არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები

Go down 
2 posters
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptyWed Jan 21, 2009 5:10 pm

ნინი მელივა -

მალე ნინოობა მოდის.
და ყველა პირობითობას გადავდებ და დავწერ ჩემს სურვილს, ''ნინოობა'' მოდის და, მე და ამ საიტზე მყოფ ყველა ნინოს, ''გვაჩუქეთ'' თითო ლექსი, სულერთია, ვინ იქნება ავტორი. ლექსი, რომელსაც აგვირჩევთ, თითოეული ჩვენთაგანის ხასიათის, შინაგანი ბუნების, პიროვნული თავისებურების გათვალისწინებით.
და საერთოდაც, ვამკვიდრებ ტრადიციას, ლიტერატურული ნაწერებით მივულოცოთ ერთმანეთს დაბადების დღეები და პირადი დღესასწაულები! - აი, ბობო, კიდევ ერთი ექსკლუზიური იდეა არმურის საფიხვნოს ნინისგან - ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები.
ადამიანები ერთმანეთს სულ ადვილად ვაძლევთ შემოქმედებით და ადამიანურ იმპულსებს, თუ მოვინდომებთ... ამბობენ, რომ მე ეს გამომდის.
Smile

და არ გთხოვთ...
თხოვნა, - ეს ჩემი არაა.
ქალი უბრალოდ ამბობს ხოლმე სურვილს, რომელიც აუცილებლად უნდა ასრულდეს, ხომ?!SmileSmileSmile


Arrow

არჩანდას პასუხი:
კი, აუცილებლად!
და თემაც გაგიხსენი!..


flower
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptyWed Jan 21, 2009 5:48 pm

დიდი მადლობა.ბობო.
და ყოველთვის ვხედავ ,შენს მიერ სტილისტურად და პუნქტუაციურად მოწესრიგებულ ჩემს პოსტებს...


მადლობა, კი ბევრი რამის გამო....
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptyThu Feb 19, 2009 3:23 pm

ხო,ლექსი არავის დაუდვიაSmile
ეჰ,ანტიფანების რიცხვი ამ ფორუმზე გაცილებით სჭარბობს ფანების რიცხვს.''უსამართლო გარიგებაა''Smile
Back to top Go down
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptyThu Feb 19, 2009 7:39 pm

nini wrote:
ხო,ლექსი არავის დაუდვიაSmile
ეჰ,ანტიფანების რიცხვი ამ ფორუმზე გაცილებით სჭარბობს ფანების რიცხვს.''უსამართლო გარიგებაა''Smile

Arrow

ან სჭარბობენ, ან არა... შენ რა იცი?..

Laughing


ანა კალანდაძე

მოდიოდა ნინო მთებით

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

1954


ყველა ნინოს დაგვიანებით ვულოცავ ნინოობას...

და აიღეთ და, გადამაგდეთ დიდ კლდეზე გულამვიწყობისთვის...

flower
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptyThu Feb 19, 2009 7:57 pm

დიდი მადლობა ბობო.მე ძალიან ძვირფასი საჩუქრები მაქვს -შენი ლექსები ნინი მელივას ...
ძალიან კარგი ხარ,ბობო და უზომოდ გაფასებSmile
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptySat Apr 18, 2009 5:33 pm

აღდგომა


საფლავი თორმეტი ადლი,
სუდარა - თავთან კრული,
გწყალობდეთ აღდგომის მადლი,
ანგელოსი მხიარული!

„თქვენ რომ მეუფე დაფლეთ,
აღსდგა, აქ არ განისვენებს,
დღეიდან ბნელს ნათელი დაფლეთს,
განჰკურნავს ცოდვილთ სენებს.“

უფალი ჯოჯოხეთს შთახდა,
იხსნა სულნი მართალთა,
ანგელოსნი დარჩნენ სახტად
ცა დასთმეს ფერგამკრთალთა,

და გარდამოხდნენ ქვეყნად,
რათა შეეგებონ მწეს,
ადამს, მეუფის სეხნას,
სასუფეველის მზეს.

რა შვებაა, რა ზარია,
აღსდგა ღმერთი სულმნათი,
დედამიწა ტაძარია,
ზეცა - მისი გუმბათი.

რა ზამთარი იდგა ქვეყნად,
ან რა სიმწრის გოდება,
აწ კი ზეცა გარდაგვეხსნა,
ედემი გველოდება.

ზეიმით და ზარით მოდის
წელიწადი წლეული,
აღარ გვმართებს გლოვა ლოდის,
წარწყმდა გველი წყეული.

შვება სუფევს კიდით კიდე,
ქვესკნელით ცის თაღამდი,
მზემ დახია ბნელის რიდე,
ისმის ლოცვა-ღაღადი.

რა შვებაა, რა ზარია,
აღსდგა ღმერთი სულმნათი,
დედამიწა ტაძარია,
ზეცა - მისი გუმბათი.

ჩონჩხი რომ გზარავდათ ყველას,
და ცელი გაბასრული,
დაემხო, განქარდა წყევლა,
ვარსკვლავეთს აღზევდა სული.

ოსანა ისმის დასთა
დიადობს სხივთა ფენა,
მას ქერუბიმთა დასტა
შეეგებება ზენა.

დასცა ქაოსი მძვინვარე,
დახსნა სიკვდილის მხარე,
აღსდგა სიკვდილში მღვიძარე,
ცის შეუმუსვრელი სახე,

სად ჯვარი მისი გებულა,
აღყვავებულა სხვა ხე,
ედემში დავანებულა
ანგელოსთ მეინახე!

დაივიწყეს აჩრდილთ მოთქმა
და სიკვდილის ჭალაკი,
განახლებულ კაცთა მოდგმას
ერგო საღვთო ქალაქი.

ვის წყალობა ზეცის თან სდევს
მსხვერპლის არდარიდებით,
ის აღდგომის შარავანდედს
შეიმოსავს დიდებით!

რა შვებაა, რა ზარია,
აღსდგა ღმერთი სულმნათი,
დედამიწა ტაძარია,
ზეცა - მისი გუმბათი.



ზვიად გამსახურდია
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptySat Apr 18, 2009 5:34 pm

აღდგომა. 2004 წელი

რა მინდოდა ამ ქალაქში,
ამ კუბში,
რატომ დავყურებ ამ კუბში გამოჭრილი მართკუთხედიდან
მანქანათა სვლას,
რატომ ველი ალიონს და ხვალინდელ არეულ მოძრაობებს,
რატომ ხვნეშის დედაჩემი,
რატომ ფშვინავენ ბავშვები და ქალი ჩემს ზურგს უკან -
რა მინდოდა,
რა გვინდოდა ამ ქალაქში,
ამ კუბებში,
რა,
რა,
ცაში მთვარეა,
რა უნდოდა მას იქ,
ან დილიდან მზეს რა ენდომება -
ჩიტებს,
თვითმფრინავებს,
და რა უნდა ბესიკ ხარანაულის წიგნს ჩემს მაგიდაზე,
რა უნდა მის რეფრენს:
ბაირონი
უკვე
აღარ
გაიღვიძებს!
რა უნდა ძილს,
რა უნდა გამოღვიძებას,
ბაირონს რა უნდოდა XIX საუკუნეში,
როგორ დათვალეს ეს ყველაფერი:
საუკუნეები,
მანძილები,
ადამიანები,
რატომ დათვალეს,
ღმერთო, მიშველე,
რა მინდოდა ამ სახელმწიფოში,
რა მინდოდა ამ ეპოქაში,
ღმერთო,
ამ კუბებში, ამ ოთახებში,
ღმერთო,
აღდგომაა დღეს,
რატომაა დღეს აღდგომა,
რატომაა დღეს სიხარული,
რა მინდოდა აქ,
ბაირონი
უკვე
აღარ
გაიღვიძებს,
ვკითხულობ,
რაღაცეებს ვკითხულობ,
რატომ,
რატომ ვკითხულობ,
მეც დავიძინებ და ერთხელაც
უკვე
აღარ
გავიღვიძებ,
კითხვები გაქრება,
ან სხვაგან გადაინაცვლებს,
ჩემი გულისცემა -
რა უნდა მას,
აკაკუნებს, აკაკუნებს,
თითქოს რომელიღაც კარი უნდა გავუღო,
აკაკუნებს, აკაკუნებს, აკაკუნებს, აკაკუნებს,
ღმერთო,
რა გინდოდა შენ აქ,
ამ ქვეყანაზე,
ამ ქალაქში,
ამ კუბებში,
ამ ნივთებში,
რატომ იტანჯე, რატომ აღსდექი,
რატომაა აღდგომა დღეს,
ან სისხლი რატომ მოძრაობს ჩემს ძარღვებში,
არა,
კითხვები არ ილევა,
მივუჯდები მაგიდას, ვწერ,
ავდგები, მართკუთხედიდან თავს ვყოფ, ვეწევი,
ჩემს წინ აღმართულ კუბს ვუყურებ -
რატომა დგას ეს კუბი აქ,
ალაგ-ალაგ განათებული,
ალაგ-ალაგ სარეცხით შემოსილი, -
ვუყურებ, ნამწვს ჰაერში ვისვრი, ვბრუნდები მაგიდასთან,
წერას ვაგრძელებ -
რატომ ხდება ასე,
რატომ არ ილევა სიტყვები,
ფრაზები,
კითხვები რატომ არ ილევა -
ბაირონი
უკვე
აღარ გაიღვიძებს
ეს სხვისი რეფრენია,
მაგრამ რატომ გახდა უკვე ჩემი,
ეს ბავშვები -
საიდან გახდნენ ჩემი,
ეს ქალი, ამ ბავშვების დედა,
და დედაჩემი -
რატომ ვცხოვრობთ ყველანი ერთად,
რატომ ვსაუზმობთ ყოველ დილით ერთად,
რატომ ვვახშმობთ ერთად -
საოცრებაა,
და ქრისტე აღსდგა,
და კითხვები მაინც არ ილევა,
და რატომ მიყვარს ხანდახან ეს ყველაფერი,
და რატომ მაბეზრებს ხანდახან თავს, -
კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა _
და ყველაფერი თავიდან დატრიალდა,
და აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი,
ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი,
და ყველაფერი თავიდან დატრიალდება,
და მერე გაჩერდება -
რატომ ვფიქრობ ამზე,
რატომ ფიქრობს ყველა რაღაცეებზე,
რატომ აკაკუნებს გული,
რატომ არიან ჩუმად ყვავილები,
ქრისტე რატომ აღდგა,
რა მინდოდა ამ ქალაქში,
ცაში მთვარეს რა უნდა,
დილიდან მზეს, ჩიტებს, თვითმფრინავებს
რა ენდომებათ იქ,
გვიანია,
ბაირონი
უკვე
აღარ
გაიღვიძებს,
ადრეა,
ჯერ ძინავთ
ბავშვებს,
ცოლს,
დედას,
გვიანია... ადრეა...
ადრეა... გვიანია...
არც გვიანია
არც ადრეა
ქრისტე აღდგა
კითხვები შემცირდა
რა მინდოდა ამ ქალაქში
კითხვები შემცირდა, დაილია,
რა მინდოდა,
რა,
კითხვები დაილია უცებ,
ქრისტე აღდგა,
ჭეშმარიტად!
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptySat Apr 18, 2009 5:42 pm

უკვდავებამისჯილნი

"ყოველი ცოდვა ეკლის გვირგვინია, რომელსაც განუწყვეტლივ უწნავს მსოფლიო ქრისტეს, ყოველი ვნება ეკალია ჩვენს მიერ ჩამატებული ეკლის გვირგვინში. ყოველი ჩემი ცოდვა - ეს დიდი პარასკევია ქრისტესთვის. ოთხი ჩემი ცოდვა და მე უკვე თავად გავაკარი უფალი ჯვარზე." წმ. იუსტინე პოპოვიჩი. სიტყვა წითელ პარასკევზე.


"...ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან"-
სულიერად გონჯი და უგუნური;
თვალის ახელისთანავე მოვიხიბლე გველის სილამაზით,
თამაში დავუწყე და დავიგესლე...
შეშინებული, სახლისკენ გავიქეცი,
გზად დედაჩემი დავინხე, -
ყვავილებს კრეფდა ჭაობის ზედაპირზე...
მივედი და... ერთად ჩავიძირეთ...
მოკრეფილ ყვავილებს მკერდზე ვადებდით ერთმანეთს...
თვალები ტალახით ამომევსო და დავბრმავდი,
აღარც ჰაერი მყოფნიდა
(იშვიათად, გომბეშოები მეთამაშებოდნენ და მართობდნენ...).
უკანასკნელი ამოსუნთქვაც გავიყავით
და დაგვეძინა...
ნელა იზრდებოდა ჩემი გვამი.
მიწით ანაგებს, ჭაობის სიმყრალე გამიჯდა და
შემოდგომასავით დამცვივდა სხეულის დამპალი ნაწილები.
ფსკერზე ვიწექი - იობივით კეთროვანი და იუდასავით ცოდვილი.
მაშინ იუდა ცოცხალი იყო
და ღარიბი...
ჩემს ჭაობთან მაშინ გაიარა,
როდესაც ზედაპირზე ამოსული ყვავილები
მზის სხივებს უქოლავდნენ ჩემთან მოსასვლელს...
ნაზარეთიდან მოდიოდა...
მარტო არ იყო...
შეჩერდნენ და
ხმა მომესმა:
"ვიდოდე მშვიდობით"...
ჩემს გარშემო ყველაფერი შეიცვალა:
ჭაობიც, ჰაერიც,
ჩემი სხეულიც...
მაგრამ, მე იგივე დავრჩი -
სულიერად გონჯი და უგუნური...
ნაზარეველს გავეკიდე და თვალს არ ვაშორებდი.
კეთროვნები, ხეიბრები, ბრმები,
ყრუ მუნჯები, მკვდრები...
ყველა მასთან იყო,
ყველა მიჰყვებოდა,
ყველა რაღაცას აკეთებდა:
ზოგი მდუმარედ უყურებდა სახეში,
ზოგი პალმის რტოებს უფენდა გზებზე,
ზოგი რკინის დანებს აკერებდა მათრახებში,
ზოგი ეკლებს აგროვებდა გვირგვინისთვის...
ნაზარეველი ყველას ამჩნვდა,
ყველას ეხმარებოდა უანგაროდ,
დაუღალავად,
შეუსვენებლად.
შაბათი ახლოვდებოდა...
"დღეი უფლისა ღმრთისა",
დღე განსვენების...
ის-ის იყო უნდა შეესვენა ნაზარეველს,
რომ მისი სისხლით შევღებეთ პარასკევი...
არავინ დაიზარა,
ყველამ მიაგო "მისაგებელი":
მან მშვიდობა მოგვიტანა,
ჩვენ - ჯანყი მოვუწყეთ!
მან მოგვიტევა,
ჩვენ - განვიკითხეთ!
მან გვანუგეშა,
ჩვენ - ავატირეთ!
მან კეთრისგან განგვწმინდა,
ჩვენ - სახეში ვაფურთხეთ!
მან დაგვლოცა,
ჩვენ - დავწყევლეთ!
მან ვარსკვლავებისგან დაგვიწნა გვირგვინი,
ჩვენ - ეკლებისგან!
მან სიყვარული გვაჩუქა,
ჩვენ - ჯვარი ვაჩუქეთ!
მან მოწყალებისკენ მოგვიწოდა,
ჩვენ - უწყალოდ ვაწამეთ!
მან უკვდავება მოგვანიჭა,
ჩვენ - სიკვდილი მივუსაჯეთ!
მან ღვთის ხატად შეგვაფასა,
ჩვენ - ოცდაათ ვერცხლად შევაფასეთ!
ნუთუ ეს უკანასკნელი ფასია?!
ნუთუ იუდა ჩვენი უკანასკნელი სიტყვაა ქრისტეზე?!
კეთროვანო! შენ მან კეთრისგან განგწმინდა!
ნუთუ ამისთვის შენ მას ჯვარს ჩუქნი?!
დაბრმავებულო! შენ მან თვალი აგიხილა!
ნუთუ იმისთვის, რომ ჯვარი დაგენახა და მასზე გაგეკრა იგი?!
მკვდარო! შენ მან საფლავიდან წამოგაყენა!
ნუთუ იმიტომ, რომ შენს საფლავში ჩაგეწვინა იგი?!
ლაზარე! სად ხარ?!
ღადარინელო! სად ხარ?!
ნაიანელო ქვრივო! სად ხარ?!
გამოდით, რათა დავიცვათ ჩემი და თქვენი უფალი!
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptySat Apr 18, 2009 5:42 pm

ბადრი გუგუშვილი

ბარაბა

ყოველ წამში ერთი იბადება სადმე. სხვა კვდება ყოველ წამში. მას შემდეგ, რაც თოლიებს ვაჭამე, ხუთი წუთი. სამასმა წაიღო თქვენი ჭირი – სხვა სამასი დაიბადა, სისხლი ჩამოირეცხა, ყველანი კრავის სისხლში განსპეტაკდებიან ბღავილით:
მეეეეე...

ჯეიმზ ჯოისი
"ულისე"


ვინ ხარ?
თვითონ ვინც ვარ, ქვემოთ მოგახსენებ.
შენ კი მიპასუხე, ვინ ხარ?

ის მანამდეც იყო, სანამ გამოჩნდებოდა,
ოღონდ როცა გამოჩნდა, ჯვარს აცვეს.
იქნებ მაშინ შენც იქ იყავი და კიოდი,
ჯერ:
ბარაბა, ბარაბა!
მერე კი:
ჯვარს აცვი იგი!

ჰო, თქვა ერთ-ერთმა: აი, კაციო!
მაგრამ ისიც იმიტომ, რომ მერე ხელები დაებანა.

მაშინ სუყველა გავკიოდით: ბარაბა, ბარაბა!
შემდეგ კი: ჯვარს აცვი იგი!

ნუთუ ერთხელ გამოჩნდა
და მაშინ ჯვარს ვაცვით?

მერე?
ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა,
ოღონდ უფრო მოსაწყენები გავხდით,
სახეები დაგვიგრძელდა,
მოდაში შემოვიდა მწუხარება.
მ ი ს ნაცვლად სევდას ვხატავთ ხოლმე.
მას კი არც სჯეროდა, ჯვარზე თუ გავაკრავდით,
მოვკლავდით, გავწირავდით.
თითქოს ელოდა, ჩამოვხსნიდით
და შევეკითხებოდით: რაა ჭეშმარიტება?
და პილატესავით ზურგს კი არ შევაქცევდით,
არამედ მოვუსმენდით.
ისე მოკვდა, ვერც კი გაიგო, რომ მოვკლავდით.
ან ახლა კი სჯერა, რომ მოვკალით?
კი, ელოდა, ელოდა,
თვითონაც იწინასწარმეტყველა თავისი ბედი,
მაგრამ რატომღაც მაინც არ სჯეროდა
ჩვენი დაუნდობლობისა.
ნეტავი რატომ?

მერე?
ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა,
ოღონდ თვალები გაგვიხდა ოდნავ სევდიანი
და მასაც სევდიანს ვხატავთ ხოლმე,
თითქოს ისიც შესცქეროდა თავისსავე ჯვარცმას,
თითქოს ისიც ჩვენთან ერთად გაკიოდა
ჯერ:
ბარაბა, ბარაბა!
შემდეგ კი:
ჯვარს აცვი იგი!
თითქოს მასაც მიუძღოდა ბრალი
თავისსავე ჯვარცმაში,
თითქოს ისიც ცოდვილი იყო!
არადა, რა იმედიანი თვალებით შემოგვცქეროდა.
ნეტავ რატომ არ იჯერებდა ჩვენს შეუბრალებლობას?

მერე მისი სხეულიდან წვეთებმა გადმოჟონეს.
სათითაოდ დაითვლიდი...
მაშინ პირველად ჩავეტიეთ წვეთებში.
ყოველი წვეთი მძიმე იყო,
ყოველ წვეთში ჩვენ ვირეკლებოდით.
მაშინ ვისწავლეთ გაკვირვება
და გავიკვირვეთ:
კაცი მოვკალითო!
თითქოს ადრეც არავინ არ გვყოლოდეს მოკლული
და მომავალშიც არ ვაპირებდით ვინმეს მოკვლას.
თითქოს პირველად გავიგონეთ:
არა კაც ჰკლაო!
ჰოდა, სევდიანი გაგვიხდა გამოხედვა,
ოდნავ ბრიყვულიც...
რას ვერჩოდით უდანაშაულოს,
რომ არ მოგვეკლა,
დღესაც ხომ ჩვენს შორის ივლიდა.
იცოდა, ყველაფერი იცოდა,
კარგადაც გვიცნობდა,
ოღონდ არ იმჩნევდა!
ჩვენ კი არ გვაინტერესებდა, რა იცოდა!
დღესაც იმტვრევენ თავს, იმის გასაგებად,
თუ რა იცოდა.
მაგრამ გვიანაა!

ჯვარს ვაცვით ღრიალით,
ბარაბა კი – გამიშვეს
და ირონიულებიც გავხდით.
ახლა ყველაფერს ირონიულად ვუყურებთ
და სხვებიც ირონიულად შემოგვცქერიან.
ირონიულად დაგვცქერის: მზე, ცა, ვარსკვლავები, ხეები...
ირონიულად ამოგვცქერიან: ბალახები, მწერები...
ირონიულად გვიცქერენ: ცხოველები...
ნახატები... სახლები...
ირონიულად ყივის მამალი,
ლამის გადაიხარხაროს,
არ გესმის მისი ქაქანი:
დილას ელოდებით, ჰო, დილას,
რახანია, რაც გათენებას ელით,
რამდენჯერ ვიყივლე ოცი საუკუნის განმავლობაში,
ერთხელ მაინც გათენდა იმ ერთი გათენების შემდეგ?
მაშინ კი, რა ძალა მქონდა –
სამ დაყივლებაში სამჯერ უარყო უერთგულესმაც!

არც გათენდება!
ყი-ყ-ლი-ყო!
მზის ამოსვლა გათენება გგონიათ, ხომ?!
იქნებ ყიყლიყოს ნაცვლად გადავიხარხარო,
იქნებ ხახახათი გათენდეს?!
საინტერესოა:
რაღა მაინცდამაინც მაშინ მოწყვიტა ევამ,
როცა აკრძალული ჰქონდა,
ცოტა დაეცადა,
იქნებ შემდგომში მიეცათ ნება?!
ალბათ ის ვაშლი ჭიანი იყო,
ან მკვახე,
თორემ ყველაფერი ასე რატომ უნდა გაგრძელებულიყო?
ადამი მაინც რამ გააბრიყვა?
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptySat Apr 18, 2009 5:44 pm

wina postis gagardzeleba.

