Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Fri Aug 10, 2012 12:19 pm
Nuciko Dekanozishvili and Mikho Mosulishvili, 2009
ნუციკო დეკანოზიშვილი
როქსის, სიყვარულით
"Дай, Джим, на счастье лапу мне, Такую лапу не видал я сроду".
С. Есенин
ჩვენ ხომ მდედრები ვართ, როქსი! მოდი, ვისაუბროთ მშვიდად, ყმუილი მინდება ზოგჯერ შენსავით, და ახლაც მინდა... როქსი, გამიგებ და, გეტყვი,
შენი პატრონი ხომ იცი? აბუჩად რომ იგდებს სიტყვას, ტური რომ მოვუგე-ბლიცი, მაინც უსაშველოდ მიყვარს, როქსი, არ დამცინო, როქსი,
შენ რაღაც იცი და, არც კი, რომ ბზიკავ მომხიბვლელ გავას, რად მიღირს დავკარგო კაცი, ძაღლი კი ძაღლურად წავა... როქსი, მომაწოდე თათი-
ქალურ თანაგრძნობას ვითხოვ, თუმცა, გიწოდებენ ძუკნას. მომბეზრდა ამდენი თმენა, და ნახშირორჟანგის სუნთქვა. როქსი, თან ინებე შაშხი.
რატომღაც, შემშურდა შენი, გულწრფელი ყმუილის გამო, როცა ძაღლებში ხარ მგელი, ქალებში-ძალიანქალი, და მაინც, მარტო ხარ, როქსი...
ადგილზეე! გიშვერენ თითს და, შენ უნდა მიიღო პოზა, ასე სჯობს... რად მიღირს, იცი, ჩემი პოეტური პროზა?! სველი თვალები გაქვთ ძაღლებს...
ჩვენ ხომ მდედრები ვართ, როქსი! ცაზე ვარსკვლავებიც ვთვალეთ, ახლა, დიალოგებს მოვრჩეთ და ერთად შევყმუვლოთ მთვარეს! იქნებ, გაიგონოს შენმა მთვრალმა პატრონმა და დაქალს- თუნდაც, საკუთარი ძაღლის- დროზე მომაშველოს ხელი... როქსი!
ოჰმ, შენი პატრონიც გაქრა!
Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 12:42 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Sat Nov 03, 2012 8:57 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
მკვდრები
ჩუმად უთხარი მკვდრებს, რომ გაჩუმდნენ, საფლავებიდან არ დაძრან კრინტი. ჩვენც აღარ დაგვრჩა სიცოცხლის კვნიტი, ჰოდა, უთხარი მაგ მკვდრებს, გაჩუმდნენ! გადაიფარონ საბნებად ქვები, ამოეფარონ ჯვრებს და გალავნებს. კარგად დამალონ მიწის ქვეშ ზეცა, ცაზე ცისფერი ღმერთი დამალონ!
უსმინეთ ზღვას, - კალაპოტიდან გადავა მალე. თოლიის ჩქამს თებერვალშიღა ვიპოვით თოვლქვეშ. შენ ისევ იმ დედამიწას ჭამ პურად და დარდად, გავჭიმავ სიმს - სიცოცხლის და ის მიმიყვანს სადღაც.
სადაც ცოცხალი მკვდრები მარხია. ქარი არ ქარობს და ფოთოლს არხევს. შევუხსნი არტახს ძუძუთა ჩვილებს, დაჭრილ მოხუცებს შვუხსნი სახვევს.
აღარც წვიმს, არ, არა-რაობა, რატომღაც, მახლავს. დასასრულს ვკლავ, მეზღაპრეები ტყუიან ისევ. სად შენ და სად კეთილი ბოლო, და ბოლოს - ახლა ისევ ტყუიან, რას ვემართლები და საით მივდევ
დღეებს, რომლებიც გულდასმით ვშალე და მკვდრებს, რომლებმაც მაღირსეს წყალი, და სიზმრიანი ლანდების ღამე მეძახდა, თითქოს მღვიმედან - დალი. სად დავილიე და როდის მოვკვდი, სადღაც ხომ მხვრეტდნენ სიცოცხლით დასჯილს? და მთებზე თოვლის ქათქათა თოკი როცა მახრჩობდა, მე თითქოს ქაჯებს
ვეზმანე... ლექსი მომცეს საჩუქრად, ჩაიხითხითეს - ესეც ფეშქაში! ჰოდა, უთხარით მაგ მკვდრებს - გაჩუმდნენ! რომ აღარც ახლა, თუნდაც - ვერც მაშინ ხვრეპდნენ სიცოცხლის უტყუარ მიზეზს და მე ვიდექი - უსახო სევდა... უქარო ქარი არხევდა სიზმრებს, მკვდრებსაცა ხვრეპდა, ცოცხლებსაც ხვრეპდა.
ჩუმად უთხარი მკვდრებს, რომ გაჩუმდნენ! უთხარით, ცაში სიყვარულს ვმკიდი... ჩვენც აღარ დაგვრჩა სიცოცხლის კვნიტი, ჰოდა, უთხარი მაგ მკვდრებს - გაჩუმდნენ!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Sat Nov 24, 2012 10:45 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
ისევ ნამსხვრევები
საით გაპატიო? მე მინდოდა ორპირი ქარისგან დაცვა, როცა ორივე კარი დაკეტილი იყო. მე მინდოდა ოთხთვალა სევდიდან ჩამოყვანა, როცა მეეტლე უწყალოდ ერეკებოდა ალისფერ ცხენებს, - ამათრახებდა. მე მინდოდა შენი წყალწყალა თვალების ამოღება და დაღვრა.
აუცილებლად გაპატიებდი, ამის უფლება რომ მქონოდა. თუმცა, მე რა შემიძლია? მე შემიძლია, მხოლოდ მიყვარდე ან მოვკვდე. სიამოვნებით დაგიტოვებდი ეჭვებაყვავებულ ივნისში, როცა ღალატები მწიფდებიან, როცა იმედები ძირს ცვივიან.
შენ იცი, - მე შემიძლია თვალებად ვიქცე, ფეხები არ მქონდეს, ხელები დამამტვრიონ, პირი სევდანარევი ძაფით ამოვიკერო, და ასე გიყურო, როგორ მიდიხარ ჩემგან მარჯვნივ - გულიდან.
ქარები თუ ჩადგებოდა, რას ვიფიქრებდი, - გან-ქარდებოდა საწვიმარი ღრუბლის ქულები, - ან ჩემს ქროლვაში იღელვებდი ასე ქარდაქარ.
მწუხრის ცაზე რომ გააკრავენ შაბიამან- გადასხმულ ტილოს, კვიპაროსები თავს იკლავენ, - სულ ქარდაქარ, ქარში,
და მაშინ ვფიქრობ, - განა, შეიძლებოდა, მშვიდად გვეცხოვრა, როცა ასეთი ქარებია ირგვლივ? განა, შემეძლო, მშვიდად მყვარებოდი და ორ კვირაში ერთხელ თავი არ მომეკლა შენი ორპირი თვალით? შეიძლებოდა, განა, ჩემს სასაცილო სიყვარულზე არ მეცინებინე?
რადგან,
არ შეიძლებოდა აქ ასეთი სიყვარული - ხასხასა, გამჭვირვალე და ქმედითი. არ შიძლებოდა, ნივთების ძაღლად არჩაგდება, როცა ყველა ნივთი სიცოცხლისათვის საჭიროა.
მაგრამ, რა გვეშველება, როცა საშველი აღარ იქნება, - როცა გვეტყვიან, - დატოვეთ გარეთ ყველა ტყუილი, - ვერც ერთ ჯიბეში ვეღარ დამალავთ, რადგან აქ ჯიბეებიც აღარ გექნებათ, არათუ ჯიბეები, აღარც სამოსი.
ჩემო ღმერთო,
გუშინ შენ მზეს წამოვუწექი. ჩემმა მზემა თქვა - რა თბილიაო.
Last edited by Admin on Fri May 22, 2015 8:33 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Mon Dec 17, 2012 1:53 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
ღამე, მთვარეები, მგელი
ყელში მომებჯინნენ და თვალებში ამომივიდნენ – სავსე მთვარეებივით. შიგნიდან შევყმუი – ტკბილ სისხლს ვილოკავ – ისევ ნადირობას მაძალებენ. არადა, თოვლით ავსება მქონდა გადაწყვეტილი, ზამთარში ძილი. ეს ლექსი აღარ უნდა დამეწერა. ეს ლექსები აღარ უნდა მოსულიყვნენ – ვიდექი და ვაფრთხობდი, თავდაჯერებული – ჩემი მხიარული სახე მქონდა იმედად, ვიდექი და ვაფრთხობდი ათასი მოგონილი სიცოცხლით. ვიდექი და ვიგერიებდი ათასი მოგონილი ამბით. მაგრამ მოვიდნენ ისევ და კარზე მომაწყდნენ, როგორც ოთახში შემოცვენილი ჩიტები – და ვისაც ჩემი ძილისთვის უნდა ედარაჯა, მან ძილი დამირღვია, ძილი დამირღვია და გაჩუმდა, მიტრიალდა და ჯიბეში ხელები ჩაიწყო – სულერთია, არაფერს ვეტყვი, პირი სიჩუმით ამოვიკერე. ნოემბერი დუმილივითაა – ქარში კივილივით, თავსხმა წვიმაში დგომასავით – სადაცაა, უცებ, მოკვდები. და ვერავინ გაიგებს, რომ მოკვდი. და შენ მაინც უცებ მოკვდები. მეგობრებიც აქ იყვნენ და ყველა ჯიბე ამომიტრიალეს – აღარაფერი მაქვს თავის გადასარჩენი, აღარაფერი მაქვს სალაპარაკო, მოვიდნენ და თავისი შიშები დამაბრალეს, მოვიდნენ და თავისი ეჭვები გადამდეს, მოვიდნენ და თავისი გაძვალტყავებული სიყვარული მომახვიეს – მოვიდნენ და ავად ვარ, ავად ვარ, ავად ვარ. გესმის, როგორი ამბავია, როცა ასე ავად ხარ? იცი, რა საშიშები არიან ოთახში შემოფრთხიალებული ჩიტები? იცი, სახლებში როგორ გუბდება ჰაერი და გაღწევაც უკვე შეუძლებელია. მათ კი ჩარაზეს ფანჯრები და წავიდნენ. არ გესმის, როგორ ვაწყდები კედლებს? ხედავ, როგორ მომაწვა ყელიდან თვალებში ორი სავსე მთვარე და შევღმუი – ამაღამ ვინადირებ, ამაღამ გამოვჭამ ყელს ყველა უსიყვარულობას, ამაღამ ეს ლექსი დაიწერება.
წიგნის დასახელება – "ნამსხვრევები" (ლექსები) ავტორი – ნუციკო დეკანოზიშვილი წინათქმა - მაია ჯალიაშვილი რედაქტორი – როსტომ ჩხეიძე მხატვარი - კარლო ფაჩულია კომპიუტერული მომსახურება - თენგიზ რობიტაშვილი გამომცემლობა - "საუნჯე", ვაჟა წოწკოლაური ISBN 978-9941-442-26-1 გვერდების რაოდენობა – 152 ყდა – მაგარი გამოცემის წელი - 2012
„მე იმედი მაქვს, ამ ნამსხვრევებს ყველა ერთად მოვკრეფთ და ერთ მთლიანობად ვაქცევთ“, - ნუციკო დეკანოზიშვილი.
Last edited by Admin on Tue Jun 18, 2019 1:14 pm; edited 3 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Thu Mar 07, 2013 12:11 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
*** ცა აქ ახლოა უსაშველოდ ცისფერი მზერით... ექსკლუზიური უფლებით ჩანს ჩემთვის მანძილი- -გაწვდენა ხელის- -სიმხდალიდან სითავხედემდე... ჯვრით არეკლილი მისტიკური ლოდი ვარძიის მამუნჯებს, ჩემო... კატასტროფას გავექცე მინდა ტკივილგაცლილი, ვნების ბორიალს დავუთმო სულთქმა, ხელისგულებზე ამოვიწვა მზის საათები, პირდაფჩენილი ხრამის ჯინაზე შევეხო ვულკანს ჩემი და შენი ესთეტური მასლაათებით... ნისლშერეული ჭოროხები ახლოა ისე, მეხამუშება ასე უშნო შესამოსელი- -თვალებს პირბადით ვიმალავ და მხრისთავებს ვიჩენ, რომ ხელუკუღმა დავაბრუნო წუთისოფელი!
ცა აქ ახლოა უსაშველოდ ცისფერი მზერით...
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Fri May 22, 2015 8:35 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
სინათლე
„თქვენ მართლა გიჟივით ხატავთ“. პოლ სეზანი
სინათლე, ვინსენტ! სამხრეთისკენ აიღეთ გეზი! პარიზის ჰავა მწირია და, მოგკლავთ შიმშილი. მზესუმზირები შეანათეთ ვინმე პოლ სეზანს, დიახ, ასეა,-თქვენ, ნამდვილად, ხატავთ გიჟივით. კარტოფილებით ვახშმობისას იხრჩოლებს ლამპა, ფერებს ბარტერით გადაგიცვლით მამილო ტანგი, ტილო თქვენსავით ცახცახებს და, სიცოცხლე დალპა, მოდით, რა , ვინსენტ, შემიღებეთ დილები, კარგით? თუმცა სენ-პოლის თავშესაფარს გაუგეთ გემო, ერთგულ მეგობრად გაიხადეთ ექიმი გაშეც, ისე... თქვენ ისე აელვარებთ თავთავებს, "ჩემო!"- მინდა გითხრათ და, თქვენს ყანებში მზისგულზე გავშრე, რადგან წვიმები... წვიმებია მუდმივი, რუხი... თქვენს იაპონურ ოცნებაში ციმციმებს არლი. კვიპაროსები. ვარსკვლავები. სახლები. ქუხილს მე ვეღარ ვუძლებ,- ჭრილობაზე მაყრიან მარილს მლაშე ცრემლები. გაყიდული ერთი ნახატი. ავტოპორტრეტი გოგენისთვის, ან ჩალის ქუდით, ფერი-სიგიჟე, სნეულება, როგორც სახადი, თვითმკვლელობამდე, იმის მერე, მუდმივად, თუნდაც ყვითელ სახლებში მარტოობამ გაიდგას ფეხი, ჩვენ მიგვიყვანენ ფინიშამდე ჩვენი ომები. შუაგულ მზეში დასასრული ყველაფრის, ერთხელ. პურის ყანები,- სიკვდილივით შავი ყორნებით. სინათლე, ვინსენტ! სამხრეთისკენ აიღეთ გეზი!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Sat Sep 19, 2015 9:07 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
ვენეციის ნოემბერი
ასეთ სიყვითლესაც ხომ გაძლება უნდა - შემოდგომა რომ შემოგადგება - ცაც რომ ყვითელია და ფილაქანიც - და ვეღარსად გაიქცევი ამ სიყვითლიდან; ყვირი და გარბიხარ სიყვითლეში, როგორც ერთი პატარა მოციმციმე ყვითელი ლაქა და იხსნები, იღვრები, შემოდგომდები. ასეთ სიყვითლესაც ხომ ატანა უნდა - ღვიძლის უჯრედები რომ იშლებიან, როგორც შენი ძველი მეგობრები, ასეთ სიყვითლეშიც ხომ შეგვიძლია ტირილი - რომ არასწორად წამოხვედი გზაზე, რომ არასწორად გადაიარე ხიდები, რომ არაადექვატურად გიყვარდა და ახლაც არ იცი, როგორია ადექვატური სიყვარული. და დგახარ, გარბიხარ ამ აუტანლად ყვითელ შემოდგომაში, სადაც რაღაცნაირად მოხვდი, სადაც წყლის სიმწვანეც ვერ შველის ამხელა შემოდგომას, სადაც თვალები გიჭრელდება - ისეთი ყვითელია ჰაერი, სადაც ჩერდები და ხელებს იფარებ სახეზე, რომ იგრძნო - ხარ...
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Sat Jul 29, 2017 12:02 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
თევზაობიდან
თქვი, რომ კოკისპირულ წვიმაში მოვყევით, როცა ანკესები ავიღეთ და გავუყევით გზას. ტივტივები და კაუჭები ბლომად გვქონდა, სატყუარა ჭიებიც დამპალი კუნძების ქვეშ ვაგროვე, მერე, ასანთის კოლოფებში ჩავაწყვე და, ასე მოგვქონდა-ნადავლის იმედით. თქვი, რომ კოკისპირულმა წვიმამ, უბრალოდ, წყალი აამღვრია, და კალმახების ნაცვლად ერთი-ორი მურწა დავიჭირეთ, შენ რა-მე დავიჭირე. თქვი, რომ შენი ტალახიანი ტერფები კოკისპირული წვიმის ბრალია, მე კი, ძალიან მიხდება სველი თმა. თქვი, რომ, რომ არ გვეთევზავა, ხახამშრალებიც არ დავრჩებოდით, მაგრამ რომ არ გვეთევზავა, წყალი მაინც აიმღვრეოდა. ისიც თქვი,რომ თვალები თევზივით ცივი გქონდა- თევზაობამდეც, და შენს ტალახიან ფეხებს მხოლოდ ჩემი წყალი გარეცხავს, და ჩემი სველი თმა შენს გამხმარ გულს დაალბობს. თქვი, რომ უკან დაბრუნებისას, შენ გზაში შემხვედრისგან იყიდე თევზი და გამარჯვება იზეიმე, მე კი,-ხელცარიელი დავბრუნდი, და ვაღიარე, რომ დავმარცხდი. თქვი, ჩემთან -რა, შენს თავთან თქვი.
2017
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Sat Nov 11, 2017 9:54 am
NUTSIKO DEKANOZISHVILI - INEDITI (TRADUZIONE DI NUNU GELADZE)
Mercoledì, 17 Giugno 2015 04:10
Nutsiko Dekanozishvili è nata a Telavi in Geogia nel 1973. E' stata giornalista free-lance e corrispondente televisiva. Nel 1999 ha vinto il concorso per diventare conduttrice televisiva di una trasmissione finanziata dal Fondo Eurasia. Nel 2011 ha conseguito la Laurea in Dottore di Filologia e attualmente lavora come Professoressa associata di Letteratura presso l'Università Statale di Telavi. A sua firma sono inoltre un testo scientifico e due raccolte di poesia. Suoi testi o interventi vengono regolarmente pubblicate su riviste o quotidiani. E' stata nominata scrittrice dell'anno nel 2011 dal Giornale "Ciueni Mtzerloba". Attualmente è ricercatrice post-dottorato all'Universita di Ca' Foscari di Venezia.
traduzione dal georgiano di Nunu Geladze
ნუციკო დეკანოზიშვილი
ვენეციის ნოემბერი
ასეთ სიყვითლესაც ხომ გაძლება უნდა - შემოდგომა რომ შემოგადგება - ცაც რომ ყვითელია და ფილაქანიც - და ვეღარსად გაიქცევი ამ სიყვითლიდან; ყვირი და გარბიხარ სიყვითლეში, როგორც ერთი პატარა მოციმციმე ყვითელი ლაქა და იხსნები, იღვრები, შემოდგომდები. ასეთ სიყვითლესაც ხომ ატანა უნდა - ღვიძლის უჯრედები რომ იშლებიან, როგორც შენი ძველი მეგობრები, ასეთ სიყვითლეშიც ხომ შეგვიძლია ტირილი - რომ არასწორად წამოხვედი გზაზე, რომ არასწორად გადაიარე ხიდები, რომ არაადექვატურად გიყვარდა და ახლაც არ იცი, როგორია ადექვატური სიყვარული. და დგახარ, გარბიხარ ამ აუტანლად ყვითელ შემოდგომაში, სადაც რაღაცნაირად მოხვდი, სადაც წყლის სიმწვანეც ვერ შველის ამხელა შემოდგომას, სადაც თვალები გიჭრელდება - ისეთი ყვითელია ჰაერი, სადაც ჩერდები და ხელებს იფარებ სახეზე, რომ იგრძნო - ხარ...
Novembre veneziano
È forse facile resistere a questo giallore mentre ti assedia l'autunno?! Mentre ingialliscono cielo e selciato e invano stenti a fuggire da questo giallore ?! Gridi e corri nell'aere giallastra e come una macchia minuta, anche tu avvizzita, balugini, ti sciogli, ti riversi e ti vesti d'autunno. È forse facile sopportare questo giallore mentre si disgregano cellule di fegato come i tuoi vecchi amici?! E ti sfugge un singulto soffocato, perché la strada hai sbagliato, perché il ponte giusto non hai trovato, perché inadeguatamente hai amato e nemmeno ora conosci qual è l'amore adeguato. Ti fermi, poi corri in questo autunno insopportabilmente giallo, ove per caso ti sei trovata, ove neanche la verdeggiante acqua può salvare quest' autunno imponente e ti abbaglia gli occhi l'aria assai ingiallita, ove ti fermi e li copri con le mani per sentire che esisti ancora ...
თავდაკარგულთათვის
აი, პირველად აქ გაგორდა; როცა სახლი იწვოდა. კი არ იწვოდა - შიგნიდან ტიროდა და პირიდან ორთქლი გამოსდიოდა, და კი არ წაიქცა - გაშავდა. მე გარეთ ვიდექი და სახლში მამა იყო. გაგორდა და სადღაც გაუჩინარდა. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩუმი წვაა - უჟანგბადო წვა, უცეცხლო, უემოციო. ჯოჯოხეთი - „შორი თეთრი მწვერვალი“. და რამდენიმე წლის შემდეგ, ის იყო, დავიბრუნე, ისევ გაგორდა: კაცი შეუყვარდა; არა - კაცი გამოიგონა, რომელმაც მოხსნა და გააგორა, და მეც ვეშველებოდი ამაში, ისე ვირტუოზულად ხსნიდა და. აგორებდა. სიკვდილი გაიგო და ისევ გაგორდა - ამჯერად თავდაღმა დაეშვა, დიდხანს მიგორავდა - ყველა სევდა აიკრა, რაც გზაში ნახა, გაიზარდა. იმდენად დიდი იყო, თავისით წყდებოდა, წყდებოდა და ვარდებოდა, ვარდებოდა და მიგორავდა. სადაც გულდასაწყვეტი ნახა, სადაც შეუყვარდა, სადაც დახვრიტეს, სადაც უყვარდათ, ვერსად თავი ვერ შეიკავა და, გაგორდა. სად აღარ გდია, სად აღარ აფურთხებენ, აბიჯებენ, ეფერებიან. სად აღარ ვკარგავ ამ ჩემს უსხეულო თავს. აი, ერთი აქაც გდია - შუაგულ ვენეციაში, Ponte delle Tettes -ს ყველაზე შემაღლებულ ადგილას, და აღარ იცის, რა აკეთოს. მეორე კი - აქაფებულ ლაგუნაში ჩავარდა და თავდაკარგულების სასოწარმკვეთი ღიმილით მაშინებს.
Per coloro che persero la testa
Ecco, qui la persi per la prima volta, cadde e rotolò mentre bruciava la casa, non che bruciasse – gemeva da dentro e dalla bocca il fumo esalava. Non che cadde - riarse; io stavo fuori e papà là, dentro. Cadde e rotolando sparì non si sa dove... In tali casi è piuttosto importante la combustione lenta– senza ossigeno, priva di emozione, di ardere; in questi casi l'inferno stesso un nevaio di biancore smagliante ti sembra... Poi, con il passare degli anni, appena l'ebbi riavuta , nuovamente cadde perché m'innamorai di un uomo, no, in verità, lo inventai – l'uomo che mi fece perdere la testa che cadde di nuovo; me la tolse e la fece rotolare così abilmente che anch'io l'aiutavo. Percepì la morte e rotolò di nuovo, ma questa volta precipitò in discesa; rotolò a lungo e via via si appiccicò di tutti gli strazi travolti per strada; e si ingrandì così smodatamente che non reggeva, cadeva e rotolava. Lì dove trovò rammarico, dove s'innamorò, dove era amata, dove è stata fucilata, non poté reggere e rotolò definitivamente. Ora crollata e ovunque avvistata, viene sputata , viene calpestata, a volte accarezzata. Ovunque vada perdo la mia testa senza corpo. Ecco, una qui giace a Venezia, in pieno centro, sul dorso del Ponte delle Tette e non sa più che fare; un'altra, immersa nella laguna spumeggiante, mi spaventa con il sorriso disperato di coloro che persero la testa.
ღმერთო, მაპატიე ჩემი პოეზია!
რა სისულელეა! მორჩა პოეზია... ხვალიდან ღამეებს ლექსში არ გავათევ! ლოცვების მაგივრად მიეთ-მოეთია, სიტყვებს ვაგროვებ და კოცონად დავანთებ! ღმერთო, მაპატიე ჩემი პოეზია- -ტკივილი უღმრთობის სევდაში გაცრილი, მე უიმედობის ქარი მომეწია და დავრჩი ფიქრებში ლექსებად დაცლილი.
Dio, perdona le mie poesie!
Ma che sciocchezze! Basta poesia... Non veglio più versi! Anziché le preci, sono insulsi per cui, raccolgo le parole, domani di loro farò un incendio!
Dio, perdona le mie poesie, sono solo dolori estratti dal sacrilego; mi giungono i venti di sfiducia, rimango svuotata con i versi nei pensieri...
la redazione ringrazia Julian Zhara per la gentile intercessione.
Nutsiko Dekanozishvili è nata a Telavi in Geogia nel 1973. E' stata giornalista free-lance e corrispondente televisiva. Nel 1999 ha vinto il concorso per diventare conduttrice televisiva di una trasmissione finanziata dal Fondo Eurasia. Nel 2011 ha conseguito la Laurea in Dottore di Filologia e attualmente lavora come Professoressa associata di Letteratura presso l'Università Statale di Telavi. A sua firma sono inoltre un testo scientifico e due raccolte di poesia. Suoi testi o interventi vengono regolarmente pubblicate su riviste o quotidiani. E' stata nominata scrittrice dell'anno nel 2011 dal Giornale "Ciueni Mtzerloba". Attualmente è ricercatrice post-dottorato all'Universita di Ca' Foscari di Venezia.
Fotografia di proprietà dell'autrice.
Nunu Geladze è nata in Georgia. E' laureata all'Università Statale di Tbilisi ed è giornalista e traduttrice. E' inoltre presidente dell'Associazione italo-georgiana "Con la georgia nel cuore". Nel 2013 è nominata ambasciatrice di Pace dalla Universum Academy e dall'Università della Pace Switzerland. Nel 2006, in Svizzera, le viene conferito il Premio Internazionale Donna dell'Anno. Oltre all'intensa attività di giornalista e di mediatrice interculturale, ha pubblicato numerosi volumi sia in Georgia che in Italia tra i quali si ricordano -tra i tanti- le traduzione dall'italiano al georgiano di San Francesco D'Assisi, Giovanni Paolo II, Luigi Pirandello, Alberto Moravia, Aldo Palazzeschi, Italo Calvino, Tonino Guerra, Umberto Eco, Leonardo Sciascia, Dino Buzzati, Carlo Cassola, Vincenzo Cardarelli, Mario Luzi, Cesare Pavese, Alessandro Baricco, Elsa Morante, Salvatore Quasimodo e dal georgiano all'italiano l'antologia Vite e Tralci, antologia di poeti georgiani contemporanei (Borgomanero, Ladolfi Editore, 2014) e le raccolte del Poeta Nazionale Dato Magradze, Salve (Genova, La Lontra, 2007), I passi dell'acqua (Eboli, Il Saggio, 2012), Giacomo Ponti (Borgomanero, Ladolfi Editore, 2012), Eco (Ibid., 2014, di cui una anteprima, qui)
Last edited by Admin on Mon May 18, 2020 4:45 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Fri Feb 23, 2018 9:18 am
ნუციკო დეკანოზიშვილი
***
რადგან ეს სეანსიც დასრულდა, და სულზე ამოძვრნენ ტიტრები, დუმილით გიყვები, რაც მსურდა, ნელი თვითმკვლელობით გიყვები, შეხება გზაზე რომ მყოფნოდა, სივრცეც რომ მქონოდა გაჭრილი, მზერა ავიფარე-"ჯოკონდა"- ქალის უგემოვნო სარჭივით, მერე, მე კაეშანს ვიმკიდი, ძნაზე სულ-შიშველას მეძინა, სამოსი ქარისგან ვიყიდე, შენ შემომხედე და, გემძიმა ჩემი ფარატინა მკლავები, ნიავს აყოლილი თითებით, რაღაც ღირსებების ტარება, გულის არითმული რითმები, თუმცა, როლი მქონდა ასეთი, და რიდეს მართმევდნენ-სალამბოს, ფაჩუჩით, სიმშვიდით, გაზეთით გაფრენილ ფასკუნჯებს მპარავდი, და, რადგან საჩემო არ იყო ხელების დაქნევა ტრაპიდან, ვეცადე, ვარდის ქვეშ მდგარიყო სულიკო... დაკარგვა რად ღირდა?! სადამდეც გამიწვდი-გაგწიე, მაინც ვერ შევძელი სიყალბე, ხასხასა ტიტრი დაგაწიე სეანსის ბოლოში,- "მ ი ყ ვ ა რ დ ი"!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Sun Feb 24, 2019 3:24 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
რას ვაკეთებ?
რას ვაკეთებ და - სასიკვდილოდ დაჭრილებს ვუვლი. ეს თქვენთვის, როცა მეკითხებით - თუ რას ვაკეთებ, თანაც დღეებში ისე მიცემს მღელვარე გული, თითქოს მუდმივად ვაბარებდე სკოლის გაკვეთილს,
ვერაფერს ვიზამ, და არც ვიცი მეტი - სხვა რამე, საფეთქლებს ვუზელ და ჭრილობებს ვუხვევ ბინტებით. ქუჩებში, მეტროს სადგურებში დამაქვს მალამო, ვუსვამ თავ-სასო-წარკვეთილებს, როცა ბინდდება
ან როცა დილას მზის ამოსვლა ისე არ უნდა, სხვენის მიუვალ კუნჭულებში ძვრება და იცდის, როდის შემოვა ანგელოზი ვიწრო კარიდან და გაეჭრება ჰორიზონტზე ცისფერი თითი.
ან როცა ღამე გაქვავდება დიდი ლოდივით, და არ ვარ ბევრად შემართული, ბევრად საჭირო, დაჭრილებს როცა მობეზრდებათ სხვისი ლოდინი, მე მაშინ ვუხვევ ნაიარევს ფერმკრთალ დაჭრილებს.
რას ვაკეთებ და - სასიკვდილოდ დაჭრილებს ვკოცნი, რადგან სულ მალე - უსიკვდილოდ, მოვა სიკვდილი, და უცხოსავით ჩაიხედავს თვალებში, ცოცხლის - არც საყვედურით, არც შეკრთომით და არც ქირქილით,
და მხოლოდ ჩემი ნათითური აადენს ალმურს, და ჩემს სახვევებს ხელს აუსვამს, თითქოს სწყდებოდეს გული, - არავინ უკითხავდა ცოცხლების ფსალმუნს, როცა კვდებოდა, რომ კვდებოდა, როცა კვდებოდა....
რას ვაკეთებ და - ვამზეურებ დარჩენილ ბინტებს, რას ვაკეთებ და - სასიკვდილოდ დაჭრილებს ვუვლი, რას ვაკეთებ და - უსიკვდილო სიკვდილი მინდა. რას ვაკეთებ და - ვერ ვერევი სიცოცხლის სურვილს.
2019
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Fri Jun 14, 2019 9:08 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
საით, მარინა?!
„Христос и Бог! Я жажду чуда Теперь, сейчас, в начале дня! О, дай мне умереть, покуда Вся жизнь как книга для меня“. Марина Цветаева
საითღა გავფრინდე, მარინა? ეს იყო, რაც უკვე შევძელი. ჰაერში მუდმივი ქარია, ან სუნი - დენთის და ენძელის. ფარფატა ქაღალდებს გიგზავნი, გიგზავნი მტრედებს და ბარათებს, გზაზე რომ წავიდნენ გზისანი, დავრჩი და - პუბლიკა გავართე, და ამის სამღერად მოვედი - საითღა გავფრინდე, საითღა? სიცოცხლის მაღალი ქორედი და ზეცა, რომელიც გაირღვა, საღამოს სევდიან მღერაში - რომ თოვდა ხშირად და ხანდახან. ლექსებს რომ ვხატავდით მე და შენ. და ქარმა კაბები გაგვხადა. და შენ რომ იყავი ლექსივით. და მე რომ სიკვდილსაც შევეშვი. რაც უკვე შევძელი, ეს იყო - სიტყვები მფანტავდნენ დღეებში. საითღა გავფრინდე, მარინა? თავსაც ვერ მოიკლავ სრულიად. ჰაერში ქარია, მარინა და მკვდარი ცოცხლების სუნია.
2019
Last edited by Admin on Mon May 18, 2020 5:26 pm; edited 3 times in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Sun May 17, 2020 8:04 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი - მოგესალმები, მარია •May 17, 2020
მოგესალმები, მარია ნუციკო დეკანოზიშვილი (კითხულობს ავტორი) ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020 მუსიკა - „ავე მარია“ - ფრანც შუბერტი.
*** Ave Maria The verse by Nutsiko Dekanozishvili (in Georgian) This clip is made with: 'Ave Maria For Violin' by Franz Schubert.
This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020
ნუციკო დეკანოზიშვილი
მოგესალმები, მარია
„ია ორანა, მარია“, აღარც დარია, აღარც მზეა, ზამთარია და ზურგის მალებში ქარია, მხოლოდ, მარია. არის სიკვდილი, სიკვდილია და, ღვთაების კართან სევდიანი ჭაბუკის კუბო. არც ფიფქებია, არც დარია, და მზე ისეთი საპყარია,- ძვლებში ატანს სიცივე, სად ხარ, მარია? დილის ლოცვები ხომ გესმოდა? ოქროსფერია გოგოს ლოცვები, არეულია გოგოს ლოცვები,- გოგოს სიტყვები- „ია ორანა, მარია“. აღარც დარია, აღარც მზეა, და გამჭოლი ზურგის ქარია, ზარები რეკენ ნაღვლიანად, ყვავებიანი გუმბათია, მხოლოდ ზარია. და როგორა ვარ- მეკითხებიან. გავიღიმები,- დეკემბერია, და ზამთარია. თუმცა, მერე რა, და მერე რა?- ზამთარია და ხელი დამრია, ძილშიაც მახსოვს შენი მზერა. ისევ დავმარცხდი, ვწევარ სამარხში. მცივა-გამათბე. მშია-მაჭამე, დილის ლოცვები მათქმევინე, მხედავ? დავბრუნდი შენს დღეებში, თუმცა ღამეა. „ია ორანა, მარია, ია ორანა, მარია“.
Last edited by Admin on Tue Sep 21, 2021 8:43 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Fri Aug 14, 2020 11:07 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
*** ეს სატყუარები - სიყვარულები - სხვადასხვა ფერის ანკესზე წამოცმულები - თევზებით სავსე მდინარეში ჩაგდებულები - წითელწინწკლებიანი კალმახების დასაჭერად, ეს თევზები კი, ანკესზე წამოგებულები, მამას რომ მოყავდა და მე - თითისწვერებზე აწეული, პატარა ხელებს სველ ტანზე ვუცაცუნებდი, ეს მდინარე- ზედ მოტივტივე მშრალი ქალთევზებით, ეს ნაპირი - მოფართხალე ნადავლით სავსე, ეს სისხლივით წითელი სურვილი- გიყვარდეს, და თევზივით მუნჯი, ანკესზე წამოგებული სიყვარული.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Wed Nov 25, 2020 11:58 am
ნუციკო დეკანოზიშვილი
*** მოვდიოდეთ და, თოვდეს. კავკასიონის ქედი ჰგავდეს მოვერცხლილ ედემს. შენ ისევ გვერდით მედგე. შენ - გამურული მზერით ჩემ სუფთა ჰაერს სვამდე. ეგებ - ერთბაშად, ზევით! ეგებ - გზა და გზა, ცამდე... არც არაფერი - გული ისევ მეჭიროს ხელით, რომ გაზაფხულის სურვილს... რომ, ისევ ისე მდევნი ვიცოდე, დილის ყავას კვლავ ვაყოლებდე თუთუნს, - უნდა აჩქარდეს, რადგან გული მისთვის მაქვს! ქუჩურს გავიგონებდე ღამით ქარის არეულ სტვენას. განა, ვინმე ან რამე, - მე, ზამთარი და შენა.
2020
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Tue Sep 21, 2021 8:42 am
ნუციკო დეკანოზიშვილი
*** მერე დამიწყებთ ყველგან ძებნას, ვეღარ მიპოვნით, - უჯრებში, პალტოს ჯიბეებში, ჩიტის ბუდეში, კარსუკან მხოლოდ - ნისკარტღია ბარტყის ჭყიპინი, ვერ მიპოვნით და ეს იქნება თქვენი ნუგეში.
მეგობრები და ნაცნობები, და ვინც მიყვარდით, ყველა იქნებით და ჩემ გარდა იპოვნით ყველას, მოხვალთ სახლში და სიხარულის ნდომით, სიხარბით ყოფნის, სიცოცხლით სავსეები დამიწყებთ დევნას.
ქუდსაც მოიხდით, ფეხსაც ფრთხილად გაიწმენდთ კართან, დამიძახებთ და გიპასუხებთ - მე არ ვიქნები, და რაც გეგონეთ, იმისა და არყოფნის გარდა, ჩემი თავისგან გაქცეული გარდავიქმნები,
რაც ვერ გითხარით, ვერ მოგწერეთ, ვეღარც გიამბეთ, სიტყვებმა რაშიც არ მიშველეს და ვეღარ ამხსნეს, გარდავიქმნები იმ ღამემდე ან იმ დილამდე, როცა ვიქნები სიყვარულით პირამდე სავსე,
ერთი ნაბიჯით ვერ მიპოვნით, ერთი გასროლით, და იმ ერთადერთს მომძებნით და ვეღარ მომაგნებთ, ერთი გასროლით დაეცემა ჩემი გარსონი, ერთი ნაბიჯით დავმარცხდები სხვების ომამდე,
მერე, ერთხელაც, არ ვიქნები და თქვენ მომძებნით, მომძებნით ჩემი სიხარულით, იმ ვაშლის ხესთან, დედამიწაზე, კანონებით - რჯულის, მოსემდე, აქ ვიქნები და თქვენ კი ვეღარ მიპოვნით ვერსად.
2021
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Sat Jan 15, 2022 12:39 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
*** მინდა, გითხრა, როგორ არ მიყვარხარ. ერთი შეხედვით – წარმოუდგენელი ამბავია, ერთი წაკითხვით – არც დაიჯერებ, ერთხელ ხმამაღლა, თავშეუკავებლადაც გაგეცინება. თუმცა, მე ვეცდები, აგიხსნა, და მე იმდენად კარგად შევეცდები ახსნას, უფრო გაგიჭირდება დაჯერება – ამდენ სიტყვას რატომ ვიმეტებ კაცისთვის, რომელიც არ მიყვარს. თუმცა ჩემი ცარიელი ვნებები დამაჯერებელია, ჩემი მშვიდი სიტყვები კი უშეღავათოდ კლავენ. რა უცნაურია, რა უცნაურია ეს არსიყვარული – როცა შემიძლია ასე შეგიკავო, ასე მოგითმინო, ასეთი მშვიდად ვიფიქრო შენზე, და არ მოგიშორო, და არ მოგიკვეთო და არ შემძულდე. ისიც კი შემიძლია, მოგეყრდნო და არ მიყვარდე, ისიც კი შემიძლია, ქარი ამოვარდეს და არ დაგიძახო, ისიც კი შემიძლია, წვიმდეს და არ მინდოდე, ისიც კი შემიძლია, მიდიოდე და არ მტკიოდე, ისიც კი შემიძლია, რჩებოდე და გულზე ხელები დავიკრიფო. ისიც კი შემიძლია, რჩებოდე და გულზე ხელები დაგიკრიფო. და ისეც შემიძლია, რომ არ მოგკლა, არ მოგკლა, როცა არ გეყვარები, როცა მიხვდები, რომ ჩემი არსიყვარული ყველაზე ნამდვილი არსიყვარულია და ყველა სიყვარულზე მეტია. და თქვან ღმერთებმა: აქ, რაღაც, ძაღლის თავია დამარხული, – და მხრები უმწეოდ აიჩეჩონ. და თქვა შენ: ღმერთო, რა შესანიშნავია, – ამ ქალს ყველაზე მეტად არ ვუყვარვარ.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Tue Aug 16, 2022 9:13 am
ნუციკო დეკანოზიშვილი
*** შენ არ იფიქრო არაფერზე, შენ არ იდარდო, ღამე ლოტოსის ასანაში ჩემსავით ჩაჯდა. რადგანაც არ ხარ ცხენიანი ვინმე იდალგო, აღარ იდარდო, არ გჭირდება ზეტმეტი განსჯა.
ყელში ბურთებიც გაქრებიან-შენ არ იფიქრო, მდინარე უნდა გადმოგევლო, გზები და მთები. მოდიან დაღმა, მწვერვალისკენ მიდის სიზიფე, გორდება ლოდი, ვიღაც დღეში ათასჯერ კვდება.
შენ არ იდარდო არმოსული საღამოს ფერი. ბახუსიც უკვე უძლურია, უკვე დაღალე, როდესაც მცდარი თეზისების გამხმარი ჩერო თავზე ცასავით ჩამოიქცა. მაინც, ამ ღამეს
ისევ უმტკიცებ შენ თავს რაღაც გმირობის მაგვარს, ისევ ფიქრობ და მეღიმები. შენ არ იფიქრო, რომ ქანცგაცლილი დავიღლები სრიალით სადღაც და ალიონებს მოაკლდება ჩემი სიფითრე.
შენ არ იფიქრო არაფერზე, შენ არ იდარდო, ღამე ლოტოსის ასანაში ჩემსავით ჩაჯდა. რადგანაც არ ხარ ცხენიანი ვინმე იდალგო, აღარ იდარდო, არ გჭირდება ზეტმეტი განსჯა.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ნუციკო დეკანოზიშვილი Sun May 21, 2023 1:56 pm
ნუციკო დეკანოზიშვილი
*** როდესაც სინათლეს ვეღარ ვხედავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ, არსებობენ "ავსული დედაბერები", რომლებიც მას ორბის ფრთით მალავენ, მაგრამ, ის სინათლე არსებობს - ის სინათლე მარადიულია. იმედი არ უნდა დამთავრდეს. თუ ვერ ვხედავთ, წარმოვიდგინოთ - რადგან, ის მართლა მარადიულია.