| | ქეთი ნიჟარაძე | |
| | Author | Message |
---|
Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: ქეთი ნიჟარაძე Sun Jan 04, 2009 4:48 pm | |
|  Keti Nizharadze (1955–2000) ქეთი ნიჟარაძეჩვენ, ოთხმოციანელ მწერლებს ქეთი ნიჟარაძე გვყავდა (1955–2000) - გამორჩეულად ნიჭიერი პროზაიკოსი და შესანიშნავი მთარგმენლი ფრანგულიდან... ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს მოიკლა თავი, აღარ ინდომა ამ ახალ საუკუნეში ცხოვრება... დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე... 
Last edited by Admin on Sat Feb 16, 2019 9:41 am; edited 7 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Sun Jan 04, 2009 4:55 pm | |
| გივი ალხაზიშვილი ქეთი ნიჟარაძის ხსოვნასვინც გზა იპოვა, ის დაიკარგა, ამაოდ ელის მის დაბრუნებას სახლი, რომელსაც იგი მოაკლდა, ვინც ნაადრევად იქცა ბუნებად და ფიქრში თავი რომ შემოაკვდა. ის ჩვენში დარჩა ხმით, გამოხედვით და საკუთარი ხატის ნაწილად, რომელსაც მალე გააფერმკრთალებს ჟამი, რომელმაც გზად გააცილა და მოაჩერდა ახლა შენს თვალებს, რომელიც ბრწყინავს სინანულისგან _ დასაშრობი და ამოსახაპი, წასაკითხია წიგნი მრავალი, უპირველესად, ალბათ, აღაპის, რომ არსად მიდის დრო წარმავალი. ვინც გზა იპოვა, ის დაიკარგა, მისი დაკარგვა რასაც მავალებს, არის დუმილი გაუბზარავი, ამიტომ ლოცვას კი არ აღვავლენ, მოვუხმობ ყველას, ანუ არავის. მეც ვეღარავინ მომეშველება, ამორჩეულ გზას თუ მივაკვლიე, თუმც შემიძლია, სხვას რომ არ ვგავდე, ერთი ნაბიჯი მუდამ მაკლია იმ გზის პოვნამდე თუ დაკარგვამდე. ქათქათა იყო ამ ფურცელივით დილა, რომელიც იწყებს შევსებას, თავის თავს აჩენს უცხო ნიშნებად, მაგრამ ჭრილობა არ იკემსება, რაც იწერება _ იქვე იშლება. ნუ წააკითხებთ ამ ლექსს ნურავის, ვინც ცინიკურად ჩაიქირქილებს და ვინც იწამა, არის უკვდავი, ვინც თვითონ იწნავს დაფნის გვირგვინებს და ხმას იბოხებს ერთი ოქტავით. ვინც გზა იპოვა, ის დაიკარგა და გრძნობს, ფესვებმა ბევრი იცოცეს საფლავის ბორცვზე, კლდეზე, კიბეზე... მოსაწყენია ზოგჯერ სიცოცხლე, ასე უეცრად რომ მოიბეზრე. შენი მკლავები როგორ უმწეოდ ჩამოიშალა თუ დაიკეცა, ალბათ, იმიტომ, სხვას რომ არ ჰგავდე, გსურდა სულისთვის ფრთები მიგეცა სამარადისო გადაკარგვამდე. 
Last edited by Admin on Sun Dec 09, 2018 7:20 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Sun Jan 04, 2009 5:01 pm | |
|
Last edited by Admin on Sun Dec 09, 2018 7:45 pm; edited 7 times in total | |
|  | | ჯალალი
 Number of posts : 214 Registration date : 11.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Wed Feb 11, 2009 5:24 pm | |
| ძაან მომეწონა ზალიკოს მოთხრობა-ქეთის ხსოვნას რომ ეძღვნება...
ალხაზიშვილის საოცარი ლექსიც...
"გსურდა სულისთვის ფრთები მიგეცა სამარადისო გადაკარგვამდე."
სურდა! | |
|  | | მაია ორჯონიკიძე

 Number of posts : 3 Age : 53 Location : თბილისი Job/hobbies : ვწერ,ვხატავ ან პირიქით... Humor : მგონი, კი... Registration date : 31.03.09
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Tue Mar 31, 2009 10:03 pm | |
| მომინდა ორიოდე სიტყვით მომეხსენიებინა ეს ნიჭიერი და ტრაგიკული ბედის ადამიანი. გარკვეული დროის მონაკვეთში საკმაოდ ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა და თავისი განთქმული ნათესავის მსგავსად ხალასი ნიჭიერების პატრონი იყო. უფალმა გაანათლოს... | |
|  | | მაია ორჯონიკიძე

 Number of posts : 3 Age : 53 Location : თბილისი Job/hobbies : ვწერ,ვხატავ ან პირიქით... Humor : მგონი, კი... Registration date : 31.03.09
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Wed Apr 01, 2009 6:29 am | |
| დიდი მადლობა რეგისტრირებაში დახმარებისთვის,მიხო. ზალიკოს მოთხრობა არ მქონდა წაკითხული, არც კი ვიცოდი-რომ ქეთის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოთხრობა არსებობდა... რა კარგია. ეეჰ...ძაან კი დავსევდიანდი ხომ იცი... ვინ ვართ,რა ვართ,რატომ მოვდივართ და სად და რატომ მივდივართ... ბანალური და მარადიული კითხვები,რომელზეც ყველას თავისი პასუხი აქვს. ერთმანეთი ქვიშხეთის მწერალთა დასასვენებელ სახლში გავიცანით. მე 18 წლისა ვიყავი,ქეთი ოდნავ ჩემზე უფროსი. რაღაც უცბად,ერთ დღეში დავმეგობრდით. ორივე ფეხმძიმედ ვიყავით,ის ლუკაზე,მე-ცოტნეზე. სულელი,გიჟი გოგოშკები-იმავე დღეს არაყზე მოვულხინეთ, თანაც ”მოშნად”-ერთმანეთის კამპანიაში,ორად ორმა. თავიდანვე ”რიბაკ რიბაკა” დაგვემართა-ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, მარტოსულობაც,რუსები რომ ”ნეპრიკაიანოსწ”-ს ეძახიან, მეამბოხეობაც და ყმაწვილური,ეგზალტირებულად შეფერადებული სიმართლის მაძიებლობაც. პირველივე დღეს მომიყვა უფროსი ლუკას ამბები და კიდევ ძალიან ტრამვირებული იყო იმხანად მის თავს არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადახდენილი ერთი სასიყვარულო ავანტიურულად განვითარებული ისტორიით, რომელიც მისთვის ცუდად დამთავრდა და ერთ,ჩვენზე უფროსი თაობის ცნობილ ქართველ მწერალს უკავშირდებოდა... ვერაფრით პატიობდა მას როგორც თავად თვლიდა-სიმხდალეს,სიტყვის გატეხვას,ღალატს... მგრძნობიარე,ნერვიული ადამიანი იყო ქეთი და ვერ გაუძლო დროს, მარტოსულობასა და გარემოსგან გაუცხოებას... ნათელი დაადგეს უნიჭიერეს ქეთი ნიჟარაძეს...  | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Wed Apr 01, 2009 9:18 am | |
| "ლიკა ქავჟარაძეს კინოში იღებდნენ და წლების წინათ კინოს გადაღებასაც აპირებდნენ ლიკაზე. მხატვრული ფილმის სცენარს მწერალი ქეთი ნიჟარაძე წერდა. თავად უკიდურესად დრამატული ბიოგრაფიის მქონე ქეთი ნიჟარაძე ახლობლების წრეში ამბობდა, რომ ლიკას საოცრად საინტერესო და დრამატული ცხოვრება აქვს გამოვლილი და საინტერესო ფილმი გამოვაო. სცენარი იწერებოდა, მაგრამ... რამდენიმე წლის წინათ მწერალმა ქალმა თავი მოიკლა, თვითმკვლელობის წინ კი ყველა ხელნაწერი დაწვა..."
რეზო შატაკიშვილი
Last edited by გამრიგე on Tue Nov 30, 2010 3:07 pm; edited 1 time in total | |
|  | | მაია ორჯონიკიძე

 Number of posts : 3 Age : 53 Location : თბილისი Job/hobbies : ვწერ,ვხატავ ან პირიქით... Humor : მგონი, კი... Registration date : 31.03.09
 | |  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Tue Feb 02, 2010 5:15 pm | |
|  ქეთი ნიჟარაძე სევდიანზე სევდიანი ამბავი- ჩავაქრო? - როგორც გინდა. - უუჰ, რა თბილი ხარ. ასე უფრო ჩავმყუდროვდებით. - "ჩავმყუდროვდებით"... - ხელი ხომ არ ავიღო? - "თავზე-ხელ-აღებული..." - ძილი როცა მოგერევა, მითხარი და დავიძინოთ, კარგი? - ...მმ... - კოკა არ მოგენატრა? სულ შენზე ლაპარაკობს. შაბათ-კვირას ხომ არ გამოვიყვანოთ? - ...მმ... - რაა? - ჯერ აზრზე უნდა მოვიდე. - გინდა, ვითომ კოკუნა ხარ? ზღაპარს მოგიყვები. - ...არა. - გარეთ ნახე რა თოვლია? - ...დილით თვალის გახელამდე ვიგრძენი. - პირველი თოვლი გახსოვს? - ...მერვე კლასში ვიყავი. სკოლიდან მე და შუსტრა თემიკო ჩემთან წავედით. მამაჩემის გაკეთებული ციგით ვსრიალებდით პარკში. - გოგოები არ იყვნენ? - "გაჩუმდი..." - მერე? - ყველაზე კარგი სასრიალო რესტორნიდან ცენტრალურ აუზამდე იყო. შებინდებამდე ვციგაობდით. მერე ჩემი ძმა დავინახე... - არ გინდა, რა... სწორედ გუშინ ავედით მე და დედაშენი საფლავზე. - რესტორანში შევიდა ძმაკაცებთან ერთად... - ჩემი ხელი ხომ არ გაწუხებს? - ... ერთ ჩასვლაზე ვიღაც გოგოებს დავეჯახეთ. შუსტრა თემიკომ კატაობა შესთავაზა. მეორემ არ მინდაო... - თემიკო მოსკოვშია, იცი? -...ზემოთ რო ამოვიდნენ, შუსტრამ მითხრა, ახლა თქვენ ჩადითო. მეორე გოგოს შევხედე. წინ დაჯდა. მე უკან მივუჯექი. პირველი გოგო მაგრად კიოდა ციგაობის დროს. მეორე ჩუმად იყო. - რატომ? - რა რატომ? - რატომ იყო ჩუმად. მეც ყოველთვის ვკიოდი. - შუსტრა და ისტერიჩკა სხვა ციგაზე გადასხდნენ, უფრო გრძელზე. ხუთი კაცი ეტეოდა. მაგრად ჯღაოდნენ... ჩვენ მარტო ვსრიალებდით. მე ფრთხილად ვამუხრუჭებდი ციგას, თოვლი რომ არ შეყროდა სახეში. თხუთმეტჯერ მაინც ჩავედით და იღიმებოდა; თავისთვის... მე ციგას მივათრევდი, თვითონ უკან მომყვებოდა. - ერთგული ძაღლივით. - სახე გაწიე! ჰაერი არ მყოფნის... - მაპატიე, რა წამომცდა... - ქალი პატიების ღირსი არსება სულაც არ გახლავთ, ბატონო ჩემო!.. - ნუ მაშინებ... ასე როცა ლაპარაკობ... - რესტორანში შევიხედე. შუა დარბაზში ჩემი ძმა იჯდა ძმაკაცებთან ერთად. თამადა იყო. შიგნით შევედი. ჩემმა ძმამ ოფიციანტს მწვადი, შოთები და ხაჭაპურები მოატანინა. მერე შეახვევინა. ბიჭებმა ჩემი სადღეგრძელო დალიეს. სამადლობელი თქვიო. ჩემმა ძმამ თვალები დამიბრიალა. რესტორნის კართან ის მელოდებოდა. მაგრად გვშიოდა. პარკის გასასვლელთან თელასივით რაღაც შენობა იყო. კედელთან დავაყენე და ვკოცნიდი. მწვადიანი ტუჩებით. - ახლა არ მითხრა ისიც ვუქენიო... - ...სახლში გავაცილე. ფალიაშვილზე, საბავშვო ბიბლიოთეკასთან ცხოვრობდა. პატარა ბავშვივით დავსვი ციგაზე და ისე მივიყვანე. მაგარი თოვლი იყო. არც სახელი, არც ტელეფონი. ერთი მომავალი გიჟი და ერთიც მომავალი ბოზი! - იმნაირი გახდა? - ქო, გაბოზდა. "შენი ბოზი დედას!.." - სევდიანი ამბავია. - სევდიანზე სევდიანი... - რას შვრები?!. დამაცადე... პერანგს გამიხევ... - გაჩუმდი! - ის გაგახსენდა?! - გაჩუმდები თუ არა?! - რა გინდა?!. მტკივა!.. მტკივა! დამშვიდდი, რა... დამშვიდდი... - თავზე ნუ მისვამ ხელს! - გეხვეწები, ნელა... - ნუ მასწავლი! - ჯერ არა... ჯერ... - უფრო გაშალე! - ააჰხ!.. კარგი... კარგი... ხოო,.. კარგი... კარგი... * * * - სად არის შენი ხალათი? - მე მაცვია. - გამორთე აბაჟური. მცივა... - ახლა მაინც არ მოკეტავ?! "ჩემი ძმა რო დაბრიდეს, ვიგრძენი რო საშველი არ იყო. როცა ძალით წამათრიეს სამკურნალოდ, ვფიქრობდი, რო საშველი არ იყო. ახლა ნაღდად ვიცი, რო საშველი არ არის. არ არ-ის". - რას ეძებ? არ დალიო კონიაკი, წამალზე გექნება რეაქცია... ნუ... - საშველი... საშველი... - ვაიმე, კოკა, არ მესროლო! კოკა, გაგიჟდი?! 
Last edited by Admin on Sun Dec 09, 2018 12:09 pm; edited 5 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Tue Feb 02, 2010 5:17 pm | |
|  ქეთი ნიჟარაძე თოვლიანი ნოემბერისადარბაზოში შესვლისას ნარინჯისფერი, გამხმარი ფოთოლი დაეცა თავზე. შეკრთა. რატომღაც ჩიტი ეგონა. ლიფტის კართან თოვლიანი ბათინკები დააბაკუნა. ლიფტი არ ჩამოდიოდა. "ფუჰ, თქვენი"... ჩაიბურტყუნა და ფეხით აუყვა კიბეს. "საფეხურებს დავითვლი და ნინოზე აღარ ვიფიქრებ. ერთი, ორი, სამი, ხუთი, შვიდი, ცხრა... კარს როცა მივუახლოვდები, ტელეფონის ზარს გავიგებ... თერთმეტ, ცამეტ, თხუთმეტ, ჩვიდმეტ, ცხრამეტ, ოცდაერთი... ვიდრე დიდედა კარს გააღებს, ყვირილს დავიწყებ... ოცდასამი, ოცდახუთი, ოცდაშვიდი, ოცდაცხრა, ოცდათერთმეტი, ოცდა... დიდედ, გამიღე, ჩქარა, მე მირეკავენ... ოცდა... ოცდათერთმეტი, ოცდაცამეტი, ოც... დიდედა მოფაჩუნობს ჩუმად. ოცდაცამეტი, ოც... ოც..." რამდენჯერმე დარეკა გადაბმულად. დიდედას "მოვდივარ" ვერ გაიგო. მერე წყვეტილად რეკავდა. ზარის ხმაზე მეზობლის ქალმა ჯაჭვის ჩამოუღებლად, კარის ღრიჭოდან გამოსძახა: - ბიჭი, შენა ხარ? - დიახ... - ბებიაშენმა გასაღები დამიტოვა. აჰა, გამომართვი. - ხელი არ მეტევა. კარს თუ არ გააღებთ... - მარტო ხარ? - დიახ... ჯაჭვი მძიმედ ჩამოცურდა. თავშალწაკრულმა, მუდამ თავმტკივანმა ასაკოვანმა ქალმა ნელა გააღო კარი. - როგორ შემაშინე. რაღაც ხმაური იყო და... - მე ამოვრბოდი. გმადლობთ. შესასვლელში შემწვარი ხორცის სუნი იგრძნო. ქურთუკის ჯიბიდან დაკეცილი რვეულები ამოიღო, დივანზე დაყარა და სამზარეულოში შევიდა. ტაფას თავსახური ახადა. კოტლეტები აღმოჩნდა. "ცხვირმა მომატყუა", ჩუმად, ოდნავ ისტერიულად ჩაეცინა. სულმოუთქმელად ჭამდა თბილ კოტლეტს. კარადიდან პურის გამოღება დაეზარა. მეორე ცალს დაწვდა და ტელეფონის ზარი გაისმა. "სამი ზარის მერე. ოორი... საამი... და კიდე... კიდე..." - გისმენთ? - მოხვედი, ბიჭი? - ჰო, დიდედ. - ამდენ ხანს რატომ არ იღებდი? - ვჭამ... - გააცხელე? - ნწ... ბაიასთან ხარ? - დედაშენმა დამირეკა, ამაღამ მორიგე ვიქნებიო. სანდროც არ არის აქ... - მანდ დარჩებით თუ წამოხვალთ? - ხომ იცი, დედაშენს არ უყვარს სახლის უპატრონოდ დატოვება... - კაი, აბა, დიდედ... - მოიცა, ცოტა დაისვენე... მერე იქნებ შესძლო ბაიას გამოყვანა. ოთხ საათზე უმთავრდება. - მცხეთის ქუჩაზე, როა? - არა, დიდედა გენაცვალოს. კალანდაძეზე გადაიყვანეს. იქ სულ სამი ბავშვი ყოფილა. ქუჩას აუყევი და ხელმარჯვნივ, თაღიანი ეზოა, პირველივე სართულზე... - კაი, კაი, დიდედ... თითქოს ძალიან აღარ შიოდა. პურის ერთი ნაჭერი მოჭრა, ზედ კოტლეტი დადო, გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა. გაზი ოდნავ ბჟუტავდა. "ვახ, ამათი დედა ვატირე!.. ჩაი ვერ დამილევია. ესენი ვინ არიან, ტოო". - ხმამაღლა თქვა. ესიამოვნა. კოტლეტიანი პური მოკბიჩა. "ესენი ვინა ყოფილან, ტოო!"... - დაძაბულად იცინოდა. ბათინკები გაიხადა. ჟურნალის მაგიდაზე მაღვიძარა დადგა. მაგნიტოფონი ჩართო. მაგიდაზე მიმობნეული კასეტების წარწერებს კითხულობდა ხმამაღლა: - ყველა კაი ბიჭები ხართ. ვაჟკაცები, შემყვანები... "ფარფლები", "ზეპელინები". "ბლექ საბათში" როგორი ბიჭები არიან? არაუშავთ შემყვანები... ტელეფონმა დარეკა. პირველივე ზარზე აიღო. - ეე, მე ვარ. - კლასელი იყო, თემო ცქიტიშვილი. ბავშვები ცქიტოს ეძახდნენ. - ხოო, ბიჭო. - რას შვრები? - არაფერს. - სუ არაფერს? - ხოო, რა. მარტო ვარ. კასეტებს ვარჩევდი. - ესე იგი, შვრები. - მაგრე იყოს. შენ რას შვრები? - იმის ძმამ დამირეკა. - შენა, ტო?! - ხო. ჩემი უფროსი ძმის კლასელია. - მერე? - შენზე მითხრა, წინ იყუროსო. - რაო? - წინ იყუროს, ფეხი არ დაიბიჯოსო... - მართლა გითხრა? - ჩემ დას შეეშვას, თორე... - რაა, თორე!.. - რა გამიხურე, ძმაო! რაც მითხრა, იმას გეუბნები... - თუ მაგარია, დამირეკოს და მე მითხრას... ბიჭო, ეე, ხო არ დაგირეკია იმასთან? - არა. - დავაი, რა, დარეკე, ძმურად. კითხე, როგორ არის. და გადმომირეკე. - მაგის ძმის იზმენა გაქვს? - იზმენა არა, ტოლმა. დავაი, დაურეკე. პლედი დაიხურა. აღარ უნდოდა მუსიკის მოსმენა. "წინ იყუროსო. თვითონ იყუროს წინ. ნეტა რომელია? ცქიტოს ვეტყვი და მაჩვენებს. რა იცის მისმა ძმამ? თვითონ უთხრა... ალბათ... სლაბი... სიცხე აქვს თუ რა სჭირს? ცქიტო, დარეკე, შენი... დარეკე, რა..." ტელეფონის აპარატი გულზე დაიდო. ცქიტოს ნომერი აკრიფა. დაკავებული იყო. "კაია, ელაპარაკება. ნინო, პრიდი, კა მნე ვ შინო. იანვრის არდადეგებზე გუდაურში ამოვალო. მერე ნახოს, როგორ წამოვალ კუდებიდან. მიყუროს ქვემოდან ზემოთ. მე ზემოთ, ის ქვემოთ. მერე შინოში ჩვენთან დავპატიჟებ. კვადრატა ბევრს იცინებს, ვახ, ნაშა მოიყვანაო. სხვებიც აყვებიან. სანდროს ნაჩუქარი დანა ჯიბეში მექნება. საკაიფო, პრიალა. მერე იცინონ... ისევ აკრიფა ცქიტოს ტელეფონის ნომერი... - ხოო... - მე ვარ, ბიჭო. - ველაპარაკე... - მერე? რატო არ დამირეკე? - მაცადე, რო? ტუალეტში ვიჯექი. - ჩემი... შენ რა მაგარი ხარ. - არ გინდა და არ გეტყვი! - მიდი, მითხარი. - გრიპი ჰქონია. ექვსზე დამირეკოს. ჩვენები სადღაც მიდიანო. - კაი ბიჭი ხარ. - მაღარიჩი? - ბებიაჩემის "ასტრა". - ბებიაშენის "ასტრა" შენ თითონ მოწიე!.. - კაი, ნუ ფსიხობ. მამისნაცვალთან წავალ და... - ვისთან? - მამისნაცვალთან. ეგრე ვეძახი. ჩემთვის. ჩემი და უნდა მივიყვანო. რამე კაი სიგარეტს მოვტეხავ. - გიადებს რამეს? - რაც მაცვია, მაგის ნაჩუქარია. - მაგია, ტო, მამისნაცვალი? მამაჩემი დედაჩემს აძლევს, დედაჩემი რაღაცას მიტეხავს და ვართ აღებ-მიცემობაში. კაი, ვნახოთ, როგორი სიტყვის კაცი ხარ. არ დაგაგვიანდეს... - არა, ტო. - ექვს საათზე. ეხლა რომელია? ჩემი... ოთხის ნახევარია!" წამოხტა. ბათინკები სველი იყო. ჩექმები შემოსასვლელში ჩაიცვა. ქურთუკს დაუწყო ძებნა. დივანიდან იატაკზე ჩავარდნილიყო. გასაღები გაახსენდა. ქურთუკის ჯიბეები მოისინჯა. არ იყო. "ფული ჰოლში, სარკესთან", გაიფიქრა და სამზარეულოში გავარდა. სახლის გასაღები გაზქურის გვერდით, ონკანთან იდო. კარი სწრაფად დაკეტა და კიბე თავპირისმტვრევით ჩაირბინა. "რა დროს თოვლია ნოემბერში. იქაც მეყოფა". ბედად სამარშრუტო ტაქსი ორ ნაბიჯზე გაჩერდა. ვიღაც ქალი ჩამოვიდა. მის ადგილზე დადგა, კართან. უნივერსიტეტთან შარვლის ჯიბეში ჩაიყო ხელი, მერე მეორეში. ფული სახლში დარჩენოდა. "ჩაის სახლთან" გიჟივით დაიყვირა: - გამიჩერეთ, ჩავდივარ!.. ბიძაჩემო, არ გეწყინოს, ფულის წამოღება დამავიწყდა. მოეჩვენა, რომ ყველა მას უყურებდა. - აი, ეგეთი ნაბიჭვრები არიან ეგ ბიჭები!.. ბიჭმა კარის მოხურვა ვერ მოასწრო, მძღოლმა ისეთი სისწრაფით დაძრა მანქანა. გაშეშებული იდგა ქუჩაში. თვალწინ შემზარავი სიცხადით დაუდგა საკუთარი თავი. ყელგამოჭრილი. "სიცოცხლე აღარ მინდა". კალანდაძის ქუჩაზე აუხვია. ძლივს მილასლასებდა. თაღიან ეზოში შეუხვია. პატარა, იტალიურ ეზოში ხუთი კარი იყო. არ იცოდა, რომელზე დაერეკა. უცებ ერთ-ერთი კარი გაიღო: ბიჭი, გოგო და ვიღაც კაცი გამოვიდნენ. ღია კარიდან ბავშვების სიმღერის ხმა მოისმა. ინგლისურ, საშობაო სიმღერას მღეროდნენ. ცრემლები მოაწვა. "ასე შეიძლება თავიც მოიკლა". ცას ახედა. შენობებს შორის მოღრუბლული ცის ნაჭერი მოჩანდა. დაღრიალება მოუნდა. უაზროდ მიაჩერდა კარს. ვიღაცამ გვერდით ფანჯარაზე ფარდა გადაწია. უეცრად კარი გაიღო. გოგონა გამოვარდა ყვირილით: - მისის გურანდა, ჩემი ძმა მოვიდა! ძმისაკენ გაიქცა, ხელები ფეხებზე მოხვია. ბიჭი პატარა თავზე უჭერდა ხელებს. ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები. კარში ბავშვის მასწავლებელი გამოჩნდა: - ასეთი დიდი ძმა გყავს, ბაია? - მასწავლებელი თბილად იღიმებოდა. - ჩემი ძმაა! მართლა ჩემი ძმაა... - სიამაყით ახედა გოგონამ ძმას. ბიჭმა და აიყვანა. ბავშვმა ხელთათმანიანი ხელები კისერზე მოხვია: - პატარა რო აღარა ვარ? - ჩემთვის პატარა ხარ. წავედით? - წავედით. ბავშვი რაღაცას ელაპარაკებოდა. ნელა, აუჩქარებლად მიდიოდა ქუჩაში. დის თბილი სუნთქვა სიამოვნებდა და ფიქრობდა: "მგონი, გადავრჩი. გადავრჩი..." 
Last edited by Admin on Mon Aug 02, 2021 4:23 pm; edited 5 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Tue Feb 02, 2010 5:18 pm | |
|  ქეთი ნიჟარაძე ძველი სახლიბოლო დროს ერთი და იგივე, აკვიატებული სიზმარი ტანჯავდა: უსაშველოდ მაღალჭერიან, დარაბებმიხურულ, ბნელ ოთახებში თეთრი, პატარა პეპელა დაფრინავდა, უცნაურად მანათობელი შუქი დაჰყვებოდა თან და საითაც გაფრინდებოდა, იმ ადგილს ანათებდა. ვერაფრით ვერ ხვდებოდა, საიდან უნდა შემოფრენილიყო პეპელა უკაცურ, დაკეტილ ბინაში. უფრო მეტად კი თავისი იქ ყოფნა უკვირდა. თავიდან პეპელა უზარმაზარ სასადილო ოთახში გამოჩნდებოდა. ჯერ ჭერსა და ჭაღს შორის დაფარფატებდა, შემდეგ მაგიდასთან დაეშვებოდა ისე, რომ მაგიდაზე დაწყობილ მტვრიან თუნგს და წიგნებს არ ეხებოდა. პიანინოდან ტახტზე გადაინაცვლებდა, ტახტიდან ჩარჩოში ჩასმულ ოჯახის წინაპრების სურათებს ჩაუფრენდა, ის უცნაური მანათობელი შუქიც თან დაჰყვებოდა და მიახლოებისთანავე ანათებდა ოთახში განლაგებულ ავეჯს და საგნებს. ქალი ბუფეტსა და წიგნების კარადას შორის ჩასაფრებული ადევნებდა თვალს პეპელას ყოველ მოძრაობას. გარინდული, სუნთქვაშეკრული ელოდა მის მიახლოებას, მაგრამ პეპელა თითქოს განზრახ არ მიფრინავდა მისკენ, საწოლი ოთახის კარს მიაშურებდა და თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. ქალი საწოლი ოთახისაკენ გარბოდა: მაგიდას, სკამებს, ტახტს ეჯახებოდა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა. სიბნელეში ხელებს აფათურებდა, გასაღებს ან სახელურს ეძებდა. ამ ძებნაში უეცრად კარის მაგივრად, კედლის წინ აღმოჩნდებოდა. რაღაც სასწაულის ძალით კედლის მიღმა ხედავდა არაბუნებრივად გრძელ და ვიწრო საწოლ ოთახს. პეპელა ოთახის სხვადასხვა კუთხეში მდგარ ორ საწოლს უახლოვდებოდა: ტანსაცმლის კარადას, სარკეს ჩაუფრენდა და წყვდიადით მოცული დერეფნის გავლით სააბაზანოში აგრძელებდა ფრენას. ქალი დერეფანში სამთვლიან ველოსიპედს ეჯახებოდა და იმავე წამში სააბაზანოში გარბოდა. სააბაზანოს ჭერი სხვა ოთახებზე მაღალი ეჩვენებოდა. შავი კაფელით მოპირკეთებული კედლები პეპლის მიახლოებისთანავე ელვის სისწრაფით ნათდებოდა. პეპელა სულ უფრო სწრაფად დაფრინავდა - თითქოს გასასვლელს ეძებდა სასოწარკვეთილი, ბავშვის ოთახს ჩაუფრენდა და სადარბაზოს კარს მიღმა ქრებოდა. სადარბაზოს კარი რამდენიმე გასაღებით იყო ჩაკეტილი. გასაღებების აცმა იქვე, კედელზე ეკიდა, მაგრამ სიბნელეში ვერ პოულობდა. უეცრად თვალისმომჭრელი სინათლე აღვიძებდა. თორმეტ საათზე მაღვიძარამ დარეკა. ვერ მიხვდა, სიზმარმა გააღვიძა, თუ ზარმა. სიზმარი იმდენად ნამდვილი იყო, რომ ფიზიკურ დაღლილობას გრძნობდა - თითქოს მთელი ღამე მართლა დასდევდა პეპელას. სააბაზანოში ცხელი წყალი მოუშვა. გაეხარდა: მთელი ზამთრის განმავლობაში არც ცხელი წყალი მოდიოდა, არც გათბობა ჰქონდათ, გაზქურაც ძლივს ბჟუტავდა. ასეთი ცივი, მიუსაფარი ზამთარი არ ახსოვდა. თოვლიან ქუჩებში ბავშვები კანტიკუნტად გუნდაობდნენ ქალაქს დაკარგული ჰქოდნა ჩვეული სიხალისე. ყველგან რიგები. პურის რიგში მდგარი შეკამათებული ქალების გაბოროტებული ხმები: "დიახაც, ჩვენ ავირჩიეთ!" "თქვენი არჩეული რომ არის, ამიტომაც გვაქვს კარგად საქმე! ტანსაცმლის ჩაცმა ვერ მოასწრო. აბანოს ხალათი ღამის პერანგზე შემოიცვა და ტრანზისტორი ჩართო - "პიკის საათი" იწყებოდა. სამზარეულოში ყავადანი დადგა. ერთი დიდი ფინჯანი ყავა და სიგარეტი - ეს იყო მისი საუზმე. მოდუღებული ყავა ფინჯანში გადმოასხა. აჰა, პირველი ინფორმაციაც! ათასობით ადამიანი ელის გულისმომკვლელ ამბებს. ელის და არ იცის, რა იღონოს. "დაჭრეს! მოკლეს! ააფეთქეს!" ნემსებივით ერჭობოდა გულში სიტყვები. ლუჩანო პავაროტის სიმღერა. ცრემლები მოაწვა: "მშვენიერი ფონი დაღუპულთათვის". შვილის პანაშვიდებზე დაკრული მუსიკა გაახსენდა. მაშინ ეჩვენებოდა, რომ ყველაზე ყალბი სწორედ ის ჰანგები იყო. იმ დილით, შვიდი საათისათვის წიწილა უკვე მოხარშული ჰქონდა. პირველად გამოუშვა ბავშვმა, პირველად თხოვა, წიწილა მომიტანეო. უღიმღამო, ღამის ნათურით ძლივს განათებულ პალატას თითქოს შუქი მოემატა. ბავშვთან მამა დარჩა. ქალი დივანზე გაუხდელად დაწვა, ტელეფონი იქვე, იატაკზე დადო. ორი კვირის ღამენათევს პირველად დაეძინა ღრმა ძილით. რვის ნახევარზე ყველაფერი მზად ჰქონდა. ის იყო კარი გააღო, რომ ტყუპ ბიძაშვილებს შეეფეთა. "ვაიმე! აღარ არის!" - ელდა ეცა. დამალვა მოუნდა. საწოლ ოთახში გაიქცა. ტანსაცმლის კარადა გამოაღო. უეცრად ბიძაშვილი სწვდა მხრებში: "დამშვიდდი... გეხვეწები..." ქალი გაუძალიანდა, ხელი ჰკრა და ბავშვურად, ეშმაკურად გაუღიმა: "სულ აქ კი არ ვიჯდები..." საწოლ ოთახში მეორე ბიძაშვილიც გამოჩნდა. მთელი ტანი უძაგძაგებდა. უმწეოდ გააღო პირი, ისევ დახურა. ბიძაშვილები რაგბისტები იყვნენ და უნებლიე ღიმილს ჰგვრიდა მათი უმწეობა. ქალი კარადაში შეძვრა: ცალი ხელით საკიდზე ჩამოკიდებული ტანსაცმელი გაწია, მეორე ხელში პარკი ეჭირა ბავშვის საჭმლით. იქვე, ბრეზენტის ჩემოდანზე დაჯდა, თვალი შეავლო ბიჭებს და ისევ ეშმაკურად გაეღიმა: "ვაჟკაცები გამოგზავნეს..." ბავშვის ხმას მიბაძა: "წიწილა მინდა... შენ ტკბილად დაიძინე და მე დილით ფოკუს-მოკუსს გაგიკეთებ. ვიყავი და აღარ ვარ! ოოხ! როგორ მომატყუეს!.. მომატყუეს!.." უეცრად გაუსაძლისი შიმშილი იგრძნო: პატარა ქვაბიდან წიწილა ამოიღო. სულმოუთქმელად ჭამდა. აკანკალებული ბიძაშვილი კარადასთან ჩაჯდა, პარკი და ქვაბი გამოართვა და მუხლებზე დაადო თავი: "მამიდა კარდიოლოგიურში წაიყვანეს..." "ვისი მამიდა?" "დედაშენი". "ააა! დედაჩემი და მამიდაშენი კარდიოლოგიურშია! მარიამი - საცხედრეში! მე - კარადაში! გიორგი სადღაა?! ის სად იმალება?! აი, სიკვდილი კი არ დაიმალა!" - მთელი ხმით ყვიროდა. "სიკვდილს ვერავინ დავემალებით!" - პათეტიკურად წარმოთქვა - თითქოს ლექსის დეკლამაცია დაასრულა. ბინა სახეებით აივსო: მამამთილი, ნათესავები, მეზობლები. დედამთილის დანახვაზე კარადიდან გამოვიდა, საშინელი დაღლა იგრძნო, სვენებ-სვენებით, თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა: "მე ვიქნები თავშეკავებული... ორმოცი დღე თავი შეიკავე, ასე არ გვირჩიეთ? ორმოცი დღე კი არა, ორმოცი კვირა ვიქნებით თავშეკავებული... მთელი ცხოვრება ვიქნებით..." თვალები ეხუჭებოდა. ანგარიშმიუცემლად წავიდა საწოლისაკენ და მოცელილივით დავარდა. საღამომდე მკვდარივით ეძინა. სასტუმრო ოთახიდან დახშული ხმების გუგუნი ესმოდა. ბნელ ოთახში საწოლთან ქმარი იჯდა, მისი ხელი ეჭირა ხელში. "ვაიმე! მართლა აღარ არის!" - მთელი ძალით ეძგერა ტკივილი. "პატარა, პატარა... შე საწყალო..." ვიღაც უჩინარის ხელი ყელზე უჭერდა თითებს. ძლივს ამბობდა: "მარიამ,.. ვა-ი... პატარა..." საწოლზე წამოჯდა, თითები ყელზე წაისვა: ჰაერი არ ჰყოფნიდა. ქმარი სავარძლიდან წამოვარდა, სასოწარკვეთილი ხმით დაიყვირა: "დედაა!" და შუქი აანთო. ქმრის დაწითლებულ თვალებს წამით მოჰკრა თვალი. ოთახში დედამთილი და კიდევ ვიღაც ქალი შევიდნენ სწრაფად, საქმიანად. "ძალიან გთხოვთ, მიშველეთ... ტირილი მინდა..." დედამთილმა ფრთხილად დააწვინა: "ინექციას გაგიკეთებთ, დასამშვიდებელს და შეძლებ ტირილს." ნემსის გაკეთების შემდეგ იცნო დედამთილის მეგობარი - ბამბით უზელდა ნანემსარს. რამდენიმე წუთში იგრძნო მოთენთილობა. სხეული დაუმძიმდა. კედლისაკენ გადაბრუნდა. მოთენთილობა ერთდროულად სიამოვნებდა და აწუხებდა კიდეც. თანდათან ძილი მოერია და თვალებდახუჭულმა იკითხა: "დედა ცოცხალია?.." "ცოცხალია..." - შორიდან მოესმა ვიღაც უცნობი ქალის ხმა. * * * რედაქციის ფართო ჰოლში თანამშრომლები ტელევიზორს მისჩერებოდნენ - "ნაშუადღევი" დაწყებულიყო. არავინ მისალმებია, მექანიკურად შეავლეს თვალი და ისევ ეკრანს მიაჩერდნენ დაძაბულად. აზარტში შესული დიქტორი ტელემაყურებელთა წერილებს კითხულობდა. ეკრანი ტყვიებივით ისროდა სიტყვებს. თანამშრომლები გაოგნებულები იყვნენ: "რა ხდება? რომელი წელია?!" ქალის თავის სამუშაო ოთახში შევიდა. ფეხდაფეხ ოცდახუთიოდე წლის გამხდარი, სათვალიანი ბიჭი შეჰყვა. სქელი საქაღალდე დადო მაგიდაზე: - გამარჯობათ, კამიუს თარგმანი მოვიტანე... ქალი ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდნენ. დაბნეულად შეხედა ბიჭს. - კამიუს "მეამბოხე" მოვიტანე. ქალმა საქაღალდეს დახედა: - რუსულიდან თარგმნეთ? - დიახ. არ დაბეჭდავენ? - დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვმუშაობ. მგონი, რუსულიდან თარგმნა მხოლოდ სკანდინავიური და იაპონური ლიტერატურისაა მიზანშეწონილი. დანარჩენი ნაწარმოებები... - ესე იგი, არ დაბეჭდავენ? - სათვალე მოიხსნა ბიჭმა. - ახლა ვერაფერს გეტყვით. დამიტოვეთ და რედაქტორთან დავაზუსტებ. - რედაქტორი არ მოსულა. - თუ დღე არ მოვა, ხვალ ვკითხავ. - ხვალ შაბათია... - კარგით, ორშაბათს ზუსტად მეცოდინება. - თქვენი რედაქცია უკვე მესამეა. ყველგან... ქალს უნებლიედ გაეღიმა - უსათვალოდ ძალიან დაუცველი ჩანდა ბიჭი. - ძალიან გთხოვთ, სათვალე გაიკეთეთ. თარგმანს სახლში წავიღებ და ორშაბათს მართლა გაგირკვევთ ყველაფერს. ბიჭმა სათვალე გაიკეთა, დაუმშვიდობებლად გავიდა ოთახიდან, მაგრამ იმ წამსვე შემობრუნდა: - გმადლობთ. - ნახვამდის... ქალს თვალი გაუშტერდა საქაღალდეზე. სიტყვას "მეამბოხე" არავითარი დატვირთვა არ ჰქონდა. მხოლოდ ცარიელ ასოებს ხედავდა. - რა ხდება? გესმის რამე? - დათო იყო პროზის განყოფილებიდან, მისი ყოფილი კურსელი. - არაფერი არ მესმის... - ქალს გაურკვეველი, შფოთვისმაგვარი განცდა აწუხებდა. - გიორგის წიგნი გამოვიდა, იცი? - არა, რა არის? - მოთხრობებია. გუშინ დედამისი შემხვდა და მითხრა, ბაბუის ძმამ მოწვევა გამოუგზავნა და ახლა ამერიკაშიაო. მერე ჩამოვა იქიდან და გვიამბობს პრესის, ტელე-რადიოს საშუალებით თავის შთაბეჭდილებებს. - რა გინდა, რას ერჩი? - მაგარი პოპულარულია გოგოებში. - დამანებე, რა, თავი... - შენმა ქმარმა დარეკა. - იმ ქმარს სახელი აქვს. რა უნდოდა? - ექვსისათვის ჯაფარიძეებთან უნდა წავიდეთ და შინ იყოსო. - კარგი, ... არ გეწყინოს, რა, დათო... საქაღალდე გადაშალა. წაიკთხულის აზრი არ ესმოდა. ისევ გაუშტერდა თვალი. ჰოლიდან საგალობლის ხმა შემოიჭრა. "შენ ხომ არ იცი, გიორგი რომ სახლში ჩამჯდარიყო, თავს მოიკლავდა. ბავშვი გვეყოლება-მეთქი და დღე არ გამოუტოვებია, რომ ეკლესიაში არ წასულიყო. ლოცვები ისწავლა. მარხულობდა. შეშლილს ჰგავდა. დედამისის აზრით. რა თქმა უნდა. თავისი ბავშვობის ოთახში გადავიდა. თავიდან ისედაც არ მინდოდა. ყველაფერი მაწუხებდა. მერე მოლოდინში ჩავიძინე. ვნეტარებდი. ძალიან ლამაზი გავხდი და ცოტათი მეცოდებოდა ჩემი თავი. უსიყვარულოდ." - მე კი გეუბნები, რომ ეს დასაწყისია! - დათო ლაპარაკობდა მეზობელ ოთახში ხმამაღლა. - სისულელეა, ინტელიგენტური ალერგია გჭირთ. - ქალმა პასუხისმგებელი მდივნის ხმა იცნო. - იმას, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, მაინც უკმაყოფილო ხართ. - შენ რა, ვეღარც თვალში იხედები და აღარც ყურში გესმის? დათო ოთახის კართან გაჩერდა. გაღიზიანებით მიმართა ქალს: - თუ გინდა, ბაზარში გაგიყვან. ახლა მანანა ტვინს წამიღებს თავისი მარხვით. - დათო, რა გჭირს? როგორ ლაპარაკობ? - დავიღალე, ქუჩაში გამოსვლა აღარ მინდა... მაგიდასთან მივიდა, დაიხარა და ხმადაბლა უთხრა ქალს: - საფუძველს იმაგრებს, - ცერა თითი პასუხისმგებელი მდივნის ოთახისაკენ გაიშვირა. - მაგათ ხომ იცი, მყარი საფუძველი უყვართ. - წელში გაიმართა. ქალმა საქაღალდე შეკრა. ვერ გადაეწყვიტა თარგმანი წაეღო, თუ დაეტოვებინა. რედაქციის კარში გაჩერებულმა დათომ მოუთმენლად დაუძახა: "არ მოდიხარ?!" ქალმა საქაღალდეს ხელი დაავლო და გაასასვლელისაკენ სწრაფად გაემართა. * * * მანქანაში ჩასხდნენ. პარკები დათომ უკანა სავარძელზე დააწყო, მანქანა დაქოქა: - უთხარი, გაიკეთოს... - მე რა უნდა ვუთხრა, თუ უნდა, მაინც გააჩენს... მეორეც ასე არ გააჩინა? - ვის ხარჯზე?! ქვეყანა თავზე გვენგრევა... ჭამა უნდათ, ჩაცმა უნდათ... - აქვე გამიჩერე, ეზოში ნუღარ შეხვალ. - ქალი წამით შეყოვნდა. - ცოდვაა ასე ლაპარაკი, ფიქრიც კი ცოდვაა... * * * ნომერი მეორე ქმარი, როგორც მოიხსენიებდა დედასთან, შინ არ დახვდა. უზომო სისუფთავე, თავიდან რომ სიამოვნებდა და სიმშვიდეს ჰგვრიდა, ბოლო ხანს გაუცნობიერებელ გაღიზიანებას იწვევდა ქალში. თვეში ორჯერ "ნომერი მეორე დედამთილის" სამსახურიდან დამლაგებელი მიდიოდა და მთელ სახლს კრიალი გაუდიოდა. მეორე ქმარი სისუფთავის და წესრიგის მანიით იყო შეპყრობილი. ენერგიას შადრევანივით აფრქვევდა. ბავშვობაში ისეთი ხალისით ჰყვებოდა გაკვეთილს, რომ მთელი კლასი პირდაღებული უსმენდა. სკოლას ამთავრებდა, მთელ ქალაქში რომ გახმაურდა მისი და კლასის დამრიგებლის, ინგლისური ენის მასწავლებლის თანაცხოვრების ამბავი. მასწავლებელი მოხსნეს, თვითონ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და როგორც ამბობდა, წარმატებისაკენ მიმავალ მწვერვალს შეუდგა. იშვიათად სვამდა, მაგრამ თუ დაბადების დღეზე ან ქორწილში მოუწევდა წასვლა, დღის განრიგს მაინც არ ცვლიდა: დილის შვიდ საათზე კუს ტბაზე დარბოდა, რვა საათისთვის ენერგიააღდგენილი ქალს თბილ ლოგინში შეუწვებოდა, ძლიერ ხელებს წელზე ხვევდა და ისეთი ვნებით ეუფლებოდა, თითქოს გადაულახავ ბარიერს იღებდა. ამასწინათ ტელევიზიით გამოვიდა - საკუთარ ფირმას უწევდა რეკლამას. ეკრანზე გამოჩნდა თუ არა, ქალს გადახედა და აღტაცება ვერ დაფარა: "ვახ, რა კინოგენური ვარ!" განვლილ დღეს ჩვევადქცეული რიტუალით ამთავრებდა: თორმეტ საათზე ლოგინს შლიდა, ზეწარს ხელის გულს გადაუსვამდა - არცერთი ნაოჭი არ უნდა ჰქონოდა - აუჩქარებლად ხდიდა ცოლს და ენერგიის დარჩენილ ნაწილს დევნიდა. ... ბინაში ისეთი სიცივე იყო, რომ ქალი ლოგინში ჩაწვა. ძილბურანში ტელეფონის ზარმა შეაკრთო. - რას შვრები, დათომ გადმოგცა? - ქმარი იყო. - ჰო, მითხრა. ბაზარში გავედით. ენა გიყიდე. - რა მიყიდე? - ენა, ძროხის ენა! - მე კიდევ ენა მინდა? - გაეცინა. - იტალიელებს ვექაქანე სამ საათი. ხომ წარმოგიდგენია, იტალიელებს რომ სიტყვას არ ჩააგდებინებ... - წარმომიდგენია... - ცუდად ხომ არა ხარ? - რა ვიცი... - ექიმთან როდის წავიდეთ? - ჯერ ადრეა, თვის ბოლოს გავსინჯავო. - თუ გინდა, ნუ წავალთ ჯაფარიძეებთან. - რა ხდება? - ბიჭი შეეძინათ. - მიულოცე ჩემს მაგივრად... - შენ ვერ წამოხვალ? - არ შემიძლია, ვიყინები. - მაშინ უცებ გავვარდები, მივულოცავ და წამოვალ. - არა, ცუდად კი არა ვარ. რამდენ ხანსაც გინდა, დარჩი. რა გაცვია? - როგორც ყოველთვის ფორმაში ვარ! * * * "გიორგი, გამაგებინე, ვის ჰგავხარ? ადამიანური ჩაცმა არ იცი და დახურვა! ცხენივით რომ ჭამ ფეხზე, სკამი არ გაქვთ, თუ რა?!" გიორგი ყურადღებას არ აქცევდა დედის ტირადებს: სამთვლიან ველოსიპედზე შემჯდარ ბავშვს თვალს ჩაუკრავდა, გაზქურასთან მდგარ ქანცგაწყვეტილ ცოლს მხარზე ხელს ხვევდა და კისერში ჰკოცნიდა. ქალმა იცოდა, რომ ის სიტყვები გიორგის კი არა, მას ეკუთვნოდა. "ერთი ღამეც კი არ გაუთენებია ბავშვისათვის. ერთხელ მაინც მოეყვანა ბაღიდან. არა! თუ მოვიდოდა, ორსულობის საწინააღმდეგო საშუალებებს მასწავლიდა. მეორე ბავშვის თავი სადა გაქვთო. ჯერ უნივერსიტეტი დაამთავროსო. თითქოს მე არ მქონდა კურსი დასახური. არ გეწყინოს, ქალები ვართ, თანაც ჩემი პროფესია მაძლევს ამის უფლებასო. პროფესია აძლევდა უფლებას ეკითხა, როდის მქონდა და ხომ არ გადამიცილდა, ღმერთო! სამშობიაროდან რომ დავბრუნდი, ბავშვს არც კი დახედა, მართალია, იდეალური მშობიარობა გქონდა, მაგრამ სასურველია რამდენიმე კვირა თავი შეიკავოთო. მის ჯიბრზე ხომ არ... გიორგი! მარიამს ჭამაში ჩაეძინა. საავადმყოფოში მეგონა, შენი თანდასწრებით ვერ ვაჭმევდი. შემრცხვებოდა. მე კი, რა დამემართა, როგორ გეხვეწებოდი... ალბათ რაღაცამ წამომიარა. ქალებს ემართებათ ხოლმე. ერთ ქალს მშობიარობის მერე სადღაც უნდოდა გაქცევა. ძლივს აკავებდნენ. მეც ასეთი სიგიჟე მქონდა. რამდენიმე წუთიანი. მერე სირცხვილი. სულ ჩუმი შიში. რამე არ დაემართოს. ბავშვს რაიმე არ. გაბრუებული რომ იდექი პანაშვიდებზე. გეგონა ვერ გამჩნევდი... ბიჭები ეზოში რომ ჩადიოდით. მანქანაში. ყველაფერს ვამჩნევდი. ყველაფერი მახსოვს. მე გაშეშებული ვიჯექი, შენ კი ისეთი ნეტარება გეხატა სახეზე. ყველაფრის მერე რომ მიყვიროდი სასაფლაოზე: "არ დამტოვო, არ დამტოვო!" იქ მარიამი დარჩა. იმ სახლში. ესენი ვინ არიან? რატომ ისვრიან? მარიამ... მარიამი საფლავში. ბავშვის ხმაა. არა. არ ესროლ..." ისევ ძველ სახლში იყო. პეპელას დასდევდა. "მეოცე საუკუნე, # 10, 1999 წელი 
Last edited by Admin on Sun Dec 09, 2018 12:38 pm; edited 5 times in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Sun Oct 16, 2011 11:39 pm | |
|  ქეთი ნიჟარაძე ავტოპორტრეტიღმერთო, მე ყოფიერების მეორე მხარეს ვიყავი და საკუთარი არარაობის გამო უსასრულო სიმშვიდით ვტკბებოდი; მაგრამ გამდევნეს ამ მდგომარეობიდან და ცხოვრების უცნაურ კარნავალზე აღმოვჩნდი.
პოლ ვალერი- მთავარია, არ იღელვო, მშვიდად იყავი და ნურაფერს დაუმალავ. გივი ძალიან კარგ სპეციალისტად ითვლება. მთავარია, არ იღელვო. - მამშვიდებს ჩემი დეიდაშვილი - მარინა. - სულაც არ ვღელავ! - გაღიზიანებული ვპასუხობ მას. ის რატომღაც ჩემზე მეტად ღელავს და მე მაშინებს ეს უცნაურად გარინდებული სიმშვიდე - თუ იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა ვარ, სიმშვიდე ჰქვია: გული ყელში მებჯინება და, თითქოს ამოვარდნას ლამობსო, სადღაც სიღრმეში, შესაძლოა, სულში, რაღაც გარინდებულა უსასტიკესი დარტყმის მოლოდინში. უძილო, მომქანცველი ღამის მერე დღის ორ საათამდე მეძინა. მარინამ დარეკა, გივის შევუთანხმდი და შვიდისთვის გელოდებაო. ოდნავ გამიხარდა, თითქოს რაღაც იმედი გამიჩნდა. თვითონ ის ფაქტი, რომ ექიმთან მივდიოდი ჩემი სულის გადასარჩენად (რისიც გულუბრყვილოდ მჯეროდა), რომ რაღაცას მაინც მოვიმოქმედებდი, ერთგვარ ძალას მმატებდა. ... დაახლოებით ნახევარი წლის წინ მე და მარინა კინოდან გამოვდიოდით. აღარ მახსოვს, მგონი იოგების ვარჯიშებზე მელაპარაკებოდა, რომ მოულოდნელად მითხრა, კარგ ფსიქიატრთან წაგიყვან სახლში, იქნებ რამე წამალი დაგინიშნოსო. ელდა მეცა და შუა რუსთაველზე ვუყვირე: "თუ უკვე ფსიქიატრთან მიგყავარ, პირდაპირ ფსიქიატრიულში წამიყვანე, რაღა მასთან, სახლში!" მარინამ, შენთვის გეუბნებიო, ჩაილაპარაკა და გზა ჩუმად გავაგრძელეთ. მართალია, უძილობა და უსაშველო მარტოობის განცდა მთელ ჩემს არსებას ეუფლებოდა, მაგრამ მერე თავისთავად გამივლიდა ხოლმე, წამლებისა და ფსიქიატრების ჩარევის გარეშე. ის განწყობა მუდმივად რომ მქონდეს, თავს მოვიკლავდი, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მეუფლებოდა სასოწარკვეთა... გავიდა ხანი და მე თვითონ დავურეკე მარინას - იმ ფსიქიატრთან წამიყვანე, იქნებ რამე მიშველოს-მეთქი. და, აი, დღეს (ივნისის წვიმიან დღეს) რომელიღაც ქუჩის აღმართს მივყვებოდით მე და მარინა და ჩემში შემოსული წვიმიანი განწყობილება გულს მიკუმშავდა. ვგრძნობდი, როგორ ედებოდა თანდათან შინაგანი სიცივე მთელ სხეულს და საცაა კანკალს დამაწყებინებდა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ავუარეთ. მე უაზროდ გამეცინა და მარინას ვკითხე: - მალე მივალთ? - აი, ის მესამე სახლია, ხუთსართულიანი. სულ ახლოს ყოფილა საავადმყოფოსთან. უცებ თუ რაღაცამ დამარტყა, პირდაპირ აქ გამომაქანებენ-მეთქი, გავიფიქრე და გამეღიმა. მარინამ შეშფოთებულმა შემხედა და სადარბაზოში შევედით. კიბეზე ავდიოდით და უეცრად სიმღერა თუ ყვირილი მომინდა. იმდენად დიდი იყო ამის სურვილი, რომ კბილს კბილზე ვაჭერდი და უკვე აკანკალებული სხეულის დაოკებას ვცდილობდი. კარი სასიამოვნო გარეგნობის შუახნის ქალმა გაგვიღო. მარინას თბილად მიესალმა და შინ შეგვიპატიჟა, გივის ავადმყოფო ჰყავს, მალე განთავისუფლდებაო, გვითხრა და სასტურო ოთახში შეგვიძღვა. ალბათ დიასახლისია, გავიფიქრე და დივნის კიდეზე ჩამოვჯექი. ოთახში დივანი, სავარძლები, ტელევიზორი და ძველებური წიგნების კარადა იდგა. მოპირდაპირე კედელზე ვან გოგის "მზესუმზირების" კარგი რეპროდუქცია და კიდევ რამდენიმე თანამედროვე ქართველი მხატვრის ორიგინალი ეკიდა. ხელები მუხლებზე დავიწყვე. ფრჩხილები სულ მთლად გალურჯებული მქონდა. ერთ მუშტად ქცეული სიცივე ვიყავი. სადღაც შორიდან მომესმა დიასახლისის ხმა: - როგორ გგავს ეს გოგონა... - ჩემი დეიდაშვილია, - უპასუხა მარინამ და ალერსიანად გამომხედა. დიასახლისი თანაგრძნობით მიყურებდა. არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ რაღაც ინტერესით კი მიცქერდა. მერე საერთო ნაცნობებზე დაიწყეს საუბარი. ყურებში ხმაური მედგა, მციოდა და საშინლად მინდოდა სიმღერა, ყვირილი, ტირილი... მეორე, კარმიხურული ოთახიდან გამხდარი ბიჭი და საშუალო სიმაღლის ჩაფსკვნილი მამაკაცი გამოვიდნენ. კარის დაკეტვის ხმა გაისმა; შემოსასვლელიდან მამაკაცი შემობრუნდა; სქელშუშებიანი სათვალე ეკეთა და ყურადღებიანი მზერა ჰქონდა. მარინა მოიკითხა, მერე მე ჩამომართვა ხელი, მეორე ოთახის კარი გამოაღო და მკითხა: - მარინაც შემოვიდეს, თუ... - არ ვიცი, სულ ერთია... - ვუპასუხე და უმწეოდ გავხედე მარინას. კაბინეტში საწერი მაგიდა, ორი ტილოს შალითაგადაფარებული სკამი და დაბალი, განიერი ტახტი იდგა. კედლები იატაკიდან ჭერამდე წიგნების თაროებით იყო დაფარული. ექიმმა მაგიდასთან ახლოს მდგარ სკამზე მიმითითა, თვითონ საწერ მაგიდას მიუჯდა, ჩემი მაჯა ხელში აიღო და თავის მაჯის საათს დააცქერდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითიქოს გული მაჯაში მიცემდა და ისე ძლიერად, რომ ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა; მერე წნევის აპარატი მოამზადა, შავი ქსოვილი გამხდარ მკლავზე შემომახვია და ახლა გული იდაყვში მიცემდა. კალამი და ფურცელი მოამზადა და მკითხა: - თქვენი გვარი, სახელი, მამის სახელი... - უზნაძე ლანა ნიკოლოზის ასული. - რამდენი წლის ხართ? - ოცდასამის. - სიგარეტს ეწევით? - ახლა ცოტას. წინა თვეში ერთ კოლოფს. - სვამთ? - იშვიათად, მაგრამ ხანდახან წყალივით მომწყურდება ხოლმე ღვინის დალევა. - ანაშა მოგიწევიათ? - ერთხელ, მაგრამ არ მომეწონა. - რაიმე სულიერი, ან ფიზიკური ტრავმა ხომ არ გადაგიტანიათ? - ?! - ბავშვობაში, ან მერე რაიმე ძალდატანების, უხეშობის შემთხვევა ხომ არ გქონიათ? - არა. - ვუპასუხე და უაზროდ გამეღიმა. ექიმმაც საკმაოდ უაზროდ გამიღიმა. - სწავლობთ სადმე? - სამხატვრო ტექნიკუმი დავამთავრე. სწავლის პროცესი, უფრო სწორად, სასწავლო დაწესებულებაში სიარული და იქაური სიტუაცია ყოველთვის მაღიზიანებდა. - არსად არ მუშაობთ? - ერთ-ერთ გამომცემლობაში ერთი ახალგაზრდა პოეტის წიგნი გავაფორმე. - რას უჩივით? - ფურცელზე კვადრატი დახატა. - უკაცრავად, მაგრამ მგონი ეს შეკითხვა თავიდან უნდა დაგესვათ. ექიმი შეცბა, წარბები აზიდა, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო, მკითხა: - შეყვარებული თუ ყოფილხართ, ან ახლა გიყვართ ვინმე? - დიახ, ვიყავი შეყვარებული, ახლაც შეყვარებული ვარ და, ალბათ, მთელი ჩემი სიცოცხლე მეყვარება ჩემი შვილის მამა... - შვილი გყავთ? - რატომ გაგიკვირდათ, შინაბერას ვგავარ? - არა, პირიქით... - დიახ. მყავს შვილი. სამი წლისაა. სხვათა შორის, ძალიან ჯანმრთელია. მე მიკვირს, როგორ გაგვიჩნდა ისეთი სრულყოფილი ბავშვი, როგორიც ნიკაა, მე და დიდ ნიკას. ისიც ძალიან ემოციური, მგრძნობიარეა, თუმცა მთელი ორსულობის განმავლობაში ისეთი მშვიდი ვიყავი და ისეთ ნეტარებას განვიცდიდი, როგორც არასდროს. ნაყოფთან ერთად ბედნიერების გრძნობაც იზრდებოდა - მე დიდი ნიკას მსგავი, მისი გაგრძელება უნდა გამეჩინა და მთელი არსებით ველოდი ჩვენს შვილს. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი... ექიმმა სიგარეტი შემომთავაზა. უარი ვუთხარი და თვითონ გააბოლა. - ღვიძლი ან ნაღვლის ბუშტი ხომ არ გაწუხებთ? - წელიწადში ორ-სამჯერ მაქვს ხოლმე ნაღლის ბუშტის შეტევა. - ციკლი როგორი გაქვთ? - ნორმალური. - თქვენი ნახატები ხომ არ მოგიტანიათ? - არა... - როგორ გძინავთ? - მამაკაცის თავის დახატვა დაიწყო. - საშინლად. დღე მძინავს, ღამე მღვიძავს. აღარც ხატვა შემიძლია, აღარც კითხვა. რაღაც ბუნდოვანი, გაურკვეველი გრძნობები არ მაძინებს და კიდევ ფიქრები მარტოობაზე, საიდანაც გამოსავალი არ არის. მაგრამ ეს პერიოდულად მაქვს. ხანდახან კი ისე მიყვარს სიცოცხლე, რომ ყველაფერი ლამაზია - ცა, მიწა, ქუჩები, ადამიანები, მთელი სამყარო... მაგრამ არის დღეები, როცა ვეთიშები შვილს, ახლობლებს, ცხოვრებას. მარტო ვარ გაუგებრობებით და ქაოსით სავსე სამყაროში და მანცვიფრებს ადამიანების ლაღი სიცილი, კარგი განწყობილება, ყველაფერი ყალბი მეჩვენება. ამიტომ სახლში, როგორც ნაჭუჭში, ისე ვიკეტები და მაზოხისტივით ვტკბები საკუთარი უსასოობით და სასოწარკვეთით. დივანზე დაწოლილს გამიელვებს ხოლმე უბედნიერესი, მაგრამ ერთგვარი ბუნდოვანი სევდით გაზავებული ბავშვობის დღეები. ძალიან მიყვარს ხეები... ფოთოლგაცვენილი და შიშვლები... მაგრამ რა შუაშია ხეები?! - წამოვიძახე და სკამიდან ავდექი. ექიმმა მაჯაში ჩამკიდა ხელი, სკამისკენ მექაჩებოდა და დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა. შეშინებულმა ხელი გამოვტაცე და გულზე მივიდე. - აქ ჩემი გული ცემს. ლამისაა, გამისკდეს ხოლმე, მაგრამ ვითმენ. იმიტომ, რომ, როცა მოვინდომებ, მაშინ მოვუღებ ბოლოს ჩემს წამებას. მხოლოდ ეს მამშვიდებს, მეტი არაფერი!.. - ეს სიტყვები ვთქვი და ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგლიდან" ტრაქტატი გამახსენდა - "მხოლოდ შეშლილთათვის"... უეცრად საშინელი დაღლილობა ვიგრძენი. ერთბაშად მოვეშვი, დავცარიელდი. სკამზე დავეშვი. ექიმი მამაკაცის პორტრეტს ხატავდა მოკლე შტრიხებით. მერე შემომხედა და ვკითხე: - ერთი წუთით გავალ, შეიძლება? მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. სასტუმრო ოთახში გავედი. მარინამ და დიასახლისმა გაკვირვებულებმა შემხედეს. მარინას გავუღიმე, ჩანთიდან რვეულები ამოვიღე და ისევ კაბინეტში შევედი. - ეს ჩემი დღიურებია. ცამეტი წლიდან ვწერ... ექიმმა პირველი რვეული გადაშალა და რამდენიმე წინადადება წაიკითხა უხმოდ: "დღეს ცამეტი წლის გავხდი... ისე მინდა, რომ ჩემი გულისთვის ვინმემ თავი მოიკლას... გუშინ გვიან ღამით წავიკითხე გალაკტიონის "ცამეტი წლის ხარ": "ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი". აი, ხომ შეუძლებელია ცამეტჯერ თავის მოკვლა, მაგრამ ძალიან პოეტურია. "ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი"... - ახლა არა, უჩემოდ წაიკითხეთ, თუ საჭიროდ ჩათვლით ჩემს ნახვას... - კარგი, მარინას დავუკავშირდები. * * * - კმაყოფილი ხარ? - მკითხა მარინამ ქუჩაში. - რა ვიცი... - ვუპასუხე გულგრილად. - რა რვეულები მიეცი? - ჩემი დღიურებია. ხომ მითხარი, ნურაფერს დაუმალავო. დაღმართს ჩავუყევით. ზემოდან თავისუფალი ტაქსი მოდიოდა და ჩავსხედით. - ვაკეში, - უთხრა მარინამ მძღოლს და მე მომიბრუნდა: - როდის დაგიბარა? - არ დავუბარებივარ. შენ დაგირეკავს. მე მის ფერწასულ სახეს ვუცქერდი. მერე მანქანის პატარა სარკეში ჩავიხედე. ეს სახე არ იყო - ეს იყო ტკივილი. უეცრად გამახსენდა ჩემი დარდიანი დედა: უზომოდ შემეცოდა დედა, დეიდაჩემი, მარინა, ასე რომ განიცდიდნენ ჩემს ამბავს... - აქ გააჩერეთ. მე გადმოვედი. მარინა დარჩა. - არ ამოხვალ ჩვენთან? - ვკითხე გულშეკუმშულმა, - რამდენი ხანია ნიკა არ გინახავს... - კვირას მოვალ და ნუცასაც მოვიყვან. აბა, კარგად იყავი, ყველაფერი კარგად იქნება, - სხაპასხუპით მომაყარა მარინამ. მანქანა დაიძრა... * * * დღეს ცამეტი წლის გავხდი... ისე მინდა, რომ ჩემი გულისთვის ვინმემ თავი მოიკლას... გუშინ გვიან ღამით წავიკითხე გალაკტიონის "ცამეტი წლის ხარ": "ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი". ხომ შეუძლებელია ცამეტჯერ თავის მოკვლა, მაგრამ ძალიან პოეტურია. "ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი"... როგორ ძლიერად უნდა გიყვარდეს ვინმე, რომ თავი მოიკლა. ისე მინდა, რომ ვინმე მიყვარდეს... თან ისე ძლიერად, რომ თავის მოკვლა შემეძლოს. მინდა ვიღაცაზე ვფიქრობდე, ვწერდე. მაგრამ ჯერ სულ მარტო ვარ. რაღაცნაირად ყველაფერი აირია, რაღაც გაურკვეველი სურვილები მაფორიაქებს. საშინელი წინააღმდეგობის გრძნობა გამიჩნდა. ყველაფერი მაღიზიანებს, განსაკუთრებით დედა, მამა, კლასელები, მასწავლებლები... გუშინ მამა ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. ბაზარში ეყიდა გოჭი, ინდაური და ამის მაგვარი საზიზღრობები ჩემი დაბადების დღისთვის და მაცივარში აწყობდა. მე ლოჯიაში ვხატავდი. მამამ მითხრა, ჯერ გაკვეთილები ისწავლე და მერე ხატეო. რაღაცამ წამომიარა - პალიტრა კედელს მივახეთქე, მოლბერტს ფეხი ვკარი, კარი გავაღე და, რაც ძალი და ღონე მქონდა, დავუყვირე: "არ შემიძლია თქვენთან ცხოვრება! არ შემიძლია!" და კარი გავიჯახუნე. კიბეზე რომ ჩავრბოდი, მეზობელი შინაბერა ნინა შემეფეთა, თუ მე შევეფეთე. ესღა მაკლდა-მეთქი, გავიფიქრე და პარკისაკენ გავვარდი. იქვე, პარკის შესასვლელთან, დავჯექი სკამზე, საშინლად უბედურად ვიგრძენი თავი და ავტირდი. რაღაც ახალი და გაუგებარი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. ვიჯექი და ვტიროდი. მერე დავწყნარდი და შინ დავბრუნდი. დედა მოსული იყო ინსტიტუტიდან. სააბაზანოში ჩავიკეტე და პირსაბანის სარკეში ჩავიხედე. ვუცქეროდი ჩემს ნამტირალევ სახეს - რაღაც მაშინებდა და თანაც საშინლად მიზიდავდა. პირველად დამაინტერესა ჩემმა სახემ, თვალებმა... მერე უეცრად ისეთი სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი თავი მომეკლა. ასეთი რამ პირველად დამემართა. პირველად ვიგრძენი საშინელი მარტოობა. იმ დღეს რამდენიმე კლასელი დავპატიჟე. უამრავი ნათესავი მოვიდა. ბიძაჩემმა, მამაჩემის ძმამ, დიდი ერთსულოვნებით რომ აირჩიეს თამადად, მითხრა: "ლანა, შენ დღეს ცამეტი წლის გახდი. უკვე დიდი გოგონა ხარ. შენ იცი, როგორ ასახელებ მშობლებს კარგი სწავლით (მიკვირს ეს უფროსები როგორ ახერხებენ ასე ერთნაირად ლაპარაკს), კარგი ქალობით. დაე, მუდამ ვამაყობდეთ შენით. ხომ იცი, მთავარია სწავლა და..." ამ დროს რაღაცამ მომიარა, ბიძაჩემის სიტყვებმა სულ გამომაშტერა და ვუთხარი: "ამ სწავლის გარდა რაღაც სხვაც ხომ არსებობს? რა შუაშია სწავლა". ბიძაჩემი გაოგნდა, ბავშვები პირდაღებულები მიყურებდნენ, ხოლო თიკამ, რომელსაც დღემდე ყველაზე ახლო მეგობრად ვთვლიდი, თვალები მოჭუტა და ჩაიღიმა. თითქოს მოეწონა ჩემი "გაფსიხება". ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა და სააბაზანოში ჩავიკეტე. დედაჩემი მეხვეწებოდა, გამოდი, სირცხვილიაო, მაგრამ არ გავედი. მინდოდა გავსულიყავი, საჭმლით სავსე მაგიდა ამეყირავებინა, კლასელები გამეგდო - სუფთა დებილები! - და ნათესავებისთვის მეთქვა: - ხომ ხედავთ, გავაფრინე! კეთილი ინებეთ და წაბრძანდით!.." ახლა დაწყნარებული ვარ და მიკვირს, რატომ წამომიარა ასეთმა სურვილმა. უკვე ღამეა. პირველი საათია. ჩვენები დაწვნენ. ჩემმა მშობლებმა მაინც რა დამიშავეს... დღეს პირველად დავიწყე დღიურის წერა. შარშან ანა ფრანკის დღიური წავიკითხე, მომეწონა და მეც ძალიან მომინდა დღიურის წერა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვაბი თავი. ალბათ, ცამეტი წლის უნდა გავმხდარიყავი. და, აი, დღეს, თავისთავად, ბუნებრივად დავიწყე. სწორედ დღეს მომინდა ჩემი გაუგებარი ფიქრების და სურვილების დღიურში ჩაწერა - იმიტომ რომ, როგორც დღეს დავრწმუნდი, მეგობარი არ მყავს. როგორღაც მოულოდნელად აღმოვჩნდი მარტოობასთან პირისპირ... სწავლა სულ აღარ მაინტერესებს. ძალიან ბევრს ვკითხულობ და ხანდახან ვხატავ. ისეთი გრძნობა მაქვს ახლა, თითქოს არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი. დღეიდან მე, დღიური და მარტოობა განუყრელად ვიქნებით ერთად. დღეს ცამეტი წლის გავხდი... (გაგრძელება შემდეგ ნომერში) "ახალი 7 დღე", 2001-09-21 
Last edited by Admin on Sun Dec 09, 2018 10:43 am; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Sun Dec 09, 2018 10:40 am | |
|  სალომე ასათიანის პოდკასტი დავიწყებული ქეთი ნიჟარაძედეკემბერი 07, 2018 0:29 ეს მწერალი და მისი ტექსტები, წესით, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გამხდარიყო ქართველი ქალი ავტორებისა და მკითხველისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქალი, რომელმაც 1987 წელს - საბჭოთა იმპერიის ნგრევის დასაწყისში, სანამ საქართველო დიდი ხნით გადაეშვებოდა ომებისა და ძალადობის უფსკრულში - გამოაქვეყნა სადებიუტო რომანი, რომელშიც ქალის პოზიციიდან, ქალის ხმითა და პერსპექტივით დაგვანვახა გარემო და ქალისავე ხელთათმანი ესროლა დამთრგუნველ, შემბოჭველ, პატრიარქალურ წესრიგს. ეს ქალი ქეთი ნიჟარაძეა, რომელიც 2000 წლიდან აღარ არის ჩვენ შორის. 1987 წელს გამოქვეყნებულ მის რომანს კი „ავტოპორტრეტი“ ჰქვია. დღეს ჩვენ სწორედ ქეთიზე და მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე ვილაპარაკებთ. ქეთი ნიჟარაძის ლიტერატურა დაუმორჩილებლობის, ამბოხების ლიტერატურაა, რომელიც, ამავდროულად, ღრმა მელანქოლიით არის გაჯერებული. ის წერს სადა, ნაცნობი, რეალური, შეიძლება ითქვას, ყოველდღიური ენით; შემოაქვს ქართული ლიტერატურისთვის უჩვეულოდ ინტენსიური ემოცია - მასა და მის პირველ პირში მოლაპარაკე პერსონაჟს შორის ზღვარი ბუნდოვანია, ისინი მკითხველის წინაშე იხსნებიან, ფორიაქობენ, განიცდიან, დარდობენ, უყვართ, ტირიან. ამ ავტორის სახით ქართული ლიტერატურის დამკვიდრებულ ტრადიციაში გაჩნდა - ან ალბათ გაიელვა - ქალის პიროვნულმა განცდამ, ინდივიდუალურმა გამოცდილებამ, ქალის სხეულმა, ერიტიკულმა სურვილმა, სიამოვნებამ, არაცნობიერმა. და ძალიან მკაფიოდ გაშიშვლდა ის საზოგადოებრივი, კულტურული თუ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქალს იმორჩილებს, აკონტროლებს, ჩარჩოებს უწესებს; მისგან ძერწავს „კარგ გოგოს“ და მშობლების, ქმრის, სოციუმისა თუ სამშობლოს „სასახელო ქალს“ - რასაც ქალის ინდივიდუალურობა ეწირება. "პირადად მე არც ზღაპრები მიყვარს და არც დოკუმენტური პროზა. ჩემთვის გაცილებით საინტერესოა შეხვედრა ისეთ ავტორთან, რომელიც მიამბობს განცდილისა და გადატანილის შესახებ" - ამბობდა ქეთი ნიჟარაძე მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის ქართულ ლიტერატურაზე საუბრისას. პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში ვკითხულობთ ნაწყვეტებს ქეთი ნიჟარაძის პროზიდან, ინტერვიუდან და მწერალს იხსენებს მისი მეგობარი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. ბმული: * https://www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/29643330.html?type=audio%22 
Last edited by Admin on Mon Aug 02, 2021 4:24 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin

 Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Mon Aug 02, 2021 4:51 pm | |
|  წიგნის დასახელება – „მზიანი მხარე“ ავტორი - ქეთი ნიჟარაძე ტექსტის აკრეფა - ნინო პიპინაშვილი რედაქცია და კორექტურა - ნინო ლეჟავა დიზაინი - ნინო ლეჟავა, მაგდა ცოცხალაშვილი დაკაბადონება - მაგდა ცოცხალაშვილი ტირჟი - 1500 გამომცემლობა - „მელანი“ დაიბეჭდა - შპს „სეზანში“ ISBN 978-9941-8-3359-5 ყდა – რბილი გამოცემის წელი – 2021 გვერდების რაოდენობა – 228 წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის მხარდაჭრით. ქეთი ნიჟარაძე - „მზიანი მხარე“, გამომცემლობა „მელანი”, 2021 მემორიალური კრებული  „ეს მწერალი და მისი ტექსტები, წესით, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გამხდარიყო ქართველი ქალი ავტორებისა და მკითხველისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქალი, რომელმაც 1987 წელს - საბჭოთა იმპერიის ნგრევის დასაწყისში, სანამ საქართველო დიდი ხნით გადაეშვებოდა ომებისა და ძალადობის უფსკრულში - გამოაქვეყნა სადებიუტო რომანი, რომელშიც ქალის პოზიციიდან, ქალის ხმითა და პერსპექტივით დაგვანახა გარემო და ქალისავე ხელთათმანი ესროლა დამთრგუნველ, შემბოჭველ, პატრიარქალურ წესრიგს. ეს ქალი ქეთი ნიჟარაძეა, რომელიც 2000 წლიდან აღარ არის ჩვენს შორის“. -- სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლება ბმული: * https://www.facebook.com/watch/?v=799962767353471* https://www.miobius.ge/წიგნები?product_id=715  | |
|  | | Baiabai

 Number of posts : 1 Age : 29 Location : Tbilisi Job/hobbies : Reading books Humor : What do you mean? If I have it or not? Registration date : 07.01.22
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე Fri Jan 07, 2022 10:59 am | |
| ქალი, რომელმაც დროს გაუსწრო. ასე დავარქმევდი ქეთი ნიჟარაძის იმ ინტერვიუს, რომელიც თვითმკვლელობამდე დაახლოებით 1 წლით ადრე გამოქვეყნდა გაზეთ "ქომაგში". 1999 წლის 17 მარტი "- თქვენი პირველი ვრცელი მოთხრობა "ავტოპორტრეტი" 1987 წელს გამოქვეყნდა. ამჟამად ამ მოთხრობას ცალკე წიგნად სცემს ლევან თითმერია. 10-12 წელიწადი თითქოს არ არის დროის რაღაც დიდი მონაკვეთი, მაგრამ ბოლო 10-12 წელიწადში იმდენი რამ მოხდა, იმდენი რამ გადაგვხდა, რომ ეს პერიოდი რეალურზე ხანგრძლივად აღიქმება. როგორ გგონიათ, რატომ აინტერესებთ დღეს 'ავტოპორტრეტი" ისევ ისე და შესაძლებელია უფრო მეტადაც? ქ.ნ.: ეს ნაწარმოები ჩემთვის აღსარება იყო. აღსარების დროს კი არ ცრუობენ. როგორც ჩანს, ჩემდა უნებლიედ, მარადიულ სიმებს შევეხე. იმ პერიოდში ბევრი წერილი მივიღე სხვადასხვა ასაკის მკითხველისაგან, რომელთაც თავისი თავი იპოვნეს "ავტოპორტრეტში". არასოდეს დამავიწყდება პიონერთა სასახლის ლიტერატურული წრის წევრებთან შეხვედრა. 15-16 წლის მოზარდებისთვის უფრო საინტერესო იყპ მთავარი პერსონაჟის სკოლის პერიოდი, აღსავსე ანტიპედაგოგიური ისტორიებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ და კიდევ სხვა მიზეზთა გამო ( ინტიმური ეპიზოდები, აშკარა პროტესტი არსებული ყოფის მიმართ) ამ ნაწარმოებს "პერესტროიკამდე არ ბეჭდავდნენ. ბოლოს და ბოლოს, იგი გამოქვეყნდა ჟურნალ "სათავეში', რასაც ჩემთვის მოულოდნელი აჟიოტაჟი მოჰყვა. მიუხედავად ასეთი დებიუტისა, ეს და სხვა ჩემი მოთხრობები, უკვე რედაქტირებული, წლების განმავლობაში იდო გამომცემლობა "მერანში". ეს მოთხრობები თარგმნეს რუსულად, გერმანულად, მაგრამ ჟურნალის ფურცლებს ვერ გასცდა. ამიტომაც ძალიან გამახარა ახალგაზრდა გამომცემლის ლევან თითმერიას სურვილმა გამოსცეს წიგნად "ავტოპორტრეტი". - ვისგან სწავლობდით ხელობას, ბაძავდით ვინმეს? ქ.ნ: არავისგან ხელობა არ მისწავლია და არასოდეს არავისთვის მიმიბაძავს. ცხადია, ცნობიერ პროცეს ვგულისხმობ. მაგრამ ადამიანში მრავალი "მე" არსებობს, მათ შორის - არაცნობიერიც. როგორც ჩანს, აფექტურ მეხსიერებას შმონახული ჰქონდა კითხვისაგან მიღებული სანიმუშოდ გამოსადეგი შთაბეჭდილებები. შემიძლია ჩამოვთვალო ჩმი უსაყვარლესი მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, გურამ რჩეულიშვილი (ჩემი სისხლისმიერი და სულიერი ნათესავი), ჩხოვი, ბუნინი, მოპასანი, ჰემინგუეი, ჯოის ქეროლ ოუთსი და, რაღა თქმა უნდა, ჯერომ სელინჯერი, რომელთან ჩემი სულიერი სიახლოვე, ვიდრე ამას გავაცნობიერებდი, სხვებმა შეამჩნიეს. მაგრამ ვფიქრობ, ეს გავლენა კი არ არის - მსგავსება გამოიწვია გემოვნების ერთტიპიურობამ და აზროვნების მსგავსმა სტილმა. მეორე მხრივ, ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ "ავტოპორტრეტში" მთავარი პერსონაჟი სელინჯერს, როგორც მწერალს, უხსნის სიყვარულს. ყველა მწერალი ქვეშეცნეულად ცდილობს თავისი ნაწარმოები საკუთარ ორეულად აქციოს. ხშირად ისინი ინიღბებიან და პერსონაჟების მეშვეობით ავლენენ თავის ფარულ სურვილებს. მე ეს არ გამიკეთებია. ამიტომაც დავარქვი "ავტოპორტრეტი" ჩემს პირველ გამოქვეყენებულ მოთხრობას, რითაც ჩემს თავს განვუცხადე სურვილი გავმიჯნოდი ყველა იმ მწერალს, ვინც მომწონდა და მიყვარდა. თუ რამდენად მივაღწიე მიზანს, ამაზე, ცხადია, მკითხველმა უნდა იმსჯელოს. - ქალების მიერ დაწერილ პროზაულ ტექსტებს ხშირად ასე აფასებენ, უფრო ზუსტად, იწონებენ ხოლმე: "ზოგიერთი ნაწილი ან მთლიანი ტექსტი კაცივით მტკიცე ხელით არის დაწერილი." ეთანხმებით ასეთ შეფასებას? ქ.ნ: ვეთანხმები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ქალის მიერ დაწერილ ცუდ ნაწარმოებს ვკითხულობ. ქალმა, ისევე, როგორც კაცმა, უნდა დაიცვას თავისი საწყისი. წარმოიდგინეთ, რა დარჩებოდა ანა კალანდაძის ან ანა ახმატოვას პოეზიისგან, "კაცივით მტკიცე ხელით" რომ იყოს დაწერილი. ავიღოთ ფრანგი მწერალი ქალები: ნატალი საროტი, მარი რედონე, მარგარიტ დიურა, ფრანსუა საგანი. თითოეული მათგანის ნაწარმოებები სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ მათ მიერ აღქმული და გადმოცემული სამყარო აღსავსეა მარადქალური მისწრაფებებით. არაჩვეულებრივად თავმდაბალი ლევ ტოლსტოიუ ვერ მალავდა სიამაყეს იმის გამო, რომ ხედავდა იმას, რისი დანახვაც სხვას არ შეეძლო. რა გასაკვირია, რომ ქალს, განსხვავებული სქესის წარმომადგენელს, უკვე ბუნებრივად, მოცემული ჰქონდეს განსხვავდებული ხედვა. და თუ იგი დაარღვევს ჰარმონიას, არსებულს აღქმასა და გადმოცემას შორის და "კაცივით მტკიცე ხელით' დააპირებს შექმნას ნაწარმოები, უღალატებს არა მარტო ნაწარმოებს, არამედ საკუთარ თავსაც. - სულ ახლახანს თქვენ თარგმნეთ მარგარიტ დიურას გონკურებით პრემირებული მოთხრობა "საყვარელი". უნდა გითხრათ, რომ თარგმანი შესანიშნავია. გამოწვეულია თუ არა თარგმანის მაღალი ხარისხი ამ მწერალთან თქვენი სულიერი სიახლოვე? ქ.ნ: რაკი ფრანგები ვრცელ მოთხრობას რომანად იხსენიებენ ( იქ არსებობს ასე დაყოფა - ნოველა, რომანი), ამდენად, უფრო სწორი იქნებოდა ეს ნაწარმოები ჩვენც რომანად მოვიხსენიოთ. არ ვიცი, მოიწონებდნენ თუ არა ფრანგები ჩემს თარგმანს, ქართული ენა რომ იცოდნენ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ რომანს კი არ ვთარგმნიდი, არამედ თითქოს ხელახლა ვწერდი, ოღონდ ქართულად. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შეუძლებელია სულიერი ნათესაობის გარეშე. ჩემი ღრმა რწმენით, შუძლებელია არა მარტო პოეზიის, არამედ პროზის თარგმნაც, მაგრამ თუ მთარგმნელი ცდილობს უცხო ენაზე შექმნილი ნაწარმოები მის ქვეყანაში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს მიუსადაგოს, მაშინ თვით ორიგინალათან არაადეკვატურობაც კი გამართლებულია. პირადად მე არავითარი თეორიული ორიენტირები არ გამომიყენებია. მაღელვებდა ნაწარმოები და ვთარგმნე მთელი ჩემი უშუალობით. მჯერა, რომ მწერალმა ნებისმიერი ნაწარმოები უნდა თარგმნოს მხოლოდ უშვალობაზე დაყრდნობით. ამის საუკეთესო ნიმუშია მიხეილ ჯავახიშვილის მიერ თარგმნილი მოპასანის "ლამაზი მეგობარი". ორი ქყვეყნის კულტურა ერთდება და წარმოიშობა მესამე კულტურა - ლიტერატურული ჰიბრიდი. სხვაგვარად, ნებისმიერი თარგმანი უცხო სხეულია, როგორც ერთი, ისე მეორე კულტურისათვის. როცა მესამე კულტურა იქმნება, თვით პოეზიის თარგმანიც კი გამართლებულია. ასე მაგალითად, მე არ მაინტერესებს რამდენად ადეკვატურია ბატონ ჯემალ აჯიაშვილის მიერ თარგმნილი პოეზია. ჩმთვის მთავარი ის არის, რომ ის ძველებრაულიც არის და ქართულიც. - "მზიან მხარეზე" რას გვეტყვით? დარწმუნებული ვარ, მკითხველი მოუთმენლად ელის ამ რომანის პუბლიკაციის დასრულებას. ქ.ნ: რომანზე მუშაობა დასრულებულია და იმედი მაქვს, რომ იგი ჟურნალ "XX საუკუნის" უახლეს ნომერში გამოქვეყნდება. - იწურება მე-20 საუკუნე. როგორ წარმოგიდგენიათ 21 საუკუნის ქართული ლიტერატურა, კერძოდ პროზა? ქ.ნ: მომავლის ნებისმიერი პროგნოზირება ამაო საქმიანობად მიმაჩნია. პროზას, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგის აღმავლობა ან დეგრადაცია, ჩემთვის იმდენად შეუცნობელი პროცესის ანარეკლია, რომ მზად ვარ ყოველივე ეს სამყაროს იდუმალ მოვლენებს მივაწერო. მეორეს მხრივ ობიექტური ვითარება ასეთია. ცენზურა არ არასებობს, რაც ჯერჯერობით, მხოლოდ უცენზურობაში გამოიხატა, მაგრამ ეს სენი დროებითია და ქართული მწერლობა უეჭველად დაუბრუნდება თავის ტრადიციულ წერისა და აზროვნების მაღალ სტილს. ქვეტექსტებით დამინიშნებებით წერა უაზრობაა მაშინ, როცა მწერალს რთავენ ნებას პირდაპირ გამოხატოს სათქმელი. XXI პროზაიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმკვიდრებს ადგილს, თუკი შეძლებს გადალახოს, როგორც ალეგორიული აზროვნება, ასევე უხამსი ნატურალიზმი. მწერალს ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ქართულ მწერლობაში მწერლის პრობლემაზე მეტად, მკითხველის პრობლემა უფრო აქტუალურია. ინსიუნუაციებზე აგებული პროზის კითხვას მიჩვეული, ვეღარ ჰგუობს პროზაში მაინტრიგებელი ქვეტექსტების უქონლობას. სხვადასხვა ტექნიკური გამრთობი საშუალების დამკვიდრებამ ლამის მთლიანად გარიყა კითხვის კულტურა. კლასიკისა და ბესტსელერების ეკრანიზაციამ პროფანაციამდე დაიყვანა მსოფლიო მიღწევები. - არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენს ეპოქაში ყველაზე უკეთ იკითხება ან ზღაპრის მაგვარი ან დოკუმენტურთან უკიდურესად მიახლოებული პროზა. თავად თქვენ თუ თვლით ასე და მკითხველის რომელ ტიპს მიაკუთვნებდით თავს? ქ.ნ: თუ თქვენ ზღაპარში აფანტასმაგორიას გულისხმობთ, ის ყველა ეპოქაში აინტერესებდა მკითხველს და, ვფიქრობ, მომავალშიც დააინტერესებს. რაც შეეხება დოკუმენტურ პროზას, ანუ ისეთ პროზას რომელიც რეალურად არსებულ ფაქტებს აგვიწერს, ეს ისევ და ისევ იმ პოლიტიკური ინტრიგის გაგრძელებაა, რომელმაც გასულ ათწლეულებში მთლიანად დაიპყრო მკითხველის ყურადღება. იმდროინდელი რეალობა მწერალს უხვად აწვდიდა საზრდოს ამგვარი პროზის შესაქმნელად: ტოტალიტარული რეჟიმი, ფსევდოკომუნისტური ლოზუნგები, კორუფცია, პროტექციონიზმი. საკმარისი იყო მწერალი ყოველივე ამას დაპირისპირებოდა, მას მკითხველის სიმპათია გარანტირებული ჰქონდა. პირადად მე არც ზღაპრები მიყვარს და არც დოკუმენტური პროზა. ჩემთვის გაცილებით საინტერესოა შეხვედრა ისეთ ავტორთან, რომელიც მიამბობს განცდილისა და გადატანილის შესახებ. სულერთია როგორი ფორმით იქნება ეს გადმოცემული: ავტობიოგრაფიულ რეალიებზე დაყრდნობით თუ მეტაფორულად." https://servimg.com/view/20397333/1 | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ქეთი ნიჟარაძე  | |
| |
|  | | | ქეთი ნიჟარაძე | |
|
Similar topics |  |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|