Last edited by Admin on Wed Jan 09, 2013 12:23 am; edited 1 time in total
ვაჟა ხორნაული
Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
Subject: Re: ფშავი Tue Feb 24, 2009 4:44 pm
ვაჟა ხორნაული
სახლი რომ ნასახლარად იქცევა, უბედურებაა, მაგრამ ნასახლარებიც რომ იშლებიან, ეს უკვე ტრაგედიაა, გულში ხანჯალივით გაყრილი სატკივარია _ ასეთ სატკივარს სად აღარ წააწყდებით ფშავში. გამესამედებულ კაწალხევში აქა-იქ კიდევ ამოდის კვამლი, ხოლო მისი ზედა უბანი_მზისყანა (იქ დავბადებულვარ), დიდი ხანია, მთლიანად დაცლილია, აქაური ნასახლარებიც მიდიან ამ ქვეყნიდან...
... დაცლილა ჩემი მზისყანა, ობლობის ნისლი ჰფენია, ხატი და ნაბილიკარი წინაპრის დარდის ფერია, სინათლე უხალისოა, მაისი უმაისოა, ღრუბლებში შავი გველია, მზე როგორ დაღონებულა, ცას როგორ მოუწყენია.
ესა ყოფილა სიცოცხლე და ბედისწერა ჩვენია: იგავი წუთისოფლისა სამყაროსავით ძველია, ტანჯვაა სიცილიანი, სუნთქვაა ტკივილიანი, მაცოცხლებელი სენია, ელვაა გულში გაყრილი, ფიქრს შემოკრული ცელია.
აღარ ჩანს ჩემი მზისყანა (სად წავიდა და ვისთანა?!), ობლობის ჩრდილი ჰფენია, ხატი და ნაბილიკარი და ყორეები მიმქრალი წინაპრის დარდის ფერია.
მზე როგორ დაღონებულა, ცას როგორ მოუწყენია!
ვაჟა ხორნაული
Number of posts : 1342 Location : თბილისი Job/hobbies : პოეტი Humor : სანაქებო Registration date : 09.12.08
Subject: Re: ფშავი Sat Feb 28, 2009 9:01 am
ვაჟა-ფშაველა (ნაწყვეტები წერილიდან "ფშავლები"): . ფშაველი არის გაშლილის,მუდამ სიამაყის და მხიარულების გამომხატველის სახისა,ახოვანი,გულკეთილი,მომთმენი და,როგორც ყველა მთის კაცი,სტუმრის მოყვარე. . ფშაველი ქმარი და მისი ცოლი ისე დაჰბერდებიან,რომ ერთმანეთს სახელს არ დაუძახებენ,_ეს უნამუსობად,სირცხვილად მიაჩნიათ. . ფშავლები შეადგენენ თორმეტ თემს:გოგოჭური,გაბიდოური,უძილაური,გოგოლაური,ჭიჩუელი,ახადელი,უკვენა ფშაველი,წითელაური,ქისტაური,წოწკურაული,ტურანი და მისრიანი.
"ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია,მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების, სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა.სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშაველის სიმდაბლის ნიშანია.ფშაველი ამასთანავე ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის. მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროსტარება, სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია,ამასთანავე ფშაველი შარიანი და მოჩხუბარნიც არ არიან და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მელექსე. მას ეხერხება ლექსის "კაფიედ" თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშაველებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა,ასეთ პირსაც პატივს სცემენ.
ვახუშტი ბაგრატიონი
დადა
Number of posts : 61 Age : 39 Location : კომპიუტერთან Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen... Humor : Humorvoll Registration date : 23.01.10
Subject: Re: ფშავი Thu Mar 24, 2011 7:00 pm
დამბალი ხაჭო...
ახალმოწველილი რძე ჩავასხათ დიდ ჭურჭელში, როცა გაჩნდება ნაღები, მოვხადოთ და ცალკე ემალის ჭურჭელში გადავიტანოთ. ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა გამეორდეს, ვიდრე მოხდილი რძის მოცულობა 20-25 ლიტრამდე არ ავა. შემდეგ გავაჩეროთ რამდენიმე დღე, რათა რძე შედედდეს და დაბლა შრატი გაიჩინოს. ამ მასას სპეციალურ ხის პატარა კასრში ასხამენ და ხის ჯოხით, რომლის ბოლოზეც 4 ფრთაა, დღვებენ. რძის ეს მასა უნდა იყოს მუდმივ მოძრაობაში, თითქმის საათნახევრის განმავლობაში, კარაქის გაჩენამდე. კარაქის ნაფლეთები ერთ მთლიანდ მასად შეიკვრება, რომელიც ცივ, გამდინარე წყალში უნდა გავრეცხოთ, რათა დო გავაცალოთ. დო უნდა გაიწუროს ცალკე ჭურჭელში და დაიდგას ნელ ცეცხლზე. გათბობის შედეგად იგი ახაჭოვდება. მიღებული მასა გავწუროთ ნაჭრის ქისაში, რომელსაც შევუკრავთ პირს და დაახლოებით 12 საათის განმავლობაში ვტოვებთ ჩამოკიდებულს. შემდეგ ხაჭოს გადავიტანთ თასში, დავაყრით მარილს და ნახევარი საათის განმავლობაში ხელით დავზელავთ, დავაგუნდავებთ, მივცემთ მრგვალ ფორმას (10 სმ დიამეტრი), ჩავაწყობთ ძობანში (წვრილი წნელებისგან მოწნული ყუთის ფორმის სათავსო) და დავტოვებთ გასაშრობად ისეთ ადგილზე, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდება, რათა არ დასკდეს კვერები. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა კვერები კარგად გაშრება, დავალაგებთ შესაბამის ჭურჭელში – თიხის ქოთანში, ან ემალის ჭურჭელში. რამდენიმე დღის შემდეგ ხაჭოს კვერები გარედან იკეთებს ობს და შიგნიდან იწყებს ლბობას, კარგავს თეთრ ფერს და მუქდება. როცა ისინი ყველა მხრიდან ერთნაირად დალბება, დამბალხაჭოს იღებენ, ცოტათი აცლიან გარეთა, დალბობილ ხაჭოს და ჭრიან რგოლებად. ამავე დროს ცეცხლზე უნდა იდგეს ტაფა, რომელშიც ჩადებული იქნება ერბო და არყის ჭიქით წყალი იმისათვის, რომ ტაფამ ხაჭო არ მიიკრას. როცა ტაფა კარგად გაცხელდება, ჩავყრით შიგ დაჭრილ კვერებს და დავახურავთ სახურავს. გაცხელების შედეგად მასა ერთგვაროვან სახეს მიიღებს და იქნება წელვადი. კერძი მზადაა, იგი სუფრაზე მიაქვთ პურთან ერთად (მასალა მომზადებულია უცნაური.ცომ – ის მიხედვით).
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Sun Mar 03, 2013 2:54 pm
Bichur Badrishvili, 1970
ბიჭურ ბადრიშვილი (იახსრის თავხევისბერი)
დადიდება
ღმერთო დიდებულო, წინა ძალი და ბრძანება შენია, შენ გააჩინე და აკურთხე ცანი და ქვეყანანი. დიდება შენდა, დიდო ლაშარის ჯვარო, დიდება შენდა კვირაო კარავიანო, ღვთის და მეუფის კარზედ მგდომელო, სიმართლის წყალობის გამომტანელო ხმელზე ხორციელთათვის.
დიდება შენდა, თამარ ნეფეო, ზემდგომო ანგელოზო;
დიდება შენდა, წმინდა გიორგიო, ხოშარის სათხუთმეტო მთაბარანგელოზო;
თქვენ გადააფარეთ თქვენი კალთა ფშავის ხევსა, სრულიად საქართველოს, ბაგრატოვანთა, წილხვედრსა ღვთისშობლისასა, თავისეუფლების გზაზე შამდგარსა. თაობით ღონე მიუმატე. კაცსა კაცრიელობა, თქვენ დაიფარეთ მტრისგანა. მიეც ძალი და ერთობა ქართველთა განალტვე გულისაგან მათისა შური და ღვარძლი და შთააგონე სიკეთე და ერთგულება მოძმისა, ერისა.
თქვენ შეგთხოვთ, ყოველნო წმინდანნო და ანგელოზნო უფლისანო, მიანიჭეთ ქართველთა, თქვენთა მავედრებელთა, შემოდგომა ღალიან–ბარაქიანი, პურ–წყლიანი, ზამთარი ნებისა, რგებისა, ზაფხული მშვიდობისა.
თქვენ მოუმართეთ ხელი: მოლაშქრე–მონადირე იყოს, ლაშქრობა–ნადირობაში გაუმარჯვე. მწყემსი იყოს – ცხვარ–ძროხა გაუმრავლე, მეგუთნე იყოს – ხარ–გუთანი გაუმართე, ნახნავ–ნათესს ბარაქა დაუყენე. ქვრივ–ობოლი იყოს, საწყალ–საბრალო, მიეც ნუგეში, ძალი ჭირთა დათმენისა, შენ გაამრავლე ყმანი შენი...
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Fri Apr 25, 2014 2:51 am
ბიჭურ ბადრიშვილი
* * * პურადსა ჰკითხეს: პურადო, პურადობისა რა გერგო? „ნეტაი ჩემი სასახლე შუა-შარაზე ამეგო, გაყინულ ცეცხლით გამეთბო, მშიერი პურით გამეძღო, ამდენა ცოდვის მოქმედსა სულ იმით მაინც მამეგო!“
--- 1) პურადი - „პურმარილიანი, სტუმართმოყვარე ადამიანი“ 2) სულ იმით მაინც მამეგო - „სული ამით მაინც მეცხონებინა“
მოგვაწოდა რამაზ გიგაურმა.
Last edited by Admin on Tue Dec 22, 2015 10:43 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Fri Apr 25, 2014 9:15 pm
Bichur Badrishvili
ბიჭურ ბადრიშვილი
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Mon Mar 23, 2015 1:43 pm
საიქიოს მოხილება
- ბებო მყვანდა მენა, გაჴდილა ავადა დ' მომკვდარა, ღმერთო ჯვარ დამწერე შენს თავსაცად თავის საყოლთაცა, დამკაცრევებულ ისრივ გაცოცხლებულა,გამაბრუნვილა. - გაცოცხლებულაჲა? - კია, გენაცვლე, გამზადული, მომზადული სრულა?... - სამ სიტყვას არ ამბობდის, სხვა იუბნა სუყველაიო, აი ბალღებ - ცალკაო, მოზდილეებ - ცალკაო, აი ხნიერ დედაკაცებ - ცალკაო, ვაჟკაცებიოდ' ისენ სუ ცალკ იყოო. აიმაზე მეტ მადლ არა არიო, რო აი ბეჩავსაო პურას მიაწვდის კაციო. აე მოხარშულ კი იქ არა არიო. შამიყვანესო, ერთ დედაკაც იჯდაო. ერთა ხაჭოსკვერა ედვა წინაო, თეფშა რაიმ იყოოდ' იმაზე იდვაო... - რადა ხარ ეგრე, შვილოო? - ეჰაო, ჩემ დედ-მამასაო ეს დაუთესავის მადლი, სხვა არაიო. ემის მეტ არა მამიტანესო. მოვბრუნდი უკვენ ისრივაო, ახლა სხვაკან შავეო. ტყუილა მოხვალო, მიძახესო, ჯერ საღირსალ არა ხარო. სკამ იდგაო, ყვითლითა ჲჰქონდა ფეჴები მოგვირგვინებულიო, სამან ბალღანი ჩნდენ ი სკამზედაო. ერთა ბალღაიო ცომსა ჲზელდაო, ი ორან ეგრე ისხდენო. აგურგუსლებს ბალღაი ი ცომსაო, ბატარა ქობა უდგა ცეცხლზედაო, მითომ ხინკალ უნდა მოხარშოსო. - ვაჲმე, ჩემო შვილოო, მე კი არ მაჭმევთოუა? - არა, ბებო, ჩვენც არ გვეყოფაო. - რადარ ბევრ მაჲზილეო, ან რას ჩაუდებო! - ფუტურა ხესაო, ჯამაში რაიმ იყოო, ის თუ იყოო. მე სუ ტყეში გავიზარდეოდ' ემასა ვჰჭამდოდიო, დედისნაცვალი მყვანდაო. - მაახვიეს, ჩაყარესო. მე კი გამუეო, დარჩენ ი ბალღებ იქავაო. ბევრი რაიმ იუბნის. რო რას აცხობდეო, მითხრის, თუნდა თათარ-ლეკ იყოსო, იქ გაუტანოდიო. მოხარშულს კი ნურას შაზდებ სახელსაო, უობდება ისიო. იმისივ ნასწავლებ ვიცნი აი სახელის დებანი: ღმერთო, შენის დიდებითა, ღმერთო, შენის მიცემითაო, ელურსამეთის მადლითაო, შამოსვილ ღვდლის ლოცვა-კურთხევის მადლითაო, ღმერთო, კურთხევით მაიჴსენივნესო, თუ სააქაოს ნათქომი საიქიოს მიდიოდესო, სულწმინდათ რა ერგებოდესო, სულ წმინდათ ეჴმარებოდესო, ღმერთმა ალალ გიყვასთო, ცოტაი ბევრად მოგეჩვენოსთო, გადასწვდეს, როგორც მიწას წვიმის ცვარ გადასწვდომიაო. ან თუ მაუგონებელ ვინ იყოსდ' შენს სუფრას ებირებოდესო, დაიწვიეო. ღმერთმა შაგიწყალნესთ, ღმერთმა მოგიჴსენივნესთო. აფშუელ იყო ი ჩემ ბებო, ორი ვაჟი ჲჰყოლია, ორივ მაჲჰკვდომია. დაშჩომიან სამან ქალანი. ი ჩემ დედაი, ბეჩავი, ემა გურგალველში ვისამა ზდგომია მოჯამაგირედა.
წყარო - ,,ქართული დიალექტოლოგიური კორპუსი", რომელთაც თავის მხრივ ისარგებლეს აკაკი შანიძის სტუდენტის, თავადაც დიდი ღვაწლის მქონე მეცნიერის - თებრო გოგოლაურის წიგნით (რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა) -- ,,ვისაუბროთ ფშაურ კილოზე"
ტუქსიშვილთ ივანემ გამაიტაცა მახაურთ ხარიკაის ქალი, მარიამ ექვივნა, ჩემ ძმის მონათლულიოდ იყო. კვირა დილით წეეყვანა გომეწრითა. ჩვენ არაფერ არა ვიცოდით. ი ძმა, ბაჴაი, ჯერ წინწინ იყო მაღაროსკართა. შინ შაგვეყარა, შინაისაკ მოდიოდა. ბატარა ხანიდ', ისრიკევ მორბოდა, მაღაროსკარისაკავა. წინწლისოდენ ეტყობოდა, ისრე მაარბენდა ი ცხენსა. - რა ამბავია, ბაჴავ, ბიჭო, სადღა მაზდიხარო? - უძახეთ. - მარიამ დაგვეკარგა, ჩვენიო, იქ მივდივარო. თორმეტნ მოქუჩნდენ, წამოიდენ. გზებ შეეკრა ჴიდებზე, სხვაკან, სუყველყანა. ეძებნეს, ვერაფერ ვერ მოჴელეს. ქალი ბეჩავი, ცხენის გავაზე შეესვა ი ივანესა, შუა წყალში რო მისულიყოდ', გადმაჲვარდნიყო. ენა ვერ იტყოდა, ისითა იყო სუყველაადა. ლამაზი, ლამაზი, რო ნეტაი სუ ამისად მაყურებინაო. აი, პირიც ისრე რარიგადამა, ფერი, როგორც აი რძე-ერბო. ფარდაგ ედგა, სამ დღეს კიდეცა ვჰშველე, დაჲჰშჩა ყდაზე შვიდარშინიან ფარდაგი. რო წამოიდა ი ბაჴაი, ორნ ჩემ ძმებ წამოიდენ. სუ მაგ წყალ-ჭალასად' მანდ ეძებნეს. ორშაბათს მეეჴელა, მაასვენეს ი სახშია. ის ბიჭ კი დაკარგულიყო. ბრმა მამა ჲჰყვანდა ი ქალსა, სუ თვალუჩინარი. ჯერ შვილ მაუკვდა, სამ წელ რო გაუჴდა, ახლა ქალ მაუკვდა, გათხოილი. ისიც დაღუპვილ საითამ მეესვენა. წასულ იყვის ი დედა სახალარჯობოდა. გამზადულ იყო ი მარიამი, ბეჩავი; მაუცადოთ დედასაო, დედა მოიდესო. მოიდა დედაცა. რო გადმოჩნდა, ბაჴა შაჲჰყრიყო, დედისნაცვალ იყო ი ბაჴაისი, გასცილებიყო, ჴმა გეეცა. ჯერ კი ვერაი ვჰკითხეო, ისრე მიდიოდა ცხენის თქრიალითაო. მემრე უძახებავ: რა ამბავია თქვეს თავსაო, რაადღა დავიღუპეო? ორ დანი ჲჰყვანდენ შინა. რო გადმოჩნდა, იმ უმცროს ქალმ დაიწიკოვა. დავიჭირე, წიკოს მაინც ნუ გააგონებთო. ცხენ არ შააფერხა დედამა, მუარდა. შვილისად დაყენებულ ცხენი ჲჰყვანდად' ისრე გადიოდის ი დავსილი, როგორც აი ნიავქარი. - ნუ გეშინიან, დედაოო, ი ქალმ უთხრა მარიამ გაიტაცეს ტუქსითაოდ' ის მოიყვანეთო. ე წინაზე კიდეც სადამ გამაჴსენდა, რაც ან ი დედამა თქვად' ან ი ქალემ უთხრეს: ცხენ ტიალმ იგრძვნა გუშინავაო, ცხენ ბალახზე აღარ დადგაო, ეს კი უბედურმ რა ვიცოდიო, თუ მეხ დამეცა მესამედაო, - ტიროდის ი დედა. ის ბიჭ ხო დაიჭირეს. გეეშინჯა ექიმებსა'დ გული შუაზედა აქვის გაყოფილიო. იმ ზაფხულ იყოდ' შამოდგომაზე კი - გაგიჟდა. საბლითა ჲჰყვანდის დაბმული ნახევართხანა. მემრე დაიღუპა.
წყარო - ,,ქართული დიალექტოლოგიური კორპუსი", რომელთაც თავის მხრივ ისარგებლეს აკაკი შანიძის სტუდენტის, თავადაც დიდი ღვაწლის მქონე მეცნიერის - თებრო გოგოლაურის წიგნით (რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა) -- ,,ვისაუბროთ ფშაურ კილოზე"
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Tue Sep 15, 2015 1:45 am
ბიჭურთ თეკლე
ეთერ ერაძე
შუაფხოს მზე - „მე ჩემი მიწა მაძლევს ძალას“
14-09-2015
"მიდიოდა წელში გაუტეხავი და მხნე, თითქოს მთისა და ბარის სინდისი მხრებით მიჰქონდა, ოღონდ ძალიან მსუბუქად, ჩაუხრელად. მასაც თავზე მზე ედგა "
"87 წლის ქალს ქათმებიც მყავს, ცხვრებიც, 9 ძროხაც. რძეც მაქვს, ყველსაც ვაკეთებ და "ფშავლების პასპორტს" - დამბალ ხაჭოსაც... არც იმის მეშინია, რომ ვინმე რამეს წამართმევს. როცა მოსატაცებელი ვიყავ, მაშინ არ დამჭირვებია დაცვა და ახლა რად დამჭირდება! იარაღი ახლაც მაქვს და ადრეც მქონდა"
ფშავში, შუაფხოს მივდივარ... ვისაც სიყვარულში დაბრუნება მონატრებია, აქ უნდა ამოვიდეს, აქ სული ფრენას იწყებს. მაგრამ დარდიც მომდევს, დაცლილია ფშავის სოფლები - ბალახაბიბინებული ნასახლარები გამთენიისას მხოლოდ მზეს ელოდებიან სტუმრად, ღამით კი მთვარეს; თუმცა იმედიც არის: შუაფხოში აქა-იქ ახალაშენებული სახლები ჩანს, ვიღაც დაბრუნებულა. მე ამ იმედის გარეშე არ შემიძლია, ჩემზე მეტად ჩემს მეგზურს - გოგი ჭინჭარაულს.
შუაფხოში თეკლე ბადრიშვილთან ავდივართ. "თეკლე ჩემი მასწავლებელი იყო სკოლა-ინტერნატში. ეგ ქართველი ქალის ხატია, ქვეყანა უნდა იცნობდეს", - მეუბნება გოგი და თან ჩანთაში ყველს, პურსა და არაყს აწყობს - ჩვენგან არაფერი სჭირდება, 87 წლის ქალს თავისი შრომით ყველაფერი აქვს, მაგრამ წესი წესიაო.…
ვისაც სიყვარულში დაბრუნება მონატრებია, შუაფხოში უნდა ამოვიდეს, აქ სული ფრენას იწყებს
თეკლეს მთის ძირას წავაწყდით. ლარივით წელში გამართული შემოგვეგება - მაღალი და თხელი. ერთი შეგვათვალიერა, მერე ხელები ცისკენ ასწია: "დაგლოცათ მაღალმა ღმერთმა, ლაღ იახსარმა, დედაღვთისმშობელმა, მთაწმინდის წვერის ანგელოზმა, არხოტის სალოცავმა… მოგცეთ ჭკუა-გონება, ყისმათი, დავლათი,…ბედ-იღბალი; გმირი კოპალა გფარავდეთ მეგზურობაში, სახლში, კვალში და სამსახურში, იცოცხლეთ და იხარეთ, რომ თქვენი ნახვის ღირსი გამხადეთ, რა კარგები მომიხვედით". მერე გულში სათითაოდ ჩაგვიკრა. ყელში ბურთი გამეჩხირა, შემოჯარულ მთებს თითქმის ატირებულმა გავხედე და ლოცვა გულში უნებურად დავაბოლოვე: ამინ! ასე თავისთავად მოხდა, აქ რომ ხარ, შეუძლებელია, უძველესი იდუმალება არ მოგერიოს, ლაპარაკის უნარსაც ის გართმევს. დუმილს ისევ თეკლე არღვევს და თან რანაირად: გოგის გულში იკრავს და - "დავბერდი? არა! ლექსების ფერებს ახლავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო!" "აი, თურმე როგორი ყოფილა შენი თეკლე", - ჩუმად ვეუბნები გოგის, ჩუმადვე მპასუხობს:
- ჰო, ეგეთია. როგორიც სიყმაწვილეში იყო, დღესაც ისეთივეა. დილიდან ბინდამდე მუხლჩაუხრელად შრომობს და ღამით წიგნებს კითხულობს, იმიტომ იცის ამდენი, იმიტომაც მიყვარს. მამაც, ბიჭურ ბადრიშვილიც, თავისავით ღვთის შვილი ჰყავდა, უკანა ფშავის ხევისბერი იყო და 12 თემი უსიტყვოდ ემორჩილებოდა... დანარჩენს თავად დეიდა თეკლეც გვიამბობს, - ამბობს გოგი და თეკლეს სახლისკენ მიმიძღვება. დეიდა თეკლეს რაც გააჩნია, ყველაფერი მოაქვს - მიირთვითო, თვითონ კი ჯდება, ხელებს კალთაში იწყობს და ბედნიერი შემოგვყურებს:
- ამ სახლში მამაჩემის ანგელოზის სულია. როგორც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, მამაც ისე ელაპარაკებოდა ანგელოზებს. თუ შევესწრებოდი, მეტყოდა, - შვილო, რაც ნახე, არავისთან წამოგცდესო. ანგელოზებთან ლაპარაკით ყველაფერი წინასწარ იცოდა, უკანა ფშავში რომ ბალღი ავად გახდებოდა, მამას ეტყოდნენ, გვიშველეო და ისიც კურნავდა. ერთხელ მეც გამიხდა ბიჭი ავად. ერთი თვე იწვა საავადმყოფოში თბილისში. პროფესორებმა - ვერ გავიგეთ, რა სჭირსო. მამამ შემომითვალა, - აქ ამომიყვანე ბალღიო. წავუყვანე. რა ვიცი, რა გაუკეთა, ბიჭი მეორე დღესვე ფეხზე დამიდიოდა.
იმიტომაც მამაჩემის სიტყვას უკანა ფშავში ძირს ვერავინ დააგდებდა. იახსარის თავხევისბერს ხევისბრის დროშა ჰქონდა ჩაბარებული, - ერთხელ ხატობის შემდეგ ერთი პატიოსანი კაცისთვის უთქვამს, მე ცოტახანს დავრჩები, დროშა შენ წაიღეო. მასაც აუღია და წასულა. ამ დროს მამა წამოვარდნილა და გაჰკიდებია, - ეგრე არ გამოვა, მომეცი ეგ დროშა, ჩემი სატარებელიაო. წაუვლია დროშისთვის ხელი და ღმერთს შეხვეწნია, - არ გამაქილიკო მე ბეჩავიო! ანგელოზებმა არ მისცეს ნება, დროშა სხვისთვის ჩაებარებინა. მეც არ მომცეს ალბათ ჩემმა ანგელოზებმა ნება, რომ სხვა მიწაზე მეცხოვრა, - აქ დავიბადე, აქ მოვკვდები და აქვე დავიმარხები იახსარის სალოცავის განგებულებაში.
- აგრეა. იახსარის ძალამ იმ ქვეყნადაც უნდა დაგვიფაროს. ჩვენი იახსარის სალოცავი მაღალ მთაზე ჟამთა სვლას სულ დალეული და დანგრეული ჰქონდა და ჩემმა ვაჟმა გურამმა ააშენა თავიდან, - ქვები თავადაც ზურგით აიტანა და სხვებსაც ეგრე აატანინა. ჩემი გურამის ქალს, ჩემს შვილიშვილს, შვილი წლობით არ ეძლეოდა და იახსარი რომ ააშენა, ჩვენებურ ფილიპე ბალიაურს სიზმარი ენახა, - თუ გურამი ხოშარის თამარ დედოფლის ეკლესიასაც დახურავს, მაგის ქალს შვილი ეყოლებაო. ამან ჩემი გული მზით გაანათა. მაგრამ ამ გულში ჩემი ძმის, ღვთისოს წილი სამუდამოდ არის დაბნელებული - სანამ ის მომიკვდებოდა, მანამდე ვიყავი ბედნიერი, მერე აღარ - უბისთავში, კარატეს სალოცავთან მომიკვდა (ამბობენ, ახლა იქ გზა კეთდებაო, თუ ვიცოცხლე, უნდა ავიდე და ვილოცო). ჩემი ძმა და კიდევ ერთი მწყემსი, პატარძეულელი მესტვირიშვილი შაქრო იქ ცხვარში იყვნენ. ქოხში შესულიყვნენ. ქოხს მეხი დასცემოდა და ორივე მოკლა. მამამ ჩემი ძმა ჩვენებურებს გამოატანა, - მიმიხედეთო და თვითონ შაქროს გაჰყვა პატარძეულში, - ამისი დედაც რომ არ მოკვდეს, იქ უნდა ვიყო, როცა შვილს მიუსვენებენო. აი, ასეთი მამა მყავდა.
- გათხოვილიც შუაფხოში იყავით? - არა, თვალივში. მაგრამ იქ არ დავდექი, წამოვედი მამასთან და წამოვიყვანე ჩემი 2 ბიჭიც. მამამ, -15 ქმარი რომ გყოლოდა, ვერ გაგამტყუნებდი, შენ ისეთი ხარ, მთას მთასთან მიიტან, ალბათ ეგრე იყო საჭიროო. იმან, სტუდენტი ვიყავ და სასწავლებლად არ გამიშვა. დაუსწრებლად ვისწავლი-მეთქი და არაო, გამექცევიო. დავანებე თავი და უმისოდ კიდეც ვისწავლე და კიდეც შვილები გავზარდე, არსადაც არ გავქცეულვარ, შუაფხოში მოველ. თან იმის გახსენებაში ვიყავ - ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცნია ღმერთადაო. ქალაქს წასულები მეპატიჟებიან, მაგრამ - თუ ჩემი ნახვა გინდათ, თავად ამოდით-მეთქი. მოდიან კიდეც. ახლაც მაგას ვეუბნები, რომ არც სოფელი ვარგა უქალაქოდ და არც ქალაქი უსოფლოდ. ამჟამად ბუნება იმგვარად მობრუნდა, ისე დასცხება, რომ სოფელს ყველა გაიჩენს, - ეს ყველაფერი ბუნების კანონით არის - სოფელი არ უნდა დაიცალოს, ადამიანი მიწასთან ახლოს უნდა იყოს და ასე იმიტომაც ხდება. მე ჩემი მიწა მაძლევს ძალას, - 87 წლის ქალს ქათმებიც მყავს, ცხვრებიც, 9 ძროხაც. რძეც მაქვს, ყველსაც ვაკეთებ და "ფშავლების პასპორტს" - დამბალ ხაჭოსაც...
- ამ ყველაფერს მარტო უვლით? - მარტო. ჩემი ხელებით. არც იმის მეშინია, რომ ვინმე რამეს წამართმევს. როცა მოსატაცებელი ვიყავ, მაშინ არ დამჭირვებია დაცვა და ახლა რად დამჭირდება! იარაღი ახლაც მაქვს და ადრეც მქონდა. ერთხელ ავჭალაში ძროხები გვყავდა წაყვანილი გასაყიდად. თბილისში სხვა მანქანაზე გადავსხედით და ვუყურებ, შოფერმა გზიდან გადაუხვია, - გავისეირნოთო.დავუძვრე ნაგანი, - აბა, ერთი მანქანა უკან დასწიე და წესიერი გზით იარე-მეთქი! ავი კაცი არ მიყვარს. როგორც თქვენი დანახვა გამიხარდა, ისე გაიხაროს თქვენმა გულმა. მამაჩემსაც ასე უყვარდა სტუმარი, - რიგი მიდიოდა და რიგი მოდიოდა. ერთხელაც ვუთხარი, - კარგი, რა, მამა, დავიღალე-მეთქი და ასე მომიგო: "პურადსა ჰკითხეს, პურადო, პურადობისა რა გერგო?/ ნეტავი ჩემი სასახლე შუა შარაში ამეგო,/ გაყინულ ცეცხლით გამეთბო, მშიერი პურით გამეძღო,/ ამდენი ცოდვის მოქმედსა სულ ამით მაინც მამეგო!"…- მიპასუხა თეკლე ბადრიშვილმა და ვერც კი გავიგეთ, დრო როგორ გავიდა.
არაგვს იქით, იახსარის ციცაბო ქედთან მზე გადაწვერილიყო და თეკლე ბადრიშვილის წინაპართა საფლავების ლოდებს დასდგომოდა. იქ რომ წავიდე, გამომყვებით-მეთქი? შენ გაიხარე, ჟამი ვერ ვნახეო. მისმა ვაჟმა, გურამმა, წაგვიყვანა (დედის სანახავად მოსულს სტუმრები შევრჩით ხელში). უფსკრულის თავზე გაწოლილ სასაფლაოზე ასვლისას მე გული მიმდიოდა, თეკლემ კი ყველას გაგვისწრო და წინაპართა საფლავებს აჰყვა, - მიდიოდა წელში გაუტეხავი და მხნე, თითქოს მთისა და ბარის სინდისი მხრებით მიჰქონდა, ოღონდ ძალიან მსუბუქად, ჩაუხრელად. მასაც თავზე მზე ედგა. ამ მზის დანახვისას გავიფიქრე, რომ ეს ყველაფერი უეჭველად მარადიულად დარჩება, - ენით აუწერელი სილამაზე, წინაპართა საფლავები და წინაპართა სახელზე დარჩენილი, გაუტეხავი ქართველი ქალები, თეკლე ბადრიშვილი ნამდვილად არის მათი სახე.
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Sat Nov 19, 2016 8:21 pm
ხალხური
ფშაური ბერაკან
ზოგს ეკრა თავზე ირმის რქა, ზოგს - თხის, თხისავე წვერია. ზოგსა აქვს სახე ტურისა, ხელში ხის ხმალი სჭერია. სხვას ხუცესივით ჩაუცვამს, ხელთ კვერთხი დაუბჯენია. უკრავენ სტვირსა, ტლინკავენ, გადარეული ერია. ჭკვიანნი მხოლოდ ამითა: უნდა მიართო ძღვენია - ერბო, ან კვერცხი, ან ფქვილი, ღვინით ხელადა, სველია. ბერიკას ჰბაძავს ბებერი: „კარგათ მოითბეს ხელია, კეციდან სამიწეებმა ქადა დამტყუეს, ცხელია, ეგება ჩემი ცოდვითა ამოეხრიკათ ყელია!
წყარო - ვაჟა-ფშაველა, თხზ., ტ. 1, თბ., 1961. გვერდი 348.
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Sun Jan 08, 2017 12:16 pm
ეთერ ერაძე
„ჩემ კერაზე უნდა ვიყო, სადაც მამაჩემისა და ჩემი ანგელოზები მეგულება“ - ფშავის უკანასკნელი ხევისბერის ქალი შუაფხოდან გვლოცავს
05-01-2017
"მამაჩემი ანგელოზებთან ლაპარაკობდა, მათი დარიგებით მართავდა ხევის საქმეს"
ღმერთმა ნუ ქნას, ახალი წლის მობრძანება ვინმეს არ უხაროდეს, მაგრამ სულ სხვაა, ახალ წელიწადს თოვლიან მთებში, მარტოობაში გაჯიუტებული ბებო რომ ელოდება, - არსადაც არ წავალ, ახალი წელიწადი ჩემს კერაზე უნდა გავითენოო!
"ნამდვილი" ახალი წლის მოლოდინშია შუაფხოს უკანასკნელი ხევისბერის, ბიჭურ ბადრიშვილის 88 წლის ქალიშვილი, თეკლე ბებო, - უკანა ფშავის მზე და იმედი! ვინც ერთხელ მაინც ნახავს ამ ლამის საუკუნემიტანებულ ქალს, მის ეზო-კარმიდამოს, მოვლილ კერასა და ცხვარ-ძროხას, მის გაკეთებულ დამბალ ხაჭოს, აღტაცებას ვერ დამალავს. ამის გარდა, ის ისეთ პოეზიას მოგაგებებთ, ტანში ჟრუანტელი დაგივლით. თუმცა ეს რა გასაკვირია - მთელი ფშაური პოეზია ხომ ზეპირად იცის, როცა საქმეს მორჩება, წიგნებს ლამის გათენებამდე კითხულობს. ის ხომ ფშავის ხევისბერის ქალია - ჭკვიანი და გამბედავი!
ჰოდა, საახალწლოდ ამ საოცარ ქალს შევეხმიანე, - რა ამბავია შუაფხოს-მეთქი? - მკაცრი ზამთარი დაგვიდგა, თორემ ისე მშვიდობაა, მშვიდობა ნუ მოგიშალოთ უფალმა. მეც მშვიდობით ვარ.
- ალბათ შვილი და შვილიშვილი ამოდიან და გეხვეწებიან, - ბარში წაგვყევეო, შუაფხოში რაღა გინდაო, შენი მარტო დატოვება გვეშინიაო... - დედამ შვილი ისე არ უნდა გაზარდოს, რომ დედის გვერდით ყოფნა არ მოინდომოს! კარგი შვილებიცა მყავს და კარგი რძლებიც, მაგრამ ცოტა ხნით თუ წავალ, მარტო ეგ არის! მე ჩემს კერაზე უნდა ვიყო, სადაც მამაჩემისა და ჩემი ანგელოზები მეგულება, ისინი არ მაძლევენ წასვლის უფლებას. მამაჩემი სულ ამ ანგელოზებთან ლაპარაკობდა, მათი დარიგებით მართავდა ხევის საქმეს; ეს მარტო მე ვიცოდი, რომ ანგელოზებთან ლაპარაკობდა, ერთხელ მივუსწარი ანგელოზებთან და გამაფრთხილა, - არავის უთხრა, რაც აქ ნახეო.
მამას ხევის დროშა ჰქონდა ჩაბარებული, ეს დროშა იყო მისი ტვირთიც და გამართულობაც - ერთხელაც ხატობის შემდეგ ერთი პატიოსანი კაცისთვის უთქვამს, მე ცოტა ხანს დავრჩები ხატში, დროშა შენ წაიღეო. მასაც აუღია და წასულა. მაგრამ უცებ მამა წამოვარდნილა და გაჰკიდებია, - მომეცი ეგ დროშა, ჩემი სატარებელიაო. წაუვლია დროშისთვის ხელი და ღმერთს შეხვეწნია, - არ გამაქილიკო მე ბეჩავი, რომ დროშა სხვას ჩავაბარეო! აი, ასეთი მამა მყავდა, როგორ შეიძლება, რომ მისი კერა დავაგდო!
- ვიცი, რომ ხევისბერები შობიდან ახალწლამდე სალოცავებში მიდიოდნენ და იქ 7 დღე ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად. - ამ 7 დღე-ღამეს სულ ლოცულობდნენ ბედნიერი ახალი წლის დადგომისთვის, - ამ ხნის განმავლობაში მამას ხატში თივაზე ეძინა, ზედ ნაბადი ეფარა.
- ამ დღეებში სოფელი რას აკეთებდა? - ახალი წლის მობრძანებისთვის ემზადებოდა. წინა, ლიტანიობის ღამეს, ეზო-კარს დაასუფთავებდნენ და ქვაბში ხორცს მოხარშავდნენ, - უსუფთაობა და უბარაქობა არ დაგვეკვებოსო! ახალ ტანსაცმელსაც ჩაიცვამდნენ, - ბედის მწერალი ჩამოივლის, თუ ვინმე ახალ წელიწადს გარდაიცვლება, ვინც როგორ ტანსაცმელში დახვდება ახალ წელს, იმ ტანსაცმლით შევა საიქიოშიო! ღმერთმა ყველანი დიდხანს გაცოცხლოთ და გაგახაროთ!
- ქორწილების გასამრავლებლადაც ხომ ლოცულობდით? - მთელი ახალი წლის ღამე ბედისა და ქორწილის სამზადისია, - რამდენი წევრიც არის ოჯახში იმდენ კვერს ვაცხობდით, თუ კვერი კარგად ვერ გამოცხვებოდა, ამბობდნენ, იმ წელიწადს იმ კვერის პატრონს კარგი ბედი ვერ ექნებაო; მაგრამ ეგ რა გულგასატეხია, - ბედს ხომ კაცი თავადაც ქმნის.
ამის გარდა, კიდევ ერთ, დიდ კვერს ვაცხობდით, - "ხარის გოგას". დილით მოვიდოდა მეკვლე, მიაწოდებდა ოჯახის დიასახლისი "ხარის გოგას" და მეკვლეც გადააგორებდა, - თუ წაღმა დაეცემოდა, ეგ იმ წელიწადს ოჯახის წაღმით სიარულს ნიშნავდა, თუ უკუღმა, - ცუდი იყო, მაგრამ იმედი ყველას ჰქონდა, რომ ამ ცუდსაც მომავალი წელი გამოასწორებდა.
მეკვლეს კი სალოცავში ადგენდნენ, - დადებდნენ ნაბადს, შიგ შეაწყობდნენ ქუდებს, შეჰყოფდა მერე ხელს ერთ-ერთი და ვის ქუდსაც გამოიღებდა, მეკვლეც ის იქნებოდა.
მეკვლეს კართან საახალწლო ხონჩით მივეგებებოდით - ხილით, თაფლით, პურ-ყველით, ხინკლებით, თეთრი მატყლით, ისიც დაგვლოცავდა: - "ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, კარგამც მოგიხდებათ ჩემი მეკვლეობა, დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალის წლის გამოცვლამ გიმატოთ თავის კაცით და საქონლით" და... ბედნიერი ახალი წელიც დადგებოდა.
- თქვენც ბედნიერი ახალი წელი დაგიყენოთ ღმერთმა, ვიცი, რომ ცხვარ-ძროხასა და ფრინველს შინ მარტოკა უვლით, წინდებს ქსოვთ და შვილიშვილებისთვის, შუაფხოს დამრიგებელიც ხართ თქვენი ხევისბერი მამასავით, - არ მოჰკლებოდეთ შუაფხოსა და მის სალოცავებს. - თქვენც დაგლოცოთ ცა-ქვეყნიერების დამაარსებელმა, იესო მაცხოვარმა, ჩვენი ქვეყანა დალოცოს დედა ღვთისმშობელმა… გწყალობდეთ საქართველოს მთის წვერზე მოფენილი ანგელოზები ფშავ-ხევსურეთის, ქართლ-კახეთის, მთიულეთ-გუდამაყრისა! წმინდა კალთა გადაგაფაროთ მუქუს ღვთისმშობელმა, გმირმა კოპალამ, გზა-მეგზურობის ანგელოზმა, კარატისწვერის ანგელოზმა, გოგოლაურთისა და უკანა ფშავის წმინდა გიორგიმ, ახადის სალოცავმა, პირცეცხლის ანგელოზმა, ღელას აქიმ დედუფალმა თამარმა, წიჩოს თეკლას ხატმა და საქართველოს ყველა სალოცავმა, - ბედნიერი ახალი წელიწადი დაგვიდგეს - მშვიდობიანი, მშვიდი, წინსვლისა და გამრავლების. ჩემსავით მხნედ გაცოცხლოთ და ჩემზე მეტი ასაკის მოგყაროთ დედა ღვთისმშობელმა, შვილიშვილითა და შვილთაშვილით, ხვავითა და ბარაქით აივსეთ!
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Sun Oct 01, 2017 11:44 am
ხალხური
რავქნის ციხე
რავქნისა ციხე ავაგე, ჯავრი შავაბი კარადა, საიქიოდან მოიდენ ამ ციხის სანახავადა; უარეს გარე-მურგვალთა. კარ ვერ გატეხეს ძალადა, მემრე თქვეს: „დრო რო მოვალის, კარ გაიღება თავადა...“
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Thu Feb 28, 2019 4:12 pm
ფშაური მოფერება-დალოცვა
გეწამლე (დაგეწამლე) ბებო დაგეწამლოს,აი შენ სურათებღა ვიგლოთნიდი,ისე მამეენატრეეე გენაცვლე (დაგენაცვლე) ბებო გეწამლა მაგ მტკივან მუხლებშია გენაცვლოს თავის დედაი (ბებოი) გენაცვლე, თავისავ და გენაცვლოს აგრემც გენაცვლები (აგრემც გენაცვლება შენ დედაი, ბებოი) შე ჩემთავმკვდარო... შენამც შარჩები დედასა დედილამა (შვილო, დედილამ) შენი ჭირიმე დედამკვდარო დედის ქალო დედამც გენაცვლება დედის სიყმეო დედის სილაღეო დაურჩი შენ დედასა დედა გენაცვლოს, დედის კარგო დედამც შაგინაცვლა დედასამც შარჩები დაილამა (ძმაილამა) სილაღეო წერასამც მოგხდი გეწამლე გულში, ჩემო სილაღეო გეწამლე გულაშია გულაჩია, ჩემო მწერერჩვილა შვილავ ჩემო წამალო თავშემოგევლოს მამიდაი (დედაი, ბებოი) შენმა მზემა და აიმ ჩემ ძმისამა შენამც დამაყრი მიწასა შენამც გაუმრავლდი შენ დედ-მამათა ბებო დამარხე ბებოს დამტირებელო (მამიხვედ, ბებოს დამტირებელო) ბეჩავ გულის გამხარეო შამოგევლე შაგრჩეს მარჯვენა შენამც შაგრჩება ე ხელმხარნიო ძმისგულო გულაჩია, ჩემო მწერერჩვილა შვილავ! მამიხველ მშვიდობითა, მამიდაის შვილავ რა კარგუნელა რაიმა ხარ, ვისირა ქალაი ხარ ნეტარა, აგრემც შარჩები შენ ჯალაფთა ჩამოგადნი გულაზეო...დედა დაგიდნესო ჩემო ბეჩალაო.. აგრემც თავს შამოგევლები დედის სილაღევ, შენამც დამმარხავ და დამიტირებ ღმერთმა გიშველოს ღმერთმა გილხინოს ღმერთმა გიმრავლოს ე საყოლი ღმერთმა გიმრავლოს შვილ-ბოლო გზანიმცა აგიყოვდებიან, სანთელ-საკმლიან გექნებიან (მიცვალებულის დალოცვა) ჯვარიმც გეწეროს შენ დაგენაცვლოს შენი დაი, შე ფშავის ხევის იმედოო შენამც შარჩები შენ დედასა (ბებოსა).
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ფშავი Mon Oct 04, 2021 2:00 pm
ქართული ენის ფშაური კილო
ფშაური კილო აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა ე. წ. ფხოური ჯგუფის ერთი წევრია და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია. ფშაური კილოს პირველი მკვლევარი ა. შანიძე აღნიშნავდა: "ფშაურს ცოტა მოშორებული ადგილი უჭირავს, რადგანაც დროთა განმავლობაში, ქართლ-კახეთის სიახლოვის გამო მას მეტი გავლენა დასტყობია ბარისა".
თითქმის ცხრა ათეული წლის წინ ნათქვამი ეს სიტყვები სრულიად შეეფერება ახლანდელ ვითარებას: ამ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობის ბარისა თუ მთისწინეთის სხვადასხვა ადგილებში გაძლიერებული მიგრაციების წყალობით, იგი კიდევ უფრო დაუახლოვდა ბარელთა მეტყველებას და დაშორდა თავის თავდაპირველ მოძმე კილოებს - თუშურს, ხევსურულსა და მოხეურს.
გავრცელების არე ტერიტორია, რომელზედაც გავრცელებულია დღეს ფშაური დიალექტი, საკმაოდ დიდია და თანაც "კუნძულების" სახით გაფანტული აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში. საკუთრივ ფშავი არაგვის ხეობაშია, ჟინვალიდან ჩრდილოეთით და მიუყვება ფშავ-ხევსურეთის არაგვის ორსავე ნაპირს. ფშაველთა სოფლები აქ საკმაოდ ბევრია, ოღონდ მოსახლეობა ძალზედ არის შემცირებული. რაც დარჩენილა, მათაც დაუტოვებიათ თავიანთი პირვანდელი საცხოვრებლები მთის კალთებსა და წვერებზე და დაბლა დაუწევიათ, არაგვის ნაპირებისაკენ, საავტომობილო გზის სიახლოვეს.
არაგვის ფშავი იწყება ჟინვალთან, მიუყვება ფშავ-ხევსურეთის არაგვს ორწყლამდის, ხევსურეთის მიჯნამდის, შემდეგ განშტოვდება მარჯვნივ და გრძელდება უკვე საკუთრივ ფშავის არაგვის ხეობაში მის სათავეებამდის ბორბალოს მთის მისადგომებთან. აქ ბოლო სოფელი არის ელიაგზა. დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ფშავლები ივრის ზემო წელში, ერწო-თიანეთის ტერიტორიაზე. ამ ადგილს ზოგჯერ ივრის ფშავსაც უწოდებენ ხოლმე.
ფშავლები კომპაქტურად ივრის სათავეებთან ცხოვრობენ. ფშაური მეტყველებაც ყველაზე უკეთ ამ რაიონშია შემონახული. იმ სოფლების რიცხვი, სადაც ფშაური მოსახლეობა ცხოვრობს, ერთი ათეულით შემოიფარგლება: ღორღა, ზემო და ქვემო არტანი, სახევი, ქუშჴევი, თეთრაულები, ბოდაჴევა, სხლოვანი, კვერნაულა, ლიშო. რამდენიმე სოფელი, რომელშიც ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 40-იან წლებში ცხოვრობდნენ ფშავლები, დაცლილია და ნასოფლარებადაა ქცეული. ესენია: კორსავი, ბაფხისჴევი, ყვარა, ხილიანა, ბაჩალი, ჴაშარი, საშუბი, სოფლიონი. ამავე არელში ასახელებენ რამდენიმე ნასოფლარს, სადაც ადგილობრივთა ჩვენებით, უწინ ფშავლები ცხოვრობდნენ: ჯაბლევი, ჴატჴეორჴი, მგელათციხე, ყაფარი, თიქონი, ჯღანაურა; ზოგ მათგანში მოსახლეობა ჩანს გუსტავ რადეს 1878 წ. აღწერილობის მიხედვით.
ფშაველებით დასახლებული დანარჩენი სოფლები გაფანტულია ერწო-თიანეთის ველებზე და არაგვისა და ივრის წყალგამყოფზე აღარაა ისე კომპაქტურად. ეს სოფლებია: ჩაბანო, ჯიჯეთი, ვერჴველა, თეთრაჴევა, ნოჯიკეთი, ჴეობა, ნოჯა, ფიჭვიანი, ჩეკურაანთგორი, მაგრანეთი, ორხევი. ფშაური მოსახლეობა საკმაოდაა ახმეტის რაიონში, ილტოსა და პანკისის ხეობებში.
რაც შეეხება კახეთის, გომბორისა და შირაქის ფშავლებს, ისინი მე-20 ს-ნის პირველ მეოთხედში არიან დამკვიდრებულნი. შირაქში მთიელთა მუდმივად დასახლება სტიქიურად დაიწყო ჩვენი საუკუნის დასაწყისში. ამის შედეგად გაჩნდა სამი დიდი სოფელი: ზემო ქედი - ძირითადად მთიულები, არხილოსკალო - მთიულები და ხევსურები და ქვემო ქედი - ფშავლები.
წყაროები: დ. ხიზანაშვილი, ფშაური ლექსები, შეკრებილი დავით ხიზანაშვილის მიერ, ტფილისი, 1887. ბაჩანა, თხზულებანი, სოლ. ყუბანეიშვილის რედაქციით, თბილისი, 1938. ქართული ხალხური სიტყვიერება, მიხ. ჩიქოვანის რედაქციით, ტ. III, თბილისი, 1953. ს. მაკალათია, ფშავი, თბილისი, 1934. გ. თევდორაძე, ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში, წ. I, ტფილისი, 1930; წ. II, თბილისი, 1939. ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957. ა. შანიძე, ქართული კილოები მთაში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957. ა. შანიძე, ვაჟას ლექსიკონი, დართული ვაჟა-ფშაველას თხზულებათა I, II, III და IV ტომებს. გ. ცოცანიძე, ფშაური დიალექტი, თბილისი, 1978. ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.