
„გრაფიკა ჩემი ენაა...“
20 მაისი, 2012
თუ დასაშვებია მხატვრების პროზაიკოსებად და პოეტებად დაყოფა, გოგი წერეთლის შემოქმედება ალბათ პოეზიას ეკუთვნის.
ეს ფრაზა შეიძლება იქცეს სტატიად, წიგნადაც კი, ლირიკულ, მეტყველი დეტალებით სავსე წიგნად. მასზე ისევე უნდა დაიწეროს, როგორც ის ხატავს - მძაფრად, ღრმად, დინამიურად...
"შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ნახატი მხატვრის საუბარია. ხატვა უდიდეს სიხარულს მანიჭებს, ისევე როგორც მხატვრობით და არა სიტყვებით გადასცე ადამიანებს ის, რაც გაწუხებს, რასაც გრძნობ... ძალიან გულწრფელად ლაპარაკი ძნელია, უცხო კაცს შეიძლება მოურიდებლად, არათავმდაბლურად მოეჩვენოს. ამიტომ მხატვრები ვაფასებთ ჩვენს პროფესიას, რომელიც ჩუმად ყოფნის საშუალებას გვაძლევს"... - ამბობს მხატვარი, მაგრამ ინტერვიუ ინტერვიუა, ამიტომ ჩვეულებრივ შეკითხებს ვსვამ.
მხატვარი, რომელსაც დღეს ვხვდებით, დიდი ოსტატია. ამაზე მეტყველებს არა ის, რომ დამსახურებული მხატვარი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატია, არამედ მონაწილეობა გამოფენებში, რომლებიც გაგაოცებთ რაოდენობითა და დონით, ყველაზე მეტად კი - მისი ნამუშევრები და თვითონ ცხოვრება, პირველი ნაბიჯებიდან დღემდე სავსე ახალი შემოქმედებითი ფორმების გაუთავებელი ძიებით ადამიანის ყოფიერების აზრისა და არსის უფრო ნათლად და ზუსტად გამოსახატავად.
გოგი წერეთლის ცხოვრება მდიდარი არ არის მოვლენებით, საკმაოდ უბრალოა, სავსე შინაგანი და არა გარეგნული მოვლენებით, და მთლიანად მის ნაწარმოებებშია.
მისი პირველი ნახატი ალბათ ფერადოვანი, კაშკაშა აკვარელი იყო მოღიმარი ყვითელი წრითა და პატარა სახლით, უცვლელი საკვამურით და კვამლის რგოლებით, ან გაქცეული ხაზი, როცა უფროსებისთვის, თავსატეხ წრეებსა თუ სამკუთხედებში, ხვეულებსა და ხაზებში, ძნელია გარჩევა - კატაა თუ მძინარე მელია, ქარისგან გადახრილ ხესთან... ყველა ბავშვი ფანქრისკენ მიიწევს.
მას არ გაუვლია "ახალგაზრდა ნიჭის გამოძერწვის" ეტაპები - საბავშვო გამოფენებით, წრეებითა და სპეცსკოლებით. არც მშობლები ჰყოლია მხატვრები. სკოლის დამთავრების შემდეგ აკადემიაში სცადა სწავლის გაგრძელება. მხოლოდ 4 წლის შემდეგ ჩაირიცხა დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე.
"მასწავლებლის, აღფრთოვანებული სტუდენტებით გარშემორტყმული ოსტატის, ფიგურა, თითქოს თანდათან გამოვიდა "მოდიდან", შეიძლება თვითონ ოსტატების არარსებობის გამო. მე საოცარი პედაგოგები მყავდა, რომელთაც გადამწყვეტი ზემოქმედება მოახდინეს ჩემს პროფესიულ და უბრალოდ ადამიანურ ცნობიერებაზე. უპირველეს ყოვლისა, მასწავლეს ფიქრი. მხედველობაში მაქვს, არა "ყოფითზე" ფიქრი, არამედ სწორედ პროფესიული, საქმისადმი შეგნებული დამოკიდებულება - ხელოვნების, როგორც ერთიანობის გაგება, მასში საკუთარი ადგილის ცოდნა და პროფესიული პასუხისმგებლობის შეგნება. ახალგაზრდას უნდა ესმოდეს, რა უნდა დიდ ხელოვნებაში. ძალიან მინდა, რომ აკადემიაში ჩაბარება ისევ პრესტიჟული გახდეს. ისინი მხოლოდ ხატვის ტექნიკას, კომპოზიციას კი არ გვასწავლიდნენ, გემოვნებას გვიმუშავებდნენ, თვალთახედვას გვიფართოებდნენ.
ჩემი პედაგოგები არაჩვეულებრივი გრაფიკოსები იყვნენ: ლადო გრიგოლია- ქართული გრაფიკის მამა, შეიძლება ასე ვუწოდოთ, ლადო ქუთათელაძე, "შემოქმედებით სახელოსნოში" - სერგო ქობულაძე. ბატონი ლადო მკაცრიც იყო, ძალიან მომთხოვნიც, მაგრამ შენიშვნებს სურვილების სახით გვაძლევდა. ქებასაც არ იშურებდა. მესამეკურსელი ვიყავი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" რომ მიმიყვანა. მერეც სულ მპატრონობდა. მახსოვს, პირველად გასაფორმებლად პოლ დე კრუის "სიგიჟესთან მებრძოლი კაცი" მომცეს".
* * *
"80-იან წლებში ნიუ იორკში აკადემია გახსნეს - აღადგინეს. იმ დროს, როცა იქ აბსტაქცია "მძვინვარებდა"... თუ ადრე ითვლებოდა, რომ მოსწავლეობა, რეალისტური ხელოვნების ელემენტარული საფუძვლების ფლობა თვითგამოხატვის მუხრუჭია - საპირისპირო აღიარეს, რომ შემოქმედებითი თავისუფლება წარმოუდგენელია ხელოვნების ტრადიციული საფუძვლების გარეშე და სწავლების ტრადიციულ სქემას დაუბრუნდნენ - მარტივიდან რთულისაკენ, რომელიც პროფესიული ჩვევების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. "ნიუ იორკ ტაიმსმა" გამოკითხვაც ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ისინი თავს აბსტრაქციონიზმთან მებრძოლებად არ თვლიდნენ, მაგრამ შესანიშნავად ესმოდათ, რომ სანამ ფორმას დაარღვევ, მისი შექმნა უნდა ისწავლო. იმისათვის, რომ განვითარდე, აუცილებელია ტრადიციებთან კავშირი. წარმოუდგენელია მათი მნიშვნელობის უარყოფა თანამედროვე მხატვრულ პროცესზე.
ქართველებს ეს საფუძველი გვაქვს და არ უნდა დავკარგოთ... შენს ფესვებს, ხატწერას, შენს აკადემიას უნდა გაუფრთხილდე. ყინწვისის ანგელოზითა და წალენჯიხის ფრესკებით, სვანური ხატწერის განუმეორებელი ტრადიციებით უნდა ასწავლო. ქართული ხატწერა თვითმყოფადია, ფაქიზად გამოსახავს სამყაროს, ფერითა და ფორმით სრულყოფილია, და სწორედ ამით იდეალურად გამოხატავს ქართულ სულს. თუნდაც ქართული მოდერნისტული მხატვრობა და დავით კაკაბაძე. როგორც დავით გურამიშვილია ქართული ლიტერატურისთვის, ისე გვყავს დავით კაკაბაძე მხატვრობაში. რა იქნებოდა ჩვენი ხელოვნება, ფიროსმანი რომ არ არსებობდეს... ლუი არაგონი მას ჯოტოს ადარებს და უტოლებს. "ქართველი ჯოტო" უწოდა სუდეიკინმაც. ოციან წლებში პიკასოს ფიროსმანის ნახატების რეპროდუქციების ალბომი აჩუქეს და მან XX საუკუნის გენიოსად აღიარა. ეს რომ წავიკითხე, უსაშველო სიამაყე ვიგრძენი... ახალი საუკუნე მიდის და დედაქალაქში ფიროსმანს მუზეუმი არ აქვს. ვან გოგს, მაგალითად, ამსტერდამში სამსართულიანი მუზეუმი აქვს. ქართულ მხატვრობას კორიფეებიც ჰყავს, მაგრამ ეს გენიალური ოსტატი ცალკე მუზეუმს იმსახურებს, სულ სხვანაირი ექსპოზიცია სჭირდება. მუზეუმი უამრავ ტურისტს მოიზიდავს, თანხებს შემოიტანს, სტიპენდიებს გასცემენ, წიგნებს გამოსცემენ"...
მხატვრის სამყაროში დიდი იდეები და "ყველა დროის თემები" გადახლართულია "აქ და ახლა" - ავტორის განწყობილების ნატიფი ნიუანსებით. უშუალობა და რომანტიზმი იდუმალ და ექსპრესიულ სახეებს ბადებს. ამიტომ მისი ნახატები გამახსოვრდებათ. გამოფენაზე შეიძლება გამოტოვოთ მრავალფიგურიანი ნახატი, პარადული პორტრეტი წაიშლება მეხსიერებიდან, მაგრამ გოგი წერეთლის ნამუშევარი თვალწინ ხშირად დაგიდგებათ.
ყველაზე მეტად მხატვრის ნამუშევრებში ის გაკვირვებს, რომ ამ ხაზების, შტრიხების, მშრალი კომპოზიციების მიუხედავად მშრალი, ნაწვალები კი არ გამოდის, პირიქით, ცოცხალი, ექსპრესიული რჩება, თითოეულ ხაზს თავისი ხასიათი და მიმართულება აქვს, იგრძნობა ჰაერი, სურათში რჩება სივრცე შენი ფანტაზიისთვის...
- რა არის შავი ხაზია მაგია თეთრი ფურცლის სივრცეზე? რატომ არის, რომ ფერმწერთა ტილოებზე ფერთა ფეერიულობით აღტაცებულთ გრაფიკული ნამუშევრების ძუნწი შავ-თეთრი სამყარო მეტად ჩაგვაფიქრებს ?
- გრაფიკა სერიოზული შინაგანი დიალოგისთვის გიწვევს. საშუალებას გაძლევს ბევრი ცხოვრებით იცხოვრო. ცნობიერებაში ყოველდღე იბადება და კვდება სახეები, ზოგი ქაღალდზე რჩება. ცხოვრების სრბოლა და პაუზებიც გრაფიკაა. სწორედ თავისუფლებაა გრაფიკული ფურცლის მთავარი კამერტონი...
გრაფიკა ბევრად კონკრეტულია სახვითი შესაძლებლობებით. ცოტა მკაცრი და გაშიშვლებულია: მხატვარს არ შეუძლია მკვეთრ ფერთა მრავალფეროვნებას ამოეფაროს. მაგრამ ხაზები, შტრიხები, ლაქები ზოგჯერ უფრო "მჟღერია", ვიდრე საღებავების პალიტრა. გამოხატვის საშუალებათა სიძუნწე მას თითქოს აძლიერებს.
საოცრად მსუბუქად და ბუნებრივად გადმოსცემს სივრცეს. მის ნახატებსა და ოფორტებს რომ უყურებ პეიზაჟებით, გავიწყდება, რომ მათ არ აქვთ მოცულობა და ფერი - იმდენად რელიეფური და საცნობად "გამოძერწილია" შტრიხებით - ქედები მზის ქვეშ, ზაფხულის წვიმიანი ღრუბლები, "შემოდგომის ფოთოლი", "თეთრი ხე", "საღამო", "დილა", სადაც ადამიანის და ბუნების ჰარმონიული ერთიანობაა გამოხატული... "თებერვალი" - სიმკაცრისა და რომატიზმის შერწყმა... ყველგან იგრძნობა სიცოცხლე და მოძრაობა...
ხელოვნებათმცოდნე უილიამ მეილანდი, რომელმაც მშვენიერი წიგნი უძღვნა ჯერ კიდევ ახალგაზრდა გრაფიკოსს, "ფოთოლცვენაზე" წერდა: "ეს უაღრესად ლაკონური, მაგრამ პოეტური ლითოგრაფია შეიძლება სამსტრიქონიან იაპონურ ლექსს "ხოკუს" შეადარო -პირველი სტრიქონი იქნება ღამის სიბნელე, მეორე - მობალახე თეთრი ცხენი, მესამე კი - შემოდგომის მსუბუქი ფოთოლი".

* * *
გოგი წერეთლის პოეტური სული - ამეტყველებული ლითოგრაფიებში, ლინოგრავიურებში, ოფორტებსა თუ ფერწერაში, არის წიგნის გრაფიკაშიც. წიგნის გაფორმებას ყოველთვის ინდივიდუალურად უდგება, ავტორთან დამოკიდებულების, თემის მიხედვით. მხოლოდ მისთვის, ერთისთვის გასაგებ ენას პოულობს. ამიტომაა ეს წიგნები არა მხოლოდ სიტყვის, არამედ ილუსტრაციის ხელოვნებაც. თითქოს ტექსტს კი არ ასურათებს, კომენტარებს "ურთავს" - უბრალოსა და ზუსტს...
ბევრი ადამიანი ხედავს მურმან ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, ტარიელ ჭანტურიას პოეზიას მისი თვალებით.
"შუშანიკის წამების", ვაჟას პოემების, ჭაბუა ამირეჯიბის რომანების ილუსტრატორია. გაფორმებული აქვს ვახტანგ ჯავახაძის, რეზო ჭეიშვილის წიგნები, ესმა ონიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი დიდი ალბომი და წიგნი თბილისის ქანდაკებებზე, სერია "ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები", "დავით გურამიშვილი", "საქართველოს თავადაზნაურობა", ალბომი "ვენახი, ღვინო, ქართველები" (ოთხ წიგნად), რომელმაც პარიზში გამართულ ფესტივალზე მსოფლიო ღვინისა და მეღვინეობის თემატიკაზე შექმნილ წიგნებს შორის მთავარი პრიზი დაიმსახურა; კარგა ხანია მზად აქვს გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხის" ფერადი ილუსტრაციები. პროზა თითქმის არ აქვს დასურათებული, მაგრამ "ნატვრის ხე" ხომ აშკარად პოეტური გამონაკლისია...
- ილუსტრაცია ვიზუალური თხრობაა?
- ილუსტრაცია და წიგნის მხატვრული გაფორმება თავისებური, განსაკუთრებული ხელოვნებაა. ანრი მატისი ამბობს, წიგნის შექმნასა და ნახატის შექმნას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. წიგნს არ სჭირდება, ილუსტრაციების დამატება, რომლებიც ტექსტს ზედმიწევნით მისდევს. მხატვარი და მწერალი ერთსულოვნად უნდა მოქმედებდნენ, არ აირიონ, მაგრამ პარალელურადო. ნახატი ლექსის პლასტიკური ექვივალენტი უნდა იყოსო.
კარგი მხატვრების შესანიშნავმა სურათებმაც კი შეიძლება წიგნში არ "იმუშაოს" - უბრალოდ ლამაზ რეპროდუქციებად გამოჩნდეს. მხატვარმა გამოსახულების შინაარსი უნდა გადმოსცეს, ის ტექსტივით წასაკითხი გახადოს. ეს არ ნიშნავს, რომ თვითონ ილუსტრაციის იდეა მარტივი იყოს. როცა ჩვენ ვხედავთ საგნის გამოსახულებას, თავში იბადება მისი სახელი და, პირიქით, როცა სიტყვა გვესმის, საგანს წამოვიდგენთ. ეს ურთიერთკავშირია ჩემთვის ილუსტრაცია.
ნამუშევრები მდუმარე არ უნდა იყოს, არამედ დიალოგს გვთავაზობდეს, ისეთ შეგრძნებას ტოვებდეს, რომ მხატვრის ჩანაფიქრი და მაყურებლის აღქმა ერთიანი წერტილია. სიმსუბუქე კი ალბათ ფაქიზი გემოვნებით და მგრძნობიარე და ემოციური შესრულების ტექნიკით მიიღწევა.
თუ მხატვარი გამოკვეთილი შემოქმედებითი ინდივიდუალობით, ოსტატობით გამოირჩევა, მისი ნამუშევარი იმ ლიტერატურული ნაწარმოების თანაბრად არსებობს, რომლისთვისაც ილუსტრაციებს აკეთებს. მან უნდა აჩვენოს წიგნის თავისეული ხედვა, ამასთან მკითხველს თავზე ძალიან არ მოახვიოს, საკუთარი ფანტაზიისთვის სივრცე დაუტოვოს. ჩვენს ილუსტრატორებს შორის ნამდვილი ოსტატებიც არიან, რომლებიც წიგნს და მკითხველს პატივს სცემენ, ერთდროულად გაბედულებიც არიან და ფრთხილებიც.
მწერლებს, რომლებთანაც მიმუშავია, კარგად ესმოდათ გრაფიკის არსი. ასეთი იყო მურმან ლებანიძე, ნიუანსებში ერკვეოდა, მანცვიფრებდა. სტამბაშიც დადიოდა და ყველაფერსჩაჰკირკიტებდა.
- რა დამოკიდებულება გაქვთ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებთან? კომპიუტერის პროგრამების გამოყენებისას მხატვარს თითქოს ფოტოგრაფიულობა შეაქვს ილუსტრაციაში...
- ყველა ჩემი ნახატი ფანქრითა და ქაღალდით იწყება. ასევეა ლითოგრაფიაში, ლინოგრავიურასა ან შოლკოგრაფიაში რომ ვმუშაობ, გამზადებული ნამუშევარი მიმაქვს კომპიუტერთან, რომელიც მხოლოდ აჩქარებს პროცესს. კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ასე მგონია, ტილოსა და საღებავებისა თუ ფანქრის და ქაღალდის შეცვლა არ შეუძლია. თუმცა არც კონკურენტები არიან, უფრო - საიმედო მოკავშირეები. კომპიუტერზე ნახატის მრავალჯერ გადაკეთების, დახვეწის საშუალება გაქვს. მერე აღმოჩნდება, რომ ამ "უშეცდომობის" გამო ილუსტრაცია თითქოს უსულო, უსიცოცხლო, "მშრალი" ხდება. მაყურებლის, მკითხველისა და ილუსტრატორის ურთიერთობა კი სწორედ პირადი მომენტებით ხდება. კომპიუტერული გრაფიკა და ცოცხალი ნახატი ენერგეტიკულად სრულიად განსხვავებულია. საკმარისია ფუნჯის მსუბუქი შეხება და შეიძლება მთელი განწყობა შეიცვალოს. ეს განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა ფერწერაში. ტილოსთან რომ გდგახარ, გეჩვენება, რომ მხატვარი ესაა მოშორდა ტილოს, მონასმები იმდენად ცოცხალია, ხელის უმცირესი ვიბრაციაც იგრძნობა. ისე, ნებისმიერ მასალას ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს... მხატვარმა თავი სხვადასხვა ტექნიკაში უნდა გამოსცადოს, რომ მიაგნოს იმას, რაც მის სულს მეტად ეხმიანება.
გაწაფულობას რომ ვიძენთ, ალღოს ვკარგავთო, კიპლინგი ამბობს. მართლაც მხოლოდ პროფესიული ოსტატობით მუშაობა მხატვრობისთვის, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებისათვის, საკმარისი არ არის, რადგან მათი პროფესიული დონე საკმაოდ მაღალია. ეს ბევრიცაა და უკვე ძალიან ცოტაც.
მხატვარი შთაბეჭდილებებს ყოველი მხრიდან იღებს და არჩევს, რაც თავისი მიზნისთვის გამოადგება - ბუნებიდან, ქაღალდის ნაგლეჯიდან, გაელვებული ადამიანიდან, ლიტერატურიდან თუ ხელოვნების სხვა დარგებიდან, ყველაფრიდან, გარდა საკუთარი ნაწარმოებებისა. უნდა გეშინოდეს საკუთარი თავის გამეორებისა.
შთაგონება ხანდახან უბრალოდ არაფრიდან მოდის, ზოგჯერ - ყველაფრიდან. თბილისის ომის დროს აბსტრაქციები დავხატე - შავ-თეთრიც და ფერადოვანიც - ჩემი განწყობილების გამოსახატავად, თუმცა მათაც აქვთ გარკვეული ლირიზმი.
და კიდევ: ხელოვნებაში მნიშვნელოვანია იყო უაღრესად გულწრფელი. საერთოდ კი ხელოვნებას უნივერსალური კანონები აქვს, როგორც უნდა შეიცვალოს ენა, ტექნოლოგიები, მთავარი სულიერი და ინტელექტუალური სისავსეა.
* * *
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ შემოქმედებით სიღრმეებშია ჩაფლული, საოცრად ფაქიზად რეაგირებს, იმაზე, რაც ხელოვნებაში ხდება - უფრო ფხიზლად, ვიდრე "აქტუალური" ხელოვანები. და თუ საჭირო ხდება მნახველის ყურადღების რაიმეზე აქცენტირება, ამას "უხმაუროდ" აკეთებს, მსუბუქი მინიშნებით ან ნახევარტონებით და არა ჩაციებით. "თანამედროვეობა გაგებული არ უნდა იყოს, როგორც მოდური "ილეთების" ერთობლიობა. მას ანგარიში უნდა გაუწიო, არ ჩამორჩე, მაგრამ შენი ინტონაცია შეინარჩუნო. ბევრი უნდა იმუშავო, სიზარმაცეს შედევრები არ აქვსო, სალვადორ დალი ამბობდა. თუ რაიმე საზოგადოებრივ ან ესთეტიკურ ამოცანას სპეციალურად დაისახავ, არაფერი გამოგივა. საკუთარ თავს არასწორი შეკითხვები არასოდეს დაუსვა: როგორ მოეწონება ეს პუბლიკას. საინტერესოა, როცა აღმოაჩენ, რომ რომელიმე ნახატი, უმნიშვნელოდ რომ თვლი, ბევრს მოსწონს, სხვა კი, თვითონ რომ მოგწონს, გულგრილს ტოვებს; ერთ იდეას ადვილად კითხულობენ სხვა ადამიანები, მეორე კი გაუგებარია, თუმცა იგივე ხელწერითაა "დაწერილი". არ უნდა იფიქრო, რომ სხვებისგან გამოირჩეოდე. ალბათ თვითონ შენთვის უნდა იყო საინტერესო. შემოქმედების პრობლემებით გატაცებულმა ანგარიში არ უნდა გაუწიო მოდასა და ეგრეთ წოდებულ აქტუალურობას. კომპრომისებზე არ წახვიდე... სხვა ყველაფერი, მათ შორის, მსგავსება-განსხვავება, პოპულარობა, წარმატება ჩვენს ხელში არ არის.
ცხოვრება ცხადია ახალს მოითხოვს, და მეც გრაფიკული ენის მრავალფეროვნების წინააღმდეგი არ ვარ, მაყურებლისთვის კი ხელოვნების ნებისმიერი ენა მისაწვდომია, თუ ის აგებულია ოსტატობასა და ესთეტიკურ ფასეულობებზე, რომლებიც არ იცვლება. საუბარი, რომ "თანამედროვე არ არის" ცოტა არასერიოზული მგონია, ნამდვილი ხელოვნება ყოველთვის თანამედროვეა..."
* * *
"თანამედროვე კულტურაში ხელოვნება ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სივრცეთაგანია, სადაც მაყურებელს პატივს სცემენ. ახალგაზრდობაში გალერეაში რომ შევიდოდით, სულში, ღრმად, თითქოს რაღაც დაგვემართებოდა ხოლმე, შეჯიბრების სული ჩნდებოდა - წავიდე და ასე დავხატო... ასეთ გამოფენებს ვნატრობ. ხშირად ხდება, ექსპოზიციის პომპეზური გახსნის შემდეგ დარბაზში სევდიანი სიცარიელე ისადგურებს. გამოფენები მერე თითქოს სივრცეში ისე იმალებიან, არავითარ კვალს არ ტოვებენ... დამთვალიერებელი გამოფენას უნდა დაუბრუნდეს.
გამოფენა "მოსკოვი-პარიზი" რომ გაიმართა, ფიროსმანმა ბევრი მხატვარი დაჩაგრა, გულწრფელობით, ოსტატობით, მოულოდნელობით... ფიროსმანი დღემდე შეუცნობელი რჩება. ახლახან ვახტანგ რურუას მშვენიერი წიგნი გამოვიდა - "ნიკო ფიროსმანაშვილი. 100 კვადრატი" - მისი ნახატების ფრაგმენტებია მოცემული... ეს ალბომი თითქოს თვალსაჩინოს ხდის მის გენიალურობას, რომ დიდი შემოქმედებითი ინდივიდია და არა ხალხური პრიმიტივი, როგორც მას ხშირად უწოდებენ. კაცმა არ იცის, პრივიტივიზმი რა არის და რა - ნამდვილი ხელოვნება. დადეთ, ბატონო, ყინწვისის ანგელოზი, თუნდაც ატენის სიონის ფრესკა ლეონარდო და ვინჩის ტილოების გვერდზე, ასეთი შედევრების შემქმნელები სახელს არ აწერენ"...
* * *
"რა არის პერსონალური ექსპოზიცია? რაც გინდა, რომ ადამიანებს უთხრა. გამოფენის ჩანაფიქრი გაკეთებული საქმის ცივი შედეგი არ უნდა იყოს... როგორც მწერლისთვის ახალი რომანის გამოსვლა, რეჟისორისთვის -პრემიერა... ასევე გამოფენა მხატვრისთვის პროფესიული დღესასწაულია, წარმატების, ღირსების, ოსტატობის ზეიმი.
საქართველოში პერსონალური გამოფენა არასოდეს მქონია, ვერიდები, ძალიან საპასუხისმგებლოა. მე რომ საჭიროდ ვთვლი, ისეთი რომ გამოვიდეს, ეკონომიურადაც ხელი არ მიმიწვდება (საკუთარი ნამუშევრები სახლშიც არ აქვს გამოფენილი, მეუღლის, უჩა ჯაფარიძის, სერგო ქობულაძის, ქალიშვილის და სხვ. ნახატებია კედლებზე. - რ.დ.). ჩემს მასწავლებელს, დიდ მხატვარს - სერგო ქობულაძესაც არ ჰქონია სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა. სად მაქვს ნამუშევრებიო, ამბობდა. განუმეორებელია მის მიერ შესრულებული დანტეს პორტრეტი, ფორმისა და ფერის საოცარი გრძნობაა "კრიმჰილდაში", თუნდაც შექსპირის ილუსტაციების ციკლი და სხვ. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები 27 წლისამ გააკეთა. წარმოიდგინეთ, რა ნიჭი, ცოდნა და ენერგია ჰქონდა! თითოეული ილუსტრაცია თითქოს ცალკე პოემა, დამოუკიდებელი ნაწარმოებიცაა... 27 საათი დამჭირდა, ნესტანის წერილის დასაწერადო, ამბობდა. ბულგარელი მხატვრები ჩამოვიდნენ, რომლებიც სოფიის ოპერის ფარდის მოხატვას აპირებდნენ და ამის გამო თითქმის მთელ მსოფლიოში ეცნობოდნენ მოხატულ ფარდებს. ასეთი ფარდა არც ერთ ოპერის თეატრში არ გვინახავსო, აღიარეს. ეს მონუმენტური ნამუშევარი ურთულესი ტექნიკით იყო შესრულებული, ხელით. რამდენიმე წელი მოანდომა, 170 კვ. მეტრის ფართობის ტილო ძირს დაფენილი მოხატა. ფარდის დაწვას გადაჰყვა... დღეს საქართველოში იმ დონის ფარდის გამკეთებელ კაცს ვერ ვხედავ. გამოფენა მისი გარდაცვალების შემდეგ მოსწავლეებმა მოვაწყვეთ. სიკვდილის შემდეგ მიიღო რუსთაველის პრემიაც, ჩვენ წარვადგინეთ. გულის სიღრმეში, შეიძლება სწყინდა, მუშაობდა, თავის საქმეს აკეთებდა და, გამოდის, მოხერხებული არ იყო?!.. შენი თანამედროვე უნდა შეაქო, დააფასო... ესმა ონიანი ისე წავიდა, დოცენტიც არ იყო ეს უნიჭიერესი ქალი".
ვენეციის ბიენალეზე, იაპონიაში, ჩეხეთში, იტალიაში, პოლონეთში, ბელგიაში და სხვ. გამართულ გამოფენებში მონაწილეობდა. 1983 წელს ვარნის ბიენალეზე (56 ქვეყნის გრაფიკოსს შორის) ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს ფერადი ლითოგრაფიის სერიისთვის "ცისარტყელა". საბჭოთა მხატვარი გიორგი წერეთელიო, წერდნენ. "სამწუხაროდ, იყო თავისი აბსურდულობით ასეთი "შესანიშნავი" სიტყვათშეხამება "ქართველი საბჭოთა მხატვარი". ჩვენს დროს რუსეთის გვერდის ავლით უცხოეთის ბიენალეებში მონაწილეობას ვერ მიიღებდი. ახლა მეტი თავისუფლებაა და კარგი თაობაც მოდის. ჩემი მოწაფე, ნინო ინჯია, დაზგური სურათისთვის ევროპის 18 აკადემიის წარმომადგენელს შორის გრანპრის მფლობელი გახდა. 10 ათასი ევრო მინიჭეს. აკადემიამ წელიწადში 5 მხატვარი რომ გამოუშვას, ერთიც კი ... დიდი საქმეა.
კულტურის სამინისტრო უცხოეთში მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოსცემს წიგნებს, ალბომებს, მშვენიერ საღამოებს აწყობენ. გაჩნდა ადგილი, სადაც კოლეგებს, მწერლებს შეხვდები, კარგ თარგმანს მოისმენ, კარგ წიგნს, კარგი მხატვრის ალბომს ნახავ - ეს ჩემთვის სინათლეა".
* * *
"ერთი ცნობილი ფილოსოფოსი ამბობს, "როცა მხატვარი ფულზე ფიქრობს, ის მშვენიერების შეგრძნებას კარგავსო". გენიალურმა ჩაპლინმა კი თქვა, რომ მხოლოდ ფულმა მიანიჭა ნამდვილი თავისუფლება და გააგებინა, რა არის სამყაროს სილამაზე. ასე რომ, ფულთან ყველას თავისი ანგარიშები აქვს... სულ იმაზე არ უნდა იფიქრო, როგორ იყიდო საღებავები, ტილო... ისე, ნახატები ყველა დროში ძნელად იყიდებოდა, ახლაც ასეა... კარგ მხატვარს სიკვდილის შემდეგ უფრო "ედება ფასი".
ჩემი სიმამრი - ვახტანგ ცინცაძე სულ მეუბნებოდა- ფულს ნუ გამოეკიდები, "ხალტურას" ნუ გააკეთებ, სანამ მე ვარ ცოცხალი, შენს თავზე იმუშავე, მერეც გეყოფაო. ოჯახი ხელს ძალიან მიწყობდა.
გამიმართლა, რომ ამ ტრადიციულ ოჯახში მოვხვდი. საქართველოზე გადაგებული ხალხი იყო. ვახტანგი ჰრინევსკის, პავლოვის მოსწავლე იყო. ისეთი ოფორტები, ლინოგრავიურები, ფერწერული ნამუშევრები აქვს, მხატვრობას რომ გაჰყოლოდა, დიდი მხატვარი გახდებოდა.
გიორგი ჩუბინაშვილის მოსწავლე იყო. მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი, სამთავრო, ბაგრატის, გელათის, გეგუთის, ბიჭვინთისა და დრანდის, ქვათახევის ნეკრესის და კიდევ მრავალი ძეგლის რესტავრატორი. ვახტანგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების რუკა ხომ ცნობილია.
ეკლესიის ფული შინ არ უნდა მიიტანოო, ამბობდა. ბაგრატის ტაძარზ 50 წელიწადი იმუშავა. დილით ქუთაისში მიდიოდა, საღამოს ბრუნდებოდა. ნანგრევები იყო და იუნესკოს წარმომადგენლები რომ ჩამოვიდნენ, გაგიჟდნენ, რა ძეგლია და როგორ არის რესტავრირებულიო. 1993 წელს გარდაიცვალა და 94-ის დასაწყისში ბაგრატი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს, ვერ მოესწრო. მისი მეუღლე- რუსუდანი არქიტექტურის დარგში პირველი დოქტორი იყო. უამრავი წიგნი აქვთ გამოცემული. ჩემი მეუღლე - ნანა ცინცაძე გრაფიკოსია. შვილებმა, რომ იტყვიან, ივარგეს. ვატომ ანტვერპენის აკადემიის ფოტოგრაფიის განყოფილება დაამთავრა, წარჩინებული სტუდენტი იყო. სულ მეშინოდა, უცხოეთში არ დარჩენილიყო. იქ მიღებული ცოდნა, განათლება გამოადგა და აქ აკეთებს ქართულ საქმეს. ყველაზე უფრო ეს მახარებს. აკადემიაში ფოტოგრაფიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. სტუდენტური გაცვლების საერთაშორისო პროგრამებს აკეთებენ. ასევე თანამედროვე ხელოვნების გალერეას ხელმძღვანელობს. რძალი, ეკა კალანდაძე, ხელოვნებათმცოდნეა. ქალიშვილი - ირინეც მხატვარ-რესტავრატორია. სიძე, იოსებ ხუციშვილი, წმ. გიორგის სკოლის დირექტორია. შვიდი შვილიშვილი მყავს. ერთად ვხატავთ, შინ გამოფენებს ვაწყობთ. მათ გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა"...
* * *
გოგი წერეთლის მხატვრობა, ისევე, როგორც მის მიერ განვლილი ცხოვრება, უარყოფს გავრცელებულ შეხედულებას, რომ ჩვენს დროში ძნელია საკუთარი თავის ერთგული დარჩე. ბევრს ვერ შეხვდებით ასეთ დამოუკიდებელ, შინაგანად ძლიერ, თავისუფალ ადამიანს, რომელიც თავისი პრინციპების დეკლარირებას კი არ ეწევა, უბრალოდ ასე ცხოვრობს...
რუსუდან ქართველიშვილი
ბმულები:
*
http://24blog.ge/weekend/story/28598-grafika-chemi-enaa...
