არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ქეთი გზირიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5876
Registration date : 09.11.08

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptySun Mar 01, 2009 8:28 pm

ქეთი გზირიშვილი Keti_g13
Keti Gzirishvili

* * *
სიზმრად მელიან,
მე ვიგვიანებ,
ვერ მოვრჩი ფიქრებს...


ქეთი გზირიშვილი


ქეთი გზირიშვილი Svla2
2009 წელს გამოიცა ავტორის სადებიუტო პოეტური კრებული. წიგნი გამომცემლობა "მერიდიანში" დაიბეჭდა, გაფორმებულია ქეთი გზირიშვილის მიერ გადაღებული ფოტოებით. კრებულში შესულია 2007-2009 წლებში დაწერილი ლექსები.

ბმულები:
* http://ketig.blogspot.com/
* https://www.facebook.com/ketigzirishvili



მწერალი GeolibTV-ს

GeolibTV
გამოქვეყნდა 25 აპრ. 2013-ში

პოეტი ქეთი გზირიშვილი GeolibTV-ის მაყურებელს საკუთარ ლექსებს უკითხავს.

study


Last edited by Admin on Mon Apr 01, 2019 9:21 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1345
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Mar 02, 2009 10:49 am

აანთებ კოცონ-ჩირაღდანს..
დროა ივახშმო..
ხურჯინს მოავლებ ხელს..
ააშიშხინებ წალამზე..
მილულავ თვალებს..
რუხ ჰორიზონტს შუბლს მიუშვერ..
ხელს გაუქნევ ნიავს -
მიმართულების შესაცვლელად..

...
სწრაფვა დიადისა და მარადიულისაკენ,
ცხოვრებისეული წვრილმანების დავიწყება_
თუნდაც დროებით...
და ნათელი გული და გონება_მშვენიერი ლექსის სათავე
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 1:23 pm

ქეთი გზირიშვილი

მუცო

აბგა გაქვს,
ხურჯინი...
ყრი საგზალს -
ჯერ კიდევ თბილ გულს,
ხელებს,
ფილტვებს,
თვალებს,
ფეხებს,
ძარღვებს..
წამოიკიდებ მხარზე და ...
ჰაიდა..
აუყვები სტვენით მუცოს ბილიკს..
ფარა გყავს იალაღებზე გადასადენი
დაღამებამდე..
ლეგა გვერდით მოგდევს..
მურა სასთუმალთან მოგიწვება..
ფარა ჩაიმუხლავს..
წამოწვები..
აანთებ კოცონ-ჩირაღდანს..
დროა ივახშმო..
ხურჯინს მოავლებ ხელს..
ააშიშხინებ წალამზე..
მილულავ თვალებს..
რუხ ჰორიზონტს შუბლს მიუშვერ..
ხელს გაუქნევ ნიავს -
მიმართულების შესაცვლელად..

ხვალ გათენდება..
სუფთა ჰაერი იცის მუცოში..


Exclamation


გზაში წაკითხული წიგნები

GeolibTV
გამოქვეყნდა 15 ოქტ. 2013-ში

პოეტი ქეთი გზირიშვილი აგრძელებს საავტორო გადაცემას „გზაში წაკითხული წიგნები" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-რადიოს მსმენელებს კაზუო იშიგუროს წიგნის, „არასოდეს გამიშვა", შესახებ შთაბეჭდილებას უზიარებს.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Mon Apr 01, 2019 2:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 1:26 pm

ქეთი გზირიშვილი Keti_g10

ქეთი გზირიშვილი

მონოლოგი პირველ კრებულზე

კრებულის გამოცემაზე სერიოზულად ფიქრი ჯერ კიდევ იანვარში დავიწყე. მას შემდეგ უკვე მეშვიდე თვეს ვატარებთ, ჩემი ფიქრიდან საქმისკენ კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაქვს გადადგმული _ ეს ლექსების პირველადი გადარჩევაა. თუმცა არა, ყდის დიზაინზეც ვიფიქრე (ორი სავარაუდო სათაურის შესაბამისად). რა თქმა უნდა, დიზაინის (როგორც სათაურის) საბოლოო ვარიანტი ჯერ არ მაქვს. ეს საკითხი რთულად მეჩვენება და ვფიქრობ, მასზე საკმაო დროის დათმობა მომიწევს, რადგან მკითხველზე პირველ ეფექტს სწორედ წიგნის გარეგანი სახე და სათაური ახდენს.
გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოგვიანებით ამაზე ვრცლად და არაერთხელ დავწერ. დღეს კი იმაზე ვისაუბრებ, რაც უკვე გავაკეთე და რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია როგორც კრებულის წარმატებისთვის, ისე ზოგადად, წინსვლისთვის.
ავტორებისგან არაერთხელ მსმენია საკუთარი ქმნილებების მიმართ გამოთქმული სენტიმენტალური ეპითეტები. ლექსებს, უმეტესად, შვილებს ადარებენ და გვერდზე გადასადებად არც ერთი მათგანი (და არ ცერთი სიტყვა მათში) არ ეთმობათ. ჩემი აზრით, სწორედ ეს დამოკიდებულება აქცევს ავტორთა (წინ)სვლას ადგილის ტკეპნად.
პირველადი შერჩევა მხოლოდ პირველადს ნიშნავს და მომავალში კიდევ რამდენჯერმე გახდება საჭირო არჩევანის გადახედვა. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ეს არცთუ ადვილია. ზოგადად, სიძნელე სენტიმენტების (ჩემ შემთხვევაში ყველა ლექსში "გაბნევით" გამოწვეული) მოცილება და რაც მთავარია _ უცხო, /კრიტიკული თვალით კითხვის შეძლებაა. ეს უკანასკნელი ჩემთვის ნაცნობ, სულ რამდენიმე ახალთაობელ ავტორს ახასიათებს. აქვე თამამად ვიტყვი, რომ არც მე მიჭირს მხოლოდ მკითხველის მანტიის მორგება, თუმცა ლექსების წიგნისთვის გადარჩევა მაინც ძნელად მომეჩვენა.
გადარჩევა თავისთავად ნიშნავს სათითაო ტექსტის წაკითხვას, რაც მათ მოწესრიგება, პუნქტუაციის ჩასწორებას, ხან მცირე რედაქტირებას იწვევს. თუმცა, გამოქვეყნებამდე, როგორც წესი, ამ ყველაფერს ვაკეთებდი. ალბათ, გაჩნდება კითხვა:
რატომ ახლაც. დროთა განმავლობაში მომატებულმა გამოცდილებამ და გამძაფრებულმა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შეიძლება კიდევ აღმომაჩენინოს რაიმე; და რაკი ნაბეჭდ ტექსტში ხარვეზების ნახვა გულს დამწყვეტს, წინასწარ მეტი
ყურადღებით ყოფნა მირჩევნია.
გადარჩევამ წიგნის სტრუქტურაზეც დამაწყებინა ფიქრი: ქვეთავების მიხედვით დავყო თუ არა. თუკი _ ლექსების კიდევ უფრო ვიწრო, შინაარსის მიხედვით დახარისხება მომიწევს. ორივე შემთხვევაში აუცილებელი იქნება თანმიმდევრობის
განსაზღვრა. თანმიმდევრობა ჰარმონიული უნდა იყოს. ავიღოთ ნებისმიერი მუსიკალური ალბომი _ შემავალი ტრეკების რიგითობა არასდროს არის შემთხვევითი, ის ყოველთვის აწესრიგებს მსმენელის "მაჯისცემას". ასევეა წიგნშიც.
კიდევ ერთი "თავსატეხი": პასუხისმგებლობა მემატება იმ ლექსების არჩევისას, რომლებიც იანვრის შემდეგ დავწერე და არსად გამომიქვეყნებია. წაკითხვა, შეძლებისდაგვარად, კიდევ უფრო მკაცრი თვალით მიწევს. განვიცდი მათ ბედს, თუმცა
ათამდე მაინც მეგულება ისეთი, კრებულში რომ აუცილებლად მოხვდება (მეტი თუ არა).
ახლა კი, მონოლოგის ერთგვარი რეზიუმე:
ლექსები არ არიან შვილები და, მით უმეტეს, კალთაზე ჩამოკიდებულები; კრიტიკული თვალი _ პირველ რიგში არა ტექსტის მოსაწესრიგებლად, არამედ წიგნში მისი შეტანის აუცილებლობის განსასაზღვრად. მეორე რიგში გასაკეთებელი _
უკვე წაკითხული წინადადების შემადგენელი ნაწილია; ხედვა _ სივრცის და სივრცეში. ან ასე: მე მიყვარს შენობის დეტალების თვალიერება; ხოლო დეტალების ერთობლიობა ერთ მთლიანს ქმნის _ სახლს, რომელშიც ადამიანები
შევლენ.
რაკი შერჩევა ერთი დამოუკიდებელი მოქმედებაა, წერას აქ შევწყვეტ და შემდეგ ნაბიჯებსა და მკითხველთან შეხვედრის მოლოდინზე სხვა დროს მოვყვები. ამ უკანასკნელით გამოწვეული სენტიმენტების მართვას, ვიცი, ვერაფრით შევძლებ...


კრებულიდან: „მონოლოგი და პირისპირ“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2009

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6781/1/Monologi_%20Da_%20Pirispir.pdf

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Mon Apr 01, 2019 2:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 1:51 pm

ქეთი გზირიშვილი

ჩვენ, ორი...

„ჩვენ, ორი..“- ერთადერთი ლექსია, რომელიც აბსოლუტურად გაცნობიერებულად, წერის პროცესშივე მიყვარდა. არ ვიცი, ამ განცდის სიტყვებით გადმოცემას შევძლებ თუ არა. ძალიან მშვიდი ვიყავი, აუჩქარებელი და თითოეულ სიტყვაზე შეყვარებული. მგონია, ლექსს ეს კიდეც ეტყობა. მიუხედავად სიდიდისა, ერთი ამოსუნთქვის ლექსია (ისევე, როგორც თითქმის ყველა ამ ხუთეულიდან), არაფერი შემიცვლია დაწერის შემდეგ.

ჩვენ, ორი ველოსიპედი,
ორი, დიდი ხნის წინ გამოგონილი ველოსიპედი,
ჩამოქერცლილ, თეთრ კედელთან მიყუდებულები,
ველოდებით მათ.

შენი ველო მწვანეა და სამთო,
უამრავ დაბრკოლებაგადალახულს, თავი ყოჩაღად უჭირავს.
შენ, ყოველ დილით,
(ან იქნებ არც კი, ყოველ დილით)
ჰაერით ავსებ მის ბორბლებს
და სიგნალს საჩვენებელს წამოკრავ -
გასვლის წინ, გასაღიმებლად..
მწვანე მეგობარზე ამხედრებული
კისერს უკან იტრიალებ, -
კეთილ ღიმილს, ჩამოქნეულ ხელისგულში რომ ხედავ,
საკუთარს აგებებ.
დამშვიდობება შედგა -
დროებითი
და ეშვები სივრცეზე და სივრცეში..

ჩემი ველო ცისფერია და მომცრო -
ეზოში გასატარებლად თუ გამოდგება,
ჰა - მიმდებარე ქუჩებში..
მე, ყოველ დილით,
(ან არც კი, ყოველ დილით)
ვამჩნევ მის მოშვებულ ბორბალს და იმ იმედით,
რომ ახლოს მივდივარ,
ხელჩაქნეული, მაინც ვსკუპდები ზედ
და კედელ-კედელ ნასწავლი პირველი გაკვეთილი მახსენდება..
ჩემი ველოს სიგნალი ისეთი უნიათოა,
საჩვენებელ თითსაც კი ვერ განაწყობს წამოსაკრავად,
ჰოდა დუმს,
მხოლოდ ხანდახან, შესამჩნევ და მაინც უყურადღებოდ გამორჩენილ
ორმოში ჩახეთქებისას კვნესის,
ოდნავ.

დღეს შენი სივრცე ჩემს მიმდებარე ქუჩას მოიცავს.
დღეს შენი მწვანე ჩემს ცისფერს ეზავება.
დღეს შენი კვალი ჩემი საგზაო ნიშანია.
დღეს ვერ შევამჩნევ ვერცერთ ორმოს და მაინც,
არ გავიგებ ხმას -
სუნთქვას ჩუმად ამოყოლილს..

ჩვენ, ორ ველოსიპედს,
ორ, დიდი ხნის წინ გამოგონილ ველოსიპედს,
ჩამოქერცლილ, თეთრ კედელთან მიყუდებულებს,
გვიყვარს ერთმანეთი.

05.02.08.

ქეთი გზირიშვილი Chven_10
"ჩვენ, ორი" ლიტვურ ენაზე. მთარგმნელი – ლიდია გიორგობიანი. 2014

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Mon Apr 01, 2019 3:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 1:53 pm

ქეთი გზირიშვილი Keti_g12

ქეთი გზირიშვილი

შინდებს ბორდო სდით

„შინდებს ბორდო სდით“ - ეს ლექსი ალმანახ „თაობების“ მეორე ნომერში დაიბეჭდება, სადაც ჩემს „ყველაზე უფრო“ ლექსად დავასახელე. ამიტომ არვიცი, ამ ხუთეულშიც უნდა დამესახელებინა, თუ არა; მაგრამ მაინც, რაკი შერჩევის მარტივი გზა ვარჩიე.. მისი დაბადების თარიღი ჩემი, როგორც ავტორის დაბადების თარიღიც არის - ამ ლექსით გამოვჩნდი „ებლიტფოზე“ ღიად. ერთი წელი ხდება უკვე.

შინდებს ბორდო სდით...
ჩემი მაჯიდან მოსვი ბადაგი,
იმღვრიე თვალი..
აიღე კოვზი,
ნატეხ შაქარს,
ჩაფშვნილს შენს სულში,
ამოურიე...
აიღე დანა,
საკუთარ მაჯას გადაატარე
და ამამღვრიე
ტუჩმოლოკილი...
ნაბიჯარეულს გაგიძღვები
ჩემი ეზოს შინდის ჩეროში..

შინდებს ბორდო სდით..
მხრებზე დაფენილ არტერიებით
თავს იწონებენ..
შინდებს ბორდო სდით..
დაჩითულ კაბებს აფრიალებენ
გამხდარ კანჭებზე..
შინდებს ბორდო სდით..
მხარზე შემოდგმულ კოკას ავსებენ
მოლზე გაშლილი შენი სუფრისთვის..
წამოუწექი,
თვალი მილულე
შემოპარული სხივის ციალზე..
გაუყევი გზას
აღმართიდან დაღმართებისკენ..
გადამიშალე ზღაპრის წიგნი,
წამოღებული
და საყვარელი ადგილები ამომიკითხე..

ჩამობუნდოვნდა,
ჩეროს რიგში ვერცხლი იბნევა..
არტერიები აუკეცავთ კეფაზე შინდებს..
სალბუნი მადევს,
ჩემი მაჯა პირშეკრულია,
ჩემი თვალი დაწმენდილია,
ჩემი ბიჯი - დამშვიდებული...
მივყვები ბინდებს ხელისცეცებით
და ჩანასახის პოზაში მყოფი
ვისიზმრებ სიზმრებს.

ეზოს წიაღში,
ვერცხლის წვიმის ქვეშ
შინდებს ბორდო სდით..

15.06.07.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Mon Apr 01, 2019 3:28 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 1:54 pm

ქეთი გზირიშვილი Keti_g11

ქეთი გზირიშვილი

ხელები

რამდენიმე ძველი ლექსი კიდევ მაქვს - შედარებით მეტად რომ მომწონს, მაგრამ გადავწყვიტე, დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერილ ლექსებზე მომეყოლა...

„ხელები“- რაც ლექსებს ვწერ, ფრაზა „მომეცი ხელები“ არაერთხელ მიმიწერია ფურცელზე, მაგრამ ამის იქით ვერ წავსულვარ. ეს ლექსი უცებ გაჩნდა, ერთი ამოხეთქვა იყო, იმდენად სწრაფი, მოგვიანებით ძლივს გავარჩიე ფურცელზე ხელნაწერი. არ შემიძლია ამ ლექსის ახსნა სხვა სიტყვებით, მთელი გულით კი ვითხოვე...

მომეცი ხელები..
მომეცი შენი სველი ხელები,
დაძარღვული ხელები,
რბილი ხელები..
გამომიწოდე მზის ბორცვები,
მთვარის მინდვრები,
გადმოსახედები,
აივნები,
ბილიკები..
ვივლი ბილიკებზე,
ვივლი ღორღზე,
სლიპინა ასფალტზე
და გადავირბენ მოსახვევებთან
და გადავტეხავ სიცოცხლის ხაზს,
თამამად.

მომეცი ხელები,
ამოაბრუნე ჭიქები -
ამოავსე სიტყვებით
დაცარიელებული პირი,
ამოასხი ტკივილი,
იჩხუბე,
იყვირე,
იტირე..
მომეცი ხელები,
რბილი ხელები,
თბილი ძარღვები,
ფალანგები,
ფრჩხილები,
ნუნები,
კანი..
მომეცი,
ჩამიყარე თითებში დღეები,
ჩამიყარე თითებში ღამეები,
ჩამიყარე ლურსმნები,
მიმაჭედე,
გამაკარი,
დამცალე..

დახედე ხელებს.
დაიხარე.
მოფხოჭნე ტალახი.
ვიცდი...

09.04.08.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Mon Apr 01, 2019 3:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 1:56 pm

ქეთი გზირიშვილი

ჩამქრალი...

და „ჩამქრალი..“ - ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს ლექსი. არ ვაპირებდი გამოქვეყნებას, რადგან მეგონა, მკითხველი არ მიიღებდა, მაგრამ მეგობრის რეაქციამ შემაგულიანა. არც ვნანობ, მისი მადლობელი ვარ. ლექსი ძალიან თვითირონიულია, შესაბამისი ფორმით და ეს მაეჭვებდა.

მინდა, გამოვფინო ჩემი გადამწვარი ნათურები
და ტანის ოდნავ რხევით ვუთხრა ყველას:
ლა-ლა,
აი, მე რა მაქვს, -
ჩამქრალი ნათურები,
აი, ის წვრილი ძაფივით ჩამწყდარი ზამბარები,
არ გინდათ, კარგად შეათვალიეროთ?
ლა-ლა,
მე ნათურის გამოცვლა არვიცი
და როცა ვიცი -
არ მაქვს ახალი ნათურები.
ლა-ლა,
სანთლის შუქზე ყველა ერთ ოთახში გროვდება,
მე შემიძლია, ხელი გავიწოდო და
შევეხო,
ნებისმიერს..

მოდი ახლოს,
ნახე ჩემი ჩამქრალი ნათურები,
შორიდან არ ჩანს გაწყვეტილი ზამბარა..
ან, არ გინდა ახლოს,
დარჩი ორი ნაბიჯით უკან -
ვერ მოგწვდები და
ჩრდილი იქნები..
ბნელში იდექი,
სანთელი,
ლამფა,
სანთებელა,
უბრალოდ, ასანთი გეჭიროს ხელში..
ჩემი ხელები ჰაერს უსინჯავენ ნაკვთებს:
აი, სუნი..
აი, სითბო..
აი, ტალღა..
დამტოვე ტალღების პატრონად,
ბგერების პატრონად
და გეჭიროს ხელში ასანთის ღერი,
ვიდრე უცებ არ გაგახსენდება,
რომ ჯიბეში გაქვს გადაუწვავი ნათურები,
ციმციმა ნათურები,
ფერადი..

ჩრდილო, მოიწიე,
ჩაყავი ხელი ჯიბეში -
დაგეწვა.

19.04.08.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 2:04 pm


ლიტერატურული რადიოინტერვიუები

GeolibTV
Published on Mar 26, 2013

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი , პოეტი, მთარგმნელი ქეთი გზირიშვილი გიორგი კილაძის ლიტერატურულ კითვებზე პასუხობს.

Exclamation

ქეთი გზირიშვილი

დემონსტრაცია

მკვდრებს ჩამოვბერტყავ სატვირთოდან.
ცოცხლებს ყვავილებს დავაჭერინებ
(ზოგიერთს – დაფდაფს).
გავუდგებით გზას ტრიბუნის გასწვრივ –
ყველა ჩვენ–ჩვენ ქუსლს ავახმიანებთ,
ის კი დაითვლის ტალღების რხევას
და შიგადაშიგ, უთმო შუბლიდან ოფლს ჩამოიწმენდს.
მე ვაპროტესტებ საყრდენი კედლის დაჩრდილულ მხარეს
გამოსახული არსებების უშნო კონტურებს;
აჩქარებული ტიტრების ფონად ძილისპირულის გამოყენებას;
წითელ გამაშებს (თვალებს მიჭრელებს).
ჩემი ცოცხლები მოითხოვენ ძველი ფირფიტის დაბრუნებას,
რომ ცეკვა შეძლონ თითის წვერებზე;
დამახსოვრებას – სახელებით –
სიის კითხვისას არგამორჩენას და ცოტა ღიმილს.
ჩემი სატვირთო, ბებერი “ფორდი”,
ორ ფრონტზე იბრძვის:
მე არ დავტვირთო გვამებით, მან კი – აღარ დახოცოს.
ჩვენ სვლას აკლია ყველაზე უფრო სააღლუმო ხმა:
მესაყვირეებს, გზად რომ ჩავყარეთ დაშრეტილ არხში,
საყვირები ვერ ამოვართვით ცივი მზერიდან,
ამიტომ, მხოლოდ დაფდაფები გვაქვს და შეძახილი:
არ ჩამოხვიდე!
არ ჩამოხვიდე!
კეთილი დარჩი...


სხივი

„Иосиф проснулся как от толчка“
ჟოზე სარამაგო


შემეხნენ,
ოდნავ შემეხნენ –
სათითაოდ,
სიმაღლის მიხედვით დამწკრივებულები.
მორიდებული სახეებით წინმდგომის მხრიდან გამოჩენას თმენით ელოდნენ.
და როცა მხარი-შირმა ქრებოდა,
ერთი ნაბიჯით ფარავდნენ მანძილს ჩემამდე, შემდეგ –
კედლის კუთხისკენ...
ბოლომ, ყველაზე დაუცველი რომ დარჩა თითქოს,
ხელი ჩამჭიდა.
მე წამოვდექი.
სახლი დავტოვე.
სახლში შევედი.
და ვერ ვიხილე ვერცერთი სკამი – ჩამოსაჯდომად.
და ვერ ვიხილე ვერცერთი თარო – ქვის დასადებად.
და ვერ ვიხილე ვერცერთი ღრიჭო – რომ მოეღწია ყურამდე ბგერას.
სახლი დავტოვე.
სახლში შევედი.

შევეხე,
ოდნავ შევეხე –
ფრთხილად,
გადავუწიე ორი ფარდა – მარჯვნივ და მარცხნივ,
წყლის მომლოდინე ნაპრალები გამოვაჩინე.
მან შემომაჭდო სიმხურვალე კისრის გარშემო,
მიწოდა წვიმა.
სახლი დავტოვე.
სახლში შევედი...
ვიყავი ქერი – მუხლით დამადგა, ფქვილად ვიქეცი,
ვიყავი ნადი – კვალი გავავლე, ვმღეროდი ორხმას,
ვიყავი ელვა – ცის მშვიდი შუბლი შემოვირბინე
და ჩამოვწურე ველზე სარტყლის შვიდივე ფერი.
ჰოაა...
ჩამოდგა განთიადი, როგორც სიჩუმე.
მე წამოვდექი.
სახლი დავტოვე.
სახლში შევედი.



თავი

არაფრის თავი აღარ მაქვს:
არც ქვის, არც ქვიშის, არც ხისაგან გამოჩორკნილი.
აღარც ძაღლი ცქვეტს ყურებს,
არც ცხენს ეჩრება ფაფარი თვალში,
არც უდაბნო ჩანს მოზოზინეს წინ.
. . .
ამოხეთქა სათავემ.
ჯერ ღელეა,
მიწას ზვერავს.

წყალი გადავივლე.
. . .
ფარდაა– ვარსკვლავებმიხატული. გადასწევენ. გამომიყვანენ. ჩავივლი. უთავო.
დავაფრთხობ ხალხს, ჩამქრალ ჭაღებს ავანთებინებ.
წიგნს გადადებენ.
მე საშიში ვარ. სიზმრის სტუმარი.
. . .
პლასტელინით გამოძერწილი გორგალი სწრაფად სწყდება მხრებს.
პატარა თითები ზელენ და აბრტყელებენ.
ასორსოლავებენ.
აგრძელებენ.
ყოფენ და ისევ გორგლად აქცევენ.
ახლა მთავარია, მხრებს მიეკრას.
მხრებმა ზიდონ.

აღარ მაქვს თავი
და მძერწავსაც აღარ ვუნდივარ თავიანი.
მხოლოდ მასალად დამიგულა მუყაოს ყუთში.
. . .
თავჩამოდებულს ცხვირი წამტეხეს.
ვუცდი –
როდის ჩადგება ხრტილის ზრიალი, –
როგორც ის ქარი,
წუხელ ქვიშას რომ მაყრიდა თვალში.
ვერ ამომწმინდა მე ისტორიამ
და სქელ წიგნებში ჩამომარიგა.
. . .
პირველი თავი. მსუყე და გემრიელად შეკაზმული.
– გაამოთ
– გმადლობთ
– არაფრის (ღიმი)

ბმული:
* http://demo.ge/index.php?do=full&id=750

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 2:06 pm

ქეთი გზირიშვილი

მინიმალისტური პოეზია

ობობა

შემოუქსოვა წამწამებიდან წამწამებამდე თხელი პირბადე,
მილულულ თვალით დაანახვა სიკვდილის ცეკვა...

იმედი

ტოტზე ჰკიდია - უკვე ბოლო, შემოჭმუჭნული..
ნიავი-მკვლელი ნერვიულად ხელებს იფშვნეტავს..

მთვარე

მთელ თვეს მადევნა ცალი თვალი
და მიიცვალა ხელჩაქნეული..

* * *
ვქრები.
ენთები.
ვენთები.
მაქრობ.

* * *
ნათელი სახე მაქვს.
ამომრთველს ეძებ...

* * *
მე წყალს ვეძებ,
შენ - ხავსს...

* * *
კითხვის ნიშნების მოხაზვა მომწონს ფურცელზე,
როგორც ერთ დროს,
ვიოლინოს გასაღების მოხაზვა მომწონდა...

სტუმარ-მასპინძელი

კარი გააღე, ნაბიჯი გაქვს ხმაურიანი -
ლექსად ვიქეცი...

* * *
სიზმრად მელიან,
მე ვიგვიანებ,
ვერ მოვრჩი ფიქრებს...

* * *
წვიმდა თბილისში...
თვალზე დამაჩნდი ერთადერთ წვეთად.

ღალატი

ჩაი დუღდება მის სამოვარში...
ხელოვნებაზე სასაუბროდ ხარ მიწვეული.

* * *
სამი გიპოვე ერთში,
მხარი მოგიძებნე და მოგეყრდენი.
არ გამომეცალო..

* * *
მე ფანქარი მაქვს,
შენ - სახე.
ფურცელს ვეძებ,
იქნებ, დაგხატო...

* * *
მაწვიმს სახეზე,
მაფესვიანებს შენს მალებში...

* * *
ტიტრებს ვკითხულობ,
ვეძებ საკუთარ თავს...
გამომრჩა?
თუ ჯერ არ...
იქნებ, ეპიზოდი მონტაჟს ემსხვერპლა?

ჩემს თვალებს მკვეთრი იისფერი აქვთ –
სულ ავირიე.

რა იყო ბოლოში ნეტავ...
to be continued?

* * *
ვეღარ ვწერ ლექსებს –
უკვე ამოგთქვი.
ახლა გკითხულობ
და გამორჩენილ სტრიქონებს ვავსებ.

* * *
ტალღად იქეცი,
მე - მოტივტივედ თბილ ზედაპირზე,
როგორც ამბორი ჩამავალი მზის.

* * *
ყველაზე უფრო ნათელ დღეში,
ფართო გზაზე,
კართან მისული
მე დავიკარგე.

* * *
ნაპირს დაჰყვები
და ჩამავალ მზეს ჭრელ კენჭს უმიზნებ -
ეზიარები კოცნაში ტალღას.

* * *
ჩემი ყველა დღე -
მძლავრად მოსმული მკლავურის მსგავსად,
აღმა დინებას აყოლილი...
მე, ხელუკუღმა გადასროლილი
ბედის ამარა -
ვცდილობ.
ჩემი ყველა დღე,
დაბადებიდან...

პორტრეტი

ვხატავ:
მიწას ვაზავებ ოკეანეში
და შხეფებს ზეცის ტილოზე შევსხამ -
ცეცხლის ალებად...

ლოცვა

ვუხმობ.
ჩემი თითები ისე მარტივად
პოულობენ გზას -
ზემოდან ქვემოთ,
მარჯვნიდან მარცხნივ...

* * *
ზელ, აკრავ, ელი...

* * *
საკუთარ ხელით შემოვიკეცე წუხელ საბანი
და გავუყუჩდი ნაცნობ ტკივილებს...

* * *
ჭვინტწაკრული კენჭივით:
კედლისკენ,
ასფალტზე,
ბალახში,
წყალში...
წკუპ.

* * *
ჩაჭედილი კლავიში ხომ აფერხებს ჰარმონიას.
სიტყვაც,
ხანდახან.

2007 წ.

ბმული:
* http://ketigpoetry.blogspot.com/2009/03/blog-post_7970.html

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 2:25 pm


ახალი პროექტი - "გზაში წაკითხული წიგნები"

კომუნიკატორი / C სტუდია
გამოქვეყნდა 19 იან. 2015-ში


სტუმარი: ბლოგერი, პროექტის ავტორი ქეთი გზირიშვილი და მონტაჟის რეჟისორი დაჩი იჩუაიძე.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 3:02 pm

ენ სექსტონი

შიმშილის გაკვეთილები

„მოგწონვარ?” –
ვკითხე ცისფერ პიჯაკს.
არ არის პასუხი.
სიჩუმე გადმოვარდა მისი წიგნებიდან.
სიჩუმე დაეშვა მისი ენიდან
და დაჯდა ჩვენ შორის
და ჩახერგა ჩემი ყელი.
მან გაანადგურა ჩემი ნდობა.
მან გამომგლიჯა სიგარეტები პირიდან.
ჩვენ გავცვალეთ სიტყვები ალალბედზე
და მე არ ვტიროდი,
და მე არ ვითხოვდი,
წყვიადმა მოიცვა ჩემი გული
და რაღაც, რაც კარგი იყო,
მარგებელი ჟანგბადის მსგავსი,
გადაიქცა გაზის ღუმელად.
მოგწონვარ?
რა აბსურდია!
ეს რა კითხვაა?
ეს რა სიჩუმეა?
და რას დავყუდებულვარ აქ
აღსავსე გამოცანით, თუ რა თქვა მისმა სიჩუმემ?



წითელი ვარდები

ტომი სამი წლისაა და როდესაც ცუდად იქცევა,
დედა ეცეკვება.
დედა რთავს ფირფიტას
„წითელი ვარდები ცისფერი ლედისთვის”
და ისვრის მას ოთახში.
წარმოიდგინე,
არასდროს დაურტყამს ტომისთვის ხელი.
მას ეშლება წითელი ვარდები სხვადასხვა ადგილებში,
თავზე, როცა იყო მთვლემარე, როგორც მდინარე,
ზურგზე, როცა იყო გადატეხილი საფრთხობელა,
მკლავზე, სადაც თითქოს ბურღმა გაჰკრა კბილი,
ან ძირტკბილას ჩხირივით გადაგრეხილ ფეხზე,
ყველა იმ ცეკვისას, რომელიც ერთად შეასრულეს
ცისფერმა ლედიმ და ტომიმ.
შენ დაეცი, უთხრა მან, დაიმახსოვრე, შენ დაეცი.
მე დავეცი – სულ ესაა, რასაც ექიმებს ეუბნება
დიდ ჰოსპიტალში. მშვენიერი ლედი მივიდა
და დაუსვა კითხვები, მაგრამ რაკი
არ სურს, გაგზავნონ სხვაგან, თქვა, რომ დაეცა.
მას არასდროს უთქვამს სხვა რამ, მიუხედავად იმისა, რომ
მშვენივრად ლაპარაკობს.
არასდროს უამბია მუსიკის შესახებ,
ან როგორ მღერის დედა და ისვრის,
სწევს მაღლა და ტყორცნის.
სჯერა, რომ მისი ბურთია.
ცდილობს, დაეცეს და ახტეს,
მაგრამ იჭყლიტება მწიფე ნაყოფივით,
რადგან ცისფერი ლედი უყვარს და ლაქებს
წითელი ვარდებისას ჩუქნის მას.


მოჩვენებები

ზოგიერთი მოჩვენება ქალია,
არც აბსტრაქტული, არც ფერმკრთალი,
მათი ძუძუები დაკიდებულია მკვდარი თევზებივით.
კუდიანები არა, მხოლოდ მოჩვენებები,
რომლებიც მოდიან უსარგებლო ხელების ქნევით,
როგორც მიგდებული მსახურები.
ყველა მოჩვენება როდია ქალი,
მინახავს სხვებიც;
მსუქანი, თეთრმუცელა კაცები,
რომლებიც ატარებენ თავის გენიტალიებს,
როგორც ძველ ჩვრებს;
ეშმაკები არა, მხოლოდ მოჩვენებები.
აი ერთი, ყრუდ აბრაგუნებს შიშველ ფეხებს, იხრება
ჩემს საწოლზე.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
ზოგიერთი მოჩვენება ბავშვია.
ანგელოზები არა, მხოლოდ მოჩვენებები:
გორავენ ჩაის ვარდისფერი ფინჯნებივით
ნებისმიერ ბალიშზე, ან ფეხებს იქნევენ,
გვიჩვენებენ უმანკო ტაკუნებს და ეტირებიან
ლუციფერს.


ჩაკეტილი კარები

ანგელოზებისთვის, რომლებიც ამ ქალაქში ბინადრობენ,
მიუხედავად იმისა, რომ მათი ფორმა გამუდმებით
იცვლება,
ყოველ ღამით ჩვენ ვტოვებთ ცოტა ცივ კარტოფილს
და რძიან თასს ფანჯრის რაფაზე.
როგორც წესი, ისინი ცხოვრობენ ცაში, სადაც
სხვათა შორის, აკრძალულია ცრემლი.
ისინი ეკვრიან მთვარეს გარშემო, როგორც
მოხარშული ბატატები.
გალაქტიკა მათი კრუხია
თავის უამრავ წიწილასთან ერთად.
როდესაც ღამდება, ძროხები წვებიან,
ხოლო მთვარე, ეს დიდი ხარი,
დგება.
თუმცა იქ, მაღლა, არის ჩაკეტილი ოთახი
რკინის კარით, რომელიც არ იღება.
შიგნით ყველა შენი ცუდი სიზმარია.
ეს ჯოჯოხეთია.
ზოგი ამბობს, რომ ეშმაკი კეტავს კარს
შიგნიდან.
ზოგი ამბობს, რომ ანგელოზები კეტავენ გარედან.
იქ მსხდომ ადამიანებს არ აქვთ წყალი
და არასდროს შეუძლიათ შეეხონ ერთმანეთს.
ისინი ხრაშუნობენ, როგორც ღორღი.
ისინი მუნჯები არიან.
ისინი არ ყვირიან დახმარებისთვის,
მხოლოდ შიგნით ჩაიძახიან, როცა
მატლები ფარავენ მათ გულებს.
მე მინდოდა გამეღო ეს კარი,
გადამებრუნებინა ჟანგიანი გასაღები
და გადავხვეოდი თითოეულ დაცემულს,
მაგრამ არ შემიძლია, მე არ შემიძლია.
შემიძლია მხოლოდ ვიჯდე აქ, მიწაზე,
ჩემს ადგილას მაგიდასთან.


დიასახლისი

ზოგი ქალი თხოვდება სახლზე.
ეს კანის სხვა სახეობაა; მას აქვს გული,
პირი, ღვიძლი და ნაწლავების მოქმედება.
კედლები უცვლელი და ვარდისფერია.
ნახეთ, როგორ დგას ის მთელი დღე მუხლებზე,
ერთგულად რეცხავს საკუთარ თავს.
კაცები შედიან ძალდატანებით, გადმოინთხევიან,
როგორც იონა,
ხორცსავსე დედებში.
ქალი არის თავისსავე დედა.
ეს მთავარია.


თარგმნა ქეთი გზირიშვილმა

„ლიტერატურული გაზეთი“, # 94, 15 - 28 მარტი, 2013
* http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/112806


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 3:10 pm

ქეთი გზირიშვილი Keti_g14

ქეთი გზირიშვილი

უწონობა

რა შეიძლება წერო, როცა ყველაზე უფრო საწერს
გულდაგულ მალავ და სიჩუმის გრიფს ადებ?
აბრუნებ შიგნით, რეზერვუარში, როგორც წყალს –
ბორბალი, რომელსაც ჯამები აქვს მიმაგრებული.
თვალი გაგიშტერდა ბორბლის ტრიალზე.
ირგვლივ მზეა და სმენის ცას მხოლოდ
უცხო ჩიტის ხმა ჰკვეთს.
ყველაფერი ისეა, როგორც სიზმარში –
უწონო ხარ და ემოციით სავსე.
სხეული თბილი გაქვს, მიუხედავად შეციებული თითებისა,
რასაც მაშინ ამჩნევ, როცა შენზე უფრო თბილსა და
სითბოს მომლოდინეს ეხები;
რაც მაშინ გითბება,
როცა შენზე უფრო თბილსა და
სითბოს მომლოდინეს ეხები.
ყველაფერი ისეა, როგორც საჩუქრის მიღების მომენტში:
თვალები გიბრწყინავს და გიხარია.
იცი, რომ დღის მთავარი პერსონა ხარ,
რომ ცა შენთვის გაცისფერდა, მზე შენთვის დაეკიდა ცას,
ფოთლები შენთვის შრიალებენ, ჩიტიც შენთვის მოდის
სამღერად, წყალიც შენთვის ჩუხჩუხებს.
ყველაფერი იმისთვის დალაგდა,
რომ შენ ჩაუდგე შუაგულში,
ხელები აღმართო და იყვირო.
შენ ჩაუდგე შუაგულში, ხელები გაშალო და შემოაკრა.
შენ ჩაუდგე შუაგულში, ხელები გაშალო და დაიკრიფო,
როგორც ყვავილები.


წასვლა, თორმეტში

რვაში, როდესაც სადარბაზო მეზობლებისგან დაიცალა,
უმეტესობამ მანქანებში ჩაყარა ბარგი,
ჩვენ, ფანჯარასთან მდგომი მე და დედა, მათ ვაცილებდით
და უმწეობის შეგრძნება გვღრღნიდა.
დედამ ჩააწყო ფოტოები: „ეს ერთი ჩანთა”,
მე ჩემი კომპის მასალები –
ლექსების წიგნი, ფოტოარქივი დისკებზე ვწერე
მთელი ღამე
(პარალელურად ვეცნობოდი ინფორმაციას –
ქეთი გზირიშვილი როგორ დაბომბეს, როგორ მოაწყდა ხალხი თბილისს,
კახეთთან – საზღვარს),
კიდევ ორ-ორი ხელი რაღაც, გამოსაცვლელი
და ვერ ავწიეთ.
და ვიფიქრეთ – რა გვეშველება.
დედამ: „მუხლები წამერთმევა, მე ხომ ვერ ვირბენ”,
მეც: „ჰო, მუხლები, თან ეს მძიმე ფოტოარქივი”,
მაშინ ვუთხარი, მექნებოდა ჩემი მანქანა.
არა საზღვარის გადასაკვეთად, არამედ სადმე,
ქალაქგარეთ,
სულის, წარსულის შესანახად,
თუკი წყალობა...
ახლა მაქვს ავტო; დედა – წავიდა სამი კვირაა.
მუხლი წაერთვა და ისე სწრაფად გადალახა მძიმე სამანი,
რომ ვერაფერი მოვახერხე.
გამოაცხადეს: უმწეოები ცხინვალს ტოვებენ.
ბარგი იგივე მექნება, ალბათ; თუმცა მუხლები,
არა მგონია, ავტომდე მიმყვნენ.


ზამთარი

ზაფხულს შეუძლია თქვას, რომ ორი დღის
სიცოცხლეღა დარჩა:
ხვალ. ზეგ.
დღეს შემეშინდა შინ მოსვლის.
ვზივარ ეკლებზე, რომლებიც ამ წელმა გამოისხა და
არ ვიყურები იქით,
საიდანაც მოვედი.
ტელევიზორში ილაპარაკეს და მაიძულეს, მეფიქრა ომზე,
რომელიც რა ხანია, გვიწინასწარმეტყველეს.
და, აი, გამოჩნდა მისი გაცხადების პირველი ნიშნები.
მეშინია, ვიყო მარტო ომში.
ეს იგივეა, სულ ვიყო ბნელში,
რასაც ყოველღამ გავურბი ოთახებში შუქის ანთებით.
მეშინია გაქცევის ან დარჩენის,
რადგან ომში ყველა ჩამრთველი მოშლილია
და სანთელი – დეფიციტური პროდუქტი.
შიშად ვიქეცი.
არ არსებობს აბი, მისგან განკურნების.
არ არსებობს მედდა ან ძმა – სარი, დასაყრდენი.
არ არსებობს მონტიორი,
რომელიც მოაწესრიგებს სადენებს,
თუკი მათ ქარიშხალი დაწყვეტს;
მესანთლე,
ვინც ჩამოასხამს მზეს დღის დასაგრძელებლად.
წინ ომია.
გამიწვიეს.


თამაში

მას სჭირდება სათამაშოები.
მე მისი აგრესიული თამაშის თოჯინა ვარ.
როცა გაბრაზებულია, მირტყამს,
მწიწკნის, მკბენს, მატეხავს კიდურებს
და კედელს მანარცხებს.
და მე ვრჩები იქ, სადაც ვეცემი,
მომდევნო თამაშამდე.
როცა იძინებს,
ან სხვა სათამაშოთი ერთობა –
ამბობს თბილ სიტყვებს,
გულში იკრავს და ზრდის,
ჩემთან მოდიან წვიმები, ქარები და მზე:
ცდილობენ, მიპოვონ სიცოცხლის ნიშნები.
მათ არ იციან, რომ ის ყოვლისშემძლეა –
მკვდარს სულს მიბერავს,
როცა თამაში უნდება.


„ლიტერატურული გაზეთი“, #90, 18-31 იანვარი, 2013
ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/112789

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 3:38 pm

ქეთი გზირიშვილი

***
ჩარგე თავი სიჩუმეში,
იდაყვებზე დააყრდენი ფიქრები -
არ ჩამოცვივდნენ.

შენი თვალების დერეფნებში
ორპირი ქარია.
გუშინ, როცა მზერაში გაფანტულ ბაბუაწვერებს
საიდუმლოს უმხელდი და ხელს უქნევდი გზაზე დამდგართ,
ღია დაგრჩა ყველა კარი.

ჩარგე თავი სიჩუმეში.
დრო მიაჭედე კედლის საათს -
არ დასცვივდეს მოგონებები.

ჩარგე თავი
დაიძინე
ჩუ.


2007 წ.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 3:40 pm

ქეთი გზირიშვილი

***
თოვდა თბილისში.
შემხმარ ჭადარზე შემჯდარი შაშვი
მჭახედ ჰყვებოდა წინა დღით ნანახს...

გუშინ ვტიროდი.


2007

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 3:42 pm

ქეთი გზირიშვილი

არია
/ბრაილით/

დაწერეთ სიმღერები,
წაიმღერეთ და დაწერეთ.
ზეცას ახედეთ,
მოზიდეთ მშვილდები და ისრის შხუილი დაწერეთ.
ყეფა დაწერეთ, მიტოვებული ეზოს სიღრმიდან ამოსული;
და გრგვინვა,
სარკმელს რომ აცილებს ოთახში მარტოდ დარჩენილ ბავშვს.

დაწერეთ სიმღერები,
ამოირჩიეთ ხმები და შთაიბერეთ მუცლებში ქარი,
გადასაღეჭად.
დახატეთ ბრტყელი გასაღები, –
ნახევარმთვარის თავთით ჩამოსვით,
საჩვენებელი გააყოლეთ სუფთა ფურცელს და
ზედ მიბმული გუთნებიდან ბელტი გაყარეთ.

ყამირი გატყდა,
თესლი ჩავარდა,
წყალი დაეცა,
სითბოც დაეცა,
თოხიც დაეცა,
კაციც – ეკალზე.

დაწერეთ, ვიდრე მომღერალი ცილას იგლესავს იოგებზე,
სახეს იხატავს საკარნავალო გმირის დარად და
თავზე მძიმეწიგნდაბჯენილი ხაზზე სიარულს მოთმენით სწავლობს.

დაწერეთ, მერე წაუკითხეთ მდუმარედ დამსხდარ ორკესტრანტებს,
წაავარჯიშეთ მშვილდებისა და ფერდშევარდნილი გოშიების ამოცნობაში
(როგორც ბრაილით),
და როცა იგი
თავისი ჩრდილით გადაკვეთს დარბაზს შუაზე,
და როცა იგი
ყელს ამოივსებს მისთვის უცხო საჟღარუნოთი,
და როცა იგი
გამოგიწვდით ხელს წელში ერთად მოსახრელად,
მე წინ ვიჯდები,
და ფეხზე დინჯად წამომდგარი,
რეჟისორის წილ ტაშს მივიღებ
ფარსის ბრწყინვალედ წარმოჩენისთვის.


2008 წ.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 3:48 pm

ქეთი გზირიშვილი

ღია

…კიდევ, მინდოდა, დამეწერა, თუ როგორ – გაღმა.
აქამდე მხოლოდ ნავი აღწევს და ისიც შენი.
გახვედრებ ზურგზე ამოტვიფრულ სიცივის დამღას;
შენ, წამოღებულ მალამოთი, ღამიდან მდენი
და მე – მდინარი უხმაუროდ ყურე(ე)ბს შუა –
გზაზე, რომელიც დამაბრუნებს ისევე ღამეს,
რომ შენი ნავი კვლავ მოადგეს მოტეხილ ყუას,
შენმა მალამომ მაჯისცემა კვლავ დამიამოს.
აი, ამისთვის მოვირკალე ზურგი და თვალებს
წყალში ვალაგებ – მოვაცილო თუ კი რამ მღვრიე
შემორჩათ გზიდან, რომ ვფარავდი მე ასე მალი –
შემოსწრებული მგზავრისათვის სახლი კარღია…

2009 წ.


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 453
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი EmptyMon Apr 01, 2019 3:50 pm

ქეთი გზირიშვილი

ხელის ჩაქნევა

გტკენ.
აი, ხომ ვიცი, გტკენ –
არ ვარ ცუდი.
მინდა, ისწავლო მოძრაობა
ზევიდან ქვევით.

თითების გაშლა უფრო ძნელია,
ვიდრე მარჯვენის ოდნავ აწევა –
მკერდამდე არც კი.
გამჭოლი მზერა უფრო მძიმეა
ფიქრების გასწვრივ,
შეხების გასწვრივ,
დღეების… ვიდრე
დამტვერილ ჭვინტების ცქერა.
და თუ თითები გაშლილია
და რაც ეჭირათ,
მიწაზეა ჩაცურებული,
(რაკი ეგ ხელი მენჯთან ახლოს ისე ქანაობს,
როგორც ვესტერნში –
წამით ადრე “კოლტის” სროლამდე)
მე არ ვარ ცუდი,
სიჩუმეს ვარღვევ –
მინდა, რომ შეძლო
ფრთხილად დაშვება
მოლოდინიდან.

2008 წ.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ქეთი გზირიშვილი Empty
PostSubject: Re: ქეთი გზირიშვილი   ქეთი გზირიშვილი Empty

Back to top Go down
 
ქეთი გზირიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: