არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 კარლო კაჭარავა

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა EmptyTue Dec 23, 2008 11:53 pm

კარლო კაჭარავა Karlo_10
Karlo Katcharava

კარლო კაჭარავა
(დ. 7 თებერვალი, 1964 — გ. 9 აპრილი, 1994)

ქართველი მხატვარი, პოეტი, ესეისტი და არტ-კრიტიკოსი. მხატვართა დაჯგუფება „არქივარიუსებისა“ და „მეათე სართულის“ ლიდერი და იდეოლოგი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის.

კარლო კაჭარავა დაიბადა 1964 წლის 7 თებერვალს სამტრედიაში. მან ხატვა ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ორი წლის ასაკში დაიწყო. მე-9 კლასში ორ თანაკლასელთან ერთად ხელნაწერ ჟურნალს უშვებდა სახელწოდებით "დადაისტები", რომელშიც ახალგაზრდები საკუთარ ლექსებსა და ჩანახატებს აქვეყნებდნენ. 1986 წელს კარლომ დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

1984 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში კაჭარავამ მამუკა ცეცხლაძესთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფს "არქივარიუსები". ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება ერნსტ თეოდორ ჰოფმანის ერთ-ერთი პერსონაჟის სახელს რომანიდან "ოქროს ქოთანი". ამასთანავე, ეს სიტყვა ნიშნავს რაღაცის მცველს, შემნახველს. "არქივარიუსების" პირველი გამოფენა გია ლორიას სახლში მოეწყო. ჯგუფის მანიფესტის ავტორი კარლო კაჭარავა იყო.

1986 წელს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, ერთ პატარა ოთახში ახალგაზრდა მხატვრებმა შექმნეს ავანგარდისტული ჯგუფი, რომელსაც შემდგომში "მეათე სართული" ეწოდა. ეს ჯგუფი უფრო ფართო შემადგენლობის იყო - "არქივარიუსების" გარდა აქ შედიოდნენ სხვა მხატვრებიც: მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, თემურ იაკობაშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გურამ წიბახაშვილი, გია დოლიძე, ზურაბ სუმბაძე, მაია ცეცხლაძე, ლია შველიძე და სხვ. მათი ერთადერთი თეორეტიკოსი და კრიტიკოსი კარლო კაჭარავა იყო. იმავე წელს "ქარვასლაში" მოეწყო ამ ჯგუფის პირველი გამოფენა, რომელსაც მხატვარი გია ბუღაძე ხელმძღვანელობდა. ჯგუფის წევრები მუშაობდნენ უჩვეულო მასლაზე, იქნებოდა ეს სამეურნეო საღებავები, დისპრესია, რკინისა და ხის მასალა და სხვ. სწორედ "მეათე სართული" იყო პირველი, რომელმაც თბილისში აქციებისა და ჰეფენინგების მოწყობა დაიწყო. ჯგუფი ზოგჯერ საკმაოდ უჩვეულო ადგილებში მართავდა გამოფენებს, მაგ: რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც მხატვრებმა კედლები მთლიანად მოხატეს. "მეათე სართულის" ჯგუფი თანდათანობით ფართოვდებოდა და გამოფენებით გადიოდა დასავლეთ ევროპაში: აღმოსავლეთ ბერლინში, მიუნხენში, კიოლნში, ნარვაში, კასელში. კაჭარავა ყოველთვის არ მონაწილეობდა ჯგუფის გამოფენებში, თუმცა მათ ერთგვარ მემატიანედ იქცა.

1986 წელს კაჭარავამ დაამთავრა სამხატვრო აკადემია და მაშინვე ჯარში გაიწვიეს. ციმბირის ქალაქ მირნიში მან მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა, თუმცა ესეც კი მძიმედ აისახა მის ჯანმრთელობაზე. ოჯახის დიდი მცდელობის შედეგად, შვიდი თვის შემდეგ კარლო კაჭარავა თბილისში დაბრუნდა. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, ახალი და თანამედროვე ხელოვნების განყოფილებაში და აქ მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.

1987 წელს "მეათე სართულის" ჯგუფი გადავიდა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში, სადაც მამუკა ცეცხლაძე დეკორატორად მუშაობდა. შემდგომში ამ პერიოდს (1987-91) "მარჯანიშვილის პერიოდი" ეწოდა. აქ ჯგუფს შეუერთდა კიდევ ერთი მხატვარი - კოკა რამიშვილი. 1988 წლის მაის-ოქტომბერში თბილისში მოწყობილი გამოფენები მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქართული ხელოვნების ისტორიაში. ეს გამოფენები დამთვალიერებელთან აქტიურ კომუნიკაციაზე იყო გათვლილი და რეალობის შესახებ ჩამოყალიბებული ბანალური წარმოდგენების გადასინჯვისკენ უბიძგებდა მნახველს.

1993 წლის ოქტომბერში კაჭარავა მოსკოვში გაემგზავრა. შემოდგომის ერთ საღამოს, მხატვარს გაძარცვის მიზნით თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს, რის გამოც გარკვეული ხნის განმავლობაში ტვინის მსუბუქ შერყევას მკურნალობდა. 1994 წელს მხატვარი თბილისში დაბრუნდა. მარტის ბოლოს მოულოდნელად, თავში ანევრიზმა გაუსკდა. თავის ტვინზე ორი წარმატებული ოპერაციის მიუხედავად 1994 წლის 9 აპრილს კარლო კაჭარავა, 30 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მხატვარს დაუმთავრებელი დარჩა ბოლო ნამუშევარი - "სიბნელის ხელოვნება", რომელსაც 11 დღის განმავლობაში სიბნელეში, სანთლის შუქზე ხატავდა. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.

კაჭარავა სიცოცხლეში მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 1999 წელს კაჭარავას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ჯოის გილდშტეინის გალერეაში, ნიუ-იორკში. ჟურნალში "Art in America" კრიტიკოსი ჯონათან გუდმანი წერდა: "ბუნებამ უთუოდ უხვად დააჯილდოვა ქართველი მხატვარი და კრიტიკოსი კარლო კაჭარავა. მისი ნატიფი გემოვნება, კოლოსალური ინტელექტი და ნიჭი კაცობრიობის სულიერ მიღწევათა უახლესი გამოვლინებაა. მისი პერსონა სრულიად აირეკლება მისსავე შემოქმედებაში იმდენად, რომ სიტყვა და ხატი ერთმანეთს ავსებს. კარლოს მხატვრობა, სამეცნიერო ნაშრომები, 90-იანი წლების მსოფლიო ხელოვნების უდიდესი მიღწევაა... ისტორიული გროტესკი და ბედისწერის წინააღმდეგ ამხედრებული ეს უზარმაზარი შემოქმედება ბოლომდე ინარჩუნებს იდუმალების, ორიგინალობის, გენიალობის ელფერს. მათი ავტორი დროის მიღმაა."

1997 წელს, ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის კარლო კაჭარავას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა, რაც გარდაცვლილი მკვლევარისათვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაცია, გამგეობის წევრი (1990-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1997 - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ)
ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია
* მონოლოგი : ჩანაწერები, ლექსები, ფერწერული ნამუშევრები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2014. - 198გვ.. - ISBN: 978-9941-22-389-1
* Eine Reise... Moskau-Koln-Berlin-Koln : ჩანახატების, ჩანაწერების და ტექსტების ალბომი (ავტორი). - თბილისი, ქარჩხაძის გამ-ბა, 2012. - 200გვ.. - ISBN: 978-99940-34-65-9
* თხზულებანი (ავტორი) // ტ. 2: პოეზია . - თბილისი, ოთარ ყარალაშვილი, 2006. - 191გვ.. - ISBN: 99940-58-78-9
* თხზულებანი (ავტორი) // ტ. 1: სტატიები. - თბილისი, ოთარ ყარალაშვილი, 2006. - 221გვ.. - ISBN: 99940-58-76-2

ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/კარლო_კაჭარავა
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008908/
* https://burusi.wordpress.com/art/karlo-kacharava/
* https://poetry.ge/poets/karlo-kacharava/poems

კარლო კაჭარავა A_man_with_a_newspaper



ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
Published on Dec 19, 2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენას „კარლო კაჭარავა დღეს" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
გამოფენა 2018 წლის 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
19.12.2017

study


Last edited by Admin on Sun Feb 24, 2019 12:37 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: Re: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა EmptySun Feb 24, 2019 12:14 pm

კარლო კაჭარავა

შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან

შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან ნიკო ნიკოლაძის ქალაქში.
გვერდით ოთახში ეკიდა აკაკი წერეთლის ღიმილი ცუდ რეპროდუქციაზე.
შენი კუთვნილი, მათ შემდეგ მოსულმა, შენმა უკვდავმა ბაბუებმა შეჭამეს.
რომლებიც დღესაც ჭამენ და ხორციან საჭმელს
შენზე სადღეგრძელოებს აყოლებენ.
შენ გასწავლიდნენ ცოტა ზრდილობას, ცოტა კეთილგონიერებას, უფრო მეტად ტყუილს,
და მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას.
რომლითაც უნდა მოკლა, რომლითაც უნდა ილოცო, რომლითაც უნდა დასცინო,
რომ უკვდავ ბაბუათა სუფრასთან გეღირსოს ლუკმა –
და არა ნახევრადმშიერთა პური – ფურაჟი.
შენ არ უნდა იოცნებო მაღაროზე, სადაც იპოვი რამეს.
შენ სხვას უნდა წაართვა უკვდავი წინაპრების სახელით,
რადგან წინაპრებშიც არიან უკვდავნი და მკვდარნი.
როგორც ჩანს მიხვდი, რომ ეგნატე ნინოშვილი,
გიორგი ქუჩიშვილი, კოტე კაპანელი, ვალერიან გაფრინდაშვილი,
შალვა კარმელი და ტიციანი
შენი წინაპრები არ უნდა იყვნენ.
შიმშილით კვდომა სამარცხვინოა ღვთისმშობლის ქვეყანაში.
შალვა ქიქოძის “ქორწილი გურიაში” აქ არ დახატულა.
“იმერეთი დედაჩემი” ერთი საწყალი მოხუცი ქალია, რომელიც სადღაც ქსოვს.
მისი გახსენება მხოლოდ ბაბუათა სუფრაზეა კარგი.
მაღალფარდოვნებით, მაღალფარდოვნებით, მაღალფარდოვნებით.
იმ სიტყვებით, რომლებიც არ იცოდა სპირიდონ მცირიშვილმა.
იმ სიტყვებით, რომლებიც ცუდად ესმოდათ ილიას,
გაბრიელს, მოჯამაგირე პოეტს
შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან.
შენ დაიბადე ზღვასთან.
შენ დაიბადე პალიასტომთან, ღარიბი ექიმის გვამთან,
რომანტიკულ მეძავთან,
ბულვარის ფოტოგრაფთან, იაფ სასადილოში, რომელიც დღეს სამოთხედ ჩანს.
რომელიც დღეს მართლა იავნანაა ნახევრადმშიერთა მოხეტიალე გუნდებისათვის.
სიზმარში შენ გინახავს ტოლსტოი, შვარცნეგერი, ბიოლი და ცოტა გარსია
ლორკაც.
იქ, სადაც არ ისვრიან შენი სამშობლო აღარაა.
“მამავ, მამავ, მომეცი ცოტა ფული და ხეტიალის უნარი
და ნუ დაივიწყებ დასავლეთ საქართველოს წვიმიან სასაფლაოებს.
ჩემს ცას, რომელსაც მთელი ცხოვრება მართმევენ ჩემიანები”
შენ ეს არ გითქვამს, შენ არ გძინავს, შენ თოფით იცდი
შენ მებაჟე ხარ.

1993 წ.

კარლო კაჭარავა 320px-Beyond_the_big_cities

study


Last edited by Admin on Sun Feb 24, 2019 12:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: Re: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა EmptySun Feb 24, 2019 12:16 pm

კარლო კაჭარავა

ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა

ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა.
ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ, თუ ვიმართებით:
ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარში
მანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.
მე მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.
ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა,
გასაღებების დაკარგვა.
ჩვენი მეტყველების ხანგრძლივი, უსასრულო
წიგნი ყდაგაცვეთილი
ჩვენი ღარიბული, ან ზოგჯერ უკეთესი სამოსით.
ღალატით, როგორც ცხოვრების წესით, სიცივეში ჩაის სმით.
საცხოვრებლებში დაფანტული ვკითხულობთ
და ერთმანეთს ვუამბობთ წაკითხულს,
სხვა ქალაქებიდან ჩვენსკენ მომავალთ
ვატანთ მოკითხვას,
უკეთეს სურვილებს, ან ვიღაცას ვწირავთ
თითქოს უბოროტო შურისძიებით.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: Re: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა EmptySun Feb 24, 2019 12:22 pm


"იზოლაცია" #1 - კარლო კაჭარავა
Artareatv
Published on Nov 27, 2012

კარლო კაჭარავა

ჩვენში…

ჩვენში _
ვიღაცას დრო აქვს და უყურებს ჟან-ლუკ გოდარის
ფილმებს კინოს სახლში.
ჩვენში _
ვიღაცას ფული აქვს და ყიდულობს ჟან-ლუკ გოდარის
ფილმების რეტროსპექტივის
ფრანგულ კატალოგს.
ჩვენში _
ვიღაც ისე უპრობლემოა, რომ ეცოდება ქუჩის ძაღლები.
ჩვენში _ ვიღაცას იმდენი ფული აქვს,
რომ არაყს სვამს ქუჩაში.
ჩვენში _ ყველა ესენი იმდენად გულუბრყვილონი არიან, რომ ჰგონიათ უკვე
აღარ ცხოვრობენ ამ ქალაქში.
ჩვენში _ ყველამ ყველაფერი იცის.


ალენ გინსბერგის უცნობი ქრონიკა

რადიო, ნოემბერი, ნავთი, ჩაკეტილი მინდვრები,
რომ ახსენებ მატარებელს.
მოგზაურობა ღმერთებისათვის.
მოგზაურობა ერთ ადგილზე სიარულისას.
სიზმარში ქუდი მოვპარე _ ის არ იყო სხვა.
საშობაო ნაძვი თეთრია _ მშიერი ბავშვია.
პარფიუმერიაა, კავკასიური ნაგაზია შენთვის.
ოდესღაც მეც ვხატავდი ნაცრისფერ ქვიშას.
ანგინის დროს ბავშვებს ყელში ნავთს
ავლებდნენ რძესთან.
ეს თითქმის პაულ ცელანია თავისი მკვდრებით,
შავ რძეს რომ უღიმიან. ამისთვის სხვაგან
და ყველანი ჰგავდნენ იმ დროს ერთმანეთს...


არარესტავრირებადი ღამე

ისინი არ არიან: არც მუშები, არც ჯუჯები, არც "მოსსადის" ხალხი,
არც ლოთები, არც ოლიმპიელები, არც ცენზორები, არც ოპერატორები,
არც ბროკერები, არც ტაქსისტები.
მერე რა.
მერე რა რომ ხოცავენ.
მერე რა რომ ერთმანეთს უღიმიან.
მერე რა რომ უკრავენ.
მერე რა რომ თამაშობენ.
მერე რა რომ ათვალიერებენ.
მერე რა რომ ჭამენ.
მერე რა რომ იღვიძებენ.
არარესტავრირებად ღამეთა მიღმა.
ვარდისფერი ფაიფურის გემით დახატული ღრუბლების ფონზე.
დეკადენტი პოეტები თხზავენ მანერულ გარდაცვალებებს
ამ მოვლენებზე ბევრად უფრო ადრე.
იქ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან და შორდებიან: ბროკერები, ტაქსისტები და მოჩვენებები.
რადგან არავის არ უნდა მუქი იისფერი მაიმუნები, რომლებსაც ძინავთ.
არავის არ უნდა თქვენი საინფორმაციო პროგრამა.
არავის არ უნდა თქვენი კომენტარი, თქვენი ზრუნვა,
თქვენი დაინტერესება.
თქვენი ხმა.
რადგან:
ეს ასოციალურია და ამორალური.
ეს აბსურდულია და საეჭვო.
ეს დამთრგუნველია და უნიჭო.
ეს გაუმართლებელია, ეს უშნოა, ეს მარტივია.
შენ
დაგესიზმრა ყველა ის გაზეთი, რომელიც ოდესმე წაგიკითხავს.
შენ
დაგესიზმრა ყველა შენი საუზმე.


ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ქილებს...

ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ბოთლებს
გადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე.
კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებს
ძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული.
მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ.
რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფრო
თხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას.
რომელ თეატრში ვნახავთ მეტ სიმართლეს,
ან დავიძინებთ უკეთ, ვიდრე ჩვენს საწოლებში,
მას შემდეგ, როცა რიტმული მოძრაობებით
ვარღვევთ ერთმანეთის სიმყუდროვეს
და მერე არეული სუნთქვით, არეული სიზმრებით
ერთად გვძინავს.


ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი...

ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს.
ყველა მის სამხილი ცუდად შემჩნეულია და იაფად ეწირება რამეს:
ავტომატს ან თურქულ შარვალს.
მისი ყველა მხილება ცუდადშემჩნეულია, როგორც კედლის მიღმა ორსული ქალის ხველება.
მიწის თოჯინა და ოდესღაც იაფი რკინის საწოლი,
რომლებზეც სიზმრებს არ ნახულობენ,
რომლებზეც არ ისვენებენ ქალის ფეხებს შორის,
რომლებზეც ვერ ტირიან,
რომლებზეც ნახულობენ ცუდ ტელესიზმრებს.
ე. ინგოროყვა კითხულობს "ბაადურ მაინჰოგის" ქრონიკას
და ეძახის ენდი უორჰოლს ან ჟან მიშელ ბასკიას.
ან ეძახის პურის რიგში მდგომთა შვილების კერპებს:
სტალონეს, ვან ბასტენს და კიმ ბესინჯერს,
რომელთა სურათებიც ამკობენ პურის რიგში მდგომთა შვილების კედლებს,
სახელმძღვანელოებს, ინტიმურ დღიურებს და სიზმრებს
ცივ და უტრანსპორტო ქალაქში.


თქვენ თამაშობდით...

თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს -
ბოთლებს - დაკეტილი კარების ფონზე გაღიმებული, ოდნავ მოჭუტული თვალებით.
ერთი.
"ვგავარ ვარსკვლავურ გომბეშოს" - თქვა კაცმა.
"როგორი გემო აქვს რვა წლის წინ შეჭმულ ყველს?"
"შენ დაგეძინა დახატულ ბაგირზე ცოცვისას".
"სახლები, ქვაფენილები, სიზმრები".
მშვიდობით შიმშილო, მშვიდობით გაუთვალისწინებელო დამცირებავ,
მშვიდობით მარტოობავ, მშვიდობით ჯანმრთელობის გაუარესებავ,
მშვიდობით მართლა უმიზნოდ ხეტიალო, მშვიდობით იძულებითო სიფრთხილევ,
მშვიდობით შიშო, მშვიდობით შეურაცხყოფავ,
მშვიდობით მსხვერპლადქცევავ.
პოეტურია მშიერთა სიხარბე?
რატომ არ ჰგავს მარტომყოფი მსხვერპლი სხვებს?
ანდროგინი კენტავრი.
კონცეპტუალური ვახშამი, როგორც ყოველთვის არშემდგარი ვახშამია.
ადამიანი, რომელიც დიდხანს ფიქრობს, - მხოლოდ ფიქრობს.
გააშკარავდა ღამე ქარხნის სიფხიზლით.
მინის კოვზებით მთელი ღამე ვახშმობდნენ ბავშვები, რომლებთაც
ყვითელი თმები და ნაცრისფერი თვალები ჰქონდათ.
ქარხნის კუნძული დიდ ქალაქში ჰგავდა ჩაკეტილ გასასვლელებს,
სადაც ვახტიორთა სიზმრები გაავებულ ძაღლებთან ერთად
დასდევდნენ არჩართულ სირენებს, ანუ იმ ქალებს,
რომლებიც ვერ ასწრებდნენ კივილს,
როცა მათ კლავდნენ.


მე ვუყურებ მომაკვდავ სკრუჩ-მაკდაგს...

მე ვუყურებ მომაკვდავ სკრუჩ-მაკდაგს,
რომლის აჩრდილთან სიკვდილის აჩრდილი დგას.
(სკრუჩ-მაკდაგი-იუგოსლავია. გდრ-ელი პროსტიტუტკები
დასავლეთ გერმანიაში. რამ შეიძლება
გვიხსნას _ ზეგამტარებმა).
ყველაზე ცუდი მიუზიკლი.
ცხოვრება ერთი ხანგრძლივი საშობაო ზღაპარია.
დილის გამოღვიძებათა ლოგიკურობა.
შიშს სისაწყლე ცვლის. მშვიდობით უკმაყოფილო ღამევ,
თუკი არაფერია შენში, არაფერია შენს მიღმაც.
ცხოვრება ერთი საშობაო ზღაპარია,
რომელიც თითქმის მიივიწყა მთავარმა გმირმა.


სიზმრებში მორბენალი გეპარდი...

სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს.
ხელთათმანები დაკარგე, კაფეს კარებთან დაგრჩა.
შუააზიელი თავის ორდენებს მალავს.
ცეცხლით დაწერილი გრაფიტი, ოქროსფერია ქარში შენი ადგილი.
ყრუ გრიფონებს მანქანაში ძინავთ.
გეომეტრიის ანგელოზია მაქს ბილი.
იქნებ ჩვენს შორის უკვე დაიბადნენ უკვდავნი?
წერილებს წერ და მამას კვებავ.
შეშლილი მოქანდაკეა დრო
ღამეებში შეშლილი მოქანდაკე მგზავრობს.
სსრკ-ში ოცდაათი მილიონი ქალი მუშაობს,
მათი ნაოჭების გეომეტრიას არავინ სწავლობს.

კარლო კაჭარავა Dedicated_to_Krapotkin

study


Last edited by Admin on Sun Feb 24, 2019 12:48 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: Re: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა EmptySun Feb 24, 2019 12:28 pm

კარლო კაჭარავა

სირენა

ეძღვნება ფ. მაზერელის "სირენას"

"სამყარო, ჩვენი სამყარო ისედაც საკმარისადაა
გაღარიბებული და გაუფასურებული!"
სიუზან სონტაგი

ქარიან ღამით ზღვიდან ყვიროდა ქალი, თითქოს შველას ითხოვდა.
ნაპირზე ახალგაზრდა მუშა სასაცილოდ მილასლასებდა.
ქალის ყვირილზე ის ტანსაცმლიანად გადაეშვა წყალში.
შეშფოთებული და ბედნიერი, რომ შეუძლია გადაარჩინოს.
კეიტ ბუში, სოფი, ბ. ჰავკინსი, ტორი ამოსი.
მეოცნებე მუშა დაიღუპა ჭუჭყიან ზღვაში - ღამესავით ბნელ წყალში.
იახტიდან გადმოვარდნილი ქალი კი, როგორც ყოველთვის,
უკანასკნელ გადამწყვეტ წამს გადაარჩინა იახტის მფლობელმა
პოლიტექნიკურმა პრინცმა -
და მათმა ერთბაშად დამშვიდებულმა იახტამ გააგრძელა სრიალი
ბნელი წყლის ზედაპირზე.
მრავალფეროვნად მოციმციმე ნაპირის ილუმინაციათა შესახვედრად.
გარდაცვლილი მუშისთვის ღამის ზღვა
ბავშვობისდროინდელ მუდამ სველ საწოლად იქცა.

კარლო კაჭარავა Karlo_Katcharava_-_Liverpool

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: Re: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა EmptySun Feb 24, 2019 12:30 pm

კარლო კაჭარავა

ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა...

ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა -
მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან -
(ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.
არბატზე მოდიოდა სველი თოვლი და
სამი მილიციონერი.
მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,
რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.
აჰა, არალეგალური ცხოვრების ჩრდილოური ხიბლი.
აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.
და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს
სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს.
აი, მშვენიერი პატარა ქალი, რომელიც გავროშს ჰგავს
და გავროშივით იცმევს,
მაშინაც, როცა თავის ვიდეო-არტს და სიყვარულს
აკეთებს.
აი ტრამვაი, რომლის სარკმლებიდანაც მხოლოდ
დათოვლილი სტრაგინო მოჩანს.
აი "ტვინ-პიკსი", "MTV", "სნიკერსი" და
"სტიმოროლი".
ნეტა როგორია შენი ახალი მითი, რომელსაც
თხზავ, როცა მეტროდან ამოსული
სიგარეტს უკიდებ
და დღისითაც ნათურებანთებულ ჯიხურებს
ათვალიერებ...

P. S. არავინ არაფერი არ იცის... ახალი მითი?

კარლო კაჭარავა Wobern._For_Beckett

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: Re: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა EmptySun Feb 24, 2019 12:44 pm


კარლო კაჭარავა
Published on Sep 5, 2015

კარლო კაჭარავა

ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს...

ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს,
რომლებიც მოულოდნელად მსახიობთა საპირფარეშოებში შეჭრილნი,
აქედან ეცნობიან სცენის კუმირთა ცხოვრებას.
აქ აგებენ ისინი გარემოსთან ურთიერთობის
თავიანთ გეომეტრიულ უხილავ სქემებს.
ცინიზმი მათ ხელებში უამრავ პატარა ჩაქუჩებადაა
დანაწევრებული.
ზოგჯერ ისმის ხმა, მათ მოსვლამდე არსებული,
მხოლოდ მათთვის დაკარგული ცხოვრებიდან.
აბსურდია გაზაფხულის ეს დილა, თუკი გნომის
ქალიშვილზე არ ფიქრობ.
უხილავია სინათლის მასონთა სიცილი.
სადღაც ისევ თამაშობენ ბეისბოლს.
უსმინეთ უნგრელ დოქტორს. ამერიკული ფეხბურთი.
სირბილი სანაპიროზე.
ოცნება ტიტანიკში მცხოვრებ ამფიბია სულებზე.
საქსაფონი.
მაკარონის ქარხანა კვამლით ემშვიდობება ვარსკვლავებს.
რა ვაკეთო?
ახალი ცვლის მოსვლამდე, ერთი საათით ადრე,
ღამით ცივ ქალაქში, სადაც აბსურდული მოგზაური
ჩემსავით დამალულ გამჭვირვალე კედლებს მიღმა
ოცნებობს ძილზე,
რომლის შემდეგ ღირს გამოღვიძება.

კარლო კაჭარავა Karlo_Katcharava_-_Puppe

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: Re: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა EmptySun Feb 24, 2019 12:45 pm

კარლო კაჭარავა

ისინი სამსახურში მიდიან...

ისინი სამსახურში მიდიან.
მამა ჭამს ხორცს, დედა ტელეფონზე რეკავს.
მამა ისევ უკიდებს მეორეჯერ ჩამქრალ სიგარეტს.
დედა გადის ტუალეტში.
მამა ფიქრობს თოვლზე და სხვა ქალზე.
დედა ტუალეტში წყალს რეცხავს, მამა სვამს ჩაის.
დედა ფიქრობს აბორტზე, მამა ტელეფონზე რეკავს.
დედა იცმევს პალტოს, მამა ტელეფონის ყურმილს აგდებს.
დედა ემშვიდობება მამას, მამა პასუხობს, რომ
თვითონაც მალე წავა.
მე ვნახე ისინი ერთად შვიდი თუ რვა წლის წინ
პარადის მერე, დროშებით გაწყობილ ქუჩაზე.
შვიდი, რვა წლის წინ, ე. ი. იმ დროს
როცა მაღაზიაში იყო კარაქი, ღვინო და სიგარეტი.

კარლო კაჭარავა Dedicated_to_Lika

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: Re: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა EmptyFri Mar 15, 2019 9:27 pm

კარლო კაჭარავა

ოქროს ღამეთა მაქმანები

ოქროს ღამეთა მაქმანები ღარიბ კოსტუმზე
არ იბრჭყვიალებს, შორს დარჩენილ მამას
მიმსგავსებულო,
არც შენთვის აირეკლება ტელევიზორის
ჩამქრალ ეკრანზე
დილით შიშველი ქალის მოძრაობები კაბის ჩაცმისას.
იოლად ვემშვიდობებით ერთმანეთს.
არ გვიკვირს უსუსურობა, _ სიცხიანი გრძელი დღეებია,
მოგზაურობა კინოებში ნანახ წვიმათა მოსახილველად
ხმადაბალი საუბრების თანხლებით.
შენი სამოსი სხვადასხვა დროთა
ტოვებს გულგრილად საგნებს და გარემოცვას
ანარეკლების მზერის _
დღის ცვალებადი დროის.
აჰა, თითქმის არაფერზე წერ
და თითქოს ცოტათი მაინც იბრუნებ ყველა ამ განცდას.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




კარლო კაჭარავა Empty
PostSubject: Re: კარლო კაჭარავა   კარლო კაჭარავა Empty

Back to top Go down
 
კარლო კაჭარავა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება (მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა) :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: