არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 თამარ ბურდული

Go down 
2 posters
AuthorMessage
Guest
Guest



თამარ ბურდული Empty
PostSubject: თამარ ბურდული   თამარ ბურდული EmptyThu Mar 12, 2009 10:42 am

თამარ ბურდული Tamar_10
Tamar Burduli

თამარ ბურდული

@

ჭვავის ყანების მახლობლად...
(თამარ ბურდულის ლექსებისთვის)

არ მიყვარს, ავტორი რომ შინ მომაკითხავს თავისი ნამუშევრების სადეკლამაციოდ, თუმცა ვცდილობ, ეს არ შევიმჩნიო და რომ გავაცილებ, მერეღა ამოვისუნთქავ ხოლმე შვებით – კიდევ კარგი, რომანების კითხვა არა აქვთ ჩვევად მეთქი...
თამარ ბურდულსაც სხვა ავტორებივით შევხვდი – აბა, მაშინ რა ვიცოდი, თუ „არც ვის საფერ, სვილისფერა“ და „გულზედ შროშანით დაღდასმული“ ლექსების ავტორთან მქონდა საქმე. შევიპატიჟე და არც იმ ნიშანს მივაქციე ყურადღება, ჩემს გერმანულ დოგს, სახელად ფინეგანს ყეფა რომ არ დაუწყია მოსულისთვის – ორივეჯერ თავისი გამოსახედიდან გამოყო თავი და წყნარი მზერა გააყოლ-გამოაყოლა სასტუმრო ოთახისკენ მიმავალ და მერე იქიდან წასასვლელად გამოსულ ჩემს პირღიმილიან სტუმარს. ყავის ფინჯნებიანი და შოკოლადიანი ლანგრით რომ მოგვაკითხა ჩემმა მეუღლემ, უკვე ვიცოდი, სტუმრად მოსული ფშაველი იყო – ახადელი ლაგაზაშვილი, რომლებიც თავის მხრივ გოდერძაულებიდან მოდიან, გურამ დოჩანაშვილს გამოეგზავნა ჩემთან და რაკი რამდენიმე სეზონი კავკასიონის ამ მშვენიერ მხარეში მიმუშავია გეოლოგობისას, უკვე „თამაროსაც“ ვეძახდი და ვაჟა-ფშაველას შვილთან, გულქანთან ჩემს შეხვედრაზე ვუამბობდი. მერე დაიწყო თამარომ თავისი ლექსების კითხვა და „ცოტა ხნით“ ჩვენთან ჩამომჯდარი მეუღლე აღარსად წასულა, ბოლომდე უსმინა სტუმრის ჩინებულ დეკლამაციას და მაშინ უფრო გაუნათდა თვალები, როცა სულ პირველად წაკითხული „არცვისსაფერნი სვილისფერანნი“ კიდევ წავაკითხე. მერე „ვის რა ამოსთქომს?..“ და სხვებიც ვათქმევინეთ ხელახლა...
იმანაც სასიამოვნოდ შემაცბუნა, რომ ეს ლექსები აქამდე არსად გამოექვეყნებინა – ან თქვენთან დავბეჭდავ ანდა არც არსად და ისევ ჩემთვის მექნებაო.
ჰოდა, ისევ თავისთვის რომ არ ჰქონდეს, ამ საახალწლო ნომერში პირველად გთავაზობ თამარ ბურდულის არც ვის საფერ, სვილისფერა ლექსებს და თუ იქიდან შენც ჩემსავით შემოგესმება ჩვენი წინაპრების გაცოცხლებული ხმები, თუკი შენც მოგაჯადოებს ამ ლექსების შინაგანი, ხალხური პოეზიიდან მომდინარე მარადიული თანხმიერება, თუკი შენც მოიხიბლები იმით, თუ რა საკვირველად დამეგობრებიან აქ ერთიმეორეს მარინა ცვეტაევა და ოფელია, რაინერ მარია რილკე და სამუკათ ხვარამზე, სოკრატე და ხუან რამონ მაინერა, დანიის პრინცი ჰამლეტი, პოლ ვალერი და ვითომცდა უბრალო ფშაველი ბერდედა სანათა – მაშინ ეგებ არც შენ ჩათვალო, ძვირფასო მკითველო, ეს ლექსები მარტოოდენ სადებიუტოდ. „სვილი“ არ ვიციო, - ამან არ შეგაშინოს, ეს სიტყვა ხევსურულ, კახურ და ფშაურ დიალექტებზე ჭვავია და ხომ გახსოვს, როგორი ლიტერატურული დღესასწაულების მოწყობა იციან ხოლმე ჭვავის ყანების მახლობლად კარგმა მწერლებმა – შოტლანდიელი რობერტ ბერნსი იქნება, ირლანდიული წარმოშობის ამერიკელი ჯერომ დევიდ სელინჯერი თუ სულაც ქართველი...

მიხო მოსულიშვილი

„ლიტერატურულ პალიტრა“, N1(16), 2006, გვ. 46-49.

Arrow

თამარ ბურდული


***
წყალთას ჩამახდნენ ციურნი,
ტალღა-ბელტთ ამაჰყრიანო,
ფშანზენით წვიმათ აპნევენ,
თავქვენით ჩამამკიანო,
არღა ხანობენ ღვთისანი,
წყალ-წყალას ჩამარცვლიანო,
ცხრა ურემ ნისლიანასა,
თვირთვილად ჩამასცრიანო.



ბმული - http://lomisasi.jimdo.com/ლომისის-ყმები-დღეს/თამარ-ბურდული/

study


Last edited by ბობო on Thu Mar 12, 2009 4:46 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

თამარ ბურდული Empty
PostSubject: Re: თამარ ბურდული   თამარ ბურდული EmptyMon Jan 30, 2012 3:24 pm

თამარ ბურდული 14_n10
თამარ ბურდულის ნახატი.

თამარ ბურდული

არცვისსაფერნი სვილისფერანნი


ეძღვნება ჩემს ქალიშვილს ალექსანდრა ბურდულს;
უტკბილეს მეუღლეს იოსებ ბურდულს,
გურამ დოჩანაშვილს,
მზისო თურმანაულს,
სამუკათ ხვარამზეს,
ილუმენია თეოდორას,
სანუკვარ მეგობრებს, მათ შორის დანიის პრინცს ჰამლეტს:
„მე სახსოვრები რომ მაქვს თქვენგან, დიდიხანია მინდოდა უკან მომერთმია, ხელმწიფისშვილო“.

„... მან განანათლა თუალნი გულისა
ჩუენისანი და მოგვმადლა ჩუენ
ცნობაი მისსა მიმართ... ვეძიებდეთ მას
დაუკლებლად. ნეტარ არს რომელმან
განჰმზადა თავი თვისი, რაითა
აღივსოს სიყუარულითა მისითა,
რამეთუ სხუაი სიყუარული
არა სწორავს სიყვარულსა მისსა თანა“.
ეფრემ ასური




ისრივ დავარს თუ მააგონდებოდა, ის თუ აიძრახავდა- „სანათაი ჩვენფერ არცროს არ იყვისო“.
ხესავით უენოსა და მარტუას ხექალაი მარქვივნეს
ადამიანებმა. ნიავწვრილსავით უხილველი მარტუა სხეპდა
წელამდინ მოსრულ ნამუკმევ ბალახს, მარტუა უვლიდა
საქონსა და კარმიდამოს. ისივ ბნელღამიანში მიერეკებოდა
ფურებს დასაწყრულებლად, ხევისპირ მუხლმოყრილი
ორსავ ხელს შეაცურებდა წყალთა შინ,დაჯავრულ კენჭებს,
სიპთნასხეპებს სამზეოსათვინ ამოჰკრეფავდა, ღიმმორეული
აცქერდებოდა მისთვინ სანუკვართ,
თრთოლვით დაჰკვლევდა, დაჰღიღინებდა
მიღმიერ დღეთა მოსაგონარებს:
„პაპიანთ ბატარა ქალას
ცხორი ცად მიუდიოდა,
ცხორი ცად მიუდიოდა...“
გულსაგონშიით კიაფობდნენ
მწუხრშემკმარი კამკამღილანი,
ისივ მათ უნდა დარჩომოდათ
მისი ბავშვობა... მისი სულისთქმა,
საწუთროსათვინ დასაწყრულებლად
ერთწამისად გამოხსნილი
წყალშიით შლილი მარადისობა,
უტყვი წარსულის ანარეკლი,
პატარა გოგოს ყოილთვალები -
განხმულ ცისკარი,
სანათას მზერას ენაცვლებოდა-
სანუკვარ შორეთს... უსასრულობას...
შორს... წლების იქეთ... დროის გადაღმა...
მიმწუხრიდან პირაქათ მხარეს,
შებურვილი სევდის პერანგით,
სიკვდილის დღისთვინ სახილველი
ვიდოდა კაცი სვილისფერაჲ...
როგორაც წმიდა ტკბილსახსოვარნი
ისრე გაბრწყინდნენ ხექალას ბაგით
დახსნილ სიტყვანი
შესაგებელნი ძმასაქმაროსთვინ:
„შენ მოხველ, მზეც ამოვიდა,
მეც აქ მოვშავდი ქოლვილი...
შენ წახვალ, მზეცა წავალის,
ვარდი დაჭკნება, ყოილი...
ტურფა ბაღი და წალკოტი
ეკლითა ვინემ შენარა,
რკინისა კარი შეაბა,
კლიტე მე მომცა, შენ არა,
სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ
თავსა მე მივცემ, შენ არა!..
ეჰაა, ისიც მამერგოს _
მე მიყვარდე და შენ არა...
თენდები... ნურც რას თენდები,
დიდო ღამეო სთვლისაო...
ამოხვალ ნურც როს ამოხვალ
ცისკარო თენებისაო...“
გაშლილი თითნი გულზედ ესხა,
როგორც შროშანნი
მთვარიანში აყვავებულნი...
მღეროდა ქალი...
წლებს იქათ, სადამ...
მწუხრის გადაღმა
ვიდოდა კაცი სვილისფერაჲ,
თან მიჰყვებოდა განხმული მზერა _
ულურჯესი ცისკაბადონი...
იშლებოდნენ კამკამღილანი...
შორს, წლების იქეთ, დროის გადაღმა
ვიდოდა მგზავრი სვილისფერაჲ...
სანათა მაინც გაიხსენებდა...
უჩუმრისპირით ამოსთქომდა
ღრუბლის სიმღერას...
იმ სიმღერისას იუბნებდა
კაცის თვალებზე...
ყოილმინდვრებზე
გზად რომ იხილა...
თავად ღრუბლებზე... იქავ თვალშიით
რო აშალნეს ჩამამხდარ ფრთენი.
მარტუა იდგა ახოთ ქედაზე,
მარტუა, ერთა, როგორც ხვარამზე,
როგორაც სხვანი, სხივთმოქსოილნი,
არცვისსაფერი სვილისფერანნი,
დაღდასმულნი გულზედ შროშანით.
მარტუა იდგა ახოთ ქედაზე...
მარტუა სხეპდა ნაფუძვნარშიით
წელამდინ მოსრულ ნამუკმევ ბალახს...
წუხდა სანათა... ეჰაა, ისეთა არღა იდგნენ
სამზეოს ცისქვეშ დაჟამკვრულ კლდენი,
ნაშალყორენი... თამაშობისას დაჰკარგვოდა
წაწალს სათითე ტკბილსახსოვარი,
თამაშობისას შემოხსნოდათ
ხელთფსკვნილ ზალტენი...
ეგების არღა წვიმდებოდნენ
ფხოვის ღრუბელნი...
სანათასათვინ ფთებსაც რო შლიდნენ
განხმულ ცისკარზედ...
„ვამე, რა მარხედ მიყორხარ...“
ტიროდა ქალი... თავსამც ერჩივნა!..
ცაი თუ მიწა... ხენი თუ ფშანი მურყროვანნი?..
დაჯავრულ ლოდნი, სიპთნასხეპნი...
სრავალ მასკვლავნი მთოვარენი...
ღრუბელთ სამწყსონი...
ვით განერჩივნა,
რა მაერქმივნა, ამ წყურვილისთვინ?..
თრთოდა სანათა...
გულსაგონშიით უხილველ შემწედ
თვით პასუხი იბადებოდა _ ზესახიერი...
სანუკვარი, კდესურვილაჲ, პირზედ შროშანი,
უტკბილესი თავად სიტყვაჲ _
შემოქმედი კიდით-კიდემდე...
სიტყვაჲ ქმნიდა... ახმიანებდა
უვრცელეს სამწყსოს...
„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა.
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა.
მემრე თქვეს დრო რო მოალის
კარ გაიღების თავადა".
ამოსთქომდნენ არცვისსაფერნი,
სხივთმოქსოილნი, სვილისფერანნი,
ღიღინით სთვლიდნენ:
„მთვარეო, მთვარის ნალეო,
ჭიჩოს თავ მოდი მალეო...“
დაუყუჩარი სიტყვისა ძალით
ხელდასხმული ეგებებოდა სანათაჲ
ზეციურსა ძმასაქმაროსა.


study


Last edited by Admin on Fri Apr 16, 2021 10:32 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

თამარ ბურდული Empty
PostSubject: Re: თამარ ბურდული   თამარ ბურდული EmptyMon Jan 30, 2012 3:26 pm

თამარ ბურდული 11_n10

თამარ ბურდული

წვიმის წყლის ძაფებს დავართავ

წვიმის წყლის ძაფებს დავართავ,,
მძივი ამისხავ ნამისა,
ახადის ცაიმც განხმულა,
ჟამი დამდგარა ღამისა.
კიოთ მავხელავ მასკვლავებს,
წყალთას ჩამამხდარ მნათებსა,
ღრუბლებს ქარებით ავკაფავ,
დავკონავ ყოილნართებსა.
შენთვინ ჩამავშლი ცის ბილიკს _
ცის ვარდნარს შვიდფერიანსა,
ჯაჭვის პერანგად ჩამავწნავ
მანანას, იმ სევდიანსა,
უცვეთ საჩერნედ დავძახავ
მატალას თეთრ დარდს ქვიანსა.
აბჯრად აგასხამ ცრემლშიბას.
ბეგთარს დაგიქსოვ მზიანსა.
ვერრა ფრანგული ვერ გასჭრის
ხელთქმნილსა, თილისმიანსა.
მემრე დაგხურავ დღის ნათელს,
სულშიდ დაგირგამ იასა,
გულს აგიყვავებ, დავვარსკვლავ
შენს წუხილს ბნელღამიანსა.
მხრებზედ მოგახვევ ჩემს მკლავებს
დაღალულ სურვილიანსა.
თმას ჩამოგიშლი გულმკერდზედ,
დავყუჩავ ტკივილტიალსა,
ჩემებრ ვერავინ იფარვებს
სალკლდესა სულსიპიანსა.

study


Last edited by Admin on Fri Apr 23, 2021 9:12 am; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

თამარ ბურდული Empty
PostSubject: Re: თამარ ბურდული   თამარ ბურდული EmptyMon Jan 30, 2012 3:30 pm

თამარ ბურდული

წყალთით

განგებამ წყალთით მასწავლა
ხმობა უმძრახთა ძალისა.
უხდინარ წუთისოფელმა
დათმობა წარმავალისა.
მზემ ჩემი მეგობრისამა
სიტყვით თენება ღამისა.
ცადმოარულთა სურვილმა
მოხელვა უხელნავისა.


study


Last edited by Admin on Mon Apr 12, 2021 10:32 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

თამარ ბურდული Empty
PostSubject: Re: თამარ ბურდული   თამარ ბურდული EmptyMon Jan 30, 2012 3:35 pm

თამარ ბურდული

საგონთ ნაწრთობი

ნისლად მივალის შუაფხოს
ტანთ წვიმის პერანგ სცვავისა.
ავდრიან თავსამკაული
ორწყალთით აუსხავისა.
მიღმახევ თავად ირჩია
სათიბნი ნარეკალისა.
მიუვალ საცალფეხონი
იწრო სავალნი ქარისა,
საგონთ ნაწრთობი სიტყვანი
უხსოვარ წინაპარისა.
ფრთეთ სიპნი - სიპზედ ნაჭდევი
იათა ნატერფალისა.

study


Last edited by Admin on Mon Apr 12, 2021 10:34 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

თამარ ბურდული Empty
PostSubject: Re: თამარ ბურდული   თამარ ბურდული EmptyMon Jan 30, 2012 3:41 pm

თამარ ბურდული 12_n10
თამარ ბურდულის ნახატი.

თამარ ბურდული

ქვათასწორ

ქვათასწორ ჭირით ნალევი
ბერდედა უბნობს ბანზედა:
„მოღალულ სიტყვა მამიდის,
დაშიბულ სისკრის ხანზედა.
მთორე, შუაფხოს დამრჩალი
დამისვენებავ მხარზედა.
ლემადეთ ნაქონ-ნაცვეთი
ფეშტემალ მასხავ ტანზედა.
ლურჯ პეპლებ გზად მიყოლებენ
ფთეწვრილთ მაფენენ თვალზედა,
მხლებელნი უკენობისა,
სულეთის მისავალზედა,
მოვერცხლილ თვირთვილთ მაპნევენ
დარდიან ჩიქილაზედა.
თენდების...“ - უბნობს ბერდედა
საფშავლოს ნისლის ბანზედა.


study


Last edited by Admin on Fri Apr 16, 2021 10:31 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

თამარ ბურდული Empty
PostSubject: Re: თამარ ბურდული   თამარ ბურდული EmptyMon Jan 30, 2012 3:48 pm

თამარ ბურდული

უჩუმრისპირით

ბურვანას ხევი აძრახდა-
აგრემც, დამლევენ დრონია,
საგონთაშინა ვერ დავძარ
საწუთროს ჯავრის ლოდია,
სამუდმოდ დამიწებული
სიკვდილ-სიცოცხლის სწორია.
შავღმით დაწვიმეს ღრუბელთა,
დასერეს პირჯვრისწერითა,
არ გაილია, არ გაცვდა
უცდომელ ზეცის ნებითა.
გარს აცვავ უცხო პერანგი
შემკული ოქრო-ვერცხლითა.
ჩაღილულ, გახამებული
სვილისფერაის ცრემლითა,
განა ხმით- უჩუმრისპირით
შემწედ ვუხმობდი მთორესა,
აღარცრას ამოვიძრახავ
ჟამს შეველ მგლოვიარესა.

study


Last edited by Admin on Mon Apr 12, 2021 10:36 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nita
Editor
Editor
Nita

Female
Number of posts : 1
Age : 18
Location : Tbilisi
Job/hobbies : photography
Humor : ok
Registration date : 01.03.19

თამარ ბურდული Empty
PostSubject: Re: თამარ ბურდული   თამარ ბურდული EmptyFri Mar 01, 2019 7:40 pm

თამარ ბურდული Ezo_n10



Arrow
Back to top Go down
https://www.facebook.com/profile.php
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

თამარ ბურდული Empty
PostSubject: Re: თამარ ბურდული   თამარ ბურდული EmptyMon Apr 12, 2021 11:06 pm

თამარ ბურდული

აღსარება

შენ შემოგწირე სამზეო,
ცადმოარულთა ავდარი,
აღვსების ღამით დავკვლიე
სიკვდილ-სიცოცხლის სამზღვარი.

მწუხრიხან დარდი ვიხმიე
მძაღე ხმიადი შავდღისა,
მეცხადებოდა ფრინველი
საფშავლოს სევდის ბაღისა.

საგონით შესაწირავი
უხილველ, უჩინარია-
ღრუბლიან სულის ციხეთა
ჩემფერა ნაფუძვნარია.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




თამარ ბურდული Empty
PostSubject: Re: თამარ ბურდული   თამარ ბურდული Empty

Back to top Go down
 
თამარ ბურდული
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: