არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 პაატა შამუგია

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6410
Registration date : 09.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyMon Feb 23, 2009 1:08 am

პაატა შამუგია 250px-Paata_Shamugia
Paata Shamugia

პაატა შამუგია

თანამედროვე ქართველი პოეტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი. 2015 წელს ის გახდა პირველი პოეტი, რომელმაც ორჯერ მიიღო პრემია "საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის.
დაიბადა 1983 წელს აფხაზეთში. ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით. 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს.
ფართო საზოგადოებისათვის პაატა შამუგია ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით „ანტიტყაოსანი“. წიგნმა სკანდალი გამოიწვია იმით, რომ ის ამ კლასიკური ტექსტის პაროდირებული ვერსია იყო.
სამწლიანი პაუზის შემდეგ (2010) პაატა შამუგიამ გამოსცა პოეტური კრებული „უპირატესობა“, რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. წინა კრებულისგან განსხვავებით, „უპირატესობა“ არ გამხდარა სკანდალის მიზეზი, პირიქით — კრიტიკამ დადებითად მიიღო ავტორის წიგნი, დაიწერა რეცენზიები, სადაც ავტორს ახალი ქართული პოეზიის გამორჩეულ სახედ მიიჩნევენ.
2011 წელს გამოვიდა ავტორის ახალი წიგნი სახელწოდებით „დაუჯდომელი“, რომელშიც ავტორი რელიგიური თემების გადამუშავებითა და მძაფრი სოციო-პოლიტიკური პათოსით ამბობს სათქმელს.
მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

ჯილდოები
2015 — „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „შიზოგადოება"
2012 — „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „დაუჯდომელი"
2012 — ჟურნალმა „ცხელმა შოკოლადმა“ პაატა შამუგია დაასახელა წლის ადამიანად.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/პაატა_შამუგია
* https://en.wikipedia.org/wiki/Paata_Shamugia
* http://book.gov.ge/en/author/shamugia-paata-/66/
* https://www.facebook.com/pshamugia/


პაატა შამუგია/გენიოსი
Published on Feb 16, 2015
პაატა შამუგია ხელოვნების ფესტივალზე ვენტილაცია. ქუთაისი, 2015

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 22, 2019 4:52 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyMon Feb 23, 2009 1:17 am

პაატა შამუგია

მეტაფიზიკური საპონი და ჰალსტუხიანი პოეტები


პირველად ლიტერატურული იატაკქვეშეთი მაშინ გაჩნდა, როცა პლატონმა პოეტების სახელმწიფოდან გაყრა მოინდომა. მე თუ მკითხავთ (ისე, ეჭვი მაქვს, რომ არ მკითხავთ), პლატონის საქციელი აბსოლუტურად გამართლებული იყო. ესსეს ბოლოში მივანიშნებ კიდეც, თუ რატომ ვფიქრობ ასე.
რუსულ პრესაში ძალიან დიდი გაკვირვება და გაღიზიანება გამოიწვია შარშან გარდაცვლილი რუსი მემარცხენე პოეტის დიმიტრი პრიგოვის ნათქვამმა: მე პოეზიის უკანასკნელი მოჰიკანი ვარო. არადა, რუსებს ის არ გაკვირვებიათ, იმავე პრიგოვმა პოეზიის ფესტივალზე კატა რომ მიიყვანა და ეს შინაური ცხოველი, ბოდიში და, რუსეთიაო, რომ განაცხადა. ჟურნალისტები მაშინ არც კი დაფიქრებულან, რომ ამ პერფორმანსის შემთხვევაშიც მართალი იყო პრიგოვი. ასეთი არასტანდარტული ქცევების გამო რუსული ოფიციოზი დიდხანს დევნიდა მას. 90-იან წლებში ის იძულებით საგიჟეთშიც მოათავსეს და საღად მოაზროვნე ინტელექტუალური წრეები რომ არ ჩარეულიყვნენ, პრიგოვს დიდხანს მოუწევდა ყურყუტი `ნაპოლეონებთან” და `იულიუს კეისრებთან”. ხშირად ასე სჯიან ხოლმე გაბატონებული აზრისადმი შეუგუებელ ადამიანებს!
სამაგიეროდ, იდეოლოგიურ მონოპოლისტებს ყოველთვის უყვარდათ ჰალსტუხგამონასკვული, ზრდილობიანი, “კოფეს ხომ არ მიირთმევთ, ჩემო ბატონო-“თი მოსაუბრე, თავზეჟელეგადასმული კონფორმისტი პოეტები და მწერლები იმიტომ, რომ მათში ვერ ხედავდნენ საფრთხეს (ამიტომაც ქართული საზოგადოებრივი აზრის რეჟისორებისათვის დღემდე ითვლებოდა, რომ “თავისუფლება ლომთა ხვედრია” და ”ტყვია მიზანში მოსახვედრია” კარგად ერითმება ერთმანეთს და უფრო მეტიც, ეს კარგი ლექსია; შესაბამისად, ამ ლექსის ავტორი (და მისნაირები) ხშირად პრეზიდენტებისა და “ცეკას” მდივნების სუფრების საპატიო თამადა იყო ხოლმე).
თავის მხრივ, იდეოლოგებს ყოველთვის ეშინოდათ უწესო, ექსცენტრიკი, არყისსუნიანი, თავხედი “ახალგაზრდა ღმერთების”, რომლებიც ძალიან თამამად ამსხვრევდნენ უმთავრეს ტაბუებს.
თუ ამბროზ ბირსის დაეჯერება (კი, დაეჯერება! პ.შ. ), “საზოგადოება ვერ იტანს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს.” ამიტომ ასეთი არაორდინალები ყოველთვის ასოციალურ ელემენტებად მოიაზრებოდნენ პრაგმატული საზოგადოების მიერ და ამაში იყო რაღაცა კანონზომიერი.
ძირითადი მეთოდი, რომელსაც ოფიციოზი განსხვავებული აზრის მატარებელი ხელოვანების დასათრგუნავად იყენებს, ეს არის მათი მარგინალიზირება, მათი ამორალობის დამტკიცება (ეს ახლა, თორემ ადრე პირდაპირ ცეცხლზე წვავდნენ ხოლმე)... ცალი თვალიც რომ გადავავლოთ “დასჯილ პოეტებს” საკმაოდ დიდი სია შედგება. აგერ, სულ ახლახანს, მეოცე საუკუნეში, ფორუყ ფაროხზადეს დედობის უფლება წაართვეს თავისი თამამი, არატრადიციული, მუსლიმანური სამყაროსათვის უცხო ლექსების გამო. დღეს კი ფაროხზადე მსოფლიო კლასიკაა.
მეოცე საუკუნეშივე წერდნენ “ბიტნიკები”, რომლებსაც გაუმართლათ, რომ ირანში კი არა, ამერიკაში დაიბადნენ. ამიტომ თავიანთი ლექსებისა და სხვა თეორიული იდეების გამო მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ ცემდნენ ხოლმე “კეთილისმსურველი” სნობები. არც ხელისუფლება აკლებდა ხელს და ფარულად სჯიდა ხოლმე. გავიდა დრო და გინსბერგის (“ბიტნიკების” ერთ-ერთი გურუ) იუბილეზე ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთი მოწიწებით მიდიოდნენ, როგორც მესიასთან.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ შარლ ბოდლერის პოეტური კრებული “ბოროტების ყვავილები” საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ შერაცხულ იქნა როგორც “ადამიანური მორალის შეურაცხყოფა”, დღეს კი ეს ლექსები არაერთი ჰიპერპროგრესული ქვეყნის სასკოლო პროგრამაშია შეტანილი და მომავალი თაობები სიამოვნებით ეცნობიან ამ `ამორალური” კაცის ტექსტებს.
არც ის მიკვირს, რომ ფრანსუა რაბლეს ყველა პუბლიკაცია გამოცემისთანავე აკრძალული იყო. ადვილი მისახვედრია, თავის დროზე რა რეაქცია ექნებოდათ `ჰალსტუხიანი ლიტერატურის” მოყვარულებს ამ პროვოკატორი გენიოსის ტექსტებზე. დღეს კი რაბლე საფრანგეთის სიმბოლოა.
საფრანგეთმა დიდი გამოცდილება მიიღო, ახლა მას აღარ უკვირს ხელოვანის სიგიჟეები და ამიტომაა, რომ უელბეკის ან ბეგბედერის მიერ მინეტის ნატურალიზაცია და გენიტალიების არაევფემისტური დასახელება აღარ აღიქმება, როგორც აპოკალიფსის ნიშანი (ჩვენთან ეს ჯერ კიდევ სატანიზმად მიიჩნევა).
საზოგადოებას უყვარს გარდაცვლილი პოეტები. ცოცხალ პოეტებთან ცოტა უჭირს კომუნიკაცია. ერთი ინგლისელი ესსეისტი (სახელი არ მახსოვს) წერდა: “ცოცხალი პოეტი ანაქრონიზმიაო.” პოეტები თავისი არსით ასოციალური ელემენტები არიან, ამიტომ ნებისმიერი საღ აზრზე მყოფი სოციუმი ებრძვის მათ. და ეს არის ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება. უფრო სწორად, ეს არის კანონზომიერება: ანუ პოეტები ამსხვრევენ საზოგადოებრივ ტაბუებს, საზოგადოება კი ამსხვრევს პოეტის აწმყოს. ამ ორი მხარის შერიგება ძირითადად ხდება მაშინ, როცა პოეტი კვდება. მკვდარი პოეტი საზოგადოების დიდ სიმპათიებს იმსახურებს.
ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თანამედროვე ქართულ არტ-სივრცეში ასე მწვავედ არ დგას ტაბუს პრობლემა. ეს ცუდია, რადგან სადაც არ იმსხვევა ტაბუები, სადაც არ ხდება ლიტერატურული პარნასის დესაკრალიზაცია, სადაც `მეტაფიზიკური წიწაკის” ნაცვლად მხოლოდ “მეტაფიზიკურ საპონს” იღებს რეციპიენტი, იქ თანამედროვე ლიტერატურას უჭირს. ევროპულ-ამერიკულმა ლიტერატურამ ეს პრობლემა მოილია, ტაბუები აღარ დარჩა, რომ არ შეხებოდნენ, ამიტომ ახლა, ასე ვთქვათ, ერთობიან, კი არ ებრძვიან, არამედ ეთამაშებიან სიწმინდეებს.
“ხელოვნება იმიტომ კი არ ეთამაშება სიწმინდეებს, რომ პატივს არ სცემს მათ, უბრალოდ, ხელოვნება ეთამაშება ყველაფერს,” _ წერს იაკობ კროტოვი. საქმეც ეგაა, რომ თანამედროვე არტი პოსტმოდერნის სახით მთლიანად იქცა თამაშის ხელოვნებად, ხოლო არტისტი (და ასევე, მკითხველი-რეციპიენტი) _ Hომო Lუდენს-ად ანუ ადამიან-მოთამაშედ. მთელი ეს ლამის კანონიკად შერაცხული კლასიკა პოსტმოდერნმა თავდაყირა დააყენა მისი გამანადგურებლად ირონიული ციტირების გზით. ავანგარდი (მოდერნი) კლასიკურ ტექსტებს უყურებს, როგორც მტერს, ხოლო პოსტმოდერნი _ როგორც სათამაშოს. მისთვის არ არსებობს ხელშეუხებელი სფეროები, რომლის დაცინვაც არ შეიძლება, ეს არის ლიტერატურის სრული ლიბერალიზაცია. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს არის თანამედროვე არტ-კონცეპტი.
თავის მხრივ, თანამედროვედ ყოფნა ძალიან ძნელი მომენტია. არადა, ერთი შეხედვით ძალიან ადვილადაა ყველაფერი: ჩვენს დროში წერ ლექსებს, ე.ი. თანამედროვე პოეტი ხარ. მაგრამ საქმე უფრო სხვანაირად არის.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyMon Feb 23, 2009 1:19 am

wina postis gagrdzeleba


თანამედროვე ხარ მაშინ, როცა შენი ბიოლოგიური და მენტალური `არსებობა” ერთმანეთს ემთხვევა. მარტო ქრონოლოგიურად არსებობა 21-ე საუკუნეში ვერავის აქცევს თანამედროვე არტისტად. ასე რომ იყოს, მთელი მწერალთა კავშირი თანამედროვე ლიტერატურის მონაპოვარი იქნებოდა (რეალურად, ეს ორგანიზაცია მხოლოდ ქრონოლოგიურად აღმოჩნდა ამ საუკუნეში).
ანატოლ ფრანსი წერს: “აზროვნება სნეულებაა, რომლითაც ძალიან ცოტანი ხდებიან ავადო.” ამ ლოგიკით, მწერალთა კავშირი ძალიან ჯანმრთელად გამოიყურება.
მწერალთა კავშირი დაშალა მისმა არათანამედროვეობამ, აკადემიურობის ნიღბით შეფარულმა ყალბმა ზომიერებამ. პრინციპში, თუ თანამედროვენი იქნებოდნენ, თავიანთივე სურვილით დაიშლებოდნენ იმიტომ, რომ ასეთი ეკლექტური დაჯგუფება არ შეიძლება, თანამედროვე ხელოვანს მოსწონდეს.
ამ გაერთიანებამ უარი თქვა თანამედროვეობაზე და თანამედროვეობამაც უარი თქვა მასზე. დღეს სხვა მოთხოვნებია: პოეტი, რომელმაც არ იცის საყველპურო ინგლისური და კომპიუტერზე მუშაობა არ ეხერხება, ცუდი პოეტია.
ლიტერატურა ყოველთვის იყო სნობების თავშესაფარი. ჩვენთან ეს ფაქტი ორი ნიშნით გამოიყოფა: ერთი მხარე (ძირითადად ძველი თაობის ურაპატრიოტი პოეტები) ეთნო-მესიანიზმს ქადაგებენ, მეორე მხარე კი (გარეგნულად თანამედროვე პოეტები) _ ეთნო-ნიჰილიზმს. ეთნო-მესიანიზმის იდეის გასამყარებელ ორიგინალ, ავთენტურ ტექსტად იოანე ზოსიმე მოიაზრება, რომელსაც რატომღაც გულუბრყვილოდ ეგონა, რომ “ენითა ამით” (ქართული ენით) უნდა განსაჯოს ღმერთმა ყველა ერი. თავის დროზე ამ თემაზე მეცნიერული `შრომები” იწერებოდა, ასეთ ავტორებს შორის იყო ზ. გამსახურდია (იხ: “საქართველოს სულიერი მისია”). მოკლედ, ეთნომესიამიზმის მთავარი თემა იყო ის, რომ ჩვენ დიადი წარსული გვქონდა, რომ ჩვენი ერთი წინაპარი 50 დამპყრობელს ფიცხელ ომში შავ დღეს აყრიდა, რომ ქართული მწერლობა ყველაზე დიდია, ქართული ქათამი ყველაზე დიდ კვერცხს დებს და ა.შ.
დასკვნა: რა თქმა უნდა, ეთნომესიანიზმი გოიმობაა.
ეთნო-ნიჰილისტები აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებენ: ამბობენ, რომ ჩვენ წარსული საერთოდ არ გვქონდა, რომ ქართული მწერლობა სამარცხვინოა თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ენაზეა დაწერილი (სხვათაშორის, თვითონაც ქართულად წერენ), რომ ქართული ქათამი კვერცხს საერთოდ არ დებს და ა.შ.
დასკვნა: ეთნო-ნიჰილიზმიც ისეთივე გოიმობაა, როგორც ეთნო-მესიანიზმი. იმიტომ, რომ მწერლობა არ არის ამ ორიდან რომელიმეს დამტკიცება და საერთოდ, მწერლობა არაა რაიმეს მტკიცება (თუმცა, მე, პირადად, ეთნო-ნიჰილიზმი (ანუ თვითკრიტიკა, როგორც თვითიდენტიფიკაციის სწორი გზა) ჯანსაღ პროცესად მიმაჩნია, ოღონდ მხატვრულ ტექსტში ამის მტკიცებას ფანტაზიის ნაკლებობად და სნობიზმად აღვიქვამ).
მიუხედავად ამ ყველაფრისა, სნობების არსებობა ავითარებს ლიტერატურას. იმიტომ, რომ თუ სნობები აღარ იქნებიან, მაშინ პოეტს აღარ ექნება ფაქტი, რის წინააღმდეგაც უნდა ამბოხდეს. ალბათ, ალბერ კამიუ გოიმების ნაკლებობას განიცდიდა, როცა წერდა: “მე ვეძებ ჩემი ამბოხების მიზეზს, რომელიც ჯერჯერობით არ მომეცაო.”
დღევანდელი არტი პროტესტის ნიშნად დასცინის კლასიკას, დასცინის `მაღალი იდეალების” არამყარობის გამო; პოსტმოდერნისტულმა არტმა საზოგადოებას შესთავაზა გართობა, ტექსტუალური სანახაობა, ტექსტებს გამოაცალა დიდაქტიკა (თუ დიდაქტიკა მაინც არის ასეთ არტში, ესე იგი ესაა ირონია დიდაქტიკაზე) და მხოლოდ პაროდიის მიზნით თუ მიმართავს კლასიკას.
პოსტმოდერნის (ტრანსავანგარდის) თავისუფალი მიდგომისგან განსხვავებით, ავანგარდი უფრო დაძაბული სახით დაუპირისპირდა კლასიკას. რადიკალი მემარცხენე პოეტი ჰანს არპი ძალიან შორს წავიდა და საზოგადოებას “მეტაფიზიკური წიწაკა” შესთავაზა. მეტაფიზიკური წიწაკა არის დაახლოებით ის, რაც მაგალითად, მარინეტიმ შესთავაზა ხალხს: საშინელი რეალობა _ კლასიკის განადგურება, მუზეუმების დაწვა... `მეტაფიზიკური წიწაკა” არის ომის სახელით მშვიდობის დამყარების უტოპისტური თეორია და კარგიც იმიტომაა, რომ უტოპისტურია, ეს ხომ პოეზიაა (თუმცა, თვითონ ანტიპოეტებად მიიჩნევდნენ თავს).
ქართულ სივრცეში არტისტის პროტესტი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, მხოლოდ თეორიულ მსხვერპლშეწირვაზე ჩერდება არჩევანი. ამისგან განსხვავებით, ავსტრიელმა ბოდი-არტიზმის მიმდევარმა შვარცკოგლერმა ყველაზე შთამბეჭდავი პერფორმანსი ჩაატარა: მან ნაკუწ-ნაკუწ დაიჩეხა სხეული და სისხლდენით მოკვდა. ეს იყო ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა და ყველაზე დიდი პოეტური აქტი, პროტესტი, რომელსაც თავისი სხეულითაც უერთგულა. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი მაზოხისტური აქტი, რომ არ მომკვდარიყო, მაგრამ შვარცკოგლერი `შეგნებულად მოკვდა.”
ამიტომ იყო პლატონი მართალი (სახელმწიფოებრივი დისკურსის გათვალისწინებით), როცა პოეტების სახელმწიფოდან გაყრა მოინდომა.
ამიტომაც გაჩნდა პოსტმოდერნი, როგორც ერთგვარი დამცავი საშუალება. ანუ: ეს მიმდინარეობა ცდილობს, შეარიგოს ორი მოსისხლე მტერი _ ელიტური და პოპ-ლიტერატურა. პოსტმოდერნი მთლიანად საბაზრო ეკონომიკაზეა გადართული და ემორჩილება ე.წ. ნონსელექციის პრინციპს, უფრო სწორად დარვინის “ბუნებრივი გადარჩევის” პრინციპს: გადარჩება ძლიერი. ამიტომაც არის ის ყველაზე დემოკრატიული მიმდინარეობა.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyMon Feb 23, 2009 1:21 am

როგორ დავწეროთ ლექსები
პაატა შამუგია
(ტექსტები და კონტექსტები)


ხშირად ხდება, რომ ხელოვნება იმ სფეროზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა. ეს კონტექსტის კრიზისია. როცა კონტექსტები არ ჩანს, ძნელია იფიქრო სახელოვნებო პროცესზე, როგორც ასეთზე.
ამ ესეში მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო ქართული ტექსტებისა და კონტექსტების ურთიერთობას.
მანამდე კი:
პოეზიას ორი მთავარი მოწინააღმდეგე ჰყავს: რელიგია და თვითონ პოეზია.
დავიწყოთ უკანასკნელით: პოეზია პოეზიის წინააღმდეგ.
ქართულ პერიოდიკაში ადრეც დაწერილა იმის შესახებ, რომ არსებობენ პრივილეგირებული სიტყვები, ფრაზები, მოვლენები, რომლებიც ითვლება პოეტურად, ანუ მათი გამოყენება პოეზიაში ასე ვთქვათ, პოეზიას ხდის პოეზიად. შესაბამისად, არსებობენ სიტყვები, მოვლენები, რომელთა გატექსტება, გავრცელებული თვალსაზრისით, მკრეხელობა თუ არა, არაპოეტური მაინცაა.
სინამდვილეში კი `პოეტური” და `არაპოეტური” სიტყვების არსებობა ფიქციაა, სიტყვას თუ მოვლენას პოეტურად ხდის კონტექსტი. რა თქმა უნდა საკამათოა თავად ტერმინი `პოეტური”, რას ნიშნავს ის? მაგ: სიტყვა `ბოქვენი” რატომ არ არის პოეტური და რა კომპონენტში სჯობს მას სიტყვა `მთვარე?” რატომ არის პოეტური `რაში” და არა _ `ჯორი?”
უნდა მოხდეს `მეორეხარისხოვნების, როგორც ღირებულების განმტკიცება” (აკილე ბენიტო ოლივა), მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული სტატუსის ლეგიტიმაცია. შეგვიძლია ვიხმაროთ ტერმინი `შეცონდ Aრტ” (სექენდ არტ) და ამით მოვინიშნოთ პოსტინდუსტრიული ლირიკის საზღვრები, რომლებსაც ბოლოსკენ ალბათ შევეხები.
მოტივირებული კონტექსტი ნებისმიერ სიტყვას აძლევს ესთეტიკური არსებობის შესაძლებლობას. მთავარია კონტექსტი. კონტექსტის გარეშე დაწერილი სიტყვა `სამშობლო” გაცილებით უზრდელურად ჟღერს, ვიდრე სიტყვა `ტრაკი.”
მაგალითად, ტომაზო ლანდოლფის მიერ ორგაზმის ოთხგვერდიანი აღწერა გაცილებით პოეტურია (ამ სიტყვის თუნდაც ტრადიციული განმარტებების მოშველიებით), ვიდრე მთელი `ანა კარენინა” თავისი გულისგამაწვრილებელი პათოსითა და ფსევდოინტელექტუალური განაზრებებით. უიტმენის `ყოფითი” ტექსტები, რომლებიც ბევრ ლიტერატურათმცოდნეში `დეილი ტელეგრაფის” პუბლიკაციების ასოციაციას იწვევდა, პლანეტის საუკეთესო პოეზიაა.
პოეტმა-არტისტმა უნდა შექმნას კონტექსტი, რომელშიც აცხოვრებს თავის ტექსტებს. ტექსტი, რომელიც გაურბის კონტექსტს, კლავს საკუთარ არსებობას. ქართული ტექსტების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს კონტექსტში, რომელიც მას არ ეკუთვნის. ზუსტად ამიტომ სასურველია, მალე მოხდეს უკვე ნახსენები მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული სტატუსის ლეგიტიმაცია, რაც დაუბრუნებს დაჩაგრულ საგნებსა და სიტყვებს უფლებას, მოხვდნენ პოეტურ განზომილებაში.
ნებისმიერ ნივთს აქვს უფლება, აღიწეროს. კონტექსტის მიცემის შემთხვევაში, საპირფარეშოს იხვი და `თი-ბი-სი ბანკის” 17 %-იანი განვადება ისეთივე პოეტური (ფ)აქტი ხდება, როგორც `ბჰაგავატ გიტა” და `ბალახის ფოთლები”.
მეორეხარისხოვნების, როგორც სუვერენული ლიტერატურული ღირებულების გამტკიცებას ხელს უშლის აბსოლუტისტური წარმოდგენები პოეზიაზე, მის `საკრალურ” ბუნებაზე, შესაბამისად, პოეზიის თემად მიიჩნევა მხოლოდ `ამაღლებული” (?) მოვლენები. ასევე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს `ღვთაებრივი ინიციაციის” თეორია, პოეტის, როგორც ღვთისგან ან მსგავსი მოვლენისგან ხელდასხმული ადეპტის წარმოდგენა და ა.შ. საბჭოთა საქართველოში ჩამოსული სტაინბეკი თავის `რუსულ დღიურში” (თუ კარგად მახსოვს, ეგრე ჰქვია) წერს, თუ როგორ ვერ გააგებინა ქართველ მწერლებს, რომ იქ, ამერიკაში მწერლობა ისეთივე ჩვეულებრივი პროფესიაა, როგორც ვთქვათ, ინჟინრობა და არავინ მიიჩნევს მწერალს ერის წინამძღოლად და ღვთისგან ხელდასხმულად. ქართველებს გაუკვირდებოდათ ასეთი მიდგომა, აბა რა. ქართველი პოეტი ხომ ღვთის შიკრიკია.
აი, ამ კონტექსტების გათვალისწინებით უამრავი ლექსი ზედმეტად `სერიოზულად” იწერება.
ავტორი ძალიან სერიოზული სახით ეკიდება თავის საქმეს მაშინ, როცა პოეზია პლანეტის ყველაზე არასერიოზული საქმიანობა.
პოეზია თამაშია.
პირველი პოეტი-პერფორმერები _ ბერძენი აედები, რომლებიც ცეკვა-სიმღერით ლექსავდნენ, რას იფიქრებდნენ, რომ ოდესმე პოეზია ასეთი ტვინის ჭყლეტის ობიექტი იქნებოდა. ისინი ცხოვრობდნენ თავიანთივე ნამღერ პოეტურ კონტექსტში და ამაში `კაიფს” იჭერდნენ. ეგ იყო და ეგ.
10-იან წლებში ავანგარდისტების მიერ შემოგდებული `ფსიქიკური ავტომატიზმის” პრინციპი რეალურად დიდი ხნის წინ ანტიკურ ცივილიზაციაში განხორციელდა, როცა ღვინისა და გარუჯული ბერძენი ნაშების თანხლებით ექსპრომტად იმღერებოდა ლექსები.

`სადაც კარგი ბარებია,
გოგო დაგიბარებია,
ისე დაგიბარებია,
როგორც დაგიბარებია.”

ვახტანგ ჯავახაძის ეს ლექსი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც საერთოდ მეოცე საუკუნეში დაწერილა. იმიტომ, რომ დაწერილია პოეტი-მოთამაშის მიერ და ტექსტიც ცხოვრობს შესაბამის კონტექსტში. ცხადია, ეს არაა ინტელექტუალური პოეზიის კონტექსტი, როგორც მაგ: ხარანაულის `წიგნი ამბა ბესარიონისა” ან ბარბაქაძის `ლოგიკის მონატრება”. ამ პოეტებს სხვადასხვა კონტექსტები აქვთ და ყველა მათგანი ზუსტად იცავს თავის ტერიტორიას. მაგრამ ასეთი ზუსტი კონტექსტები ძალიან მცირეა ქართულ ლიტერატურაში, რისი მთავარი განმაპირობებელი, ჩემი აზრით, არის ავტორების სურვილი, იყვნენ ფილოსოფიურები. შედეგად ვიღებთ კვაზიინტელექტუალურ პოეზიას, ან უკიდურეს შემთხვევაში, ცუდადგარითმულ `წმინდა გონების კრიტიკას”.
პოეტური `ეგოს”-ს პრეზენტირების მიზანმიმართულად ფილოსოფიურ-ლირიკული მეთოდი ფიასკოთი დამთავრდა.
`ქართული” რილკე ვერ შედგა.
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyMon Feb 23, 2009 1:26 am

gagardzeleba wina postis



ოთარ ჭილაძის ლექსები არის ცხადი ნიმუში პოეზიაში მიზანმიმართული ფილოსოფიურობის კრახისა. მსგავსი შაქარყინულოვანი, მონოტონური ფილოსოფიურობა ძალიან იოლი პოზა გახდა. ფაქტია, რომ მათით შეყვარებული თინეიჯერები სიამოვნებით იმესიჯებენ, მაგრამ ამ ტექსტების შემოქმედებითი ეფემერულობა გარდაუვალია. ამავდროულად, სრულად ვეთანხმები აზრს, რომ ჭილაძემ მოახერხა, შეექმნა ჩვენი დროის საუკეთესო მონუმენტური პროზა (არა მარტო ქართული მასშტაბით). პროზაში მისი ფილოსოფიური ნარატივი ძალიან მაღალი პილოტაჟის ნიმუშია.
როგორც უკვე ითქვა, ჩვენთან კონტექსტის კრიზისია.
ამიტომაც ქართული მწერლობა ისევ არის ბაყაყი და სამწუხაროდ, ჯერ ერთი ბებრუხანა პრინციც კი ვერ მოიძებნა, რომელიც მას აკოცებდა და მზეთუნახავად გადააქცევდა.
ქართულმა ლიტერატურამ უნდა დაივიწყოს `მაღალი” იდეალები, უნდა დაივიწყოს `სამი სტილის თეორია”, უნდა დაივიწყოს `დიადი” ლიტერატურული მემკვიდრეობა, უნდა დაივიწყოს შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი... და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება მის თანამედროვე არტში ინტეგრირებაზე საუბარი. რაც მთავარია, ტექსტები უნდა გახდეს ადამიანური, ძალიან ადამიანური. ადამიანურში არ ვგულისხმობ ჰუმანურს (როგორც ამას მისი ეტიმოლოგია გვაიძულებს), უფრო პირიქით. თავის მხრივ, წარსულის დავიწყებაშიც არ იგულისხმება მისი არგამოყენება, ესეც პირიქით. გამოიყენე და დაივიწყე, ან პირიქით: დაივიწყე და მერე გამოიყენე. ეს წარსულის რეექსპონაციაა.
წარსულის შეცვლა შესაძლებელია. ესაა მისი ინტერპრეტირება, რევიზირება, რეექსპონირება. ჩვენ წარსულს უნდა გამოვუცხადოთ უნდობლობა, სხვანაირად მისი სრულფასოვანი ექსპლიცირება ვერ მოხდება. `ვეფხისტყაოსნის” მიმართ ქართველი ლექტორ-მასწავლებლების რელიგიურ-ეგზალტაციური დამოკიდებულების გამო დღემდე ეს წიგნი საერთოდ არ შეფასებულა. საჭიროა, უარვყოთ `ვეფხისტყაოსანი”, გამოვუცხადოთ მას სრული უნდობლობა, დავცინოთ, აბუჩად ავიგდოთ... და ამის შემდეგ დავიწყოთ მისი შეფასება (ან (გა)დაფასება). და ასე უნდა მოხდეს ყველა საკრალიზებული წიგნისა თუ სხვა კულტურული კონცეფციის გადახედვა. მარინეტისგან განსხვავებით, ჩემი ეს აზრი მხატვრული მემკვიდრეობის პრაგმატულად შეფასებას ემსახურება და არა _ მის განადგურებას.
ბარიერი #2: რელიგია.
ამთავითვე ხაზი გავუსვათ, რომ წერა ათეიზმია. ეს არ ნიშნავს, რომ პოეტი აუცილებლად ათეისტი უნდა იყოს. თვითონ პროცესია ათეისტური. წერო _ ნიშნავს, იყო თავხედი, არ ითვალისწინებდე ტაბუებს (სოციალურს, ლინგვისტურსა თუ რელიგიურს).
პოეტის მხრიდან რელიგიური თემების ჰერმენევტიკა მხოლოდ ისეთი შეიძლება იყოს, როგორიცაა ანჟეი ბურსასთან:

`მე მწამს ყველა სახელმწიფოს რელიგიები
მწამს ერთდროულად ყველა იდეალი
ისე როგორც იმათი უგუნურება ვინც ისინი მოიგონა”
(მთარგმნ. დ. ბარბაქაძე)

ვინც ხელოვნებას ღვთაებრივ ინიციციად მიიჩნევს, მას გაუჩნდება კითხვა, თუ რატომაა წერა ათეიზმი, ან როგორ შეიძლება ის, რაც ღვთისგან მოდის, ათეიზმი იყოს. ჯერ ერთი, ძნელი დასამტკიცებელია, ღვთისგან მოდის თუ არა, და მეორეც, გავიხსენოთ, რომ `ღმერთიც კი ზოგჯერ ათეისტია” (ვგულისხმობ ეჟი ლეცის ერთ `დაუვარცხნელ აზრს”, რომელიც დაახლოებით ასე `ჟღერს”).
თუ ასეთი თავისუფლება ვინმეს უზნეობად მიაჩნია, ვკითხავ: რას ნიშნავს ზნეობა ლიტერატურაში? ეს იგივე ხომ არაა, რაც წიწაკა მარწყვში?
ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ხელოვნება იმ კონტექსტზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მას არასოდეს ეკუთვნოდა.
ხელოვნება იწყება იქ, სადაც მთავრდება ზნეობა.
პოეტური კონტექსტი ზნეობისაგან გასვლას ითხოვს, ვინაიდან ძნელია, ერთდროულად ორ ცხენზე იჯდე. ძნელია, აღწერო თუ როგორ უხეთქავს თავს უმწეო დედაბერს ეგზალტირებული რასკოლნიკოვი და ამავდროულად იფიქრო, მორალური ასპექტით რამდენად გამართლებულია ამაზე წერა. ძნელია, პერსონაჟს ათქმევინო, ქრისტე სულელიაო (როგორც ეს ნობელიანტმა სარამაგომ გააკეთა) და მერე თავი იმტვრიო, ზნეობრივია (ან ქრისტიანულია) თუ არა ამაზე წერა. დიდაქტიკა დავუთმოთ სასულიერო პირებს და დაწყებითი კლასის პედაგოგებს.
შელი ძალიან სამართლიანად აღნიშნავდა, რომ ის, რაც კარგია პროზაში, გულისამრევია პოეზიაში. ავტორი გულისხმობდა დიდაქტიკურ-მორალისტურ ტენდენციებს პოეზიაში, ასეთად ვთვლი აფორიზმებს `ვეფხისტყაოსანში” (მორალისტურ პროზაზეც იმავეს ვიტყოდი.).
პოეზია, რომელიც ზნეობას აფარებს თავს, ყალბია.

დიდხანს ვისაუბრე ავტორ(იტეტ)ებზე, ორი სიტყვით შევეხები ჩემი თაობის ფართო წრეებში ჯერარცნობილ პოეტებს (არტ-ჯგუფები `ლაბორატორია”, `ვარდისფერი ავტობუსი”, `ლილ”, ცალკეული თინეიჯერი პოეტები), რომლებიც ზუსტად ამ უკანასკნელი მიზეზის (ჯერარცნობილობის) გამო არიან გაცილებით თავისუფლები. მათ ჯერ არ ბოჭავთ საზოგადოების მიერ მათზე შექმნილი წარმოდგენები. შესაბამისად, მეტი ენერგიით ცდილობენ თავისუფალი კონტექსტების მოძებნას. აქ იკვეთება `სექენდ არტის” სილუეტები, რომელიც არ ახარისხებს თემებს, სიტყვებს, ადამიანებს. მათთვის შამპანურის გატეხილი ბოთლი ან მზესუმზირის ნაჭუჭი ისეთივე ფილოსოფიური განაზრების მიზეზი ხდება, როგორც არქიმედესათვის ამომგდები ძალის თეორია. ეს სექენდ არტია. ბოლოსდაბოლოს, თანამედროვე კულტურაა სექენდ კულტურა.

რაც შეეხება სათაურს `როგორ დავწეროთ ლექსები”, სიმართლე გითხრათ, ეგ მეც არ ვიცი!
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyMon Feb 23, 2009 1:27 am

პაატა შამუგია

ლექსი არაფერზე

ყველაფერზე უკვე დაიწერა,
მითხრა მეგობარმა,
ამიტომ გადავწყვიტე, დავწერო არაფერზე,
მშვენიერ არაფერზე,
თვალს რომ მოგტაცებს, ისეთ არაფერზე
თუმცა, გამოვტყდები,
ჩემი ადოგმატურობა დასაზღვრულია,
და როცა მივდივარ სამსახურში და ვფიქრობ არაფერზე,
ხსოვნა ჩერდება რაღაც ძალიან დავიწყებადში,
რაც შეუძლებელია იყოს არაფერი,
მაგრამ არის!
რადგან დასაბამიდან იყო არაფერი, და არაფერი იყო არაფერთან და არაფერი იყო არაფერი.
არაფერი არაფერში ხარობს და არაფერმა იგი ვერ მოიცვა.
მაგრამ, მეორე მხრივ, არის არაფერი - არაფრისა არაფრითა დამთრგუნველი
და ეს უნდა გავითვალისწინოთ,
მაგრამ, ამავდროულად, არის ასევე არაფერი,
რომელსაც არაფერი აღელვებს,
მათ შორის, დიქოტომიები.
თუმცა, ეგ არაფერი.

პოეტს უნდა ახსოვდეს, რომ
არაფერზე წერა აღარ არის არაფერი,
ის არის მეტაარაფერი, მეტი არაფერი,
არც ნაკლები.
არაფერი შეგიძლია იოლად წარმოიდგინო,
რადგან ის არაფერია.
არაფერი შეგიძლია, არც წარმოიდგინო,
რადგან ის არაფერია.
არაფერი შეგიძლია წარმოიდგინო და თან, არც წარმოიდგინო,
რადგან ის არაფერია.

არაფერი რომ არ არსებულიყო, უნდა გამოგვეგონებინა,
მაგრამ ვინაიდან არაფერი არსებობს,
ის, მითუმეტეს, უნდა გამოვიგონოთ.

სად არის ჩემი არაფერი?!
ვინ წაიღო ჩემი არაფერი?!
ვინ შეაჭრა ფრთები ჩემს არაფერს?!
ნუთუ, ბავშვმა იცუღლუტა?!
არაფრის ღირსია ეს ბავშვი!
ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო ჩიქობავა,
რომელმაც ერთხელ ლუდის სმისას გამანდო, რომ
ბავშვები ფლობენ შინაგან ლოგიკას
და მათ მშვენივრად იციან, რომ
ერთი არაფერი და ორი არაფერი არ არის სამი არაფერი,
არამედ ის არის 5 არაფერი;
ხოლო არაფრის და აფერისტის მიმდევარი - ორივე არაფერისტია.
მას უყვარს კალამბურები,
ცოდვა გამხელილი სჯობს
და ბავშვებსაც უყვართ კალამბურები, არც ესაა საიდუმლო
(შესაძლოა, კაკოც უყვართ, არ ვიცი).

არაფერს ისე არ გამოვყავარ წყობიდან,
როგორც არაფერს.
არაფერს ისე დაჟინებით არ ვიკვლევ,
როგორც არაფერს.
თანაც, გამუდმებით მინდოდა დამეწერა ლექსი, რომელსაც
დასასრულის ნაცვლად ექნებოდა არაფერი
და მგონი, ახლა სწორედ ამ გზას ვადგავარ.

2017

Exclamation
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6410
Registration date : 09.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyMon Feb 23, 2009 1:45 am

პაატა შამუგია

სანიშნე

როცა კორპუსები ფანჯრებს მოხუჭავენ
და მთვარეები აყვავდებიან გუბეებში
და მდინარეები ტალღებს დაიკაპიწებენ
და ჩვენი გულები, როგორც ძაღლები,
ჯაჭვებს აიწყვეტენ
და ყველა შეყვარებულის გულებად დანაწილდებიან,
მაშინ მინდა იყო აქ

როცა სინათლეები ჩაქრებიან
და სიბნელეები აენთებიან
და სიზმრები გამალდებიან და გამაღლდებიან და განაღდდებიან
და ხეები ჩიტებს მოისხამენ
და კალათებს მწიფე ბეღურებით გავავსებთ
და ვიტყვით: “გვშია”
მაშინ მინდა იყო აქ

როცა ქარის ურიცხვი მოძრაობა
შეიძენს ურიცხვ მნიშვნელობას
და ჩემი სიხარული
დაემთხვევა ქარებს და ქარებს…
და ქართაგან ერთ-ერთს, როგორც დასაკლავ ცხვარს,
ქამარზე გამოვიბამ
მაშინ მინდა იყო აქ

როცა ქვების აცდენას ვისწავლი
და ჩემკენ ნასროლი “ლოდებისგან ტაძარს ავაგებ”
სადაც შემოვლენ ღმერთები და
ჩუმად მთხოვენ ბედს და იმედებს,
რომლებიც ჩემთვის ერთხელაც არ გამოიმეტეს
და ვიქნები შესაძლებელი, როგორც დროშა
მთვარის ზედაპირზე დარჭობილი
და მოსალოდნელი,
როგორც ცვალებადი მოღუბლულობა
და ცვალებადი,
როგორც მოსალოდნელი სიყვარული

მაშინ მინდა იყო აქ.

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 22, 2019 3:45 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 651
Registration date : 17.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyMon Feb 23, 2009 2:12 am

პაატა შამუგია

საყოველთაო პატიება

მაპატიე, რომ გათენდა და მთვარეჩახდილი ზეცა გამოჩნდა,
მაპატიე, რომ ისევ იწვიმა და ნაწვიმარი ქუჩის გამოც და
სახლის გამოც და ყველაფრის გამო
მაპატიე, რომ საზღვარს გამოცდა
ჩემი ლექსი და ჩემი ლექსიდან ამოფრენილი ზანტი განცდები
მაპატიე და დღიდან ამისა მხოლოდ საკუთარ სხეულს გავცდები.
მაპატიე, რომ ზეცა შავია, მაპატიე, რომ ყოფა ავია,
მაპატიე, რომ ყველა უფალი ყველა მეძავთან დამნაშავეა.
მაპატიე, რომ სუნთქვა კარგია, ყოფნა კარგია, მაგრამ ბარგია,
მაპატიე, რომ ყველამ დაკარგა, რაც საბოლოოდ დასაკარგია.
მაპატიე, რომ გუშინ ქუჩაში უბრალოდ მოკლეს პატარა ბიჭი,
მაპატიე, რომ , როგორც ყოველთვის, ახლაც ისევე უზომოდ გიჭირს.
მაპატიე, რომ ეს ტკივილებიც ხანდახან მაინც რაღაცით მშველის,
რომ სიყვარული არ არსებობს და უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი
და უფრო მეტიც, მტერიც გვიყვარდეს, უნდა გვიყვარდეს, თანაც არათუ
უნდა გვიყვარდეს, არამედ აღარ უნდა ჩამორჩეს ყოფის მარათონს.
მაპატიე, რომ შენი მეზობლის ბავშვმა უაზროდ მოიკლა თავი,
რომ ბავშვობაში ზღაპრის კითხვისას შეგძულდა ყველა ქაჯი და დევი,
და რომ ბავშვობა სადღაც ქუჩაში გაიხადე და სიბნელეს შერჩი,
ახლა წევხარ და
არავინ გახსოვს,
არვის ახსოვხარ,
არავინ გერჩის.

Exclamation
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6410
Registration date : 09.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyMon Feb 23, 2009 10:30 am

პაატა შამუგია

მეთერთმეტე მცნება

მოკალი, ვინც გინდა, ჩაქოლე პირწმინდად,
მაგრამ არა ღმერთ კლა.
მოკალი ხურო და მამიდის კურო და
მოკალი პოეტურად, მოკალი ესთეტურად,
მაგრამ არა ღმერთ კლა.
ააფეთქე პენტაგონი, მოკალი ბუში,
მოკალი დღეს და მოკალი გუშინ,
მაგრამ არა ღმერთ კლა.
მოკალი სივრცე, მოკალი ინსტალაცია,
მოკალი პოლიტიკა, მოკალი იზოლაცია,
მოკალი აბსტრაქცია, მოკალი კონვენცია,
მოკალი რეცეფცია, მოკალი კონდიცია.
მოკალი სიყვარული, შენში რო მოლეკილა,
მოკალი ატომი და მოკალი მოლეკულა,
მოკალი მომავალი,
მაგრამ არა ღმერთ კლა.
ყველაფერი, რაც შენია, ამავდროულად შენიცაა და
არა ღმერთ კლა.
ეს ცა შენია და შენი ცაა და შენიცაა და
არა ღმერთ კლა.
მოკალი ამბიცია, შენში რომ მოლეკილა,
მოკალი ატომი და მოკალი მოლეკულა,
მოკალი ტროტუარზე, მოკალი სანაგვეზე,
მოკალი კაფეებში ლექსები დანაკვესი,

მოკალი მომავალი, იცხოვრე ორ დროში და
მოკალი ქუჩაში და მოკალი მეტროში და
მოკალი ლიდერი და მეფე და მედროშე და

არა ღმერთ კლა!

Arrow


Last edited by Admin on Fri Feb 22, 2019 3:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6410
Registration date : 09.11.08

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptySun Jul 08, 2012 12:57 pm

პაატა შამუგია

კაზუსი

დამნაშავე ყოველთვის უბრუნდება დანაშაულის ადგილს -
კრიმინალის კლასიკური ქცევა.
ხშირად ვუბრუნდები საწერ მაგიდას,
ვყნოსავ, ხელით ვეხები, ფრთხილად ვამოწმებ.
ვაღიარებ, მე არაერთი ლექსი ჩამიდენია
და კიდევ არაერთის ჩადენას ვაპირებ.
დამალვას აზრი არ აქვს -
განსაკუთრებული სისასტიკითაც ჩამიდენია ზოგი ლექსთაგანი,
წინასწარი განზრახვითაც.
იყო ერთი-ორი წვრილმანი ტაეპი,
გაუფრთხილებლობით რომ მომივიდა,
(იქნებ, შემამსუბუქებელ გარემოებად გამოდგეს!)
სერიული პოეტი ვარ, ვაღიარებ.
არსებითად კი ასე იყო:
ვხედავდი, როგორ სხლტებოდნენ,
როგორ ცდილობდნენ განწირულები
ჩემი მყიფე ფანტაზიისგან თავის დაღწევას,
მაგრამ უმეტესად ხელთ ვიგდებდი.
შინაგანი ტრადიციის ძალა
მეწეოდა უმწეო მსხვერპლისკენ - ახალი ლექსისკენ...
დაუწერელი ტექსტის გამჭოლი სხეული
ვის არ აღძრავს დანაშაულისკენ?!

პირველი ლექსი სიყვარულით ჩავიდინე,
მეორე ლექსი - აფექტის მდგომარეობაში,
შემდეგ უკვე ჩვევაში გადამეზარდა.

ერთი კია,
არაფერს ვნანობ.

#დედაენა

study


Last edited by Admin on Fri Feb 22, 2019 4:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 474
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyFri Feb 22, 2019 4:04 pm

პაატა შამუგია

დიალექტიკა

“ჩემი და მისი საიდუმლოა ლექსშია შენახული” - ბობ ჰაისოკი

ვისაც რა ჰქონდა ასაღები, ყველამ აიღო -
ზოგმა ხელფასი, ზოგმაც ვალი, ზოგმა კი ხელი
ამ ცხოვრებაზე და მე მესმის ძალიან კარგად
და შეიძლება ითქვას, მესმის საუკეთესოდ,
რომ გინდაც გეკლას, გინდაც გემტროს, გინდაც გეთესოს
სიკეთეები, საბოლოოდ, იდიოტები
დგანან კუთხეში ბომბებით და ეშაფოტებით
და განაჩენსაც (რა უნდა ქნა!), ისევ ეგენი
გამოგვიტანენ, და თუ გონზე არ მოვეგებით,
შესაძლო არის, ჩამოგვართვან წერის უნარიც -
ნადიდგორალი, ნაიბიცარ-ნალაგუნარი.
აიღე ხელი თავზე, ანუ აიღე ხელი
ამ ცხოვრებაზეც და იმაზეც, რომელიც გელის,
სიკვდილის შემდეგ, ესე იგი სიცოცხლის შემდეგ,
სიცოცხლის შემდეგ, ესე იგი რაღაცის შემდეგ,
რასაც სიცოცხლეს ვერც დაარქმევ, მაგრამ დიალე-
ქტიკის უცვლელი კანონები სწორედ ასეთად
წარმოგვიდგენენ და ამასვე ამბობს გაზეთიც
ზეპარტიული, სადაც გვამი რეზოთერული
ლათაიებით ისუფთავებს სახეს გაზეთილს.
ზოგი პოეტი ცად ავიდა, აშპა, ამაღლდა,
ღვთივშეისვენა, რომ იტყვიან, ანუ ჩაძაღლდა.
ამას ევტერპე ჰყავდა მუზად თუ “ცენტრ-პოინტი?! -
გამეფიქრება, რომ ჩავივლი ერთის სრა-სახლთან.
ასეა, ზოგჯერ მართლაც კარგა ხმელი ზურგი აქვთ,
მათ, ვისაც თავზე ხშირად გადაიმასუქნიათ.
თუმცა, პოეტებს რას გაუგებ, დროა საკუთარ
თავზე ვიფიქრო და მოვასწრო წერა მანამდე,
სანამ სიკვდილი ბოლო წამებს გამომძალავდეს.
როცა მოვკვდები, იმედი მაქვს, კი მიტირებენ,
თუმც, ამ ეტაპზე მხოლოდ ტირილს იმიტირებენ.
ჩემს სადღეგრძელოს ისე გულით გიახლებიან,
იმდენს იზამენ, ბოლოს მეც კი ამატირებენ.
აქა ვწევარ და სხვანაირად არ ძალმიძს, ღმერთო,
უკვე არც მახსოვს, შენთან როგორ ვიურთიერთო.
რა საჭიროა ეს ამდენი პიეტეტები,
იქნებ დაგვინდო ეს ურწმუნო პოეტეტები
და გვითხრა შენი დაფარული გულისნადები,
ჩვენთან სუყველა საიდუმლო შეგენახება…
ჰა და ჰა, ლექსში უსირცხვილოდ გამოვაჭენოთ,
მაგრამ, მერწმუნე, მაგათ მაინც არვინ კითხულობს.

კრებულიდან "დედა ენა"

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 474
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyFri Feb 22, 2019 4:06 pm

პაატა შამუგია

ლობიო

საუკუნის კითხვებს შორის,
უნდა იყოს გადაუწყვეტელი დილემა: ბოზბაში თუ ჩიხირთმა?
და ამ დილემის ორმაგ ყულფში თავგაყოფილმა ჩვენმა გონებამ
დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს:
რა თქმა უნდა, Phaseolus vulgaris,
რომელსაც იმერნი და ამერნი ვუხმობთ ლობიოდ,
და რომელიც შეიცავს პროტეინს, რკინას და B ვიტამინს
და რომელიც, გამოცდილების თანახმად,
გულისმომკვლელად სასარგებლოა,
ოღონდ - არა ძილის წინ,
რადგან შესაძლოა შენმა ბიოლოგიურმა ზალპმა
გადაცხრილოს უდანაშაულო თანამეცხედრე,
ისე, როგორც ჯაბა იოსელიანმა გადაცხრილა უდანაშაულო მომიტინგეები
ბნელ და ტკბილ 90-იანებში.
მასვე ეკუთვნის, პრაქტიკულად, საკულტო ფრაზა:
„თქვენ დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ“,
რითაც ლობიოს ერთი მარცვალი ჩადო
ქართული განმარტებითი ლექსიკონის საფუძველში
და მოარიგა პოლიტიკა და კულინარია.
ღმერთმა გაცხონოთ, ბატონო ჯაბა (თუკი ეს რამენაირად შესაძლებელია),
ჩვენ კი მივცეთ სტომაქს ცხონება
და გემრიელი ლობიო შემოვდგათ ქოთანზე.
დაგვჭირდება დაფნის ფოთოლი,
რამდენიმე კბილი ნიორი,
ხახვი, ქინძი, ქონდარი,
და არც რეჰანი აწყენს - ეგზოტიკურ არომატს მისცემს
და დაე, დაიჭყლიტოს ნიორი და ხახვი მწვანილებში,
აირიოს, ვითარცა ბაბილონის გოდოლი
და შემოიდგას ჯოჯოხეთის კუპრივით ცხელ ღადარზე,
და დაე, იხარშოს და გადაეწუროს წყალი პერიოდულად,
და დაე, შუა ხარშვისას დაფნის ფოთოლი და წიწაკაც მიემატოს
და დაე, მიეცეს მარილი გემოვნებით
და კაცმა რომ თქვას, წიწაკაც გემოვნებით
და დაე, აიზილოს, აიზილოს საქართველოს ისტორიასავით
და დაე, გაიშალოს სუფრა მშვენიერი.

კულინარიული ციკლიდან. #დედაენა

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 474
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyFri Feb 22, 2019 4:10 pm

პაატა შამუგია

ლიტერატურა და ტექნოლოგიები

კამილო ხოსე სელას არაჩვეულებრივი რომანი მოვიქნიე
და ღამის პეპელა კედელზე მივასრისე -
ლიტერატურა თანდათან პრაქტიკული ხდება.

ტექნოლოგიები,
დიახ, ისინი მუდმივად ცდილობენ
ლიტერატურის ჩაჩოჩებას,
“აიფონი” წიგნზე კარგია ხელში დასაჭერად,
თითქოს მტევნის ფორმებს ნებდება,
მაგრამ კამილო ხოსე სელა, ნუ დავუკარგავთ,
უფრო კარგად კლავს პეპელას.

ოდესღაც ლაშა ნადარეიშვილის
რბილფურცლიანი წიგნებით შევდიოდი საპირფარეშოში,
მაგრამ მერე ისეთი ფუმფულა
ტუალეტის ქაღალდები გამოიგონეს
(ღმერთო, დალოცე მაღალი ტექნოლოგიები!),
რომ სრულიად გამოუსადეგარი გახდა ბატონი ლაშას წიგნები.
საწყენია, მესმის, მაგრამ რას გააწყობ -
ტექნოლოგიები მტრობენ ლიტერატურას.

არაფერი დაეწუნება “ბოშის” მაცივარს,
გაცილებით კარგად აციებს,
ვიდრე, მაგალითად, კამილო ხოსე სელა,
მაგრამ “პასკუალე დუარტეს ოჯახით”
პეპლების მთელი ოჯახის გაუვნებელყოფა შეიძლება.
აი, სად არის მისი ძალა -
პრაქტიკაში, დესტრუქციაში... ვინ იფიქრებდა…

ჭირისუფალივით დავყურებ პეპელას,
რომელიც კარგმა ლიტერატურამ იმსხვერპლა
და ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა
გაცილებით კარგად გვესმის ერთმანეთის.

2016

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 474
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyFri Feb 22, 2019 4:56 pm

პაატა შამუგია 56050e26f0be2

SCHIZOSOCIETY
SHAMUGIA PAATA

‘When asked why I keep writing, I fearfully stare at the hump of the bottomless abyss between the question and my body,’ says the author. Fond of experimenting with language, always seeking fresh metaphors, neat epithets, broad hyperboles and all-embracing allegories, Paata Shamugia is a master, skilfully mixing the comical with the tragic. Readers will find out more about his style and imagery when they read the present collection and become paid-up members of Schizosociety. Paata Shamugia is an intellectual poet who knows the history of philosophy particularly well. One measure of this may be a kind of specific knowledgeable, rational poetic re-evaluation which would be impossible without an extremely deep knowledge of the relevant texts. Philosophical themes come into his poems in a way that lets one understand how deeply the author has gone into them and thus manages to endow these themes with artistic life. For certain theses of historical thinking and for representation and re-actualisation in the field of contemporary artistic and linguistic concepts, the author often resorts to stylistic methods of parody and falsification. Despite the uproar which Paata Shamugia’s books periodically provoke, this book is fundamentally different from the output of other shock poets, and the difference lies in the depth of his dependence on reality, and his attitude’s fundamental divergence from the shock poets. For him, shock is an instrument for discovery, and something which may be found in the history of literature. Or Paata Shamugia considers shock front he point of view of a man standing apart, not as a shock artist himself.

One can randomly open Schizosociety at any page and find an inspiring quotation - an influential social message, slogan, motto - as the best sample of intertextuality; as an innovative, quite an unusual product born between poetic and mathematic logics.
Shota Iatashvili, Poet, Literary critic


‘For me Paata is – I don’t want to use the word project – but he is a project. He continues as he began, and he is moving by a geometrical progression, upwards. For now, in his poetry I can detect no sign of calming down or allying into anything, or, let’s say, a reduction in his emphasis. It isn’t like a cardiogram which goes up and down, up and down: it increases.’

E. Kevanishvili, poet


‘It can really be said that Paata is a reader’s poet, that his poetry is addressed to somebody: I can recognise the people for whom Paata Shamugia’s prayers, exegeses and poetic precepts are written, as well as his so-called philosophical poems so full of bitter irony.’

M. Kharbedia, literary critic

Exclamation

EXTRACT
Translated into English by Nino Gogua


WHY DO I WRITE?

I often ask this question
I never have the answer though
And always when I have no answer
I write.
Thus, I write because I have no answer:
This could be an answer on this question -
An oblique stone thrown
Into the garden of the questioner and the answerer simultaneously
I hope the next poem of mine
Will start with a description of a beautiful landscape
Infants tottering in the green mall
Calmness
Totality of calmness
I will let a cute dog
Into the poem for more effectiveness
(It’s a common symbol of devotion,
And after all, influences positive emotions)
And the poem will be doomed to be an answer,
To be as trusty as an eyewitness
The evidence I shall give shall be the poetry
The whole poetry and nothing but the poetry
But when still asked:
Why do I keep writing?
I fearfully stare at the humpback abyss
Between the question mark and my body.


A BUSY POET

I’m visa-free in language,
I make business contracts with verbs and nouns,
I make intermissions with interjections,
I’m a busy poet.
I lead diplomatic negotiations with binary oppositions,
I stand after a prefix – like a gentleman,
but I turn a blind eye to past simple – simply impudent!
I check my base – I have to stand strong.
I’m a busy poet.
I practice the forms of interrelations – I’m in shape.
I build the crumbed infrastructure
Of my body – I run.
To relax, I invest hormones
In the first girl I meet – oops!
Nothing personal, just poetry,
I’m a busy poet.
I set free everyone
Who has been living in the prison of ready-made answers,
It’s time to be sentenced to peace!
It’s time to be sentenced to love!
We have it coming!
Zero tolerance to petty obsessions!
I’m a busy poet.
I try to eliminate separatism –
Separation between a language (AKA the State)
And humans (AKA humans).
The one who speaks always lies.
The one who writes is always
Exposed by the lies he writes.
My lie’s ordinary,
My poem’s extraordinary.
I’m a busy poet.


THE OLD MAN AND THE RIVER


I’m a fisherman
and as soon as the night falls
I fix a fish pole on my emaciated back
and go to the river bank
(a fishing-rod must be long,
and a string must be strong,
in case you hook something huge).
I straighten the fish pole
and before the float starts floating,
I ritually light up a cigarette.
String is stretching,
a single artful stroke and
the hook brings a measured METAPHOR,
flopping, slipping between fingers…
It won’t get away, it’s in safe hands.
I’ve already piled up enough of petty METAPHORS,
in fact, I expecter a sturgeon COMPARISON,
but well, that’s also something,
At least it’s not a LITOTES!
Cranes flew over with a commotion,
they’re flying high –
that’s a good sign
and a good fisherman knows it.
If cranes fly law, silent and fast
it signifies a bad fishing day.
I’m lucky today,
Hello, comrade cranes!
Many don’t pay attention to such details
which is bad
and a bad fisherman does not know it.
Here, the float was shaken,
the string is so strained,
I think I’ve caught a hasty IRONY,
But ironically, I’m left with an empty hook.
Over and over I fail to seize it,
it deserts every time.
But, damn yeah, IRONY is hella costlly,
it’s a better seller
and if you ask me, that’s good.
Yes, they are bony,
but who needs a boneless IRONY?!
It’s OK, SYMBOLS are also bellyful.
If only night falls soon,
then the real SYMBOLS will appear – meaty, bona fide…
As soon as the light goes out,
they leave the bottom and are easily hooked up.
I’m not in a rush,
I’ll keep on sitting at the damp bank
of my conscience,
Smoking
and thinking about the full school of SYMBOLS.
They will come, they will certainly come …
But how can one maintain a family with SYMBOLS only?
They are quickly wiped out, they are not abundant,
You have to replace them constantly,
to keep the effect.
Kids are blubbering,
they chewed the last METAPHOR yesterday,
And symbolically saved a SYMBOL for the breakfast.
My wife is also grumbling:
Look, your colleague has caught thiiiiiiiis huge HYPERBOLE –
marking trajectory with her hands –
The whole press was talking about him,
Happy wife of his,
And what are you capable of?
Children can’t digest ALLEGORIES any more,
and they have very bad poops,
the doctor prescribed metonymy.
I’m giving clumsy excuses
that size does not matter,
that everything has it’s own moment of bloom,
that if they give me a break,
they will see,
they will fucking see,
I’ll too snatch blubbery HYPERBOLES,
mighty METAPHORS,
witty EPITHETS,
I’ll make a killing,
they will see…
The river is cooing like a bird,
That’s not a good comparison,
That’s a river cooing like a bird.
Where are fish, where are fish?
I’ll have a look around…
There are no…
I put the fish pole aside,
I take a nap and dream.


* http://book.gov.ge/en/book/schizosociety/97/

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 474
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyFri Feb 22, 2019 4:59 pm

პაატა შამუგია

მოდადაო

გადაივსო კვნესით ქართული პოეზია
უმეტესობა მათგანი ცარიელი პოზაა
მინდა დატეხილი რიტმით მივაღწიო ჰარმონიას,
მაგრამ ვინაიდან მთელს ნაწილით ვერ მოიხელთებ, რამეს მივაღწიო, არ მგონია.
ისინი, ვინც მორალზე წიკვინებენ, უმეტესობა წაკლაა,
ჩვენზე თითს იშვერენ და ამბობენ, უნდა ზედ საწოლზე წააკლა.
ვინც ჩვენ ზნეობის და ეთიკის დარაჯები უხვად მოგვისია,
არცერთი არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ზოგი მღვდლისაა ან მოგვისაა,
ზოგიც მინისტრის, ზოგიც იმის, ზოგიც ამის
მე კიდე ვმუშაობ, დრო არ მაქვს ორი წამიც,
და როგორც კი მოვიხელთებ, ლექსებს ვწერ ალაგ-ალაგ,
მაგრამ ვხვდები, რომ პოეზიამ ვერაფერიც ვერ დაალაგა
პირიქით კარგა ბლომად აურია,
ისმის პარტერიდან ხმაური,
ტვინში კი კარავს შლის უხმაუროდ
აზრები მეზოზოური.


2017

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 474
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyFri Feb 22, 2019 5:01 pm

პაატა შამუგია

Arc Poetica

(ეზრას)

ჩემო ლექსებო, ჩამოდით მიწაზე,
ისწავლეთ ხეების ენა,
წაქცეულთა და უნებოთა სიბრალული,
გაზულუქებული მღვდლების, მინისტრების,
პოეტების და ძალაუფლების მქონეთა დაცინვა,
ისწავლეთ მიტოვებული სახლების,
ჩემი მეზობლების,
ჩიტების და ბავშვების ენა,
ისწავლეთ კონფლიქტი საკუთარ ცდუნებებთან,
ამბიციებთან და მოუთმენლობასთან,
ისწავლეთ სიძულვილის და სიყვარულის გარჩევა,
და ისიც – რომ გარკვეულ შემთხვევებში,
ეს ერთსა და იმავეს ნიშნავს
ისწავლეთ სიცილი – ტკივილებთან გასამკლავებლად
და ტირილი – ტკივილებთან გასამკლავებლად
ისწავლეთ სიტუაციების პოეტიკა,
რაც ნიშნავს შინაგანი კავშირის აღდგენას
გარეგან მოცემულობებთან,
ანუ საგანთა ჩრდილების ჩაქრობას
და მათი ფსკერის გამოკვეთას.
ნაკლები პათოსი, მეტი ლოგოსი...
ისწავლეთ მოწმედ ყოფნა
ისწავლეთ კითხვები
და პასუხებს გამოერიდეთ
(არაფერში გამოგადგებათ)
ისწავლეთ ხალხი, გადით ხალხში,
შეერიეთ, მაგრამ არასოდეს დაემსგავსოთ,
იყავით ჯაშუშები –
ნათან ჰეილები, ჯეიმს ბონდები, მატა ჰარები -
ადამიანთა ფარული სურვილების
ფრაგმენტები აღმიდგინეთ,
მათი საიდუმლო საუბრები,
მათი სუნთქვის და სიზმრების არქიტექტურა
ამიფრიალეთ წითელი ნაჭერივით.
დეტალები, დეტალები,
ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

და აი, ვიცი ყველაფერი
ყურში ჩამესმის ფარული ხმები –
ექსკლუზიური ღალატი
ინკლუზიური ერთგულება
მამაო ჩვენო
სამყაროს პულსი
ცემს ჩემი ლექსის რიტმის კვალდაკვალ.
თქვენ ბრწყინვალე ჯაშუშები ხართ
ოღონდ ორმაგი ჯაშუშები -
მათი ამბები მოგაქვთ ჩემამდე,
და თითოეული დაწერილ ლექსში
ჩემი ამბებიც გაგაქვთ საქვეყნოდ.

2011 წელი. კრებულიდან “დაუჯდომელი”


Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 474
Age : 29
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია EmptyFri Feb 22, 2019 5:03 pm

პაატა შამუგია

რატომ ვწერ?

ხშირად ვსვამ ამ კითხვას,
მაგრამ პასუხი არასოდეს მაქვს.
და ყოველთვის, როცა პასუხი არ მაქვს,
ვწერ.

ესე იგი: ვწერ, რადგან პასუხი არ მაქვს -
ეს შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხი ამ კითხვაზე,
დახვეწილი ჰედონისტის ირიბი ქვა
ნასროლი, ერთდროულად, მკითხველის და კითხულის ეზოში...

მივდივარ ქარში (როგორც მოცარტი)
და ვფიქრობ, რომ მომდევნო ლექსს,
რომელსაც ალბათ რამდენიმე თვეში დავწერ,
დავიწყებ ბუნების აღწერით,
მწვანე ხეივანში ჩვილის ბაჯბაჯის,
კენჭების წკაპუნის გამოხატვით,
მეტი ეფექტურობისთვის,
ძაღლსაც შემოვიყვან რომელიმე ტაეპში
(ერთგულების სიმბოლოა
და ზოგადად, დადებით ემოციებს იწვევს).

ეს ლექსი კი იქნება პასუხისთვის განწირული,
ისევე, როგორც ყველა ლექსი,
რომელიც სანდოა, როგორც ნაფიცი მოწმე:

ვფიცავ, რომ ვიტყვი პოეზიას,
მხოლოდ პოეზიას და არაფერს პოეზიის გარდა.

მეკითხებიან: რატომ წერ?
და ამ კითხვასა და ჩემს სხეულს შორის აღმართულ
პუნქტუაციის კუზიან უფსკრულს
შიშით ჩავყურებ.


2016

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




პაატა შამუგია Empty
PostSubject: Re: პაატა შამუგია   პაატა შამუგია Empty

Back to top Go down
 
პაატა შამუგია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: