არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ირაკლი ჯავახაძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6620
Registration date : 09.11.08

ირაკლი ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: ადამიანი ZERO   ირაკლი ჯავახაძე - Page 2 EmptyMon Feb 21, 2011 9:49 am

ირაკლი ჯავახაძე

ადამიანი ZERO

არაფრით გამორჩეული კაცი მე არა ვარ...
ჩემნაირებზე არაფერს წერენ...
ჩემნაირებზე არაფერს წერენ, თუ მაინცადამაინც ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლნი არ შევიქენით...
თუმცა, ამის ალბათობა ნულის ტოლია...
მანქანა ჯერ არ დამჯახებია (მხოლოდ მეტროთი ვსარგებლობ და მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელით გადავდივარ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს); ჩემ ბინაში ხანძარი არ გაჩენილა და, ალბათ, არც არასოდეს გაჩნდება (ოჯახის ბიუჯეტი გაზისა და ნავთის შეძენის საშუალებას არ იძლევა); არც ქუჩაში გადავყრივარ მოძალადეს, რომელიც დაუფიქრებლად გამიყრიდა დანას, როდესაც, ვთქვათ და, შეშინებული მანდილოსნის ღირსებას დავიცავდი (საეჭვო პირების გამოჩენისას მიწისქვეშა გადასასვლელის ძებნას ვიწყებ და ყოფილა შემთხვევა, ქუჩა ზემოდანაც კი გადამიჭრია)...
ერთადერთი, რაც რჩება _თვითმკვლელობაა...
მაგრამ ჩემნაირები თავს არ იკლავენ...
ჩვენ ღრმა მოხუცებულობამდე ვცხოვრობთ და ლოგინში, ხანგრძლივი ტანჯვა-წვალების შემდეგ ვკვდებით...
აბა, ჩემნაირებზე ვინ რა უნდა დაწეროს?!
ჩემნაირებზე მე ვწერ:
სიმაღლე _ 176 სანტიმეტრი, წონა _ 67 კილოგრამი. პროფესია _ ერთ-ერთი ჰუმანიტარული ფაკულტეტი დავამთავრე თხუთმეტიოდე წლის წინ და ერთი დღეც კი არ მიმუშავია ჩემი პროფილით. ოჯახური მდგომარეობა _ დაცოლშვილებული...
ჩემი დაოჯახება ათ წელს ითვლის უკვე...
ათ წელს ითვლის და, ბუნებრივია, იბადება კითხვა _ ვარ თუ არა ბედნიერი?..
გადაჭრით შემიძლია ასეთი პასუხი გავცე ამ კითხვას _ ვერა, ბედნიერი ნამდვილად ვერ ვარ!
თუმცა, ძალზე გამიჭირდება, გადაჭრით განვაცხადო, რომ უბედური ვარ!
ასეა თუ ისე, დაოჯახების ერთადერთ გამართლებად ჩვენი რვა წლის ბიჭუნას არსებობა შეიძლება დასახელდეს...
მყავს სიდედრიც, რომელიც, საბედნიეროდ, ჩვენთან არ ცხოვრობს, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარია...
ვერც იმას ვიტყვი, თითქოს სიდედრი მეჯავრებოდეს, მაგრამ იმის თქმაც ძალზე გამიჭირდება, მიყვარს-მეთქი.
აი, ცოლი კი ნამდვილად მიყვარს...
ალბათ, მასაც ვუყვარვარ...
მაგრამ, ეს არ არის საკმარისი ბედნიერებისათვის...
სიყვარული იმდენად ემოციური და ყოვლისმომცველი გრძნობაა, რომ შეუძლებელია მისი გამოხატვა განუწყვეტლივ...
ორ ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანს კიდევ სჭირდება რაღაც, რაც იმ ვაკუუმს შეუვსებს, სიყვარულის გამოუხატველობის პერიოდში რომ ისადგურებს...
ამას, ალბათ, შეჩვევა ჰქვია...
თუმცა, როგორც მწერალი ამბობს: `გაცილებით უფრო ადვილია ვინმეს თავი შეაყვარო, ვიდრე _ თავი შეაჩვიო...~
მე და ჩემი ცოლი კი ვერაფრით შევეჩვიეთ ერთმანეთს...
აი, სიდედრს შევეჩვიე...
შევეჩვიე მის ვიზიტებს ყველაზე შეუფერებელ დროს; მის მიერ ჩემი მისამართით გამოთქმულ საყვედურებს, რომელთა უმრავლესობაც _ ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს _ სამართლიანია; რუსული ფრაზებით შეზავებულ მის საუბარს ამაღლებულ თემებზე; მის მიერ ნამწვავებით გავსებული საფერფლის გადაყრას და, თქვენ წარმოიდგინეთ, მის კოცნასაც კი, რაც ყოველი ვიზიტის აუცილებელი ატრიბუტია...
სიდედრს შევეჩვიე, მაგრამ სიდედრი არ მიყვარს...
და, რა გამოვიდა?
ვინც მიყვარს _ იმას ვერაფრით შევეჩვიე, ვინც არ მიყვარს _ იმასთან შეჩვევა არც გამჭირვებია...
თუმცა, იქნებ, ამას შეჩვევა კი არა, შეგუება ჰქვია?..
ვინც იცის?!
ყველაზე უმტკივნეულო დამოკიდებულება ჩემს ბიჭუნასთან მაქვს...
საერთოდ, ადვილია ადამიანის სიყვარული, როცა საპასუხო გრძნობას არ ელი და არც მოითხოვ...
აი, მოკლედ ჩემი ოჯახური გარემოს შესახებ.
რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროფესიაა და არც ღირს დაზუსტება _ ისტორიკოსი ვარ, ფილოლოგი თუ ფსიქოლოგი...
მთავარი ისაა, რომ ამჟამად ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი და თვეში ზუსტად იმდენს მიხდიან _ ოცდაათ პურს, ოცდაათ კვერცხს, ოცდაათ კოლოფ იაფფასიან სიგარეტსა და ერთ კილო ხორცს რომ ჰყოფნის...
ერთ ამდენს უხდიან ჩემს ცოლსაც, რომელიც თავისი პროფილით მუშაობს _ ექიმია...
ერთ ამდენს სიდედრიც იმეტებს საყვარელი ქალიშვილისა და შვილიშვილისათვის (არა მგონია, ჩემზე ზრუნავდეს) და ასე გვიდგია სული...
სხვათა შორის, სიდედრის მიერ გამეტებულ `ერთ ამდენსაც~ ძალზე შევეჩვიე და სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლობელი ვიქნები...
ერთადერთი, რაც შიშს იწვევს ჩემში, გაუთვალისწინებელი ხარჯებია...
მე, როგორც პატიოსანი მოქალაქე, უკანასკნელ გროშამდე ვიხდი ელექტროენერგიის, საცხოვრებელი ფართის, წყლისა და ტელეფონის ფულს...
მართალია, ყველაფერ ამას ოჯახის ბიუჯეტის მეოთხედი მიაქვს, მაგრამ არ შემიძლია, სხვაგვარად მოვიქცე...
არ შემიძლია, მოველაპარაკო ინკასატორს და დანახარჯის მხოლოდ ორმოცდაათი პროცენტი გადავიხადო და, არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არა მაქვს, უბრალოდ, ამაზე საუბრის დაწყებაც კი მიჭირს ინკასატორთან, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის დავიწყებ ამაზე საუბარს. რომელიც თვითონ მაგრძნობინებს, რომ არსებობს ათასი ხერხი სახელმწიფოს მოტყუებისა და მეც კმაყოფილი დავრჩები და თვითონაც. ჰოდა, ვუყურებთ თვალებში ერთმანეთს მე და ინკასატორი, გადამწყვეტი სიტყვა ჩემზეა და, ვიღებ ჯიბიდან ფულს და პატიოსნად ვიხდი საკუთარ ვალს სახელმწიფოს წინაშე. იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც ჩემი შრომა რამდენიმე პურად, ამდენივე კვერცხად და ამდენივე იაფფასიან სიგარეტის კოლოფად უღირს. ვიხდი ვალს და ვგრძნობ, როგორ ვეზიზღები ინკასატორს, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია...
აი, გაუთვალისწინებელი ხარჯები კი მაშინებს...
ელეთ-მელეთი მომდის, როგორც კი ტელევიზორის ეკრანი ციმციმს იწყებს...
სუნთქვა მეკვრება, როდესაც ჩვენს ბიჭუნას სკოლაში შეშის ან წიგნების ფულს სთხოვენ...
ცივი ოფლი მასხამს, როცა მეზობელი გადაწყვეტს შეწყვიტოს ამქვეყნიური არსებობა და სული უფალს მიაბაროს...
პულსი მიჩქარდება, როდესაც რომელიმე თანამშრომელი ხურდა ფულს მთხოვს იმ მოტივით, რომ მხოლოდ დიდი კუპიურების ასიგნაციები აქვს და წვრილი ნივთის შეძენის სურვილი გასჩენია...
პულსი მიჩქარდება, რადგან ყოველი გროში გამოანგარიშებული მაქვს...
ყოველი ნაბიჯი გაზომილი მაქვს...
დიახ! ყოველი ნაბიჯი გაზომილი მქონდა...
ასე მეგონა წინა ორშაბათამდე.
ორშაბათს კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...
მოსწავლეებმა გაკვეთილი გამიცდინეს და ორმოცდახუთწუთიანი ვაკუუმის შესავსებად ქუჩაში გავედი...
სიგარეტი ამოვაძვრინე ჯიბიდან და ის-ის იყო ცეცხლი უნდა გამეჩაღებინა მიტყუპებულ ხელისგულებს შორის, მანქანამ დაამუხრუჭა ჩემს ფეხებთან...
მუქი ლურჯი, ლაპლაპა, დიდი `მერსედესიდან~ ქალი გადმოვიდა, მოხდენილი მოძრაობით კარი ჩაკეტა, გასაღები ხელჩანთაში ჩააგდო და ჩემსკენ შემობრუნდა...
ძვირფასი, მანქანასავით ლაპლაპა ქურქი გახსნილი ჰქონდა და ქურქის შიგთავსს _ ჩამოქნილ ფეხებსა და მკვრივ ძუძუებს ტანზე მოტმასნილი როლინგი და ზედმეტად მოკლე ქვედაკაბა ვერაფერს აკლებდნენ...
მხოლოდ წამის მეათასედით შევავლე თვალი, ასანთი ავანთე და ცხვირ-პირი ხელისგულებს შორის ჩავყავი...
ვიგრძენი, როგორ მიყურებდა, მაგრამ იქით აღარ გამიხედავს. ღრმა ნაფაზი დავარტყი და სახე საპირისპირო მიმართულებით მივატრიალე...
რამდენიმე წამში კეფა ამიხურდა...
ქალს ვერ ვხედავდი, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი ჩემსკენ მომართულ მის მზერას...
და, უცებ გადავწყვიტე...
გადავწყვიტე, და გავაკეთე ის, რაც ოჯახის შექმნის დღიდან არ გამიკეთებია _ მივტრიალდი და თავხედურად გავუსწორე თვალები უცხო ქალს...
ასეთი სილამაზე იშვიათად მინახავს...
თითქმის, არც მინახავს არასოდეს...
მისმა სახემ მისი სხეული დამავიწყა...
ოდნავ გამოზრდილი ყვრიმალები, სწორი ცხვირი, დაბერილი, ხორციანი ტუჩები, კუპრივით შავი თმა, თეთრი კანი და მოელვარე, მწვანე თვალები ჰქონდა...
თითქოს, მეცნო კიდეც...
მერე გავიფიქრე _ ალბათ, სწორედ ასეთად წარმომიდგენია იდეალური ქალი და ამიტომაც მეცნობა-მეთქი...
აბა, საიდან უნდა მცნობოდა?!.
გაშტერებული მივჩერებოდი...
მინდოდა, თავი მიმებრუნებინა, მაგრამ ყოველგვარი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. თვალი ვერ მოვწყვიტე...
და, აი, აქ მოხდა სასწაული...
ქალმა გაიღიმა...
წამით ვიფიქრე _ მე დამცინის-მეთქი...
მართლა დასაცინი ვიყავი, ალბათ...
პირდაღებული ვიდექი და თვალებში ვუყურებდი...
მაგრამ, აშკარა იყო _ მე მიღიმოდა...
მერე დაიძრა...
რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ნახევარი მეტრის სიახლოვეს დამიდგა:
_ ვერ მიცანი?
ეტყობა, ადამიანის ტვინს მართლაც უამრავი რეზერვი გააჩნია. წამის მემილიონედში ჩემი გონების ყველა სარქველი ერთდროულად ჩაირთო. მერე გონება სმენას დაუკავშირდა და...
ხმით ვიცანი...
ჩემს წინ ჩემი კლასელი იდგა, რომელიც ოცი წლის უნახავი მყავდა...
ავირიე, მაგრამ მოვახერხე, თავს მოვრეოდი და, მგონი, დიდად არ დამტყობია დაბნეულობა...
დაახლოებით ხუთი წუთი მელაპარაკა და ხუთ წუთში მთელი ის ოცწლიანი პერიოდი მომიყვა, რაც სკოლის დამთავრების შემდეგ განვლო...
მომიყვა, როგორ გათხოვდა, როგორ არ გაუჩნდა შვილი ათი წლის განმავლობაში, როგორ გაცილდა ერთი წლის წინ ქმარს, როგორ დაიწყო მუშაობა უცხოურ ორგანიზაციაში, რომლის ოფისიც, თურმე, ჩემი სკოლის პირდაპირ არის განთავსებული...
ვუყურებდი და ვუღიმოდი...
ისიც კი გავიფიქრე, მე რატომ მიყვება ამ ყველაფერს-მეთქი?..
მერე ხელი მხარზე დამადო და ამოიოხრა:
_ გახსოვს, როგორ მიყვარდი?..
და, საათს დახედა:
_ დამაგვიანდა... ხომ იცი ამ უცხოელების ამბავი... ხუთზე ვამთავრებ და მოდი, ჩემს მანქანასთან შევხვდეთ ერთმანეთს... მოხვალ?..
ძლივს გადავყლაპე ნერწყვი...
ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და თავი დავუქნიე...
თვალები გაუბრწყინდა _ ის მწვანე თვალები...
გამიღიმა, მიტრიალდა და ქუჩა გადაჭრა...
ტროტუარზე რომ ავიდა, შემობრუნდა, ხელი დამიქნია და ისევ გამიღიმა...
ძლივს ავამოძრავე მკლავი და ძლივს დავუქნიე მარჯვენა...
შეტრიალდა და შენობაში შევიდა...
`გახსოვს, როგორ მიყვარდი?..~
და, გამახსენდა, რომ მართლა ვუყვარდი...
ვუყვარდი ნული კლასიდან სკოლის დამთავრებამდე...
მაშინაც ასეთი ლამაზი იყო?..
ლამაზი როგორ არ იყო, მაგრამ _ ასეთი?..
ჩვენი კლასის ყველა ბიჭი მასზე იყო შეყვარებული, მას კი მე ვუყვარდი...
გამახსენდა, როგორ მიწერდა საშინაო დავალებებს, როგორ მეხმარებოდა საკონტროლო წერების დროს, როგორ მიცავდა მასწავლებლების აგრესიისაგან...
რაც სკოლა დავამთავრე, ერთხელაც არ გამხსენებია...
დღეს რომ მოსწავლეებს გაკვეთილ;ი არ გაეცდინათ ჩემთვის?..
მივტრიალდი და სკოლის შენობაში შევედი...
ზუსტად პირველი საათი იყო...
კიდევ ორი გაკვეთილი მქონდა ჩასატარებელი...
როგორი ბიჭი უნდა ვყოფილიყავი, მშვიდად და აუღელვებლად რომ გამეკეთებინა ეს?!.
პირველ გაკვეთილს, ასე თუ ისე, გავართვი თავი და შვებით ამოვისუნთქე ზარის დარეკვაზე...
აი, მეორე გაკვეთილის ჩატარება ბევრად უფრო გამიჭირდა...
ეტყობა, რაც უფრო ახლოვდებოდა ხუთი საათი, მით უფრო ვღელავდი...
მოსწავლეებმაც კი შემატყვეს დაბნეულობა და გაისუსნენ. ისე გაისუსნენ, სხვა დროს სიხარულით ცას ვეწეოდი, მაგრამ ახლა ეს სიჩუმე ხელს მიშლიდა. ყურს უსიამოვნოდ ხვდებოდა საკუთარი ხმა...
ახსნას თავი დავანებე და ბავშვებს საკლასო წერის გაკვეთილი ჩავუტარე...
სამის ნახევარზე სამასწავლებლოს კარი შევაღე, სეიფიდან მეთერთმეტე კლასელების რვეულები გამოვიღე, მაგიდას მივუჯექი და გასწორება დავიწყე...
ვერაფრით დავუდე გული...
ყოველ ათ წუთში საათზე ვიხედებოდი...
ოთხის ოც წუთზე რვეულები ისევ სეიფში შევინახე და სამასწავლებლოს კარი გამოვიხურე...
სკოლის შენობა დაცარიელებული იყო...
დარაჯს დავემშვიდობე და ქუჩაში გავედი...
`მერსედესი~ ისევ იქ იდგა...
ქურთუკის საყელოები ავიწიე, ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და ქუჩას დავუყევი...
შეხვედრამდე საათნახევარი იყო...
ვიფიქრე _ ჩემს ბიძაშვილთან შევივლი, ჩაის დავლევ, ძალას მოვიკრებ-მეთქი...
მერე ფიქრმა წამიღო...
ისევ ის სახე დამიდგა თვალწინ...
ათი წელი შვილს ელოდა თურმე. ალბათ, როგორ იტანჯებოდა...
როგორ ვუყვარდი...
რამდენი რამ გამოცადა...
თერთმეტი წელი ატარა ჩემი სიყვარული...
იქნებ, მეტიც?..
შვილიც არ აღირსა განგებამ...
ქმარმაც არ გაუმართლა...
ისე, რამდენი ოჯახია, ბავშვი რომ აჰყავს...
ჩვეულებრივი ამბავია _ თუკი წლების მანძილზე შვილი არ უჩნდებათ, სხვა რა უნდა ქნან?!.
მაგრამ, ეტყობა, ქმართან ცხოვრებაც უჭირდა...
ალბათ, არ უყვარდა და იმიტომ...
როგორ დატანჯულა...
ისე წამიღო ფიქრმა, ვერც შევამჩნიე, როგორ გავცდი ბიძაშვილის სახლს...
საათს დავხედე. ოთხს ხუთი წუთი აკლდა...
გავჩერდი და ქუჩა მოვათვალიერე...
მერე მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე _ ღვინის სარდაფში ჩავედი და ერთი ბოთლი `კახეთი~, კარტოფილი და სალათა ავიღე...
ჩემს სიცოცხლეში პირველად დავლიე მარტომ...
მერე სარდაფის ტელეფონიდან სახლში დავრეკე და ცოლი მოვატყუე _ დირექტორმა თათბირი დანიშნა და ერთი-ორი საათი შემაგვიანდება-მეთქი...
სინდისის ქენჯნა არ მიგვრძვნია, მშვიდად დავკიდე ყურმილი _ ეტყობა, სასმელი მომეხმარა...
ფული გადავიხადე და ქუჩაში გამოვედი...
ხუთს თხუთმეტი აკლდა...
დღეს რომ მოსწავლეებს გაკვეთილი არ გაეცდინათ ჩემთვის?..
როდისღა შევხვდებოდი?!.
არასოდეს?..
და, აღარასოდეს გამახსენდებოდა?..
რა უცნაურია ცხოვრება...
ნუთუ, არავინ ჰყავს?..
ერთი წელია, ქმარს დავშორდიო...
ასეთ ქალს მოსვენებას არ მისცემდნენ...
მართლა ძალიან ლამაზია...
თუ, მე მეჩვენება?!.
არა, მართლა არ მინახავს ასეთი სილამაზე...
არ შეიძლება, ვინმე არ ჰყავდეს...
უცხოელებთან ვმუშაობო...
ნეტავ, ის თუ იცის, მე სად ვმუშაობ?..
არაფერი უკითხავს...
ისიც კი არ უკითხავს, ცოლ-შვილი თუ გყავსო...
ანდა, რატომ უნდა ეკითხა, რაში აინტერესებდა?..
რა, ჩემს ჩაცმულობაზე ვერ მიხვდებოდა, დაახლოებით სადაც ვმუშაობ?!.
არ მეტყობა რამდენი კვერცხის ფულს მიხდის სახელმწიფო?!.
კვერცხების სახელმწიფო!
მაგრამ ჩემი ოჯახური მდგომარეობით მაინც რატომ არ დაინტერესდა?..
ნუთუ, სრულიად სულერთია მისთვის, მყავს თუ არა ცოლი?..
რომ მკითხა _ გახსოვს, როგორ მიყვარდიო?..
ნუთუ, უკვალოდ გაქრა თერთმეტი წლის სიყვარული?!.
რომ მთხოვა _ ხუთ საათზე ჩემს მანქანასთან შემხვდიო?..
`მერსედესი~ ისევ იქ იდგა...
ზუსტად ხუთი საათი იყო...
თვითონ არ ჩანდა...
მანქანას მივეყრდენი ზურგით და გავაბოლე...
ორ წუთში გამოვიდა შენობიდან...
დამინახა, გამიღიმა და ხელი დამიქნია...
მეც გავუღიმე...
უცებ გადმოჭრა ქუჩა, მომიახლოვდა და კარი გამიხსნა...
ისევ გამიღიმა, მანქანას შემოუარა და თავისი კარი გააღო...
_ დალიე? _ მკითხა, როგორც კი მანქანაში ჩავსხედით.
_ ხო, ცოტა... თანამშრომლის დაბადების დღეა, _ სკოლის შენობისკენ ავიქნიე თავი _ თვითონ არ ვიცი, რატომ ვიცრუე.
_ ხშირად სვამ? _ დაძრა მანქანა.
_ არაა.. _ გულწრფელად ვუპასუხე, _ თითქმის არასოდეს.
ისევ გაიღიმა...
_ თანამშრომელმა პატარა პურ-მარილი მოიტანა... დაბადების დღე ჰქონდა, _ თავისმართლებასავით გამომივიდა.
არ უკითხავს _ ვინ თანამშრომელი, სად მუშაობო...
ცოტა ხანს ორივენი ჩუმად ვიყავით...
მერე მაგნიტოფონი ჩართო დაბალ ხმაზე...
_ საით წავიდეთ?..
დავიბენი...
ხომ არ ვეტყოდი _ სახლში მიმიყვანე-მეთქი...
_ რამდენი დალიე? _ ჩემსკენ მოატრიალა სახე.
_ ერთი ბოთლი.
_ ღვინო?
_ ღვინო, _ დავუქნიე თავი.
_ ახლა მე დავლევ ერთ ბოთლ შამპანურს.
ჯიბეში ზუსტად ერთი ბოთლი იაფფასიანი შამპანურის ფული მედო...
_ დავლევ ერთ ბოთლ შამპანურს და თუ დავთვერი, მანქანაზე შენ დაჯდები.
თავი შევიკავე და აღარ ვუთხარი _ მანქანის ტარება არ ვიცი-მეთქი...
_ სად წავიდეთ? _ გამომხედა ისევ.
მე მხრები ავიჩეჩე.
_ მაშინ მე ვიცი, სადაც უნდა წავიდეთ, გპატიჟებ, _ მითხრა და სწრაფად გააქანა მანქანა.
შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა...
სახეზე ეტყობოდა, ურყევი გადაწყვეტილება მიეღო...
ნეტავ, არ შევხვედროდი-მეთქი, ვინანე...
უკვე ცუდად ვგრძნობდი თავს...
ის კი იღიმოდა...
ქალაქის მთავარ მოედანზე დაატრიალა მანქანა და ცალმხრივ ქუჩას საპირისპირო მიმართულებით დაუყვა...
იმ წამსვე ინსპექტორი გადაგვიდგა...
_ წადი, შენი, _ შეიგინა გულიანად და სიჩქარეს მოუმატა.
ინსტიქტურად უკან მივატრიალე თავი _ ხომ არ გამოგვეკიდნენ-მეთქი...
_ ნუ გეშინია, ეტყობა, ნომრები ვერ დაინახა. ფეხებს ვერ მოგვჭამს, _ თქვა ამაყად _ არც გამოუხედავს ჩემსკენ.
`ნუ გეშინიაო~, რაღაც ისე გამოუვიდა _ დაცინვასავით...
ვიგრძენი, როგორ წამოვწითლდი სახეზე...
_ აი, აქ მოვდიოდით, _ მიაყენა მანქანა ტროტუართან და ძრავი გამორთო.
კარი გავაღე და გადავედი...
ორ წამში გვერდით ამომიდგა, ხელკავი გამომდო და რესტორანში შემიძღვა...
მერე ერთი წამით შეყოვნდა, დარბაზი მოათვალიერა და კუთხის მაგიდისკენ დაიძრა...
მორჩილად გავყევი...
_ ისევ ღვინოს დალევ? _ მკითხა, როგორც კი მაგიდას მივუჯექით.
ყელი გამშრალი მქონდა...
ხმა ვერ ამოვუშვი...
ერთი წამით თვალი გამისწორა და მითხრა:
_ ძალიან გთხოვ, დღეს მე დაგპატიჟებ. ნუ გამიბრაზდები, კარგი?!
კარგი-მეთქი, დავუქნიე თავი _ სხვა რა გზა მქონდა...
უცებ გამხიარულდა...
ოფიციანტი რომ მოვიდა, თვალებით მანიშნა _ მიდი, შენ შეუკვეთეო...
ჩავახველე და ოფიციანტს ავხედე:
_ რა გაქვთ?
_ ჩვენ ყველაფერი გვაქვს, _ მიპასუხა მკაცრად.
ცოტა არ იყოს, დავიბენი.
უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე პირველად მოვხვდი რესტორანში...
_ ჰოდა, მოგვიტანეთ ცოტ-ცოტა ყველაფერი, _ გაუღიმა ჩემმა ქალბატონმა ოფიციანტს.
_ მაინც? _ მიაშტერდა ოფიციანტი მის მკერდს.
_ ძროხის ხორცი გაქვთ?
_ დიახ.
_ რა ნაჭრები გაქვთ? _ სახეზე დაეტყო აღელვება.
_ თქვენ რომელი გნებავთ? _ გაიღიმა ოფიციანტმა.
_ მკერდი თუ გაქვთ? _ და, უცებ ძუძუებზე დაიწყო ხელები.
_ რა ბრძანეთ?
_ რა ვბრძანე კი არა, გაეთრიე შე ლაწირაკო აქედან. რას მომჩერებიხარ? ეს რესტორანია თუ ბარდელი, ა?
ოფიციანტმა თავი უკან გადააგდო, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მე შემომხედა...
არ ვიცი, რა მოხდა ჩემში. თვალებში მივაჩერდი ოფიციანტს და კბილებში გამოვსცერი:
_ ვერ გაიგე, რა გითხრეს? დაითესე და სხვა ოფიციანტს დაუძახე. დროზე!
მგონი, ჩემი ქალბატონიც გავაკვირვე ჩემი საქციელით...
უცნაურად შემომხედა...
მერე ისევ ოფიციანტს მიუბრუნდა:
_ ზეზვა აქ არის?
_ არა... გასულია...
_ მოკლედ, _ საჩვენებელი თითი დაარტყა მაგიდის კიდეს, _ ერთი შამპანური, ერთი ღვინო და რაც გაქვთ გემრიელი... გაიგე? _ და, წარბები შეკრა.
ეს გაბრაზებაც უხდებოდა...
_ გავიგე, _ თავი ჩახარა ოფიციანტმა და მოგვშორდა.
_ ზეზვა ვინაა? _ ვიკითხე მე.
_ პიჟონია ერთი, ამ რესტორნის მეპატრონე.
_ აჰა, _ გასაგებია-მეთქი, დავაქნიე თავი.
_ ძველბიჭობა სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყე?
_ რა შემატყე?
_ რა ვიცი, _ გადაიკისკისა გულიანად, _ კი შეაშინე ოფიციანტი და...
_ მე კი არა, შენ შეაშინე, _ გავიცინე მეც, _ ძროხის მკერდი რამ მოგაფიქრებინა?
_ ლამის თავი ჩამიყო, _ ისევ ძუძუებზე დაიწყო ხელისგულები, _ თავხედი...
ცოტა ხანში სუფრა გაგვიშალეს.
ჭიქები შევავსე და ერთსიტყვიანი სადღეგრძელო ვთქვი:
_ გაგვიმარჯოს...
_ გაგვიმარჯოს, _ გამიღიმა ჩემმა ქალბატონმა და მომიჭახუნა.
მეტი სადღეგრძელო არ მითქვამს...
ისე დავცალეთ ორი ბოთლი, მე მეტი სადღეგრძელო არ მითქვამს...
თვითონ ლაპარაკობდა...
სადღეგრძელოებსაც თვითონ ამბობდა...
მიყვებოდა სტუდენტობის პერიოდზე...
როგორ გათხოვდა...
როგორ გაეყარა ქმარს...
როგორი მძიმე სამუშაო აქვს...
ვუსმენდი და მისი სილამაზით ვტკბებოდი...
ვუთხარი კიდეც:
_ რა ლამაზი ხარ...
ხელი ჩაიქნია:
_ მერე?..
_ მერე _ არაფერი... ძალიან ლამაზი ხარ...
ეშმაკურად მოჭუტა თვალები:
_ სკოლაში ვერ ამჩნევდი?
_ მაშინ ბავშვები ვიყავით, _ ვთქვი ჩუმად.
_ ახლა გავიზარდეთ, არა?!
_ ხო, გავიზარდეთ.
_ და, ახლა ამჩნევ, ხო?!
_ ხო, _ თავი ჩავხარე რატომღაც.
_ მაშინ უნდა შეგემჩნია, _ თქვა მკაცრად და ცრემლები წამოუვიდა.
იატაკს დავშტერებოდი და მის ცრემლებს ვერ ვხედავდი, მაგრამ ხმაზე შევატყე, ატირდა...
_ ნუ ტირიხარ, _ ვთქვი ისე, რომ თავი არ ამიწევია.
_ რა სისულელეა... სად ვტირივარ?..
თავი ავწიე და შევხედე...
ცრემლებს იწმენდდა...
_ აი, მაშინ ვტიროდი, _ გაცინება დააპირა, მაგრამ ისევ ცრემლები წასკდა, _ სკოლაში... ყოველ ღამე ვტიროდი... ზედაც არ მიყურებდი...
_ როგორ არ გიყურებდი, _ წამოვროშე სისულელე.
_ ოცი წელია, არ მიტირია. დავთვერი...
_ ნუ ტირიხარ, _ სიმკაცრე შემეპარა ხმაში.
_ ხო, _ დამიქნია თავი და ჭიქა მიიტანა ტუჩებთან.
მერე ჩანთა გახსნა და ფული დამიდო მაგიდაზე...
_ წავიდეთ? _ ვკითხე მე.
_ როგორც შენ გინდა.
_ წავიდეთ, _ წარმოდგენა არ მქონდა, სად უნდა წავსულიყავით...
გარეთ უკვე ბნელოდა...
მანქანაში რომ ჩავსხედით, მუხლზე დამადო ხელისგული, თავი ჩახარა და მკითხა:
_ წამოხვალ ჩემთან?
_ წამოვალ, _ ვუპასუხე და დავმშვიდდი.
სავარძელში გემრიელად მოვთავსდი, სიგარეტს მოვუკიდე და თვალები დავხუჭე...
მანქანა დაიძრა...
_ ფრთხილად იარე, ნასვამი ხარ, _ ვთქვი ისე, რომ თვალები არ გამიხსნია.
_ თავს მიხედე, _ მივიღე პასუხად.
თვალდახუჭულმა გავუღიმე...

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6620
Registration date : 09.11.08

ირაკლი ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ჯავახაძე   ირაკლი ჯავახაძე - Page 2 EmptyMon Feb 21, 2011 9:51 am

ირაკლი ჯავახაძე

ადამიანი ZERO


(დასასრული)

ვგრძნობდი, როგორ სწრაფად მისრიალებდა მანქანა...
მართლა რა ლამაზია-მეთქი _ გავიფიქრე ჩემთვის...
როგორ ვერ ვამჩნევდი სკოლაში?..
როგორ მოუხდა გაბრაზებაც...
როგორ მოუხდა ცრემლებიც...
ნეტავ, შიშველი როგორი იქნება?..
და, თვალები გავხსენი...
_ რას ფიქრობდი? _ ისე მკითხა, თითქოს ჩემი ფიქრი გამოიცნოო.
_ შენზე ვფიქრობდი, _ ვუთხარი და მუხლები შევუთვალიერე.
_ ხო, აბა, იმ ოფიციანტზე ხომ არ იფიქრებდი... რას ფიქრობდი?
_ ნეტავ, შიშველი როგორი იქნება-მეთქი, _ ისევ დავხუჭე თვალები.
პასუხი არ მიმიღია...
პასუხი არ მიმიღია, სანამ მის ბინაში არ ამოვყავით თავი...
სავარძელში ჩამსვა, წინ დამიდგა და გაშიშვლდა...
_ აი, ასეთი, _ მითხრა და კალთაში ჩამიჯდა, მომეხვია...
მერე მე ვყვებოდი...
გვერდით მეწვა, თავი ჩემს მხრებზე ედო და ყურადღებით მისმენდა...
მოვყევი მთელი ის ოცწლიანი პერიოდი, სკოლის დამთავრების შემდეგ რომ გავიარე...
_ გიყვარს ცოლი? _ მკითხა მოულოდნელად.
და, ვერ ვუპასუხე...
_ ესე იგი, გიყვარს, _ თქვა მშვიდად, აუღელვებლად.
_ იცი, რა არის?..
_ ვიცი. გაჩუმდი, _ ტუჩებზე დამაფარა თითი.
ხუთი წუთი ხმა არ ამოგვიღია არცერთს...
გაუნძრევლად ვიწექით...
მერე ვთქვი:
_ შენ მიყვარხარ!
არც შერხეულა...
უფრო გაინაბა...
_ მართლა შენ მიყვარხარ. ახლა მივხვდი, ამ წუთას, _ ავუწიე ხმას.
ისევ განაბული იწვა...
მერე თავი წამოწია და თვალებში ჩამაცქერდა:
_ გაიმეორე.
_ შენ მიყვარხარ.
_ იცი, რამდენი ხანი ველოდებოდი ამ სიტყვებს?
_ ვიცი, _ დავაქნიე თავი.
გაეცინა:
_ არ იცი. არაფერი არ იცი, _ და, მაკოცა...
მერე მითხრა:
_ ახლა წადი. უკვე გვიანია...
_ ცოტა ხანს კიდევ დავრჩები, _ გავჯიუტდი მე.
_ არა, _ თქვა მკაცრად, _ ხვალ შევხვდეთ. ახლა წადი.
თვითონ არ ვიცი, რატომ დავემორჩილე...
წამოვჯექი და ჩაცმა დავიწყე...
_ წვიმს, _ თვითონაც წამოჯდა ლოგინზე და მკლავები მომხვია კისერზე, _ მანქანას გაგატან.
არ მინდა-მეთქი, გავიღიმე...
_ წაიყვანე. რატომ უნდა დასველდე? მეორეც მყავს.
_ ჰოო?
_ ჰო.
_ არ მინდა. ტაქსით წავალ. ისეც არ წვიმს.
_ ნუ გეშინია, არავინ გაგაჩერებს. ისეთი ნომრები აქვს, არავინ გაგაჩერებს.
_ ორივეს?
_ ორივეს, _ მიპასუხა გაკვირვებულმა და გაიცინა, _ უკვე ეჭვიანობ?
_ საიდან მოიტანე?
_ ვიცი, ეჭვიანობ. საიდან მანქანები, საიდან ეს ნომრები...
_ ნუ სულელობ, არაფერსაც არ ვეჭვიანობ, _ წამოვდექი ფეხზე _ უკვე ჩაცმული ვიყავი.
თვითონაც წამოდგა და ხალათი მოიცვა...
შემოსასვლელში გავედი და ქურთუკიც ჩავიცვი...
_ ესე იგი, არ მიგყავს მანქანა, _ გამომყვა უკან.
_ არა.
_ კი მაგრამ, რატომ?
_ რომ გითხრა, გაგეცინება.
_ თქვი.
_ ტარება არ ვიცი.
_ რაა? _ დააღო პირი.
_ ტარება არ ვიცი. არასოდეს მყოლია მანქანა.
_ როგორ თუ ტარება არ იცი, _ აუტყდა სიცილი, _ არა გრცხვენია?! ოცდაჩვიდმეტი წლის კაცმა მანქანის ტარება როგორ არ იცი?! ხვალიდან გაკვეთილებს ჩაგიტარებ და ერთ კვირაში გასწავლი.
_ რა მოხდა, სასირცხვილო რა არის? ოცდაჩვიდმეტი წლის კაცმა დღემდე ისიც არ ვიცოდი, სიყვარული რა იყო...
_ ახლა იცი, ხო?!
_ აბა?! _ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე, _ ხვალ სად გნახო?
_ მოიცა, ჩავიცვამ და მე წაგიყვან, _ საძინებელში დააპირა გასვლა.
ხელი ჩავავლე მკლავში:
_ არ გაბედო. სავსეა ქუჩები ტაქსებით. ორი ღერი სიგარეტი გამატანე.
ერთი კოლოფი გამომიტანა:
_ წაიღე, მე კიდევ მაქვს... ხვალ ხუთზე ისევ იქ შევხვდეთ...
სახლში თორმეტის ნახევარზე მივედი...
დენი გამოერთოთ და ჩემი ცოლ-შვილი უკვე ლოგინში იწვა...
_ ნასვამი ხარ? _ თავი წამოყო ცოლმა, როგორც კი ოთახში შევაბიჯე.
_ ხო, _ დავიწყე გახდა, _ თანამშრომლის დაბადების დღე იყო, სკოლაში მოიტანა პურ-მარილი.
ჩვენს ბიჭუნას ეძინა...
დავიხარე და ვაკოცე...
_ არ გააღვიძო, _ გამაფრთხილა ცოლმა.
_ რატომ უნდა გავაღვიძო?! _ მივუწექი ცოლს გვერდით, ლოყაზე ვაკოცე და გადმოვტრიალდი, დავიძინე...
ორ წუთში დამეძინა...
მთელი ცხოვრება უძილობა მტანჯავს, იმ დღეს კი ორ წუთში ჩამეძინა...
_ მაკარონია მოსატანი, _ მითხრა დილით ცოლმა.
ჯიბეები მოვიქექე, მაგრამ ვერაფერს მივაგენი...
არც ფული მედო და, მით უმეტეს, არც _ მაკარონი...
_ ფული უჯრაშია, _ თვალები გამისწორა მეორე ნახევარმა.
ხო-მეთქი, _ წავიბურდღუნე ჩემთვის...
_ როდის მერე დაიწყე ტაქსით სიარული?
_ ტაქსით? _ გავიოცესავით მე.
_ გუშინ მთელი საღამო ფანჯარასთან ვიდექი, გელოდებოდი.
_ რომ ამოვედი, იწექი.
_ ხო, სადარბაზოში რომ შემოხვედი, დავწექი. შენ არ გითქვამს, რომ დაგაგვიანდებოდა.
რა უნდა მეპასუხა?..
_ შენგან ასეთ რამეს არა ვარ მიჩვეული.
_ ზეთიც წამოვიღო?.. _ გამოვაღე უჯრა.
_ სად იყავი გუშინ? ორჯერ დავრეკე სკოლაში. არავინ პასუხობდა.
_ ტელეფონი გამოგვირთეს.
_ აბა, თათბირი გვაქვსო?!
უჯრა მივხურე და გასასვლელისკენ დავიძარი...
_ არ გესმის, რომ გელაპარაკები?
_ თათბირი გვქონდა. მერე გაირკვა, რომ თანამშრომლის დაბადების დღე ყოფილა. დავთვერი და ტაქსით წამოვედი. დაინგრა ქვეყანა?
ხმა არ ამოუღია...
მერე თვალი ამარიდა:
_ დაანებე თავი. მე ამოვიტან მაკარონს.
_ ძალიან კარგს იზამ. თორემ, დამაგვიანდა, _ დავხედე საათს, _ დღესაც შემაგვიანდება ცოტა.
_ შენი საქმისა შენ იცი.
კარი გამოვიხურე და წამოვედი...
წვიმიანი მოჟამული ამინდი იყო...
გაზეთი ვიყიდე და მეტროში ჩავძვერი...
სკოლის შენობასთან რომ მივედი, გულდასმით მოვათვალიერე ქუჩა, მაგრამ `მერსედესი~ არ დამინახავს...
გაკვეთილებს შორის ორჯერ გამოვყავი თავი ქუჩაში...
`მერსედესი~ არ იდგა...
ოთხის ნახევარზე დავამთავრე ყველა გაკვეთილი...
გამოვედი სკოლის შენობიდან და ისევ მოვათვალიერე ქუჩა, მაგრამ _ უშედეგოდ...
ნაცნობი `მერსედესი~ არ ჩანდა...
`ნუთუ, არ მოვა?~ _ გამკრა ეჭვმა...
იქნებ, მთელი გუშინდელი დღე შეცდომად ჩაუთვალა საკუთარ თავს და გადაიფიქრა ჩემთან შეხვედრა?..
იქნებ, მე რომ წამოვედი, თვალი არ მოუხუჭავს?..
თვალი არ მოუხუჭავს და ყველაფერი აწონ-დაწონა...
მაგრამ სამსახურში მაინც ხომ უნდა მოსულიყო?..
ნუთუ, მემალება?!.
ნუთუ, სხვაგან დააყენა მანქანა და საერთოდ არ აპირებს ჩემთან შეხვედრას?!.
და, უცებ მივხვდი _ როლები შეიცვალა...
ახლა მე ვიყავი შეყვარებული...
თანაც უიმედოდ...
რაკი მანქანა ვერ დავინახე _ გადავწყვიტე, რომ ჩემი ქალბატონი ჩემთან შეხვედრას თავს არიდებდა...
მოვდიოდი ქუჩაზე და, ლამის მეზიზღებოდა საკუთარი თავი...
მერე შევატყე _ უიმედოდ შეყვარებული კაცის ყოველი აზრი ეჭვიანი ყოფილა...
`რა მინდოდა, რას გადავეკიდე?.. ვინ დამითმობდა, ვინ შემარგებდა ასეთ ქალს?.. ასეთ ქალს დამსახურება უნდა... მე კი უცებ, ერთ წუთში მოვინდომე მისი დასაკუთრება... ჩემი ქეციანი ბიოგრაფიის პატრონს მასთან გატარებული ერთი საღამოც ოცნებად უნდა მქონოდა... და, რაკი ოცნება ამისრულდა, ილუზიებმა თავბრუ დამახვიეს... კაცმა რომ თქვას, არც ამ ოცნების ასრულებაში შემიტანია წვლილი... წვლილი კი არა, როლიც არ მქონია... გააკეთა ის, რაც იმ წუთში უნდოდა და ახლა აღარაფერში ვჭირდები... რა ძნელი მისახვედრი ესაა?.. ახლა სადმე ქუჩაში რომ შემხვდეს შემთხვევით, შეიძლება სალამიც კი არ მომცეს...~
ხშირად მიფიქრია, რომ ადამიანები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან...
არც მათი სურვილები და მისწრაფებები განსხვავდება...
განსხვავდება ამ სურვილებისა და მისწრაფებებისაკენ მავალი გზები...
და მაშინ, თითქოს ისე გამოდის, რომ მიზნის მისაღწევად ყოველგვარი გზა გამართლებულია...
თუ, ასეც არ არის?..
მაგრამ, როცა მიზანი მიღწეულია, განვლილი გზა და გამოყენებული საშუალებები მეორეხარისხოვანი ხდება...
მეორეხარისხოვანი ხდება და ისტორიას ბარდება...
გააკეთა ის, რაც იმ წუთში უნდოდა...
გააკეთა ის, რასაც ოცდაათი წელი ელოდა...
ეკუთვნოდა და მიიღო...
ახლა სადმე ქუჩაში რომ შემხვდეს შემთხვევით?..
უცებ ყველაფერი უაზრობად მომეჩვენა...
ნაბიჯს ავუჩქარე და ნაცნობ ღვინის სარდაფში ჩავედი...
ორასი გრამი არაყი და სალათა ავიღე...
მერე _ კიდევ ასი გრამი...
და მივხვდი, ალკოჰოლი საუკეთესო საშუალება ყოფილა...
ვინანე კიდეც _ ნეტავ, ადრე რატომ არ ვსვამდი, რამდენ პრობლემას გადავიტანდი უმტკივნეულოდ-მეთქი...
როგორც კი არაყიც გამომელია და ფულიც, დავრწმუნდი, რომ ესეც ილუზია ყოფილა...
პრობლემები ასე მარტივად არ გვარდება...
მათი ხელოვნურად გადავადება, მათ მოგვარებას არ ნიშნავს...
თუმცა, არაყმა რაღაც შედეგი მაინც გამოიღო...
ნასვამი კაცი ოპტიმისტია:
`იქნებ, მოვიდეს?!~
ხუთ საათზე სკოლასთან ვიდექი...
`მერსედესი~ არ ჩანდა...
`იქნებ, გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და მოვიდეს?!~
ექვსის ორ წუთზე სიგარეტს მოვუკიდე...
`თუკი საქმე გამოუჩნდა, შეიძლება დააგვიანდეს კიდეც~.
ექვსის ხუთ წუთზე ფილტრამდე დაყვანილი სიგარეტი ურნაში მოვისროლე...
`იქნებ, მოვიდეს?!~
`იქნებ, გულმა არ გაუძლოს და მაინც მოვიდეს?!~
`იქნებ, სულ ბოლო წამს შეცვალოს გადაწყვეტილება და...~
და, დამიძახა...
მოპირდაპირე მხარეს იდგა მანქანასთან, ერთი მკლავი გამოღებულ კარზე ჩამოეყრდნო და მიღიმოდა...
`მეორე მანქანა!~ _ უცებ დამარტყა თავში...
ორკარიანი, სპორტული, კოხტა მანქანა იყო...
ეს მანქანა მთელი დღე აქ იდგა...
დილიდანვე შევამჩნიე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი...
ქუჩა გადავჭერი, მივედი და გადავკოცნე...
სპორტულად ეცვა _ ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი...
გადავკოცნე და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა...
_ შენ რა გალოთდი? _ შეკრა წარბები.
_ არა. უბრალოდ, შეყვარებული ვარ.
_ ღვინოზე?
_ არა. შენზე.
_ ვიფიქრე, მანქანის ტარებას ვასწავლი-მეთქი. შენ კი დამთვრალხარ.
_ სიყვარულით, _ წავჩურჩულე ყურში.
_ ასეთ მდგომარეობაში ატარებ გაკვეთილებს?
_ ჩემი პედაგოგიური კვალიფიკაცია თუ გაინტერესებს, შეგიძლია გაკვეთილზე დამესწრო...
_ ჯერ შენ უნდა დაესწრო პატარა წვეულებას.
_ რა წვეულებას? _ გამიფართოვდა თვალები.
_ დაჯექი, გეტყვი, _ ჩაჯდა თვითონ მანქანაში.
გამოვაღე მეორე კარი და სავარძელში მოვთავსდი:
_ რა ხდება?
_ შვიდ საათზე ჩემს თანამშრომელთან ვარ დაპატიჟებული. დაბადების დღე აქვს.
_ დაბადების დღე?
_ ხო. გუშინ შენი თანამშრომლის დაბადების დღე იყო, დღეს _ ჩემი თანამშრომლის ყოფილა. შენ თუ არ წამოხვალ, არც მე წავალ.
_ მე რა მინდა?!
_ მივიდეთ ერთი საათით. ამერიკელია...
_ ამერიკელი?
_ რა მოგივიდა? ერთი საათით მივიდეთ და მერე ჩემთან წავიდეთ.
_ მივიდეთ. თუნდაც მადაგასკარელი იყოს. შენთან ერთად ყველგან წამოვალ.
_ ოღონდ, ჯერ საჩუქარი უნდა შევიძინოთ, _ დაძრა მანქანა.
_ კაცია?
_ ხო, _ დამიქნია თავი.
_ მაშინ _ მამაკაცის სუნამო მისწრებაა.
_ ვნახოთ. მაგათ სუნამოებით ვერ გააკვირვებ.
_ მაშინ _ ყანწი, ჩოხა და ხანჯალი უყიდე.
_ შენ ხუმრობ და, ჭკუას კარგავენ ეგეთ რაღაცებზე.
_ მე შენზე ვკარგავ ჭკუას, _ ხელი გადავუსვი თავზე.
გაიღიმა და თვალები დახუჭა ერთი წამით...
_ რას შვრები?! დავიმტვრევით, _ ვითომ შემეშინდა და საჭეს წავეტანე.
_ აი, შენ თუ არ მოისვენებ, მართლა დავიმტვრევით.
_ რა მომასვენებს?! ასეთი ქალის გვერდით რა მომასვენებს?!
_ როგორი ქალის? _ გააჩერა მანქანა.
_ რატომ გავჩერდით? _ მოვათვალიერე ქუჩა.
_ დრო გაჩერდა.
_ რა თქვი? რა გაჩერდა?
_ დრო.
თვალებში მიყურებდა...
რაღაც უნდა მეთქვა...
პირდაპირ გავიხედე და ვთქვი:
_ დრო არ გაჩერებულა. დრომ შენ შეგამჩნია, ცოტა ხნით შეჩერდა და თავიდან იწყო ტრიალი.
_ დრო არ ტრიალებს. დრო მიდის, _ მკლავზე დამადო ხელი.
_ ვფილოსოფოსობთ? _ გავიცინე მე.
მეგონა, თვითონაც გაიცინებდა...
_ იცი, რა?! _ გავუსწორე მზერა, _ მე არ წამოვალ დაბადების დღეზე. მე სახლში წავალ, ჩემს ნივთებს მოვაგროვებ, ჩანთაში ჩავყრი, ცოლს დავემშვიდობები და შენთან მოვალ.
_ გაგიჟდი? _ ლამის იკივლა.
_ გავგიჟდი. ჯერ გუშინ შუადღისას გავგიჟდი, პირველად რომ გნახე. მერე _ ხუთ საათზე რომ შეგხვდი, მაშინ გავგიჟდი. მერე _ რესტორანში. მერე _ შენთან სახლში. მერე, დღეს ვგიჟდებოდი მთელი დღე და რომ დაგინახე, სულ გადავგიჟდი...
_ ასე უცებ თუ გაგიჟდი, არ გეშინია, უცებვე რომ გადაგიაროს?!
_ ფსიქიატრებს ჯერ არ გამოუგონებიათ ის წამალი, ჩემს სიგიჟეს რომ მოარჩენს.
_ არა, შენ მართლა გაგიჟდი, _ შეშფოთებული მიყურებდა.
_ რა იყო? _ გავიცინე და სიგარეტი ამოვაძვრინე ჯიბიდან, _ არ გჭირდება სახლში გიჟი?
_ მთვრალი ხარ, _ დაასკვნა უცებ.
_ ყოველ შემთხვევაში, სიმთვრალე არ მალაპარაკებს. სიმთვრალე, უბრალოდ, მაბედინებს ამის თქმას.
_ ვაიმე, რა ვქნა? _ შეწუხდა და აქეთ-იქით გაიხედა.
_ რა უნდა ქნა, _ ვუთხარი მშვიდად, _ უნდა დაქოქო მანქანა, მიმიყვანო სახლში, მიხვიდე შენს ამერიკელთან, მერე წახვიდე შენს სახლში და დამელოდო, _ და, საათზე დავიხედე, _ თერთმეტისთვის მოვალ.
_ თერთმეტისთვის?..
_ ხო, ცოტა დრო მჭირდება ცოლთან ოფიციალური საკითხების მოსაგვარებლად. ხომ უნდა დაველაპარაკო.
_ არა, არა. შენ მართლა გაგიჟდი. მოდი, მიგიყვან სახლში და ეს ლაპარაკი ხვალისთვის გადავდოთ.
_ მიმიყვანე სახლში და თერთმეტისთვის მელოდე. თერთმეტზე შენთან ვიქნები.
ხმის ამოუღებლად დაძრა მანქანა...
მერე მკითხა:
_ სად ცხოვრობ?
სწორად მიდიხარ-მეთქი, ვუთხარი...
მთელი გზა ჩუმად ვისხედით...
_ ახლა საით? _ მკითხა ბოლოს, გზაჯვარედინს რომ მივუახლოვდით.
_ აქ გამიჩერე. სულაც არ არის საჭირო, ჩემმა ყოფილმა მეორე ნახევარმა დაგინახოს. ისიც ეყოფა, რისი გაგებაც დღეს მოუწევს.
_ იქნებ, არ ღირს აჩქარება, ა? _ გააჩერა მანქანა, _ ასეთი სერიოზული საკითხის ასე უცებ გადაწყვეტა...
_ სერიოზული საკითხები უცბად წყდება, _ გავაწყვეტინე მე, _ თუმცა შენთვის არაფერი მიკითხავს. იქნებ, სულაც არ გჭირდება გაფხეკილი, არაფრისმქონე მასწავლებელი.
_ ნუ სულელობ, _ გააქნია თავი.
_ ესე იგი, მოვიდე? _ გავაღე მანქანის კარი.
_ არ მოხვალ, _ თქვა ჩუმად.
_ რა თქვი?
_ არ მოხვალ, _ ოდნავ აუწია ხმას, _ დანამდვილებით ვიცი, რომ არ მოხვალ.
_ ვითომ, რატომ? _ მოვიხურე კარი.
ცოტა ხანი ჩუმად იჯდა...
მერე თქვა:
_ გული მიგრძნობს, არ მოხვალ... რაც გაგიცანი, იმ დღიდან არ ყოფილა წამი, როცა არ მიყვარდი. არ ყოფილა ღამე, როცა შენზე ფიქრში არ ჩამძინებია. არ ყოფილა დილა, როცა თვალის გახელისთანავე თვალწინ არ მედექი... ოცდაათი წელი... ახლა შენ რომ ჩემთან მოხვიდე და მერე მიმატოვო, ვეღარ გადავიტან... ის ოცდაათი წელი როგორღაც ერთ კალაპოტში ვცხოვრობდი. ერთ ამდენ ხანს კიდევ გავუძლებდი უშენობას. უბრალოდ, მივეჩვიე და ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე ჩემი თუ იქნებოდი... მაგრამ ახლა რომ წამოხვიდე და მერე დამტოვო, ვეღარაფერი მიშველის...
_ არ დაგტოვებ, _ წავჩურჩულე, მკლავი მოვხვიე და მივიკარი.
_ ეგეც მეორეხარისხოვანია. იქნებ, ორკვირიანი ბედნიერებისთვის ღირდეს კიდეც ცხოვრება... უბრალოდ, გული მიგრძნობს, არ მოხვალ. გული მიგრძნობს, რომ არასოდეს ვიქნები ბედნიერი... ნეტავ, არაფერი გეთქვა დღეს... გუშინდელი სიყვარულის ახსნა სიმთვრალეში და მამაკაცური მოვალეობის მოხდის აუცილებლობაში ჩაგითვალე...
_ რაში ჩამითვალე? _ გავუშვი ხელი, _ პატარა ბავშვი გგონივარ?
_ ხო, _ ღიმილით დააქნია თავი, _ ჩემთვის ის ნულკლასელი ხარ, პირველად სკოლაში რომ ვნახე. ყოველთვის ის იქნები.
_ მერე, რას გადაეკიდე ეს ოცდაჩვიდმეტი წლის ქალი ექვსი წლის ბიჭს, _ ვცადე გახუმრება, _ არ გრცხვენია?
_ მრცხვენია, _ სახეზე აიფარა ხელები, _ შენი ცოლისაც მრცხვენია, შენი ბიჭისაც მრცხვენია...
_ კარგი, ჰო, _ მოვეხვიე ისევ, _ არ იტირო.
_ იცი, რა ქენი, _ გადაწყვიტა უცებ, _ ადი სახლში, ჩაალაგე ჩანთა და ჩამოდი. აქ დაგელოდები.
_ ესე, როგორ? _ ვთქვი ყოყმანით.
_ ხომ გითხარი, არ მოხვალ-მეთქი, _ გაიღიმა მწარედ.
_ მოვალ. აუცილებლად მოვალ. ოღონდ, ცოლს უნდა დაველაპარაკო. ბავშვიც უნდა ვნახო, თერთმეტზე შენთან ვარ.
_ იცოდე, ერთი წუთითაც რომ დააგვიანო, კარს აღარ გაგიღებ. დაიმახსოვრე, თერთმეტამდე თუ არ მოხვედი, აღარასოდეს მნახო. მერე არ დამიწყო ძებნა. წადი სახლში, კარგად მოიფიქრე და თუ გადაწყვიტე, თერთმეტამდე მოდი.
_ მოვალ, _ გადავიხარე, ვაკოცე და მანქანიდან გადმოვედი.
რამდენიმე წამი მიყურა და ნელა დაძრა მანქანა, მოძრაობას შეერია...
როგორც კი ბინაში შევაბიჯე, გუნება წამიხდა...
შემოსასვლელში სიდედრის პალტო ეკიდა...
ქურთუკი გავიხადე, გვერდით მივუკიდე პალტოს და ოთახში შევედი...
_ ბავშვია ავად, _ გამომხედა სიდედრმა.
_ გამარჯობა.
_ სიცხე აქვს. გამარჯობა.
_ მაღალი? _ მივუახლოვდი და გადავკოცნე.
_ ოცდათვრამეტი და ექვსი ჰქონდა. წამალი დავალევინეთ და ცოტა დაუწია.
საძინებლისკენ შევტრიალდი...
_ არ შეხვიდე. აძინებს.
უნებურად საათს დავხედე:
_ ექვსია...
_ სუსტად იყო. ეძინება.
სიგარეტი ამოვაძვრინე ჯიბიდან და ასანთი მოვიმარჯვე...
_ აივანზე მოწიე. ცოდოა ბავშვი, _ თქვა სიდედრმა.
სიგარეტი მაგიდაზე დავაგდე, სამზარეულოში გავედი და მაცივარი გამოვაღე...
რამდენიმე წუთში ცოლი შემოვიდა:
_ დაიძინა. სკოლიდან რომ გამოვიყვანე, უკვე ცხელი იყო. მგონი, გრიპი აქვს.
არაფერი მიპასუხია _ ძეხვს და პურს ვილუკმებოდი...
_ კარტოფილს შეგიწვავ, გინდა? _ მომაჩერდა ცოლი.
არა-მეთქი, გავაქნიე თავი...
ცოტა ხანში სიდედრიც შემოგვიერთდა:
_ ჩაის დავლევ და წავალ, _ და, მადუღარა წყლით აავსო.
წამოვდექი, ოთახში გავედი და ტელევიზორი ჩავრთე...
ცოლი და სიდედრი სამზარეულოში დარჩნენ...
თვალდახუჭული ვიჯექი...
ვფიქრობდი...
ვფიქრობდი ჩემს მომავალ ცხოვრებაზე...
როგორ მოვიკიდებდი ჩანთას და როგორ წავიდოდი ერთი ქალისგან მეორესთან...
რაღაც უცნაურად გამოდიოდა _ ოჯახს ვტოვებდი და იმის მაგივრად, რომ წარსულზე მეფიქრა, ცოლ-შვილთან ერთად გატარებული წუთები გამეხსენებინა, მომავალი მაფიქრებდა...
თვალწინ წარმომიდგა ჩემი თავი ახალ ოჯახში...
ახალი ცოლის გვერდით...
წარმოვიდგინე, როგორი შურით შემომხედავდნენ მამაკაცები, როცა ასეთი ქალის გვერდით დამინახავდნენ...
წარმოვიდგინე ჩემი დირექტორის სახე, ერთ მშვენიერ დღეს `მერსედესით~ რომ მივიდოდი სკოლაში...
წარმოვიდგინე ნაცნობ-ახლობელთა წრე და მათი დაღებული პირები...
წარმოვიდგინე და სიამოვნებისგან გავიზმორე...
მერე ჩამეძინა...
იქვე, ჩართულ ტელევიზორთან ჩამეძინა...
_ გაცივდები, დაწექი, _ გამაღვიძა ცოლის ხმამ.
ხო-მეთქი და უცებ გამოვფხიზლდი, საათს დავხედე...
ათი ხდებოდა...
_ წავიდა დედაშენი?
_ წავიდა. ადექი, დავწვეთ.
_ ათია...
_ მე დავწვები, ძალიან დავიღალე...
ცოლი საძინებელში გავიდა...
ვიფიქრე _ დაწვეს, მე მანამდე ჩემს ნივთებს მოვაგროვებ და წასვლის წინ ვეტყვი ყველაფერს-მეთქი...
კარადიდან ძველი, პატარა ჩემოდანი გამოვიღე...
მერე რაღაც-რაღაცები, აუცილებელი ნივთები მოვიძიე და ჩემოდანში ჩავაწყე...
დღეს მეტს ვერაფერს წავიღებ, დანარჩენი სხვა დროს იყოს-მეთქი, გავიფიქრე და საათს დავხედე...
თერთმეტის ოცი წუთი იყო...
`იცოდე, წუთითაც რომ დააგვიანო...~
უკვე მზად ვიყავი...
ოფიციალური საკითხიღა რჩებოდა მოსაგვარებელი...
სიგარეტს მოვუკიდე...
ვიდექი ფანჯარასთან და ვაბოლებდი...
ცოლთან ლაპარაკის დაწყების რამდენიმე ვარიანტი შევარჩიე...
ბოლოს ერთ-ერთზე შევჩერდი, ნამწვი ფანჯრიდან მოვისროლე და საძინებელში შევაბიჯე...
ჩემს ცოლ-შვილს მშვიდად ეძინა...
ცოლს ერთი მკლავი თავქვეშ ამოედო, მეორე _ ბავშვისთვის მოეხვია საბანსზემოდან და წყნარად სუნთქავდა...
თავზე დავადექი...
ასე ვიდექი ხუთი წუთი...
მერე გამოვედი საძინებლიდან და ისევ გავაბოლე...
საოცარი სიჩუმე იყო...
ბოლოს მივხვდი, დღეს არაფრის მთქმელი არ ვიყავი...
გადავწყვიტე, ხვალ დილით დავურეკავდი და ტელეფონში ავუხსნიდი ყველაფერს...
სიგარეტი საფერფლეში ჩავჭყლიტე...
გავედი შემოსასვლელში, ქურთუკი მოვიცვი და ჩემოდნის ასაღებად შევბრუნდი ოთახში...
მერე ერთი წამით შევყოყმანდი, ჩემოდანი დავდგი და საძინებელში შევედი...
მივედი საწოლთან, დავიხარე და ბავშვს ვაკოცე...
შეიშმუშნა და დედამისისკენ გადატრიალდა...
და, ამ დროს საბნიდან ტერფი გამოყო...
ვიდექი და შეპყრობილივით ვუყურებდი...
პატარა თეთრი ფეხისგული შუქურასავით ანათებდა სიბნელეში...
მერე უცებ შევტრიალდი, ოთახში გავედი, ჩემოდანი გავხსენი და ნივთები ამოვალაგე...
ჩემოდანი რომ დაცარიელდა, შვებით ამოვისუნთქე და საათს დავხედე...
თერთმეტს ოცი აკლდა...
სავარძელში ჩავჯექი, სახე მუხლებთან მივიტანე და მკლავები თავზე შემოვიჭდე...
ასე ვიყავი დიდხანს...
ძალიან დიდხანს...
ბოლოს ავდექი, საძინებელში შევედი, ჩუმად გავიხადე და ჩუმად მივუწექი ცოლს გვერდით...
ზურგზე ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი...
ვერ მოვისვენე...
ვერაფრით ვერ მოვისვენე...
წამოვდექი, ოთახში გავედი, ფანჯარა გამოვაღე, ჩემოდანს ხელი დავავლე და შორს, ძალიან შორს მოვისროლე...
წამით თვალები დავხუჭე...
ჩემოდანი ხმაურით დაასკდა ასფალტს...
უცებ მივაჯახუნე ფანჯარა და საძინებელს დავუბრუნდი...
უკვე ვწვებოდი, ჩვენმა ბიჭუნამ თვალები გახსნა და მისუსტებული ხმით მკითხა:
_ მამა, რა გააკეთე?
_ არაფერი, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. დაიძინე, _ ვუთხარი ჩუმად და ფეხებთან საბანი შევუკეცე ბიჭს...

1998 წელი.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6620
Registration date : 09.11.08

ირაკლი ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ჯავახაძე   ირაკლი ჯავახაძე - Page 2 EmptySat May 14, 2011 6:02 pm

ირაკლი ჯავახაძე - Page 2 14052010
Irakli Javakhadze with My lime-tree© Photo by Mikho Mosulishvili, Saturday, 14 May, 2011

ირაკლი ჯავახაძე - Page 2 14052011

ირაკლი ჯავახაძე - Page 2 14052012

Irakli Javakhadze and Tea Kipshidze © Photo by Mikho Mosulishvili, Saturday, 14 May, 2011
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6620
Registration date : 09.11.08

ირაკლი ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ჯავახაძე   ირაკლი ჯავახაძე - Page 2 EmptySun Jul 08, 2012 1:00 pm

ირაკლი ჯავახაძე - Page 2 Irakli10

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6620
Registration date : 09.11.08

ირაკლი ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ჯავახაძე   ირაკლი ჯავახაძე - Page 2 EmptySat Jan 18, 2020 2:00 pm


ირაკლი ჯავახაძე - შავი სიის კავალრები

სცენარის ავტორი და რეჟისორი - ლევან ლორთქიფანიძე
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე
რედაქტორი - შოვინა ქაცარავა

მონაწილეობენ: ლევან ბერიკაშვილი, მერაბ ბრეკაშვილი, გოგა გორგასანიძე, ლილი ხურითი, გივი ჩუგუაშვილი, ქეთევან გეგეშიძე, ნანა ხურითი, ლამზირა ჩხეიძე, ბესო ხვიჩია, ლალი ზანგურაშვილი, ჯემალ მელქაძე.

ჩაწერილია 1999 წელს

* https://youtu.be/sYCyGnc1Ce8

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ირაკლი ჯავახაძე - Page 2 Empty
PostSubject: Re: ირაკლი ჯავახაძე   ირაკლი ჯავახაძე - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ირაკლი ჯავახაძე
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: