არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ზეინაბ სარია

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 8:52 pm

ზეინაბ სარია Zeinab10
Zeinab Saria

***
ყოფითობა ზვიგენია,
ხახაში ვყავართ,
აქედან თავის დახსნა
ქვესკნელიდან ამოღწევას ჰგავს.

ამოღწეული უკვე სხვა ხარ,
რადგანაც მეტის მოსასმენად
გყოფნის ყური,
დანახვად – თვალი,
გუმანად – გული.

რაღაცნაირი თვითშობაა.

ვინც ვინმეს ფიქრშია, გადარჩესო,
რომ თქვას ყველგანმყოფმა,
მხოლოდ ის კი არ გახსოვდეს,
ვინც ფიქრში გყავდა,
იმასაც უნდა მიხვდე,
ვისი ფიქრის ბინადარი ხარ.



ზეინაბ სარია

დაიბადა 1954 წელს ქ. ზუგდიდში, მოსამსახურის ოჯახში.

დედა – ცნობილი პედაგოგი ციალა ქირია.

მამა – ცნობილი იურისტი შოთა სარია.

1961-71 წლებში სწავლობდა ქალაქის #2 სკოლაში. დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი სოხუმის მ. გორკის სახელობის პედინსტიტუტში 1975 წელს. უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად 35 წელზე მეტი ხანი იმუშავა მშობლიურ სკოლაში. ჩამოაყალიბა ნორჩ შემოქმედთა წრე „ფიფქები“ და ატარებდა საინტერესო ექსპერიმენტებს. მის მუშაობაზე არაერთი სტელევიზიო გადაცემა მოამზადა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ.

1994–95 წლებში სწავლობდა თსუ–ს ასპირანტურაში. 1996 წელს თსუ–ს ფილოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გალაკტიონის ვერლიბრი,“ ხოლო 2006 წელს – იმავე სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე – სადოქტორო დისერტაცია: „გალაკტიონის ინტიმურ–მედიტაციური და სამოქალაქო–პუბლიცისტური ლირიკა.“

1992–96 წლებში მუშაობდა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში.

1996 წლიდან დღემდე მუშაობს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში (რომელიც სხვადასხვა სახელით ფუნქციონირებდა: თსუ-ს ზუგდიდის ფილიალი, სასწავლო დაწესებულება, ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი). დააარსა და გამოსცა ლიტერატურულ ჟურნალ „მაფშალიას“ რვა ნომერი. სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო განყოფილებას და ურედაქტორა უნივერსიტეტის 6 შრომათა კრებულს. შექმნა ლიტერატურული სალონი, რომელშიც გააერთიანა შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული სტუდენტები და უხელმძღვანელა არაერთ საინტერესო ღონისძიებას. 2012 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს შემოქმედთა გაერთიანება „ებგურს,“ რომელშიც გააერთიანა თანამოკალმე კოლეგები და ზრუნავს ქალაქსა თუ რეგიონში ლიტერატურული ცხოვრების გააქტიურებისათვის. ზეინაბ სარია გახლდათ ინიციატორი ქ. ზუგდიდში ლიტერატურული ჟურნალის, „ებგურის,“ დაარსებისა.

არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი: 1. „წაკითხვა ნებადართულია“/1991 წ./; 2. „ვინძლო, მიხსნას ლექსმა“ /1992 წ./; 3. „ჰა?!.“/ 2010 წ./; 4. „ვინც ამ წიგნს არ წაიკითხავს“/2011 წ./; 5. „ჭრილობისფერი ლექსები“ /2015 წ./.

თარგმნის ემილი დიკინსონის, მარინა ცვეტაევასა და სილვია პლათის ლექსებს.

არის კოლხური ლექსების ავტორიც.

არის მონოგრაფიების, 60–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში თბილისსა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში.

2008 წელს გარდაეცვალა მეუღლე, თამაზ ბიჭია.

ჰყავს სამი ვაჟი: შოთა, მიხეილი და ქუჯი ბიჭიები. შოთა არის სამართლის დოქტორი, მოსამართლე; მიხეილი – სამართლის დოქტორი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი, სდასუ-ს ასოცირებული პროფესორი; ქუჯი – თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტი.

ბმული:
* https://zeinabsaria.wordpress.com/about/
* https://www.facebook.com/zeinab.saria
* https://el.ge/articles/28634
* http://ebguri.com/ზეინაბ-სარია-3/#more-741
* http://ebguri.com/ზეინაბ-სარია-4/
* http://ebguri.com/1122-2/#more-1122


ზეინაბ სარია საუბრობს ზუგდიდელ პოეტებზე (შუკო ჯიქია, ზაალ ჯალაღონია)
Dec 25, 2020

* https://youtu.be/IqniNDGF5bM

Arrow


Last edited by Admin on Fri Nov 19, 2021 11:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:03 pm

ზეინაბ სარია

***

სასარგებლოა მარტოობა,
წარმატებით უმკლავდება ჭორიკნობანას,
ხელს უწყობს შენივ თავის შეცნობას,
სასიკეთოა შემოქმედებითი გააქტიურებისთვის.

უმი მარტოობა კარგად გამორეცხეთ,
გაწურეთ,
(წყალწყალა თვით მარტოობაც არაფრადა ღირს),
მზეზე საგულდაგულოდ გამოაშრეთ.
თვალი გეჭიროთ,
ჩიტებმა არ მიასკინტლონ,
აუქშიეთ,
ორპირ ქარში გაანიავეთ.
რომ მოგშივდებათ,
ჩამოჭერით მსუყე ნაჭერი და შეექეცით.
მაწიერია და მოგიხმობთ ანტიანდაზას:
მარტოკაცი მარტოობით წახემსებაში ბრალი არ არის.
რაც რამედ ღირს, მარტოობის მადლი აცხია,
მის ფესვებზეა ამოკვირტულ- ამოსხმული,
ამოჭკვიან-ამოკვიმატებული.
ხმასაც თავისას მოიყოლებს,
ტონალობასაც.
რომ შეგცივდებათ, აიღეთ და მოიხურეთ,
მატყლის საბნის თბუნება აქვს,
თქვენსავე სითბოს შემოგავლებთ ირგვლივ რკალივით
და იმ რკალში
ვერ შემოაღწევს ბრიყვქვეყანის ნაბჟუტურევი.
გამომშრალი მარტოობა დიდხანს გაგიძლებთ,
სულ სხვანაირად გამოგკვებავთ,
სულ სხვანაირად შეგმოსავთ და
სხვანაირადაც ამოგივათ ბაგეებიდან.


ბმული:
* https://zeinabsaria.wordpress.com/2017/08/10/lyrics/

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:04 pm

ზეინაბ სარია

***

რიცხვები ჩამოჩუმდნენ ქვედა სფეროებში,
გადაიცვეს ხილული ქვეყანა,
„უთვალავი ფერით“ ჩაყუჩდნენ ფორმებში,
ბრძენთათვის აშკარა აუცილებლობით
ემატებიან, აკლდებიან ერთიმეორეს,
იყოფიან, მრავლდებიან,
უკანმოუხედავად იცვლებიან,
ფორმულებად ყალიბდებიან,
ფორმულიდან კი მარადისობა შემოგასუნთქავს.
ჩვენ, რიცხვთა შიგთავსზე ჩამოცმულებს,
ამ რიცხვზე გვცხელა, იმაზე – პირიქით, სიცივე აგვიტანს,
ჩვენი შიმშილი და სიმაძღრე ან ამდენი ავადმყოფობა
სულ უბრალო რიცხვთა საქმეა,
სიყვარულსა თუ მონატრებას სხვა რიცხვები განაგებენ
(რომელიღაც ქიმიური ნივთიერების რომელიღაც ოდენობა
დაგმართებს ტრფობას),
გულიც რიცხვებში ბაგაბუგობს,
ჰარმონიაც რიცხვია და დისჰარმონიაც.
და დილის სიოს შეხებასავით მოდის მიხვედრა:
წარუვალიც ჩვენშია და წარმავალიც.
რომ გვეცინება,
ესეც კარგად გამოთვლადია,
რიცხვთა რა თანაფარდობას რასთან – მოაქვს
გაცინების სურვილი,
მაგრამ რიცხვი აღარსადა ჩანს,
მოჩანს სიცილი.

ყველა სიცილი ერთადერთია.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:05 pm

ზეინაბ სარია

საგზალი, რომელიც არასდროს თავდება

გახსნი და
ამოგიალალდება,
ამოგიბაგაბუგდება.
შეანაყრდები,
შეათბუნდები,
შე-შეა-შეაიმედდები.
თვალში შუქი ჩაგივა და
სხეულში – ღონე.
გული საგულეს ჩაგიდგება,
ჩასიკეთდება,
მერე ისევ მოუკრავ თავს
და უფალი თავის ხელით მხარზე შემოგდებს
და გრძნობ, რომ მიგაქვს,
მიგაქვს და მიგაქვს,
ეშმას მოსახვევებიდან
რაც უნდა გამოგიგასაჭირდეს,
სწორედ იმდენზე გაგიმრავლდება,
რომ იქით მიაგასაჭირებდე!..
ან რა დაგილევს,
დაგიცოტავებს?..
იმ საგზალში მამას ხმა გაქვს და
დედას თვალების აწრიალება.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:06 pm

ზეინაბ სარია

***

ჭირი რაღატომ გავგზავნო იქა?
იქაც ლხინი და სიკეთე აქაც,
ღირდეს, რისთვისაც გაგძვრება სიქა,
ეს დავრდომილი ქვეყანა საქართველოა.

თვალს არ ამოგწვავს იმისი ბრელო,
ფოტოსაც სულ სხვა რაკურსით უღებ,
მაგრამ ხედავ, რომ დღეს საქართველო
საბედისწერო გადადის უღელტეხილზე.

თუ ჯერ ჩვენა და ქვეყანა – მერე,
იმ ოქროს დროის მირაჟი გჯერსა?
მომწყურებია, გისურვო მე რომ…
და მაინც… მაინც… და მაინც ჯერსაქართველო.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:08 pm

ზეინაბ სარია Zeinab13

ზეინაბ სარია

“ასი უძველესი იაპონური ლექსი”
(იაპონურიდან თარგმნა ირმა რატიანმა, გამომც. ინტელექტი, 2019 წ.)


ღია ცის ქვეშ გლეხები თავთავს მკიან. მათი სახურავი საავდრო ღრუბლებია. მომუშავეებს სახელდახელოდ გამართული ფანჩატურიდან გასცქერის იმპერატორი, რომელიც სახურავქვეშ კი დგას, მაგრამ შიშობს, რომ ეს სადგომი წვიმისგან მაინც ვერ დაიფარავს. იმპერატორი ადამიანურ ემოციებს შეუპყრია, გახედავს რეალურსა თუ ირეალურ სივრცეს, მობოჭავს მზერით, თვალებში მოიქცევს წარმავალსა და წარუვალს და არსებობის საკრალურობას მისწვდება ფიქრით.

სამყაროს შეცნობის იაპონური მოდელია ტანკაში. ამას წიგნის პირველივე ხუთტაეპედიც გვაგრძნობინებს, VII საუკუნის იაპონელ იმპერატორ ტენჩის რომ ეკუთვნის და ამ პატარა წერილის დასაწყისშივე დავიმოწმებ:

შემოდგომის ამ ღრუბლიან დილით

ოქროსფერ თავთავს მკიან გლეხები,

ფანჩატურიდან გავცქერი ყანას

და მაფრთხობს ფიქრი:

ვერ დამიფარავს წვიმისაგან სადგომი ჩემი…

იმპერატორის წინაშე ვალდებულებას ღრუბლიან ამინდში სამუშაოდ გამოუყვანია გლეხები, მაგრამ ხელისუფლის ძალა არ ვრცელდება ბუნებაზე, წვიმას არანაირი ვალდებულება არა აქვს მის წინაშე, ამიტომაც მისგან თავი დასაცავია. ეგ – ერთი გაფიქრებით.

გლეხები ალალად ერწყმიან გარემომცველ ბუნებას, მთლიანდებიან მასთან, ხოლო იმპერატორი გაუცხოებულია ბუნებისაგან,- მოდის ასეთი ფიქრიც. არის ხილული სამყარო, რომელსაც თვალით მივწვდებით და არის სამყარო, რომელსაც აზრით მივეახლებით. რომელიღაც კონკრეტული წუთიდან, კერძო ყოფითი რეალობიდან ზედროულობის განცდაში გადადის აღწერილი სურათი და ეგზისტენციალურ რეფლექსიებში ყალიბდება საზრისი თუ საზრისები, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს შეერწყან კიდეც. ტექსტის შინაგანი ლოგოსი ზედაპირზე არასოდეს დაგხვდება, საძიებელია, მოსახელთებელია, მისაგნებია… სწორედ ეს არის ძირითადი, არსისმიერი მახასიათებელი, ის სპეციფიკური მხატვრული აზროვნება, რაც ნიშნეულია ტანკასათვის. ამიტომაც ახლოს არიან ჭეშმარიტებასთან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სამყაროს შეცნობის ფორმაა ტანკა, რეფლექსიაა ადამიანსა და გარესამყაროზე.

ქართულ ენაზე არსებობდა იაპონური ტანკების თარგმანები, შესრულებული შუალედური ენებიდან (რამდენიმე მათგანი ხელთ მჭერია: მ. ლებანიძე, იაპონური პოეზია, მნათობი, 1969 წ., #12, გვ.33-39; კ. ლორთქიფანიძე, ისიკავა ტაკუბოკუ, 64 ტანკა, ხომლი, 1969 წ., გვ. 180-197), მაგრამ პირდაპირ იაპონურიდან თარგმნილს, ბუნებრივია, სხვა ხიბლი აქვს.

ცნობილია, რომ ტანკას რითმა და მკაფიო მეტრი არ ახასიათებს (ჭილაია 1984:311), ხოლო მ. ლებანიძე მას რატომღაც ბესიკური საზომითა და რითმებით თარგმნის:

ო, ეს ცხოვრება!- წარმავალი, ფუჭი და ხრწნადი!

ეს ფაციფუცი!.. ეს სიზმარი და არა ცხადი!

რაა სიცოცხლე, რასაც ესრეთ გაუდის ყავლი,

თუ არ ამაო, განსაბნევად განმზადებული,

განმკრთალი ზეცის უფსკრულებში პაწია კვამლი!

(ფუძივარა კიესკე, VIII ს.)

ბუნებრივია, ამგვარი თარგმანით ქართველი მკითხველი ტანკას ვერ შეიგრძნობს. რითმები არ იყო საჭირო, ტაეპების მოქცევა სალექსო მეტრის მკაცრ რიტმში არ იყო საჭირო. რამდენად არის აქ დაცული ტექსტის ორაზროვნება თუ სხვადასხვა მნიშვნელობები – ეს კიდევ ცალკე საკითხავია.

გადავიხედოთ რეტროსპექტულ სივრცეში. ქართულ თარგმანთმცოდნეობას თავისი გამოცდილება აქვს ტექსტის სხვა ენიდან გადმოქართულების სფეროში. ამ საქმის სათავესთან დგას ეფრემ მცირე, XI საუკუნის ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი. მას ჩამოუყალიბებია საკუთარი მთარგმნელობითი თეორია: ტექსტი დედნიდან უნდა ითარგმნოს; ზედმიწევნით უნდა გადმოიცეს ნაწარმოები, მაგრამ არა სიტყვასიტყვით, ისე, რომ არსებითი არა აკლდეს რა; ტექსტი რომ მკითხველმა უცდომლად გაიგოს, მას უნდა ახლდეს მთარგმნელის კომენტარები.

თეიმურაზ პირველს (XVI ს.) თავისუფალი თარგმანის პრინციპით გადმოჰქონდა სპარსულიდან (“იოსებზილიხანიანი,” “შამიფარვანიანი,” “ვარდბულბულიანი,” “ლეილმაჯნუნიანი”) მხატვრული ნაწარმოებები.

სულ სხვა პრინციპს იცავდა ვახტანგ VI. მან სიტყვასიტყვით გადმოსცა ტექსტი “ქილილა და დამანაში”, ამიტომაც ჭარბობდა თარგმანში უცხო კონსტრუქციები, რის “გასაჩალხადაც” სულხან-საბას მიმართა, მან კი ქართული ენის ბუნებას დაუმორჩილა ნათარგმნი, პედანტურად არ მიჰყვა ორიგინალს (ებრალიძე 2010:10).

მოგეხსენებათ, სტილი სხვა არა არის რა, თუ არა შერჩევა (თუ წერის პროცესში მხატვრულ კანონზომიერებებს დამორჩილება) რომელიღაც ენობრივი ნორმებისა თუ გამომსახველობითი საშუალებებისა, რომლებიც შეესაბამებიან ავტორის ხედვას, მის მიერ გარესინამდვილის აღქმას. აქ ეპოქის გათვალისწინებაც არის საჭირო. ყოველ დროებას ხომ თავისი ესთეტიკა მოაქვს? ერთი სიტყვით, სტილი მხატვრული ინდივიდუალობაა და იგი თარგმანშიც უნდა გადმოვიდეს. სამწუხაროდ, ზემოთ მოხმობილი თარგმანის ავტორი ამას ვერ ახერხებს.

„ასი უძველესი იაპონური ლექსი“, რომელიც სხვა ენის (შუალედური ენის) გამოყენების გარეშე თარგმნა ირმა რატიანმა, უკვე ჩვენს სამუშაო მაგიდაზეა და არა მხოლოდ მაგიდაზე (სამუშაო მაგიდა მაინც სხვაგვარი ჟღერადობის სიტყვათშეხამებაა, ოფიციალობის სუსხი დაჰკრავს), ხელჩანთაშიც დაბინავდა, სამსახურში რუტინული ყოველდღიურობიდან თავდაღწევის დროს საკითხავად; ბალიშქვეშაც შემოგვითამამდა ძილის წინ საკითხავ-საფიქრელად… აქ ავტორის ინტენცია (განზრახვა) ამოსაცნობია, სტანდარტული პარამეტრები არ არსებობს, საგრძნობია ემოციური მუხტი, ჩასაყვინთია სტილური მანევრების სიღრმეებში, მოსახელთებელია აზრი, გასათვალისწინებელია სამყაროს გააზრების იაპონური მოდელი… და თან გულით გიხარია, რომ ეს პოეზია ტანკას მშობელი ენიდან არის გადმოქართულებული და ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დამკვიდრებული.

„ეს წიგნი შესანიშნავი მოსაწვევია ძველი დროის იაპონიაში“, – ამბობს იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა, ტოკიოს უცხო ენათა უნივერსიტეტის ასოცირებული მეცნიერ-მკვლევარი.

როგორც წიგნის ანოტაცია გვეუბნება, ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ირმა რატიანი 1994-1998 წლებში ცხოვრობდა იაპონიაში და „იაპონურ დღიურებში“ უშუალოდ ნანახსა და განცდილს გვთავაზობს. წიგნი ორჭიშკრიანი გამოცემაა: ერთი მხრიდან „ასი უძველესი იაპონური ლექსის“ თარგმანები და მთარგმნელის კომენტარებია, ხოლო მეორე მხრიდან – ირმა რატიანის იაპონური დღიურები, ამ ქვეყნის კულტურის სიღრმეში საკუთარი შეგრძნებებითა და განცდებით რომ შეგვიყვანს.

რა წიგნია „ჰიაკუ ნინ იშუ“, ანუ „ასი პოეტის თითო ლექსი?“

ეს არის იაპონელთა პოეტური საუნჯე, რომელსაც 1235 წელს ერთი წიგნის სახე მისცა სადაიიე ფუჯივარამ და 97-ე ნომრად საკუთარი ტანკაც ჩართო. მისი კრებული იწყება მე-7 ათწლეულის პოეტის, ტენჩის ნაწარმოებით და მთავრდება XII-XIII საუკუნეთა კაძინის (ტანკას ავტორის), ჯუნტოკუს ტანკათი.

ტანკას, როგორც მთარგმნელი გვიხსნის, მოაქვს სათქმელი, რომელიც საგანგებოდ არის გაბუნდოვანებული, თავისებურად ილუზორული. ირმა რატიანი წერს: „ცნება „ილუზია“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს იაპონურ პოეზიაში. ის ინერგება არა მხოლოდ კომპოზიციური ნიუანსით, არამედ შინაარსობრივი კომპონენტისა და ტექსტის ინტერპრეტაციის მნიშვნელოვანი ბერკეტის ფუნქციით. „ილუზია“ არის „მირაჟი“, „გრძნობათა მოტყუება“, რომელიც ავტორისეული „ოპტიკური თამაშების“ მეშვეობით აღწევს პოეტური ხედვის გაბუნდოვანებას და იწვევს ტექსტის დატვირთვას ორაზროვან სიტყვათა წყებით. მკითხველი, თავის მხრივ, დაუღალავად ცდილობს პოეტური რებუსების ამოხსნას“ (რატიანი 2019: VIII-IX).

„იაპონური დღიურები“ მეორე გამოცემა გახლავთ და ეძღვნება მამას – შალვა რატიანს. პირველად იგი 2000 წელს დაბეჭდილა. „ასი უძველესი იაპონური ლექსიც“ მეორედ იბეჭდება. პირველი გამოცემა 2008 წელს განხორციელებულა. ტანკების თარგმანი ეძღვნება შვილებს. ეს მიძღვნებიც მოწმობს, რა მშობლიური სიყვარულით მიახლებია მთარგმნელი იაპონიას, მის კულტურას, მის მაღალ პოეზიას.

ტანკა უძველესი იაპონური ფორმაა. მეშვიდე საუკუნეში მან გამოკვეთილი კლასიკური სახე მიიღო. კანონიკურ ტანკაში მარცვლები ტაეპების მიხედვით ასე ნაწილდება: ხუთი- შვიდი- ხუთი – შვიდი – შვიდი. დროთა განმავლობაში ევროპასა და ამერიკაშიც პოპულარული გახდა ეს მინიმალისტური პოეზიის ფორმა. ბევრგან მარცვალთა ოდენობის ძველ წესს არც იცავენ.

ტანკაში, როგორც წესი, ყოველთვის არსებობს ალტერნატიული მნიშვნელობანი. ეს მის ესთეტიკაში არის ჩაკრისტალებული, მისი თავისებურებაა.

ლექსის წერა ძველ იაპონიაში არისტოკრატული წარმოშობის ადამიანთა პრივილეგია ყოფილა. ამან განაპირობა ის, რომ ტანკაში დახვეწილი ურთიერთდამოკიდებულებაა სიტყვებისა და არ არსებობს ვულგარულობა, უხამსობა. მთარგმნელი გვიმხელს, რომ მისი ზრუნვის საგანი იყო, ერთ სტილურ მთლიანობაში მოექცია ტანკას ღვიძლი ენისა და მისთვის ახალი ენის (ქართულის) გამომსახველობითი საშუალებანი.

როგორ შეძლო ეს მთარგმნელმა?

ირმა რატიანმა ისე თარგმნა იაპონური ტანკების წიგნი, რომ გადმოიტანა ის ძნელად მოსახელთებელი ნიუანსები, რაც იაპონურ კულტურაში პოეტური იყო და ქართული ენის ორგანულ ბუნებაში ისე ოსტატურად მოაქცია, რომ ის პოეტურობა არ გამქარალა. ამას მოწმობს კომენტარების წაკითხვა. ლაკონურად გამოხატული ღრმა საზრისები თარგმანში გადმოსულია. აქ მხოლოდ დედნის ტექსტის ლექსიკური ერთეულები როდია ქართული ეკვივალენტით შეცვლილი, არამედ სულია გადმოქართულებული. კითხულობ და ფიქრობ, რომ გრამატიკული სიტყვათშეხამებანი კი არ გითარგმნეს, არამედ მნიშვნელობები გადმოგიტანეს შენს ენაზე. ორიგინალსა თუ თარგმანში ზიარი ჭურჭლის კანონზომიერებით ერთი და იგივე რაობა სუფევს.

ჩვენი ილიას სიტყვებისა არ იყოს, “ლიტერატურა ხალხის ჭკვა, ხალხის გონება, გრძნობა, ფიქრი, ჩვეულება და განათლების ხარისხია” (ჭავჭავაძე 2009: 304). თარგმანის დახმარებით ერთი ქვეყნის ლიტერატურული მიღწევები მთელი კაცობრიობის გამოცდილებად იქცევა და ბევრისათვის წინ გადადგმული ნაბიჯის მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეა ამ წიგნის შემთხვევაშიც. იაპონური ტანკა ეპისტემოლოგიურ (შემეცნებით) სტატუსს ითავსებს, იაპონელთა ეროვნული სალექსო ფორმაა და გვაცნობს იაპონურ კულტურას, აზროვნებას. ვკითხულობთ ამ წიგნს და ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის გამდიდრების მოწმენი ვხვდებით, კულტურათა შორის წარმატებული კომუნიკაციის სივრცეში ვიმყოფებით.


დამოწმებანი:

1. ებრალიძე 2010 – ებრალიძე ლ., პოეტური ხატი და მისი ტრანსფორმაცია თარგმანში, სადისერტაციო ნაშრომი, თსუ, 2010 წ.

http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Disertaciebi/lela_ebralidze.pdf
2. რატიანი 2019 – რატიანი ირმა, ასი უძველესი იაპონური ლექსი, გამომც. ინტელექტი, თბ., 2019 წ.;

3. ლებანიძე 1969- მ. ლებანიძე, იაპონური პოეზია, მნათობი, 1969 წ., #12, გვ.33-39;

4. ლორთქიფანიძე 1969- კ. ლორთქიფანიძე, ისიკავა ტაკუბოკუ, 64 ტანკა, ხომლი, 1969 წ., გვ. 180-197)

5. კოჯიმა 2019- იასუჰირო კოჯიმა, წიგნში: ასი უძველესი იაპონური ლექსი, გამომც. ინტელექტი, თბ., 2019 წ., გვ. 101.

6. ჭავჭავაძე 2009 – ჭავჭავაძე ი., ლიტერატურისა და კრიტიკის შესახებ, წიგნში: ლიტერატურის თეორია, ქრესტომატია, ნაწ. I, ლიტინსტიტუტი, თბ., 2009 წ.

7. ჭილაია 1984- ჭილაია ანდრო, ჭილაია რამაზ, ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები, თსუ გამომც., 1984 წ.

Arrow


Last edited by Admin on Fri Nov 19, 2021 11:20 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:09 pm

ზეინაბ სარია

***

…და ზარდახშაში გაგროვე, სიტყვავ,
გეძებდი, სიტყვის ვერთქმულო ფერო,
და ვერთქმულები გისურვეთ სეტყვად
ჯერ ვერმიკვლეულ გზებსა და სფეროებში.

გამოუთქმელი სათქმელში ვცვალე,
მაგრამ ჯერ მისთვის ყურები ყრუა,
პწკარს გარეთ გარბის ორი მარცვალი,
რიტმისთვის რაა ამაზე უარესი?!.

ვინ გაპატიებს? მწარედ ინანებ,
ჯვარცმაა ორი მარცვალის გამო,
როგორ გაბედე და გვასმენინე
დისჰარმონიის ახალი ჰარმონია?!.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:10 pm

ზეინაბ სარია

***

ჰოი, მზევ! ჰოი და ჰოი, ცავ!
როგორ არ მოვთქვამდე კარდაკარ:
სიკეთე მახვილად მოიქცა
და შენ კი გეგონა, გადაგარჩენდა.

ცხოვრებამ აი, რა გახილვა:
ვარდის წილ ვის ნარი დაუგეს,
სიკეთე მოიქცა მახვილად,
ეს არის ძალიან გუგებარი.

გზებია გრაგნილი იქედნედ,
ამ სიბრძნეს არ ვფლობდი, აუ, ჯერ!..
მახვილად მოიქცა სიკეთე,
ეს არის მართალი დაუჯერებლად.

მ ი ს მსგავსად აგიყირავდება
ანდაზა ქვებისა და მადლის,
სიკეთე მ ი ს ი ა, ავდება
იმ ძველი არშინის და ადლისაებრ…


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:11 pm

ზეინაბ სარია

მთავარზე – ძალიან მარტივად

საქმე ის არის, ის არის საქმე,
რას ისურვებ და შესწვდები რასა,
რა დაგახვედრეს და თავად რა ჰქმენ,
აი ეგ არის ნამდვილად დასაფიქრები.

ბერწი არა ხარ, თუ რამ გაქვს შენი,
თუ რამ შენი გაქვს, არა ხარ ბერწი,
რაც რამ შენია, სხვაგვარად შვენის,
თუნდაც სულ ცოტა, სულ ცოტა, ბეწვისოდენა.

გადაარჩიე შენი და სხვისი,
შენსას უთხარი: ამოვედ, ამო!..
სად შენ იწყები, იქ დასაწყისი
იგულისხმე და წერე, რაც ამოიძირა.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:12 pm

ზეინაბ სარია

***

გლეხმა თქვა: „ჩალაც აღარა ჰხურავს,“
„აბსურდი ჰხურავს!“- კამიუმ, კაფკამ,-
ავხედე, ვნახე, ეხურა თუ რა,
ქვეყანას ჰხურავს ლაჟვარდის კამკამელები.

რის მაქნისია ნეტავი? არც რის,
გულმა მშველელად ვინ დაიგულა?-
არვის იმედობს მუსიე სარტრი,
და მაინც… გვხურავს კამკამი ულაჟვარდესი.

ჰაი ჰაი, რომ ეგ არის რაღაც,
ეგ რაღაც არის, ჰაი და ჰაი!..
გრანელმა იცის იქ ცქერით დაღლა,
მაგრამ ვერ ამბობს ვერაფერს ჰაიდეგერი.

ვეღარაფერსაც გვეტყვის შუქიანს
ხელჩაქნეულთა სრულიად საძმო,
ვის თვალებშიაც ყოფნა მუქია,
ვერ მიხსნის, ვერა, რა მოაქვს, რაც მოკამკამებს.

მოგვწყურებია შუქი რამ ციდა,
სხვა – არც რა მეტი, სხვა – არც რა არც ვის,
ფესვით – მიწაში, ავსებით – ციდან,
ცისავ ნაფლეთით, თუნდ მდოგვის მარცვლისოდენით.

ჰოდა, საფლავში თუნდ გადაბრუნდა
ეგ მთელი საძმო, აშკარა როა,
ხომ უნდა ითქვას, რა ახსნა უნდა,
რაც მოდის ციდან და ზეცას მოაკამკამებს?!.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:13 pm

ზეინაბ სარია

იყო და არა იყო

იყო და არა იყო,
არა იყო და იყო:
შენმა ხმამ გამოისხა უცხო ტყე,
არასდროს ფეხი რომ არ შემედგა,
შრიალითა და შიშით სავსე,
გამოუცნობბილიკიანი.
ბილიკი ფეთებით გარბოდა სიღრმეში,
სად წაგვიყვანდა, არ ამხელდა,
მაგრამ წერა ასე წერდა და წავბილიკდით.
მივდიოდით,
მივძნელბედობდით,
მივიმსხვრეოდით,
წუთისოფლის უნამუსობებს ძვლებჭახაჭუხით ვეფშვნებოდით,
მაგრამ ზედვე იმ ნამსხვრევებზე
დაფლეთილ ტერფთა შუაგულიდან
ამოჩუმდებოდა იმედის წყურგილე,
ამოიმედდებოდა,
გაგვაიმედიანებდა,
წა-წაგვა-წაგვაიმედებდა… სხვა მსხვრევებისკენ.

სამი ვაჟი შემოგვეგება
და სამივე სწორედ ისეთი,
გული სამად ხომ არ მექცაო, დაგაფიქრებდნენ…

…ახლა ვაჟებს უშრიალებთ ხმაში იგივ ტყეიდუმალი
და თანამგზავრს უშლიან ფეხქვეშ მორბენალ ბილიკს.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:15 pm

ზეინაბ სარია Zeinab12

ზეინაბ სარია

***

წარმოსახვაში იფურცლება
შემოხედვათა მთელი ალბომი.

რომელიღაც განზომილებას შეეხსნა კარი.
შეგრძნებები ჩუმჩუმობენ ძალზე ხმამაღლა.
სიტყვას გაექცა მნიშვნელობა,
გადასიტყვავდა
და რომელ სიტყვას მიეტყუპოს, გადაავიწყდა.
(„ძალზე ჩვენში…“ თუ „სადღაც იქითში…“)…
აიკრიფნენ რითმები და რომელიღაც ვალსის ტაქტებში
გადაიხვეწნენ.
უხილავობენ სახილველნი, უხილავნი ხილვადობენ.
სუნთქვამ სუნთქვა ვერ ჩაისუნთქა,
ფიქრს ფიქრი ფიქრზე მიმოებნა…

იქ, მზერათა გადაკვეთის ბგერად წერტილში
ოდნავ მოისმის მეორე ოქტავის სი ბემოლი.

ფიქრობს პოეტი, სი ბემოლი
სულ უბრალოდ
როგორ უნდა ამოისიტყვოს…

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:17 pm

ზეინაბ სარია

***

პოეტებს – საკუთარ თავში ჩაგროვილ ადამიანებს –
ისე შეიცნობ,
ოკეანეში
როგორც
ჩადიან.
მათ თვალებში ისეთი კადრებია ჩაძირული,
გული წამთა იმგვარი გაელვებებით უცემთ,
თითოეული რაღ-რაღაცას რომ აშკარადყოფს.

აკვალანგები
(მთელი შენი ჩაძირვების გამოცდილება) უნდა მოირგო,
სიღრმიდან მარჯანს
(მთელ მათ გამოცდილებას) ამოიტან
და შენადყოფ (ან სულაც ვერა).

ჩავ-ჩავწიაღდეთ რუსთველსიტყვაში.
“ვარგი” თუ ვართ, “ვივარგოთ” და
ორივე პეშვით სიბრძნე ამოვაჯავარიანოთ.
აი ერთი მარგალიტი:
ერთწამიან სიზმარში ვმყოფობთ,
სხვა რაღაა წუთისოფელი?-
წუთიც კი არა,
წყვილი დარტყმა გულისა: “დუგ-დუგ!”
წამი, „წამწამის მსწრობელი” და
სხვა არაფერი.

და სულ ერთ წამში,
სულ ერთ წამში,
იაქე წამში
რა, რა შე-შეა-შეაბრუნებს მტრობას ძმობაში
ზიზღს სიყვარულში
ბნელს – ნათელში,
მდაბალს – მაღალში?!.
ეგ მარჯანი ხომ ვაჟას აკვატორიაშია,
ჩაყვინთავ და ამოგვიმარჯანიანდები.

სივრცეში სივრცე მყოფობს გალაოკეანეში,
ეფემერაში – ეფემერა,
ნისლში – ნისლები.
თოვლში თუ შეხვალ, რომ ესტუმრო პოეტთა მეფეს,
(თუ იცი-მეთქი თოვლში შესვლა, ამას ვგულისხმობ),
თოვლის სტიქიის ბინადარსაც იქვე დალანდავ
და ფიფქებს შუა ამოგყვება გალამარჯანი,–
აქ ისე ფრთხილად,
ისე ნატიფად უნდა მყოფობდე,
თოვლის ზღაპარი რომ არ გექცეს ნესტის სისველედ…
აი გალაოკეანის იდუმალება:
იმდაგვარია პოეზია,
თუ სინატიფეს გადასცდები,
თოვლი წურწურით
ჩამ-ჩამო-ჩამონესტიანდება
და იმასაც ერთი კარგი მიხვედრა უნდა,
თოვლში ხარ თუ სისველეში ხარ.


ის კი რაშია, ვინც შეაცივდა ზეცას თვალებით,
ვისაც თვალებში ცა ჩაუვიდა,
ვინც ცით აივსო?..
ვისაც წილი აღარ უდევს არც სიცოცხლეში
და არც სიკვდილში, ღმერთო ჩემო, და არც სიკვდილში,
არც ერთში, არც მეორეში,
მესამეშია.
უსხეულო სიცოცხლეში?
სიცოცხლით სავსე სიკვდილში?
სიკვდილლექსშია?
ლექსმარადში?
ლექსადფეთქვაში?..
რაა მესამე?
რაა,
რაა,
რაა მესამე?..

ან რას ამბობს,
ვინც შეაცივდა ზეცას თვალებით?


ორივე ხელი მუცელზე აქვს შემოჭდობილი
და იცინის,
კვდება სიცილით,
პოეტები ციყვებივით როდი ხტიანო
სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ
აპლოდისმენტთა საგროვებლად,
აი, რას ამბობს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პოეტები – საკუთარ თავში
ოკეანედ ჩაგროვილები…

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:18 pm

ზეინაბ სარია

***

„სიცოცხლე შვენობს შენითა.“
/ვაჟა/

ჩემთან ერთად ვზივარ და ვამბობ:
–სიკვდილო, გიცი სახემრავალი.
ჰოდა, გაიწ–გამოიწ–გაიწიეთ და დამენახვეთ,
შეგშეგაშეგათვალიეროთ,
რომელი ხართ ჩემი წერა,
თან – სხვებზე კარგი
და თან კიდევ – სიცოცხლის მშვენი.

ბოლო იმიჯი ასე იოლი შესარჩევია?!.

შენ ეი, ზვავად წამომსვლელო,
ჩემი არა ხარ.
მოგვემოულოდნელდები ისე ულმობლად,
გადაგვანაცარმტვრიანებ.

ვეღარც შენ, ძალად მოხმობილო,
ვერ იქნები, ვერა, საჩემო,
სულსწრაფობ, მონაადრევდები,
შუა სუნთქვაში გაგვაშეშებ.

და ვერც შენ, შიშის ოკეანედ რომ თუხთუხებ,
ვერ იქნები, ვერა, საჩემო,
მიგეახლ–მიგეკანკალდებით, ბალანამშლელო,
ძრწოლის მორევში ჩაგვაქანებ და ჩაგვაქრობ.

ვერც შენ – მელივით სუნსულით მსვლელო…
ვერც შენ – მგელივით ხარბად მავალო…

მაგრამ აი შენ… მგონი, ისა ხარ…
ერთადერთი და სწორედ რომ ჩემი…

ჩემი სიცოცხლის რტოს გაეკვირტე,
ჩემს გზაზე დგახარ, მელოდები და
ციფერბლატზე უკვე იცი წუთმონიშნული.
დასასრულისფრად გიფრიალებს მოსასხამი,

კეთილშობილურ– დარბაისლურ– რაინდულად მელოდები,
ვერ შემოგწყრები.
იმასაც ვიგრძნობ,
როდის და როგორ ჩამომიწიკწიკდება ის წუთმონიშნულიც,
და გეტყვი: ზღაპარ–არაკებრ
სიცოცხლე მომივარაყე.
რევერანსით მომახურავ ჩრდილის მოსასხამს,
ნაოცნებარი რაინდისგან განსხვავებით,
არსად,
არც ერთ გზად სიცოცხლეში სულმოუთქმელად რომ არ მელოდა,
და… უჩინარმყოფ
ჩემგან რომელს?..

სულს კი…
სულისა შენ რა იცი?..
ამაზე შენთან არც ვისაუბრებ.



Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:19 pm

ზეინაბ სარია Zeinab11

ზეინაბ სარია

***

ფრთხილად!..
ყოველი მოსახვევიდან
შენს მტკივან გულს შეიძლება თავს დაესხას
ათასჭიანჭველიანი ჟრუანტელი,
სისხლძარღვებში მანამ რომ იფუთფუთებს,
სანამ ათასივეს არ ამოსხამ ქაღალდზე.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:22 pm

ზეინაბ სარია

***

საიდან გეცოდინებოდა, რომ ეგ სულაც ბოლო სუნთქვაა?!.
ყელში თითქოს რაღაცამ წაგიჭირა,
თან ისე ფრთხილად,
რომ ვერც კი იტყვი, ყელში თუ გიჭერს,
უბრალოდ, სუნთქვა ვერც ადის და ვეღარც ჩამოდის.

რა იცოდი, თუ ვერავის დაუძახებდი,
ყველა ბგერა სადღაც შიგნით ჩაგექცეოდა
უხმოობაში
და ოდნავი ამოძახება
იმოდენა ენერგიას მოგთხოვდა,
დედამიწას რომ შეატრიალებდი იმ ძალით.
თან ნახავდი, რა მარტო ხარ ამ წამებში და
წუთისოფელსგარეთაც რომ აღმოჩნდებოდი…


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:22 pm

ზეინაბ სარია

***

ვინ გიმახსოვრებს
დავიწყების უთვალავი ცხენისძალის ქარბორბალაში?

იმდენჯერ ლეწე სიმართლე თავს,
გაქვს უფლება, სხვასაც შეჰბედო,
ამოგიჭეშმარიტდა რაც ცრუ ტაშებიდან:
ღირსეულთათვის არის სიმართლე.
სხვები ფარულ კობრად გარდასხეულდებიან
და თავიანთ საქმეს იზამენ.
მაგრამ ღირსეულს რაღად უნდა გზაზე ნიშნები,
გუმანითაც მუდამ იქით მიემართება.

ძალზე ვაი! მაგრამ ახ!.. და მერე ოო!..
ვაჰ-ვუჰ, ვუჰ-ვაჰ და ვაჰაჰაიმე!..

შენი ძალიან ღიმილით
ვის არსებაში აისახები,
ვინ გიმახსოვრებს
დავიწყების უთვალავი ცხენისძალის ქარბორბალაში?!.

და მაინც… რაკი ლოგიკა ასე ფშვნადია,
სული რაში გაქვს,
ხომ შეიძლება ეს ყოველთვის
გაცემისთვის არ სჭირდებოდეთ,
იქნებ იმიტომ გკითხავენ, რომ გადაგეფარონ?!.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:23 pm

ზეინაბ სარია

***

მე ვამბობ ბალახს,
სასაფლაოს ბინადარ ბალახს,
რომელსაც რაღაც ამოუცნობ-ამოსაცნობი ამოაქვს ჩვენთან.

ას სამი წლის სონიას საფლავზე
ბალახი გალობს.
ვალმოხდილი განისვენებს კეთილი ქალი.
დამწვრის მალამო იცოდა ისეთი,
დამდუღრულს სულაც უკვალოდ არჩენდა.
ბავშვივით კამკამა სიცილი ჩამესმის.
როცა ვიხსენებ.
ეს მისი ხმაა,
აკუსტიკური მისი ხატი.
მთელ სოფელს მისი მალამო ჰქონდა კარადის კუთხეში,-
იმედი უცები შემთხვევის დროს.
მის საფლავზე ბალახი გალობს.

მანქანა შეასკდა ახალგაზრდა ქალბატონს, ბელას.
შვილს მობილურით ელაპარაკა,
თან ქუჩაზე გადადიოდა.
ვერ შეამჩნია მანქანა და…
მის საფლავზე ამოქვითინდა
საცოდავად მოსლუკუნე სიმწრის ბალახი.

ქალაქის ცენტრში ცხოვრობდა ქალი,
კარგი ექიმი, მედიკო ერქვა.
ერთხელ მიეჭრა ვიღაცა და
საკუთარ სისხლში ამოახრჩო.
ათასი ჭორი აგანგაშდა – ათასი ჩაქრა.
რა, რატომ, რისთვის, სამრეში თან ჩაიყოლა.
მის საფლავზე, რა ხანია, ბალახი ბღავის.

გულის ფიქრი ამოაქვს ბალახს.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:25 pm

ზეინაბ სარია Zeinab14

ზეინაბ სარია

***

მზის სისტემის პლანეტიდან ვარ.
მზე გვაცვია მეცა და ჩემს დედამიწასაც.
აქ ხე გამოთქვამს უთვალავ შრიალს,
ზღვა – ტალღების ვერცხლა ნამსხვრევებს,
გზები კი აბლაბუდებივით იხლართებიან
წყალში, ჰაერში თუ ხმელეთზე.

ცნობიერო, ხარ რომელიმე პლანეტაზე
და მხედავ ნეტავ?
ხმა როგორ უნდა მოგაწვდინო?
ან შენ როგორ მიმახვედრებ, რომ არსებობ?
ლითონის მდორე მდინარეებს გაჰყურებ მართლა?
ლითონის ტინებს აჰყავს შენი მზერა ცისაკენ?
ჟანგბადი არის ნეტავი თქვენთან?..

ეს ბურთი ჩემი დედამიწაა.
მოახლოვდები –
გადიდდება,
დანაწევრდება მთებად, ხევებად, ოკეანე-კონტინენტებად,
ქვეყნებად, (ორ ზღვას შუა მიწა ჩემია.
„ჯერ-სა-ქარ-თვე-ლო!“- პულსირებს მაჯა.
ასევე იქნებ ჩაგესმას კიდეც: „სა-და-ვი-თო,“ „სა-თა-მა-რო,“
მაჯა გაგამხელს, საიდანა ხარ.
რობოტთაგან, სულ პირველი, ეს განგვასხვავებს);
ქალაქებად, (დასავლეთით ზუგდიდია, ჩემი ქალაქი
და ასევე – გულისცემის აჩქარება);
ქუჩებად, (ნინოშვილის #5-ში ჩემი სახლია);
ეს ჩემი ეზოა,
სადაც ბებოს ხელში ასურნელებულ ჭვიშტარს
მოკლეშარვლიან ძმებთან ერთად შეჰციმციმებს ჩემი ბავშვობა.


ნეტავი როგორ გიმასპინძლო? მამის ნამყენ ვაშლს გაგითლი,
მისი სული ამ ვაშლში მაქვს.

დედამიწის ბინადარი ვარ.
ლექსს ვწერ.
იცი, ლექსი რა არის?
გულში რომ აგიტორტმანდება სიტყვა ზღვასავით,
რამდენიც უნდა დაიოკო,
არ ჩადგება, გადმოდის ქაღალდზე
და ვინც წაიკითხავს, ახლა იმის გულშიც გადა-ვაჰ-ტორტმანდება,
ეგ არის ლექსი /მეორე, რაც განგვასხვავებს ჩვენ მანქანა-დანადგართაგან/,
ხოლო თუ ლექსში მამულიც სუნთქავს,
რაც განგვასხვავებს, გვიორმაგდება.

შენს პლანეტაზე რა იციან ნეტავ ასეთი?..


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:26 pm

ზეინაბ სარია

***

რას მიცოდვილობ, სოფელო,
შე მართლა ცრემლისმყოფელო,
რა სასოებას მიამსხვრევ,
ან საით წახველ–მოხველო.

ცრემლს მივცე დარდი – ვაპირებ,
აჰანდე – გამიაპრილე,
რაც ჩამაყლაპე, ის ცრემლი
ღაწვს მაწერია ნაპრალად.

შორადა, შორად-შორადა
გზა გაიყოფა ორადა,
სულში რომ ზეცა ჩამექცა,
არც გაგიგია ჭორადა.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 6887
Registration date : 09.11.08

ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია EmptyFri Nov 19, 2021 11:28 pm

ზეინაბ სარია

***

რაო, სიკვდილო, რას დამდევ,
ან რა პაემანს მპირდები?
შენთვის მცალია სწორედაც,
სიცილით ჩაგიბჟირდები!..

მელაო სახებნელაო,
ვერვერა, ვერა, ვერაო,
გამოგისხლტები ხელიდან,
არა ვარ შენი წერაო.

სულ ტყვილად მოიძურწები,
კვალზე სუნსული გეყოფა,
ლექსში შეგასწარ, საწყალო,
ცხვირიც არ შემოგეყოფა.

აქ შუქისშუქისშუქია
და მზეს უფეთქავს ნაკვთები,
შენი ძმა ვაჟას უქია,
ვა თუ შემშემომაკვდები!..


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ზეინაბ სარია Empty
PostSubject: Re: ზეინაბ სარია   ზეინაბ სარია Empty

Back to top Go down
 
ზეინაბ სარია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: