არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მარიამ ხუცურაული

Go down 
+12
დადა
Sopio Japaridze
ეკატო (ეკა ტალახაძე)
ვაჟა ხორნაული
nini
მინდია
bao
ჯალალი
არაბული
keso
nino kadagidze
სანათა
16 posters
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyMon Feb 08, 2021 2:45 pm

მარიამ ხუცურაული - Page 8 S_15_n10

მარიამ ხუცურაული

დილისთვის ითოვებს...
(სიმღერა)

უჯარმის ტყეები ავსილა ენძელით,
ხევებში სატოვლე ნისლებიც მებევრა.
ეს ქარიც - აშარი, ცივი და სველ-სველი, -
უხდება თებერვალს.

გრიალებს, აცეტებს წიფლებს და ახელებს,
გაგიჟდნენ ქროლვისგან და რაკი იდროვეს,
ბანგავენ ჩურჩულით ქაცვებს და ძახველებს -
დილისთვის ითოვებს.

ითოვებს, დაფიფქავს გომბორს და იალნოს.
თებერვლის ტყეები ენძელით ავსილა...
ჩემო გაზაფხულო, შენ რატომ გვიანობ...
მესიზმრე ამ დილას.

უჯარმის ტყეები ავსილა ენძელით...
უხდება თებერვალს...

2021
study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyTue Feb 09, 2021 4:57 pm

მარიამ ხუცურაული

ზამთრისქალო

ჩამოსხდნენ არაგვზე ყინულის თოლიები,
ათოვს ცაბაურთას, მსხვილი ფიფქით ათოვს.
ნისლში იკვეთება ლაღი და მწყალობელი
თითქოს უცხო მხატვარს დილას დაეხატოს...

თითქოს თოვლისკაცი ქშენს ზენით მათურიდან,
უფლის გზავნილია თითქოს ფიფქზე-ფიფქიც,
კარმღეში - ფითრები პანტაზე ასული და
აგიხდა, თოვლისავ, რახნის ჩანაფიქრი?

გამო, ზამთრისქალო, შაშვივით იჭახჭახე,
დუმილის ველებზე წაშალე სამანი,
პოვნილას კვირაძალს, უმძრახზე ნასიზმრები
თოვლ-თოვლ დააბნიე ორკვირას ნამალი.

დაჰკვლიე, არაგვსგაღმა სოფლად ნანდაურის
სახლ-ეზოს არ უჩანს თოვლში მისავალი,
დაჰკვლიე, ეგებ მოხდეს, ქალო, სასწაული -
დათვის დანატორი ადგეს ხვთისავარი...

ან სულაც, ჯანდაბის კარს, სოფლის ჭორ-მართალი,
თენებას შეუყევ, ქალბნელო, ხევდახევ,
ითოვოს, შენ მარტო ავ თვალგულს გაასწარი,
წევს, ალბათ, იწვის და აბოდებს შენს სახელს...

მიხვალ ნანატრი და ითოვოს თებერვალმა,
ცის სუნთქვა მიწაზე ფიფქად ჩაიტანოს,
სათოვლე ნისლს და ღრუბელს ლექსად განდობილო,
შუაფხოს დახედე ზოგჯერ, ზამთრისქალო!

ჩამოსხდნენ არაგვზე ყინულის თოლიები,
ათოვს ცაბაურთას, მსხვილი ფიფქით ათოვს...

2021

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyWed Feb 24, 2021 8:07 pm

მარიამ ხუცურაული

თებერვლობს

კუდს იქნევს ზამთარი, თებერვლობს.
ავი გაიმუდმა ამინდი.
ვიხსენებ, წლების წინ, ერთხელ რომ
თოვლ-თოვლ შუაფხოში გამიშვი.

ორწყლიდან ძლივს ვკვალე უვლელი,
მიჭირდა აღმერთში, პირქარში.
ქარს და შიშს შენს სახელს ვუღერდი,
მშველოდა, გიჟივით მიყვარდი.

ყველა გამიცხადდა სიზმარი,
ფეხდაფეხ მომყევი რიჟრაჟზე.
რაც შენ სიყვარულზე მითხარი,
და რაც შენ მეფერე იმ სამ დღეს -

ცხრა წელს იკმარებდა ცხრა ქალი,
თეთრ, სადაგ დღეებში თებერვლის...
თოვს და თოვს, გაგიჟდა ზამთარი,
მთვარე იცვლებაო, შეჰფერის,

ამბობდი და დროც იქ გაჩერდა.
თოვლმა უკანა გზა წაშალა.
რა ხდება, არ ვიცით არცერთმა, -
აქ ერთად ვბრუნდებით ჩქარ-ჩქარა.

დღესაც ერთი ფეხით მოგისწარ,
ათოვს ფანჯრების წინ ასკილებს.
ალბათ, შენც ხევ და ხევ მოდიხარ...
თოვს, არც გადაღებას აპირებს.

გაგიჟდა ზამთარი, თებერვლობს.
ნეტავ, ჩემს ნაკვალევს თუ ატყობ,
გიცდი და ვიხსენებ, ერთხელ რომ
მარტო გამომიშვი შუაფხოს...

2021

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyThu Feb 25, 2021 8:27 pm

მარიამ ხუცურაული - Page 8 314

მარიამ ხუცურაული

შენ არ გამიავდრდე ოღონდაც...

მერე მარტი მოვა, დახატავს
გაღმა ხატის გორებს ენძელით,
ახლა ქარია და ამ თოვლის
მეტი ვერაფერი შევძელი.
რაღაცას გვანიშნებს უეჭველს,
ისე გაიმუდმა თოვლ-ქარი,
შენს დუმლის მე ვერა გავუგე,
ვერც ამბებს - ჩიტების მოტანილს...
უწინდელ თოვლდიდში სხვა იყო,
შენ რომ ოცნებებად მებურე,
ახლა ქვენა ქარი ზმუის და
ერთმანეთს ახეთქებს ბეღურებს.
პანტიდან ამფრთხალი ჩხართვებიც
ქარს და ნაბუქს ქვე-ქვე მოჰქონდა,
თებერვალს უხდება ავდარი,
შენ არ გამიავდრდე ოღონდაც.
მეტი ვერაფერი შევძელი,
თებერვალს თოვლ-ქარით გილოცავ.
თოვს, ცოტა წაყინა არაგვი,
აავსო მუქო და ჭიჩოს მთაც...

მერე მარტი მოვა, დახატავს
გაღმა ხატის გორებს ენძელით...

2021

study


Last edited by Admin on Fri Sep 24, 2021 9:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyMon Mar 15, 2021 9:38 am

მარიამ ხუცურაული

არის ასეთი რუსეთიც!

არტეკში გავიცანით ერთმანეთი. ჩემი პიონერული ბავშვობისას იყო (და ისევაც არის) ასეთი საერთაშორისო პიონერული ბანაკი ყირიმში და როცა სკოლასა და ქალაქში შენი წარმატებულობის აღნიშვნა უნდოდათ, იქ გაგზავნიდნენ.
ჰოდა, ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, იქ მოვხვდით ორივე - მე საქართველოდან, ის კამჩატკის პეტროპავლოვსკიდან.
დავმეგობრდით როგორც ერთიანი, დიიიდი საბჭოთა ქვეყნის შვილები და არა როგორც რუსი და ქართველი.
ისე დავმეგობრდით, ძალიან დიდხანს გასტანა ჩვენმა მეგობრობამ.
სკოლა რომ დავამთავრეთ, მამამისი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ძია მიშა მოსკოვში გადმოვიდა სამუშაოდ და ეს ჩემი მეგობარიც გადმოსახლდა საბჭოეთის დედაქალაქში. ასაკითაც თანატოლები ვიყავით, სწავლითაც პარალელურად ვსწავლობდით მე თბილისის და ის მოსკოვის უნივერსიტეტებში და ვმეგობრობდით... ვწერდით, ვურეკავდით, საჩუქრებს ვუგზავნიდით ერთმანეთს.
ჩემი პრობლემური მხედველობის გამო ხშირად მიწევდა მოსკოვში ჩასვლა და ვსტუმრობდი მოსკოვშიც და კოკოშკინოს აგარაკზეც. ჩემთვის ეს ოჯახი იყო რუსეთი!ხან მე დავყვებოდი უნივერსიტეტში ლექციებზე, (თუმცა ძალიან ცოტა რამ მესმოდა უმაღლისი მათემატიკის) და ხან ის დამყვებოდა გელმგოლცის და ფიოდოროვის კლინიკაში პროცედურებზე.
მამაჩემმა და ძია მიშამ ერთად გააკეთეს კოკოშკინოს ულამაზესი სახლის მანსარდის კიბე, აივნის მოაჯირი და მთელი ხის სამუშაოები. ძია მიშამ მასწავლა საუკეთესო კამჩატკური უხას გაკეთება და საერთოდ თევზის და ზღვის პ[როდუქტების გარჩევა
1988 წელს, თვალის ოპერაცია რომ გავიკეთე და თითქმის სამი კვირა ვიწექი კლინიკაში, ორი ბავშვით ხელზე ლამის ყველა მეორე დღეს მოდიოდა და დედამისის, დეიდა ტონიას მომზადებული საჭმელი მოჰქონდა ჩემთვის და დედაჩემისთვის...
კიდევ მრავალი სიკეთე მახსოვს მათგან.
მერე იყო ცნობილი მოვლენები, ომი, ოკუპაცია და ჩვენი დაშორება და თითქმის დავიწყება...
ის საქართველოში არასოდეს ჩამოსულა.
მე, ჩემთვის სამარცხვინოდ, მისი ბელორუსი ქმრის გვარი ერთი რომ დამავიწყდა, ვეღარ გავიხსენე. ქალიშვილობის გვარით ვერ ვიპოვე სოციალურ ქსელებში და მოკლედ, დავეკარგეთ ერთმანეთს!
ჰოდა, აბა, საიდან გავაგრძელო თხრობა?
21 იანვარს, სრულიად მოულოდნელად დაირეკა ჩემს ტელეფონზე მოსკოვიდან... სვეტლანა დილენდიკი ვარ და იქნებ დამეხმაროთ და ციცო ხუცურაული მაპოვნინოთო...
იტყვით, თურქულ-ბრაზილიურ სერიალს ჰგავსო?
ან იმას დამაბრალებთ, იგონებო, თორემ ასე ყველაფერს შენ როგორ გადაეყრები ხოლმეო?!
მართალში რას მაძლევთ, ტყუილში რა უნდა გადამიხადოთ?
ორი დღით ადრე, ოსტოჟენკაზე, სასტუმრო "ამბასადორში" ყოფილა პარტნიორებთან შეხვედრაზე (მსოფლიო ბანკის მიერ რუსეთში დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის სამსახურის ფინანსური დირექტორია) იქვე ახლოს, "ტიფლისსკი დვორიკში" ჰქონიათ სადილი და ყველის დაფაზე ჰქონიათ დამბალი ხაჭო.
იმ წამსვე გაჰხსენებია, პატარა და ლამაზი ბურთები რომ ჩამქონდა ხოლმე საქართველოდან და დატრიალებულა ამბავი... ძლივს ბოლო კვერი უპოვნიათ, ძალიან ძვირი გადაუხდია და წაუღია სახლში.
ერთი ციდა იმედს ჩავებღაუჭე, წლები რომ ვეძებდი გვარით და სახელით და ვერ ვიპოვე, იქნებ ამ ყველის (ის ასე მოიხსენიებს) რეალიზატორებმა მაპოვნინონო...
ჩვენი, "სანათას სახლის", დამბალი ხაჭო ძალიან მცირე რაოდენობით შედის რუსეთში და მხოლოდ ქართულ რესტორნებში შეხვდებით. ეტიკეტზე სხვებთან ერთად ჩემი ნომერიცაა დატანილი და ბედნიერი შემთხვევის წყალობით მიპოვა...
აღდგენილ ურთიერთობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მეორე დღეს კვლავ რომ დამირეკა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სამართლებრივად გამართლება მომილოცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დავაში...
ჰოდა, ერთი საათის წინ მომწერა - Дорогая моя близкая и любимая! Если этот день для тебя важен: прости меня за то, если вдруг обидела, за то что была неправильной, за то , что принесла сомнения в моих намерениях. Прости меня одного гражданина за Россию перед твоей страной А вам всем желаю Только счастья и радостей Люблю, скучаю!


14 მარტი, 2021

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyFri Apr 30, 2021 4:18 pm

მარიამ ხუცურაული

იწვიმოს

იწვიმოს, ჯანდაბას, ოღონდ შენ
მშვიდად და თანაბრად სუნთქავდე...
ჯერ ხომ ის ოცნება არ მითქვამს,
ცები რომ ვარსკვლავებს ხუჭავენ.
ცისარტყელები რომ ხიდებად
წვიმაშიც ჰკიდიან ხევდახევ...
ჯანდაბას, იწვიმოს, ამჯერად
ავდარმა გაგვყაროს მე და შენ.
ზოგჯერ ხომ დარდები ყვავიან
ყველაზე ხასხასა ფერებად...
იწვიმოს, ვერ შევძლო მოსვლა და
შენი ტკივილისთვის თენება.
ჯანდაბას, აქ ჩავრჩე ნისლებთან,
წვიმის ხმას ლექსები ვურითმო,
ოღონდ შენ ფრჩხილი არ გტკიოდეს,
გეძინოს მშვიდსა და უსიცხოს...

2021

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyFri Sep 24, 2021 9:09 pm

მარიამ ხუცურაული - Page 8 215

მარიამ ხუცურაული

მოტირალანი ფშავისა...

რასა დარდობენ ნისლები
ქალსავით ლამაზ ფშავისა?!
ნეტავ, თუ გული უთქომთა
ჩამოსვლას მეწყერ-ზვავისას,
უფსკრულ ჩატანას პირიმზის,
ავთვალთ არ სანახავისას...
ამით ხვარ ჩაღრუბლებულან,
გულგასენილნი წამისად,
ცრემლ-წვიმად დაღვრას ფიქრობენ
მომსწრენი დღისა ამისა.
ყინჩან უჟამკროდ დავალან,
სადღა აწვდინონ ხმა ვისა...
ვერ ვისად შაუტირებავთ
ლამაზის დამკარგავისად.
ამით თუ დაწიოკობენ,
ვერ მცნონი თავის თავისა.
გუშინ ნისლ-პატარძალანი,
დღეს ღრუბელ-ქალან ღამისა.
დაილას ჭირისუფალნი,
მოტირალანი ფშავისა...

2009

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyWed Feb 16, 2022 12:47 pm


მარიამ ხუცურაულის "მარილი გემოვნებით"
Jun 11, 2020

Palitra L Publishing

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მწერ­ლი­სა და პო­ე­ტის, მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლის ახალ წიგნ­ში შეხ­ვდე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად, "ფე­ის­ბუქ" დღი­უ­რე­ბის სა­ხით იწე­რე­ბო­და.

ბმული:
* https://youtu.be/32lBFmpi9TI

:::


ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები ცნობილია!
Sep 20, 2021

📘 საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა | მარიამ ხუცურაულის „მარილი გემოვნებით" 👉

ბმული:
* https://youtu.be/wROSvkB_9Ms

:::


#TVFormula #FormulaNews #ფორმულა
პრემიის „საბა" დაჯილდოება ექსკლუზიურად ფორმულაზე

Formula News
▪ წლის მთავარი ლიტერატურული პრემიის „საბა” დაჯილდოება განსხვავებული ფორმატით ექსკლუზიურად ფორმულაზე

ბმული:
* https://youtu.be/On6l2ytTH2I


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyWed Feb 16, 2022 12:58 pm

პიკის საათი - „მარილი გემოვნებით“
10:23, 23.04.2021

„ვეცადოთ, რომ ჩვენს ნამზადს მარილი სხვათა და საკუთარი გემოვნებით მოვაყაროთ და ცხოვრება დავაგემოვნოთ. იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია“ – მარიამ ხუცურაული.

მეგობარი მწერლის მიხო მოსულიშვილის ბიძგით, იაპონელი ქართველოლოგის ჰაიატე სოტომეს შეგულიანებით, ფრანგული ემიგრაციის წარმომადგენლის ტიერი ბერიშვილის საქმიანი შეთავაზებით და, რაც ყველაზე მთავარია, ბებოს ნამზითვი ამბები. პილპილ-მარილით გემრიელად შეზავებული ამბები დედა-შვილობაზე, და-ძმობაზე, მეგობრობაზე, ნათესაობაზე, ნაცნობობასა და მეზობლობაზე. ამბები საქართველოზე.

სტუმარი: მარიამ ხუცურაული – პოეტი; მწერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

ბმული:
* https://1tv.ge/audio/pikis-saati-marili-gemovnebit/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyWed Feb 16, 2022 1:00 pm

მარიამ ხუცურაული - Page 8 Sanata10

გიორგი ლობჟანიძე

ჩადუნა, მაყვალი და მარილი გემოვნებით

2021 წლის „საბას“ მოკლე სიაში ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დოკუმენტური პროზის ნომინაცია იყო, სადაც ჟიურიმ არჩევანი „პალიტრა – L“ – ის გამოცემულ მარიამ ხუცურაულის წიგნზე „მარილი გემოვნებით“ შეაჩერა.

რაკიღა მოკლე სიაში წარმოდგენილი წიგნებიდან მხოლოდ ხუცურაულის ეს ოპუსი არ მქონდა წაკითხული, ბუნებრივია, მისი გამარჯვების შემდეგ, წიგნი საგანგებოდ მოვიძიე და დიდი ინტერესით გავეცანი.

ასევე მოიქცა ალბათ უამრავი მკითხველი, რომელიც მერე იმაზეც დაფიქრდებოდა, რა ღირსებები აქვს მარიამ ხუცურაულის ნაშრომს ისეთი, რომლის გამოც სხვა ავტორების ფონზე გამოირჩა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან სასიამოვნოა, რომ „საბას“ წლევანდელი გეოგრაფია საგრძნობლად „გაფართოვდა“ და ერთი სრულიად დამსახურებული ჯილდო თელავში, მარიამ ხუცურაულთანაც წავიდა.

თანაც კარგი პოეტი მარიამ ხუცურაული, თუ ძალიან სიღრმეებამდე არ ჩავყვებით, მაინცდამაინც არ არის ასოცირებული რომელიმე ლიტერატურულ დაჯგუფებასთან, თავი ისე უჭირავს, თითქოს, თავისთვის ზის და მხოლოდ ფშაურ პაჭიჭებს ჩაჰბღუის.

ამიტომ „საბას“ ჟიურისათვის ესეც იქნებოდა დამატებითი მოტივი ჩრდილში მდგომი ავტორის შესაგულიანებლად, რომელმაც მართლაც „გემრიელი“ წიგნი დაწერა.

ამ ბოლო დროს ძალზე მოდური გახდა კულინარიულ–გასტრონომიული თემა ლიტერატურაში. მაგალითად, ძალზე პოპულარულია და რამდენიმე უცხო ენაზე უკვე ითარგმნა დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბები“, ასეთი პოპულარული არ არის , მაგრამ საერთო დონით დიანას წიგნს ნამდვილად არ ჩამორჩება ვასილ გულეურის „გულინარია“.

ყველა ამ წიგნის სათავე კი ბარბარე ჯორჯაძის „სამზარეულოში“ უნდა ვეძებოთ, სადაც კნეინა ჯორჯაძისა, მართალია, ამბებს არ გვიყვება, მაგრამ კერძების რეცეპტებს ისე გულიანად, ოსტატობით წერს, რომ ბევრ ბელეტრისტს ჯიბეში ჩაისვამს.

ბარბარე ჯორჯაძესთან თითოეული რეცეპტი ცალკე დამოუკიდებელი ნოველაა და ამ ნოველების ფაქტურას ქმნის ერთადერთი რამ – ქართული ენის უჩვეულო მიმოხვრა და იმ თემატიკის დიდი სიყვარული, რაზეც კნეინა ჯორჯაძის წიგნია.

აქ დასახელებული თანამედროვე ავტორები კი სხვა ტაქტიკას ირჩევენ, გვთავაზობენ რეცეპტებს და თითოეულ რეცეპტს უხამებენ რაიმე ლიტერატურულ ჟანრს – პროზაულ თუ პოეტურ ჩანართს – რომელიც კიდევ უფრო ამკვეთრებს ამ რეცეპტებისა და კერძების მნიშვნელობას.

მარიამ ხუცურაულს დოკუმენტური ოპუსის ორიგინალურობა კი სწორედ დოკუმენტურობაა, ამბები და ავტობიოგრაფიული პასაჟები, რომელსაც ესა თუ ის კერძი ახსენებს.

შეიძლება ვცდები, მაგრამ წიგნის ასეთმა წყობამ მე თანამედროვე იტალიელები გამახსენა, რომელთა საუბრის მთავარი თემა, ჩემი დაკვირვებით, ყოველდღიურ ყოფაში ლამის ის იყო, რა ჭამეს გუშინ, როგორ იყო ესა თუ ის კერძი მომზადებული, რა საჭმელი მოეწონათ თუ არ მოეწონათ.

და მხოლოდ ამას მოჰყვებოდა სხვა დანარჩენი – რა ნახეს, რა მოისმინეს და რაც მთავარია, რა წაიკითხეს.

ამ ნახევრადხუმრობით ნათქვამსა და პრინციპში ზერელე დაკვირვებას რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, რომ სამზარეულო ამა თუ იმ ერის კულტურის ყველაზე კაშკაშა და ამავდროულად ყველაზე კონსერვატული ნაწილია.

კერძები ყველაზე ხატოვნად ჰყვებიან ერის თავგადასავალსა თუ ისტორიულ გამოცდილებას, ამა თუ იმ ხალხის ვნებებს, ბრძოლებს, სიყვარულსა თუ მისწრაფებებს.

მაგალითად, ქართულ სამზარეულოში, ჩვენს კერძებში მთელი ჩვენი ტრაგიკული ისტორია, ჩვენი გეოგრაფია, ყველა დაცემა თუ აღმსავლა არის არეკლილი.

და თუკი ეს ერის შემთხვევაში ასეა, რატომ არ შეიძლება იგივე კონკრეტულ ადამიანზე ან ადამიანებზეც ვრცელდებოდეს?

ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ ძალიან ძველი სიბრძნეა, რომ ადამიანი რეალურად ისაა, რასაც ჭამს – გინდ პირდაპირი და გინდ გადატანითი მნიშვნელობით.

აი, ხედვის ეს კუთხეა მთავარი მარიამ ხუცურაულის წიგნში და ავტორი კერძებისა და რეცეპტების მეშვეობით არამხოლოდ თავის თავზე, არამედ საკუთარ წინაპრებზე, სანათესაოზე, მეზობლებზე და მეგობრებზე გვიყვება.

თანაც რაკიღა წეღან გეოგრაფია სხვა კონტექსტში ვახსენე, მარიამის წიგნის შესაფასებლად საინტერესოა ისიც, რომ აქ, ძირთადად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (ფშავ–ხევსურეთი) და კახეთის რეგიონი „იკითხება“ – ამიტომაც ქართველისთვისაც კი ეს წიგნი მოიცავს ეგზოტიკის გარკვეულ დოზას, რასაც აუცილებლად ორმაგი მნიშვნელობა ექნება წიგნის უცხო ენებზე თარგმანის შემთხვევაში.

წიგნში მოთხრობილი ამბები კი აშკარად არათანაბარია. როგორც მოსალოდნელი იყო, ტექსტს ზოგან უკიდურესად სუბიექტური განწყობილებები გადასძალავს, მაგრამ აქვე არაერთი პასაჟია, რომელიც, ჩემი აზრით, ნამდვილ ბელეტრისტიკამდე, კერძოდ, მის ურთულეს ჟანრამდე – ნოველამდე მაღლდება.

მარიამ ხუცურაულს წერის უაღრესად მაღალი კულტურა გამოარჩევს და რაც ყველაზე მთავარია, პირადი ამბების აღწერისას, არასოდეს ღალატობს ტაქტისა და ზომიერების იშვიათი, უფრო სწორად, აწ უკვე ასე გაიშვიათებული შეგრძნება.

ეს არის ამ წიგნის „მარილი“, რომელიც მთელ ტექსტს მართლა გემოვნებით აქვს მოყრილი და მხოლოდ აქა–იქ თუ გაგიჩნდება შეკითხვა: ავტორმა ხომ არ გადაამლაშა ან ცოტა ნაკლებმარიალიანი ხომ არ მოუვიდა.

ჩემთვის ცალკე აღსანიშნავია ენა, რომლითაც მთელი თხზულება არის დაწერილი.

მარიამ ხუცურაული შესანიშნავი მოქართულეა და მის სტილისტიკას განუმეორებელ მშვენებას მატებს დიალექტიზმები, ფშავ–ხევსურული კილოკავის „ცვარ–ნამი“, რომელიც ბუნებრივი მარგალიტებივით ბრწყინავს ფრაზების გემოვნებით ამოყელყელავებულ ჩადუნებზე.

ჩადუნა რა არის?

ამას მარიამ ხუცურაულის წიგნიდან შეიტყობთ. იმასაც, თუ რა გემრიელი შეჭამანდი კეთდება ამ მცენარისგან.

ის კი არა, მაყვალი, ჩვეულებრივი, მორცხვი მაყვალიც კი სულ სხვანაირად მოჩანს მარიამ ხუცურაულის წიგნში, უფრო სწორად, იმ ტექსტისაგან რადიკალურად განსხვავებულად, რომლის გამოც ეს ეკლიანი ბუჩქი უზომოდ პოპულარული გახდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში.

საერთოდ, კი მარიამ ხუცურაულის წიგნის დიდი ღირსება ისიცაა, რომ ეს პოეტის ნაწერი პროზაა; ყველგან იგრძნობა პოეტის ხელი, მათ შორის, ალბათ, იმ კერძებშიც, რომელსაც იგი წიგნში წარმოდგენილი რეცეპტების მიხედვით ამზადებს.

ამიტომაც, არ შემიძლია არ მოვიწონო და არ გავიზიარო ჟიურის არჩევანი – მარიამ ხუცურაულის „მარილი გემოვნებით“, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნომინაციაში ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნიც იყო და გარეშე თვალისათვის ეგებ, მე და მარიამი ერთმანეთის კონკურენტებიც ვიყავით.

17:05, 14 თებერვალი, 2022

ბმული:
* https://publika.ge/article/chaduna-mayvali-da-marili-gemovnebit/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7101
Registration date : 09.11.08

მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 EmptyWed Mar 16, 2022 7:39 pm


თსუ ბიბლიოთეკის პროექტი - ,,ავტორიTETE'', მარიამ ხუცურაული - მარილი გემოვნებით
Mar 16, 2022

TSU Library


ბმული:
* https://youtu.be/efJs2aB8-Ks




study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty
PostSubject: Re: მარიამ ხუცურაული   მარიამ ხუცურაული - Page 8 Empty

Back to top Go down
 
მარიამ ხუცურაული
Back to top 
Page 8 of 8Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
 Similar topics
-
» შოთა ხუცურაული
» ალექსი ხუცურაული
» მარიამ წიკლაური
» მარიამ წიკლაური–ძიძიგური
» მარიამ წიკლაური - თათია ქაფიანიძე

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: