და ისევ შემოქმედებით მუშაობაზე ფიქრობს: "წავალ დავწვები საავადმყოფოში და "აკმეზე" ვიფიქრებ–მეთქი. ყვავს კაკალს გავაგდებინებ–მეთქი, აქ კი ათას სისულელეს ვფიქრობ, რაც კიდევ უფრო მაშორებს ჩემს რომანს." მომდევნო გვერდზე მწერალი ნაღვლიანად წერს: "2009 წლის 7 მაისს, სისხლიანი გიორგობის მეორე დღეს, კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერადაც საბოლოოდ, ვიწყებ წერას (გულისხმობს "აკმეზე" მუშაობას) და უფალს ვთხოვ შემწეობას, ძალას და შთაგონებას."

პიესები
ძალიან გაჭირდა ოთარ ჭილაძის პიესების "წათეს წითელი წაღები" (1969) და "ლაბირინთი" (დაიბეჭდა 1990 წელს) გამოქვეყნება და დადგმაც (რადგან კომუნისტური რეჟიმის ცენზურა ედავებოდა და კრძალავდა). "წათე" მხოლოდ 1986 წელს გამოქვეყნდა ნოდარ გურაბანიძის გაბედულების შედეგად. "წათეს" დადგმა სწადდათ რეჟისორებს რობერტ სტურუასა და გ. მარგველაშვილს, მაგრამ აქაც ცენზურა ჩაერია საქმეში. მხოლოდ დ. კობახიძემ მოახერხა მისი დადგმა თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე. ზ. კანდელაკმა კი შექმნა რადიოსპექტაკლი. მხოლოდ გიგა ლორთქიფანიძემ შეძლო "წათეს" დადგმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში 2007 წელს.

კინო
ოთარ ჭილაძემ თავი გამოსცადა კინოდრამატურგიაშიც. ამის ნათელი მაგალითია კინორეჟისორ თამაზ მელიავას ფილმი "ლონდრე", რომლის სცენარი ოთარმა ქართული ხალხური ზღაპრების მოტივების მიხედვით შექმნა.


ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_ჭილაძე
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author==ჭილაძე%20ოთარ
* https://poetry.ge/poets/otar-chiladze
* https://burusi.wordpress.com/literature/otar-chiladze/



ოთარ ჭილაძე - რაც დასახარჯი არსებობს, ვხარჯავ


Arrow
Back to top Go down
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 39
Registration date : 27.02.09

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: . . .   ოთარ ჭილაძე EmptyThu Mar 19, 2009 7:55 pm

ბატონი ოთარი "მსოფლიო დონის" შემოქმედია. გამეხარდა მისი სარკმელი და ლექსები, რომლებიც არ ვიცოდი. იმედია სარკმელს გაამდიდრებენ მისი სულშიჩამწვდომი ლექსებით.

Smile

ოთარ ჭილაძე

გათავდა!..
(წარწერა ეკზიუპერის წიგნზე)

გათავდა! უკვე ახლოა სახლი,
სადაც სინაზით სუნთქავს აგურიც
და სადაც ცოლი, ძლიერს და დაღლილს,
უჩუმრად გიცდის, ვით ნავსადგური.
და თუკი გიცდის, იმედიც გქონდეს_
ვისაც უცდიან, მას ღმერთი იცავს,
რომ დაუბრუნდეს მიწიერ ცოდვებს
კაცი, რომელიც სჭირდება მიწას.
მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი
და ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.
დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში
და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.
დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,
რაც შეემთხვევა: კარგიც და ცუდიც.
არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან,
არ დაივიწყო ერც ერთი წუთით.

study
Back to top Go down
http://www.poetry.com
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
ნიკა ჩერქეზიშვილი

Male
Number of posts : 268
Age : 38
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyThu Mar 26, 2009 1:26 pm

ოთარ ჭილაძე

გვიანი შემოდგომა

ხალხს ეცვა თბილად და ერთფეროვნად
და შეჩვეული იყო ყველაფერს:
თუკი მღეროდნენ-ყველა მღეროდა,
ყველა ღელავდა- თუკი ღელავდნენ.

დიდი ამბები ხდებოდა გარეთ:
ერთი ამინდი ცვლიდა მეორეს,
ასამარებდა ხმელ ფოთლებს ქარი,
ვით უსახელოდ წამხდარ მეომრებს

დიდი ამბები ხდებოდა გარეთ:
ეკარგებოდა ქალაქს ხალისი
უკაცურ ქუჩებს უფრთხოდა მთვარეც
და იწყებოდა წვიმა თავისით.
წყალს ჩამოჰქონდა სილა და ხრეში,
ეკარგებოდა ქალაქს იერი
და მოედანი ბზინავდა ბნელში,
ტბასავით ჩუმი და ცარიელი.

ძლივს ჩერდებოდნენ ხეები ფეხზე,
წყალს ჩამოჰქონდა სილა და ხრეში,
და დინამიტით დახოცილ თევზებს
ჰგავდნენ ფოთლები სიჩუმის წრეში.

სუფთავდებოდა სივრცე ყოველდღე,
აჩენდა თავის უნაკვთო სახეს
და უთავბოლოდ დააქროლებდნენ
დღეები ძველი აფიშის ნახევს.

ბაღშიც ხდებოდა დიდი ცვლილება;
ყველა კუნჭული მოჩანდა უკეთ.
თუმცა სიცოცხლით მთვრალი წყვილები
მაინც ვერ გრძნობდნენ რომ ჩანდნენ უკვე....

და სხეულები, როგორც ღრუბლები,
იპყრობდნენ სივრცის უდიდეს ნაწილს
და იმ ხეების თავისუფლებით
კვლავ შიშვლდებოდნენ ქალაქის თვალწინ,

კვლავ ასრულებდნენ ბუნების ნებას,
რადგან ისინი მაშინ ცდებოდნენ,
როცა ბუჩქებში მალავდნენ ვნებებს,
ვით ნაქურდალით სავსე ჩემოდნებს.

ბაღიც იმიტომ აღარ კვნესოდა,
არ ნებდებოდა მოსაწყენ ფიქრებს,
თუმცა ფოთლების უმრავლესობა
სველ ბილიკებზე ეყარა პირქვე.

Arrow
Back to top Go down
http://www.geogen.ge
ვიღაცა

ვიღაცა

Female
Number of posts : 11
Age : 119
Location : თბილისი
Job/hobbies : ნაირ–ნაირი
Humor : რია?
Registration date : 31.05.09

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Aug 15, 2009 8:41 pm

ოთარ ჭილაძე

სექტემბერი

ჩემ წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი,
გამოფიტული და დაქანცული,
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
- გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს, რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს,
ქარს სიტყვაც მიაქვს,
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა,
ქარმა მომაგნო,
ქარს გავეკიდე,
ქარის ბრალია,
ქარით დაღლილი,
ქარად ვიქცევი,
ქარო, როდემდის ვიქნები ასე?
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა..
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები... და გაიცინა.
გესმის? - გაწვიმდა.
ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს.
წვიმა მოვიდა,
წვიმამ მომისწრო,
წვიმას წავყვები,
წვიმის წილი ვარ,
წვიმით ავივსე,
წვიმად ვიქცევი,
წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის,
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე.
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა,
მზემ გამაბრუა,
მზეს შევეფარე,
მზის იმედი მაქვს,
მზით გავთამამდი,
მზედ მინდა ვიქცე,
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა, რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი, ფიქრს - კი დუმილი,
დუმილს - ხმაური და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცადა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოგომის მზე გალიებში
შემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის და სანამ დროა
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს,
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მზე ამოვიდა,
მზემ გაგვაბრუა,
მზეს გავახსენდით,
მზის შვილები ვართ,
მზით მორთულები
მზედ უნდა ვიქცეთ.
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან!

study
Back to top Go down
http://www.armuri.georgianforum.com
ვიღაცა

ვიღაცა

Female
Number of posts : 11
Age : 119
Location : თბილისი
Job/hobbies : ნაირ–ნაირი
Humor : რია?
Registration date : 31.05.09

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Aug 15, 2009 8:43 pm

ოთარ ჭილაძე

გალაკტიონ ტაბიძეს

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით.

Arrow
Back to top Go down
http://www.armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Mar 27, 2010 1:25 am

ოთარ ჭილაძე

წამსვლელი თვითონ დგება და მიდის

წამსვლელი თვითონ დგება და მიდის -
ზღვებსაც აცოფებთ ზედმეტი წვეთი.
მე ჩემს თავს უფრო ძლიერად ვთვლიდი,
სხვა არაფერი შემშლია მეტი.

აი, შედეგიც… დრომ მეც გამტეხა.
დრო მეც ზარივით დამემხო თავზე.
არადა, ალბათ, კიდევ რამდენ ხანს
უნდა იდინოს ამ მტკვარმა ასე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
nino nadiradze

Female
Number of posts : 101
Age : 34
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyMon Apr 26, 2010 9:02 pm

ოთარ ჭილაძე

***
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.
გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე... სულში.
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ – აქამდე რაც უნდა მეთქვა.
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.



რავიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ეს ლექსი უამრავის მთელ შემოქმედებას მირჩევნია...
Back to top Go down
gogona

gogona

Female
Number of posts : 23
Age : 33
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyFri Apr 30, 2010 6:39 pm

ოთარ ჭილაძე

გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას

დღესაც გრძელდება დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცვლის ხასიათს
ქარი, სიჩუმე.. და ფოთოლცვენა....

მე, შეიძლება, დღეს დამეწერა
ის, რაც მაწვალებს გაჩენის დღიდან,
მაგრამ ჩემს თვალწინს მოწყდა კენწერო,
რომელსაც გუშინ ქარი ვერ ხრიდა.

და ისევ ქუჩებს ვუბრუნებს თვალებს,
თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს
და ვიცდი, რადაგნ ვიცი, რომ მალე
ამტკივდებიან ფიქრები შენზე.

დღესაც ასეა დღესაც ასეა
ქარი, სიჩუმე, და ფოთოლცვენა..
და მე ვგრძნობ როგორ მიცლს ხასიათს
ქარი... სიჩუმე.. და ფოთოლცვენა...


study
Back to top Go down
http://elenlomadze.hi5.com
gogona

gogona

Female
Number of posts : 23
Age : 33
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyWed May 12, 2010 6:58 pm

ოთარ ჭილაძე

...და სიბნელიდან გამოდის ბავშვი

... და სიბნელიდან გამოდის ბავშვი,
რომელსაც ბევრი სინათლე სურდა,
რომელმაც უცებ იპოვა ქარში
დიდი მსგავსება საკუთარ სულთან
და ბოლოს მაინც შენთან მოვიდა
სხვისთვის განკუთვნილ ვნებებით სავსე
და ცას უყურებს უკვე შორიდან
და აღარ ცდილობს აფრენას ცაზე
რადგან არ უნდა, არ სურს, რომ ჰქონდეს
ის, რაც ოცნებებს და სიზმრებს ერთვის
მე შენ გგულისხმობ... საიდან მოდის
ამდენი ფიქრი შენზე და შენთვის!

king
Back to top Go down
http://elenlomadze.hi5.com
gogona

gogona

Female
Number of posts : 23
Age : 33
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyWed May 12, 2010 7:04 pm

ოთარ ჭილაძე

დე, ასე ქროდეს...

დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,
არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,
თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებს
და მტკვარიც თითქოს შიგნიდან იწვის.

ეხეთქებიან ტოტები ტოტებს,
ზეცას იკლებენ ვაით და ვიშით.
და მაინც, ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.


study
Back to top Go down
http://elenlomadze.hi5.com
სოსო მეშველიანი
Front of Armury
Front of Armury


Male
Number of posts : 99
Age : 45
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Oct 02, 2010 12:47 pm

ოთარ ჭილაძე

გზაში, კუპეში, ბორბლებზე, ღამით...

გზაში, კუპეში, ბორბლებზე, ღამით,
მე ვიც ერთი: ვიძენ ან ვკარგავ.
და კიდევ ერთი: ეს დღე თუ წამი,
გამახსენდება როდისმე კარგად.

ახლა კი იჯექ და ქიგნი ფურცლე,
განმქარვებელი სევდის და რულის,
სანამ სოროდან გამოვა უცებ
სადგური თავის საკუთარ სუნით.

სარკმელს გარედან აწყდება ბოლი
და ბოლში ჩვენი ლანდები თრთიან...
მე მიყვარს ყპფნა უცნობებს შორის,
ისინი კაცად მაშინვე გთვლიან.

მათ არ იციან, რამეს თუ წერდი,
ან თუ ზედიზედ იღებდი ვალებს
და, როგორც შემხვედრ ორთქმავლის ელდა,
ისინიც სადღაც ქრებიან მალე.

რაც მთავარია, არაფრით არ ჰგავს
ჩემს ჩვეულებრივ ყოფას ეს წანუ
და სულერთია, ვიძენ თუ ვკარგავ
გზაში, კუპესი, ბორბლებზე, ღამით...

study
Back to top Go down
http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: ოთარ ჭილაძე მთაწმინდაზეა   ოთარ ჭილაძე EmptyTue Feb 08, 2011 6:57 pm

ოთარ ჭილაძე Otar_c10
Otar Chiladze on Mtatsminda pantheon © Photo by Mikho Mosulishvili, 2011

ოთარ ჭილაძე

ნაწყვეტი პოემიდან:
"თიხის სამი ფირფიტა"

***
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.
მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.
რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
ხვალ შეიძლება განახლდეს ისევ,
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე
და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი
და გაახილოს თვალები უკეთ.
მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.
ვინ იცის ისიც სცოდავდა იქნებ
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე
და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს,
ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.
იქნება სცოდავ როდესაც ცდილობ
განდევნო შენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.
ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის
ყოველ საღამოს და ყოველ დილას
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.
მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა,
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.

თურმე არავის არა აქვს ნება,
იცქიროს უცხო ფარდების იქით,
აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება,
ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.
იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირვს სიცხეს ქალაქი.
და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც,
რმოელიც მოყვა თიხის ფირფიტას
შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში,
გონებას განგებ გამოიფიტავ.
თუმცა არავის არა აქვს ნება
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი
და აკივლებულ ფიქრსა და ვნებებს
ხმა ჩაუწიოს, და ჩაკლას ძალით.
ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას.
უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალი ვიდრე მარილი,
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები უკვე გადატანილი.
წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები...
წვანან ჩაძირულ გემის აფრები...
მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,
რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.
რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს
უნდათ თუ არა მიწაში სძინავთ.
არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც
ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ
რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს
ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ

სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები.


ოთარ ჭილაძე Otar_c11
Otar Chiladze on Mtatsminda pantheon © Photo by Mikho Mosulishvili, 2011

მიხო მოსულიშვილი

დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი…

”ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატორბს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!”
ოთარ ჭილაძე, ”მარტის მამალი”


ურუქი – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად მოახლოებული ჩვენთან, მოახლოებული ამ კაცის მიერ, ვისაც დევებით სავსე ქუდი ეხურა…
ასეთად ვხედავდი მაშინაც, როცა ინტერვიუსთვის შინ მივუტანე შეკითხვები და კიდევ ერთხელ ვილაპარაკეთ…
ტელ ასმარის გორაკის მლოცველთა სკულპტურებს მაგონებენ თქვენი პერსონაჟები მეთქი და, გადაჭარბებული შეფასებაა ჩემი შემოქმედებისაო.
მე არ მეჩვენებოდა გადაჭარბებული, არც ახლა მეჩვენება…
“ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” – აი, ამ რომანში გააცოცხლა და გაიხსენა ურუქი – დიდი შუმერების დიდი ქალაქი და მანამდე კიდევ ათას ცხრაას სამოცდაორ წელს დაწერილ პოემაში – “თიხის სამი ფირფიტა”.
ყველა შეკითხვაზე მითხრა თავისი პასუხები, მარტო მე მომიყვა, თუ რას და როგორ ფიქრობდა, მერე თავისი ახლადგამოსული “მარტის მამალი” მისახსოვრა ძვირფასი წარწერით და ისე გამომისტუმრა თავისი სენაკიდან, თუკი სენაკს დავარქმევთ ხილიანზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ოთახს…
ფრანგულად გამოცემული “რკინის თეატრიც” მაშინ ვნახე. გერმანულადაც რომ ჰქონდათ ნათარგმნი მისი ნაწარმოებები, ვიცოდი უკვე. ნობელზე კიდევ ერთხელ რომ იყო წარდგენილი, ესეც ხომ ვიცოდი და, – ნეტავ, აიღოს მეთქი, – ჩუმად ვნატრობდი…
იქიდან რომ მოვდიოდი, ვერ ვხვდებოდი, – მწყენოდა თუ გამხარებოდა, მხოლოდ მე რომ მიპასუხა შეკითვებზე…
ვერც ახლა ვხვდები…
მე მხოლოდ ის ვიცი, სწორედ ტელ ასმარის გორაკის მლოცველებივით სდარაჯობენ თავიანთ გამოცანას ოთარ ჭილაძის პერსონაჟები, იმიტომ სდარაჯობენ, რომ ვერც ერთმა ზერელემ და ზედაპირულმა ვერ შეაღწიოს ავტორის სამყაროში, ჩვენი გრძნობებით შექმნილ ლაბირინთებში და ვინც კი იმ ლაბირინთების მოვლას შეიძლებს, ყველა აამაღლოს, ამ ცხოვრების მადლი თუ ტკივილი დაანახვოს და მიახვედროს, რომ “რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე, ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ”.
ოთარ ჭილაძე დიდი მთაწმინდელი იყო სიცოცხლეშივე, ანუ მარადისობის მკვიდრი გახლდათ და აკი დავადასტურეთ კიდევაც, მთაწმინდაზე რომ მივუჩინეთ განსასვენებელი.
არადა, რამხელა ბედნიერება იყო, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობდა და ქმნიდა თავის უკვდავ შემოქმედებას…
“თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად. მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები” – ეს “თიხის სამი ფირფიტიდან” არის და რუსეთის გამძვინვარებული არმია რომ მოიწევდა თბილისისკენ გასულ წელს, მაშინ გამახსენდა და ახლაც ამას ვიტყვი ხოლმე ჩემთვის, მორიგ ქიმუნჯს რომ გვითავაზებს ხოლმე რუსი და, სრული და საბოლოო ოკუპაციით დაგვემუქრება…
ურუქი – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად მოახლოებული ჩვენთან, მოახლოებული ამ კაცის მიერ, ვისაც დევებით სავსე ქუდი ეხურა…
თავადაც ასეთი იყო – დაუჯერებლად შორეული და დაუჯერებლად ახლობელი…

”ლიტერატურული გაზეთი”, #12, 16 – 29 ოქტომბერი, 2009

ოთარ ჭილაძე Tell_a10
Statues from Eshnunna (the Abu Temple, Tell Asmar, Iraq). c. 2700 - 2500 B.C. Limestone, alabaster, and gypsum, height of tallest figure approx. 30".

ბმული:
* http://burusi.wordpress.com/2010/03/23/otar-chiladze-20/

study


Last edited by Admin on Wed Dec 25, 2019 1:34 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat May 25, 2013 4:18 pm

ოთარ ჭილაძე Wates_10

წიგნის დასახელება - „წათეს წითელი წაღები“
ავტორი - ოთარ ჭილაძე
რედაქტორი - მანანა ბალიაშვილი
მხატვარი - გია ცხადაია
გამომცემელი - პეგასი
ყდა - რბილი
ენა - ქართული
გამოცემის წელი - 2007
ISBN 978-99940-69-44-6
გვერდები - 190

შინაარსი:
* წათეს წითელი წაღები
* ლაბირინთი

ოთარ ჭილაძე Wathe10
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyThu Aug 22, 2013 8:23 am

ოთარ ჭილაძე

***
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.


Arrow


Last edited by Admin on Mon Dec 09, 2019 9:28 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyTue Oct 08, 2013 9:52 am

ოთარ ჭილაძე Chila-10

ოთარ ჭილაძე

შეჩვეულია რუსს და რუსის ჩექმა აწუხებს…

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა „ქრისტიანული“ იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…



Last edited by Admin on Tue Mar 19, 2019 1:52 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyFri Feb 21, 2014 10:15 pm

ოთარ ჭილაძე

ტარასი

დნეპრს გადმოჰყურებს ბრინჯაოს კაცი:
ჩაფიქრებული და მოღუშული.
წაბლის ხეები თეთრი სანთლებით
მლოცველებივით მიდიან მისკენ
და უჩინარი ზარის გუგუნი
დნეპრს უერთდება.

გარინდებულა გაღმა სოფელი
და შესდგომია ცას ოწინარი.
მამალი სივრცეს ზვინიდან ზვერავს
და ისე ბზინავს შუადღის მზეში,
თითქოს ახლახან შეღება ღმერთმა.

დნეპრს გადმოჰყურებს ბრინჯაოს კაცი...
წყალს იღებს ჭიდან სოფლელი გოგო,
ვერ ჩატეულა წყალი ჭურჭელში
და, როგორც მწვანე და ბრმა ფრინველი,
დაეძებს გოგოს ფრთების ტყლაშუნით.

დნეპრს გადმოჰყურებს ბრინჯაოს კაცი...
იცინის გოგო და მიაბიჯებს
საკუთარ მზეში,
საკუთარ მზეში და პურის მტვერში -
თავისუფალი და ჯიშიანი.

დნეპრს გადმოჰყურებს ბრინჯაოს კაცი:
მკაცრი და სადა, როგორც ტაძარი.
ფერხთით უნთია წაბლის ყვავილი,
თოვლივით თეთრი და დახუნძლული
მთვრალი ფუტკრებით...

1969

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyMon Dec 19, 2016 2:47 pm

ოთარ ჭილაძე

(გილგამეშის მოტივები)


1.
მე, გილგამეში: ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი, ჩემი მაღალი ხმითა და ტანით მოვარღვევ მიწას და თვალწინ მიდგას ევფრატის წყალი, ქალურად უხვი და იდუმალი. ჩემს ლამაზ ქალაქს ურუქი ერქვა. მე შემოვავლე მას გალავანი და ავუშენე დიდი ტაძრები ანუს და იშთარს. მე კაცი ვიყავ, მაგრამ ყოველთვის მშურდა ღმერთების, ან უფრო სწორად, სიცოცხლე მსურდა დაუსრულებლად. მე მსურდა, მაგრამ არ სურდათ ღმერთებს და ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი ამ ხმელ ფირფიტას შემორჩა მხოლოდ. ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში. მე დავამარცხე შლეგი ხუმბაბა.
მე და ენკიდუმ შლეგი ხუმბაბა ავჩეხეთ ჩვენი მძიმე ცულებით და დავამშვიდეთ მონადირენი, შეძრწუნებულნი ხუმბაბას შიშით. მე ვძლიე ხარი, ციური ხარი. მე და ენკიდუმ, ორივემ ერთად. ენკიდუმ კუდში ჩაკიდა ხელი, მე კი დავკარი ბასრი მახვილი საზარელ რქებსა და თვალებს შორის. მაგრამ ვერც ერთი ვერ გავცდით მაინც ადამიანის უბრალო სახელს, ვერ ვძლიეთ სიკვდილს. ოღონდ ჩემამდე ენკიდუ მოკვდა. მიწაზე დაწვა და მიწად იქცა.
მე შემეშინდა და მთელი ღამე დავძრწოდი ტყეში ევფრატის გასწვრივ და ვაბიჯებდი ჩათვლემილ ლომებს, რომლებიც ყვითელ გორაკებს გავდნენ. ჩემი ენკიდუ ღმერთებმა შექმნეს. მოზილეს მიწა და შექმეს კაცი, მხოლოდ იმიტომ, რომ შეეზღუდათ ჩემი სახელი და ასპარეზი. მაგრამ ჩვენ ძმობა ვარჩიეთ მაინც ჯიბრსა და მტრობას, არ გავუმართლეთ ღმერთებს იმედი. ალბათ ამიტომ მოკვდა ენკიდუ, ალბათ ამიტომ ჩასახლდა ჩემშიც სიკვდილის ჭია და ალბათ, მალე, ჩემი ხელებიც ვეღარ იგრძნობენ ნაზი მეუღლის მკერდსა და კისერს და დრეკად ნეკნებს, ვეღარც სიმძიმეს საომარ ცულის. მე მივუგზავნე ენკიდუს ქალი, როცა ის ტყეში ცხოვრობდა მშვიდად. იმ ქალს სახელად შამხატი ერქვა და მთელ ურუქში ყველაზე კარგად ესმოდა ქალის მთავარი საქმე.
შამხატმა უხმოდ გაიძრო კაბა და მიაჩეჩა უხეშ ხელებში მოქნილი წელი და მკვრივი მკერდი. და მთელი კვირა სვამდა ენკიდუ ამ უცხო სასმელს. სვამდა, თვრებოდა და ნათდებოდა მისი გონება ხვრელივით ბნელი. მერე შამხატმა აჭამა პური და გაახედა ურუქის მხარეს. და რადგან იგრძნო პურიც და ქალიც, ენკიდუ იქცა ადამიანად და მოკვდა, როგორც ადამიანი.


ქალაქს საფუძვლად ლეგენდა უდევს
და შესაფერი სახელიც ჰქვია.
და საათები უჩინარ წუთებს
ჯანსაღი გულის სიზუსტით თვლიან.

რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ.
და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი
და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.

მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს.
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.

იზრდება სიცხე და მაგარ თითებს
თანდათან უფრო თამამად უჭერს
აცახცახებულ თაღებს და ხიდებს
და ჩრდილებისკენ გაქცეულ ქუჩებს.

იზრდება სიცხე და სიცხით მთვრალებს
თვალი ფანჯრისკენ გაურბით მუშებს
და შამხატივით თამამი ქალი
ასწორებს საწოლს და ფარდებს უშვებს.

დღემდე გრძელდება, ფეთქავს და ბრუნავს
შამხატის ცხელი და ლაღი სისხლი
და ჩვენც გვიმძაფრებს სიცოცხლის უნარს,
სიცოცხლის მარტივ კანონებს გვიხსნის.

გვიხსნის და მიდის და ჩვენს სახელებს
მხიარულ სულში მძევლად იტოვებს
და უსასრულო ღელვით გვაღელვებს,
რომ დაგვამშვიდოს ზოგჯერ თვითონვე.

მზეზე ბრწყინავენ ზანტი მუშები
და იმშრალებენ გაოფლილ კისრებს
და როცა სიცხით პირი უშრებათ,
თვალი ფანჯრისკენ გაურბით ისევ.

იქ ეგულებათ ისეთი რამე,
რაც ყველა ტკივილს ავიწყებთ უცებ
და გახურებულ თვალებით სვამენ
უცხო ქალაქის იდუმალ ქუჩებს.

რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს,
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.

მაინც არავინ არ გარბის არსად,
ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს
და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.

და იმედივით ნათელს და კეთილს,
შუა ქალაქში სძინავს მდინარეს
და ატივტივებს არეკლილ კედელს
და სძინავს, ანდა თავს იმძინარებს.

ამქვეყნად ყველა მდინარემ იცის
თავისი ფასი, სიგრძე და განი.
ზოგი უდროოდ ივსება მიწით,
მარად წყალუხვნი რჩებიან სხვანი.

ზოგი პირთამდე სავსეა თევზით,
ზოგს ელანდება თევზის ბრჭყვიალი
და უსასრულოდ გადადის ქვებზე,
ხელმოცარული და ეჭვიანი.

მაგრამ ყველანი ცხრებიან დღისით,
გაბრუებულნი ღმერთთან კამათით,
და ეშინიათ, არ აღსდგნენ ისევ
აფსუ და მუმუ და თიამათი.

რადგან ქალაქი სავსეა ხალხით,
რომელიც ქალაქს ყველაფერს მისცემს
და რაც დღეისთვის სათქმელად არ ღირს,
ხვალ, შეიძლება, სიმღერად იქცეს.

ხვალ, შეიძლება, განახლდეს ისევ,
რაც დღეს საოცრად ძველია უკვე
და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი
და გაახილოს თვალები უკეთ.

ასე ფიქრობდა ნინსუნის შვილიც,
საქვეყნოდ განთქმულ ურუქის მეფე,

და უყურებდა ცვალებად ჩრდილებს
და ღმერთზე გულუხვ ევფრატის შხეფებს.

მან უთვალავი ლომი და სპილო
შეწირა მსხვერპლად ანუს და იშთარს,
მაგრამ იდუმალ ევფრატის პირას
იპყრობდა ეჭვი და ჩუმად იჯდა.

სადღაც ქრებოდა დრო და თარიღი,
როგორც სილაში თხუნელას სორო.
მას კი უნდოდა, რომ მომხდარიყო
ის, რაც ზღაპარში მომხდარა მხოლოდ.

ლომის სურნელი დაჰქონდათ ქარებს
და ნთქავდა სივრცეს უდაბნოს ბუღი,
თვალი გარბოდა ოთხივე მხარეს,
სისხლი ხმამაღლა იწყებდა დუღილს.

მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,
თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,
რომელიც უკან მოგვყვება ურმით
და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.

ურუქიც გაქრა.
დაიცვა წესი
ამქვეყნიური და გაქრა უცებ,
მაგრამ მიწაში ჩარჩენილ ფესვებს
გული აქამდე შერჩათ და უცემთ.

ისიც აქამდე ცოცხლობს და ეძებს,
ხმელ ფირფიტაზე წევს და ცახცახებს
და მზე აწვალებს მის გაშლილ მკერდზე
ურუქის მძიმე კარის გასაღებს.

ვინ იცის, ისიც ცოდავდა იქნებ
ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე
და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს,
ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.

იქნება სცოდავ, როდესაც ცდილობ,
განდევნო შენგან სიკვდილის შიში,
ან როცა ბედი გარგუნებს წილად_
დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.

ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,
ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის,
ყოველ საღამო და ყოველ დილა
ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.

მაგრამ რა უნდა აკეთოს ცაზე_
შეყვარებულმა ევფრატის შხეფებს,
და დღემდე ეძებს და წვალობს ასე
ყოფილი კაცი, გმირი და მეფე.

მას ურჩევნია გულზე ეყაროს
და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები
და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა
ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.


2.

ბედნიერია უტნაფიშთიმი. მან მოიპოვა სიცოცხლე მხოლოდ და ახლა სადღაც თავისთვის ცხოვრობს, განდიდებული და კმაყოფილი. ღმერთზე მეტია უტნაფიშთიმი. მისი წყალობით ვიგემეთ ყველამ, რაც კი ვიგემეთ, კარგიც და ცუდიც. თურმე წინათაც ცოდავდა ხალხი და თურმე შური ახრჩობდათ ღმერთებს და დათქვეს, ერთხელ და სამუდამოდ, მოესპოთ კაცის თავხედი თესლი. ღმერთებმა, როგორც ჩვევიათ ღმერთებს, არ დააშორეს სიტყვა და საქმე, მაგრამ გამორჩათ, რომ ნაზი ეა ჯერ ქალი იყო და მერე ღმერთი. მან გააფრთხილია უტნაფიშთიმი.
ისიც მაშინვე გაიქცა ტყეში. ტყიდან მოზიდა ნედლი კედარი და ააშენა მცურავი სახლი. და რასაც მისწვდა, სახლში შეზიდა, რომ წარღვნის შემდეგ ამ ქვეყანაზე სიცოცხლეს ისევ გაედგა ფესვი. ასე გადარჩა უტნაფიშთიმი და გაოცებულ ღმერთების ნებით გახდა ღმერთების ტოლი და ღირსი. სამაგიეროდ უკვალოდ გაქრა ხალხის ნაფიქრი და ნახელავი. მე სულ არ მინდა, რომ ისევ გაჩნდეს ამგვარი აზრი ღმერთების ტვინში და არც ის მინდა, რომ ნაზმა ეამ ჩემით შეცვალოს უტნაფიშთიმი. თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად.
მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები. მე ახლა მზეზე ვზივარ და ვუცქერ მზეზე გაფენილ თიხის ფირფიტებს. მე მათ გავანდე და ჩავაბარე ჩემი ფიქრები და ოცნებები. ადამიანზე გამძლეა თიხა და იქნებ ვინმემ იპოვოს იგი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, იქნება ვინმემ იპოვოს იგი და წაიკითხოს ჩემი ცხოვრება, შეძრწუნებული სიკვდილის შიშით.

ადამიანზე გამძლეა თიხა!
შენ ამ ფირფიტას, ვით უცხო ფრინველს_
ყველაფრის მცოდნეს და გულთამხილველს,_
კალთაში ისვამ და ჩუმად ზიხარ.

ზიხარ და ფიქრობ და ძალას იკრებ
და კვირას მისდევს ახალი კვირა...
და თურმე შენად მიჩნეულ ფიქრებს
ფეხი აუდგამთ ევფრატის პირას.


თუმცა არავის არა აქვს ნება,
იცქიროს უცხო ფარდების იქით:
აწონ-დაწონოს ვიღაცის ვნება,
ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.

იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი.

და იმედივით ნათელს და კეთილს,
შუა ქალაქში სძინავს მდინარეს
და ატივტივებს არეკლილ კედელს
და სძინავს, ანდა თავს იმძინარებს.

მდინარე, როგორც ჯიუტი კვალი,
კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
და სემაფორი შეღებილ თვალებს
ახელს და ხუჭავს, ხუჭავს და ახელს.

და გამვლელები საკუთარ ჩრდილებს
გულზე აფენენ დასიცხულ ქუჩებს
და ქუჩა ჩრდილებს მიყვება ფრთხილად
და გული გამთბარ დოლივით უცემს.

შენ კი მზადა ხარ, რომ უფრო დიდხანს
უცადო შენთვის გაჩენილ შამხატს.
ყველაფერს ფერი ეცვლება თითქოს,
როცა შამხატის თვალებში ჩანხარ.

შამხატიც მიზეზს ბევრჯერ იშოვის
და არარსებულ ქვეყნების ამბავს
ბევრჯერ მოგაწვდის და მოიშორებს
ზღვის ფრინველივით მყვირალა კაბას.

და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც,
რომელიც მოჰყვა თიხის ფირფიტას.
შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში,
გონებას განგებ გამოიფიტავ.

თუმცა არავის არა აქვს ნება,
თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი
და აკივლებულ ფიქრებს და ვნებებს
ხმა ჩაუწიოს და ჩაკლას ძალით.

და თუ შენც გიყვარს შენი კარავი
და თუ გაიგე, რაც აგიხსენი,
თამამი უნდა იყო ქარივით,
ძაღლივით უნდა იყო ფხიზელი.

ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა,
ის, შეიძლება, უბრალოც იყოს
და აუტანელ ტკივილით ითქვას.


უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალო, ვიდრე მარილი.
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები, უკვე გადატანილი.

წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები...
წვანან ჩაძირულ გემის აფრები...
მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,
რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.

და სიკვდილამდე ამ სიტყვას ეძებ,
მისკენ მიყავხარ უჩინარ საჭეს
და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს,
ყველა ტკივილის ატანას აჩვევ.

რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,
ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ
და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს,
უნდათ თუ არა, მიწაში სძინავთ.

მხოლოდ ხანდახან თუ ამოყვება
მათი ნასახი წერაქვს და ნიჩაბს,
როგორც კივილი და ამბოხება,
რომელმაც ბედი მრავალჯერ სინჯა.

და მუზეუმის გრილ დარბაზებში
ცნობისმოყვარე ხალხი გროვდება.
დგანან, უცქერენ და აფასებენ
გონებას, ქცეულს ოქროს ზოდებად.

ბევრს ავიწყდება, რა დარდიც ჰქონდა,
და ახლა სულში იმედი წვეთავს.
ბევრი კი მხოლოდ იმიტომ მოდის,
ამდენი ოქრო რომ ნახოს ერთად.

დარბაზში გრილა და სიჩუმეა,
როგორც უეცარ ქუხილის შემდეგ,
და უძველესი სამაჯურები
ჯილდოებივით კიდია კედლებს.

საყურეც ისევ ცახცახებს ვნებით
და ისევ ასდის ნაზი სურნელი,
თითქოს არაფერს არ ნიშნავს წლები
თითქოს არაფერს არ ცვლის...
სრულებით.

და ბევრი ხვდება, რისთვისაც წუხდა,
ბევრი სულელად რჩება ბოლომდე
და მაინც ყველა მადლობას უხდის
მზით გაბრუებულ არქეოლოგებს.

არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც
ის, რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ,
რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს
ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ.

იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,
მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი
და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,
ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი.


3.
მე, გილგამეში: ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი, ცოცხლებში აღარ ვითვლები უკვე.
და მაინც ვცდილობ ჩემი სიკვდილით გავახანგრძლივო თქვენი სიცოცხლე. მე ბევრჯერ მითხრეს, ბევრჯერ მირჩიეს, რომ შემეცვალა სიკვდილზე ფიქრი ლხინით და ქალით. ბევრჯერ ამიხსნეს, რომ ყველაფერი მოგონილია და წარმავალი, რომ ერთადერთი ჭკვიანი საქმე არის გართობა და სიყვარული. თუმცა არც ჩემთვის არ იყო უცხო ლხინი და ქალი. ჩემი ხანმოკლე ცხოვრების გზაზე მეც მიგემია ლხინიც და ქალიც. სწორედ ამიტომ ვუცქერდი შიშით თიხის უფერულ და უძრავ ბორცვებს. და მიზანს მაინც ვერ მივაღწიე, რადგან ყოველთვის მარტო ვიყავი.
თუ გესმის ჩემი, თუ ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი მართლა შემორჩა ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში, შენ გააგრძელე, რაც მე მინდოდა და გაამრავლე შენისთანები.


თუ მართლა გესმის და მართლა გჯერა
შენს ჩასახვამდე გარდაცვლილ კაცის
და თუკი შენი ფუძე და ჭერი
გართმევს სიცოცხლის უდიდეს ნაწილს,

შენი საღამო და შენი დილა
რას მოხმარდება, ისიც თუ იცი:
ორივე ხელი და ყველა კბილი
მაგრად ჩაჭიდე შამხატის სიცილს.

მაგრად ჩაჭიდე ქალაქის კედლებს
და იმედივით ნათელ მდინარეს,
რომელიც ღმერთთან კამათის შემდეგ
შენს დასანახად თავს იმძინარებს.

არც მოწყალება და არც საშველი
არ ღირსებია ციდან არავის
და რასაც ფიქრობ, ყველას აჩვენე,
ან ვისთან რა გაქვს დასამალავი.

სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის
და შენც გახსენი შენი ფიქრები,
რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ
იცხოვრო, როცა აღარ იქნები.

1962 წ.

Smile
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyFri Sep 29, 2017 6:40 pm

ოთარ ჭილაძე

თუშური ყველი

ათასში ერთხელ, ისიც შემთხვევით,
ჯდებოდა ხოლმე მხდალი კალია
მის წვრილ კისერზე,
ან ნამის მძიმე წვეთი ეკიდა
ყალბი მძივივით.

მერე რძედ იქცა ცხვრის ძუძუებში
და რწევა-რწევით წაიღო ცხვარმა
ფარეხისაკენ.

ვერც კი მოასწრო დამახსოვრება
მწვანე წარსულის,
ვერც მოქანავე სახლში ცხოვრებას
ვერ შეეჩვია
და სანამ რამეს მოიფიქრებდა,
გადაასახლეს სპილენძის ქვაბში.

თავბრუ დაესხა ქვაბში ტრიალით
და, სამუდამოდ გაოგნებული,
თეთრ ბურთად იქცა.
მაგრამ მაშინვე გუდაში ჩასვეს,
რომ სიბნელეში დავიწყებოდა
ცა და მინდვრები.

ახლა კი, დანით ორად გაჭრილი,
გაოცებული დიდი თვალებით
გვიყურებს ჩუმად და უპეებში
ერბო უბრწყინავს სიმწრის ცრემლივით.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptyThu Nov 29, 2018 10:30 pm

ოთარ ჭილაძე Otar_t10

ოთარ ჭილაძე

***

„სიყვარული განშორებაზე ძლიერია,
მაგრამ განშორება სიყვარულზე ხანგრძლივია“
იოსებ ბროდსკი*



მერჩია, სულ არ შეგხვედროდი,
რადგან მაშინვე
დაიწყო განშორებაც...

ხვალ გაცილებით შორს ვიქნებით ერთმანეთისგან,
ვიდრე დღესა ვართ.
დღესაც ძლივს მესმის შენი სუნთქვა,
ან მეჩვენება
და თავს ვიტყუებ -
ჯერ მესმის მეთქი.

ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე
აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც „ჩვენი ცხოვრება“ ჰქვია -
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ -
რაც არასდროს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს... მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება ეს გამთიშავი,
გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვეფებით
რაღაცის გამო.

---
* "Любовь сильней разлуки, но разлука длинней любви." - Иосиф Бродский - "20 сонетов к Марии Стюарт" (1974), XIV.

Arrow


Last edited by Admin on Fri Dec 14, 2018 1:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Dec 15, 2018 12:07 pm

ოთარ ჭილაძე

პირსახოცზე ამოქარგული მამალი

განა არ ყივის ჩემი მამალი,
შენს პირსახოცზე ამოქარგული
წითელი ძაფით.
როცა პირს იბან, ხომ ყივის ხოლმე.
ხომ გათამამებს სიცოცხლისათვის.
კისერგაწვდილი და აფოფრილი,
ხომ ემზადება საიერიშოდ,
რომ გაგიფანტოს უჟმური სიზმრით
მოგვრილი სევდა.
ანდა ცალ ფეხზე ხომ ხტუნავს ხოლმე,
რომ გაგაცინოს და გაგახსენოს
ცხრა მთის გადაღმა თუნუქის ყუთში
ჯიუტი ხელით ჩასმული ცეცხლი,
ამოხტომას რომ ცდილობს ყუთიდან,
როგორც მამალი... ფეხებშეკრული.

1968

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Dec 15, 2018 12:09 pm

ოთარ ჭილაძე

მოხეტიალე კუნძული

ბოლოს და ბოლოს გისრულებ თხოვნას :
გიგზავნი წერილს .
გამომწვარია გულის ღუმელში
და ნახშირივით წმინდაა იგი .

ღამის უსაზღვრო ოკეანეში
ჩემი სარკმელი ანთია მხოლოდ .
მაინც ძნელია ყველაფერი ვაქციო სიტყვად
და თანაც მივცე სიმაღლე სანთლის ,
ყრუ _ მუნჯი ბავშვის სიმარტოვე ,
თოვლის დუმილი
და მოლოდინი სველ სილაში ჩამხობილ ნავის ...

ღამის უსაზღვრო ოკეანეში ჩემი სარკმელი
ანთია მხოლოდ.
დაეჭვებული და დაძაბული მომჩერებია ღამე ხელებში.
და აი, ფურცლის გლუვ ზედაპირზე
ამოდის სიტყვა
ამოდის, როგორც წყლიდან ხმელეთი
და მკვდარი ფსკერის დორბლი და შლამი,
გადაშენებულ თევზების ჩონჩხი
და მარგალიტად ქცეული ცრემლი
(ჩემი თუ სხვისი!),
ამოაქვს მაღლა.

ეს სიტყვა ჩემი კუნძულია,
მე ამ კუნძულზე
ჩემი სიცოცხლე გადავზიდე და ბნელ მღვიმეში
დავაბინავე სტალაქტიტივით.
მადლობელი ვარ ამ ტკივილისთვის.

მე ფიქრი მტკივა, როგორც ხეიბარს
დიდი ხნის წინათ მოჭრილი ფეხი
სტკივდება ხოლმე.

და ზურგით დამაქვს შენი სინათლე,
როგორც ჟანგბადით სავსე ბალიში.

მღვიმის წყვდიადში დუმს სტალაქტიტი,
ვით ზარის ენა - ჩამოხსნილ ზარში.

დახეტიალობს ჩემი კუნძული,
მთელი ქვეყანა ზღვა არის მისთვის.
ის ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება,
გამოცდილი აქვს ფეხქვეშ საყრდენი.

დახეტიალობს ტალღების ქაფით
თავშემკობილი
და თოლიების მჭახე სიმღერით
გაბრუებული...

მას დაეძებენ!
გაშლილ რუკაზე
გრძელი ფეხებით დასდევს ფარგალი
და იფარება მთელი ქეყანა
ჯვრებით, წრეებით და კვადრატებით...

გადაზნექილა ქარში ანტენა,
წამომართული გაწვრთნილ გველივით,
და იოფლება ხელში ჭოგრიტი,
სივრცისგან თვალებატკიებული.

დახეტიალობს ჩემი კუნძული
და ზღვაზე გააქვს რძისფერი ხნული,
ხოლო იმ ხნულში თესლივით ცვივა
მისი ამაყი რწმენა და ფიქრი.

მას დაეძებენ!
მაგრამ ჭოგრიტში
არ გამოჩნდება არასდროს იგი
და ვერც ფარგალი ვერ დაეწევა
და ვერც ჯიუტი და ბასრი წვერი
საგულდაგულოდ გათლილი ფანქრის.
ტყუილად ქსოვენ ამხელა ბადეს
ეს სიგრძედებიც და განედებიც.

ის შენშ უნდა აღმოაჩინო:
შენს არსებაში!
მაგრამ ამისთვის
ბევრ რამეს უნდა უთხრა უარი:
უნდა ჩამოხსნა მძიმე ფარდები
და გამოაღო სულის სარკმელი,
და აღარ მიწვე უსუსურების
და მორჩილების დამპალ ძონძებზე,
ნარკოტიკივით გაოგნებული
ყალბი სინათლით...

ფეხით გასრესილ ლოკოკინას სუნი დგას ირგვლივ.

მიარღვევს ტალღებს ჩემი კუნძლი
და ნაპირებზე გადმოდის წყალი:
აქაფებულუ და აფოფრილი,
მღვიმემდეც აღწევს ჩემ გარშემო
ტოვებს ნიჟარებს.
და ნიჟარებში ჩაბუდებული
მარადიული სული ბუნების,
მაგნიტოფონის სუფთა ფირივით
შრიალებს ბნელში.

აი ამ ფირზე იწერება ჩემი სათქმელი.

დახეტიალობს ჩემი კუნძული;
პირველყოფილი გულუბრყვილობით
დარწმუნებული, რომ საჭიროა,
რომ ვინმეს მაინც მიუსწრებს სულზე
ამხელა ზღვაში...

ესაა მხოლოდ მისი მიზანი,
თვითნვე მოვა იგი შენამდი,
თვითნ მოგნახავს და გადაგარჩენს,
თუ აღიარებ, რომ იღუპები.

მაგრამ ხარბია ადამიანი:
დროს არ დაკარგავს აღსარებისთვის.

ჭიპით სიზიფეს ლოდზე მიბმულლი,
ძლივს მოპოვებულ სულს და გონებას
იშორებს გზაში, რომ შემსუბუქდეს
და მიათრიოს ძვალი და ხორცი
სალაფავამდე...

აჰა, გამოჩნდა!
ფერშეცვლილ ფიცარს
წურბელასავით მიჰკვრია კაცი,
რომსიკვდილამდე მთლად გამოსწოვოს,
თუკი რამ დარჩა გამოსაწოვი.

ვეძახი: შველა ხომ არ გჭირდება?!
(ხელში მიჭირავსრკინის კაუჭი).
- გამომადგება! - მპასუხობს იგი
და დაღუპული გემის ფიცარი
შინისკენ მიაქვს.
და გალუმპული მისი მკლავები,
შეყვარებული სელაპივით
წვანან ფიცარზე...

ქვის იატაკზე განწმენდის ცრემლით
ამოჭრილია შენი სახელი.
მის წასაკითხად საკმარისია
ასოებიდან წყლის ამოხაპვა
და სულ პატარა ნაჭერი სანთლის.

მადლობელი ვარ სიმარტოვისთვის.

სული იზრდება სიმარტოვეში.
მე მესმის, როგორ იზრდება იგი
და ვხედავ, როგორ იკეთებს ყვავილს
და როგორ მიაქვს მზისკენ ყვავილი,
გაქვავებული კოცონის მსგავსი

1969

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Dec 15, 2018 12:13 pm

ოთარ ჭილაძე

განშორებამდე

დრომ გაიარა, ვით შავმა კატამ
ბნელ დერეფანში (უხმოდ და უცებ).
და ზამთრის სახე, მკაცრი და სადა,
მოშორდა ფანჯრებს.
მაგრამ ამ ფურცელს
მარადიული შეკრავს ყინული,
ხოლო ყინულზე აირეკლება
ჩვენგან ცხადში თუ სიზმრად ხილული,
რომ გახსენების მწარე ეკლებმა
გამოაფხიზლონ სულის თვალები -
გაოგნებულნი ერთფეროვნებით
და ხელოვნური მზის ბრწყინვალებით
და ნაქურდალი ცით და ცხოვრებით.

ბრწყინავს ლოლუა, ვით ზამთრის კბილი
ამონასუნთქი კაცის და მილის,
ახლახან დაკლულ მხეცივით თბილი,
ფართხალებს ქარში.

და აი, თითქოს ასი წლის მერე,
უკვე გადაღლილ ხმებსა და ფერებს
ვთხოვ, დამიბრუნონ ყველა უფლება,
რომ დავიწყების შავმა ღრუბლებმა
არ გადაგვთვალონ...
მომეცი ხელი,
ჩვეულებრივად სუსტი და ცხელი,
ჩვეულებრივად ცხელი და მკაცრი
მომეცი გული!
და სანამ გვაცლის
ღმერთი თუ ბედი, გვჯეროდეს ისევ,
რომ ჩვენს საფიქრალს ქვეყანა ისმენს,
ჩვენი თავები მკერდზე უწყვია
და ცდილობს, მაგრამ არ შეუძლია,
რომ გარდაიქმნას.

1969

Arrow


Last edited by Admin on Tue Dec 25, 2018 4:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Dec 15, 2018 12:39 pm

ოთარ ჭილაძე

ფიროსმანი

ფიროსმანი, რასაკვირველია, პროფესიონალი მხატვარია, ნათლად გამოკვეთილი პოზიციითა და მკაცრად ჩამოყალიბებული ფილოსოფიით აღჭურვილი. მისი ფუნჯი გარკვეულ კანო-ნებს ექვემდებარება და გარკვეული სკოლის მოთხოვნებს ასრულებს, როცა მუშამბის ნების-მიერ ნაგლეჯს, ტიტანური ძალისხმევითა და გენიოსური დაუდევრობით, სამარადისოდ ანიჭებს განუმეორებელ ხასიათსა თუ უჩვეულო განწყობას, უკეთილშობილეს იდეასა თუ უსპეტაკეს სულს…
ფიროსმანი უკანასკნელი წარმომადგენელია ჩვენი საეკლესიო მხატვრობისა. წესით, ტაძრები უნდა მოეხატა, მაგრამ ცხოვრების უკუღმართობის გამო დუქნებს ხატავდა. და მაინც, მთელი მისი არსება, მიუხედავად ირგვლივ გამეფებული სიბნელისა, ჯიუტად ინარჩუნებს თითქოს სამუდამოდ დამთავრებული უძველესი ქართული საეკლესიო მხატვრობის შორეულ გამონაშუქს. განა მზე რომ ჩადის, ყველაფერი ერთდროულად და ერთნაირად ითქვიფება სიბნელეში?! ზოგიერთი საგანი უფრო დიდხანს უძლებს წყვდიადის შემოტევას, უფრო დიდხანს ინახავს მზის დანატოვარ სინათლეს, და სწორედ ასეთი «საგანია» ფიროსმანიც. მართალია, მისმა „ეპოქამ“, მისმა „მიწიერმა დრომ“ ტაძრიდან დუქანში გადაინაცვლა, მაგრამ ის მაინც უფრო სულის მხატვარია, ვიდრე – ყოფისა. უფრო სწორად, ყოფის რომელიმე უაღრესად დამახასიათებელი დეტალის აღმოჩენისა და წარმოჩენის იშვიათი უნარით კი არ გამოირჩევა მხოლოდ, არამედ ნებისმიერი დეტალისთვის კიდევ სხვა, ბოლომდე ამოუხსნელი (რასაკვირველია, ჩვენთვის) დანიშნულებისა და მნიშვნელობის მინიჭებით.
მისი „მოქეიფეები“ წმინდანებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მოქეიფეებს, ოღონდ ეგაა, ჯვრებისა და ხატების ნაცვლად ხელში ჩვეულებრივი ყანწები უჭირავთ. და მაინც, მათი „ქეიფი“ დროსტარების ტრადიციული სცენა კი არ არის, არამედ იდუმალი აქტია უაღრესად მნიშვნელოვანი საიდუმლოს განდობისა, ოღონდ საიდუმლოს განმდობებს სახეებზეც ეტყობათ, თვითონვე რომ არ სჯერათ, მართლა თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე მათი საიდუმლოს გამგები.
არც მისი «მეთევზე» ჰგავს ბუნებრივ გარემოში მოხვედრილსა და ნადავლით ხელ-დამშვენებულ მეთევზეს. თუმცა, შარვალაკაპიწებული, მდინარეში დგას და ვეება თევზიც უჭირავს ხელში, ერთი სახტად დარჩენილი, გაწბილებული თუ შეშინებული კაცია, მისთვის უჩვეულო, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი და, გეგონებათ, მდინარეც ელანდება და თევზიცო, ანდა საერთოდ პირველად ხედავს ერთსაც და მეორესაცო…
საერთოდ, ფიროსმანის ფუნჯის ყველა „ნაშიერი“ ერთნაირად შემცბარი და გაოცებულია, თითქოს არც ერთი მათგანის სულში ჯერ არ დაბადებულა რაიმე ცუდი ზრახვა. ხოლო მაინც თუ სჩადის ცუდს, მხოლოდ და მხოლოდ იძულებით, ანდა უნებლიეთ, როგორც მოთვინიერებული ცხოველი. ისინი თითქოს იმ გარემოში კი არ დაბადებულან, რომელშიც ცხოვრობენ, არამედ შემთხვევით, მოულოდნელად აღმოჩენილან აქ და ამიტომაც არიან ერთნაირად დაბნეულები, სევდიანები, უცხოები, როგორი უცხოც, ვთქვათ, ჟირაფია საქართველოს ბუნებისთვის. მაგრამ იმავე ჟირაფისა არ იყოს, მათი შემქმნელის ჯადოქრობის წყალობით, ძნელად თუ მოინახება ჩვენს სინამდვილეში რაიმე მათზე უფრო ახლობელი, მათზე უფრო ბუნებრივი, მათზე უფრო ქართული…

1972


Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 28, 2020 11:59 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Dec 15, 2018 12:41 pm

ოთარ ჭილაძე

დაუკრეჭია კბილები ყინვას...

დაუკრეჭია კბილები ყინვას.
ქარი ყველაფერს და ყველას ერჩის...
იქნება ჩემმა ფეხის ხმამ ვინმეს
მეგობარივით მიუსწროს ბნელში.
იქნება სულზე მიუსწროს ვინმეს,
იმედად, შვებად ჩაუდგეს მკერდში.
დაუკრეჭია კბილები ყინვას,
ქარი ყველაფერს და ყველას ერჩის...

Arrow


Last edited by Admin on Tue Dec 10, 2019 5:23 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე EmptySat Dec 15, 2018 12:43 pm

ოთარ ჭილაძე

***
სილაზე იწვა ქალი და კვალი,
ცოცხალი კვალი ქალიდან ზღვამდე.
ყველაფრის ნებას აძლევდნენ თვალებს
მეზღვაურები, რომლებიც სვამდნენ.
მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.
მეზღვაურები ისხდნენ და სვამდნენ
შეჩვეულები ყოველგვარ ავდარს,
და სველი კვალი ქალიდან ზღვამდე,
ოცნებებს, სიზმრებს და ზღაპრებს ჰგავდა,
რომლებიც ნელა იწევდნენ მაღლა
და საბოლოოდ ქრებოდნენ ცაში,
ქრებოდნენ სხვა დროს და არა ახლა,
ახლა არავის არ სურდა ცაში.
ის იწვა, როგორც სინათლის ზოლი,
და ერთდროულად ყველა ჩემობდა.
და მიმავალი გემების ბოლიც
უბრუნდებოდა ქალაქს ზემოდან.
მზე ჩადიოდა, მრგვალი და სრული,
და ბინდში კრთოდა თეთრი ქალაქი
გაბრუებული ქაფურის სუნით
და თევზის სუნით და ლაპარაკით.

Arrow


Last edited by Admin on Wed Apr 29, 2020 9:48 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ოთარ ჭილაძე Empty
PostSubject: Re: ოთარ ჭილაძე   ოთარ ჭილაძე Empty

Back to top Go down
 
ოთარ ჭილაძე
Back to top 
Page 1 of 4Go to page : 1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: