ჰაიატე სოტომე (იაპონ. はやて外海, დ. 1991, უცუნომია, იაპონია) — იაპონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი.
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში გაიამრთა, ჰაიატე სოტომე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ოფიციალური თარჯიმანი იყო.
ადრეული ცხოვრება ჰაიატე სოტომე 1991 წელს დაიბადა ქალაქ უცუნომიაში, ტოკიოდან 100 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში. სოტომე ქალაქის გარეუბაში გაიზარდა. მას მჭიდრო ურთუერთობა ჰქონდა ბუნებასა და ცხოველებთან. როგორ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, სახლში სულ ძაღლი, თევზი, კუ, თუთიყუში და თითქმის ყველა ცხოველი ჰყავდა კატის გარდა.
განათლება ჰაიატე სოტომემ 2009 წელს ჩააბარა ტოკიოს უცხო ენების კვლევის უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. მოგვიანებით მაგისტრატურაში სასწავლებლად ჩააბარა ტოკიოს უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურის განხრით. არის ტოკიოს უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი სადისერტაციო თემაა: „ქართული თანამედროვე ლიტერატურა — ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა“.
ჰაიატე სოტომე უნივერსიტეტში სწავლისას რუსულ ენასაც სწავლობდა. საქართველომ მას შემდეგ დააინტერესა, რაც ერთ-ერთმა პროფესორმა პირველ კურსელ სტუდენტებს თენგიზ აბულაძის „მონანიება“ აჩვენა. მეორე კურსზე გადასვლის შემდეგ ჰაიატემ ტოკიოს უნივერსიტეტში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველოლოგთან ყოველკვირეულად ქართული ენის შესწავლა დაიწყო. ენის ერთი წლის განმავლობაში სწავლის შემდეგ ჰაიატე სოტომე 2011 წელს, საქართველოში, ვაკეში, ქართულ ოჯახში დასახლდა.
ჰაიატე სოტომე პირველ მასწავლებლად იაპონელ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას მიიჩნევს, რომელიც სოტომეს ქართული ენის გრამატიკას ასწავლიდა. მოგვიანებით ენის უკეთესად შესასწავლად ჰაიატე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში სწავლობდა, რომლის ხელმძღვანელიც ელგუჯა ხინთიბიძეა.
ქართველოლოგია 2011 წელს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჰაიატე სოტომე ქართული ნაწარმოებების კითხვას შეუდგა. პირველად ქართულ ენაზე „ჩხიკვთა ქორწილი“ წაიკითხა, საბაკალავრო დისერტაციის თემად კი ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ აირჩია. სოტომე აღნიშნავს იმასაც, რომ მისმა პედაგოგმა ქართულიდან იაპონურად თარგმნა „ალუდა-ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველის მჭამელი“, მოთხრობებიდან „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და „ჩხიკვთა ქორწილი“, რამაც სოტომეზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.[3] 2018 წელს სოტომემ ერთ სამეცნიერო სიმპოზიუმზე წაიკითხა მოხსენება ვაჟას „გველის მჭამელის“ შესახებ, რამაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავე წელს ჰაიატე სოტომემ ქართულიდან იაპონურად თარგმნა მცირე ზომის ლექსი, სადაც ეცადა პოეტური რითმა შეენარჩუნებინა.
რელიგია ერთ-ერთ ინტერვიუში ჰაიატე სოტომემ კითხვაზე, თუ რომელი რელიგიის მიმდევარია, შემდეგნაირი პასუხი გასცა: „იქ ჩვენთან ბუდიზმის გარდა კიდევ ერთი რელიგიაა, რომელსაც შინტო ან შინტოიზმი ჰქვია. ღვთის გზას ნიშნავს. ჰოდა ისტორიულად ეს ორი რელიგია შეერია ერთმანეთს, ამიტომ, ზოგადად იაპონელებს ეს ორი რელიგია სწამთ“.
პროტესტი ჰესების წინააღმდეგ ჰაიატე სოტომე მთავრობის კანცელარიასთან ადგილობრივებთან ერთად სვანეთსა და ჭუბერის თემში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებდა. მისი აზრით ჰესების მშენებლობას სარგებელი მხოლოდ პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და სამშენებლო კომპანიებისთვის მოაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჰაიატე სოტომე ამბობს: „ესე იგი, ჰესების თემაზე ბევრი სათქმელი მაქვს. ახლა დაინტერესებული ვარ ე. წ. პოსტკოლონიური ეკოკრიტიციზმით (postcolonial ecocriticism). ეს ახალი თემაა ლიტერატურათმცოდნეობაზე, მაგრამ ამ თემაზე უკვე გამოიცა ერთი წიგნი, რომელშიც ავტორი ეხება ჰესების თემას თანამედროვე ინდურ ლიტერატურაში. ამის მიხედვით, ჰესების მშენებლობაში „რკინის სამკუთხედია” ჩართული, რომელიცაა პოლიტიკოსთა, ჩინოვნიკთა და სამშენებლო კომპანიათა შორის და ეს სამკუთხედი აშენებს ჰესებს ქვეყნის „განვითარების“ სახელით. ეს კომპანია კი 21-ე საუკუნეში საერთაშორისო კაპიტალისტური კომპანიის სახით ვლინდება და ჩაგრავს ხალხს, რომელიც ადგილთანაა მიმაგრებული თუ მიჯაჭვული, როგორც იძახიან ქართულ მეტყველებაში, „ეს მიწა-წყალი ერთადერთი შემოსავლის გზაა”. ანუ მოკლედ, აქ ჩნდება ერთი სქემა, ადგილობრივი ხალხის ინტერესი ეწინააღმდეგება ცენტრალური პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და საერთაშორისო კაპიტალისტური კომპანიების ინტერესებს. ეს სქემა კი გარკვეული გაგებით „ნეო-კოლონიალიზმად” ითვლება, ვინაიდან საერთაშორისო კაპიტალისტური კომპანიების მაგივრად ადრე კოლონიზატორის ქვეყნის მიზანდასახული კომპანია მუშაობდა, მაგრამ სქემა ერთი და იგივე რჩება. აი, დღევანდელ საქართველოშიც ზუსტად ეს პრობლემები დგას. მე ყურადღებას ვაქცევ არა მარტო სვანეთს, სადაც, თუ არ ვცდები, იტალიური კომპანია ჰესებს აშენებს, არამედ, პანკისსაც, სადაც ჩინური აშენებს და სადაც პოლიცია უკვე ზეწოლას ახდენს ხალხზე. საინტერესოა, ნეტა ვინმე ქართველმა მწერალმა ამ პრობლემას ყურადღება მიაქცია და ლექსი ან რომანი დაწერა? ჯერჯერობით არ გამიგია, თუ არის გამაგებინეთ და სტატიას დავწერ. „ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამის პასუხი!..” ნათქვამია ქართული კოლონიური ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრში, ისე მართლა როდემდის?..“
ვაჟა-ფშაველა სახელგანთქმული პოეტია არა მხოლოდ თავისი პოემებით, არამედ პუბლიცისტური წერილებითაც; მათ შორის ყველაზე ცნობილია 1905 წელს დაწერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი.“ ეს პუბლიცისტური წერილი ზოგ შემთხვევაში აღიქმება ისე, როგორც ვაჟა პატრიოტიზმს მხარს უჭერს კოსმოპოლიტიზმის საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმ დროის კონტექსტს ვითვალისწინებთ. მოგეხსენებათ, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებიდან დაიწყო ქართველი სტუდენტების რუსეთში უნივერსიტეტებში განათლების მიღება და ამ სტუდენტების ერთი ნაწილისგან, მათ შორის ილია და აკაკი, მოგვიანებით შეიქმნა „პირველი დასი.“ როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნის ბოლო წლებიდან „მესამე დასი“ გააქტიურდა და მკაცრად აკრიტიკებდა პირველ დასს, რადგანაც პირველი დასის ეროვნული თუ ნაციონალური იდეა ეწინააღმდეგება მესამე დასის ინტერნაციონალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს. იმაზე თქმაც არაა საჭირო, თუ როგორ დამთავრდა ეს წინააღმდეგობა 1907 წელს — ანუ „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის“ გამოქვეყნიდან 2 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ერთ მხრივ ბუნებრივია გავიგოთ, რომ ამ წერილით ვაჟა მხარს უჭერს ეროვნულ-ნაციოანლურ მოძრაობას, რომლის მიხედვითაც ილია საქართველოს დეკოლონიზაციას და დერუსიფიკაციას ცდილობდა, და თვითონ ვაჟაც პირველი დასელია. რასაკვირველია, ნაციონალიზმი არის ძლიერი იდეოლოგია და ნარატივი იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის საწინააღმდეგოდ ბრძოლისთვის. თუმცა, მაშინ, როდესაც ერთხელ წარმატებით ხორციელდება დეკოლონიზაცია, თვითონ ნაციონალიზმი სხვა მცირერიცხოვანი ერების ჩაგვრის საშუალებად, ან სხვა ეროვნული სახელმწიფოებთან კომფლიქტის მიზეზად სწორედ გადაიქცევა. ამ პოსტკოლონიალური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიმსჯელოთ ნაციონალიზმზე, როგორც დიდ იმპელიასთან საბრძოლო იდეოლოგიაზე; უნდა აღვიქვათ ნაციონალიზმის ზემოხსენებული ორი მხარე. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამდაგვარი პოლიტიკური სიტუაციები აზიისა და აფრიკის პოსტკოლონიალურ სახელმწიფოებში და გარკვეულწილად მსგავსებას ვხედავთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც — მათ შორის საქართველოშიც, სადაც პირველი დასის ეროვნული იდეოლოგია ნაციონალური ნარატივის ბირთვად დღემდე აღიქმევა. მაშ ასე, ქართული ლიტერატურის კანონად ჩათვლილი ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვისას, ჩვენს მოცემულ შემთხვევაში ვაჟა-ფშაველას, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პოსტკოლონიალური გაფრთხილებას, რათა თავიდან ავიცილოთ ნაციონალიზმის ზემოხსენებულ დილემაში (სხვა სიტყვით, შოვინიზმში) ჩავარდნა. ახლა ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ, თუ როგორ შეგვიძლია წავიკითხოთ და გავიგოთ ვაჟას ნაწარმოებები არა ისეთი მარტივი გაგებით, რომ იგი „ნაციონალიზმის“ ქართული დისკურსის ერთი ნაწილია.
2. პატრიოტიზმი და „ადგილის გრძნობა“
„კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმში“ ვაჟა პატრიოტიზმის მხარდამჭერ არგუმენტს გვთავაზობს და წერს: ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვრდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? — იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! (Vazha-Pshavela 9:254) პოეტი ფიქრობს, რომ, როცა ერთი ადამიანი იბადება ამ სამყაროში, იგი კონტაქტსა და კომუნიკაციას იწყებს თავის დედასთან, ასევე გარემოებასთან, და ამიტომაც ბუნებრივია, ისინი შეუყვარდეს და გამოჩნდეს მის გულში პატრიოტული სულისკვეთება. საიტერესოა, რომ ვაჟას ეს აზრი ეკოკრიტიციზმის ერთ-ერთ მთავარ საგანს, „ადგილის გრძნობას“ ეხმიანება. გარკვეული თვალსაზრისით, „ადგილის გრძნობა“ იქმნება ადამიანსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთობისგან, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრები ქმნიან იმავე ადგილების ისტორიით, კულტურით, მეხსიერებითა და ცოდნით: „ადგილის გრძნობა ეტაპობრივად და შეუგნებლად ვითარდება იქიდან, რომ სახლდებიან ლანდშაფტში დროთა განმაოვლობაში, ეცნობიან ფიზიკურ მამულს (ან მიწებს?) და ზრდიან ისტორიას მის შემოფარგლებაში“ (Ryden 38). თუ მასეა, ჩვენ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ის, რასაც ვაჟა-ფშაველა წერს ესეში, „ადგილის გრძნობის“ ქართული ვერსიაა. გრიგორ კიკნაძე შემდეგნაირად მიგვითითებს: მაშინ, როდესაც ილიას და აკაკის შემოქმედებაში მაინცდამაინც სამშობლოს რომელიმე კუთხისადმი სიყვარული კი არ ჩქეფს, არამედ მათი სიყვარულის ობიექტია საზოგადოდ სამშობლო; მაშინ, როდესაც ამ პოეტების ნაწერებში რომელიმე კუთხისადმი სიყვარული პიდაპირ დაქვემდებარებულია სამშობლოს, როგორც ასეთის, იდეისადმი, — ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში სამშობლო წარმოდგენილია არა როგორც ზოგადი იდეა, არამედ როგორც მისი კუთხე თავისი მდინარეებითა და მთებით, ყვავილებით, ფრინველებით და ცხოველებით… (K’ik’nadze 44) ეს თვალსაზრისი სწორედ ვაჟა-ფშაველას ადგილის გრძნობის რაობას გვიჩვენებს. პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ იგი ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში, ჩარგალში, დადიოდა სოფლებში, აგროვებდა ფოლკლორულსა და ეთნოგრაფიულ მასალებს და მერე ამ მასალებით ქმნიდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს: „ჩემი პოემები თითქმის ყველა სულ ხალხურ თქმულებებზე, ძველ ამბებზე არიან დაფუძნებილნი […]“ (Vazha-Pshavela 9:363). მაგალითად, პოემა „გველის მჭამელის“ შექმნისას ვაჟამ გამოიყენა ხალხური თქმულება „ხოგაის მინდი“, რომელშიც მთავარმა გმირმა მინდიამ გველის ხორცი შეჭამა, მცენარეების ენის მცოდნე გახდა და გაექიმდა. ხალხური თქმულების ეს სიუჟეტი გარკვეული რეფლექსიაა ადგილობრივი ხალხისა და ბუნების ურთიერთობისა, ხოლო ვაჟას ამ სიუჟეტისთვის დაუმატებია ეთნოგრაფიული დეტალები პოემაში; „გველის მჭამელში“, ასევე სხვა პოემებშიც, ვაჟა ტრადიციულ დღესასწაულზე (ლაშარობაზე) ხშირად გამოთქვამს. ან, უფრო მარტივად, პოეტი თავის შემოქმედებაში კონკრეტულ აგდილებს ხშირად ახსენებს, რის შედეგადაც მკითხველი ადვილად ხვდება, თუ სად ვითარდება სიუჟეტი. მაგალითისთვის მოვიყვანოთ პოემა „ბახტრიონი“; ეს პოემა წარმოადგენს ბახტრიონის ბრძოლის (1659) სურათებს და გვიჩვენებს, თუ როგორ თამამად ებრძვიდნენ მთიელები მტრებს, რომლებიც ბარს იკავებდნენ კახეთში. მიგვაჩნია, რომ პოემაში ძალიან ბევრი კონკრეტული ადგილების სახელია ნახსენები: ხოშარა, აფხუშო, როშკა, ამღა, გუდანი, ჭორმეშალი, ჭიე, ღული, ხახმატი, ბაჩალი, ახადი, გოგოლაურთა, მათური და ალაზნის თავიც კი… ამ კონკრეტულობით, ჩვენ მკითხველები ამ პოემას ისე ვკითხულობთ, რეგიონის ისტორიასა და მეხსიერებას თითქოს თვითონ რომ განვიცდიდით. მოკლედ, ვაჟას ადგილის გრძნობა მჭიდროდ უკავშირდება ფშავ-ხევსურეთის ისტორიას, სადაც ვაჟა დაიბადა მაშასადამე უყვარს. ერთგან წერს მწერალი: „ისტორიული წარსული, ბუნება ქართველობისა გვაიმედებს, რომ — ეს „ნაციონალიზმი“ მუდამ იქნება ჯანსაღი და არადროს იგი შოვინიზმად, ფანატიზმად არ გადაიქცევა“ (Vazha-Pshavela 9:291). თუ ადგილის გრძნობის იდეა გამოჩნდა და განვითარდა ნაცია-სახელმწიფოსა (nation-state) და ბუნდოვანი ნაციონალური იდენტობის გასაკრიტიკებლად, ამ გაგებით ვაჟა-ფშაველა, ილიასა და აკაკის არამსგავსად, რომლებიც ერთიანი „წარმოდგენილი საზოგადოებისა“ (imagined community) და ნაციონალური იდენტობის შექმნას ხელს უწყობდნენ, გვიხსნის თავის ადგილის გრძნობას, როგორც ადგილობრივი ისტორიის, ბუნებისა და კულტურისადმი სიყვარულს, და ასე რომ მისი „ნაციონალიზმი“ მუდმივად „ჯანსაღი“ იქნება.
3. პატრიოტიზმი კოსმოპოლიტიზმისთვის
მიუხედავად ზოგადი გაგებისა, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზში“ ვაჟა-ფშაველა სინამდვილეში კოსმოპოლიტიზმს არ უარყოფს. იგი ამ ესეს იწყებს შემდეგნაირად: ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, — რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთსო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. (Vazha-Pshavela 9:252) პოეტი ფიქრობს, რომ, რადგან ნაციონალიზმის მიერ შეტანილი წვლილით თითოეული ერის განვითარება საბოლოო ჯამში მთელი კაცობრიობის განვითარებამდე მიაღწევს, პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი კოსმოპოლიტიზმს არ ეწინააღმდეგება. ზემოხსენებული კონცეპციიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ორი თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც შეიძლება გავიგოთ ვაჟას პოემები: 1) ვაჟა-ფშაველა ფიქრობს, რომ ლოკალური წარმოშობის გარეშე ჩვენ ვერ გავხდებით გლობალური ან კოსმოპოლიტი (განსაკუთრებით კულტულური და ლიტერატურული კუთხით). სწორედ ამიტომაც, ვაჟა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭევს ადგილის გრძნობას, როგორც ზემოთ გადავხედეთ. ვაჟას მტკიცედ რწამს, რომ ქართველებს თავისი რეგიონ(ებ)ზე სიყვარული შეუძლია. ეს სიყვარული კი ხელს უწყობს გაამდიდრონ თავისი რეგიონ(ებ)ი და სამშობლო და სწორედ ამ გზით კაცობრიობაში წვლილს შეიტანენ. სწორედ ამიტომაც, ეს სიყვარულისუნარიანი „ბუნება ქართველობისა“ გარანტიას აძლევს იმ ნათქვამს — „ნაციონალიზმი მუდამ იქნება ჯანსაღი“. 2) ამავდროულად, ვაჟა აკრიტიკებს ადგილობრივი საზოგადოების კონსერვატიზმსა და აუტანლობას და პოემებში ხატავს იმ სახეებს, რომლებიც განდევნილი არიან საზოგადოებისგან. უთუოდ შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პოემების ერთ-ერთი მთავარი მოტივია სწორედ საზოგადოებისა და ინდივიდის დაპირისპირება. ჩვენთვის იმის გახსებებაც არაა საჭირო, თუ როგორაა დახატული ეს დაპირისპირება: ალუდა „ალუდა კეთელაურში“; ზვიადაური, ჯოყოლა და აღაზა „სტუმარ-მასპინძელში“; და მინდია „გველის მჭამელშიც“: მინდიას უნარზე ერთხელ თანასოფლელები აკრიტიკებდნენ. ყველა ეს მაგალითი მიგვითიტებს, რომ ვაჟა განზრახ იმეორებს კომფლიქტის თემას ინდივიდსა და საზოგადოებს შორის. გარდა ამისა, ჩვენთვის კიდევ საინტერესოა ის, რომ ამ გმირების მისამართები, საითკენაც გაძევებულები მიდიან, წარმოდგენილია, როგორც „დეტერიტორიზებული“ (deterritorialized) სივრცე. მაგალითად, „სტუმარ-მასპინძელში“ უკანასკნელი სურათი ისეთია, რომ მათი ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ჯოყოლა, აღაზა და ზვიადაური საფლავებიდან აჩრდილებივით ადგებიან, იკრიბებიან კლდეზე და საუბრობენ ერთმანეთს. ეს კადრი წარმოდგენილია როგორც ერთგვარი სიკვდილის შემდგომი სამყარო (თუ ასე შეიძლება ვთქვათ, საიქიო), ანუ, დეტერიტორიზებული სამყარო. „გველის მჭამელში“ კი ის დრო-სივრცე (time-space), სადაც მინდიას ესმის ბუნების ენა, პრე-ისტორიულ, ედემურ სივრცედ შეიძლება აღვიქვათ. ეს დეტერიტორიზებული სივრცე, როგორც ჩანს, არაა ორიგინალიურ ფოლკლორულ ტექსტში, რომელიც ვაჟამ დააგროვა და გამოიყენა პოემის შესაქმნელად; ის უფრო მისი ორიგინალური წარმოსახვაა, როგორც თვითონ ადასტურებს (Vazha-Phsavela 9:363–365). თუ მასეა, შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა-ფშაველა სპეციალურად ამ დეტერიტორიზებულ სივრცეს ამზადებს ადგილობრივ, ლოკალურ სივრცესთან კონტრასტის შესაქმნელად, რათა ამ ლოკალური ვიწრო იდენტობის „დეკონსტრუირება“ მოახდინოს, ვიდრე გამოეხატა კოსმოპოლიტური სივრცე, სადაც ლოკალურ იდენტობასთან არანაირი კავშირი არ არსებობს.
4. დასკვნა
"კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმში“ ვაჟა-ფშაველა წერს: პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს. (Vazha-Pshavela 9:254) ვაჟას ეს მოსაზრება ეხმიანება ეკოკრიტიციზმის დღევანდელ დისკუსიას, რომელიც ეხება რეგიონალიზმისა და ლოკალიზმის შერიგებას, რათა გავძლიოთ ისეთ გარემოს დაცვის გლობალურ კრიზისს, როგორიცაა გლობალური დათბობა. ზოგი ეკოკრიტიკოსი ფიქრობს, რომ ცოდნა და ტექნოლოგია ხელს უწყობს ლოკალური იდენტობის გლობალურ დონემდე გაფართოვებას (Heise 16–67; Thomashow 1999). რასაკვირველია, ეს ეკოკრიტიკული თვალსაზრისი ჩვენს დისკუსიას გადაიჭარვება, მაგრამ მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ ის, რასაც ვაჟა აცხადებს თავის ესეში, დღემდე მნიშვნელობას არ კარგავს. მოკლედ, ვაჟა-ფშაველა თავის ნაწარმოებებში ადგილობრივ ტრადიციას, როგორც შემოქმედების საფუძველს, აღწერს და ამავდროულად თავისი ლოკალური ადგილ(ებ)იდან განდევნილ გმირებსაც ხატავს, რათა გვიჩვენოს ადგილობრივი საზოგადოების ეთიკურად განვითარების გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოეტი გვთავაზობს სწორედ ადგილის გრძნობას და/მაგრამ ამავდროულად წარმოსახავს დეტერიტორიზებულ სივრცეს. ასეთ დეტერიტორიზაციაზე შეგნებით, ადგილობრივი, ლოკალური იდენტობა და ნაციონალიზმი კი „ჯანსაღად“ რჩება და მსოფლიოში გარკვეულ წვლილს შეიტანს.
გამოყენებული ლიტერატურა: Heise, Ursula. Sense of Place and Sense of Planet: The Environmental Imagination of the Global, Oxford: Oxford University Press, 2008. K’ik’nadze, Grigol. Vazha-Pshavelas Shemokmedeba, Tbilisi: Sakhelgami, 1957 (კიკნაძე, გრიგოლ. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისი: სახელგამი, 1957). Ryden, Kent. Mapping the Invisible Landscape: Folklore, Writing, and the Sense of Place, Iowa: University of Iowa Press, 1993. Thomashow, Mitchell. “Toward a Cosmopolitan Bioregionalism,” in Bioregioanlism edited by Michael Vincent McGinnis, London and NY: Routledge, 1999. Vazha-Pshavela. Tkhzulebata Sruli K’rebuli At t’omad, Tbilisi: Sabch’ota Sakartvelo, 1964 (ვაჟა-ფშაველა.თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1964).
ჰაიატე სოტომე იაპონელებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის
ჰაიატე სოტომე ენათმეცნიერია, ქართველოლოგი. მისი სადისერტაციო თემაა „ქართული თანამედროვე ლიტერატურა - ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა". პირველად 2011 წელს ჩამოვიდა საქართველოში. ამბობს, რომ როგორც ლიტერატურათმცოდნისა და ქართველოლოგისთვის, მთავარი ხიბლი ჩვენი კულტურა და ლიტერატურაა, რომელიც ძალიან მდიდარია და უდიდესი ისტორიაც აქვს, მაგრამ მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ამჟამად მშობლებთან ერთად ცხოვრობს იაპონიაში და იქაურებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
- დავიბადე ქალაქ უცუნომიაში, რომელიც ტოკიოდან 100 კილომეტრით არის დაშორებული. ვიზრდებოდი გარეუბანში, სადაც ულამაზესი ბუნებაა. პატარაობიდან მიყვარდა ცხოველები და შინ სულ გვყავდა ძაღლი, თუთიყუში, კუ.
პირველად 2011 წელს ჩამოვედი საქართველოში, 3 წელიც არ იყო გასული 2008 წლის ომის შემდეგ. თავიდან ბევრი რამ მეჩვენებოდა უცნაურად, მერე მივეჩვიე. მახსოვს, აეროპორტიდან ქალაქამდე ტაქსით წამოვედი და წარმოუდგენელი სისწრაფით მოვქროდით, ეს იყო შოკი. იაპონიაში ასე არ ხდება... ქართველოლოგიის ცენტრმა დამაკავშირა ოჯახს, სადაც კარგა ხანს ვცხოვრობდი. ძალიან კარგი ადამიანები არიან, უსაყვარლესი რაჭველი ბებია გვყავს. რაჭაში ჰქონდა გატარებული თავისი ბავშვობა და ხშირად მიყვებოდა იქაურ ამბებს.
თუშეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და მაღალმთიან აჭარაში ჯერჯერობით არ ვარ ნამყოფი. ხევსურეთი და ფშავი ძალიან მომეწონა. ფშავში დღეობაზე ვიყავი და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რაც ვაჟას თავის ნაწარმოებებში აქვს აღწერილი, თითქოს ის სურათი რეალურად გაცოცხლდა ჩემთვის.
- რატომ დაინტერესდით საქართველოს ისტორიითა და ქართული კულტურით, დამწერლობით?
- 2009 წელს ჩავაბარე ტოკიოს უცხო ენების კვლევის უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. მაგისტრატურა კი ტოკიოს უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურის განხრით დავამთავრე. 27 ენა ისწავლება იქ და ბევრი სტუდენტი უცხოეთში აგრძელებს სწავლას. რაკი რუსული ენის კათედრაზე ვიყავი, სავარაუდოდ, რუსეთში უნდა გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ეს იდეა არ მომეწონა. ამ დროს გავიგე საქართველოს შესახებ - ერთ-ერთმა პროფესორმა სტუდენტებს თენგიზ აბულაძის „მონანიება" ანახა. ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი. მეორე კურსიდან უკვე დავიწყე ქართულის შესწავლა. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა. შემდეგ, ენა უკეთ რომ შემესწავლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში ვსწავლობდი. ქართულ კულტურას იაპონიაში ნაკლებად იცნობენ. იაპონელებმა იციან ქართველი სუმოისტების შესახებ, ბოლო პერიოდში ქართული სამზარეულოც გაიცნეს. მაგალითად, შქმერული განსაკუთრებულად მოსწონთ.
- პირველად რა წაიკითხეთ ქართულ ენაზე?
- როდესაც ჩემმა პედაგოგმა ქართულიდან იაპონურად თარგმნა „ალუდა ქეთელაური", „სტუმარ-მასპინძელი", „გველის მჭამელი", „შვლის ნუკრის ნაამბობი", „ჩხიკვთა ქორწილი" წავიკითხე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 2011 წლიდან უკვე შემეძლო ქართული ნაწარმოებების კითხვა. პირველად „ჩხიკვთა ქორწილი" წავიკითხე, საბაკალავრო დისერტაციის თემად კი ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი" ავირჩიე. 2018 წელს ერთ სამეცნიერო სიმპოზიუმზე წავიკითხე მოხსენება ვაჟას „გველის მჭამელის" შესახებ, იმავე წელს ქართულიდან იაპონურად ვთარგმნე მცირე ზომის ლექსი.
- დისერტაციის თემად ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები" და „კაცია-ადამიანი?!" აიღეთ, რატომ?
- მაინტერესებდა რუსეთის იმპერიასთან საქართველოს ურთიერთობა და იმდროინდელი ინტელიგენციის დამოკიდებულება რუსეთის მმართველობისადმი, რაც „მგზავრის წერილებში" ძალიან კარგად არის ასახული. ილიას პრინციპი და მსოფლმხედველობა არის ისეთი, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპისკენ. ჩემთვის პირველი მაინც ვაჟა-ფშაველაა, დღესაც თანამედროვე და აქტუალურია მისი თვალთახედვა. ის არა მარტო დიდი პოეტი, არამედ უდიდესი მოაზროვნეცაა, დაწერილი აქვს ისეთი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ნაწარმოებები, რომლებიც იაპონელებსაც კარგად გვესმის... ვაჟას ნაწარმოებებში საინტერესოა საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის საკითხი, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის თემა. ამიტომაც მომწონს „გველის მჭამელი". ადამიანს შეუძლია ესმოდეს ბუნების ენა, მაგრამ რამდენადაც ცივილიზაცია ვითარდება, ჩვენ უფრო და უფრო ნაკლებად გვესმის მისი. მიხარია, რომ საქართველოს ულამაზესი ბუნება ჯერჯერობით მაინც ხელშეუხებელია.
- ამჟამად რას საქმიანობთ იაპონიაში?
- დოქტორანტურა დავამთავრე და ახლა ლექციებს ვკითხულობ, ასევე იაპონიაში, ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში ვასწავლი ქართულს. 30-40 წლის მოსწავლეები მყავს, კვირაში 2 გაკვეთილს ვატარებ. ჯერჯერობით 7-8 მოსწავლეა. რა თქმა უნდა, იოლი არ არის ქართულის შესწავლა, განსაკუთრებით - გრამატიკის. უფრო ზმნებია რთული სასწავლი. უკვე შევძელით და „ნატვრის ხე" წავიკითხეთ ქართულად. ქართული კინოს ფესტივალი რომ ჩატარდა ტოკიოში, მაშინაც მოვიდა ჩემთან ერთი მოსწავლე, დაინტერესდა ქართული ენით.
პერიოდულად ჩამოვდივარ საქართველოში. ბოლო 2 წელი არც ვყოფილვარ, პანდემიის გამო. ზაფხულში ვგეგმავ ჩამოსვლას, შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესია, სადაც მოხსენებას წავიკითხავ.
08.06.2022
Admin
Number of posts : 7206 Registration date : 09.11.08
იაპონიაში გამოიცა იაპონელი ქართველოლოგის წიგნი საქართველოს თემაზე
„პოსტკოლონიალური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში“ – ამ სათაურით იაპონიაში გამოიცა იაპონელი ქართველოლოგის ჰაიატე სოტომეს წიგნი, რომელშიც განხილულია XIX საუკუნის მწერლების, ძირითადად, ილია ჭავჭავაძის („მგზავრის წერილები“, „კაცია-ადამიანი?!“), ვაჟა-ფშაველას („გველის მჭამელი“) და სხვა ნაწარმოებები.
როგორც ავტორი ამბობს, წიგნი სადოქტორო დისერტაციის საფუძველზეა აგებული და იაპონიაში პირველი სამეცნიერო წიგნია ქართულ ლიტერატურაზე, ანუ ასე ვრცლად განხილული წიგნი საქართველოს თემაზე დღემდე არ არსებობდა.
„ამ წიგნს საფუძვლად უდევს ჩემი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც 2021 წლის იანვარში დავიცავი. იაპონიის უნივერსიტეტის წესდების თანახმად დისერტაცია წიგნად უნდა გამოიცეს. საქართველოში 2011 წელს პირველად ჩამოვედი, როდესაც ვიყავი ბაკალავრიატის მესამე კურსზე; იმ პერიოდიდან ვმუშაობ ამ თემაზე და ეს წიგნი ამ 10 წლიანი მუშაობის შედეგია. მაგისტრატურაზე სწავლების პერიოდში დავინტერესდი – თუ როგორ აისახა ქართულ ლიტერატურაში რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა; კონკრეტულად, მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, როგორ აღიქვამდა ამ პრობლემას ქართული ინტელიგენცია და როგორ აისახებოდა ეს პრობლემა ლიტერატურაში. აღსანიშნავია, რომ წიგნში განხილულია – თუ როგორ ასახავს ილია ჭავჭავაძე იმდროინდელ ქართულ რეალობას ნაწარმოებებში, როგორ ასახავს ვაჟა-ფშაველა ,,გველის მჭამელში” ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ ერთგვარ თანაბარ ურთიერთობას, რომელსაც მომავლის სიყვარული ჰქვია. წიგნში ბევრი ლიტერატურული ნაწარმოებები არ არის გაანალიზებული. ძირითადად, თეორიული ასპექტები განვიხილე ილიასა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით. ჩემი აზრით, პრობლემის ამგვარად წარმოჩენა იაპონელებისათვის უფრო საინტერესო იქნება“, – ამბობს ჰაიატე სოტომე.
ახალგაზრდა იაპონელი მეცნიერის პირველი „ნათლობა“ თსუ-ს ქართველოლოგიურ ცენტრში შედგა, სადაც იგი აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით სწავლობდა; დღემდე ყოველწლიურად მონაწილეობს ცენტრის საზაფხულო სკოლის საქმიანობაში. მისი პირველი ქართული ენის პედაგოგი კი ცნობილი იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმაა.
წიგნის მხატვრობა ეკუთვნის დეა სოსელიას. მომავალში იაპონელი მეცნიერი წიგნის ქართულად თარგმნას გეგმავს, პარალელურად კი მეგრულის შესწავლასაც აპირებს.