ჩემო უცნობო ქალბატონო ნინი,
ერთი ძალიან მარტივი პასუხი მაქვს თქვენი ახლობლის რაციონალურ განსჯაზე.
აი ახლა, ამწუთას, შენი პირველი კომენტარი წავიკითხე თუ არა, ისეთი განცდა დამეუფლა. რომ გინდაც ათმაგი მტერი მერტყას, დაუფიქრებლად მივეტანებოდი ხმალდახმალ შენსთანას დასაცავად. ეს არც კომპლიმენტია და არც ტრაბახი, რადგან შენმა სიტყვებმა ისე აადუღა სისხლი, რომ სადღა დარჩა რაციონალური განსჯის ნიჭი...
და რო დარჩენილიყო ხოლმე, მაშინ იმ დალოცვილი ევროპელებივით უნდა მოვქცეულიყავით, ჭოგრიტით რო დაითვლიდნენ ერთმანეთის ჯარს და ომი აღარც იყო საჭირო, ვინც არსებით კომპონენტში იყო ნაკლები (კავალერია, მუშკეტი, რიცხოვნება და ა.შ.) ის მიეახლებოდა, მოუწერდა ხელს ვალდებულებაზე, რომ მომავალი შვიდი წელი ათასი ტალერი უნდა ეხადა...
მე ვარ ქართული საბრძლო ხელოვნების მკვლევარი და 15 წლის კვლევამ ჩემს წინ გადაშალა საოცარი ნიჭით შექმნილი კულტურა, რომელთანაც ნამდვილად ვერ მოვა აღმოსავლურები, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის, რაც საკმარისია ათმაგი მტრის გასარეკად.
მაგრამ როცა წარმოვიდგინე, რომ წინ თამარი მიმიძღვის ფეხშიშველი, რომ ეკალსა და ქვაღორღზე სწუხს მისი ნაზი ფეხისგულები, რომ მან მითხრა – ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისადო, მივხვდი რაც იყო იმ გამარჯვების საიდუმლო.
და თვით ეს რაციონალური ევროპელებიც სიამოვნებით მღერიან – დოიჩე იუბერ ალესო,
ხოლო ბონაპარტის ძველი გვარდიის სალდათის, შოვინის განცხადება – ფრანგის ღირსი ვინ არიო – უმალ მოედო მთელს საფრანგეთს.
როცა შენი სამშობლო ძალიან გიყვარს, აუცილებლად გაუგებ სხვასაც, ხოლო როცა ეს ავადმყოფური ფსევდო სიყვარული იდეოლოგიურ იარაღად გინდა აქციო, ეს უსინდისობაა, ნაციზმი და ამ ომში გამარჯვებული ნაცისტი კი გამახსენეთ თუ შეიძლება.
თუ მე იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ საქართველო ამერიკაზე უკეთეს კოსმოსურ სადგურს აკეთებს – ეს მატრაბაზობაა და როცა თამარი გეუბნება – ათმაგ მტერს შეუტიე და გამარჯვებული დამბრუნდიო – ამის ახსნა არ გადის ტვინზე და არც უნდა ვცადოთ. თუმცა ამგვარი ფაქტების კონსტატაციაც კი ძალზედ საინტერესოა.
ბატონ ვაჟასაც არ ვიცნობ მე, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ამ კაცში საქართველოს მარადიული სული სახლობს და მის გულიან სიტყვას მართლაც ძალუძს მინავლებული ნაღვერდლის გაღვივება...
ლაპარაკია კაცზე, რომელიც, ამის შემდეგ, ყოვლად მშრალ და რაციონალურ წიგნსაც შეგიქმნის არასწორ კვებაზე.
ანუ მან მშვენივრად იცის – სად ბრეგი და შელტონი, სადაც კიდე რაფიელი და გრიგოლი.
კიდევ ერთხელ გიკოცნი შუბლსა და გმადლობთ დიდი სასიცოცხლო ენერგიისთვის, რომელიც მომანიჭე.
ახლა კი აქ დავდებ ლექსს ლუარსაბზე, რომელშიც ვეცადე ამესახა ეს საოცარი ქართული ირაციონალიზმი. გახსოვთ ალბათ, რომ მოხუცმა ლუარსაბმა – ბრძოლის თავი აღარ მაქვსო და სვიმონს გადააბარა ეს საქმე, მაგრამ მტერს რო შეეჩეხა, უცბად ისეთი მკლავი გამოიბა, რომ რამდენიმე კაცი მაინც გაიმძღვანია წინ.
ლუარსაბ მეფისა
ბინდი ხუნდება, დილა ინთება, მტრით დატბორილა გარისის ველი, უკანასკნელად მოაფრინდება დღეს თავის ნისლას ბებერი მგელი.
ეს დროც დაუდგა მეფეს ჭაღარას, აწ ოდენ ცქერით გაართოს თვალი, იმის სამყოფი ჯანი აღარ აქვს, რომ კიდევ ერთხელ აშპუნოს ხმალი.
შუბის თამაშით დაუვლის ლაშქარს მემკვიდრე მისი, იმედი ქართლის, მტერს დათვლის ღირსად აროდეს არ თვლის, რამეთუ დროშა მიუძღვის მართლის.
სცეს ქართველებმა ბუკს და ნაღარას და ჩამოიმხეს თავსაბურები, აკინაკები ავად წახარეს, მიწას მოწყვიტეს ბედაურები.
წინ-წინ მიაფრენს თავის საღარას ჭაბუკი სვიმონ, გვირგვინის ხამსი, ბდღვირი ავარდა ტრიალ თაღარას და ნირწამხდარი უკურბის სპარსი.
ზაფრისმცემია იბერთ კართობა, ბრძოლასა შიგან მხნეთა და ცხართა, მათთვის ეს ომი არის გართობა, ვითარცა მგლისთვის დარბევა ცხვართა.
სერზე შემოდგა ფიცხელი ომის მოსეირეთა მცირე ამალა, მეფე, ჭარმაგი თანამყოლების და ორიოდე მცველის ამარა. შემორჩა ბრძოლის ჟინი ულევი, ძარღვებში სისხლი უყივის ჯერაც, გასცქერის გარჯას გოთაულების და სიამაყე უნამავს მზერას.
წესი არ არის ქართველ მეფეთა მამულისაგან დათმობა მისხლის და როს პირისპირ შემოეფეთა ლტოლვილი რაზმი, მწყურალი სისხლის, მომხდურებს თავი არ გაარიდა, ზედ შეალეწა შუბი და ხმალი, ბოლოს აკარხლა ბედაური და იმისი ნალით უნაყა ძვალი.
თანა ჰქონოდა ანამ ფარი და ანამ ჩაჩქანი, თავდასაფარი, სისხლი გადმოჩქეფს ნაგაზარიდან, ძოწით შემკულა ვერცხლის ფაფარი.
როს მატადორი დაქანცულ ხარს კლავს, სხივმეწამული ხდება ტაურუს, ებანს დაჰკარით, საომარ საკრავს, რომ გული რისხვით აახმაუროს…
* * *
შეუპოვრობით დაღალა მტერი გაუტეხელმა გვირგვინოსანმა, ზოგი დალეწა, ზოგი მოსარმა და კვლავაც სიმხნით აღავსო ერი.
ყველა კივერი და ყველა ჩალმა ერთად წაიღო არაგვის წყალმა.
დრომ მოხასხასე ყველა მუნდირი გაახუნა და დედა უტირა.
მოყანყალდა და სრულიად წახდა იმპერატორთა მრავალი ტახტი.
დაიხავსა და დანესტიანდა ფუყე დიდება დინასტიათა.
ერმა უარყო კერპი რამდენი და საარაკო საქმის ჩამდენი რამდენი გმირი გადააფასა, მაგრამ ნაომარს ლუარსაბისა აწ მეტი ჩაღი მოეფინება და ვერას ავნებს ჟამთა დინება.
მისი მასხალი მარადის გასხლავს, რამეთუ ახლავს ნათელი მართლის, გააკაშკაშებს თავის წილ ვარსკვლავს დელი სვიმონი, იმედი ქართლის.
* * *
ვის აღარ უდგას ამქვეყნად ძეგლი - ორგულს, ბაქიას, ლაქიას, ვერაგს, გმირებს კი რჩებათ გვირგვინი ეკლის, ასე იყო და ასეა ჯერაც.
ან იქნებ რვალში ვერ დაეტია მეფეო შენი სული მბორგალი და იქნებ ყველა ძეგლზე მეტია ხელში ჭიქა და ყელში გორგალი.