ოცი საუკუნე ცოტა დრო როდია,

მაინც რომ ვერ გვეშველა!
ეს "დრო" რაღაა?
ვიბადებით, ვკვდებით!
სიკვდილის წინ მაინც უნდა ვიხარხარო გამწარებულმა,
ხახახათი უნდა მოვკვდე!
სევდა, წუხილი, ავადმყოფობა, სიკვდილი...
ხა-ხა-ხა!
ხელოვნების ირონიული ღმერთი,
აი, რის იმედითღა დავრჩით.
ხანდისხან მაინც მიკვირს,
რა უძლურია ირონია, როცა
ოცი საუკუნის წინ დაღვრილ წვეთებზეა ლაპარაკი.

ის ხომ სიტყვა იყო!
სიტყვა ვაცვით ჯვარზე, სიტყვა!
სიტყვიდან გადმოჟონა
და ყოველ წვეთში ჩვენ ვირეკლებოდით,
ოღონდ ძახილით:
ბარაბა, ბარაბა!
მერე კი:
ჯვარს აცვი იგი!
იქნებ ყოველ სიტყვაში
იგივე ექო კივის დღესაც –
ბარაბა, ბარაბა! ჯვარს აცვი იგი!
მის გარდა ვინმეს უთქვამს სიტყვა,
ექოდ რომ არ გამოსცემდეს ამ შემზარავ ძახილს?!

ბარაბა ნებაზე მიმიშვეს
და ეჭვი ჩაგვიდგა თვალებში,
ნებაზე მიშვებული ეჭვი.
ეჭვიანები გავხდით!
სხვაგვარად კი შევძლებდით თავის დამშვიდებას,
თვით მაცხოვარი ვაცვით ჯვარზე,
თვით მაცხოვარი?!
ბარაბამ კი გადავიხარხარე,
წყლულებზე მალამო მოვიცხე,
იმ ჯალათმა რომ მომაწოდა,
რომელმაც მერე სიტყვას აძგერა შუბი.
სიკეთე ვქენიო – გაიფიქრა ჯალათმა.
ბარაბა კი გზას გავუყევი.
ოცი საუკუნეა
ვერ გამოვილიე ეს გზა.
კიდევ რამდენ ხანს ვივლი?
გადავიხარხარე და გზას გავუყევი...

ამიტომ გვიდგას თვალებში ეჭვიც.
მან როდი იცოდა ეჭვი,
მან მხოლოდ იმედი იცოდა,
ოღონდ სრულფასოვანი – იმედიანი იმედი
და წარმოგიდგენიათ,
ჩვენი იმედიც ქონდა!

ჩვენ კი –
უიმედო იმედი ჩაგვიდგა თვალებში,
რასაც წარმატებით ვარქმევთ იმედს,
სულ რაღაც-რაღაცები გვგონია ხოლმე:
გვგონია გვიყვარს ერთმანეთი,
გვგონია ვუგებთ ერთმანეთს,
გვგონია ვმეგობრობთ ერთმანეთთან –
თითქოს ღმერთის გარდა ვინმეს შეეძლოს
მეგობრობა, გაგება, სიყვარული.
კიდევ კარგი, ხარხარის უნარი მაინც შეგვრჩენია,
ხომ შეგვიძლია გადავიხარხაროთ, როცა გვეტყვიან:
მე შენ მიყვარხარ,
მე შენი მესმის,
ჩვენ მეგობრები ვართ!
მაგრამ რა უძლურია ხარხარი,
როცა წვეთებზეა ლაპარაკი,
უფლის სისხლის წვეთებზე.

ჰოდა ბარაბა ვარ, ბარაბა,
ჯვარს აუკვრელი ბარაბა,
ყველა, ვინც არაა ჯვარცმული, – ბარაბაა, ბარაბა!
რატომ მიისაკუთრე, ღმერთო, ჯვარი,
რისთვის წაიღე სხვისი ხვედრი,
რად გინდოდა ჩემი წილი სიკვდილი,
რას მერჩოდი?
ბარაბა ვარ, ბარაბა,
თვალებამღვრეული ბარაბა,
გონდაკარგული ბარაბა,
ჩემს ნაცვლად მაცხოვარი ააკრეს ჯვარზე!
თუმც ვის რაში სჭირდებოდა ჩემი ცოდვილი
სისხლის წვეთები,
მაგრამ ჩემი წილხვედრი სიკვდილი
თვით მაცხოვარს დასჭირდა!
აი, თუ გინდა ბედის ირონია.

კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიარო
ჩემი შერყვნილი სისხლით?
მისი სისხლით სპეტაკდებიან,
ჩემით კი – თაობიდან თაობაზე გადადის ბოროტება.
სიკვდილისაგან იმ პირველი ვაშლივით მომწყვიტეს
და მილიონებს გყოფნით.
ეჯახებით ერთიმეორეს ჩემეული ჯინის დასაოკებლად.
იცოდა, ჰო, იცოდა მაცხოვარმა თავისი საქმე,
ცოცხალი მე უფრო გჭირდებით, ვიდრე ის.
ჩემი ბნელი თვალები უფრო გამშვიდებთ,
ვიდრე მისი სინათლე.
მაგრამ მაშინ რად გჭირდებოდათ ვაშლი,
ნაყოფი ცნობადისა?

"რა გვინდა?" – აი, კიდევ რა ჩაგვიდგა თვალებში,
ვიცით, რა გვინდა?

ბარაბამ კი ვიცი:
სისხლი მინდა, სისხლი,
ოიდიპოსის სისხლი,
ერთმანეთზე დაგეშილი სისხლი,
თანაც ერთი-ორი წვეთი კი არა,
სისხლის ოკეანე!
რამდენი სისხლი დაიღვარა დღემდე
ადამის გამოძევების შემდეგ?!
კიდევ რამდენი დაიღვრება?!
მეტი მინდა, მეტი!
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა,
ასეთი ხარბი რომ არ ვყოფილიყავი,
წურბელასავით რომ არ ვეჯდე კაცობრიობას კისერზე?!
თუმცა რა ვიცი,
არავინ არაფერი არ იცის!
მხოლოდ მ ა ნ იცოდა ყველაფერი და
ისიც შევიწირე!
ყოვლისშემძლე ვარ, ყოვლისშემძლე
მაგრამ მისი სისხლი მაინც სხვა იყო, სხვა,
ასპეტაკებსო
და წარმოგიდგენიათ –
თურმე მეც მასპეტაკებს!

ბარაბა ვარ, ბარაბა!

შენ კი, ვინ ხარ?

1985. 31. X.
Back to top Go down
nini




Female
Number of posts : 648
Registration date : 17.11.08

ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები EmptySat Apr 18, 2009 5:45 pm

პროცესია




ღვინო.
მერე ამნეზია ქუჩის.
სადგურამდე შორი,
სახლიდან გზა დაუსრულებელი.
რეისი- არსად და გაჩერება იქ სადღაც.

ღვინო, მიზეზი.
ღვინო, დიალოგი ჩემი და რელსების.
ღვინო, მონოლოგი მამაჩემის.
ღვინო, უკანასკნელი ვაგონი.
ღვინო, ჩემი დაწურული.
მაღზნებს წვიმა გაწურული.

ეი, სუდარა დაგრჩათ, გადააფარეთ!
ღვინოს მე წავუქცევ ამ აღდგომას.
თუ შევძელი განთიადზე ფეხზე ადგომა.


ქაშიკა_დათა
Back to top Go down
Sponsored content





ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty
PostSubject: Re: ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები   ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები Empty

Back to top Go down
 
ლექსით მილოცვილი დაბადების დღეები ან პირადი დღესასწაულები
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» პირადი დარდები

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: სტუმრები და მასპინძლები (ერთნიც და მეორენიც ფეისბუკზე დაიკარგნენ) :: სადისკუსიო კლუბი - სტუმრად ნინი მელივასთან-
Jump to: