არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მიხა ხელაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 12:14 pm

მიხა ხელაშვილი Mikha_10
Mikha Khelashvili

ავი სიზმარი

აგრე ვგრძნობ, აგრე მიფიქრავ,
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა,
ანდა გამრიყავს ჭალაზე
ზოვი დაღესტნის მთებისა.
სალეკოს მონათოსდება
ნაძოძი ჩემი ძვლებისა,
ჩამამყვებიან ყორნები
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა.
შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის
ცელქი ჩანჩქერი მთებისა.
რა მამა დამიღონდება,
რა დედა ატირდებისა.
შენ მაინც დამიტიროდი,
ჩემებრ ტანჯულო ბედისა.
ჩემს გულში, ჩემო მნათობო,
მჩაგვრელო ვარსკვლავებისა.
მე ჩემს გეძახი, არ ვიცი,
იქნება გახდე სხვებისა.
მშვიდობით, მენაც მივდივარ,
დრო არის გამგზავრებისა.


მიხა ხელაშვილი
პოეტი

მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, ახადი, - გ. 25 იანვარი, 1925, ჩარგალი) - ქართველი პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.
ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/მიხა_ხელაშვილი
* https://poetry.ge/pages/mikha-khelashvili/poems

Arrow


Last edited by Admin on Fri Dec 13, 2019 2:21 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 12:49 pm

ხათუნა ბახტურიძე - ”მისანდობელი” ძმაკაცებისგან მოკლული ველის პოეტი

ჟურნალი ”გზა” N4 24.01.2008


ქართული ხალხური სიმღერა − ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო” ყველა ჩვენგანს მოუსმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი ავტორი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი, ფშაველი მიხა ხელაშვილია. საბჭოთა პერიოდში, მისი სახელის ხსენება, ისევე, როგორც თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, სასტიკად იყო აკრძალული. ხალხში გავრცელებული მისი რამდენიმე ლექსი, ფოლკლორისტებს მთქმელის დაუსახელებლად, დიდი რისკის ფასად შეჰქონდათ ხალხური პოეზიის კრებულებში. მიხა ხელაშვილის ცხოვრებასა და მის შემოქმედებაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდა ცნობილი საიტის www.fereidani.ge ავტორმა, გიორგი ალავერდაშვილმა. როგორც აღმოჩნდა, ის პოეტის ერთადერთ ქალიშვილს, 86 წლის თამარ ხელაშვილს პირადად შეხვედრია და მისგან ერთობ საინტერესო ამბებიც მოუსმენია.

* * *
– ბატონო გიორგი, მიხა ხელაშვილის შესახებ ინფორმაცია საიდან მოიპოვეთ?
– სიღნაღის რაიონში, სოფელ ძველ ანაგაში სტუმრობისას, მასპინძლის ოჯახში ძალიან კარგი ქართველი კაცი, სამი შვილის მამა სანდრო შანიძე გავიცანი, რომელმაც მითხრა, რომ პაპამისის, პოეტ ალექსანდრე შანიძის პირად არქივში ფერეიდნელი ქართველების უნიკალური ფოტოები ინახებოდა. საუბრისას ისიც გაირკვა, რომ სანდრო ქართული ხალხური ფოლკლორის მოტრფიალე ყოფილა და ბევრი საინტერესო და გაუხმაურებელი ამბავიც იცოდა.
– მიხა ხელაშვილის შესახებ რა გიამბოთ?
– მიხა ხელაშვილი 1900 წელს, უკანა ფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირედ, სოფელ ახადში დაბადებულა. დაწყებითი განათლება თამარ-მეფის (თამარ-ღელის) სალოცავში მიუღია და შემდეგ, სწავლა თბილისის ორწლიან სადიაკვნო სასწავლებელში გაუგრძელებია. მისი დამთავრებისთანავე, ბარისახოში დიაკვნად გაუმწესებიათ, მერე კი ჩარგლის ეკლესიაში, მღვდლად უკურთხებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ცხოვრება ჰქონდა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა და კომუნისტების წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა დაიწყო. გადმოცემის მიხედვით, ხელაშვილი კარგი ცხენოსანი, შესანიშნავი ჩუბინი და ძალზე გამბედავი კაცი ყოფილა. გამუდმებით დაატარებდა ტყავის აბგას, რომელშიც ქაღალდები და საწერი საშუალება ელაგა. შესვენების დროს, თურმე მინდორზე წამოწვებოდა და ლექსებს წერდა. ხალხურ სიტყვიერებაში, მიხას მხოლოდ რამდენიმე ლექსია შემორჩენილი და თანაც იმიტომ, რომ თავად გამოუგზავნია ტყიდანახლობლებისათვის, ფანდურზე დასამღერებლად. მათგან დამღერებული კი (თუ ამას ვინმე გაბედავდა), ხალხში სწრაფად ვრცელდებოდა. თვით მიხას ეს არ სჯეროდა და ნატრობდა: ”ნეტავი, ჩემო სიტყვებო, ხალხშიაც გაჰქვეყნდებოდე”. იცოდა, რომ კომუნისტები მისი სახელის ხსენებასაც კი აკრძალავდნენ, ხალხის მტრად და ყაჩაღად გამოაცხადებდნენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ახალგაზრდა, ნიჭიერი ყმაწვილი განსაკუთრებით უყვარდა და ენდობოდა კიდეც. ხუმრობით, კარის პოეტს უწოდებდა და ჰპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კარგ სწავლა-განათლებას მიაღებინებდა. – კარის კი არა, ველის პოეტი ვარ, – ხუმრობდა ისიც. ფშავში სატრფო ჰყავდა, დედუნა ბაჩიაშვილი, მაგრამ მის მოსანახულებლად ფარულად დადიოდა. ”ჩეკისტების” დევნის გამო, საყვარელ ქალთან ჯვარი ვერ დაიწერა, მაგრამ მეუღლედ აღიარა და ცოტა ხანში შვილიც შეეძინათ. როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი კომუნისტების მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და თავისი რაზმით თურქეთში გადავიდა, მიხა ხელაშვილმა, ზოგიერთ სხვა ადამიანთან ერთად, ბელადს უარი შეჰბედა: – მეც ცივი, აქ სიკვდილი მელის, მაგრამ მაინც, ჩემს ქვეყანაში ყოფნა მირჩევნიაო. დარჩა მიხა ტყეში გასულ ”ყაჩაღად”. ტყიდან, თავის ჯვარდაუწერელ მეუღლეს ჭოგრიტით უთვალთვალებდა და თაყვანისმცემლებსაც შორიდან უგერიებდა. ერთ-ერთი მათგანი მექალთანეობით ცნობილი ვახტანგ რაზიკაშვილი ყოფილა. მისთვის ტყიდან დაუბარებია:
”ეგრე უთხარით ვახტანგსა: ხელაშვილ დაგმდურებია. იცოდე, იქ ნუ გაივლი, სადაც ხელაის გზებია! თავის გვარდავიწყებულო, რაზიკაშვილი ხდებია!”
ბოლოს, ის ყველაზე ”მისანდობელმა” ძმაკაცებმა მოკლეს. თანაც, ზუსტად იმ დღეს, როდესაც 25 წელი შეუსრულდა.
– როგორ მოკლეს?
– მინდა აღვნიშნო, რომ ”ველის პოეტის” ნათესავებსა და მეგობრებს კომკავშირელები გამუდმებით აშანტაჟებდნენ და კატეგორიულად სთხოვდნენ, მიხას დაჭერაში დახმარებოდნენ. სხვათა შორის, ეს უღირსი საქმე ძალიან ბევრმა არ იკადრა და კომუნისტებთან წინააღმდეგობას საკუთარი თავიც გადააყოლა, მაგრამ საბოლოოდ, ღალატი ხელაშვილის ყველაზე სანდო ძმაკაცებს: ლუკა მარცვალაშვილს და ლევან გარსევანიშვილს აკისრებინეს. მათ პურის არყით, უგონოდ დაათვრეს ძმადნაფიცი და მერე, თოფის კონდახით გაუტეხეს თავი. ძმაკაცებისაგან მოკლულ მებრძოლს მიწაც არ აღირსეს – დუშეთში ჩაიტანეს და მილიციის ეზოში დააგდეს. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარმა ხრწნა არ დაიწყო. ბოლოს, მიცვალებული მიხას დამ, სალომემ მოიპარა, ხურჯინით ცხენს აჰკიდა, დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით ჩარგალში აიტანა და დედის საფლავის გვერდით დამარხა.

მიხა ხელაშვილი Salome
სალომე, მიხას და

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Dec 13, 2019 1:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 12:53 pm

მიხა ხელაშვილი Tamar
თამარ ხელაშვილი

ხათუნა ბახტურიძე - ”მისანდობელი” ძმაკაცებისგან მოკლული ველის პოეტი

ჟურნალი ”გზა” N4 24.01.2008

– ხელაშვილის ქალიშვილი, ქალბატონი თამარი სად ნახეთ?
– მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ამჟამად 86 წლის ქალბატონი, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში ცხოვრობს. მისი მისამართი სანდრო შანიძემ მომცა. 86 წლის ქალბატონის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ, გული დამიმძიმდა... ეს არა მარტო ქვემო ქედის, არამედ მთელი საქართველოს სირცხვილია! საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოშლილია, დანგრევის პირზეა მისული... ქალბატონი თამარი უკვე რამდენიმე წელია, ღამეს ეზოში, რაღაც სასწაულით მიტანილ თუ ატანილ გადატიხრულ ვაგონში ათევს და ფაქტობრივად, იქ ცხოვრობს. ერთადერთი ძროხა, ძაღლი, ორი ინდაური და სამი ციცარი ჰყავს. მატერიალური სიდუხჭირისა და ბევრი ტკივილის მიუხედავად, ყოველთვის წელში ამაყად გამართული დადის და ჭიშკარს იმ იმედით გაჰყურებს, რომ იქნებ, ვინმეს გაახსენდეს და მოიკითხოს. ”ბეჩავადა ვგდივარ, ბეჩავად...” მივედი თუ არა, ფშავური კილოთი მომიბოდიშა და ერთადერთი სკამი შემომთავაზა. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის ”ქალბატონოთი” არ მიმემართა: ბებო დამიძახე, ასე მირჩევნიაო.
– რისი გახსენება შეძლო ქალბატონმა თამარმა?
– ის 2 წლის ყოფილა, როდესაც მის ოჯახს ”წითელი” მილიციონერები დასხმიან თავს. დღემდე კოშმარივით ახსოვს, როგორ სცემდნენ დედას და ბებიას, წიხლებით, თამარი კი ფეხის კვრით მოუცილებიათ თავიდან... თოფის კონდახებით კიდობანი დაუმტვრევიათ, სადაც იარაღს და მიხა ხელაშვილის ლექსებს ეძებდნენ.
– მამის შესახებ თუ ახსოვს რაიმე?
– ის 6-7 წლის ყოფილა, როდესაც ”ლექსობა” დაუწყია. მეზობლის კაცს, მისი თანდასწრებით უთქვამს: ”აე ბალღი მამის ფერი გამოვაო”. თამარს მაშინ გაუგია, თუ ვისი შვილი ყოფილა. მამას ის ძირითადად, დედის ხელნაწერებიდან იცნობს. ერთ-ერთი წერილის ასლს წაგიკითხავთ: ”ბალღი არ ენახა. ერთხელ შემომითვალა, სახლს იქით მამულში გაიარე და იქ დაჯექი, ბალღი დურბინდით უნდა ვნახოო. მე ძალიან მეწყინა, შინ რად არ მოიდაო. განა არ ვიცოდი, ჩვენს სახლს ტყიდან მილიცია ჰყარაულობდა. იმას, იქ მოსვლა სიკვდილს უქადდა. ბალღი გავიყვანე. ნახა, ალბათ. შემომითვალა: აბა, შენ იცი, არ დაღონდეო”. თუ ნებას დამრთავთ, მეორე ხელნაწერის ასლსაც წაგიკითხავთ.
– ბრძანეთ.
– ”ერთ დღეს, ზამთრის პირი იყო, მიხა ჩვენს ეზოში მოვიდა. გარეთ გამოვედი და მივეგებე. – შინ ვერ შემოვალ, ჩქარა უნდა წავიდე, აქ არავინა მნახოსო, – თქვა, – ამ ზამთარს კახეთში მივდივარ. შენ აქ იყავ, გაზაფხულზე შენც წაგიყვან, თუ არ მომკლეს და ცოცხალი დავრჩი. თუ მომკლეს, შენ იცი შენი თავისა. ნუ გასთხოვდები, ახადს წაგიყვანენ ჩვენები. თუ ჯალაფთ არ დაგაყენეს და ჩხუბი დაგიწყეს, იქ თავის საკუთნო ოჯახში იქნები. ქვეყნის მოჯამაგირეობას ის გირჩევია, ე შვილი კარგად გაზარდო და თავადაც უსაყვედუროდ იყო. ახლა შენ იცი, მე ვერ შეგისრულებ დანაპირებს მაშინ, თუ ცოცხალი აღარ ვიქნები და შენც დასთმეო, – თქვა, გამომეთხოვა და წავიდა. რა ვიცოდი, თუ ცოცხალს ვეღარა ვნახავდი. იმის შემდეგ ბევრი წვალება ვნახე, ბევრი ტანჯვა გამოვიარე, მიხაი კი არამ დამავიწყა”.
– ხელნაწერების დედნები რა მდგომარეობაშია?
– ძალზე სავალალო მდგომარეობაშია: დრო-ჟამისაგან ისეა გაყვითლებული და გაცრეცილი, რომ სპეციალური ხელთათმანების გარეშე, შეხებაც კი საშიშია. განსაკუთრებით დაზიანებულია ის ფურცლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, კლდეებში ინახებოდა. ქალბატონმა თამარმა დედამისის, ულამაზესი ფშაველი ქალის სურათიც მაჩვენა. მამის ორი ფოტოსურათიც ჰქონია, მაგრამ ერთ-ერთ ცნობილ პიროვნებას უნათხოვრებია და ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია. ამიტომ, დედის სურათის თხოვება ვეღარ შევბედე.
– ამჟამად ხელნაწერები სად ინახება?
– ხელნაწერებზე სანდრო შანიძე მუშაობს. მართალია, ის ამ საქმის სპეციალისტი არ გახლავთ, მაგრამ სანდროსნაირებმაც რომ არ მიხედონ ამ განძს, ის უკვალოდ დაიკარგება. ერთხელ, მისი ენთუზიაზმით აღტაცებულმა ვკითხე: რა კაცი ხარ-მეთქი? გაკვირვებულმა შემომხედა და მიპასუხა: ჩვეულებრივი ქართველი ვარო. როგორი პასუხია? მოგვიანებით, ისიც გავიგე, რომ ამ კაცის ინიციატივით ბარისახოს ეთნოგრაფიული მუზეუმი გახსნილა; მისივე დაფინანსებული ყოფილა გიგი ხორნაულის 600-გვერდიანი წიგნი – ”მზიანი რწმენის საუფლო”. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ”ჩვეულებრივი” ქართველები.
– როგორც ვიცი, არსებობს წიგნი – ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”, სადაც მიხა ხელაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა დეტალურადაა აღწერილი, მაგრამ მკითხველისათვის მიუწვდომელია. ამის მიზეზი რა არის?
– ეს წიგნი შეზღუდული რაოდენობით დაიბეჭდა და ჯერ გასაყიდად არაა გამოტანილი, მაგრამ თქვენ საჩუქრად გადმოგცემთ. ისე, უახლოეს მომავალში მისი ხელმეორედ გამოცემა იგეგმება.

მიხა ხელაშვილი Saflavi
მიხა ხელაშვილის საფლავი

გადმოტანილია აქედან - http://www.fereidani.ge/61_sandro/61_sandro3.html
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 1:06 pm

სანდრო შანიძე - http://www.fereidani.ge/61_sandro/61_sandro.html


მიხა ხელაშვილი

ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე სიტყვას თვითნაბადი ნიჭით მბრწყინავ და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ მიხა (ხელაიშვილზე) ხელაშვილზე, რომელიც 1925 წლის 25 იანვარს (რა დღესაც მას 25 წელი შეუსრულდა) ახალ მთავრობასთან პირშეკრულმა მისმა ძმადნაფიცმა, ღალატით სიცოცხლეს გამოასალმა...
”1925 წლის 24 იანვარს ყინვისაგან შეწუხებული მიხა, ჩანს ვეღარ დაელოდა დაღამებას, დღისითვე შეიპარა ძმობილის სახლში. ლუკას და მიხას ფიცვერცხლი ჰქონიათ ნაჭამი, ამიტომ ლუკას მეტისმეტად ”გახარებია” მიხას მისვლა. მაშინვე ხინკლის თადარიგს შესდგომია. ლუკამ ჩვეულებრივ წვერ-პირის გაპარსვაც შესთავაზა მიხას. ყბა ჩამოპარსა და ყელთან რომ მივიდა სამართებელი, მიხამ უთხრა თურმე:
– ლუკავ, გატყობ ჩემი მოკვლა გაქვს დავალებული, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელი, შენც მოისვენებ და მეცაო!
ლუკას ძალიან შეუცხადებია. დამჯდარა, ტირილი დაუწყია:
– მაგას როგორ მეუბნები, მე გამოვიჭრი ყელს, თუ ჩემი არა გჯერაო.
ხელაშვილს დაუმშვიდებია და მერე, ხინკლის ჭამის დროს, ეტყობა, მაინც რაღაცას ამჩნევდა, თავისი პატრონტაჟიდან ამოღებული სახეთქიანი ვაზნა მიუწოდებია, როცა ჩემ მოკვლას დააპირებ, ეს ტყვია დამკარ, უცებ გამათავებსო.
”შემთხვევით” მოვიდა ლევან გარსევანიშვილი და იმანაც ”ძალიან გაიხარა” მიხას ნახვით. პურის არაყს აძალებდნენ მიხას – შემცივნებული იქნებიო და ისიც ალალად ცლიდა მიწოდებულ ყანწს. იქნებ განგებაც, რომ ღალატისა და სიკვდილისა ვერაფერი გაეგო.
გვიან იცის გაჭრა პურის არაყმა, მაგრამ როცა გაჭრის, დაბანგულივით დააგდებს კაცს. დამთვრალი მიხა, ვითომდა მეტი სიფრთხილისათვის, მჭედელათ საბძელში გადაიყვანეს დასაძინებლად. შინ შებრუნებულ ლუკას და ლევანს დახვდნენ ის აქტივისტი კომკავშირლები, რომლებსაც ხელაშვილის დედის ცოდვა ედოთ და ახლა თვით ხელაშვილის დროზე მოშორებითაც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან მიხა მათ დახოცვით ემუქრებოდა.
ლუკა წინ გაუძღვა ლამპით, უკან ლევანი მიჰყვა ფეხზე შემდგარი თოფით. ლუკამ მიუნათა, ლევანმა თავში დაჰკრა, ზოგის თქმით. ლევანს ხელი აუკანკალდაო ბოლო მომენტში და იქვე მყოფმა, კაცისკვლაში უკვე გამოცდილმა კომკავშირელმა დაჰკრაო. მიხას მოკვლის ამბავი იმ დღეს დამალეს. ვახტანგი გაიქცა მაღაროსკარში მილიციისათვის შესატყობინებლად. მეორე ღამეს ჩუმად მოვიდნენ, ყასიდად ატეხეს თურმე სროლა, ვითომდა, მიხა ჩვენ მოვკალითო. გამთენიისას ჩამოიტანეს მისი ცხედარი და საფიხვნოში დააგდეს ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად, თან იძახოდნენ: – მოკვლა არ გვინდოდა, მაგრამ გაქცეულს შემთხვევით მოგვიხვდა ტყვია შუბლშიო. მერე ცხენგამობმულ ყალზე დააკრეს, დუშეთში ჩაიტანეს და იქ დააგდეს მილიციის ეზოში. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე მისმა ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარი არ გაიხრწნა და ნახევრად შეჭმულს მილიციამ სხვაგან გადაგდება არ დაუპირა. ძმაზე მლოცველმა აფხუშოელმა დამ სალომემ, გასაოცარი სიმტკიცით ცნობილმა ქალმა, საბძელში გაბნეული ტვინი და სისხლი მოკრიფა და დედის საფლავთან დაფლო. საიდუმლოდ ჩავიდა დუშეთში, ღამე მიხას ბარისახოელი მეგობრის, მილიციაში ჩამდგარი ხევსურის დახმარებით მოიპარა ძმის ცხედარი, ხურჯინით აჰკიდა ცხენს და დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით აიტანა ჩარგალში. აიტანა მიხას ცხედარი და დედის საფლავის გვერდით, თავის ტვინ-სისხლთან ერთად დამარხა”.
მიხა ხელაშვილზე ახლა ბევრი რამის დაწერა შეიძლება. მაგრამ შემოვიფარგლები მხოლოდ მისი ლექსების კრებულის შესავალიდან ერთი ამონარიდის მოყვანით:
”ბევრს მოუსმენია, ბევრმა ზეპირადაც იცის ქართული ხალხური სიტყვიერების მარგალიტი – ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი ავტორი იყო ფშაველი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენება, ისევე, როგორც თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, სასტიკად იყო აკრძალული. ხალხში გავრცელებული მისი რამდენიმე ლექსი, მთქმელის დაუსახელებლად და დიდი ხიფათის ფასად შეჰქონდათ ფოლკლორისტებს ხალხური პოეზიის კრებულებში”.


***

2007 წლის 21 ოქტომბერს გავემგზავრე დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში, მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილის, 86 წლის ქალბატონ თამარის მოსანახულებლად. თვით სოფელი საკმაოდ ღონივრად გამოიყურებოდა, რომელიც გზის გასწვრივ, 7 კილომეტრზეა გადაჭიმული. ქალბატონ თამარის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ კი სულ წამიხდა შთაბეჭდილება... ეს არა მარტო ქვემო ქედის, არამედ მთლიანი საქართველოს სირცხვილია! საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოშლილია, დანგრევის პირზეა მისული... ქალბატონი თამარი კი უკვე რამდენიმე წელია, ღამეს ეზოში რაღაც სასწაულით მიტანილ თუ ატანილ გადატიხრულ ვაგონში ათევს, ფაქტიურად ვაგონში ცხოვრობს...
− ბეჩავადა ვდგევარ, ბეჩავად... ფშავური კილოთი მომიბოდიშა ქალბატონმა თამარმა და ერთადერთი სკამი შემომთავაზა, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის ”ქალბატონოთი” არ მიმემართა, ბებო დამიძახე, ასე უფრო მირჩევიაო, მე კი ჩემი ასაკი − 51 წელი გავუმხილე და ბოლოს შევთანხმდით, რომ ასე მივმართავდი − ”დეიდა თამარ!” − ეს მიმართვა უფრო თბილია, რადგან დედასთან ახლოა.
დეიდა თამარმა მოკლედ მომიყვა თავისი წარსული... პირველი, რაც ახსოვს, ეს არის 2 წლის ბავშვის კოშმარი, თუ როგორ შეუცვივდნენ წითელი მილიციონერები, როგორ სცემდნენ დედამისს და ბებიას წიხლებით, თვით თამარი კი ფეხის კვრით მოუცილებიათ... თოფის კონდახებით დაუმტვრევიათ კიდობანი, სადაც იარაღს ეძებდნენ, ან იარაღზე უფრო ძლიერ იარაღს − მიხა ხელაშვილის ლექსებს...


”პატარა რომ ვიყავი, 6-7 წლისა, ლექსობა დავიწყე. ერთ ვიღაც მეზობლის კაცს უთქვამს: ”აე, ბალღი ლექსობს, მამის ფერი გამოვაო!” გაჰკვირვებია პატარა თამარს და მაშინღა გაუგია, თუ ვისი შვილი ყოფილა...
ქალბატონმა თამარმა მაჩვენა მთელი თავისი საგანძური − მიხა ხელაშვილის ხელნაწერები, რომლებიც დრო-ჟამს ისე გაეყვითლებინა და დაეცრიცა, რომ შეხებაც კი საშიში იყო. განსაკუთრებით დაზიანებული იყო ის ფურცლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში კლდეებში ინახებოდა:


ქალბატონ თამარს ჰყავს ერთადერთი მარჩენალი ძროხა, ორი ინდაური, სამი ციცირი და ერთი ძაღლი. ყოველთვის წელში ამაყად გამართული იმედით გაჰყურებს ჭიშკარს, იქნებ ვინმეს გაახსენდეს და მოიკითხოს, როგორც წარსული.

Exclamation


Last edited by Admin on Fri Dec 13, 2019 2:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 1:21 pm

ლექსო, ამოგთქომ

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემს სამახსოვროდ
სააქაოზე რჩებოდე.
გიმღერდენ ჩემებრ სწორები,
ფანდურის ხმასა ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს
და მე საფლავში ვლპებოდე.
ჩემო სახელო, ამქვეყნად
დიდხანსამც იხსენებოდე.
ჩემო ნათქომნო სიტყვანო,
ნეტავი, გახქვეყნდებოდე.
და ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე.
გულო დარდითა, წყეულო,
ნეტავ, არ დაშავდებოდე.
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გასხთოვდებოდე!
ნეტავინ, გულო კაცისავ,
ძრიელ არ დაღონდებოდე.
ფიქრო, შენ არა მტანჯავდე,
როდისაც ჩავგონდებოდე.
სუყველას გაუხარდება,
რომ უდროვოდა ვკვდებოდე?
იქნება, იყოს მისთანა,
რომ მას არ ვავიწყდებოდე,
ჩემზედ იტიროს მწარედა,
ყოველთვის ვაგონდებოდე,
ბევრჯერ მიტიროს გულითა,
მანამდის დავმიწდებოდე?!
ერთ ეგეც უნდა ვიფიქრო,
ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
მე ამას ვამბობ და ფიქრიც
უთუოდ მინანდვილებსა,
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ბოლოს კი დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა.
თუმც ცოლიც კარგა მიტირებს,
ქვეყანას გააკვირებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიც კი
სხვას ვისმე გაუცინებსა.
მეზობელებიც მიტირებს,
ძალად დაჰკრეჭენ კბილებსა.
კიდევაც ვიტყვი, დედის გულს
მე ვერვინ გამაცილებსა,
სუ იმის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა.
და სხვას მე ვის რა მოვკითხო?
სუყველა მოილხინებსა,
მალე დაუსმენ თითებსა
თავის ფანდურის სიმებსა.
ვენაცვლე ძუძუთ გამზდელსა,
გულით ის დამიტირებსა!
დედას ვუყვარვართ და დედა
არ გვაგონდება შვილებსა,
იმათა გვტანჯავს უფალი,
ყოველთვის გვაცოდვილებსა.

1919 წელი. ბარისახო.


***

საუბედუროდ ვშობილვარ, უბედურს მასკვლავზედაო,
შენ ნუ მიტირებ, რო მოვკვდე, ძუძუთ გამზდელო დედაო.
ვიცი მე შენიც და სხვისიც, მე სუყველასა ვხედაო,
გულში ბევრი რამ მიწყვია, მაგრამ თქმას ვერა ვბედაო,
გულს, დაჩაგრულსა დარდითა, ლოდ დამედების ზედაო,
სხვას კი არავის რა უშავ, შენ მებრალები, ბეჩაო,
არ ვიცი, რასა მოველი, რამ-რა-რა ამაყბედაო?

1918 წლის 19 თებერვალი, ბარისახო.



***

არც წვერს მოვიპარსავ, არ გავიკრეჭ თმასა,
სანამდისინ არა ვნახავ მე ჩემს მიწა-წყალსა
თავისუფლად მოკაზმულსა, როგორც პატარძალსა,
ხელში ეროვნული დროშით ლაღად მომღიმარსა.
მაშინ ხელში თუ ავიღებ სავსე ფიალასა,
ვადღეგრძელებ ჩემს სამშობლოს კეთილ მომავალსა
და წარსულსაც მოვიგონებ, შოთას ენას მტკბარსა
და ვადიდებ დავითსა და თამარ დედოფალსა.

1918 წელი. ბარისახო.


***

როდისღა უნდა გათენდეს, რა ძნელად არი ბნელია?
გზა არ იგება არსაით, დრო არი საშინელია.
იმალვის ტყეში სუყველა, ჩერდება ტურა, მგელია.
წვიმაა გასაკვირველი, ალბათ გაჯავრდა ელია.

1922 წელი, 30-31 დეკემბერი, საყორნე.



***

გაცოცხლოსთ ქართვლისა ქალნო და ანუ ქართველთ დედანო,
შვილებისათვის მომთხრობნო წარსულთა სიტურფეთანო,
სამშობლოსათვის საშველად სუსტი ძალ-ღონით მჩქეფავნო,
შეგასწროთ თავისუფლებას სულით და ხორცით ნეტარნო,
ამათ იცოცხლონ და თქვენაც – მათგან ნაშობნო მხედარნო!
ამინ!

1923 წელი.



მიწისგანა ვარ შობილი

ერთხელ მეც დავიკარგები, სახლში არ დავბრუნდებია,
ბნელსა და ოხერ საფლავში ნელ-ნელა დავეშვებია,
წახდება ხორციელობა, დარჩება ტიტველ ძვლებია,
გულო, მაგ შენის ფიქრებით შენაც თან ჩამომყვებია.
მიწისგანა ვარ შობილი, მიწას ვერ ავცილდებია,
მიწა მზრდის, მიწა მახარებს, ბოლოს მეც დავმიწდებია.



მოვა სიკვდილი უჩინო

წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.

შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია, კაცის გულს - ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.


შენიშვნა: ხალხური ლექსი, რომლის წინა სტიქონები ეკუთვნის ქართული პოეზიის ”ფიროსმანს” ნიკო სამადაშვილს, ხოლო ბოლო სტრიქონები კი მიხა ხელაშვილს.

ამ ლექსის სხვა ვარიანტი:

ბინდისფერია სოფელი

ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება;
რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება.
წამოგეწევა სიბერე, მგელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს, თვალებში გაავდარდება.
მოგვიგონებენ შვილები, მზეს შეხედავენ მაღლითა:
"სოფელში შემოაღამდა, ბინდმა ძაღლივით დაფლითა".
ნეტა სიცოცხლის მომგონი ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს, ბევრიც სხვა გადამხდენია.

წიგნიდან: "ლექსო, არ დაიკარგები", თბილისი, "მერანი", 1985, რედაქტორ–შემდგენელი ალექსი ჭინჭარაული, – გვერდი 125

ამ ლექსის სასიმღერო ვარიანტი:

ბინდისფერია სოფელი

ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება.
რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება.
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გძლად, ეგონა, იარა.
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს – მიწა, კაცის გულს – დარდი იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია რა.

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე,
მოსთქომდნენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმაზედ ჰყვებოდნენ,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვკვდებოდე,
მოსთქომენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდნენ,
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე.

რა არის აქ მიხა ხელაშვილისა და რა არის ნიკო სამადაშვილისა, ეს გასარჩევია ჯერ კიდევ, თუ უკვე გაარჩია ვინმემ?


Last edited by Admin on Sat Jan 28, 2012 5:01 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 1:45 pm

ედიშერ გიორგაძე

ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა (1900-1925)

„პურზე გადაჰხაროდით არყის ჭიქასა, აგრე იტყოდით, დიდება ნუ ჩამაჰყაროსო ღმერთმა ჩვენს მიხა ხელაშვილს“.
ფშაველი ვაჟი-კაცის, ილო ფხოველის მიერ თქმული შესანდობარიდან


საქართველო პოეზიის ქვეყანაა, მაგრამ მელექსეობით განთქმულ ქვეყნიერების ამ კუთხეშიც კი გამორჩეულნი არიან ფშაველნი. თითქმის ყველა ფშაველმა ზეპირად იცის მშობლიური პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ლამის ყოველი ფშაველი პოეტია; და თვით ფშავშიც კი, რომლის წიაღშიც იშვნენ ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა და მრავალნი და მრავალნი შესანიშნავნი სახალხო მთქმელნი, განსაკუთრებით უყვართ მიხა ხელაშვილი, მისი დიდებული ლექსის და დიდებით მოსილი ცხოვრების გამო; მისი ლექსისა - რაიც მოჰგავდა მის ცხოვრებას, მისი ცხოვრებისა - რაიც მოჰგავდა მისსავე ლექსს, ლექსი მისი და ცხოვრება მისი ხომ ერთიმეორის ექო-გამოძახილი გახლავთ.

სოფელ ახადის მკვიდრი იყო ეს ფშაველი პოეტი. ექვსი წლის მიხა მიაბარეს თამარღელეში ბერად დაყუდებულ ილარიონ მოსანთლიაშვილს. ეს მან გაუღვივა მომავალ პოეტს ღვთისმოსავობის სახმილი, რაც მიხა ხელაშვილს აროდეს ჩაუქრვია თვისი, არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე.

პატარა მიხა, ვისაც თავიდანვე დაჰყვა რაინდული სული და პოეტური ნიჭი, ნიადაგ ტრიალებს იმ არე-მიდამოში მდგარ გოდერძაულის ციხე-კოშკთან, იმსჭვალება და აღენთება ციხის კედლებში დაუნჯებული მეომრული სულისკვეთებით. ცნობისწადილით შეპყრობილ ბალღს გოდარძაულის თემის წინამძღოლმა, ბაჩანას აღზრდილმა, გრიგოლ აფშინაშვილმა, ისე ასწავლა და შეაყვარა წერა-კითხვა, რომ ბიჭს თამაშის დროსაც კი ანბანი ახსოვდა და სიპ ქვებზე გამოჰყავდა ასოები.

ახადის თემი ერთ-ერთი რჩეული თემი იყო მთელს უკანა ფშავში. ხატობასა და საფიხვნოზე იმართებოდა ერთგვარი შეჯიბრი ლექსაობასა, ლეგენდების მოთხრობა-გამოცემასა თუ მახვილსიტყვაობაში. ამ თავყრილობებზე ახალგაზრდებს მოძღვრავდნენ მხცოვანი ხევისბერები. აქ იწვრთნებოდა მიხა ხელაშვილიც. ის ძალზე გაწაფული იყო ფანდურისა და სალამურის დაკვრაში, რომლებზეც საკუთარ ლექსებს ამღერებდა, კაფიაობაში კი ტოლს არ უდებდა თვით განთქმულ ფშაველ მელექსეებს. ამასთან ის იყო უებრო მოჭიდავე, იშვიათი მხედარი, თოფის მიზანაუცდენელი მსროლელი.

მამამ მიხა მალე თბილისში წაიყვანა სასწავლებლად; შეელია თავის მარჩენალ ხარებს, „პატიოსანასა“ და „თვირთვილას“, ოღონდ კი მის ნიჭით აღვსილ შვილს არ დახშობოდა სწავლა-განათლების გზა. მოსანთლიაშვილის გონებახსნილი შეგირდი თავს გამოიჩენს საქართველოს დედაქალაქში. განსაკუთრებით კარგად ეუფლება ქართულსა და რუსულ სალიტერატურო ენებს. მშობლიურ კუთხეში მობრუნებული მიხა ხელაშვილი, მისმა სიძემ, მღვდელმა თევდორე ჟამიაშვილმა, ხევსურეთში გაამწესა დიაკვნად და საყდრების მცველად. ახალგაზრდა კაცს, ვის სულშიაც ანთია ღვთისადმი რწმენისა და პოეზიის ცეცხლი, მუდამ გარს ახვევია ხალხი. ხელაშვილი მთის მკვიდრთ აცნობს ქართულ კლასიკურ მწერლობას, უნერგავს რელიგიისადმი სიყვარულს და უკითხავს თავის სმენაწარმტაც ლექსებს.

იგი იმდენად სასურველი სტუმარია ყველა ოჯახში, რომ მთაში იტყვიან: მიხას მოსვლაზე - მზე მოვა, რომ წავა - შავი ღრუბელი.

ძნელბედობის ხანაში მოუხდა ცხოვრება ბარისახოს დიაკვანს. ეს გახლდათ ყოველგვარ ფასეულობათა დამცრობის დრო-ჟამი. ხდება მთის ლაღი ხალხის თავისუფლების ხელყოფა. თავზე ქუდს აშვლეპენ და პირზე და წვერს აგლეჯენ ხევისბერებს, მუსრავენ საყდრებს, იავარჰყოფენ ხატებს. თიანეთის მაზრის უფროსი დიაკვანს ართმევს მგლების მოსაგერიებელ შენახულ იარაღს. კომკავშირელი აქტივისტები ყოველმხრივ ავიწროებენ მიხა ხელაშვილს, აიძულებენ დატოვოს ეკლესია და იგიც ემშვიდობება ღვთის ტაძარს; ცოდვის ტრიალის შემყურე მიხას აღარც შინ ედგომება, თუმც კარგი მეოჯახე და მხვნელ-მთესველია. იგი ტყეს აფარებს თავს, ოღონდ ნურავის ჰგონებს, რომ ხელაშვილი დაადგა შარაგზის ყაჩაღთა კვალს. ეს მეამბოხე სული ტყეში მხოლოდ იმად გადის, რათა არ გაიზიაროს ცხოვრების ის ეშმაკეული წესი, იმჟამად ფეხს რომ იდგამს ყველგან.

მთიელნი ბუნების შვილნი არიან და მათთვის ბუნების წიაღი საკუთარი სახლ-კარის ტოლდარია. ამიტომაც ტყეში იოლად ძლებს ეს სამფად ნაქსოვი ვაჟკაცი.

„შაირ-მაიღის ხელაი
ცივის გომბორის სერებსა,
ეხლა ჰყვავიან იანი,
აქ კაცს რა დააბერებსა“.

ამბობს იგი ერთ-ერთ თავის ლექსში.

მიხას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის. მისი მხილველნი გვამცნობენ: „არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკნიდან შეხედავდი - წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუ კი წინიდან, მაშინ - უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზე კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო“. მისთვის იოლი იყო ცხენს კისრით შედგომოდა მუცელს ქვემოთ და როგორც თავად იტყოდა, უკან გადაესროლა მუთქასავით; ჩასჭიდებდა გაუხედნავ კვიცს ხელებს უკანა ფეხების კოჭებზე და, როგორც თავად იტყოდა, იქვე გააციებდა.

მიხა ხელაშვილმა ეს ღონე და შეძლება იმაში გამოიყენა, თუკი ტყეში ვინმე ყაჩაღ-თული ბუდობდა, ქისტი იქნებოდა თუ ფშაველი, ყველას მოუსპო სარბიელი.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Dec 13, 2019 2:18 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 1:49 pm

ედიშერ გიორგაძე

ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა (1900-1925)

ტყის წიაღში სრულ განმარტოებისას, როცა მიხა ხელაშვილის წარმოსახვას ეძლეოდა უკიდეგანო გასაქანი, გამახვილდა და ჩამოიქნა მისი პოეტური ნიჭი. სწორედ აქ იბადებოდა ბუნების ძალისადმი მიძღვნილი მისმიერი შესანიშნავი სტროფები:

„მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს, სულ მუდამ ცას აჰყურებენ,
და ნისლნი - ფიქრნი ღვთიურნი, სულ მათს გარშემო რგულობენ,
და ქარნიც ღვთივ მონაბერნი, მთის გულმკერდს დაჰბურბურებენ,
სულ განუწყვეტელს ზღაპარსა, ეტყვიან, დასჩურჩულებენ“.

ხელაშვილის შემოქმედებაში იმთავითვე მკვიდრად იკიდებს ფეხს პატრიოტული მოტივი - თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ თარგზე აჭრილი მისი ლექსები, მართლაც რომ გამორჩეულია ძალუმი მუხტით:

„მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,
სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,
და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,
სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი“.

ტყეში გასული ხელაშვილი არავის ერჩის, მაგრამ ხელისუფლება მაინც ვერ ითმენს მის არსებობას, რამეთუ იგი ხალხის თვალში გმირად არის შერაცხილი, თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ და ასე ვთქვთ, იდეალადაც. მიხას მოსაკლავად ფშავში ადგენენ მილიციელთა და კომკავშირელთა მთელ რაზმებს, მაგრამ გულოვანი, საზრიანი და ძალოვანი ხელაშვილის შეპყრობა იოლი როდი შეიქნა.

ამ სტრიქონების ავტორს წილად ხვდა მის დასთან, პელაგიასთან საუბრისა. აი რა მოგვითხრო მან:

„ერთხელ ღამით მიხამ მომინახულა, მოისვენა, პური გატეხა. მცირედი სანოვაგე ჩავუწყე ხურჯინში და გამოვაცილე. ხიდზე რომ გადავდიოდით, საიდანაც რამდენჯერმე გვესროლეს. მიხამ გზისპირა თხრილისაკენ მიბიძგა, თავადაც გადმომყვა, ზედ გადამეფარა, გასროლას გასროლითვე უპასუხა, მერე სწრაფად გამომიცვალა ადგილი, დაბლა ჩამწია, თვითონ კი ტყეში შევარდა და მალიმალ ადგილმონაცვლეობით ატეხა სროლა. მდევართ ასე ეგონათ, მიხას მთელი რაზმი ახლავსო თან და სასწრაფოთ გაგვეცალნენ“.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ მიხა ხელაშვილი დიდი მამაცობითა და ალღოიანობით გამოირჩეოდა.

ერთხელ სოფელ რუსიანის ტყეში იგი პურს ჭამდა თავის კეთილისმყოფელებთან ერთად.

იმ დროს სოფელში ქორწილი ყოფილა.

იქ მყოფ მილიციის კომისარს, დავით ბელიაურს შეატყობინეს, მიხა ტყეში ქეიფსა სწევსო. ბალიაურმა მოუხმო მილიციელ თირილა ქისტაურს, - „წადი და დაიჭირე ხელაშვილი, მაშ რისად მყავხარ მილიციელიო“. ქისტაურმა თურმე თოფი მიუგდო კომისარს, „წადი და შენ თვითონ დაიჭირეო“.

ამასობაში ხელაშვილს ამბავი მიაწვდინეს მისმა დოსტებმა. მიხა აფაფრებულა და თოფშემართული მიჰხდომია ქვებუდან ვაჟბატონებს. ორივე გარეთ გამოუყვანია ტყეში წაუსხამს და ყასიდად უთქვამს: „ახლა რომელი დაგხვრიტოთ წინწინაო? თირილას კომისარზე მიუთითებია - „ეს არის უფროსი, მაგან მიბრძანა, ჯერ მაგას გაუსწორდიო“. კომისარს კიდევ მილიციელზე უჩვენებია - „იარაღი ამასა აქვს და ჯერ ეს გაისტუმრე საიქიოს“.

ბოლოს მიხას გასცინებია და ასეთი სიტყვებით გამოუშვა ორივე: „წადით, მომშორდით, თქვენ რა ხართ, თქვენი დაჭერილი ყაჩაღი რაღა იქნებაო“.

რაკიღა შეუძლებელი გახდა მიხას ხელში ჩაგდება, ხელისუფალთ ასეთ ხერხს მიმართეს. ჩადენილ იქნა გაუგონარი ცოდვა.

მიხას დედა მიემგზავრებოდა აფხუმოდან ხოდაში. ვირზე ეკიდა მცირე ბარგი. მილიციელ-კომკავშირელნი, თუ კომკავშირელ-მილიცილენი, იოსებ ჯანაშვილი, ლევან ხომაშვილი და ბასილ ჩოხელაშვილი დაუხვდნენ მას. ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს, მერმე ტყვია ჰკრეს და მოკლეს.

ამ საზარელმა ამბავმა მწარე სიტყვები ათქმევინა ლექსად მიხა ხელაშვილს:

„სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო“.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 1:50 pm

ედიშერ გიორგაძე

ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა (1900-1925)

სოფლის მესვეურნი არ აპირებდნენ მიხას დედის დაკრძალვას წესი და რიგისამებრ, მაშინ მიხამ დაიმარტოხელა იქაური ოსა ზურაბაშვილი და ასე უთხრა: „გადაეცი მაგათ, აქნობამდის ისე მივლია, კაცისშვილისათვის ნამცეცის ოდენი არა მივნია რა, თუ დედაჩემს ჯეროვან პატივს არ მიაგებთ, ცუდ საქმეს დაგმართებთ, მოგეჭრებით უწყებაში და ამ უღმერთობის მოთავეთ ერთიანად ამოგჟუჟავთო“.

გადმოცემის მიხედვით თავით ფერხამდე იარაღში ჩამჯდარი მიხა, ვისაც წელზედ ყუმბარები ჰქონდა შემორტყმული (ამ ვითარებისთვის საგანგებოდ მოხაზირებული), ცხენით მიადგა სატირალს, ასე ჰქონდა განზრახული. თუკი მის ხელყოფას დააპირებდნენ, მოძალადეებთან ერთად საკუთარ თავსაც აიფეთქებდა. ეს კარგად უწყოდნენ იქ ცხადად თუ ფარულად დამსწრე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ამიტომაც ვერავინ შეჰბედა ხელაშვილს. მიხამ სულ ორიოდ წუთი დაჰყო დედის ცხედართან, გამოეთხოვა მას და მსწრაფლ გაუჩინარდა.

ხელაშვილმა, ტყეში გასულმა და ასე ვთქვათ, ყაჩაღად წოდებულმა კაცმა, გამოიჩინა იმგვარი კეთილშობილება, რომლის მაგალითიც უთუოდ იშვიათად მოიძებნება ადამისშვილთა არსებობის მთელს ისტორიაში. მან არ აიღო შური დედის სისხლი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს იოლზე იოლი იყო. შემდგომ მან თავის შესანიშნავ ლექსში „დედის სიკვდილზედ“ ის აზრი დასტია, ყოველი ფშაველი მანდილოსანი, ყველა აქაურს ჯერ არს საკუთარ დედად უჩნდესო, ხოლო საკუთარი სამშობლოს, საკუთარი კუთხის შვილის, თუნდაც მტრის მოკვდინება რაინდის ღირსებისათვის უკადრისად ჩათვალა:

„მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!“

ასე ამთავრებს იგი თავის ლექსს „დედის სიკვდილზედ“.

ამ საქციელმა უზომოდ აამაღლა ხალხის თვალში რაინდი პოეტის ავტორიტეტი, ამიტომაც მთავრობა ყოველი ღონით ცდილობს მის თავიდან მოცილებას.

იქმნება ახალი, საგანგებო რაზმი, რომელიც დაბანაკდება მაღაროსკარში. მისი რაოდენობა აღწევს აქვს ათეულ კაცს.

ერთ დილით რაზმის უფროსი ჯაგნელიძე გარეთ გამოვიდა მაღაროულაზე პირის დასაბანად. სად იყო, სად არა, მის წინ აღიმართა მიხა ხელაშვილი.

- თქვენ მე ვერ დამძლევთ, თუნდ ათასი კაცი შეიყაროთ. გამერიდენით, და მეც გაგერიდებით, - მიმართა მიხამ კომისარს.

ჯაგნელიძემ ხელი წაიღო მაუზერისკენ, რომელიც მან პირის დაბანის წინ წყაროს თავზე შემოსდო, მაგრამ ხელაშვილმა დაასწრო და იქვე აუგო წესი. მერმე შევარდა რაზმის სადგომში. - „მესროლეთ თქვე ლაჩრებო!“ - შესძახა მიხამ. ექვსი ათეული კაციდან ვერც ერთმა ვერ გაბედა თოფი მიეშვირა იმ ლეგენდად ქცეულ კაცისთვის, ვისაც ხალხის თქმით ტყვია არ ეკარებოდა; მაშინ ხელაშვილი ზურგით შებრუნდა თურმე მათკენ და მეორედ შესძახა: - „რაკი პირისპირ ვერ ბედავთ, ზურგში მესროლეთ, როგორც ჯაბანთა წესიაო“. მაგრამ რაზმელები კვლავ მონუსხულებივით იდგნენ. მაშინ მიხამ მათ იარაღი აჰყარა და ღელეში გადაუძახა. ამ რაზმში იმყოფებოდა მილიციელი ალექსი მისრიაშვილი, ვინც ადრე მეგობრობდა ხელაშვილთან, და ტყეში გასვლის შემდგომაც მფარველობდა მას. ამ რაზმში მისრიაშვილი იძულებით იყო შეყვანილი და ის არც აპირებდა მიხას შევიწროებასა და დევნას. მისრიაშვილმა კარგად უწყოდა კომისრის მოკვლისა და რაზმის განიარაღების ცნობა, უმალ რომ ააშფოთებდა იმ ცენტრებს, სადაც მილიციისა და შინსახკომის დიდი ძალები იყო თავმოყრილი, ამიტომაც ურჩია მიხას, რაც შეიძლება მალე გასცლოდა აქაურობას და თავისი ცხენიც შესთავაზა.

ხალხმა ხელაშვილის მიერ ჯაგნელიძის მოკვლა და რაზმის განიარაღება გამოხატა ლექსით, სადაც თავად მიხას მოათხრობინა მისი გმირობის ამბავი:

„მაღაროსკარში შევვარდი,
როგორც მშიერი მგელია,
სამოცი დამხვდა ყაზახი,
სამოცივ კავალერია:
სამოცივ თოფი ავყარე,
დავშალე მთელი ჯარია,
ავი და შეუსმინარი
მოვკალი კომისარია.
იარაღს ხელი არ ვახელ,
რად მინდა სხვის ნახმარია,
ხელაშვილს მუდამ თავისი
აქვს კარგი თოფ-ისარია.
შევჯექ და გამოვაქციე
მისრიაშვილის ცხენია,
თან მივაძახე, ხელა ვარ,
კომუნისტების მტერია!“

მისრიაშვილს ხელისუფლებამ ძვირად დაუსვა ხელაშვილისთვის სამსახურის გაწევა. იგი შეიპყრეს თანამოაზრეებთან ერთად, ჩაიყვანეს დუშეთში და ჩააყენეს მილიციის წინ გათხრილ ორმოში. მათ თან მიწას აყრიდნენ, თან ჩასძახოდნენ, სად არის მიხა ხელაშვილიო. ბოლოს, რაკიღა ვერავის სიტყვაც ვერ დააძვრევინეს, თოფები დაახალეს და ჩახოცეს.

მიხა ხელაშვილი შესძრა მისი მოკეთის ასეთმა უღვთო სიკვდილმა და ეს ამბავი ტრაგიკულ პასაჟებად გახმიანდა პოეტის მიერ მისრიაშვილებისადმი მიძღვნილ შესანიშნავ ლექსში, რომელასაც განასრულებს შურისძიების მძაფრი გრძნობით გამსჭვალული სტროფი:

„შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო“.

ასეთ მძიმე ვითარებათა გარდამხდელ ადამიანს გული აღარ უდგება მარტოს და იგი უერთდება სახელოვანი ქართველი მხედრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმს“, რომელმაც იმ დროს ფშავში გადმოაირა ხევსურეთიდან.

„შეფიცულთა რაზმის“ წევრები, ალექსანდრე სულხანიშვილი და ალექსანდრე ბადურაშვილი დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ მიხა ხელაშვილს.

მათ მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ის იყოი ზებუნებრივი პოეტური ნიჭით და უსაზღვრო ვაჟკაცობით დაჯილდოებული პიროვნება; რომ იგი იმ საძნელო ვითარებაშიც კი გვერდიდან არ იშორებდა თავის ჩანთას, რომელშიც ლექსებს ინახავდა; რომ იგი იმ საძმო პირობებშიც კი, თუ კარგი ამინდი იდგა, წამოწვებოდა სამე მყუდროზე და სულ ცოტა ხნის მერე ახალ ლექსებს უკითხავდა რაზმელებს; რომ მას თითქმის ყველა რაზმელზე აქვს შეთხზული ლექსი, მათ შორის სახუმაროც; რომ მასზე ქაქუცამ თქვა: „თუ მშვიდობა იქნება, მიხას აუცილებლად უნივერისტეტი უნდა დავამთავრებინოთ, ცოდოა ამისთანა ნიჭი დაიღუპოსო“.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 1:53 pm

ედიშერ გიორგაძე

ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა (1900-1925)

ცნობილია აგრეთვე ხალხური ლექსი, გამოთქმული ჩოლოყაშვილსა და ხელაშვილზე:

„რო ნახავს ჩოლოყაშვილი,
იმის პირ იზამს ღმინსაო,
ერთი ჰყავს, ათის ბადალი,
შიში არა აქვს მტრისაო“.

ხელაშვილი თან ახლდა ჩოლოყაშვილს საქართველოს მთებში და მან ბევრგზის ისახელა თავი „შეფიცულთა რაზმში“.

არსებობს გადმოცემა, თუ როგორ წააწყდა იგი ერთხელ სოფელ ბანაკას განაპირას, დიდ გომურში თავშეყრილ კომკავშირლებს, რომელთაც ქაქუცას დატყვევება განეზრახათ, როგორ შეიჭრა იგი ამ სადგომში, აჰყარა მათ იარაღი და მიჰგვარა „შეფიცულთა რაზმის“ ბელადს, ვინაც ჭკუა დაარიგა ამ გზიდან აცდენილ ახალგაზრდებს და გაუშვა.

მიხა ხელაშვილს არაერთი გმირული საქციელი აქვს ამ რაზმში ყოფნის დროს ჩადენილი. ტყუილად როდი უთქვამს მასზე ხალხს:

მიხაი გვყავის ჯეილი
ფასი მთელ ფშავეთისაო,
ტანად კი დაბალაია,
ხნით ოცდახუთი წლისაო,
გაუდრის ბატალიონსა
თუ მტრულად დახვდებისაო“.

ხელაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს უცხოეთში არ გაჰყოლია. ასე უთქვამს, რაც უნდა მოხდეს, ჩემს სამშობლოს არ მივატოვებო; და იგი კვლავ ფშავ-ხევსურეთის მთა-ტყეს აფარებს თავს.

მარტოსულ ხელაშვილს თავისთან უხმობს მისი ძმობილი, კახეთის ტყეებში გაჭრილი ვანო ხაფაზური და ისინი ერთხანობას მყოფობენ, როგორც იტყვიან, ზურგი ზურგს მიყრდნობილნი. ხაფაზურს ისე უყვარდა ხელაშვილი, შემდგომში სინათლედაკარგულს, ლამის შუქი უდგებოდა თვალში მის ხსენებაზე.

ცოტა ხნის მერმე იგი კვლავ, ამჯერად საიდუმლოდ, უბრუნდება თავის მშობლიურ კუთხეს.

მიხას კიდევ ერთი დიდი სიმძიმილი შეხვდა. მოკლეს 22-24 წლების აჯანყების მონაწილე, მისი ძმადნაფიცი ხევსური გიგია. მიხა წერს ბრწყინვალე ლექსს გიგიას სიკვდილზე, სადაც ძმა-კაცს დასტირის მისი დედის პირით.

დიდებულია ამ ლექსის ყოველი სტრიქონი, ყოველი სტროფი და ასევე მისი ფინალური პასაჟიც:

„ყველას ვიქმოდი რო საით გამთელდებოდეს წყლულია,
მაგრამ შენ ვერა გიშველის, სუყველა დაკარგულია,
მენაც ბევრს ვბოდავ, ბევრ აზრი გამივლის დაფანტულია,
შენ ვერას გარგებ შავ მეცვას, თუ გინდა დაქარგულია,
ღმერთმა გაცხონოს გიგიავ, აკურთხოს შენი სულია“.

ღრუბლები იქუფრება თვით მიხა ხელაშვილის თავზეც. ამას იგი თავადაც გრძნობს:

„დუშმანიც არის ბიჭებო
დიაკონ მიხასავითა“.

იტყვი იგი ერთ-ერთ ლექსში.

„მენაც თქვენსაებს მაღირსოს
შინ გათლილ კუბოს ფიცარსა,
სამუდმოდ ჩასაბარებლად
სამარეს ახადისასა“.

იტყვის მეორეგან ეს განწირული სული.

ოღონდაც ხელაშვილს როდის ეშინის სიკვდილისა. მას ღრმად აქვს გაცნობიერებული თავისი ბედ-იღბალი და სიამაყითაც არის აღვისილი იმის გამო, რომ სამშობლოს უნდა შესწიროს სიცოცხლე.

ეს ცხადლივ ჩანს ერთი მისი დახვრეტილი მეგობრის დის, პარასკოსადმი მიწერილ, 1924 წლის დათარიღებულ ბარათში:

„ნუ იფიქრებ რომ შენი ძმა მოკვდა და აღარ არის, მოკლეს და დაიკარგა. არა! ის არც მკვდარია და არც დაკარგული. ერთი კი არა, არამედ მრავალი ვაჟკაცი შაეწირა თავის სამშობლო საქართველოს მსხვერპლად. მრავალ ვაჟკაცთ თავის ნებით გადადვეს თავი სამშობლოსათვის და სიცოცხლე მწარე სიკვდილს მისცეს პირში. განა ეს ამოდენა სამშობლოსათვის დახოცილი და დასჯილი ხალხი დაკარგულია? არა! იმათ სახელი მქუხარებს და ზეობს სამშობლოსათვის... აი, ამ გმირთა, ვაჟკაცთა ღირსება და სახელი ბევრი ცოცხლის ღირსებასა და სახელს სჯობია. ისინი უკვდავნი არიან, საქართველოს არსებობამდის დაუვიწყარნი. აი, შენი ძმა კი ამ ვაჟკაცებში ითვლება, რომლებიც ცოცხლებს მკვდრები სჯობიან. ამისთვის არ უნდა იდარდო...

გუშინ შენი ძმა მოკლეს და ხვალ ჩემსაც იგივეს გაიგონებ. ჩვენი გზა ერთია, ხოლო იმედი მაქვს ჩვენი დები არ დაგვივიწყებენ და არც დაგვაღონებენ თავისი კაეშნით, მეტისმეტი დარდით“.

ნათელმხილველივით იწინასწარმეტყველა მიხა ხელაშვილმა თავისი აღსასრული:

„მე მამკლავს ძმისა მამკლავი,
იქნება სახელიანი?!
ჩამსხდარა ხევის ჭალასა
მთავრობა აგენტიანი“.

ეს თავისუფლებისათვის მებრძოლი სული მართლაც აგრე ჩაკლეს.

მას ძმობის ნიშნად ტყვიები ჰქონდა გაცვლილი ჩარგალელ ლუკა მარცვალაშვილთან. ხელისუფალთ კი იგი მოისყიდეს, მისცეს ფული და შაშხანა იმის საფასურად, თუკი მოკლავდა ხელაშვილს.

აი, როგორ მოხდა ეს:

ერთ დღეს მიხა ხელაშვილი ეწვია ლუკა მარცვალაშვილს შინ, ჩარგალში. ამ უკანასკნელმა გადამეტებული მასპინძლობა გასწია. ყველანაირი პატივი სცა; რაღა თქმა უნდა, ხინკალიც მიართვა მიხას და არაყიც. მერე კი ძმა-კაცთა ადათისამებრ პირიც გაპარსა.

„გული ცუდს მიგრძნობს, ვერაგული მკვლელობა მელის. ბარემ გამომისვი ყელში ეგ სამართებელი, ლუკავ. არც დავინანებ, რაღაა ჩემი სიცოცხლე“.

ასე უთქვამს მიხას მარცვალაშვილისათვის.


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 1:55 pm

ედიშერ გიორგაძე

ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა (1900-1925)

ლუკამ იტკიცა ეს სიტყვები და მოჩვენებითად განაწყენდა კიდეც.

ბახუსმორეული ლომგმირი საბძელში დააძინეს მარცვალაშვილმა და გარსევანიშვილმა.

როცა მიხა ღრმა ძილმა წაიღო, ეს ორნი თავზე დაადგნენ მოსაკლავად. მარცვალაშვილს შიშით ხელი აუტოკდა, მაშინ გარსევანიშვილმა დაახალა მიხას ტყვია შუბლში. საბძელის გარშემო მილიციის რაზმელები იყვნენ ჩასაფრებულნი. მათ ატეხეს სროლა, რათა ხალხს ეფიქრა, ხელაშვილი ხელისუფლებამ მოკლაო და შური არ იძიებინათ მარცვალაშვილსა და გარსევანიშვილზე.

რაზმელებმა თავი მოუყარეს ჩარგალში მცხოვრებ ხელაშვილის ახლობელთ, შეაბეს ისინი მარხილში, რომელზეც შეაგდეს მიხას ცხედარი, ჩააცურეს ეს მარხილი დუშეთში და მიხას ნეშტი გაშოტეს მილიციის წინ.

მიხას დამ, სალომემ, მიაკითხა მისი ძმის მკვლელობის ადგილს, სათუთად მოკრიბა იქ დანთხეული ტვინი და დამარხა.

მერმე მან ხელაშვილის ლექსისა და კაცობის პატივმცემელი ხევსური მილიციელის ხელშეწყობით მოიპარა ცხედარი, რომელიც უკვე დასახსრულიყო, რადგან ხალხის დასაზაფრად ლამის ორი კვირა მყოფობდა მილიციის კედელთან. ნაწილ-ნაწილ ჩააწყო ხურჯინში ეს დევური მხარ-მკლავი, ბევრი რამ ვაჟკაცურის შემძლე, ქართველი ერის სასიკეთოდ და დაფლა იმ ტვინთან ერთად, რომელს ასევე ძალედვა კიდევ ბევრი რამ შეეძინა ქართველი ერის პოეზიის საგანძურისათვის.

ეს მოხდა 1925 წლის 25 იანვარს.

აგრე გაეყარა ერთურთს მთიელთ პოეზიის მშვენებისა და სიამაყის სულ-ხორცი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 25 წლის მიხა ხელაშვილი საფლავში ჩავიდა სწორედ იმ დღეს, რა დღესაც ის გაჩნდა ამ ქვეყნად.

ხალხმა არ დაინდო და საკადრისი მიუზღო მისი საყვარელი პოეტისა და რაინდის მკვლელებს. გარსევანიშვილს საწამლავი გაურიეს ატრიაში და იგი საშინელი წამებით მოკვდა. (იმდენად საზარი იყო გარსევანიშვილის დანაშაული, რომ ამბობენ, შემდგომში ცნობილმა ექიმმა ივანე სიხარულიძემ, ვინც იმჟამად მთაში იმყოფებოდა, დაარღვია მკურნალის ეთიკა და თვალი აარიდა შურისმაძიებელ ფშაველს, ვისაც ამ საქმისათვის საწამლავი გაჰქონდა აფთიაქიდან.)

მარცვალაშვილი კი კარგა ხნის შემდგომ თრიალეთიდან გაამგზავრა მოუსავლეთში ტყეში ყაჩაღად გასულმა გაბედულმა ვაჟკაცმა და განთქმულმა მელექსემ გოგია ჭიჭოშვილმა.

თრიალეთის მიდამოებში ხელისუფლებას გარიდებულ, ტყეს თავშეფარებულ ხალხის დასახოცად გაიგზავნა ამ საქმეში უკვე გაწვრთნილი მარცვალაშვილი.

ერთ დღეს იგი თეძოზე იყო წამოწოლილი, ძალას იკრებდა ახალი კაცთმკვლელობისათვის. ამ დროს ტყიდან უეცრივ გამოეცხადა ჭიჭოშვილი.

- შენ მოჰკალ მიხა? - ჯიქურ შეეკითხა იგი მარცვალაშვილს.

ამ უკანასკნელმა წამით ვერ გაიგო რა ხდებოდა, მერე კი მიხვდა საქმის ვითარებას და უტიფრად მიუგო:

- მე მოვკალ, მე და ახლა შენც ზედ მიგაყოლებ!

ამ სიტყვებთან ერთად მან ხელი გააცოცმანა ავბედითი შაშხანისკენ, მაგრამ გოგია ჭიჭოშვილმა მყის იძორ მაუზერი და სამი ტყვია დაახალა შუბლში ქველი ქართველი მამულიშვილის მკვლელს.

ასეთია ქარგა მართლაცდა კაი ყმის, მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა. ასეთია, ვითარ პოეტი იტყვის, შეთხზულიცა და სინამდვილეც მისი პიროვნების გამო.

ჩაქრა ამ შფოთიერი კაცის სიცოცხლე, მაგრამ დაშთა მისი პოეზია. ოღონდ ეგ არის, არც ხელაშვილის ლექსებს ხვდა ვარდით ფენილი გზა!

ზოგმა ვერ სძლია ხელისუფალთა შიშს და მოსპო ისინი. ასე მაგალითად, მისმა ახლობელმა ყაყიტელაშვილმა ბუხარში ჩანაცრა მისი ლექსებით სავსე რვეულების დასტა; მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც არაფერს შეეპუენ. ერთმა ფშაველმა თურმე კლდის ნაპრალში შეინახა სამომავლოდ ხელაშვილისეული სტრიქონებით დაშაშრული ფურცლების კონა. მიხას ლექსები შემორჩათ მის დებს სალომესა და პელაგიას, რომელთაც ისინი გადაულოცეს მის ქალიშვილს, თამარს. უმთავრესი კი ის იყო, რომ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ (თუმცკი მრავალგვარ ვარიანტებად) უხვად შემოინახა ხელაშვილის პოეტური მემკვიდრეობა.


(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Thu Jan 25, 2018 7:53 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyWed Mar 04, 2009 1:56 pm

ედიშერ გიორგაძე

ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა (1900-1925)

ქართველმა ლიტერატორებმა ჯეროვანი პატივი მიაგეს რამ მანქანებით გადარჩენილ დაფლეთილ ფურცლებს - პოეზიის კაშკაშა მთიების ემაგ მეტეორიტებს. ღვაწლმოსილმა სწავლულმა ვახტანგ კოტეტიშვილმა ხალხური სიტყვიერების ლართსაუნჯეში დაამკვიდრა ხელაშვილის მართლაცდა ბაჯაღლო ოქროსდარი „ლექსო ამოგთქომ ოხერო“. ახადელ ხელაი შემონაქმედს აქუჩებდნენ და მის დვრიტას განჩხრეკდნენ კალმოსანი მამულიშვილნი - გიორგი თურმანაული, ივანე ქართველიშვილი, ჯარჯი ფხოველი, ტრისტან მახაური და სხვანიც მრავალნი. ოღონდ, ჟამთა სიავის გამო, ჯერაც არ იყო შედგენილი მისი ბიოგრაფია და არ იპოვებოდა არცერთი კრებული მეტნაკლებად მაინც რომ წარმოაჩენდა ამ ძვირუხსენებლ პოეტსა და კაცად-კაცს.

ამბობენ, უკანა ფშავის დიდ ხევისბერს, პაპა ბიჭურის, ტყეში დაუფლავს ამ კუთხის ხალხის განძეული, ძვირფასი ხატები, შანდლები, საცეცხლურები, ისტორიული ნივთები. იგი არჩევდა თურმე იმ კაცს, ვისთვისაც შეეძლო მიენდო ეს ყოველივე. პაპა ბიჭური ისე აღესრულა, რომ ვერ მოასწრო ამის გაკეთება და განძი უკვალოდ გაქრა.

ჩვენის ფიქრით დიდი დანაკარგი იქნებოდა, თუკი დავიწყების მდინარე წაიღებდა დიდებული ქართველი მამულიშვილის, კრულ ვარსკვლავზე შობილი მიხა ხელაშვილის ცხოვრების ამბავსა და პოეზიას.

აი მიზეზი, თუ რატომაც მიმოვდიოდი წელთა მანძილზე ფშავ-ხევსურეთში; თუ რად დავიდე დიდხანობით ბინა მიხა ხელაშვილის სამშობლო კუთხეში; თუ რისთვის ვუჯექ გვიანობამდე იქაურ მკვიდრთა, ირაკლი და ბელა ციგროშვილების სახლს მოდგმულ ჯარგვალში ხის ძველ მაგიდას და ჭრაქის შუქზე ქაღალდზე გადამქონდა ბერიკაცთაგან განაგონი ფრიად სანიაზო ამბავნი განდეგილი პოეტის ცხოვრების გამო; მერმე და მერმე მასპინძლის ხანჯლისშვილათი წევერწათლილ ფანქრით ვაზუსტებდი ხელაშვილის ლექსთა სტრიქონებს, რა მივუგდებდი ყურს არაგივ ტალღებს, რომელთ ხმიანობისთვისაც ალბათ არაერთხელ მიუდევნებია მარტოსულ მეკალმეს ლექსიც და თხრობაც.

აგრე ჩამოიქნა ეს ბიოგრაფია და შეიკონა ლექსთა ეს რვეულიც, შემოსილი და წარმართებული პოეტის სულის ევოლუციის გამომსახველი წყობით და გეზით.

ბუნების მშვიდი სურათები, ნაზი და ალალი სატრფიალო და სალაღობო ლირიკა, მძაფრი პატრიოტული თუ პოლიტიკური მოტივები, ღმრად ფილოსოფიური თუ რელიგიური სტრიქონები, საზარი ზმანებითა და წინათგრძნობით ნამსჭვალი სტროფები.

ასეთნაირად არის აღნაგი ეს კრებული; ამგვარივეა პოეტის განწყობათა crescendo (ზეაღმავალი ჟღერადობა), რომ გვარონინებს ყარიბის მიერ თლილ გზაზედ, იდილიიდან - ტრაგედიამდე.

ვაგლახ, რომ აუხდა ავი სიზმარი აბრაგ ქრისტიანს.

იმა დროებამ ბევრი ასეთი ადამიანის თავზე მრუდედ მოაბრუნა განგების ბორბალი, საქართველოს ბევრ ღირსეულ შვილს უკუღმა დაუტრიალა ცხოვრების ჩარხი, მაგრამ მათ შორისაც კი გამორჩეულია მიხა ხელაშვილი, რომლის პიროვნებაში ერთმანეთს შეეზავა-შეედუღაბა ბრწყინვალე მელექსე და მედგარი მამულიშვილი.

უმძიმესი გახლდათ ის შავ-ბნელი ხანა, რომლის ერთ-ერთი სიმბოლური გამოხატულებაა სიცოცხლეცა და სიკვდილიც დია ჩინებული ქართველი პოეტისა და მოქალაქის, მიხა ხელაშვილისა, ვინაც ეს ვითარება თავად გამოთქვა სულ რაღაც ორიოდ, მაგრამ ძალზედ მრავლისმეტყველი სიტყვით:

„დროის მოგონება არის
ბარისახოს დიაკონი!!!“


(დასასრული)

გადმოტანილია აქედან - http://newiveria.com/index.php?s=4ecffc8d0d368da8e93af6e1ae39c997&showtopic=8683
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyThu Jan 25, 2018 7:53 pm

მიხა ხელაშვილი Mikhas11

ეთერ ერაძე

„მშვიდად მძინარე მეგობარს ტყვია ლევანმა დაახალა“

უნიკალური ფოტოს შავ-ბნელი ისტორია


მართლაც საოცარი წინაპრები გვყავდა, ისტორიის დამამშვენებელი და შთამომავალთა საამაყო. მათ შორის ბევრმა ერთხელ ნაბოძები სიცოცხლე სამშობლოსთვის ერთ ცხელ ტყვიაზე თვალის დაუხამხამებლად გაცვალა. ერთი მათგანია პოეტი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი, 25 წლისა დაიღუპა...

ამ ბრწყინვალე პოეტის სახელის ხსენებას და ლექსების დაბეჭდვას ვერავინ ბედავდა, სამაგიეროდ, ხალხში ვრცელდებოდა - თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა (ვინ არ იცის "ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,/ თორო იქნება ვკვდებოდე/ და შენ კი ჩემად სახსოვრად/ სააქაოსა რჩებოდე, /გიმღერდენ ჩემებ სწორები,/ ფანდურის ხმასა ჰყვებოდე,/ ქვეყანა მხიარულობდეს/ და მე საფლავში ვლპებოდე"...).

ამ ფოტოზე ხელაშვილის მკვლელები არიან აღბეჭდილი. საუკუნის წინანდელი შემზარავი ფოტოქრონიკა ინჟინერმა არჩილ ღიბრაძემ გადმოგვცა. გვითხრა, - ეს ეპოქალური ფოტოა, სხვაგან ვერსად ნახავთ ასე გვერდიგვერდ მდგარ სიმართლეს და სიცრუესო. მას ეს ფოტო ახალგაზრდა პუბლიცისტმა, ალექსანდრე შანიძემ გადასცა, მან, ვინც მიხა ხელაშვილის ხელნაწერების პირველი სრული კრებული გამოსცა.

ფოტო გამაოგნებელი ტრაგიზმით გვიამბობს, ვის როგორ და ვისი ხელით სრესდა ეპოქა. ეს უკანასკნელნი თავს იწონებენ ფოტოკამერის წინ. მათ უკან "ეპოქალური" საპყრობილეა ("ეპოქალური" შემთხვევით არ მიხსენებია - გასული საუკუნის დასაწყისში ამგვარი სახელდახელო საპყრობილე ნებისმიერ იმ სახლში იხსნებოდა, რომლის ფანჯარას გისოსების გაკეთება უხერხდებოდა). დავყურებ საუკუნის წინ გადაღებულ ფოტოს და თავს შეძრწუნებული ვეკითხები, - როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრად ის, რომ გისოსებს მიღმა გამოკეტილ პატიმრებს ხელში ოჯახის წერილი დააკავებინო, თავად კი გახარებული ფოტოკამერის წინ გამოიჯგიმო - აი, ხომ გიტირე დედაო!

მიხას მკვლელები ამ ფოტოზე წინა, საპატიო რიგში სხედან და ფოტოგრაფის კამერას ერთობ ამაყად შესცქერიან (როგორც ცნობილია, მსგავს შემთხვევებში ფოტოგრაფი საგანგებოდ მიჰყავდათ "გმირული მატიანის" აღსაბეჭდად. მათგან ლევან გარსევანაშვილი (შუაში) და ლუკა მარცვალაშვილი (მარჯვნივ) მიხას სიკვდილის შემდეგ ფშავმა სამუდამოდ შერისხა. მიხას მკვლელობის ღამეს სწორედ ეს ორი იყო მიხას გვერდით. იმ დღეს, 25 იანვარს, მიხა 25 წლის გახდა. ყმაწვილკაცს გულმა არ მოუთმინა და მთებიდან ჩარგალში ბავშვობის მეგობარ ლუკა მარცვალაშვილთან გადმოვიდა - სხვა დროსაც მასთან იმალებოდა, იცოდა, დაბადების დღის მოსალოცად კიდევ ერთი ბავშვობის მეგობარი, ლევან გარსევანაშვილიც მოვიდოდა. მიხა ტყის კაცს ჰგავდა და წვერი უნდა გაეპარსა. როგორც ყოველთვის, ლუკამ გაპარსა. როცა სამართებელს უსვამდა, მიხამ გაუღიმა, - ლუკა, ჩემს მკვლელს დიდ ჯილდოს ჰპირდებიან და რაღა სხვამ ისარგებლოს, ბარემ შენ დაგრჩეს, გამომისვი ეგ სამართებელი ყელშიო. ლუკამ, - რას ამბობ, ძმასავით მიყვარხარო! თუმცა როცა იმ ღამით ლევან გარსევანაშვილთან ერთად საბძელში მძინარე მთვრალ მეგობარს დაადგა თავს, თოფი მაინც დაუმიზნა. ეგ კია, ვერ ესროლა - ხელები აუკანკალდა. სამაგიეროდ, მეგობარს დანდობილ მშვიდად მძინარე მიხას ტყვია ლევანმა დაახალა (შემდგომში ამაზე თავად ჰყვებოდნენ შექეიფიანებულები); მიხას თვალი არ გაუხელია, ისე წავიდა იმ ქვეყნად. მის სხეულზე ჩამომდინარე სისხლმა კი ბავშვობის მეგობრები შეაშინა - სოფელი ცუდი თვალით დაგვიწყებს ყურებას, მოდი, მიხას გვამი წავიღოთ და დუშეთის მილიციის ეზოში დავაგდოთ, ხალხს მილიციის მოკლული ეგონებაო.­

მიხას სიკვდილით გულდამშვიდებულმა მილიციამ მიხას ცხედრით ხალხის დაშინება გადაწყვიტა - ასე მოუვა ყველა ბოლშევიკების მოღალატესო და ჭირისუფალს არ გაატანა. ბოლოს, ბავშვობის მეგობარმა უპატრონა, მილიციელმა, ხევსურმა ტუჩა ქეთელაურმა. მან მიხას დას, სალომეს, ნახევრად გახრწნილი ცხედარი მილიციის ეზოდან შუაღამით გამოატანინა, სოფელში აატანინა და იქ, დედის საფლავის თავში დააკრძალვინა. მიხას მეორე და, პელაგია, ყველა მიმსვლელ-მომსვლელს უყვებოდა, როგორი საშინელი წამებით გარდაიცვალა მიხას სიკვდილიდან ერთ წელიწადში ლევან გარსევანაშვილი - გამოუცნობი დაავადებით ზეზეულად დალპა. არც ლუკა მარცვალაშვილი უყვარდა არავის, მიხას სიკვდილიდან 24 წლის მერე ჩაცხრილეს და უპატრონოდ დააგდეს...

პირველ რიგში მარცხნივ მჯდომარე ვახტანგ რაზიკაშვილი (როგორც თვითონ წერდა, - ვაჟა-ფშაველას ვაჟი მეორე ცოლისგან) მიხას მკვლელობის ღამეს იქ არ ყოფილა... ის მიხას ერთადერთი ქალიშვილის, თამარის ნათლია იყო, მერე კი მიხას ქვრივი, დედუნა, შეირთო ცოლად...

ასე დაიმსხვრა სიკვდილის წინაშე მიხას ღვთებრივი პოეზიის ქნარიც (ზუსტად - ქნარი!). ერთი კია: როგორც თავად წერდა, "ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია რაო", ასე მისთვის არ ყოფილა - მან სახელი წაიღო.

2018, 25 იანვარი, 15:48

ბმული:
* https://www.kvirispalitra.ge/public/33521-mikha-khelashvili-bavshvobis-megobrebma-gatsires.html

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptySat Jan 27, 2018 9:34 am

მიხა ხელაშვილი

ჩემო მნათობო

სიტყვა ფიქრია მღელვარე,
ეს გული კალმის წვერია,
ქაღალდზე შავი მელანი
დამდნარი გულის წვენია.
ამ გულის წვენით ნაწერი,
ქალავ, ალერსი შენია,
რაც ჩემ გულს ცეცხლად ედები,
მეორ-მესამე წელია.
გშორდები ფიქრი მატულობს
გულის, გონების მწველია,
ბედკრულს არავინ დამითმობს,
კარგის დათმობა ძნელია.
ხო იცი, წუთისოფელი
რამდენად ცუდის მქმნელია,
აგრე ვგრძნობ, აგრე მგონია.
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან შენ რამ დაგემართება,
მგმობი გავხდები ბედისა,
ან მე გამრიყავს ჭალებზე
ზოვი დაღისტნის მთებისა,
ან კლდეზე გადავვარდები,
ჯოგი დამესხმის მგლებისა,
ჩამომყვებიან ყორნები,
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
სალეკოს მონათოსდება
ნაძოძი ჩემის ძვლებისა.
ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა!..
შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის,
ცელქი ჩანჩქერი მთებისა
რა მამა დამიღონდება,
რა დედა ატირდებისა,
შენ მაინც დამიტიროდი,
ჩემებრ ტანჯულო ბედისა,
ჩემს გულში ჩემო მნათობო,
მჩაგვრელო ვარსკვლავებისა
რა ვიცი,მე ჩემს გეძახი,
იქნება გახდე სხვებისა.
მოსწამლე ჩემი სიცოცხლე
წუთები მოსვენებისა.
მშვიდობით მენაც მივდივარ,
დრო არი გამგზავრებისა.

ხევისჭალა, 1924

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 1:45 pm

მიხა ხელაშვილი

ფიქრნო ოხერნო!

ოხერნი ფიქრნი, მაფიქრებთ,
გულს მიკლავთ დაღონებულსა,
ვინღა დამიხსნის, წყეულნო,
მე თქვენგან დამონებულსა.
სულ მუდამ უნდა მატიროთ,
აროდისა მყოფთ შვებულსა.
მუდამ ფეხს მადგამთ, ძირსა მწევთ,
არა მყოფთ განდიდებულსა.
დღეს ყველა ჩემზედ იცინის,
მე, ნამდვილ ასე მგონია,
თავმოსაწონი საქმეი
ახლა აღარა მგონია.
არვის ვყოფილვარ ბატონი,
არც არვინ დამიმონია,
მერმე მონობით დავლიენ
ჩემის სიცოცხლის დრონია,
შემდეგაც მონა ვიქნები
მე საწყალს ასე მგონია.
თუმც მითხრეს გზები გაგეხსნა
გექნა სავალი ფონია,
მეტს მონობას კი ვერ შევსძლებ
ვაჰმე, აღარ მაქვს ღონია.
მგონავ, ეს ჩემი სიცოცხლე
ასაწონ-დასაწონია,
ზოგ ახლად შესაკერავი
მოსაჭრელ-გასაზომია;
მაგრამ ვინ მოსჭრის, ვინ გაზომს,
და ვინ ჩამაცომს ტანზედა,
არავინ, თუ მე არ შევსძელ,
თვითონ არ მოველ ჯანზედა,
რაღა ვარ მტრისგან გაცრცვილი,
ნაცნობ მძლივთა მცნობ ხმაზედა;
ტყვეობის ნიშნად ყველა მცნობს
სამგლოვიარო თმაზედა,
მოკრეჭის ნება არ მომცეს
ას წელს იზარდა თავზედა.
ახლა თმას ვიკრეჭ, ტანს ვიბან
თავისუფლების წყალზედა.
ღონეს მოვიკრეფ ყოველმხრით
მოვალ იმ ძველსავ ძალზედა,
და მტერს მოვუქნევ ფრანგულ ხმალს
სამშობლო მოედანზედა.

study


Last edited by Admin on Fri Dec 13, 2019 2:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 1:53 pm

მიხა ხელაშვილი

დედა და შვილები

ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?

ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.

მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა.

დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 1:54 pm

მიხა ხელაშვილი

დედის სიკვდილზედ

სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო;
გეწია ფშავის არეო,
დროება წინა ჟმისაო,
როდესაც დედის კალთაზე
ხანჯლით აკლავდნენ შვილსაო.
შორს მიდიოდა ტყვიაი
სალეკო ბილიკისაო,
იხოცებოდა მრავალი,
კრებოდა შუქი მზისაო.
ხან კი გადავდის კაცის ძე
დასამარხავად მკვდრისაო.
მაგრამ არ იყო ანდერძი
მოკვლაი დიაცისაო.
ეხლა აღარვის სცხვენია,
აღარც ხათრი აქცთ ხვთისაო,
ჩემ სამუქრაოდ მოდიან
ყმები ლაშარის ჯვრისაო,
არვისთვის რა მიწყენია,
ნეტა რა ჯავრი სჭირდაო?
ღმერთმა ხომ იცის, ფშავშია
ვცხოვრობდი სინდისითაო.
ქურდობით არ ვაწუხებდი,
არც არავისა ცრცვითაო.
დედა მამიკლეს მოხუცი,
სამოც-ოთხმოცი წლისაო,
ავადმყოფ მოკლეს, დედაო,
შაჰბრალდი აღარვისაო,
ფშავლები გბანენ სისხლითა
ცრემლით დაბანილ პირსაო.
რო დაგკრეს, დაიკვნესებდი,
დაინატრებდი შვილსაო!
მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი,
როცა შენ გაგიჭირდაო…
რად მინდა ქუდი თავზედა
ან თოფს რაადა ვზიდაო?!
ან გავლა ვაჟკაცურადა,
იმედი მაუზრისაო?!
მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
მტერიც არ შამხვდა მტრისფერი,
მყოფილვარ შავი დღისაო.
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 1:55 pm

მიხა ხელაშვილი

დროთ გაიარეს

დროთ გაიარეს მრავალთა,
მიაქვთ თვენი და დღეები,
ვუყურებ, პირისპირ მიდგას
ჩემის სამშობლოს კლდეები,
შიგ არ მიშვებენ, ნისლებსა
აქვთ დაკეტილი ბჭეები,
უპირისპირებს თხემებსა
გადამავალი მზეები.
მზის სხივთა გადაიარეს
მზის წვერთა მოცინარეთა,
უბერავს ჩქარი ნიავი,
ფოთოლთ შაურხევს არეთა,
ჩხრიალი მიაქვს წყაროთა
თავ-თავქვე მომდინარეთა,
ცრემლი სდის კლდეთა მტირალთა
აროდის მოცინარეთა.
ზამთარ-ზაფხულში უცვლელთა,
მეხისა მლოდინარეთა.
ჩაბნელებულან ჭალანი,
აღარ ისმიან ხმანია.
მთვარე ვერ შუქობს, ზოგს ალაგს
არ იგებიან გზანია,
წყალობა უბოძებია,
ცამ ჩამოყარა ნამია,
მთის ქუჩსაც ჩაუმწყაზარა
გვალვით დამწვარი თმანია.
ცაზედ ბჟუტავენ ობოლნი
ნერგნი ვარსკვლავნი მქრქალნია!
ჯერ გათენებას რა უნდა,
ჯერ შემოდგომის ჟამია.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 1:57 pm

მიხა ხელაშვილი

ზმანება

ეჰ, წუხანდელო სიზმარო,
იყავ სანდობი გულისა,
შენ იყავ ჩემთვის დამსახი
უზომო სიყვარულისა.
რად იყავ ჩემთვის მჩვენები
სახისა მხიარულისა?
ერთხელ კიდევა გნახავდი,
გულის დამტკბობო, სულისა,
უეცრად ამბის მამტანო
მეგობრის, დაკარგულისა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 1:58 pm

მიხა ხელაშვილი

ლაშარის ჯვარი

გეყოფა ქარი და თოვლი
შაო ღრუბელო ცისაო,
იკმარე ღმერთო, ზარალი
ფშავეთში ფშავლებისაო,
აღართუ გაქვისთ შეძლება,
სალოცავებო მთისაო?!
აღართუ გვწყალობს დავლათი
ლაღის ლაშარის ჯვრისაო!
ცოდვით და სისხლით აგავსეს,
ნაპირი არაგვისაო…
წინავაც აგრე ყოფილა
ჩვენზე მოსევა მტრისაო,
მრავალნი იხოცებოდნენ
თოფებითა და ხმლითაო…
აიმართიან დროშები
ხატს უკითხავენ პირსაო,
ნათქომთა ხევისბრისასა
არ ჩააგდებენ ძირსაო,
ეხლა ამბადღა დამრჩალა
დრუება წინა ხნისაო.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 1:59 pm

მიხა ხელაშვილი

ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ

ფშავისკენ შავნი ღრუბელნი რად რარა გადმოდიანო,
შემოგვხვდებიან წვერზედა მთაწმინდავ ვარსკვლავიანო,
დაგიჩრდილებენ ნისლები, მზის მოსვლას დაგიშლიანო,
ხელშეკრულ ჩამოვავლევენ, მისრიაშვილო ხმიანო.
ხე და ქვან დაგემშვიდობნენ, მთანიც კი მოგსტირიანო,
დუშეთის კრებას დაესწარ გულდინჯო, მოკლე დღიანო,
იფიქრე გამომიშვებენ, დამკითხვენ გამომცდიანო,
დახვრეტას გადაგიწყვეტენ რა დიდხანს დაგაცდიანო;
ცოცხალს სამარეს გითხრიან, სიკვდილს არ დაგაცლიანო,
შიგ ჩასწევ, ამოიკვნესე, მანძილა ხარო რქიანო.
ალექსი ვეღარ მოგივათ ფშავში დეკანო, ღვიანო,
ვეღარც ამოხვალთ ლაღადა არაგვის პირზე იანო,
ქვეყანა არ დაგივიწყებს, სწორებში ეხტიბრიანო,
შვილებსა ლეგა მგლისასა, მისრიან გამაზრდიანო,
ლაშარ-ღელესა ფშავლები, თავით თავს მოიყრიანო,
სამი დროშით და ფერხისით საჯარეს შამუვლიანო,
შენს შვილებს დაუძახებენ, წინ სუფრას გაუშლიანო,
შესანდობარსაც დალევენ, თასებსა გამასცლიანო,
დაიძახებენ შენს ლექსსა, ცრემლებსა გადმაჰყრიანო!
შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 2:02 pm

მიხა ხელაშვილი

მთაზე… მაღალზე

მთებს შემოვხედე მაღლებსა,
წვერები დასთეთრებია,
ადე და, ნისლო, მთას წადი,
რა თავზე მებურებია,
ფშავისაც გადასავალი
არ დამითოვო გზებია.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 2:05 pm

მიხა ხელაშვილი

მოვა სიკვდილი უჩინო

წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.

შენიშვნა: ამ ლექსის წინა სტიქონები ეკუთვნის ნიკო სამადაშვილს, ხოლო ბოლო სტრიქონები კი მიხა ხელაშვილს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 2:06 pm

მიხა ხელაშვილი

როსნამდის?!

როსნამდის ვიყო სულ მუდამ
ყველა მხრით დაღონებული,
როსნამდის ვიყო სულ მუდამ
სხვისაგან დამონებული?!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 2:12 pm

მიხა ხელაშვილი

ფიქრები ცივ-გომბორის მთაზედ

შაიღ-მაიღის ხელაი
ცივის გომბორის სერებსა,
ეხლა ჰყვავიან იანი,
აქ კაცს რა დააბერებსა.
კიოოთ დაისვენებენ,
მოვშორდი ჩარგალელებსა.
კიდევ მიუვალ ფშავშია
ხინკლებსა, ცხელ-ცხელ კვერებსა.
ქალის დაგებულ ლოგინსა,
ბალიშს რო შააცერებსა.
მიუტანს თავის ნაძმობი
ყურებში გასაყრელებსა,
თუშურ დაფერილ ფულებსა
ზედ გულზე დასაკერებსა,
აღარ დასწვები სხვასთანა,
შაჰფიცნებს, დააჯერებსა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი EmptyFri Dec 13, 2019 2:15 pm

მიხა ხელაშვილი

ქაქუცა ჩოლოყაშვილს

ჯერ ისევ არის ზაფხული, არ დათოვლინან მთანია,
ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნიცა ჰქონდა ფხანია,
შიგ ვცხოვრობთ ფშავნი-ხევსურნი, სალი კლდის შვილნი-ძმანია,
უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონაგანია,
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოქროლავს როგორც ქარია,
თან ახლავს ქართლის შვილები – თითო ლომისა დარია.
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროს კარია,
ქალაქით მოჰყვა ლაშქარი, რომელიც მუხლით მალია,
პურის ჭამაზე ნასხდომებს დაგვხვიეს თოფის ალია,
ჰაი გიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია,
პატარა რაზმის უფროსო, ხარ მარდი კამანდარია,
მკვდარი შეჰყარე მკვდარზედა, რო თივის საბინდარია,
ფშავლებს გადაეც ნადავლი იმათგან ანაყარია,
სიკვდილზე ნუ დაფიქრდები, ყველა იქ მიმავალია,
იქ დაგხვდებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვის მკვდარია.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





მიხა ხელაშვილი Empty
PostSubject: Re: მიხა ხელაშვილი   მიხა ხელაშვილი Empty

Back to top Go down
 
მიხა ხელაშვილი
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» მიხა ხელაშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: "მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს..." - სტუმრად კესოსთან-
Jump to: