არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ხვიჩა ყალაბეგაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ხვიჩა ყალაბეგაშვილი Empty
PostSubject: ხვიჩა ყალაბეგაშვილი   ხვიჩა ყალაბეგაშვილი EmptyMon Jun 28, 2021 9:48 am

ხვიჩა ყალაბეგაშვილი Khvich10
A self-portrait by Khvicha Kalabegashvili

გვალვა

,,მე მოგიტან წყალს“
ირაკლი ჩარკვიანი

ცეცხლისთვალება ცის მატრაბაზმა მამონას რქებით
როქის ეტლივით გაიწია მარჯვნივ და წაღმა,
დამწვარი ყრია ქერუბიმების წყვილ-წყვილი ფრთები...
წვეთ წყალს გიგროვებ დაკარგული, დროებს გადაღმა.
მიწა დაღრღნილი დედამიწა ოხშივარს ყლაპავს,
გაშიშის დოზებს არიგებენ სერაფიმები,
სხვებზე მართლები, ვინც უძლებენ თოთხმეტმაგ ნაფასს
მხოლოდ ერთმაგად ესიზმრებათ ჭარბი წვიმები.
მე შენ გიყვები მზე როგორ ისვრის ცეცხლის ცხელ წირებს,
მისმენ და მითვლი მარცვლის დისონანს, თითქოს ჩემამდე
მალებოლჯედან კითხულობდი დანტეს ტერცინებს,
ან ტარტაროზი შენ მიგიძღვა ბოლო ლიმბამდე,
სადაც წვეთ წყალში გადავცვალე ყველა გაძლება,
რაც მჭირდებოდა ცოდვებისთვის _ შენთვის დაშვებულ...
ავსებულ პეშვებს, წყლით ავსებულს მოგიტან სადაც,
მილიარდების ტკივილს ვხედავ მზით გაშეშებულს.
როქის ეტლივით გაიწია მარჯვნივ და წაღმა,
ცეცხლისთვალება ცის მატრაბაზმა მამონას რქებით,
არ შეგაშინოს, არასოდეს უჩემო წამმა,
მე წყალზე ვიყავ, წყალი მომაქვს _ ჩვენ გადავრჩებით!


ხვიჩა ყალაბეგაშვილი
მწერალი, გამომცემელი

გამომცემლობა „კალმოსანის“დამფუძნებელი და დირექტორი.

წიგნები:
* ბოჰემური მისტერია (რომანი), 2009
* LIRICA ანტირომანი, 2011
* როცა ქალაქი სუნთქვას განაბავს _ პოეზიის კრებული. 2011
* ამბავი ქაქუცა ჩოლოყაშვილისა _ საბავშო მოთხრობა, დართული აქვს გასაფერედებელი ნახატები, 2012

ბმულები:
* https://www.facebook.com/khvicha.khalabegashvili
* http://ebguri.com/ხვიჩა-ყალაბეგაშვილი/
* https://www.pinterest.com/kalmosani0310/_saved/
* https://www.myvideo.ge/v/2433615



ლექსად ნათქვამი სიტყვა - ხვიჩა ყალაბეგაშვილი ,,ბარაბა იესო"

ტელევიზია კვირიკე

* https://youtu.be/5sbeepEzL3I

study


Last edited by Admin on Mon Jun 28, 2021 10:32 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ხვიჩა ყალაბეგაშვილი Empty
PostSubject: Re: ხვიჩა ყალაბეგაშვილი   ხვიჩა ყალაბეგაშვილი EmptyMon Jun 28, 2021 9:50 am


ხვიჩა ყალაბეგაშვილი - ლექსები

ტელევიზია კვირიკე

ხვიჩა ყალაბეგაშვილის პოეზიაში აისახა ადამიანის ზოგადი განწყობილება, ადამიანის, რომელიც დაიღალა მრისხანე წლებითა და მოვლენებით, მოენატრა მშვიდობიანი ცხოვრება, ეროვნული დამოუკიდებლობა, ტრადიციული, ქართველი კაცისათვის სადაგი და საკადრისი ყოფა. ამ თვალსაზრისით ცამდე გულწრფელია პოეტის ამოძახილი:

ქართველ ქალებს აღარ მოსწონთ წვერი
და კაცებიც იტოვებენ ბლანჟეს
მათე ბიჭმაც შეიღება თმები
თათიებიც დაემსგავსნენ ვაჟებს
ნანკა თეო თიკა ნინა ნუცა
მოდით ვივლი პროვინციულ წვერში
მიჭირს თქვენთან განშორება თუმცა
მირჩევნია კაცი მერქვას ჩვენში

ასეთი განწყობის მიზეზი არის გაცნობიერება იმისა, რომ ცხოვრებას არავითარი აზრი და ღირებულება არა აქვს ჩვენთვის, თუ იგი არ შეესაბამება ჩვენს სულიერ მოთხოვნებს.
ხვიჩა ყალაბეგაშვილის ლექსებში აღსანიშნავია პიროვნულობა. ნიჭიერმა პოეტმა სტრიქონს შესძინა კონკრეტულობა, მასში დაიწყო სუნთქვა დეტალმა, შეუნიღბავმა განწყობილებამ. ხვიჩა ყალაბეგაშვილმა პოეზიის ობიექტად აქცია სავსებით პროზაული თემები, რაც ასახულია თვით ლექსების სინტაქსურ და ლექსიკურ ქსოვილებში.
ცალკე აღნიშვნას და კვლევას საჭიროებს რელიგიური თემატიკა პოეტის ამჟამინდელ ნაწერებში და სწორედ, რელიგიურ თემებზე შექმნილი ლესებით მისი, როგორც ადამიანის მცდელობა, უფრო ღრმად ჩასწვდეს უფლის ბუნებას, შეიმეცნოს, თავისებურად შეეცადოს გახსნას ღვთის საიდუმლო და გადმოგვცეს პოეზიის სადაგი ენით.

* https://youtu.be/8qkBehm83EY

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ხვიჩა ყალაბეგაშვილი Empty
PostSubject: Re: ხვიჩა ყალაბეგაშვილი   ხვიჩა ყალაბეგაშვილი EmptyMon Jun 28, 2021 9:58 am

ხვიჩა ყალაბეგაშვილი

ქართლის დედა - მსგავსება-დადასტურების მიღმა დარჩენილი სეპარატიზმი


,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!..“ - ეს წამძღვარება დედაზე დაწერილ ნებისმიერ ტექსტს დაამშვენებდა, მაგრამ მე არ გამომადგა, სამი მიზეზის გამო:

საგანი, რომელზე მსჯელობასაც ვგეგმავ, არის თუ არა დედა, იმდენად რთული დასადგენია, რომ ამ ბუნდოვანებას მეტაფორა "მზეც“ კი ვერ ჰფენს ნათელს;

"სკულპტორი“ ისეთი პრივატული და კონკრეტულია სახელის შერჩევაში, რომ ვერაფრით მივუსადაგე უკიდეგანოდ ზოგადი სემანტიკის მქონე ეპითეტი "ღვთისა“ არსებით სახელს _ „ქართვლის“;

გალა"ქ"ტიონს ლექსებშიც კი დაბადების სახელს ვეძახი და, მისი ტაეპის ჯერ კიდევ გაურკვეველი საგნისთვის წინსწრება მეუხერხულა, არასაკადრებელ ფამილარობად მომეჩვენა.

„ქართვლის დედა“ _ სწორედ ასე დაარქვა (ან დაარქმევინეს, ან დაარქვეს) შვილმა (შვილებმა) საკუთარ "დედას", როცა ის შეიქმნა და დედამაც იშვილა ჯერ შემქმნელი, მერე დანარჩენები... თუმცა, სახელი "ქართვლის დედა" აღარ მოეწონათ შვილებს და ის ასე "გამოასწორეს“ - "ქართლის დედა“ ... ეს ეგრეთ წოდებული "ქართლის დედა“ ან სეპარატისტია, ან სნობი. ქალდეა, კარდუ, ქართუ, იბერია, ივერია, საქართველო... ამ და სხვა ზუსტ, თუ სავარაუდო სახელებს, რომლებიც დღევანდელ საქართველოს ერქვა, მრავლად მონახავთ ისტორიულ წყაროებში, მავანთა "კვლევებში", მაგრამ „ქართლი“ ყოველთვის იყო, არის და იქნება კუთხე, მხარე, რეგიონი, ოლქი... დიახ, ეს ალუმინის ქალი, თავისი მეტსახელის "ქართლის“ გამო კონკრეტული კუთხის, მხარის, რეგიონის, ოლქის დედაა და არა სრულიად საქართველოსი, რაც ნამდვილად „კულტურული სეპარატიზმია“... თუ მას იმიტომ გადაარქვეს სახელი, რომ იგი თბილისში აღმოცენდა და თბილისი ქართლს ეკუთვნის, ის მხოლოდ დედაქალაქელების (ამ სიტყვის ფსევდოთბილისური გაგებით) დედა გამოდის, რაც უპირობოდ სნობიზმია... მე არც ქართლელი ვარ, არც თბილისელი, ანუ "ქართლის დედა" დედაჩემი არ არის, არც მინდა - არ მომწონს!.. ვისაც მოსწონს, ჰყავდეს „სეპარატისტი“, „სნობი“ „დედა“...

კლასიკურ სკულპტურაში დისკურსს ყოველთვის მსგავსებისა და დადასტურების შესაბამისობა განსაზღვრავდა (პერიფრაზი - ფუკო, "ხატვა არ არის დადასტურება“). გასული საუკუნეების მორფოლოგიური, სემიოტიკური ელემენტებისაგან დაცლილი, შეიძლება ითქვას, დიალექტური პლასტიკით გაჯერებული ნამუშევრების სემანტიკა, სწორედ ამ უზადო, უშინაარსო, პედანტურ მაზოხიზმამდე მისული ოსტატობის გამო გახდა ასე საინტერესო, გარკვეულწილად დასაფასებელიც - ძველი სკულპტურები ბევრს ლაპარაკობენ საკუთარ სხეულზე, ლაპარაკობენ გაუთავებლად და სწორედ ეს არის მათი ფუნქცია _ ილაპარაკონ, რაც შეიძლება მეტი... დიახ, კულტურაში ვერბალურ ყბედებს ყოველთვის ეყოლებათ მსმენელი, რადგან ადამიანთა ნაწილს თავად არ შეუძლია ფიქრი; ნაწილს არ უნდა, რომ იფიქროს; ნაწილიც აზრთა ქურიდან ჰაერზე შესასვენებლად გამოსული, შეგნებულად გაურბის ჭეშმარიტების დევნას, რომელიც, მამარდაშვილის აზრით, არათუ ,,ქართლის დედაზე“, არამედ „მთაწმინდაზე“ მაღლაც დგას...

დიახ, კიდევ მრავალი საუკუნე მოიწონებენ თანამედროვე არტისტები "მოსეს" და "დავითს", რადგან მდუმარებაში ჩაძირულ ხელოვანს პერიოდულად უჩნდება სურვილი, ისმინოს ვინმეს დახვეწილი, გაუთავებელი ყბედობა. არ არის გამორიცხული დაფიქრებული, ღრმადმოაზროვნე, თანამედროვე ოსტატები კვლავ დაუბრუნდნენ ვერბალურ, უშინაარსო კლასიკურ ყბედობას, რაც ტიტანურ ჯაფას და რუტინულ ნებისყოფას მოითხოვს - სამაგიეროდ ამ დისკურსს ფართო კარი აქვს, სადაც უამრავი ზომით და ფორმით არაიდენტური დამკვირვებელი ეტევა; განსხვავებით, ვიწროკარიანი, სემიოტიკურად დანაღმული თანამედროვე ხელოვნებისგან. ხვალინდელი ხელოვნება ერთგვარი შავი ხვრელია, რომელიც კი არ ქმნის, არამედ იწოვს, შთანთქავს აქამდე შექმნილ ფორმებს და მათგან ადნობს ენერგიას, ის ფართოვდება შიგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ მასში არ შეჰყოფ ცხვირს, ვერც ვერაფერს იგრძნობ და ვერც ვერაფერს დაინახავ, მისი ენერგია, ვერბალური პლასტიკის მიღმაა... მიქელანჯელოს „დავითის“ პენისისგან განსხვავებით, მომავლის ხელოვნებას ვერ მიაშტერდები, ის უხილავი ნიმფაა, რომლის ვაგინაც ვერბალური პლასტიკის მიღმა უნდა შეიგრძნო, თუ საამისო სულის ორგანოები თავის ფუნქციას სათანადოდ ასრულებენ... თანამედროვე ხელოვნებაზე საუბრით იმიტომ გავისარჯე, რომ მსგავსებისა და დადასტურების შეუსაბამობის, უფრო სწორად, მისი არქონის გამო, ვინმემ ნიმფობა, ინტერკულტურულობა, იდეალისტურობა არ დასწამოს უსახურ "დედა-ძეგლს".

დიახ, "ქართლის დედას" არაფერი აქვს საერთო თანამედროვე ხელოვნებასთან, რადგან მას არ გაააჩნია შინაგანი ენერგია, რომელიც კლასიკური ფორმების გადადნობით წარმოიქმნება, მონუმენტის შიგთავსი უსიცოცხლოა, უსულოა.

ელგუჯა ამაშუკელის მცდელობა - შეექმნა კლასიკური დისკურსის მატარებელი მონუმენტი - ჩავარდა!.. საგანი ვერ ყბედობს საკუთარ სხეულზე, უფრო მეტიც, ვერც კი ბლუყუნებს... მას ნერვიულად აქვს პირი მოკუმული და დამკვირვებელი თავისი გემოვნების, ფანტაზიის შესაბამისად უნდა მიხვდეს, რას ამბობს კი არა, რა უნდა ეთქვა, ამ, არათუ მორფოლოგიური, პოეტური პლასტიკისგან დაცლილ, არამედ ყოველგვარი სემანტიკისგან გამოშრეტილ "რაღაცას". ავტორის მცდელობა - დაგვარწმუნოს, თითქოს საგნის სამეტყველო ენა დიალექტურია და მის გასაგებად დიდი ყურადღებაა საჭირო, კრახით მთვარდება, რადგან "მონუმენტი" აბსოლუტურად მუნჯია, მას არა თუ გასაგებად, არათუ რომელიმე ეპოქის, არათუ პრივატულ კილოზე, არამედ საერთოდ არ შეუძლია მეტყველება, ხმასაც კი ვერ გამოსცემს; მისი პლასტიკა ისეთივე უტყვია, როგორიც შინაარსი... (ერთი კარგი, საინტერწსო, მხიარული ამბავი მახსენდება: ციმბირში მცხოვრებმა რიგითმა მეგრელმა ნახევარ ციმბირს მეგრული ინგლისურად მიასყიდა და რაღაც პერიოდის განმავლობაში სარგებელსაც ნახულობდა ამ საქმიდან...) კლასიკური დისკურსის აღქმაში ქართველი დამკვირვებლის დიდი ნაწილი არაინგლისურისმცოდნე ციმბირელებზე უფრო ბეცია (იყო), ეს მაშინდელმა ,,სკულპტორებმა“ კარგად იცოდნენ და, სწორედ ამიტომ, ვერ ნახავთ ვერცერთი ჩვენი "წარმატებული მოქანდაკის" "შექმნილ" მონუმენტს, "პიეტას", ფეხის ფრჩხილად რომ ღირდეს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით; ის კი არა, ქალაქის ქვადქცეულ ჰიპოდრომზე, ძალიან ჭირს გარჩევა _ ცხენების უმრავლესობა ფლოქვებზე დგას, თუ ,,კირზავოი ჩექმა“ აცვია; ასევე, გვხვდება „ფაფრიანი ვეფხვები“ და სხვა ანომალიები... აი, ასეთ "სასურველ", არაკონკურენტულ პირობებშიც კი ვერ ამოიდგა "დედა-ძეგლის" პლასტიკამ ენა, ამ დიალექტურ ყაყანშიც კი პირმოკუმული, ენაჩავარდნილი დგას მორცხვად ამხელა ქალი და მისჩერებია კვაზიპატრიოტული იდეებით ანგაჟირებულ დამკვირვებელს მუნჯი დედის მაგივრად როდის რას იტყვის...

ახლა რომ „მონუმენტის“ კლასიკური დისკურსიდან ამოვარდნილ დეტალებზე სერიოზულად ვიმსჯელო, ანუ მივყვე არაპროპორციული სხეულის, უშნო (ვითომმრავალგზის ნამშობიარები) მუცლის, გოლიათის მხრების, მამაკაცური ნაკვთების და სხვა შეუსაბამო „წვრილმანების“ განხილვას, ძალიან უნდა ვეცადო, ეს კაკაფონია მოდერნიზმის, პოსტმოდერნიზმის, პრიმიტივიზიმის, კონსტრუქტივიზმის ხერხებს მოვარგო, რაც აუცილებლად კრახით დამთავრდება და საბოლოოდ გამოვა გულმოდგინე, ხანგრძლივი ონანიზმი. ვუდი ალენს თუ დავუჯერებთ, ამ საქმის კეთება მარტო, განცალკევებით სჯობს; მით უმეტეს, რომ "დედა-ძეგლზე" ვსაუბრობ...

„სკულპტორმა“ დამკვირვებლის ემოციის გასაძლიერებლად "მონუმენტის" "მეტყველ პლასტიკას" ჟესტები და სიმბოლოები დაამატა და, საბოლოოდ, "მოეხაზა" ტიტანურ ჩანაფიქრს - შექმნილიყო, რაღაც არსებითად დიდი და განსაკუთრებული... ქართული ტრადიციების პატივისცემის ნიშნად, "მშვიდობის სადღეგრძელოთი", ანუ ღვინით სავსე ფიალით დავიწყოთ - ასე, აფრიკელი ბანანის გადამზიდავის სტილში აღმართული, მხრებს ზემოთ აწოწიალებული ფიალა, რომელ ნორმალურ ოჯახში გინახავთ? თანაც, ქალის ხელში... თუ თქვენთვის ერთხელ მაინც შემოუთავაზებიათ სასმისი პატივისცემის ნიშნად, გამორიცხულია "დედა-ძეგლის" ჟესტში გამასპინძლების, დახვედრის, კეთილგანწყობის ნიშანწყალი იპოვოთ... კატა, რომ ფილტვს უნდა შესწვდეს და თუ ვერ შესწვდება (ჩემი მტერი შესწვდა ,,ქართლის დედას“) მშიერი, რომ დარჩებას ალეგორია უფროა ეს ზეაღმართული სასმისი, ვიდრე მობრძანდი-მიირთვის გამოხატულება, ანუ მოგვჭამა ჭირი საბჭოთა მარანში გაწყალებულმა ღვინომ. გადავიდეთ ომზე, ანუ ხმალზე - რატომ უჭირავს ,,ქართლის დედას“ რომაული, ორლესული ხმალი და არა "გორდა", ან "კალდიმი", თუ მაინცდამაინც ორლესული უნდა, რატომ არა ფშაური, ან ხევსურული _შედარებით მოკლე და ქალისთვის ადვილი მოსახმარი; მერე კიდევ, ამხელა ხმალს რომ აკეთებ, შე დალოცვილო, გაუკეთე ცოტა დიდი ტარი, ხომ ხედავ არ ეტევა "დედა-ძეგლს" თავისი ბოტოტა თითები. მტერთან დახვედრის პოზაზე ცალკე მოსაზრებები მაქვს, მაგრამ აქაც ვუდი ალენს დავუჯერებ, მითუმეტეს, რომ ისევ "დედა-ძეგლზე“ ვსაუბრობ.

რომ გვკითხონ, ჩვენზე გულუხვი ერი არ არსებობს... ამ ოქროსა და ბრინჯაოს ქვეყანაში რატომ უნდა ეცვას "დედა-ძეგლს" ალუმინის სამოსი და არა ოქროსი, სპილენძის, ბრინჯაოსი, ან ლატუნის... არ გვქონდაო, ვერ ვიტყვით, "ქართლის დედის“ ძუძუსწონა სპილენძი ყველა ქართველს გვაქვს მოძიებულ-გაყიდულ-გათურქეთებული. თუ თეთრ ფერზე გაკეთდა აქცენტი, ჩათვალეთ, რომ ძალიან შორსაა შედეგი ჩანაფიქრისგან _ "ნატვრის ხე"-ში, რომ ფუფალაა, იმასაც კი ბევრად უფრო სუფთა და თეთრ კაბა აცვია, ვიდრე "დედა-ძეგლს“.

ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ მოვრჩი... ვინმეს გასაღიზიანებლად არ დამიწერია ეს ყველაფერი, უძილობა მაწუხებს და ვუდი ალენის სტილში მოთენთვა არ „მევასება", ამიტომ ჩემთვის „ვჯღაბნი“ ხოლმე რაღაცებს, მერე ჩემთვის მიმაქვს ხოლმე სადმე დასაბეჭდად, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის კი არა, თქვენთვის დამიწერია...

... რომ არ ვარგა, გასაგებია, მაგრამ ლენინივით ხომ არ დავაგდებთ სადმე, პერიფერიაში, ამხელა „ალუმინის დედაკაცს“?! უნდა გადავადნოთ, ჩამოვასხათ რომელიმე ნაყოფიერების არქაული სიმბოლო, აუცილებლად პოპ-არტის სტილში და ზედ მივაკრათ ოქროს ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრული იქნება 77+73+17+1+1 ადამიანის სია, ხოლო ჩამონათვალს წავუმძღვაროთ პროლოგის სტილში: ,,სად დაგირეკო, როგორ გითხრა, რა მჭამს და რა მღრღნის, / ვიღაც მიყურებს, ვიღაც მაცმევს და მირჩევს პოზას...“

05.12.2016

ბმული:
* https://demo.ge/index.php?do=full&id=1307

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ხვიჩა ყალაბეგაშვილი Empty
PostSubject: Re: ხვიჩა ყალაბეგაშვილი   ხვიჩა ყალაბეგაშვილი EmptyMon Jun 28, 2021 10:00 am

ხვიჩა ყალაბეგაშვილი Khvich11

ხვიჩა ყალაბეგაშვილი

თეთრი ნაბიისი

არღუნის ხეობაში წამოშლილმა ნისლებმა მახისმაღლამდე სდიეს ანატორელ ქუჯეგს, მწვერვალიდან ნისლები ღრუბლებს აედევნენ და ხევსური მარტო დატოვეს საკუთარ ფიქრებთან. ქუჯეგი ამაოდ ცდილობდა ნაბიისზე აშლილი ფიქრების ნისლივით გაფანტვას.
ალიონის მზემ ნაკვერჩხლები დაიფერთხა ღრუბლებმიჯრილ ხევსურეთის მაღლობებზე და ფარაც გაიშალა, გაიჭიმა, გადიდდა, სისხამის ნისლივით გადაეკრა საძოვრებს. იჯდა და უყურებდა ქუჯეგი ღრუბლების ცხვრებთან მეტოქეობას, რომლებიც ყოველწუთიერად იცვლიდნენ ფორმას _ შლიდნენ და ხატავდნენ, შლიდნენ და ხატავდნენ, შლიდნენ და ხატავდნენ თეთრ, უზარმაზარ სურათებს _ ყველა მათგანი ნაბიისი იყო, თეთრი ნაბიისი. მხოლოდ ხევსურ მწყემსებს შეუძლიათ ღრუბლებისა და ცხვრის ფარის მოხატულ სურათებში სწორფერის სახის ამოკითხვა, რადგან დედამიწის ზურგზე მხოლოდ ხევსურმა მწყემსებმა იციან სწორფრული სიყვარული, სწორედ მათ გულებზე გადის ის საცალფეხო, სახიფათო, სავაჟკაცო ბილიკი, `სწორს~ და `ფერს~ ერთმანეთისგან რომ ყოფს. ქუჯეგიც დიდი ვაჟკაცობით
მიუყვებოდა ამ „სწორსა~ და `ფერს~ შორის მიმავალ გზას, მიუყვებოდა და ვაი ამ მიყოლას _ სწვავდა, სჭამდა, სიკვდილს უქადდა უცნაური არჩევანი, რომელიც თავად ირჩევს კაცსა თუ ქალს; სწორედ ასე, მოვა ეს რჯულის სახადი, მოვა, აგირჩევს და შემოგძახებს `ვიდინათ~* . შენც უნდა იარო, სანამ ცხოვრება გაგიჭრის სამარეს, სადაც ჩაიტან ამ უჩინარ დამღას _ `სწორფრობას~, რომელიც ყველა ხევსურს ატყვია გულზე, რომელსაც ვერ შლის ვერც წაწლის, ვერც ცოლის და ვერც შვილის სიყვარული.
დაეშვნენ ციდან ღრუბლებთან ნაწაწლარი ნისლები. შემოიძარცვა მზემ სააღდგომო კვერცხისფერი, გაღიავდა უკვდავასავით, გაყვითლდა და მწვერვალს იქეთ დაეშვა. გაშლილი ფარა შეიკრა, შემჭიდროვდა, დაპატარავდა და მთვარესავით დამრგვალებული, ნელა დაგორდა ხეობაში. მიბაკუნობდნენ ცხვრები, მიაქიცინებდნენ დინგდაკეჭნილი ძაღლები პატარა, ძირამდე დაჭრილ კუდებს, მიიმღეროდა ქუჯეგი და ბანს აძლევდნენ მთები.
შემგლისფერებულზე დააბინავა საქონელი ხევსურმა, ხელ-პირი დაიბანა, თავი მოიწესრიგა, ნაჭრელიანი პერანგი გადაიცვა და მუცოსწყალს აუყვა.
იდგა და ელოდა... მხოლოდ ხევსურის ქალებმა იციან ასეთი ლოდინი, სალი და
უძრავი, უჟამდროობა, რომ ეთქმის მათ გარინდებულ ძრაობას. მხოლოდ სწორფერის მომლოდინე ქალს შეუძლია იყოს ასეთი პარადოქსული _ იდგეს და ხედავდე, როგორ მოძრაობს, როგორ არ ცხრება, როგორ ბობოქრობს...
ლამაზი იყო ნაბიისი, მთელ ხევსურეთს რომ ეყოფოდა მისი ქალური სილამაზე, ისეთი ლამაზი. მაღალი, წელწვრილი ტანი ჰქონდა ნაბიისს, თითები ფეხებივით გრძელი და სწორი, მხრები ოდნავ ფართე და გამართული, მკლავები თხელი და ქალური, კისერი მაღალი და დაძარღვული, სახე ხორბლისფერი და გამხდარი, ცხვირი პატარა და შეუმჩნევლად კეხიანი, ტუჩები დიდი და მკერდივით სავსე, წითელი როგორც ქალწულის კერტები და იშვიათად მწიფეშინდისფერი, როგორც ხალი მარჯვენა ლოყაზე.
ლამაზი თვალები ჰქონდა ნაბიისს, მთელი სამყაროს სილამაზეს, რომ ეყოფოდა
ისეთი ლამაზი, ჭიუხივით მაღალი და ქარაფივით ღრმა, ზოგჯერ ნისლიანი,
ზოგჯერ კაშკაშა და კრიალა, როგორც ტბა აბუდელაურისა. ამორძალივით გაღიმება იცოდა ნაბიისმა, თითქოს აშექალს ესწავლებინოს მისთვის ღიმილი.
გულის შემძვრელი კისკისი იცოდა ნაბიისმა, თითქოს სამძიმარს ესწავლებინოს
მისთვის კისკისი...
მიახლოვებისთანავე ჩაიკრა ქუჯეგმა ნაბიისი. გარკვევით ესმოდათ ერთმანეთის გულის ხმა ხევსურებს. დიდხანს იდგნენ ასე, უსიტყვოდ, მკერდმიწებებულნი, ერთმანეთის ცეცხლში გახვეულნი, ტრფობით გადარეულნი და უუფლებონი... ქალის ვერდაჭერილი ცრემლი ცივი და ხმელი სეტყვის მარცვალივით ჩამოვარდა კაცის ვნებამოთოკილ ბაგეზე. ვეღარ გაუძლო ხევსურმა დიაცის სიბრალულს და გახელებული დაეწაფა სწორფერის ბაგეს. აენთო, აგიზგიზდა, აალდა ვნებაასხმული ნაბიისი, აალდა და მოიქცია კიდეც ცეცხლიან მკლავებში ვნებაშებორკილი სწორფერი.
ჯერ კაცის პერანგი დაეცა დეკიანზე, მერე ქალის ქოქლო, ბოლოს კი თავად წყვილმაც ჩაიჩოქა სიმწვანეში ზმორებითა და ცახცახით. დეკას თეთრი ყვავილები უფერულნი გახდნენ ნაბიისის მკერდის ქათქათში. ქუჯეგმა ძლიერ ხელის მტევნებში მოიქცია სწორფერის მკვრივი ძუძუები და გახელებული დააცხრა კუნელისფერ კერტებს... გახშირდა, წყვილის სუნთქვა... დაწითლდა მათი თვალები... დაიბერა მათი ძარღვები...
დაიგუგუნა რჯულის ხმამ ქუჯეგში, დაიხუვლა წესის ექომ ხევსურში და ერთიანად გადათქერა ამოდენაზე ასვეტილი ვნება...
გონს მოსულმა სწორფერებმა მალევე ჩაიცვეს სამოსი. ცოტახანს უტყვად ისხდნენ, მზერას უმალავდნენ ერთმანეთს. თანდათან ნაწყვეტ-ნაწყვეტ შესიტყვდნენ და
ხელთავიდან შეეჩვივნენ ერთურთს.
მიდიოდა ქუჯეგი სახლისკენ მარტო, დამძიმებული გულით და სწორფერის
ნაჩუქარი საზამთრო წინდებით.
მიდიოდა ნაბიისი სახლში მარტო დამძიმებული გულით და სწორფერისგან დასუსხული ბაგეებით.
...ღვარად ჩამოსდიოდა ოფლი ხმლის ქნევით ქანცგაწყვეტილ ქუჯეგს...
მოდიოდნენ და მოდიოდნენ შავი კაცები, შავი ნაბდებით... ერთიანად დაეხვივნენ
მომხდურნი ხევსურს... სუნთქვა უჭირდა ბეჩავს... დაინახა, როგორ გაახვიეს ნაბიისი შავ ნაბადში, როგორ შესვეს შავ მერანზე და როგორ გააქროლეს... დაიხავლა ქუჯეგმა, მიმოფანტა ირგვლივ მრუმეთვალება კაცები და გააგრძელა ხმალ და ხმალ ბრძოლა... მიჰყავდა ყარა ულაყს თეთრი ნაბიისი... ჭახანი გაჰქონდა შავნაბდიანთა ხმლებსა და თავებს...
ამ ჭახა-ჭუხში გამოეღვიძა ხევსურს _ გაოფლილს, შეშინებულს, აცახცახებულს... ახლადგამოღვიძებულის ზურგს უკან კვლავ გაისმა ჭახანი, მთებმა უმალ გაინაწილეს ხმა, გაიყვეს, დაითითოეს...
ორი ჭედილა რქებს ატოქებდა ერთმანეთს, მთელი ეს ჯახა-ჯუხი, რომელიმე, ან
რამდენიმე ნერბისთვის ხდებოდა, რომელიც საბოლოოდ ორი-სამი წლის რქაჩაგრეხილ ვერძს დარჩებოდა, რადგან ამ ფარაში ასეთები მრავლად იყვნენ.
ვერ მოისვენა სიზმრით შეშინებულმა ქუჯეგმა, აიკრა გუდა-ნაბადი, შეკრა გაშლილი ფარა და სულ სირბილით ჩამორეკა ცხვარი ბინაზე.
შებინდებამდე შეხვდნენ სწორფრები...
ქუჯეგმა თავისი სიზმარი უამბო ნაბიისს...
ნაბიისიც გამოუტყდა ქუჯეგს, ქადაგს უთქვამს დედაჩემისთვის _ „შავ კაცს
მიჰყავდა შენი ქალი და სანამ, რამეს მოიწევს, გაარიდე აქაურობას!~ ბევრი იმსჯელეს, ბევრი აქამდე უთქმელი უთხრეს ერთმანეთს, ბევრი ივიშვიშეს და დაასკვნეს,
რომ ეს გრძნობა რჯულზე ძვირად უღირდათ... თემიდან გაქცევა და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტეს სწორფრებმა...
...დათვიჯვარზე წამოეწია მდევარი გაქცეულებს... მძიმედ დაკეჭნეს ქუჯეგი,
კაი-ყმობისთვის სასიკვდილოდ არ გაიმეტეს, განდევნეს თემიდან და აუკრძალეს ქედს აქეთ გადმოსვლა... ნაბიისი იმავე საღამოს გაასამართლა რჯულმა და
სამი თვით გამოკეტეს ბოსელში, როგორც უწმინდური...
ნაბიისს არ ამოუგდია გულიდან თემიდან განდევნილი ქუჯეგი, იჯდა და უქარგავდა შორს გადახვეწილ სწორფერს საწვივეს, საბეჭურს, სათუთუნეს, ულამაზეს ნაჭრელებს... ორ-სამ თვეში ერთხელ ვაჟისგანაც მოსდიოდა საჩუქრად ვერცხლის სამკაულები, მძივები, ღილები და თვლები...
ის ზამთარი ქარგვასა და ტირილში გაატარა ნაბიისმა...
გაზაფხულმა კიდევ უფრო დაამძიმა ნაბიისის გული... ერთადერთი მესაიდუმლე და ნუგეში, მისი ძმა, ორასამდე რჩეულ ხევსურთან ერთად მონღოლთა წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა ბარში. ნახევარი მსოფლიო ებრძოდა ოქროს ურდოს,
რომელსაც საქართველოშიც ჰქონდა ფეხი მოკიდებული.
აქაო და ქომაგი აღარ ჰყავსო, ორ კვირაში დანიშნეს ქუჯეგის ნაბიისი ბერბიჭა
მინდიაზე.
ამ ამბავმა ნალაციცარი იმედის ნაპერწკალიც ჩაუქრო ნაბიისს და თავადაც
ჩაქრა ეს ცეცხლისთვალება ხევსური.
...ერთი თვის შემდეგ ნაბიისის ძმა მომაკვდავი შეიყვანეს სახლში... სხვაც ბევრი მებრძოლი დაბრუნდა დაჭრილი და დასახიჩრებული...
ორ-სამ კვირაში ბრძოლიდან დაბრუნებულთა მდგომარეობა დამძიმდა _
ბოდავდნენ, სიცხიანობდნენ, შავ-წითელი წყლულები უჭამდა ავადმყოფებს ჩამომხმარ სხეულს...
მომრავლდნენ სოფელში შავბალნიანი ჭინკები, ალქაჯები, მაძახურები, ალები...
ყოველდღე ემატებოდა ახალი ავადმყოფი სოფელს... ბევრი მდინარიდან გამოყვანილი ჰყვებოდა, როგორ ჩაითრია მორევიდან ამოსულმა ალმა... ბევრი სნეული გადაჰყვა ალქაჯის ხმას ქარაფში... ბევრი მომაკვდავი იგერიებდა შავბალნიან ჭინკას...
გამოიკეტნენ ქადაგნი სახლებში და დამუნჯდნენ...
აღარსად სჩანდნენ ნაღვარმშვენიერი, კოპალა, გახუა...
დადუმდა ყველა ღვთისშვილი. შეიკრა პირი ცამ. გაუწყრა მორიგე ღმერთი ხევსურებს.
დაიწყო ჟამიანობა. მოვიდა შავი სიკვდილი აურაცხელი თესლით, მოიწია მოსავალი და დაიწყო მკა. სენი არ ინდობდა არავის, მოდიოდა და მიჰყავდა, მოდიოდა და მიყავდა... საზარელი იყო სანახავად შორიდან მოსული ჭირი, რომელიც შავ-წითელად ჰყვაოდა ადამიანთა ტანზე... ცოცხლად ლპებოდნენ, იხრწნებოდნენ, ხმებოდნენ დასნეულებულნი...
დღე და ღამე ისმოდა სოფელში ავადმყოფების უშინაარსო ბოდვა, გოდება, არაამქვეყნიური წივილი, ლოცვა და ლანძღვა, ვედრება და მუქარა, ვაი და ვიში...
სოფლის მოშორებით სახლების აშენება დაიწყეს ხევსურებმა. ეს იყო ერთგვარი
სამკურნალო შენობები, რომლებსაც აკლდამის, სამარხის ფუნქცია უფრო ჰქონდა, ვიდრე სამკურნალო ადგილის. ევედრებოდნენ მჭედლები პირქუშს მიეცა მათთვის ძალა, რათა ძლიერი საკეტები დაემზადებინათ, რომლებსაც აკლდამის კარებებს ადებდნენ. ბოლოს ისე შეშინდნენ ანატორელები, რომ კარსაც კი აღარ უკეთებდნენ ამ საშინელ ნაგებობებს _ შეჰყავდათ ავადმყოფები აკლდამებში და ქვით ავსებდნენ შესასვლელს, ჭირი რომ აღარ გამოსულიყო გარეთ.
საკუთარი ფეხით მიდიოდნენ სამარხებში კაცები და ქალები, დიდები და პატარები, შვილიანები და უშვილოები...
ვისაც სიარული არ შეეძლო, ოჯახის წევრებს მიჰყავდა...
კვირაზე მეტხანს უარა ნაბიისმა ავადმყოფ ძმას, დღეში ასგზის უსუფთავებდა წყლულიან სხეულს, ცივ საფენებს ადებდა გავარვარებულ შუბლზე, წუთით არ
სტოვებდა, ათას უცნაურ ამბებს უყვებოდა მომაკვდავს... ისევ ისე, ძველებურად აენთო ნაბიისი... ამორძალივით იღიმებოდა ნაბიისი, თითქოს აშექალს ესწავლებინოს მისთვის ღიმილი. გულის შემძვრელად კისკისებდა ნაბიისი, თითქოს სამძიმარს
ესწავლებინოს მისთვის კისკისი... მხოლოდ შეყვარებულ ქალს შეუძლია დაუმალოს
შიში სიკვდილს; მხოლოდ შეყვარებული ქალის თვალებში ვერ ხედავს სიკვდილი
შიშს, რაც უნდა ახლოს მივიდეს მასთან...
ნაბიისის ერთადერთ სიყვარულად, ერთადერთ საზრუნავად, ერთადერთ მიზნად
მისი ძმა იქცა... ავადმყოფის თვალებიდან მომზირალმა სიკვდილმა ერთი წუთითაც
კი ვერ იხილა შიში... ნაბიისმა ამორძალური ღიმილით გააცილა სენისგან გამოღრღნილი ძმა.
ისევ ჩამოიღვენთა, ჩაინავლა, ჩაქრა ნაბიისი.
ძმის დაკრძალვიდან მეექვსე დღეს შავი ლაქა გამოეკვირტა თეთრ ნაბიისს მარჯვენა ხელზე. მეშვიდე დღეს მკერდზე და მუცელზეც აყვავდა შავ-წითელი სიკვდილის ყვავილი.
ხელების ქნევით იგერიებდა სიცხიანი ნაბიისი შავნაბდიან, მრუმეთვალება კაცებს.
`გაქარდეს ქარივითა! გაწყალდეს წყალივითა! გაქვავდეს ქვასავითა! ნაბიისის ავითვალით შემხედვარე! ნაბიისის ავი ენით მოუბარი! ნაბიისის ავი გულით
მოფიქრალი! შავო კაცო, არ გაგატანთ ნაბიისსა სისხლის სასმელად! შავო კაცო,
არ გაგატანთ ნაბიისსა ძვლის სახრავად!
შავო კაცო, არ გაგატანთ ნაბიისსა ხორცის საჭმელად! შავო კაცო, აგრემც ხახმატის გიორგი დაგეწეოდეს მახვილითა!
შავო კაცო, აგრემც კოპალა დაგეწეოდეს ლახტით! შავო კაცი, აგრემც გახუა შეგმუსვრიდეს თავისი მარჯვენითა!~
შვიდგზის ულოცავდნენ ქადაგნი თეთრ ნაბიისს. არ ეხსნებოდა შავი ჭირი თეთრ ნაბიისს. არ მოდიოდნენ ღვთის შვილები თეთრი ნაბიისის საშველად.
მინდიამ აკლდამამდე მიაცილა მომაკვდავი საცოლე. განშორებისას დიაცივით ამოიკნავლა. ახლო მისვლა და კოცნა ვერ გაბედა. ნაბიისი დედასთან ერთად შევიდა აკლდამაში. მამამ უსიტყვოდ დატოვა ცოლ-შვილი და სწრაფი ნაბიჯით სახლისკენ გაემართა, სადაც ნაბოლარა ბიჭი უცდიდა.
რვანი იყვნენ აკლდამაში. ავადმყოფებმა საკუთარი ხელით ჩარაზეს კარები
შიგნიდან და საგულდაგულოდ ამოლესეს კირ-ცარცით.
ოთხ დღეში დალია სული ნაბიისის დედამ სამ ავადმყოფთან ერთად. გადარჩენილებმა დიდი გაჭირვებით დამარხეს მიცვალებულები. სამ დღეში კიდევ ორი წავიდა ამ ქვეყნიდან. ორ დღეში ნაბიისი მარტო დარჩა აკლდამაში შავნაბდიან
მრუმეთვალება კაცების გარემოცვაში.
გავეშებულები უყურებდნენ მთელი დღე შავი კაცები თეთრ ნაბიისს. შემგლისფერდა, სიხლიანი მთვარე უშნოდ იჭვრიტებოდა აკლდამაში. ეშინოდა, ძალიან ეშინოდა თეთრ ნაბიისს. დაძრწოდნენ შავნაბდიანი მრუმეთვალება კაცები პატარა სარკმელთან. ჩამოწვა ღამე და კიდევ უფრო სისხლისფერი გახდა ლოყამოკბეჩილი მთვარე. დაიჯახუნა აკლდამის კარმა. გახშირდა და გაძლიერდა ჯახა-ჯუხი.
ჩამოიშალა კირცარცი, მოირყა რკინის საკეტი, აჭრიალდა ხის კარი. ერთიანად
ცახცახებდა სველი ნაბიისი. იხუვლა კარმა და შემოვარდა აკლდამაში. გაანათა
აკლდამა მთვარემ. პირველი შავი ჩრდილი შემოვარდა შიგნით, ჩრდილს ნაცნობი ხმა
შემოჰყვა `ნაბიისი~. მხოლოდ შეყვარებულ ქალს შეუძლია დაუმალოს შიში სიკვდილს, მხოლოდ შეყვარებული ქალის თვალებში ვერ ხედავს სიკვდილი შიშს,
რაც არ უნდა ახლოს მივიდეს მასთან...
გაახილა ნაბიისმა თვალები. მის წინ ქუჯეგი იდგა, ნაბიისის სწორფერი ქუჯეგი. ისევ
ისე, ძველებურად აენთო ნაბიისი...
ამორძალივით იღიმებოდა ნაბიისი, თითქოს აშექალს ესწავლებინოს მისთვის ღიმილი. გულის შემძვრელად კისკისებდა ნაბიისი, თითქოს სამძიმარს ესწავლებინოს მისთვის კისკისი...
მთელი ღამე ილაპარაკეს სწორფრებმა. გამთენიისას ჩაეძინა ორივეს.
ნაბიისი ტკივილებმა გააღვიძა. დიდხანს, ხარბად უყურა მძინარე ქუჯეგს _ ჯანმრთელი იყო ქუჯეგი, სრულიად ჯანმრთელი.
ისევ ჩამოიღვენთა, ჩაინავლა, ჩაქრა ნაბიისი.
შიგნიდან ჩაკეტა კარები ქუჯეგმა და კვლავ ამოლესა კირ-ცარცით.
სამ კვირაში ქუჯეგისა და ნაბიისის აკლდამამ ბოლო ადამიანი ამოისუნთქა...


„ლიტერატურული გაზეთი“, #4 (164), 26 თებერვალი - 10 მარტი, 2016

ბმული:
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/149007/1/Literaturuli_Gatezi_2016_N4.pdf

study


Last edited by Admin on Mon Jun 28, 2021 10:32 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ხვიჩა ყალაბეგაშვილი Empty
PostSubject: Re: ხვიჩა ყალაბეგაშვილი   ხვიჩა ყალაბეგაშვილი EmptyMon Jun 28, 2021 10:05 am

ხვიჩა ყალაბეგაშვილი

იუდას სახარება
(ნაწყვეტი რომანიდან)

ზოგს დღემდე ჰგონია, რომ ბაწარზე ჩამოვეკიდე ჩემივე სურვილით და ასე, ლაჩრულად გავეთიშე გლობალურ პროექტ – ქრისტიანობას.

იმდენი გამბედაობა თუ მეყო, რომ მესია გამეყიდა, ისეთ არგუმენტსაც მოვუძებნიდი ჩემს სუიციდისკენ მიდრეკილ ალტერეგოს, რომ აღებული ვერცხლის ხარჯვა ეცლია ჩემთვის. არა, მეგობრებო, ნამდვილად არ მომიკლავს თავი.

დიახ, ეს მე ვარ, ისკარიოტელი იუდა, თქვენ, რომ ასე გძულთ და მაცხოვარს რომ ასე ძალიან უყვარს, ის იუდა ვარ, სწორედ. რეინკარნაცია, პარალელური სამყაროები, მეტაფიზიკა, ეზოთერიკა… ან გჯერათ, ან არა, ეს სულ ერთია. მთავარი ის არის, რომ მე ახლა აქ ვარ.

ჩემი დაბადების, აღზრდის, განათლების შეასახებ სხვა დროს მოვყვები, ან ეს რაში გაინტერსებთ?

იესოს დაბადებაზეც არ ვისაუბრებ, რადგან იქ არ ვყოფილვარ… თუ მაცხოვრის შობის საკითხი ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაშინ სხვა მოციქულების ნაამბობს დასჯერდით, რომლებიც ასევე არ ყოფილან მესიის შობისას გომურაში.

იესოს განათლებას რაც შეეხება – ის აღმოსავლური, კავკასიური, ეგვიპტური, ინდური, ტიბეტური ცოდნით იყო აღვსილი და მის ყოველ ღაღადს განდეგილი ბერების ნაფიქრი, სულიერი გამოცდილება ედო საფუძვლად. ვისაც ჩემი არ გჯერათ თავად იესოს ჰკითხეთ. თუ ამას ვერ შეძლებთ, ტიბეტურ, კავკასიურ, ეგვიპტურ სკოლებს, მათ პანთეონს გაეცანით და… ხოლო, თუ ესეც არ ძალგიძთ, მაშინ სხვა რა გზაა, ბრმად უნდა მენდოთ, რადგან ჩვენ შორის მხლოდ მე ვიცნობ მაცხოვარს და ზემოთ ჩამოთვლილ ცივილიზაციებს.

როცა მე იესო გავიცანი, მან მითხრა, რომ ის ღვთის შვილი იყო და კაცობრიობის შეცვლა სურდა. მაშინ ადამიანები აზროვნების და ცხოვრების ფორმებში ასე დუხჭირად არ იყვნენ, როგორც ახლა, მაგრამ, არც ისე კარგად გრძნობდნენ თავს, რომ მათი დახმარების სურვილი არ გაგჩენოდა, რა თქმა უნდა, თავად თუ არ იყავი დასახმარებელი. რადგან ჩვენ შორის მხოლოდ იესო იცნობდა ღმერთს და განსწავლულიც ის გახლდათ, რაღა უნდა მექნა? ბრმად მივენდე…

ისტორიას უამრავი იდეალისტი, მეამბოხე, მამაცი, გენიოსი, იღბლიანი, წარმატებული, გამარჯვებული და დამრაცხებული ახსოვს… მაგრამ, რა? არც არაფერი… ისინი კაცობრიობამ უბრალოდ დაიმახსოვრა და იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთ მათგანს მხოლოდ ჰბაძავენ, თანაც უნიჭოდ. ქრისტე არც ისტორიის ტიტანებზე იღბლიანი ყოფილა და არც კბილებამდე შეიარაღებულს, ურიცხვი ჯარით ურბენია წინ და უკან ადამიანთა დასამორჩილებლად. კაცობრიობამ თავად დაუჩოქა ქრისტეს და თუ ვინმე ფეხზე დგას, დაჩოქილები მას მთელი ძალით ექაჩებიან მუხლებზე.

რატომ?

ისტორიის ტიტანები მთელი არსებით ცდილობდნენ ყოფილიყვნენ დიდებულები, ანუ დაემცირებინათ სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა ხის მოჭრა და მერე ამ ხისგან შუბის გაკეთება ისწავლა, რომლითაც რომელიმე ცხოველს, ან ნათესავს უსწრაფებს სიცოცხლეს, ის მაინც დამცირებულია ბუნებასაგან, რადგან ბუნების დიდებულება დღემდე ბატონობს ადამიანზე. ბუნებისაგან დამცირებულ ადამიანს დიდებულები არ უყვარს, ყოელთვის ურჩევია თავად იყოს დიდებული. ქრისტემდე ღმერთებს მხოლოდ იმიტომ სცემდნენ თაყვანს, რომ ეშინოდათ მათი დიდებულების, ანუ ქრისტემდე ყოველი ღმერთი ერთგვარი მოვალეობა, ცხოვრებისეული ხარკი გახლდათ.

ერთ ფრანგ კლასიკოსს, ვინმე ჟან ჟენეს აქვს ასეთი ფრაზა “დამცირების დიდებულება” – ეს არის მართებული ფორმულირება იდეისა, რომელიც სისრულეში მოიყვანა ქრისტემ. არ არსებობს ამაზე უფრო ზუსტი და ძლიერი იდეა, რომელიც ასე ორგანულად მოერგება ბუნების დიდებულებით დამცირებულ ადამიანს. პროექტი ქრისტე – იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პროექტი კაცობრიობის ისტორიაში, რომლის უნებლიე თანამონაწილეობაზე ვეღარასოდეს იტყვის ადამიანი უარს, რადგან ის მუდმივად იგრძნობს ვიღაცის წინაშე თავს დამცირებულად და მას ყოველთვის ენდომება ამ დამცირებით იყოს დიდებული.

მე, როგორც ამ პროექტის რიგით კორდინატორს და თანამონაწილეს, მაქვს პატივი ექსკლუზიურად გიამბოთ “პროექტ ქრისტეს” შესახებ.

იესო რომ გავიცანი, რამდენიმე თანამოაზრე უკვა ჰყავდა შემოკრებილი, თუმცა, ყველას არ ენდობოდა, რადგან ზოგს გონიერება აკლდა, ზოგს გამბედაობა, ზოგიც ზედმეტად თავზეხელაღებული იყო და ზოგიც მიამიტი… როგორც იცით, ცამეტნი ვიყავით, თუმცა ქრისტეს პროექტში მოციქულებზე დიდი წვლილი სხვა თქვენთვის უცნობმა ადამიანებმა შეიტანეს, რომელთა დასახელება, ან გაცნობა არაფრის მომცემია მოცემულ მომენტში. იდეა თავიდანვე იესოს ეკუთნოდა, გეგმებს, ანუ ქრისტიანების ენაზე, რომ ითქვას, ბიბლიურ პასაჟებს ოთხი ადამიანი ვქმნიდით: იესო, მე, თომა და მეოთხე, რომლიც არსად ჩანს, ის უჩინარი მაესეტრო, თავისი საქმის ნამდვილი ჟონგლიორი, ილუზიონისტი, ალქიმიკოსი, გაიძვერების ბელადი გახლდათ…

პროექტი ქრისტე – ეს ერთგვარი უგუმბათო, უსასრულო ტაძარია, რომლის მშენებლობაშიც მონაწილეობს ნებისმიერი მსურველი. კონსტრუქცია დროსა და სივრცის მიღმა, ყოველგვარი ფორმის გარეშე, იმპროვიზირებულად ვითარდება. მხოლოდ გლობალური ჩართულობა განაპირობებს, ნებისმიერი იდეის უწყვეტ დინამიკას, საკმარისია იდეის ზუსტი ფორმულირება და ის ლოკალურ ხასიათს იღებს, ყველაფერი ლოკალური კი ადრე თუ გვიან თავის თავს ამთავრებს, რადგან კონკრეტული ნიშნავს საზღვრულს, შემოსაზღვრულობა კი საკუთარით კვება, მონოპარაზიტიზმია. იესომ მოხაზა კონტურები და ეს უზარმაზარი, დაუსრულებელი ტილო კაცობრიობას მიაბარა გასაფერადებლად. სწორედ ამ უანგარობასა და კონტურების სიბაცეშია ქრისტიანობის დიდებულება. მაცხოვარს თავად, რომ დაესრულებინა საკუთარი ტილო, მას კაცობრიობა ისტორიის მუზეუმში შეინახავდა და ერთეულები შეავლებდნენ თვალს. კონტურები მკვეთრი რომ ყოფილიყო, ეს განსაღვრული ფორმები ადამიანთა მცირე ჯგუფს მოეწონებოდათ მხოლოდ და პროექტი არაგლობალური გახდებოდა, ანუ შემოსაზღვრული, მონოპარაზიტული. იესომ დაუტოვა კაცობრიობას დაუსრულებელი ტილო, რომელსაც ჰქვია “დამცირების დიდებულება” და ის სისხლით, თავმდაბლობით, სიყვარულით ფერადდება დღემდე… ტილოს რომელ ნაწილში რა რაოდენობით სისხლი, თავმდაბლობა და სიყვარული უნდა იხმარონ ადამიანებმა, ამაზე ძალიან ცოტა, შეფარვით ისაუბრა მაცხოვარმა, რადგან პროექტი ლოკალური, ფორმულირებული არ გამოსულიყო. რაც უფრო ბუნდოვანია იდეა, მით უფრო მეტია მიმდევარი, ეს მრავალგზის გამოცდილი ხერხი, პოლიტიკოსებმა ყველაზე კარგად აითვისეს ქრისტეს შემდეგ.

ყველაფერი ნგრევით იწყება და მაცხოვარმაც პირველი რაც მოიმოქმედა _ დაანგრია. იმდროინდელი ეკლესია – ეს იყო ერთგვარი მუქ ფერებში მდარედ შესრულებული ექსპონატი, რომელსაც ადამიანთა გარკვეული ნაწილი ხარკს სწირავდა, დიდი რუდუნებით აპრიალებდა და ადეზინფექცირებდა. ჩვენ ვიწყებდით უზარმაზარი ტილოს ხატვას, ამიტომ უნდა მოგვესპო ძველი, რადგან ხალხი, რომელსაც ჩვენი კონტურები უნდა გაეფერადებინა, უკვე გაფერადებულის თაყვანისცემით არ მომცდარიყვნენ. ძველი ეკლესიის დანგრევას ჰქონდა, კიდევ ერთი, უზარმაზარი და არსებითი მნიშვნელობა, _ დამცირება მით უფრო დიდი და თვალშისაცემია, რაც მეტად ცნობილი, დიდებული გამცირებს. ეკლესიის მესვეურები კი ყველაზე ცნობილი ხალხი იყო რომელთაც შესწევდათ ძალა სხვა დიდებული ხალხის, ანუ რომაელების ხელით აღესრულებინათ ქრისტეს გვემა, ანუ დამცირება.

მას შემდეგ, რაც გაიძვერების ბელადის, იგივე ალქიმიკოსის ძალისხმევით, ქრისტემ მისტიკა შეიტანა პირველ მიმდევრებში, ვგულისხმობ სასწაულებს, ეკლესიამ ჩვენსკერ დაიწყო ყურება. შევუტიეთ და აგვყვნენ. იესოს ორატორული ნიჭისა და განსწავლულობის ხარჯზე უამრავი მიმდევარი წავართვით ეკლესიას, რამაც მათი განრისხება გამოიწვია. ყოველი დაკარგული მრევლი დაკარგულ ლუკმას უდრიდა. დღესაც ასეა, ეკლესია იყო, არის და იქნება ლუკმების ყულაბა, რომლის გასაღებსაც გრძელკაბიანი კაცები სათუთად ინახავენ კაბის ქვეშ.

ეკლესიისთვის ლუკმების წამრთმეველი ქრისტე, შარლატანებს საკუთარ ბუნაგში მიეჭრა, უტიფრად გამოლანძღა, ამხილა სიცრუესა და უვიცობაში, ახალი სწავლებები ჩამოურიგა, ნგრევით დაემუქრა და სანაცვლოდ მათგან გოლგოთას ვიზა წამოიღო.

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ქრისტეს მოძღვრებით დატესტილმა პირველმა ჯგუფებმა იდეალური შედეგი აჩვენეს, ბაცი კონტურების იდეა შესანიშნავად მუშაობდა, პირველ გამფერადებლებს სხვებიც ჰბაძავდნენ, ზოგი მასწავლებლის და ზოგიც თავისი ხედვით აფერადებდა ქრისტეს მიერ მონიშნულ ბაც კონტურებს, ქრისტიანების ენაზე რომ ვთქვა, ახალ აღთქმას, ანუ მაცხოვრის იგავურ შეგონებებს. ქრისტე იწამა ხალხმა და ყველამ ისე გაიგო, როგორც შეეძლო, დღემდე ასეა ქრისტეს იდეა ქრისტიანთა მხოლოდ 2-3%-ს ესმის სათანადოდ, დანარჩენები სხვათა მიერ დადგენილ იმ ფორმებში ეძებენ ჭეშმარიტებას, რომელიც აწყობთ, ან მათ გონებრივ განვითარებას ესადაგება.

ვიზა მხოლოდ საწყისი ნაწილია მგზავრობისთვის, რომელსაც კიდევ უმრავი სხვა რამ სჭირდება. გოლგოთა – ეს გახლდათ იმ დროის ყველაზე ურთულესი და უშორესი გზა. ამ გზაზე აქამდე ადამიანები ჯვარცმისთვის მიჰყავდათ, რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდებოდა. ჩვენთვის სიკვდილი მიზანი არ ყოფილა, ჩვენს განზრახვას აღდგომა ერქვა. ჩვენ გვჭირდებოდა ჯვრიდან ჩამოხსნილი ცოცხალი ქრისტე, სხვა შემთხვევაში “დამცირება” “დიდებულებას” ვერ შეიძენდა და ჯვარცმულებზე უფრო მეტად დამცირებულები ისედაც ახსოვდა კაცობრიობას.

რა განაპირობებდა ჯვარცმულის სიკვდილს? ჯვარცმამდელი წამება, დამღლელი გზა, გიგანტური ლურსმნების რაოდენობა, გაუწყლოება, ჯვარზე ყოფნის ხანგრძლივობა, წვივების გადამტვრევა, არტერიების დაწყვეტა…

ჩვენ ოცდაათ ვერცხლზე ბევრად მეტი დავხარჯეთ ეს ყველაფერი ცოტა სხვაგვარად რომ მომხდარიყო…

მოციქულებს შორის, ერთ-ერთი რომაელი გახლდათ, მხოლოდ რომაელებს ჰქონდათ მახავილის ტარების უფლება იმხანად და მხოლოდ ასეთი მახვილიანი კაცები ურიგდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა საჩოთირო საქმეებში. ჩვენმა რომაელმა ყველა, ვინც კი შეიძლებოდა მოსყიდულიყო, დიდძალი ვერცხლით აავსო.

ყველაფერი გათვლილი, გაწერილი, გაანგარიშებული გვქონდა. მე დავაყენე მაცხოვრის კვალზე ქრისტეს მიერ ლუკმაწართმეული შარლატანების მიერ დაგეშილი რომაელები და უკან გავყევი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. მცირედი შეხლა-შემოხლის შემდეგ იესო წაიყვანეს. მე და დანარჩენი მოციქულები გავიფანტეთ და ჩვენ, ჩვენი საქმეების კეთებას შევუდექით.

მიუხედავად იმისა, რომ დამსჯელთა ჯგუფში ორი რომაელი ჩვენ მიერ იყო მოსყიდული, მაცხოვარს მაინც სასტიკად აწამებდნენ, რადგან ჯალათები მორიგეობდნენ და ყველას მოსყიდვა ვერ შევძელით. ჯვარცმის პროცესს შეძლებისდაგვარად ვანელებდით გარედან. მაცხოვარიც კეისართან დიალოგებით აჭიანურებდა მსჯავრზე გასვლას. წესისამებრ ჯვარცმა სამ დღე-ღამეს გრძელდებოდა, თუ ქრისტეს პარასკევამდე აცვავდნენ ჯვარზე, მას ორი სამი დღე მოუწევდა ჯვარზე ყოფნა, რაც ძალიან სარისკო იყო, ხოლო თუ პარასკევ საღამომდე გავაჭიანურებდით პროცესს, მხოლოდ ერთი დღე მოუწევდა მას ჯვარზე ყოფნა. წესის თანხმად შაბათ დღეს ჯვარზე სიკვდილმისჯილის დატოვება არ შეიძლებოდა.

ხალხმა ბარაბა დაიწუნა და იესო აირჩია ჯვრისთვის, მეც ბარაბას ,,მხარეს ვიყავი” კაცობრიობისთვის გარდამტეხ წუთებში. ადამიანმებმა წარმატებით ჩააბარეს ტესტი – დამცირება, ეს, ჰომოსაპიენსის ბუნებრივი, გენეტიკური სწრაფვაა, რომელიც სამართალზე მეტად ძლიერია, ის ზოგჯერ გააზრებულია, ზოგჯერ ინსტიქტური, მაგრამ მუდმივი, ის ზოგჯერ სხვისკენ არის მიმართული, ზოგჯერ საკუთარი თავისკენ, მაგრამ გარდაუვალი.

ჩვენმა მოსყიდულმა რომაელმა მუჭით, რაღაც აჭამა დასახიჩრებულ მაცხოვარს, დღემდე ამ დეტალს არავინ აქცევს ყურადღებას, ამ ფაქტს დამცირების რიგით წვრილმანად თვლიან. ეს იყო კოკაინიანი ულუფა, რომელიც ყაყაჩოს ყვავილისგან მზადდებოდა და რომელსაც რომაელები გაუტკივარებისთვის იყენებდნენ ბრძოლებში. ასე, დამცირებაში შეფუთული შვება ვაჭამეთ მაცხოვარს რომაელის ხელით. დამცირებაშივე შევფუთეთ ძმრიანი წყალი, რაც გაუწყლოების პირველი წამალია. ჩვენს მიერ მოსყიდულმა რომაელმა კვირინელს აჰკიდა მაცხოვრის სათრევი ჯვარი, რითაც იესომ სასიცოცხლო ენერგიები დაზოგა. ჩვენმა ალქიმიკოსმა მაცხოვრისთვის განკუთვნილი ლურსმნები ყაყაჩოს, ანუ ოპიუმის ნაყენით დაასველა, წამალი სისხლში მოხვდა და გაუტკივარება გაახანგრძლივა. ზედმეტი ლურსმანიც გაიძვერების უშტაბაშმა მოიპარა, რადგან ის საფრთხეს უქმნიდა სიკვდილმისჯილის სიცოცხლეს. ჩვენ მიერ მოსყიდულმა ჯალათმა მაცხოვარს არც წვივები დაუმტვრია და არც არტერია დაუზიანა, მან ფერდში მახვილის შესობით გადაამოწმა, საქმე დამთავრებული იყო, თუ არა. მას შემდეგ რაც ფერდიდან სისხლმა გამოჟონა მეც და დანარჩენებმაც შვებით ამოვისუნთქეთ, რადგან მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმს შეუძლია გამოყოს ასეთი ჯანსაღი სისხლი. ქრისტემ სისხლის მიმოქცევის ფუნქცია გულიდან ღვიძლზე გადაიტანა, რითაც გული გათიშა და ფიზიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირა. ეს ძველი ტიბეტური მეთოდია და ნირვანაში ხანგრძლივი გასვლების დროს გამოიყენება.

ძალიან ძვირად ვიყიდეთ ჯვარცმული მაცხოვარი, თუმცა განსასვენებლის საკითხები ვეღარ მოგვარდა ბოლომდე, ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. აკლდამასთან დაცვა დააყენეს.

მოდარაჯე რომაელებმა, ფულის აღება ვერ გაბედეს. იძულებული გავხდით, სხვა ხერხისთვის მიგვემართა. ადამიანის ნებისმიერი ინტერესი, მცდელობა, მიზანი, ქმედაბა, გამომდინარეობს ორი ძირითადი იმპულსიდან: ერთს ჰქვია შიმშილი, მეორეს სექსი… როცა ჯარისკაცი ჭამაზე უარს ამბობს, ესე იგი, მას კარგად აჭმევენ, მაგრამ არ არსებობს კაცი, რომლისათვისაც სექსი საკმარისია, მითუფრო ჯარისკაცისთვის. სანამ დარაჯები ჯგუფურად აუპატიურებდნენ მაგდალინელს, რაც საკმაოდ მტკივნეული და არასასიამოვნო უნდა ყოფილიყო; მანამდე ალქიმიკოსს ქრისტე ფორმაში მოჰყავდა…

ქრისტე აღდგა.

ეჭვისთვალით მომზირალ მოციქულებს თომამ დაასწრო და ქრისტეს სხეულის ის ნაწილი გადაამოწმა, რომელიც არასოდეს ყოფილა დაზიანებული.

მე და იესომ სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად, მერე კი ჩვენი გზები გაიყო, სხვადასხვა მხარეს წავედით ქრისტიანობის გასავრცელებლად. დიდი ხნის შემდეგ, მხოლოდ ოთხი დღით შევხვდი მას ეგვიპტის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ის მგზავრობით ქანცგაწყვეტილ აქლემებს ასვენებდა…

ათწლეულები ვქადაგებდი ქრისტიანობას წარმართულ ქალაქებში… ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს…

ღრმად მოხუცებული იესო, სიციცხლის ბოლო დღემდე ავრცელებდა ქრისტიანობას… სხვებიც ქადაგებდნენ…

ჩვვენ მთელს მსოფლიოზე გავშალეთ ჩვენი სიკეთისა და სიყვარულის კონტურებიანი ტილო, რომელსაც ყველა ისე აფერადებს, როგორც შეუძლია, როგორც აწყობს, როგორც ასწავლიან.

ყველა ჩვენთაგანი ერთ ისტორიას ვყვებოდით, “დამცირების დიდებულების” მისტიკურ ამბავს. ამ ისტორიაში მე დამცირება მხვდა წილად, იესოს – დიდებულება, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენი იდეა დღემდე მუშაობს, ამ იდეის წყალობით სამყარო ბევრად უკეთესია, ვიდრე ის იქნებოდა, რომ არა ქრისტე, როგორც გლობალური პროექტი.



„ებგური“, March 12, 2020

ბმული:
* http://ebguri.com/ხვიჩა-ყალაბეგაშვილი/

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6836
Registration date : 09.11.08

ხვიჩა ყალაბეგაშვილი Empty
PostSubject: Re: ხვიჩა ყალაბეგაშვილი   ხვიჩა ყალაბეგაშვილი EmptyMon Jun 28, 2021 10:35 am

ხვიჩა ყალაბეგაშვილი Khvich12

ხვიჩა ყალაბეგაშვილი

ბოჰემური მისტერია
რომანი.
2009 წელი


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ხვიჩა ყალაბეგაშვილი Empty
PostSubject: Re: ხვიჩა ყალაბეგაშვილი   ხვიჩა ყალაბეგაშვილი Empty

Back to top Go down
 
ხვიჩა ყალაბეგაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: