ჰაფეეზი
ყაზალები
* * *
ღვინო დამისხი - მერიქიფევ! - სიცოცხლის შვება...
ჩემს ლაღ სიყვარულს დღეს მსახვრალი ეწვია ნება.
თუ ცისკრის ნიავს ჩემთან სატრფოს სურნელი მოაქვს,
ალბათ, ეს არის გულში სისხლად მჩქეფარე ვნება.
სატრფოსთან ყოფნით ვეღარ ვხარობ... ზანზალაკების
ჟღარუნი მამცნობს, განშორების ჟამი რომ დგება.
„ლოცვის ნოხს ღვინო აპკუროსო გზად მიმავალმა” -
ბრძანა მოძღვარმა, ვისი სიტყვაც სარწმუნო ხდება.
ბობოქარ ზღვაში ბნელმა ღამემ რაც ჩვენ დაგვმართა,
ამას ნაპირზე მშვიდად მყოფი ვერასდროს ხვდება.
დიდთა პატივთა ძიებამ რომ სირცხვილს შემყარა,
როგორ დავმალო?! ამას ყველა მეჭორე ყვება.
ჰ ა ფ ე ზ, სატრფოსთან ყოფნა თუ გსურს, ეახელ მას და
გადაივიწყე წუთისოფლის დარდი და სნება.
* * *
ჩემი საშველი საით დარჩა და
მე უსაშველოდ სადა ვარ ნეტავ?!
რომელი გზიდან საით მოველ და
მავალი რომელ გზადა ვარ ნეტავ?!
დავთმე დერვიშის ძონძი სამოსი
და ლოცვა დღისა და საღამოსი,
მაგრამ ვერც სარდაფს, ვერც ღვინოს ვხედავ...
თავად მეც აღარსადა ვარ ნეტავ?!
განა მოკვდავი მისთვის იშობა,
სასჯელად ექცეს ღვთისმოშიშობა?!
ქადაგს ვუსმინო თუ რუბაბის ხმას?!
სიტყვად შემქმნეს თუ ხმადა ვარ ნეტავ?!
ის, რაც ანათებს მეგობრის სახეს,
მტრებმა ვერსად და ვერასდროს ნახეს...
ვით ჩამქრალ სანთელს, სიბნელე მელის
თუ მზის ძიებით ცად ავალ ნეტავ?!
ჩემი ყოველი ზნე და იერი
შენ დაიმონე, ვით მიწიერი...
საით წავიდე?! _ ის მაინც ბრძანე,
აქ თავად ვარ თუ სხვადა ვარ ნეტავ?!
ღაწვთა ტრფობაში გადაკარგულო,
ფრთხილად! _ შენს გზა-კვალს არ უერთგულო...
საით მიდიხარ?! სად ჩქარობ, გულო?!
აღსასრულისთვის მზადა ვარ ნეტავ?!
წავიდა სატრფო და იქცა ხსოვნად,
ამ წუთისოფლის ლამაზ სახსოვრად,
რომელ ზღვარს გასცდა ის ლამაზმანი?!
მე იმ ზღვარს სადმე გადავალ ნეტავ?!
ძილს და სიმშვიდეს მიიჩნევს არად,
ვინც ქვეყნად ცხოვრობს ჰ ა ფ ე ზ ი ს დარად....
რომელ ძილსა და სიმშვიდეს ითხოვთ?! -
ცოცხალი რომ ვარ, რადა ვარ ნეტავ?!
* * *
ჩემს გულს ტრფობა თუ ეწვია
შირაზელი თურქი ქალის,
ბუხარა და სამარყანდი
იყოს ძღვენი მისი ხალის.
მასვით ღვინო, აქ ვილხინო...
სამოთხეში ვერ ვიხილო
მე მუსალის ბაღნარი და
რუქნაბადში ჩქეფა წყალის.
ლამაზმანთა სიკეკლუცემ
გულს წარსტაცა თმენა უცებ,
და ვარ მსგავსი ამ ქალაქის,
ნაძარცვის და ნათურქალის.
ჩემი ტრფობის სივაგლახემ
რით შეამკოს სატრფოს სახე?!
რა ფერი და რა ხაზია
ღირსი მისი წამწამ-თვალის?!
ახლა ვხვდები, იოსების
სილამაზემ რად ჩამოხსნა
ზოლეიხას უბიწობას
ფარდა ქალის ცოდვა-ბრალის.
რაგინდ რისხვით გამაოცო,
მინდა შენი რისხვაც ვლოცო...
მწარე სიტყვაც ტკბილად მესმის,
თუ მას ამბობს ბაგე ლალის.
სათქმელს გეტყვი, სულო ჩემო! -
შენც გაუგე რჩევას გემო:
ის ყრმა ხარობს, ვისაც სჯერა
მოხუცების სიბრძნის ძალის.
ღვინის ბანგით, ჩანგის ჰანგით
ფლანგე ეს დრო გასაფლანგი,
ჭკუით ვერვინ ჰპოვოს აზრი
ამ ცხოვრების გზის და კვალის.
ყაზალს ამბობ ტკბილი ენით...
ზეცა გამკობს ვარსკვლავთცვენით...
ჰ ა ფ ე ზ, კვლავაც თქვი ამბავი
წუთისოფლის ცოდვა-ბრალის.
სპარსულიდან თარგმნა ალექსანდრე ელერდეშვილმა.
*
http://hafez-georgian.blogspot.com/p/blog-page_92.html
