არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"

Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Empty
PostSubject: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" EmptySun Mar 01, 2009 4:21 pm

უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Sibrzn10

თხრობაჲ გ


ჰრქუა ბალაჰვარ: „მსგავს არს საწუთოჲ ესე კაცსა, რომელსა სდევდა პილოჲ ამრიზებული, და მიაწყუდია იგი ჯურღმულსა საშინელსა. და იხილნა ხენი, რომელსა ზედა აღჴდა. და იხილნა კუალად ორნი თაგუნი: ერთი შავი და ერთი თეთრი, რომელნი სჭრიდეს ძირთა მათ ხეთასა, რომელთა ზედა აღსრულ იყო კაცი. და შთახედნა ჯურღმულსა და იხილა ვეშაპი, რომელსა აღემტკმო პირი და ეგულებოდა შთანთქმაჲ მისი. და აღიხილნა ზე და იხილა თაფლი მცირე, რომელი ჩამოსდიოდა ხეთა მათ, და იწყო ლოკაჲ მისი. და არღარა მოიჴსენა განსაცდელი, რომელსა შთავრდომად იყო. ხოლო თაგუთა მათ ხენი იგი წარსჭრნეს, და კაცი იგი დაეცა და პილომან აღიტაცა და მიუგდო ვეშაპსა.

აწ, პილოჲ იგი სახე არს სიკუდილისაჲ, რომელი სდევს ძეთა კაცთასა, და ხენი იგი საწუთოჲ არს, და თაგუნი იგი დღენი და ღამენი-ა და თაფლი იგი საწუთოჲსა ამის სიტკბოებაჲ არს და შეაქცევს კაცსა გემოვნებაჲ საწუთოჲსაჲ. და დღენი და ღამენი აღსრულდებიან და სიკუდილი წარიტაცებს და ჯოჯოხეთს ვეშაპი იგი შთანთქამს და ესე არს ცხორებაჲ კაცთაჲ“.


უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"

* ტექსტის მთლიანად წაკითხვა შეიძლება აქ – https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/18.sibrdzne-balahvarisi.pdf

** http://www.nplg.gov.ge/gsdl//cgi-bin/library.exe?e=p-00000-00---off-0vertwo--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL1

*** https://genebook.de/getbook/f0b9749956f469e - გადავიწეროთ „სიბრძნე ბალაჰვარისის“ ქინდლის ვერსია

study


Last edited by ბობო on Sun Mar 01, 2009 6:02 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Empty
PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" EmptySun Mar 01, 2009 4:23 pm

უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Brlaam10

ვარლაამი და იოასაფი

„ვარლაამი და იოასაფი“, „ვარლამი და იოსაფატი“ („Barlaam kai Joasaph“) — შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი, ბერძნულ ენაზე მოღწეული ჰაგიოგრაფიული თხზულება. მისი სიუჟეტი ბუდა ლეგენდის სანსკრიტულ რედაქციას უკავშირდება. გადმოსცემს ინდოეთის მეფის ვაჟის იოასაფის გაქრისტიანების, ტახტზე ხელის აღებისა და თავის მოძღვართან, ვარლამთან, უდაბნოში წასვლის ამბავს. თხზულებაში ჩართულია აღმოსავლური წარმოშობის და სახარებიდან გადმოღებული იგავები, ქრისტიანული პოლემიკური დოგმატიკური ლიტერატურიდან ნასესხები ადგილები. მსუბუქი თხრობითი სტილი ოსტატურადაა შეზავებული „წმიდა მამათა“ თეოლოგიასთან. XI საუკუნეში შესრულებული ლათინური თარგმანის მეშვეობით რომანი ფართოდ გავრცელდა ევროპაში. XII საუკუნიდან მოყოლებული (სარაინდო რომანი „პარციფალი“), თვალსაჩინოა მისი გავლენა ევროპული ლიტერატურის ბევრ თხზულებასა და მწერალზე (უ. შექსპირისა და ლ. ტოლსტოის ჩათვლით).

თხზულების სიუჟეტის სანსკრიტიდან ბერძნულ ენაზე მიგრაციისა და „ვარლაამი და იოასაფის“ ავტორობის საკითხი თანამედროვე ბიზანტინისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. აღიარებულია, რომ სანსკრიტიდან ბერძნულამდე არსებობდა სულ ცოტა ორი შუალედური რედაქცია — ფალაური და არაბული. არის აგრეთვე თვალსაზრისი, რომ არაბულსა და ბერძნულს შორის დგას ქართული ვერსია („სიბრძნე ბალავარისი“). ბერძნული და ლათინური ხელნაწერთა ტრადიციის კვალად, ბიზანტინისტიკაში ჯერ კიდევ პოპულარულია აზრი, რომ რომანის ავტორია იოანე დამასკელი. XI საუკუნის ბერძნული, ლათინური და ქართული ცნობები კი ავტორად ექვთიმე იბერს (ექვთიმე მთაწმიდელს) ასახელებს. ამ თვალსაზრისის მეცნიერების არგუმენტაცია 1931 წელს წარმოადგინა პ. პეეტერსმა. დღეისათვის იგი დასტურდება შემდეგი ფაქტორებით:

ექვთიმე მთაწმიდლამდე ბერძნულ ენაზე არ არსებობდა რომანის არც ხელნაწერები, არც დამოწმება სვინაქსარებში, არც რაიმე რემინისცენცია, გადაკრული მნიშვნელობაც კი;
თხზულების გამოჩენის ადგილი არის ათონის მთა, სადაც მოღვაწეობდა ექვთიმე მთაწმიდელი;
მსგავსი მეტაფრასული სტილის ჰაგიოგრაფიული თხზულება შეუძლებელია ჩამოყალიბებულიყო მეტაფრასტიკის წარმოშობამდე - ექვთიმე მთაწმინდელის მოღვაწეობის დრომდე.
ბერძნული, არაბული და ქართული რედაქციათა საერთო ნაწილში ბერძნული ტექსტი შორდება არაბულს და უახლოვდება ქართულს.

ლიტერატურა
ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973;
ხინთიბიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 303-304, თბ., 1979 წელი.

ბმული:
* http://ka.wikipedia.org/wiki/ვარლაამი_და_იოასაფი

Exclamation
Back to top Go down
Guest
Guest



უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Empty
PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" EmptySun Mar 01, 2009 5:01 pm

უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Sibrzn11

თხრობაჲ დ

ჰრქუა ბალაჰვარ: „სახე ამის სოფლისაჲ ესე არს. - კაცსა ვისმე ესხნეს სამნი მეგობარნი. ერთი იგი უმეტეს სხუათა უყუარდა, და მეორე იგი მეგობარი უყუარდა-ვე, ხოლო მესამე იგი მეგობარი შეურაცხ იყო მის წინაშე. და შემდგომთა დღეთა მოიწივნეს მისა ბოროტნი მეფისანი და წარიყვანდეს განსაკითხავად. და მივიდა საყუარელისა მის მეგობრისა და ჰრქუა: “შენ უწყი, საყუარელო ჩემო, ვითარ მიყუარ. აწ ესერა წარმიყვან[ებ]ენ განსაკითხავად, შემეწიე ჭირსა ჩემსა”. მიუგო მან და
ჰრქუა: ,,არა ვარ მე აწ მეგობარ შენდა და არცა გიცი შენ, მე სხუანი მისხენან მეგობარნი, რომელთა თანა ვიშუებდე, არამედ მოგცნე ორნი სამოსელნი და იგიცა არავე გერგნენ”. და მივიდა მეორისა მის მეგობრისა და ჰრქუა: ,,აწ ვცნა სიყუარული ჩემი შენდა მიმართ, რომელ მაქუნდა. აწ ესერა წარვჰყავ მე განსაკითხავად და შემეწიე ჭირსა ჩემსა”. მიუგო მან: ,,არა მცალს დღეს შენდა, რამეთუ კმა არს ჩემდა ჭირი თავისა ჩემისაჲ, წარვედ გზასა შენსა, ამიერითგან არღარა ვარ მეგობარი შენი, არამედ მცირედ გზა-გყვე და მერმე მივიქცე ზრუნვად თავისა ჩემისა”. და წარვიდა მესამისა მეგობრისა, რომელსა-იგი სძულობდა და ჰრქუა მას: ,,სირცხჳლ მიჩნს, გარნა მჭირს და მით მოვედ შენდა. შემეწიე მე, დაღაცათუ არა კეთილ ვყავ შენ თანა”. ხოლო მან მხიარულებით ჰრქუა: ,,მე ვარ მეგობარი შენი, რომელმან დავიმარხე კეთილი შენი მცირედი, და აწ აღნადგინებითურთ მიგაგო შენ და თანამოგზაურ გექმნე და მეოხ ჭირსა შინა და არა მიგცე ჴელთა მტერთა შენთასა”. მაშინ იწყო სინანულად და თქუა: ,,რად არა შენ ზედა ვყავ ყოველი კეთილი, რომელ ორთა მათ მეგობართა ზედა წარვაგე ცუდად?“
ჰრქუა ძემან მეფისამან: „მაუწყე შეტყუებაჲცა მაგისი!“
ჰრქუა მას ბალაჰვარ: „მეგობარი იგი პირველი ვეცხლის მოყუარებაჲ არს, რომელი ფრიად უყუარს კაცთა, და ვერას წარიტანს თანა, ოდეს იგი წარიყვანებდეს სიკუდილი და ოდეს წარადგინებდენ განსაკითხავად. ხოლო ორნი იგი სამოსელნი საგრაგნელნი-ა; და მეორე იგი მეგობარი - ცოლი და შვილნი, რომელნი უყუარან და მათთჳს ზრუნავს სამარადისოდ და დღესა მას განკითხვისასა ვერას არგებენ, არამედ საფლავადმდე მიჰყვებიან და მერმე თავისსა ზრუნვასა შეექცევიან. და მესამე მეგობარი სული თჳსი-ა და არა ჰყოფს კეთილსა, ხოლო რომელი-იგი ყოს მცირედი, დიდად შეერაცხების წინაშე ღმრთისა, რამეთუ ასწილად მიაგებს ღმერთი ნაცვალსა“.

Exclamation


Last edited by ბობო on Sun Mar 01, 2009 6:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Empty
PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" EmptySun Mar 01, 2009 6:00 pm

უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" St_Euthymius_of_Athos_%28Akhtala_fresco%29

ექვთიმე (ეფთჳმე) მთაწმიდელი (დ. 955 ― გ. 1028) — ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავარი, 1005-1019 ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი.

ექვთიმე მთაწმიდელის მამა, სამცხის ერთ-ერთი დიდებული იოანე ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი, თორნიკე ერისთავის ძმა, ქართველთა სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი იყო ათონზე. მისი ბერად აღკვეცის შემდეგ მცირეწლოვანი ექვთიმეს აღზრდა იოანეს სიმამრმა და ცოლისძმებმა იკისრეს. ამ ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს "ზემონი ქუეყანანი" დაუთმო და მძევლად აზნაურთა შვილები მოითხოვა. მძევალთა შორის აღმოჩნდა ექვთიმეც. იოანემ იმპერატორის ნებართვით შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე მიიყვანა. 965 იოანე ათონის მთაზე გადასახლდა და ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა. მას თან გაჰყვა ექვთიმე და რამდენიმე მოწაფე. იოანეს გარდაცვალების შემდეგ ექვთიმე მთაწმიდელი ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. პრაქტიკული საქმიანობა აფერხებდა მის ლიტერატურულ მუშაობას. 14 წლის შემდეგ მან დატოვა წინამძღვრის თანამდებობა. ექვთიმე მთაწმიდელის ღვაწლი აღწერა გიორგი მთაწმიდელმა.

ლიტერატურული მოღვაწეობა ექვთიმე მთაწმიდელმა 975-977 დაიწყო. იგი ბავშვობიდანვე ფლობდა ბერძნულ ენას; თარგმნიდა არა მარტო ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც. [ბიოგრაფი ასახელებს "ბალაჰვარს" ("სიბრძნე ბალავარისი" და " "აბუკურას"")]. ექვთიმე მთაწმინდელს ბერძნულადაც დაუწერია თხზულება სამონაზვნო ცხოვრების წესების შესახებ.

ექვთიმე მთაწმიდელმა დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში. მან ქართული მწერლობა გაამდიდრა ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც ექვთიმე მთაწმიდელს განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს. ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი; მის მიერ თარგმნილ ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან აღსანიშნავია ანდრია კრეტელის "თარგმანი იოანე მახარებლის ხილვისაჲ", იოანე ოქროპირის "თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ", "თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ", ბასილი კესარიელის "თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ" და "ითიკა", გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათს ეგზეგეტიკური თხზულებანი. მანვე თარგმნა ასკეტურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი, მ. შ. გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის და ეფრემ ასურის თხზულებები "სწავლანი სულიერნი", გრიგოლ I დიდის დიალოგები, იოანე სინელის "კლემაქსი", ანდრია კრეტელის "ამაოებისას კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათჳს" და სხვ. ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა მრავალი ჰომილეტიკური ძეგლი, მ. შ. იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებული "მარგალიტი". ექვთიმე მთაწმიდელმა ჰაგიოგრაფიაშიც დატოვა ღრმა კვალი, თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. სიმეონ მეტაფრასტის ნაწარმოებთაგან ექვთიმე მთაწმიდლის თარგმნილია რომის პაპის კლიმენტის და პროკოპი დუქსის წამებანი და სხვა. ნაყოფირად იღვწოდა ლიტურგიკის დარგშიც. ათონის ივერთა სავანეს შეუქმნა სამონასტრო წესი, თარგმნა "მცირე სჳნაქსარი", ანდრია კრეტელის "დიდი კანონი", წმინდანთა "გალობანი" და სხვა.

ექვთიმე მთაწმიდელმა შეადგინა ნუსხა იმ წიგნებისა, რომლებიც საბერძნეთში აპოკრიფულად იყო მიჩნეული, ამ ნუსხით ის აფრთხილებდა ქართველებს, თავი შეეკავებინათ აპოკრიფული წიგნების კითხვისაგან. მიუხედავად ამისა, ექვთიმე მთაწმიდელმა თავად თარგმნა რამდენიმე აპოკრიფული საკითხავი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაშიც. ექვთიმე მთაწმიდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი კანონიკური სამართლეებრივი ძეგლები - VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები და ე. წ. მცირე სჯულისკანონი დედნის მხოლოდ თარგმანი კი არ არის, არამედ "მთარგმნელის მიერ გადაკეთებული და განმარტებებით შემკული რედაქცია" ( ივანე ჯავახიშვილი). ექვთიმე მთაწმიდლის ეს შრომა შეფარდებული იყო ქართულ სინამდვილესთან. მან გავლენა მოახდინა შუა საუკუნის საქართველოში სამართლის განვითარებაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექვთიმე მთაწმიდლის მოძღვრება დანაშაულის სუბიექტური მხარის შესახებ, რაც მან თავისი თარგმანის განმარტებითს ნაწილში მკვლელობის სხვადასხვა შემთხვევის განხილვისას ჩამოაყალიბა. ბრალის ძირითად ფორმად ექვთიმე მთწმინდელს განზრახვა ესახება და მისთვის დამახასიათებლად მიაჩნია "ნებსითი" დამოკიდებულება ქმედობისადმი. ზოგი მკვლელობა "განზრახვითია", ზოგი "უნებელი", მაგრამ მათი გრადაციები ბევრნაირია. ექვთიმე მთაწმიდელთან უკვე ვხვდებით გაუფრთხილებობისა და შემთხვევის ცნებათა ჩანასახს. ზოგადად დანაშაულის სუბიექტური მხარის დახასიათებისას ექვთიმე მთაწმიდელი განიხილავს ქმედობის მოტივებსაც, სახავს ბრალის შემამსუქებელსა და დამამძიმებელ გარემოებებს და ა. შ. იგი უფრო მცირე ასაკიდან აკისრებს პირს ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობას, ვიდრე ბიზანტიური სამართალი.

ფილოსოფიისადმი ექვთიმე მთაწმიდლის ინტერესის მაჩვენებელია იოანე დამასკელის შრომათა თარგმანები. მას ბერძნულიდან ქართულად უთარგმნია "სარწმუნოებისათჳს" (იგივე "წინამძღუარი"), რომელიც იოანე დამასკელის "გარდამოცემის" შემოკლებული რედაქციაა. ეს ძეგლი 24 სტატიისაგან შედგება. "გარდამოცემის" პარალელურად მას დამასკელის სხვა შრომებიც გამოუყენებია და მისთვის ჩვეული გამოკრებილი რედაქცია შეუქმნია. ექვთიმე მთაწმიდელს უთარგმნია აგრეთვე იოანე დამასკელის "ორისა ბუნებისათჳს ქრისტესსა". აქ მთარგმნელს დამასკელის ანტიმონოთეისტური თხზულებებიდან ამოღებული ციტატების საფუძველზე თავისებური კრებული შეუდგენია.

ექვთიმე მთაწმიდლის თარგმანები უაღრესად თავისებურია. მისთვის უცხოა დედნის ტექსტის სიტყვასიტყვით გადმოღება. ის ავრცობდა ან ამოკლებდა სათარგმნელ თხზულებას, შეჰქონდა სხვადასხვა წყაროდან ამოკრებული ცნობები და ხშირად - საკუთარი დამატებები და კომენტარები. ეფრემ მცირის თქმით, მას "ჴელეწიფებოდა შემატებაჲცა და კლებაჲცა". ტექსტს განსაკუთრებით მაშინ განავრცობდა, როდესაც ამა თუ იმ თხზულებაში საქართველოს ან ქართველობის შესახებ იყო საუბარი; იმ შემთხვევაშიც, როდესაც სათარგმნელი თხზულების ესა თუ ის ადგილი, მისი აზრით, განმარტებას საჭიროებდა. ამგვარი კომენტარები მას საკუთრივ ტექსტში შეჰქონდა. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანებისათვის დამახასიათებელია ვრცელი "შემატებანი". მას მოაქვს ციტატები ძველი და ახალი აღქმის წიგნებიდან, სხვადასხვა ჰაგიოგრაფიული ძეგლიდან და ა. შ. ხშირად მოკლედ თქმულს საგრძნობლად ავრცობდა და თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდა, ამიტომ საკმაოდ ძნელი გასარკვევია და კვლევის საგნად რჩება, რა ეკუთვნის ამ "შემატებათაგან" ექვთიმე მთაწმიდელს და რა - სხვა რომელიმე ავტორს. მის თარგმანებში ვხვდებით ეტიმოლოგიურ ძიებებს, რომელთა ნაწილი სხვადასხვა წყაროდან არის ამოღებული, ნაწილი კი ექვთიმე მთაწმიდელს უნდა ეკუთვნოდეს. თარგმანებში ტექსტის შემოკლების შემთხვევები გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე გავრცობისა. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი ნაწარმოებები თითქოს ახალი დამოუკიდებელი რედაქციებია. სათარგმნელი მასალი შერჩევისას და თვით თარგმნის პროცესშიც მას მხედველობაში ჰქონდა თანამემამულეების ინტელექტუალური მოთხოვნილებანი და განვიტარების დონე. ექვთიმე მთაწმინდელის მიზანი იყო ქართველი მკითხველისათვის გაეადვილებინა ბიზანტიური მწერლების გაგება და ათვისება. ეფრემ მცირის თქმით, ექვთიმე მთაწმიდელმა საგრძნობლად გააღრმავა ქართველი მკითხველის ცოდნის სფერო.

ექვთიმე მთაწმიდლის თარგმანების ენა სადა და დახვეწილია, თხრობა - ყოველთვის ლაღი და ბუნებრივი. ბიოგრაფის სიტყვით, მან "აღაყუავა ენაჲ ჩუენი და ქუეყანაჲ თარგმანებითა წმინდათა წერილთაჲთა და ყოველნივე განაკჳრნა, რამეთუ ეგევითარი თარგმანი არღარა გამოჩინებულ არს ენასა ჩუენსა და ვჰგონებ თუ, არცაღა გამოჩინებად არს."

ექვთიმე მთაწმიდლის მთარგმნელობითი მეთოდი დიდხანს გეზს აძლევდა და განსაზღვრავდა ქართველ მთარგმნელთა მუშაობას. მაგრამ თანდათან თავი იჩინა ზუსტი თარგმანისაკენ მიდრეკილებამ. ახალი მიმართულების ბრწყინვალე პრაქტიკული ნიმუში და მეცნიერული დასაბუთება მოცემულია ეფრემ მცირის შრომებში.

ლიტერატურა
კეკელიძე კ., ათონის ლიტერატურული სკოლის ისტორიიდან, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1945;
მისივე, ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის ერთი ნიმუში, იქვე;
მისივე, ზოგიერთი საკითხი ექვთიმე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, იქვე, ტ. 1, თბ., 1956;
მისივე, ექვთიმე ძველ ქართულ მწერლობაში, იქვე, ტ. 4, თბ., 1957;
მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
მიმინოშვილი რ., ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი ხერხები, კრ.: ძველი ქართული მწელობის საკითხები, კრ.: ძველი ქართული მწერლობის საკითხები, ტ. 2, თბ., 1964;
ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;
ბააკაშვილი ვ., ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 4, გვ. 248-249, თბ., 1979
მაჭარაშვილი გ., წმიდა ექვთიმე ათონელი და კათოლიციზმი, თბ., 2009 [1];
მაჭარაშვილი გ., წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი, გვ. 6-9 თბ., 2007 [2].


ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ექვთიმე_მთაწმიდელი

Exclamation
Back to top Go down
Guest
Guest



უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Empty
PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" EmptyWed Mar 25, 2009 12:14 pm

უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Barlaami

„სიბრძნე ბალავარისი“ — შუა საუკუნეების პოპულარული ჰაგიოგრაფიულ-მორალური ხასიათის სასულიერო რომანის „ბალავარიანის“ ქართული რედაქცია.

თხზულება ინდური წარმოშობისაა. ქართულად იგი არაბული ენიდან უნდა იყოს გადმოკეთებული. მასში მოთხრობილია ინდოეთში ქრისტიანობის გავრცელების ამბავი: ინდოეთის მეფის აბენესის ვაჟს იოდასაფს ქრისტიანობაზე მოაქცევს მეუდაბნოე ბალავარი. იოდასაფი ქრისტიანობას ინდოეთის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებს. თხზულება შუა საუკუნეებში ინტერესს იწვევდა თხრობის იგავარაკული სტილით (ბალავარის ბრძნული შეგონებანი იოდასაფისადმი წარმოდგენილია იგავებად) და სიუჟეტის რომანული ელემენტით (იოდასაფს ცთუნების მიზნით მეფე ულამაზეს ასულებს მიუჩენს, ერთი მათგანი უფლისწულს შეუყვარდება).

ქართულ ხელნაწერებში ამ თხზულების 2 რედაქციაა დაცული: ვრცელი — „ცხოვრებაჲ იოდასაფისი“ და მოკლე „სიბრძნე ბალავარისი“ ვრცელი რედაქცია ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ხელნაწერით (Ter. № 140, XI ს., გამოიცა 1957). დღეისათვის გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, ვრცელი რედაქცია IX-X საუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი, ხოლო მოკლე - X საუკუნის დამლევს თუ XI საუკუნეში. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ვრცელი რედაქციის შემოკლებაა, თუმცა მასში სხვა წყაროებიც უნდა იყოს გამოყენებული. მკვლევართა აზრი ვრცელი და მოკლე რედაქციის მიმართებაზე ერთგვარი არ არის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოკლე რედაქცია უსწრებს ვრცელს, ზოგის აზრით კი ვრცელი და მოკლე რედაქციები საერთო დედნიდან მომდინარეობს.

„ბალავარიანის“ ქართული ვერსია რომანის პირველი ქრისტიანული გადამუშავება უნდა იყოს. იგი შუალედური საფეხურია ამ სიუჟეტის აღმოსავლურ (სანსკრიტული, ფალაური, არაბული) და დასავლუ (ბერძნული) გადამუშავებას შორის. შუა საუკუნეების ევროპაში უაღრესად პოპულარული „ვარლაამისა და იოსაფის“ რომანი ქართული ვერსიიდან უნდა იღებდეს სათავეს.

„სიბრძნე ბალავარისი“ თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე. რუსულად მოკლე რედაქცია თარგმნა ი. ჯავახიშვილმა (პეტერბურგი, 1899), ვრცელი რედაქცია — ბ. აბულაძემ (თბილისი, 1962); ინგლისურად მოკლე (ლონდონი, 1957) და ვრცელი (ლონდონი, 1966) რედაქციაც — დევიდ ლენგმა.

ლიტერატურა
კეკელიძე კ., ბალავარიანის რომანი ქრისტიანულ მწერლობაში, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 6, თბ., 1960;
ხინთიბიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 322, თბ., 1985 წელი.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/სიბრძნე_ბალავარისი

Exclamation


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1345
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Empty
PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" EmptyWed Mar 25, 2009 8:49 pm

zevsis daqali wrote:
რა კარგი თემები ყოფილა აქა, დაილოცოს ნინი, რომ მომიყვანა.








flower

აქ რა კარგი თემებია
და რა კარგი ფერებია.

მწვანე ფონზე გვირილებით
ხელი დაგიმშვენებია...

აქაური მასპინძლები
თავზე შემოგევლებიან.


bounce queen drunken
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5866
Registration date : 09.11.08

უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Empty
PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" EmptySun Feb 16, 2020 9:34 pm

უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" 220px-Varlaam_and_Josaphat_-_Kuteino

ვარლაამი და იოასაფი

* ამ მოთხრობის იგავებიდან ერთ-ერთის (ოთხ კიდობანზე) სიუჟეტი გამოიყენა უილიამ შექსპირმა „ვენეციელ ვაჭარში“, პორციას მიერ თვისი საქმროების გამოცდის სცენებში.

* ლოპე დე ვეგამ ამ მოთხრობის სიუეტზე დაწერა დრამა „ვარლაამი და იოასაფი“.

* კალდერონმა გაიმეორა ეს სიუჟტი პიესაში „ცხოვრება სიზმარია“


ბმული:
* https://ru.wikipedia.org/wiki/Варлаам_и_Иоасаф_(роман)

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Empty
PostSubject: Re: უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"   უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი" Empty

Back to top Go down
 
უცნობი ავტორი - "სიბრძნე ბალაჰვარისი"
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: