
ლეილა ბეროშვილი
გამოზამთრება* * *
ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ ახალი გამოსული იყო, გამომცემლობა „ნაკადულში“ რომ დავიწყე მუშაობა.
შევნიშნე, ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი გვერდიდან არ მცილდება.
მოგვიანებით გავიგე, თურმე ფიქრობდა, რასაც ვიტყოდი, აუცილებლად სასაცილო იქნებოდა.
ვის არ გასცრუებია იმედი _ ხელში შერჩა მეტისმეტად მოსაწყენი ადამიანი...
* * *
საშა მახარაძის კაბინეტში რეზო ინანიშვილი აღელვებული ყვება, წონაში გამუდმებით როგორ ატყუებს ერთი და იგივე გამყიდველი.
ქაღალდებში ჩაფლულმა ბატონმა საშამ ახედა და ჰკითხა:
_ რეზო, შენ მგელი ხარ თუ ცხვარი?
ბატონი რეზო დაბნეული უყურებს.
_ თუ ცხვარი ხარ, როცა გკრეჭენ, ფეხები არ უნდა იქნიო _ უარესია!
ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ იცინოდა ბატონი რეზო. მერე როგორ უხდებოდა სიცილი.
* * *
ბაადურ ბალარჯიშვილის ნახატების კოლექციაში ინახება ავთო ვარაზის კუთხემოხეული ნახატი.
_ არ მაძლევდა, _ იცინის თავისი განუმეორებელი სიცილით ბაადურა, _ წართმევის დროს გამეხა...
* * *
ეზოდან გამოვედი და ზევიდან მომავალი სამი ქალი დავინახე.
ერთმანეთს მივესალმეთ.
ერთ-ერთმა მკითხა:
_ მანანა მასწავლებელი როგორ ბრძანდება?
_ მანანა მასწავლებელი აღარ არის,_ ვუპასუხე გაბზარული ხმით და განზე გავიხედე _ ცრემლი დავმალე.
_ რა ტკბილი ადამიანი იყო, რა კარგი ხასიათი ჰქონდა! თქვენც კარგი ხასიათი გაქვთ? _ ისევ ის ერთ-ერთი მეკითხება.
_არა, მე ცუდი ხასიათი მაქვს, _ ისევ განზე გავიხედე და ახლა სიცილი დავმალე.
* * *
ამ ორ პირობის წერილს, როგორც ორ ფურცელს ჩემი სოფლის _ ძველი გავაზის ცხოვრებიდან ისე ვთავაზობ მკითხველს:
პირობის წერილიჩყოე წელსა ოფდონბრის ბ-ს დღესა ჩვენ ქვემორე ამის ხელის მომწერელი სოფელს ძველ გავაზში მცხოვრებელ მღვდელმა აზარია მირონოვმა და ნიკოლოზ საგინაშვილმა დავწერეთ ესე პირობის წერილი და დავსდევით ჩვენ ორ შუა, მას ზედ რომელ ჩვენ გვქონდა ორთ დავა წისქვილის წყლის რუვზედ და მოვშველდით ჩვენს ჩვენის
თანხმობით. ასე რომ მე ნიკოლოზ საგინაშვილმა ჩემს სამიჯნობლიდან წყალს დაუდევი მაშველი სადაცა გადმოდის იქ ორი არშინი და ორი ვერშოვი სიგანე, ოთხი ადლი სიგრძეზედ ჩემს მამულში მოგეცა წყლისთვის, ამასთანავე ამ პირობასაც ვდებ მე საგინაშვილი, რომ არ შემეძლოს არასმე ჩაყრა წყლის რუვში, რათა არ შეგუბდეს წყალი და არ მიეცეს ზიანი წისქვილსა. უკეთუ ჩემის მხრიდან წყალი შეგიგუბე და წისქვილი ვაზარალე, შენ სასარგებლოდ სრულებით და ნაღდად გადმოგცე თქვენ მღვდელ აზარია მირონოვს, ჩემი მამული, რაიცა აქ მოხსენებულია.
აგრეთვე მე მღვდელი აზარია მირონოვი ვსდებ ამ პირობასა, რომ როგორათაც შენ საგინაშვილი შემოღობამ სამიჯნობელზედ ნახევარსა, მეც მოვალე ვარ იმ კვალად შემოვღობო ნახევარი. უკეთუ ჩემის ბარობიდან ზიანი მოგეცეს რამ შენ საგინაშვილს, მოვალე ვარ რაიცა ზიანი გექნება გადავიხადო შენს სასარგებლოთ, აგრეთვე
მე მღვდელი აზარია მირონოვი მოვალე ვარ როდესაც ქვიშა მოზიდოს წყალმა რუვში, ანუ ქვა, ან ხე, უნდა შეგატყობინო და შენის თანხმობით ამოვწმინდო და გამოვიტანო შენის მამულიდან ჩემს ხსენებულს ოთხს ადლზედ. უკეთუ ჩვენგანმა რომელიმე პირი გადავიდეს ამ პირობის წესსა, გადავიხადოთ მართლის სასარგებლოთ. ხელს ვაწერთ ჩვენი ყაბულით ერთმანეთთან.
ამან წერა არ იცოდა, ამის თხოვნით ხელს ვაწერ და მოწმეცა ვარ მიხეილ საფაროვი.
პირობის წერილი1919 წელსა ენკენისთვის 2 ბ-სა დღესა ჩვენ ქვემორე ამისი ხელის მომწერლებმა მცხოვრებლებმა სოფელ ძველ გავაზში თედო და იოსება ივანეს ძე ხუციშვილებმა ავიღეთ ვალი ჩვენი საჭიროების გამო შენ მცხოვრებელი ამავე სოფელ ძველ გავაზში გეურქა მარტიას ძე ოხანეზოვისაგან ოთხიათასორმოცდაათი თუმანი ნაღდი ფული ექვსის თვის ვადით და ამ ზემორე მოხსენებულის ფულის დაახათრიჯანებლად, ჩვენ ხუციშვილებმა დავაგირავეთ
ჩვენი საკუთრება მდებარე სასახლე მამული, რომელიც მდებარეობს ჩვენს სოფელში ჩვენი სასახლისა და წისქვილის გვერდით. მოხსენებულ ზომებითა სასოფლო გზიდგან ზემოთ ჩრდილოეთისკენ სიგანე შვიდი საჟენი სადაც მივა ზომა სიგრძისა სიმონა კიკნაძის მამულის სამიჯნობელზედ, რომელიც არის მიჯნებსა შუა:
მზის ამოსვლის მხრიდგან ჩვენივე მამულის მიჯნა დასავლეთის მხრიდან ვანო ხატიაშვილის მამულის მიჯნა, სამხრეთით სასოფლო გზა და ჩრდილოეთის მხრივ სიმონა კიკნაძის მამულის მიჯნა. რომელიც ამ ჩვენგან დაგირავებულ მამულის ფლობელობაში დღეისგანვე შეგიყვანეთ შენ ოხანეზოვი და გაძლევთ სრულს ნებას, რომა მასში შენ გააშენო შენობა გსურდეს ქვტკირისა ანუ ფიცრული და აგრეთვე აღაშენო ხეხილი. ჩვენ არ შეგვეძლება
წინააღმდეგობა. ჩვენ ხუციშვილები მოვალენი ვართ რომ ზემორე მოხსენებულ ვადაზედ ჩვენგან აღებული ოთხიათას ორმოცდაათი თუმანი ნაღდი ფული ჩაგაბაროთ და რაიცა იყოს შენგან ნაშრომი შენისა და ორის პატიოსანის კაცის შეფასებით ჩაგაბაროთ. შენ შენის მხრივ მამული გაგვითავისუფლო და უკეთუ აქ ხსენებულ ვადას ერთი დღეც გადავაცდინოთ, ჩვენ ხუციშვილებმა, მაშინ ჩვენგან დაგირავებული ზომის სასახლე მამული
შენს ფულში და ნაშრომში შენ ოხანეზოვს დაგრჩეს საუკუნოდ და საშვილიშვილოთ, რომელი ჩვენ აქ ხსენებულთ ხუციშვილებს და ჩვენს სახლის მომავალთ ან გვარეულობას არ შეგვეძლოს შემდეგ ვადისა ფულის შემოძლევა და ჩვენგან დაგირავებული მამულის უკან გამოთხოვა. აგრეთვე არ შეგვეძლოს არა რომელიმე დღეს ჯეროვან სასამართლოში გასაჩივრება, სადაც ჩვენ ვიყოთ ყველგან გამტყუნებულნი და თუ რაიმე ხარჯი მოგგვაროთ ჩვენის
წინააღმდეგ გასაჩივრებით მაშინ ჩვენ გარდავიხადოთ შენ ოხანეზოვის სასარგებლოთ და ესე ჩვენგან მონიჭებული
პირობებით გირავნობის წერილი დარჩეს სრულს ხსენებულს ძალაში რაზეც ხელს ვაწერთ ჩვენი სრული ყაბულია.
თედო ივანეს ძე ხუციშვილი ამის უწიგნობის გამო, ამის თხოვნით ამის მაგიერ და ჩემს მაგიერ ჩემს საკუთარ ხელს ვაწერ თედო ივანეს ძე ხუციშვილი
ამ გირავნობის წერილს ვამოწმეფ თედო და იოსება ხუციშვილების თხოვნით.
ძველი გავაზის გამგეობის მწევრი ნიკო ბუთიაშვილი. ძველი გავაზის კომიტეტი,
სტარი გოვოზკი კომისარ. ტელავსკი უეზდ.
* * *
ბებიაჩემი: გიგო კოჭლამაზაშვილის ოჯახი ეხმარებოდა ჩვენს რეპრესირებულ ოჯახს.
გიგო, წელში მოხრილი, ფანჯრის ძირძირ გაირბენდა და ერთ ბუხანკა პურს გადმოგვიგდებდა...
ორი წერილი* * *
„სალამი ლეილას
შენ ისე წახვედი აქედან, არავითარი მიახლოებითი კოორდინატებიც კი არ დატოვე.
ახლა ენდეზე გწერ _ თუ შინა ხარ, ხომ კარგი, თუ არა და როგორმე მოგაწვდენენ ხმას.
ხმის მოწვდენა კი აუცილებელია.
თუ მეხსიერება არ მღალატობს, ძალიან (შეიძლება, ვაჭარბებ) გინდა მოსკოვის ორწლიან კურსებზე მოხვედრა.
გაზაფხულზე ისე იყო გამოცხადებული, რომ წელს სასცენაროზე არ მიიღებდნენ, ახლა კი ოფიციალურად გამოაკრეს განცხადება, ქალიც ჩამოვიდა იქიდან და ირკვევა, რომ ხუთიდან რვა კაცამდეც კი შეუძლია, გაგზავნოს მარტო ჩვენმა რესპუბლიკამ.
მე უკვე მოველაპარაკე ელდარ შენგელაიას, „კინოშნიკების~ კავშირის მდივანს (ერთ-ერთს) და ძალიან კმაყოფილი დარჩა შენი კანდიდატურით.
ახლა შენ თუ არ გადაგიფიქრებია, ერთი კვირის შემდეგ ჩამოდი და შევუდგეთ საქმეს.
პირობები ასეთია: ბინა და ასი მანეთი სტიპენდია.
სხვა რა შეიძლება, მოითხოვო მეტი!
მამაშენს უთხარი ჩემს მაგივრად _ დროა, კახელებიც გავცდეთ ავჭალას და დირსისჭალას-თქო!
რატომ ერთი კვირის შემდეგ?
ხვალ აქ ფესტივალზე მორჩენილი ფილმებისა და თეთრი მაიმუნების ჩვენება იწყება და ერთ კვირამდე ვერც ერთი კინოშნიკი ვერ მოიცლის სხვა რამისთვის.
ერთი კვირის შემდეგ კი ლომებივით შეუდგებიან საქმეს.
ჰო, სწავლა სექტემბრიდან იწყება.
დღეს სამშაბათია. მეორე ორშაბათსამშაბათს რომ ჩამოხვიდე, კარგი იქნება.
მანამდე წერე და ჭამე ნამდვილი კახური კიტრი და პამიდორი, პური და ყველი, რომ მოღონიერებული დახვდე ახალი გზის დასაწყისს...
წინასწარ გილოცავ ამ გზასაც.
მოკითხვა დიდი პატივისცემით და თავის დახრა ჩემს ძმა ილოს!
იყავი კარგად და მაგრად.
რეზო ინანიშვილი
დიდ, დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ნაუცბათევი წერილისთვის. თუ შენ ვერ გაარკვიო, ილო მოგეშველება. მაგასაც
პროკლე კეკელიძისგან მოუსმენია ტექსტოლოგიის ლექციები და ახლა მაინც გამოადგება მასწავლებლის შენაგონები.
კიდევ კარგად და კარგად!“
ალექსანდრე (საშა) მახარაძის გახსენება„ლეილა!
იაშა ბობოხიძემ წამიყვანა ნახევარი საათით, ახლა 11 საათია, თორმეტის ნახევარზე დავბრუნდები, არ გამექცე.
სალამით საშა.~
წიგნში ჩარჩენილი ეს წერილები შემთხვევით ვიპოვე. ბატონი საშა, კინოსტუდია „ქართული ფილმის~ მთავარი რედაქტორი _ ვალში ვარ მასთან _ ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე.
მუდამ ქაღალდებში ჩაფლული იჯდა თავის კაბინეტში, ქაღალდებით ხელში მიხუსხუსებდა კორიდორშიც.
ჩემდამი რატომღაც განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი იყო. ერთხელ უცნაური რამ მითხრა: მოდი, ვიმეგობროთ _ ხან შენ მოხვალ ჩვენთან, ხან მე და ხათუნა შენთან...
ეს რაღაც ძველი ყაიდის შემოთავაზება იყო _ ძალიან კი ამაღელვა.
თუ ხელში ჩამიგდებდა, საოცარ ამბებს მიყვებოდა.
პირველმა მსოფლიო ომმა მატარებელში მოუსწრო... ჩვიდმეტი წელი კალიმაზე იყო გადასახლებული მისი
ოჯახის ეროვნულ დემოკრატებთან კავშირის გამო _ გრიგოლ ვეშაპელის მუხლზე ვარ გაზრდილიო, ამბობდა.
კამერაში პირველად რომ შეიყვანეს, სუფრა გაშალა და ყველა მიიპატიჟა. სუფრაზე წიხლი უკრეს და ფული მოსთხოვეს.
არა მაქვსო, რომ უთხრა მაყურებელს, ჩხრეკა დაიწყეს, ვერაფერი უპოვეს...
ბოლოს ბატონმა საშამ მაყურებლის ლეიბი ასწია და... ფული იქ აღმოჩნდა. ძალიან დაუფასდა ეს ოინი, სადაც
გადაჰყავდათ, ამბავი ხვდებოდა_ ჩვენიანიო, და ყველგან პატივით იღებდნენ...
ბანაკიდან გათავისუფლებული სამი კვირა ცდილობდა ჩამომდგარ მატარებელში ასვლას...
კინოსტუდიის სასადილოში მხოლოდ არაჟანს მიირთმევდა _ მე ძაღლის ხორცს არ გეახლებითო... ეს იყო მისი პროტესტი რეჟიმის მიმართ... და ფრთხილი იყო, ფრთხილი, არასოდეს ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა...
თანაპოლკელი გერმანე ჭელიძე მირზა გელოვანს იგონებს1938 წლიდან ქალაქ ხარკოვში ვცხოვრობდი. 1939 წლის დეკემბერში გამაგზავნეს თეთრფინელების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1940 წლის აპრილში დავბრუნდი ისევ ხარკოვში და ვმუშაობდი ავტოსატრანსპორტო პოლკში _ ამბულატორიას ვხელმძღვანელობდი.
იმ დღეს ავადმყოფთა წიგნში მირზა გელოვანი აღმოვაჩინე. საექიმო დახმარება გავუწიე და გამოვკითხე ვინაობა.
თავის თავზე ცოტა რამ მითხრა _ მე მხოლოდ დამწყები მწერალი ვარ, ქართველ მწერლებს კი კარგად ვიცნობო.
ხარიტონ ვარდოშვილს თუ იცნობთქვა.
ვიცნობო და მიამბო: ერთხელ ხარიტონი ქართველ მწერლებს სარდაფში ხაშზე დაუპატიჟებიათ. ხაშთან ერთად პატარა ჭიქით არაყიც მიურთმევიათ. ხარიტონს არაყზე უარი უთქვამს _ ვერ დავლევო, მაგრამ მწერლების დაჟინებით, სამი-ოთხი მოწრუპვით ძლივს დაულევია. უთქვამს _ ძლივსღა შევსვი ეს არაყიო.
მირზამ საოცარი სიზუსტით გასცინა ხარიტონს.
აქედან დაიწყო მირზასთან ჩემი მეგობრობა.
ერთხელ საუბარში ვუთხარი, რომ ვსწავლობდი ბაღდადის დაწყებით სასწავლებელში, მასწავლიდა მ. მაქსიმელიშვილი. აღმოჩნდა, რომ მირზას მაქსიმელიშვილის ექვსი ქალიშვილიდან ერთ-ერთი უყვარდა _ სახელიც მითხრა, მაგრამ აღარ მახსოვს. მირზა ბევრს ფიქრობდა თავის სატრფოზე, ნატრობდა მასთან ოჯახის შექმნაზე, მაგრამ ომმა მოგვისწრო და აღმოვჩნდით მოსკოვის მისადგომებთან _ მოსკოვის დასაცავად
ვიბრძოდით.
მირზა პოულობდა დროს მისი სატრფოს დის სანახავად, რომელიც იმ დროს მოსკოვში ცხოვრობდა.
მირზას ნაწილიდან ხშირად აგზავნიდნენ სხვადასხვა დავალებით ავტოკოლონასთან ერთად. საქმეს ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს.
მალე დააწინაურეს _ ოფიცერი გახდა 1942 წლის ნოემბრიდან, მეშვიდე ავტოსატრანსპორტო პოლკიდან.
სამწუხაროდ, მიწერ-მოწერა არ გვქონია.
1944 წლის 14 ივნისს გზად ვიტებსკის ოლქში წავაწყდი წარწერას: `ვ. ჩ მაიორი ლეპა~. შევჩერდი. ლეპა ჩემთან ერთად მსახურობდა სატრანსპორტო პოლკში.
მოვინახულე მაიორი ლეპა და მირზა მოვიკითხე. მირზა აქ არის, დავალებაზეა წასული და მალე მოვაო.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დრო მქონდა, დავუცადე.
შეხვედრა ორივეს სიხარულად გვექცა.
მირზა მშიერი იყო. ჩვენ უკვე ვისადილეთ, ამიტომ მირზამ მარტომ ისადილა და თავისი წილი არაყიც გადაჰკრა.
_ ბატონო გერმან, ამაღამ არსად გაგიშვებთ, კარგი ფილმი გვაქვს მოტანილი და ერთად ვნახოთო _ მეომრებმა მთხოვეს, ისეთი ფილმი გვაჩვენე, რომელშიც არ ომობენო.
იმ ღამეს მირზასთან დავრჩი. დილას გამოვეთხოვე. წამოსვლის წინ თავის პატარა სურათს ფანქრით საწრაფოდ წააწერა:
პატ. გერმან!
როცა ეს მრისხანე ომი მინებდება წარსულს, როგორც მოგონება _
დაე სურათი ჩემი გაგახსენებდეთ ამ უცნაურ დღეებს _
მრისხანეთ და ლამაზათ.
მირზა გელოვანი
28.06.44 წ.
პირველი პრიბალტიის ფრონტი.
ფოტოზე მირზა აგურით აშენებულ სახლთან დგას. გვერდზე გადავარცხნილი თმა და ვიწრო წელზე ბრტყელი ქამარი მკაფიოდ ჩანს უკვე გაცრეცილ ფოტოზე.
ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.
ლეპას ნაწილი ბრძოლის ველიდან გერმანელების მიერ დატოვებულ იარაღს აგროვებდა.
1945 წელს, როცა ფრონტიდან ვბრუნდებოდი, შემთხვევით გავიგე, რომ ბეშენკუვიჩთან ახლოს (ბელორუსია) დაიღუპა _ ნაღმზე აფეთქდა.
* * *
რუსთაველის საზოგადოების საგამოფენო დარბაზში თემო ჯაფარიძის ზამთრის პეიზაჟების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა.
ერთი პეიზაჟი განსაკუთრებით მომეწონა. მთელი დღე ამ ნახატს ვუტრიალებდი.
გაზეთ `მამულის~ რედაქციაში ხელფასი და ჰონორარი მოვიკითხე, მაგრამ არ იყო.
სახლში მიმავალს ჩემი სახელი მომესმა.
მივიხედე და თემო ჯაფარიძე დავინახე.
თოვაში იდგა კაშნეგაფრიალებული და ხელს მიქნევდა: წაიღეთ ნახატი, წაიღეთ!
კარგი იქნებოდა, წამომეღო, მაგრამ არანაკლებ კარგია, რომ არ წამოვიღე...
* * *
`აბა, თუ ამდენ ქართველ პრეზიდენტებში, მინისტრებში, მინისტრის ამხანაგებში, ელჩებში, მთავრობის ყურმოჭრილ გენერლებში, ბატონ დირექტორებში და ხელისუფლების სხვა მაღალ და დაბალ კოკროჭინებში ერთ რომელიმეს წასცდა და ერთხელაც არი სინდისის ანგარიში წარუდგინა ქართველ ერს. პირიქით, ეს ხალხი
შეტევაზედაც თვითონ გადმოდის. არიქა!
არავინ დაგვასწროს, ბრალდება ჩვენ თვითონ წარვუდგინოთო!.. მოკლედ რომ
მოვსჭრათ, ჩვენი დამოუკიდებლობა ხომ
შეიტყაპუნეს, ამ ხალხს ფიცი აქვს დადებული, რომ დანაშაულიც შეიტყაპუნოს და
მასზედ არც სხვას ათქმევინოს რამე.~
შალვა ამირეჯიბი
`მოგონებანი~
* * *
კინოსტუდიაში სასცენარო განყოფილების ხელმძღვანელად გურამ დოჩანაშვილი დანიშნეს.
დაგვიძახა ირაკლი სამსონაძეს და მე, განცხადების დაწერა შემოგვთავაზა.
დავწერე ერთგვერდიანი განაცხადი ფილმისთვის „თბილისი ჩემი სახლია”. გადამიხადეს ავანსი და მომცეს დრო _ ექვსი თვე.
ერთი ეგზემპლარი მწერალთა შემოქმედებით გაერთიანებაში მივიტანე და მეორე გურამ დოჩანაშვილის მდივანს _
ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, ჟუჟუნა პეტრიაშვილს ჩავაბარე.
ზვიად გამსახურდიას მთავრობამ დაიწყო კინოსტუდიის შემოწმება (რაც, მიუხედავად ყველაფრისა, დიდი შეცდომა იყო).
აღმოჩნდა, წლების განმავლობაში უამრავი განაცხადის საფუძველზე გაცემულია ავანსი _ სცენარები კი არ ჩანს.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ავანსი ჰქონდა წაღებული ძალიან ცნობილ პოეტს.
ღამის ოთხ საათზე დამირეკა გურამ დოჩანაშვილმა და სცენარი იკითხა.
_ სცენარი ქალბატონ ჟუჟუნას ჩავაბარე! _ ვუპასუხე ბედნიერმა იმის გამო, რომ სცენარი უკვე წარდგენილი მქონდა ამ ცნობის გამო არანაკლებ გაბედნიერებულ გურამ დოჩანაშვილს.
* * *
დღეს კინოსტუდიაში სამხატვრო საბჭო ნოდარ მანაგაძის ფილმს _ „ამაღლება~ _ განიხილავდა.
ფილმი ძალიან მომეწონა და როცა აზრი მკითხა ბატონმა რეზო ჩხეიძემ, აღტაცება არ დამიმალავს.
ბატონმა რეზომ მომისმინა, თავი გვერდზე გადახარა, როგორც სჩვევოდა, და აღშფოთებულმა მითხრა _ იცით, თქვენ ხვალ ისევ მოხვალთ ან არ მოხვალთ სამსახურში, ისევ გეყვარებათ ან არ გეყვარებათ ვინმე, მე კი ამ ფილმის გამო ცხრაპირ ტყავს გამაძრობენ!..
ნოდარ მანაგაძე კუთხეში იჯდა და იღიმებოდა.
კარგად იცოდა, გამოუსწორებელი დისიდენტი _ რეზო ჩხეიძე _ ყასიდად რომ ბრაზობდა.
ბმული:
*
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/128814/1/Literaturuli_Gazeti_2015_N17.pdf