არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნუგზარ შატაიძე

Go down 
2 posters
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySat Feb 14, 2009 7:07 pm

ნუგზარ შატაიძე 10

ნუგზარ შატაიძე

პოეტი

ყველა ჩვენგანის მახსოვროვაში ღრმად ჩაბეჭდილია ერთი ასეთი სურათი: თეთრი ვარდებით მორთულ ეტლში, რომელშიც მშვიდად მომღიმარი პოეტი ზის, ულამაზესი ქალები შებმულან და ის ეტლი ციმციმ მიაქვთ საქართველოს ღორღიან გზაზე.

ამ ბოლო ხანებში თანდათანობით ფერმკთალდება ეს მრავლისმთქმელი და ძვირფასი სურათი, თანდათანობით იცრიცება ის ვარდები, იმ ქალაქის გაცისკროვნებული სახეები, ფერმკთალდება მგოსნის მშვიდი ღიმილიც და მის ადგილს იჭერს დანგრეულ რუსთაველზე მიმავალი ჩემი ნაცნობი პოეტი, შიმშილისა და უიმედობისაგან ფერმიხდილს ცელოფანის პარკით ხუთიოდ კარტოფილი და ერთი კონა მწვანილი რომ მიაქვს შინ.


Last edited by არჩანდა on Sun Feb 15, 2009 1:13 am; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySat Feb 14, 2009 7:33 pm

გია არგანაშვილი

ეს წიგნი ჩემთვის მინდა

ლიტერატურული ნაწარმოების წიგნად გამოცემას ყოველთვის წინ უსწრებს მისი პირველბეჭდვა გაზეთის ან ჟურნალის ფურცლებზე. მკითხველი ეცნობა ახალ ტექსტს, მოსწონს ან არ მოსწონს და ამის მიხედვით, სულმოუთქმელად ელის მის წიგნად გამოცემას, ან საერთოდ ივიწყებს, რადგან დარწმუნებულია, რომ შთაბეჭდილებას ვერაფერი შეუცვლის. პირველბეჭდვიდან წიგნამდე ტექსტში არავითარი ცვლილება არაა მოსალოდნელი. მცირე წინათქმა თუ ანოტაცია, რომელიც ჩვეულებრივ თან ერთვის წიგნს, სრულიად არ აკმაყოფილებს მკითხველის დიდ ინტერესს მხატვრული ტექსტისა და მისი ავტორის მიმართ.
ცვლილება კრიტიკული შენიშვნების გათვალისწინებით მხატვრულ ტექსტსაც შეიძლება შეეხოს, თუმცა ამ მხრივ ჩვენი მწერლები ისეთ ბიბლიურ პრინციპულობას იჩენენ – რაც დავწერე დავწერე, რომ ამის შესახებ კრინტსაც ვერავინ დაძრავს. მეც მხოლოდ დამატებით, იმ აუცილებელ ინფორმაციას ვგულისხმობდი, ტექსტის აღდგენის დროს რომ ეხმარება მკითხველს. ეპოქის, ლიტერატურული მიმდინარეობის, შემოქმედის მხატვრული მეთოდის, ჟანრის, სტილის შესახებ; ნაწარმოების მხატვრული ანალიზი... ეს სულ მცირედი მაინც, რაც დამოუკიდებელ ღირებულებას შესძენს წიგნს, რადგან წიგნი არა მხოლოდ მხატვრული ტექსტია, ან უბრალოდ მოთხრობების კრებული, მით უმეტეს არც ჩვეულებრივი პოლიგრაფიული ნაწარმი.
ჩვენ ვამბობთ "მოგითხრობ", "გიამბობ", "გაგაცნობ", ხალხში კი იტყვიან – "დაგიწიგნარებ" (ყოველმხრივ დაგიწიგნარებ, ყველაფერს დაგიწიგნარებ) და გულისხმობენ სრულ, ამომწურავ ინფორმაციას გარკვეული საკითხის ან მოვლენის გარშემო.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySat Feb 14, 2009 7:35 pm

გია არგანაშვილი

ეს წიგნი ჩემთვის მინდა


შეიძლება სწორედ უწიგნობაა მიზეზი, რომ დღეს ჩვეულებრივი (მასობრივი) მკითხველი ძალიან ჩამორჩა მწერალს. მას (მკითხველს) უჭირს ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობებში გარკვევა, უჭირს მხატვრული ტექსტის გაგება-წაკითხვა, რადგან არ ყოფნის ცოდნა, არც დრო და არ შეუძლია სხვადასხვა გამოცემაში მოიძიოს ის სასურველი ინფორმაცია, რომელიც ტექსტის წაკითხვას გაუადვილებს. მწერალმა კი რამდენიმე ინტელექტუალურ მკითხველთან ერთად უკვე გადაიარა და თვალსაც მიეფარა, თუმცა მას (მწერალს), ალბათ, მაინც მოუწევს უსამართლოდ მოძულებულ, ჩვეულებრივ მკითხველთან დაბრუნება, თუნდაც ძველი პატივისცემის გამო, ან ახალი საბაზრო მოთხოვნილების გათვალისწინებით, როცა დარწმუნდება - და მალე დარწმუნდება, - რომ ყველაზე პატიოსანი, უანგარო დამკვეთი მაინც ჩვეულებრივი, ერთგული მკითხველია.
შეიძლება არც ის დროა შორს, როცა სამუსიკო დარბაზების მსგავსად, ჩვენში სალიტერატურო-სამკითხველო დარბაზებიც შეიქმნება, სადაც ვინმე ლიტერატურათმცოდნე ან კრიტიკოსი ამა თუ იმ მხატვრულ ტექსტს წაუკითხავს (შეუსრულებს) მრავალრიცხოვან მსმენელს. ეს პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ მხატვრულ დეკლამაციას: კოდირებული იდეების, მეტაფორულ-გამომსახველობითი ფორმების ახსნას; ან იმის გარკვევას, თუ რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება მწერლის შემოქმედება (ასეთი მომსახურება დღესაც ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი მკითხველისთვის), სამკითხველო დარბაზებში "მკითხველმა" სხვადასხვა ხერხით უნდა შეძლოს იმ განწყობის გამოწვევა მსმენელში, რომელიც ცნობიერებაში შინაარსეულად მხატვრული ნაწარმოების შესატყვისი იქნება, ესთეტიკურ ღირებულებად გარდაქმნილი ბგერითი ფორმები კი სწორედ იმგვარ შინაგან იმპულსებს აღძრავს, რომლებმაც მხატვრული შთაგონება გამოიწვია. ერთი შეხედვით, ეს არის შემოქმედებითი უკუპროცესი, რადგან საგანი (მხატვრული ტექსტი) უკვე მოცემულია და მოსანახია შესაბამისი განწყობა და აქტივობა, რომელსაც პირობითად აქტიური კითხვა ან ტექსტის აღდგენა შეგვიძლია ვუწოდოთ.
თუმცა მანამდე, მწერალსა და მკითხველს შორის ურთიერთობის აღდგენა მაინც წიგნმა უნდა იკისროს. წიგნმა უნდა დააწიოს მკითხველი დაწინაურებულ ავტორს. გამომცემელმა, კრიტიკოსმა, მხატვარმა, მხატვარ-დიზაინერმა, დამკაბადონებელმა, რედაქტორმა უნდა იზრუნონ წიგნის სრულყოფაზე, კრიტიკული წერილებით, თეორიული სტატიებით, კომენტარებით, ლექსიკონებით, სარეკლამო გვერდებით, რუკებით, მწერლის ბიოგრაფიული ეპიზოდებით, ინტერვიუებით, მხატვრის ილუსტრაციებით, შრიფტის მონაცვლეობით, მუსიკალური ნოტებით (გ.ა.) უნდა შეავსონ ის სიცარიელე, რომელსაც მხატვრული ტექსტის გარშემო არსებული გაუხშოებული სივრცე ჰქმნის.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySat Feb 14, 2009 7:36 pm

გია არგანაშვილი

ეს წიგნი ჩემთვის მინდა

***
მკითხველი ალბათ ფიქრობს, რომ ამ ვრცელი და ზოგადი შესავლის დაწერა წიგნის რაობაზე და დანიშნულებაზე, რომელიმე ძნელადგასაგებმა მხატვრულმა ტექსტმა მაიძულა. სინამდვილეში კი ჩემი სარეცენზიო წიგნის "ნოემბრის წვიმა" ავტორი ნუგზარ შატაიძეა, რომელსაც თანამედროვე ქართველ მწერალთა ებაზე, რომელიმე ძნელადგასაგებმა მხატვრულმა ტექსტმა მაიძულა. სინამდვილეში კი ჩემი სარეცენზიშორის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება შუამავალი საკუთარ მკითხველთან.
დღესდღეობით ნუგზარ შატაიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ნაყოფიერი და სტაბილური მწერალია. მე არ მახსენდება, ამ ბოლო წლებში, ჩვენში გამართული ლიტერატურული კონკურსი თუ მარათონი, სადაც კი ნუგზარ შატაიძე მონაწილეობდა, რომ ის ჯილდოს გარეშე დარჩენილიყო.
მისი წარმატებების მიზეზი, პირველ რიგში, წერის მაღალი კულტურა, ხალხის ცოცხალ სამეტყველო ენასთან დაახლოებული, სახასიათო, - ადრეც მითქვამს, - მართლაც, სადედაენო ქართული და სალიტერატურო ენის ჩვენში გაბატონებული ყველაზე მაღალი ნორმა – სამწერლობო სტილია. ეს უკანასკნელი რამდენადმე მოღლილი და მრავალგზის აზარათავებული მაინც შეუცვლელია, რადგან სწორედ ეს სძენს თხრობას იმ მიმზიდველობას, როცა მხატვრული ტექსტი ნებისად გაკითხებს თავს.
ნუგზარ შატაიძე პროფესიონალი მწერალია. სრულად აკონტროლებს და რაციონალურად იყენებს შემოქმედებით ენერგიას. ამ მხრივ ის მართლაც მარათონელია, მისთვის შემოქმედებითი პროცესი მთლიანად ცნობიერების საზღვრებშია მოქცეული, რაც ინტენსიურ, წინასწარ განზრახულ, სისტემატურ მუშაობას და მხატვრული შემოქმედებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან მომენტს – ტექნიკის დაუფლებას მოითხოვს, რაშიც მას, ჩემი აზრით, ბადალი არ ჰყავს.
მწერლის მსოფლმხედველობა, შემოქმედებითი პრინციპები, პიროვნული და მოქალაქეობრივი შეხედულებები ტრადიციულ ღირებულებებს ენდობა. ნუგზარ შატაიძე პირობითად უძრავ წერტილში, სოფლის ბოლოში ბაქმაზაანთ სახლის კედელთან, გზის პირზე ერთ დიდ, თეთრ ლოდთან ("ლოდი") დგას და ქვეყნის ყოველდღიურ ფუსფუსს აკვირდება. სადღაც ღორს ჰკლავენ, კაკლის ხეს სჭრიან, ვიღაცა ვენახში ტრიალებს, შეშას ეზიდება. ისმის სიმღერა: "მო, ლხინი ვნახოთ, ღვთის მადლმა..." ("მოლხინო").
ერთხელ საჯაროდ ვთქვი, რომ ქართულ ლიტერატურას ალაგ-ალაგ ტანინიანი ღვინის გემო დაჰკრავს და ნივრის სუნი ასდის-მეთქი. არ დამიმალავს, რომ სხვა შესანიშნავ მწერლებთან (პოეტებთან) ერთად, ნუგზარ შატაიძის შემოქმედებასაც ვგულისხმობდი, თუმცა მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მწერალი ამ გასტრონომიული ინგრედიენტებით ბრწყინვალე პოლიტიკურ პამფლეტს ("სტუმარი ღვთისაა") გამოაცხობდა. საერთოდ კი ნუგზარ შატაიძე ცნობილი გურმანია. სუფრა კი, მის შემოქმედებაში მაპროვოცირებელი გარემოა პერსონაჟებისთვის, აქ იხსნება ხასიათები, იწერება პორტრეტები, შინაგანი მონოლოგივით ისმის ჯამ-ჭურჭლის წკრიალი. "... ილომ კი ხაშის შეგემოვნება დაიწყო: ჯერ ნიორი უყო, მერე – მარილი, წვენს კოვზით ამოურია, გემო გაუსინჯა და სახე გაებადრა ("ხაშზე"), "სვამენ უხმოდ, უსიტყვოდ, მიუჯახუნებლად" ("პაპა და შვილიშვილი"), "ღვინო აღარ ჩადიოდა, ყელზე ადგებოდა, გულს აზიდებდა, მაგრამ მაინც დაცალა, დადგა და სუფრას გამოციებული თვალებით მიაშტერდა" ("სოფლის ძველი სახლი").
მოლხინოს ფონზე უფრო თვალსაჩინოა სიღრმისეული პროცესები, რომლებსაც მწერალი არცთუ იშვიათად ამჩნევს, როგორც ყოველდღიური ცხოვრებით თავგაბეზრებული კაცი, დროდადრო ისიც სადღესასწაულო სუფრას შლის ("პურის მოთხრობა", "მოგზაურობა აფრიკაში", "სტუმარი ღვთისაა", "სისუა") და მკითხველს ამაღლებულ განწყობას სთავაზობს.
ამიტომ მკითხველიც მწერლის ერთგულია – მას სცნობენ, ის უყვართ, მის ახალ ნაწარმოებებს მოუთმენლად ელიან, მისი წიგნები იყიდება. ეს კი შესანიშნავი შემთხვევაა გამომცემლისთვის, რომ თუნდაც ექსპერიმენტის სახით, წიგნის სრულყოფილებისთვის იზრუნოს.
ჯერ-ჯერობით კი ნუგზარ შატაიძის ახალი წიგნი "შემოდგომის წვიმა" ისეთ სახლს მაგონებს, ქუჩიდან ერთი-ორი საფეხურის შემდეგ (მცირე წინათქმა) პირდაპირ საძინებელ ოთახში რომ მოხვდები, აქ არც მასპინძელი ჩანს და არც მსახური (კრიტიკული წერილები ალბათ დაიწერება და პერიოდულ პრესაში ან კრიტიკოსის კრებულში დაიკარგება), რომ შეგიპატიჟონ და შინ შეგიძღვნენ.
მიპატიჟება კი, ალბათ, მაინც აუცილებელია, რაც არ უნდა შინაურად გრძნობდეს თავს მკითხველი ამ სახლში, მით უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა მართებს მის მიმართ ავტორს. მას შემდეგ, რაც მწერალი კვარცხლბეკიდან ჩამოვიდა და ახლა ხუთიოდე კარტოფილი და ერთი კონა მწვანილი მიაქვს შინ ("პოეტი"), ავტორიტეტულ რეჟიმში ურთიერთობა (ასეთ რეჟიმში წიგნს, ავტორის ნაცვლად, მისი ნდობით აღჭურვილი პირი წარუდგენს მკითხველს) აღარ გამოადგება მკითხველთან. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ახალი თაობის მკითხველი ნამდვილი ფანია, უზომოდ ცნობისმოყვარე და ეგზალტირებული, ის აიძულებს მწერალს ისაუბროს შემოქმედებით პრინციპებზე, მომავლის გეგმებზე, პირად ცხოვრებაზე. აიძულებს ყველგან: ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლში, საძინებელში... ამიტომ მწერლისთვის უმჯობესია, თუ ასეთ მკითხველს სახლის წინა კარში (წიგნის პირველ გვერდებზე) შეხვდება თავაზიანი ღიმილით (აქ ის ფოტოსურათიც გამოდგება, რომელიც რატომღაც წიგნის ბოლო ყდაზეა დაბეჭდილი) და მისადმი მიმართვის ტექსტით, რაც, ჩემი აზრით, მრავალთა ახირებულ ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს.
(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySat Feb 14, 2009 7:40 pm

გია არგანაშვილი

ეს წიგნი ჩემთვის მინდა

"ნოემბრის წვიმა" ნოველების, მინიატურების, მოთხრობების და რადიოპიესების კრებულია. მხატვრული ტექსტები დალაგებულია ჟანრების მიხედვით, ამიტომ წიგნში ერთიანი დრამატურგიული აღმავალი ხაზი არ იგრძნობა. რა თქმა უნდა, ეს ხაზი სიუჟეტური ვერ იქნებოდა, მაგრამ იქნებოდა განწყობითი, თუ ტექსტები თემატურად დალაგდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჟანრებს (ნოველა, მოთხრობა, მინიატურა) არცთუ ისე მკვეთრი საზღვრები ჰყოფს, ხოლო აღქმის პროცესში ისინი (საზღვრები) სრულიად იშლება.
წიგნის წაკითხვის შემდეგ სწორედ ის გრძნობა დამეუფლა (ადამიანისადმი სიყვარული და თანაგრძნობა), რაც პირველივე გვერდზე მისურვა ზაალ სამადაშვილმა, თუმცა მანამდის ბევრიც მარყია და მაჯანჯღარა, შეიძლებოდა უფრო წყნარად მევლო, თუ პირველი ნოველის "თეთრი ცხენის" შემდეგ წიგნის შემდგენლები "გეგათ ოლას" ან "ნანგრევებზე" შემომთავაზებდნენ წასაკითხად, რადგან სამივე მათგანი გასული საუკუნის ოციანი წლების მოვლენებს ეძღვნება, სამივე სევდიანი ისტორიაა და ერთიანი შთაბეჭდილების შექმნას ისახავს მიზნად.
თუ ამავე პრინციპით გადავაჯგუფებთ მხატვრულ ტექსტებს, მაშინ "გვირაბში" და "სტუმარი ღვთისაა" დაწყვილდებიან. "ნაცარი", "პაპა და შვილიშვილი", "დურმიშხან ბერუაშვილის პიჯაკი" და "გიო" ე.წ. ანეკდოტური ამბები ერთად მოიყრიან თავს. "ნოემბრის წვიმა" ოციანი წლების თემას გააგრძელებს, ხოლო "პურის მოთხრობა", რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა მწერლის შემოქმედებაში და იგი ამავე დროს მდიდარი ლექსიკოგრაფიული ნაშრომია, სრულიად განსხვავებული შრიფტით აიწყობა (შრიფტის მრავალფეროვნება ისედაც გაამდიდრებდა წიგნს), გაფორმდება ფოტოილუსტრაციებით, ტექსტიდან გამოიკრიბება სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც მომავალში შეიძლება "ქართული სიტყვის წითელი წიგნის" (გ.ა.) საფუძველიც კი გახდეს.
რადგან ნუგზარ შატაიძის ახალი კრებული "ნოემბრის წვიმა" მე ჩემთვის მინდა, ამიტომ ჩემი წიგნისთვის გამომცემელს კრიტიკულ წერილსაც შევუკვეთდი.
ზედმეტად მიმაჩნია კითხვა, საჭიროა თუ არა საერთოდ კრიტიკა, მაგრამ იმაზე კი ალბათ აუცილებლად მომიწევს პასუხის გაცემა, წინ უნდა უძღოდეს კრიტიკული წერილი მხატვრული ტექსტის გაცნობას თუ უკან უნდა მიჰყვებოდეს მას (ისე, როგორც ამ წიგნის შემთხვევაშია მოსალოდნელი).
კრიტიკოსი განმარტავს ღრმა აზრებს, კოდირებულ იდეებს, ხასიათისა და ადამიანური ურთიერთობის დაფარულ შრეებს, თარგმნის ტროპულ სახეებს, აღაგზნებს მკითხველის წარმოსახვას და ტექსტზე გამარჯვების იმედით ხელახლა წაკითხვის სურვილს აღძრავს.
მხოლოდ კრიტიკოსს (და არა კრიტიკათმცოდნეს) შეუძლია დააკმაყოფილოს მკითხველის ცნობისმოყვარეობა, გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, რამდენიმე ნაწარმოების, მათ შორის "ნოემბრის წვიმის" მიმართ უჩნდება მკითხველს.
"ნოემბრის წვიმა" ვრცელი მოთხრობაა, რომლის ერთხელ წაკითხვა არ კმარა.
მოქმედება ხდება გასული საუკუნის ოციან წლებში. მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლის მოხუცმა მასწავლებელმა ალექსანდრემ ხანგადასულ მოსწავლეს, ჩეკისტს (ეს შემდეგ გაიგო მასწავლებელმა) ილია ჭავჭავაძის შეურაცხყოფისთვის ყური აუწია და პატარაზე კიდეც წამოარტყა ("ალექსანდრემ მაინც იმარჯვა და ახლა მოკაკვული თითი ჩასცხო ოდნავ შემელოტებულ კინკრიხოში"). მოსწავლე-ჩეკისტმა პარუნაშვილმა იმ ღამესვე სასტიკად იძია შური მასწავლებელზე. მისი ცოლი ელენე და კარის მეზობლები - ცოლ-ქმარი ჩვილ ბავშვთან ერთად, დააპატიმრა, ხოლო ალექსანდრე სულიერად (მე მგონი ფიზიკურადაც) გაანადგურა.
სულ ესაა მოთხრობის ძირითადი ამბავი. ამაზე უფრო მოკლედ და მკაფიოდ მხოლოდ კარგი კრიტიკოსი იტყვის, რომ ეს არის ერთი ჩასვრილი, ჩაქაქული ქართველი ინტელიგენტის ცხოვრება, თან მწერალსაც დაიმოწმებს: "იჯდა და მუცლის ტკივილს უძალიანდებოდა", "... მუცელზე ხელებმოჭერილი, ტკივილისგან გათანგული ალექსანდრე ადგილიდან ვერ იძვროდა...".
(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySat Feb 14, 2009 7:41 pm

გია არგანაშვილი

ეს წიგნი ჩემთვის მინდა

ტექსტის ხელახალი წაკითხვა მაინც საჭიროა, თუნდაც იმიტომ, რომ მკითხველმა ზუსტად გაარკვიოს ალექსანდრეს დაცემის მიზეზი, ანთუ მოტივი მისი ქცევისა, თუმცა ეს უკვე კრიტიკოსის ლექსიკაა და აქვე ვიტყვი, რომ არ შეიძლება კრიტიკოსის აზრი ნაწარმოებზე უფრო რთული და ძნელადგასაგები იყოს, ვიდრე თვითონ მხატვრული ტექსტი.
ხოლო ალექსანდრეს დაცემის მიზეზია შიში, შიშს ურწმუნოება იწვევს. აქ მწერალი ძველ ჭეშმარიტებას ენდობა, "შიში ღვთისა გვიხსნის ყველა სხვა შიშისგან" და ფსიქოლოგიურად დამაჯერებელ ხასიათს ჰქმნის.
ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ მიუხედავად ძალზე ტრაგიკული ბედისა, ალექსანდრესადმი არავითარი გრძნობა არ გამჩენია, პირიქით, როგორც ადამიანმა, შეურაცხყოფილადაც კი ვიგრძენი თავი (ზუსტად ასეთ განცდას იწვევს ჩემში მიხეილ ჯავახიშვილის თეიმურაზ ხევისთავი), თუმცა ჩემი რა გამკვირვებია, მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ კაცის ხატი დაამხო, მას ცოლიც კი გაურბის. "ალექსანდრეს მოეჩვენა, რომ ქალს ერთი სული ჰქონდა, სანამ აქედან წავიდოდა". გაურბის როგორც მკვდარს, რომელსაც თვითონ ალექსანდრეც ხედავს. "მაღალზურგიან, გაქუცულ სავარძელში უძრავად იჯდა მისი გახევებული, უსულო გვამი, რომელსაც ღიად დარჩენილ, ჩამქრალ თვალებზე შემოდგომის მსხვილი, მწვანე ბუზები დააცოცავდნენ".
თუმცა არც ასე იოლად წყდება ეს საკითხი. შეურაცხყოფის განცდა უფრო დამაჯერებელ ახსნას ითხოვს, მე საკმაოდ გამოცდილი მკითხველი ვარ იმისთვის, რომ მხატვრული რეალობის კეთების მომენტი შევნიშნო და წარმოსახვით ილუზიას თავი დავაღწიო. ნაწარმოები კი ძალზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ჩემში კოდირებულ რაღაც მარადიულ ტკივილს აღვიძებს (აქ არ ვგულისხმობ ჩვენს უახლეს ისტორიას), თითქოს ეს ყველაფერი იყო და მხოლოდ განმეორდა.
დაკვირვებული ვარ, ასეთ განცდას იწვევს მხატვრული ტექსტი, როდესაც ის კლასიკურ სქემას ეყრდნობა, რაც უფრო ძნელადშესამჩნევია ეს ქარგა, მით უფრო შთამბეჭდავია ნაწარმოების კომპოზიცია, მხატვრული სახე, ხასიათი, ისე როგორც ტანმაღალი ხე მიგვანიშნებს ფესვთა ძლიერ სისტემაზე.
მე ვფიქრობ, რომ ეს მოთხრობა აგებულია ბიბლიურ (ახალი აღთქმა) იგავზე (აქ ნამდვილად დამჭირდა კრიტიკოსის ავტორიტეტული აზრი). ჩეკისტების მიერ ჩვილი ბავშვის წაყვანა-დაპატიმრება რაღაცით ჰგავს ჰეროდეს მიერ ბეთლემში დაბადებულ ყრმათა ამოხოცვას (თუმცა მოთხრობაში დამაჯერებლობა აკლია დაპატიმრების ეპიზოდს. გაუგებარია, როდესაც დედა ცოცხალი თავით ღვთის ანაბარად ტოვებს ჩვილს. მკითხველი აქ უფრო ძლიერ ემოციას ელოდა), ხოლო ალექსანდრეს "... სწორედ ამან, ახალმოვლენილმა სიცოცხლემ დაანახა ის შორეული ნაპირი, ის იმედისმომცემი შუქურა და აქამდე საკმაოდ არეული, ქაოსური ცხოვრებაც მისმა ნათელმა გაუცისკროვნა". ბავშვმა ალექსანდრეს რწმენა და სიმშვიდე მოუტანა. ალექსანდრემ იცის, ვინაა ბავშვი, იცის და მაინც იმეტებს, ალექსანდრე არ ეკუთვნის ბრბოს, რომელმაც არ იცის, თუ ვინ მიჰყავთ გოლგოთაზე. ეს მწიგნობარი უფრო დიდ ცოდვაშია გახვეული... თუმცა აქ უკვე ისეთი სიღრმეა, რომ არათუ მარტო, არამედ გამოცდილ კრიტიკოსთან ერთად ჩასვლაც კი მაფრთხობს.
ამ ფონზე ოდნავ სტერეოტიპულია ალექსანდრეს ცოლის, ელენეს სახე ("ქმრისად სახელის მძებნელი" – ვაჟა), რომელშიც ბოლოს და ბოლოს დედური ინსტინქტი იმარჯვებს.
კიდევ ბევრის თქმა შეიძლება ამ ნაწარმოებზე, მწერლის მხატვრული სივრცე უფრო გულისხმიერი მსჯელობის თემაა. "ნოემბრის წვიმამ" დამარწმუნა, რომ ნუგზარ შატაიძის შემოქმედება სხვა რიგის სიღრმისეულ ხედვას ითხოვს. დროა ლიტერატურულმა კრიტიკამაც დაამოწმოს ის აღიარება, რომელიც მწერალმა უკვე მოიპოვა მკითხველში.

(დასასრული)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySun Feb 15, 2009 12:15 am

ნუგზარ შატაიძე 3

მიხო მოსულიშვილი

“პურის მოთხრობის” პარაბოლა

“ოდეს გენებოს ხორცი სამეუფოი, ჰოი, კაცო:
შიშით მიეახლე, რათა არა დაიწვა, რამეთუ ცეცხლი არს.
და რაჟამს გენებოს შესმად სისხლი საღმრთოი და შერთუაი მასთანა:
დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა და ესრეთ სასოებით მოვედ ჭამად საიდუმლოსა მის”.

წმიდასა და დიდსა ხუთშაბათსა, ზიარების წინ სათქმელი ლოცვიდან, ხმა 7. “ლოცვანი”.



“პურის მოთხრობის” მკითხველი თითქოსდა ნაცნობ, მშობლიურ გარემოში მოხვდება და გაითავისებს პურის თავგადასავალს – ეს ქართული სოფელია, ტრადიციული, პატრიარქალური, ძველთაძველი, მაგრამ წაკითხვის შემდეგ ჩნდება შეგრძნება, რომ ეს მთლად ჩვეულებრივი სოფელი არ არის, რაღაი მთხრობელის მეხსიერებასღა შემოუნახავს, სინამდვილეში მკვდარია, აღარ არსებობს. ჩვენ მკვდარი ადამიანებისა და საგნების სამეფოში ვხეტიალობდით – დროის საბედისწერო ცვალებადობამ, მეცნიერულ-ტექნიკური ერის წინანდელმა ჟამმა აკი თან წაიღო საუკუნეთა მანძილზე დახვეწილი, ლამის რელიგიურ იდუმალებამდე ამაღლებული, რიტუალური ადათ-წესები, მათი მცოდნე და ამსრულებელი ადამიანები – თავიანთი მზეზე გახუნებული თავშლებით, სპეტაკი ხილაბანდებით, ნაბდის ქუდებით, მატყლის თეთრი წინდებით, დაკოჟრილი, მაგრამ მაინც ლბილი და ალერსიანი ხელებით, მტკივანი სახსრებით, შუქდაკლებული თვალებით, გატეხილი გულებით. ის საგნები, ცხოველები თუ ადათები, რაც არსობის პურის მოპოვებას უკავშირდებოდა.

ეს ყველაფერი აღარ არსებობს:
მკვდარია კიდობანი, ძველ მთვარეზე რომ უნდა მოეჭრათ, რათა ჭია არ გასჩენოდა, და სახლის იმ კუთხეში დაედგათ, სადაც ყველაზე გვიან ჩაიწვებოდა სანთელი. ახლა სხვენის ბნელ კუთხეშია მიგდებული და ათასნაირი ხარახურით არის სავსე.

სადღაა დიდედას სიტყვები: “პურის ხაში, შვილო, ათადან და ბაბადან მოდის, შიგ ქრისტეს სისხლი ურევიაო”. აღარ იზილება ცომი, რომელიც ბებიამვე უნდა აზიაროს, განსაკუთრებით შობა-ახალწელიწადსა და აღდგომის წინა ღამეს – ცომი გადასწიოს, შიგ ნაკვერჩხლები ჩაალაგოს, ზედ კი წითელი ღვინო დააპკუროს, თან ჯვარიც დასწეროს: “ღმერთო, შენ დასწერე ჯვარი, ბარაქა მიეციო”.

აღარც ილა ხიზამბარელია ცოცხალი, მთხრობელის პაპა დედის მხრიდან, ცნობილი კითხული და გუთნისდედა, იმის კარ-მიდამოში სათუთად აღარ ინახება: გუთნები თუ კევრები, უღლები თუ ღვედები, ტაბიკები თუ აპეურები, ნიჩბები თუ ფიწლები, ორთითები თუ ნამგლები, ცხრილები თუ სათითურები,
ფოცხი თუ არნადი, ცხავი თუ ტაბიკი, ხვედა თუ სატეხი, საჭრეთელი თუ ზინდალი, ქასური თუ ცული, ცელი და ხელეჩო, წალდი და იონაჯახი... ეს ყველაფერი მიყრილ-მოყრილა, დაჟანგულა, გამქრალა.

მიცვლილან და გარდასულან: გუთნისდედები და, დღის და ღამის მეხრეები, მჭედლები და მეველეები, მომკელები და მეძნეურები, მეწისქვილეები და მცხობლები.

ცისკრისაზე ადრე ისევ ამოდის ხარიპარია ვარსკვლავი, მაგრამ აღარ არიან და სადღა გაიპარებიან მთელი დღის ჯაფით სიქაგაცლილი ხარები.

აღარავინ აზიარებს დათესვის წინ თესლს – ხორბალში ცოტა ხახვს, ნიორს, კაკალს აღარავინ ჩაყრის, ნაკვერჩხალს შიგ აღარავინ ჩადებს, ხელადით ღვინოს აღარ აიღებს, აღარ დაილოცება, ზედ აღარ დააპკურებს და დალევს.

ხორბლის გადაბნევის დროს აღარავინ გადაიწერს პირჯვარს და აღარ იტყვის: “ღმერთო, შენ მიეცი ბარაქა ხარის ქედს, გუთნის კვალს და ჩვენს მოსავალს”. ბოლოს დარჩენილ თესლს აღარავინ დაუყრის ფრინველს, თაგვს თუ ამვლელ-ჩამვლელს. ნათესის თავში აღარავინ დაარჭობს სახრეს და წვერს გადაუტეხავს – აქაოდა, ამსიმაღლე ყანა მოვიდეს და ასეთი დახრილი თავთავი ჰქონდესო. ვერც ვერავინ დაფარცხავს.

აღარავინ შეევედრება ელიას თუ ლაზარეს, ამინდი მოგვეციო. ვეღარ გააკეთებენ სოფლის ქალები ტალახის თოჯინას, ვეღარ დაასვენებენ ფიცარზე და ვეღარ ატარებენ ამ სიმღერით კარდაკარ:

ლაზარ მოდგა კარებსაო,
აბრიალებს თვალებსაო.
აღარ გვინდა გორახიო,
ეხლა მოგვეც ტალახიო...


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySun Feb 15, 2009 12:19 am

ნუგზარ შატაიძე 2

მიხო მოსულიშვილი

“პურის მოთხრობის” პარაბოლა

ვერავინ ვეღარ იჭიდავებს დათა ხიზმაბარელივით, გრიგოლ ორბელიანი რომ გაუხარებია სამი კამეჩის ძალის პატრონი ირანელის წაქცევით და აკი აკაკი წერეთელსაც გამოუყენებია ეს ამბავი თავისი “ბაში-აჩუკის” ერთი სურათისათვის.

აბა, ვინღა მომკის ილა ხიზამბარელის მამა-ბიძებივით, სანდრასავითა და მიტრასავით. ვინ იზარმაცებს იმათი ძმა სისუასავით, ხან საიდან რომ აკაკანდება – “ჩავუხტეთ ბარათაშვილსაო” და ხან საიდან.

ვერავინ ვეღარ გამართავს ისეთ კალოობას.

უგზო-უკვლოდ გამქრალან ბეღლები და ხაროები, გვრიტა და დოლაბის წისქვილები. აღარ არის ქვემოუბნელი მეწისქვილე – ბრმა ნიკო, ლაზათიანი ლექსების გამომთქმელი, ცხავ-ცხრილებისა და ლასტ-კალათების ხელმარჯვე მწვნელი, ხმით რომ იცნო მთხრობელი – დედის ჩამომავლობაც დაუდგინა და მამისაც. აბა, ვინღა დაფქვავს საარყე თუ სალუდე ალაოს, ვინღა გამოხდის სვიან ლუდსა და დევისჯაჭვიან არაყს.

თონეზე ვინღა დააცხობს – შოთებს, ლიკანს, ნეკნის პურს, ნაზუქს, თაფლავაშას, ბედის კვერებს, ქადას, პატარა სახრეებს, გუთნებს, ხარის ქედს, ძროხის ძუძუებს, თითისტარს, კრუხ-წიწილას, სარებზე შემოხვეულ ვაზებსა და ნამგლებს, თვალებჩამიჩიან ბასილას – პურის თოჯინას, ხელებით, ფეხებით, თავით.

ვერავინ მოხარშავს ხალიფაფას – ფაფების მეფეს!

ანდა “ქრისტეს კოტორს” – შობის წინა დღეს.

გამქრალა ხარი და კამეჩი, გუთანი და კევრი, მარხილი და კაბდო.

აბა, ვინღა იამბობს საკვირველ ამბებს – ცხრათავა ხორბლისა და ღვარძლისა, აზანბურელი მომკელისა თუ დათა ხიზამბარელის ჭიდაობისა, მეწისქვილე ბრმა ნიკოსი თუ ჩიტთა ფაფობისა, ანდა სულაც ციციშვილების ლავაშის კარვებისა და სუფრებისა...

სათონეები დანგრეულა, მიწაში ჩახვეწილა, ქათმების საბუდრად ქცეულა.

სადღაა ფერდობზე გაბაწრული გუთნეული, ზეცაში წასული ტოროლების გაბმული წკრიალი, მწყრების “ქვიტკირო”, გუგულის “კაფე-თესე”. ტკბილი “ოროველა” თუ “ნიავს აყოლილი ჯეჯილები, მზეკაბნით ჩაგვირისტებული მწიფე ყანები...”

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySun Feb 15, 2009 12:24 am

ნუგზარ შატაიძე 1

მიხო მოსულიშვილი

“პურის მოთხრობის” პარაბოლა


ილა ხიზამბარელის გულზე დადგმულ მატურასაც დაუწევია, გვერდზე გადაყანთრილა და შუაზე გამსკდარა...

მოკლედ, აკი ზემოთაც ვთქვი, მკვდარი საგნების, მოვლენებისა და ადამიანების სამეფოში გვახეტიალა მთხრობელმა – ეს ხომ მენიპეის, ამ მსოფლიო ლიტერატურის უძველესი და დღესაც ცოცხალი ჟანრის ტრადიციული სიტუაციაა!

“მენიპეის ჟანრის უმთავრესი თავისებურება, - წერს მიხეილ ბახტინი, - ის არის, რომ ყველაზე თამამი და წარმოუდგენელი ფანტასტიკა და ავანტიურა შინაგანად მოტივირდება, მართლდება და ნათდება წმინდად იდეური მიზნით – შეიქმნას განსაკუთრებული სიტუაციები ფილოსოფიურ პრობლემათა დასასმელად და გადასაჭრელად”.

სხვანაირად თუ ვიტყვით, მენიპეის შინაარსი არის იდეის ან სიმართლის თავგადასავალი, მისი გამოცდა. ესაა ჟანრი ბოლოდროინდელი პრობლემებისა თუ შეკითხვებისა. მასში გამოიცდება და მოწმდება ბოლო სააზროვნო პოზიციები. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მენიპეას ახასიათებს ჟანრების ჩასმა – ნოველა იქნება, ზღაპარი, მოთხრობა თუ ლექსი. ამ ნიშნებსაც თავისუფლად მიესადაგება “პურის მოთხრობა”.

მაინც რა იდეა მოწმდება და გამოიცდება ნუგზარ შატაიძის ამ მენიპეაში?

ნეტავი, საით მივყავართ ამ თხზულებაში ასახულ რელიგიურ-რიტუალურ ქმედებების მთელ მწკრივს, აღმავალი ხაზით რომ მიემართება და სადღაც, შორეულ თუ ძალიან ახლობელ იდუმალებაში იკარგება?

ამ კითხვების პასუხი დიდხანს ვეძებე, ჩვეულებრივი ლოგიკით ვერ გავუმკლავდი, ისევ ინტუიციას მივენდე და ერთხელაც მოულოდნელად მივხვდი, ჩვენი დიდი გიორგი მთაწმინდელის ნათარგმანებ წმინდა წერილს მივწვდი, მოვიძიე და - აი, სადაგი ადგილიც მათეს სახარებიდან:L

“და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განუტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი (26, 26).

ასე რომ, ნუგზარ შატაიძის ამ მენიპეაში მოწმდება და გამოიცდება იდეა პურისა, როგორც უფლის ხორცისა. პურის მიღება ხომ ზიარების საიდუმლოს ერთი რიტუალთაგანია – ნაკურთხი პურის ჭამით ჩვენ ვეზიარებით უფლისა ჩვენისა, იესუ ქრისტეს სხეულს.

“პურის მოთხრობა” იდუმალი ლოცვაა იმისა გამო, რომ ჩვენი “ჭირნახულის”, ანუ პურის მოსაპოვებელი მძიმე შრომის, წვალებისა და ტანჯვის ფასად ვეზიარებოდით უფალს ჩვენსას.

როგორც ითქვა, ის რელიგიურობამდე ამაღლებული საკულტო ადათ-წესები თანდათანობით გაქრა, გაიოლდა პურის მოპოვება, “ჭირნახული” აღარ არის, გროშებად შეიძლება მისი ყიდვა მაღაზიაში და რაც არ გაიყიდება, ღორების საჭმელად მიაქვს გამყიდველს შინ.

ჩვენ, მთელი კაცობრიობა პურს ვკარგავთ, თუ არ დავკარგეთ უკვე, მთელი თავისი ფიზიკური და სულიერი მნიშვნელობით, ღია თუ ფარული სიმბოლიკით – აი, უმთავრესი და საგანგაშო დასკვნა “პურის მოთხრობისა!..”

მაგრამ ამან უიმედობაში არ უნდა ჩაგვაგდოს (ესეც დიდი ცოდვაა!), არ უნდა გვაფიქრებინოს, არაფერი გვეშველებაო, თუნდაც იმიტომ, რომ მეოცე საუკუნის მიმწუხრზე ქართველ მწერალს ხელეწიფება ისეთი ბრწყინვალე ნაწარმოების შექმნა, როგორიც “პურის მოთხრობაა” – თავისი ეთნოგრაფიულ-მეცნიერული, მხატვრულ-ფილოსოფიური სიღრმით, საკვირველი და თავზარდამცემი ოსტატობით, რომლის უპირველესი ნიშანი ტრადიციული, მარადწარუვალი ხელწერით ხატვა და მოსმენაა, ამოუწურავი სიმდიდრის სიტყვათშეთანხმებებია, ნაირ-ნაირი ელფერებითა და სინტაქსური სტრუქტურით, ბგერწერის დონეზე დასული მუსიკალობითა და რიტმიკით.

1999 წლის მარტი.

მინაწერი:

ჩემო უფროსო კოლეგავ, ნუგზარ შატაიძევ!

მაინც უნდა გაგიბედო და ერთი პატარა შენიშვნაც გაგიზიარო, მერე კი ერთი დიდი სათქმელიც მოვაყოლო...

“ხელეურის” ოთხმოცდამეცხრამეტე გვერდზე წერ:
“ორი შამფური ჰქონდათ, პირიანით ფხეკდნენ, კავიანით ამოიღებდნენ. კარგად გამომცხვარი პური თონის პირს თავისით სძვრებოდა, იმას ჩასაფხეკი შამფური არა სჭირდებოდა”.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySun Feb 15, 2009 12:35 am

ნუგზარ შატაიძე 4902_0

მიხო მოსულიშვილი

“პურის მოთხრობის” პარაბოლა

ეგებ ამ ნივთებს ქართლში მართლა შამფურები ჰქვია, მაგრამ რაკი შენ “პურის მოთხრობაში” მთელი საქართველოს გამოცდილებას ასახავ, იქნებ მომდევნო გამოცემაში გაითვალისწინო, რომ კახეთში, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში (ალბათ, სხვა კუთხეებშიც) ჩასაფხეკს ასტამს ვეძახით – მოკლეც არის (ვარცლის საფხეკად) და გრძელიც (პურისა და ლავაშის ჩასაფხეკად). ოღონდ, ვიდრე ჩაფხეკდე, ჯერ მოკაუჭებული კინჭუტი უნდა ჩაასო შოთს, ნაცარ-ნაკვერჩხლებში რომ არ ჩაგივარდეს და ასე ამოიღო. სხვათა შორის, ასტამსა და კინჭუტს მწვადის შესაწვავ შამფურებადაც იყნებენ ხოლმე. რაც აქ დაგიწერე, სულ რაღაც ერთი თუ ორი წინადადებაა შენი დიდებული მოთხრობის მაგ ადგილისთვის, თუმცა მე მაგისი დამწერი არა ვარ, ჩემისთანები ბაგაზე ბარე ათასია დაბმული, შენი მადლიანი მარჯვენა უნდა.

ახლა კი, რაც შეეხება დიდი სათქმელს:

ჯერ ისევ დიდი გიორგი მთაწმინდელის ნათარგმანებ წმინდა მახარებელ მათეს ციტირებას გავაგრძელებ:

“და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა” (26 – 27, 28.).

ხომ მიმიხვდი, საითაც ვუმიძნებ?

კი, ასეა.

შენ გინდა დაუკრეფავში გადასვლა დაარქვი, გინდა შეკვეთა, მაგრამ მაინც უნდა გითხრა:
“ღვინის მოთხრობასაც” ველოდები შენგან.
ჩემზე კარგად მოგეხსენება, რომ უპუროდ და უღვინოდ უფალთან ზიარების საიდუმლო არ აღსრულდება.

მდაბლად: მიხო მოსულიშვილი.

კიდევ ერთი მინაწერი, მინიატურად:

ეჰ...
(ნუგზარ შატაიძის გასვენების მერე ამონაკვნესი)

ეეჰ, ნუგზარო, ნუგზარო...
აბა, ვინღა დაწერს იმ კაი ნოველებსა, კაცოო...
და, აბა, ვინღა მეტყვის შენნაირ სიტყვას სუფრაზე, კაცურ სიტყვას, თორემ ის შენი სასწაულად გაკეთებული ხაში და შენივე ჩაბასტურმებული კაი მწვადი სულ აღარ მინდა, დედას გეფიცები...

2009 წლის 14 თებერვალი


(დასასრული)



Last edited by Admin on Sun Feb 03, 2019 2:01 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
სანათა

სანათა


Female
Number of posts : 328
Age : 63
Registration date : 10.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySun Feb 15, 2009 12:56 am

ეს ახლა აკრიფე, მიხო? მშვენიერი მინაწერი გამოგსვლია, ტკივილიანი და ნაღდი. მადლობა, კიდევ ერთხელ მეტკინა ნუგზარ შატაიძე.
Back to top Go down
http://www.geowebi.com/sanatha/
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე EmptySun Feb 15, 2009 1:00 am

სანათა wrote:
ეს ახლა აკრიფე, მიხო? მშვენიერი მინაწერი გამოგსვლია, ტკივილიანი და ნაღდი. მადლობა, კიდევ ერთხელ მეტკინა ნუგზარ შატაიძე.

Arrow

ეს მე ადრე მქონდა დაწერილი, დაიბეჭდა ჭაბუა ამირეჯიბის გაზეთში...
და დღეს ვთქვი, რომ ეს აუცილებლად უნდა ავკრიფო მეთქი, არ უნდა დავიზარო და მთელი საღამოა, ამას ვაწყობ.
მეორე მინაწერი მივამატე მარტო - ამონაკვნესივით რამე გამოვიდა, მე მგონი...

ეგ არის სულ - მეტი აღარ შემიძლია, თორემ ვინ ოხერი დაზოგავდა თავს...

Rolling Eyes
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ნუგზარ შატაიძე Empty
PostSubject: Re: ნუგზარ შატაიძე   ნუგზარ შატაიძე Empty

Back to top Go down
 
ნუგზარ შატაიძე
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» ნუგზარ შატაიძე
» ნუგზარ ზაზანაშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ - სტუმრად გია არგანაშვილთან-
Jump to: