Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: ვახუშტი კოტეტიშვილი Tue Jan 06, 2009 10:25 pm
Vakhushti Kotetishvili
ვახუშტი კოტეტიშვილი მთარგმნელი, პოეტი, მწერალი
დაიბადა 1935 წლის 4 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1959 წელს. 1965–1977წწ. იყო თსუ–ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ–ხელმძღვანელი 1994 წლიდან. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები –1958 წელს. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აფეზის ლირიკის გაგებისათვის", დაიცვა 1964 წელს, სადოქტორო – "სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა", დაიცვა 1975 წელს. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“ და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა. ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80–იან წლებში ტარდებოდა. გარდაიცვალა 2008 წლის 7 აგვისტოს, 73 წლისა.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი * იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი * საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი * საქართველოს ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრი, თავჯდომარე * საქართველო–აზერბაიჯანის საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი * ფოლკლორისტული კლუბი "ჯავარი", პრეზიდენტი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები * 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის * 1995 - ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტრო (ვენა) (პრემია) * რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისათვის 1990 - ქართულ-ევროპული ინსტიტუტი(პარიზი) (პრემია ) რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისათვის
ბიბლიოგრაფია * ფოლკლორული ძიებანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2006. - 546გვ. * ვერცხლის საუკუნე+ბროდსკი : რუსული პოეზიის თარგმანები (მთარგმნელი). - თბილისი, 2006. - 196გვ. * მართალს ვიტყვი... : კრებული (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2005. - 285გვ.. - ISBN: 99940-45-33-4 * სიყვარულის ღვინო : ლექსები (მთარგმნელი). - თბილისი, 2005. - 23გვ. * მოუკრეფავნი : ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები (შემდგენელი). - თბილისი, 2005. - 109გვ.. - ISBN: 99940-16-82-2 * აღმოსავლურ - დასავლური დივანი (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2003. - 355გვ.. - ISBN: 99928-994-8-4 * ირანული პოეზია (შემდგენელი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1977. - 557გვ. * ომარ ხაიამი : რობაიები (მთარგმნელი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 59გვ.
ვახუშტი კოტეტიშვილი "ჩემი ლოცვა" Published on Dec 17, 2015
Last edited by Admin on Fri Mar 22, 2019 10:39 pm; edited 7 times in total
არაბული Into Armury
Number of posts : 183 Age : 29 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
Subject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი Thu Feb 12, 2009 2:56 pm
ფშავ-ხევსურეთის სონეტი
აქ პირველითგან იყო ლექსი. სიტყვა, ვით სეტყვა! აქ ყველა სიტყვის მეუფეა, თანაც ტყვე არი. ყველა კაი ყმას წელზე ლექსი ხმალივით ერტყა და გულზე ლექსის დაღი აჩნდა, ვით ნატყვიარი. ქართულმა სულმა აქ ოდითგან იხმლო, იმშვილდა, ქავ-ციხის ლიბო არ დაშლილა, არ გამომპალა, აქ დღესაც ისმის მადლიანი ლოცვა ღვთისშვილთა, ხმობენ: ლაშარი, იახსარი, ბერი კოპალა. აქ ყოველივე მიგემნია: ტკბილი თუ მწუთხე, გულზე ლექსების გუთნეული გამდევს ხნულებად. ვყოფილვარ ბევრგან, მაგრამ ქვეყნად არცერთი კუთხე, ჩემი სულისთვის უფრო ახლო არ მეგულება.
ჩემი სამზეო, საიქიო, შავ-ხევ-სულეთი, აკლდამა ჩემთა ოცნებათა – ფშავ-ხევსურეთი.
გაგა Into Armury
Number of posts : 146 Age : 110 Location : ნირვანა Job/hobbies : სულოლოგი Humor : შავი Registration date : 09.02.09
Subject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი Thu Feb 12, 2009 3:33 pm
ჩემი აკაცია
ჩემი აივნის წინ - თეთრი აკაცია, ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი. ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას, ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს. მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას, ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს, თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს, ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს, სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს, გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს, მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?! და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე - მე თუ აკაცია?..
1951
nino darbaiseli Into Armury
Number of posts : 223 Age : 59 Registration date : 14.12.08
Subject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი Sun Apr 26, 2009 12:49 am
პაპა ლექსოსა და ძია ვახუშტის კაფიებით პაექრობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ჩვენი ოჯახის უცვლელი თამადა იყო. თავიდან ძიას ვეძახდი,მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ,უმშვენიერესი და უსაყვარლესი მზეო რომ მოიყვანა ცოლად, საქმე მაშინ გამიჭირდა.''ბატონო ვახუშტის'' ვერ დავუძახებდი,არაბუნებრივი გამომივიდოდა ეს დისტანცირება,ვახუშტისაც ვერ ვუწოდებდი - მეტისმეტ ფამილარობად მეჩვენებოდა... მერე თანდათან მივეჩვიე..ეს ლექსი კი გამოვუთქვი და საქალებოში ჩუმად ვიცინოდით:
ვახუშტიმ რო ცოლ შაირთო, ყველას მისაბაძიაო, ტანათ ფარჩა შაუკერა, განა ჩვენებრ ძაძიაო. შვილის კბილა ქალას უდგას. ვინ ძიაო,რა ძიაო! ვახო უნდა დავუძახო, ''ხვატიტ,ბოგა რაძიაო!''
ვაჰ,დრონი,დრონი...
არაბული Into Armury
Number of posts : 183 Age : 29 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
Subject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი Sat Jul 11, 2009 3:11 am
ეკატო (ეკა ტალახაძე) Front of Armury
Number of posts : 54 Age : 47 Location : თბილისი Job/hobbies : სიტყვა Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?" Registration date : 23.07.09
Subject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი Sat Aug 01, 2009 12:44 am
თქვენ და მე
თქვენ _ ყველაფერი, მე _ ფერი ყველა. დამექცეს ჭერი, თუ გთხოვოთ შველა.
თქვენ _ ქვეყნის ოქრო და შარა ვრცელი, მე _ ოკრობოკრო ბილიკი ძნელი.
მამრი თუ მდედრი _ ნუ მყვედრით ყველა, მე _ ჩემი ხვედრი _ შვლის ნუკრის შველა...
მე ამ წესს ვიცავ ღამეც და დღეცა, რომ ჩემი მიწა ვაქციო ზეცად.
ქვიშის საათი
მიახლოვდება სამოცდაათი და, სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ ვბერდები. როგორც უბრალო ქვიშის საათი _ ზემოთ ვიცლები, ქვემოთ ვბევრდები.
ფიქრს მოსწყინდება რიალ-რიალი, სულს გაეყრება ცოდვილი ხორცი. დავრჩები ზემოთ სიცარიელე, ხოლო ქვემოთ კი _ პატარა ბორცვი.
Tabagari Tea Into Armury
Number of posts : 122 Age : 35 Registration date : 27.12.08
Subject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი Tue Aug 04, 2009 11:14 pm
ვახუშტი კოტეტიშვილი
ზღვისპირას...
ზღვისპირას, სადაც იშლებიან ოლეანდრები, ზღვისპირას, სადაც აბურძგნულა პატარა პალმა, დღეს შენი თავი გამახსენა უცნობმა ქალმა და დღეის შემდეგ კიდევ უფრო მომენატრები... ზღვისპირას, სადაც იშლებიან ოლეანდრები, ჩემი ფიქრივით მოწყენილა პატარა პალმა...
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი Fri Mar 22, 2019 10:35 pm
ვახუშტი კოტეტიშვილი
საღიმილონი
* * *
მთაში პატარა სოფელო, ციცქნა სახელით: "ინო"! ქალაებ კარგებ დაგიდის: მზია, განძა და ნინო. გომურებში კი ნუ სჩქმალავ, სუ ბან-ბან უნდა ჰფინო. ერთხელ მეც დამაძლევინო მაგათი ბაგის ღვინო, მერე კი მოფშავლებული ერთ-ერთთან დამაწვინო.
5.04.07.
* * *
ერთ დროს მეც ვიყავ ჯეელი, ქვეყნად არ მყავდა ბადალი, გულის ფანცქალით მელოდა ბევრი თვალშურთხა წაწალი. იმათი ეშხით მთა-ბარში არ მბეზრდებოდა წანწალი. ეხლა კი ვის რად ვუნდივარ ბეჩავ-ბებერი, საწყალი, არც რამ შამამრჩა, დამხედეთ, ფეხთ წინდები მცვავ ცალ-ცალი.
15.04.07.
* * *
ამ წუთისოფლად ვფაფხურობთ, როგორც ბორბალში ციყვები, ან როგორც წყალში ნაფოტი, დროის დინებას მივყვებით. შხამა სოკოებს ვაწყდებით, მაგრამ გვგონია ნიყვები, ეს ან ქალების ბრალია, ან კაცები ვართ ბრიყვები?!
9.09.07.
* * *
თუ გიდგას ღვინო ხელადით, განსაკუთრებით - "პინო", გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი, დუდუკით მოილხინო, თუ აგიკრძალეს ქალები, თუ აგიკრძალეს ღვინო, რა ჭირად გინდა დუდუკი, ან რა გაქვს საღიღინო?!
9.09.07.
* * *
ლექსის საღერღელაშლილი დავბზუი, როგორც ფუტკარი, დავაფრთხე ჩემიანები: " - გაიტრუნენით!" - ვუთხარი. მე კი ლექსშეკეთებული ვღუოდი, როგორც ბუხარი, ლექსს ხომ ვერ იტყვი უგულოდ, დაუმწვარ-დაუთუთქარი.
25.09.07.
* * *
წუთისოფელმა გამხადა შაირ-სიტყვათა მესტვირე, ყოფა ვერავის ვუტირე, ბევრს თვითონ ყოფად ვეტირე. სამარის ქვაზე თარიღებს ტირე რომ უზის, ეს ტირე ჩვენი ცხოვრება ყოფილა, ამას რომ მივხვდი, შევსტირე. თურმე ვინა ვარ? - მარტოდენ ამ მოკლე ტირეს მესტვირე.
24.09.07.
* * *
ჩვენმა ახალმა ცხოვრებამ წამება არ გვამყოფინა, ზოგს სულ წაგვაჭრა თავები, ზოგს ყულფში გაგვაყოფინა. აღარც ცოცხლებში ჩაგვწერა და მკვდრებშიც არ გვამყოფინა. მე დე-იურე მეგონა, თურმე დე-ფაქტო ყოფილა.
21.09.09.
ვახუშტი - ალექსი ჭინჭარაულს
ლექსო, ეს ჩემი სიტყვები არ გახლავს სახუმარონი. მე ხომ შენს გვერდით ისე ვარ, როგორც მოსესთან არონი. მტრები ვერაფერს გვიზამენ, გინდაც გვითხარონ ხარონი, ისეთ კაფიებს ვაჯახებთ, გავხადოთ სახარხარონი, თავის სიტყვები გაირჭონ, როგორც სიმინდის ტარონი. შენ კაფიების ლორდი ხარ, მე – შაირების ბარონი!
10.11.07.
80 წლის ალექსი ჭინჭარაულს
ვულოცავ იუბილარსა სიტყვის ჯადოქარს, მისანსა. პაპა ალექსის ნალექსი მუდამ აღწევდა მიზანსა. მე აბა რა მათქმევინებს მის აუგსა და მის ავსა, და თუ წამამცდა, ბებერი რაღა ჩემ ფეხებს მიზამსა?!
25.12.06.
* * *
ვახუშტი კოტეტიშვილი ერთი უბრალო კაცია, თავზე ახურავს ბერეტი, გაქექილ ჯინსებ აცვია, ლექსების ფარას მოდენის როგორც რო მწყემსი ქაცვია. მისთვის კაცია მთავარი, არა ჯური თუ ნაცია. ხან საქმე უკეთებია, ხან ცოტა უზარმაცია, თავისას არ იშურებდა, სხვისი არ წაუტაცია, ყველაფერს წერდა მარჯვენით, არ უხმარია ცაცია. კარგ ლექსებს იჭერს შორითვე, თითქოს ყურს უდგას რაცია. პურ-მარილისას დინჯია, მთვრალს არსად ურაცრაცია. ბუნებით დარბაისელი ქალებთან ცოტა ანცია. შეუნდეთ, ჯეელობისას თუკი რამ უქიცმაცია.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვახუშტი კოტეტიშვილი Fri Mar 22, 2019 10:42 pm
ვახუშტი კოტეტიშვილი
ვაჟას ჩარგალში
ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე, გულში ბორგავდა ლექსი, ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე, არაგვის წყალი შევსვი.
ამოვიარე ფერდობი, მთაზე შემომხვდა მწყემსი: ძმაო, აქ ალბათ ერთობი სალამურით და ლექსით.
თუ შენი სამწყსო ცხვარია, თვალი თუ კორდებს ეძებს, მეც ვმწყემსავ, გაგიხარია, ოცნებებსა და ლექსებს.
მგზავრი ვარ არა გვიანი, ამ მიწაში მაქვს ფესვი, ეს წყალი არაგვიანი მეც ხომ შენსავით შევსვი.
ქარები რტოებს ლეწავენ, ელვამ ჩამოჰკრა კვესი. ძმა თუ ხარ, შენი კვნესამე, მაჯახე ვაჟას ლექსი.
ფხაზე მოეგო ფხოველი, მაჯახა ვაჟას ლექსი, მე იმის სიტყვა ყოველი წყაროს წყალივით შევსვი.
ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე, გულში ბორგავდა ლექსი, ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე, ფიქრი მთვარეზე შევსვი.
ჯიხვი რუხ კლდეებს დაუვლის, მთვარე თეთრ მანდილს მიქნევს, ალუდა ქეთელაურის გული მეცა მაქვს იქნებ.