Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
Subject: ტარიელ ჭანტურია Wed Jan 07, 2009 12:14 am
Tariel Chanturia
ყველაფერი, რაც კლასიკოსის ხელიდანაა გამოსული, კლასიკა არ არის. როცა რომელიმე ჩვენგანი გაცხარებული ლანძღავს გალაკტიონის ზოგიერთ ლექსს, იგი გალაკტიონს არ ლანძღავს.
ტარიელ ჭანტურია პოეტი, ესეისტი
დაიბადა 1932 წლის 11 ივლისს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. მშობლები: დედა - ეკატერინე ჭანტურია, მამა - პროკოფი ჭანტურია. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი /ჟურნალისტიკის განყოფილება/ 1956 წელს. მეუღლე - ციალა ბერძენიშვილი, ჰყავს შვილ(ებ)ი: ნინო, ირაკლი. საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" რედაქციაში, მთარგმნელობით კოლეგიაში, გამომცემლობა "ნაკადულში". იყო პირველი ალტერნატიული გაზეთის - "მამულის" რედაქტორი 1989 - 91 წლებში. არის რუსთაველის სახელობის ეროვნული და გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურეატი. პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წ., პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ — 1964 წ. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.
ძირითადი კრებულებია: * „საქანელა“ (1965) * „ქვა და ომი“ (1967) * „ახალი მთვარე“ (1970) * „ორნი“ (1972) * „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973) * „წყნარი მზის წელიწადი“ (1975) * „თაფლობის საუკუნე“ (1978) * „პოემები“ (1979) * „სტრესები და სიტყვები“ (1980) * „რჩეული“ (1982) * „ბოლთა“ (1993) * „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ.
გამოიარა ბრძოლები, გამოიარა სროლები, გამოიცვალა როლები, გამოიცვალა ცოლები, იფიქრა რთული ფიქრები, დაწერა რთული წიგნები, ატარა ყურძნის ჯაგნები, წურა საყვარლის ჯიქნები... გადაიტანა ჩხუბები, სისხლის და ცრემლის გუბები, მოკლული ძმების გლოვაში ამოილურჯა უპები. მტრად მოიკიდა წითლები, მტრად მოიკიდა შავები! წააგო დავბაჩარები, დავბასეები, დავები! აფეთქა შამპანურები, ჭყლიტა საყვარლის ცურები, მოცარტითა და შიონბერგით გამოიჭედა ყურები! სუფრებზე უხვად არიგა სიტყვები _ უწმაწურები, უწმაწურადვე იარა _ ზილა საყვარლის ცურები! ცვალა ქალებში ქალები, თვალა მკერდებზე ხალები, ხანდახან _ ცხენიც აჭენა _ ააწკრიალა ნალები! ათასნაირი კედებით გადაიარა ქედები! უყვარდა მცირე ბორცვები _ კოცნა და წოვა კერტები! მიღებული აქვს ხუთები, ორიანებიც _ კუდები! მუდამ ზღვა ხალხი ეხვია _ პოეტები და ქურდები! თავისიც ბლომად იხადა, სხვისიც იხადა ვალები, ბინები გაიჩალიჩა გაჩახჩახებულ ზალებით. არიგა გოდრით ბასები, ბევრგან დასწია ფასები, დაღალა მიმტანები და მოქანცა პაპარაცები! უყვარდა თავის ქალაქი, უყვარდა თავის ვერაც და, თუმც მთაში ყოფნაც უყვარდა _ სამათასიანს ვერ ასცდა... იპოდრომებზე არასდროს უსეირნია ძაღლებით, ყოველთვის ნერვებს უშლიდნენ ცეკას და ტეკას წაკლები! ყოფილა _ მამის საფლავი უჩუმრად დაუხვეტია! ნამდვილ ცრემლს მუდამ ერჩია _ გულში უჩუმრად ეტირა... პახმელიაზე ლუდის სმით ღილები დაუწყვეტია! არც ერთი ბოზუნკალასთვის გული არ დაუწყვეტია. არ უნდა პანთეონები და კუბოები სამარკო _ ასეთი კაცი _ ჯიგარი _ უნდა შიგ გულში დამარხო!
Guest Guest
Subject: Re: ტარიელ ჭანტურია Sun Mar 01, 2009 3:56 pm
***
გოდოს გოდო, გოდოს გოდო, გოდოს გოდო გადაება, და მოუსვლელ გოდოებად იქცა საზოგადოება!
ბრიყვი ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს და ბრიყვს რომ გადაება, იქცა საზოგადოება ბრიყვ და მკრეხელ ღადოებად!
_ წააადით! _ რუსეთს დაუძახოს ნეტავ საზოგადოებამ! – ნეტავ საზოგადოება იქცეს უცებ... კატოებად!
იქცეს უცებ კატოებად და ენამჭევრ ქაჯანებად! მენატრება სიმამაცის და ღირსების აჯანყება!
ტარიელ ჭანტურია
პასუხი ჯარჯი ფხოველს - დავით ციგროშვილს!
“ჩვენი მწერლობის” მე-15, ივლისის ნომერში წავიკითხე ჯარჯი ფხოველის “ფიქრები”. არ ვაპირებ, ჯ. ფხოველის ყველა ნაფიქრალს შევეხო. მარტო იმაზე ვიტყვი ორ სიტყვას, რაც პუბლიკაციის ავტორს ცუდად უფიქრია:
“აი, სავალალო ერთარსი: “ჭკვიანი რითმა” და სულელი ავტორი!”
“ჭკვიანი რითმების” სალაღობო ლექსიკონის ავტორი მე გახლავართ. თავის დროზე ლექსიკონის წინათქმაში გარკვევით ვწერდი:
“ვთავაზობ რედაქციას წინამდებარე მასალას და, თუმცა მთელი ცხოვრება რედაქციებში ვარ ნამუშევარი, თვითონაც არ ვიცი, რომელი რუბრიკის ქვეშ ჯობს “ჭკვიანი რითმების ლექსიკონის” დაბეჭდვა - პირადად ჩემთვის სანახევროდ ხუმრობაა იგი, სანახევროდ - სერიოზული თემა, თუ გნებავთ, ერთგვარი პოლემიკური რეპლიკაც კი! ამიტომ, ვფიქრობ, მისი გაშვება იუმორშიც შეიძლება და სერიოზული მასალების გვერდითაც”.
ახლა კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი ჯ. ფხოველის ნაფიქრალს:
“აი, სავალალო ერთარსი: “ჭკვიანი რითმა” და სულელი ავტორი!”
“ჭკვიანი რითმების” ავტორი მე ვარ. ამიტომ ბუნებრივად დაიბადა კითხვა: ეს სულელი ვიღანაა! - მე? ჯარჯი ფხოველი? ვინ!
ჯ. ფხოველი არ ახსენებს ჩემს სახელს. სამაგიეროდ, მე არ ვაპირებ ამის დამალვას - რამდენი სულელი სულელს დამიძახებს, ან რამდენ გიჟს გიჟი ვეგონები, ამის რომ მეშინოდეს მე, ვერც სიმართლეს ვიტყვი ვერასოდეს და ვერც ნორმალურს დავწერ რამეს!
ისე, საინტერესოა, ამის დასაწერად რას შეიძლებოდა აღეძრა კაცი, რომელსაც - კარგი ნურაფერს გავაზვიადებთ - თავის დროზე დაწერილი აქვს ჩემზე ეგრეთწოდებული დადებითი რეცენზია, წერილი, რომელშიაც ჭკვიან ადამიანად ვყავარ გამოყვანილი! რა მოხდა, რა მიზეზით გადაიქცა ეს ჭკვიანი კაცი უცებ სულელად, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი!
მკითხველს შესაძლოა არ ახსოვდეს, მაგრამ შეუძლებელია, ჯ. ფხოველს დავიწყებოდა ჩემი ერთი წერილი, რომელიც მასზე ამ რამდენიმე წლის წინ გამოვაქვეყნე. თავის ერთ “ფიქრში” ჯ. ფხოველი ირწმუნებოდა, რომ თავისი ვერლიბრებით ააფეთქა კონვენციური ლექსის სამყარო! მე მას განვუმარტე, რომ მის ძალღონეს აღემატება კონვენციური ლექსის - იმავე რუსთაველის, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ლეონიძის, ლებანიძის, მაჭავარიანის, ჭილაძის, ანა კალანდაძის და სხვათა კონვენციური პოეზიის აფეთქება! აი, ჩემი ეს მწარე რეპლიკა ახსოვს, როგორც ჩანს, ჯ. ფხოველს და ახლა, ჩემი პასკვილანტების პუბლიკაციებით გულმოცემული, მართალია, გვარის დაუსახელებლად, მაგრამ მაინც წერს იმას, რაზეც უკვე მოგახსენეთ!
“ჭკვიანი რითმების ლექსიკონი” სანახევროდ ხუმრობაა-მეთქი, დავწერე თავის დროზე. ახლა, ისევ ხუმრობით, ბარემ კიდევ ერთ ჭკვიან რითმას შევთავაზებ მკითხველს:
ფხოველი - ცხოველი
ეს სარითმო წყვილი იმითაა საინტერესო, რომ იგი, ფხოველის გარდა, არც ერთ პოეტს არ ერითმება! - არც მაჭავარიანს, არც კალანდაძეს, არც ლებანიძეს, არც ჭილაძეს, არც ლეონიძეს, არც აბაშიძეს, არც ალხაზიშვილს, არც რატიანს, არც... მოკლედ, არავის.
ის, რაც ახლა დავწერე, ჯარჯი ფხოველს არ უნდა ეწყინოს! თუმცა, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა ეწყინოს! - ფსევდონიმი “ფხოველი” ხომ, ბოლოს და ბოლოს, ჯარჯის არ არის, იგი გახლავთ ერთი ბედკრული, ადრე წასული ნიჭიერი პოეტის, ვაჟიკა ფხოველის ფსევდონიმი, რომელმაც ფაქტიურად ამ ლამაზი ფსევდონიმის მეტი ვერც ვერაფერი დატოვა - ვერ მოასწრო, არ გაუმართლა და არ გაუმართლა ისე უღმერთოდ, რომ ბოლოს ეს ფსევდონიმიც სხვებს დარჩათ...
ჯ. ფხოველის “ფიქრებში” ერთი მართალი ფიქრიც შემხვდა: “ესღა გვაკლდა: აი, ისიც: ლიტერატურის “რამკის” ქურდი!”
თუმცა ჯარჯის, მოპარული ფსევდონიმის პატრონს, “რამკის” ქურდობამდე ბევრი უკლია, რაღაც პერსპექტივა საამისო, როგორც ჩანს, მაინც აქვს!
ერთი რამეც უნდა ითქვას. რაკი ჯ. ფხოველის “ფიქრების” უკან არ დგას ნამდვილი, საინტერესო პოეტი, ეს “სიბრძნეები” აღარავისთვის აღარაა საინტერესო, რადგან, ტვირთის ამწევს შენც შეიძლება შეუძახო - აბა ჰე და აბა ჰოო, მაგრამ რაკი თავად შენ ტვირთის აწევა არ შეგიძლია, შენი ეს ფაცი-ფუცი და შეძახილ-გადაძახილები ვერც ვერავის გააკვირვებს და ვერც ვერავის აღაფრთოვანებს. მოკლედ, ასე: ჯარჯი ფხოველი დიდ ქართულ პოეტურ სამყაროს ესაუბრება მოძღვრის, მენტორის, საბოლოო ანგარიშით - დიდი, სერიოზული პოეტის სახელით, ეს კი ყოველ ნამდვილ პოეტში ირონიულ ღიმილს იწვევს.
დაბოლოს, ისევ “ჭკვიანი რითმების ლექსიკონის” გამო! მისი, ასე ვთქვათ, საბოლოო, შევსებული და შესწორებული ვარიანტი მზადა მაქვს დასაბეჭდად. გამოცემაში რითმა “ფხოველი-ცხოველი”, რა თქმა უნდა, არ შევა.
წყალს არ დავლევ - მწყუროდეს, პურს არ შევჭამ - გრამს! - შენს კრეისლერს გავყვები, შენს დიდებულ ბრამსს!
დე ფალიას უცნაურს და უცნაურ კროლს! ტაშს დავუკრავ შენ მიერ შესრულებულ როლს! - ვირტუოზის როლს! - ვირტუალურ როლს!
ლექსი - მიქსერი (ლექსპრომტი ციალას - ტორტის საფასურად)
დიდხანს იდღვება დიდხანს იდღვება დიდხანს იდღვება დიდხანს იდღვება დიდხანს იდღვება დიდხანს იდღვება და გადაიქცა ლექსად სიტყვები დიდხანს იდღვება დიდხანს იდღვება ცივი სიტყვები ცხელი სიტყვები და შენც პოეტის სინაზით ჰყვები რა ძნელსადღვები იყო სიტყვები.
მინდია
Number of posts : 165 Age : 37 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
Subject: Re: ტარიელ ჭანტურია Sun Mar 01, 2009 11:06 pm
ტარიელ ჭანტურია
ლექსკლუზიური საიუბილეო
ქალბატონ გულიკო ჩაფიძეს
რაც არ უნდა მოხდეს აწი, ეს სამოცდაათი წელი - ოცდახუთიათას ხუთას ორმოცი დღე ხომ გავძელი!
აქეთ - აკაკი და ვაჟა, იქეთ - პუშკინი და შელი! რა თქმა უნდა - ჰომეროსი! რა თქმა უნდა - რუსთაველი...
გალა. დანტე. რემბო. ლორკა. ანრი ბეილი და ბელი... ჩემზე უფრო მათი იყო ეს სამოცდაათი წელი... ... ცას ცრემლიანს ავცქერი და მეც გაფრენას ჩემსას ველი - სიცოცხლისთვის, სიკვდილისთვის - ორივესთვის მადლობელი...
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ტარიელ ჭანტურია Fri Mar 09, 2012 8:14 pm
იმედგაცრუებული ფიქრი - კითხულობს ავტორი
ტარიელ ჭანტურია
გაზაფხული ბირჟაზე
სურნელება იასამნის და ორნელა მუტის, გაზაფხული, გაზაფხული, გაზაფხული მოდის!
ვერაფერი შევასმინე ამირანა მუდოს! – ბიჭო–მეთქი, გაიხედე! – რა მაისი მოდის!
ამ მიქცევის, ამ მოქცევის მარადიულ მოდუსს შენც ჩიტივით აყვე უნდა! – აგე, ნატო მოდის!
ხელი, ვარდით გაკაწრული, სულ შენ მხარზე მედოს! თამარი და შხაპუნა და ვარდობისთვე მოდის!
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ტარიელ ჭანტურია Sat Mar 09, 2019 10:14 pm
ტარიელ ჭანტურია Published on Nov 8, 2013
ერთხანს რითმას განუდგა და თეთრ ლექსს მიმართა. თითქოს ამ ხაზს იგი ვერლიბრამდე უნდა მიეყვანა. ეს ვარაუდი არ გამართლდა, იგი დაუბრუნდა ლექსის კლასიკურ სტრუქტურას. მართალია, თავისუფალი ლექსი მისთვის უცხო არა ყოფილა, მაგრამ ამ ფორმით მეტყველებას ისევ რითმის ერთგულება არჩია. მისი პოეზია უაღრესი სტრუქტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ლირიკული, ინტელექტუალური, ირონიულ-პაროდიული, კვლავ ინტიმურ ლირიკული. ამ ოთხმაგი სტილური სისტემით, ლიტერატურული წერილებით და იმ კონცეფციით, რაც მათში გაიშალა, ტარიელ ჭანტურიამ შექმნა პოეტური სამყაროს გამთლიანებული მოდელი, რომელშიც თავს იყრის განსხვავებული და დაპირისპირებული სტრუქტურები. ფხიზელი ხედვის წყალობით, მის მიერ ნაქანდაკებ პოეტურ სახეებში ყოველი გარეგნული დეტალი საუწყებლის მეტი ინტენსივობითა და სინათლით წარმოდგენას ემსახურება. მისი სტრიქონი უაღრესად სადა, ჰაეროვანი და ელასტიურია:
„ლექსს ჭირდება დეკა, ლექსს ჭირდება ღვია, ლექსს ჭირდება მკერდი და იმ მკერდში ტყვია... ლექსს ჭირდება ქედი, ლექსს ჭირდება მოლი, ლექსს ჭირდება ცოლი, ხან მეორე ცოლი. ლექსს ჭირდება მკერდში გარჭობილი დანა, დაძინება მერე და მკვდარ დედის ნანა. ლექსს ჭირდება ცხვარი და იმ ცხვრისთვის მწყემსი, ეს არ ვიცი ოღონდ ვის ჭირდება ლექსი".
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ტარიელ ჭანტურია Tue Jan 14, 2020 10:09 am
ტარიელ ჭანტურია
იმედგადაწურული ლექსპრომტი
ან უნდა თავი მოვიკლა, ან უნდა ვინმე მოვკლა... ანდერძი დაწერილი მაქვს, ბარგს - ორ-სამ წუთში მოვკრავ.
თუმცა სად უნდა წავიღო, სად მივიტანო! ვისთან! - იმ წუთის მერე სად ვნახავ მის ღიმილსა და მის ტანს...
ან ეს კოლტ-კობრა ვის უნდა, ან ეს ფინური დანა... უმისამართო კაცი ვარ, უტელეფონო თანაც...
თუ კიდევ დამრჩა ძმაკაცი, ჩემთვის სიკეთე რომ ქნას - ამის უკეთესს რას იზამს - მხიოს ტყვია ან მომკლას... ...ანდერძი უკვე დავწერე, ბარგის დავიწყე მოკვრა - ან უნდა თავი მოვიკლა, ან უნდა ვინმე მოვკლა...
Last edited by Admin on Sun May 09, 2021 1:58 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
ვუძღვნი მე ამ ლექსს მეუღლეს - ჩემს უერთგულეს სატელიტს! კმაყოფილი ვარ საუზმით, და უფრო მეტად - სადილით! მზარეულია?! - პა-პა-პა! - არ ტყუილია ქადილი, ოღონდ დროდადრო იქუხებს, თითქოს მფრინავი ცად „ილი“! ნება მიბოძეთ, შეკვეთა მივცე მეუღლეს - სატელიტს: მიდგეს-მოდგეს და როგორმე მეც გამიხერხოს სარდელი! ისესხოს ფული დროებით - კუპონის გაუქმებამდე! მერე ამ ფულით იყიდოს პოეტისათვის სანთელი!
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
მხოლოდ დუდუკი, მხოლოდ - ართურმა. ათასში ერთხელ - ფიქრი სწუხს სუფლიორის ბუდრუგანაში ი.გრიშაშვილი - ი. გრი...
წლები გარბიან. წლები გადიან. ჟამი უგულო მიქრის. როგორ ჩამქრალა ყოჩი ნაცადი - ი. გრიშაშვილი - ი. გრი...
უფრო - ამერი. უფრო - იმერი. ფშაველი. კახი. ეგრი. კაცი - შიქასტა, კაცი - საარი. ი.გრიშაშვილი. ი.გრი. ვით მოიძულეს, ვით გაიმეტეს, ვით დაივიწყეს ეგრე კაცი - ფუტკარი, კაცი - სანთელი, ი. გრიშაშვილი. - ი. გრი...
წევს მთაწმინდაზე, წევს რახანია. თუმც მაქნისია იქ რის... მაღლაც აზიდეს, დაბლაც დაამხეს ი. გრიშაშვილი, ი. გრი...
სადაც ნიავი ქროდა კოჯორის, იქ ახლა სხვა ქარი ქრის... და ქარს არ მოაქვს ხმა აშუღისა - ი. გრიშაშვილის... ი. გრიშ...
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
ბუდისოდენა საფლავი ეყოფა ალბათ ჩიტს! პატარა უნდა - პატარას, დიდი საფლავი - დიდს! ერთი უბრალო ბეჭედი ცხრას გამოიცვლის თითს! პატარა უნდა - პატარას, დიდი ბეჭედი - დიდს! საფლავზე წასაფარებლად ფოთოლიც ყოფნის ჩიტს! რამდენი ფიქრი გადადის ყოფნა-არყოფნის ხიდს! ვდგავარ და ვუსმენ ცხოვრებას - ასჯერ მოყოლილ მითს! ბუდისოდენა საფლავი ჩიტმა ჩაუგო ჩიტს! პატარა უნდა პატარას, დიდი საფლავი - დიდს...
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
მოვიდა დიდი თოვლი _ მშიერ შოშიას გაუთოვდა. მოვიდა დიდი თოვლი _ დიდი ზეწარი გაუთოვდა. ავალ, გადავკრავ არაყს _ აღარ იქნება უარყობა! გადი _ გამოდის ხერხი, ვით უარყოფის უარყოფა. ისევ გამოჩნდა თოვლში შენი თვალების ია ლურჯი! მსურს სიარული თოვლში, და შენზე ფიქრი სიარულში! ერთსაც გადავკრავ, ჭოლა! _ აღარ იქნება უარყობა! ... გადი _ გამოდის ხერხი, ვით უარყოფის უარყოფა!..
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
სიკვდილს არა ყავს შვილი; სიკვდილს არა ყავს ცოლი; სიკვდილს არა ყავს და-ძმა; სიკვდილს აქვს ბასრი ცელი... სიკვდილს არა აქვს ხორცი; სიკვდილს არა აქვს სული; სიკვდილს არა აქვს რწმენა; აქვს ცელთან ერთად ცული... სიმღერებიდან იცის სიკვდილმა თურმე ნანა; ცელთან და ცულთან ერთად აქვს სიკვდილს კიდევ - დანა სიკვდილს არა ყავს რძალი; სიკვდილს არა ყავს მული, სიკვდილს არა აქვს ჩვილი და მგრძნობიარე გული... უყვარს მიხაკის ზღვა და გასეირნება პომპით... დანასთან, ცელთან, ცულთან ერთად აქვს კიდევ - ბომბი... უყვარს ვიზიტი დღისით; უყვარს ვიზიტი ღამით; უყვარს ნაგანი, ტეტე და ბეჭდის თვალში - შხამი... არსებობს მისთვის „ყველა“ და არ არსებობს „ზოგი“... ხიბლავს მორევი მღვრიე და გასანთლული თოკი...
მოტყუებაა თავის - დანტე, პლაფონი სიქსტის და რუსთაველის წიგნი ვითომ ერევა სიკვდილს?!.
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
სიცოცხლეს და სიკვდილს შუა სიყვარული ტიხარია სხვა სათქმელი აღარც მე მაქვს - მიყვარხარ და მიხარია! რაის სიყვარულიმეთქი - წინათ მეც მიმიქარია! მეასეჯერ გამიმართლა! მიყვარხარ და მიხარია! ყველა ქალი ლამაზია ყველა კაცი - ჯიგარია არვის ვერჩი, არვინ მერჩის მიყვარხარ და მიხარია! სიცოცხლეს და სიკვდილს შუა , სიყვარული - ტიხარია! მომწონხარ და მინდიხარ და მიყვარხარ და მიხარია!
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
შენ ჩემს სხეულს (იქნებ სულსაც) ჩემზე მეტად, სარკევ, ფლობ! შენი შესაძლებლობებით ზოგჯერ მეტად სარგებლობ! ზოგჯერ ისე მიმეორებ, ვერც კი მოეგები გონს, და ჩავცქერი, ვაკვირდები ჩემს უცნაურ ეპიგონს! იმეორებ ნაოჭს, ღმილს, ცრემლებს, ახოვანებას, ოღონდ... დღემდე ვერ ახერხებ კაცის გახმოვანებას. ის, ვინც მბაძავს გარეგნობით, არც ჭკუით მგავს, არც გენით!
მე მარჯვენა ხელს ავუწევ - ის მპასუხობს მარცხენით! თუ - პირიქით -ავდექი და მემარცხენე ვაჩვენე, თითქო ჯიბრში ჩამიდგაო, ის ამიღებს მარჯვენეს! სარკის გამოუცდელობამ, სარკის ეპიგონიამ დიახ მეტად გამაკვირვა, ამირია გონება! მიმეორებს სიტყვასიტყვით, როგორც ცუდი მთარგმნელი, ანუ თერძი - ცუდი თარგის ცუდად გადამთარგველი! არც ნაოჭი გამორჩება, არც თმა, არც ხნოვანება, ოღონდ... რა ქნას: ვერ ახერხებს კაცის გახმოვანებას!
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ტარიელ ჭანტურია Tue May 05, 2020 4:24 pm
ტარიელ ჭანტურია
ინფექციური ლექსი
გადამდებია სიცოცხლე! გადამდებია ჭირი! გადამდებია ცრემლები, გადამედო და ვტირი! გადამდებია აპრილი, ია-ენძელას ფერი! გადამდებია სიმღერა, გადამედო და ვმღერი! გადამდებია ღიმილი! გადამდებია ქალი! გადამდებია სურვილი, ხურო ქვეყანა ჩალით! ჩამოთავდება საცაა ჩემი ცხოვრების ფირი! მიწას რომ ვჭამდი, იმ მიწით, ამომევსება პირი… გადამდებია წითელა და სინანული მწარე, გადამდებია ვარდობის თვის ორი კვირის მთვარე… გადამდებია ეჭვების და უნდობლობის შხამი! მომწამვლელია, დღის გამო რაც გიფიქრია ღამით! კოცონს აჩაღებს ეჭვების უბრალო ნაპერწკალი! ეს მწუხარება! ეს ვნება! ის დარდი! ის კურცხალი… გადამდებია ვეება დარდი სამშობლო მთების… გადამდებია სიკვდილი, გადამედო და ვკვდები.
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ტარიელ ჭანტურია Sun Jul 05, 2020 1:25 pm
ტარიელ ჭანტურია
წინადღის ლექსპრომტი
დილომატი სუყველა _ თუ კონსული, თუ ელჩი _ გაოცდება, სიკვდილს რომ გამოვიწვევ დუელში! მე რა მითქვამს დანტესის ბრიყვი სეკუნდანტის! _ ვიწვევ სეკუნდანტებად რუსთაველს და დანტეს! გაგიკვირდეთ: დამბაჩა არ მიჭირავს ხელში, არც შიშისგან ცრემლები ჩამდის გამშრალ ყელში... არ ვაპირებ, რომელიმე პანთეონში ვიწვე! _ მე დუელში სიკვდილს განა ამისათვის ვიწვევ... სანამ თვითონ მოვა და თავზე დამაცხრება _ ნახოს, რანაირია კაცთან დამარცხება! დიპლომატი სუყველა _ თუ კონსული, თუ ელჩი _ გაოცდება: ხვალ სიკვდილს გამოვიწვევ დუელში...
Last edited by Admin on Sun May 09, 2021 1:45 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7185 Registration date : 09.11.08