არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

 

 გიორგი სოსიაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 9:50 pm

გიორგი სოსიაშვილი 05-3_n11
Giorgi Sosiashvili

გიორგი სოსიაშვილი
ისტორიკოსი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი

დაიბადა 1977 წლის 22 ივნისს, გორის რაიონის სოფელ დიცში.
დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია- ფილოლოგიის ფაკულტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, საქართველოს ისტორიის სპეციალობა.
ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იკვლევს ქართული ფეოდალური გვარების, სათავადოების, საქართველოს ახალი ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, სამაჩაბლოსა და შიდა ქართლის ხეობების ისტორიას და სხვა; არის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 18 მონოგრაფიის ავტორი. გიორგი სოსიაშვილის პირველი პროზაული კრებული "ძმათა მახვილი" 1996 წელს გამოქვეყნდა; მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სომხურ ენებზე; 2019 წლიდან არის ჟურნალ "ცისკარი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2019 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2019 წლიდან - თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალი, იმპაქთფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალის "KARADENİZ" (AN INTERNATIONAL QUARTERLY JOURNAL OF SOCIAL SCIENCES, BLACK SEA) სარედაქციო კოლეგიის მუდმივი წევრი საქართველოდან (ISSN: 1308-6200 WEB: www.dergikaradeniz.com; dergipark.gov.tr/kdeniz); თურქეთის რესპუბლიკის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის Black Sea Journal of Public and Social Science (ISSN: 2618-6640) სარედაქციო კოლეგიის წევრი (2019). ჯილდოები: მადლობის გამოცხადება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაციის შედეგად გორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეთა დროებით თავშესაფრის ადგილებში განსახლებისა და მათი პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის (28.11.2008წ. ბრძ. #1049); გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას სიგელი, გორი-ატენის ეპარქიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2016), რევაზ ინანიშვილის სახელობის "ერთი მოთხრობის" კონკურსის გამარჯვებული, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის მადლობის სიგელი ქართულ-თურქულ კულტურულ ურთიერთობაში აქტიური მონაწილეობისათვის (2019), უკრაინის მეცნიერებათა აკდემიის საპატიო სიგელი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის ინოვაციური სტრატეგიების განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის (2019). სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი. პროზაიკოსი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)", დაიცვა 2005 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
დედაენის საერთაშორისო სამეცნიერო ფონდი, წევრი (2015-)
კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2015-)
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკედემია, ვიცე-პრეზიდენტი (2020-)
საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2013-)
საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი ქართული სოფლების შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრი, წევრი (2018-)
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, დამოუკიდებელი ექსპერტი (2018-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
* 2021 - ლიტერატურული პრემია საბა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ წიგნისთვის „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა).
* 2019 - გორის საპატიო მოქალაქე
* 2018 - ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია ( საქართველოს მწერალთა კავშირი)
* 2015 - პავლე ინგოროყვას სახელობის პრემია ( „ქართული ფენომენის აკადემია")
* გიორგი ერისთავის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის ორგანიზაცია)

წიგნები:
* დიცის წარწერები = Ditsi inscriptions = Надписи Дици (ავტორი). - თბილისი , უნივერსალი, 2017. - 314გვ.. - ISBN: 978-9941-22-934-3
* ევროპელი და ამერიკელი მოგზაურები საქართველოს შესახებ XIX-XX ს.ს. (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 226გვ.. - ISBN: 9789941260377
* რობერტ კერ პორტერი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2015. - 170გვ.. - ISBN: 978-9941-22-658-8
* მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური უმცირესობანი შიდა ქართლში XX საუკუნის I მეოთხედში (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 150გვ.. - ISBN: 978-9941-22-431-7
* შიდა ქართლის ისტორიის საკითხები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2013. - 244გვ.. - ISBN: 978-9941-22-087-6
* ნარკვევები ლიახვის ხეობის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2011. - 187გვ.. - ISBN: 978-9941-17-424-7
* სამაჩაბლოს ისტორია (XV-XIX სს.) (ავტორი). - თბილისი, 2005. - 199გვ.. - ISBN: 99940-0-812-9

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_სოსიაშვილი
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00015133/
* https://www.facebook.com/giorgi.sosiashvili.1
* https://1tv.ge/video/literaturuli-konkursi-machabeli/
* https://sosiashviliprose.wordpress.com/


რა რჩევას აძლევს დამწყებ კოლეგებს ლიტერატურული პრემია საბას მფლობელი გიორგი სოსიაშვილი
Dec 28, 2021

ბმული:
* https://youtu.be/C9QNXa1VQTQ


study


Last edited by Admin on Tue Jun 21, 2022 11:10 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 9:54 pm

გიორგი სოსიაშვილი

მავთულხლართი

ყველა იმ ჩემს მეზობელს ვუძღვნი, ვისაც „განაპირა“ სოფელში არგუნა უფალმა ცხოვრება.


ე, მამალი... მამალი რო მამალია, ისიც კი ვეღარ არი თავი ჭკუაზე, აქშა, აქშა, შენი პატრონის დედა! _ ხელს უქნევს თედო. მსხლის ტოტზე შემომჯდარა დეზებშემოცვეთილი, თეთრ-ჭრელი, ბაჩაჩებიანი მამალი. დილით რო ამის ყივილი გაიგო, ცოდვით დაიწვები. მამალი რო ყოჩაღად შეჰყივლებს ხოლმე, სიცოცხლე მოგწყურდება დალოცვილი. დილას რო ჩამოხევს ნისკარტით, აი, ჩემი მამალი ჩემსავით დაბერდა, ჩემსავით გამოჩერჩეტდა, ყივილის თავი აღარ აქ, კი არ შეჰყივის დილას, შესტირის. იტყვი, რო ნაწყენია დალოცვილ ღმერთზე, კიდევ ერთი ღამე რო გაუთენა.
_ მოკიდე ხელი და წაიყვა, დაუკალი შენ ბავშვებს და აჭამე. მე უამისოდაც ვიგებ გათენებას, აღარ უხდება ამ ადგილს მამალი, არც ამისი ყივილი უხდება დილას, უღიმღამო ყივილი.
ავთო, თედოს მეზობელი, უარზეა.
თედო კიდევ არ ეშვება.
_ კი არ გეხუმრები, წაიყვა, რო გეუბნები. ხომ ხედავ, რა გაჭირვებაა, საჭმელიც სანატრელია და სასმელიც. წაიყვა და მოუხარშე. სიმართლე გითხრა, მეც ხო ბებერი ვარ, მაგრამ ამ დაბეხრეკებული მამლის ცქერა სიცოცხლის წყურვილს მიკარგავს. რაღა დროს ჩემი სიცოცხლის წყურვილია, ფეხზე გამობმული ცხვარი სადაცაა გადაბრუნდება და მოკვდება ამდენი ლოდინით, მაგრამ ეს ჩემი მამალი რო ეგრე უგულოდ დაიყივლებს ხოლმე, მგონია, რო მტრის ყურს სწვდება მაგის ჩახრინწული, უფხო ხმა და ახარებს გადამთიელს.
მამალი თითქო სიტყვა-სიტყვით ისმენდა თედოს საუბარს. იჯდა მსხლის ტოტზე, ერთი-ორჯერ თითქო წონასწორობა დაკარგა, გადაქანავდა, მაგრამ ისევ ქანდაკებასავით გაშეშდა. თვითონაც ხვდებოდა, რო მობეზრებოდა პატრონს, მის გარდა საქათმეში ორი ბებერი დედალიღა დაღანღალებდა, კვირაში ერთხელ რო შემთხვევით გაუვარდებოდათ კვერცხი, იმასაც თრითინა ეტაკებოდა ხოლმე.
ქრებოდა სიცოცხლე თედოს სახლში თანდათან. ძაღლი მოუკვდა თედოს, მოზვრები გაყიდა, ქათმებიც შემოეცალა, ზოგი დაკლა, ზოგიც ჭირმა წაიღო, ერთი სული ბებერი ძროხა ჰყამდა და იმით ედგა სული. წველიდა, დღვებავდა, ყველს აყენებდა, თედოს სხვა რა უნდოდა, ამ განაპირა უბანში მცხოვრებ მოხუცს ამ ძროხით გაჰქონდა თავი და თვის ბოლოს მოტანილი პენსიით, რომელზეც აგერ ოთხი თვე იქნებოდა, რაც უარი თქვა. ვიღაც დიდი კაცები მოსულიყვნენ, ტელევიზიიდან გადამღები ჯგუფი მოეყვანათ, მაგრამ თედოს ჯავრი ვისა ჰქონდა, გადაიღეს თედოს სახლ-კარი, სახლის წინ გაბმული მავთულხლართი, ერთი-ორი პარკი მაკარონი მიუტანეს თედოს. ილაპარაკეს და რა ილაპარაკეს. აი, ეს კაციო გაუტეხავი ქვეყნის სახე­აო, როგორც ჩვენი ქვეყანა ვერ დააჩოქა რუსეთმა, ვერ გატეხა, აი, ეს მოხუციც ეგრეთიაო. მარტოდმარტო ცხოვ­რობს, მარტოდმარტო ამაგრებს ამ ადგილს, ჩვენს მის გვერდით ვდგავართ, არაფერს გავუჭირვებთ ამ კაცსაო, ძირს ოკუპანტი რუსეთიო, არა ძალადობასა და მავთულ­ხლართებსაო და რა ვიცი კიდე...
თედო ჯოხზე ჩამოყრდნობილი უყურებდა მიკროფონთან ყელმოღერებულ `დიდ კაცებს~, ხან მათ აკვირდებოდა, ხან იქვე, სახლის წინ გამოსაჩენ ადგილზე მიწყობილ მაკარონის პარკებს... მხრებს იჩეჩავდა, რამ მოუარათ, რა ჯიგარმა... მაგრამ ხვდებოდა, რო მისთვის კი არ იყვნენ მოსულები, არამედ საკუთარი თავის გამოსაჩენად. ბოლოს დაეღრიჯა კიდეც ერთი, ჟურნალისტებმა რო კამერები გამორთეს.
_ პაპა პიარი რა არი, იცი? არ იცი, აბა შენ დროს სად ეცოდინებოდათ პიარი, ჩვენი დრო კიდე რას არ მოა­გონებინებს ადამიანს. ჩვენ გოთვერან დროში ვცხოვრობთ, და იძულებულები ვართ გავაპიაროთ ყველაფერი. აი, შენ რო აქა ხარ ახლა, ეს იცი რამხელა პიარია ჩვენი ქვეყნისთვის? ამიტომ დიდხანს უნდა იყვე პაპა, როცა მოვახერებთ მერე კიდე ამოვალთ. რუსები არ გაახარო, მაგრად იდექი.
თედო უყურებს გაშტერებული.
_ რა იყო, პაპა, ხო არ გეწყინა, _ ისევ იღრიჯება ნაცრისფერჰალსტუხიანი.
_ ცუდად კი არაფერი გითხარი, ცოტა რაღაც წამოგიღეთ, რაც მოვახერხეთ, პენსიაც ხო მოგდის?
ბოღმა მოაწვა, თვალებში ცრემლის გუბეები ჩაუდგა, ნაცრისფერი კაკლები თითქო გაუდიდდა, რისხვა მოემატა.
_ აკრიფეთ ეგენი და გამშორდით აქედან.
ახლა ისინი უყურებენ გაშტერებულები.
_ აკრიფეთ ეხლავე, _ ნაბიჯი წადგა და ჯოხი მიჰკრა მაკარონის პარკს.
_ ეე, _ წაიზმუკუნა შავჰალსტუხიანმა, _ კამერა არ ჩართოთო, _ ჟურნალისტებს უბრძანა.
_ რა იყო, რა გითხარი ეგეთი, _ ისევ ნაცრისფერ­ჰალსტუხიანი ჩაერთო. ქოფაკი ყეფით მოვიდა და თედოს ფეხებზე მიეგლისა.
_ აკრიფეთ-მეთქი.
მაკარონებისთვის ხელი არავის დაუკარებია. აღარც ხმა ამოუღიათ. `აჰკეცეს კარვები~ პოლიტიკოსებმა და გაეცალნენ იქაურობას. მანქანების ხმა რო მიწყდა, თედო, ჯოხზე ჩამოყრდნობილი, ისევ ისე უძრავად იდგა. თითქო მიწას შეხორცებოდა და გასცქეროდა მკვდარ სივრცეს მავთულხლართს იქით, გამხმარ ჭადრებზე ისხდნენ ყვავები და ჩხაოდნენ როგორც ბებერი ჭირისუფლები...

* * *
შენც დაბერდი, არა, თებრა? მეთოთხმეტე გააჩინე უკვე, ჩემს სამსახურში დაბერდი, მე რა კაცი ვარ, ერთი შვილი არ გაგიჩერე, რამდენი ხბოც მოიგე, იმდენი გავყიდე, ზოგი ძუძუს ხბო გავყიდე, ზოგი კიდე მოზვრად გავზარდე, ან დეკეულად და ისე გავყიდე, შენ კიდე მაინც მასმევ შენს რძეს, თებრა, მაინც არ გენანება, ერთხელ არ გირჩოლია, კაცის ხელი გწველის ამდენი წელია და ერთი ფეხი არ გამოგიკრავს ჩემთვის, შენ ისეთი გულკეთილი ხარ, ადამიანებს არც დაესიზმრებოდა. მერამდენე თვეში ხარ ახლა... თითებზე ჩამოითვალა თედომ, მეექვსეში, მეექვსეში, იმიტომ მოგეჩმაჩნა ჯიქანი, გაშრები უკვე, წესი ეგრეა. ფეხზე წამოდგა, საურველი ჩამოუსვა თაფლისფერ ფერდებზე, შემხმარი ნეხვი ჩამოაცალა. დასაბანი ხარ, თებრა, მერე გაბანავებ, თავზე გადაუსვა ხელი, თოთხმეტნაყოლი ფური გატვრინდა, სიამით სავსე მზერით შეხედა პატრონს.
_ თედოო!
ავთოს ხმა იცნო. მუხლები კი მოუსუსტდა თედოს, მაგრამ ყურთასმენა პატარა ბიჭივით ჰქონდა.
ავთოს მამალი ამოეჩარა იღლიაში.
_ ეგ რა არი, _ შეაცქერდა თედო.
_ ახლა კი არ გაბრაზდე შენებურად, _ უხერხულად იშ­მუშნება ავთო.
_ რა იყო, ეგა რა გიჭირავს.
_ ბებერი მამლის მაგივრად ამოვიყვანე, მოუსვენარი რამეა, ყურთასმენა მიაქვს ამ ოხერს და იყივლოს, რუსებს `გულს გაუხარებს~.
ახარხარდა თედო, ჩაბჟირდა, სულს ვეღარ ითქვამს, ხველაში გადაუვიდა, შეეშინდა, ავთოს გული არ წაუვიდესო. მამალს ხელი გაუშვა, თედოს მიასკდა.
_ რა იყო კაცო, რა დაგემართა.
თედომ სული მოითქვა, მაგრამ ისევ იცინოდა.
_ ეს რამ მოგაფიქრა, შენ რა გითხარი, შენა.
_ ჩვენ არაფრის თავი გვაქ და მამლები მაინც ვა­ყივლოთ საზღვართან, მამლის ყივილით მაინც მოვუშალოთ მტერს ნერვები, ჰა, _ ისევ ახარხარდა.

* * *
ისე დამაბერა მარტოობამ, რომა. ეს რა საშინებელა ყოფილა, კაცო. ორი მგელი ერთად დამეტაკა. სულის მოთქმა არ მაცალეს, მეცნენ ეგრევე, დამიუკაცურეს, დამიბრიყვეს, აქეთ სიბერე, იქით მარტოობა. აქეთ მარტოობა, იქით სიბერე. ერთნაირები, პირქუშები, სასტიკები. აბა, ახალგაზრდა რო ვიყა, ამას რა მომაფიქრებდა, რო ერთი დღე გათენდებოდა და ამათ ლუკმა უნდა გამვმ­ხდარიყავი. რო ეთქვა ვინმეს, დავიჯერებდი? ახლა კიდევ შენს მაგივრად ბებერი, მშიერი ძაღლივით ყეფის ილაჯი რო აღარ აქვს თავს რო ძლივსა სწევს, მთვარეს შევყმუი­ვარ, მთვარეს ვეჩურჩულები შენს მაგივრადა. მომენატრე, ტირილი მინდა, მაგრამ ცხოვრება ისე გავლიე, არ მიტირნია, კურცხალი არ გადმომსვლია თვალზე და თითქო ჩემი თავისა მრცხვენია, არადა მარილნალოკ ფურს რო წყალი მოსწყურდება, ისე მწყურია ტირილი, ცრემლი მინდა, ცრემლი. თითქოს გამშრალია ეს სატიალე. ეს რა გვიყვეს ამ ოხრებმა, ეს რა ჩაიდინეს, შენი საფლავი მომანატრეს, სანთელი, სანთელი ვერ ამინთია. შენს სურათსღა ვებუტბუტები. ასე მგონია, გულზე მე გადამიარა ბალახმა და სულში შემოძვრა თავისი წვეტიანი ფესვებით ოხერ-ტიალი ჭანგა. სული შემოხვრიტა, სული, შენ გენაცვალე შენა. მთვარეს აჰხედა, ბოღმამოწოლილ სახეზე დაჰყურებდა აპრილის ღამის მნათობი და მიიწევდა ჩრდილოეთით.
როგორ დამტოვე, როგორა. სიმარტოვის ლუკმა ვარ. რაც სიბერემ გამამხრა, სიმარტოვეს დარჩა სახრავად და საძიძგნათ. უძილო თვალებით გასცქეროდა მთვარის შუქით მოფენილ მინდორს, მაგრამ სასაფლაო არ ჩანდა.

* * *
_ დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ, პაპა.
შეჰყურებს ეგრე გამტკნარებული სახით.
_ ჩამოვჯდები, ხომ შეიძლება, _ იღიმება სიფრიფანა, ჭრელთვალა გოგო, ოპერატორს ანიშნებს, მოხერხებულ ადგილზე დადექიო. იქნებ მოხუციც აქეთ მოატრიალოო. გოგომ ცერად შეხედა. ნეტავ ორიოდე სიტყვის თქმაზე დავითანხმო, ვერ ამჩნევ, რა სიტყვაძუნწი და კერპი კაცი ჩანსო.
კიბის გვერდით საზურგემომტვრეულ სკამზე ჩამოჯდა ჟურნალისტი.
თედო ისევ უძრავად იდგა. თითქო ვერავის ამჩნევდა, ტრიალ მინდორს გასცქეროდა, აპრილი შესთამაშებდა ჭადრის ზოლს, ღელის პირზე გაბარდღული ფშატების იქით სასაფლაო მოჩანდა. ათიოდე ცხედარი მოყოლილიყო მავთულხლართს იქით, მათ შორის ორიოდე წლის წინათ გარდაცვლილი თედოს მეუღლე.
ის იყო, წვალებ-წვალებით მოგროვილი პენსიით ქვა უნდა დაედგა, ხეობელ მხატვართან ავიდა, მეუღლის ფოტოებიც აუტანა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. ატყდა ერთი უბედურება. იღბალი... ჯერ ცოლი რო მოუკვდება კაცს და მერე იმის იღბალი არ აღმოაჩნდება, რო ხეირიანად დაიტიროს და გააპატიოსნოს, ქვა დაადგას. ქვას ვინღა ჩივის, ომის მერე ის მხატვარიც დაიკარგა და თედოს მეუღლის ფოტოებიც.
სასაფლაოსკენ იმზირება თედო, თვალებში ცრემლი უბრწყინავს, მაგრამ ეს აპრილის ქარის ცრემლია. მინდვრიდან უბერავს სასაფლაოგამოვლილი ქარი და ცრემლი მოუჩანს თვალებზე მოხუცს.
_ პაპა, თქვენ ხომ თავიდანვე აქ იყავით, როგორც გვითხრეს, ომის დაწყების დღიდან აქ ხართ, ფეხი არ მო­გიცვლიათ, ომზე ბევრი რამ დაიწერა, ბევრი რამ გაშუქდა, თუმცა... რას იტყვით ომის შესახებ. თქვენ მარტო დარჩით აქ და დღემდე მარტოდმარტო ცხოვრობთ. ხომ ასეა? თედომ მზერა მინდორს მოსწყვიტა და ჭრელთვალა გოგოს შეაქცერდა.
_ ვიცი, მძიმეა თქვენთვის, მესმის, აქ ყოფნა გმირობის ტოლფასია... ენა დაება გოგოს, თედოს კერპმა თვალებმა დააბნია.
_ სულ მარტო ხართ? – უადგილოდ ჰკითხა.
თედომ თავი დაუქნია და ისევ მინდორს მიაჩერდა.
_ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმხილ­ველის მიერ მოწოდებულ ამბებს. ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურიეს. ნაწილი ამბობს, რომ ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც შემოვლითი გზები დანაღმეს და ქართველი პოლიციელების მანქანები ააფეთქეს, თურმე აგვისტოს დასაწყისში შუა სოფელში რუსების მიერ გამოსროლილი ჭურვები ცვიოდა, ზოგი ამბობს, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. თქვენ რას იტყვით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ დაიწყო ომი.
თედომ ცრემლიანი თვალები მჯიღით ამოიმშრალა და გოგოს შეხედა.
_ მე დავიწყე, შვილო, მე... _ ამოიხავლა ყელში ბაწარწაჭერილივით, რითი ვერ გაიგეთ, კაცო...

* * *
`სიკვდილისა ისე მეშინოდა თავიდანა, რო... ვისა რ ეშინია, ყველა სულიერს ეშინია და მე რაღა ვარ, მარტო თედო ხო არ იქნება სიკვდილზე გამარჯვებული. რაც შენ წახვედი, სიკვდილი დასახლდა ჩემ გვერდით, აქვეა, ამ ცარიელ არემარეზე მე და სიკვდილი ვბინადრობთ, ერთათა ვართ, თედოს ლოგინიდან ამოუყვია გალეული ხელები, რომლებზეც ლურჯი ძარღვები და ორმოცდაათი წლის წინ ჯარში, გერმანიის ერთ პატარა ქალაქში ტუშით შესრულებული წარწერები მოუჩანს. თ.ს. ოდნავ ზემოთ „ნუ ენდობი ქალს“, მეორე მკლავზე, მხარს ქვემოთ ქალის სახე და მ.ლ. ამ წარწერებმა თედოსთან ერთად გაუძლეს წუთოსოფელს.
იტყვი, ჭერში გარდაცვლილი მეუღლის სახეს ხედავსო, ერთ ალაგას მიშტერებია და ლაპარაკობს თავისთვის.
რო წახვედი და დამტოვე ასე, სიზმრებში გახვეულ ბერიკაცად გადამაქციე, თუმცა... სიკვდილი გამიშინაურდა, აღარ მეშინია, აქ არის, ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რო სადღაც აქვეა და შემომცქერის, მითვალთვალებს. გეგონება, სადმე გავექცევი, გაქცევის თავიც რო მქონდეს, მაინც არ გავექცევი, მეც სიკვდილის ლუკმად უნდა ვიქცე და ეს ბებერი ხორცი მიწას უნდა მივუგდო, მშიერი მიწა ეცემა ჩემს გალეულ სხეულს, დააცხრება და წელიწადიც არ დასჭირდება, ძვლამდე დაიყვანს. მიწამ შებრალება არ იცის, მიწას არაფერი ესმის. შეიძლება, პირიქითაც არი, რო ვებრალებით, მაგიტომ გვხრავს და მიწად გვაქცევს, თავის ნაწილად გვაქცევს.
რამდენჯერმე ვიგრძენი, რო სხეულთან გაყრის წამი იდგა. სული ვიგრძენი, ასე ვიწექი, უძრავად, მეღვიძა, ოღონდ თვალდახუჭულს მეღვიძა, ვერც თვალს ვახელდი და ვერც სხეული მემორჩილებოდა, თითის განძრევაც არ შემეძლო. ვგრძნობდი, რო სული ვიყავი და სხეულში ვიყა, მაგრამ სხეულს ვერ ვგრძნობდი.
ეს ერთხელ კი არა, რამდენჯერმე განმეორდა, ალბათ ნელ-ნელა მაგუებს სიკვდილი. აღარ გამიჭირდება მერე, როცა საბოლოოდ დავტოვებ ცხოვრებისგან ნათრევ სხე­ულს და გამოვეშვები ცისკენ. რაც არი, არი, ეგრე ყოფილა, რა იქნება, ღმერთმა იცის, იქა ვისა ვნახავ, ვის გადავეყ­რები. რაც აქა მქონდა ბედი, ის იქ მექნება. თუ შეგხვდი, ბედნიერი ვიქნები.
ლოგინიდან ამოყოფილ გალეულ ხელებზე სთვლემდნენ ლურჯი ძარღვები და ჯარისკაცობის დროინდელი წარწერები.

* * *
ბედნიერი ხარ ამ ამბებს რო არ მოესწარი. თითქო იღბალი გქონია, იღბალი...
შორიდან გასცქერის სასაფლაოს თედო და გული უკვნესის. რამდენ რამეს გაუძლო ამ სატიალემ, ეს რა ქვა რამე ყოფილა. ბევრჯერ უნდა გახეთქილიყო წესით და რიგით, იმდენ რამეს გაუძლო, იმდენი რამე გადაიტანა, მაგრამ ქვადქცევა იცის თურმე. ერთი გაქვავდება და მორჩა, ლოდს რაღა უნდა დაემართოს, თუ ურო არ ურტყი და არ ჩამოაყრევინე ნატეხები. ლოდივით გახდა ჩემი გულიც, თუმცა გულობისა ის დარჩა, რო მარტო კვნესის. ფშატები ეფარება ახალ სასაფლაოს, კიბეზე ადის თედო და იქიდან გასცქერის მეუღლის სამუდამო განსასვენებელს.
ეს რა ყოფილა, ცხოვრება კი არა, ჯოჯოხეთი უნდა დაერქმია გამჩენს, ჯოჯოხეთი.
ბედნიერი ქალი ხარ, ბედნიერი-მეთქი. ვიცი, რო ჩემი სიტყვები არ გესმის, მაგრამ მე ჩემსას ვცდილობ, მაშ რა ვქნა. ჩემს გულზე გაატარეს ამ უპატრონოებმა ეს ეკლიანი მავთულები. გულში გაიხლართ-გამოიხლართა. ამ ამბებს რო ვერ მოესწარი, ნეტა იცოდე, რა ბედნიერი ხარ. შენი გული მაინც ვერ გაუძლებდა. ნეტა მეც წამოგყოლოდი მაშინვე. ამიკლეს... ამიკლეს... სტუმარი არასოდეს გამიგდია, შენ ხო მაინც გახსოვს ჩემი პურ-მარილიანობა, სუფრა არა ლაგდებოდა ხოლმე, შენს ხელებს ვენაცვალე, როგორი სუფ­რები იცოდი ხოლმე, ერთი წუთი მაინც დაბრუნდებოდეს ის დრო... ხელები უკანკალებდა თედოს, ჰაერი აღარ ეყო, ღრმად ჩაისუნთქა, ცას ახედა.
წითელი პარასკევის სისხლისფერი მზე ნაგვემივით მიცურავდა საავდრო ღრუბლებში, ხანდახან დაგლეჯილი ფთილებიდან გამოჩნდებოდა, შედედებული სისხლი უჩანდა მნათობს.
დავკარგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, სამშობლო დავკარგეთ, თავი დავკარგეთ, მე თვითონაც აღარ ვიცი, ვინა ვართ და რა გვინდა, სად მივდივართ, რა გზა გვაქვს არჩეული, სამშობლო... _ ჩაილაპარაკა თედომ, _ სადღაა სამშობლო. თედოსნაირების იმედადღაა სამშობლო და ეს არის სწორედ ჩვენი უბედურება. ამიკლეს, ამიკლეს, მო­დიან და მოდიან, რუსების ბოღმას გავუძლო, შენს ტკივილს თუ ამათ ტლიკინსა, შენ უფრო კარგად იცი, ვინც დაიწყო ომიო, გვითხარიო, შენს სიტყვას სხვა ფასი აქვსო. რა ფასი აქვს ჩემს სიტყვას, ვერ გამიგია. რომელი სოლომონ ბრძენი მე ვარ... ვაი, ამათ პატრონს, არაფრის თქმა არ მინდა, ერთმანეთს ჭამენ, ერთმანეთს ხრავენ, ლანძღავენ, თათხავენ, თედო კიდე ძაღლივით გდია ამ მკვდარ არემარეზე და ორი მგელი ჭამს, სიბერე და სიმარტოვე. მე რა ვთქვა, სამშობლოდაკარგულმა კაცმა, ცოლდაკარგულმა, უშვილძირომა, რა ვთქვა, გასკდებოდეს ეს გული, კარგი იქნებოდა, მაგრამ ხო ვთქვი, ლოდათ გადაიქცა-მეთქი.
გმირი ხარ, პაპა, გმირიო, სანამ შენისთანები არსებობენ, საქართველო არ დაიჩოქებსო.
მე ხომ ვიცი, ვინც ვარ... ტყუილში ვართ, ტყუილში და ამ ტყუილით დაბანგულებს აგვართვეს მიწები, წაგვგლიჯეს ეს ამხელა ტერიტორია. ვის გაახსენდება, იარაღი აისხას, მოუვარდეს ამათ და თავი შეაკლას. მარტო მიტინგებისთვის ამოდიან, ერთ-ორ სიტყვას წამოიყვირებენ ჩემს სახლთან და გარბიან. აი, სამშობლო... თუ გესმის ჩემი. ვინა ვარ... ვისი შთამომავალი ვარ? ან ესენი ვინ არიან ჰა, ვერ გამიგია.
რუსებთან მარტო ერთი რამე მაქვს სათხოვარი, უნდა შევპირდე ამ უპატრონო მესაზღვრეებს, ახლოს კი არ მიკარებენ, ერთი-ორჯერ ვეცადე, გავიხსენე ჩემი ჯარის რუსული, ახლოს მივედი. ჩვენმა გამგებელმა, არ გაეკაროო, მერე მე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებიო, წადი შენი-მეთქი, ლამის ამოვუპანღურე. არ დაგინდობენო, ცოლი იქით მყავს, რას მიზამენ, ბოლო-ბოლო მომკლავენ და ეგ იქნება, ეგენიც დაისვენებენ ჩემი ცქერით და მეც დავისვენებ, ბოღმას საფლავში წავიღებ, მტრის ბოღმას, ასე მეწერა ალბათ. მივედი, შორიდან მიყურებდნენ მშიერი მგლებივით, ხელი დავუქნიე. ორნი იყვნენ, ჯერ ყურადღება არ მომაქციეს. დავუყვირე, მოდით აქა-მეთქი, რუსულად დავუძახე, ისევ არ მომაქციეს ყურადღება, ღობეზე ასვლა დავაპირე, დავეჯაჯგურე, ძლივს ავბობღდი, ეკლიანმა მავთულმა გამკრა კბილი. სისხლი კი გამშრალი მაქვს, მაგრამ მაინც შემეღება წითლად ხელები. მოსვლა იკადრეს, რას აკეთებო, შემომიტია ერთმა. ჭანდარივით იყო ის უპატრონო, მევალესავით მიბღვერდა, მოშორდი აქედანო. ისევ დავეჯაჯგურე ღობეს, თან როგორ ჩააბეტო­ნეს, გულიანად.
_ აიმ სასაფლაოს ხო ხედავთ-მეთქი.
არც გაუხედავთ.
_ ვოტ, ვოტ, კლადბიშე-მეთქი, _ თითს ვიშვერ მიამიტი ბალღივით.
მერეო? _ შედარებით დაბალმა, _ წითელი ლენტი ჰქონდა წაკრული ხელზე, ალბათ მორიგეობის ნიშანი.
_ სამი წელია, ცოლის საფლავზე არ ვყოფილვარ, შემიშვით, ცოტა გულს მოვიოხებ და ისევ გამოვალ-მეთქი.
არაო, ხელები გაატატანა `ჭანდარმა~.
_ ამერიკელები მოვლენ ცოტა ხანში და ისინი გაჩვე­ნებენ ცოლის საფლავსაო.
_ აქ თქვენი და იქ ამერიკელებისა-მეთქი.
გამოვბრუნდი პირშიჩალაგამოვლებული, ხმამაღლა წავიბურტყუნე, ქართულად, თორემ ბურვაკივით გამა­გორებდნენ. ერთი ხანობა გავჩერდი, მოვბრუნდი და შევხედე რუსებს, ისევ იქ იდგნენ. იქნებ გული მოულბეთ, გასაცოდავებულ მოხუცს რო მიყურებენ, ეგენიც ხო ადამიანები არიან-მეთქი, ჩემს თავს ვუთხარი. მერე კი გავბრაზდი, შესაცოდი არაფერი მინდა, მივაფურთხე და მოვტრიალდი.
სამშობლო, სამშობლო, _ ბუტბუტებს თედო, _ რა ვთქვა, აღარ ვიცი, ასე მგონია, რაც კი სადღეგრძელოები დამილევნია, ყველაფერზე ტყუილად გავრჯილვარ. ეხ, ვინ არი ჩვენი პატრონი, ვინა. ისევ უნდა მივუცუცქდე რუსებს, დაველაპარაკო, რო იქნებ რო გავფშიკავ ფეხებს, შენს გვერდით დაასაფლავებინონ ჩემი თავი აქაურებს. ვიცი, გიჟური რაღაცეები მამდის თავში, მაგრამ ჭკვიანი როდისღა ვარ?
სისხლისფერი მზე ესვენებოდა მიწისფრად დაფე­რილ მთებში, ესვენებოდა, ნაგვემი და ნაწამები, როგორც ჯვარცმიდან გარდამოხსნილი მაცხოვრის ნატანჯი სხეული.
თედო გარდამოხსნილ მზეს გასცქეროდა.

* * *
აი, გადაჯიშება ამას ჰქვია, თედო.
თედო აქეთ-იქით იხედება, რომელი ხარ?
_ ვერ მიცანი? ვერც მიცნობ, მე შენში ვსახლობ, მაგრამ შენ ჩემთვის თვალი არასოდეს მოგიკრავს.
_ ვინა, ხარ მეთქი, კაცო, _ საარაყე ქვაბს თავი მიანება ბერიკაცმა. იყურება აქეთ-იქით, თვალებს აცეცებს, კვამლისგან აცრემლებული მზერით იყურება, _ ერიჰაა, მართლა ვეღარა ვარ, ამ სიმარტოვემ მოჩვენებები დამმართა.
_ მოჩვენება არ ვარ, მე ვარ.
_ ვინ შენა ხარ? დამენახვე, _ ცეცხლს თავი მიანება, წამოდგა, ეზოში მიხედ-მოიხედა.
_ ვერ მხედავ?
_ ვერა.
_ ვერც დამინახავ და არც არის საჭირო.
სახეზე მიისვ-მოისვა ხელი.
_ ეშმაკია, ჩემი ბრალია, რა არაყის გამოხდა ამიტყდა ამ დიდშაბათის დღეს, _ პირჯვარი გადაიწერა.
_ ეშმაკი არა, ტოროლა.
თედოს ფიქრი უცბათ ამოიკითხა უჩინარმა, იტყოდი, რო ბერიკაცის გულის კედლებს აცქერდებოდა და მის ნაფიქრს ასო-ასო კითხულობდა.
_ მაშ ვინა ხარ?
_ ვინა ვარ? – ჩაიცინა.
ბერიკაცი ქანდაკებასავით დგას და ვის უყურებს, თვითონაც არ იცის.
_ თედო ვარ, თედო, _ ისევ ჩაიხითხითა.
_ რომელი თედო?
_ ვერ მიცანი, ბეროაანთ თედო ვარ.
_ ვინა? – დაიბნა მოხუცი. ცეცხლზე გაწითლებული სახე უარესად წამოუხურდა. ახლა უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რო ეშმაკი ესაუბრებოდა.
`ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია, დიდშაბათის დღეს რა არაყის გამოხდა მოვინდომე~ _ პირჯვარი გადაი­წერა აკანკალებული ხელით, ცას ახედა. დიდშაბათის მზე არსად ჩანდა, დიდშაბათის მზეც თითქო ცის სამარხში გაუ­ჩინარებულიყო, ვეება ლოდივით გადაფარებოდა ღრუბელი.
_ მაპატიე, ღმერთო, მაპატიე.
_ ღმერთს შენი არ ესმის ახლა, ტყუილად აწუხებ, ღმერთი აღდგომის მოლოდინშია, თედო. კიბეზე თიხის საღვინით წყალი ედგა, მოიყუდა, ყელი გაისველა, მკერდზე უფრო მეტი ჩამოეღვარა.
_ დამთავრდა ყველაფერი, _ ჩაიბუტბუტა, _ ეშმაკებმა დაიბუდეს ჩემს სახლში. მოვიდა სიკვდილის ჟამი.
_ ვინ არის ეშმაკი? _ ისევ გაისმა ხმა და შეხტა მოხუ­ცი.
_ არ გჯერა, რო თედო ვარ? აი, შენ რა გითხარი, შენი ახალგაზრდობა ვარ, შენი სიჭაბუკე, შენი წარსული წლები... გეგონა, რო ყველაფერი გაქრა და გაიფანტა?
_ არაფერი გამქრალა, ბუნებაში არაფერი იფანტება, არაფერი. სიკვდილი არ არსებობს. ყველაფერი არსებობას აგრძელებს. წამი რო წამია შენი ცხოვრებისა, ისიც არსად გამქრალა, ყველაფერი აქ არის თავმოყრილი ჩემში და მეც თედო მქვია, მეც `შენ~ ვარ, ოღონდ დავიწყებული, მოგონებების გროვად გადაქცეული. ხმა შეეცვალა უჩინარს, თითქო გული აუჩუყდა. გაშტერებული იდგა ბერი­კაცი, ძალა ერთმეოდა მუხლებში, წაქცევას იყო. ბევრი რამ დაგავიწყდა, ბევრი რამ დრომ წარეცა, მაგრამ ხომ გითხარი, არაფერი ქრება-მეთქი.
_ არაყს რატო ხდი, თედო?
თედო დუმს.

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Tue Jun 21, 2022 9:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 9:56 pm

გიორგი სოსიაშვილი

მავთულხლართი

ყველა იმ ჩემს მეზობელს ვუძღვნი, ვისაც „განაპირა“ სოფელში არგუნა უფალმა ცხოვრება.

(გაგრძელება)


_ რუსებს უხდი არაყს, გული გინდა მოიგო, მტრის გული, არაყს მიართმევ და იქნებ როგორმე გადაგიშვან იქით, მავთულხლართს იქით, შეეხვეწები, ასე გაქვს ჩაფიქრებული, ყელს გამოუწევ, თუ გეტყვიან, მუხლებზე დაუდგები, ოღონდ ცოლის საფლავი გაჩვენონ...
შენი გამოხდილი არაყით სავსე ჭიქებს მიუჭახუნებენ რუსები ერთმანეთს, მერე გადაკრავენ, პურის ნატეხს დასუნავენ. კარგა ხანს ვერ ამოიღებენ ხმას.
_ ეს არაყი გამოუხდია მაგ ბებერს, ბიჭებს არაფერი ვუთხრათ, თორემ მიეჩვევიან და გამოუწაფავენ, ჩვენ აღა­რაფერი შეგვხვდება. _ საუბრობენ რუსები, შენ კი ამ დროს რამდენიმე ათეული ნაბიჯის იქით, ცოლის გაჯადავებულ საფლავზე დამხობილი ბღავი...
_ კარგი... _ შეჰყვირა თედომ.
დამცინავი სახეებით გაცქერდებიან რუსი მესაზღვრეები, სიამე ეღვრებათ გულში, ბებერ, დამცირებულ, ღირსებააყრილ `მტერს~ რო ხედავენ.
_ კარგი-მეთქი! _ ყელის ძარღვები დაებერა თედოს, გულს მკერდი ლამის გამოერღვია.
საარაყე ქვაბს ოთხივე მხრიდან კბენდა ცეცხლის ალი. დუღდა ჭირნახული და გეჯის მილიდან მოწვეთავდა ჯაჭვიანი სითხე. ერთხანს ცეცხლს მიშტერებოდა თედო, მერე თითქო უცნაური ძალა მიეცა, იტყოდი, ის გარდასული წლები დაუბრუნდა, გაახალგაზრდავდა, ცეცხლთან მიიჭრა და ქაფქაფა ჭირნახულით სავსე ქვაბი წიხლით მოაპირქვავა... ალი თანდათან ჩაცხრა, ჩანელდა, კვამლი ზანტად, უმისამართოდ მიირწეოდა ცისკენ...

* * *
თითქო ვიღაც უთვალთვალებს. კუნაპეტ ღამეში უაზროდ აცეცებს თვალებს.
სულ რამდენიმე საათიღა დარჩა. სულ რამდენიმე და... აღდგომაა, სადღაც, რომელიღაც ბედნიერი მამალი ახა­რებს დილის სოფელს. ლოდი უკვე გადაგორებულია, არიმაითიელის ქსოვილი ასვენია გამოქვაბულში, მცირე ხანში ცეცხლოვანი ანგელოზი შევა და ქვის სარეცელზე ჩამოჯდება, მერე მენელსაცხებლე დედებიც გამოჩნდებიან...
სადღაც, სოფლის შუაგულში, ძილგამფრთხალი მამალი დასაყივლად ემზადება. აღდგომის დილა ახლოვდება.
თედო ქანდაკებასავით დგას, იტყვი, რო ისევ სიზმარშია. ასე ცხადად არასოდეს დასიზმრებია მეუღლე. მასთან ერთად იჯდა მწვანე მოლზე, ორივეს წითელი კვერცხი ეჭირა.
_ ქრისტე აღსდგა!
_ ჭეშმარიტად! დაკა, _ კვერცხი მიუშვირა ცოლს.
ქალმა ჩახანი გაადინა.
_ ვიცოდი, რო გატეხავდი.
_ საიდან იცოდი?
_ მე სად მაქვს იღბალი.
_ კვერცხს რა იღბალი უნდა.
_ იღბალი ყველაფერს უნდა.
_ კაცი ხარ და წუწუნი არ გეკადრება.
მწარედ ხასხასებდა ირგვლივ ბალახი, ნამიან ძურწას ხარბად წიწკნიდნენ წითელბაფთიანი ბატკნები...
_ ისევ ისეთი ხარ?
_ მაშ, როგორი უნდა ვიყო.
_ არ ვიცი, _ მხრები აიჩეჩა თედომ.
_ ასეთი ახალგაზრდა აღარ მეგონე.
ჩაიკისკისა ქალმა.
გამოეღვიძა თედოს და მარტოდმარტო იყო სიბნელეში, სარკმელს რუსების სამხედრო ბაზიდან გამოტყორცნილი შუქი სცემდა. მაგიდაზე პატარა რკინის ჯამში შეღებილი კვერცხები ელაგა. რაღაცნაირი სითბო იგრძნო ბებერ თითებში, როცა ახლად დაღებილ სააღდგომო კვერცხებს, თბილ-თბილ კვერცხებს მიუტანდა ხოლმე ჭონაზე მისულ ბავშვებს. ის სითბო იგრძნო თედომ, ფრთხილად ჩაიწყო კვერცხები ჯიბეში.
სანთელი... სანთელი არ დამრჩეს...
აღმოსავლეთის კედელზე, თახჩაში, ხატების გვერდით ცოლის დატოვებული თავმომწვარი სანთლები ხელუხლებლად იდო. გულის ჯიბეში ჩაილაგა თედომ.
_ აბა ჰა, მოვდივარ... – ჩაილაპარაკა და კიბეაკიდებული თედო სიბნელეს შეერია.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მახარობლებად ეკიდნენ ვარსკვლავები ცაზე და თითქო ერთმანეთს შეჰხაროდნენ, ერთმანეთს ულოცავდნენ.
მიდიოდა სიბნელეში თედო, მიათრევდა კიბეს და რაღაც ენით უთქმელ ძალას გრძნობდა, თითქო ვიღაცა ხელით აწვებოდა და იტყოდი, ჭაბუკური სიმკვირც­ხლე მიეცა მუხლებშიო. ოცდაათიოდე ნაბიჯი გადადგა და რკინის ღობესთან აღმოჩნდა. კიბე ჩამოიღო, სიბნელეში იყურებოდა, სადღაც მთის ფერდობზე გაჭრილ სამანქანე გზაზე, რომლითაც რუსები ქსნის ხეობაში გადადიოდნენ, ლამპიონის სინათლე კრთოდა. მთის ძირში სინათლის ჩქერალს აფრქვევდა რუსების სამხედრო ბაზა.
თედომ და აღდგომის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა და პირჯვარი გადაიწერა.

* * *
ის ძალა, წეღან რო მიაცილებდა, თითქო მავთულ­ხლართს იქით დარჩა. არადა იტყოდი, ხელის კვრით მოჰყავდა უჩინარს განაპირა უბანს შერჩენილი ბებერი. თითქო რკინის ღობეზე მიყუდებულ კიბესთან დარჩა ღამის ლანდი.
თედოს აღარ გამოჰყვა, ცოლთან შესახვედრად მარტო გამოუშვა.
_ აბა შენ იცი, კი არ შეგეშინდეს, ხო არ დაბერდი, ჰა. დანატრებული ცოლი გიცდის, მიდი გასწი, სწორად გადაადგი ფეხი. დახტის გული, იტყვი ამოხტა საგულედან. მიდის სიბნელეში თედო, ძალა ეცლება, მუხლები ეკეცება. სიბნელეში არ ჩანს, მაგრამ იცის სად არის მიტოვებული სასაფლაო, ერთი-ორჯერ ხნარცვებში წაიქცა, ვაი-ვაგლა­ხით წამოდგა, ეკლიანი ხელებით დამტვრეული კვერცხები მოისინჯა და ისევ გააგრძელა გზა.

* * *
ამის იქით ნაბიჯის გადამდგმელი აღარ არის თედო. დგას სიბნელეში, წელში მოხრილი, ხვითქში გაცურებული, ბებრული კურცხალი ღაპაღუპით ჩამოსდის თვალზე და ხვდება, რო იქ მივიდა, საიდანაც აღარსად წავა.
_ ხო... გითხარი... რა ვთქვა, რა ვთქვა, უი, შენ წასვლას, მე წავსულიყავი, მერჩია, ღმუილი აღმოხდა, ჯერ მუხლებზე დაეცა, მერე პირქვე დაემხო ეკალგადავლილ მიწაზე, ისე რო არც ეკლების სიმწარე უგრძვნია, არც მიწაზე და­ხეთქების ტკივილი და ჩაეხუტა...

* * *
მავთულხლართზე აყუდებულ კიბეს უმზერენ შორიდან რუსი მესაზღვრეები.
შამბირეთზე გადმოცურებული აღდგომის მნათობი დასცქერის მკვდარ სოფლებს. აღდგომის მარადიული სიცოცხლით ანთია თითოეული სხივი.
_ ეს რა არის?
_ კიბეა.
_ კიბეს აქ რა უნდა?
ფშატებისკენ გადმოუხვიეს რუსებმა.
მესაზღვრეების ყურებდაცქვეტილმა გერმანულმა ნა­გაზმა ყეფა ატეხა და ერთ-ერთ ჯარიკაცს ხელიდან გაუსხლტა. ხებეჩახსნილი რუსი ლამის წააქცია ძაღლმა. თასმა ხელიდან გაუძვრა და ბორძიკ-ბორძიკით ძლივს შეიკავა თავი. ძაღლი სასაფლაოსკენ დაიტიშა. მესაზღვრეები დიდხანს უსტვენდნენ სამხედრო ბაზაზე გაწვრთნილ ნაგაზს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
ენაგადმოგდებული ძაღლი ცოლის საფლავზე პირქვედამხობილ თედოს ცხედარს ყნოსვით უვლიდა გარშემო...

(დასასრული)

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 10:01 pm


პროფესორ გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექცია
Nov 2, 2016

Gori State Teaching University

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: "საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკა შიდა ქართლში" საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" ეთერში.


ბმული:
* https://youtu.be/6urmVJKx7LE


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 10:04 pm


#ახალიდღე ახალი ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“
Oct 6, 2020

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი“ საკონკურსო ნამუშევრების მიღებას 15 ოქტომბერს დაასრულებს.


ბმული:
* https://youtu.be/CvPZrdLkzYE


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 10:27 pm

გიორგი სოსიაშვილი

გადამყვარებელი

_ ვიცი, რო გიშველის... პირჯვარი ოთხჯერ გადაიწერა ფარსიამ, თან ცაში აიხედა, იტყოდი, რო უფალს თვალებით რაღაც მოუბოდიშა, მერე რაღაც გაურკვევლად წაიბუტბუტა და შემომხედა._ ისეთ დღეში ვიყა, ისეთ დღეში... მოსვენებას არ მაძ­ლევდა ის არსახსენებელი და იმ კაცმა გადამარჩინა. ხან რა უბედურება გამომიტყვრებოდა, ხან რა... სამი ცხვარი მყავდა შეთქმული. ერთი გერში, ორი არბოში. აბა, გერში როგორ ავიდოდი. ომის მერე იქ ფეხი აღარ დაგვიდგამს და ვიფიქრე, სამივეს არბოში დავკლავ-მეთქი. აი, დღესა _ აი ხვალა, რაღაცა მიშლიდა ხელსა. სიტყვის კაცი ჯერ ღმერთთან უნდა იყო და მერე კაცთან. შევუთქვი და ვერ შევასრულე. _ წითელი ცხვირი მოისრისა და მხრები აიჩეჩა, _ ღმერთის მოტყუება ყველზე მეტად გვეიოლება. ძაან თუ არ გაგიჭირდა, არც გახსოვს... მამაოსთან მივედი, ასე და ასეა საქმე-მეთქი. მამაომ რო არ გითხრას, შენ არ იცი რა უნდა გააკეთო? მაგრამ დასტური გინდა... მამაომ მითხრა მაგ ცხვრების დაკვლას და ტაშ-ფანდურს ჯობია, ეგ ფული გაჭირვებულებს დაურიგოო. ვაპირებდი, რო ორი კაპიკი, რაც მივაწებ-მოვაწებე, ჩემი მეზობელი ჯემოსთვის მეჩუქებინა. შვიდი შვილი ჰყავს, გაჭირვებულები, უი... ცოდვით დაიწვები. ის ჩემი შეთქმული ცხვრების ფული გადავკეცე, შევინახე, კაპიკი არ მომიკვლია. ჯემოსთვის ვაპირებდი მიმეცა. რო არ დაგიმალო, _ თითქო ენა დაება ფარსიას, _ ნახევარი მივეცი, სულ ვერ გავიმეტე, ის ნახევარი შემომეხარჯა. ფულს რო ვაძლევდი, ჯემო გაკვირვებული მიყუ­რებდა. არაფერი მითქვამს, რო ცხვრები მყავდა შეთქმული და შესაწირში დასახარჯ ფულს ვაძლევდი. შეიძლება ისე არც გახარებოდა, იტყოდა: `ფარსიამ კი არ მაჩუქა ფული, ღმერთმა გამომიგზავნაო~ და ჩემი ნაჩუქარი ფული, ჩემი გაკეთებული სიკეთე, მეორე დღეს აღარც ეხსომებოდა. იფიქრებდა, `მაინც უნდა შეეწირა ღმერთისთვის და მე არ ვიქნებოდი, სხვას მისცემდაო~. მადლის კეთებაშიც იმდენი რამე ჩაიხლართება ხოლმე... მივეცი, ვერაფრით იჯერებდა, ბოლოს ხელებზე დამიწყო კოცნა.
_ მტვერი ფქვილი აღარ მქონდა, ვედრით დადიოდა ჩემი ცოლი და დედაჩემის პენსიამდე არავინ გვასესხაო. _ ლამის ტირილი დაიწყო, _ მე და ჩემი ბიჭები ვენახს დაგიბარავთო. კაი-მეთქი, დავთანხმდი, თან ვფიქრობდი: `ეკლესიის სა­ხელზე რო ვაკეთებ, სალოცავის ამბავზე, ხომ არ ვუთხრა-მეთქი~.
მაინც არ ვუთხარი. თითქოს მინდოდა, რო სიკეთე მხო­ლოდ ჩემგან მიეღო და არა სალოცავისგან. ცხვრების ფულის მეორე ნაწილი შემომეხარჯა. რა გამოვიდა? გამჩენს ფული მოვუტეხე. ეგ ამბავი იყო და იმის მერე გავწამდი სიზმრებში. სულ ერთი და იგივე მესიზმრებოდა. სალოცავთან მივდიოდი, ჩემი ცოლი და ბიჭიც თანა მყავდნენ. სამ-სამ ცხვარს მივიყვანდით, როგორც კი ეკლესიის გარშემო შემოვლას დავიწყებდით, ატეხავდნენ ყურისწამღებ კიკინს ცხვრები და უკან გამორბოდნენ. სულ ესე გრძელდებოდა... გაზაფხულზე მომადგა ჯემო და თავისი ბიჭებიც მომაყენა. ბარები დაელესათ, შენ ვენახს ორ დღეში დავბარავთ, აბა ამათ შეხედე, მგლებივით არიანო, _ ამაყად გადახედა თავის მოყვინჩილებულ ბიჭებს. ერთი სიმაღლისები იყვნენ. იდგნენ და უდარდელად იღიმებოდნენ. _ შენ ისეთი კაცი ხარ, ისეთი პატივი ეცი ჩემს ოჯახს, როდის გადავიხდით ამ სიკეთესაო.
ვიუარე, სხვა დროს დავბაროთ-მეთქი. ვერ ვუთხარი, სალოცავის სახელზე შეთქმული ცხვრების ფული გაჩუქე-მეთქი.
_ რას ამბობო, _ შეიცხადა, _ წავედით შვილოო, _ უთხრა თავის ბიჭებს და გასწიეს ჩემი ვენახისკენ.
გამოვეკიდე. აქეთ მე, იქით ჯემო და თავისი ბიჭები. ვენახში არ ვუშვებდი. ვერ იგებდნენ, რატომ არ ვუშვებდი.
_ წელს არა ვბარავ, ვენახს-მეთქი.
_ როგორც შენ გვეცი პატივი და დაგვიდექი გვერდით, ისე ჩვენ გვინდა რო ჩვენებურად გცეთ პატივი. ერთს ავიქროლ-ჩავიქროლებთ და ეგ არის შენი ვენახიო.
არაფრით არ შევუშვი. მიყურა, მიყურა, საწყალი თვალები ჰქონდა. ალბათ იფიქრა: `ის ფული უკან არ მომთხოვოსო~.
_ იმ ფულზე ნუ ფიქრობ. ის ფული ღმერთმა გამოგიგზავნა-მეთქი.
უფრო დაიბნა.
_ ეგრეა, ღმერთმა გამოგიგზავნა და მოდი, ამ საკითხზე ნუღარ ვილაპარაკებთ-მეთქი.
აიჩეჩა მხრები, კარგა ხანს მიყურებდა და დაბნეული წა­ვიდა.
ისევ ისეთი სიზმრები დამეწყო...მამაო აღარ მინახავს. წავედი და სამი ცხვარი ჩამოვიყვანე. ერთი ერედველი კაცისგან ვიყიდე, სახელი დამავიწყდა, თუმცა... მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ის `მოტეხილი~ ფულიც შევაკოწიწე და წავედი სალოცავში. წმინდა გიორგის კარზე გავუშვი ცხვრები. იდგნენ ეგრე გაყუჩებულები და წმინდა გიორგის კარზე ყოფნით ტკბებოდნენ. სიჩუმე იყო, ჩემი ბიჭი ხან ერთს ეფე­რებოდა, ხან მეორეს, ხან მესამეს. ჩემი ცოლი რაღაცეებს ბუტბუტებდა... ლოცულობდა. შევედი სალოცავში და ჯემოს რო ფული მივეცი, იმის ნახევარი, რაც `მოტეხილი~ მქონდა, შესაწირში ჩავუძახე. თან ვფიქრობდი, `ცხვრები ხომ ამოვიყვანე და ეს ფული რო არ ჩამეყარა რა დაშავდებოდა-მეთქი.~ რამ მაფიქრებინა? მაგრამ ხომ გითხარი, შემოჩენილი იყო ის არსახსენებელი.
იქაურებმა წაიყვანეს ჩემი შეწირული ცხვრები. ვითომ გულზე მომეშვა, რაღაცნაირად ამოვისუნთქე. თითქოს ჩე­მი ცოდვები მოეძოვოთ და თან წაეღოთ შეწირულ ცხვ­რებს. თვალმართალივით ავყურებდი ცას. წამოვედით, მეგონა წმინდა გიორგის ჩემზე გული მოუბრუნდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. არაფერი გამოვიდა. მაინც არ მასვენებდა სიზმარი... ავიყვანდი ცხვრებს სალოცავის კარზე, მაგრამ გამორბოდნენ.
სიზმრებს აღარ ვჩიოდი, ხან ბიჭი მიხდებოდა ავად, ხან ცოლი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მერე მითხრეს იმ კაცზე, ყველანაირ ავადმყოფობას კურნავსო, _ პირჯვარი გადაიწერა _ საოცარი კაცია... იქ ისეთი ავადმყოფები მოჰყავდათ... _ ორთავიანი ადამიანიც კი ვნახე...
_ როგორ თუ ორთავიანი?
_ ჰო, ორთავიანი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი. მეგონა, რო მეჩვენებოდა, გაბეცებული ვუყურებდი... ერთი თავი ჩემსკენ ჰქონდა მოტრიალებული და შემომცქეროდა, თვალს არ მაცილებდა, რაღაცნაირი, გაყინული გამოხედვა ჰქონდა. შუშისთვალა მეზობლის ქალი მყავდა ხოლმე, ბავშვობაში გამოითხარა, იმნაირი თვალებით მიყურებდა, გეგონებოდა ვეცნობოდი და ვერ მიხსენებდა.
მეორე, შედარებით უფრო პატარა თავი ეკლესიისკენ ჰქონდა მიტრიალებული, ტაძარს მისჩერებოდა. იქითა მხრიდან რო შემომევლო და მეორე სახეზე კარგად შემეხედა, ვერ შევძელი. მიხვდა და პირველი თავიც მიატრიალა. ბერთან შესახვედრად ვეება რიგი იყო გაწელილი. ყაყანი ისმოდა, ერთი-მეორეს ეძიძგილავებოდნენ. იქ ბედნიერი არავინ იყო, ყველას რაღაცა უჭირდა, მაგრამ გაჭირვებაშიც ვერ დაევიწ­ყებინათ ერთმანეთის ღრენა. ვის აღარ ნახავდი... თითქოს გააკანკალა ფარსიას, თვალები დახუჭა და ისევ გაახილა. _ წელმოწყვეტილები, სინათლედაკარგულები, ენაჩავარდნილები... ის ორთავიანი კაცი დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. ვიღაცამ თქვა: `კიბო აქ მაგ კაცსო~. მერე გავიგე, იმის კიბო მეორე თავი ყოფილა. მეორე თავმა ამოხეთქა. ვინ იცოდა, ნამდვილი რომელი იყო, მეორედ ამოსული, თუ პირველი.
ამას ის სასწაულთმოქმედი ბერი გაიგებდა, ეშმაკს ჰქონდა თავი ამოყოფილი თუ ანგელოზს. რამდენნაირი ადამიანიც არი თურმე, იმდენნაირი სატკივარი არსებობს.
სასწაულებით არის სავსე ეს დალოცვილო სამყარო. გამჩენი რას არ დაგანახვებს, რას არ გაჩვენებს, თვალი გინდა ამისთვის, ღვთის საქმეების დამნახავი თვალი.
ბოლოს ალალი მზერით შემომხედა ფარსიამ და მკითხა:
_ შენ რაღა გაწუხებს? კაჟივით იყავი...
რა მეთქვა, არ ვიცოდი, დავიბენი. სიმართლე, რო ვთქვა, რაც მე მაწუხებდა ვერც ვიტყოდი. რას გამიგებდა, შეიძლება ჭკუიდან გადასული ადამიანის შთაბეჭდილება დამეტოვა. უცბათ მომაფიქრდა:
_ სიცილი დავკარგე-მეთქი.
ვერ მიხვდა. მიყურებდა ეგრე მზერაგაურკვეველი თვალებით.
_ ჯერ ისე რა არის ცხოვრება და გაცინება რო აღარ შეგიძლია, სიკვდილი ჯობია-მეთქი.
მიყურა, მიყურა და გაეღიმა.
_ რას არ გაიგებ კაცი, _ ჩაიბუტბუტა. მერე შემომხედა, ჩემს გაკერპებულ სახეს აკვირდებოდა,_ მაშ, სიცილი დაკარგე.
თავი დავუქნიე. Uუცბად დასერიოზულდა და სახეზე უფრო გულდასმით დამაკვირდა.
_ დიდი ხანია, ეგრე ხარ? _ ისევ მომაჩერდა თვალებში, აშკარად შევეცოდე.
_ რამდენიმე თვე იქნება-მეთქი.
_ რანაირად დაგემართა ეგ ამბავი? _ უფრო ჩამეძია, თან სიბრალულით ევსებოდა ჭროღა თვალები.
_ გავიღვიძე ერთ დილით და... ვიგრძენი, რო გაცინება აღარ შემეძლო... _ სიმწრით კბილები გავაკრაჭუნე.
მხარზე ხელი დამადო.
_ იქნებ სალოცავია გამწყრალი?
მხრები ავიჩეჩე.
_ სად აღარ ვიყავი, შემოვიარე მთისა და ბარის სალოცავები, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ერთი სიტყვით, დავრჩი სიცილის გარეშე. ვფიქრობდი, იქნებ ისევ დამიბრუნდეს-მეთქი, მაგრამ... ამაზე ძნელი არაფერი ყოფილა, ყველანაირი ინტერესი და ხალისი დაკარგა ცხოვრებამ.
_ ეგეთი რამე მართლა არ გამიგია, _ თქვა და ჩაფიქრდა, _ სულ არ გეცინება?
თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
_ აღარ მეცინება.
_ ძნელია, მაგრამ... _ შენ კი არა, ვიღას ეცინება, ისედაც სიცილის გარეშეც მივათრევთ ამ წუთისოფელს. _ ჩემს დასამშვიდებლად თქვა და მერე დააყოლა, _ რა გვაქვს ისე სასაცილო, ჩვენთვის რო ვთქვათ. რო გვეცინება ჩვენს თავს არ დავცინივართ? დასაკლავი, შეთქმული ცხვრებივით მივყავართ ცხოვრებას. უეჭველად გიშველის ის კაცი, მონასტრიდან რომ გამოხვალ გემრიელად გაგეცინება, _ თქვა და ღიმილით შემომხედა.

* * *
_ მგონი, გავგიჟდი-მეთქი, _ ჩემს თავს წავჩურჩულე. ორეულს თვალებდაჭყეტილი შევცქეროდი სარკეში. `ის~ კაცი უცნაურად მაკვირდებოდა. Gგული ამიდუღდა. ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. ზუსტად იმ ხმით ვტიროდი, როგორც ბავშვობაში, დიდი ხნის წინ ვზლუქუნებდი ხოლმე... კი, ის ხმა იყო. ვტიროდი და ჩემს ბავშვობისდროინდელ ხმას ვუსმენდი, რომელიც არსადაც არ იყო გამქრალი. ყველა უბედურებას, ხო რაღაც ბედნიერება მოაქვს და ტირილმა, ჭკუიდან გადასვლის გამო რო დავიწყე, ერთი ბედნიერება მომიტანა, სადღაც მივიწყებული, სადღაც დატოვილი ჩემი თავი გამახსენა. გული ამოვიგდე, ისე ვტიროდი. იტყოდი, რო ყველაზე საყვარელი ადამიანის ცხედარი მესვენა წინ და იმას ვაპატიოსნებდი. ჩემი მეგობარი ვალოდია გამახსენა ამ მოთქმა-გოდებამ, ბავშვობის მეგობარი ვალოდია, რომელსაც თავის დროზე ლენინის საპატივსაცემოდ დაარქვეს მშობლებმა ეს სახელი. ალბათ შემთხვევითი არ იყო, რო მაინცა და მაინც ვალოდია გამახსენდა. იფიქრებთ, რო რაღაცეებს ვბოდიალობ. ალბათ ასე იწყება სიგიჟე. მალე სხვებიც შემამჩნევენ, სხვებიც დაინახავენ ჩემს შეშლილ სახეს და არეულ სულს. Kკი, სულსაც დაინახავენ. ეხლა აღარაფერი იმალება, ყველაფერი ჩანს. უცბად გავიფიქრე, რო ჩემი შიშველი სულის დანახვა ყველას შეეძლება და გამაკან­კალა. ნეტა როგორ გამოიყურება ჩემი სული? ვინმე მეტყვის?
ვტიროდი, თითქოს ცხედარი მედო წინ. მაგიდას თავს ვურტყამდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რო ფერფლად ქცეული ფიქრით გამოტენილ თავის ქალას კუბოს კუთხეს ვახეთქებდი. მოკლედ, ვალოდია გამახსენდა, ჩემი სამჯერ ნასამართლევი მეგობარი, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩავარდნილ დედას უვლიდა.
თითქოს ადგილები გაცვალეს. ბედნიერი იყო ვალოდია, რო უფალმა დედის მოვლის საშუალება მისცა. ჩემ მეგობარს, რომელიც ჩავარდნილ დედას დაჰგურგურებდა, ნახევარი ენა აღარ აქვს და ვეღარ ლაპარაკობს. ციხის ჯალათებმა ცემა-ტყეპით რაღაც უბედურება დამართეს და მალ-მალე გონება ეკარგებოდა, კრიჭა ეკეტებოდა და ხან სად გადავარდებოდა, ხან სად. ერთხელაც კრიჭაშეკრული რო წაიყვანეს საავადმყოფოში, აღმოჩნდა, რო ნახევარი ენა აღარ ჰქონდა, თავისივე კბილებით მოიჭამა ენა და სამუდამოდ დამუნჯდა. თავიდან, რაღაც რო ვკითხე და ხმა ვერ გამცა, მეგონა, რო მაიმუნობდა.
_ მმმ... _ უცნაური ბგერები გამოსცა.
_ ხმა ამოიღე, რას ზმუიხარ-მეთქი.
ცრემლები წამოუვიდა, პირი გააღო და ვაი დედაჩემო! გული ლამის გამისკდა. გრაფინით წყალი ედგა. ხელის კან­კალით ავიღე, ვსვამდი და ნახევარი მექცეოდა. ვუყურებდი, მეგონა, რო მეჩვენებოდა. სახეზეც შევისხი წყალი, გონება მებინდებოდა. ვუყურე, ვუყურე ვალოდიას და თავი ვეღარ შევიკავე, ავზლუქუნდი. მოვეხვიე, ჩავეხუტე, ისიც ტიროდა. მინდოდა გამემხნევებინა, რაღაც სანუგეშო მეთქვა, მაგრამ რა უნდა მეთქვა, ის ვეღარასოდეს ვეღარ დამელაპარაკებოდა. ცრემლიანი თვალებით მიყურებდა და ხმას ვერ იღებდა. თითქოს სამუდამოდ დამეუბრა. რო მოვმკვდარიყავი, ის მერჩია. ვუყურებდი და ვამჩნევდი, რო დამუნჯებას, უენობას სხვა ადამიანად გადაექცია. ფურცლები და კალამი გვერდით ედო, რაღაც დაწერა და მომაწოდა, ისევ ისეთი ბატიფეხურით წერდა. რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ქართული წერა უჭირდა.
`იცი? განსაწმენდელივით მომიწყო ღმერთმა, ჩემივე ცოდვების მონელება, ჩემი მოკბეჩილი ენით დავიწყე. ვიგრძენი, როგორ გადამეყლაპა მოჭმული ენის ნაწილი. ფიქრი გარეთ აღარ გამოვა, ჩემშივე დარჩება, აქვე იტრიალებს. ბევრი ფიქრის დრო გამიჩნდა. ფიქრს დუმილი უნდა. მართალია, ჩემს ხმას ვეღარავინ ვეღარასოდეს გაიგებს, მაგრამ დიდი არაფერი დააკლდება სამყაროს, რომელსაც იმით შევეწიე, რომ მის ღრიანცელს ჩემი ხმა გამოაკლდა. სამყაროს მდუმარებით უფრო დავეხმარები. დედამიწას მარილივით აკლია ფიქრი~. _ გამომიწოდა ფურცელი და უღიმღამო ღიმილით მომაჩერდა.
მერე სხვა ფურცელი აიღო და მიაწერა: `ენის მოჭმისას ტკივილი არც კი მიგრძვნია, თითქოს სხვისი სხეულის ნაწილი მომძვრა, გულისამრევი გემო კი ჰქონდა. მოგლეჯილი ენიდან სისხლი თქრიალით მომდიოდა და ღორღივით მოჰქონდა სიტყვები, რომლებიც დაგროვილი იყო და თქმა ვეღარ მოვასწარი. ჩარეცხა სისხლმა ის სიტყვები.~
შევყურებდი ვალოდიას. უფრო დაბერებული მეჩვენა, გატეხილი. დედის სურათებით გაევსო კედლები, სადაც გაიხედავდი, სულ ცხონებული ლიზიკოს ფოტოები იყო.
მიყურებდა, ეწეოდა და მაკვირდებოდა. მატყობდა, რო ვერ ვიყავი კარგად.
ფურცელი აიღო და დაწერა: `რაღაც დაგემართა, ისე არ გამოიყურები, როგორიც იყავი~.
გრძნეულივით თვალები ჰქონდა. უენობით მზერაც სხვანაირი მისცემოდა.
რა მეთქვა, არ ვიცოდი. ვგრძნობდი, რო შემოდიოდა ჩემში და ხედავდა რა კორიანტელიც მიტრიალებდა ტვინში. ჩაღველფილ ცეცხლს რო სულს შეუბერავ და ფერფლი პეპლებივით აიშლება, ოღონდ მკვდარი პეპლებივით, ეგეთი კორიანტელი იდგა. იტყოდი, რო ვიღაცამ ჩემს ჩანაცრულ, ჩამწვარ მოგონებებს სული შეუბერა და ფერფლად ქცეული ცხოვრების წუთები წამოშალა.
მიყურა, მიყურა, მერე აიღო ფურცელი და მიაწერა: `რა დაგემართა, ძალიან არეული ჩანხარ~... შემომხედა და ფურცელი წინ დამიდო.
არაფერი მითქვამს, ოთახს უაზროდ მოვავლე თვალი, თითქო ფერფლში იყო ყველაფერი გახვეული. ვალოდიას ვეღარ ვხედავდი, უბერავდა და უბერავდა ვიღაც უჩინარი ნაცრად ქცეულ ნაცეცხლარს. ფერფლით იფარებოდა ყველაფერი. მაგიდაზე ნაცრისფერი თოვლივით დადო. ამას მხოლოდ მე ვხედავდი. რამდენჯერმე ვცადე ფერფლის ნაფლეთები მუჭში მომექცია და ჩემი ცხოვრების დაფერფლილ ფრაგმენტებს დავკვირვებოდი. ვერ მოვიხელთე, ონავარი პეპლებივით დაფრინავდნენ.
ისევ აიღო ფურცელი, თავისი მოჭმული ენით რაღაც უცნაური ბგერები გამოსცა. სახეზე შევატყვე, რო ძალიან შევეცოდე. თვალები აუწყლიანდა. არადა, დედის მერე მისი თვალები აღარ დასველებულიყო, დედის სიკვდილით გა­თავდა მისი ცრემლი. `ცხოვრებას როცა კარგად ჩაწვდები, ის უსათუოდ მარცხდება შენთან. სულ რო უპოვარი იყო, სულ რო მიტოვებული, დავიწყებული და მარტოსული, მაინც გამარჯვებული ხარ. რთულია, ადამიანად ყოფნა. თითქოს ვეება აბლაბუდა გაუბამთ სულში და ყოველი ტკივილი,ზედ გეწებება. სევდით ივსები, სევდა ჭამს. თუმცა სევდა ბედნიერების წყაროა.~
ჩაფიქრდა, მერე იქვე მიაწერა: `ვინმე გიყვარს? მე ეს არასოდეს მიგრძვნია, მაგრამ გუმანით ვხვდები, მაგ შენი არეული თვალებიდან სხვა ვიღაც მიყურებს~.
ფურცელი გამომიწოდა. წავიკითხე, სისხლი მომაწვა სახეზე. ღაწვებზე ქავილი ამიტყდა. რაც კი სისხლი მქონდა კაპილარებიდან ერთიანად დაიძრა და თვალებზე მომასკდა.
თავი დავუქნიე. თვალებს ისე ვარიდებდი, თითქოს რაღაც დიდი დანაშაული ჩამედინოს ამ კაცის წინაშე. ან თითქოს მისი ძალზე ახლობელი შემიყვარდა და სირცხვილით ვიწვოდი. თავჩაღუნული ვიჯექი. მერე როგორც იქნა, თვალი გავაპარე ვალოდიასკენ. ისევ წერდა. მცირე პაუზა გააკეთა, კალამი პაპიროსივით მოიქცია ბაგეებში და ჩამოძონძილი ფარდით შემოსილ ფანჯარას მიაშტერდა. მცირე ხანში წერა ისევ გააგრძელა, ჩემთვის არ შემოუხედავს. ბოლოს უცნაურად გამომხედა და ფურცელი გამოაცურა მაგიდაზე. ოდნავ უფრო გაკრული ხელით დაეწერა. გეგონება ჩქარობდა: `თითქოს არც უნდა გეკითხებოდე, ძალიან მიმძიმს, მაგრამ რო არ დაგიმალო, მაინტერესებს, შენს შეშლილ თვალებს რო ვუყურებ... მაინც რას განიცდი, რო გიყვარს? შენს სულში ხელის ფათური კი არ მინდა, უბრალოდ... ძალიან, ძალიან მაინტერესებს, რას გრძნობ...~
რა მეთქვა, არ ვიცოდი. ვფიქრობდი, როგორ ამეხსნა ის, რასაც განვიცდიდი.
ვალოდიას წინ ცარიელი ფურცლები ელაგა, რაც მისთვის ენის ფუნქციას ასრულებდა. შეიძლება ფურცლები ენაზე მეტიც იყო. საუბრით ყველაფერს ვერ იტყვი, ფიქრის ნაწილი მიზეზთა გამო ენიდან გიქრება. შენს ბაგემდეც ვერ აღწევს ტვინში შობილი აზრი...სადაც იწყება, იქვე მთავრდება თავისუფლება...
ფურცლები ავიღე. კალამი გამომიწოდა. მიყურებდა, მე ვებრალებოდი, თუ საკუთარი თავი, ვერ მივხვდი, ისეთი მზერა ჰქონდა.
ცარიელ ფურცელს ჩავაშტერდი. მერე ვალოდიას შევხედე და წერა დავიწყე.
`არ ვიცოდი, რა იყო სიყვარული, თორე ახლოს არ გავეკარებოდი, დამიჯერე, მართლა, არ გავეკარებოდი. უსიყვარულობა უფრო დიდი ბედნიერება მგონია. ტკივილი, ტკივილი, ტკივილი... სული ეკლიან ბუჩქში ჩაიხლართა. Oოდნავი შეტოკება და სულის ნაგლეჯები ეკლებზე რჩება. თავიდან მეგონა, რო საკუთარი თავი ვიპოვე, ჩემს სულში ბედნიერების კუნძული აღმოვაჩინე და იქ დავსახლდი. თითოეული წამი და წუთი, საათი, დღე, კვირა და თვე... სულ ის... სულ მისი ხმა, მისი სიცილი, მისი სუნთქვა... ბოლოს მივხვდი, რო დამღალა სიყვარულმა, გონება ამირია. არ ვიცი, როგორ გამოვხატო, მე უცნაური აჩემებები მაქვს და ალბათ ეს გრძნობაც სხვა რაღაცაში გადამდის. შველა მინდა, დახსნა მინდა ამ ყველაფრისგან, შევხვდი მას და ეს ყველაფერი ვუთხარი. მიშველე რამე, შენგან გამათავისუფლე-მეთქი.
ყველაფერი დავწვი, ყველაფერი გავანადგურე, ჩემი ლექსები, ჩემი ბარათები. ამ ლექსებით და ბარათებით ვსუნთქავდი და ვერც კი წარმომედგინა, რო ოდესღაც ჩემი ხელით აგებული ტაძრის დანგრევას მე თვითონვე დავიწყებდი.
თავის მოკვლაც ვიფიქრე, მაგრამ არ გამომივიდა. ის იყო თოკი მოვძებნე სახლში და სწორედ იმ დროს ჩემი შორეული ნათესავი მამა ლუკა მესტუმრა... ბავშვობის მერე თვალი არ დამეკრა. წმინდა გიორგის ხატი მოაბრძანეს მეზობელი სოფლის ტაძარში და მამა ლუკაც მომლოცველებს ჩამოჰ­ყოლოდა. ბარეღამ აქ ვარო და სახლი მიკურთხა. ცას ავხედე და ჩემი მფარველი ანგელოზი მიღიმოდა. არ მომჩვენებია, მართლა მიღიმოდა.
მერე ფსიქიატრიულში გადავწყვიტე რო წავსულიყავი. გადავწყვიტე რა, წავედი, მაგრამ ადგილი არ იყო.
_ რა გჭირსო, _ ექიმმა.
_ ეგ რო ვიცოდე, ჩემთვისაც კარგი იქნება-მეთქი.
_ ეგრე არ არის, ვისაც მოეპრიანება ყველა აქ მოვიდეს და დაწვესო.
ქვების სროლას ხო არ დავიწყებდი. ამ ექიმთან დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა. თვალი ჩამიკრა:
_ ერთი-ორი კაპიკი გაიღე და ცნობას მოგცემო.
_ რა ცნობას-მეთქი.
_ ხო გიჟის ცნობა გინდაო.
ვერ მივხვდი, ცნობა რა ჯანდაბად მინდოდა.
_ ისე, არ შემიძლია, სხვებსაც უნდა მივცე თავიანთი წილიო.
წამოვედი. იმ ექიმს კიდევ ჰქონდა მოლოდინი, რო ფულს ჩავუტენიდი თეთრი ხალათის ჯიბეში და ფსიქიურად დაავადებულის ცნობას მომცემდა.
ვისთვის რა უნდა მეთქვა, ვისთვის რა უნდა შემეჩივლა. ბევრი ვიფიქრე, ბოლოს წავედი და ის ადამიანი ვნახე, ხომ მიხვდი, ვისაც ვგულისხმობ, მე `იმ ადამიანად~ ვიყავი ქცეული, ის ვიყავი.
ვიცი, გიჟურად გამომდის, მაგრამ რასაც განვიცდი, ხო უნდა აგიხსნა, არ ვიცი, როგორ გაიგებ ამ ყველაფერს, თითქოს ასეთი სიყვარული მხოლოდ ჩემზე გამოსცადა იმ დალოცვილმა ღმერთმა, არა მგონია, ოდესმე ვინმეს ასეთი რამ განეცადოს. კაცი, შეყვარებულ ქალში ჩასახლდეს, მასში ცხოვრობდეს, მისი სუნთქვით სუნთქავდეს, მისი სხეულის ყველა ნაწილს გრძნობდეს, მისი სევდა და ტკივილი, მისი სიხარული, ყველაფერი შენს ტვინში ხდებოდეს...
კიდევ რა დავწერო არ ვიცი~.
ჩაიკითხა, ჩაფიქრდა, მერე ფურცელს დაწვდა ვალოდია. კალამი გავუწოდე, თითები ისე აამოძრავა, გეგონებოდა, რო დაბუხული ჰქონდა. მხოლოდ სამი სიტყვა დაწერა: `მიდი, მიდი, გააგრძელე~.
ვუყურებდი, მის მზერიდან მინდოდა რაღაცეები ამომეცენცა, მაგრამ ვერ შევძელი. თითქოს ცხრაკლიტულში მიეჩქმალა ფიქრი.
ისევ ავიღე ფურცელი და კალამი.
`რა დავწერო, ვეღარ ვიგებ ვინ ვარ, `მე,~ თუ `ის~, როგორ აგიხსნა, შეუძლებელია ამის ახსნა.
მინდა, რო გადაყვიყვარო, გადაყვარებაც ხომ შეიძლება. უსიყვარულოდ ყოფნას რა მანატრებინებდა. ისეთ სიყვარულზე ვოცნებობდი, თავს რო დამაკარგვინებდა, ყველას და ყველაფერს რო დამავიწყებდა. ამისრულდა ოცნება, ვიპოვე ისეთი სიყვარული და აჰა, ხო აგიხსენი რა დღეშიც ჩავვარდი. სუნთქვაც აღარ მაქვს ჩემი, აღარც სიცილი, აღარც სიზმარი, ჩემი აღარაფერია. იქნებ ეს არის ბედნიერება, იქნებ ეს არის ის, რაზეც ყველა ოცნებობს, მაგრამ... მოკლედ, მე ვეღარ ვუძლებ და გადაყვარება გადავწყვიტე. რაც კი მისთვის ბარათები მქონდა დაწერილი, ერთიანად მოვხვეტე და დავწვი. აი, ის ბარათები, რომლებსაც ვწერდი და ჩემთვის ვინახავდი. ყოველივე მათგანის გადაკითხვით ჩავლილ დღეებს, წუთებს, წამებს ხელახლა ვაცოცხლებდი. გადიოდა ცხოვრება, მაგრამ ამ ბარათების წაკითხვით განვლილი დრო ხელახლა მემატებოდა. დრო თითქოს იმ ბარათებით ამოტენილი უჯრებიანი მაგიდის ფეხზე, შეთქმული ცხვარივით მყავდა გამობმული.

(გაგრძელება ქვემოთ)

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 10:28 pm

გიორგი სოსიაშვილი

გადამყვარებელი

(გაგრძელება)

დრო დავაბი. ამ აუხსნელმა, სიგიჟემდე მიმყვანმა სიყვარულმა დრო გამაჩერებინა და ჩემი თავის გარეთ გამიყვანა. ვეღარ გავუძელი, ამიტომ... ვეძებ...~
წაიკითხა და, ჩემდა გასაოცრად, ტკივილებით დაშრამული თვალები ცრემლებით აევსო. ორი სიტყვა მიაწერა ფურცელზე: `ვის ეძებ?~
იმავე ფურცელზე მივაწერე: `გადამყვარებელს ვეძებ. ბევრი ვეცადე, მაგრამ დავიწყება ვერ შევძელი. იმ ბარათებით დიდი ჭიაკოკონა ავანთე. სიტყვებს ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა, ცეცხლი მოშიებული მგზავრივით ჭამდა ქაღალდზე გადატანილ ფიქრებს, განცდებს. მეგონა დაიწვებოდა და ამით გათავდებოდა ყველაფერი. თუმცა, კი არ გათავდა, დაიწყო. ქარმა გაიტაცა ფერფლად ქცეული ბარათები. ეგრე მიმოფანტა, გამოვლელ-გამომვლელებს შავი ფანტელებივით ეყრებოდათ. ნაცეცხლარზე ფერფლის ნამცეცები დარჩა. დავყურებდი, მეგონა რო გავთავისუფლდები-მეთქი, მაგრამ უფრო უარესად ვიგრძენი თავი. მთელი ღამე თეთრი თვალით გავათენე, ჭირის ოფლში ვცურავდი. წამოვდექი, სხეული მიცახცახებდა, სინათლე ავანთე, წურწურით ჩამომდიოდა ყინულივით ცივი ოფლი. საწერ მაგიდას მივუჯექი. გამოვაღე უჯრები, სიცარიელემ შემომღრინა. გიჟივით ვაკვირდებოდი ცარიელ უჯრებს და ვბუტბუტებდი: `წერილები, ჩემი წერილები, ღმერთო! სად გაქრა ჩემი წერილები~. თითქოს ჩემივე ხელით არ გამენადგურებინოს.
უცნაური წრიპინი მომესმა. კედლის საათს შევხედე და გული გადამიქანდა, ელვის სისწრაფით ბრუნავდნენ ისრები. ვიგრძენი როგორ დაიძრა ჩემს ოთახში დატბორილი დრო. ოთახის კუთხეებიდან მწერები გამოცოცდნენ. ბარათებში შენახული წუთები და წამები, თითქოს ამ უცნაურ არსებებად გადაიქცნენ და შეჭმას მიპირებდნენ.
ფურცელი ავიღე, ცარიელ უჯრაში ერთადერთი ფანქარი ვიპოვნე და ბარათის წერას შევუდექი, თან ხმამაღლა ვღრიალებდი. მივხვდი, რო უარესად შემიყვარდა და ამ ყველაფერს თავს ვერასოდეს დავაღწევდი~.
ვალოდიამ ჩაიკითხა, სიგარეტს მოუკიდა და ცრემლშერჩენილი თვალებით მთხოვა, გააგრძელეო. თითქოს საკუთარ დაკაწრულ სულზე ვწერდი ისეთი შეგრძნება მქონდა.
`ყველაზე უცნაური ის იყო, რო ღამე აღარ თენდებოდა და ვერც საათს ვიგებდი. ისრები ისე სწრაფად ტრიალებდა, დღე და ღამე ერთმანეთს გადაება. ბარათში რაღაც აბდა-უბდა აზრები გადავიტანე, მერე უჯრაში ჩავდე და წამოვ­დექი. საწერ მაგიდას ისე ვუყურებდი, თითქოს გილიოტინა იყო.
ჩავიცვი, გარეთ გამოვედი, თავბრუ მეხვეოდა, მციოდა, ზაფხულის ცხელ ღამეში მაბაბანებდა. სახლში შევბრუნდი, ტანსაცმლის კარადა ლამის ამოვაყირავე. პალტო ჩავიცვი, მამაჩემის ნაქონი პალტო, გამოვედი და ქუჩას გავუყევი. გზადაგზა უფრო მიღრმავდებოდა აზრი, რო ნამდვილად შევიშალე. ვიღაცეები მხვდებოდნენ, მისტვენდნენ, დამცინოდნენ... შუა ზაფხულში პალტოთი რო კაცს დაინახავ...
ერთი სიტყვით, ასეთ საშინელ დღეში აღმოვჩნდი, არ მეგონა თუ...~
ფურცელი გავუწოდე. იმაზე მეტი ხანი მოუნდა წაკითხვას, ვიდრე ველოდებოდი. საფერფლეში ჩასრესილი სიგარეტი ხრჩოლავდა. თითქოს საგულდაგულოდ ჩაექრო, მაგრამ კვამლი სწორხაზოვნად, ძაფივით ამოდიოდა და მერე უცნაურად იკლაკნებოდა.
`ცხოვრებასავით არის ამ ჩამქრალი სიგარეტის კვამლი~, _ გავიფიქრე ჩემთვის, _ `თავიდან თითქოს სწორი გზაა, მერე კი აითართება, დაიკლაკნება და ბოლოს კვამლივით იფანტება~.
თითქო ჩემი ფიქრები ამოიკითხა. ჩასრესილი სიგარეტი უფრო გულმოდგინედ ჩააქრო. მერე წერას შეუდგა. ერთი-ორჯერ შეისვენა, თვალებში ჩარჩენილი ცრემლები ამოიწმინდა. მცირე ხნის შემდეგ წყალი მოსვა, სევდიანად გამიღიმა და ფურცელი გამომიწოდა.
`რისგანაც შენ თავის დაღწევას ცდილობ, რასაც შენ გაურბიხარ, მე მთელი ცხოვრება უშედეგოდ დავეძებ და ველოდები. რა უცნაურია ცხოვრება. ვერ იტყვი, რო უსამართლოა, იმიტომ, რომ რა უკეთესია და რა უარესი, ეს ჩვენ არ ვიცით. ცხოვრების უსამართლობაზე წუწუნი არა მგონია სწორი იყოს. შენ ეტყობა ზედმეტად იოცნებე... სიმართლე გითხრა, მე არასოდეს მიოცნებია, ამის უნარი არ მქონდა, ბავშვობიდანვე მესმოდა ხოლმე: ნატვრის ასრულება, ჩემთვის ეს უცხო იყო, როგორ უნდა მენარტა ისიც არ ვიცოდი, ან ნატვრა რა იყო საერთოდ. მოკლედ, ოცნებები რო არ გაქვს, კარგიც არის და ცუდიც. კარგი იმიტომ, რო ღმერთს არ აწუხებ, მაგრამ ცუდი ის არის, რო ადამიანი ოცნებების და ნატვრის გარეშე ადამიანად ვერასოდეს იქცევა.
თავისუფლება ნატვრაშია, ოცნებაშია, ფიქრშია, უკიდეგანო ფიქრში. ფიქრს, ნატვრას, ოცნებებს მოაქვს სიყვარული, შენ რო ასე გაურბიხარ, უფრო სწორად ძალიან რო დაგღალა. მე კი საერთოდ არ განმიცდია. არასოდეს არავინ მყვარებია. შენ გადამყვარებლის ძებნაში ხარ, მე კი ერთი მისხალი სიყვარულიც არ მღირსებია... სიყვარულს ის დალოცვილი ანაწილებს, ეხლა რო მაღლიდან დაგვცქერის და ჩვენს ამ უცნაურ `საუბარს~ ისმენს. მან ასე მოინდომა. ორი კასრივით ვართ, ერთი ამომშრალი და ამოხახულია, მეორე კი ისე სავსეა, იქცევა უკვე.
მე შენ ვერ გაგიგებ და შენ _ მე, იმიტომ რო არც ერთს გვიგრძვნია ერთი-მეორის სულში არსებული რაღაცეები.
რო შეიძლებოდეს ადგილების გაცვლა... მაგალითად სულები რო გავუცვალოთ ერთმანეთს. უსიყვარულო სული რო მომეცა შენთვის და შენ კი... უსიყვარულო სულს მიჩვეული სხეული როგორ შეეწყობა გადამყვარებლის ძებნაში მყოფ სულს, არ ვიცი. მინდოდა ვინმე შემყვარებოდა, ბოლო-ბოლო იმას მაინც გავიგებდი როგორი გრძნობაა, ადამიანს თავს რო აკარგვინებს, მაგრამ...~ _ თითები გაატკაცუნა, შემომხედა, მერე ისევ აიღო ფურცელი და მიაწერა: `ვინ გაგვაცვლევინებს სულებს~, _ გამომიწოდა და შემომღიმა.
ღამე ისე გაგვეპარა, ვერც ვიგრძენით. გამომაცილა ვალოდიამ, რაღაც დაიზმუკუნა, მერე ხელით მანიშნა, შემომიარე ხოლმეო. ოთახისკენ შემოვბრუნდი, მაგიდისკენ გამექცა თვალი, სადაც ჩვენი მიწერილ-მოწერილი ფურცლები ეყარა.
_ აიმ ქაღალდებს წავიღებ-მეთქი, _ ვთხოვე.
თვითონაც მიაჩერდა მაგიდას, მერე თავი დამიქნია.
ავკრიფე ფურცლები და გულის ჯიბეში ჩავიდე. მაცილებდა ჩემი უენო მეგობარი და მის თვალებში ფიქრმა გამოჟონა: `მართლა ვეღარ გცნობ, უცნაური ისედაც იყავი, მაგრამ... მაშ გადაყვარება გინდა! ეს ფურცლები... დაწერ რამეს, ალბათ, ისე როგორ მოისვენებ, მოთხრობაში სახელი შემიცვალე!

* * *
ვერ მივხვდი, ცხადი იყო, თუ სიზმარი. ჩემ თავს მივდევდი, მაგრამ ვერაფრით ვეწეოდი.
_ მოიცა, მოიცა-მეთქი, _ მაგრამ თითქო არც გაუგია, ფეხს აუჩქარა. ისე სწრაფად მიდიოდა... გავჩერდი, სული მოვითქვი, ღვინთილა ამომვარდა. ცას ავხედე, ვერ გაიგებდი, თენდებოდა თუ ბინდდებოდა. ყველა უბედურება მე რატო მჭირს! _ საცოდავად ამოვიზმუკუნე და ქვაზე ჩამოვჯექი, პაპიროსს იშვიათად ვეწეოდი და ბედად ჯიბეში ერთი გასრესილი ღერი აღმომაჩნდა. ზუსტად ისეთი პაპიროსი, როგორსაც ვალოდია ეწეოდა.
მოვუკიდე და ისე ღრმად ჩავისუნთქე, მეგონა პაპიროსის კვამლს შებინდული ცაც ჩავაყოლე.
მცირე ხნის შემდეგ ავდექი და გზა გავაგრძელე. სად მივდიოდი, არ ვიცოდი, თითქოს არც დასაწყისი ჰქონდა ამ გზას და არც დასასრული. უაზროდ, უმისამართოდ მივუყვებოდი ბნელ ქუჩას და ჩემგან გაქცეულ კაცზე ვფიქრობდი. ვიარე, ვიარე და ვიღაც შევნიშნე. გზის პირზე იჯდა და ეწეოდა. ახლოს მივედი, დავაკვირდი, მე ვიყავი. არც შემოუხედავს, უფრო სწორად ვერ დამინახა. ხელში ფურცლები ეჭირა და კითხულობდა. ჩემი ბარათები ვიცანი, მის გარშემო ფურცლები იყო მოღავებული. დავიცუცქე, ფურცლების აკრეფა ვცადე, მაგრამ როგორც კი ხელს შევახებდი, ჩიტებივით მიფრინდებოდნენ. ვერც ერთს ვერ წავკიდე ხელი.
_ ვინ მოგცა ეს ფურცლები? _ შევეკითხე.
ჩემი ხმა არ ესმოდა. რაღაცას ჩურჩულებდა. სათითაოდ კითხულობდა ბარათებს და გულის ჯიბეში იდებდა.
_ ვინ მოგცა ეს ფურცლები? _ ხელები ამიკანკალდა. ისევ თავისთვის ჩურჩულებდა და ყურადღებას არ მაქცევდა.
_ ხომ ნატრობდი ამ რაღაცეებისგან თავის დაღწევას, დამთავრდა, წავიდა შენგან ეს კაცი, თავისი დარდით და ტკივილებით, თავის სიყვარულითა და სევდიანი ბარათებით. ხომ ნატრობდი, რო ვალოდიასავით ყოფილიყავი და იმ ეკლებისგან გათავისუფლებულიყავი, სულს რო გიკაწრავდა. დაანებე ეხლა ამ კაცს თავი და მონახე შენი გზა.
ამ კაცმა დაიჩურჩულა, თუ სხვა დამელაპარაკა, კარგად ვერ გავიგე. ერთი ეს მახსოვს, ტირილი დავიწყე, ოღონდ ვგრძნობდი, რო სხვისი ცრემლები მომდიოდა, ჩემი არ იყო. ვისი ცრემლი იყო ნეტა... იმ გაქცეული კაცის გარდა იქნებ კიდევ არსებობდა ჩემში ვიღაც და არ ვიცოდი. ნაცემი ძაღლივით გამოვბრუნდი, ძვლები მტკიოდა. ცას რამდენჯერმე ავხედე. ისევ ისეთი იყო, ვერ გაიგებდი, თენდებოდა, თუ ღამდებოდა.
გზაში რაღაც სიხარული ვიგრძენი. თითქოს მართლა გავთავისუფლდი ტკივილებისგან, სიყვარულზე ფიქრიც კი აღარ შემეძლო.
მივიხედე, წარმოიდგინე, სახლიდან რო მიდიხარ, თითქოს უკეთეს ადგილზე, კარგი ცხოვრების მოლოდინში და შენი საცხოვრებლის კედლები თან მოგდევს. ოჯახის წევრების თბილი, ცრემლით ავსილი თვალებიც უკან მოგყვება, ისეთი შეგრძნება მქონდა. ის კაცი, ჩემგან წასული, ბარათებთან ერთად გაქცეული, აღარ ჩანდა.

* * *
ოთახში შევაბიჯე და ვფიქრობდი, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. თვალწინ წარმომიდგა: დაცარიელებული უჯრები, გაფანტული ბარათები და ჩემგან გაქცეული `მე~. თითქოს მსუბუქად ვგრძნობდი თავს. რაღაც უსაშველო ტვირთი მოვიშორე და მტანჯველი ფიქრებისგან გავთავისუფლდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, ნიავი რო ამოქროლილიყო გამიტაცებდა. ვეღარ ვიგებდი, ეს ყველაფერი მიხაროდა, თუ არა. სიგიჟის შიშმა ისევ დამიარა.
ჩამოვჯექი და ახლა იმაზე ვფიქრობდი: ნადვილად მე ვიყავი, თუ ვიღაც სხვა.
ჩემს თავს დაველაპარაკე და უცნაური ხმა ამოვუშვი. ჩემივე ხმაზე შევკრთი. სხეულს ისე ვითვალიერებდი, თითქოს ვიღაცისგან მქონდა ნათხოვარი და ხო არაფერი დავუზიანე-მეთქი. არ ვიცი, ასე რამდენი ხანი გაგრძელდა. იქნებ ერთი წუთი, იქნებ ერთი საათი, ან რამდენიმე დღე, იქნებ სულაც ცხოვრების ერთი დიდი ნაწილი.
სხვა არსებად გადავიქეცი და ამას ვერაფრით ვიჯერებდი. არადა, თავისუფალი ვიყავი. აღარც ბარათები, აღარც მტანჯველი ფიქრები, აღარც ეს გაუთავებელი სიყვარულობანა. გაიქცა ჩემგან ის კაცი, ვინც ასე მტანჯავდა, მაგრამ რამდენი ხანი გავძლებდი ასე. თავი მისკდებოდა, კისერი ჩემდაუნებურად ტრიალდებოდა და საწერი მაგიდისკენ მახედებდა. მზერას ვერ ვიმორჩილებდი, თითქოს საწერ მაგიდაზე დაცვივდა ბუდიდან ამომხტარი თვალები.
იტყოდი, რო ვიღაცამ ქეჩოში წამკიდა ხელი და წამომაყე­ნა. მივიხედ-მოვიხედე, არავინ იყო. თითქოს სხეული გამიშეშ­და, ნაბიჯების გადადგმა მიჭირდა. დაბრუჟებული ფეხი რო გადაგიდგამს და წაფორხილებულხარ, ეგრე დამემართა, ლამის პირქვე წავემხე. სკამს ჩავებღაუჭე, მაინც ვერ შევიმაგრე თავი და მუხლებით მივხოხდი საწერ მაგიდასთან. დიდი ხნის წვალების შემდეგ წამოვდექი როგორც იქნა. საწერ მაგი­დაზე ალაგ-ალაგ ცეცხლის კბილებს გადარჩენილი თითო-ოროლა სიტყვაშერჩენილი ქაღალდების ნამწვავები ეყარა. ავკანკალდი, ჭირის ოფლმა დამასხა. ჩემი თავი მომენატრა, ისე ძალიან მომენატრა, რო ცრემლები წამსკდა. ჩემგან გაქცეული ჩემი თავის მიერ დაწერილი სიტყვები ამოვიკითხე დამწვარ ბარათებზე, `მიყვარხარ~... `დამღალე~... `მაინც მიყვარხარ~... საიდან გაჩნდა, ამ მაგიდაზე ცეცხლს გადარჩენილი ბარათების ნაგლეჯები, სულ რო არ დამავიწყდეს ჩემი თავი... ალბათ...
ცრემლიანი ვიჯექი და თითქოს წინა ცხოვრებაში ვიქექებოდი. მოხერხება უნდა საკუთარი თავის დავიწყებას. უჯრები გამოვწიე და დიდი ხნის წინ დაკარგულ ყველაზე ძვირფას ნივთს რო იპოვი, ისე გამიბრწყინდა თვალები. ჩემი ბარათები ხელუხლებელი ეწყო. უჯრებში ჩურჩულებდნენ ჩემი სასიყვარულო წერილები, რომლებიც ყველა ერთნაირად იწყებოდა: `შენ ხო იცი...~
სკამზე დავეშვი, ვეღარ ვიგებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. სიზმარსა და ცხადს შორის ყოველგვარი ზღვარი წაიშალა. ვერ ვხვდებოდი, ვინ ვიყავი და რა მინდოდა.
`ნუთუ ასე დაგამძიმა და დაგამწუხრა სიყვარულმა~. ჩემი ნამდვილი ხმა ჩამესმა. ბარათები ამოვალაგე უჯრებიდან, მაგიდაზე გავშალე და თითქოს საკუთარი ნატანჯი სული მეფინა წინ, ისე დავცქეროდი...

* * *
ვეღარ ვუძლებ, ეს ის არ არის, რასაც სხვები განიცდიან. ჩვეულებრივი შეყვარებულები, არც კი ვიცი, როგორ გადმოვცე. ტანჯვა? წამება? უფრო უარესია. თან მინდა, თან არა. ცარიელი უჯრები სიკვდილია ჩემთვის, ახალი ბარათების წერაში ვარ და იტყვი, სადაცაა, სული ამომივა. ვეღარ ვუძლებ. დაორსულებულმა ტვინმა ლამის არის გადმოანგრიოს თავის ქალა. დავიწყება მინდა, გადაყვარება მინდა... თითქოს ადვილია, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ. საკუთარი თავი არ მემორჩილება. შეყვარება თუა გადაყვარებაც ხო იქნება. სათითაოდ ვეხები ბარათებს. უცნაური ხმები ჩამესმის, თითქოს კვნესიან. ვერ შევირგე სიყვარული, ვერ გავუგე საკუთარ გულს, ვერ გავუძელი, რა ვქნა... არადა, ვერ წარმომედგინა ეს წუთები, თუ ამას ვინატრებდი _ გადაყვარებას.
თვალები დავხუჭე, თითქოს ვიღაცის ლანდი დადიოდა ოთახში. ისეთი შეგრძნება მქონდა, რო ფეხაკრეფით მომიახლოვდა და თავზე დამადგა. უცნაური სითბო და სუნთქვის მონაბერი ვიგრძენი. ის იყო, მისი ამონასუნთქი მეხებოდა ღვინობისთვის თბილი ნიავივით. მასთან გატარებული თითოეული წამის აღდგენა ვცადე. ტვინში გაბნეული მოგონებების ნამსხვრევები წამოვცენცე. წარმოიდგინე, ფიქრით შეკოწიწებული ალბომი, დაახლოებით... თითოეული წამი გაცოცხლდა, სადაც კი დამენახა, სადაც კი თვალი მომეკრა, სადაც კი შევხვედროდი. უფრო მძაფრად ვიგრძენი მისი სიახლოვე, მისი ამონასუნთქით გაბრუებული ვიჯექი. მერე სიზმრებიც გავიხსენე, სათითაოდ ჩამოვყევი. მივხვდი, რო არაფერი იკარგება. სიზმარი რო სიზმარია, ისიც არ ქრება და შენშია შენახული. თუ მოინდომებ, ყველა სიზმარს გაიხსენებ. არადა, სადღა მახსოვდა სიზმრები, მეგონა ყველაფერი მავიწყდებოდა, თუმცა... აღმოვაჩინე, რო თურმე სიზმრებიც კი შენახული მქონდა.
_ აქ ხარ? _ ხმამაღლა ვიკითხე. პასუხი არავის გაუცია. სუნთქვა ისევ მესმოდა და მისი ფილტვებგამოვლილი ჰაერი მეხებოდა, _ ვიცი რო აქ ხარ და ხმა ამოიღე, _ წამოვდექი, ხელების ფათური დავიწყე. არავინ იყო, მხოლოდ მე ვიყავი, _ ხვალ წავალ მონასტერში, შევხვდები იმ სასწაულმოქმედ ბერს და ვეტყვი, რაც მჭირს. შევხვდები, იქნებ გადამაყვაროს როგორმე და გაგიჟებას გადავრჩე.
თანდათან დამშორდა, სუნთქვაც აღარ მესმოდა.
ბარათებს დავცქეროდი, ყველა ერთნაირად იწყებოდა `შენ ხო იცი...~
ერთიანად მომაწვა მოგონებები და სიზმრები, თავის ქალა თიხის ქოთანივით სკდებოდა. ყველა მოგონება და სიზმარი ერთად, ღმერთო!

* * *
დავრდომილთა და სხეულთა რიგი ტაატით მიიწევდა ბერის კელიისკენ. ვიღაცას სული ჰქონდა აშლილი, ვიღაცას კეთრი ეყარა, ვიღაცას სიცოცხლისმჭამელა სენი გასჩენოდა და დღეებს ითვლიდა, ვიღაცას ეტლითYმიაგორებდნენ. თითოეულ მათგანს თვალებში ვაკვირდებოდი, საოცარია სიცოცხლის წყაროზე მიმავალი ადამიანების მზერა.
მონასტრის მაღლა, ვეება მუხების ქვეშ, ადამიანებისგან გაქცეული და სულში ჩაყურყუმელავებული არსებების საცხოვრებლისკენ მიიწევდა რიგი...
ვიღაცას სული ჰქონდა აშლილი, ვიღაცას კეთრი ეყარა, ვიღაცას სიცოცხლისმჭამელა სენი გაჩენოდა და დღეებს ითვლიდა, ვიღაცას ეტლით მიაგორებდნენ. საოცარია სიცოცხლის წყაროზე მიმავალი ადამიანების მზერა. მე, მე რისთვის მივდიოდი სასწაულმოქმედ ბერთან...

* * *
ბოლო აღმოვჩნდი. ის იმხელა რიგი ისე დამთავრდა, ვერც კი მივხვდი, რო პირისპირ ვიდექი შუახნის ანაფორიან კაცთან, რომელიც სასწაულებს ახდენდა და უამრავ ადამიანს კურნავდა. ოთახის ზღურბლთან დაუპატიჟებელი სტუმარივით ავიტუზე და ნაბიჯის გადადგმას ვეღარ ვა­ხერხებდი.
შევხედე და, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ისეთი მზერით მომჩერებოდა. თითქო დედამიწაზე ყველა უბედურების მიზეზი მე ვიყავი. კარგა ხანს მიყურა, მერე, თავისთვის, ბუტბუტი დაიწყო, მთქნარება აუტყდა. იტყოდი, რო რამდენიმე ღამე თეთრად გაეთენებინა. ჭაღარა წვერს მალ-მალე ისწორებდა.
ხატებით მორთულ კედლებს აკვირდებოდა და ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა, რო ქვითინს დაიწყებდა. ქანდაკებასავით ვიდექი და უაზროდ მივშტერებოდი. ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი ისე გადმოდგა, რო არ შემოუხედავს, მომიახლოვდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
_ მაშ, გადაყვარება გინდა... _ თავი გააქნია, ჩაცვენილ თვალებში მჯიღი ამოისვა, ისეთი მზერით შემომხედა, თითქოს მიცნო და თვალებს არ უჯერებდა, თუ მე ვიყავი.
_ მეც მინდოდა... _ თქვა და სიტყვები ყელში გაეჩხირა.
იგრძნობდი, რო მის თვალებში ჩამარხული სევდა, ტკივილი, არასოდეს არავის ამოეკითხა.
_ ვერ შევძელი ეგ ამბავი, _ ჩაილაპარაკა და კელიის კუთხეს მიაშტერდა. _ ვერ შევძელი და წამოვედი. სადღაც მივატოვე ჩემი დასნებოვნებული თავი და ჩემს მეორე `თავს~ ანაფორა გადავაცვი. შენ კი... _ ისევ ჩაეღიმა, _ შენ კი უნდა მთხოვო, გადამაყვარეო...
თითქოს ენა წამერთვა.
_ ვიცი... ამას ვერანაირი ლოცვა და მეტანიები ვერ შველის. მაგის წამალი უფალს ჯერ არ მოუგონია, ის არის და მორჩა. ამ კედლებს შევაბერდი, ჩემი სული გამჩენს მივუძღვენი, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერ გავექეცი. უკან მომყვა, მეგონა ვერ მომაგნებდა, მაგრამ ერთ ღამესაც შემომიღო სენაკის კარი. როცა მეგონა სხვა არსებად გადავიქეცი, სწორედ მაშინ მომიწვა გვერდით, ვითომ მივიწყებული... აქედან წასასვლელი აღარსად მქონდა.
გა - და - ყვა - რე - ბა... _ დამარცვლით თქვა ბერმა, გაეღიმა და თავი გააქნია, _ ჩაჰკიდე შენს თავს ხელი, ნუ მიატოვებ. ნეტარებაზე მეტი ნეტარება, ის ტანჯვაა, რასაც შენ განიცდი. წერე ბარათები და გადაყვარებას ნუღარ შეეცდები.
მცირე ხანში ისევ ბუტბუტი დაიწყო და მთქნარება აუტყდა. მერე პირჯვარი გადამსახა, დამემშვიდობა და სენაკიდან გავიდა.
ბერის ოთახში დარჩენილი, ქანდაკებასავით ვიდექი და დაბლობში, მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ანაფორით შემოსილ სასწაულმოქმედ კაცს მივშტერებოდი. თითქოს ისევ მესმოდა მისი საუბარი, თან სულ ერთი და იგივე: `ჩაჰკიდე შენს თავს ხელი! ჩაჰკიდე შენს თავს ხელი! ჩაჰკიდე შენს თავს ხელი!~

* * *
სადარბაზოს ავუყევი, საშინელი ტკივილი ვიგრძენი მკერდში, ისეთი შეგრძნება მქონდა, რო გული ატამივით გადაიხლიჩა და მისი ნაწილები ცალ-ცალკე ფეთქავდნენ. მოაჯირს ჩამოვეყრდენი, კიბეს დაღლილი თვალებით ავხედე, მომეჩვენა რო ცამდე უნდა მევლო. კიბის საფეხურები აღარ მთავრდებოდა და ჩემს საცხოვრებელ კორპუსში კი არ ვიყავი, არამედ ცისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდი. ჭირის ოფლი მასხამდა. პირი გამიშრა, ძლივს ამოვისუნთქე და წვალებით, დიდი ხნის ნაავადმყოფარივით გავაგრძელე საფე­ხურების ავლა.
`რა ფასი აქვს იმის გარეშე შენს ცხოვრებას. ის არის შენი არსებობის წყარო. თუ გადამყვარებელს ეძებ, ერთადერთი--- სიკვდილია ყველაზე დიდი გადამყვარებელი, ამიტომ...~
ვგრძნობდი, რო ჩემი ტანჯვა ისევ გაგრძელდებოდა. ბარათების წერაში, ცრემლში...
`შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა ბედნიერი ხარ. არადა, ამისგან გათავისუფლებას ესწრაფვი...~ _ ჩემივე ხმა ჩამეს­მა.
უცბად იმ ადამიანის სურნელი ვიგრძენი, ვისგან თავის დაღწევასაც ასე გულმოდგინედ ვცდილობდი. ის იქ არ იყო, ბნელ სადარბაზოში, მაგრამ მაინც ვიგრძენი მისი სიახლოვე, მისი თმების სუნი და მივხვდი, რო დიდი ხნის გადაკარგული, დიდი ხნის ნაწანწალები, საკუთარ თავში დავბრუნდი. სიხარულის ცრემლები წამომივიდა. ერთი სული მქონდა, ჩემს საცხოვრებლამდე მიმეღწია, საწერ მაგიდასთან დავმჯდარიყავი და ბარათის წერა დამეწყო, რომელიც უსათუოდ ასე დაიწყებოდა:
`მაპატიე, რა... მითხარი, რო მაპატიებ ამ ჩემი აკვიატებების გამო. იმის გამო, რო შენს გადამყვარებელს ვეძებდი ამდენი ხანი, უნდა გამიგო, სხვა გზა არ არის...~
ნაბიჯს ავუჩქარე, ძალა მომეცა. ასე მეგონა, ცამდე სწრაფი ნაბიჯით ავიარე კიბის საფეხურები და ჩემს თავს ვუთხარი, `რა ახლოს ყოფილა ზეცა-მეთქი~. გულის ტკივილმა გამიარა, თავისუფლად ვსუნთქავდი.
ჩემი ბინის წინ, კართან, საფენის ქვეშ გასაღების მოსაძებნად შევყავი ხელი და რაღაც ფურცელი მომხვდა. დავხედე და ენამოჭმული ვალოდიას მიერ გამოგზავნილი წერილი იყო.
`არ მეგონა, თუ კიდევ შეიცვლებოდა რამე ჩემს ცხოვრებაში. უენობამ, მდუმარებამ საკუთარი თავი უკეთ გამაცნო, მაგრამ არ მინდოდა, ისე დამთავრებულიყო ეს ჩემი ვითომცხოვრება, რო ის არ მეგრძნო, რასაც ადამიანები სიყვარულს ეძახიან. სულ არაფერი ვიცოდი, არასოდეს არაფერი მიგრძვნია. გითხარი, უფრო სწორად, დაგიწერე მაშინ, როცა ჩემთან იყავი და გადამყვარებელს დაეძებდი, რო შენ მოჭარბებული სიყვარული ტანჯვად გექცა, მე კი საერთოდ არ ვიცოდი, ეს როგორი გრძნობა იყო. შენ სიყვარულით გაჩენილ ტკივილებს გრძნობდი, მე კი უსიყვარულობით გამოწვეული ტკივილით ვიტანჯებოდი. ცარიელი ვიყავი, ოღონდ ამას მერე მივხვდი. როცა აივსები სიყვარულით, მერე გრძნობ, სიცარიელე რას ნიშნავს.
ერთ დღეს, ჩემს მეზობლად ქმარს გაშორებული, მცირეწლოვანი ბავშვის პატრონი ქალი ქირით დასახლდა. ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნდა მომხდარიყო და ერთ წამში, როცა კიბეზე ერთმანეთს შევეფეთეთ და თვალებში ჩავხედე, მივხვდი, რო... მას შემდეგ სიზმარიც შემეცვალა და ცხადიც. თითქო სულ ერთად ვიყავით მთელი ცხოვრება, თითქო სულში მყავდა ეს ქალი. მის სუნთქვას ვგრძნობდი და მისი სურნელით ივსებოდა ჩემი ოთახი.
ღმერთო! რამდენი რამ მაკლდა და არ ვიცოდი.
მინდოდა, მივსულიყავი, მის წინ დამეჩოქა და ჩემი უსიყ­ვარულო ცხოვრების გამო, ბოდიში მომეხადა. მეთქვა, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ მე ხომ ლაპარაკი არ შემიძლია. ეს იმას ნიშნავს, რო მე მას ვერასოდეს ვერაფერს ვეტყვი, მხოლოდ თვალებით მოვეფერები. თითქოს შენმა სტუმრობამ სიყვარულის... როგორ დავწერო, არც ვიცი, ეს რო არ მეგრძნო, ვერასოდეს გაგიგებდი. ტანჯვა ჯობია სიცარიელეს, დამიჯერე. ბარათების წერა დავიწყე. ვწერ და უჯრაში ვინახავ. სადღაც არსებობს ყოველი ადამიანის ბედნიერება. ვიღაცაში არსებობს, მთავარია, რო ვიპოვნოთ, მთავარია, რო მოძებ­ნის ჟინი არ მოკვდეს ჩვენში. დამალობანას თამაშის დროს რო დავიხუჭებოდით ბავშვობაში და ერთმანეთს ვეძებდით, ჩვენი წილი ბედნიერება ისე უნდა ვიპოვნოთ. შეიძლება, ძალიან შორს იყოს და დიდი ხნის ძებნა დაგვჭირდეს, შეიძლება, სულაც აქვე იყვეს, ჩვენს გვერდით და ვერ ვამჩნევდეთ.
მე არ მიძებნია, ის მოვიდა და ჩემ გვერდით დასახლდა. არც ისე უიღბლო ვყოფილვარ, როგორც მეგონა. მადლობა, რო თვალი ამიხილე. ხომ გითხარი, მოგბაძე და ბარათების წერა დავიწყე. მოვა დრო და ამ ბარათებს ჩემი ხელით გადავცემ, წაიკითხავს და იქნებ შევუყვარდე~.

23 მირკანი, 2019 წელი,
დიცი

ბმული:
* https://apinazhi.ge/journal/310--.html


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 10:35 pm

გიორგი სოსიაშვილი 052_n10

გიორგი სოსიაშვილი

გადაქართულება

იტყვი, რო ამან მოგვიტანა თავისუფლება.
შეხე, როგორ იღერებს ყელს. სად იყავით, სადაო, თქვე გამოქლიავებულებო თქვენა, მე რო დავეძგერე იმოდენა ჯოჯოხეთ სახელმწიფოსაო.
ესენიც როგორ გატვრენილან?! ძუძუს გოჭებივით შესცქერიან.
ვუყურებ და მის მაგივრად მრცხვენიან აი! _ ორი ხელი შემოიტყაპუნა ლოყებზე. ტორებივით ხელები და ნათითურები დააჩნდა. სხვას რო შემოერტყა ეგრე არ დაეტყობოდა. არ ვიცი, ძმაო, სადღა არი ნამუს-სინდისი, თფუი.
ან ეს ხალხი რამ დაამუნჯა, შესცქერიან ეგრე.
გატვრენილები უყურებენ. თითქო ეშინიათ. რას გაიგებ ამ ნახირისას.
ნახირს თენგიზას ბიჭი ვანე მოუქნევს სახრეს, თუ კაცია ამირანი, სულ ერთი არ არი? იმათთვინ მარტო სახრეა მთავარი. ჯოხის ამქნევი ვინ იქნება, რა აზრი აქვს?

არ უყურებენ. იტანენ და ჯოხი რო არ აუქნიო, უარესიც იქნება, რჩოლა-რჩოლით აიკლებენ ერთი-მეორეს. ისე დაეძგერებიან, ნაზამთრალმა საქონელმა რო
იცის ხოლმე, სანამ შეეჩვევიან ერთმანეთს. დასუნავენ, ახედ-ჩახედავენ, ვერ ხვდებიან, რო ორიოდ-სამიოდე თვის წინათ ესენი ერთად იყვნენ, ერთადა
ბალახობდნენ, ერთად დადიოდნენ ნახირში. სამიოდე თვემ ისე გადაავიწყა ერთი-მეორე რქენა-რქენით დასდევენ ერთიმეორეს.

ხალხიც გულმავიწყია, არ მინდა, რო ნახირს შევადარო, მაგრამ რას იზამ, ასეა, გულმავიწყია. უცბად გადაქართულდებათ ყველაფერი. აი, როგორი სიტყვა გვაქვს _ გადაქართულება. მარტივად იტყვი რო გადაგავიწყდება რაღაც _ გადამქართულდაო. ქართულთან ბევრი რამ არის დაკავშირებული, მაგრამ დავიწყებაც ქართულთან არის დაკავშირებული.
_ შენ რას იტყვი. _ ულვაშები მიიქექ-მოიქექა ბესამ და დათას შეხედა. დათა ბესაზე უფროსი იყო ასაკით. სიბერემ როგორც კი შემოუღრინა ქალაქიდან სოფელში გამოეშურა და ისე გამოიყურებოდა, ისე ეცვა, იტყოდი რო ქალაქში ერთხელაც არ იყო ნამყოფი. აჯაჯულ-დაჯაჯული კაკუჩით დადიოდა, ჭაღარა წვერი მოეშვა და მეზობლის ნაჩუქარი ნაბდის ქუდი ჩამოემხო თავზე. ასეთი ჩაცმულობით თითქო
ებოდიშებოდა სოფელს, თითქო ქედს უხრიდა იმ წლების გამო, რაც ქალაქად გაეტარებინა.

თავჩაღუნული იდგა დათა. მიწას დაშტერებოდა, თითქო არც უსმენდა მეზობლის ბჟუტურს. მიწას თვალს არ აშორებდა.
_ დათა, არ მისმენდი? _ არ მოეშვა ბესა.
_ გისმენდი, გისმენდი. _ ისე დაუქნია თავი, არც აუწევია. დაენანა, რო მიწისთვის მზერა მოეწყვიტა.
_ მერე…
_ რა მერე, რა გითხრა… არი ეგეთი და…
_ შვილი უარესია, შვილი!
_ შვილს არ ვიცნობ, _ თავი გაიქნია დათამ.
_ მაგნაირი გაქნილი და ოხერია.
_ გაუშვი, რაც არი არი, _ დათამ უფრო თავისთვის ჩაიბურტყუნა, ვიდრე ბესასთვის.
_ გაუშვი კარგია. რო იბრალებენ ყველაფერსა.
_ შენც დაიბრალე… _ დათამ თავი აწია და წამიერად შეხედა ბესას. ბესამ ვერაფერი გაიგო მისი ნათქვამიდან.
_ რა დავიბრალო, კაცო… _ გამწყრალი ხმით ამოიზმუკუნა.
_ რავი…
_ ეე, _ ხელი ჩაიქნია ბესამ. ერთი ხანობა იდგა და
ხმაამოუღებლად გასცქეროდა ნაწისქვილარის მაღლა ნამეწყრალ ფერდობს. ვეება კაკლების ფესვები მიცვალებულების ნეშტებივით რო გამოეჩინა. ასწლოვანი ხეები მიწაში აზელილი ბუჩქები ზემოდან ეყარა მეწყერქვეშ მოყოლილ წისქვილს. უყურა, უყურა ბესამ და მაინც ვერ ჩაიტოვა სათქმელი. ისევ დაიწყო საუბარი, ოღონდ უფრო თავის თავს ელაპარაკებოდა, ვიდრე მეზობელს. თან გული მოსდიოდა, დათამ რო
კვერი არ დაუკრა, მხარი რო არ დაუჭირა.
_ ცხრა მაისები ხო გახსომს.
დათამ უღიმღამოდ შეხედა.
_ შვიდი ნოემბრებიც ხო გახსომს.
_ აი, ეგა, დღეს რო სიტყვით გამოდიოდა. ხო
გაიგონე, რა თქვა. თქვენ რო კომუნისტების მონები იყათ და თავმჯდომარეებს აძლევდითო, ეროვნულ მოძრაობაში ვიყა და ქვეყნის თავისუფლებისთვის
ვბრძოლობდი. რა ჩემი საქმეა, მაგრამ… _ ოდნავ შეყოვნდა ბესა,
_ დააჯილდოვეს კაცი, დააჯილდოვეს, რა ჩემ ფეხებათ მინდა, ან ჯილდო, ან მენდალი, მაგრამ სიმართლე ხო უნდა თქვას კაცმა. ჩემ გვერდით რამდენჯერ მდგარა პარადზე ეგ შობელძაღლი როსტომა. პარადზე, თითქო მაშინ აქ არ ცხოვრობდა,
ცხრა მაისობაზე… ცხინვალში ჩემს გვერდით იდგა და მიუძღოდა სტუდენტებს წინა. დროშა ჯერ მაგას ეჭირა, მერე ცოტა ხნით მე გამოვართვი, მერე ისევ წამგლიჯა. დროშა, წითელი დროშა მე მაგის…
მაგის ბიჭი იყო, კომკავშირელთა ბელადათ რო მოჰქონდა
თავი. დგანან და შესცქერიან. ერთი ბეწვიც არ ჩამოუვარდება სირცხვილით. კომუნისტების მონები იყავითო. ის არაფორმალებიც როგორ უჯერებენ. დასდევენ ეგრე ლეკვებივით და უჯერებენ. ერთი უნდა გამომეტანებინა და მეჩვენებინა… იმ სურათებს სად გაექცევა… ეხლა რო სოფლის თავკაცი გახდა და
ახალ მთავრობას მოერგო. იქნება გონია, რო სადმე გადავყარე სურათები. ნეტავ დაგანახა როგორ მიაბიჯებს პარადზე და მიუძღვება სტუდენტებს. არაფორმალებს რო ის სურათი ვაჩვენო, წურწურით გაუვა მაგ შობელძაღლს ფსელი.
ჩვენი ხალხი… ჩვენი ხალხი… ძუძუს გოჭებივით შესცქერიან.
_ რა უნდა ქნან… _ უცბათ ამოიღო ხმა დათამ.
_ რა უნდა ქნან? _ პირი დააღო ბესამ. _ რა უნდა ქნან და ჭიტლაყი ამოუჭირონ.
_ შენ ამოუჭირე…
ბესას ისე მოუვიდა ამ ძალათ გლეხის როყიო სიტყვებზე გული, ლამის დათას ამოუჭირა პანჩური, მაგრამ ამის გამბედაობა არ ეყო.
_ გადაქართულდათ ყველაფერი ბესაა!… _ ჩაეცინა დათას და მეზობელს უფრო გამაღიზიანებლად შეხედა.
_ ყველა ერთნაირები რო ვართ, ვერა ხვდები? რა
გაატრაქტორე, კაცო, საქმე. ერთნაირები, ერთნაირები, ისიც, შენც, მეც და ყველა. შენც იგივეს გააკეთებდი, რო გქონოდა ამის თავი და მეც იგივეს გავაკეთებდი. აბა, დაეჭირათ ჩემთვის იმ არაფორმალებს მხარი.
გადმოვდგებოდი ტრიბუნაზე და დედას გიტირებდით, გქონოდა ის გადაღებული სურათები, ვის რას მოშჭამდი. ისე დაგაბოლებდით, ისე, ისე რომა! _ ხითხითებს, ხითხითებს დათა.
ბესა კიდე შესცქერის ეგრე გამოშტერებული _ ,,ამ გოთვერანს უყურე ამას?!
იტყვი, ჭიას არ გააღვიძებსო”.

ბმული:
* https://sosiashviliprose.wordpress.com/2021/02/25/გადაქართულება/


study


Last edited by Admin on Tue Jun 21, 2022 11:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 10:37 pm

გიორგი სოსიაშვილი

მთებს იქით დარჩენილი ბავშვობა

_ რამდენნი ხართ? _ ჰკითხა გიგამ.
_ ოთხნი ვართ, _ უთხრა ნიკამ, _ არა, ოთხნი კი არა,
ხუთნი, _ და ჩამოთვალა: _ მე, თაკო, ნათია, შალვა და ზურა.
_ რომელი ზურა? _ დაინტერესდა გიგა.
_ ეფრემას ბიჭი.
_ უი, ეგეც რო მარაქაში გაერია.
ტრაქტორისტი ეფრემას ბიჭი ცხრა წლის მიიყვანეს სკოლაში. ჩამორჩენილი იყო, ორჯერ ზედიზედ კლასში დატოვეს.
_ ხუთნი რა ამბავია, სულ რამდენი უნდა შეგვხვდეთ?
მთელ სოფელს შემოვივლით და ნახავ, თუ შენზე მეტს არ
მოვაგროვებთ.
გიგამ დამცინავი სახე მიიღო და მეზობლის ბიჭს კინკრიხოზე წაუთაქა.
_ ჩემზე მეტს კი არა, ერთი ამას დამიხედე.
ნიკა განზე გაუხტა, მაინც არ შეეპუა.
_ თუ არ ვიშოვი და დაინახავ.
_ ვნახოთ, ვნახოთ.
კალათი თაკოს უნდა წამოეღო, ძველისძველი კალათა ბებიას ეჩუქებინა, ბავშვობის დროინდელი ჭილის კალათა ისევ შენახული ჰქონდა მართას, იმ კალათას ბავშვობის სუნი ასდიოდა, ჭონის ღამით გამოწვეული სიხარულის განცდას ბადებდა.
_ ჩვენს დროს უფრო სხვა მადლი ჰქონდა, სხვა ეშხი, _ ამბობდა თაკოს ბებია, _ მაგრამ ესეც რომ შემორჩა, ესეც რომ მაინც არ გაქრა, ჯანდაბას. ყველაფერი გადაჯიშდა, ყველაფერმა იერი იცვალა და მადლობა ღმერთსა, რომ ზოგიერთი
რამ მაინც დაგვრჩა, ამით გვიდგას სული. _ სათუთად შეახო მამის ნახელავ კალათას ხელი.
_ რაც ამ კალათაში ჭონის კვერცხები ყოფილა. ბარაქიანია, ცარიელი არასოდეს მომიტანია. ძაღლმაც კი დამგლიჯა ერთხელა, ნაკბილარევი დღესაც მეტყობა.
_ სად მიდიოდი შვილოო, კვერცხის მეტი რა გვქონდაო, _
მამაჩემმა დამტუქსა, _ მაგრამ იქიდან მოტანილ კვერცხებს სხვა მადლი აქვს, სხვანაირი გემო აქვს. ერთი ავი ძაღლი იყო ჩვენს უბანშია, ილას ძაღლი, გამამიდგა და შავი დღე მაყარა, კვერცხებიც სულ დაგვემტვრა.
_ ძაან არ დაიგვიანო, ბაბო გენაცვალოს, _ თაკოს შუბლზე აკოცა, _ ქვეით უბანში არ წახვიდე, დიდი ძაღლები ჰყავთ.
მალე მოდი, დედა არ ანერვიულო.
თაკო მერცხალივით გაფრინდა, თან კალათას მიარბებინებდა.
ნიკა თავის ჯგუფს მეთაურობდა. დავალებებს აძლევდა.
_ შალვა, მამაშენს ფანარი გამოართვი, იქნებ ბნელი ღამე
იყვეს. თაკო და ნათია კალათს ატარებენ. ზურა ჯოხს წამოიღებს, ძაღლების მოსაგერიებლად დაგვჭირდება, ძაღლების ხომ არ
გეშინია?
_ ძაღლების არა, _ თქვა ზურამ, _ ისეთ სეირებს ვაჩვენებ…
_ უი, ლექსები, ლექსები ხომ ყველამ იცით, ზოგი ისეთია, სანამ სამ-ოთხ ლექსს არ გათქმევინებს, კვერცხს არ გაიმეტებს, კრიჟანგები არიან, შოთას ცოლის ამბავი ხომ იცით, თუმცა მარტო შოთას ცოლი არა, სხვებიც ეგრე არიან.
_ ბევრი ლექსები გვინდა, სხვებმა არ უნდა გვაჯობონ, თორე
მარტო ჩვენ კი არ დავდივართ, რამდენი ჩამოივლის სოფელში.
შალვამ უბიდან ოთხად დაკეცილი ფურცელი ამოიღო, გაშალა, მათემატიკის რვეულიდან ამოდღლეძილ ფურცელზე ლექსები ეწერა.
_ ეგ რა არის? _ იკითხა ნიკამ.
_ პაპაჩემმა ჩამაწერინა, ჭონის ლექსები.
_ აბა წაიკითხე.
წისქვილს პური დავაყარეთ, წამოვიდა ხრიალითა, ბები ერთი კვერცხი მომე, ნუ გამხეთქე ღრიალითა. ალათასა, ბალათასა...
~ ბარაქა და ლხინი მოგცეთ, ოჯახს ფეხზე
დადგომაო, ღმერთმა ბევრჯერ გაგითენოთ, ბედნიერი
აღდგომაო~.
_ ეე, რა მაგარია შალიკო პაპა, _ თქვა ნიკამ, ეს ლექსები უნდა ვისწავლოთ.
შემოისხა მერე შალვამ თავისი მეგობრები და ყველამ გაიზუთხა მათემატიკის რვეულის ფურცელზე დაწერილი ჭონის ლექსები.
მერე დიდშაბათიც დაბერდა. ავდრიან დღეს დაისღამის ბინდი შემოეპარა.
მიდიოდა ტირილის, გლოვის, მწუხარების კვირა, ვნების დღეებით გაჯერებული კვირა და დგებოდა საოცარი ღამე, ყველაზე დიდი ღამე, სიხარულის და სიყვარულის მომნიჭებელი, როცა ცისკაბადონზე სამყაროს შემოქმედისაგან გაჩენილი ყველა
მნათობი ერთად ანათებს, ერთად ხარჯავს დასახარჯ სინათლეს.
ყოველ აღდგომას თითქო ხელახლა იბადება სამყარო, ხელახლა ჩნდება კაცთა მოდგმა და ქაღალდივით სუფთა, სპეტაკი სულით იწყება ცხოვრება.
_ ჯანოაანთ უბნიდან დავიწყოთ, _ თქვა ნიკამ.
წინა დღეს ეწვიმა, ეავდარა, გუბეებიან გზაზე დატოპაობდნენ.
_ შალვა შენ დაიწყე ხოლმე.
_ მე ვერა, შენ დაიწყე.
_ ეე, რო გითხარი, გაიგე.
შალვა აღარ აუხირდა, იცოდა რო ნიკა ქვის ნატეხი იყო და ვერაფერს გახდებოდა. ჯანდაბას ამის თავიო და დაიწყეს ლეოაანთ სახლიდან.
ერთი თქვეს, მერე მეორე, ლეოს ცოლი გამოვიდა.
_ რომლები ხართ, შვილო, აქეთ მოდით შუქზე.
_ ჩვენა ვართა ანიჩკა ბაბო, _ დაეპასუხა თაკო.
_ ვისები ხართ?
_ მართას შვილიშვილი ვარ.
_ უი, თქვე ჭინკებო, თქვენა, აქ მოდით, კარგა დაგინახოთ,
ესა ნოშრეს შვილიშვილია, ეს ხო გივისია, აბა ერთიც იმღერეთ.
_ ხო ვთქვი, _ ფიქრობს ნიკა, _ სანამ ღვინთილას არ ამოგაგდებინებენ.
_ დაიწყე შალვა.
,,სადაც არის გვახარებენ ჩვენ პირველი მერცხლებიო,
ბები, ოქროს ხელით მომე, შეღებილი კვერცხებიო”.
_ ღმერთმა დაგზარდოთ შვილო, გაუძლიერდით თქვენ პატრონებს. ჯერ რომ არ შემიღებია კვერცხები, ეხლა ვიშოვე სამღებრო.
_ არა უშავს, ჩვენ შევღებავთ, _ უთხრა შალვამ.
ანიჩკა შებრუნდა და ორი კვერცხი გამოიტანა. ვიდრე კალათაში ჩადებდა, შალვამ ყურთან მიიტანა და გაანჯღრია.
_ ერთი ამას უყურე, ამ მაიმუნსა ამასა, ბაბუაშენი კი არა ვარ, ლაყე კვერცხები გამოვიტანო. კვერცხს ვინ დააძველებს ამ გაჭირვებაში.
_ წავედით!
მერე ანდროს სახლთან იმღერეს, მერე გიოს სახლთან, მერე ვალიკოს ჭიშკართან მივიდნენ. იქით სხვების სიმღერა ისმოდა, სხვებიც დადიოდნენ. სხვებიც
აგროვებდნენ სააღდგომო კვერცხებს. სოფლის ბოლოში რო
ბადრიას სახლი იდგა, იქაც ჩავიდნენ.
_ ერთი ქათამი არა ჰყავს ბადრიას, რომ მივდივართ, სად
მივდივართ? _ თქვა ნიკამ.
_ იქნებ ჰყავდეს, წავიდეთ, ბენზინი ხომ არ გვეხარჯება, _
მიუგო შალვამ და დაეშვნენ არსენას ორღობეში.
შალვა ფანარით ანათებდა. ზურას კეტი მოეღერებინა.
_ ხო არ გეშინიათ? _ თაკოს და ნათიას მოხედა ნიკამ.
_ რისი გვეშინია.
ნიკამ ცას აჰხედა.
_ ეე, როგორ მოწმენდილა, _ ცაზე გამოკიდულ უთვალავ
ვარსკვლავებს გაუღიმა, _ საღამოთი როგორი მოღრუბლული იყო.
ბადრიას სახლთან დახარჯეს რაც ლექსები ჰქონდათ, მაგრამ კაციშვილს არ გამოუხედია. აივნის ქვეშ შუქი კი ენთო, თუმცა სახლში არავინ ჩანდა.
_ მთვრალი იქნება, აზრი არა აქვს, _ თქვა ნიკამ, _ წავედით.
_ აბა ჩამახედე, _ შალვამ კალათაში ჩაიჭყიტა.
_ ფრთხილად! _ უთხრა ნათიამ. _ ლამის დამაპნევინა.
ეგრე მაინც ვერ დათვლი.
_ წავიდეთ და ზევით გავიყოთ, ლამპიონის შუქზე.
ლამპიონი სოფლის შუაგულში, კლუბის წინ ანათებდა.
_ შენ გაყავი ნიკა, _ უთხრა შალვამ.
_ ჰო, ნიკამ გაყოს, _ სხვებიც დათანხმდნენ.
_ კაი, რა მნიშვნელობა აქვს, _ თქვა ნიკამ.
_ ჩაიცუცქეთ.
კალათიდან ბალახზე ამოაწყეს კვერცხები.
_ ჯერ შეღებილები გავყოთ.
_ კაი.
_ ეს შალვას, ეს ზურას, ეს თაკოს, ეს ნათიას, ეს მე…
მერე შეუღებავიც გაყვეს. დარჩა ორი კვერცხი.
_ რამდენ-რამდენი შეგვხვდა? _ იკითხა ნიკამ.
_ შვიდ-შვიდი, _ თქვა შალვამ.
_ კარგია, ეს ორი კვერცხი თაკოს და ნათიას. ბიჭები
სამნი ვართ, გოგოები – ორნი.
_ ხომ არ გეწყინათ, ზურას და შალვას მიმართა.
_ არა, რა გვეწყინა.
_ დაიღალეთ? _ იკითხა ნიკამ.
_ ისე, რა.
ცა იყო საოცრად მშვიდი და სულ რაღაც ორიოდე საათში, მაცხოვრის აღდგომის სიხარული მოეფინებოდა თვალხილულ, თუ თვალთუხილავ სამყაროს…
შორს მთებია, უშველებელი მთები მოჩანს, საგუგულე თოვლით შევერცხლილი. იმ მთების იქით ნიკას სოფელია. ,,შარშან ამ დროს ყველანი ერთად ვიყავით, ყველანი
ჭონისთვის ვემზადებოდით”, _ რა ბედნიერი იყო მაშინ ნიკა, დედამ შეღება უამრავი კვერცხი, ვეება სინზე იყო გაშლილი, ცხელ-ცხელი, ახლად ამოყრილი ძოწისფერი კვერცხები, რომელსაც საოცარი მადლი ჰქონდა.

ნიკა ახლა დევნილი ბავშვია, ბუდე მოუშალეს, სახლი დაუწვეს, ბავშვობა წაართვეს. ის ღამე, შარშანდელი ღამე აღარასოდეს განმეორდება. ცრემლი აწვება თვალებზე. ახლაც აღდგომის ღამეა, ბაზარში იყიდა დედამ კვერცხები და შეღება, მაგრამ ამ კვერცხებს ის მადლი არ აქვს, რაც სახლში ჰქონდა.
არც ის გემო ექნება.
_ კუჭი გეტკინება, შვილო, მაგდენი არ შეიძლება.
_ აღდგომის კვერცხი არ მაწყენს, დედა.
საბავშვო ბაღის სარკმლიდან იმზირება, ცოტაც და ცრემლი დაეკიდება წამწამზე, აღდგომის ბინდი ჩამოიშალა, ჭონა იწყენა, ალათასა, ბალათასა…
ვინ ჩაიხედავს მის სულში, ვინ დაინახავს, რა ცეცხლი უტრიალებს.
_ ახალი შეღებილია, ცხელ-ცხელია.
_ დაიწყე შალვა.
_ ვალიკოსთან მივიდეთ, ქათმების მეტი რა ჰყავს.
თავისთვის ბუტბუტებს, სარკმლისთვის მიუბჯენია სახე
და უკვე ვეღარ იკავებს ცრემლებს.
შორს მთებია, მთებს იქით, ნიკას სოფელი და კიდევ…
წართმეული ბავშვობა.

ბმული:
* https://sosiashviliprose.wordpress.com/2021/03/29/მთებს-იქით-დარჩენილი-ბავ/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyTue Jun 21, 2022 11:07 pm

გიორგი სოსიაშვილი 051_n10

მწერალი გიორგი სოსიაშვილი თავისი მოთხრობების კრებულში ყველაზე ნამდვილ, თანამედროვე ამბებს ყვება.

„არის გარკვეული შემთხვევები, როცა ლიტერატურის და ტექსტის მნიშვნელობას ადამიანები ხელახლა გააცნობიერებენ და ემოციურად შეიგრძნობენ ხოლმე, ეს განცდა მქონდა, როდესაც გიორგი სოსიაშვილის წიგნს ვკითხულობდი. ეს პირადულია ავტორისთვის, და ეს პირადული იყო ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, რადგან, ის რაც გადმოტანილია ამ ტექსტებში, არ არის თითეული ჩვენგანისგან განყებული მდგომარეობა. იოლი არ არის ტექსტმა მოახდინოს ასეთი ემოციური ზეგავლენა და მით უმეტეს ეს არის ძალიან გულწრფელად გამოხატული ზემოქმედება. გიორგი სოსიაშვილი ამას დიდი ოსტატობით ახერხებს“

- წერს ილიას უნივერისტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე, ბელა წიფურია წლის საუკეთესო კრებულის ნომინანტი ავტორისა და წიგნის შესახებ.

ბმული:
* https://helloblog.ge/story/SABA2021-Prose

24.12.2021
გიორგი სოსიაშვილის „ოთხი მოთხრობა“ ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულია

თანამედროვე გორელი მწერლის, გიორგი სოსიაშვილის „ოთხი მოთხრობა“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინაციაში - „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ - გამარჯვებული გახდა.

როგორც GMnews - სთვის ცნობილია, აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილი იყო კიდევ ორი ავტორის, რუსუდან რუხაძის და ალეკო შუღლაძის მოთხრობების კრებულები, თუმცა, ჟიურიმ, რომელიც 9 თვის განმავლობაში განიხილავდა ნომინანტ წიგნებს, გამარჯვებულად გორის უნივერსიტეტის რექტორის ნამუშევარი დაასახელა.

„საოცარ ადამიანს ვუძღვნი ჩემ გამარჯვებას, ყველაზე ბედნიერ წუთებს-დედაჩემს, სიცოცხლის უშრეტ წყაროს, რომლის „ენითაც“ იწერება ჩემი ტექსტები და რომელიც დიდი ხანი მინდა, რომ მყავდეს და დატკბე ბედნიერებით“, - ამბობს გიორგი სოსიაშვილი.

შეგახსენებთ, პრემია „საბა“ 2002 წელს დაარსდა და წელს უკვე მეცხრამეტედ გაიმართა. პრემია კი, 9 ნომინაციაში გაიცემა.

ბმული:
* https://gmnews.com.ge/geo/5611


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyThu Aug 11, 2022 8:52 am

გიორგი სოსიაშვილი

ჩვიდმეტნი

ვუძღვნი შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას

_ შაკო.
_ ჰო.
_ ომობანა გინდა?
_ ომობანა? მინდა.
_ ვინა და ვინ ვითამაშოთ?
_ აი, თაზოსაც უნდა, გურიკასაც, ხო გინდა, გური?
გურიკამ თავი დაუქნია დათოს.
_ მეც მინდა, _ მამუკაც იქ გაჩნდა.
_ შენც ხომ გინდა ზაზა? ახლა ზაზას მიუბრუნდა, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა მეგობრების საუბარს, ბურთს კენწლიდა. ზაზას მარტო ბურთი ჰქონოდა და ყველაფერი ავიწყდებოდა. ლოგინშიც კი ბურთი ედო და ერთავად ოცნებობდა, რო დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. ჰა, გინდა თუ არა? _ ისევ შეეკითხა გიო.
ზაზამ პასუხი არ გასცა და გიო გაგულისდა, ბურთი გამოსტაცა.
_ რა შეჭამე ტვინი, თუ არ გინდა, ხვეწნას კი არ
დაგიწყებთ.
_ ვითამაშებ, ოღონდ გერმანელი არ ვიქნები.
_ ვაა, გერმანელი არ იქნება, _ გამოაჯავრა შაკომ, _ ვითომ რატო, რა წითელი კაკა ხარ?
_ ჯერ გავიყოთ, _ თქვა გიომ, _ მერე ავირჩიოთ ვინ გერმანელი იქნება და ვინ ქართველი.
_ არჩევანი, _ დაასწრო გურიკამ.
გიოს სახე აელეწა, გული დასწყდა, მაგრამ რაღას გააწყობდა.
_ არადანი, _ წაიდუდღუნა.
_ ზაზა ჩემია, _ ფეხბურთელს” ხელი მოჰკიდა და გვერდით გადაიყვანა.
_ შაკო ჩემსკენ იქნება! _ გიომ შაკოს დაადო ხელი.
_ მამუკა ჩემსკენ ითამაშებს, _ ახლა მამუკა მოიყენა გვერდით გურიკამ.
გიოს აღარაფერი უთქვამს. ბიჭები უკმაყოფილო სახით შეათვალიერა ,,რა ეშმაკია” გული მოუვიდა გურიკაზე, ,,როგორ დამასწრო”.

ამასობაში გურიკამ კენჭი აიღო.
_ თუ ვერ გამოიცანი, გერმანელები იქნებით, კარგი?
_ მომეცი ეგ კენჭი და შენ გამოიცანი! _ უთხრა გიომ.
_ კაი, ეგრე იყოს, _ დათანხმდა გურიკა. გიომ კენჭი მუჭში ჩაიდო, მერე ორივე ხელი ზურგს უკან დამალა. კენჭს ხან ერთ ხელში გადაიტანდა, ხან მეორეში, ბოლოს
შეუმჩნევლად ძირს დააგდო, ისე, რო ბიჭებმა ვერაფერი შენიშნეს და მცირე ხანში მომუჭული ხელები გურიკას
წინ გამოიწოდა:
_ აბა, გამოიცანი?
გურიკამ უკირკიტა, უკირკიტა და მარჯვენა ხელზე დაარტყა.
_ აბა, გაშალე, _ გიომ გაშალა ცარიელი ხელი და
გურიკამ იმედგაცრუების ნიშნად ამოიზმუკუნა.
_ ეგ არაფერი, გაამხნევა ზაზამ, მაინც წააგებენ.
_ საიდან დავიწყოთ? _ იკითხა გურიკამ.
_ საიდან და აიმ თხრილს იქით ჩვენ ვიქნებით, _
სოფლის კლუბის უკან ტრაქტორის ციცხვით ამოყრილ მიწის გროვაზე მიანიშნა.
_ კაი, გაცოცხლება რამდენჯერ იყოს?
_ ორჯერ იყოს, ხო საკმარისია, ბიჭებო?
_ საკმარისია, _ ყველა დათანხმდა.
_ აბა მომყევიიით! _ შესძახა გიომ და თხრილისკენ
მოკურცხლა.

თვლემაში წასულს, ბავშვობის მეგობრები ესიმზრა.
ფიცრისგან გამოთლილი თოფები, თოფებზე დახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავები და უცნაური ფორმის გერმანული დამღები. ესროდნენ და ესროდნენ ერთმანეთს. ზოგი ,,იჭრებოდა”, ზოგიც ,,კვდებოდა,” მაგრამ ისევ ცოცხლდებოდნენ და კვლავ ბრძოლის ველისკენ მიიწევდნენ.
ეს იყო მათთვის ომი.

ვერც იფიქრებდა, რო ერთ დროს ნამდვილი ჯარისკაცის ფორმას ჩაიცვამდა, ხელშიც ნამდვილ ავტომატს დაიჭერდა და სამშობლოს დაცვა არჩევან-არადანის გარეშე
მოუწევდა. ,,ნეტავ ისევ ომობანას ვთამაშობდე”, _ ნატრობდა გიო, _ნეტავ ისევ ხის თოფი მეჭიროს და სოფელში დავრბოდე. ის წლები აღარ განმეორდება, მოგონებებად დარჩა, ვარდისფერი ფარდის იქით არის ის მოგონებები".
_ ვის ელაპარაკები, ბიჭო! _ ბადრიმ გაოცებით შეხედა, ხო არაფერი მოგელანდა? გიო ფიქრებიდან გამოერკვა, მეგობარს შეხედა.
_ ჰოო, მომელანდა. _ მომე სიგარეტი, დაგრჩა? ბადრიმ გულის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მეგობარს გაუწოდა.
_ ფიქრებში წავედი, ბავშვობა გამახსენდა.
_ რა, დროს ბავშვობაა, _ ჩაილაპარაკა ბადრიმ, – ვიღა გაცდის ბავშვობას. გიომ სიგარეტი გააბოლა და კვლავ ფიქრებში ჩაიძირა.თითქო ყველაფერი მკვდარია, უსულო სამყაროში ვართ და ჩვენც უსულო არსებებად გადავექეცით. ცას მიაშტერდა. მარიამობისთვის ღურღურა მნათობი ისე აჭერდა, სუნთქვა ჭირდა. ვეება ტაფობში ხვატი ჩამოწოლილიყო. ბიჭებს გადახედა. ჭადრების ჩრდილში მიწოლილიყვნენ ღამენათევი ქართველი მებრძოლები.
_ გიო! _ ფიქრებიდან გამოერკვა. ზაზა ეძახდა.
_ არ მოგშივდა?
გიომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
_ მე კი, საცაა ბალახის ჭამას დავიწყებ.
_ ცოტაც გაძელი. მალე გავალთ.
_ სოფელში რო გავსულიყავით, რამეს იშოვიდა კაცი.
_ კაციშვილის ჭაჭანება არ არის. სოფელში რას იშოვი?
_ ვიშოვი, _ ჩაილაპარაკა ზაზამ.
_ ჰა, ვინ წამომყვება?
_ მე წამოვალ! _ თქვა გეგამ.

_ სასაფლაოზე მგონია თავი ტო! _ ჩაილაპარაკა ზაზამ, _ მკვდარია აქაურობა, საწყალი ხალხი, გახედე!
_ სული ტკბილია, ჯიგარო, _ ჩაილაპარაკა გეგამ, _ ყველაზე დიდი ქონება ადამიანისთვის სიცოცხლეა, რა ქნან. ჩვენ დავიხიეთ, მაგ უჯიშოების შემოსვლის გამო და მშვიდობიანი ხალხი გაჩერდებოდა? რომელი ეგენიც ვინმეს დაინდობენ, განა ჩვენნაირები არიან, გახსოვს, ოსების სოფელში რო გავჩერდით? თუმცა, შენ არ იყავი, ვახო იყო ჩემს გვერდით. ვახო, ჩვენი, დიდთავა.
_ სახლში შევედი, ოსები ცხოვრობდნენ, მოხუცი ცოლ-ქმარი იყო, წყალი ვთხოვე, რო დაგვინახეს წივილკივილი ატეხეს. ოსურსა და რუსულს ერთიმეორეში
ურევდნენ. _ არ დაგვხოცოთო, _ გვევედრებოდნენ. ჩვენ დავამშვიდეთ. ,,ნუ გეშინიათ არაფერს გერჩითო,” ვახომ ჩაურუსულა, წყალზე ვართ შემოსული, წყალი დაგვალევინეთო. ვერ დავაჯერეთ, რო მაგათი დახოცვა არ გვინდოდა. ეს ბებერი ოსის ქალი შინ შევარდა და ხელსახოცში გამოკრული რაღაცა გამოიტანა, მუხლებში ჩაგვივარდა, მერე ნაჭერი გამოხსნა, ოქროს სამკაულებს გვაძლევდა. მაგრა გავბრაზდი, _ მოაშერეთ ეგ ოქრო აქედან, განა საყაჩაყოდ ვართ მოსულები მეთქი, რუსები მაგას გააკეთებენ? მე მაგათი! აიკლეს ჩვენი სოფლები. ის ბებერი კაცი
რაღაცას ბურტყუნებდა, ვახოს ვუთხარი, რას ამბობს-მეთქი. ვერ დაუჯერებია, რო მათ დასახოცათ და გასაძარცვათ არ ვართ მისულიო.
_ ჰოდა, უთხარი მაგ დედა… ბებერს, რო თავის ნაბიჭვარ შვილებს, თუ შვილთაშვილებს უთხრას ეს ამბავი. რამ შეაზიზღათ ჩვენი თავი აზრზე არა ვარ. არ ვიცი, ძმაო, ადამიანისთვის სიკეთე გინდოდეს და ის მაინც
მტრად მიგიჩნევდეს.
ფიცრით შემოვლებულ ღობესთან კარგა ხნის ამომშრალი ონკანი მოსინჯა ზაზამ.
_ მე მგონი, საუკუნე იქნება წყალს არ გაუვლია, ჩაიცინა გეგამ, _ წამო აბა, შიგნით შევიდეთ, _ რკინის კარს ურდულის ენა ჩამოუწია და ეზოში შევიდა.

მახარე კედელს აეკრა. თითქო ქვად გადაიქცა. კარის ჭრიალზე შიში გაუმძაფრდა. ,,უნდა გავქცეულიყავი” _ გაიფიქრა, _ეხლა გვიანია, დამინახავენ და მომკლავენ”.
ლაპარაკის ხმაც მოესმა, მიუყურადა, ქართულად საუბრობდნენ, ,,ალბათ, ოსები არიან, ოსებმა ქართულიც იციან, დამთავრდა ყველაფერი, ესენი ცოცხალს არ დამტოვებენ". ბერიკაცს ნერწყვი გაუშრა. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა.
_ არავინ არის, _ თქვა გეგამ. ზაზამ სახლის კარი შეაღო და ისევ გამოკეტა. ბოსლიდან საქონლის ბღავილი მოესმათ.
_ წამო აქეთ, _ გეგას ანიშნა, სახლის უკანა მხარეს გავიდნენ, ეზო მავთულბადით იყო გადაღობილი. ბაღისკენ ბილიკი მიდიოდა. ბოსელიც იქ იდგა.
_ ვინ იცის, რამდენი დღის მშიერია საქონელი.
_ ვიღას აქვს საქონლის ჯავრი, _ ჩაილაპარაკა გეგამ. ზაზამ ბოსლის კარი შეაღო და ნიშა ხარმა შებღავლა. ზაზა თვალებაწყლიანებულ ცხოველს შუბლზე მიეფერა. მერე გარეთ გავიდა, ჩამოშლილ ზვინთან შედგა, ჯერ ეზოს მოავლო მზერა, თითქო გრძნობდა, რო პატრონი სადღაც აქვე იყო. თივა დაიიღლიავა, შეიტანა და ხარს ბაგაში ჩაუყარა. ისევ დაიბღავლა ხარმა. მახარე ერთხანს კედელს იყო აკრული, მერე სახლის უკან გავიდა და ახლად გაკეთებულ ფარდულში დაიმალა.,,ოსები არიან, ალბათ ხარს წაიყვანენ”. ნიშას ბღავილი მოესმა და გული დაეწვა. გაიქეცი მახარე გაიქეცი,” თითქო ვიღაცა ეჩურჩულებოდა. არსადაც არ გავიქცევი, თუ სიკვდილია, ჩემს სახლში მოვკვდე ის მირჩევნია, აქედან მკვდარს თუ წამიღებენ”.
_ ეტყობა წყალი სწყურია, დაასკვნა ხარის ბღავილზე ზაზამ, _ გავალ იქნებ სადმე იყოს, _ ბოსლის წინ მიიხედ-მოიხედა, იქნებ რამე ჭურჭელი ვიპოვოო და წყლით
სავსე ვედროს მოჰკრა თვალი.
_ წყალიც გაუმზადებია პატრონს, _ თვალები გაუნათდა. ვედროს დასწვდა, შეიტანა და ხარს დაუდგა, მაგრამ პირუტყმა პირი არ დააკარა, ზაზას და გეგას შესცქეროდა და ბღაოდა.
_ წავიდეთ, _ თქვა გეგამ, _ ბიჭები გველოდებიან.
ერთხანს ეზოში იბორიალეს და გეგამ უცბად გალიაში დამწყვდეულ კურდღელს მოჰკრა თვალი.
_ შეხედე! _ თეთრ ქათიბიან ყურცქვიტასკენ გაახედა ზაზა. ყურებჩამოყრილი კურდღელი მობუზული იჯდა და აკაციის გამოკლერტილ ტოტებს დასცქეროდა.
_ მოდი გავუშვათ, თორემ შიმშილით მოკვდება, _ თქვა ზაზამ.
_ ომში ვართ და კურდღლების გადარჩენაზე ვფიქრობთ! _ ჩაეცინა გეგას.
ზაზამ გალიის კარი გააღო, მაგრამ კურდღელი არ იძვროდა. მერე როგორც იქნა ზანტად გამობობღდა, ჯერ ერთ ალაგას გაჩერდა, მიწას ყნოსავდა, მერე ნელ-ნელა,
ხტუნვით, ბაღისკენ წავიდა.
_ სახლში რო შევიდეთ რა იქნება?
_ სირცხვილია! _ თქვა ზაზამ, _ სხვის სახლში ხომ
არ დავიწყებთ ბორიალს.
_ იქნებ პური იყოს, წყალიც წავიღოთ და წავიდეთ, სხვა ხომ არაფერი მიგვაქვს. გეგამ სახლის კარი შეაღო. ოთახის აღმოსავლეთ კედელზე ახალგაზრდა ქალის შავ-თეთრი სურათი ეკიდა. ღარიბული ავეჯი ელაგა, ასევე ძველისძველი ტელევიზორი, შუაში უზარმაზარი მრგვალი მაგიდა. რომელზეც წყლით სავსე ძველებური სურა იდგა.
გეგამ ჯერ მეგობარს შესთავაზა.
_ ძლივს წყლის გემო გავიგე, _ ჩაიბუტბუტა ზაზამ და სველ ნიკაპზე, რომელზეც ნაიარევი ეტყობოდა მჯიღი გაისვა.
ოთახში ვერაფერი მოიხელთეს, ბოლოს სარდაფში
შეაბიჯეს.
_ კამპოტები ბლომად ჰქონია მასპინძელს, _ ჩაეცინა
გეგას, _ ჭერმით სავსე სამლიტრიან ქილას დასწვდა, დანით თავსახური მოაძრო და ზაზას გაუწოდა.
ზაზამ ჭერამი დააგემოვნა და ქილა ისევ გეგას მიაწოდა.
_ წავედით! _ თქვა ზაზამ.
_ წავედით.
აივნის ქვეშ, ალუმიის ბოციდან მათარებში გადმოასხეს წყალი და წასვლა დააპირეს.
_ ნახე, სად არის ჩამოვარდნილი ,,სნარიადი”, _ ეზოს გვერდით პატარა ბახჩაში ამოთხრილ ორმოსკენ მიანიშნა ზაზამ. რუსების მიერ გამოსროლილ ჭურვს ვეება კაკალი შუაზე გაეხლიჩა და ნამსხვრევებს სახლის აღმოსავლეთი კედელი ერთიანად დაეცხრილა. აფეთქების წნევას ფანჯრებიც ჩარჩოებიანად ამოეყარა.
უცბათ ხმაური მოესმათ. ავტომატები მოიმარჯვეს.
_ მე მგონი ვიღაცაა, წამო, აქეთ, _ გეგამ ხელით ანიშნა მეგობარს და ფარდულისაკენ ფრთხილი ნაბიჯით გასწიეს.
ჯარისკაცების დანახვაზე მახარემ პირჯვარი ისახა.
ღმერთს გადარჩენას ევედრებოდა.
ფარდულში შესულ ქართველ ჯარისკაცებს ფერდაკარგული მოხუცი შერჩათ.
_ არ მომკლათ შვილო! _ მახარემ ძლივს ამოილუღლუღა.
_ რუსები გეგონეთ? _ ჩაეცინა გეგას, _ ქართველები ვართ, პაპა. მოდი, ნუ გეშინია.
დაბნეული მახარე თვალებს აცეცებდა.
გეგამ მხარზე მოუთათუნა მოხუცს ხელი.
_ არაფერს გერჩით, პაპა, წყალი გამოგველია. საჭმელიც შემოგვაკლდა, ვიფიქრეთ ახლოს სოფელია და იქნებ ვინმე იყვეს დარჩენილიო. მახარეს თანდათან ფერი მოუვიდა. ჩაცვენილ თვალებში იმედის შუქი ჩაუდგა და ბებრული ცრემლი წამოადგა, თუმცა ხმას მაინც ვერ იღებდა.
_ მარტო ცხოვრობ პაპა?
მახარემ დაკოჟრილი ხელით ცრემლი მოიწმინდა.
_ ცოლი შარშან მამიკვდა, შვილები და შვილიშვილები მყამ… სად წავიდნენ არ ვიცი, ალბათ ქალაქში თუ არიან, ნათესავს შეეხიზნებოდნენ. ესე მარტო ვგდივარ.
რა ფასი აქვს ესეთ სიცოცხლეს.
_ ნუ გეშინია, მაგნაირები გვინახია? _ ხელი გადახვია ზაზამ, – ყველაფერი კარგად იქნება.
_ ღმერთმა გისმინოთ, შვილო.
_ სოფელში სხვები არ არიან? _ ჰკითხა გეგამ.
_ არ ვიცი, არავინ დამინახავს. გამოცარიელებულია აქაურობა, ესე უპატრონოდ როგორ დატოვეს სახლ-კარი, გაკვირვებასა ვარ, _ დალაწლაწებული მხრები აიჩეჩა მახარემ.
_ ეგ არაფერი, ჩვენ ხომ აქა ვართ.
_ წავიდეთ, ბიჭები გველოდებიან, აბა, კარგად იყავი პაპა, _ დაემშვიდობა გეგა.
_ მოიცათ შვილო, ცოტა რაღაცეებს გაგატანთ, მე რა ოხრათ მინდა. ერთი ღერი კაცი ვარ, მაინც კრიჭა მაქ შეკრული, აღარც წყალი ჩამდის, აღარც პური.
_ იყვეს პაპა, იმდენს მაინც ვერ წავიღებთ, ბევრნი ვართ, თან სუ იმოდენები არიან, თითო კამეჩსა ჭამენ, _ჩაიცინა ზაზამ.
_ მოიცათ, _ აღარ მოეშვა ბერიკაცი და სახლში შევიდა.
_ როგორ არის გასაცოდავებული საწყალი, _ თქვა ზაზამ.
_ რუსები ვეგონეთ.
ცოტა ხანში მახარეს ხმა მოესმათ.
_ ჩვენ გვეძახის, თქვა გეგამ. ბიჭებო! _ ისევ გამოსძახა მახარემ.
_ აქეთ მოდით, _ მახარეს სინათლე აენთო მარანში და ქვევრთან იყო ჩამუხლული.
_ აემ ქვევრსა, სამებობას ვხდი ხოლმე, ეხლა თქვენ უნდა მოგიხადოთ.
მახარემ ქვევრს აყალო გადააცალა და ალუმის ჯამი შავად მოლიპლიპე ლომიაურში ჩააყურყუმელავა.
_ აბა გაშინჯე, _ ზაზას მიაწოდა.
ზაზამ ოჯახი დაულოცა მახარეს, მშვიდობა უსურვა და ღვინით სავსე ჯამი მოიყუდა.
_ როგორია? _ მოუთმენლად ჰკითხა მოხუცმა.
_ აფსუსი იქნებოდა ეს ღვინო რო რუსებს დაელიათ?
_ ჩაეღიმა ზაზას.
მახარემ ისევ გაავსო ჯამი და გეგას მიაწოდა.
_ ჩვენი ბიჭები გაგვინათლოს ღმერთმა, _ სევდიანად ჩაილაპარაკა გეგამ.
მახარემ ვეება კალათში პურები, კიტრი, მწვანილი და რამდენიმე ბუმბულა ყველი ჩაუწყო ბიჭებს და ერთი ძველებური საღვინეც ახალმოხდილი ღვინით გაუვსო.
_ რო გამოგელევათ, კიდე გადმოდით, შვილო.
_ გაიხარე პაპა! _ ხელი ჩამოართვა ზაზამ, _ ბიჭებს შენ სადღეგრძელოს დავალევინებ.

(გაგრძელება ქვემოთ)

ბმული:
* https://sosiashviliprose.wordpress.com/2021/03/02/ჩ-ვ-ი-დ-მ-ე-ტ-ნ-ი/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyThu Aug 11, 2022 8:53 am

გიორგი სოსიაშვილი

ჩვიდმეტნი

ვუძღვნი შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას

(გაგრძელება)

ისევ იქ უნდა დაბრუნება. თითქო წასვლა გადაიფიქრა.
იმ ბიჭებთან უნდა რო დარჩეს. საკუთარი თავისთვის სიცოცხლე ენანება. ,,ცხოვრება ისევ ისე გაგრძელდება, გაგრძელდება მეგობრების გარეშე, გაგრძელდება საშინელი მოგონებებით, რომელსაც ვერაფრით დავივიწყებ, რაც არ უნდა ვეცადო, სული ყოველთვის ამ უბედურებით მექნება დამძიმებული. რაღაცით მინდა, რო მეც გავიღო ის მსხვერპლი, რაც იმ ბიჭებმა გაიღეს. მთელი ცხოვრება დამარცხებული კაცის სახელი უნდა ვატარო, მთელი ცხოვრება საშინელი სიზმრების ტყვეობაში უნდა ვიყო. უმარილო ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო, ჩემი ძმაკაცების გარეშე და ასე უნდა გაგრძელდეს: ფიქრში, ოხვრაში, დარდში და ვინ იცის, რამდენი წელი მიწერია ასე სიარული, ასე ხეტიალი. ასე მგონია, რო უკვე დავბერდი. ადამიანს, როცა
სიცოცხლის ნერვს უკლავენ, უკვე ბებერია.”

მთებს გახედა.
სადღაც იქვე, მთებთან იყო ქალაქი, სადაც ძმაკაცები დატოვა. ცხინვალის შუკები ქართველი ბიჭების ცხედრებით მოფენილიყო. წარმოსახვაში ხედავდა, სათითაოდ აკვირდებოდა, სისხლით მოსარგლულ სახეებზე დასცქეროდა. ეყარნენ დაუტირებლები, გაუპატიოსნებლები. რა მადლი იყო მათზე მიწის მიყრა და ალალი ცრემლი. ავტომატიანი რუსები დააბოტებდნენ ცხინვალის ქუჩებში და საკონტროლო სროლების მჭახე ხმები ზაფრავდა ისედაც სიკვდილის კალოდ ქცეულ ქალაქს. მერე ვეება ტრაქტორით გაჭრიდნენ უზარმაზარ ორმოს, სადაც მარიამობისთვის მზეზე უპატრონოდ დაყრილ ქართველ ბიჭებს ჩაუძახებდნენ. ათობით გაციებულ ქართულ გულს გრუხუნ-გრუხუნით მიაყრიდა მიწას რუსული ტრაქტორი. თავი ვეღარ შეიკავა გიომ და ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა.

_ ნაბიჭვრებმა, როგორ დაიკავეს ამდენი სოფელი, _ შეიგინა ბადრიმ.
_ ავიაცია, რომ არ ყოფილიყო, ჩემი ფეხები, ყველაზე გოთვერანი არმია შემოგვესია, მაგრამ ხო დაინახე ნიქოზთან, _ სიამაყით ჩაილაპარაკა თორნიკემ, _ როგორ დავიფრინეთ, მაგათ საერთოდ ცხვირს არ შემოვაყოფინებდით, საჰაერო დანადგარები რო ყოფილიყო, თანამედროვე საზენიტოები რო გვქონოდა, წაიღებდნენ ტონობით ,,ტრუპებს”.

მოურწყაობით ფოთლები ჰქონდა შემჭკნარი ხეხილის ბაღებს. მიწაზე ვეება ნაპრალები გაჩენილიყო. შუაგულ ბაღში რამდენიმე ადგილზე პირდაღრენილი ორმოები დაეტოვა მტრის მიერ გამოსროლილ ჭურვებს.
_ მომე, ერთი წამი დურბინტი, _ სთხოვა ბადრიმ. გახედა, დიდხანს ათვალიერა მიდამო, გადახრუკულ, ნახანძრალი მინდვრის ბოლოს მიტოვებული შენობები ჩანდა. იქვე, სამხრეთისკენ ლულამოშვერილი ტანკები დალანდა, რომლებზეც ქართული დროშები იყო აღმართული.
_ ნეტა რომელი ბრიგადაა.
_ რას გაიგებ? _ თქვა თორნიკემ, _ ისე არიან დაფანტულები…
_ ავიდეთ? _ თქვა თორნიკემ.
_ რაზე ავიდეთ, _ ხელი ჩაიქნია თორნიკემ, _ აღარავის ნერვები აღარა მაქ, წავედით, რაც მალე გავშორდებით აქაურობას…

_ წავედით! _ ჯარისკაცების გასაგონად თქვა ბადრიმ.
_ დავსხედით, _ დაიძახა თორნიკემ.
სამხედრო მანქანის ძარებზე შეხტნენ მებრძოლები.
_ ზაზა და გეგა არ ჩანან, _ თქვა მამუკამ.
_ გიო საით არის? _ ბიჭებს გადახედა ბადრიმ. ხის ძირში ჩამუხლული გიო ქალივით ქვითინებდა. გამოგვალულ მიწაზე მუხლებით იდგა და ღაპაღუპით
ჩამოსდიოდა კურცხალი. ბიჭების ხმა მოესმა. ღონე მოიკრიბა, წამოდგა და
მანქანებისკენ გაემართა.
_ სად წახვედი, კაცო! _ უსაყვედურა ბადრიმ და ნამტირალევ თვალებში შეაცქერდა მეგობარს, გიომ თავი ჩაღუნა.
_ აგე, ისინიც მოჩლახუნებენ, _ ჯარისკაცებმა შორიდან მოჰკრეს ზაზას და გეგას თვალი. თორნიკემ სარკმლიდან თავი გადმოყო და დაუყვირა:
_ დროზე, რა, როდემდე გელოდოთ? მანქანების კოლონა მძიმედ დაიძრა.

სამხედრო მანქანის ჯანჯღარში ჩაეძინა. თვლემაში წარსული ესიზმრა, თითქო ქართველი მებრძოლების გვერდით იყო, მტვერში გახვეულ საურმე გზას გახედა და რას ხედავს: დაკლაკნილ სავალზე შუბებაწვართული მხედრიონი მიირწევა. მხედრიონს ბოლი არ უჩანს. თქარა-თქურით მოდიან საუკეთესო ტაიჭებზე ამხედრებული ქართველი მებრძოლები. შიგადაშიგ ომახიანი შეძახილები ისმის. გიოც შავ-შავ ულაყზე იჯდა. ხელში დროშა ეპყრა, რომელზეც წმინდა გიორგი იყო გამოსახული. შუბის წვერებზე ცეცხლს ანთებდა ზაფხულის მნათობი. დიდი ბრძოლა მოეგოთ ქართველებს…

რამდენიმე წუთიანი თვლემა და საოცნებო სიზმარი
გაჰქრა. ძილი უეცარმა სროლამ დაუფრთხო.
უაზროდ იყურებოდა, ცხენოსნები არსად ჩანდნენ, არც
ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებდა. არც ქართველი მებრძოლების მხიარული ყიჟინა გაუგია. ხედავდა დაბნეული ჯარისკაცების დამფრთხალ სახეებს და ესმოდა მებრძოლების ყვირილი. ბადრის ხმაც გაარჩია.
_ არ დაიბნეთ, რუსები არიან მაგათი დედა!
გიოს ყურს თორნიკეს ხმაც მისწვდა:
_ ქართული დროშა აქვთ აღმართული, მოგვატყუეს.
_ დავაი, პოზიციები, არავინ არ დაიხიოთ! ავტომატებიდან გაუხსნეს ცეცხლი. გვერდით, სულ რაღაც ორმოციოდე ფეხის გადადგმაზე რკინიგზის ლიანდაგი გადიოდა, სადაც ბარე ორი ათეული წელი იყო, რაც მატარებელს აღარ გაევლო. რკინიგზის ხაზის გვერდით მიტოვებული ძველი შენობები იყო. იმ ადგილთან, სადაც ქართველი ჯარისკაცების მანქანები გაჩერდნენ, ხუთასიოდე ნაბიჯის მოშორებით ძველი წისქვლის შენობასთან რუსული სამხედრო ტექნიკა იდგა. ოდნავ წინ, ჭადრის ტოტებით შენიღბულ ,,ბეემპეებზე” რუსებს ქართველი ჯარისკაცების მოსატყუბლად ხუთჯვრიანი მოალაფებული დროშა აღემართათ.
_ რამდენი მანქანაა? _ იკითხა რუსების ახალგაზრდა მაიორმა, რომელიც ეროვნებით ყაბარდოელი იყო.
_ ოცდაათამდე იქნება, _ უპასუხა ოცმეთაურმა.
_ არც ერთი ცოცხალი არ უნდა წავიდეს. ეხლა ვაჩვენებ, როგორი მებრძოლები არიან.
_ ხომ ხედავ? _ ოცმეთაურს მიუბრუნდა, _ სად გამოგვადგა ეს დროშა, არხეინად მოდიოდნენ. ომი დამთავრებული ეგონათ. ახლა უშველონ ამერიკელებმა. რუსებმა ჯავშანტექნიკიდან ისეთი ცეცხლი გახსნეს კაცს მეორედ მოსვლა ეგონებოდა. ქართველებმა მიტოვებულ შენობებთან მოასწრეს თავშეფარვა და საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. მაგრამ მთავარი ძალა გაიფანტა. ვინც მოასწრო, მანქანებიდან ჩამოხტა და ბაღებზე გაქცევით თავს უშველა. ხოლო ოციოდე მებრძოლი რუსების სამიზნეზე მოჰყვა და აქედან გაღწევა წარმოუდგენელი იყო. მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლის წვიმა მოდიოდა. ჩამობნელდა. უცნაური წყვდიადი ჩამოწვა. თითქო აპოკალიფსური ამბები ცხადდებოდა.ბადრი ბიჭებს ამხნევებდა. ხმა ჩახლეჩოდა, მისი შეძახილი მაინც ესმოდათ ჯარისკაცებს. გიო მომცრო, კედლებდაბზარულ შენობას ამოფარებოდა და მტერს იქიდან ესროდა. ხვდებოდა, რო უაზრო იყო ეს ბრძოლა, რადგან წინ ურიცხვი მტერი იდგა, სისხლით დაურწყულებელი მტერი და ოციოდე ქართველი მებრძოლი ამდენ დამპყრობელს ვერ გააბრუნებდა. თუმცა, მაინც უნდა ებრძოლათ და იმ კითხვას, რომელიც ბავშვობიდან ხშირად უჩნდებოდა _ნეტა როგორ წირავდნენ სამშობლოსთვის თავს ქართველები – სწორედ ახლა უპოვიდა პასუხს. ,,ამ დროს, გადამწყვეტ მომეტში, ალბათ, ყველა ქართველი ერთნაირი ხდება, მე ასე მგონია, ყველანაირი ფიქრი გიქრება, მარტო ერთ წერტილს ხარ მიშტერებული, წერტილს კი არა ნათლის
სვეტს და ის ნათლის სვეტი სამშობლოა”. აი, თურმე რატომ ესიზმრა საუკუნის წინანდელი ქართველი მებრძოლები გიოს, ისინი ყველანი სამშობლოსთვის დაღუპული მეომრები იყვნენ, ზოგი არაბებთან, ზოგი ოსმალებთან,
ზოგიც სპარსელებთან. გიოც იმიტომ იდგა მათ გვერდით, რო მასაც თავი უნდა გაეწირა მამულისათვის. ბადრიიი, ზაზააა, თორნიკეე, რუსლააან… ნუ გეშინიათ ბიჭებოოო! თვალებანთებული გიო მეგობრებს ამხნევებდა.
ცოტა ხანში რუსების რამდენიმე ჯავშან-მანქანას ცეცხლი ავარდა. რკინიგზის ლიანდაგის გვერდით შენობის კუთხეში ჩასაფრებულ თორნიკეს ტანკსაწინააღმდეგო
ჭურვის სატყორცნი გაედო მხარზე და მიზანს არ აცელდა.
რუსების მაიორს სიმწრის დუჟი მოსდიოდა.
_ თქვენი დედა!.. _ აგინებდა რუს ჯარისკაცებს, _რისთვის ყრიხართ?!
_ ბევრნი არიან, _ აღმოხდა ერთ რიგითს, რომელსაც ყაბარდოელმა ოფიცერმა ალიყური აჭამა.
_ თქვენზე ბევრნი არიან?
გააფთრებულ ბრძოლას დამთავრების პირი არ უჩანდა. მაიორი გინებით რაციას დასწვდა და დამხმარე რაზმს გამოუძახა…

_ არც ერთი ჩვენთაგანი ტყვედ არ ჩაბარდება! _ თქვა ბადრიმ და მტრის ადგილსამყოფელს ნაღვერდლიანი თვალებით გახედა.
_ სანამ ტყვიები გვეყოფა, გვეყოფა… მერე გულის ჯიბეზე ჩამოკიდებულ ხელყუმბარაზე მიანიშნა თორნიკემ. ისევ განახლდა სროლა. ახლა უფრო მეტი ძალებით შეუტიეს რუსებმა. ცეცხლის ნახევარწრე თანდათან ახლოვდებოდა და გრძნობდა გიო, როგორ ჩერდებოდა მისი უახლოესი მეგობრების გულის ფეთქვა. ქართველების წინააღმდეგობაც შენელდა. შეშლილი სახით გაჰყურებდა თანამებრძოლებს. ზოგი ზურგით მიყდნობილი გარინდებულიყო კედელთან, უკვე
მარადისობასთან შერწყმული, ზოგი პირქვე ეგდო მიწაზე.
ბოლოს მარტო გიოს ავტომატის ხმა ისმოდა, თუმცა…
ავტომატი კედელზე მიაყუდა. იქაურობა მოათვალმზერა. აღარც თორნიკე იყო ცოცხალი, აღარც ბადრი, აღარც რუსლანი…
საშინელი ხმით დაიღლიალა და ენით აუწერელი სიმწარე და ბოღმა დაეფინა მის განწირულ ხმასთან ერთად იქაურობას.
თვალზე ბინდი ჰქონდა გადაკრული. ჩაიმუხლა და კვნესა მოესმა. აქეთ-იქით გაექცა მზერა. ტყვიებს აღარ მორიდებია. ჯერ ბადრის მივარდა, მაგრამ
მის გაციებულ მაჯას კანკალით გაუშვა ხელი. რუსლანს თვალები დაუხუჭა. თორნიკე… თორნიკე ცოცხალი იყო, თუმცა ოდნავღა ფეთქავდა. წვალებ-წვალებით გადაახოხა შენობის უკან. მეგობრის სისხლით მოესარგლა სახე და
ხელები.

რუსული ლაპარაკი გაიგონა. მერე სათითაო გასროლა.
გადამთიელები დახოცილ ქართველ ჯარისკაცებს, ყაბარდოელი მაიორის ბრძანებით ,,კონტროლკებს” უკეთებდნენ. გიო თორნიკეს ჩაეხუტა, თითქო ჭირისუფლობას უწევდა. თორნიკეს სისხლს მისი ცრემლი შეერია. მთებს გახედა, მარიამობისთვის ბინდის ქსოვილში გახვეულ მთებს, ეგებ არც იყო ბინდი და გიოს ეჩვენებოდა, მისთვის მარადიული ღამე დგებოდა. გულის ჯიბეზე წამიერად გაიკრა
ხელი. გირჩის მსგავს ყუმბარას, კბილებით წააძრო თავი და თვალები დახუჭა…

ის ადგილი არავის განსასვენებელს არ ჰგავს. ბევრი საფლავი მინახავს. მინახავს ჩემი სოფლის ეკლესიის გვერდით ძველისძველი სამარხების ქარაგოზიანი ქვები,
წარწერები რო ხავსშია შემალული. უფრო ახლებიც მინახავს, ჟანგიანი მესრებით შემორაგვული, უფრო ახლებიც თეთრი, თუ შავი მარმარილოთი მოპირკეთებული და კიდევ უფრო ახლებიც, ბორცვაკოკოლავებული, ჯერაც დაუმჭკნარი გვირგვინებით, სადაც თავსა და ბოლოში სანთელმიმდნარი ქვებია ჩარჭობილი.

ის სულ სხვაა, იმიტომ რო საფლავი არ არის. ის არის ადგილი, სადაც ერთად ყრია ჩვიდმეტი მუჭა მიწა. იმ მიწაში შინდისში გმირულად დაცემული ჩვიდმეტივე ქართველი ჯარისკაცის სისხლი ერთად არის შერეული.

(დასასრული)

ბმული:
* https://sosiashviliprose.wordpress.com/2021/03/02/ჩ-ვ-ი-დ-მ-ე-ტ-ნ-ი/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7172
Registration date : 09.11.08

გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი EmptyThu Aug 11, 2022 8:59 am

მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე გიორგი სოსიაშვილის ,,ოთხი მოთხრობის“ შესახებ

„მოთხრობების კრებული ,,ოთხი მოთხრობა" წარმოადგენს ენის და დიალექტის ძალიან საინტერესო ფლობას, აქ არის იუმორი და სარკაზმი, რომლითაც წარმოუდგენელია ეს პერსონაჟები დაგავიწყდეთ.
ავტორის ოსტატობაა სწორედ ის, რომ ისეთი ზომიერი და ისეთი ზუსტი სცენებით უცვლის ადგილებს მსხვერპლს და დამნაშავეს, ისე ზუსტად იკვეთება ომში კითხვები და პასუხები... ავტორი ძალიან საინტერესოდ ახერხებს მძიმე, მტკივნეულ ამბებზე წეროს ასეთი მიმზიდველი, საოცარი და ამასთანავე იუმორნარევი ენითა და პერსონაჟებით.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრებული ,,ოთხი მოთხრობა" გამზადებული კინოსცენარებიც კი არის“.


👇
Nestan Nene Kvinikadze
* https://www.facebook.com/100058325304493/videos/375900163688912/

📗
გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებული -
,,ოთხი მოთხრობა" წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში,
პრემია ,,საბას" 2021 წლის ფინალშია!
#საბა2021

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





გიორგი სოსიაშვილი Empty
PostSubject: Re: გიორგი სოსიაშვილი   გიორგი სოსიაშვილი Empty

Back to top Go down
 
გიორგი სოსიაშვილი
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» გიორგი ბაქანიძე
» გიორგი კეკელიძე
» გიორგი ლობჟანიძე
» ყრუვ გიორგი
» გიორგი ანთაური

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: