არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ჯემალ ქარჩხაძე

Go down 
3 posters
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyTue Feb 10, 2009 2:22 pm

ჯემალ ქარჩხაძე Jemal_16
Jemal Karchkhadze

ჯემალ ქარჩხაძე
1936 წლის 13 მაისი, ვანის რაიონის სოფელი უხუთი – 1998 წლის 8 ნოემბერი, თბილისი.

ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წელს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. საშუალო განათლება ქალაქ ქუთაისში მიიღო, რის შემდეგაც დედაქალაქში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1962 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა აბზიანიძეების ოჯახი. ჯემალ ქარჩხაძე 1961-1982 წლებში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. თუმცა 1982 წელს რეგულარული სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო. ჯემალ ქარჩხაძის პირველმა პუბლიკაციებმა საზოგადოების ძლიერი მოწონება, ხოლო საბჭოთა კრიტიკოსების მკაცრი შეფასებები დაიმსახურა.
მიუხედავად ამისა, ქარჩხაძეს წერა არ შეუწყვეტია და ნაწარმოებებსაც რეგულარულად აქვეყნებდა. 1977 წელს მისი განსაკუთრებით პოპულარული თხზულება იგი გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა უმნიშვნელოვანესი რომანები ქარავანი, ანტონიო და დავითი, ზებულონი. აღსანიშნავია, რომ მწერალს სიცოცხლის განმავლობაში არ მიუღია არც ერთი პრემია. გარდაცვალების შემდეგ 1999 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2007 წელს კი ქალაქ თბილისის საკრებულოს ლიტერატურული პრემია ”გალა”. ჯემალ ქარჩხაძე ახალი ათასწლეულის – ახალი თაობის აღმოჩენაა, მისი პოპულარობა დღითიდღე იმატებს. ქარჩხაძის ნამუშევრები ქართული სასკოლო პროგრამის ნაწილი გახდა.
მწერლის სტილი მრავალფეროვანია. ეს არის ინტელექტუალური პროზა, რომელიც კლასიკური ფორმითაა გამოხატული და ლექსიკურად ძალზე მდიდარი და ექსპრესიულია. ქარჩხაძის პროზა, ერთი მხრივ, მიჰყვება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორე მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური და განუმეორებელია. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებთ. მისი გმირები სიკეთით არიან გაჯერებულნი.
“ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლოებების მუდმივი ძიება, მათი მიგნება და სინათლეზე გამოტანა“ – წერს ჯემალ ქარჩხაძე და მკითხველს უტოვებს განცდას, რომ სწორედ მის ნაწარმოებში ამოხსნის ცხოვრებისეულ საიდუმლოებებს. მწერალი ადამიანთა ყოველდღიურობაში სასწაულების აღმოჩენას ახერხებს და ამით მწერლისადმი წაყენებულ მოთხოვნას ასრულებს: “მწერალს ერთადერთი რამ მოეთხოვება – შედევრები წეროს“.
ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და ჩეხურ ენებზე. ჯემალ ქარჩხაძეს დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰალდორ ლაქსნესის “ატომის სადგური“ , ლიონ ფეიხტვანგერის “ცრუ ნერონი”, რადიარდ კიპლინგისა და ძმები გრიმების ზღაპრები. მწერალი მრავალი სტატიის ავტორია, რომელიც სრულად და უცვლელი სახითაა გამოცემული ცალკე წიგნად.
ჯემალ ქარჩხაძე 62 წლის ასაკში – 1998 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია (პირველი გამოცემები):
• „სასწაული” – მოთხრობების კრებული, 1967
• „მეთერთმეტე მცნება” – მოთხრობების კრებული, 1979
• „მდგმური” – რომანი, 1979
• „დღე ერთი” – მოთხრობების კრებული, 1982
• „ქარავანი” – რომანი, 1984
• „ანტონიო და დავითი” – მოთხრობების კრებული, 1987
• „ზებულონი” – რომანი, 1988
• „ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა” - მოთხრობა, 1989
(ჟურნალი „მნათობი” №9)
• „იუპიტერის სინანული” – მოთხრობა, 1994
• „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება” – მოთხრობა, 1998
• „განზომილება” – რომანი, 2001
(პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში” 1999წ. №№3-4-5-6-7)

თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
დავიდ წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის „ატომის სადგური”, ლ. ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი”, რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ.

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ჯემალ_ქარჩხაძე
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/724
* http://karchkhadze.ge/?p=381
* https://en.wikipedia.org/wiki/Jemal_Karchkhadze
* https://www.facebook.com/profile.php?id=100050462861239
* https://poetry.ge/poets/jemal-karchkhadze


ჯემალ ქარჩხაძე - ოპერაცია დეიდა ტასო
Published on Nov 7, 2013
სატელევიზიო სპექტაკლი "ოპერაცია დეიდა ტასო"

study


Last edited by Admin on Thu May 12, 2022 8:56 am; edited 9 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyTue Feb 10, 2009 2:28 pm

ჯემალ ქარჩხაძე Jemal_qarchxadze

ჯემალ ქარჩხაძე

შემოქმედების კანონი

შემოქმედს საკუთარი სამყარო დაბადებით დაჰყვება. და თუ მაინც ეძებს‚ ეძებს არა სამყაროს - თუმცა თვითონ შესაძლოა გულწრფელად ეგონოს‚ რომ საკუთარ სამყაროს ეძებს - არამედ კვარცხლბეკს‚ რომელზედაც ეს სამყარო ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდება. ასე რომ‚ თუ კაცს მომადლებული აქვს ნიჭი სიყვარულისა (სიძულვილის ნიჭის ჩათვლით) და ნიჭი სიყვარულის გამოთქმისა‚ მას თამამად შეუძლია გარემომცველი სამყარო განიხილოს‚ როგორც მისივე სამყაროს ანარეკლი‚ და ნიჭი, რომელიც მაღლით მიეცა და რომელიც თავისი ბუნებით აბსოლუტურად ინდივიდუალურია‚ მხოლოდ საკუთარი განზომილების შექმნაზე დააბანდოს. ასე შვრებოდა ყველა ჭეშმარიტი შემოქმედი. ასე იზამენ მომავალშიც. ასე იზამენ ყოველთვის‚ ვინაიდან ასეთია შემოქმედების კანონი.

საკუთარი შემოქმედების შესახებ წაიკითხავენ თუ არა ჩემს ნაწერებს ასი წლის შემდეგ? ის, რაც შეიძლება კვეხნად გაისმას, არც მთქმელისთვისაა სასიამოვნო და არც გამგონესთვის.

ჯერ იმას ვიტყვი, რა არ ვიცი.

არ ვიცი, რომელი ლიტერატურული ტრადიციების გამგრძელებელი ვარ. საერთო-ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში რომ ვარ, ეს ვიცი, უფრო კონკრეტულად რაიმეს თქმა მიჭირს. შემიძლია ვილაპარაკო მხოლოდ სულიერ ნათესაობაზე. ცალკეული ნიუანსები ბევრ მწერალთან მიპოვია საერთო, ნათესაობას კი ყველაზე მეტად ბარათაშვილთან ვგრძნობ (თუ ასეთი განცხადება ვინმეს კადნიერებად მოეჩვენოს, შევახსენებ, რომ ნათესაობა შედარებას არ ნიშნავს და მხოლოდ ისეთ მსგავსებაზე მიუთითებს, რასაც არც ნიჭთანა აქვს რაიმე საერთო და არც სხვა რამ ღირსებასთან). არ ვიცი, ვეკუთვნი თუ არა იმ მწერლების რიცხვს (ასეთი მწერალი ძალიან ბევრია), რომლებიც მომწონს. ეგებ ვინმე ახერხებს (მე ამაში ეჭვი მეპარება) საკუთარ შემოქმედებას ობიექტური თვალით შეხედოს. მე ვერ ვახერხებ. ჩემი დამოკიდებულება ჩემი ნაწერების მიმართ ხშირ-ხშირად და გვარიანად მკვეთრად იცვლება, ამიტომ ხან მომწონს, ხან არა. არ ვიცი, როგორია ჩემი სტილი. ვიცი, რომ საკუთარი, ინდივიდუალური სტილი მაქვს, მაგრამ გამოწვლილვით ვერ გავაანალიზებ. საკუთარი თავის დახასიათება ძნელიც არის და სახიფათოც. თუმცა ორი თვისება შემიძლია დავასახელო: ერთი - მოკლედ წერა არ მეხერხება, და მეორე - ზედმეტად ვერთობი ავტორისეული მსჯელობით. ეს, ავია თუ კარგი, ჩემი ბუნებაა და, მართალია, ყოველთვის ვცდილობ ზომიერება დავიცვა, შეცვლით არაფრის შეცვლა არ შემიძლია. არ ვიცი, როგორი უნდა იყოს იდეალური მკითხველი (ყოველ შემთხვევაში, ისეთი ნიშნები არ ვიცი, რომ მოსაწყენად ტრაფარეტული არ იყოს). ერთი ის ვიცი, რომ კარგი მკითხველი ნდობით მოეკიდება ავტორს და საკუთარ მსოფლმხედველობას კითხვის დროს გვერდზე გადასდებს.

ეს - რაც არ ვიცი. ახლა - რაც ვიცი, ან, თუ გნებავთ, რაც მგონია, რომ ვიცი. ყოველი მწერლის ყოველი ნაწარმოები, გარკვეული აზრით, ავტობიოგრაფიულია, რადგან შემოქმედება, ალბათ, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი შინაგანი სამყაროს იგავური გაცხადება. სხვა საქმეა, რომ სულიერი ბიოგრაფიის გასამჟღავნებლად ზოგი მეტი ინტენსივობით იყენებს კონკრეტულ, რეალურ ბიოგრაფიას და ზოგი ნაკლები ინტენსივობით. მე ნაკლები ინტენსივობით ვიყენებ. არ გავურბივარ, მაგრამ არც საგანგებოდ ვეძებ. ამიტომ ვერ დავასახელებ რომელიმე ნაწარმოებს, რომელიც სხვაზე მეტად ავტობიოგრაფიული იყოს. საერთოდ, პირადი ცხოვრება, იქნება ეს ბავშვობის წლები თუ მომდევნო ხანა, ჩემთვის არავითარ შთაგონების წყაროს არ წარმოადგენს. იქიდან, რაც თვალით მინახავს და მეხსიერებას შემორჩენია, ჩემს ნაწერებში ყველაზე მეტად გეოგრაფიული გარემო აირეკლა. ჩემი შემოქმედების მთავარი პრობლემა ზნეობის პრობლემაა. პრობლემას მწერალი არ ირჩევს (ძალადობას ცუდი შედეგი მოაქვს), პრობლემა თვითონ ირჩევს მწერალს და ეს არჩევანი დამოკიდებულია ჩვენი ბუნების უღრმესსა და უმკვიდრეს ნიშნებზე. მე ჩემი ბუნებით, როგორც ჩანს, მორალისტი ვარ და ამას არაფერი ეშველება. ადამიანმა თუ საკუთარი ბუნების შეცვლა მოიწადინა, მისი ბოლო სიყალბე იქნება - ყველაზე უარესი რამ, რაც კი შეიძლება შემოქმედს სჭირდეს. ცხადია, ამგვარი ბუნებითი მორალისტობა იმას არ ნიშნავს, მწერლობა აღზრდის საშუალებად მიმაჩნდეს. პირიქით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელოვნებას არავითარი აღმზრდელობითი დანიშნულება არა აქვს იმ აზრით, რა აზრსაც პედაგოგიკა დებს ამ სიტყვაში (ასე რომ იყოს, კაცობრიობას მარტო სერვანტესი ეყოფოდა). სამაგიეროდ, ხელოვნება ჰუმანისტურია და მისი ძალა სწორედ ამაშია. ეს ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ამ ჭეშმარიტების გახსენება საჭიროა, ვინაიდან ზოგჯერ ჰუმანიზმი ხელოვანის ღირსება ჰგონიათ და არა ხელოვნების თვისება. სინამდვილეში „ჰუმანისტი მწერალი” ისეთივე ყაიდის გამოთქმაა, როგორც, ვთქვათ, „ორფეხა ადამიანი”. ჰუმანიზმი ხელოვნების უზოგადესი იდეური ფორმაა. ხელოვანი კი ამ ფორმას ავსებს. და თუ ისე შეავსო, რომ „ჰამლეტი” გამოუვიდა, ან „დონ კიხოტი”, მკითხველს უჩნდება კათარზისის შეგრძნება. ეს შეგრძნება ეფემერულია (მე არ მინახავს კაცი, ხელოვნების ნაწარმოებს ზნეობრივი ტყავი ერთი დაკვრით გამოეცვლევინებინოს), მაგრამ კვალს ტოვებს, რომელიც შეუმჩნევლად იხსნება სისხლში, არსის შემადგენელ ნაწილად იქცევა, გენეტიკურ კოდში იდება და თაობებში მუშაობს. ასე მესმის მე მწერლობის ზემოქმედების ძალა და აღმზრდელობითი დანიშნულება. შემოქმედებით პროცესში ორივე საწყისი მონაწილეობს, ცნობიერიც და არაცნობიერიც. ჩემი მოდელის მიხედვით, ხელოვნება დიდი სულიერი რხევის შუა წელშია, იქ, სადაც რელიგია და ფილოსოფია ერთმანეთში გადადის. სრული ჰარმონია - პოლუსების წონასწორობა და დოზების თანაფარდობა - ცენტრშია და პირადად მე სწორედ ეს მგონია შემოქმედისათვის საუკეთესო ადგილი. იქით და იქით, რელიგიის გავლენის სფეროში, თანდათან ძლიერდება არაცნობიერი საწყისი და შემოქმედიც მეტად და მეტადაა დამოკიდებული შთაგონებაზე, რომელიც აქ რეალურ სახეს იღებს (გალაკტიონის პოეზიაში, ჩემი აზრით, მეცნიერულ დონეზე შეიძლება ერთმანეთისაგან გაირჩეს შთაგონებით შექმნილი და შთაგონების გარეშე, მხოლოდ ტექნიკით, დაწერილი ლექსები). აქეთ, ცნობიერების საუფლოსაკენ, შთაგონება თანდათან განწყობად იქცევა. თუ ჩემზე ვილაპარაკებთ, ჩემში არაცნობიერს ცნობიერი სჭარბობს. მე, ასე ვთქვათ, გამოღმა ვარ და შთაგონებას „შორიდან ვიცნობ”. ჩემი „მეძებარი” განწყობაა, რომელიც, რამდენადაც საკუთარი გამოცდილებით ვიცი, აღზრდასაც ემორჩილება და დისციპლინასაც.

ჩემს ბუნებასა და ხასიათს ცოტ-ცოტა ყველაფერი გამოხატავს, რაც კი დამიწერია. ამ მხრივ გამორჩეული არაფერი მეგულება. ხოლო ეროვნულ ხასიათსა და ეროვნულ სულს მეტ-ნაკლებად (ჩემი შესაძლებლობის კვალობაზე) „ზებულონით” მივუახლოვდი. ისეთი ნაწარმოები კი, რომლის უკეთესს ვეღარ შევქმნი, ჯერ არ შემიქმნია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. საერთოდ, შემოქმედება, როგორც მე მესმის, არის საუკეთესო ნაწარმოების შექმნის ცდა, და თუ მწერალმა იგრძნო, რომ საუკეთესო უკვე შექმნა, თავისი მისია ამ სფეროში დამთავრებულად უნდა ჩათვალოს. განსხვავება ჩემს პირველსა და უკანასკნელ ნაწარმოებს შორის, ვფიქრობ, გვარიანია. პრობლემატიკაში, ალბათ, არავითარი განსხვავება არ არის. სამაგიეროდ სტილი ახლა უფრო მოწესრიგებულია, ტექნიკა უფრო დახვეწილია და, თუ თავს არ ვიტყუებ, მგონი, სიღრმეც ცოტა მეტია. ჩემი შეხედულება ისტორიული პროზის ენის შესახებ „ზებულონშია” გამჟღავნებული და, მოკლედ რომ დავახასიათო, დაახლოებით ასე გამოვა: თანამედროვე, მაგრამ არა დღევანდელი. მკითხველი არ შემყავს შესაბამისი ეპოქის ენობრივ გარემოში, მაგრამ იმას კი ვცდილობ, რომ დღევანდელი მეტყველების არეს გავარიდო, რათა თავი ისეთ ნეიტრალურ ფენაში იგრძნოს, სადაც ენის ისტორიულად ყველაზე მდგრადი ძარღვი გადის (რა თქმა უნდა, თუ ნაწარმოებში ენას სპეციფიკური სტილისტური დანიშნულება არა აქვს). ამიტომ „ზებულონში” არ არის (თუ არის, ეს ჩემი უყურადღებობის ბრალი იქნება) ის ახალი ლექსიკა, ის ახალი გრამატიკული კონსტრუქციები და ის ახლად ნასესხები სიტყვები, რომელთაც შეუძლიათ დღევანდელი ყოფის ასოციაცია გამოიწვიონ. ვერ ვიტყვი, თითქოს ახლა უფრო მიძნელდებოდეს წერა, ვიდრე ახალგაზრდობაში. ერთი კია: ახლა უფრო მეტს ვმუშაობ ფრაზაზე, მაგრამ ეს გაჭირვების ბრალი არ არის; ალბათ, იმის ბრალია, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გაიზარდა. საერთოდ, წერა არც ადრე იყო მაინცდამაინც იოლი და არც ახლაა. სამაგიეროდ სულიერად და ინტელექტუალურად ყოველთვის დაძაბული პროცესია და ხშირად სიხარულის მომნიჭებელიც. როცა, მაგალითად, ერთადერთ სიტყვას იპოვი, ანდა, როცა იგრძნობ, რომ სურათი, რომელსაც გონების თვალით მკაფიოდ და ნათლად ხედავდი, ადექვატურ სიტყვიერ ფორმაში მოაქციე, კაცს ისეთი განცდა გეუფლება, როგორიც შეიძლება დაეუფლოს ალქიმიკოსს, რომელმაც რკინის მადნიდან ოქრო მიიღო. ყოველნაირ მოდას, მათ შორის ლიტერატურულსაც, საკმაოდ ლოიალურად ვუყურებ, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, ზიანის მოტანა არ შეუძლია; ყოველ შემთხვევაში, იმდენი ზიანის მოტანა არ შეუძლია, რომ მისი გამაწონასწორებელი (თუ მეტი არა) სარგებელიც არ მოაყოლოს. წამოუბერავს ქარი - ხან ზენა, ხან ქვენა, - ბუღს დააყენებს, ფოთლებს აშლის და აათამაშებს, მერე ჩადგება, ბუღიც გადაივლის და ფოთლებიც ისევ ძირს დაეფინება. თითქოს ესაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში ქარს თან მცენარეთა მტვერი მოაქვს და სხვა მცენარეებს, რომლებიც ვინ იცის რამდენ ხანს ელოდნენ ამ ქარს, ანაყოფიერებს. მაგალითების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არა ერთი და ორი მწერალი იქნება ლიტერატურის ისტორიაში, ვინც სწორედ მოდის მძლავრი მოქცევის დროს იპოვა საკუთარი თავი, საკუთარი ჟანრი, საკუთარი სტილი, საკუთარი შემოქმედებითი დანიშნულება. ქვას, რომელიც მაგრად არის მოჭიდებული ფსკერს, დინება ვერ წაიღებს, იმათგან კი, რომლებსაც წაიღებს, ბევრს უკეთეს ადგილსამყოფელს მიუჩენს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ პიროვნული დამოკიდებულება მოდის მიმართ სხვაგვარი მაქვს. ვთქვათ, როცა ჩვენს ლიტერატურაში მითოსით გატაცების პიკი იდგა, იმ დროს რომ ეშმაკი შემჯდომოდა და მითოლოგიური ხმაური აეტეხა (არა მოდის გამო, არამედ ისე, უბრალოდ, იმის გამო, რომ, საერთოდ, ასეთი რამ გამორიცხული არ არის), ალბათ, არ გავუგონებდი და ცთუნებას თავიდან გამოვიბერტყავდი სწორედ იმ მიზეზით, რომ მოდაში იყო. ეს არამართებული საქციელია და მკაცრი შემფასებლის თვალში იქნებ არამართებულზე უარესიც, მაგრამ სუბიექტური სინამდვილე ასეთია და, თუნდაც დავმალო, მაინც ასეთი იქნება.

Arrow


Last edited by Admin on Fri May 29, 2020 8:54 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული

ვაჟა ხორნაული


Male
Number of posts : 1342
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyFri Jul 03, 2009 10:20 pm

ჯემალ ქარჩხაძე ბრწყინვალე მწერალია.სასკოლო პროგრამაში(მე-10 კლასი) შეტანილია მისი მოთხრობა ”იგი”.ბავშვები გაოცებულნი არიან მწერლის ღრმა ფსიქოლოიური წიაღსვლებითა და ოსტატობით...
ჯემალ ქარჩხაძე ყველასაგან განსხვავებული და განუმეორებელი ხელწერის შემოქმედია.
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Aza Mdinaradze

Aza Mdinaradze


Female
Number of posts : 18
Age : 117
Location : Tbilisi
Job/hobbies : educational project manager; teacher; interior desighner
Humor : rocky elephant
Registration date : 30.05.13

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptySat Jun 15, 2013 9:56 am

ჯემალ ქარჩხაძე მართლაც დიდი მწერალია. დასანანია, რომ მის ნაწარმოებებს არათუ მსოფლიოში, ჩვენშიც კი კარგად არ იცნობენ. გამიხარდება, თუ უფრო ხშირად თარგმნიან მის ნაწარმოებებს მსოფლიოს ხალხთა ენებზე.
Back to top Go down
http://azamdinaradze.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyTue Feb 05, 2019 7:52 pm


ვიხსენებთ ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას
შუადღე GDS / shuadge GDS
Published on May 12, 2016
13 მაისს ჯემალ ქარჩხაძის დაბადებიდან 80 წელი სრულდება. მწერლის, რომელმაც მნიშვნელოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობას შესძინა ქართველებს.
,,გვიან შუადღეში" ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას მის შვილთან, გია ქარჩხაძესთან ერთად ვიხსენებთ.

12.05.2016
©️ GDS

Exclamation

ჯემალ ქარჩხაძე

საკუთარი თავის შესახებ

ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ არავინ უწყის რა არის ადამიანის დანიშნულება... კარგახანია აღარსად ვმსახურობ და, დარწმუნებული ვარ, სწორადაც ვიქცევი, ვინაიდან სამსახური ჩემთვის ყოველთვის ბორკილები იყო. ზოგი სამსახურის გარეშე ვერ ძლებს, ხალხში ტრიალი და მუდმივი აქტიური ცხოვრება არა თუ არ ღლის, პირიქით, ენერგიით ავსებს და მხნეობასა და ხალისს მატებს. ზოგისთვის სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის არხია, ერთიცა და მეორეც სავსებით გასაგებია, მაგრამ მე, როგორც ჩანს, ადამიანის სხვა ტიპს მივეკუთვნები. ორ საქმეს ვერ ვათავსებ, რადგან ზომაზე მეტად მაქვს განვითარებული მოვალეობის გრძნობა და, ერთს რომ მივუჯდები, ტვინი ვერ ახერხებს მეორეს მოწყდეს. ვმუშაობ სისტემატურად. შეძლებისდაგვარად, ყოველდღიურად. ყოველდღიური მუშაობა, თუ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც გავითვალისწინებთ, შეუძლებელია, მაგრამ მე იმას ვგულისხმობ, რომ ვცდილობ ყოველდღიურად მივუჯდე ჩემს საწერ მაგიდას. ამას მაიძულებს თანდაყოლილი სიზარმაცე, რომელიც გამუდმებით კართან მყავს ჩასაფრებული და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდება, რათა უქნარობის სანეტარო ჭალაში შემიტყუოს... კონკრეტული სიუჟეტი ცხოვრებიდან არასოდეს ამიღია. ცხოვრებას ზოგჯერ მოულოდნელი ბიძგი მოუცია რაიმე დეტალის სახით, რომელიც მერე მოთხრობის დაწერის მიზეზი შექნილა (მზექალა მოთხრობიდან „მაღალი კაცი” ავტობუსის გაჩერებაზე დავინახე. გარეგნულად ისეთი იყო, როგორიც მოთხრობაში მყავს აღწერილი, ოღონდ ავტობუსში არ ამოსულა. მოთხრობა „გიგანტი” ერთმა დიდი ხნის უნახავმა ამხანაგმა შთამაგონა, რომელსაც შემთხვევით გადავეყარე და „გიგანტად” მომეჩვენა, თუმცა მერე დავრწმუნდი, რომ ბიძგი ყოფილა და არა გიგანტი, ან, შესაძლოა, ოდნავ, სულ ოდნავ წაიგიგანტებდა). ამგვარი დეტალი აუცილებელია (ჩემზე ვლაპარაკობ) და იგი ქუჩაშიც შეიძლება დაინახო, ტელევიზორშიც და საკუთარ თავშიც, ოღონდ წერის პროცესში, როგორც წესი, ძლიერ ტრანსფორმაციას განიცდის და ხშირად მისგან აღარაფერი რჩება. საერთოდ, მუშაობისას ბევრი რამ იცვლება, ზოგჯერ - ყველაფერი („ზებულონი” პირველი ჩანაფიქრის მიხედვით სულ სხვა რამ უნდა ყოფილიყო), ამიტომ წინასწარ არც ფორმაზე ვფიქრობ და არც ამბის განვითარების მკაცრ გეგმას ვადგენ. სანამ წერას შევუდგები, ზემოხსენებული დეტალის გარდა, ძალზე ზოგადად უნდა ვიცოდე ფაბულა და ფინალი, ოღონდ ერთიცა და მეორეც, ასე ვთქვათ, მხოლოდ სამუშაო ჰიპოთეზის მოვალეობას ასრულებს. ორი მოთხრობა სხვათა მონაყოლ სიუჟეტზეც მაქვს დაწერილი („მეთერთმეტე მცნება” და „ოპერაცია „დეიდა ტასო”) და აქაც ორივეში ბევრი რამ შეიცვალა („მეთერთმეტე მცნებაში” იდეაც კი). დაუსრულებელ ნაწარმოებს არავის ვაკითხებ. დასრულებულს, გამოქვეყნებამდე, თუ იშვიათ გამონაკლისებს არ ჩავთვლი (რასაც უფრო ადრეულ წლებში ჰქონდა ადგილი), მხოლოდ ოჯახის წევრები კითხულობენ, რომელთა უფლებამოსილება იმდენად დიდია, რომ ვეტოს დადებაც შეუძლიათ. სხვას არავის ვაკითხებ, ვინაიდან საკუთარ თავს ნაკლებად ვენდობი და მეშინია, ყველა შენიშვნას არ გამოვეკიდო და ყველაფრის გასწორება არ მოვინდომო - სამართლიანისაც და არასამართლიანისაც. ჩემი პირველი პუბლიკაცია - უფრო სწორად‚ პირველი პუბლიკაციები - შეიძლება მართლა იყოს გახსენების ღირსი. ძნელი სათქმელია, რა მეტია ამ ამბავში - კურიოზი‚ კომიზმი თუ ბანალური რეალობა - ყოველ შემთხვევაში ფაქტია‚ რომ ამ პუბლიკაციების მეშვეობით, ერთის მხრივ‚ ძალზე რელიეფურად გამოიკვეთა სწორედ დრო და ატმოსფერო თავისი ავითა და კარგით‚ ხოლო მეორე მხრივ მე ჩემი ლიტერატურული ცხოვრების დასაწყისშივე თითქმის ერთდროულად ვიგემე შემოქმედების სიტკბოცა და სიმწარეც. ეს ასე მოხდა: სამოციანი წლების დასაწყისში‚ როგორც იქნა‚ გავბედე და რამდენიმე მოთხრობიდან‚ რომლებიც უკვე დაწერილი მქონდა‚ ერთ-ერთი ჟურნალ „მნათობში” მივიტანე. პასუხისთვის რომ მივედი‚ მოთხრობა უკვე სტამბაში იყო. მაშინ არ ვიცოდი‚ რომ ასეთი რამ‚ როგორც წესი‚ არ ხდება და რომ ძნელი წარმოსადგენია‚ დამწყებ მწერალს უფრო დიდი წარმატება დაატყდეს თავს‚ ვიდრე ის‚ რომ მისი ნაწარმოები წაკითხვისთანავე დასაბეჭდად გაიგზავნოს. ასე იყო თუ ისე, რაკი ერთი მოთხრობა მომიწონეს‚ მეც ავდექი და კიდევ ორი მოთხრობა გავაქანე რედაქციაში. მართლაც ერთი მათგანი - სახელად „ისტორიული რომანი” - უახლოეს ნომერში გაუშვეს. ის რომ გამოქვეყნდებოდა‚ დაპირებისამებრ‚ მეორესაც გაუშვებდნენ. ერთი სიტყვით‚ დებიუტი ისეთი იყო‚ თავი რომ სიზმარში გგონია და გამოღვიძება აღარ გინდა. და სწორედ ამ დროს მოპირდაპირე პოლუსზეც ამოვარდა ქარიშხალი: გამოვიდა თუ არა ჟურნალი‚ ჩემი ნალოლიავები „ისტორიული რომანი” დაუყოვნებლივ მიწასთან იქნა გასწორებული. იგი მიწასთან იქნა გასწორებული გაზეთ „კომუნისტის” ფურცლებზე და მიწასთან იქნა გასწორებული კრიტიკოს ბესარიონ ჟღენტის მიერ. უფროსმა თაობამ იცის‚ რას ნიშნავდა ცალკე კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი‚ ცალკე გაზეთი „კომუნისტი” და ცალკე მათი ალიანსი -კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი გაზეთ „კომუნისტის” ფურცლებზე. ამიტომ მაინცდამაინც გასაკვირი არ არის (თუმც კი ჩემმა ახალგაზრდულმა მაქსიმალიზმმა მაშინ ჟურნალის რედაქციას ეს სიმხდალედ ჩაუთვალა)‚ რომ შემდეგი მოთხრობა არ დაიბეჭდა‚ ხოლო როცა მივაკითხე‚ ფრაზების ნაწყვეტებითა და მრავალწერტილებით გამომისტუმრეს („ახლა ეს... არა.... იქნებ სხვა რამე... მერე....” და სხვ.) და დასაბეჭდად გამზადებული მოთხრობაც უკან გამომატანეს. ასეთი გახლდათ დრო‚ ასეთი გახლდათ ატმოსფერო და ასეთები გახლდნენ ადამიანები‚ რომელთაც ხან აიძულებდნენ დროისა და ატმოსფეროს მორჩილნი ყოფილიყვნენ‚ ხან ვერა. ამის შემდეგ მთელს ჩემს ლიტერატურულ გზაზე არც ასეთი ტრიუმფი მიგემია (ერთი გამონაკლისის გარდა) და არც ასეთი მომაკვდინებელი კრიტიკა მიწვნევია. თუმცა სიკვდილით‚ უნდა გითხრათ‚ არ მოვმკვდარვარ. ჩემი მაშინდელი თავდაჯერება ისეთ სტადიაში იყო‚ არც გამარჯვებას შეეძლო გაებრუებია და არც დამარცხებას შეეძლო შეერყია. „მნათობიდან” წამოღებული მოთხრობა კი „ცისკარში” მივიტანე‚ სადაც თავი ისე დაიჭირეს‚ თითქოს გაზეთი „კომუნისტი” გამოწერილი არ ჰქონდათ‚ და დაბეჭდეს. მეც ამის შემდეგ „ცისკარში” დავიდე ბინა და ჩემი ლიტერატურული ცხოვრების დიდი ნაწილი იქ გავატარე. თუმცა კარგი ჩაი, ვერ დავმალავ, ძალიან მიყვარს, იდილიური ყოფა ვერანაირად ვერ წარმომიდგენია. როდესაც, ვთქვათ, მე და ჩემი შვილიშვილი ჩვენ-ჩვენს ინდივიდუალურ ცნობიერებას საერთო ჯამში ჩავუშვებთ ხოლმე და ერთმანეთში გავაზავებთ, ზოგჯერ ისეთ რამეს განვიცდი, რასაც შეიძლება ეწოდოს „სიხარულის დიდი წამი”. როდესაც სამუშაოში იმ ზომამდე ჩავეფლობი, რომ რეალობასა და წარმოსახვას შორის ზღვარი იშლება, ხშირად ისეთი გრძნობა მეუფლება, რასაც შეიძლება ეწოდოს „ჰარმონიის დიდი წამი”. მაგრამ არასოდეს ისეთი არაფერი განმიცდია, რომ სიტყვა „იდილია” მიესადაგოს. საკუთარი ნაწარმოებების კითხვა არ მიყვარს. იმდენი მუშაობა მიხდება კორექტურაზე, რომ მერე გული აღარ მიმდის. ერთადერთი გამონაკლისია „ბიძაჩემი იონა”, რომელიც ერთი-ორჯერ საჭიროების გარეშე წავიკითხე. მაგრამ, მე მგონია, არა იმიტომ, თითქოს მის მიმართ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდეს, უფრო, ალბათ, იმიტომ, რომ იონას ყველა ფათერაკი არ მიამბნია მკითხველისათვის და, ეტყობა, დროდადრო ამის მოთხოვნილება მიჩნდება. დედაქალაქის ატმოსფერო (როგორც ურბანისტული გარემო) არ მაწუხებს. მართალია, მირჩევნია, სადმე, პატარა ქალაქში ვცხოვრობდე, ან სულაც სოფელში, მდინარის პირას, მაგრამ ეს, უბრალოდ, სურვილია, არჩევანი, და მას ანტაგონიზმთან არაფერი აქვს საერთო. საზოგადოდ, ხელოვნებისა და ურბანიზაციის ანტაგონიზმისა მაინცდამაინც არა მჯერა. ხელოვანმა თვითონ თუ არ უმტრო თავს, ურბანიზაცია ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან მხატვრული სამყარო შემოქმედს საკუთარ თავში აქვს და მზერაც უფრო მეტად საკუთარ თავში უნდა ჰქონდეს ჩაბრუნებული. „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”, მართალი გითხრათ, ჩემთვის ჰიგიენის პროპაგანდა უფროა, ვიდრე სერიოზული დებულება, ფილოსოფიური ან ბიოლოგიური. პოპულარობა არასოდეს მიგრძვნია და, ვფიქრობ, ამგვარი ხიფათი არც მემუქრება, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ მყარი პრინციპები მაქვს საიმისოდ, რომ შეცვლით (მით უფრო ახლა, როცა ახალგაზრდობის წლები უკანაა) ან ცხოვრებაში ან შემოქმედებაში პოპულარობამ რაიმე შეცვალოს. პირველი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში წავიკითხე (ყოველ შემთხვევაში, რაც მეხსიერებას შემორჩა, როგორც პირველი), იყო „ილიადა”. ოღონდ მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს იყო არა „ილიადა”, არამედ „ილიადას” პროზად მოთხრობილი ვარიანტი. წიგნი ძველი იყო და ისეთი საინტერესო, კაცი კითხვით ვერ გაძღებოდი. განსაკუთრებით მხიბლავდა აიაქსი და პატროკლე. ცოტა უფრო გვიან, ქართული ლიტერატურის გარდა, წავიკითხე მარკ ტვენი, სერვანტესი, შექსპირი. მერე და მერე მრავალი დიდებული მწერალი აღმოვაჩინე, რომლებსაც მკითხველის გრძნობა-გონების დასაპყრობი თავ-თავიანთი, განსხვავებული იარაღი აქვთ, მაგრამ ამ სამეულის სიყვარული და პერიოდული მონატრება სამუდამოდ გამომყვა. უპირველესი ადგილი შექსპირს უჭირავს, რომლის მხატვრული აზროვნების მასშტაბები, ღვთაებრივი უბრალოება (ან, თუ გნებავთ, ღვთაებრივი დაუდევრობა), სილამაზის დაუოკებელი განცდა და ამავე დროს მიწაზე მკვიდრად დგომის საკვირველი უნარი პოლუსებს ისე ძალდაუტანებლად აერთებს, რომ ამაზე უფრო შორს წასვლა თეორიულადაც კი შეუძლებელი მგონია. ნაწარმოების პუბლიკაციის დროს განსაკუთრებულს არაფერს განვიცდი, რადგან ყველა მძაფრი ემოცია - იმედი, შიში, ყოყმანი, ეჭვი - უმთავრესად წერის პროცესში იხარჯება. რა თქმა უნდა, მაინტერესებს მკითხველის აზრი, მაგრამ ეს ინტერესი ისეთი მღელვარე არ არის, რომ საგანგებო აღნიშვნის ღირსი იყოს. ალბათ, პირველი პუბლიკაციების დროს უფრო მწვავე განცდები მქონდა, მაგრამ როგორი ხასიათისა იყო ეს განცდები, არ მახსოვს. დღეს ერთადერთი, რასაც ნამდვილად განვიცდი, რაზეც ნამდვილად ვფიქრობ და რაც ნამდვილად მაწუხებს, ეს არის, ბევრი იქნება თუ არა კორექტურული შეცდომა და მათ შორის იქნება თუ არა ისეთიც, რომ ტექსტის გაგება გააძნელოს. ბავშვობაზე ლაპარაკი ძნელია. მე‚ მაგალითად‚ თუ ზედაპირს არ გავცდებით, ჩემს ბავშვობაში იმდენი არაფერი მეგულება საინტერესო, რომ მოყოლად ღირდეს‚ ხოლო ზედაპირს თუ გავცდებით და სიღრმეებისკენ წავალთ‚ იქ‚ ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანის ბავშვობაში‚ იმდენი რამაა საინტერესოც‚ ღირსშესანიშნავიც‚ ტრაგიკულიც‚ კომიკურიც‚ პათეტიკურიც და ცრუპათეტიკურიც‚ ინტერვიუ ვერ დაიტევს. თუმცა‚ რაკი საშუალება მომეცა‚ თქვენის ნებართვით ორიოდე სიტყვას ბავშვობაზე არა‚ მაგრამ იმ გარემოზე კი ვიტყვი‚ სადაც ბავშვობა გავატარე‚ ვინაიდან ეს გარემო განსაკუთრებული და გამორჩეულია‚ და თუმცა ჩვენ ჩვევად გვაქვს საუკეთესო ეპითეტები დაუფიქრებლად ვფანტოთ მარჯვნივ თუ მარცხნივ‚ დარწმუნებული ვარ (სუბიექტური იდეალიზმის კანონებიც ჩემს მხარესაა), რომ ამჯერად ისინი სწორედ თავ-თავიანთ ადგილასაა ნახმარი. ასეა თუ ისე, ვეცდები ცნობიერ ენაზე ვთქვა‚ რასაც მთელი ბავშვობა გაუცნობიერებლად ვგრძნობდი. უწინარეს ყოვლისა‚ ეს იყო ამოუწურავი სილამაზე. თითქმის უსასრულო. სილამაზე‚ რომელიც პერმანენტულად იბადება‚ როგორც წყალი მდინარის სათავეში. შესაძლოა‚ სწორედ სიტყვა „სათავე” მიესადაგება ყველაზე უკეთ აქაურობას. აქ‚ მაგალითად‚ თუ სიჩუმეში კარგად ჩაიძირებოდით და გულისყურს გაიმახვილებდით‚ თავისუფლად შეგეძლოთ პრეისტორიის იდუმალი სუნთქვა გაგეგონათ; ღმერთები და ადამიანები აქ - ყოველ შემთხევევაში‚ ჩემი ბავშვობის დროს ნამდვილად ასე იყო - ერთსა და იმავე განზომილებაში ცხოვრობდნენ (არა იმის გამო‚ რომ ერთმანეთს ჰგავდნენ; ერთმანეთს არ ჰგავდნენ‚ პირიქით‚ ადამიანები უფრო ხშირად უღმერთოები იყვნენ‚ ხოლო ღმერთები არაადამიანურები‚ მაგრამ ჯერ იმდენად არ გაცალკევებულიყვნენ და იმდენად არ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს‚ რომ დამოუკიდებელი განზომილებები დასჭირვებოდათ); თუ აქაურ ორ მდინარეს‚ რომელთაგან ერთი ძალიან ცივია და მეორე ძალიან თბილი‚ აღმა შეუყვებოდით‚ უღრანი ტყეებისაკენ‚ ცივილიზაციის ისედაც ნამლევი კვალი მალე სულ წაიშლებოდა და ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდათ‚ თითქოს მდინარის კი არა, დროის სათავისკენ მიდიოდით; სიტყვა „ხედი” აქ შორს სცდებოდა თავის ჩვეულებრივ‚ სალექსიკონო მნიშვნელობას‚ ვინაიდან ლექსიკონის „ხედი” ფსკერს არ მოიცავს‚ აქ კი ყველგან ფსკერი ჩანდა. იქამდე‚ რომ‚ თუ გულით მოიწადინებდით‚ ცის ფსკერსაც დაინახავდით (ჩვენ‚ მაგალითად, არაერთხელ დაგვინახავს - მე და ჩემი ბავშვობის მეგობრებს). ზოგს შეიძლება ყოველივე ეს გადაჭარბებად მოეჩვენოს (უფრო‚ ალბათ‚იმ მიზეზით‚ რომ თავიანთი თვალით არ უნახავს), მე კი ასე მგონია ბევრი დავაკელი - თუ სიჩქარით‚ თუ მოუხერხებლობით‚ თუ ინტერვიუს სპეციფიკის გამო. საზოგადოდ, ბავშვობის გარემოზე, ჩვეულებრივ, ვამბობთ ხოლმე: „ჩემი ბავშვობა იმ გარემოში დარჩა”. ეს შაბლონური ფრაზა ალბათ სიმართლეა‚ მაგრამ ისიც სიმართლეა (ვინ იცის‚ უფრო მაღალი ხარისხის სიმართლეც)‚ რომ‚ როცა მივდივართ‚ გარემოც მიგვყვება და‚ როგორც ერთგვარი აურა‚ მუდამ თან გვახლავს. ყოველ შემთხვევაში‚ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე‚ მე ეს სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა და არგუმენტად ის ფაქტი მოვიტანო‚ რომ, საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია‚ ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები‚ რაკურსები და ვარიაციებია‚ ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ‚ ამ გარემოშია ჩაწებული. ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლოებების მუდმივი ძიება, მათი მიგნება და სინათლეზე გამოტანა. ადამიანის საიდუმლო ამოუწურავია, მაგრამ რაღაცის გამოაშკარავება შესაძლებელია. სწორედ ამოხსნილი საიდუმლოებებით განსხვავდება დღევანდელი ადამიანის თვალსაწიერი გასული საუკუნეების ადამიანთა თვალსაწიერისაგან. ოდესღაც ადამიანი ლაპარაკობდა ჯადოსნურ სარკეზე, მფრინავ ხალიჩაზე... ყველაფერი ეს გარკვეულწილად რეალობად იქცა: ადამიანმა გამოიგონა ტელევიზორი, საფრენი აპარატი... ასე რომ, საიდუმლოებების ამოხსნა შეიძლება, ამოწურვა კი არა.

Arrow


Last edited by Admin on Tue Mar 05, 2019 9:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyTue Feb 05, 2019 7:53 pm

ჯემალ ქარჩხაძე Jemal_17

ჯემალ ქარჩხაძე

ლიტერატურის შესახებ

თუ მწერალს საღი აზრის ღმერთი არ გაუწყრა და არ წარმოადგენინა, ვითომ უკვე სიღრმეთა ფსკერს მიაღწია და ბაჯაღლო ჭეშმარიტების მხატვრულ ზოდებს დაეპატრონა, ყველაფერი, რასაც დაწერს, ძიება და ვარჯიში იქნება. მხატვრული ლიტერატურა, თუ მკაცრად და პრინციპულად შევხედავთ, მარადიული თემებისაგან შედგება. მწერლობა სულიერი განვითარების მაგისტრალურ გზას მიჰყვება და კონკრეტულ ეპოქაში იმ მთავარ ნერვებს ეძებს, რომლებიც დროთა კავშირს ქმნის. მაგრამ მწერლობა სხვა არის და მწერალი - სხვა. მწერალი კონკრეტული ადამიანია კონკრეტულ ეპოქაში, უამრავი წარმავალი, დროებითი, სადღეისო პრობლემებით გარშემორტყმული. და თუ ალღო არ უღალატებს და დროის ორომტრიალში შეუცდომლად გაარჩევს წარმავალსა და მარადიულს, მარადიულს მხატვრულ ჭურჭელში მოაგროვებს, წარმავალს - თუ მისი მოგროვების საჭიროებასაც ხედავს - პუბლიცისტურში, ვინაიდან ყოველი მწერალი, მიუხედავად იმისა, მიმართავს თუ არა როდისმე ამ ჟანრს, მოწოდებით პუბლიცისტიცაა. თუ ვილაპარაკებთ ძალიან სერიოზულად (ან ძალიან არასერიოზულად), მწერალს ერთადერთი რამ მოეთხოვება: შედევრები წეროს. სად დაწერს, სულ ერთია. ამიტომ ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მწერალი „სპილოს ძვლის კოშკში” იცხოვრებს, გამოქვაბულში თუ ტრიბუნაზე. მთავარია, მოწოდებას და სინდისს არ უღალატოს. ყველას თავისი ხასიათი აქვს, თავისი მიდრეკილებები, თავისი ახირებანი. ზოგს დაგმანულ ოთახში ჯდომა უყვარს და ყურებში ბამბა აქვს დაცული, რომ გარეგანმა ხმაურმა მუზა არ დაუფრთხოს. ზოგი საგანგებოდ დადის ბაზარში, რომ ჭრელი ხალხის ჭრელი ყაყანით დაიმუხტოს და ენერგიით აივსოს. კაცია და გუნება (მე ჩემს საწერ მაგიდასთან განმარტოება მიყვარს). ლიტერატურულ (საერთოდ, შემოქმედებით) ცხოვრებას სიცოცხლისა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის სამი პირობა სჭირდება: სტაბილური ვითარება, საზოგადოება და თავისუფლება. სტაბილურობის გარეშე იგი უბრალოდ, ვერ იარსებებს, შემოქმედების საღი ყვავილი მხოლოდ მშვიდობიან ნიადაგზე შეიძლება აღმოცენდეს. ისტორიამ ამ დებულების დამადასტურებელი უამრავი მაგალითი იცის, რომელთა შორის ერთი ყველაზე მკაფიო - ალბათ, თავისი პარადოქსულობის გამო - მეცხრამეტე საუკუნის საქართველოა. პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლება მაშინ დაიწყო, როცა დამოუკიდებლობა დავკარგეთ, ხოლო პარადოქსის გასაღები იმაში, რომ ჩამკვდარი ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლებისათვის დამოუკიდებლობაზე უფრო მნიშვნელოვანი მშვიდობა ყოფილა. მწერალი, ჩემი აზრით, უწინარეს ყოვლისა, სწორედ თანამედროვეობას ეკუთვნის. ამ მოსაზრების დასტურია ის, რომ მწერალთა დიდზე დიდი უმრავლესობა, როგორც წესი, „თანამედროვეობაში” ასრულებს სიცოცხლეს და სამუდამოდ თავის ეპოქაში რჩება. ხოლო ვინც ეპოქის მიჯნას არღვევს და სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს, განაგრძობს არა იმის გამო, რომ მომავალს ეკუთვნის, არამედ იმის გამო, რომ მომავალსაც ეკუთვნის. ეპოქა არის სამშობლო დროში. სამშობლოს გარეშე კი, როგორც სივრცეში ვერ ივარგებს ადამიანი, ისე დროში ვერ ივარგებს. ყოველ შემთხვევაში, მე არ მეგულება მწერალი, გამიზნულად და გაცნობიერებულად მომავლისთვის ეწეროს და მიზნისთვის მიეღწიოს. მართალია, ხდება ხოლმე, რომ თანამედროვეები ვერ გაუგებენ შემოქმედს და ღირსეულ პატივს არ მიაგებენ (მაგრამ რა არის „ღირსეული პატივი”?), მაგრამ შემოქმედი ასეთ შემთხვევაშიც თავის თანამედროვეობას ეკუთვნის. უბრალოდ, მისი ქვეყანა ჩამორჩა ეპოქას.

არსებობს ხედვის კუთხე, საიდანაც ყოველგვარი მწერლობა ისტორიული მწერლობაა, რადგან ყველაფერი ისტორიაა. აწმყო, როგორც რეალური და, მით უმეტეს, აბსოლუტური წერტილი, არ არსებობს. იგი პირობითი და შეფარდებითია და რეალური ხდება მას შემდეგ, რაც ისტორიად იქცევა. ობიექტურად არსებობს მხოლოდ წარსული, რადგან მხოლოდ წარსულია ფიქსირებული. ამდენად, ისტორია არის არა რაღაც თავისთავადი და განყენებული რამ, არამედ აწმყოს რეალურობის შესაძლებლობა და დასტური. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მწერლობის დაყოფა თანამედროვე და ისტორიულ მწერლობად მხოლოდ ფორმალური ნიშნით თუ შეიძლება. ვისთვისაც შემოქმედება კომერცია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ყოველთვის წინაა. თუ მწერლობის დანიშნულება ადამიანის სულის კვლევაა, ჩვენი მწერლობა ქვეყნის ისტორიული ბედუკუღმართობის გამოისობით ამ სულს უმთავრესად მხოლოდ ერთი კუთხით - სამშობლოსთან მიმართებაში - იკვლევს, რის გამოც თვალსაწიერი შეზღუდული აქვს, ასე ვთქვათ, მისი ხის მხოლოდ ერთი ტოტი ისხამს. თქმა არ უნდა, ეს ნაკლია და სავსებით ბუნებრივია შინაგანი მოთხოვნილება იმისა, რომ ეს ნაკლი დაიძლიოს. მაგრამ აქ ერთი „დამამძიმებელი” გარემოებაა. თუ არ გვინდა სიმართლე ჩვენებურად მივჩქმალოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ მარტო ბედუკუღმართობის ბრალი არ არის ყველაფერი. პატრიოტულ მოტივში ჩვენ სარგებელიც ვიპოვეთ, თავშესაფარიც და ამოუწურავი შემოქმედებითი იმპულსიც, ამიტომ ზარების რეკვას, საჭიროება რომ გაივლის, მერეც არ ვწყვეტთ და ქვეყანას ვაყრუებთ. ჩემი მტკიცე აზრია‚ რომ მწერალი მწერალს წერაში ვერ დაეხმარება და მწერალი მწერალს საყრდენად ვერ გამოადგება. შედევრები გვამდიდრებს და გვწმენდს‚ მაგრამ არ გვასწავლის და არ გვწვრთნის. შემოქმედებას ამგვარი დანიშნულება არა აქვს.

Arrow


Last edited by Admin on Thu May 12, 2022 8:11 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyTue Feb 05, 2019 7:54 pm

ჯემალ ქარჩხაძე

ხელმწიფე-ენა

განსხვავებით ცხოველისაგან‚ რომელიც ორ განზომილებაში - დროსა და სივრცეში - ცხოვრობს‚ ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში - დროში‚ სივრცეში და ენაში. კითხვა: როგორ მუშაობს მწერალი ჯემალ ქარჩხაძე თავის სამუშაო ინსტრუმენტზე - ენაზე? ვის გამოცდილებას ეფუძნება, როგორ უღრმავდება სიტყვას? როგორ აღწევს იმ მოქნილობასა და სილაღეს, ასე რომ განასხვავებს ყველასგან. არავის გამოცდილებას არ ვეფუძნები‚ ჩემი გზით მივდივარ და ჩემს საკუთარ გამოცდილებას ვქმნი. საერთოდ‚ არა მგონია‚ ამ საქმეში სხვისი გამოცდილება კაცს დიდად გამოადგეს. ვისაც ენის ცოდნა უნდა‚ თავისი კერძო ბილიკი უნდა გაჭრას ენაში. ჩემი აზრით‚ ძირითადად, ასეც იქცევიან, ყველა საკუთარი გზით მიდის და საკუთარ გამოცდილებას აგროვებს; მართალია‚ ზოგჯერ ორი სხვადასხვა გზა ერთმანეთს შეეყრება და ერთმანეთს გადაკვეთს‚ შესაძლოა‚ რაღაც მონაკვეთი ერთადაც გაიარონ‚ მაგრამ ეს გამოცდილებათა გამოყენება არ არის‚ ეს შემთხვევითი შეხვედრაა‚ რომელიც არსებით კვალს არ ტოვებს. ეს გრძელი გზაა და‚ თუ მაინცდამაინც შეჯიბრმა არ გაგიტაცა და გულისყური არ გაგეფანტა‚ ამ გზაზე კაცმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლო. ერთ-ერთი პირველი (და მოულოდნელი) შთაბეჭდილება მას შემდეგ‚ რაც ენას საკმაოდ მიუახლოვდები და იგი შენს წინაშე წამით მთელ ჰორიზონტს დაფარავს‚ არის აზრი, რომლის ჭეშმარიტებას სადავოდ აღარასოდეს გახდით: ენა თურმე ის არ ყოფილა‚ რაც გვეგონა.

ადამიანი ენის შიგნით იმყოფება და ამგვარად‚ გარკვეული აზრით‚ თავადაა მისი შემადგენელი ნაწილი. შემადგენელ ნაწილს კი შეუძლებელია ობიექტური ცოდნა ჰქონდეს მთელის შესახებ. ყველა‚ სპეციალისტი თუ დილეტანტი‚ მხოლოდ წარმოდგენას იქმნის და შეხედულებას აყალიბებს‚ რომლებიც მეტ-ნაკლებად (მაგრამ აპრიორულად) სუბიექტურია. სუბიექტური‚ ცხადია‚ მაინცდამაინც მცდარს არ ნიშნავს. სუბიექტური უფრო ალბათ ობიექტურის ნაწილია‚ რომელიც კონტექსტიდან ამოღებულია და ცალკეა გამოტანილი‚ თუმცა ამის დადგენა საქმეს ვერ შველის. დღესდღეობით თამამად და ობიექტურად ენის შესახებ‚ ალბათ, მხოლოდ ის შეიძლება ითქვას‚ ზემოთ რომ უკვე ვთქვით: ენა ის არ არის‚ რაც გვგონია. განსხვავებით ცხოველისაგან‚ რომელიც ორ განზომილებაში - დროსა და სივრცეში - ცხოვრობს‚ ადამიანი ცხოვრობს სამ განზომილებაში - დროში‚ სივრცეში და ენაში. აქედან გამომდინარე კი‚ ალბათ‚ შეიძლება ენის ერთი - ცხადია‚ პირობითი და მიახლოებითი - განსაზღვრება ასეც ჩამოვაყალიბოთ: ენა არის ადამიანობის განხორციელების სპეციფიკური პირობა‚ ან - თუ ხატოვანებას ვარჩევთ - ღვთივ დანიშნული მეგზური ადამიანის დანიშნულების გზაზე. როგორც დროისა და სივრცის განზომილებას‚ ენის განზომილებასაც არსებობის ორი დონე აქვს: იდეალური და კონკრეტული. ენის იდეას - ეგებ უფრო სწორია ვთქვათ‚ ედემის ენას - გრძნობად სამყაროში მეტყველება შეესაბამება. მეტყველება უკვე დედა-ენაა და დედა-ენა - კონკრეტული დონის ენა - შეიძლება სამშობლოს ცნებას გავუტოლოთ. ვთქვათ‚ ასე: ჩვენი მიწა ჩვენი ყოფიერების სამშობლოა‚ ჩვენი ენა ჩვენი სულიერების სამშობლოა. მართალია‚ ჩვენში უფრო იქითკენ იხრებიან‚ რომ ენის ცნება კი არ გაუტოლონ სამშობლოს ცნებას‚ არამედ დაუქვემდებარონ, ამიტომ ურჩევნიათ დედა-ენა განსაზღვრონ‚ როგორც ეროვნული კუთვნილების გამოხატულება ან ეროვნული თვითშეგნების ერთ-ერთი პირობა‚ მაგრამ ეს შეცდომაა‚ რასაც საფუძვლად, გარდა სტიქიური მატერიალიზმისა‚ ის უდევს‚ რომ ჩვენი ფორმალური და ხშირად ალოგიკური პატრიოტიზმი ცნება „ეროვნულში” ისეთი რამეების ჩატევას ცდილობს‚ რაც არ ეტევა. სინამდვილეში ენა თავად არის „მესაკუთრე” და „ენობრივი კუთვნილება” არანაკლებ მაღალი რანგის ცნებაა‚ ვიდრე „ეროვნული კუთვნილება” (მშობლიური ენის ნოსტალგიაც ისეთივე ფაქტია‚ როგორც მშობლიური ქვეყნის ნოსტალგია‚ და ენის დაკარგვაც ისეთივე ტრაგედიაა‚ როგორც ქვეყნის დაკარგვა). თუ კონკრეტულად და წმინდა პრაგმატული კუთხიდან შევხედავთ‚ ენა‚ რა თქმა უნდა‚ სამუშაო ინსტრუმენტია და ჩვენ ყველანი მას ამ დანიშნულებით ვიყენებთ. გარდა ამისა‚ ენა კომუნიკაციის საშუალებაა და ჩვენ ყველანი მას ამ დანიშნულებითაც ვიყენებთ. მაგრამ ენა ინსტრუმენტია მხოლოდ იმ აზრით‚ რომ ინსტრუმენტიცაა, და კომუნიკაციის საშუალებაა მხოლოდ იმ აზრით‚ რომ კომუნიკაციის საშუალებაცაა. შედარება რომ მოვიშველიოთ‚ ენის ის ნაწილი‚ რომელიც ინსტრუმენტი და კომუნიკაციის საშუალებაა‚ მრავალქიმიანი ვარსკვლავის ერთი ქიმია. უაღრესად მნიშვნელოვანი‚ მაგრამ ერთი. ერთი ქიმის მიხედვით სხვა ქიმებზე ლაპარაკი ძნელია‚ თავად ვარსკვლავზე ლაპარაკი კი‚ საერთოდ‚ შეუძლებელია‚ ვინაიდან ვარსკვლავი‚ მოგეხსენებათ‚ ის არ არის‚ რაც მისი ქიმია. ეს ქიმი ცნობიერ არეში დევს და ასე თუ ისე შესწავლილია. ჩვენ ყველანი აქ ვცხოვრობთ‚ ამ ქიმზე‚ იგია ჩვენი ენა-სამშობლო და ამიტომ მას‚ ჩვეულებრივ, ვარსკვლავთან ვაიგივებთ. ეს ჩვენი ყოველდღიური მოხმარების ენაა‚ ჩვენი პრაქტიკული ლოგიკისა და პრაქტიკული რაციონალიზმის ენა‚ რომელსაც მიზეზ-შედეგობრიობა ქსოვს და გრამატიკა მართავს. ეს არის ჩვენი ყოფიერების „სახელმწიფო ენა”. ეს ისეთი სიბრტყეა‚ სადაც ენის კრიტერიუმი არის „სწორი” და იგი‚ შესაბამისად, მეცნიერების სფეროს განეკუთვნება. სამაგიეროდ ეს ის სიბრტყეცაა‚ სადაც ენა აზროვნებას ზედროული მოლოდინისაგან ათავისუფლებს (რაც იგივე თვითგანთავისუფლების აქტია‚ ვინაიდან ენა და აზროვნება ერთი ფურცლის ორი გვერდია და მათი დაცალცალკევება მხოლოდ იდეაშია შესაძლებელი)‚ რათა მასთან ერთად ადამიანი მანამდე უცნობი ჭეშმარიტების გზაზე გაიყვანოს. ერთი სიტყვით‚ ეს არის ენის ის ნაწილი‚ რომელიც „მოგვეცა”. დანარჩენი ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ. მოვიპოვოთ და არა შევიმეცნოთ. შემეცნება ადამიანის ერთი თანდაყოლილი თვისებათაგანია. ჩვენ ისე ვართ მოწყობილი‚ რომ რისი შემეცნებაც შეგვიძლია‚ მისი შეუმეცნებლობა არ შეგვიძლია. ასე რომ‚ ცნობისწადილი ადამიანს უეჭველად აიძულებდა ენის საიდუმლო გამოეკვლია‚ მაგრამ საქმე ისაა‚ რომ ეს გამოკვლევა იქნებოდა და არა ფლობა. ხოლო რაკი ადამიანი არა კომპიუტერული საპიენსია‚ არამედ ფაბერული საპიენსი‚ იგი ენის შემეცნებას ვერ დასჯერდებოდა‚ მას ენა უნდა შეესისხლხორცებინა‚ რათა ფაბერს განხორციელება შეძლებოდა. მაგრამ აქ ვარსკვლავის შედარება აღარ გამოდგება‚ იგი სხვა შედარებით უნდა შეიცვალოს. კერძოდ‚ ახლა ენა უნდა შევადაროთ ვეება დაბურულ ტყეს‚ რომელიც პატარა‚ მზიანი მდელოთი თავდება. სწორედ ეს მდელო‚ ტყის ეს პერიფერია‚ სადაც ტყე უკვე მთლად ტყე აღარ არის‚ ცვლის ახალ შედარებაში იმას‚ რაც ადრე ვარსკვლავის ქიმის სახელით მოვიხსენიე. ეს მდელოა ჩვენი ცხოვრების ასპარეზი‚ ხოლო მის უკან დიდი‚ უღრანი‚ იდუმალი ტყეა‚ სადაც მოუსვენარი ადამიანები დადიან‚ რათა გონებით კი არ ჩაწვდნენ ენის იდუმალებას, არამედ ერთიანად ჩაეფლონ ამ იდუმალებაში და საპიენსის ფაბერული მისტერია განახორციელონ. ყველა არა; ზოგს ის საკვები ჰყოფნის (ან ჰგონია‚ რომ ჰყოფნის)‚ რასაც მდელოზე შოულობს. თუმცა ასეთები‚ მე მგონი‚ ცოტანი არიან. უმრავლესობა აიკრავს ხოლმე გუდა-ნაბადს და ყოველ დილით დაადგება ტყის გზას. ნაწილი შორს არ მიდის. ეზარება. ან ეშინია. გასცდებიან თუ არა მდელოს‚ იქვე ჩეროში წამოწვებიან; ამიტომ ბევრს ვერაფერს შოულობენ. მხოლოდ გაბედულები‚ შეუპოვრები‚ ცნობისწადილით შეპყრობილები შედიან ღრმად და ღრმად‚ და რაც უფრო ღრმად შედიან‚ მით უფრო ამაღლებულები და გამდიდრებულები ბრუნდებიან უკან. ვისაც გაბედულების გარდა ერთგულებაც აღმოაჩნდება - ერთგულება უფრო დიდი განძია‚ ვიდრე გაბედულება - ადრე თუ გვიან შესაფერის ჯილდოსაც იღებს‚ რასაც ის ფაქტი ადასტურებს‚ რომ დიდ მწერალთა სიდიდე თუ მეტი არა‚ სანახევროდ მაინც, ენას ეყრდნობა. აქ‚ უღრანი ტყის დიდებულ იდუმალებაში ერთბაშად (და თავისი მოულოდნელობის გამო ზოგჯერ ცოტა საშიში სახით) ხორცს ისხამს ბანალური გამოთქმა‚ რომელშიაც უკვე დიდი ხანია შინაარსს აღარ ვდებთ და მხოლოდ ისე‚ ფორმალურად‚ ერთგვარ „სიტყვის მასალად” ვხმარობთ. ეს არის გამოთქმა „ენის გრძნობა”. სინამდვილეში ენის გრძნობა სავსებით რეალური რამ არის. მეტიც: სავსებით აუცილებელი რამ. ცოტა უხეშად და ცოტა სქემატურად რომ ვთქვათ და პრობლემას მხოლოდ ერთი მხრიდან შევხედოთ‚ ენის გრძნობა შეგვიძლია შევადაროთ მუსიკალურ სმენას: როგორც შეუძლებელია ოპერა სავალალო შედეგამდე არ მივიდეს‚ თუ მის ავტორს მუსიკალური სმენა არა აქვს‚ ასე შეუძლებელია რომანიც იმავე სავალალო შედეგამდე არ მივიდეს‚ თუ მის ავტორს ენის გრძნობა არა აქვს. თუ ცოტა ხედვის კუთხეს გავიფართოვებთ‚ ენის გრძნობა შეიძლება წარმოგვიდგეს‚ როგორც ენის ცოდნა გაუცნობიერებელ დონეზე‚ როცა შეგვიძლია გონების კონტროლზე ნაწილობრივ უარი ვთქვათ და სიტყვათა და ფრაზათა სტიქიასთან ნდობის უმავთულო კავშირი დავამყაროთ. უფრო სრულად კი ენის გრძნობა‚ ალბათ‚ მაშინ ხორციელდება‚ როცა ენის ურიცხვ სახეთაგან იმ ერთადერთს მიაგნებთ და მოირგებთ‚ რომელიც იმთავითვე თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის იყო განკუთვნილი. ეს ის ნახევრადრეალური ვითარებაა‚ რომლის საფუძველზეც ოდესღაც ითქვა და მერე მრავალგზის იქნა გამეორებული‚ რომ ყოველ მწერალს თავისი საკუთარი ენა აქვს. ეს დებულება ჭეშმარიტია და მხოლოდ ის შეიძლება დაემატოს‚ რომ თავისი საკუთარი ენა აქვს ყოველ მწერალს‚ ვინც ენის ის ერთადერთ ეგზემპლარად არსებული სახე იპოვა‚ რომელზედაც მისი სახელი იყო ამოქარგული (ეს დამატება იმის სათქმელად დამჭირდა‚ რომ თუ მწერალმა ურიცხვ სახეში თავისი ვერ იცნო და უგუნურებითა თუ პატიოსანი შეცდომით სხვა აიღო‚ ამას შედეგად მოჰყვება შეუთავსებლობა‚ სიყალბე და საბოლოოდ - ენის ორგულობა‚ რაც - ყოველ შემთხვევაში‚ ჩვენში - სამწუხაროდ‚ ფრიად გავრცელებული პარადოქსია). ასეთი მსჯელობა - სავსებით შეგნებული მაქვს - მთლად რეალისტური არა ჩანს‚ მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ‚ რომ ენა ადამიანს ეძლევა‚ როგორც წმინდა სუბიექტური ჭეშმარიტება‚ და ადამიანიც‚ თავის მხრივ‚ ენის პოზიციიდან ასევე წმინდა სუბიექტური ჭეშმარიტებაა. ენის გრძნობას მოძებნა არ სჭირდება. როცა დიდხანს დადიხარ ამ საკვირველ ტყეში‚ დიდხანს სუნთქავ აქაურ ჰაერს‚ რომელიც‚ ვიდრე შეეჩვეოდე‚ ძალზე სპეციფიკურია და ისე მოქმედებს‚ ირგვლივ ყოველივე ქაოსი გგონია‚ და მხოლოდ მერე და მერე‚ თანდათან აღმოაჩენ ამ „ქაოსის” ჰარმონიას‚ როცა დიდხანს უსმენ ფოთლების შრიალს‚ ჩიტების გალობას‚ ნაკადულების რაკრაკს‚ იგი თავისთავად იღვიძებს (ან იბადება. მე არ ვიცი‚ თანდაყოლილია ენის გრძნობა თუ რაიმე პირობების შესრულებაა საჭირო მისი მოპოვებისათვის)‚ იღვიძებს‚ როგორც მეგზური‚ რომელიც‚ თუ კაცს თვალი, ყური და გული გაქვს‚ ენის შესაბამის საშენო სახესაც გაპოვნინებს და ენასთან ურთიერთობის საშენო წესებსაც გასწავლის. ენას აქ სხვაც მრავალი ისეთი თვისება აქვს‚ რაც პერიფერიულ მდელოზე‚ სადაც იგი თვინიერი მსახურია და მსახურის შესაფერისი მორჩილებით ასრულებს თავის მოვალეობას‚ შეუმჩნეველია. ის „მორჩილი მსახური” აქ სამეფო ტახტზე ზის და‚ როგორც ყველა‚ ვინც სამეფო ტახტზე ზის‚ ერთსა და იმავე დროს მწყალობელიცაა და დაუნდობელიც. მწყალობელია ერთგულთა მიმართ‚ დაუნდობელია ორგულთა მიმართ. ეს ბანალური ფრაზაა‚ მაგრამ ის კი აღარ არის ბანალური‚ რომ ენა მკაცრად განასხვავებს ერთგულებასა და ერთგულების ნიღაბს. ენისთვის ერთგულია არა პირმოთნე, არამედ ის‚ ვინც სიმართლით ემსახურება‚ ხოლო ორგულია ის‚ ვინც სიმართლის გზას გადაუხვევს. ამიტომ ჩვენც‚ ვიდრე იდუმალ ტყეში შევალთ‚ რათა ენას მივეახლოთ‚ ჯერ მტვერი კარგად უნდა ჩამოვიბერტყოთ. ზემოთ ვთქვი‚ ენას ურიცხვი სახე აქვს-მეთქი. ეს ურიცხვი სახე ურიცხვი ნიუანსებით იქსოვება - ურიცხვი ფერებით‚ ურიცხვი ხაზებით‚ ურიცხვი ინტონაციებით‚ ურიცხვი შეხამებებით... მეორე მხრივ‚ ჩვენც‚ ყოველ ჩვენგანს‚ ჩვენი ხასიათი გვაქვს‚ ჩვენი სტილი‚ ჩვენი ფერი‚ ჩვენი მიდრეკილებანი. და თუ ზუსტად არ შეირჩა შესაბამისობა‚ თუ ჰარმონია არ დამყარდა ენასთან‚ თუ ზომა ზომას ვერ დავამთხვიეთ‚ ფერი ფერს და მნიშვნელობა მნიშვნელობას‚ ერთი სიტყვით, თუ ის ერთადერთი სახე ვერ ვიპოვეთ‚ რომელიც ჩვენს „ენობრივ ორბიტაზე” გაგვიყვანს‚ ჩვენ ყალბი ვიქნებით. სიყალბე ორგულობაა. ჩვენ ორგული ვიქნებით ხელმწიფე-ენისა და მის წყალობას ვერ ვეღირსებით.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyTue Feb 05, 2019 7:56 pm

ჯემალ ქარჩხაძე

შემოქმედების კანონი

ნიჭი იმ ფურცლის ცალი გვერდია‚ რომლის მეორე გვერდი ბიოლოგიური სიცოცხლეა. ნიჭი არის ადამიანის თვითრეალიზაციის ძალა‚ თვითრეალიზაციის გარეშე კი ღმერთისაკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. ადამიანის სულიერი აქტივობა მძლავრი ვულკანური რხევაა, რომელსაც ერთი ბოლო უკიდურეს მისტიციზმში აქვს გადგმული, მეორე - უკიდურეს რაციონალიზმში, ანუ, ამ რხევის ერთი მხარე რელიგიად იშლება, მეორე - ფილოსოფიად, ხოლო შუაში, იქ, სადაც რელიგია და ფილოსოფია ერთმანეთში გადადის, არის ხელოვნება. ეს სურათი ორგვარად შეიძლება აღიწეროს: ერთი - ხელოვნება რელიგია-ფილოსოფიის ფესვზეა აღმოცენებული, და მეორე - ხელოვნება თვითონაა ფესვი, რომელიც, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იზრდება რხევის ამპლიტუდა, ერთ მხარეს რელიგიაში გადადის და მეორე მხარეს ფილოსოფიაში. მაგრამ აღწერის არჩევანი უფრო პატივმოყვარეობისა და გემოვნების საქმეა, ამიტომ მთავარი არ არის. მთავარი ისაა, რომ ეს სამება, რომელიც სინამდვილეში ერთარსია, კაცობრიობის ყველაზე მაღალსა და წმინდა სულიერ გამოცდილებას მოიცავს. იგი კაცსა და ღმერთს შუა დგას და კაცს ღმერთისკენ მიუძღვის, ან, თუ ადამიანს შევადარებთ მრავალკუთხედს, რომელსაც გვერდების უსასრულო გაორკეცების გზით წრეხაზობისაკენ ლტოლვის იმპულსი აქვს მინიჭებული, სწორედ ეს სამება იქნება ის იმპულსი, რაც გვერდებს გაორკეცებას აიძულებს. დანიშნულებაც ეს არის და რაობაც. და ყოველი ხელოვანის მიზანიცა და გამართლებაც აქ უნდა იყოს. შემოქმედება რაციონალიზმის და ინტუიციის თანამშრომლობაა (როგორც წესი‚ ინტუიციის პრიმატით)‚ გნებავთ‚ ცნობიერისა და არაცნობიერის საზიარო ასპარეზი (სადაც „პირველი ვიოლინო”‚ როგორც წესი‚ არაცნობიერია). ამიტომ‚ თუ ლაპარაკი ჭეშმარიტ შემოქმედებაზეა‚ შემოქმედების ნაყოფი არ შეიძლება განზრახვას ანუ წინასწარ ჩანაფიქრს არ გასცდეს და „დაუკრეფავში” არ გადავიდეს. აქ ისიც სათქმელია, რომ „ჩანაფიქრიცა” და „განზრახვაც”‚ ცოტა არ იყოს‚ დაუზუსტებელი‚ ამორფული ცნებაა. ალბათ ძალზე იშვიათია ისეთი შემთხვევა‚ როცა მწერალი (შემოქმედი მწერალი მყავს მხედველობაში) თავიდან ბოლომდე ჩამოაყალიბებს ნაწარმოებს და ამის შემდეგ იწყებს მის ხორცშესხმას. ჩვეულებრივ, ჩანაფიქრი ბიძგია‚ დეტალი‚ ნაწილი‚ უკიდურეს შემთხვევაში‚ უზოგადესი ფაბულა. და თუნდაც ნაწარმოების მთელი ჩონჩხი უკვე იყოს მოცემული ჩანაფიქრში‚ სულ ერთია‚ ეს ჩანაფიქრი მაინც მცირე რაციონალური მარცვალია‚ ასე ვთქვათ‚ გონების საწყისი კაპიტალი‚ რომელიც მერე‚ წერის პროცესში‚ როცა ლოგიკა უკანა პლანზე გადადის და ასპარეზს ინტუიციას უთმობს‚ ისეთ შემოქმედებით გრიგალებში მოხვდება‚ რომ მისი პირველსახიდან ძალიან ცოტა რამ თუ გადარჩება შეუცვლელი და ხელუხლებელი. თუ შედარებას მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს არ წავუყენებთ და მეტისმეტ სიზუსტეს არ მოვთხოვთ‚ შეგვიძლია ვთქვათ‚ რომ ჩანაფიქრი რაციონალური თესლია‚ საიდანაც ირაციონალური პროცესების წყალობით ისეთი მცენარე აღმოცენდება‚ რომელიც გაცილებით მეტია‚ ვიდრე თესლი. ნაწარმოები გაცილებით მეტია‚ ვიდრე განზრახვა. უხეში და პრიმიტიული სქემის სახით პროცესი შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: ინტუიცია მოიხელთებს იდეას და ამ თავის ნადავლს გონებას გადასცემს. გონება აბსტრაქტულ იდეას ლოგიკურ ჩანაფიქრად ჩამოაყალიბებს და ისევ ინტუიციას დაუბრუნებს‚ რომელიც ამ ჩანაფიქრს ირაციონალურსა და არაცნობიერ შემოქმედებით „ხსნარში” გახსნის‚ სადაც მხოლოდ ემოციური კავშირები მოქმედებენ. ბოლოს საქმეში ისევ გონება ჩაერევა და შეეცდება ყოველივე ეს შეძლებისდაგვარად კვლავ ცნობიერ წესრიგში მოიყვანოს. რა თქმა უნდა‚ ეს მხოლოდ ერთ-ერთი მოდელია და არა საზოგადო წესი‚ მაგრამ ის კი საზოგადოა და გარდუვალი‚ რომ მწერალს (საერთოდ‚ შემოქმედს) ასე ვთქვათ‚ ცალი ფეხი ინტუიციაში უდგას‚ მეორე კი რაციონალიზმში‚ და ხან ერთს წადგამს წინ‚ ხან მეორეს. წინააღმდეგ შემთხვევაში - თუ ინტუიციურმა საწყისმა არ იმუშავა და მწერალი ტვინის ამარა დარჩა‚ შედეგი მართლა დაემთხვევა ჩანაფიქრს და ნაწარმოები გონების მიერ მონიშნულ საზღვრებს ვერ გასცდება‚ ოღონდ ასეთ დროს შემოქმედებასთან უკვე აღარა გვაქვს საქმე‚ ასეთ დროს საქმე გვაქვს ისეთი ყაიდის საქმიანობასთან‚ სადაც ინტუიციას ტექნიკა ცვლის და ყველაფერი წვრთნასა და გონების კონტროლს ექვემდებარება. აქვს თუ არა მწერალსა და მკვლევარს საერთო‚ ანუ‚ ცნებები რომ უფრო დავაზუსტოთ და გამოვკვეთოთ‚ აქვს თუ არა საერთო შემოქმედებასა და მეცნიერებას. ჩემი აზრით, სწორედ კვლევაა საერთო. ადამიანის ამოცანა (არა დანიშნულება‚ რომლის შესახებაც არა მგონია თავად ადამიანს რაიმე პოზიტიური პასუხი მოეპოვებოდეს‚ არამედ სწორედ ამოცანა) არის სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობა (რაც‚ არსებითად‚ ერთი და იგივეა). ყოველი ადამიანი რომელიღაც ზეგარადმო აუცილებლობით თავისი შესაძლებლობის კვალობაზე ამ ამოცანის ამოხსნას ცდილობს‚ ხოლო მეცნიერებასა და შემოქმედებას (ნაწილობრივ აგრეთვე რელიგიას) იგი თავის პროფესიადა აქვს ქცეული. ამიტომ მეცნიერის საქმიანობაცა და შემოქმედის საქმიანობაც ერთია - კვლევა. მაგრამ აქ მთავრდება კიდეც საერთო‚ ვინაიდან ამოცანის გადაჭრის გზები‚ საშუალებები‚ მეთოდები‚ იარაღები და ა.შ.‚ განსხვავებული აქვთ‚ ზოგჯერ დიამეტრულად განსხვავებულიც (მეცნიერება ობიექტურია‚ შემოქმედება - სუბიექტური, მეცნიერება ზოგადია, შემოქმედება - კერძო‚ მეცნიერება რაციონალურია‚ შემოქმედება - ინტუიციური‚ მეცნიერება უწყვეტია‚ შემოქმედება - წყვეტილი‚ მეცნიერება ევოლუციურია‚ შემოქმედება - იმპულსური‚ მეცნიერება პროგნოზირებადია‚ შემოქმედება - არაპროგნოზირებადი...), ერთი სიტყვით‚ თუ წმინდა იდეის დონეზე განვიხილავთ‚ მეცნირებასა და შემოქმედებას ამოცანის გარდა საერთო არაფერი აქვთ. თუმცა აქედან საბოლოო და გამოყენებითი დასკვნების გაკეთება სწორი არ იქნება‚ ვინაიდან პრაქტიკულად - ასე ვთქვათ‚ „ბუნებაში” - არც მეცნიერება არსებობს წმინდა სახით და არც შემოქმედება. როგორც კი საქმე აქტივობაზე მიდგება‚ ისინი ერთმანეთის სამოქმედო არეში იჭრებიან‚ რაც მეთოდების გარკვეულ გაცვლა-გამოცვლასაც იწვევს (სწორედ ეს მქონდა მხედველობაში‚ როცა გითხარით‚ შემოქმედება ინტუიციისა და რაციონალიზმის თანამშრომლობაა-მეთქი). მეთოდთა და იარაღთა ამგვარი გაცვლა-გამოცვლა ზოგჯერ ქმნის შთაბეჭდილებას‚ თითქოს განსხვავება არც ისე დიდი იყოს‚ მაგრამ ეს შეცდომაა. ამის ერთი ყველაზე მკაფიო დასტური სწორედ გამოთქმა „ბოლო მიღწევებია”‚ რომელიც მეცნიერებაში სავსებით ბუნებრივია‚ შემოქმედებაში კი - სრულიად გამოუსადეგარი. საქმე ის არის‚ რომ იგი ორი ასპექტისგან შედგება: ერთია ქრონოლოგიურად ბოლო‚ ხოლო მეორე - ისტორიულად საუკეთესო. და იმისათვის‚ რომ ამ გამოთქმას ჰქონდეს აზრი და არსებობის უფლება‚ ეს ორი ასპექტი ერთმანეთს უნდა თანხვდებოდეს. მეცნიერებაში თანხვდება კიდეც; მეცნიერება კოლექტიური მშენებლობაა‚ სადაც ყველა მშენებელი ერთი საერთო გეგმის შესაბამისად შრომობს‚ რის გამოც შენობა მეთოდურად მიიწევს მაღლა და ყოველ მოცემულ მომენტში განვითარების აპოგეაშია. მეცნიერი‚ ჩვეულებრივ‚ კი არ იწყებს‚ არამედ აგრძელებს და ამ თვალსაზრისით‚ შეიძლება ითქვას‚ წინამორბედთა მხრებზე დგას. ამიტომ, რა მწირი და ღატაკიც უნდა იყოს ეპოქა‚ მეცნიერების დონე ყოველთვის უფრო მაღალია‚ ვიდრე წინამავალ ეპოქაში იყო‚ ანუ‚ სხვანაირად რომ ვთქვათ‚ მეცნიერებაში გამოთქმა „ბოლო მიღწევები” სავსებით სამართლიანია‚ ვინაიდან მისი ორივე ასპექტი ყოველთვის‚ დროის ყოველ წერტილში, სახეზეა. შემოქმედების გზა სხვანაირია. შემოქმედება ობიექტური კანონებით არ იმართება. იგი იმპულსურია‚ ფეთქებადი‚ გარკვეული მიახლოებით შეიძლება ითქვას - ერთჯერადი‚ მასში ძალზე დიდია არაცნობიერი ნაკადი. ამიტომ რაციონალურ შესწავლასა და „ათვისებას” ბოლომდე არ ექვემდებარება. შემოქმედება რაღაც დოზითა და რაღაც დონეზე ყოველთვის გაუგებარია. იგი‚ შეიძლება ითქვას‚ „დახურული პროცესია” და ჰერმეტულ კალაპოტში მიედინება. ამიტომ შეუძლებელია‚ რომელიმე შემოქმედმა სხვა რომელიმე შემოქმედი საყრდენად გამოიყენოს (მხედველობაში არა მაქვს ეპიგონობა‚ რაც სულ სხვა რამაა). შემოქმედი სხვის მხრებზე ვერ დადგება. შემოქმედი მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდობა და საკუთარ გამოცდილებას აყალიბებს‚ რომელიც უნიკალურია‚ აბსოლუტურად დამოუკიდებელი და უკიდურესად სუბიექტური. აქედან კი იოლად გამოდის დასკვნა‚ რომ გამოთქმა „ბოლო მიღწევები” შემოქმედებას ვერ მიესადაგება‚ ვინაიდან, არა თუ ყოველთვის‚ ძალზე იშვიათად თუ მოხდება (კაცობრიობის მთელი ისტორია ამის დასტურია)‚ რომ ეს ასპექტები ერთმანეთს თანხვდეს. პირადად ჩემთვის - შემოქმედებაში‚ მოგეხსენებათ‚ გემოვნება ბატონობს და არა ობიექტური საზომი - ამ ასპექტთა უკანასკნელი თანხვედრა‚ როცა „ბოლო” და „საუკეთესო” გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ‚ მოხდა მე-16 საუკუნის დასასრულს და მე-17 საუკუნის დასაწყისში‚ როცა ეს ასპექტები შექსპირის შემოქმედებით ბადეში მოჰყვნენ (ხოლო თუ შექსპირის მასშტაბების სიღრმესა და სივრცეს გავითვალისწინებთ‚ შესაძლოა მეტად აღარც მოხდეს). ყოველი შემოქმედი თვითონ იგონებს საკუთარ ველოსიპედს. მაგრამ აქ ერთი ყურადსაღები გარემოებაა: ეს „ველოსიპედები” ერთმანეთის გზას არ კვეთენ და ერთმანეთს არ ეჯახებიან. შემოქმედი საკუთარ სამყაროს თავისუფალ განზომილებაში ქმნის და არა კოორდინატებით შემოღობილ სისტემაში‚ ამიტომ „ადგილს” ამ სიტყვის ფიზიკური გაგებით - თუნდაც აბსტრაქტული გრაფიკის გაგებით - არ საჭიროებს. აქედან გამომდინარე‚ შემოქმედებაში‚ განსხვავებით მეცნიერებისაგან‚ არც კონკურენციის კანონი მოქმედებს‚ რომლის თანახმადაც ორ სხვადასხვა სხეულს ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე ადგილის დაკავება არ შეუძლია. ამის მიზეზი ის უნდა იყოს‚ რომ მეცნიერებაში შეფასების კრიტერიუმია „სწორი”‚ შემოქმედებაში კი - „კარგი”. „სწორი” და „კარგი” რიგი თვისებებით დიამეტრულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგალითად‚ ერთ კითხვაზე ორი სწორი პასუხის გაცემა ალბათ შეუძლებელია‚ ორი კარგი პასუხის გაცემა სავსებით ბუნებრივია. ანდა ასე ვთქვათ: ორი სწორი თეორია ერთი და იმავე პრობლემის შესახებ ერთდროულად ვერ იარსებებს‚ ორი კარგი ლექსი კი ერთსა და იმავე თემაზე ერთმანეთს სავსებით არ უშლის ხელს‚ ვინაიდან „სწორი” სივრცე-დროის ცნებაა‚ „კარგი” კი განზომილების. ადამიანებს შორის მრავალი განსხვავება და მრავალი მსგავსებაა. არ არსებობს ადამიანი‚ რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენ ადამიანს არ ჰგავდეს‚ და არ არსებობს ადამიანი‚ რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენი ადამიანისაგან არ განსხვავდებოდეს. ასევეა ნიჭიც. არ არსებობს ნიჭი‚ რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენ ნიჭს არ ჰგავდეს, და არ არსებობს ნიჭი‚ რომელიც რაღაც ნიშნებით ყველა დანარჩენი ნიჭისგან არ განსხვავდებოდეს. ამ თვისებებს ემყარება მეცნიერებაცა და შემოქმედებაც. ოღონდ‚ მეცნიერება უმთავრესად ემყარება მსგავსებათა ჯაჭვს‚ ხოლო შემოქმედება - განსხვავებებს. ამიტომ‚ როცა შემოქმედებითი ვარსკვლავი დაიბადება და გეზს „შემოქმედებითი ცისკენ” აიღებს‚ ვერავითარი დაბრკოლება‚ ვერავითარი გრაფიკი და ვერავითარი ბოლო მიღწევა წინ ვერ დაუდგება‚ ვინაიდან იგი „განსხვავების” გზას მისდევს. შემოქმედს საკუთარი სამყარო „საერთო” შემოქმედებით სამყაროში არა აქვს საძებარი. შემოქმედს საკუთარი სამყარო დაბადებით დაჰყვება. და თუ მაინც ეძებს‚ ეძებს არა სამყაროს - თუმცა თვითონ შესაძლოა გულწრფელად ეგონოს‚ რომ საკუთარ სამყაროს ეძებს - არამედ კვარცხლბეკს‚ რომელზედაც ეს სამყარო ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდება. ასე რომ‚ თუ კაცს მომადლებული აქვს ნიჭი სიყვარულისა (სიძულვილის ნიჭის ჩათვლით) და ნიჭი სიყვარულის გამოთქმისა‚ მას თამამად შეუძლია გარემომცველი სამყარო განიხილოს‚ როგორც მისივე სამყაროს ანარეკლი‚ და ნიჭი, რომელიც მაღლით მიეცა და რომელიც თავისი ბუნებით აბსოლუტურად ინდივიდუალურია‚ მხოლოდ საკუთარი განზომილების შექმნაზე დააბანდოს. ასე შვრებოდა ყველა ჭეშმარიტი შემოქმედი. ასე იზამენ მომავალშიც. ასე იზამენ ყოველთვის‚ ვინაიდან ასეთია შემოქმედების კანონი.

---
ბიბლიოგრაფია: ჯემალ ქარჩხაძე - შემოქმედების კანონი, თბილისი: 2011


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyTue Mar 05, 2019 9:59 pm


ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი" თეატრის სცენაზე დაიდგა

შუადღე GDS / shuadge GDS
Published on Jul 3, 2015
ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა იგი თეატრის სცენაზე დაიდგა. მთავარი სათქმელი მოძრაობით, გამორჩეული მუსიკით, სცენოგრაფიით და მსახიობებთან ერთად სპექტაკლზე „დაკავებული“ თოჯინის საშუალებით გამოიხატა.

სტუმრად შუადღე GDS-ზე;
კახა ბაკურაძე - რეჟისორი
სანდრო ნიკოლაძე - კომპოზიტორი
ანუკა მურვანიძე - მხატვარი
იოსებ ბაკურაძე - ინსცენირების ავტორი

მსახიობები;
ხატია მანჯავიძე
ირაკლი ხოშტარია
თეა ბახტაძე

03.07.2015
©️ GDS TV


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyTue Mar 05, 2019 10:02 pm


წიგნის ემოცია – „ანტონიო და დავითი'' სტუმარი: ლია ურუშაძე

guriatv
Published on Apr 13, 2017
ქართველი პოსტმოდერნისტი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის მესამე ფილოსოფიური რომანი და გადაცემის სტუმრის მოულოდნელი ემოციები.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyThu May 12, 2022 8:38 am

მიხო მოსულიშვილი

მშვიდობით, ბატონო „იგი“
(ჯემალ ქარჩხაძის გამოსათხოვარი 1998 წელს)

თქვენ სახელი და დიდება არად გიჩნდათ. ამბობდით, რომ წიგნის დაწერა მხოლოდ მოვალეობა არისო, რადგან გწამდათ, კაცმა თუ რაიმე ცოდნა შეიძინა, იგი ვინმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება.
ეს თქვენი „ანტონიო და დავითის“ ერთი პერსონაჟის, ბართლომეოს აზრებია, თავად თქვენიც, რაღა თქმა უნდა.
თქვენი აღსასრულით მწუხარე თქვენს ნაწარმოებებს ვიხსენებ, თქვენი ლიტერატურული ხერეხებისა და ფინტების მთელ კასკადს, სასწაულებრივ „დრიბლინგს“ - აზრის ვირტუოზულ ფლობას და მის სრულ შესაბამისობას ენობრივ ფაქტურასთან – ლაღსა და ოდნავ დაძაბულ, მოქნილ სტილთან.
ვიხსენებ კი არა, ცხადად ვხედავ თქვენს ჩინებულ მოთხრობებსა და რომანებს: „რაჰათ-ლუხუმსა“ თუ „ბიძაჩემ იონას“, „ოპერაცია: „დეიდა ტასოს“ თუ „გუბეს“, „სოლომონიანსა“ თუ „სასწაულს“, „მაღალ კაცსა“ თუ „ისტორიულ რომანს“, „მდგმურს“, „ქარავანსა“ თუ „ზებულონს“, სხვასა და სხვას...
გაოცებული დავცქერი თქვენს ბოლო წიგნს, „იუპიტერის სინანულს“, გამაოგნებელი და თითქოსდა სადა, მაგრამ თავზარდამცემი ოსტატობით რომ არის შესრულებული – არ გინდა ასეთი ხელოვანებით წერა?!
სასიამოვნოდ განცვიფრებული ვარ ამ უკანასკნელი წლების თქვენი ნამუშევრით „განზომილება“, რომლის დასრულება ვეღარ მოასწარით; აქ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის არეული საქართველოს ისეთი მძაფრი სურათი შეგიქმნიათ, მხოლოდ თქვენ რომ ხელგეწიფებოდათ და ვაი, რომ სხვა ვეღარავინ დაწერს იმ ორ-სამ ფორმას, რომელიც ამ რომანს აკლია – ისევე, როგორც „ვენერა მილოსელის“ ხელებმომტვრეულ ქანდაკებას ვერც ერთი სხვა მოქანდაკე ვეღარ აღუდგენს ხელებს.
უფრო მეტად გულდასაწყვეტი კიდევ ისაა, რომ „განზომილებანი“, როგორც არაერთხელ გითქვამთ ჩემთვის, ტრილოგიის პირველ წიგნად იყო ჩაფიქრებული...
ნეტავ გაცოდინათ, როგორ მიმძიმს უგზო-უკვლოდ გადაკარგული სიტყვების მოძებნა და აქ მოყვანა...
თქვენ მეოცე საუკუნის შეჭირვებულ ადამიანს ხედავდით და ხატავდით მეტწილად, თუმცა არც ისტორიული პერსონაჟები გეუცხოებოდნენ; უფრო მეტიც, თქვენ პრეისტორიულ წარსულშიც ჩაიხედეთ მძლავრი, დაუბორკავი წარმოსახვით და ჩვენ, თქვენს ერთგულ მკითხველს „იგი“ დაგვანახეთ – პირველი სხვანაირი ადამიანი, პირველი პოეტი. სწორედ ასეთზე იტყვის ჰერმან ჰესე – პირველმა დაანება თავი ტოტიდან ტოტზე ხტუნვას და მიწაზე ჩამოვიდაო. ამგვარ ადამიანებს მიჰყავდათ კაცობრიობა წინ, პროგრესისკენ.
რაღა ბევრი გავაგრძელო, განსაკუთრებით და რაღაც სულ სხვანაირად მახსენდება თქვენი „იგი“ და კარგი მკითხველის წარმოსახვამ შეიძლება სულაც თქვენვე შემოგიტრიალოთ, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნოთ ეს გმირი.
იგი ცას უყურებდა და იგი ცა იყო, ზღვას უყურებდა და ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ტყე იგი იყო...
და აი, თქვენ - „იგი“ მარტო მიაბიჯებთ დიდი დაძინების ქარაფისკენ და ფიქრობთ: „ნუთუ, კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლიანად ქრება?“
ნელა მიდიხართ, გამართული, თავაწეული, ვალმოხდილი. ქარაფის წვერს ახალგახელილი დღის თვალი დაჰნათის. მკაფიოდ ჩანს ყოველი ბუჩქი, ყოველი ბალახი, მიწის ყოველი ნამცეცი.
ქარაფის წვერზე დიდი სინათლეა.
ნეტავი, რა დარჩება იგისგან, როცა ქარაფის წვერიდან გადაეშვება?
აი, ახვედით კიდეც.
სწრაფად შემობრუნდით, თითქოს რაღაცამ გიბიძგათ და ძალით მოგატრიალათ.
ქვემოთ, ბოლო ხესთან ჩვენ ვიცდით, თქვენი მკითხველი, ეგებ აქაც არის ზუ – თქვენი საქმის გამგრძელებელი...
...და უცებ ყველაფერი განათდება და სახით ჩვენსკენ შემობრუნებული უკან გადაგამთ ნაბიჯს, მერე კიდევ და ფეხი რომ ქვეშ მყარს ვეღარ იგრძნობს, უხმოდ იტყვით საკუთარ სხეულში:
„იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“.
ძალზე იშვიათად შემხვედრია სიკვდილისწინა ფიქრის ასე კარგად „მოსმენა“...
გემშვიდობებით, ბატონო „იგი“!..
თქვენი არ იყოს, წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი ანდა დამშეული ნადირი რომ ძვლებს გიღრღნიდეს.


წიგნიდან: „გედები თოვლქვეშ“, 2004


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyThu May 12, 2022 8:51 am

მიხო მოსულიშვილი

გაქვავებული ქალაქის პარაბოლა
(ორიოდე სიტყვა ჯემალ ქარჩხაძის „განზომილების“ თაობაზე)

„განა სანაკლიო – მსგავსად სტაბიუმისა და პომპეუსისა – ლავისა და ფერფლის სქელი ფენით, ვითარცა უხვად მოსული თოვლით, თანაბრად დაფარული, ათასჯერ უფრო ლამაზი არ იქნება, ვიდრე ეს ნაგავია, უკან რომ – შენ ნუ მიიხედავ, შენ წინ იყურე – მოვიტოვეთ!“
იონა კამკამიძე (პერსონაჟი).

სიტყვამ დაიწყო და სიტყვა დაასრულებს ყველაფერს, და შეიძლება ნიჭიერი მწერლის მიერ გამოსახულმა სიტყვიერმა ხატებმა თუ მწკრივებმა ხანდახან დაფარული გამოამჟღავნონ, გარდა ხილულისა, უხილავი და მოულოდნელი განზომილება აღმოაჩნდეთ – მერე უკანა რიცხვით იმის დადგენაც მოხერხდება, რომ ავტორს ამ ტექსტით თავისი აღსასრულიც უგუმანია...
თავის საბოლოო ინტერვიუში, რომლის დასრულებაც, ამ რომანისა არ იყოს, ვერ მოასწრო, ჯემალ ქარჩხაძე მეტყვის:
„ენის გრძნობა შეიძლება შევადაროთ მუსიკალურ სმენას: როგორც შეუძლებელია ოპერა სავალალო შედეგებამდე არ მივიდეს, თუ მის ავტორს მუსიკალური სმენა არა აქვს, ასევე შეუძლებელია რომანიც იმავე სავალალო შედეგამდე არ მივიდეს, თუ მის ავტორს ენის გრძნობა არა აქვს“.
ამ შეხედულების პოზიტიური დასტური თავად მწერლის ბოლო რომანი, „განზომილება“ გახლავთ, რომელიც, როგორც ავტორისგან მსმენია, ჩაფიქრებული იყო ტრილოგიად; აქედან პირველი წიგნი, სახელად „გვირაბი“, რომელიც ოთხ ვრცელ თავს მოიცავს („დეკადენტური დილა“, „კონცენტრაცია რიკოთზე“, „კვარცხლბეკი“ და „პირველი წიგნის დასასრული“) დამთავრებულია, ხოლო მეორე წიგნი ორი ვრცელი თავისგან შედგება: „სანაკლიო“ და „პრ. დიდებულიძე“; ამათგან ეს უკანასკნელი დამთავრებული არ არის. როგორც თვითონ ამბობდა, მეორე წიგნის დასრულებამდე სამ-ოთხ ფორმამდე, თუ მეტი არა, კიდევ იყო საჭირო.
საჭირო კი იყო, მაგრამ ვერაგი ავადმყოფობა აღარ აცლიდა, ღრღნიდა და აწამებდა, თუმცა მწერალი მაინც წინ მიდიოდა, რაკი, როგორც რომანის დასაწყისში – „დასაბამ სიტყვაში“ გვითხრა, - სხვა გზა არა ჰქონდა.
დაკვირვებული მკითხველი, რომლის ზუსტი რიცხვი მწერლის ანგარიშით ასოცდაექვსია (თავად გვარწმუნებს, რიცხვი შემოწმებულიაო და ჩვენც ნუ ვიკითხავთ, რანაირად დაითვალა!), თავად დარწმუნდება, რომ ვერაგ სენთან ბრძოლასა და კირთებას მწერლური ხმის ტონალობა ოდნავადაც არ შეუცვლია ბატონი ჯემალისთვის – კვლავაც ირონიულ-პაროდიული, ზოგჯერ გროტესკამდე მისული, წყალწყალა და ზედაპირულ იუმორს გვარიანად გაცდენილი, ოსტატის კარგად გამოზომილი ხელწერით ქმნიდა ამ თითქოს მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ურთულესი რომანის არქიტექტურას, რომელიც ულმობლად და მართლად ასახავს ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში საქართველოს თავზე დატრიალებული ტრაგიკომედიის მთელ არსს, სიღრმეს, სიგანეს, სიმაღლესა თუ მაცდუნებლად მოძრავ ჰორიზონტს – ვითომ თავისუფლებას, რომლის მოპოვებამ თუ ციდან ჩამოვარდნამ და დამხვდურთა შინაგანმა მოუმზადებლობამ უამრავი გარეგანი თუ შინაგანი კატაკლიზმი გამოიწვია, რასაც თავისთავად ვაი-პატრიოტული კოცონის აგიზგიზება მოჰყვა.
აი, როგორი ოსტატობით გამოხატავს ამ მდგომარეობას მწერალი:
„პატრიოტიზმის ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში კი, სადაც ნაკურთხი წყალი თავდაუზოგავად დუღდა, ყველაფერი ჩაიხარშა, აიზილა და აიფულხა. ფენები და ქანები ერთმანეთში აირია. წინანი უკან აღმოჩნდნენ და უკანანი წინ, მარჯვენანი მარცხნივ და მარცხენანი მარჯვნივ, ზემოთანი ქვემოთ და ქვემოთანი ზემოთ, აქეთურნი იქით და იქითურნი აქეთ. რაღაც ფსკერზე მიიწვა და რაღაც ფსკერიდან აიფხიკა. ლექი აიშალა და ყოველივე გაიჟღინთა. ქაფმა ნაღებობა მოინდომა და ნაღები აქაფდა. არეული მონასტერი კიდევ უფრო აირია და, თეთრისა და შავის გარჩევა შეუძლებელი შეიქნა, ვინაიდან შავი თეთრობას იჩემებდა და თეთრი, იმის შიშით, რომ შავად ჩათვლიდნენ, ვეღარ ბედავდა თქმას, თეთრი ვარო“.
მოკლედ, ამდენი პატრონის ხელში უპატრონოდ დარჩა მონასტერი და ამგვარ ყოფაში ჩავარდნილ მონასტერს ვინც ეპატრონებიან, მშვენივრად ვიცით...
თუ დავუკვირდებით, ისიც კი საინტერესოა, გვირაბის გადაკეტვის რამდენნაირ ვერსიას შემოგვთავაზებს ავტორი, ანდა როგორ იცვლება და ციმციმებს რომანის მთხრობელის, იონა კამკამიძის დისწულის სახელდება – იაკობი: სანდრა „ჟაკს“ ეძხის, კამბეჩა – „იაკო“-„იაკოპოს“, კაი ყმა – „დიეგოს“, აზამათ ლომგული – „ჯაკომოს“, თანაკლასელი მედეა – „იაშას“, ხოლო თავად ბიძია იო – „დიეგოს“.
რომანში გამოყვანილი ბევრი დასამახოვრებელი პერსონაჟის გვერდით, როგორნიც არიან: სალომე ერისთავი თავის მამიდებიანად, მთხრობელის დედ-მამა და დაიკო, ავტოგასამართი სახელოსნოს თანამშრომელი რომეო, - უფრო, ალბათ, ასტვაცუროვი, ვიდრე მონტეგი, შეიძლება მთლად რომეო ტერ ასტვაცუროვიც კი; სანაკლიოს ეროვნული მოძრაობის ლიდერები – ეგრეთ წოდებული პოლიტელიტა – კრეონტ წილოსანი; მისი საგანგები საქმეთა რწმუნებული, კარლო წუწუნავა; კუტუბიძე; დოქტორი ხერხეულიძე; სხვანი და სხვანი, კვლავაც შევხვდებით მწერლის მიერ წარმატებით ნაპოვნსა და ხორცშესხმულ პერსონაჟს – „ბიძაჩემ იონას“, რომელიც ზემოთმოხსენიებულმა იმ ასოცდაექქვსმა მკითხველმა უკვე შეიყვარა ამავე სახელწოდების მოთხრობიდან, 1987 წელს „მერანის“ მიერ გამოცემულ წიგნში „ანტონიო და დავითი“ – რომ არის დაბეჭდილი. აქვე ნაწილობრივ მოვასწრებთ უფრო საინტერესო პერსონაჟის – პრ. დიდებულიძის გაცნობას...
მოთმინება არ მყოფნის, ახლავე არ ჩამოგითვალოთ სანაკლიოში უფრო მეტად სახელგანთქმული პოლიტიკური პარტიები: „სანაკლიელ ქართლოსიანთა კავშირი“, „ლიბერალ-დემოკრატთა რადიკალური ფრთა“, „შავგვრემან ქალთა კავშირი“, რომელსაც შეუერთდა “მამალ ქალთ ასოციაცია“ და ეს ორივენი „წვეროსან ქალთა“ საბაზო გართიანებად იქცა; ყოფილ კომკავშირელთა ეროვნულ-პატრიოტული ძმობა – „კომკა“, რომელიც "სანაკლიელ ქართლოსიანთა კავშირს" შეუერთდა „ახალგაზრდა ქართლოსიანელის“ სახელით; „დემოკრატიული შტურმი“, იგივე „დემშტრუმი“...
„განზომილებაში“ ავტორი შემოგვთავაზებს ეროვნული მოძრაობის ლიდერების – შონიასა და კვაშალის ხელმძღვანელობით წიფის გვირაბის გადაკეტვის გამო კონცენტრირებული მგზავრების (ლამის მთელი საქართველოს) „აუდიორუქას“ სამ ფრაგმენტად – ეს ლოდინით გაბეზრებული ადამიანების უბრალო ლარაკი არ არის, ამ აუდიორუქით შეიძლება მთელი ქვეყნის სულიერი, ზნეობრივი და ფსიქიკური მდგომარეობის დადგენა, ისე კარგად არის მოსმენილი და ჩაწერილი. ხოლო მესამე ფრაგმენტში რომ წაიკითხავ: „ამ ლექსთსათხზეველ ენაზე რომ პროზას ვწერ, ეს გმირობა არაა, ბრატ?“, - შეუძლებელი გიორგი ბაქანიძე არ დაგიდგეს თვალწინ, თუკი იცნობდი.
თავად ავტორი ირწმუნება:
„ამ წიგნში სიმბოლოებს ტყუილად ნუ დაუწყებთ ძებნას, სიმბოლო მდინარის გაღმა მხარეა, მე კი მამულები გამორმა მხარეს მაქვს და შიგ ისეთი კოშკი მიდგას, საძირკველიდან სახურავამდე სადა და გამჭვირვალე აზრის აგურითაა ნაშენი“-ო, მაგრამ სწორედ ამ შეხედულების კონტრაპუნქტად, თუნდაც მის გასაუქმებლად, მთელი რომანის სიმბოლოდ თუ ხატად ქმნის ზღაპარს – „უფლისწული და ურჩხული“ (კლასიკუირ დაპირისპირება), რომელიც ხალხური ზღაპრისგან განსხვავებით გამიორჩევა თავისი გართულებული და კარგად მიგნებული აგებულებით – უფლისწული, რომელმაც სამყაროს გაღმა დარჩენილი ნაპრალი უნდა დაგმანოს, რადგან იქიდან ქვეყნიერების დამასნეულებელი შხამი ჟონავს, ორ ერთიმეორეზე გადაბმული გველეშაპის შიგანში განთავსებულ სხვადასხვა ქვეყნებში დადის და ცდილობს, შეაგნებინოს იქაურებს, რომ ურჩხულის შიგანში არიან და არა სინათლეზე, და ეს კირთება მანამდე გასტანს, ვიდრე არ გაწყდება ეს მოჯადოებული წრე, სანამ სინათლეზე არ გამოვა, რათა ხელდახელ შეებას და ჯერაც ცოცხალი ურჩხულების მოჭრილი თავები ზეაღმართულ ხელებში დაიჭიროს და ასე დადგეს წარმავლობის მთვლემარე მდინარეში; ხოლო ურჩხული მაშინ აღესრულება საბოლოოდ, როცა მისი წიაღიდან უკანასკნელი მფრთხალი კაცი გამოვა...
როგორც ვხედავთ, ამ ნაწარმოებში კვლავაც „სანაკლიო“ არის ასახული, ვითომცდა დასავლეთ საქართველოს ერთი ქალაქთაგანი, თუმცე ესეც ადვილი მისახვედრია: იმხანად, როცა ჯემალ ქარჩხაძის „განზომილება“ იბეჭდებოდა, „ცისკრის“ ერთი თანამშრომელი, იმ ასოცდაექვსი მკითხველიდან ერთ-ერთი, რომანის კორექტურის კითხვა რომ უწევდა, ქუთაისში მიდიოდა ავადმყოფის სანახავად და რომ შეეკითხნენ – სად მიდიხარო? – სანაკლიოშიო! – მიუგო. ასე იგივდება მკითხველის ცნობიერებაში რეალური და მოგონილი ქალაქი, თუმცა ეს გაიგივება დიდხანს არ გასტანს...
გამაოგნებლად მთავრდება რომანი, კი არ მთავრდება, მოულოდნელად წყდება...
დაახლოებით ისევე, როგორც გიტარის გაწყვეტილი სიმი გვავიწყებს მისგან გამოცემულ სმენის დამატკბობელ ბგერებს და სიმის აღსასრულზე ჩაგვაფიქრებს...
დასანანია გაწყვეტილი სიმი.
და მით უფრო დასანანია მწერალი, რომელიც სააქაოდან წავიდა და ბოლომდე ვერ მიიყვანა თავისი „გედის სიმღერა„, თუმც „გედის სიმღერად“ შესაძლოა მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული მოთხრობა – "მაგნოლიის ყვავილი, ანუ ბებია ანას გარდაცვალება" ჩაითვალოს, სადაც უფრო მეტად იგრძნობა და ჩანს კიდეც ის წინათგრძნობა, რომლის შესახებაც თავიდანვე მოგახსენეთ.
ისიც დასაშვებია, რომ ვისიმე ახირებულმა გონებამ მწერლის გარდაცვალება რომანის ფინალად ჩათვალოს – მწარე და ტრაგიკულ დასასრულად...
...და რომანს რომ წაიკითხავ, უგზო-უკვლოდ გამქრალი სიტყვების ადგილზე დაინახავ გაქვავებულ სანაკლიოს – თავისი ქუჩებით და სახლებით, მდინარითა და მცხოვრებლებით, გაჩერებული დროით – თითქოსდა იონა კამკამიძის ნანატრი ეროვნული ბუხარი, ანუ ვულკანი ამოქმედებულა და მსგავსად სტაბიუმისა და პომპეუსისა, ლავისა და ფერფლის სქელი ფენით, ვითარცა უხვად მოსული თოვლით, თანაბრად დაუფარავს, გაუქვავებია და ტრაგიკულად გაულამაზებია ქალაქი, რომელიც ისედაც უფსკრულში იყო გადაჩეხილი.
დასასრულს კი, იმ ასოცაექვს მკითხველს, რომელიც ყველაფერს ყურადღებითა და დაკვირვებით კითხულობს, რაც ყურადღებით და დაკვირვებით არის წასაკითხი, თავი უნდა დავანებო, ხოლო დანარჩენს კი იონა კამკამიხის სიტყვით მივმართო:
„ჩვენი საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, როცა ზეგარდმო მესაჭემ სამყარო ახალი სიჩქარეში გადართო, ადამიანმა უგუნურებითა და ქედმაღლობით ზურგი შეაქცია დამწერლობას, რის შედეგადაც გადაგვარების ხიფათი დაემუქრა, ვინაიდან დამწერლობა საკაცობრიო გენიის არა მარტო უმნიშვენლოვანესი ნაყოფია, არამედ ერთადერთი ნაყოფიც, რომელშიც ადამიანმა თავის ღვთაებრივი სახის გამომჟღავნება და აღბეჭდვა შეძლო. აქედან გამომდინარე, ვინც დამწერლობას ზურგი შექცია, მან საკუთარ ღვთაებრივ ბუნებას შეაქცია ზურგი და პირი ეშმაკისკენ ქნა“.
ასე რომ, მოდით, ისევ ჩვენი ღვთაებრივი ბუნებისკენ ვქნათ პირი და დაკვირვებითა და ყურადღებით წავიკითხოთ „განზომილება“...

1999 წლის მარიამობა.

მინაწერი:
ამ ჩანაწერს რომ ვათეთერბდი, ქარჩხაძეებთან დავრეკე, იმ ბოლო მოთხრობის სათაური დავაზუსტე, რომელიც უახლოეს ხანში მომცრო წიგნადაც გამოვა, თან მარიამობაც მივულოცე მწერლის ოჯახს. იმ ღამით ქალბატონ ლეილას სიზმარი ენახა – მწერლი მისულიყო, სამზარეულოში დამჯდარიყო, მეუღლისთვის მკტივანი ხელი ეჩვენებინა და შეეჩივლა: მუშაობა მინდა, მაგრამ ძალა აღარ შემწევსო...



Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyThu May 12, 2022 8:51 am


ჯემალ ქარჩხაძე
Sep 26, 2020

„მწერალს ერთადერთი რამ მოეთხოვება — შედევრები წეროს, სხვისი შედევრით მწერალი თავის შედევრს ვერ შექმნის“.

- ჯემალ ქარჩხაძე (1936-1998)

ბმული:
* https://youtu.be/8QuwM9y_LqM


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyThu May 12, 2022 9:00 am

ჯემალ ქარჩხაძე

მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება

ამ ამბავმა მაშინ გვარიანი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და არაერთი ჯანსაღი და არაჯანსაღი ვერსია წარმოშვა. ზოგი იმ ზომამდეც კი აიყოლია ფანტაზიამ, რომ შეეცადა ყველაფერი კოლექტიური ჰიპნოზით აეხსნა, რაც, ცხადია, აბსურდი იყო და, შესაბამისად, ახსნათა ჭრელსა და გრძელ რიგში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა; თუმცა ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ - ყოველივეს წვრილად და შეძლებისდაგვარად დალაგებით გიამბობთ, დასკვნა კი თქვენ თვითონ გამოიტანეთ.

ბებია ანა სრულყოფილი ბებია იყო, ლამის აბსოლუტური, რასაც განსაკუთრებით ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე დიდი თუ პატარა, გარეშე თუ შინაური, შორებელი თუ ახლობელი ყველა „ბებიას“ ეძახდა, ეს კი ამ სფეროში უმაღლესი წოდებაა (ისე, როგორც, ვთქვათ, სამხედრო სფეროში „გენერალისიმუსი“). ისეთ შეფარდებითსა და დუალისტურ სამყაროში, როგორიც ჩვენია, თქმა არ უნდა, „ყველა“ მთლად ზუსტად არასდროს უდრის ყველას; ჩვენი სანათესაო, მაგალითად, იმოდენაა, ასე თუ ისე ხალვათად რომ დავეტიოთ, ერთი საშუალო ზომის დაბა დაგვჭირდება. ამდენ ხალხს (აღარაფერს ვამბობ არასისხლისმიერ ნათესავებზე - მეზობლებზე, მეგობრებზე, მტრებზე) ძნელია რაიმე ისეთი საერთო თვისება მოუძებნო, უკლებლივ ყველას მოერგოს. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, არც „ბებია ანას“ შეიძლებოდა ყოვლისმომცველობის პრეტენზია ჰქონოდა; ის კი არა, ერთი-ორი ბავშვობის მეგობარი, დანამდვილებით ვიცი, სულაც „გოგოს“ ეძახდა, მაგრამ ამნაირ გამონაკლისებს სხვა ფუნქცია აკისრიათ და ისინი სათვალავში ჩასაგდები არაა, მით უფრო, რომ სოფელ ეწერში, სადაც ბებია ანამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა, მართლა უკლებლივ ყველა „ბებია ანას“ ეძახდა, მათ შორის ბაბუა დევიც, რომელსაც თავად, თუმც მეტრიკისა და სხვა ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით სწორედ „დევი“ ერქვა, ვინაიდან გადმოცემის თანახმად დიდი და ბანჯგვლიანი დაბადებულა, არც „დევს“ ეძახდა ვინმე და არც „ბაბუას“, ყოველ შემთხვევაში, მე არასოდეს გამიგია ვინმეს მისთვის „სპირიდონის“ გარდა სხვა რამ დაეძახოს. ისე, დევს მართლა არ ჰგავდა. ადრე არ ვიცი და ჩემს მახსოვრობაში ყოველთვის ტანმორჩილი და გალეული იყო, დიდრონი, პარტყუნა ყურები ჰქონდა, ხშირი წითური წარბები, მეჩხერი წითური თმა, მუდამ გაუპარსავი წითური პირისახე და საწყალობელი - რაღაც ნიშნის მიხედვით ასევე წითური - მზერა. მაგრამ ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი კი, რაც იმ ზაფხულს მოხდა, ბებია ანას გარდაცვალება იყო.

ბებია ანა გარდაიცვალა ივნისის თოთხმეტში, სამშაბათ დღეს, საღამოს სიგრილეზე, როდესაც დასავლეთის დიდი, მეწამული მზე ის-ის იყო გადასცდა ირმის ქედს და თავქვე დაეშვა. ამ ამბავში, ცხადია, მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვინც იბადება, კვდება კიდეც. ზოგი ადრე კვდება, ზოგი გვიან. ბებია ანა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ გარდაცვალებამდე სწორედ ერთი კვირის წინ ოთხმოცდაექვსის შესრულდა, თამამად შეიძლება ითქვას, არც მეტისმეტად დაყოვნებულა - ზოგი ხომ ისე მოიტოვებს უკან ას წელიწადს, ერთ წარბს არ შეიხრის - და არც მეტისმეტად აჩქარებულა, უბრალოდ, დინებას მიჰყვა; ამიტომ ნელ-ნელა, მეთოდურად, საგანთა ბუნების შესაბამისად აკლდებოდა სითბო, რის საკომპენსაციოდაც ბოლო ხანებში ყოველ წელიწადს თითო ფენა ტანსაცმლის დამატება უხდებოდა. ბოლოს დადგა დრო, როდესაც ეს ზეგარდმო, მაგრამ ლიმიტირებული სითბო გამოელია, ტანსაცმლის ფენებმაც თავიანთი მოკრძალებული შესაძლებლობანი ამოწურეს და ბებია ანა აღესრულა; ბებია ანამ კეთილად და, რამდენადაც ცნობილია, მშვიდობიანად განვლო წუთისოფლის უდაბნო და წავიდა.

მაისის მიწურულს და ივნისის დამდეგს ჩვენი ძველი სახლი სოფელ ეწერში - ვეებერთელა, უსახური და საყვარელი - ჩვეულებრივ, წვრილფეხობით ივსებოდა ხოლმე. მიზეზი ამისა ის გახლდათ, რომ ამ დროს სკოლები, ჯოჯოხეთის ეს საგანმანათლებლო ფილიალები, დროებით იხურებოდა და პატარა ცოდვილებს - გამოფიტულებსა და გამოთაყვანებულებს - მშობლები სარეაბილიტაციოდ სოფელში გზავნიდნენ. ყველას, ცხადია, ვერა. ზედა კლასების ბიჭებს, მაგალითად, გული, გონება და კიდევ რაღაც, რაც სიტყვით არ გამოითქმის, თანდათან ზღვისკენ მიუწევდათ, სადაც შიშველ ბარძაყებსა და თითქმის შიშველ ბარძაყებზემო რეგიონთა ანდამატურ უფსკრულებში უკვალოდ ინთქმებოდა მთელი მათი მსოფლმხედველობრივი საყრდენები - ფილოსოფიურიც, რელიგიურიცა და რელიგიურ-ფილოსოფიურიც - და ამ ნიადაგზე თვალები ისე უელავდათ, ამის შემხედვარე მშობლები, რომლებთაც, ვინ იცის, მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ამოშლილი საკუთარი ახალგაზრდობა, ზოგჯერ იძულებული ხდებოდნენ დათმობაზე წასულიყვნენ. დიახ, ეს ასე იყო, მაგრამ ჩვენ ბევრნი ვიყავით - თორმეტი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი; რამდენიმე საცოდავი დეზერტირის დაკლება რას დაგვეტყობოდა! ბებია ანას ხუთი შვილი ჰყავდა (რაც, ცხადია, სპირიდონის გარეშე ვერ მოიაზრება და თუ მე მაინც მარტო ბებია ანას მოვიხსენიებ ხოლმე, ამის მიზეზი საოჯახო ტრადიციაა, რომელსაც ვემორჩილები, ვინაიდან ვერ გავექეცი): ბიძია ანდე, მამაჩემი, ბიძია აკაკი და ორი მამიდა - ნატო და გურანდა. ბიძია ანდე მაშინ უკვე სამი შვილის მამა და სამი შვილიშვილის ბაბუა იყო და, თუ დალის არ ჩავთვლით, რომელიც სწორედ იმ წელიწადს სამედიცინო ინსტიტუტს ამთავრებდა, მთელი ოჯახით სოფელში ცხოვრობდა. გაზაფხულის დამლევს და ზაფხულის დასაწყისში ამათ კიდევ ცხრანი დავემატეთ, მათ შორის ორივე მამიდა. ამ მარტივი არითმეტიკიდან, ვფიქრობ, ნათლად უნდა ჩანდეს, თუ რა ხმაურიანი იყო ივნისი ჩვენს ძველ, უსახურ სახლში.

ძველი, როგორც ბუნების წესია, ჩვენი სახლი ნელ-ნელა გახდა, დროთა განმავლობაში, უსახური კი ეტყობა იმთავითვე იყო. სიგანეში ზედმეტად ვიწრო, ხოლო სიგრძეში ზედმეტად გრძელი (ახლა კირით შეთითხნილი პირველი სართულიც წარმოიდგინეთ), იგი უზარმაზარ ბოსელს უფრო ჰგავდა, ვიდრე სახლს, სადაც ჩვენისთანა ღირსეული და ერთ დროს მთელი სოფლის მიერ აღიარებული გვარი ცხოვრობდა. მეორე სართული - წაბლის ხით ნაგები - ცოტათი უკეთესი იყო. მაგრამ მხოლოდ ცოტათი. ეს ცოტა იმაში გამოიხატებოდა, რომ წინ, სამხრეთის მხარეს, მთელ სიგრძეზე განიერი აივანი გასდევდა, რომელზედაც წვიმიან ამინდში, როდესაც ეზოში გასვლა შეუძლებელი იყო, თავისუფლად ხერხდებოდა ერთდროულად ორი საფეხბურთო მატჩის გამართვა. სახლს ირგვლივ ნახევარი ჰექტარი მიწა ეკრა. ზემოთ, დამრეც და მზიან ფერდობზე, ბებერი ვენახი იყო, რომელიც იმ დროს უკვე თითქმის აღარ ისხამდა, ხოლო ქვემოთ, მოვაკებულზე - სიმინდის ყანა, ხეხილი და ბოსტანი. სახლის ზედა მარჯვენა კუთხესა და ვენახს შორის (უფრო სახლის, ვიდრე ვენახის სიახლოვეს) მაგნოლიის ხე იდგა. ვინ დარგო, როდის და რა მიზნით - დღეს აღარავინ იცის. გარდა აივნისა, ამ ძვირფას სახლს კიდევ ერთი ღირსება ჰქონდა. ეს იყო ოთახების ურიცხვი რაოდენობა, რაც საშუალებას იძლეოდა დამალობანას თამაშს მაქსიმალურად დაძაბული, რთული და საინტერესო (დაღამების შემდეგ კი ჩვენთვის - ქალაქიდან ჩამოსულთათვის ცოტა მომნუსხველად საშიშიც) სახე მისცემოდა.

მთელი ეს უძრავი ქონება სპირიდონს ერგო მემკვიდრეობით. დანარჩენი და-ძმები - სულ შვიდნი ყოფილან - ადრევე გასულან და თავიანთი წილიც გაუტანიათ. თვითონ სპირიდონი ბებია ანას ერგო და ამ ზეციერ-მიწიერი კავშირის შედეგად მალე იმდენი შევიქენით, ჩვენც რომ მოგვეწადინებინა ქონების დანაწილება, სულზე ალბათ ორ-ორი ფიცრისა და ორ-ორი ხარდნის მეტი არ შეგვხვდებოდა. საბედნიეროდ, საქმე დანაწილებამდე არ მისულა. დაინტერესებულ მხარეთა შეთანხმებით ყველაფერი ბიძია ანდეს დარჩა, რაც ბრძნული გადაწყვეტილება გამოდგა, ვინაიდან - ამაში შარშან დავრწმუნდი, როცა დიდი ხნის განშორების შემდეგ ერთხელ კიდევ მომიხდა ეწერს ჩასვლა - ბიძია ანდეს ძველი სახლი დაენგრია და ახალი აეშენებინა, ძველი ვენახი აეჩეხა და ახალი ჩაეყარა და, საერთოდ, ისე შეეცვალა იქაურობა, თუ სევდა გულს არ შეგიკუმშავდათ, ცქერით ვერ გაძღებოდით.

ეს - შარშან. მაშინ კი, იმ ტკბილადმოსაგონარ ხანაში ყველაფერი ისე იყო, როგორც გითხარით, და დროდადრო ჯერ კიდევ ყველანი ერთად ვიყრიდით თავს მამაპაპეულ ბოსელში.

ოღონდ ეს არის, იმ ზაფხულს ბებია ანა გარდაიცვალა.

ამდენი პატრონის ხელში სახლის მოვლა - თანაც ამხელა სახლის - სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ამიტომ ბოლო ხანებში სამომხმარებლო აქცენტი მთლიანად ქვედა სართულზე იქნა გადატანილი და იმ დროისათვის, რომელზედაც ლაპარაკი მაქვს, საცხოვრებლად და, შესაბამისად, გარდასაცვლელად მხოლოდ ქვედა სართული იყო ასე თუ ისე მომარჯვებული. ბებია ანაც ქვედა სართულზე გარდაიცვალა ვრცელი სამზადის მიმდებარე პატარა ოთახში იმ დროს, როდესაც ყველა უფროსი, სპირიდონისა და ბიძია ანდეს ჩათვლით, შინ იყო. შინ იყვნენ პატარებიც. და მხოლოდ ოთხი შედარებით მოზრდილი ბიჭი (ბიძია ანდეს ლადო, მე, ბიძია აკაკის დათუნა და მამიდა გურანდას გიო) „გორაზე“ ვიყავით წასული სათამაშოდ.

„გორა“ ხშირი ტყით შემოსილი პატარა მთაა, რომელსაც წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს. კონუსის თავი წარმოადგენს მოზრდილ ყვავილოვან მდელოს, რომელიც ლამაზიცაა და ნებისმიერი თამაშისათვის მოსახერხებელიც, თუმცა მე იგი სხვა რამის გამო უფრო მიყვარდა - აქედან რომ გადავიხედავდი, მთელი ქვეყანა თითქოს ფიანდაზად მქონდა ფეხქვეშ გაშლილი, და თუ ამ ქვეყანას ერთხანს მდუმარედ დავაცქერდებოდი, ტანში ზოგჯერ რაღაც ზეგარდმო, ამბიციური და საამო ჟრუანტელი მივლიდა.

მოისმა თუ არა კივილი, ლადომ მაშინვე თქვა, ბებია ანა მოკვდაო, და მისი ნათქვამის სისწორეში ეჭვი არავის შეგვიტანია, ვინაიდან, ჯერ ერთი, ლადომ ყველაფერი იცოდა და, გარდა ამისა, ბოლო სამი დღე ბებია ანა ლოგინად იყო ჩავარდნილი და, წინააღმდეგ ჩვეულებისა, ჩუმად კრუსუნებდა. მაშინვე შევწყვიტეთ თამაში და სოფლისკენ დავეშვით. ლადოს ვარაუდი გამართლდა - კივილი სწორედ ჩვენი სახლიდან მოდიოდა. მალე ხმებიც ვიცანით. მორიგეობით კიოდნენ. ხან მამიდა ნატო, ხან მამიდა გურანდა და ხან ბიცოლა სალომე - ბიძია ანდეს ცოლი. ეს ინფორმაციული კივილი იყო და მართლაც, სახლს რომ მივაღწიეთ, ყველა, ვისთვისაც ეს მაღალი სიხშირის სიგნალები იქნა გაგზავნილი - ესენი კი უახლოესი ნათესავები და მომიჯნავე მეზობლები იყვნენ - უკვე შეკრებილი დაგვხვდა.

მალე კივილიც მიწყდა.

მაგრამ გარდაცვალება, ვიწრო გაგებით, მხოლოდ ერთი მონაკვეთია იმ დიდი და რთული სამყაროული ხდომილებისა, რაც ამ ცნებაში იგულისხმება. კივილი რომ შეწყდა და სოფელმა ბებია ანას გარდაცვალება ასე ვთქვათ, ცნობად მიიღო, ახალი ეტაპი დადგა.

იმ დღეს ბავშვები ადრე გაგვრეკეს დასაძინებლად, უფროსები კი დილამდე დარაჯობდნენ ბებია ანას, ხოლო მეორე დღეს ის საზეიმო ფაციფუციც დაიწყო, რომლითაც ყოველთვის იოლად მიხვდებით, რომ საქმე სიკვდილთან გაქვთ. ყველაფრის თვალის მიდევნება ძნელი იყო, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ რას აკეთებდა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ყველა რაღაცას აკეთებდა, და აკეთებდა საქმიანად და კეთილსინდისიერად, თუმც, რა დასამალია, ზოგ მათგანს ამ დროს, ცოტა არ იყოს, ზედმეტად საქმიანი და კეთილსინდისიერი სახე ჰქონდა, თითქოს საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ენდობაო, რაც ჩემი აზრით გარდაცვალების ამაღლებულსა და ღრმად ბუნებრივ ატმოსფეროში მცირე ბზარს აჩენდა.

საერთოდ, მთავარი სიმძიმე ამ მეორე დღეს დააწვა. უწინარეს ყოვლისა, ქვედა სართულის ერთ მოზრდილ ოთახში შტაბი გამართეს, რომელსაც ბიძია ანდე ჩაუდგა სათავეში. შტაბის ნამდვილ წევრებად მხოლოდ მამაკაცები იქნენ არჩეული. ერთი მათგანი, პატივცემული არჩილი - ადგილობრივი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი - ერთთავად დიდ სასადილო მაგიდას უჯდა და წინ საკანცელარიო დავთარი ედო; ამ დავთარში აღინიშნებოდა ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შტაბი მიიღებდა; მიღებული გადაწყვეტილება მერე სამ სპეციალურ გრაფაში იტოტებოდა. ეს გრაფები იყო: 1. შესასრულებელი საქმის სახეობა. 2. შემსრულებლის გვარი და სახელი და 3. შესრულების ვადა. საქმე რომ მოთავდებოდა, შესაბამისი გრაფა სუფთად გადაიხაზებოდა და ბოლოში ნიშანი „!“ დაისმებოდა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ალიაქოთში, რაც ასეთ დროს ბუნებრივი ამბავია, არაფერი გამორჩენოდათ და სირცხვილი არ ეჭამათ.

ნასაუზმევს შტაბში მე და ლადო გამოგვიძახეს და ცალხელა მიხაკოსთან გაგვაგზავნეს ხის ტახტის მოსატანად. სოფელში ოჯახი არ მოიძებნებოდა - ეს ლადომაც დამიდასტურა - ერთი ხის ტახტი მაინც არ ჰქონოდა (ჩვენ სამი გვქონდა), მაგრამ მიცვალებულის დასასვენებლად ყველანი რატომღაც მხოლოდ ცალხელა მიხაკოს ტახტს ხმარობდნენ. ეს ტახტი მიხაკოს სახლს უკან, ერთ პატარა, სხვა მხრივ ყოვლად უფუნქციო ფარდულში ჰქონდა კუთხეში აყუდებული და ზომიერ ფასად აქირავებდა. მიცვალებულს რომ მიწას მიაბარებდნენ და ტახტს უკან დაუბრუნებდნენ, ისევ იმ ფარდულში შეიტანდა, თავის ადგილას ააყუდებდა და ჰქონდა იქ, ვიდრე სოფელში ახალი მიცვალებული გაჩნდებოდა...

ლადოზე ალბათ ეს არ ითქმის - სოფელში ასეთ რამეებს პატარაობიდანვე ეჩვევიან - მე კი დავალება სერიოზულ აღიარებად მივიჩნიე და საკუთარი თავის პატივისცემა მომემატა.

ცალხელა მიხაკო შორს არ ცხოვრობდა, ტახტი მძიმე არ იყო და დავალება მალე წარმატებით შევასრულეთ, თუმც თავიდან, არ დავმალავ, გვარიანი შიში ვჭამე. მიხაკომ რომ ტახტი ფარდულიდან გამოიტანა და წინ დაგვიდგა, უეცრად ცხადად დავინახე ყველა ის მიცვალებული, ვინც კი ოდესმე ამ ტახტზე ესვენა (მათი რიცხვი კი, ლადოსგან ვიცოდი, დიდი იყო), და მუცელში რაღაცამ ისეთი თახთახი დამიწყო, კინაღამ უკანვე გავქუსლე. მადლობა ღმერთს, ბოლოს მაინც დავძლიე შიში და შერცხვენას გადავრჩი. ლადომ, როგორც მასპინძელმა და თანაც სამი თვით ჩემზე უფროსმა, არჩევანი მე მომანდო - გინდ წინ გამიძეხი და გინდ უკან მომყევიო, მითხრა. მე გაძღოლა ვამჯობინე; უკან რომ გავყოლოდი, მიცვალებულებით სავსე ტახტი მთელი გზა ცხვირწინ უნდა მქონოდა და, კაცმა არ იცის, გავუძლებდი თუ არა ასეთ გამოცდას, ასე კი შიში მხოლოდ ხელისგულებში შემოდიოდა, რომლებიც ტახტისთვის ზურგსუკან მქონდა ჩაკიდებული, და თითებში დაფუთფუთებდა, რაც ასე თუ ისე ასატანი იყო. მოკლედ, მშვიდობით მივედით შინ და საპატიო ტვირთი მას შემდეგ, რაც ქალებმა საგულდაგულოდ გარეცხეს და გაამშრალეს, მეორე სართულზე, ასევე საგულდაგულოდ დაწკრიალებულ და ავეჯისაგან მთლიანად დაცლილ დარბაზში შევიტანეთ, სადაც იგი უკვე უფროსების ხელში გადავიდა. უფროსებმა ტახტი დარბაზის შუაგულში დადგეს და ზედ დიდი, სქელი ყავისფერი ნოხი დააგეს, ხოლო ნოხზე ბებია ანას ცხედარი დაასვენეს, რომელიც რამდენიმე კაცმა სახელდახელო საკაცით ამოიტანა ზემოთ; ქალებმა ცხედარს გაქათქათებული სუდარა გადააფარეს, ხელები სუდარის ზემოთ მკერდსა და მუცელს შორის დაუკრიფეს და თავთით მაღალი მსხვილი სანთელი დაუნთეს. ამოდენა სანთელი ჩემს დღეში არ მენახა. მერე სკამები მოზიდეს, მთელ დარბაზში კედლებთან ჩაამწკრივეს და დასხდნენ. დასხდნენ ძირითადად ქალები; კაცები მხოლოდ მცირე ხნით თუ ჩამოისვენებდნენ, ორიოდე სიტყვით თავიანთ ფორმალურ აზრს გამოთქვამდნენ ცხოვრების ამაოებაზე და ისევ საქმეებზე გასწევდნენ.

ამ დროისათვის შესაფერისი სამოსი ჯერ კიდევ ცოტას ეცვა. სამაგიეროდ, მეორე დღეს ყველანი უკვე შავებში გამოწყობილები გამოცხადდნენ და არშიასავით შემოერტყნენ ბებია ანას. ეს კია, ზოგს ნათხოვარი კაბა ეცვა და მთლად ზომაზე ვერ ჰქონდა მორგებული. შინაურებს ეს არ ეხება. შინაურებს - ორთავ მამიდასა და ბიცოლა სალომეს - ახლები შეუკერეს. მართალია, მამიდა ნატოს ისედაც ჰქონდა საუცხოო სამგლოვიარო კოსტუმი - მას წინა წელს მამამთილი მოუკვდა და გასვენებაზე ისეთი იყო, ხონთქარსაც კი თვალებს დააპრაწინებდა - მაგრამ ის ტანსაცმელი ქალაქში დაეტოვებინა (რას იფიქრებდა, თუ დასჭირდებოდა!), ჩამოტანას კი რატომღაც შეკერვა არჩიეს.

როგორც უკვე ითქვა, ეს მეორე დღე ყველაზე დაძაბული იყო. დილით ორი მეზობელი, რომელთაც ჰალსტუხები შეიბეს, რასაც აქამდე, რამდენადაც ვიცი, არ სჩადიოდნენ, მანქანით წავიდნენ და შუადღის ხანს ექიმი მოიყვანეს; ყოველ შემთხვევაში, ის, ვინც მოიყვანეს, თეთრ ხალათში იყო გამოწყობილი და ექიმს ჰგავდა, თუმც, მეორე მხრივ - ეს კითხვა მე მაშინვე გამიჩნდა - მკვდარს ექიმი რაში სჭირდებოდა?! ექიმმა - თუ ვინც იყო - ჭირისუფლები გარეთ გამოისტუმრა და თითქმის მთელი საათი მარტო დარჩა ცხედართან. რას აკეთებდა იქ, ვერ გავიგე და ვერც ლადომ ამიხსნა, მაგრამ ინტუიციით კი ექიმის საქმიანობა ორთავემ უცხო, გაუგებარ და რაღაცით ძალიან უსიამოვნო სიტყვა „დაბალზამებას“ დავუკავშირეთ, რომელიც მაშინ პირველად გავიგონეთ.

ყველა საშური საქმე, რაც კი მერე თუნდ მცირე დაბრკოლებად შეიძლებოდა ქცეულიყო, იმ დღეს იქნა მოლეული. კერძოდ, მოიტანეს ცნობა (ლადომ მითხრა „მმაჩ“-იდანო, თუმცა ის კი ვეღარ მითხრა, ეს „მმაჩი“ რას ნიშნავდა), რომელიც საბოლოოდ, უკვე სრულიად ოფიციალურად და უტყუარად - ბეჭდის შეუვალი ძალით - ადასტურებდა, რომ ბებია ანა ნამდვილად გარდაიცვალა. შეუკვეთეს სასახლე (ასე ეძახიან ეწერში კუბოს).

შეადგინეს ტრაფარეტული ტექსტი პატ. გარდაიცვალა ბებია ანა.

დაკრძალვა კვირას, 19 ივნისს, 5 საათზე.

და სამ ახალგაზრდა გოგოს, რომლებიც დასვეს არა შტაბში, არამედ ცალკე ოთახში, მთელი დღე მოსაწვევები აწერინეს.

ჭირისუფლების სადილ-ვახშმით უზრუნველსაყოფად მობილიზებულ იქნენ მეზობლები (რომლებმაც თავად, შტაბის დირექტივების გარეშე, დააწესეს რიგი, დაინაწილეს მოვალეობანი და ჩინებულადაც შეასრულეს).

მერე და მერე საქმე უფრო იოლად წავიდა.

პანაშვიდების მუსიკალურ გაფორმებასთან დაკავშირებით კი გაიყო აზრი და მსუბუქი დავა წარმოიქმნა იმის თაობაზე, ცოცხალი მუსიკოსები მოეწვიათ თუ მაგნიტოფონს დასჯერებოდნენ, მაგრამ ბიძია ანდემ და მამაჩემმა, რომელიც დედაჩემთან ერთად დილითვე ჩამოვიდა, პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღეს და საკითხი მაგნიტოფონის სასარგებლოდ გადაჭრეს.

მესაფლავეები დაიქირავეს, მზარეულებს მოელაპარაკნენ და შაბათს პროდუქტებისა და სატრაპეზო აქსესუარების (ქვაბები, თეფშები, სინები, ლანგრები, ბოთლები, ჭიქები, დანები, ჩანგლები, მაგიდები, სკამები, სუფრები, ხელსახოცები...) მოზიდვა დაიწყეს.

(გაგრძელება ქვემოთ)


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyThu May 12, 2022 9:01 am

ჯემალ ქარჩხაძე

მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება

(გაგრძელება)

ავტობუსები საჭირო არ იყო, ვინაიდან სასაფლაო იქვე გვქონდა, ორ ნაბიჯზე. და აი, ბებია ანას სამზეოზე ყოფნის უკანასკნელი დღეც დადგა. თუ აქამდე დროის მთავარი მამოძრავებელი ძალა შინაარსი იყო - დაძაბული, დაუღალავი, განუწყვეტელი საქმიანობა, ახლა წინა პლანზე ფორმა გამოვიდა და კვირა დილამ ერთბაშად საპარადო სახე მიიღო. ნასაუზმევს ყველანი, ვინც სამომსახურეო საქმიანობაში ან რაიმე სპეცრიტუალში ვიყავით ჩაბმული, საგარეოდ გამოვეწყეთ. თორმეტი საათიდან ხალხის მასიური მოდენაც დაიწყო. აქამდე პანაშვიდებზე მხოლოდ ადგილობრივი და ახლომახლო სოფლების მცხოვრებნი მოდიოდნენ, ახლა კი მატარებლებით, ავტობუსებით თუ კერძო მანქანებით შორეული რეგიონებიდან მომავალნიც გამოჩნდნენ და ნაშუადღევის სამი საათისთვის თითქმის ყველა, ვინც კი თავს მოვალედ თვლიდა ბებია ანა, როგორც იტყვიან, უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა, ჩამოსული იყო.

ნახევარი ჰექტარი მიწა პატარა არ არის. რომ ვთქვა, ნემსი არ ჩავარდებოდა-მეთქი, მეტი მომივა, მაგრამ ხალხი ძალიან ბევრი იყო. დღეს ამდენ ხალხს ერთად თავმოყრილს ბაზრობებზე თუ ნახავთ ან, ჰა-ჰა, კარგად ორგანიზებულ მიტინგებზე. თუმცა, მკითხველს რომ ამ სიტყვების გაგონებაზე პირში უსიამოვნო გემო არ გაუჩნდეს, აქვე დავძენ: განსხვავებით ბაზრობებისა და მიტინგებისაგან, სადაც პირველ შემთხვევაში ატმოსფერო მჭახე სიხარბითაა გაჟღენთილი, მეორე შემთხვევაში მჭახე აგრესიით, ხოლო ორივე შემთხვევაში - მჭახე სუნით, აქ უწინარეს ყოვლისა თვალში გეცემოდათ სიდარბაისლე, მშვიდობიანი სახეები, სისუფთავე, ნელსაცხებელთა სიმრავლე, ფერადი ჰალსტუხები, თეთრი პერანგები, გახამებული საყელოები, მაქმანები, ბაბთები, სათვალეები, ქათქათა ცხვირსახოცები, ჭრელი ქოლგები, შლაპები, მოდური კეპები და სიკეთის თბილი ნაპერწკლები, რომლებიც გულითად ღიმილს სულის სიღრმეებიდან ამოჰქონდა და ირგვლივ კეთილმოსურნეობის იმპულსებად აფრქვევდა. რაღა თქმა უნდა, ეპოქა თავის დაღს გვასვამს და დღევანდელი უპერსპექტივო ყოფაც გარკვეულწილად დროის სისინა ქარებმა განსაზღვრეს, რასაც, სხვათა შორის, ის გულისმომკვლელი გარემოებაც მოწმობს, რომ მრავალ იქა მბრძანებელს ახლაც ის კოსტუმი აცვია, მაშინ რომ ეცვა, და ის კოსტუმი, რომელიც მაშინ სიახლით ბზინავდა, ახლა სიძველით ლაპლაპებს, მაგრამ დრო მხოლოდ ერთი მიზეზია ამ დიდ განსხვავებაში და უგუნურება იქნება სხვა მიზეზებზე თვალის დახუჭვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრების ოღროჩოღროებში სოციალური საფეხურები ყოველთვის მკაფიოდ ჩანს. ჩვენი სანათესაო სულიერადაც და მატერიალურადაც საზოგადოების შედარებით მაღალ ფენას ეკუთვნოდა და ამაყობდა კიდეც ამით (სხვათა შორის, მიუხედავად ერთგვარი კომიკური შეუსაბამობისა, მაშინდელ კოსტუმში ბევრს დღესაც ისე უჭირავს თავი, ვაგლახად ბუზს ვერ აუფრენ). მაგალითად, ამ ხალხში - მხოლოდ სისხლით ნათესავებს ვგულისხმობ - ვინც ბებია ანას პატივსაცემად ასე ერთსულოვნად შეიკრიბა, სულ ცოტა, თორმეტი (შესაძლოა, თოთხმეტი-თხუთმეტიც კი) დოქტორი ერია (მათ შორის - ამას გაკვრით ვამბობ - მამაჩემი და მამიდა გურანდა). დინჯად მიმოდიოდა ეს ხალხი ჩვენს ვრცელ ეზოში - დაბანილები, დავარცხნილები, გულმშვიდები და ოპტიმისტები - გულითადად (კოცნით ან ხელის ჩამორთმევით) ესალმებოდნენ ახალმოსულებს, ხელკავით დასეირნობდნენ, ბაასობდნენ, იღიმებოდნენ, ზოგჯერ იცინოდნენ კიდეც, ოღონდ როგორღაც ისე იცინოდნენ, რომ ამით არათუ უპატივცემულობას არ ამჟღავნებდნენ ბებია ანას ხსოვნის წინაშე, არამედ სწორედ პატივისცემას ადასტურებდნენ, ზომიერად ხუმრობდნენ და სიყვარულის გამოსახატავად ერთიმეორეს ბეჭებზე ხელს უთათუნებდნენ, ხოლო მათ თავებს ზემოთ შარავანდედივით იდგა უცხოური სიგარეტის არომატული და ცისფერი ბოლი.

საღამოს საზოგადოებას დიდი პურობა ელოდა.

ერთი შეხედვით - განსაკუთრებით თუ ზემოდან, ფერდობიდან შეხედავდით - ძნელად წარმოიდგენდით, რომ საერთოდ შესაძლებელია ამდენი ხალხის დაპურება, მაგრამ ჩვენი ოჯახი მაშინ თავმომწონეობის ისეთ სიმაღლეზე იდგა - იმ მიკროეპოქაში კი მთავარი სწორედ თავმომწონეობის სიმაღლე იყო და არა ეკონომიკისა - თუნდ ქუდზე კაცი ჩამოსულიყო (პრაქტიკულად ასეც მოხდა), თავს არ შეირცხვენდა.

მეორე მხრივ, ტრაპეზს შინაარსობრივადაც კარგი პირი უჩანდა. ეს უწინარეს ყოვლისა სუნზე იგრძნობოდა. სუნი სახლის უკნიდან მოდიოდა და მსუბუქი სიოს წყალობით მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. იქ, სახლს უკან, ოთხ ადგილას ენთო ღია ცეცხლი და თუჯის მაღალ სამფეხებზე ვეება ქვაბები თუხთუხებდა. ქვაბები სხვადასხვა ხმაზე თუხთუხებდნენ და სხვადასხვაგვარ სურნელს აფრქვევდნენ. ქვაბების მეუფება და სუნთა გამგებლობა ხელთ ეპყრა ხუთ ჯადოქარ მზარეულს, რომელთაგან ორი გამოცდილი ოსტატი იყო, ჭარმაგი და მსუქანი, ხოლო დანარჩენი სამი - ისინი თანაშემწეების მოვალეობას ასრულებდნენ - უფრო ახალგაზრდები და, შესაბამისად, ნაკლებად მსუქნები. სახლის უკანვე, ოღონდ ზედა მხარეს, ისე, რომ მოტრაპეზენი კვამლს არ შეეწუხებინა, უზარმაზარი სეფა იყო გადაჭიმული, რომელშიაც, გრძელი მაგიდების ირგვლივ, თეთრწინსაფრიანი ქალები - ახალგაზრდები და სანდომიანები - დაფუსფუსებდნენ.

თუ ჩავუკვირდებით, ხანგრძლივ სიცოცხლეს ერთი ის კარგი თვისებაცა აქვს, რომ გასვენებაში მოსულ საზოგადოებას პირობითობის ზოგიერთ ბორკილს ვხსნით და გარკვეულ თავისუფლებას ვანიჭებთ (თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ თავისუფლების ზომიერ გამოყენებასაც ვავალებთ). მართლაცდა, ატმოსფერო, რომელიც ყოველ კონკრეტულ გასვენებაში სუფევს, ძალიან დიდ წილად განპირობებულია მიცვალებულის ასაკით. როცა ისეთი ადამიანის გასვენებაში მიდიხართ, რომელმაც უკვე მოასწრო ცხოვრებასთან ყველა - თუ ყველა არა, უმეტესობა მაინც - თამასუქის განაღდება, გზა ბოლომდე გალია და მშვიდობიანად შეერთო მარადისობას, თქვენც მშვიდი ხართ, დაუძაბავი, სრულიად თავისუფალი „ნწუ-ნწუ“ -სა და სხვა ყალბი წამოძახილებისაგან, შეგიძლიათ შუბლი გახსნილი იქონიოთ, ახლობლებთან საუბარში მთელი არსებით ჩაებათ და ერთი-ორი ჭიქა ღვინო იმაზე მეტიც დალიოთ, ვიდრე ვარაუდობდით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ დროს გასვენება ის ადგილი იყო, სადაც მრავალი წლის უნახავი ნათესავები ჯერ კიდევ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

დასაფლავების ჟამი ახლოვდებოდა. ცხადია, მოსაწვევ ბარათებში რომ ხუთი საათი ეწერა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა; მოსაწვევ ბარათში აუცილებლად უნდა ეწეროს რაღაცა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას ფორმალური სრულყოფილებისკენ ჩვენი გაუცნობიერებელი სწრაფვაც მოითხოვს - ხოლო ხუთი საათი ივნისის თვეში დასაფლავებისთვის საუკეთესო დროა. მაგრამ რეალურად დასაფლავების ნამდვილი დრო - სოფელზე ვამბობ და არა ქალაქზე, სადაც სიზუსტეს რატომღაც მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ - უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, არის თუ არა დათქმული დროისთვის ადგილზე ყველა, ვისი ადგილზე ყოფნაც აუცილებელია ან, უკიდურეს შემთხვევაში, ძალიან სასურველი. ჩვენთან ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, განსაკუთრებულსა და გამორჩეულს უკვე აღარავის ველოდით და, შესაბამისად, არც არავითარი მიზეზი გვქონდა, მოსაწვევში აღნიშნული ვადა დაგვერღვია.

ხუთს აღარაფერი აკლდა, როცა რამდენიმე ბავშვი, მე და ლადოს მეთაურობით, აივანზე გამოგვიძახეს. ამჯერად ჩვენი მოვალეობა იყო გვირგვინები და თაიგულები დაგვეჭირა და პროცესიაში ჩავმდგარიყავით, თანაც ყველაზე საპატიო ადგილას - „სასახლესა“ და უმაღლესი რანგის ჭირისუფალთა შორის. ტახტის მოტანის შემდეგ ყვავილები ბევრი არაფერი იყო, მით უფრო, რომ ეს საქმე ჩვენზე პატარებსაც მიანდეს, მაგრამ ჩემს მაშინდელ, ჯერ კიდევ ბავშვურ პატივმოყვარეობას ესეც გვარიანად ელამუნებოდა. ავედით აივანზე და ჩავმწკრივდით განკარგულების მოლოდინში. და - ყურადღება!

ის იყო, მოწესეთუფროსი, ბიძია გობრონი - გაუპარსავი კაცი, რომელსაც გორილას აღნაგობა, რეციდივისტის სახე და ანგელოზის გული ჰქონდა, რამდენიმე მისნაირი გაბურძგნული კაცის თანხლებით დარბაზში შევიდა, რათა უკანასკნელი, იდუმალ-მისტიკური და წარმართულ-ქრისტიანული რიტუალის წინ ჭირისუფლები გარეთ გამოესტუმრებინა, რომ მე და ლადომ ერთმანეთს მუჯლუგუნი წავკარით.

ჩვენი ეზო ისეთ ოთხკუთხედს წარმოადგენდა, რომლის სიგრძე დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა სიგანეს. სახლი ამ გრძელი ოთხკუთხედის ბოლოში იდგა და ჭიშკრამდე დიდი მანძილი იყო. ეზოს გადაღმა, ჭიშკარს რომ ცოტა გასცდებოდით, დაღმართი იწყებოდა. გზა ფერდ-ფერდ მისდევდა ამ დაღმართს და დამრეცად ეშვებოდა ქვემოთ, კოლექტივის კანტორისაკენ; ამიტომ, ფერდობს რომ ვინმე შემოუყვებოდა, აქედან - გინდ პირველ სართულზე ყოფილიყავით, გინდ მეორეზე (ეს არის მხოლოდ, პირველ სართულზე თუ იყავით, ცოტა უფრო გვიან დაინახავდით) - ჯერ თავი ამოიზიდებოდა უხილავი არედან და მერე ნელ-ნელა დანარჩენი ნაწილები, ისე კი, რომ ეს მოძრაობა - მოძრაობა ჰორიზონტალური და მოძრაობა ვერტიკალური - მკაცრ გეომეტრიულ წესს ემორჩილებოდა, რომელიც მე და ლადოს - ჩვენ ამ კუთხით არაერთი დაკვირვება ჩავატარეთ - ზუსტად გვქონდა გამოთვლილი. და აი, უეცრად წესი დაირღვა. ვიღაც რომ ამოდიოდა აღმართზე, ცხადი იყო, ვინაიდან ქუდი გამოჩნდა. მართალია, იმისთვის, რაც გამოჩნდა, ძნელი იყო მთლად დარწმუნებით გვეწოდებინა ქუდი, რამდენადაც ქუდის ჩვენთვის ნაცნობ არანაირ ტიპს არ ესადაგებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, სხვა რა უნდა ყოფილიყო?! და ეს ქუდი როგორღაც ასიმეტრიულად მოძრაობდა და ჩვენს მიერ ესოდენი სიზუსტით დადგენილ წესს ჰორიზონტალსა და ვერტიკალს შორის შეფარდების შესახებ ფეხქვეშ თელავდა. მიზეზი სულ მალე ცხადი შეიქნა, თუმცა ამას გაკვირვება არათუ არ გაუგრილებია, პირიქით, მთავარი ცეცხლი სწორედ ამან წაუკიდა: კაცი, რომელმაც ამასობაში აღმართი ამოათავა, აღმოჩნდა არა უბრალოდ კაცი, არამედ მხედარი, რომელიც თეთრ ცხენზე იჯდა და - მიუხედავად სიშორისა ეს მკაფიოდ და ცოტა შემაძრწუნებლად გამოჩნდა - ტანთ ჩოხა ეცვა, ხოლო თავზე ჩაბალახი ეხურა.

ვიდრე მე სადღაც ცნობიერების მიჯნაზე იმის დადგენას ვცდილობდი, მართლა ჩანდა ის, რაც ჩანდა, თუ მეჩვენებოდა, მხედარი სხვებმაც შენიშნეს და მსუბუქი და თავშეკავებული, მაგრამ საამო ჟრიამული, რომელიც ბებია ანას დაკრძალვის დღეს როგორღაც უხდებოდა კიდეც, შეწყდა. უშფოთველ ატმოსფეროში დისონანსი შემოიჭრა. წამიც და ურიცხვმა თვალმა ყველა სხვა სამიზნე მიატოვა და განცვიფრებით მიაჩერდა უცხო მხედარს, რომელსაც დინჯი, გამოზომილი ნაბიჯით მოჰყავდა ცხენი ჩვენი ეზოსაკენ.

სოფლად (იშვიათად ქალაქადაც) გასვენებაში ყოველთვის ნახავთ ბევრს თუ არა რამდენიმე კაცს მაინც, რომლებიც შუადღისას უკვე შეჭიკჭიკებულები არიან. ესენი უმთავრესად ის ხალხია, რომელთაც მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო (რაშიაც ძირითადად მაინც ტრანსპორტის არახელსაყრელი განრიგი იგულისხმება) მეტისმეტად ადრე მოუხდათ ჩამოსვლა და საღამომდე მათი უჭმელად დატოვება არ შეიძლება, ამიტომ ადრევე, ოფიციალურ ქელეხამდე უშლიან სუფრას. ხოლო ზოგი მათგანი რომ უფრო მეტად ეტანება ღვინოს, ვიდრე მიღებულია, ამაში - დამეთანხმებით - გასაკვირი არაფერია: ადამიანის ბუნება სუსტია და მერყევი; ასეთი შეგვქმნა ღმერთმა. მე ჩემი თავი საღად მოაზროვნე კაცად მიმაჩნია (თუ ვცდები, მიმითითეთ) და ძალზე შორსა ვარ იმ აზრისაგან, თითქოს სუბიექტურ მოლანდებათა ობიექტაცია შესაძლებელი იყოს, მაგრამ რაკი ჩვენ უმთავრესად მაინც მხოლოდ ის ვიცით, რომ არაფერი ვიცით, მირჩევნია ეს ხალხიც მოვიხსენიო, მით უფრო, რომ, როგორც მახსოვს, სწორედ მათგან წამოვიდა ფანტასტიკური ვერსია, თითქოსდა ყველაფერს, რაც მაშინ მოხდა, კოლექტიური ჰიპნოზი ედო საფუძვლად.

ცხენი გრძელფეხებიანი იყო და ერთიანად თეთრი; წვრილი თავი მაღლა ეჭირა და ლაღი, თანაბარი ნაბიჯით მოდიოდა. კაციც თეთრი იყო, ყოველ შემთხვევაში, თეთრი ჩოხა ეცვა და თეთრი ჩაბალახი ეხურა, თეთრი წვერი ესხა და მზის ოქროსფერი სხივებით დაფერილ ამ სითეთრეში შავ აზიურებს მაინცადამაინც დიდი დისონანსი ვერ შეჰქონდა. თავი მასაც მაღლა ეჭირა. ხოლო მთელი აქეთური საზოგადოება ახლა ერთგვარად ბებია ანას დაემსგავსა - მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ყველანი გაშეშდნენ, მხოლოდ უსულო საგნებიღა მოძრაობდნენ, როგორიცაა ვთქვათ, ცეცხლის კვამლი ან სიგარეტის ბოლი. ჩვენს შორის, ერთ-ორ სამწუხარო გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, მთლად უვიცი არავინ იყო, ყველამ ვიცოდით, რომ ცხენი სხვაა და კაცი სხვა, და თუ მაინც ისე მივჩერებოდით ცხენ-მხედარს, როგორც ერთ დროს ამერიკელი ინდიელები, ამის მიზეზი დაბნეული განცვიფრება გახლდათ. და ეს განცვიფრება, მე თუ მკითხავთ, ბუნებრივიც იყო: შეუძლებელია ასეთი მოულოდნელი ანაქრონიზმი ესოდენ მცირე დროში აღიქვა, გააცნობიერო და საგანთა წესრიგში ჩასვა.

ამასობაში ცხენი ჭიშკარს მოადგა, მაგრამ - თუმც ჭიშკარი, ცხადია, ღია იყო - ეზოში არ შემოსულა. მხედარმა აღვირი მოზიდა. ცხენი შედგა. მხედარი ჩამოხტა. ჩამოხტა მსუბუქად. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ მოახლოების კვალობაზე მე და ლადომ მრავალი დეტალი გავარჩიეთ - ჩვენ მაშინ ქორის თვალი გვქონდა - და დავინახეთ, რომ მხედარი მოხუცი იყო. ზუსტი ხნოვანების განსაზღვრა გაგვიჭირდებოდა, მაგრამ სახის გამომეტყველება და ზოგი თითქოსდა უმნიშვნელო წვრილმანი იმ ასაკს ამჟღავნებდა, როცა კაცი ცხენით მარტო მგზავრობას უნდა ერიდებოდეს. ასეა თუ ისე, მხედარი ჩამოხტა, ცხენს აღვირში ჩაჰკიდა ხელი, რამდენიმე ნაბიჯით ჩააცილა ჭიშკარს (ალბათ იმ მოსაზრებით, რომ შემსვლელ-გამსვლელთათვის დაბრკოლება არ შეექმნა), იქ აღვირის ბოლო აუჩქარებლად გამონასკვა ყულფად და ყულფი ღობის სარს ჩამოაცვა. მერე ასევე აუჩქარებლად ჩოხის კალთები გაისწორა, სახელოები თითო ნაკეცით გადაიკაპიწა, ქილვაშებზეც დაისვა ხელი, წელში გაიმართა და ისეთივე დინჯი, აუჩქარებელი ნაბიჯით წამოვიდა, როგორც წეღან მისი ცხენი მოდიოდა.

იმავ წამს ჩემი უმცროსი ძმა და ბიძია აკაკის ორივე ტყუპისცალი - თიკა და ნინუცა - რომლებიც წყაროსთან თამაშობდნენ, რადგან ჯერ კიდევ პატარები იყვნენ საიმისოდ, რომ თაიგულები დაეჭირათ და პროცესიაში ჩამდგარიყვნენ, - ერთბაშად მოწყდნენ ადგილს და ველური ჭიხვინით გავარდნენ ღობეზე გამობმული ცხენისაკენ (ნამდვილი ცხენი მათ იშვიათად ენახათ და მერე დიდი ხნის განმავლობაში იმ ცხენის გარდა სხვა სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ).

უცნობი კი, რომელიც ამასობაში ეზოში შემოვიდა, დინჯად და ულმობლად გვიახლოვდებოდა და მე წამით მომეჩვენა, თითქოს რაღაცით ბედისწერას ჰგავდა, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ეს შედარება ძალზე არაზუსტი იყო.

ერთი ისეთი დღე იდგა, როგორიც წელიწადის ამ დროს ეწერში ხშირად იცის ხოლმე - ცა გაუგებრად მოწმენდილ-მოღრუბლული იყო და ბუნება მთელი დღე უგემურად ყოყმანობდა წვიმასა და სიმშრალეს შორის. ბოლოს და ბოლოს მაინც სიმშრალე ამჯობინა წვიმას, მაგრამ გული კი კარგად გაგვიწვრილა. ცაზე მიმოფანტული ღრუბლების დიდი და პატარა ქულები დილიდანვე არ უსვენებდნენ მზეს - ხან ქვეშ გაუძვრებოდნენ და წამით ჩრდილად აქცევდნენ, ხან უფრო ხანგრძლივად შეჩერდებოდნენ, ხან ისე მჭიდროდ და საქმიანად შემოეხვეოდნენ ირგვლივ, თითქოს მოფარებულში უნდა გაიყვანონ ფისის საქნელადო, მეორე წუთს ისევ მოშორდებოდნენ, მიმოიფანტებოდნენ და მთლად ტიტლიკანას მიატოვებდნენ. ასე იყო მთელი დღის განმავლობაში. მაგრამ როცა უცხო კაცი ეზოში შემოვიდა და სახლისკენ გამოემართა, ღრუბლებმა თამაში შეწყვიტეს და ცის შორეულ კიდეებს მიაშურეს, შესაძლებელია იმ მიზნით, რომ თავადაც დამშვიდებით ეცქირათ და მზისთვისაც საშუალება მიეცათ, ყურადღებით დაკვირვებოდა, თუ რა მოხდებოდა ჩვენს ეზოში.

უცნობი მაღალი იყო და ხმელი, თან გრძელი ჩოხა ეცვა, რომელიც წვივებამდე სწვდებოდა. უხდებოდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მახსოვს ის კი გავიფიქრე, ნეტა არ სცხელა-მეთქი?

ეზოში რომ შემოვიდა, აქამდე გაშეშებული საზოგადოება ამოძრავდა. ოღონდ ამოძრავდა არა მთელი საზოგადოება, არამედ ის ნაწილი, რომელიც სახლისაკენ მიმავალ გზაზე იდგა, და ამოძრავდა იმ მიზნით, რომ უცნობისთვის ეს გზა გაეთავისუფლებინა. უცნაური (ცოტა საკვირველიც) იყო, რომ ხალხი უფრო სწრაფად ათავისუფლებდა გზას, ვიდრე უცნობი მოდიოდა, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს წინ რაღაც უხილავი ტალღა მოუძღოდა და ეს ტალღა აიძულებდა ხალხს გზიდან გადასულიყო. ყოველ შემთხვევაში, კაცმა რომ შუა ეზოს მოაღწია, გზა უკვე ბოლომდე იყო თავისუფალი.

უცნობი არც აქეთ იყურებოდა, არც იქით. არ ვიცი ვერ ამჩნევდა ამ ხალხს, რომელშიაც, როგორც ზემოთაც ვთქვი, სულ ცოტა თორმეტი - უფრო კი ალბათ მაინც თოთხმეტი ან თხუთმეტი - დოქტორი ერია, არ ვიცი, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევდა. მოგრძო სახე ჰქონდა, მოზრდილი, კეხიანი ცხვირი, რომელიც რაღაცნაირ გმირულ იერს ანიჭებდა, და - ეს მაშინღა შევამჩნიეთ, როცა სულ ახლო მოვიდა - ღია თაფლისფერი, ძალიან გამჭვირვალე თვალები.

აივანს რომ მოაღწია და კიბეს შემოუყვა (ირგვლივ სამარისებური დუმილი იდგა), წამით მაგნოლიის ხეს შეხედა. აქ საჭიროდ მიმაჩნია დავძინო, რომ სიტყვა „შეხედვაში“ შეხედვის მეტს არაფერს ვგულისხმობ. საქმე ისაა, რომ ჩვენი კიბის პირველი სამი საფეხური პარალელურად მისდევდა აივანს და მხოლოდ ამ სამი საფეხურის შემდეგ, რომლებიც მცირე მოედნით ბოლოვდებოდა, მკვეთრად უხვევდა და უკვე პერპენდიკულარულად მიდიოდა ზემოთ. ეს სამი საფეხური პირდაპირ მაგნოლიის ხისკენ იყო მიქცეული, რის გამოც სავსებით ბუნებრივია, ვიდრე ადამიანი ამ საფეხურებს აათავებდა, მის მზერაში - თუ თავიც ისე ჰქონდა აწეული, როგორც ამ კაცს - მაგნოლიის ხე მოყოლილიყო. მართალია, მე მომეჩვენა, თითქოს უცნობს სახეზე წამით რაღაცამ - ჩრდილმა თუ ნათელმა - გადაურბინა, მაგრამ ასეთ ვითარებაში (განსაკუთრებით თუ ჩემს მაშინდელ ასაკსაც გაითვალისწინებთ) ადამიანს რა აღარ მოგეჩვენება! ეს მით უფრო სავარაუდოა, რომ კაცმა, როგორც კი პირველი სამი საფეხური აათავა, სავსებით გულგრილად მოაშორა თვალი მაგნოლიის ხეს, კიბე დინჯად ამოიარა, აივანი გადაკვეთა და დარბაზში შეაბიჯა, სადაც ბებია ანა ესვენა შინაურებით საიმედოდ გარშემორტყმული.

ჭირისუფალ მამაკაცთა მთავარი ბირთვი დარბაზში მარჯვენა მხარეს, შესასვლელთან იდგა შემდეგი თანმიმდევრობით: სპირიდონი, ბიძია ანდე, მამაჩემი, ბიძია აკაკი და სიძეები - გივი ოსეფაშვილი და პატრიკ ვან დერ ლაინი (უფრო ახალგაზრდები ქვემოთ, კიბის ძირში იღებდნენ სამძიმარს). მამა და ბიძები (ვან დერ ლაინის გარდა) ცდილობდნენ თვალებში მოწოლილი გაკვირვება უკანვე ჩაებრუნებინათ და თავი არ გაეცათ, ვინაიდან მათი განათლებისა და ცენზის პატრონებმა (ერთი უმაღლესი სასწავლებელი - ოღონდ დაუსწრებლად - ბიძია ანდესაც ჰქონდა დამთავრებული) კარგად იცოდნენ არა მარტო ის, რომ ასეთ დროს გაკვირვების გამომჟღავნება უხერხულია, არამედ ისიც, რომ, საზოგადოდ, გაკვირვებული კაცი ხარისხობრივად უფრო დაბლა დგას, ვიდრე ის, ვინც გაკვირვებული არ არის. რაც შეეხება სპირიდონს, მას წითურ სახეზე შეწუხებული და ცოტა დაფეთებული გამომეტყველება კი ედო, მაგრამ ასეთი გამომეტყველება უცნობის გამოჩენამდეც ედო, ბებია ანას გარდაცვალებამდეც და, საერთოდ, შესაძლოა ასეთი გამომეტყველებით დაიბადა (რაც, სხვათა შორის - თუმც უცხოებს კი თავიდან ცოტა აკრთობდა - ხელს არაფერში უშლიდა). კაცებს, გარდა სპირიდონისა, ჰალსტუხები ეკეთათ. უცნობმა მათ ოდნავ დაუკრა თავი და გზა განაგრძო. იქით ქალები ისხდნენ, მათ შორის უმცროსებიც. ქალები, კაცებისაგან განსხვავებით, გაკვირვების დამალვას არ ცდილობდნენ, ხოლო ბიცოლა სალომემ, როცა უცნობმა მათაც დაუკრა თავი, პასუხიც გასცა - „გმადლობთ, ჩემო ბატონოო“ და რაღაც ამდაგვარი უთხრა უკიდურესად ცნობისმოყვარე კილოთი.

უცნობი კი დარბაზის ბოლოში გავიდა, „სასახლეს“ შემოუარა და როცა, თანახმად წესისა და მოლოდინისა, უკან უნდა წამოსულიყო, უეცრად შეჩერდა, ბებია ანასკენ შეტრიალდა, ახლო მივიდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და გაშეშდა. თუ დუმილის განვითარებაზე ლაპარაკი შეიძლება, დუმილმა ახლა განვითარების პიკს მიაღწია. პირადად მე, მაგალითად, ამ დროს ჩემი საკუთარი სუნთქვის მეტი არაფერი მესმოდა.

რამდენიმე წამს ასე იდგა. მერე ხელები ისევ გახსნა, მარცხენა დაბლა დაუშვა, მარჯვენა კი უბისკენ წაიღო. წამიც და - არ ვიცი როგორ მოახერხა ასე დაუზიანებლად შენახვა - იქიდან ერთი ცალი ყვავილი ამოაძრო. ერთი ცალი მაგნოლიის ყვავილი - თეთრი, დიდი, ბუთქუნა. ოდნავ დაიხარა, ყვავილი ხელებში ჩაუდო ბებია ანას და ისევ გაიმართა. მე მაშინვე მისი მზერა გამახსენდა, რომელიც წეღან მაგნოლიის ხეზე შეაჩერა, და თუმცა ისიც გამახსენდა, რომ მაშინ მომეჩვენა, თითქოს სახეზე რაღაცამ - ჩრდილმა თუ ნათელმა - გადაურბინა, მაინც, როგორც ფხიზელი რეალიზმის აღმსარებელმა, ყველაფერი უბრალო დამთხვევას მივაწერე (სხვათა შორის, დღესაც ამავე აზრისა ვარ). უცნობი რამდენიმე წამს ასე იდგა, მერე კვლავ დაიხარა, ბებია ანას საფეთქლები აქეთ-იქით ორივე ხელით სათუთად დაუჭირა და შუბლზე ეამბორა. მე ვამბობ „ეამბორა“ და ამით მინდა გამოვხატო მთელი ის სავარაუდო განსხვავება, რაც ჩემი აზრით „კოცნასა“ და „ამბორს“ შორის არსებობს. ბებია ანა არ შერხეულა და უცნობის თამამ საქციელზე რეაგირება არ მოუხდენია. ან კი რა რეაგირება უნდა მოეხდინა! სადღა იყო მის ცივ სხეულში ის მექანიზმი, რომელიც ლოყების შეფაკვლაზე, წარბის აზიდვაზე, მიძინებულ მოგონებათა გაღვიძებაზე, მალულ ღიმილსა თუ სხვა ნოსტალგიურ ემოციებზე აგებს პასუხს! და, საერთოდ, ვინ იცის, ბებია ანა ამ დროს უამისოდაც უკვე ნეტარი იყო. ამის შემდეგ უცნობი კვლავ გაიმართა, შემოტრიალდა და ისევ ისე აუჩქარებლად გამოვიდა დარბაზიდან.

აქ მე თვალი ჩემდაუნებურად სპირიდონისკენ გამექცა. მის შეწუხებულსა და დაფეთებულ გამომეტყველებაში, რომელსაც გმირული, სამწუხაროდ, არაფერი ეცხო, ახლა შეშფოთება შერეულიყო. შეშფოთება და კიდევ რაღაც მოშავო აჩრდილი - არ ვიცი, სირცხვილი, არ ვიცი, შიში, არ ვიცი, ეჭვიანობა, თუმც ეს უკანასკნელი, თავისთავად უთვალავი შხამით გაჟღენთილი სიტყვა, რომელიც ადამიანს არღვევს და ნაწილებად შლის, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ფუჭი და უადგილოა, შესაძლოა ცოტა კომიკურიც კი.

მე დარბაზის შესასვლელთან ვიდექი, სწორედ იმ მხარეს, საიდანაც უცნობი გამოვიდა. მან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ჩამიარა და მახსოვს გავიფიქრე, ხელით ხომ არ შევეხო-მეთქი - მაინტერესებდა ნამდვილი იყო თუ არა - მაგრამ ვიდრე მე ვყოყმანობდი და გაუბედაობას, ამ ჩემს მოუშორებელ ჭირს, ვებრძოდი, იგი უკვე გამცდა. აივანი გადაჭრა, კიბე ჩაათავა (მაგნოლიის ხისკენ არ გაუხედავს) და დინჯად გაუყვა გზას, რომელიც, ცოტა ხნის წინ რომ გაუთავისუფლეს, ახლაც ისევ ისე თავისუფალი იყო.

ღრმა, შფოთიანი დუმილის ფონზე (რასაც თვითონ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა), გადაიარა ეზო, გასცდა ჭიშკარს, ჩაუხვია მარჯვნივ, სადაც ღობეს გამობმული ცხენი ელოდა, ახსნა ცხენი, შეჯდა, შეჯდა მსუბუქად - რაღაც საეჭვოდ მსუბუქად - და წავიდა; ბექობს მიადგა, ქვემოთ დაეშვა და ნელ-ნელა გაქრა. ჯერ ცხენი გაქრა, მერე ჩოხა და ბოლოს ჩაბალახი.

მაშინ ცის პერიფერიებში მიმოფანტული ღრუბლები სწრაფად მოტრიალდნენ, უკანვე წამოვიდნენ და მზეს რამდენიმე ფენად შემოეხვივნენ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, როცა პროცესია სასაფლაოსკენ დაიძრა, ზაფხულის ხანმოკლე და თბილი, შხაპუნა წვიმაც წამოვიდა.

...ის მითქმა-მოთქმა კი, ამ უცნაურმა ამბავმა რომ გამოიწვია და ერთხანს ენერგიულად დასუნსულებდა ჩვენი დიდი ოჯახის ბზარებსა და ხვრელებში ხან შხამიანი ირონიის, ხან უწყინარი ოხუნჯობის, ხან დარბაისლური განსჯის, ხან რომანტიკის, ხან სენტიმენტალობის, ხან მისტიკის, ხან სევდისა და ხანაც უბრალოდ ფარული შურის სახით, ბოლოს და ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ამოიწურა და ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგა. ხოლო ბებია ანას სათნო და კამკამა სული - მე ამაში ეჭვი არ მეპარება და არც არასოდეს შემპარვია - ღვთაებრივ ნათელში სუფევს უკუნითი უკუნისამდე და საუკეთესო ადგილას. ამინ!

(დასასრული)


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე EmptyThu May 12, 2022 9:04 am

ჯემალ ქარჩხაძე

ჩვენს ეროვნულ ნავს ძირი აქვს გახვრეტილი და წყალი შემოგვდის

“ჩვენს ეროვნულ ნავს ძირი აქვს გახვრეტილი და წყალი შემოგვდის. კი ვცდილობთ ამოვხაპოთ, მაგრამ ჩვენი მცდელობა „პროფილაქტიკური ზომებია“ და საქმეს ვერ შველის. შედეგის წამლობა მიზეზს ვერ განკურნავს. თანდათან მთელი ზღვა შემოვა და მთელ ზღვას ხომ ვერ ამოვხაპავთ! ადრე თუ გვიან დავიქანცებით, ჩვენი საქმიანობის უაზრობასაც დავინახავთ, ხელს ჩავიქნევთ, ყველაფერს ბედის ანაბარა მივატოვებთ და ჩავიძირებით კიდეც. ამიტომ მე მინდა ვუთხრა ყველა მენავეს, რომ ამოხაპვა ამაო გარჯაა. ვიდრე ნახვრეტს არ დავგმანავთ, მანამ არაფერი გვეშველება… “

ფრაგმენტი პუბლიცისტური წერილიდან “მონოლოგი დიალოგიდან”


მაღალი ინტელიგენტური სული დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ ტრიალებს. იმიტომ, რომ ნამდვილი ინტელიგენცია ჩვენ, არსებითად, არ გვყავს. მე ინტელიგენტში არ ვგულისხმობ ისეთ კაცს, რომელსაც ახლა ეძახიან ინტელიგენტს და რომლის ინტელიგენტობის მთავარი ნიშანი უმაღლესი განათლების მოწმობაა. ასეთი ინტელიგენტები არათუ გვყავს, იმაზე მეტიცა გვყავს, ვიდრე სასურველია. ინტელიგენტში მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც ცხოველური საწყისი ბოლომდე დაძლეული აქვს და მხოლოდ სულიერ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად ცხოვრობს. ასეთი ინტელიგენტი, უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი მოვლენაა. ბუნებრიობა მისი არსებობის ყოვლისმომცველი ფორმაა, შეიძლება ითქვას, ის ენაა, რომელზედაც მისი ცხოვრების ისტორია იწერება. ამიტომ ინტელიგენტის ნიშან-თვისებებზე ლაპარაკი არასწორი იქნება. არ შეიძლება, მაგალითად, იმის თქმა, რომ პატიოსნება ინტელიგენტის თვისებაა, როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ სუნთქვა ადამიანის თვისებაა. სუნთქვა არის არა თვისება, არამედ გარდუვალობა. ინტელიგენტს, უბრალოდ, არ შეუძლია პატიოსანი არ იყოს, დემოკრატი არ იყოს, ჰუმანისტი არ იყოს, შინაგანად თავისუფალი არ იყოს, თავმდაბალი არ იყოს… ან: ინტელიგენტს არ შეუძლია პატივმოყვარე იყოს, ამპარტავანი იყოს, შური აწუხებდეს, ცდუნებას აჰყვეს, კრიტიკა აღიზიანებდეს, ჩინ-მედლებს მიელტვოდეს…

თუ ვინმეს ეს სურათი ზედმეტად მაქსიმალისტური მოეჩვენოს, გადაავლოს თვალი ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, პეტრე მელიქიშვილის და უამრავ მათ თანამედროვეთა პირად ცხოვრებას და დარწმუნდება, რომ გადაჭარბებული აქ არაფერია.
ერთი გარეგანი ნიშანიც ვიცი ინტელიგენტისა: ხეპრე ვერ იტანს.

ინტელიგენტი სანთელია, რომელიც თავისი ცხოვრების არეს ანათებს. როცა ქვეყანაში ასეთი სანთელი ბევრია, მაშინ ქვეყანა გაჩირაღდნებულია. რაც უფრო ცოტაა სანთელი, ქვეყანაც მით უფრო ჩაბნელებულია, სიბნელეში კი არა მარტო ქურდები გამოდიან საშოვარზე; ბევრი იმათგანი, ვინც თავს პატიოსნად თვლიდა და, შესაძლებელია, იყო კიდეც პატიოსანი, არ შეიძლება ცდუნებას არ აჰყვეს.

როგორც სინდისსა აქვს ბიოლოგიური შემკავებლის ფუნქცია, რაც ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია, ისე ინტელიგენციას აქვს საზოგადოებრივი შემკავებლის ფუნქცია, რაც უფრო მაღალი ზნეობრივი საფეხურია და კანონიერებისა და სამართლიანობის საწინდარი. ამავე დროს ინტელიგენცია, როგორც ერის სახე და მისი პოტენციის საზომი, სულიერი განვითარების მამოძრავებელი ძალაა, ზღაპრული რაშების მათრახიცა და ლაგამიც.

საქართველოში ასეთი ინტელიგენცია მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა. საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა კიდეც და ჩვენმა ისტორიამაც შვებით ამოისუნთქა, რადგან სწორედ ეს იყო ერის გადარჩენის ერთადერთი პირობა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი უკვე შეიძლებოდა ლაპარაკი არა მარტო იმაზე, რომ საქართველომ საბოლოო დააღწია თავი შუა საუკუნეების სიბნელეს, არამედ იმაზეც, რომ საქართველოს ამისათვის მინიმალური დრო დასჭირდა, რაც ერის დიდი შინაგანი ძალის მაჩვენებელი იყო.
დღეს ინტელიგენცია, არსებითად, არა გვყავს. ის რამდენიმე სანთელი, რომლებიც ჯერ კიდევ ანთია, მხოლოდ რამდენიმე სანთელია და ერთიან სინათლეს ვერ ქმნის. ოცდაათიანი წლების ნაჯახმა ჩვენს ეროვნულ ხეს მთავარი ტოტები დააჭრა. საქართველო უმთავრესად სწორედ ინტელიგენციისაგან გაიწმინდა (ხეპრე ვერ იტანს!), ტრადიცია კი ჯერ კიდევ არ იყო ისეთი ძალისა, რომ გადაჭრილი ტოტების ადგილას ახალს ამოეყარა. ამას არც დრო უწყობდა ხელს და არც გონიერება. ინტელიგენცია რომ შეიქმნას იქ, სადაც ინტელიგენცია არ არის, პირველ რიგში, საჭიროა იმის აღიარება, რომ ინტელიგენცია არ არის. ჩვენში კი დრომ და უგუნურებამ ხელოვნური ინტელიგენციის გამოჩარხვა სცადა. ეს უაზრობაც იყო და ძალადობაც, რადგან არაინტელიგენტს ისევე ვერ მოსთხოვ ნამდვილ ინტელიგენტობას, როგორც კოჭლს ვერ მოსთხოვ გამართულ სიარულს. კოჭლს შეუძლია იხტუნოს, იცეკვოს, ირბინოს, მაგრამ გამართულად ვერ ივლის, ინტელიგენტობა კი სწორედ გამართული სიარულია.

ვიცი, ეს მარტო საქართველოს უბედურება არ არის, მაგრამ ის კი არ ვიცი, როდის ჩავრთეთ დამატებითი სიჩქარე და რომელ ეტაპზე გადავუსწარით სხვებს, ისეთი რა იმალებოდა ჩვენი ბუნების ღრმა შრეებში, რომ დრომ და ვითარებამ ასეთ სარეველად წამოშალა. იქნებ ვინმეს მოეჩვენოს, თითქოს მეტისმეტად ვამუქებ ფერებს, იქნებ ვინმე შემომწყრეს კიდეც, მაგრამ წყრომას ახლა მგონი ისა სჯობს, ძილ-ბურანს თავი დავაღწიოთ და დაკვირვებით მიმოვიხედოთ. ჩვენ უნიკალური მოვლენის მოწმე ვართ – ერი თვალდათვალ იცვლის სახეს.

ცოტაც და იმ საქართველოდან, რომელიც ჩვენს ცნობიერებაშია აღბეჭდილი და რომელიც გვიყვარს, სულ სხვა საქართველოს მივიღებთ. ვიდრე მტერი გარეთ გვყავდა, ვებრძოდით და ვუმკლავდებოდით კიდეც, როცა სულში გაგვიჩნდა და შემოგვიტია, დავიბენით, რადგან საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა არ ვიცით. ჩვენი სიმღერა და სიყვარული კვლავაც ხმაურიანია, მგზნებარე და პათეტიკური, მაგრამ სიმღერისა და სიყვარულის საგანი თუ ხელიდან გამოგვეცალა, უსაგნო სიმღერასა და სიყვარულს რას ვაქნევთ!

დროა თვალი გავახილოთ, იქნებ უფსკრულისკენ მივექანებით, ჩვენ კი, რაკი კუდაბზიკობა ამის გამხელის ნებას არ გვაძლევს, გვგონია, თითქოს საზეიმო დემონსტრაციაზე მივაბიჯებთ! თუ ახლა არ შევჩერდით, თუ ახლა ბეჯითად, ღრმად და დაუნდობელი სიმართლით არ გავარკვიეთ, რა ჭირი გვჭირს, თუ ახლა ჩვენი შანსი – ვინ იცის, უკანასკნელი – არ გამოვიყენეთ, თუ ახლაც ვერ დავძლიეთ ჩვენი გულარხეინობა და ღვთისმოიმედობა, ხვალ ჩვენს ადგილას სხვა საქართველო იქნება – ვაჭრუკანა, ცბიერი, ხარბი, უვიცი.

ვისაც თვალი აქვს, არ შეიძლება ვერ ხედავდეს, რომ რაღაც გადაუბიჯებელ ზღვარს გადავაბიჯეთ და ფეხქვეშ ნიადაგი გამოგვეცალა. ჩვენი განთქმული პატრიოტიზმი ფარსად იქცა, ჩვენი ცნობილი თავმომწონეობა – თვალთმაქცობად, ჩვენი მომხიბლავი არტისტიზმი – ტაკიმასხარობად, ჩვენი ღირსეული სიამაყე – ბაქიაობად. ჩვენ კვლავ მივადექით პროვინციალიზმის ჭაობს, საიდანაც მეცხრამეტე საუკუნის ტიტანური მეცადინეობის წყალობით ამოვედით. ჩვენმა ცრუმხატვრულობამ, ცრუპათეტიკამ, ცრუეროვნულობამ, ცრუპუბლიცისტიკამ, ცრუმორალმა ჩვენვე წაგვლეკა.

როცა ქვეყანას პროვინციალიზმის ხავსი მოედება, არ შეიძლება მორალი არ შეირყვნას. სადაც არ არის ინტელიგენცია – ბუნებრივი შემკავებელი, იქ განსაკუთრებული კეთილსინდისიერებით უნდა მოქმედებდეს კანონი – ხელოვნური შემკავებელი, მაგრამ კანონს თუ რჩეულები ჰყავს და ამგვარად საყოველთაობის ფუნქცია დაკარგული აქვს, ის უკვე კანონი აღარ არის და ეს ხელოვნური ზღუდეც დაქცეულია. ეს ობიექტური მიზეზი კია, მაგრამ ობიექტურ მიზეზს ახსნა შეუძლია და არა გამართლება. საუკუნეების განმავლობაში რომ მშივრები ვიყავით, განა შეიძლება ეს იმის გამართლებად გამოდგეს, რომ, რაკი საჭმელი ვიშოვეთ, გაძღომა ვერ გავიგოთ, ზნეობა ნიღბად ავიფაროთ და გულში ოქროზე ვლოცულობდეთ, ომახიანად ვიძახოთ, უმაღლესგანათლებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა ვართო, ჭეშმარიტად მოწინავე კი მხოლოდ მუცლის გარეშემოწერილობით ვიყოთ!..

გავბედოთ და ვთქვათ: ჩვენს ეროვნულ ნავს ძირი აქვს გახვრეტილი და წყალი შემოგვდის. კი ვცდილობთ ამოვხაპოთ, მაგრამ ჩვენი მცდელობა „პროფილაქტიკური ზომებია“ და საქმეს ვერ შველის. შედეგის წამლობა მიზეზს ვერ განკურნავს. თანდათან მთელი ზღვა შემოვა და მთელ ზღვას ხომ ვერ ამოვხაპავთ! ადრე თუ გვიან დავიქანცებით, ჩვენი საქმიანობის უაზრობასაც დავინახავთ, ხელს ჩავიქნევთ, ყველაფერს ბედის ანაბარა მივატოვებთ და ჩავიძირებით კიდეც. ამიტომ მე მინდა ვუთხრა ყველა მენავეს, რომ ამოხაპვა ამაო გარჯაა. ვიდრე ნახვრეტს არ დავგმანავთ, მანამ არაფერი გვეშველება…

წიგნიდან: ჯ. ქარჩხაძე. პუბლიცისტიკა.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ჯემალ ქარჩხაძე Empty
PostSubject: Re: ჯემალ ქარჩხაძე   ჯემალ ქარჩხაძე Empty

Back to top Go down
 
ჯემალ ქარჩხაძე
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» ჯემალ თოფურიძე
» ჯემალ ქირია
» ჯემალ მეხრიშვილი

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: