არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნინო დარბაისელი სტრონი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next
AuthorMessage
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun Jan 15, 2012 10:52 pm

ნინო დარბაისელი

გაცემა


აი, ეს ო დე პარფიუმი,
უქმად რომ იდო სარკის წინ და
ჩამოტეხილ კუთხეს ფარავდა!
ეს პერანგები?!
რომელიმეს აიჩემებდი,
დანარჩენები - ისე ეკიდა.
ეს შარვლებიც სულ ახლებია.
ეს ქურთუკი კი მენანება,
როგორ გიყვარდა,
სახელოებიც, ნახე, როგორ გადაჰქექვია.
ჯერ ამ ყველაფერს ვამზეურებ,
წესი ყოფილა.
ხვალ შვილები და ძმები მოგივლენ,
ზეგ - ბიძაშვილებს ველოდებით,
მერე - მეგობრებს.
რაც აქ დარჩება,
მოხუცებულთა თავშესაფარში მიიტანეთ
ან ეკლესიის შესასვლელში ჩააბარეთო.

ახლა ნივთები:
შენი სპინინგი სათადარიგო სატყუარებით -
ვიცი, რომელ მეზობელს უნდა.
წიგნებს რა ვუყო?
ვინღა კითხულობს დღეს მილიტარულ რომანებს ანდა
ეს საქაღალდე - ელვის პრესლის სურათებით და
გაზეთებიდან ამონაჭრებით - ვიღას სჭირდება.

დგამ-ავეჯიდან:
საწოლი უკვე ზედმეტია სამეფო ზომის,
ეს შენი ძველი სავარძელიც - ოთახს კეტავდა.
თეჯირი - დარჩეს!
და ყველაფერი ორმოცამდე უნდა მოესწროს.

ნუ გამიწყრები.
ადრიდანვე ასე დამჩემდა -
როცა გულს მატკენს ახლობელი,
ცრემლს ჩავიბრუნებ,
შევცქერი და
მკვდრად მელანდება,
სასახლეს ვურჩევ ხმაგაკმედილი,
გვირგვინებს ვუწყობ,
სამგლოვიაროს ვკრებ მუსიკებს;
ლოყაზე ლოყის მოკარებით,
ან მხარზე ხელის მოთათუნებით
ვიღებ სამძიმრებს;
ამასობაში მავიწყდება, რა მაწყენინეს.
მე წინასწარვე დავისაჯე ცოდვებისათვის,
გადასატანიც წინასწარვე გადავიტანე...

რა დროს ესაა!

გუგუნებს ღამე,
ყრუდ გუგუნებს;
უგზოუკვლოდ ბრუნავს ტორნადო,
ქრება სინათლე,
ყოველწამიერ გაფრთხილებებს ეჩვევა ყური,
ეჩვევა გული
და აღარც უსმენ მოხრიალე რადიომიმღებს
და ადგილიდან აღარ იძვრი,
უბრალოდ, იცდი,
რომ დარწმუნდე განთიადისას,
რაც უფრო დიდ ხეს ამოთხრის ქარი,
ორმოც მით უფრო დიდი რჩება.
და ცას ასცქერის
მიწა ძრწოლით პირდაფჩენილი.

_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun Jan 15, 2012 10:53 pm

ნინო დარბაისელი

ლინ ფენი

(ჩინურებიდან)

ამ უთენია
პირველი კვალი მე გავიყვანე,
ახლა კი
ნისლის ცივი ფაფის უნდოდ მყლაპავი
და კოჭებამდე ქურქში შემძვრალი
ჩემს ნაკვალევზე
მოვკრაჭუნობ
და თითო ხელით
მე ხუთლიტრიან თითო ბიდონს
მოვაქანავებ.
(რიტმს თუ ავყვები მთელი ტანით,
ეს ყველაფერი
უფრო ადვილი ასატანია).

აქ არც მთა არის,
არც ხეა სადმე,
ყვავიც არ დაფრენს,
არაფერი ჩანს,
მზერამ ზედ რომ ჩამოისვენოს.
არც ვინმე ჩემი ხმის გამგებია
და ერთადერთი ფერადი და მოძრავი ლაქა
სიმწრისაგან ვმღერი,
რომ შევაჩერო ეს ცრემლები
ლოყის მსერავი.

ნეტა მას,
ტვირთი ადგილამდე ვინც მიიტანა
და ასვენია
ახლა მშვიდად პირმოღიმარი!

აქა-იქ ბრწყინავს ალმასები უალმასესი.
შორს, სამშობლოში ზეიმია,
ჩემზეც იტყვიან,
მშვიდობით იყოს,
შობის მადლი შეეწიოსო.

,,გაივლის ესეც.
მოთმინებით უნდა აივსო!’’ -
შენს ანაბარად აქ დარჩენილს
მესმის იესო.
ვდგები,
მოვდივარ,
ისევ ბიდონებს მოვაქანავებ,
თოვლში კი, თურმე,
სისხლის წითელი ყვავილები
ხდება ყვითელი.

იესო!
მართლა სამარეა ეს არემარე,
არ ვიცი, რა მჭირს,
რას დავეძებ,
ან ვის რას ვუწვდი,
სად მე ცოდვილი,
სად - კეთილი სამარიტელი.

,,როცა პატარა სიყვარული
ფეხისწვერებზე აწეული
დიდს ეტოლება,
დიდი -
უჩუმრად მხარს დახრის და
მუხლშიც იხრება''.

_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun Jan 15, 2012 10:56 pm

ნინო დარბაისელი

ხუთი ტანკა


გაცილება
- - - - -

მიემგზავრები.
მშურს ყველა მგზავრის.
ერთი მათგანი
შურის თვალით
მე შემომცქერის.



ძაღლი
---

თვინიერია,
მაგრამ
ბოლომდე არ ინდობა.
ყველა ხის ძირში მოისაქმებს,
საყელურს თუ ხელი გავუშვი.



სახლი
- - - - -


წუხელ ქარიშხალს
სახურავი გადაუხდია.
დღეს ნაწვიმარზე ორთქლი ასდის.
ადრე დუღდა და გადმოდუღდა
სიცოცხლე სახლში.



დიდედა
- - - - -


შენმა სურათმა გამახსენა:
ოდნავ მიმწვარი ფაფისა და
ზემო უჯრაში დამალული
წამლის სუნი
დაჰკრავს ბავშვობას.



***

დილაადრიან
მეეზოვემ
ფოთლებს და ტოტებს
ზედ ჩიტებიც მიახვეტა.
ადრე დაზამთრდა.

_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun Jan 15, 2012 11:01 pm


ნინო დარბაისელი


თარგმანები
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -


მარინა ცვეტაევა


ცივდება ორი მზე

ცივდება ორი მზე, - ო, ღმერთო, რას მერჩი! -
პირველი - ზეცაზე, მეორე - ამ მკერდში.

მზეები, - ნეტა თვითშენდობას ავიტან? -
მზეები გონს როგორ მირევდნენ თავიდან!

ცივდება ორივე - აღარ მწვავს იმდენად!
მათში უცხელესი - ადრე გაცივდება.


Марина Цветаева
*
Два солнца стынут,- о Господи, пощади!-
Одно - на небе, другое - в моей груди.

Как эти солнца,- прощу ли себе сама?-
Как эти солнца сводили меня с ума!

И оба стынут - не больно от их лучей!
И то остынет первым, что горячей.


1915



მარინა ცვეტაევა

ლოცვა


ქრისტე და ღმერთო! სასწაულს ველი
ახლა, ამ დილას. ვერ მიმიგნია.
ო, გევედრები, ახლავე მოვკვდე,
ვიდრე ცხოვრება ჩემთვის წიგნია.

ბრძენი ხარ. ვიცი, მკაცრად არ მეტყვი :
-,, ითმინე კიდევ! შენი დროც მოვა."
თავად ამავსე წყალობით - მეტით!
მსურს ყოველი გზის ერთბაშად მოვლა!

მსურს ყოველივე: ბოშური სულით
სიმღერ-სიმღერით ვიავაზაკო,
სხვებისთვის მტანჯონ ორგანის ხმაზე,
ვიამორძალო მე საარაკოდ;

შავ კოშკში ვიჯდე ვარსკვლავთ მისანი,
ბავშვებს გავუძღვე, ვსერო ლანდები.
დღე გუშინდელი - იყოს ლეგენდა,
სიგიჟე იყოს - დღე დღევანდელი!

მიყვარს ჯვარი და მოვი და შალი.
წამიერია ეს სული - კვალი.
ტკბილი ბავშვობაც ხომ შენ მომმადლე,
გვედრი, ჩვიდმეტი წლისა მომკალი!


- - - - -- -


Христос и Бог! Я жажду чуда
Теперь, сейчас, в начале дня!
О, дай мне умереть, покуда
Вся жизнь как книга для меня.

Ты мудрый, ты не скажешь строго:
— «Терпи, ещё не кончен срок».
Ты сам мне подал — слишком много!
Я жажду сразу — всех дорог!

Всего хочу: с душой цыгана
Идти под песни на разбой,
За всех страдать под звук органа
И амазонкой мчаться в бой;

Гадать по звёздам в чёрной башне,
Вести детей вперёд, сквозь тень…
Чтоб был легендой — день вчерашний,
Чтоб был безумьем — каждый день!

Люблю и крест и шёлк, и каски,
Моя душа мгновений след…
Ты дал мне детство — лучше сказки
И дай мне смерть — в семнадцать лет!




ალ. ბლოკი

***(ღამე, ქუჩა, აფთიაქი, ფარანი)


ღამე, ქუჩა, აფთიაქი, ფარანი
და ნათება უაზრო და მკრთალი.
საუკუნის მეოთხედიც დაფარო,
ვერას შეცვლი, ხსნა არსაით არის.

მოკვდები და - უბრუნდები გავლილს.
დასასრული აღარაფერს უჩანს:
ღამე, არხის მოყინული ჭავლი,
აფთიაქი, ფარანი და ქუჩა.


Александр Блок

* * *


Ночь, улица, фонарь, аптека,
Бессмысленный и тусклый свет.
Живи еще хоть четверть века -
Все будет так. Исхода нет.

Умрешь - начнешь опять сначала
И повторится все, как встарь:
Ночь, ледяная рябь канала,
Аптека, улица, фонарь.



_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun Jan 15, 2012 11:05 pm

ედნა ვინსენ მილეი

ნატირალი



გესმით, შვილებო,
მოგიკვდათ მამა!
იმისი ძველი ლაბადისაგან
შეგიკერავთ ციცქნა ქურთუკებს,
იმისი ძველი შარვლისაგან
გამომივა თქვენთვის შარვლები.
აქ ჩარჩენილა ყველაფერი,
რასაც ჯიბეში ინახავდა:
გასაღებები და ხურდა ფული
დაუფარავს თუთუნის ნაფშვენს.
დენისა იყოს ხურდა ფული,
ბანკში წაიღებს.
ანისა იყოს გასაღებები,
ააჟღარუნებს.
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც
და მკვდარი უნდა დავივიწყოთ,
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც,
თუნდაც მოკვდნენ კარგი კაცები.
ანი, საუზმე გელოდება!
დენი, წამალი არ დაგავიწყდეს!
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც,
მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა.

(ინგლისურიდან თარგმნა ნინო დარბაისელმა)


Edna St. Vincent Millay

Lament

Listen, children,
Your father is dead.
From his old coats
I'll make you little jackets;
I'll make you little trousers
From his old pants.
There'll be in his pockets
Things he used to put there:
Keys and pennies
Covered with tobacco.
Dan shall have the pennies
To save in his bank;
Anne shall have the keys
To make a pretty noise with.
Life must go on
And the dead be forgotten;
Life must go on
Though good men die.
Anne, eat your breakfast;
Dan, take your medicine.
Life must go on;
I forget just why.

_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun Jan 15, 2012 11:14 pm

რაინერ მარია რილკე

ჰეტერათა სამაროვნები


თმათა ტალღებში წვანან ისინი
და მიწისფერი სახეები ღრმად ჩაქცევიათ.
დახუჭული აქვთ თვალები, თითქოს წინ უსასრულო სავალი ედოთ.
ო, ყვავილები, ძვლები, პირები, პირთა წიაღში -
- ჩამწკრივებული მათი კბილები, როგორც სამგზავრო,
სპილოსძვლისაგან გამოთლილი ჭადრაკის ქვები.
კვლავ ყვავილები, ცვილისფერი მარგალიტები,
წერწეტა ძვლები, ხელები და ჩაშლილ გულებზე დაფენილი
მჭკნარი ქსოვილი სიფრიფანა პერანგებისა,
ამ აურაცხელ ბეჭდებსა და ავგაროზებში,
რომ შერევიათ (საყვარელთა ნასახსოვარი),
თვალებივით ცისფერი თვლები,
კვლავ დგას ურყევად მათი მოდგმის მშვიდი ეკვდერი, თაღამდე სავსე ყვავილებით.
კვლავ ცვილისფერი მარგალიტები
და გამომწვარი თიხის ნატეხზე აღბეჭდილი მათი ხატება
და ყვავილივით სურნელოვანი ნამსხვრევი მწვანე
ფერ-უმარილთა პაწაწინა ლარნაკებისა.
ღმერთთა პატარა ფიგურები, საკურთხევლები,
აღტაცებული ღმერთებით სავსე ცა ჰეტერათა,
შემოწყვეტილი სარტყლები და ბრტყელი გემმები
და პაწაწინა სხეულები დიადი მოდგმის,
მცინარი პირი, მროკავები და მორბენალი,
ოქროს ბალთები, ცხოველ-ფრინველთა ავგაროზებზე -
- სანადიროდ მოზიდული ციდა მშვილდები,
ქინძისთავები, სარჭები და ნატიფ ნივთებში -
- წითელი თიხის მრგვალი ნატეხი
და შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა შავი -
გაჭენებული ოთხი ცხენის მკვრივი ფეხები,
კვლავ ყვავილები, ჩაბნეული მარგალიტები
და ფერნათელი თეძოები პატარა ქნარის
და ნისლებივით ჩამოწოლილ რიდეთა შორის
ფეხსაცმლიდან, როგორც პარკიდან
გამოსაფრენად გარინდული ტერფის პეპელა.

ასე მდუმარედ წვანან ისინი
ამ საოჯახო ნივთებსა და გასართობებში
და ამ დალეწილ სამკაულებში(რა არ დაჰყრიათ!)
და ასე მშვიდად,
ნელა, მდუმარედ მდინარეთა ფსკერებივით იბინდებიან.

კალაპოტები იყვნენ ისინი,
სადაც მოკლე და ჩქარი ტალღებით,
(უახლოესი სიცოცხლისკენ რომ ისწრაფვოდნენ),
ენარცხებოდნენ სხეულები ჭაბუკებისა
და ბუბუნებდნენ კაცთა უხვი მდინარეები
და როს ბავშვობის მთა-გორებიდან
შიშნეულ ვარდნას ჩამოყოლილი ბიჭები უცებ დაეცემოდნენ,
ცელქობდნენ ფსკერზე ნივთებით და სამკაულებით,
ვიდრე უეცრად მძლავრი ჩქერი მათ გრძნობას არ მოასკდებოდა...
მაშინ ისინი კრიალა წყლებით ალიცლიცებდნენ
ამ ფართო გზათა სიგრძე-სიგანეს და
და სიღრმეებში მორევებსაც ატრიალებდნენ.
მაშინ პირველად ირეკლავდნენ უცხო ნაპირებს
და შორეული ფრინველების უცნაურ ძახილს.
უცებ ნეტარი ქვეყნის ღამე ზე მიიწევდა და ვარსკვლავებით
ცაში ისე ღრმად იჭრებოდა, რომ სამუდამოდ გადახსნილი რჩებოდა ზეცა.


(თარგმნა ნინო დარბაისელმა)

_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun Feb 05, 2012 8:58 pm

ნინო დარბაისელი

არ დაგავიწყდეს!


ზოგჯერ
შემთხვევით
სადმე,
ხალხმრავალ ქუჩაზე ვხვდებით,
ზოგჯერაც - ვინმეს ჭირში,
ლხინში,
ერთი - თავში და
ერთი - სადღაც,
ბოლოსბოლოში;
ხან ერთი ხელისგაწვდენაზეც,
სალმისგაცვლაზეც,
დანარჩენ დროს კი
ერთმანეთისგან გამომავალი
მრუმე სინათლის ნთება-ქრობით,
ოდნავი ხმებით და
ოდნავი ვიბრაციებით
ორივე ვხვდებით:

-შინაა,
ისევ ჩანაწერს უსმენს,
აი, ღამეს თეთრად ათენებს,
თან, მგონი, ვიღაც ახალი ჰყავს,
აი, გადის უჩვეულოდ დილაადრიან...
ვაი, როგორი უცნაური სიბნელეა,
ჩქამიც არ მოდის!

სხვას რას გავიგებთ ერთმანეთისას
ამ საზიარო ყრუ კედელში
სადღაც,
თავზევით დატანებული
და დაგმანული,
გაუმჭვირვალე მინიანი,
ერთი სარკმლიდან.

და გადის დილა,
შუადღე და საღამოც გადის,
გადის ცხოვრება
ერთდროულად
ორი სხვადასხვა კარიდან და
აღარ ბრუნდება.

რა ჰქვია ამას,
ასე ყალბსა და ასე გულწრფელს,
ასე ახლობელს და შორეულს.
უბრალოდ, გეტყვი:
-მეგულები!

იყოს ლექსისთვის ეს ვერსია,
შენ კი პატარავ,
ნუ იგვიანებ,
თან
პურისა და სიგარეტის ამოყოლება
არ დაგავიწყდეს!

_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun Feb 26, 2012 8:55 pm

ნინო დარბაისელი

ჰეროსტრატე



1.
ძუკნა ხარ-მეთქი, არტემიდა,
გესმის? - ძუკნა ხარ!
აი, ეს თეთრი ტაძარია შენი სხეული,
ჭაობში დგახარ და
,,ბრეკე-კე-კე კუაქს, კუაქს!“ –
- დღითა და ღამით
გომბეშოები არიან შენი ქურუმები
და ეს ძუ კატა,
გაზაფხულობით
ყოველ ნაბიჯზე რომ ეგლისება ქალაქის ხვადებს,
დაბრუნებული
მარმარილოს ცივ იატაკზე
კნუტებით სავსე მუცელს ძლივს რომ მიეზიდება,
შენზე ათასჯერ მართალი და ზნეკეთილია.
ყველა ტაძარში ეგულება საკბილო კატას.
ალბათ თაგვების სუნი იკრა,
მაგრამ ნახტომი ვერ მოზომა,
აუსხლტა თათი და კრეტსაბმელში გაიხლართა…
კრეტსაბმელმა კი აიტაცა ჩირაღდნის ალი,
ავარდა ცეცხლი და უცხო ქსოვილს,
ჰაეროვანს
ვნებით აუყვა,
უწია კედლებს,
აიხვია ბოლქვებში ჭერი.

შეხედე, კატას, არტემიდა, შეხედე კატას! –
როგორ აწყდება საგნებს და კედლებს,
გზას ვეღარ იგნებს მოქნილ კუდზე ალმოდებული,
სასოწარკვეთით ენაცვლება კნავილს ჩხავილი.

და ჰა, ხანძარი!
მობურბურე ლოკავს კედლებს და
ლოკავს სვეტებს და
ლოკავს იატაკს.
მწყურვალეს როგორ უგუგუნებს
ეს დაკლაკნილი,
მშრალი ენებით სავსე ხახა.
ეცემა თაღი!

იცოდეს ცეცხლმა თავისი საქმე!
არავის ვუხმობ ამ შუაღამით,
არც გავიქცევი,
ვიდგები დოინჯშემოყრილი,
გაქვავებული.
თვალდახუჭულმა ვიცი შენი ყველა კუნჭული,
მაგრამ დაგმანულ კარს ოდნავაც არ შევეხები.

ღმერთების ხელში გაციებული,
გაქვავებული ცეცხლია ოქრო.
გახურდეს,
დადნეს,
დადუღდეს მთელი საგანძური
და კარქვეშიდან იწანწკარონ
მდნარი ოქროს ნაკადულებმა,
იდინონ უხვმა წყაროებმა,
გამოიყოლონ
მხურვალებისგან დამსკდარი ლალი,
ალმასები,
ძოწ-მარგალიტი,
გამოიყოლონ ყველა ვნება!

2.
არ დამკლებია ჭაბუკობიდან სატრფო-მეტრფენი,
მაგრამ შენ გარდა ვინმე ქალი განა მყოლია?
სად არ ვიომე,
სიკვდილს სად არ გავეთამაშე,
გამარჯვებულთა გვერდით ვმდგარვარ
სისხლშეუმშრალი,
დაჭრილიც ვეგდე
იქ, სადაც ვეღარ გაირჩევა
მტერ-მოყვარე და ცოცხალ-მკვდარი
და რას ვეწიე?
რა მივიღე ერთგულებისთვის?
დღეს ვინმე მიცნობს?
ახსოვს ვინმე ჩემი სახელი? .

,, -ეზო დაგავე, მოხუცო, და
წყალიც მოზიდე,
დაჩეხე შეშა,
შეუკეთე!
მიმსვლელ-მომსვლელებს გაერიდე
და შენს სოროში შეიყუჟე
და როგორია,
შეიკავო სასულეზე მოწოლილი ხველება და
მკერდის ხრიალი.
სასთუმლად - ერთი მოკიდება სელის ტომარა,
გვერდს იბრუნებ და
ჩრჩილის პეპლების გამოჭმულიდან
ცვივა დახრული მარცვლეული,
ბეჭქვეშ გედება.

ცხადს ვერ ვერევი,
ჩემი ხილვების სამეფოს კი მარტო განვაგებ.
... სად არ ეხეტე,
კარზე რამდენჯერ მომადექი, შემიფარეო,
როგორ დაგიხვდი,
საბრძანისი როგორ მოგირთე
და სარეცელიც
ერთად რამდენჯერ გავიზიარეთ!
ერთი რამ გთხოვე -
- უკვდავება,
არა იმიტომ, რომ
სოფელი არ მეთმობოდა.
მინდოდა, უტყვად მემსახურა სამარადისოდ,
ესეც გებევრა, არტემიდა?
რისი შესმენა!
პასუხის ღირსიც არ გამხადე,
მარიდე თვალი.
იქნებ სიტყვები დამიწუნე
შენ, კეთილხმოვან ლოცვებსა და ჰიმნებს ნაჩვევმა.
მეომარი ვარ,
მეომრისთვის კი
დროულად თქმული სიმართლეა
ლამაზი სიტყვა.

იცი, რა არის სინამდვილე?
რაა ცხოვრება?
როგორ იშვება წმინდა კვამლი,
ამოღწეული შენს სიფრიფანა ნესტოებამდე?
დამწვარი ძვლების სუნი გიგრძნია?
იცი, როგორ ყარს სამსხვერპლოზე
ცეცხლმოდებული შენი უხვი შესაწირავი?
და როცა კვამლი ამოაღწევს, დაიმახსოვრე,
მე უთვისტომომ,
უარაფრომ
შენთვის გავიღე
ქვეყნად ყველაზე დიდი მსხვერპლი -
შენი სხეული -
- ქვადქცეული.

.3.
თავს უშველეო,
ვინ დამყვირის შეძრწუნებული?
ცეცხლის ფრთაც მირტყამს,
მერეკება გასასვლელისკენ,
მაგრამ ჯერ კატა!
ვიხდი ფლასებს,
მივდევ ტიტველი,
ფლასით ცეცხლს ვგუდავ
და კატით ხელში გამოვრბივარ,
რა გადაარჩენს,
წყარომდე თუ ვერ მივუსწარი...

გაჩუმდა კატა!
გადაეხსნება ალბათ
კნუტებით სავსე მუცელი,
მაგრამ ხამს,
გმირებს დაცემულებს და მათ მონაგარს
კვლავ ღირსეულად პატრონობდეს მხედართმთავარი.
და ვინ ვის ომში იღუპება,
ვინ ვისთვის
ანდა რისთვის იბრძვის
და სად მარცხდება,
რად მარცხდება,
სინამდვილეში
არასოდეს არავინ იცის.

მერე დავდგები ბექობზე და ცქერით დავტკბები,
რა დიდებულად ინაცრება და ცამტვერდება
ცეცხლით ყოველი,
რაც შექმნილა იმავე ცეცხლით.

4.
ის დროა, როცა ერთი პირი წყალსაც კი ჩასთვლემს.
თურმე როგორი სიჩუმეა ყველა ხმაურში!
სასაცილოა,
როცა ღმერთიც კი განსაცდელშია,
გაბანგულივით რა აძინებთ ადამიანებს.
ან ქურუმებს რა ემართებათ!

დილაადრიან,
როცა ეოსი გამურულ ზეცას
ალერსიანად შეეხება ძოწის თითებით,
მოქალაქენი შემიპყრობენ.
რაა წამება ან სიკვდილი,
არ მედარდება.
ვეტყვი ამაყად, რომ გადასწვდეს საუკუნეებს:
დიახ, ეს მე ვარ,
ჰეროსტრატე - გმირი მებრძოლი!
დიახ, მე დავწვი!

და დილის ნამი ამიბრწყინდება მეფურ გვირგვინად
და შეირხევა ჩემი ნისლის შესამოსელი.
კიდევ ცოტაც და,
მოკვდავთა ხელით უკვდავებას შევეგებები.

ო, არტემიდა,
შემოიხსნიან თვალ-მარგალიტს დიდებულები,
ბოლო ლუკმასაც გაიღებენ მოქალაქენი,
მხედართმთავარნი შენ წინაშე დაყრიან ალაფს,
და აგიგებენ ახალ ტაძარს
უფრო მშვენიერს,
ბევრიც კრძალონ და ბევრიც მალონ,
რას გახდებიან!
შენ ჩემთან ერთად გახსენებენ მარად და მარად,
ჩვენი გზები კი აქ იყრება.
ამიერიდან მხოლოდ საკუთარ თავს ვეუღლები.
მშვიდობით დარჩი!

ბრალი იმისი, ვინც ამაღამ დაიბადება
და დასაპყრობად მთელ დედამიწას იპატარავებს.

_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyFri Jul 13, 2012 8:02 pm


ნინო დარბაისელი


ტირილი - არათემატური, ამეთვისტური



ადგილი - ჩემთან.
დრო - დღეს საღამოს.
დრეს კოდი - რამე თავისუფალი.

არ დაიშვება,
ვისაც ცხოვრება
მწიფე მდოგვივით
ან დაპნეული პილპილივით
ცხვირში არ ურტყამს -
- არ ეტირება,
თუმცა,
რატომაც არ დაიშვება!

ყველა - თავისას.

ვიწყებთ ცალ-ცალკე ანდა ერთად,
როცა ყელში მოგვაწვება,
როცა ხორხი ჩაგვეხერგება,
ან სხვას ავყვებით.

დასაშვებია სულის მოთქმა,
თემის გაცვლა,
ანდა გამოცვლა,
შიგადაშიგ - გახუმრება,
პარტნიორის ცივი თითების მუჭში მოქცევა,
უცხო უბეში თავის ჩარგვაც,
ქანცგაწყვეტილზე
ღრმა მთქნარება და ჩათვლემაც კი დასაშვებია.

მერე - თავიდან.
მთავარია - ხავილამდე,
ხმის ჩახშობამდე,
გულის დაცლამდე
და ცერზე დაპირქვავებამდე.

წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს.

დამშვიდობებას ნურც ეცდებით,
უბრალოდ, წადით,
დაივიწყეთ, ვინ - ვინ იყო,
ვინ - ვინ არ იყო,
ვინ - რაზე - როგორ
და დაიხსომეთ ოქროს წესი:
როგორც ბანკირი თავის კლიენტს -
- ამიერიდან გარეთ ერთმანეთს
თავის დაკვრითაც არ ვესალმებით.
არც ერთი-ერთზე დარჩენას ვცდილობთ.

იქ, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,
ერთი გზის პირად
ერთი პატარა სასახლეა,
იმ სასახლეში
ერთი ქვა-რკინა შეიჯახუნებს ოთახის კარს,
სიმარტოვეში კედლებს,
კარადებს წაუშენს მუშტებს,
ცას აწყდებიან მიმომსხვრეული სარკეებიდან
დაფეთებული
გამრავლებული ორეულები...

(როგორ იელვა!
მიწის ძირამდე ჩაიკლაკნა!
და მერე დასცხო!)

ის კი ეცემა მოცელვით სკამზე
და ხელისგულთა ბალიშებს იკბენს
და როცა სუნთქვა გაეხსნება,
წყვილი პეშვის ზიარჭურჭლიდან
დაიგემოვნებს ამეთვისტოებს
და ლოყაზე ჩამოგორებულ ბოლო მარცვლებს რომ
ენის წვერით ეთამაშება,
თვალებს მოჭუტავს მონაცვლეობით
და გეგონება, კიდეც იღიმის,
ან იქნებ მართლა ეღიმება.

გამოგეტირე.


_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyWed Nov 28, 2012 8:40 am

ნინო დარბაისელი


სანიშნებელი

(ციკლიდან -,,მოციონები")


დილის ჰაერი -
- ფილტვებისაკენ
ჩახერგილი გზის ჩამსერავი!
ციდან მიწამდე რამდენია
დილის ჰაერი,
მე კი მაინც მეცოტავება.

ყივის მამალი.
(აქ რა უნდა? - ქალაქის გულში)
რა უთენია გამოსულა ეს დედაბერიც,
ადრე სახეს რომ იბურავდა,
მერე თანდათან
ჯერ თვალები გამოგვიჩინა,
ხელგამოწვდილმა მერე თავშალიც გადაიძრო,
ცოტა არ იყოს,
ხორციც შეისხა,
სახელიც გვითხრა -
- მარო
(იგივე მარიამი),
ჩვენებიც კარგად დაიხსომა,
ჯამიც დაიდგა,
ზოგჯერ ცალობით ან ათად შეკრულს
სანთლებსაც ჰყიდის
და ჩვენს ქუჩაზე უკვე ისე მოიკალათა,
ამბავს ვუბარებთ
ერთმანეთისთვის გადასაცემად.

აი, მიღიმის!
ჯამს პირმოტეხილს
ქვედაბოლოს ჯიბიდან იღებს.
ერთი, რკინისა ვერ მიშოვია,
იმის ძირში რომ ხურდა-ფული გაიწკრიალებს,
იცოდე, ცაში მადლის კარი გაიღებაო.
მერე შიგ ცოტა ხურდას ჩაყრის და დააყოლებს:
- ესეც ჩვენი სანიშნებელი!

სულ ორიოდე მონეტაა,
არც ისე წვრილი,
ვინმე მოჩქარემ
დასამატებლად
ჯიბის მოქექვა დაიზაროს,
და არც იმდენი,
რომ გაიფიქროს: -
- რა უშოვია!
ხელი აქეთ გამიმართოსო.
ყველა საქმეს რომ ცოდნა უნდა!
უსანიშნებლოდ სიკეთისთვის ვინ შეჩერდება.
ასე დედლისთვის
საბუდარში ერთ კვერცხს ტოვებენ.

თურმე, ნუ იტყვი,
დღე თუ გაეჭვებს,
ცოტაც რომ იყოს დილის მადლი,
სულ ერთი ბეწო,
იმედის სანთელს
სანთებელად გამოადგება.
დაანთე? - წადი!
ერთი დაბერვა
და უპატრონოდ ირხევა და ქრება გვირგვინი,
ჰაერს ერევა გვირგვინშიგა უჰაერობა.

ჩვენ ვვარდებოდით თითო-თითოდ,
ვცვიოდით ერთად,
ვერც სხვას ვშველოდით,
ხელიც არავინ შემოგვაშველა.

გადასარჩენი - გადარჩება!

გამთბარი ნისლი
ფილტვებიდან ზეცას ვუწიე.
ვუჩქარებ ნაბიჯს,
შინისაკენ ვუჩქარებ ნაბიჯს,
წითელ-ყვითელი ფოთლების გროვებს
მივაფრიალებ.


_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyFri Dec 07, 2012 11:19 am

რაინერ მარია რილკე

ჰეტერათა სამაროვნები


თარგმანი ნინო დარბაისელისა




თმათა ტალღებში წვანან ისინი

და მიწისფერი სახეები ღრმად ჩაქცევიათ.

დახუჭული აქვთ თვალები, თითქოს წინ უსასრულო სავალი ედოთ.

ო, ყვავილები, ძვლები, პირები, პირთა წიაღში -

- ჩამწკრივებული მათი კბილები, როგორც სამგზავრო,

სპილოსძვლისაგან გამოთლილი ჭადრაკის ქვები.

კვლავ ყვავილები, ცვილისფერი მარგალიტები,

წერწეტა ძვლები, ხელები და ჩაშლილ გულებზე დაფენილი

მჭკნარი ქსოვილი სიფრიფანა პერანგებისა.

ამ აურაცხელ ბეჭდებსა და ავგაროზებში,

რომ შერევიათ (საყვარელთა ნასახსოვარი),

თვალებივით ცისფერი თვლები,

კვლავ დგას ურყევად მათი მოდგმის მშვიდი ეკვდერი, თაღამდე სავსე ყვავილებით.

კვლავ ცვილისფერი მარგალიტები

და გამომწვარი თიხის ნატეხზე აღბეჭდილი მათი ხატება

და ყვავილივით სურნელოვანი ნამსხვრევი მწვანე

ფერ-უმარილთა პაწაწინა ლარნაკებისა.

ღმერთთა პატარა ფიგურები, საკურთხევლები,

აღტაცებული ღმერთებით სავსე ცა ჰეტერათა,

შემოწყვეტილი სარტყლები და ბრტყელი გემმები

და პაწაწინა სხეულები დიადი მოდგმის,

მცინარი პირი, მროკავები და მორბენალი,

ოქროს ბალთები, ცხოველ-ფრინველთა ავგაროზებზე -

- სანადიროდ მოზიდული ციდა მშვილდები,

ქინძისთავები, სარჭები და ნატიფ ნივთებში -

- წითელი თიხის მრგვალი ნატეხი

და შესასვლელზე ამოტვიფრული წარწერა შავი -

გაჭენებული ოთხი ცხენის მკვრივი ფეხები,

კვლავ ყვავილები, ჩაბნეული მარგალიტები

და ფერნათელი თეძოები პატარა ქნარის

და ნისლებივით ჩამოწოლილ რიდეთა შორის

ფეხსაცმლიდან, როგორც პარკიდან

გამოსაფრენად გარინდული ტერფის პეპელა.



ასე მდუმარედ წვანან ისინი

ამ საოჯახო ნივთებსა და გასართობებში

და ამ დალეწილ სამკაულებში (რა არ აყრიათ!)

და ასე მშვიდად,

ნელა, მდუმარედ მდინარეთა ფსკერებივით იბინდებიან.



კალაპოტები იყვნენ ისინი,

სადაც მოკლე და ჩქარი ტალღებით,

(უახლოესი სიცოცხლისკენ რომ ისწრაფვოდნენ),

ენარცხებოდნენ სხეულები ჭაბუკებისა

და ბუბუნებდნენ კაცთა უხვი მდინარეები

და როს ბავშვობის მთა-გორებიდან

შიშნეულ ვარდნას ჩამოყოლილი ბიჭები უცებ დაეცემოდნენ,

ცელქობდნენ ფსკერზე ნივთებით და სამკაულებით,

ვიდრე უეცრად მძლავრი ჩქერი მათ გრძნობას არ მოასკდებოდა...

მაშინ ისინი კრიალა წყლებით ალიცლიცებდნენ

ამ ფართო გზათა სიგრძე-სიგანეს და

და სიღრმეებში მორევებსაც ატრიალებდნენ.

მაშინ პირველად ირეკლავდნენ უცხო ნაპირებს

და შორეული ფრინველების უცნაურ ძახილს.

უცებ ნეტარი ქვეყნის ღამე ზე მიიწევდა და ვარსკვლავებით

ცაში ისე ღრმად იჭრებოდა, რომ სამუდამოდ გადახსნილი რჩებოდა ზეცა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nino darbaiseli
Admin
Admin
nino darbaiseli

Female
Number of posts : 223
Age : 60
Location : Nashville, Tennessee
Registration date : 14.12.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyTue Jan 08, 2013 11:16 pm


ნინო დარბაისელი

ჩავლა


(ციკლიდან : ,,ნათავედი“)


პალმა,
ბამბუკი,
ციტრუსები,
მწვანე ნარბილი.
ნარბილზე - ვარდი.
ვარდი - ერთი,
თეთრი,
მაღალი,
უცხო ხეხილიც - ერთი-ორი.
ტბორი
და ტბორში -
წყალმცენარეებს ეხლართვიან ოქროს თევზები
და მზის სხივებში სხმარტალებენ,
ჰაერში ხტიან.
და ნესტოები უთრთის ნიავს...

შენ - ჩაიარე!

არაფერი,
სხვა - არაფერი.

_________________
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com/t34-topic
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyFri Jan 24, 2014 3:01 pm

ნინო დარბაისელი

ელეგია


სოფლის ბოლოს ძილ-ბურანი მორევია მონადირეს.
ხარის ლეში გელის სიბნელეში.
მგელო, დღემდე, იცი, როგორ მოგელოდი?
მაგრამ ნეტა ვეღარ იკრა გეში!
რა ახლო ხარ! პირქარს მოაქვს შენი სუნი,
ნარ-ეკალსაც შერჩენია ბეწვი,
თოვლზე მგლური ნაკვალევი დაგიტყვია.
მეშინია, არ აგცდება ცხელი ტყვია.
გულზე შენი ნაკბილარი მეწვის.

გახსოვს, როგორ ავიწყვიტე?
ყეფა-ყეფით მოვყვებოდი ბილიკს,
ახლო მაინც ვერ გავბედე შენთან მოსვლა,
გიელავდა ალესილი კბილი,
მაგრამ იგრძენ შორიდანვე შენი სერი,
მოგიშვირე უსუსური კისერი,
დამსუნთქე და მერე ლოკვით დამისველე
ეს კისერი, ჯაჭვით გადანაქუცი,
დამავიწყდა შიშიცა და უშიშობაც,
მოვდუნდი და უცებ მოგელაქუცე.
გვერდით გდიე,
მამჩნევდი და ვერც მამჩნევდი,
წინმხედველმა ვეღარც მომიცილე.
ვინ რა იცის მარტო მგლისა,
მგელზე უფრო უმგლესისა
ბურჯღნაობა, თავმიდებით ძილი.

ბოლოს ქანცი გაგვეცალა,
ზედ ზამთარი და შიმშილი დაგვერთო,
ავირიეთ, უკვე ერთად ვეღარ ვძლებდით,
ვეღარ ვძლებდით ვეღარც უერთმანეთოდ
და წამოველ, გადმოვსერე ტყე და ბექი,
ჩავირბინე მინდორი და ბაგები,
გალეული ისევ პატრონს მივადექი,
შენი ცალი, შენთან ნაბუნაგევი.
კუდქიცინას დამიყარეს უხვად ძვლები
და პატრონიც ჩემით კმაყოფილია.
საძაგელო, იცი, როგორ მოგელოდი,
მე, ძუმგლობის ვერშემძლები ფინია?
გატრუნული ლუკმას პირს არ ვაკარებდი,
სალაფავი ჯამში დავაობე.
დე, ყოველღამ ჩაერაზათ ურდული,
მეგულვოდა მორღვეული ღობე.

კისერს მადევს ჯაჭვი, მტკიცედ მონაწნავი.
რაწამს კარი გაიღება,
მავალია ავი ყეფა,
მერიდება მპარავი.
ყმუილისთვის პატრონისგან
ფერდში კავი არ ამცდება,
გაურჩებულს არ დამინდობს არავინ,
მაგრამ რაღამ გამაყუჩოს,
ფათერაკი ახლო თუა?
დამიძახონ უწვრთნელი და ცრუ...

დაიჭექა!!!

იქნებ თოფი გაუვარდა მონადირეს?
შფოთავ, გულო და საგულეს ანგრევ.
არ იქნება, მგელს ის ტყვია მიეკაროს,
ჩადექ, ჩადექ, ნამგლევო და სამგლევ!

მაგრამ რატომ აიშალა არემარე,
თავქვე რატომ ჩამორბიან გაჩქარებით,
რაღას ნიშნავს უეცარი მაშხალები,
ალებისგან რაღად მესხმის ბრუ?

შავნისლიდან გამოცურდი მთვარის კიდევ,
მგლოვიარეს ნუ დამაგდებ, ნუ!
ვინ გაიგოს შენგან კიდე
ჩემი გულის ღვიარება,
ყველა ყრუა,
ყველა უა-უუ-უუუუუ...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySat Apr 19, 2014 7:50 pm

ნინო დარბაისელი


უკუსვლით

შემოანგრიე ზურგით კარები.
სიტყვები პირში შემომიფრინდნენ
და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად .
წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან
და აეწყო და
მედიდურად თაროზე დადგა
კერამიკის ლურჯი ლარნაკი .
ოღონდ უკუსვლით
ყველაფერი,
ასე უკუსვლით!
,,შატალოზე" ვარ.
ზამთარია,
ან ადრიანი გაზაფხული.
ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე ხელში -
- ბოლო რიგის ორი ბილეთი
და იგვიანებს,
ჩემი პირველი შეყვარებული...
და ჩაუმალავს საყელოში გრძელი კისერი,
ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია
და
უდარდელად ლაზღანდარობს
სხვასკოლელებთან...
მაგრამ უკუსვლით,
ყველაფერი
ისევ უკუსვლით!
ჩემი მანქანა დამუხრუჭდა .
’’ყვითელზე’’ ვდგავარ.
ქვაფენილიდან წამოხტა და
გაიქცა კაცი..
მხოლოდ უკუსვლით
ყველაფერი ,
ასე უკუსვლით!
ქვა-ღორღის მთიდან
აივანზე ავფრიალდი და
გამიმთელდა ჩემი ცხვირუკა.
მართლა უკუსვლით,
ყველაფერი
ისევ უკუსვლით!
ჩემკენ დაიძრნენ ახლობლები
დაკარგულები,
ცოცხლები,
მკვდრები.
მაინც უკუსვლით
ყველაფერი,
ასე უკუსვლით!
გაქრა სისხლი და
მზიან მინდორზე
ახალამოსულ ბალახს წიწკნის
თეთრი ბატკანი.
მორჩა,
ვჩერდები!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyTue Sep 16, 2014 4:37 pm

ნინო დარბაისელი

ანგელოსური ბალადა ალანს

(ინგლისურ მოტივებზე)


ხანდახან საქმე, რომ გვგონია, ისე არ არის,
მაგრამ სიმართლე, მცოდნის გარდა, ესმის არავის.

ერთ ღამეს ორი ანგელოზი მდიდრის კარებთან
დაღლილი დაჯდა, ავდრისაგან თავს აფარებდა.

მდიდარმა მათი გასაჭირი რომ გაიგონა,
სადღაც, სარდაფში მიუჩინა ხმელი ლოგინი.

დამწყებ ანგელოზს მიეძინა, ჩათბა ფრთასველი,
გამოცდილმა კი სადღაც, ჭერში შენიშნა ხვრელი.

და მთელი ღამე ხვრელს ქოლავდა, ავსო და ავსო.
დამწყებს უკვირდა, ნეტა რა რჯის ამ საცოდავსო.

გავიდა ხანი. დაუღამდათ ისევ ავდარში,
ღარიბს მიადგნენ, კაცმა უთხრა :- მობრძანდით, დარჩით!

დაუგო რბილი, უსურვა ტკბილი მოსვენება და
დაუშურველად უწილადა, რაც კი ებადა.

დილით მოესმათ: - ო, ღმერთი ხარ თუ საწუთრო ხარ!
რად მოგვიკალი მარჩენალი, ერთგული ძროხა!"

ფრთა- ფრთას შემოკრეს სტუმრებმა და გაფრინდნენ უმალ,
ღრუბელზე დასხდნენ და დამწყებმა მიმართა მდუმარს:

- მადლისმქმნელს რატომ გაუწიე ღარიბს მტერობა,
ან რად მიაგე მადლი მდიდრის უდიერობას?

- იმ მდიდრის ხვრელში დამალული ვიხილე ოქრო
და ამოვქოლე, რომ სამუდამოდ კვალი გამექრო.

მომდგარ სიკვდილის ანგელოზს რომ ღარიბის ცოლი
არ წაეყვანა, ძროხა ვუნაცვლე, ბოსელში მწოლი.

ხანდახან საქმე, რომ გვგონია, ისე არ არის,
მაგრამ სიმართლე, მცოდნის გარდა, ესმის არავის.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyTue Apr 14, 2015 1:05 pm

ნინო დარბაისელი


ვინ დაიჯერებს ახლა

(ციკლიდან: ,,ეტიუდები")

ვინ დაიჯერებს ახლა,
რომ ის მოხუცი კაცი,
შვილიშვილი რომ ახლავს,
კეპი რომ ხურავს ბაცი,
ქუჩის მათხოვარს მქისედ
რომ ჩაუყარა ხურდა,
ერთ დროს მხიბლავდა ისე,
ერთ დროს იმგვარად მსურდა,
სუნთქვა მეკვროდა უცებ,
დავინახავდი რაწამს.
წარსულს კვლავ გული უცემს,
ჩემი სიმშვიდის არ სწამს.
მძულხარ, სიბერევ, ძლიერ,
დაუნდობელო, მწარევ,
წვეთიწვეთ გვიცვლი იერს
და თაფლში ნაღველს არევ.
მე ავარიდე თვალი,
ვეღარ ვიცანი ვითომ,
საფეხურები ვთვალე...
ნეტა თუ მიცნო თვითონ?

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySat Apr 25, 2015 8:15 am

ნინო დარბაისელი

გასაქცევი

(ციკლიდან: ,,ეტიუდები")


.
როცა ჩემი სიყვარული მღერის,
ვგრძნობ შერხევას თმის ყოველი ღერის.
.
ცას ედება მისი ბგერის ექო,
ქებას ვამბობ, დღემდეც უნდა მექო!
.
ანგელოზთა ლხენა-გართობანი
ჟღერს სხვაგვარად, ერთვის მისი ბანი.
.
არ იზიდავს ლაპარაკი, სულაც,
მუდამ უხმოდ აცქერდება სურათს.
.
და მეც უკვე მივეჩვიე ასეთს.
თქვას ,,მიყვარხარ!" თუნდაც მეათასედ,
.
იმას, სიტყვებს ვინც უაზროდ ხარჯავს,
მიჯობს ასე, მე ქალღმერთს და ხარჭას.
.
(თავს აქამდე რა მოქნილად ვთვლიდი...
აღარ გამდის პირფერობა ფლიდი)
.
არ სჯობია გულში ტყვიის დახლა?
ოღონდ, ნუა ასე ჩუმად ახლა,
.
თორემ სიმწრით ნაშენები ბუდე,
თორემ ყოფა - მართალი თუ მრუდე
.
თავს დამექცეს ლამის, დასაქცევი....
...არ დავეძებ. სადმე გავექცევი!

.
თვალში - ცრემლის მოწანწკარე რუა,
მკერდში- მგონი, გულის ნაცვლად ღრუა,
ამ სიჩუმემ არე დააყრუა.
ოღონდ ახლა ნუა ასე ჩუმად!
ოღონდ ახლა ასე ჩუმად ნუა!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyWed May 20, 2015 7:31 pm

ნინო დარბაისელი

ვის გაეგება

(ციკლიდან ეტიუდები")


ვინ იცის, ვის გაეგება,
ან ვის ანაღვლებს ახლა,
როგორი ნიშნისმოგება
და სინანული ახლავს,
როცა გაიგებს და როცა
მიხვდება, აღარც ელი,
ახალ სიყვარულს გილოცავს -
- შეყვარებული ძველი.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyMon Aug 03, 2015 10:05 am

ნინო დარბაისელი

მგონი

გთხოვთ, დედაჩემთან არ გამთქვათ და, მგონი, დაბერდა.
უჭირს გარჩევა სახეთა და ხმათა და ფერთა.
ეგ არაფერი, მაგრამ რაღაც დარდიც დასჩემდა,
ბოლო დროს იქცა განუწყვეტელ საფიქრად ჩვენდა.

ამას წინათ კი ცოტა თავიც მოიმკვდარუნა,
შვილები როგორ შეგვაშინა, კითხვა არ უნდა.
თქვა, მოვიფიქრე, რაც უშველის სატკივარს ჩემსო,
წამალი ვიცი, მომაკვდავსაც რომ მომარჩენსო,

ყველანი სახლებს გავყიდით და ვიყიდით მიწას,-
- (ოცნების სხივმა გაუელვა თვალებში იმწამს) -
- სახლს ავაშენებთ საზიაროს, ოღონდაც ოთხი
კარი ექნება - ყველა მხრიდან, დარი სამოთხის

გვექნება ყოფა, სულ თანაბრად თუ გაიყოფა
ეზო-კარი და სიხარულად მუდამ მეყოფა,
ჩემს მთელს მონაგარს მუდამ ერთად ვიხილავ როცა,
ვიტყვი, დედა ვარ ბედნიერი, ამიხდა ლოცვა.

აღარ დამრჩება გულში დარდის მეათასედიც,
აბა, მითხარით, ვის უნახავს ბუდე ასეთი!
(თითქოს გამჩენმა საზრუნავი გამოულია,
მიწის საძებნად თურმე ამის გამო უვლია).
.
მაღალ ბალიშზე - თმა, გულდაგულ ანაფუარი,
მაქმანიანი გულისპირი ლურჯ პენუარის...
რა ქნა, როგორ ქნა! როგორ უთხრა დედას უარი,
თან, მით უმეტეს, მწოლიარე შენ წინ თუ არის!

ვთქვი :- უკვე არის ერთადერთი ქვეყნად ადგილი,
სადაც ყველანი ვეტევით და არის ადვილი
მიგნება მუდამ, განა მართლა დაკარგულია,
და მისამართი, დედაჩვენო, შენი გულია!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyTue Oct 13, 2015 9:38 am

ნინო დარბაისელი

***
(ციკლიდან ,,ეტიუდები)

არცერთი არ ამცდა,
ვინც რა დამიმიზნა.
შიგ გულში მახლიდა.

აღარც კი მეგონა,
ვინმე შედგებოდა
და მახვილს დახრიდა.

რამდენჯერ დავეცი,
რამდენჯერ დაშლილი
ავეწყვე ახლიდან!

სხვა ძალი რა მქონდა,
კუშტი ანგელოზი
მომდევდა სახრითა.

მაღალ ქედს მივადექ,
დაღლილმა ვიპოვე
მე უფლის სახლი და

გგონია, ვქედმაღლობ?
უბრალოდ, ჩემ თავსვე
დავცქერი მაღლიდან.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyMon Apr 24, 2017 9:18 pm

ნინო დარბაისელი

კალასი

ვერ ვიქნები ვერასოდეს ზნეკეთილი დამა, დონ!
ათასჯერაც რომ შემიპყრონ და ბორკილი დამადონ!
დონ, სულ ერთხელ მომეჩვენა, თითქოს ვნება მომგვარე,
მძულს ამქვეყნად ყველა შენი მოსახელე-მოგვარე.
კინკრიხოზე გეტყობოდა, რა ლაჩარიც გამოდექ,
ნუ მოელი, გემუდარო: - შეწყალების გამო, სდექ!
მაინც გეტყვი მოღიმარი, თუმცა სისხლით ვიცლები,
რაც ვიყავი, იმად დავრჩი, მე ვერ გამოვიცვლები.
ხელს დანიანს, მოცახცახეს იმის ტორი ადარე,
სად - შენ, დედას ტკბილო ბიჭო და სად - ტორეადორი.
ბავშვობიდან მდევდა მუდამ ბედი უამინდო და
სულ უბრალო ბეჭედი და ერთი ვარდი მინდოდა,
კაცს მოსთხოვო რა დანდობა, ანდა რა რაინდობა!
რა დამიჯდა ერთადერთხელ მთელი გულით მინდობა!
კარს მომდგარი შუაღამეს ნეტავ ვინ სტუმარია?
დაკეტილში შემოვიდა, ძალაც არ უხმარია.
მასმენინე, ამბობს, მეცო, ეგ სოპრანო, მარია!
ვცნობ იგია, მაშინ ჩემი ვინც არია არია,
ეს ლანდებიც დაუნდობლად მანვე შემომისია:
ერთი - ძეა არშობილი, ესეც - ონასისია.
არასოდეს მომეშვება, როგორც ჟაკლინს - დალასი,
სხვა არავინ აღარც შემრჩა, აღარც ნიჭი ხალასი,
მონატრული სცენის მტვრისა და კონცერტის, გალასი,
უხმოდ გიხმობ, ანგელოსო, მე, მარია კალასი.

2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySat Nov 03, 2018 12:32 am

ნინო დარბაისელი

აქანდაზი

ფოთლის გორებს ქარი მტაცებს და ჰაერში ატრალებს,
შორით-შორად ვხედავ ლანდებს, ლანდებს დილაადრიანებს.

ფულო, ძნელად საშოვნელო, რა ადვილად დასახარჯო,
ყოველ დილაუთენია სუსხში უნდა გავიტანჯო,

ეს ფოთლები არ ილევა, სხვა საშველი აქ არ არი,
კოჭებამდეც ამომწვდება, თანაც, თუა ნაქარალი.

ხან გიჟები ჩამივლიან, დამიწყებენ აქ ანდაზებს,
,,ეს ხომ ქარვის თოვლიაო, რად ავსებო აქანდაზებს”.

ერთმა მითხრა: ,,ძმაო, ამ ცეცხლს ნეტა რას ეჩალიჩები,
დე, გვეფინოს გზაზე ალვის და ნეკერჩხლის ხალიჩები!"

ფოთლებს მწარე კვამლი ასდის, ქარი მონაქროლი ანთებს..
სხვამ მიბრძანა , ნუ გვიწვავო წაუკითხავ ფოლიანტებს.

საქმე თითქმის მოვლიე, მძიმე, სულის შესახუთი,
ბოლო პირით აივსება აქანდაზი ხუთად-ხუთი.

მთელი წელი - იოლია, შემოდგომა არის ძნელი,
ფოთოლცვენა იყოს ნეტა თვეში ერთხელ, ქარიც - ნელი.

რა სჯობია, მოითმინო, ჯამაგირს რომ ელი, ელი..
თუ ცოლ-შვილის კარს მიადგე, სუმთლად ჯიბეცარიელი?

ყველა გაიკრიფებოდა, დამიხვდება მარტო ცოლი,
მაგიდაზე - ცხელი ფაფა, გვერდით ტახტი - მისაწოლი.

ვერა შრომა ვერ აავსებს ამ, ოჯახის ხრამს თუ ხაროს...
ვინც ზამთარი მოიგონა, იმის სულმაც გაიხაროს!

2018

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun Dec 02, 2018 10:32 am

ნინო დარბაისელი

მძღოლური ირემზედ ნატირალი

წუხელ ირემი შემომაკვდა.
ბნელოდა, სოფლის გზაზე მივდიოდი,
თითქოს ფარებიც კარგი მაქვს და
მოდუნებული ვიყავ როდი.

გზისპირ ხეებიდან გამოვარდა,
მე შევშინდი და დავიბენი.
გულმკვდარი ამის გამო ვარ და
დარდისაც ამად ვიამბენი,
დაიბნა, ვეღარ ნახა გასარბენი.

ამბობენ, შენი ბრალი არ არისო,
გადაუხვევდი და დაიმტვრეოდიო,
არაფერი მომხდარა სამაგისო,
არც ირმის ყოფაა მარადიო.

- მკვლელი ვარ! შევუერთდი უკვე მეც ვის?
განკითხვის აღარა მაქვს მეტი ნება...
- ვამბობ და სიმწრით ძუძუ მეწვის,
ვამბობ და ცრემლი მედინება.

იმ გზაზე როგორ-ღა გავიარო,
შემბოჭავს ამ ბედის მონაბოდი,
არადა, გზა არის საზიარო,
შინისკენ მოკლეზე გამოვრბოდი...

მკვლელი ვარ!
ირემი გავიტანე...

2018

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptyWed Jan 23, 2019 8:25 am

ნინო დარბაისელი

წყალობით შენით
(სოფო წულაიას)

იმის წყალობით,
ამის წყალობით,
წყალობით შენით
იმდენჯერ ვიშვი,
ვერანაირი ვეღარ მერევა ელდა და შიში,
არც შეცოდება არ მჭირდება,
ფუჭი ვიშვიში.

და თუ დღეს ისევ ცოცხალი ვარ,
ნაპობი ძელი,
არ შემეკითხო,
აქამდე ცოცხლად როგორ გავძელი.

იმის წყალობით,
ამის წყალობით,
წყალობით შენით,
ისევ და ისევ,
იმდენჯერ მოვკვდი,
სიკვდილი ისე გავითავისე,
რომ ამ სიკვდილით
მე პირთამდე თავი გავივსე.

და თუ ერთხელაც, მართლა მოვკვდი,
შენ კი არა და
მეც ვერ გავიგებ,
კვლავ მიწაზე ვარ,
თუ წამიყვანა არსთა გამრიგემ.

2018

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 EmptySun May 12, 2019 11:17 am

ნინო დარბაისელი სტრონი

დიდი დანაკარგის მესაკუთრე
(რეზო გეთიაშვილის ,,გოქსუს' ინტერპრეტაცია)


გოქსუ
- - - -

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

რას წამოიღებს ადამიანი ამერიკაში საქართველოდან, განა, ისეთი რა გამაჩნდა, აქ რომ გამომდგომოდა?
ბარგში სულ ეს ჩამეტია: დიდი ბიბლია, სასკოლო ვეფხისტყაოსანი, საბას "სიტყვის კონა",… ბოლოს "სიყვარულის წიგნი" და ლებანიძის შედგენილი ,,შედევრები" ვატრიალე ხელში, ვფურცლე და ისევ დავდე.
აღმოვაჩინე ის, რაც თეორიულად ისედაც ვიცოდი: წიგნი - მძიმეა, მაგრამ პოეზია, ბოლომდე კიდევაც რომ არ გესმოდეს, არ იცოდე იგი, თუ ერთხელ გული გაუღე და დაიხსომე, ცოდნასავით მუდამ თან დაგდევს, ,,რაზომცა დაეტარები“.
აი, მაგალითად ეს ლექსი, ,,გოქსუ’. ადრე, ალბათ დეკადის წინ, სადღაც წავიკითხე. ავტორს, რეზო გეთიაშვილს ფოტოთი ვიცნობ, ასე, ჩემი მომდევნო თაობის პოეტი უნდა იყოს, ან უფრო ახალგაზრდა. მინდოდა შეხვედრა და ვერ მოვახერხე.

***
უცნაური სათაურია, არა, ,,გოქსუ?! თითქოს საკუთარი სახელი უნდა იყოს. აღმოსავლურია? ჟღერადობითაც, არც რაიმე ნაცნობ ბგერათშეთანხმებას მაგონებს, გარდა ერთი გვარის შეკვეცილი, გაკნინებითებული ფორმისა, თუმცა მეეჭვება, ქართულ პოეტურ და სოციალურ სივრცეში ავტორს ასე, პირდაპირ დაესახელებინა ვინაობა ქალი-ადრესატისა, რომელსაც პოეზიის ენაზე ლამის ღიად ეუბნება, შენი სხეული ადრე მეკუთვნოდა, მაგრამ ახლა დავკარგეო.
დღეს იქნებ უარესებიც ითქმევა ღიად, მაგრამ ….
მახსოვს, ოთხმოცდაათიანებში, გ. ლეონიძის საიუბილეო კრებულის შემდგენელი - თამარ ბარბაქაძე როგორ გულწრფელად შემიწუხდა, როცა ,,ციცარის’ ანალიზი გადავეცი. მეწერა, სათაური ,,ციცარი’’ - ანაგრამაა და მსახიობი თამარ ციციშვილი ჩანს ამ მწარედ სატრფიალო ლექსის ადრესატი-მეთქი.
,,იქნებ ეს მომენტი არ იყოს საჭირო, ორივე მხარეს შთამომავლები არიან, რომელთათვისაც ამის მოსმენა სასიამოვნო არ იქნებაო”.
რა გაეწყობოდა, დავყაბულდი, თუმცა ,,გამგებთათვის’ მინიშნება მაინც დავტოვე იმ შეკვეცილ აბზაცში.
,,გოქსუს’’ რაც შეეხება, აქ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია:
არსებობს სათაური - გასაღები, რომელიც ხსნის, აღებს ტექსტს.
ასევე, არსებობს სათაური-კლიტე, რომლის გასაღები არც ტექსტში, არც კონტექსტში არ მოიპოვება, ამ სივრცეთა გარეთ, სათავისოდ დაიტოვა ავტორმა.
ქართველ მკითხველს ისღა დარჩენია:
ან მიიღოს სიტყვა ,,გოქსუ’ უცნაურ და უჩვეულო საკუთარ სახელად,
ან დაუშვას, რომ იგი განგებ არის იმგვარად კოდირებული ავტორის მიერ, რომ მკითხველის მხრიდან დეკოდირებას არ დაექვემდებაროს.
იმის გათვალისწინებით,რომ პოეტური ხელოვნებისთვის უცხო არ არის მოვლენა, როცა ავტორი ტექსტში მხოლოდ თავისთვის ჰა და ჰა, კიდევ ვიღაც რეალური ერთისთვის გასაგებ, სანუკვარ კოდებს ,,ინახავს" , მე მეორე ალბათობისკენ ვიხრები.


***
რაკი ,,ციცარი" ვახსენე, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ამ ტიპის სატრფიალო ლექსების ნარატიული ჩარჩო-მოდელი ძირითადად ასეთია:
შეყრა-დაწყვილება - წყვილის ერთად ყოფნა - ფატალური განშორება- ვაჟის გზაზე დადგომა-გადაკარგვა.
ამ ორივე ლექსში განშორების გადაწყვეტილება ქალის მიღებული ჩანს, ოღონდ ერთია, ,,ციცარის“ ავტორი ამ გადაწყვეტილებამდე მისვლის მიზეზად, ქალის ქცევას - სხვა არჩევანს მიიჩნევს, ,,გოქსუსი“ კი ამაზე ღიად არაფერს გვაუწყებს. რაც შეეხება გზაზე დადგომას, ლეონიძე თუ ამბობს:

მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...

ანუ მაქსიმალური ექსტრავერსიის გზას ირჩევს, რომ კონკრეტული ლოკალიდან გაღწეულმა, გადაკარგულმა, უცხოობიდან თარის ხმით მთვარეს უწვდინოს თავისი ამბავი,
რ.გეთიაშვილის ლირიკული სუბიექტი ინტროვერსიის გზას ირჩევს, თავის თავში ჩატრიალებული, მაგრამ უკვე გაუცხოებული ამბობს:

საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ
ერთი უცხოელი ტურისტივით.

ძარღვები - სისხლის მოძრაობის ადგილია, უფრო ზუსტად, უწყვეტი გზაა სისხლისა, რომელმაც ჩვენს შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენ გაგვეგება.
თავისთავთან გა-უცხოებულ//გაუცხო-ელ-ებული არსება , რომელიც, ჩანს, მომხდარის მიზეზად საკუთარ თავს მიიჩნევს, საკუთარი სისხლისგან მოელის რაღაც პასუხს, მაგრამ უშედეგო სიარულით ღონემიხდილია.
სიტყვა ,, სიარულის” სინონიმთა ბუდეში წანწალი, მაგალითად, ხეტიალისგან - უმიზნო, უმისამართო სიარულისგან უღონობის ნიშნით განსხვავდება.


****
ამ პატარა ლირიკულ შედევრს საყურადღებო კომპოზიცია აქვს. ფაქტობრივად იგი შედგება ორი მცირე დასრულებული ლექსისა და მათ შორის გადებული ხიდისაგან.
პირველი ლექსი - დასაწყისია:

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.

მეორე ლექსი, უფრო მცირე, დასასრულისაა:

მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

ეს ორ ლექსი, გაჯერებული პოეტური მახვილგონიერებითა და მწარე თვითირონიით (ფსევდო-თვითკმაყოფილება), რომელიც მტკივნულ განცდათა გადმოცემისთვის ,,არაპოეტური’, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ლექსიკა- ფრაზეოლოგიის მოხმობით და ბოლოში - ოქსიუმორონით მიიღწევა, თავისებურად უპირისპირდება ,,ხიდის’ წრფელ სასოწარკვეთილებას.
ძნელი საცნობი არ არის ,,ხიდში’ შეხმიანება ნ. ბარათაშვილთან .

არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,

ეს მოტივი ქართულ პოეზიაში ბარათაშვილის შემოტანილია და რ. გეთიაშვილი აქ ლექსიკის დონეზეც აფიქსირებს ალუზიას. ,გავიხსენოთ ,,ნუვინ იტყვის ობლობისა ვაება….. საბრალოა მხოლოდ სული ობოლი’”.
თანამედროვე პოეტს დიდ წინაპართან დიალოგი მომდევნო საფეხურზე აჰყავს: ოცდამეერთე საუკუნეშიც, ობლობის ტკივილი - იგივეა, მაგრამ გამოხატვის, გამოთქმის გზა რაღაცას, ჯერ გაუცვეთელს საჭიროებს.
მაგალითად, ასეთს? - საკუთარ ძარღვებში მოწანწალე გრძნობდე:

თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.

სისულელეა!
გრამატიკული ნონსენსი!
როგორ შეიძლება, ერთპირიანი ,,ვიღიმები" ზმნა კიდევ ერთ, ობიექტურ პირს შეიწყობდეს (რას? - გულისკივილს) ან როგორ შეიძლება, გულისტკივილი იყოს დაკიდებული და თანაც საცალფეხო?...
მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ საცალფეხო და დაკიდებული- ეს გზის ერთი, სპეციფიკური სახეობის - ბეწვის ხიდის განსაზღვრებებია. ძარღვების გზა კი, რომელზეც არსება დაწანწალებს საკუთარ არსებაშივე, ყოველ ახალ წრეზე ამ სათუთ, მკერდში ბეწვის ხიდივით ,,დაკიდებულ’ გზაზე - გულზე გადის, რომელიც მართლაც, სიკვდილ- სიცოცხლეს შუა, საცალფეხო ბეწვის ხიდია, წარმოგვიდგება იმაგინაცია, გულისტკივილის დაფარვის მცდელი, გარეგნულად ,,ფართოდ მოღიმარი” არსებისა. რომელიც ცდილობს, გარეგნულად ისე წარმოაჩინოს, ვითომ ,,ყველაფერი წესრიგშია”.
... თუმცა პოეტური იმაგინაცია ხომ სახის ამგვარი ,,გამოშიგვნის“ გარეშეც , მსწრაფლ აღწევს მკითხველამდე და მსმენელამდე. ეს პოეზიის ენაა, რომელმაც ,,უჩვენოდაც“ იცის უმოკლესი გზა ჩვენს არსებამდე...
მაგრამ ურდოები და მეფეები რაღად დასდევნებიან საკუთარ თავში გზაარეულს?
ვინ არის ეს მდევარი?
ოჰ! ეს ქალურ- მკითხველური ცნობისმოყვარობა! - გასაქანს რომ არ მაძლევს და მაიძულებს ძირის- ძირამდე ვჩხრიკო!
ჯერ ,,ჩემი დაკარგული მიწებიო’, ბოლოს ,,ჩემს გვირგვინად ეს აკურთხესო’ , ხომ არ მიგანიშნებს იმაზე, რომ უნდა გავიხსენოთ სიყვარულის სოციოლოგიიდან, კერძოდ, ურთიერთობათა მოდელებიდან ერთი - ,,მეფე - მხევალი” , რომელიც ჩვენი ლექსის წარმოსახულ სიტუაციაში ქალისთვის ჩვეული, არაერთჯერადი იყო (,,მეფეები’), ხოლო კაცისთვის პირველი და საბედისწერო გამოდგა. მას წარსულზე ეჭვიანობის საბაბი მიეცა, რის გამოც დაკარგა ქალი. დანაკარგის მერეც კი ეჭვის ურდოები და მასსავით აწ უკვე ყოფილ თუ მომავალ მეფეებზე ფიქრი- მდევარი საკუთარ არსებაში შეხიზნულსაც ვეღარ მოუშორებია.

***
პოეტური მეხსიერების საგანძურში კონვენციური ლექსები ძირითადად რიტმის მიხედვით არის დაჯგუფებული. მეც, როცა ერთ ლექსს ვიხსენებ და გულში ვიმეორებ, რაღაც იმაგვარი მჭირს, ღიღინისას ერთი მელოდია სხვა მსგავს მელოდიას რომ გამოიხმობს ხოლმე.
ეს ლექსი - მარცვლიანობის მხრივ, ათმარცვლედია.
მაგრამ ქართულმა ლექსმა ათმარცვლედის არაერთი სახეობა იცის.
არსებობს ათმარცვლედის დღემდე გაბატონებული სახეობა...ახლა თავისუფალი რეფლექსიის ნაცვლად, ლექსმცოდნე-კოლეგებს რომ ვესაუბრებოდე, ვეტყოდი, აქ ქორე-დაქტილურ ათმარცვლედს ვგულისხმობ-მეთქი (ო.ჭილაძის და მის მიმდევართა ლექსების უმრავლესობა) ან ,,გოქსუზე„ აღვნიშნავდი, რომ ათმარცვლედის შედარებით იშვიათი სახეობაა, ქორე-ორი მეორეპეონი ან მარტივად დავუწერდი (2/4/4), იქნებ ვარიაციებზე საუბარსაც შევყოლოდით. დაგვემატებინა, რომ რ. გეთიაშვილი ტრადიციას მისდევს, xbxb. (ანუ მხოლოდ ლუწი სტრიქონებია გარითმული), ეს ტექნიკური გამარტივება კი იმით კომპენსირდება, რომ ლექსის რიტმულ-ინტონაციური დინამიკა ჰიპერდაქტილურ (სამზე მეტ მარცვლიან) რითმებთან ერთად (იწყებიან/მიწებია, ნუვინ ტირის/ ტურისტივით/გულისტკივილს, ეს აკურთხეს/მესაკუთრე), აქა-იქ შიდა რითმებსა და ბგერწერულ აქცენტებსაც ეყრდნობა…
ახლა კი ადამიანურად ვიტყვი, რომ ,, გოქსუს" რიტმულმა ინერციამ მედეა კახიძის ერთი უცნობილესი ლექსი მოიყოლა:

,იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
….
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.

არა მხოლოდ საერთო რიტმული დინება. ამ ორ ლექსს დასაწყისი სარითმო წყვილის. ია - მღერადი ხმოვანთკომბინაციაც ამსგავსებს (შვეულია/ შეუძლია, იწყებიან// მიწებია), რაღაც მსგავსი არაერთხელ შემინიშნავს მურმან ლებანიძესთანაც, მაგალითებსაც გავიხსენებდი, მაგრამ შემიყოლებდა და სათქმელიდან გადახვევა მომიწევდა.


***
პოეტური ქმნილებისადმი ანალიტიკურ მიდგომისას ერთ-ერთი პირველი საქმე დრო-სივრცულ- სიტუაციური პარამეტრების მონიშვნაა:
რა ხდება, სად, როდის, ვინ მონაწილეობს, ვინ მეტყველებს და ვინ - მოქმედებს და როგორ და ა. შ.
ცხადია, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, სახეობრივი პლანი ლექსისა უამკითხვებოდაც აღძრავს მკითხველში ინდივიდუალურ პოეტურ იმაგინაციას, რომელიც შეიძლება არც კი დაემთხვეს სხვა მკითხველებისას და თავად ავტორისას.
ეს ბუნებრივია, რადგან გარდა კოლექტიური კულტურულ-პოეტური გამოცდილებისა და ინტენციისა, ყველა ჩვენთაგანს, როგორც მკითხველს, გაგვაჩნია საკუთრივიც, მხოლოდ თითოეული ჩვენთაგანისთვის ნიშნეული.
ჩემს წარმოსახვაში რეზო გეთიაშვილის ეს ლექსი მუსიკასთან ერთად, ფერით შემოდის და ეს ფერი მოვარდისფრო-ბაც მეწამულია.
ეს იმ ყოჩივარდების ფერია, კამერულ სივრცეში, მაგიდის საპირისპირო მხარეს, სოციალური და არა - ინტიმური აკომოდაციის არეში, გარეგნულად მშვიდად მჯდომი (,,ყველაფერი წესრიგშია”) ყოფილი შეყვარებულების შუაში, რაღაც, პატარა ჭურჭელში ჩადებულ ერთი ციცქნა ყვავილების თაიგულ-ბარიერი რომ ,,გამოსცემს”.
ყოჩივარდა - ადრეული გაზაფხულის მაცნე ყვავილია. მაგრამ, ახლა ის ბარიერად ქცეული, არა ამ ნაწყვილარის, არამედ, ალბათ, ახალი საწყვილეს გაზაფხულის მოახლოებას მოასწავებს.
,,ყველაფერი წესრიგშია", მოგვარდა, დამთავრდა. სიჩუმეა... ამიტომაც არ ღირს, უკვე აღარ ეგების კაცისგან ლაპარაკი. მას სახეზე ფართოდ გაღიმება აწერია - შინაგანი ძალისხმევით ღიმილად გარდაქმნილი გულისტკივილი და ჩვენც ლექსში მხოლოდ მისი შინაგანი მონოლოგი გვესმის.
მას ამ განშორებით, წაურთმეველი ქონება ერგო, თანაც ნაწილი კი არა, ,,მთელი უშენობა”.
ვცადე და ვერც რუსულად, ვერც ინგლისურად ვერ მოვუძებნე რაიმე ერთსიტყვიანი თარგმანი ,,უშენობას” - ქართული პოეზიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონცეპტს, რომლის ძირების ძიებაშიც ალბათ ვეფხისტყაოსნამდე მოგვიწევს ჩასვლა.
ქართული პოეტური სულისთვის - ,,უშენობა” სიყვარულის ამბის ლამის გარდაუვალი გაგრძელებაა, სიყვარულისა, რომელსაც დასასრული არ უწერია.

P.S.
დავასრულე თუ არა ამ წერილზე მუშაობა, ავტორს ხმა ვაწვდინე.
შევიტყვე, რომ ეს ლექსი, რომელიც მე სატრფიალო პოეზიის ნიმუშად მივიჩნიე, სინამდვილეში, ეხება ტაო-კლარჯეთს, იქ მცხოვრებ პატარა ქართველ გოგონას - გოქსუს და ადამიანებს, რომელნიც ტერიტორიებთან ერთად დავკარგეთ.
შევთანხმდით, რომ გამოქვეყნების შემდეგ ტექსტი ავტორს აღარ ,,ეკუთვნის“, იგი მკითხველისაა.
შესაძლო ინტერპრეტაციათა უსასრულობა კი ნებისმიერ მკითხველს მუდამ აძლევს მარჯვე შესაძლებლობას, თავად დაუკვირდეს ტექსტს და თავისი ,,გოქსუ" აღმოაჩინოს.
ჩემი ,,გოქსუ“ კი ესაა.

2017

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty
PostSubject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი   ნინო დარბაისელი სტრონი - Page 7 Empty

Back to top Go down
 
ნინო დარბაისელი სტრონი
Back to top 
Page 7 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: