არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მიხო მოსულიშვილი - გუგა მგელაძე

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7134
Registration date : 09.11.08

მიხო მოსულიშვილი - გუგა მგელაძე Empty
PostSubject: მიხო მოსულიშვილი - გუგა მგელაძე   მიხო მოსულიშვილი - გუგა მგელაძე EmptySun Aug 07, 2022 10:58 pm

მიხო მოსულიშვილი - გუგა მგელაძე Mm_n11

ინტერვიუ მიხო მოსულიშვილთან – ,,მინიატურა და ლექსი ცისაა, რომანი – დედამიწისაა და მაგათ შუაში, არც რომ მიწისაა და არც ცისა, – მოთხრობა და ნოველა მეგულება…”


August 7, 2022

ესაუბრა გუგა მგელაძე

,,არილის” ინტერვიუს სტუმარია მიხო მოსულიშვილი, რომანისტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი



ჩვენი საუბარი თამაზ ჭილაძის ციტატით მინდა დავიწყო, რომელიც მისი ჩანაწერების კითხვისას ამოვიწერე: ,,არც შეგირდობაა სამარცხვინო და არც ის, რომ ვერსიფიკაცია საგანგებოდ ისწავლო, ოღონდ, ეს გარკვეულ პერიოდამდე, რადგან შემოქმედება იწყება იქ, სადაც მთავრდება შეგირდობა. ვისაც ერთი მასწავლებელი ჰყავს, ის ეპიგონია. ნამდვილი შემოქმედი ყველასაგან ერთნაირად სწავლობს, ისრუტავს, იწოვს, ივსება.’’

როგორია მიხო მოსულიშვილის შემოქმედებითი გზა ,,ტყის კაციდან’’ ,,ჰელესამდე’’? ვინ იყვნენ ის ოსტატები, ვისგანაც სწავლობდით, ისრუტვდით, ივსებოდით?


მოთხრობა „ტყის კაცი“, რომელიც მთლიანად არის დადებული ელექტრონული ლიტერატურული არენის, იგივე ბიბლიოთეკა „არმურის“ ჩემს გვერდზე, 1984 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“, ხოლო კინორომანი „ჰელესა“ 2012 წელს წიგნად დაბეჭდა გამომცემლობა „უსტარმა“. ამ ოცდარვაწლიან შუალედში თექვსმეტი წიგნია გამოსული (მინიატურები, მოთხრობები, რომანები), ამდენივე პიესა და შვიდი წიგნია თარგმნილი.

შემოქმედებით გზაზე ჩემგან ლაპარაკი უხერხული იქნება და მოდით, იმას მოვყვები, მე როგორ ვცდილობდი მესწავლა მწერლის ხელობა. ჯერ ხომ ხელობა ისწავლება და თუ კარგად ვისწავლეთ, მერე ეგებ მწერლის ხელოვნებამდეც მივაღწიოთ ხოლმე.

უნივერსიტეტში სწავლისას, აი, მაგ „ტყის კაცის“ დროს, რომელიც აკუტაგავა რიუნოსკეს ნოველის, „უსიერი ტყის“ ფორმითაა დაწერილი, სადაც პერსონაჟები ჰყვებიან ერთსა და იმავე ამბავს, ოღონდ ყველა თავისებურად, მაგრამ ჩემი ნოველა შექმნილია სულ სხვა, ჩემებური სათქმელით, თუმცა აკუტაგავას ამ ნოველაზე გაცილებით ადრე დაწერილი „სახარებაც“ იგივე ფორმითაა შექმნილი, სადაც ოთხი მთხრობელი: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე ჰყვებიან უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს ამბავს; ასე რომ, თხრობის ეს ფორმა მეც შემეძლო გამომეყენებინა, მაგრამ აკუტაგავას გავლენას მსაყვედურობდნენ მაშინ. არადა, სწორედ ეს „გავლენა“ რომ არა, ჩვეულებრივად დაწერილი მოთხრობა ვერ მიიღებდა ჩემთვის სასურველ სიღრმეს.

ჰოდა, მერე ვფიქრობდი: რას ნიშნავდა „გავლენა“? კარგი რა ჰქონდა ამას და ცუდი? ამნაირი შეკითხვები ბევრი მქონდა საკუთარ თავთან და საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ ერთი მხრივ, ქართული ენა შემესწავლა, როგორც სამუშაო ინსტრუმენტი და, მეორე მხრივ კი ჩემთვის მოწონებული მწერლების სტილი გამეგო, თუმცა სად გამიყვანდა ეს გზა, მაშინ ვერ ვხვდებოდი.

ენის შესწავლა ადვილი რომ მეგონა, ძალიან ძნელი აღმოჩნდა და დღემდე ვსწავლობ, ცალკეული კუთხეების დიალექტები იქნება, ძველ ქართულ ლიტერატურაზე თუ ფოლკლორულ ტექსტებზე დაკვირვებები, აკაკი შანიძის გრამატიკის სტუდიები თუ სულხან-საბა ორბელიანისა და სხვათა და სხვა ლექსიკონები. მაგრამ ჯერ მაინც ვერ ვხვდები ყველაფერს. ყველაზე უცანური კი ის აღმოჩნდა, რომ ვითომ ენა მე მემორჩილებოდა და სრულიად პირიქით ყოფილა, – ენას, როგორც ადამიანური ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს და დიად აბსტრაქციას ვემორჩილებით ჩვენ, ყველა: ენაში ვიბადებით, ენაში ვცხოვრობთ და ენაშივე ვკვდებით…

სტილის შესწავლა კი ასე იყო: მაგალითად, გადავიწერე რამდენიმე გვერდი ვაჟა-ფშაველას რომელიმე მოთხრობიდან, ანდა: გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წლიდან“, ოთარ ჭილაძის რომანიდან „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, უილიამ ფოკლნერის „ხმაური და მძვინვარებიდან“, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველიდან“, ერნესტ ჰემინგუეის ნებისმიერი ნამუშევრიდან და ასე შემდეგ (რაც მეტი მწერალი, მით უკეთესი) და დავუკვირდი ფრაზების ერთმანეთთან მიმართებას, მერე მათი ჟღერადობა მუსიკიდან რომელ ნაწარმოებს მაგონებს, ფილოსოფიიდან რომელ შეხედულებას გამოხატავს და ფერწერიდან რომელს; ახლა ერთამენთთან როგორ კავშირში თუ დაპირისპირებაში არის ეს ყველაფერი და საბოლო ჯამში კი – მთლიანობაში როგორ იქმნება მწერლის დაწერილი; ჩემგან ნაპოვნი სამი რამე რას მატებს თუ აკლებს დასაკვირვებელი მწერლის სტილს, რადგან სტილი ხომ იგივე მწერალია… ბოლოს, თუ რომელიმეს სტილი ძალიან მომეწონებოდა, თავადაც ვცდილობდი იმნაირად წერას. მაგალითად, უილიამ ფოკლნერის „ხმაური და მძვინვარებაში“ გვერდებია, რომლებიც ჩემი დაწერილი მგონია ხოლმე დღესაც. ისეთი გვერდები, სადაც ადრე მომხდარ დიალოგებს ჰყვება მთხრობელი… ფანტასტიური რამეა…

და ასე გავიარე დაახლოებით რამდენიმე ათეულზე მეტი მწერალი და მათგან ზოგიერთის გავლენებით დაწერილები რომ მიმქონდა რედაქციებში ან ახლობლებს ვაკითხებდი, ვერ ხვდებოდნენ, შეგნებულად და საგანგებოდ რატომ მივდიოდი ამ გავლენებში.

მე კი მაინც ჯიუტაც მივდიოდი და მივდიოდი სწორედაც რომ გავლენებში, თავს ვიმხნევებდი მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი მათემატიკოსის, ბუნებისმეტყველისა და მწერლის, გრაფ ჟორჟ-ლუი ლეკლერკ დე ბუფონის ფრთიანი ფრაზით: Le style c’est l’homme – „სტილი არის ადამიანი“. და, აკი მევალებოდა და სტილის სწავლით ადამიანს ვსწავლობდი ბოლოს და ბოლოს.

თანაც პარალელურად მსოფლიოს ყველა რელიგიებს ვეცნობოდი და მრავალი ფიზიკოსის და ფილოსოფოსის მთავარი ნაშრომებიდან ძირითადი შეხედულებებიც, ასე თუ ისე, ვიცოდი უკვე.

იმავე „ტყის კაციდან“ რომ მოვითვალოთ, მთელ ამ სწავლას ათი-თხუთმეტი წელი მაინც დასჭირდა.

ოღონდ, ცხოვრებასაც ხომ ვაკვირდებოდი და ცხოვრება კიდევ ერთობ საინტერესო ვინმეა, თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე ყველაფერს და ჩემთანაც იგივე გაიმეორა, – ერთხელაც მივხვდი, რომ ამ ჩემმა საყვარელმა მწერლებმა, თავიანთი მუსიკა-ფერწერა-ფილოსოფიებიანად უკან დაიწიეს და თავად მე დამითმეს გზა, ანუ შეგირდობა დამთვრდა და რასაც მაშინ ვწერდი, უკვე ჩემი კი იყო, მაგრამ ზურგსუკან ის შესწავლილი დიდი მწერლები მედგნენ. ასე გაგრძელდა კაი ხანს და ბოლო წლებში უკვე ის მჭირს, რომ თუ წინასწარ მუსიკაში და ფერწერაში ვერ ვხედავ დასაწერს, ვეღარაფერს ვწერ.

მე მაინც ძველებურად მგონია, რომ შემოქმედება არის „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და რაკი ხმაა, ჯერ მუსიკასთან უნდა იყოს კავშირში: ეთანხმებოდეს ან უპირისპირდებოდეს…

ლიტერატურულ პრემიებსაც რომ შევეხოთ. როგორია მათი პოლიტიკა? საერთოდ, რას ნიშნავს მწერლისთვის კონკურსში გამარჯვება?

ნებისმიერი ლიტერატურული პრემია თუ კონკურსი თავის შერჩეულ ნაწარმოებებს სთავაზობს საზოგადოებას, რომელიც ან მიიღებს ამ ნაწარმოებებს, ან არა. ეს დიდი ხნის განმავლობაში წყდება და არა მაშინვე. მე, როგორც ამ საზოგადოების ცალკეულმა წევრმა, შეიძლება ის გამორჩეული ნაწარმოები დავიწუნო ორი-სამი გვერდის ნახვიდანავე და იმისი კითხვა აღარც გავაგრძელო. ის კონკურსია მართალი თუ მე, ამას დრო განსჯის ხოლმე…

გარდა მორალური მხარდაჭრისა და ახალი და უკეთესი ნაწარმოების დასაწერად წახალისებისა, კონკურსში გამარჯვება მწერლისთვის, რომელიც სულაც არა ცხოვრობს ხოლმე დალხენილად, ხელის გამართვასაც ნიშნავს, ეს კი ძალიან კარგია და რაც უფრო უკეთ იცხოვრობს ქვეყანა, მით მეტი ლიტერატურული პრემიები უნდა არსებობდეს და მხოლოდ დედაქალაქში კი არა, არამედ რეგიონებშიც, როგორც ეს გორის უნივერსიტეტში ორი წლის წინ დაარსებული ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელის“ შემთხვევაშია. ესეც თავისებური ზრუნვაა საკუთარი ქვეყნის კულტურაზე და სწორედ დიდი და ორიგინალური კულტურის გადარჩენილია ჩვენი თვითმყოფადობა…

,,თეთრი ლაშქარი’’ ერთ-ერთი ყველაზე შემზარავად გულწრფელი პიესაა, რაც კი აფხაზეთის ომზე დაწერილა. ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როცა დრამატურგი არ მორალისტობს და არ ყოფს პერსონაჟებს ,,ჯალათებად’’ და ,,მსხვერპლებლად’’. აქ ყველანი ომის შედეგად ტრავმირებულები, სულიერად დასახიჩრებულები არიან. ამდენად, ყველა მსხვერპლია. როგორ გაჩნდა შვილის მაძიებელი მამის ,,ჰადესში’’ მოგზაურობის (ერთგვარი ანტიოდისეას) იდეა? ჰყავს პეტრე შალიკაშვილს რეალური პროტოტიპი?

ეს „ანტიოდისეა“ ზუსტად და მორგებულად ითქვა აქ, სწორედ ასეთი რამის გამოხატვა მინდოდა ომზე…

თუ ღრმად ჩავიხედავთ, არც ერთ ომს ბოლომდე კარგი და ბოლომდე ცუდი მეომრები არა ჰყავს ხოლმე, იქ ადამიანები იბრძვიან და სული ენგრევათ, უნებური მკვლელები ხდებიან და საერთო უბედურებაა ეს… და ამიტომაც, სარკისებური სიმეტრიით უნდა გამომესახა იქით ჩრდილო კავკასიელი „ბოევიკები“ და აქეთ ჩვენებიც…

პროტოტიპზე კი გეტყვით, რომ 1996 წელს საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში ვმუშაობდი, როგორც ერთ-ერთი ოფიცერი და მაშინ სოფელ ნაგომარის პედაგოგიური კოლექტივიდან იქ შემოვიდა თხოვნა, რომ 1993 წლის 9 ივლისს სოფელ კამანში დაღუპული ზური სოსო ძე წიქარიძის საბრძოლო გზა შეგვესწავლა და ღირსეულად დაგვეჯიდოებინა. წერილში ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ დაღუპული მეომრის მამა, სოსო წიქარიძე აფხაზების მხარეს გადავიდა შვილის ცხედრის მოსაძებნად და გადმოსასვენებლად, და ამ დროს ჩვიდმეტი ქართველი მებრძოლის ცხედარი გადმოასვენა. მე მაშინ ჩავედი ოზურგეთის რაიონის ულამაზეს სოფელ ნაგომარში, იქ გავიცანი სოსო წიქარიძე და ამ გამოცდილებით, ჯერ იყო მოთხრობა „არღარა ეყივლოს მამალსა“, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი „თეთრი ლაშქარი“, ტრაგიკომედია აფხაზეთის ომზე, ორ მოქმედებად, ამ მოთხრობის მოტივებზე, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ დაეძებს პროფესორი პეტრე შალიკაშვილი თავის საომრად წასულ შვილს.

2010 წელს დაბეჭდილ კრებულსაც შევეხოთ. ,,თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან…’’ შვიდ პიესას აერთიანებს. ჟანრები ჩამოვთვალოთ: კომიკური თრილერი, დრამა, ტრაგიკომედია, ფსიქოდრამა, ტრაგიკომიკური კოშმარი… პიესათა უმეტესობა ცოლ-ქმარს შორის ტოტალური გაუცხოების პროცესსა და საკომუნიკაციო ენის კრიზისს ასახავს. პიესათა ნაწილში გროტესკულად დეფორმირებული რეალობაა ასახული, ნაწილი კი ტრაგიკული მსოფლაღქმის მატარებელია. ჩვეულებისამებრ, როგორ იწყებთ ხოლმე პიესის წერას: წინასწარ მოფიქრებული სიუჟეტით, კონკრეტული შეგრძნებით, შთაბეჭდილებით, პერსონაჟის სილუეტის მოხელთებით თუ მთლიანად უკონტროლო პროცესთან გაქვთ საქმე?

პიესის წერა ჩემთვის იწყება საიდანღაც მოსმენილი დიალოგის ნაწილით: ერთმა მეორეს რაღაც უთხრა და იმანაც უპასუხა. და მორჩა. სულ ესაა ხოლმე თავიდან. მერე ვიწყებ ფიქრს, ის ერთი ვინ იყო და ეს მეორე – ვინ, რას ლაპარაკობდნენ, რა უნდოდათ ერთმანეთისგან. და ეს პატარა დიალოგი მოიმატებს, მოიმატებს, სხვა საჭირო პერსონაჟებსაც დაირთავს და რომ ჩავიწერ, მერე და მერე თავისით გადაიქცევა ხოლმე პიესად. რა ჟანრის იქნება და რა მოცულობის, ეგ წინასწარ მე არ ვიცი ხოლმე, თავად ამბავი განსაზღვრავს ამას. მთავარია, ლაღად იწერებოდეს და მე თვითონ მეცინებოდეს და მეტირებოდეს ხოლმე, სადაც კი საჭიროა.

დაამთავრებ და შეგრძნება თუ დაგრჩა, რომ ამას შენ კი არა, შენი ხელით ვიღაც სხვა წერდა, მაშინ ღირს, რომ ამნაირი პიესა სხვასაც წააკითხო და მერე თუ დაიდგა კიდევაც, თან კარგად, ამას რაღა სჯობს?! – დრამატურგის ბედნიერებასთან ხარ ახლოს, რომელიც უიშვიათესია ხოლმე…

პიესა ,,ჩემო მეჟოლია’’ ოჯახურ ძალადობას და ფარისევლობას ეხება. საინტერესოა ისიც, რომ პიესაში არ ძალადობს მხოლოდ ქმარი, არამედ ცოლიც. თქვენ ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიური ზეწოლის ასპექტებზეც ამახვილებთ ყურადღებას. მოდით, განვაზოგადოთ ჩიტორელიძეების ოჯახის პრობლემები და ავხსნათ ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ადამიანების ფარისევლობის, სიყალბის მოტივი.

ტრადიციული გაგებით, ოჯახის წევრი უნდა მოქმედებდეს რაღაც სისტემასავით ჩამოყალობებული წესების თუ კანონების მიხედვით, ოჯახი რომ მყარი იყოსო. მაგრამ რაც დრო გადის, ამ ტრადიციებში ბევრი რამის დაზუსტებაა ხოლმე საჭირო, რასაც არ ვაკეთებთ; ამიტომაც ამ, ზოგიერთ შემთხვევაში უკვე მოძველებული შეხედულებებით აღზრდილი ადამიანი, რაკი ყოველთვის ვერ იქცევა ისე, როგორც საჭირო ჰგონია, იძულებულია, იცრუოს, რომ ოჯახის ერთიანობა და პრესტიჟი შეინარჩუნოს. თქვენგან ნახსენები სიყალბეც და ფარისევლობაც აქედან უნდა მოდიოდეს.

„ჩემო მეჟოლიას“ მთავარი გმირი სოფო, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში უცხოეთში სამუშაოდაა წასული და იქიდან ინახავს ოჯახს, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, სულაც არაა ღირსი იმ დახმარებისა, სახეა ზოგადად უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩვენი, მართლაცდა თავდადებული და გმირი ქალბატონებისა, საქართველო შიმშილობისგან რომ იხსნეს თავისუფლების მოპოვების მერე, 1992 წლიდან, ლამის ოცდაათი წელიწადი. თუმცა, შინ დაბრუნებული აღმოაჩენს, რომ თურმე ატყუებდნენ, გამწარდება და ძალადობას იწყებს, რასაც კარგი არაფერი მოჰყვება ხოლმე, როგორც წესი…

ოღონდ, რაკი მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი სევდიანზე სევდიანია და თან სასაცილოც კი, ტრაგიკომედია გამოვიდა. და ჩემი პიესებიდან ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, რაკი 2012 წლის შემდეგ დადგმულია: ბოლნისის, მარჯანიშვილის, ველისციხის, ხულოს თეატრებში და, ლატვიელი თეატრალური მოღვაწეების მიერ ბოლნისის თეატრში ზურაბ ხვედელიძის სპექტაკლის ნახვის შემდეგ, 2016 წელს ლატვიურადაც არის თარგმნილი ნინო იაკობიძის მიერ და იქ წიგნადაც არის გამოცემული.

თამაზ ჭილაძე თავის ცნობილ წერილში ,,მესამე ზარი’’ აღნიშნავდა: ,,თეატრს მოეძალა დრამატურგია, სადაც აღარ არსებობს ქვეტექსტი, ლექსიკური ფერწერა, სიტყვათა ეტიმოლოგიური ნიღბები. მკითხველისა და მაყურებლის ყური ამოიგლისა ერთგანზომილებიანი, უმწეო, პირველივე შიშველი სიტყვებით შეკოწიწებული ვულგარული და ბანალური ტექსტებით…’’ როგორია თანამედროვე თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა? ჩემი დაკვირვებით, თეატრი პარალელურ რეალობაში იმყოფება და თავის თავზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე მაყურებელზე. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა,რომ რეჟისორთა ნაწილი კვლავაც უფრთხის თანამედროვე ქართულ დრამატურგიას.

ბატონი თამაზ ჭილაძე ამჯერადაც მართალს ბრძანებს, რა თქმა უნდა…

ერთი მხრივ, დრამატურგიის სიმწირე და მეორე მხრივ კიდევ, – ახლანდელი თეატრებიდან, თუკი იმასაც ვიგულისხმებთ, რომ სალიტერატურო სამსახური საერთოდ გაუქმებულია, ბევრ მათგანს სარეპერტუარო პოლიტიკა ეგებ არც კი გააჩნდეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთავარია, რა მოუნდებათ და იმას დადგამენ, აღარ დაგიდევენ, ხალხს რა უნდა და რა სჭირდება.

ამ ორი ფაქტორის ზემოქმედების შემდეგ საკვირველი აღარც უნდა იყოს ხოლმე მაყურებელთა ცარიელი დარბაზები.

თანამედროვე დრამატურგიას კი არ უნდა უფრთხოდეს თეატრი, პირიქით, უნდა მოიყვანოს, ნახოს, ასწავლოს და ასე გაზარდოს დრამატურგიის ნიჭით მომადლებული ადამიანები. ამ მხრივ, ინგლისის „როიალ ქორთ“ თეატრის მუშაობის გამოცდილება ძალიან სამაგალითოა, რადგან ამ თეატრს აქვს მძლარი ლიტერატურული განყოფილება, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს დაინტერესებულ ავტორებთან და შედეგებიც ძალიან საყურადღებოა ხოლმე.

როგორია თანამედროვე ქართული დრამატურგია?


მე მგონი, ჩვენი დრამატურგია მრავალრიცხოვანი ვერაა, სამაგიეროდ – საინტერესო და მრავალფეროვანია. შექსპირისა და სხვა დრამატურგების მთარგმნელისა და თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელის, მანანა ანთაძის მესვეურობით ყოველ წელს ჩატარებულ კონკურსზე „ახალი ქართული პიესა“ შერჩეული ნაწარმოებებით თუ ვიმსჯელებთ, არა მგონია, ჩვენი დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშები ჩამორჩებოდეს იმათ, რაც დღეს მთელ მსოფლიოში იწერება. ასე რომ, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი სახელისუფლებო სტრუქტურები კვალვაც მხარს დაუჭერდნენ ამ კონკურსსაც.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც პიესა მხოლოდ თეატრისთვის დაწერილ ტექსტად უნდა განვიხილოთ და არა დამოუკიდებელ, სრულფასოვან ლიტერატურულ ნაწარმოებად. ჩემი დაკვირვებით, პიესა, პირველ ყოვლისა, ლიტერატურაა და ამას ადასტურებს შექსპირის, პინტერის, ბეკეტის, დავით კლდიაშვილის, თამაზ ჭილაძის, მოლიერის, თომას ბერნჰარდის, ტომ სტოპარდის, ევრიპიდეს, არისტოფანეს და სხვათა დრამატურგია.

თქვენ როგორ აღიქვამთ პიესას?


ულაპარაკოდ ვეთანხმები თქვენს დაკვირვებას, რა თქმა უნდა, ჯერ ლიტერატურაა პიესა, ოღონდ ისეთი, რომელიც სცენაზეც უნდა ავიდეს, წესით.

ჩემთვის იმაზე დიდი სიამოვნება არაფერია, ვიდრე კარგი დიალოგების წაკითხვა თუ მოსმენა. რაც ითქმება, ის ხომ თავისთავად საინტერესოა ხოლმე და იმ თქმულის მიღმა რა იმალება და ქვეტქსტების დონეზე რა ლაპარაკი მიდის სინამდვილეში, ეგ უფრო წარმტაცია ყოველთვის. თუ პიესა სულმოუთქმელად წავიკითხე და საიმისო სცენასაც ვხედავ და პერსონაჟებსაც, ამას რა სჯობს…

ძველი ბერძენი დრამატურგები მიყვარს მეც, ჩვენებიდან დავით კლდიაშვილი და ვაჟა-ფშაველა, პოლიკარპე კაკაბაძე; უცხოელებიდან – ბეკეტი, დიურენმატი, იონესკო, კიდევ ბევრი თანამედროვე და, საბოლოოდ კი, რასაკვირველია, შექსპირი, რომელმაც რაღაც წარმოუდგენელი ძალისა და გაქანების სამყარო შექმნა…

მეოცე საუკუნის ექვსი საუკეთესო ქართული მოთხრობის ანთოლოგიის შედგენა რომ გთხოვონ, რომელ ნაწარმოებებს შეარჩევდით?

ბეჯითი მოსწავლესავით ვცადე ასეთი ნაწარმოებების შერჩევა, ვაჟა-ფშაველადან დავიწყე და აქეთ, საუკუნის დასასრულს რომ მოვუახლოვდი, – ალბათ, იმიტომაც, რომ მე კრიტიკოსი არა ვარ, – უმძიმესი მარცხი განვიცადე, თანაც რამდენჯერმე: დაახლოებით ოც თუ ოცდაერთ ავტორს და მათ მოთხრობებს ვერ ჩამოვცდი ქვემოთ და იქით გადაცდომით კიდევ, მესამე ცდაზე უკვე მეტისმეტი მომივიდა ძალიან…

ამიტომ, მოდი, ზოგადად, ქართული მოთხრობის განვითარების ხაზს გავავლებ, ერთგვარ ვექტორს, რომელიც უფრო მეთავისება. ეს ხაზი ვაჟა-ფშაველადან იწყება, მიხეილ ჯავახიშვილი აგრძელებს, შემდეგ გიორგი ლეონიძე, მერე მოდის გურამ რჩეულიშვილის, ვაჟა გიგაშვილის, გურამ გეგეშიძისა და ერლომ ახვლედიანის ოთხეული; უფრო აქეთ: რევაზ ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე; მერე ეგრეთწოდებული „ზღვის სტილის“ მწერლები: გიორგი ბაქანიძე და სოსო პაიჭაძე. ამათ მერე: მერაბ აბაშიძე, გოდერძი ჩოხელი, ზურაბ სამადაშვილი, ზაზა თვარაძე…

აი, ხომ ხედავთ, რომ ამ საქმეზე მე არ მივიშვები: ერთი საწყალი ხაზი გავავლე ვითომ და აქაც გადავცდი ექვსს…

ეს დღეები თქვენი მინიატურების წიგნს ,,არსაიდან არსაითკენ” ვკითხულობდი. უფრო ზუსტად, ხელახლა გადავიკითხე. განსაკუთრებული მაგია აქვს ხოლმე მინიატურას, რადგან უეცარ, ეფექტურ, მომენტალურ შთაბეჭდილებაზეა გათვლილი (თავს რომ დაგამახსოვრებინებს – ისეთზე!).

როგორ ახსნით მინიატურის მაგიას? როდის გიჩნდებათ ხოლმე საკუთარი შთაბეჭდილებების მინიატურულ ტექსტებად გარდასახვის სურვილი?


ამასწინათ „ნასა“-მ გამოაქვეყნა სამყაროს ყველაზე ღრმა და ზუსტი ინფრაწითელი ხედი, გადაღებული ჯეიმს ვების კოსმოსური სივრცის საკვლევი უახლესი ტელესკოპით და რომ ნახავ, ჩვენთვის აქამდე სრულიად უცნობი გალაქტიკები ჩანს იმ ფოტოზე და ჩვენი გალაქტიკა კიდევ, სახელად „ირმის ნახტომი“, იგივე „რძიანი გზა“ – მარჯვენა მხარეს, სადღაც შუაგულში არის, როგორც ყველაზე პატარა და ლამის უჩინარი წერტილი…

და აი, ახლა ვკითხულობ, უფრო კი საკუთარ თავს ვეკითხები – შენი დედამიწა კი არა, მთელი შენი გალაქტიკა რომ წერტილი ყოფილა, რას და როგორი ფორმით ეუბნები ამ, ლამის უხილავი წერტილიდან სამყაროს?

ასე მგონია, ეს სათქმელი უფრო მცირე ჟანრში ითქმის, მინიატურა იქნება თუ ლექსი, ოღონდ ისეთი კი არა, დღეს რომ იწერება მეტი წილი და გრძელი სიტყვა უფრო გრძლად რომ ითქმის ხოლმე, არამედ ისეთი ლექსი, სადაც გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, ჩვენი დიადი რუსთაველისა არ იყოს.

მოკლედ, მინიატურა და ლექსი ცისაა, რომანი – დედამიწისაა და მაგათ შუაში, არც რომ მიწისაა და არც ცისა, – მოთხრობა და ნოველა მეგულება…

მინიატურის მაგიაზე კიდევ იმას ვიტყოდი, რომ არსებობს იაპონური ძენ-ბუდისტური რელიგიის ერთი მცნება, სახელად „სატორი“, რაც განათებას, საგანთა და მოვლენათა არსის შიგნიდან დანახვას გულისხმობს. იაპონელმა ოსტატმა შეიძლება ათი-თხუთმეტი წელიწადი და მეტიც უყუროს აყვავებული ალუბლის ბაღს, ან მთვარეს, ყვავილებით მოჩითულ მინდორს თუ მდინარეს და როცა ეს „სატორი“ მიაკითხავს, მხოლოდ მაშინ დაწეროს სამიოდე სტრიქონი, კაი, ხუთი და მორჩა, ეგ არის, – მერე გაირკვევა ხოლმე, რომ, თურმე, შედევრი დადო.

აი, ასე იწერება ძალიან მაგარი ნაწარმოებები და, მოდით, ჩვენც ვცადოთ; და ეს იმათი „სატორი“ ნუ შეგვაშინებს, რადგანაც ეს მცნება ჩვენს ქრისტიანულ რელიგიაშიც „განათებას“ ნიშნავს და „ეპიფანია“ ჰქვია…

© არილი

ბმული:
* http://arilimag.ge/ინტერვიუ-მიხო-მოსულიშვილ/?fbclid=IwAR1ddc4J3XwqBLhRf_Hx9IWwgcRGAa5tf8sDjK8HwGEKZdj4WHow2EZ--CM

მიხო მოსულიშვილი - გუგა მგელაძე Guga_m10
ინტერვიუს ავტორი - გუგა მგელაძე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
მიხო მოსულიშვილი - გუგა მგელაძე
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» მიხო მოსულიშვილი - ნანა ფიცხელაური
» მიხო მოსულიშვილი - ანა კალანდაძე
» მიხო მოსულიშვილი - ეკა ლემონჯავა
» მიხო მოსულიშვილი - დეა ცუცქირიძე
» მიხო მოსულიშვილი - ირინე მჭედლიძე

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: სიტყვითდუელები-
Jump to: