ქეთა დიდიშვილი
მარტოობისამოვიდა ჩუმი ფოთოლცვენა მორცხვი ალმურით
აღარ მაქვს არსად გასაქცევი, არც დამალული,
მინდოდა მეთქვა, მომენატრე, მაგრამ არ ვუხრი
ქედს ამ მდუმარე მოგონებებს, ვადაგასული
და გახარჯული ერთგულების სანუგეშებლად_
სიტყვებს, რომლებიც სულ უბრალო ქარია ახლა...
უმისამართო, შემოდგომის ქარივით მძიმე
ვერ მიიტანენ ადრესატთან სიტყვები სათქმელს,
მინდოდა მეთქვა, მომენატრე და მივხვდი უცებ,
რომ განშორება სიტყვებს ძალას სულივით ართმევს...
დგას შემოდგომა სტატიური, როგორც სურათი,
როგორც მშვიდი და უჩარჩოო, ან ვრცელი პანო,
სცვივათ ფოთლები უნაბებს და მიწას უმხელს,
რაც თავის დროზე ხემ შვილივით ვერავის ანდო...
ქარი კი, ქარი_შემოდგომის ძილისპირული
დაყვება ტაძრის გუმბათმოხსნილ ხავსიან კედლებს
და როგორც ფუნჯი, მღებავის და არა მხატვრის,
ერთ დროს სალოცავ, ძვირფას ხატებს აუფერულებს...
რა საბრალოა სიყვარული მიტოვებული,
ტაძრის კედელთან მიყუჟული, შეციებული,
პირდაფჩენილი ბარტყებია მისი თვალები,
უმისამართო კითხვებია მისი თვალები,
მაწანწალა ძაღლია მისი სიყვარული,
მასავით ლოკავს იარებს და პატრონს ეძებს...
პასუხები კი ღამურებივით თავდაყირა კიდია ჭერზე...
2018