ნინო თარიშვილი
არავინ მოდისგადმოიფინა ატმები ქარვის,
თაფლის თვალები გააღო მთვარემ.
სუნთქვა მწუხარე მომესმა ქარის
და ქარის სუნთქვა მე მოვიპარე.
ფიქრებმა სწრაფად იცვალეს ფერი,
თვალი მივანდე შორეულ ლოდინს.
ო, არსად არის თვალი ცისფერი -
არავინ მოდის, არავინ მოდის!...
დავტოვებ წიგნებს! დავტოვებ ოთახს...
შიშველ ფეხებით ვეხები მწვანეს,
გარეთ ბალახებს წვეთები მორთავს,
ფოთლებმა დარდი გადამაცალეს.
ნიავი არხევს ბუჩქებში იებს,
ხელს ვერ შემახებს ვერვინ ამქვეყნად.
მთვარე იფარებს ვერცხლის არშიებს,
სიკვდილის ჩონჩხზე უნდა დავემყნა.
მზეს დავაწყვიტავ სამეფო ტაძრებს,
არ მეშინია ქარის და შფოთვის,
მხოლოდ ღიმილი ატმების ამრევს,
არავინ მოდის! არავინ მოდის!...
1922
* * *
ალერსი მინდა ფეხშიშველა,
კოცნები,
ოცნება ცხელი,
მე შენმა სახემ ვერ მიშველა,
იწვის სამხრეთული ვნება
მტევნებად,
მკრთალია ხელები
და ჩემი ტანის სითბო,
დახურულ თვალების სიტკბო,
ჩემი სიყვარულის რთველი.
ხარ უცნაური ვაჟი!
თითქოს იძირება ზღვაში
მწვანე გამოხედვის ფარდა,
თითქოს არ გყოფნის სივრცე,
ეს არის შენი დარდი...
აკლდამა,
მოკვდები,
მოკლდება ხელი გაწვდილი შენსკენ.
მელოდი, მაგრამ ვერ მოვედიო.
იყო ღამე და მთვარე, როგორც რევოლვერი,
როგორც შეყვარება ტიციანის ხელებზე.
სიზმარში მაკოცებს ვამპირი,
დამიცდის უფრო უარესი,
შენ ხომ მე სიყვარულს დამპირდი
და მინდა ცისფერი ალერსი.
1924
იმის ხელებსმე იმის ხელებს შევადარებ მინდვრის ზამბახებს,
მოხრილ წამწამებს უღიმიან ანემონები.
ვეტრფი ვნებების შეთქმულებას და ამბოხებას,
თვით ფერმკრთალ სიკვდილს ათრთოლებით დავემონები.
შუადღის ალზე ცა ეხვევა გირლიანდებად,
ცის ფერზე ვფიქრობ ცრემლიანი მე განუწყვეტლივ,
მთვარის ქორწილი მზის ლოდინში დაგვიანდება,
სანთლისფერ დილას გააქანებს საღამოს ეტლი.
ატყდება ქარი საოცარი იდუმალებით,
ტყეს მწვანე წარბებს ჩამოართმევს, ტყეს გაახელებს.
მე გაბრაზებულ მზის აჩრდილებს დავემალები
და ფოთლებშუა დავინახავ თოვლივით ხელებს.
1922
”ცისფერყანწელების მეგობარი ქალია ნინო თარიშვილი. როგორც ამბობენ, ის 18 წლის იყო, როცა პაოლოს საყვარელი გახდა. მაგრამ მერე პაოლო სასტიკად მოიქცა, (რბილად რომ ვთქვათ), როცა სიგიჟემდე უყვარდა, მაშინ მიატოვა და ნინოს წერა შეუწყვეტია, ალბათ ძლიერი სტრესის გამო.
ძალიან კარგი ინტერვიუ-პორტრეტები აქვს გამოცემული წიგნად. გალაკტიონზე, პაოლოზე და ტიციანზე, სადაც ძალიან ბევრი სკანდალური ცნობებია შეტანილი.
სხვათაშორის, მისი ლექსები იმდენად ნოვაცია იყო, რომ აღვირახსნილობად და გარყვნილებად მიიღეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს.
არაჩვეულებრივი ვერლიბრისტია.. პირველი ეპატაჟისტი ქალი” -
აი, ამას წერენ ერთ ფორუმზე... 