არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნინო დარბაისელი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი - Page 8 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   ნინო დარბაისელი - Page 8 EmptyTue May 28, 2019 9:52 am

ნინო დარბაისელი - Page 8 Nino_d11

ნინო დარბაისელი

ლოცვა უსირცხვილობისათვის

ღმერთო, უშველე იმ გოგონას,
გამხდარს,
გალეულს,
რაღაც, ირიბად რომ იარება,
დახედე, ღმერთო,
როგორ მოხრილა მხრებში,
როგორ ამობურცულა, ლამის დამხობილ ფიალასავით,
სკოლიოზისგან კი არა და,
რომ იღლიებქვეშ შეიმალოს
ადრეულა, მკვახე ლეღვივით გამოსული ძუძუკოები.

ისიც არ ვიცი,
რა საშველი მოგეძევება
მისთვის, ვინც თამაშ-თამაშობით,
ბწკენა-ბწკენობით,
შეიტყუეს ვითომ თავისმა,
ვითომ, ვითომ...
ამქვეყნად ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა,
და დაიამეს საკუთარი სარცხვინელი,
სარცხვენალი თუ სარცხვინალი
და პირზე შიშის კლიტე დაჰკიდეს
და გასაღები ადიდებულ მდინარეში გადაუძახეს.

მას არასოდეს გაუგია სიტყვა ,,ინცესტი”,
მაგრამ მან უკვე კარგად იცის,
როგორია,
როცა ყველაზე საყვარელი ადამიანი,
ყველაზე სანდო,
უცებ ყველაზე საზიზღრად და უნდოდ გაგწირავს,
თან თავს გაწირვად არც ჩაუთვლის...
ხოლო რაც მოხდა,
როგორც მოხდა,
დედის ყურსაც კი არ ეგება,
რადგან დედასაც,
დედის დედასაც,
და დედის დედის...
ძირისძირამდე
ჩაულურსმნეს,
ჩაუქვავეს,
ჩაუცემენტეს,
რომ
ნეტარება სუსტს კი არა, ძლიერს ერგება
და მსხვერპლი - მუდამ დამნაშავეა
და რაც შინ ხდება, შინ უნდა დარჩეს!

ხოლო სირცხვილის იმ საუკუნო ხის ტოტებზე
ზეწრით ან ბაწრით თავჩამომხრჩვალებს
ღამღამობით მოჩიფჩიფე ქარი აქანებს
და სიბნელეში მონოტონური ჭრიალი ისმის:

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

ეს გოგონაა ქვეყნად რამდენ ქალში მტირალი,
მუდმივი შიშით მიკუნტული ერთ ბნელ კუთხეში,
გულჩათხრობილი,
ხმაგაკმედილი.
რა უყოს ქალმა,
ტუჩდაკბენილ იმ გოგონას რა უსაშველოს
ვის რა მოჰკითხოს ან ვის რაღა მოეკითხება!

ქალთა ღიმილი ზოგჯერ რამდენ გაუმხელს ფარავს,
სირცხვილის კომბლით რომ დასდგომიან,
ვით ცხვრების ფარას,
რადგან დამკარგავს ამტყუნებენ, არა - მომპარავს,
ღმერთო, უშველე გოგოებს და ქალებს უშველე,
ღმერთო, არიდე გვერდით - მხეცი და ფიქრი - ბეცი,
მიეცი ძალი, გაარჩიოს მართლისგან ცილი,
ღმერთო,
მიეცი უსირცხვილობა თავისი წილი!
რაკი ძლიერთა გულწრფელობა - უტიფრობაა,
ეს იყოს მისი არა - ხმალი, არამედ ფარი.
დე, იყოს იგი უსირცხვილო და უტიფარი,
აღარასოდეს არ დაფაროს არდასაფარი!

ამინ!

Arrow


Last edited by Admin on Wed Jun 24, 2020 10:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი - Page 8 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   ნინო დარბაისელი - Page 8 EmptyMon Dec 16, 2019 2:23 pm

ნინო დარბაისელი

ქარული

შარაგზის მტვერში,
ჩათვლემილში,
მიძინებულში,
შიშველი ფეხის ცერათითით მე შემოვხაზე შენი სახელის პირველი ასო
და მერე ქუსლით მიმოვასწორე,
რათა არავის არასოდეს დაენახა
და გავეკიდე
ლოდზე საჭრეთლით სიტყვათა მკვეთი,
მომთაბარე მამრების ბანაკს,
მაგრამ მიღწეულს
არც კაცი დამხვდა,
არც სიტყვები,
აღარც ლოდი და
არც საჭრეთელი...
ყლუპი წყალიც კი არსად იდგა სულმოსათქმელად.
ირგვლივ ეყარა ნახრავები, ნამსხვრევები და ნამწვავები.
მწუხრის ნიავში
ნაცარწაყრილი ნაღვერდალი ოდნავ ღუოდა.
და დავიბუდე სამუდამოდ
ამ უსახელო ნაბანაკარზე
და დღემდე ვცხოვრობ ასე სავსედ,
თვითკმარულად, თვითკამარულად
ჩემს გამობრძმედილ სიმარტოვეში
უწინ - საქალე,
მერე - ქალი,
აწ ნაქალარი.
ცამაც არ იცის დანამდვილებით,
აქ ჩავლილ ქარებს
ჩემი ამბავი სადამდე მიაქვთ.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი - Page 8 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   ნინო დარბაისელი - Page 8 EmptyThu Apr 23, 2020 11:49 am

იოსებ ბროდსკი

დარჩი ოთახში, არ მოტყუვდე, რა გინდა გარეთ…

დარჩი ოთახში, არ მოტყუვდე, რა გინდა გარეთ.
მზეს რას დაეძებ, თუ აბოლებ “ შიპკა”- სიგარეტს.
კარს იქით ყოფა უაზროა, შვების თარეში,
სულ წამით გადი, თუ დაგჭირდა საპირფარეშო.

დარჩი ოთახში, ნუ იძახებ, შეეშვი მოტორს,
სივრცე მოიცავს მრიცხველამდე ამ ერთ კორიდორს.
და შენმა ფურმა თუ მთქნარებით თავი შემოყო,
ისე გააგდე, ტანზე გახდაც კი არ დაუწყო.

დარჩი ოთახში, თითქოს ქარმა ჭვალი შეგასო,
რა არის ქვეყნად სკამ-კედელზე საინტერესო.
რად გინდა გასვლა, ღამით მაინც აქ დაბრუნდები.
ისევ ისეთი, ტანჯვით უფრო განამრუდები.

დარჩი ოთახში. ბოსანოვას ცეკვა გიშველის.
პალტოს ქვეშ ტიტველს ფეხიც ჰქონდეს ტუფლში შიშველი.
წინკარში საცხის და კომბოსტოს მძიმე სუნია.
იმდენი წერე, ერთი ასოც მეტობს სრულიად.

დარჩი ოთახში. დე, ოთახმა იცოდეს მარტო,
რას ჰგავხარ ახლა. საერთოდაც, ეს ინკოგნიტო
ერგო სუმია. სუბსტანცია გულს რაღად ერჩის.
დარჩი ოთახში. ჩაი გარეთ სვან საფრანგეთში.

ნუ ისულელებ. რაც ხარ, დარჩი. სხვა ფუჭად შვრება.
დარჩი ოთახში, ანუ ავეჯს მიეცი შვება.
შპალერს მიეკარ შკაფის უკან და გაისუსე,
დაუსხლტი კრონოსს, კოსმოსს, ეროსს, რასას, ვირუსებს!

(თარგმანი ნინო დარბაისელი სტრონისა)
ნანა მასხულიას Nana Maskhulia რჩევით

@

Иосиф Бродский

Не выходи из комнаты, не совершай ошибку...

Не выходи из комнаты, не совершай ошибку.
Зачем тебе Солнце, если ты куришь Шипку?
За дверью бессмысленно всё, особенно — возглас счастья.
Только в уборную — и сразу же возвращайся.

О, не выходи из комнаты, не вызывай мотора.
Потому что пространство сделано из коридора
и кончается счётчиком. А если войдёт живая
милка, пасть разевая, выгони не раздевая.

Не выходи из комнаты; считай, что тебя продуло.
Что интересней на свете стены и стула?
Зачем выходить оттуда, куда вернёшься вечером
таким же, каким ты был, тем более — изувеченным?

О, не выходи из комнаты. Танцуй, поймав, боссанову
в пальто на голое тело, в туфлях на босу ногу.
В прихожей пахнет капустой и мазью лыжной.
Ты написал много букв; ещё одна будет лишней.

Не выходи из комнаты. О, пускай только комната
догадывается, как ты выглядишь. И вообще инкогнито
эрго сум, как заметила форме в сердцах субстанция.
Не выходи из комнаты! На улице, чай, не Франция.

Не будь дураком! Будь тем, чем другие не были.
Не выходи из комнаты! То есть дай волю мебели,
слейся лицом с обоями. Запрись и забаррикадируйся
шкафом от хроноса, космоса, эроса, расы, вируса.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი - Page 8 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   ნინო დარბაისელი - Page 8 EmptySun Jun 21, 2020 3:15 pm

ნინო დარბაისელი - Page 8 Nino_d10

ნინო დარბაისელი

ჭია

ირაკლი ფარჯიანს

მითხარი,ჭიავ,
აქ რამ მომიყვანა,
რატომ ვზივარ მარტო
საფლავის გალავანზე
და გიყურებ,
როგორ ზანტად ეზიდები
გამაძღარ ტანს
გრილი მიწიდან!

ჩემი შეყვარებული აქ მარხია.
ჩემი შეყვარებული სიკვდილმა წაიყვანა.
ხომ მუდამ ვიღაცას მიჰყავდა ჩემგან,
მუდამ სხვა იყო
მისი ჭირის და ლხინისუფალი.

მოკვდა და ყველას ჩვენ-ჩვენი გვერგუნა:
ერთს სარჩო,
ერთსაც - ქვრივის სახელი,
ერთს -დავიწყება,
ერთსაც კიდევ - არდავიწყება.

ჩემმა შეყვარებულმა
მიატოვა საკუთარი გასვენება
და შორს წავიდა
და დამიტოვა კონტურები,
ხან რომ მუქდება
და ხანდახან ისე მკრთალდება,
რომ ვერ ვიხსენებ,
მაინც როგორ იცინოდა,
ან მხრებს იჩეჩდა,
ანდა შუბლიდან
თავის გაქნევით
შავ თმებს
როგორ გადაიყრიდა.

რაღაცას ვეძებ ამ კონტურებში,
რაღაცას ვეძებ,
როგორც დაკარგულ ბეჭედს ვეძებდი,
ათას მეერთედ ვუბრუნდები ადგილებს,
სადაც მეგულებოდა,
და ვიმეორებ,
ვიმეორებ:
''აქაც არ არის,
აქაც ვნახე,
არც აქ არ არის!''

მითხარი,ჭიავ,
რა საერთო აქვთ მკვდრებთან საფლავებს,
განა ისეთი რა აბარიათ,
ვის უნახავენ?
მითხარი,ვიდრე ერთადა ვართ,
ვიდრე ჩემი შეყვარებული შემოგელევა
და მიაშურებ ახალ საფლავებს!

1992

Arrow


Last edited by Admin on Wed Jun 24, 2020 10:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი - Page 8 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   ნინო დარბაისელი - Page 8 EmptyWed Jun 24, 2020 9:46 pm


ნინო დარბაისელი - კალასი
•Jun 24, 2020

კალასი
© ნინო დარბაისელი
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

ნინო დარბაისელი

კალასი

ვერ ვიქნები ვერასოდეს ზნეკეთილი დამა, დონ!
ათასჯერაც რომ შემიპყრონ და ბორკილი დამადონ!
დონ, სულ ერთხელ მომეჩვენა, თითქოს ვნება მომგვარე,
მძულს ამქვეყნად ყველა შენი მოსახელე-მოგვარე.
კინკრიხოზე გეტყობოდა, რა ლაჩარიც გამოდექ,
ნუ მოელი, გემუდარო: - შეწყალების გამო, სდექ!
მაინც გეტყვი მოღიმარი, თუმცა სისხლით ვიცლები,
რაც ვიყავი, იმად დავრჩი, მე ვერ გამოვიცვლები.
ხელს დანიანს, მოცახცახეს იმის ტორი ადარე,
სად - შენ, დედას ტკბილო ბიჭო და სად - ტორეადორი.
ბავშვობიდან მდევდა მუდამ ბედი უამინდო და
სულ უბრალო ბეჭედი და ერთი ვარდი მინდოდა,
კაცს მოსთხოვო რა დანდობა, ანდა რა რაინდობა!
რა დამიჯდა ერთადერთხელ მთელი გულით მინდობა!
კარს მომდგარი შუაღამეს ნეტავ ვინ სტუმარია?
დაკეტილში შემოვიდა, ძალაც არ უხმარია.
მასმენინე, ამბობს, მეცო, ეგ სოპრანო, მარია!
ვცნობ იგია, მაშინ ჩემი ვინც არია არია,
ეს ლანდებიც დაუნდობლად მანვე შემომისია:
ერთი - ძეა არშობილი, ესეც - ონასისია.
არასოდეს მომეშვება, როგორც ჟაკლინს - დალასი,
სხვა არავინ აღარც შემრჩა, აღარც ნიჭი ხალასი,
მონატრული სცენის მტვრისა და კონცერტის, გალასი,
უხმოდ გიხმობ, ანგელოსო, მე, მარია კალასი.

Callas
The verse by Nino Darbaiseli Straughn (in Georgian)
This clip is made with: Maria CALLAS sings Carmen HABANERA in Covent Garden.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/VzwkhEjQWt4

ნინო დარბაისელი - Page 8 Sataur10

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნინო დარბაისელი - Page 8 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   ნინო დარბაისელი - Page 8 Empty

Back to top Go down
 
ნინო დარბაისელი
Back to top 
Page 8 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: