| | ნინო დარბაისელი სტრონი | |
|
+6ეკატო (ეკა ტალახაძე) ვაჟა ხორნაული ნიკა ჩერქეზიშვილი bao სოსო მეშველიანი nino darbaiseli 10 posters | |
Author | Message |
---|
ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Wed Dec 01, 2010 6:28 pm | |
| მე რამდენიმე წიგნის წარდგინებაზე მყავხართ ნანახი და სიტყვითაც გამოსული. საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. პრეზენტაციებზე სიარულს მეც ვერიდები.
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Aug 27, 2013 12:31 pm; edited 2 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Thu Dec 02, 2010 11:38 am | |
| ნიკა, დიდი მადლობა დაფასებისთვის...
მე იმიტომ არ მიყვარს და მაღიზიანებს კიდეც პრეზენტაციები, რომ იმათი უმეტესობიდან ხშირად მომყურებია ბამბის ჩხრიალი და სულ ტყუილად მოვუცდენივარ კიდეც.
კარგი ლექსი კიდევ – ჩემთვის, მარტო რომ ვარ, მაშინ წაკითხვით მირჩევნია, ესტრადაზე სათქმელ–მოსასმენად არ მემეტება ხოლმე, თუმცა თავად ავტორის წაკითხვას აქვს თავისი ხიბლი.
ზოგს ეს ხიბლი მოსწონს, ზოგს – არა და მეც ამათში ვარ. ეს ხიბლი ცუდი ლექსის კარგად წამკითხველმაც შეიძლება შექმნას: მოუსმენ – კარგია, შენ თავად წაიკითხავ – არ ვარგა. ეგრეც ხშირად ხდება ხოლმე. სულ სხვა შემთხვევაა, როცა კარგი მსახიობი კითხულობს სცენიდან კარგ ლექსს – ეს უკვე წარმოდგენაა და სხვანაირად სანახავია.
როცა ჩვენ ვუსმენთ გალაკტიონის წაკითხულ "მე და ღამეს" – ამით ლექსს კი არა, თავად გალაკტიონის ხასიათს ვიგებთ, თორემ "მე და ღამე" ცალკე უნდა წავიკითხოთ, ჩვენთვის, თანაც რამდენჯერმე, მერე თავიც უნდა მოგვანატროს, უნდა მივუბრუნდეთ კიდევ, ახლებურად დავინახოთ და ასე შემდეგ...
ლექსთანაც და სხვა ჟანრის დაწერილთანაც მარტო უნდა დარჩე და ისე დაუგდო ყური, დაინახო და დაუფიქრდე – მე ეგეთი კითხვა მირჩევნია ხოლმე...
სულ ეს იყო.
| |
|  | | ნიკა ჩერქეზიშვილი

 Number of posts : 256 Age : 41 Location : თბილისი Job/hobbies : ქრიზანთემები Humor : ცხოვრება Registration date : 24.02.09
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Fri Dec 03, 2010 6:06 pm | |
|
Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Mon Dec 06, 2010 11:24 am; edited 1 time in total | |
|  | | nini
 Number of posts : 648 Registration date : 17.11.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Fri Dec 03, 2010 10:46 pm | |
| ბატონი მიხო მოსულიშვილი... ძალიან მკაცრი,ძალიან სამართლიანი,ხანდახან ''ატშელნიკი'',თავისებური და''თავისჭკუის''  თან..ძალიან ლაღი,არანორმალური თავისუფლების გრძნობით,შინაგანი ბობოქრობით ,ფართო თვალსაწიერის, მიმტევებელი...ჩემი 10 წლის ძმიშვილისთვის უმაღლესი შეფასება მახსენდება ბატონ მიხოზე საუბრისას''უძალიანჯიგრესი'' და ძალიან სიმკაცრესთან ერთად...ძალიან დიდი გულის მქონე დიდი ბავშვია...ბატონი მიხო ოღონდ ძალიან ჯიუტი  ყველაზე გულითადი მოკითხვა ბატონო მიხოს.. და გავქრი ისევ... პ.ს ძალიან მოწყენილობაა არმურზე | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Sun Dec 05, 2010 10:34 pm | |
| ნინი, დიდი მადლობა მოკითხვისთვის... ამ რამდენიმე წლის წინათ (და არა "ამ რამდენიმე წლის უკან" - როგორც შეცდომით უყვართ ხოლმე თქმა) ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მოწვეულ რედაქტორს ადგილობრივმა მთავარმა რედაქტორმა დაავალა - "ლიტპალიტრის" შეხვედრებს ვიწყებთ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმშიო და მოდი, რაკი იცნობ, შენ დაგვიპატიჟე გურამ გეგეშიძეო. მეტი რა გზა იყო და, იმ მოწვეულმა რედაქტორმაც დაურეკა გურამ გეგეშიძეს და უთხრა: - ბატონო გურამ, ეს ჩვენი "ლიტპალიტრა" - "გაცოცხლებული ჟურნალის" საღამოებს იწყებს; გვინდა, რომ პირველი თქვენ გვეწვიოთ, რაკი თქვენ ნაწარმოებსაც წაიკითხავენ იქ მსახიობები და თქვენც თუ შეხვდებით მკითხველს, ძალიან კარგი იქნებაო. - ნაწარმოები ხომ უკვე დავწერეო? - ბატონმა გურამმა იკითხა. - კი, დაწერეთ და სწორედ იმ დაწერილს წაიკითხავენ მსახიობებიო, - კიდევ განუმარტა იმ მოწვეულმა რედაქტორმა. - ჰოდა, მოდიო, რა, მიხოო, - მიხო მოსულიშვილი იყო ის მოწვეული რედაქტორი, - ტყუილად მანდ ნუღარ მომიყვანთ, ნუღარ მომაცდენთ, რომანს ვწერ და ხომ იცი, ამას რამდენი დრო უნდა და როგორი სამუშაოაო... მართალი იყო გურამ გეგეშიძე და იმ მოწვეულ რედაქტორსაც არა სწყენია... ჰოდა, ესეც კაი ხანია აღარ მუშაობს მოწვეულ რედაქტორად და რაღაც წიგნს წერს... | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Mon Dec 06, 2010 6:50 pm | |
| რა კარგი სტუმრები მყოლია! მადლობა, ძვირფასებო, თბილი გამოხმაურებებისათვის! მინდა ორიპდე სიტყვით მეც ჩავერთო,მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით მექნება შესაძლებლობა
ნინო დარბაისელი
ბოცო ამ ძველ ნაძვებთან როცა ჩავივლით, მძღოლებს ვთხოვ ხოლმე, ნელა იარონ. სადღაც, ხის ძირში შენ მარხიხარ.
ბოცო, რა ვისი ბრალი იყო, მე რომ მინდოდა, საკუთარი ძაღლი მყოლოდა, რომ სულ პატარა ლეკვი იყავი, იქ, ბაზრობაზე კოჭლმა თათარმა შენი თავი კავკასიურ ნაგაზად რომ შემომასაღა, არადა, მართლა როგორ ჰგავდი! საწოვარათი როგორ გაჭმევდი, ისიც ხომ გახსოვს, ღამე როგორ გიხუტებდი, გაიზარდე და სიმაღლის ნაცვლად ვაგონივით სულ სიგრძეში როგორ წახვედი და დამცინოდნენ ახლობლები, რომ ასეთი გამომადექი, როცა მოვლილი, ძვირზე ძვირი საყელურით სხვა ჯიშიანი ძაღლებივით გამომყავდი სკვერში სარბენად.
ბოცო, არ უნდა დაგეკბინა პატარა ბავშვი! რაღა გზა მქონდა, ჯერ ერთი თვე გაკვირდებოდნენ და ყველაფერი როცა ჩაცხრა და სამშვიდობოს ვიგულეთ თავი, მაშინ გადაწყდა, რომ შენი სახლში გაჩერება უკვე აღარ შეიძლებოდა და ჩვენც რა გვექნა, აქვე, სოფელში აგიყვანეთ, გაგაძიძავეთ. მიწაზე დაგსვი და გითხარი: - მისმინე, ბოცო, ახლა მე უნდა წავიდე და შენ აქ დარჩები. კარგი ბიჭი ხარ, პატრონებს უნდა დაუჯერო, მეც მალ-მალე გნახავ ხოლმე, გასაგებია?
როგორ მორჩილად მომისმინე, რა ღირსეულად! უკან იმდენჯერ მოვიხედე! მეგონა, ყეფით გამომყვებოდი, ისე, როგორც წიგნებში ან ფილმებშია. ვიდრე თვალს არ მიეფარე, არ განძრეულხარ!
მერე რამხელა გაიზარდე! გლეხი ამბობდა, რომ კარგა ავი ძაღლი დადექი, ეზო-კარის ნაღდი პატრონი, რომ შენი შიშით უბანში უცხო ვერ ჭაჭანებდა. როცა შემეძლო, სანახავად ხომ მოვდიოდი, ხომ ამომქონდა შოკოლადი, შენ რომ გიყვარდა, ხომ მახტებოდი ძველებურად ისევ კალთაზე, ხომ დამდორბლავდი, ვითომ ,,მე ისევ შენი პატარა ბოცო ვარო", ხომ მატირებდი.
ბოცო, ცხოვრება ისეთია, ძაღლს კი არა, თავს დაგავიწყებს. როცა დავბრუნდი, პატრონმა ხვნეშით: - დიდმა მანქანამ გაიტანა, საღამო იყო, უცებ ხმა ვეღარ მოგაწვდინეთ. აბა, რა გვექნა, წესი ეგრეა, მკვდარი ძაღლი მზის ჩასვლამდე მიწას უნდა მიაბაროო, ჰოდა, ავიღეთ, მაინც თქვენ ახლო, ტრასის პირას დავმარხეთო.
ეზოში უკვე სხვა ყეფდა და შენი წილი შოკოლადიც იმას ერგუნა.
ბოცო, ჩვენ გვიყვარს, როცა გვისმენენ და პასუხს კი არ გვაღირსებენ. თავს ვიკატუნებთ, ვითომ განვიცდით, მაგრამ ეს დიდი იმედია, დიდი შვებაა: მხოლოდ თქვა, გული დაიცალო, მერე შენი გზა გააგრძელო, ახალ დარდამდე.
აი ეს კითხვაც, ვიტყვი, დავაგდებ ამ ნაძვებთან და გავივლი, ჩემს გზას ვეწევი: - ადამიანი როდის არის ადამიანი - როდესაც ახსოვს თუ როდესაც გადაივიწყებს, ვინ სად ცოცხლობს და ვინ სად მარხია.
| |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Wed Feb 16, 2011 9:07 pm | |
| "საბა" ძვირფასებო! იქნებ დამეხმაროთ: შემატყობინოთ ლიტერატურული კონკურსის ,,საბას'' ნამდვილი ელექტრონული მისამართი. ორგანიზატორთა მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულ მისამართზე saba@tbcbank.com.ge ამ წერილს ვგზავნი და უკან მიბრუნდება, მისამართი არასწორიაო: ,,Undeliverable" --Forwarded Message Attachment-- From: ninodarbi@hotmail.comTo:saba@tbcbank.com.ge Subject: lit. konkurs ,sabaze'' nino darbaiselis krebulis wardgena Date: Fri, 11 Feb 2011 18:40:27 +0400 მისასალმებელია, რომ შესაძლებელი გახდა ლიტერატურულ კონკურს ,საბაზე" საკონკურსო მასალის წარდგენა ინტერნეტის მეშვეობით. ეს გამორიცხავს წინა წლების მახინჯ პრაქტიკას ახლადგამოცემული წიგნის გადამალვისა, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავდნენ ჟიურის წევრები, კერძო თუ საერთო განზრახვით. უფრო კონკრეტულად: ნინო დარბაისელის კრებული ,,დიოტიმა,,( გამომცემლობა ,,მერანი'' 2004) 2005 წელს პრესაში გამოქვეყნებულ საერთო ჩამონათვალშიც კი არ შეუტანიათ, თუმცა ჟიურის ერთ-ერთი წევრი თავად იყო გამომცემლობა ,,მერანის " ხელმძღვანელი, ეს კრებული ,დაავიწყდათ'' ჟიურის სხვა წევრებსაც, რომელთაგან ერთმა კონკურსის გამოცხადების პირველივე დღეებში გაზეთ ,, 24 საათში'' გამოაქვეყნა სარედაქციო შეკვეთით დაწერილი ზედმიწევნით კეთილგანწყობილი რეცენზია აღნიშნულ წიგნზე და ა.შ. ამჟამად მინდა საკონკუსოდ წამოვადგინო 2010 წელს გამოცემული პოეტური კრებული, რომელშიც გაერთიანებულია ჩემი ახალი ლექსები: სახელწოდება: ,,ვიტა ბრევის'' ავტორი: ნინო დარბაისელი გამომცემლობა: ,,სიტყვა'' | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Wed Feb 16, 2011 9:10 pm | |
| ნინო დარბაისელი, ვიტა ბრევის, ლექსები, რედაქტორი ეკა ჭკადუა, თბ. "სიტყვა", 2010.ოთხი წელია ნინო დარბაისელს პოეტური კრებული არ გამოუცია. "ვიტა ბრევის" მისი რიგით მეხუთე წიგნია. პირველი ლექსი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოაქვეყნა და მაშინვე მიიპყრო პოეზიის მოყვარულთა ყურადღება. უფროსი კოლეგები თანატოლებისგან გამოარჩევდნენ და მასზე იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს ღირებულებათა გადაფასების ეტაპი დაუდგა. ბევრს არც მანამდე წერდა, თუმცა მაშინ იგრძნო, რომ მისი და მისი "კოლეგა" პოეტების ცხოვრება, ლექსიკა, მიზნები და ოცნებები იმდენად უნიფიცირებული ხდებოდა, ზოგჯერ იდეების ჩანიშვნაც ეზარებოდა - ფიქრობდა, რომ სხვა აქცევდა ლექსად. მერე გაჩერდა. ხუთი წლის წინ კი ლექსით "მაისფეისი" საერთოდაც დაემშვიდობა პოეზიას და მკითხველს, თუმცა პოეზიის გარეშე ვერ გაძლო და ისევ დაბრუნდა. დაბრუნდა, რადგან ჰიპოკრატეს ცნობილი გამოთქმის არ იყოს, Ars longa, vita brevis est (ცხოვრება ხანმოკლეა, ხელოვნება - მარადიული). კრებულში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები შევიდა, დაღმავალი ქრონოლოგიით დალაგებული, რათა მკითხველს განსხვავების დანახვა გაუიოლდეს. მკითხველი კი პოეტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც კრებულის შესავალში წერს, "მე ვწერ მკითხველისთვის, მაგრამ არა უბრალოდ იმათთვის, ვისაც პოეზია უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, არამედ მათთვის, ვისაც ამავე დროს ესმის, ან უნდა, რომ ესმოდეს პოეზია, როგორც ხელოვნების დარგი. ვიცი, რომ ასეთი მკითხველი ბევრი არ არის, მაგრამ მუდამ არსებობს".ნინო დარბაისელის "ვიტა ბრევის" სწორედ მათ ეძღვნება. წყარო – http://arili2.blogspot.com/2011/02/blog-post_2535.html | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Sat Mar 26, 2011 7:24 pm | |
| ნინო დარბაისელი
ქალი - წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის თქვენ გიყვართ ყავა - ათქვეფილი, ცივი ,,ნესკაფე’’, ასევე - ტორტი, სხვა საჭმელებზეც ყაბულსა ხართ, ოღონდ უპუროდ.
თქვენ ერთი ჩვენი შეძლებული ძმაკაცი გიხდით, რომ შაბათობით, ასე, საღამოს რვა საათიდან კვირა დილამდე ასეთი ჩუმი, თითქმის უენო იყოთ, უბრალოდ, ხმისგამცემი ჩვენი წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის, რომ კიაფობდეს მის თვალებში ნამი ნეტარი, ხოლო მანამდე ახლობლები დასაგველს ვგვით და დასამდუღრს ვმდუღრავთ მორიგეობით, თან ძველ ხუმრობებს ვიმეორებთ რიტუალურად. როცა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ეტიკეტს ვიცავთ.
ბოლო დროს რაღაც შეიცვალა. ან მე შევნელდი, ან დრო აჩქარდა, ან მოუხშირეთ დათქმულზე ადრე დაკაკუნებას. ამ ყავის მერე ორ სიტყვას გავცვლით და დაგტოვებთ. გენდობით, რადგან აქ ყველაფერი დაბზარულია. დაკენტებული დანა-ჩანგალი და სანახევროდ ამომქრალი სუნამოები, თითო-ოროლაც - ძველი, ჩინური თეთრეული, სხვას რას წაიღებთ ამ ბინიდან. თავად ეს ბინაც ნათესავების სახელზეა, ითადარიგეს.
ვერ მოგატყუებთ, იმ ზღაპრების მე არა მჯერა, რომ ზოგ მეძავში ნაზად მთვლემარე ანგელოზია. და ამის გამო არც მიყვარხართ, არც მეჯავრებით, მხოლოდ დროებით გეგუებით ან მოგეჩვიეთ.
,,იცით, ვთხოვდები!" - მეუბნებით. იბედნიერეთ! ... მაგრამ ვერ ვხვდები, მე რას მერჩით, რა შუაში ვარ. მე ვის რა ვუთხრა, რა მეკითხება? წადით უთქმელად და ნუღარასდროს დაბრუნდებით!
ეს ცხოვრებაა. და ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვუძლებთ და ისე გავუძლებთ. სხვაც გამოჩნდება ქალი-ნუგეში ჩემი წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის.
_________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Sat Mar 26, 2011 7:35 pm | |
| ვერ შემოვდიოდი და ამასობაში ჩემი სამი მსუბუქი და სახალისო ლექსი დაჰკლებია აქაურობას. რაკი მიხოს წყალობით ყველაფერი მოგვარდა, ახლა გადმოვიტან:
ნინო დარბაისელი
სიბერე ტოტემები, ტომები, ტაბუ და ფანტომები და ლანდები - მარდები, კლდიდან კლდეზე მხტომები, ყდადამცვდარი ტომები, ტომები და ტომები ამ ბოლო დროს უფრო მძაფრად რატომ მახსოვს, ტომ?
,,- ტომ! პასუხი არ არის" ტომ! პასუხი არ არის, სხვაც არ მეხმიანება... რატომ?! ამიტომ.
ზაქი ცაზე (country style)
ზაქროს ჰყავდა ზაქი - - ერთი შავი ზაქი და შეუჩნდა შავ ზაქს ერთი ავი, ერთი ავი, ავი ავაზაკი.
დაიკარგა ზაქი, დაგვიღონდა ზაქრო, მიაშურა ავაზაკს: - რა უყავი ზაქი? - ზაქი? ზაქი?? რა ზაქი??? აბა, ზაქი! უპასუხა ზაქრომ: - აქ რომ იყო ზაქი. - ზაქი არსად მინახავს, ავაზა - კი...
ჰოდა, ზაქრომ ავაზაკს კომბალი უთავაზა.
მაგრამ უცებ ღრუბლებს დაუქროლა ქარმა, გამოვიდა მზე და
გაქრა ზაქრო, გაქრა ზაქი, გაქრა ავაზაკი.
ზამთრისპირული დამთავრდა თამაში - - უთქმელში სათქმელის ძებნა! გვჭირდება სიტყვები არა ღრმა, არამედ ღია. ღამეა. მე მცივა, შენ გცივა, ქუჩაში გამვლელი არ ჩანს. ტროტუარზე უძრავად ყვითელი ფოთოლი გდია.
ჰო, ასე მარტივად ითქმის და გაისმის ბოლო. შენ - ისევ რაღაცას გატყობ, ვერ ისვენებ, ელი. სადღაც, შორს სახლიდან გამოდის ყვითელი შუქი, ტკაცუნობს შეშა და ბურუსში ირევა ნელთბილი ბოლი.
_________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Wed Apr 20, 2011 9:44 pm | |
| ნინო დარბაისელი
ბრმის აპოკრიფი
ცივ ოფლად რატომ იწურები, რა გაცახცახებს, მცირედ მრწმენო, არ გესმის ჩემი?
ორიათასი წელიწადია... იქნებ მეტი, იქნებ ნაკლები, თვალახელილი ვეხეტები და მაშინ, როცა გულმოდგინედ ნამარხულევი, ხსნილნაგემები მორწმუნენი უფლის აღდგომას მოელიან, წინ კი წითელი პარასკევია, ჰო, აი ამ დროს, არემარე ზეთისხილის ან მარადმწვანე ბზის ტოტებით რომ გაივსება, ისმის ,,ოსანა'', ღამღამობით გეცხადები ჩამოძონძილი ძილ-ღვიძილს გირევ, გეუბნები:
- მე დაბადებით ბრმა ვიყავი. არგნის კაკუნით დაბა-დაბა მივყვებოდი ერთ მბჟუტავ წერტილს, სხვები რომ იხსნა, ერთი შეხებით, ერთი შეხედვით, ერთი სიტყვით რომ გადაარჩინა, მაგრამ როდესაც ყველა თავის წილ სასწაულს ელის, უკან მდგომს ვინმე წინ დაიყენებს ?
იქ, გოლგოთაზეც, მოყაყანე ბრბოში ვერიე. ვიდექი ბნელში, ცას სწვდებოდა ხალხის ხორხოცი. ზოგი ტიროდა, ვიღაცას გული მისდიოდა, ხოლო ვიღაცა ჩურჩულებდა იმ ღრიანცელში. უბრად ვიდექი, მოწმედაც არ გამოვდგებოდი და ოდეს ჟამმა მოაწია, ვიღაცამ მძიმე მუჯლუგუნით წინ გამიგდო და ხელში ჩამიდო რაღაც მძიმე, თავის ტორებით - მარწუხებით მაჯიანად ჩამბღუჯა და უცებ ვიგრძენი, თავიდან როგორ შეფერხდა დარტყმა, მერე თავზემოთ თითქოს ორმოში ჩავარდა ხელი. მერე მარჯვენა მაჯა ჩამითბა, მერე ჩამთბარი ხელისგული თვალზე მოვისვი და მე ვიხილე მაცხოვარი, ვიხილე სისხლი, იმის ფერდიდან გადმომჩქეფარე. ძირს ეგდო შუბი მეც ძირს ვეგდე თვალახელილი, წერტილი გაქრა. სიბნელეა მჭახე ნათელიც.
მოხეტიალე გრაალი ვარ, პირველგრაალი არავინ მეძებს, რადგან არავინ მომისაკლისა. მაცხოვრის ნებით ავაზაკსაც გაეხსნება სასუფეველი, ჩემთვის კი, ჩემთვის არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი, მე - შენი სიზმრის კარი მერგო, გავიტკეპნე შენკენ სავალი. ამ ერთხელ მაინც მიპასუხე, წითელ პარასკევს! მე ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ვარ, მსხვერპლი თუ მკვლელი, მადლი მერგო თუ განაჩენი? ხმა, ხმა გამეცი მცირედ მრწმენო, შენ გელოდები, მაცხოვრის სისხლით სამუდამოდ თვალახელილი. _________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
Last edited by nino darbaiseli on Sun May 29, 2011 8:45 pm; edited 1 time in total | |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Sun May 29, 2011 8:41 pm | |
| ნინო დარბაისელი
უმარილოა ჩემი ცრემლი
(ჯ.-ს)
კარგია, არა?! თითქოს წყაროს წყალს კი არ სვამდეთ, უკვდავება ჩაგდიოდეთ გამომშრალი ყელის გავლით მუცლის ძირამდე.
კარგია, არა?! ივსებთ თუნგებს და ივსებთ დოქებს და ივსებთ პეშვებს და პირზე ისხამთ, გულისპირს დაგდით, ტალახში ფეხიც გიცურდებათ, ძირსაც ეცემით, დგებით, ერთმანეთს წამოაყენებთ და ისევ ხარობთ ცივ ალმასებში, მზის შხეფებში, ცისარტყელებში ჟრიამულით არეულები.
მე ურჩხული ვარ. და რა არის, გაზაფხულობით, ერთხელ წყვდიადი მივატოვო, ზეცას ავხედო ცალი თვალით, თითო ნინველა შევიწირო, გამოვიზოგო, მერმის ამ დრომდე გამოვიტირო ცხარე ცრემლით, ჩემს მიწისქვეშა სიმარტოვეში თავიც ცოცხლად გამოვიტირო.
ვიდრე შეჭამდე, შენი სარჩო უნდა გიყვარდეს.
კარგია, არა?! უმარილოა ცრემლი ჩემი, რადგან შორია თქვენგან ჩემი გამოქვაბული. მერე, გზადაგზა წმინდავდება, თქვენთვის სარგოსაც ბევრ შეირევს, კლდის ნაპრალებში გაცივდება ამოხეთქვამდე.
კარგია, არა?! სადაც წყალია, იქ ურჩხულიც ვიგულისხმები. იგულისხმება თქვენი მხსნელიც, ცეცხლიც, სისხლიც, ჩემი სიკვდილიც.
დაგრჩებათ წყალი და ის წყალიც გამოილევა, თქვენც დაილევით, ჩვენი ამბავიც დაილევა, ჯერ კი, ჯერ კი... კარგია, არა?! კამკამაა. სვით, გაიხარეთ! _________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Thu Jun 02, 2011 12:54 am | |
| ნინო დარბაისელი
ზიარჭურჭელი
კარგია, როცა ბავშვი ერთის ხელში იზრდება. მე კი ორი ბებია მყავდა, ერთი - გამზრდელი და მეორე - გამართობელი.
პირველი: ,,- ქალი საწოლიდან რომ წამოდგება, ქვეშაგებს ერთი ნაკეციც კი არ ემჩნეოდეს! მუხლი დაფარე, მხრებში გასწორდი, ნუკი გადმოყრი მაგ სავაშლე კბილებს უტიფრად, თუ გეცინება, გაიღიმე! შუბლშეჭმუხნული დაძარღვულ მუშტს ზეაღმართავდა, ან საჩვენებელ თითს ჰაერში შემოიქნევდა: ,,_ ყველაფერს თავის ადგილი აქვს, თავისი დრო, დაიმახსოვრეთ, ამ მიდამოში უჩემოდ კენჭიც არ გადაბრუნდეს!
ხანდახან, თავის დარგულ ვარდებს რომ შეხედავდა, რაღაც, სიჩვილისმაგვარივით მოერეოდა. ,,- მერმის ამ დროს თუ ცოცხალი დავრჩი...“- - იტყოდა ხოლმე და გარეგნულად მორჩილ ბავშვებს, ო, რა სასტიკი იმედები გვეძლეოდა ,,მერმისამდროსი’’!
(გვიან გავიგე, მაგრამ დღემდე მაინც არ მესმის, დაძინებულებს რატომ გვკოცნიდა).
გამართობელი, - დედის დედა, ზაფხულის ბაბო, პომადიანი, ,,დადუხული’’ , როგორც ამბობდნენ, მიწის არ იყო... სახლი რომ ძაან აერეოდა, მეზობლის ქალებს მოიხმობდა, თვითონ ბანტიან გიტარაზე ათამაშებდა კოტიტა თითებს ან წიგნით ხელში სარწეველაზე მითვლემილი იღიმებოდა. გაიღვიძებდა და იმ ქალებსაც გააზანტებდა: ,,- გეყოფათ ახლა, ნამეტანსაც ნუ გადაყვებით! ‘’ ტახტზე მიწოლილს კნუტებივით სულ ზედ ვეკვროდით.
არკი იმჩნევდნენ, მაგრამ ვგრძნობდით, სინამდვილეში, ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ.
ჩემს ატირებას რა უნდოდა! როცა ტოლები გულს მატკენდნენ, ის, მკაცრი ბაბო ხმაში ტყვიას ჩაისხამდა: ,, - მეორედ ასე, თვალცრემლიანი არ დაგინახო, ერთი ჩაგარტყა?! ისეთი ხურდა დაუბრუნე, აღარ მოუნდეს!’’
ჩემს ატირებას რა უნდოდა! მეორე ბაბო: ,,- რა მოხდა, მერე, თამაშია, ხან შენ ატკენ, ხან - შენ გატკენენ. მოიწმინდე აწი ცრემლები, გაიზრდებით და ქორწილამდე დაგავიწყდებათ''.
ჩემი ბავშვობის ძველი ბუდე - აი, ეს არის! კარედებიან ამ სარკეში, საუკუნეა, არ ჩამიხედავს: ერთის - ანფასი, ერთის - პროფილი, ერთის - თვალები, ერთის - ნიკაპი, ხასიათი - ზიარჭურჭელი. (ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ!)
ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
როცა არ ვიცი, როგორ მოვიქცე, გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:
,, რა მოხდა, მერე... ...მეორედ ასე, თვალცრემლიანი არ დაგინახო!“
სარკეში - - ნინო მოქსუტუნე - - ლოყებს იწმენდს და ეღიმება. _________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Wed Jun 08, 2011 12:11 pm | |
| ნინო დარბაისელი
ხმამაღლა
ხმამაღლა! - ისე, თითქოს მღერის ჩაბნელებულ საძინებელში დატოვებული, უსმენო ბავშვი, რომ ფარდის უკან, კარადებში და საწოლქვეშ მობუბუნე აჩრდილები არ მოერიონ;
უფრო ხმამაღლა! - თითქოს სატვირთო მატარებლის შემადგენლობა გადადის ხიდზე ბრახუნით და მძიმე დგანდგარით და ხმას ვაჯიბრებ ხიდქვეშ მდგარი;
ხმამაღლა! კიდევ უფრო ხმამაღლა! - ისე ხმამაღლა, თითქოს ინგრევა ცეცხლოვანი აფეთქებისგან უზარმაზარი ქალაქები, და ცის და მიწის ექოები ეჯახებიან.
ყურებზე ხელებმიჭერილი მთელი სამყაროს გასაგონად ვყვირი: - მიიი ..ყვაააარ...ხააააააარ! ... რა სიჩუმეა! არც არაფერი აღარ იძვრის.
ვქრები მომწყდარი.
_________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Sun Jun 19, 2011 3:08 am | |
| ნინო დარბაისელი
ბნელა, ცივა და სიჩუმეა, ანუ ერთი - ტრივიალური
გაჩენა? - სადღაც დაგაგდებენ მაგრად დაჟეჟილს, გჩქმეტენ, გირტყამენ, ვიდრე უცებ არ ატირდები. ბნელა, ცივა და სიჩუმეა.
ბავშვობა? - ირგვლივ ხმაურია, მდინარის პირას სიპ-ხავსებში, ქვა-ტალახებში ირევიან შენნაირები, თვალში, ფეხებში ებლანდებით ყველა ერთმანეთს. ზოგან - მოლია, ზოგან - მაღალი ლელქაშები, შიგ - გაჩხერილი ძირგამძვრალი ნავებიც ჩანან, წინ, ადიდებულ მდინარეში დაგლეჯილი მოჩანს აფრები და აღმა-დაღმა მიქანაობენ და ქრებიან ადამიანთა შორი თავები. ხოლო თავთხელში თეთრად ელავენ უმოძრაო თევზთა მუცლები. (არ დაგავიწყდეს, უფრო იქით, ტყე რომ იწყება, გადაჭრილ ხეზე რაღაც მავთულით ჩამომხრჩვალი, შენი წითური, პირდაფჩენილი კატაც კიდია, შენ დამნაშავე არ იყავი, ეს ბიჭებმა ქნეს და როცა ნახეს, რომ ტირილით ხმა ჩაგეხლიჩა, ნაფოტებით მიწა მოთხარეს, თეთრი კენჭებიც და ლოკოკინის ნიჟარებიც მოგიგროვეს საფლავისათვის. იმ ბიჭებში ,,ისიც'' ერია).
მოწიფულობა? - ცურვა დამჯდარ მდინარეში აუჩქარებლად. ცურვა კენტად, წყვილად, ჯგუფურად. მორევებისგან გარიდება, დინებისაგან გეზის დაკარგვა-დაბრუნება, სუთქვის, მკლავის და ფონის იმედი. ,,ის'': - როცა ვინმე ფსკერისკენ მიდის, აღარ დაეძებს, შეიძლება, თან ჩაგიტანოს. ჯერ გათიშე, მერე უშველე! შენც მშველელს უხმობ, - - ვითომ იხრჩობი... არ ჩანს არავინ, (არადა, მგონი, მართალა იხრჩობი!)
სიბერე? -გდიხარ გარიყული გაღმა ნაპირზე სველი, დაღლილი, და აღარ იცი, სინამდვილეში, განაღვლებს თუ აღარც განაღვლებს, შენი თუ სხვისი ვინ - გადაარჩენს, ვინ - გადარჩება.
სიკვდილი? - წამით ერთიანად ხედავ შენს თავს გაღმა-წყალში-გამოღმა-წყალში, მერე მღვრიეში უსწორმასწორო მდინარე რჩება, მერე მდინარე - - ერთი მოკლე, წვრილი ხაზია. ხაზიც გაქრება. ბნელა, ცივა და სიჩუმეა.
მერე? - თქვენ იცით!
_________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Mon Jun 20, 2011 6:58 am | |
| ნინო დარბაისელიგამეორება - ტერეზასათვის ,,შეხედეთ ხეებს, ყვავილებსა და ბალახს, როგორ იზრდებიან დუმილში; შეხედეთ ვარსკვლავებს, მთვარესა და მზეს, როგორ მოძრაობენ დუმილში! ჩვენ გვჭირდება დუმილი, რათა მივწვდეთ სულებს". დედა ტერეზა
შენს თეთრ თავსაფარს, ხელგამოწვდილ ბრბოში შერეულს, შენს თეთრ თავსაფარს, ასე უსაზღვროდ მადლმომფინარეს, დედა ტერეზა, დასაზღვრულობის ნიშნად თუ ედო კიდეებზე ლურჯი ზოლები...
ხედავდა ყველა, ესმოდა ყველას, რომ გადმოგეცა დიდი სიბრძნე, უძველესი და მეც მჯეროდა, რომ დუმილში მოძრაობენ ეს ვარსკვლავები, მზე და მთვარე, მთელი სამყარო და ვდუმდი, ვდუმდი, ვდუმდი ასე, დაუსრულებლად.
და როცა აღარ დამრჩა ბგერა, რაც სიცოცხლესთან ან სიკვდილთან მაკავშირებდა, ვიგრძენი, როგორ ძალუმად ძგერს უჯრედში ბირთვი; როგორი ბიძგით მოძრაობენ ატომები. ჟღერს პლანეტათა მთელი აღლუმი!
რიტმი, რიტმი, რიტმი, დედაო!
უზენაესის გულისძგერასთან შეწყობილი ეს სამყარო რარიგად ფეთქავს, რარიგ ერთიან ხმას გამოსცემს! ამ დიად ხმაში რაა დუმილი! - - ბგერათშორისი შესვენება, ან მსმენელის გულმოდგინება.
დედა ტერეზა, კმარა ჩემთვის! ხმაში შერთული მაღლით დავცქერი მე გაშეშებულ მდუმარეთა ნაივურ ორდენს და ვიმეორებ: - ჟღერა, ჟღერა, ჟღერა დიადი!
და ამ ჟღერაში ბგერადყოფნა - - ყველაფერია!
_________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Sat Jul 23, 2011 3:08 pm | |
| ნინო დარბაისელი
თვალდახელშუა
გიჭირსო?!- -არა! როცა მოვიწყენ, აი, ჩემი ჩვეული პოზა - - საწერ მაგიდას იდაყვებით ჩამოვეყრდნობი, თვალებზე ხელებს ავიფარებ და ეს თითები უპეებზე რაც არ უნდა მჭიდროდ მივიკრა, მაინც შემოდის თითებშუა რაღაც სინათლე მოწითალო-ნარინჯისფერი და თითის წვერებს შუბლზე ოდნავ თუ შევატოკებ, გამოჩნდებიან ამ ცივ ცეცხლში ცოცხლები და წასულები, ერთმანეთისკენ რომ ილტვიან ან შორდებიან და ირევიან მოციმციმე ფანტელებში, თეთრი ღრუბლების ნაფლეთებში, მერე ქრებიან.
სცადე და ნახე, მაინც რამდენი სხეულია, რამდენი სახე! როგორ ირევა და ილევა ყველაფერი თვალდახელშუა, ვიდრე დაფარავს აჭრელებული თოვლი-ნაცარი.
და მომავალსაც წარსულივით ნაცარქვეშ სძინავს.
გიჭირსო?! - - არა! სად - სიმარტოვე, სად - უსასრულო მარტოობა! იმან რაღა ქნას, ვინც ერთია, ერთადერთია, ვინც შესაქმემდეც მარტო ოყო, რა არ იღონა, მარტოობას რომ მორეოდა და ხედავს, ხედავს როგორ ეცვლება და ეცლება ეს სამყარო თვალდახელშუა და აღსასრულის მერეც ასე მარტო დარჩება. _________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Thu Aug 11, 2011 10:17 am | |
| ნინო დარბაისელი
მარტონი - ველზე
სველია ველი და მე ამ ველზე მეველეს ველი.
რა ფრინველი ხარ, ან რა საკვირველ ხმას გამოსცემ - - ყეფ და გურგურებ ერთდროულად და გულისპირი აგი-ჩაგიდის.
რაც თავი მახსოვს, შორიახლო დამტრიალებდი, ხან შენი ჩრდილი ჟრუანტელად გადამივლიდა, ხანდახან კიდეც მეხებოდი მძინარეს, მღვიძარს, წარმომედგინე, მაგრამ არასდროს მომიკრავს თვალი.
რატომ დაფრინდი ნეტა მიწაზე? არც დაჭრილს ჰგავხარ, გუბურისკენაც არ მიიწევ. ბრჭყალი, ბრჭყალები და ნისკარტი - ბასრი რკალები! არც მეპირები, არც სხვა რამ სარჩოს არ ეპარები.
ტანად ჭრელი ხარ, ფერადი ხარ, არეულია ოქროსფერში წითელ-ყვითელი, ბაცი ლილის და მოლის ფერები. ფრთები?! ფრთები კი, ცალი - შავი, კუნაპეტი, ცალი -- თეთრი, თეთრი, ქათქათა. ბრმა ხარ თუ ახლა, დაღლილობისგან მიგელულა ორივე თვალი?
მარტონი - ველზე: ასე ერთად ვართ, ასე ახლო, სუნთქვის მანძილზე, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვეკარებით. შენ - მომავალო, შავი ფრთა შენი - შიში ჩემი. თეთრი ფრთა შენი - ჩემი იმედი!
დავხუჭავ თვალებს და გავქრებით.
ქარმა წაიღოს აღმა-დაღმა, ტრიალ-ტრიალით სიყვარულის ჭრელი ბუმბული, ამბად წაიღოს!
მეველეს ველი. _________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Sun Aug 14, 2011 10:01 pm | |
| ნინო დარბაისელი
ხვალ - თამაშია!
(ალანს)
უნდა მოვასწრო ყველაფერი, დღესვე მოვასწრო! ხვალ არ იქნები ჩემი, ვიცი, ხვალ - თამაშია! ტელევიზორთან სკამზე უკუღმა გადამჯდარი და საზურგეზე მძიმე მკლავებით დაყრდნობილი ბევრს იბრაზებ და იღრიალებ და სხვა დროს დინჯი, ხან წამოხტები და ჰაერში ფეხსაც გაიქნევ.
მე ფეხბურთისა რა გამეგება, მაგრამ როდესაც გოლს ნელი კადრით იმეორებენ, მეძახი : - მოდი! ჩქარა მოდი! და მეც აგყვები, რაც ძალი შემწევს, ავხმაურდები, თან დროს ვიხელთებ, წამიერად ჩაგეხუტები, მერე ცარიელ ლუდის ბოთლებს წყნარად წამოვკრებ, ვცლი საფერფლესაც, მაცივრიდან ახალ ლუდს გაწვდი... თან სახვალიო გეგმებს ვაწყობ.
ეს - ოჯახია! კართან - ჩვეული დილის კოცნა, საღამოს - კოცნა. და დღეში ასჯერ: ,, Dear!'' , ,,Love you!'' უფრო ,, Honey!'' ზოგჯერაც ,, Sweetheart!'' ღამე - ჩვენია!
ზეგ, მაზეგ, ანდა მაზეგის მერე - - როგორც გუშინ და გუშინწინ და გუშინწინისწინ.
მილიონობით ჩვენისთანა წყვილია ქვეყნად, მილიონობით წყვილი ვარსკვლავი ზედ დასწკრიალებს, მაგრამ ამ წკრიალს იმათ გარდა ვინ გაიგონებს! მოსასმენადაც მოსაწყენია სიყვარულის უსასრულოდ კარგი ამბავი, არც ჩვენ ვირჯებით ამ ბოლო დროს სხვის შესაქცევად, და შინ თუ გარეთ სავალდებულო, თავაზიან ფრაზებს თუ გავცვლით, დანარჩენ დროს კი მშვიდად ვიღიმით, და უბრად ვზივართ...
და რაც მეტია მოსაგონარი, მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება. ერთად ოცნებაც - თამაშია.
რა ამბავია? ცაში რაღაც ხმა შეიცვალა. ვარსკვლავი მოწყდა? კენტი? წყვილი?
ვერაფერიც ვერ მოვასწარით!
_________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Mon Aug 22, 2011 11:08 am | |
| ნინო დარბაისელი
სფინქსი გამიტყდა
ალბათ მიწისძვრის ბიძგი იყო და ვერ ვიგრძენი, ანდა თავისით გადმოვარდა თაროდან და დაიმსხვრა სფინქსი და პირისფერი მარმარილოს იატაკზე ამ ფაიფურის ნამსხვრევების თეთრი ანბანით დაწერილი რაღაც ამბავი იკითხება და არც იკითხება, მესმის, არც მესმის:
რა წყვილი იყო! ან რად დაშორდნენ, ან ერთად მაინც რამ შეჰყარა, რა აჩერებდათ!
ერთი ნამდვილი მხეცი იყო, ხოლო მეორე - ანგელოზი, ანდა პირიქით. უჭირდათ, მაგრამ მაინც სძლებდნენ ადამიანად. რაც აერთებდათ, პასუხი იყო და თუ იცოდნენ ეს პასუხი - - ერთად იცოდნენ, ხოლო ცალ-ცალკე - - აზრი კი არა, სიტყვების ნაცვლად ბგერები-ღა გამოსდიოდათ.
შხუილ-შხუილით ეყრებოდათ ყოველი მხრიდან კითხვა, კითხვა, კითხვა-ძახილი! მათი სათქმელი კი არაფერს არ ერგებოდა. ის ერთადერთი შემკითხავიც - აღარ გამოჩნდა, ანდა გამოჩნდა...
კითხვა! კითხვა! კითხვა-ძახილი!
ზესკნელ-ქვესკნელი, შუასკნელი გადაკვანძული და ნაბიჯი წინ - - პირველი და უკანასკნელი.
ხმიანობს ქორო:
-თუ ბედისწერამ გირჩია და აგიყოლია, ვერას გაიგებ, გინდ აღმართს და დაღმართს ხედავდე; გამარჯვებებით, დიდი და მცირე გამარჯვებებით მივა გზა შენი საბოლოო დამარცხებამდე.
_________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Sat Aug 27, 2011 11:14 pm | |
| ნინო დარბაისელი
ოპუსი: ქალი - ფილთაქვა
(სოფო ღაღანიძეს)
როცა მარტო ხარ, მიდიხარ ფეხით და მანქანასაც ვერ აჩერებ, თან ამ ღამეში, ჩრდილს კი არ უნდა მოეფარო, გამოსაჩენად უნდა დადგე და დაელოდო.
მე - მოსახვევში, გაბარჯღული ხის ძირას ვარ. რას ვეფარები, წვიმამ უკვე გადაიღო, დამძიმებული ტოტები კი წყალს ვერ აკავებს.
ტაქსი მეგონა ეს დანჯღრეული ,,ფოლქსვაგენი''. კარი ღიაა, თანაც - ორივე, შიგ კი - არავინ, ისმის ხრიწინა ჩანაწერი - - არა ორკესტრი, ალბათ შავი ფორტეპიანო და ორი თითით, ჰა-ჰა, ოთხით ვიღაც ძველებურ ტანგოს უკრავს და ტროტუარზე ჩახუტებული ბებერი წყვილი (სხვა არ ჰქვია, ბებერი წყვილი - - გამხდარი კაცი, ქალისა თეთრი კოფთის მეტი არაფერი ჩანს), კი არ ცეკვავს, ადგილზე დგას და ოდნავ ირწევა და შავ ასფალტზე ფარების შუქში არეული ლამპიონების ყვითელი შუქი წყალში თამაშობს, მილივლივებს...
ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე! _________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Wed Sep 07, 2011 12:21 am | |
| ნინო დარბაისელი
თორ-ჰეირ-ჰარამ
სისულელეა, სიგიჟეა, ყინწვისის გზაზე, ექსკურსანტების ჯგუფში ერთ ქალს, რესპექტაბელურს, მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველა მხიარულია, სულ უმიზეზოდ უცებ ცრემლი მოერიოს და ავტობუსის ფანჯარაში დაჟინებით იცქირებოდეს.
ოღროჩოღროზე გაგვიჭირდა, ბერმა აღმართზე მიმავალმა გზა მიგვასწავლა, დამგზავრება კი იუარა. ბერი - ბერია!
პირ-სახეს წვერი უფარავდა, მაგრამ ხმა, ხმაში - ხრინწიანი, გულის კოვზის შემტოკებელი სითვინიერე, უფრო ნამდვილი, უფრო წრფელი, ვიდრე თვალთმაქცო, ვიდრე ფლიდო, აუტანელო, უგზო-უკვლოდ გადაკარგულო... მე კი ცოცხალიც არ მეგონე, მაგრამ ეგ ხელი სკვნილიანი?
სად - შენ, სად - ბერი!
იქნებ არაყი მომერია, მამაკაცებმა მანდილოსნებს სულ თითო ყლუპი გაციებისგან დასაცავად რომ გვიწილადეს?
თითები მუდამ ნერვიულად გითამაშებდა და მოწითალო ქარვის აცმა, მუდამ მაჯით რომ დაატარებდი, ჩემთვის უცნობის, ჩემამდელის ნაჩუქარი, მიჩვეულ ცერს რომ გიმშვიდებდა: ,,თორ-ჰეირ-ჰარამ, თორ-ჰეირ-ჰარამ!’’ ჰო, ასე იყო: ,,თორ-ჰეირ -ჰარამ!’’
შენი ამბავი არასოდეს გამომიკითხავს. შენი სახელიც - სამი მარცვალი, სავსე, თბილი, როგორც ქარვის მიყოლებული სამი მარცვალი, ხომ ადვილია წარმოსათქმელად, ასე ადვილი, მე კი არასდროს არავისთან წამომცდენია.
სიზმარი სხვაა, ხან მოკვდავს ნახავ, ხან მომაკვდავს, ხანაც - მკვდარია; ხან მოგდევს, ხანაც თავად მისდევ და სადაცაა, დაეწევი, გაგეღვიძება და ძილს ვეღარ შეიტრიალებ. იქ ჩაბრუნებას ვინ შეიძლებს, თვითონ სიზმარი უდროო დროს თუ არ დაბრუნდა. იცვლება ხედი, უცვლელია ძებნა -პოვნა, დაწევა და ვეღარდაწევა.
გზას მივუყვები უკაცრიელს და ყელზე მადგას, სასულეში მეჩხირება შენი სახელი, როგორც ქარვის სამი მარცვალი.
(ნეტავი, მართლა არ ვიცოდე, სად განისვენებ)
მამა, ძეო და სულიწმინდავ, შენ დამიფარე! _________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Mon Oct 03, 2011 3:03 pm | |
| ნინო დარბაისელი
გლობუსი
სფეროსებური, ცისფერი ლამპის დაბალი შუქი, ოთახში - წყვილი სავარძელი და მაგიდაზე - მაღალ ჭიქებში - შავი ღვინო, მისატანებლად - - ვერცხლის ლამბაქით - - ცოტა ყველი.
თითო გვეყოფა, სისხლსაც უხდება, არც დაგვამძიმებს ტანინიანი. ყლუპ-ყლუპად ვსვამთ და ვმასლაათობთ მთელი საათი:
შენ: - განგება და ბედი მუდამ ბურთს თამაშობენ. მე: - ამ ორს შუა მუდამ არის თეთრი საზღვარი.
შენ: - საზღვრის თავზე ბადეც მუდამ გაჭიმულია. მე: - რა ქნას მსაჯმა, თუ წესრიგი მუდამ ირევა, რადგან განგება - ფრენბურთელია, ბედი კი ფეხბურთს ეთამაშება.
შენ: - საბოლოოდ, მუდამ ფრეა. ყველა ვიგებთ ანუ ვმარცხდებით. მე: - გაგვიმარჯოს! შენ: - სლონჩე ვა!
ყლუპ! და ორივე თითქმის ერთად: - ძილი ნებისა!
თვალდახუჭული ვეღარ ვიხსენებ, შევინახე თუ მაგიდაზე დამრჩა ლამბაქი.
ამ სიჩუმეში რაღაც შორი ზუზუნებს, წუის, ბრუნავს გლობუსი, ორბიტაზე ბრუნავს გლობუსი, და სხივოსანი განსაცდელი გვიახლოვდება.
----- სლონჩე ვა - გაგვიმარჯოს (ძვ. შოტლანდიური).
_________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Thu Dec 01, 2011 2:17 pm | |
| ნინო დარბაისელი
ნაპირალი
კიდევ ცოტაც და: - გკოცნი, მიყვარხარ! აბა, კარგად!
მაშინ ისეთი თამამები როდი ვიყავით, რომ ეს სიტყვები ერთმანეთისთვის ხმამაღლა გვეთქვა, მაგრამ დიდების მიბაძვით როცა ჩვენც ვთამაშობდით ბაღის ეზოში ,,ბრის ილი მიაუს", როცა ერთმანეთს ვერგებოდით, მაინც, რა იყო ის უცნაური გა-აღ-ტაცება - - აი, ქარი რომ ყვავილს მოწყვეტს და მინდვრიდან შორს გააქროლებს... არა! შენივე ბატიფეხურის გამგებს რომ ეძებ, იქნებ სიტყვა გამოგივიდა, მაგრამ ქარი რომ გამოგტაცებს ფურცელს ხელიდან, წაიღებს მაღლა, მაღლა-მაღლა, ტრიალ-ტრიალით, მერე ჩიტად გადააქცევს, შენი ამბავი რომ მიიტანოს იმ ქვეყანაში, სადაც სახლები ბატიბუტის ცაში კიდია და ყირამალა ჩამოზრდილ ხეებს კევითა და შოკოლადით დახუნძლული მწვანე ტოტები შიგ ფანჯრებში შემოუყვიათ და უცებ დასცხებს ლიმონათის კოკისპირული, იატაკისკენ დაიძვრება ფანჯრიდან ქაფი. მარდად რაფაზე უნდა აძვრე, თავაწეულმა გაჭყეპამდე ყლაპო და ყლაპო.
იქ ცხოვრობს ყველა, ვინც ოდესმე მოგნატრებია და ყველაფერი დაკარგულიც იქ ინახება, რაც მთავარია, იქ ცოცხლდებიან დედოფალები, მაგრამ ჩიტები ქვავდებიან, სეტყვად ცვივიან.
სად რა გაუვათ, დიდებზე უკეთ გრძნობენ ბავშვები. ერთად ვერ მოვხვდით მაგიდასთან. მეც, დრო ვიხელთე, როცა ახალი მასწავლებელი შემოგვიყვანეს, გადმოგიჯექი და უჭმელობით სახელგანთქმული ფაფას ვეძგერე და თავჩაღუნულს მიხტოდა გული, მეწოდა ყურის ბიბილოები. რაღას იზამდნენ, დავიმკვიდრე ჩემი ადგილი. პურის ყუები შენ გიყვარდა, დესერტი - არა.
- ეს უკვე ჩემი ნაპირალია, მაგრამ თუ გინდა, შენც დალიე! – - მითხარი ერთხელ და ჭიქა ნელა მომიცურე. დავლიე, დავდგი, შენც დალიე. ყველა სიყვარულს სჭირდება რაღაც საიდუმლო, ჩვენი ეს იყო: იმიერიდან ერთმანეთის ნაპირალს ვსვამდით. სხვა დროს რატომღაც გერიდებოდი. მერე, (არ მახსოვს, ცხადში? სიზმარში?) ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა და დავინახე, ჭიქა როგორ მიუწიე, მერე - არ ვიცი, მერე აცივდა, მერე ბაღში აღარ მოსულხარ, მერე გავიგე, რომ სხვა ბაღში გადაგიყვანეს. მერე ზაფხული, სკოლა, ახალი სიყვარული, ახლის ახალი.
იქიდან დამყვა, ცხადშიც, სიზმარშიც ადამიანებს და ყველაფერს, გაღმა-გამოღმა სამყაროებს მე ერთდროულად (ან უწესო მონაცვლეობით) ვგრძნობდე, მესმოდეს, მიყვარდეს, მძულდეს გოგოს და ბიჭის, ქალის და კაცის გულისყურით, ანუ ბოლომდე ვერ გავიგო, სად დავრჩე ანდა სად წავიდე, როგორ წავიდე და როგორც თითი, მოსრიალე ცარიელი ბოკალის პირზე, გეზიდან ოდნავ გადაუხვევს და პომადის კვალს შეუმჩნევლად მოაპრიალებს, უსასრულო წრეს ვუბრუნდები. პირი თვალისთვის შეუმჩნევლად გაბზარულია.
შენ? _________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | nino darbaiseli Admin


 Number of posts : 223 Age : 62 Location : Nashville, Tennessee Registration date : 14.12.08
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი Sun Dec 25, 2011 12:53 am | |
| ნინო დარბაისელი
აღარ ამოვალ!
ლურჯი ,,ვიზიტკა" - უცხო სურნელი - უძვირფასესი ო-დე- კოლონის და ოდნავი ნესტის ნაზავი. თუ დაგჭირდები, დამირეკეო. სახეც არ მახსოვს, მგონი, კარგად არც შემიხედავს. არც თვითონ უთქვამს, არც მე მიკითხავს, შენი საფლავის სიახლოვეს რამ მოიყვანა.
უკვე აცივდა, დღეც დამოკლდა, სიბნელეში კი არ გაირჩევა ცოცხლების და მკვდრების ქალაქი.
უკაცრიელი, უკაცრიელი!
საფლავზე მიწა დაწეულა. მე რას დავძრავდი ამ ხელებით, გადახრილ გრანიტს! გადაყირავდა, გადამიყოლა, მაგრად გადავრჩი (რა უფრო მტკივა: მუხლი თუ მხარი?) ეგდო მიწაზე ქვა - ყინულის წიგნად ქცეული. ყდაზე - სურათი მოღიმარი. ამ სურათიდან მე ჩამომჭრეს, მხარზე რომ მედო შენი მკლავი, მოარეტუშეს. ორიგინალიც დამიკარგეს.
ყინული დნება მთვარის შუქზე? დადნა, გაწყალდა, დაილია ყინულის წიგნი, დასველდა მიწა და მე მიწაში ვურევდი ხელებს და მე ჰაერში ვურევდი ხელებს და მე ვურევდი კბილის კაკუნით სიტყვებს და მარცვლებს და მარცვლებში - შორისდებულებს.
რა - დენის დარტყმა, რა - სიბნელეში უცხო შეხება! ,,ქალაქისკენ ხომ არ მოდიხართ?“ უსაფრთხოების ღვედი, მანძილი, დაღმართი, სახლი, კარი, გმადლობთ, ნახვამდის, ძილი!
ნალექიანი ყავისფერია გამოღვიძება, კვამლიანია ჩემი დილა და ლურჯ ნაკუწებს საფერფლეში ცეცხლი ედება. ერთხელაც კიდევ ვუპატრონებ მანდაურობას, მუშებს ვნახავ და საკმარისია. ამიერიდან ნუღარც შენ მოხვალ, ცოცხლებიც, მკვდრებიც და ცოცხალმკვდრებიც თქვენს გზას ეწიეთ, ჩემი თავი გამჭირვებია!
_________________ ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
| |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ნინო დარბაისელი სტრონი  | |
| |
|  | | | ნინო დარბაისელი სტრონი | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|