წინათქმა ნიკო ყიფიანის წიგნისთვის “ერთხელ წასაკითხი მოთხრობები”სოფელი ხაშმი ჩემს წარმომავლობას უკავშირდება. ხაშმელი იყო დიდედაჩემი – ეფემია ინანიშვილი, ვისაც წიგნის სიყვარულს და კარგ კალიგრაფიას ვუმადლი, ხაშმელი გახლდათ მისი ძმისშვილი და ბიძა ჩემი – რევაზ ინანიშვილი, ვინც ვაჟა-ფშაველას და გიორგი ლეონიძის გზა გააგრძელა ქართულ პროზაში.
ხაშმელმა კაცმა ან ქალმა რაიმე საქმეში თავი გამოიჩინა, წარმატებას მიაღწიაო, რომ გავიგებ, ბუნებრივია სხვანაირად, გამორჩეულად გამიხარდება ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც, როცა ნიკო ყიფიანის, მისი ნაწერების ქება მოვისმინე პირველად. თანაც მოვისმინე რიგითი მკითხველისგან კი არა, ვის მოსაზრებასაც ანგარიშს ვუწევ, არამედ ნაღდი პროზის ნაღდი შემფასებლისგან, ვის სიტყვასაც ლამის უყოყმანოდ ვენდობი. ჩემთვის უცნობი ავტორი მიხო მოსულიშვილმა აღმომიჩინა – წამაკითხა მისი მოთხრობები და მოთხრობებთან ერთად
ინტერვიუც, მე მგონი, პირველი და უკანასკნელი მის ცხოვრებაში, სადაც რამდენიმე ისეთი მოსაზრება ამოვიკითხე ლიტერატურის შესახებ, ჭარმაგი მეტრის დაწერილი გეგონებოდა. მიხომ ისიც მითხრა, ნიკოს შენი გაცნობა უნდაო. ტრაგიკულ აღსასრულამდე ერთი თვით ადრე მესტუმრა, საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვიყავი და შინ ყავარჯნის დახმარებით ვმოძრაობდი.
ზარი რომ დაირეკა და კარი გავაღე, ჯერ მიხომ შემომღიმა და მერე მის უკან მდგომმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის ფონზე ჩემი ჯირკვივით მეგობარი ერთ ტანმორჩილ ვინმედ მომეჩვენა.
აი, ეს არი ნიკო ყიფიანიო, - მითხრა მიხომ.
ჩამომართვა ხელი ახალგაზრდა კაცმა და წითელი ღვინით სავსე ათლიტრიანი ჩამოდგა იატაკზე, სისხლი ბლომად დაგიკარგავთ და თქვენთვის ეხლა ეს წამალიაო.
ხაშმური საფერავი იყო, "დევის სისხლად" რომ მოიხსენიებენ, ის ღვინო.
დავსხედით, ვილაპარაკეთ. არც საფერავი დაგვილევია, არც სხვა რამ, შინ რომ მეგულებოდა. ვილაპარაკეთ წიგნებზე და მწერლებზე. სკოლაში ახალი მისული ვიყავი სამუშაოდ და ნიკოს მასწავლებლობის ამბავი რომ გავიგე, გავიხარე – მარტო ერთი ძაფი არ მაკავშირებს მეთქი ამ კაცთან.
ეს ძაფები ერთი თვის თავზე გაწყდა.
პირველი, ვინც იმ თავზარდამცემი ამბის შეტყობისას გამახსენდა, ალალე დევიშვილი იყო, რევაზ ინანიშვილის პაწია მოთხრობის გმირი, გოლიათური აღნაგობის, მართლა დევივით ბიჭი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას თავად უსვამს წერტილს ერთი შეხედვით უბრალო მიზეზის გამო – ღატაკი და უპოვარი, ძმის ნიშნობაში ვერ ახერხებს წასვლას, რადგან თავის ზომის ახალუხს ვერ თხოულობს.
პაწია მოთხრობას "ცოდვა დიდისა" ჰქვია.
ზაალ სამადაშვილი