არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 თამარ ერისთავი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:24 am

თამარ ერისთავი  Tamar_12
Tamar Eristavi

როცა ფიქრივით...

როცა ფიქრივით ხმაურობს ქარი
და როცა წვიმა ფილაქანს ალტობს,
დაიძვრის ქუჩა ნაბიჯით ჩქარით,
ქუჩა სახლებში შეხიზვნას ნატრობს.
შევა, შეჰყვება გუნება მძიმე
და მღელვარება ნაბიჯის ჩქარის,
სახლებს გარედან ეხლება წვიმა,
სახლებს გარედან აწყდება ქარი.
შიგ დგას სიჩუმე თეთრი ეშვებით
და შავი ლანდი უძრავი ბარგის,
ქუჩა ფანჯრიდან გადაეშვება
და ფეხშიშველა წვიმაში გარბის.
როცა ფიქრივით ხმაურობს ქარი
და როცა წვიმა ფილაქანს ალტობს,
ქარს მისდევს ქუჩა ნაბიჯით ჩქარით,
დაეხეტება წვიმაში მარტო.



თამარ ერისთავი

(დ. 30 აპრილი, 1932, თბილისი - გ. 8 იანვარი, 2014, თბილისი)
პოეტი და მთარგმნელი

თამარ ლევანის ასულმა ერისთავმა 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1960–1973 წლებში მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე. 1974–1993 წლებში ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას. მონაწილეობდა მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის რედკოლეგიისა და შექსპირის სრული ქართული გამოცემის რედკოლეგიის მუშაობაში.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1954 წელს. პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია: „იარე მზეზე“ (1965), „იალკიალი“ (1981), „ვარსკვლავიანი ცის ქვეშ“ (1986).

თარგმნა და შეადგინა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია (1979), თარგმნა აგრეთვე რობერტ ბერნსის ლექსები (1959), „ლირიკა“ (1964), ჯ. ბაირონის, ჟაკ პრევერის, მ. ლერმონტოვის, ნიკოლაი ტიხონოვისა და სხვათა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.

გარდაიცვალა 2014 წლის 8 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

წიგნები:
* რაც იყო-იყო, რაც არის-არის : [ლექსები] / თამარ ერისთავი ; [რედ.: დავით კახაბერი, ზურაბ თორია ; დიზ. სალომე პაიჭაძე]. - თბ. : ეროვნული მწერლობა, 2009. - 436 გვ. ; 21 სმ.. - ISBN 978-9941-0-2009-4
* ვარსკვლავიანი ცის ქვეშ : [ლექსები] / თამარ ერისთავი ; რედ. ნ. ახალკაცი ; მხატვ. მ. ჭუმბურიძე. - თბ. : მერანი, 1986. - 80 გვ. ; 17 სმ.. - 3000ც.
* იალკიალი : [ლექსები] / თამარ ერისთავი ; რედ. ტ. მებურიშვილი ; მხატვ. გ. ლომიძე. - თბ. : მერანი, 1981. - 16 გვ. ; 16 სმ.. - 2000ც.
* იარე მზეზე : [ლექსები] / თამარ ერისთავი ; [რედ. კონსტანტინე ლორთქიფანიძე ; მხატვ. შ. მაყაშვილი]. - თბ. : მერანი, 1968. - 64 გვ. ; 17 სმ.. - 2000ც.
* ლექსები / თამარ ერისთავი ; რედ. ნ. იაშვილი ; მხატვ. დ. დუნდუა. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საბჭოთა საქართველო, 1984. - 168 გვ. ; 17 სმ.. - 3000ც.
*

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007390
* https://ka.wikipedia.org/wiki/თამარ_ერისთავი
* https://poetry.ge/pages/tamar-eristavi/poems
* http://gf.ghn.ge/author.php?name=ერისთავი%20თამარ

@


"ხაზის რადიო" 26.04.17 პოეტი და მთარგმნელი თამარ ერისთავი - 85
•Apr 26, 2017

Georgian Public Radio

სატელეფონო ჩართები: გივი შაჰნაზარი, ვახტანგ ტუსკია, სოფიო ჯაფარიძე.
წამყვანი: ივანე ჯაფარიძე


* https://youtu.be/YEQWfzVG9r4


study


Last edited by Admin on Thu May 13, 2021 2:23 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:39 am

თამარ ერისთავი

დადევნება იყო გვიანი

ბედნიერებას იმ დღეს ეცვა
უბრალო კაბა,
მხრებში მოხრილი მიდიოდა
პატარა შუკით,

თვალებში ედგა უჩვეულო
სინათლის შუქი, –
რაღაცა ძნელი სიხარული
მიჰქონდა, ალბათ.

ჩავუარე და არ შევჩერდი,
არ გავყევ უკან,
მხოლოდ ღიმილი შევაგებე
თავაზიანი,

მოვიხედე და...
დადევნება იყო გვიანი, –
უკვე გაევლო გასავლელი
პატარა შუკა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:40 am

თამარ ერისთავი

იწვის და ანთია

წარმართის ბეჭედი
მე დასტურ არ მაზის,
თუმც დამდევს ზმანება
იმ ძველი არმაზის,

სადაც ქვესკნელიდან
ხმა ისმის ზემოთ:
– ზევახ,
სიცოცხლეო ჩემო!

და მოდის ეს ვნება
გულებში თარეშით,
როგორც მყვირალობა
ირმების არვეში;

ბნელ საუკუნეთა
ღამე რომ ათია,
იწვის და ანთია,
იწვის და ანთია,

ამ თვალთა მიმტაცი,
ამ გულთა მიმტაცი,
მშვენება კარპაკის
და სერაფიტასი,

რომლებმაც ოდესღაც,
ერთ ღამეს მთვარიანს,
იმღერეს ტრფობის და
სიცოცხლის არია,

და თუმცა წავიდნენ,
მაინც აქ არიან,
შემორჩნენ ჟამთასვლას
მზიანს და ქარიანს;

და ღვთიურ განგებით
ანთია ლანდები,
ლანდები შორები
და განუშორები;

და ალბათ ეოლის
გრძნეული ქნარია,
რომ ეხმატკბილება
იმ უკვდავ არიას;

ეს გრძნობის სიმძაფრე
და სინარნარეა,
და ქარმაც ამიტომ
სხვაში არ გარია.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:41 am

თამარ ერისთავი  Tamar_14

თამარ ერისთავი

ო, დაიბრუნე შენი იერი

ჩემი სახლის წინ რად არ ჰყვავის
შენი ყვავილი.
ბალახად იქეც,
გლერტასავით მინდორს ედები,
ამ დილით ბედმა თავს დამჩხავლა
თეთრი ყვავივით
და ჩემს ერდოზე დააფეთა
შავი მტრედები.
სარეველებმა რად მოთესეს
ჩემი ედემი,
შენ კი წახველ და
გლერტასავით მინდორს ედები,
ჩემი სახლის წინ
რად არ ჰყვავის
შენი ყვავილი...
და ჩემს ერდოზე
რად არ ფრენენ
თეთრი მტრედები.

ო, დაიბრუნე
უწინდელი შენი იერი,
მინდვრის ბალახად ნუ გარდახვალ,
შენ გევედრები.

study


Last edited by Admin on Thu May 13, 2021 2:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:42 am

თამარ ერისთავი

ამაღლება

დროდადრო, წყლის დონის კლებისას, ჯვარი პატიოსანი ისევ ჩნდება სამზეოზე, კლდის საძირკველზე მყარად მდგარი და ქვისპერანგშემოტმასნილი. მაშინ სასწაულით იმედმოცემული მრევლი სალოცავად მიაშურებს მას.

ქვის პერანგმოსილო,
უფლისმადლმოსილო
ჯვარპატიოსანო,
შენ, ქრისტეს სახლო და
მართალთა სავანევ,
სულეთის მგოსანო!
შენ აღჩნდი ხელახლა
მტკიცე და ურღვევი,
მძლეველი მორევთა,
ხარ შენი ნათელით
წაღმა გამნათვლელი
კაცთა, ძალმომრეთა.
მყარია ეგ შენი
ქვითკირის დუღაბი,
ვით ფუძე ქართველთა,
ეგ მტკიცედ დგომა და
ეგ ტანჯვა შეგშვენის,
დიდ ძალას ამხელ და
მაგ შენი სხეულით
ფრთებშემომსხვრეული
იმედი გამთელდა.
თუმც გაფაციცებით
სხვისკენ ვიმზირებით,
გაივსო ქვეყანა
ცბიერი გზირებით,
შენებრ შევეზრდებით
სამშობლოს მიწას და
სამყაროს მორევში
არ ჩავიძირებით.

study


Last edited by Admin on Thu May 13, 2021 12:30 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:43 am

თამარ ერისთავი  Photo0n

თამარ ერისთავი

მე მახსოვს ერთი საღამოს ...

ქმე მახსოვს ერთი საღამოს ფერი,
მე მახსოვს ერთი წყნარი საღამო,
ყველაფრისფერი, არაფრისფერი,
ოცნებასავით დაუსაბამო.
ვიდექი მარტო, ვიდექი გარეთ,
არ ჩანდა ცა და ცის დასავალი,
არ იყო დღე და არ იყო ღამე,
არც წარსული და არც მომავალი.
იყო მიწა და იყო სიცოცხლე
და იდუმალი, მყუდრო საღამო,
ყველაფრისფერი, არაფრისფერი,
ოცნებასავით დაუსაბამო...
და მინავლული ნათელი მზისა
შემორჩენილი მთებსა და ხრამებს,
გრძნეული ძალით მაძლევდა ნიშანს,
რომ კიდევ ძლიერ შორს იყო ღამე.

study


Last edited by Admin on Thu May 13, 2021 12:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:49 am

რობერტ ბერნსი

შოტლანდიელი პოეტი და ფოლკლორისტი
Robert Burns (1759 - 1796)

***

ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,
არ დავუთმობ არავის,
რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,
არც დავადგამ არავის.
ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,
არ ვუმადლი არავის,
არა მაქვს რა გასაცემი,
არც სესხსა ვთხოვ არავის.
მე არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის,
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
ქედს არ ვუხრი არავის.
გავიხარებ, გავლაღდები,
არ ვიდარდებ არავის,
თუ არავის ვენაღვლები,
არც მე ვნაღვლობ არავის.


ინგლისურიდან თარგმნა თამარ ერისთავმა


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:49 am

რობერტ ბერნსი

შოტლანდიელი პოეტი და ფოლკლორისტი
Robert Burns (1759 - 1796)

ქერის მარცვალი ჯონი

სამ ზვიად მეფეს დიდებულს,
განთქმულს ძალით და ღონით,
უბრძანებია _ მოკვდესო
ქერის მარცვალი ჯონი.
მიწა გადახნეს, დამარხეს
მძიმე ბელტების წონით,
დამარხეს და თქვეს _ მოკვდაო
ქერის მარცვალი ჯონი.
მაგრამ მოვიდა აპრილი,
მოჰყვა შხაპუნა წვიმა,
ჯონი ამოძვრა მიწიდან,
სიცოცხლეს გაუღიმა.
ზაფხულის მზეში მომძლავრდა
და გაიმაგრა ძალი,
შეიარაღდა შუბებით,
მტერს დაუყენა თვალი.
ზაფხული მიიწურა და
დღე გაუთენდა შავი,
სახსრებში იგრძნო ტკივილი,
დაბლა დაჰკიდა თავი
ხანში შევიდა, დასუსტდა,
სულ მთლად ეცვალა ფერი,
ახლა კი მის მტრებს დაუდგათ
ჯავრის ამოყრის ჯერი.
მუხლმოცელილი ძირს დასცეს,
მტრებმა იხმარეს ძალა,
მერე დააკრეს ფორანზე
და, როგორც მაწანწალა,
ის გაბაწრული წაიღეს,
მაგრად დაბეგვეს კეტით,
ქარში იმდენ ხანს ახტუნეს,
სანამ დაესხა რეტი.
წყლით დიდი ორმო აავსეს,
ღრმა წყალს არ ჰქონდა ფონი,
და შიგ ჩაუშვეს, ჩაძირეს
ქერის მარცვალი ჯონი.
კვლავ დაანარცხეს მიწაზე
და, ვაი მისი ბრალი,
იმდენი გვემეს, გაუქრეს
სიცოცხლის ნიშანწყალი.
ცეცხლი შეუნთეს, დახუთეს, _
მოკვდესო მოსაკვდაცი;
მეწისქვილემ კი ქვებს შუა
მთლად დაუჩეჩქვა თავი.
გულიდან სისხლი დასწურეს,
სისხლიც დალიეს ხარბად,
შურისძიების წყურვილის
მოკვლა უნდოდათ, ალბათ.
მაგრამ მაშინვე გაუქრათ
ზრახვა და გრძნობა მტრული,
წყრომის წილ გულდ დაეუფლათ
მხიარულება სრული.
ჯონის სისხლს ცხოველმყოფლობა
არ დაუკარგავს დღესაც,
მხნეობას ნერგავს, დარდს აქრობს,
გულში სიხარულს თესავს.
მაშ, ხსოვნა იყოს მარადის
კეთილად მოსაგონის,
ცოცხლობდეს მრავალჟამიერ
შთამომავლობა ჯონის!


ინგლისურიდან თარგმნა თამარ ერისთავმა


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:51 am

ჟაკ პრევერი

ფრანგი პოეტი,
Jacques Prevert (1900 _ 1977)

ჩიტის დახატვა თუ გინდა

ჯერ უნდა დახატო ტილოზე
გალია გაღებულ კარებით
და მერე, რაიმე ლამაზი,
რაიმე სრულიად უბრალო,
რაიმე ისეთი, ძალიან საჭირო
რომ იყოს ჩიტისთვის.
და მერე წაიღო ნახატი
ან ბაღში, ან სადმე ჭალაკში,
ან ტყეში და ხეზე დაკიდო.
შენ თვითონ ხეს ამოეფარო
გაყუჩდე და სული განაბო.
იქნება მაშინვე მოფრინდეს,
ან იქნებ ბევრი დროც გამოხდეს,
ვიდრემდე მოფრენას იფიქრებს,
შენ გულს ნუ გაიტეხ, ელოდე!
ელოდე, მოლოდინს წლებიც რომ დასჭირდეს,
ვერც ადრე მოფრენა, ვერც დაგვიანება
სურათის ღირსებას ვერ შეცვლის, იცოდე.
და როცა მოფრინდეს, თუ მართლა მოფრინდა,
იცოდე, იყუჩე და შეინარჩუნე უღრმესი სიჩუმე.
იდექ და ელოდე, ვიდრე გალიაში
თვით შეფრინდებოდეს. და როცა შევიდეს,
გალიის კარები ჯერ ფუნჯით დახურე
და მერე გალია ერთბაშად წაშალე.
ოღონდაც უფრთხილდი _
ჩიტს, შენთან მოფრენილს,
ფრთის ერთი ბუმბულიც არ დაუზიანდეს.
მერე ხე დახატე და ტოტი ერთ-ერთი,
ყველაზე ლამაზი ჩიტს გამოურჩიე.
ზედ კიდევ დახატე ფოთლების სიმწვანე,
ნიავის სიგრილე, მზის სხივთა ფანტელი,
ზაფხულის ცხელ მზეში მწერების ფარფატი
და კორიანტელი. და ისევ ელოდე,
მორჩილად ელოდე, ვიდრე იმღერებდეს....
ჩიტი თუ არ მღერის, იმის ნიშანია,
რომ შენი სურათი ცუდია ძალიან.
ჩიტი თუ ამღერდა, კარგი ნიშანია,
იმის ნიშანია, რომ ერთი ბუმბული
მოსწყვიტო ჩიტის ფრთას და შენი სახელი
სურათს მიაწერო კუთხეში ჩიტის ფრთით.


თარგმნა თამარ ერისთავმა


study[/quote]
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 11:55 am

თამარ ერისთავი  Tamar_13

თამარ ერისთავი – „ყველაფერი, რისთვისაც ვცოცხლობ“ (მარო მაყაშვილი)

მარო მაყაშვილი - მარო მაყაშვილი (1901-1921)

იყო დრო, როცა მთელი საქართველო მღეროდა - „კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის". ეს სიმღერა ამოუხსნელ სიამაყეს უღვიძებდა ქართველ კაცს. ამ სიმღერას დღესაც მღერიან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის 60-იან წლებში სტუდენტმა გოგონამ, თამარ ერისთავმა თარგმნა შოტლანდიური პოეზიიდან. დამწყებ პოეტსა და მთარგმნელს შოტლანდიელი პოეტები ქართველებთან ბედის მსგავსების გამო შეუყვარდა, - ეს ქვეყანაც ისეთივე დაპყრობილი და გაუტეხელი იყო, როგორიც საქართველო. მაშინ, 60-იან წლებში, როცა ნათარგმნი თამარ ერისთავის ლექტორმა, თავად მთარგმნელმა გივი გაჩეჩილაძემ ნახა, გაოგნებულმა და კიდევ უფრო გახარებულმა უთხრა, - მე ვმუშაობდი რობერტ ბერნსის თარგმანზე, მაგრამ ახლა ამ საქმეს თავს ვანებებ და შენ გადმოგცემო...

ლექტორს კარგი ინტუიცია აღმოაჩნდა, - თამარ ერისთავმა შემდგომში ბევრი გაახარა თარგმნებითა და ლექსებით, რომელსაც თავის მყუდრო ბინაში წერს და რომელშიც თავისი ქვეყნის დარდს აქსოვს...

მარადიული ღირებულებების გადაფასების დროში თამარ ერისთავის პოეზია მარადიული ღირებულებების მსახურად დარჩა.

თამარ ერისთავი: - მე ვერ შევეგუები ამ გადაფასებებს. ჩემთვის ეროვნული ღირებულებები ის ყველაფერია, რითაც და რისთვისაც ვცოცხლობ მას შემდეგ, რაც ჩემმა ბებია-ბაბუამ ხელი მომკიდა და ქართულ ანბანთან დამაყენა. ისინი სამშობლოთი და პოეზიით იყვნენ „შეპყრობილები". დედის მხრიდან ჩემი დიდი ბებია ეკატერინე გაბაშვილი გახლდათ, ბაბუა კი კოტე მაყაშვილი. მამის მხრიდან პოეტები არ მყოლია ნათესაობაში, მაგრამ ბაბუაც და ბებიაც ქართული სიტყვის მსახურები იყვნენ. და თუკი მაინც პოეზიის გვერდით უნდა იყო, განა სულერთი არ არის, პოეზია ისე გიყვარს, მის გარეშე სიცოცხლეს ვერ ახერხებ თუ ლექსებს წერ და ასე ცოცხლობ პოეზიით?

როცა წერა-კითხვის სწავლას ვიწყებდით, მე და ჩემი ძმა მამის მშობლებთან - ალექსანდრე ერისთავსა და როსკან ნიჟარაძესთან ვცხოვრობდით.

მამა 1937 წელს დამიხვრიტეს და ისინი გვზრდიდნენ. რას არ აკეთებდნენ, რომ ქართული ანბანი მაშინ შეგვეყვარებინა, როცა წერა-კითხვას ვიწყებდით. ბაბუამ იწვალა და ხისგან ულამაზესი ქართული ასოები გამოჭრა - აბა, როგორია? უნდა გადაგველაგ-გადმოგველაგებინა და ასე შეგვედგინა სიტყვები. ჩვენს დაწერილ ყველა სიტყვაზე ეს ნატანჯი კაცი სიხარულს ვერ ფარავდა. ნელ-ნელა რუსულ ენასაც გვასწავლიდა და თარგმანსაც მაჩვევდა... ბებიამ კი, როსკან ნიჟარაძემ, რომელიც ქართული პოეზიის გარეშე ვერ სუნთქავდა, წერა-კითხვა და ქართული ლექსები ისეთი ხერხით მასწავლა. შეუძლებელი იყო, არ შემყვარებოდა: თეთრი აბრეშუმის სუფრები ჰქონდა, ბოლოში არშიებიანი, აიღებდა ნემსს და ფერად ძაფს და ამ არშიებზე ქართულ ლექსებს აქარგავდა. მე თან სუფრის გარშემო უნდა მევლო, თან, ეს ლამაზი ნაქარგი მეთვალიერებინა და მეკითხა. დღემდე მახსოვს არშიებში ჩაქარგული „გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი" ან „ვფიცავ სამშობლოს, ჩემსა დაცემულს, ბედისგან დასჯილს, განაწამებსა, ჩაბალახახდილს, ჯაჭვებით შეკრულს და წითლად ნაღებს მისსა მიწებსა"...

ასე ვსწავლობდი წერა-კითხვასაც, ლექსებსაც და სამშობლოს სიყვარულსაც, ხოლო იმას, რასაც ბავშვობაში ისწავლი, ვერაფერი ამორეცხავს მეხსიერებიდან. გარშემო ვინც მყავდა, ყველა იმ დარდით იყო მოცული, რაც იმ დროს ჩვენს ქვეყანას სჭირდა... საირმის წყალი ბაბუაჩემის მიგნებულია, მას ეკუთვნოდა ის მამულები. მერე, ბაღდათიდან საირმემდე რომ რკინიგზა გაეყვანა, ქუთაისში სახლ-კარი გაყიდა, უნდოდა, ამ წყლებით ქვეყანას შემოსავალი ჰქონოდა, მაგრამ არ გამოუვიდა - მიწები მენშევიკებმა ჩამოართვეს. მერე, მენშევიკები რომ მიდიოდნენ ემიგრაციაში, მაინც გააცილა. თურმე საშინლად ციოდა. ბაბუაჩემს კრაველის ქურქი ეცვა და კრაველისვე ბობოხი ეხურა. ნოე რამიშვილს უთქვამს, თუ არ წამოხვალ, ბოლშევიკები მოგკლავენ და მაგ ქუდსა და ნაბადს წაგართმევენო. ბაბუას უთქვამს, ტყე და მიწები თქვენ წამართვით და ესეც იმათი ფეშქაში იყოსო. არსად წასულა. სამშობლოში დარჩა. ბებიაჩემს ეუბნებოდა თურმე, სად წავსულიყავი, ეს მიწა როგორ დამეტოვებინაო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთადერთი ვაჟი ამ მიწას შემოსეულმა ბოლშევიკებმა შეიწირეს, ისე როგორც ჩემი დეიდა, მარო მაყაშვილი...

- 1921 წელს თქვენი ბიძა, შალვა მაყაშვილიც იბრძოდა...

- იბრძოდა და მამამისმა, კოტე მაყაშვილმა, როცა 17 წლის შვილი ომში გაამგზავრა, ეს ლექსი დაუწერა:

შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან,

გული სევდით მეკუმშება და თან... და თან მიხარიან!

მართალი ხარ: საქართველო გაჭირვების წუთს განიცდის,

ამგვარ წუთში წმინდა გრძნობა, წრფელი გრძნობა აღარ იცდის.

რომ გაფუჭდე უსარგებლოდ?! არ მიჯერებ, თქმას არ მაცდი, -

ჯერ ბავშვი ხარ, უსუსური და სულით კი დავაჟკაცდი!

წადი, შვილო, შეასრულე, რაც გიბრძანა შენმა გულმა,

თავდადებულ გმირთ წინაპართ გიწინამძღვროს დიდმა სულმა.

საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,

ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.

შალვას დეიდაჩემი, მარო მაყაშვილი მიჰყვა ფრონტზე და შეეწირა კიდეც კოჯორთან. ასე ზრდიდნენ მაშინ მშობლები შვილებს - სამშობლოს სიყვარულით... მარო მხოლოდ 19 წლის იყო, რომ დაიღუპა.

როცა ივანე ჯავახიშვილს სხვა გზა აღარ ჰქონდა, მთელი ახალგაზრდობა იმხანად საქართველოზე შემოსეულ ათასი ჯურის მტერს იყო უკვე შეწირული, - გამოვიდა და სტუდენტებს მიმართა, - ახლა სწავლის დრო არ არის, სწავლა მოიცდის, სამშობლოს სჭირდება დაცვაო. დეიდაჩემმა თურმე სხვას დაათმობინა სიაში ადგილი, - შენ მერე ჩაეწერე, გინდა თუ არა, ახლა მე უნდა წავიდეო... ასე იყო აღზრდილი და იმიტომ... 19 წლის გოგონა დღიურში წერდა, ახლა რა დროს პირად გრძნობებზე ლაპარაკია, სამშობლო იღუპებაო. მის დაკრძალვაზე ბიძაჩემი შალვა ფრონტიდან პოლკოვნიკმა კოტე ჯანდიერმა მოიყვანა და გზაში მკაცრად გააფრთხილა, - აღარ გაბედო ნაწილში დაბრუნება, კმარა შენი ოჯახისთვის მსხვერპლიო. მივიდა, ქაშუეთში დასვენებული და დაიტირა და მერე გორში დაეწია მშიერ, ტიტველ და გაყინულ ქართულ არმიას, რომელიც ბათუმის გასათავისუფლებლად მიდიოდა.

დეიდაჩემის დაკრძალვა ეროვნულ გლოვად იქცა. ქაშუეთის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღასრულა პანაშვიდი. მერე იქვე, სამხედრო ტაძრის გალავანთან, იუნკრებთან ერთად დაკრძალეს. დრომ მისი საფლავი იუნკრების საფლავებთან ერთად გააქრო. ხშირად ასეც ხდება. თუმცა ერის ცნობიერება ამგვარ მოვლენებს ინახავს, რომ გაჭირვებისას მტკიცედ დადგეს. დედაჩემის ოჯახისთვის კი ეს სიკვდილი ტრაგედიაც იყო და ამქვეყნად მოვლინების გამართლებაც, - ბებიაჩემი მთელი სიცოცხლე ერიდებოდა თურმე ამ ადგილებთან გავლას... მამიდაჩემი, ნათელა ერისთავიც იყო კოჯრის ფრონტზე მოწყალების დად. როცა წლები გავიდა, მეორე მამიდამ, მზიამ მიამბო, როგორ გააღვიძა ერთ დღეს წყლის ხმამ და ეგონა, წვიმსო... თურმე ნათელა მამიდა ტიროდა კოჯორში დამარცხებას, - ახლა საბოლოოდ დავიღუპეთო...

- ასეთი ხალხი რომ არ ყოფილიყო, არც საქართველო იქნებოდა. ვერც მათი შთამომავალი შეძლებდა ეროვნული ღირებულებების დაცვას...

- ჩემმა წინაპრებმა, მათ, ვინც ცოცხალი დარჩნენ, ეროვნული ღირებულებების დაცვა, ალბათ, იმითაც მოახერხეს, რომ ისეთ სამშობლოში დარჩენა ირჩიეს, სადაც ეროვნულ ღირებულებებს საგანგებოდ სპობდნენ, - ადამიანურსაც... ვაკეთებდით იმას, რაც შეგვეძლო, რაც ყოველმა ქართველმა უნდა გააკეთოს. უნივერსიტეტში ვმუშაობდი, როცა შემომთავაზეს, ინგლისში გაგგზავნით და ინგლისური ენის ცოდნა გაიღრმავეთო. მახსოვს, ძალიან გამიხარდა, - საბჭოთა წლებში ეს სასწაულს უდრიდა. გავიხედოთ და ერთხელაც იმავე უნივერსიტეტში უცნობი ახალგაზრდა მომიახლოვდა და მითხრა, - ამა და ამ დაწესებულებაში მობრძანდითო. რაღა თქმა უნდა, მაშინდელ უშიშროების სამსახურში. როცა მივედი, მითხრეს, - შენ ახლა ინგლისში საბჭოთა ქვეყნის შესახებ დაგელაპარაკებიან და რასაც გეტყვიან, ყველაფერი ჩვენ უნდა გვიამბოო... ერთი სიტყვით, ჯაშუშობას მთავაზობდნენ. არ ვიცი, საიდან მოვიფიქრე, რა უნდა მეპასუხა, მაგრამ ვუთხარი, - იცით, სულაც არ მინდა ოჯახთან მოშორება, არ შემიძლია. ამიტომაც მირჩევნია, მოსკოვში გამგზავნოთ-მეთქი. რას ამბობ, სად მოსკოვი და სად ინგლისიო?! დავიჟინე, გინდა თუ არა, მოსკოვში მინდა-მეთქი და... გამიშვეს!.. ეს ამბავი მხოლოდ მამიდას ვუთხარი. მერე ჩემი ძმაც გამოიძახეს უცხოეთში გასამგზავრებლად. მამიდამ გამაფრთხილა, არაფერი უთხრა, ყველას თავისი გზა აქვსო... მეც თავი შევიკავე, დაბრუნდა ჩემი ძმა და... კინაღამ მომკლა, რატომ არაფერი მითხარიო! თურმე მისთვისაც იგივე შეუთავაზებიათ და გაგიჟებულა კაცი. რა თქმა უნდა, ისიც არსად წასულა!.. აი, ასე ვიცხოვრეთ და ვიცხოვრეთ იმიტომ, რომ ქვეყანა შეგვენახა. ეს არ არის გადაჭარბებული ფრაზები. ერს რიგითი ადამიანების სამსახური აცოცხლებს.



- თქვენ ხართ პოეტი და მთარგმნელი. თქვენს ნათარგმნ შოტლანდიურ პოეზიას მთელი საქართველო იცნობს, მღეროდნენ კიდეც...

- ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთს ჰგვანან. ეს ხალხი ინგლისელებმა უფრო უარეს დღეში ჩაყარეს, ვიდრე ჩვენ რუსებმა. ინგლისელებმა შოტლანდიური სოფლები ისე გადაწვეს, რომ კვამლით დაბურულ პორტებს გემები ვეღარ აგნებდნენ. შოტლანდიის ეროვნული ღირსება პოეტმა ჰიუ მაკდაიერმიდმა ააღორძინა. ამ პოეტს დიდ პატივს ვცემ. ძალიან მიყვარს რობერტ ბერნსიც. მისი პოეზია გაჟღენთილია შოტლანდიური ენისა და ეროვნულობის დაკარგვის ტკივილით...

მე მთარგმნელობით კოლეგიაში ვმუშაობდი, სადაც უნიჭიერესი მთარგმნელები იყვნენ და ვთარგმნიდი, ვწერდი კიდეც. გიორგი ლეონიძე ხშირად მეუბნებოდა, - თამარ, ლექსები წერე, თორემ მთარგმნელის სახელი რომ მოგეკერება, ვეღარ მოიცილებო... შესაძლოა, მართლაც ასე გამოვიდა, თუმც გულწრფელად ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთეს ლექსებს ვწერ, ვიდრე იმ დროს ვწერდი. სამწუხაროდ, დღეს პოეტობა დაფასებული საქმე აღარ არის. უფრო სწორად, ხალხს პოეზია ისევ უყვარს, ამ სიყვარულს რა გადააჩვევს, მაგრამ სახელმწიფოს აღარ აინტერესებს. გული მტკივა, როცა ტელევიზიებში მხოლოდ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. განა რამდენი წელიწადი შეიძლება იარსებოს ერმა პოლიტიკით?! პოლიტიკა ერის სულიერ ღირებულებებს ვერ ჩამოაყალიბებს, ამის გარეშე კი ქართველები აღარ ვიქნებით. გარდა ამისა, მწერლობისადმი ასეთი დამოკიდებულებით ისედაც დაცემული წიგნიერების ინტერესი კიდევ უფრო ეცემა, თუმცა ამას, მგონი, მიხვდნენ და ჩვენ გარდა, ყველამ ბრძოლა დაუწყო. რამდენიმე ხნის წინ ხელში ჩამივარდა რეი ბრედბერის „ფარენჰაიტი 493"-ის გამოცემა. იგი შესანიშნავი ფანტასტი მწერალი გახლავთ. წიგნში აღწერილია, როგორ იფერფლება წიგნები, რომელთაც ცეცხლში ყრიან; როგორ დევნიან იმ ადამიანებს, რომელთაც წიგნი უყვართ. განა ეს დევნა არ გვაგონებს ჩვენში წიგნიერ ადამიანებთან დამოკიდებულებას? რატომ არის ასე? - იმიტომ, რომ წიგნიერი ადამიანის დამონება ძნელია...

გული მტკივა ჩემი თაობის მწერლების იგნორირების გამო, მტკივა ახალგაზრდა მწერლების გამოც. საქართველო პოეტების ქვეყანაა და ხალხს საშუალება არ აქვს, პოეტებს იცნობდეს, - წიგნი ძვირი ღირს და ყიდვა ჭირს. ტელევიზიებში პოეზიასა და მწერლობაზე თითქმის აღარ ლაპარაკობენ. ეს კი ახალგაზრდა თაობაზე მოქმედებს... თუმც, თავს იმით ვინუგეშებ, რომ განგებისგან ნაბოძები ნიჭი არავის მისცემს იმის საშუალებას, ჩვენი ღირებულებები განადგურდეს. მე მყავს მოწაფეები ინგლისურ ენაში, უმეტესობა ვაჟებია და როცა თავიანთ ნაწერებს მაკითხებენ, აღტაცებული ვარ, - იქ სამშობლოს სიყვარული აშკარად იკითხება. ასე რომ, თვითგადარჩენის ინსტინქტი ფხიზლად არის და რისი დაცვაც ჩემმა თაობამ ვერ შეძლო, მომავალი თაობა დაიცავს.


22 თებერვალი, 2014. 15:18
"ლიტერატურული პალიტრა" # 9 (48)



study


Last edited by Admin on Thu May 13, 2021 2:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptyThu May 13, 2021 12:24 pm


თამარ ერისთავი - მაიკო ორბელიანის წერილებიდან
•May 13, 2021

მაიკო ორბელიანის წერილებიდან
© თამარ ერისთავი
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2021

***

თამარ ერისთავი

მაიკო ორბელიანის წერილებიდან

ქარიანში აყვავდება ვაშლი,
უმიზეზოდ იტირებენ ტირიფები,
ქარია და წვიმებია ქარში,
და გზებია ქარებივით ირიბები.
და სიონის ზარებია მწვავე,
აივანზე ჩუქურთმები აიქარგნენ,
ნაწვიმარზე ფოთლებია მწვანე...
ნეტავ საით, ნეტავ საით დაიკარგენ.
შენს ყაბახზე ჯირითია ქარის
და ჩრდილები ქორებივით აიშალნენ,
რად დატოვე თბილისი და მტკვარი,
სად წაიღე შენი სულის კაეშანი.
შენს ყაბახზე ჯირითია ქარის
და უბელო სიტყვებია გასახედნი,
რად დატოვე თბილისი და მტკვარი,
ასე ბედის ანაბარა სად წახვედი.
ქარიანში აყვავდება ვაშლი,
უმიზეზოდ იტირებენ ტირიფები,
ქარია და წვიმებია ქარში
და გზებია ქარებივით ირიბები.

***
From letters by Maiko Orbeliani
The verse by Tamar Eristavi (in Georgian)
This clip is made with: Athanasius Kircher (1602-1680) - Tarantella Napoletana, Tono Hypodorico.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2021

ბმული:
* https://youtu.be/vXjg8W6k5SA

თამარ ერისთავი  114

თამარ ერისთავი  810

თამარ ერისთავი  4-0210

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7206
Registration date : 09.11.08

თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  EmptySun Apr 30, 2023 4:40 pm

ივანე ჯაფარიძე

ქართული ჯიშის ბრწყინვალება

დღეს ქართული მწერლობის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის, შესანიშნავი პოეტისა და მთარგმნელის - თამარ ერისთავის დაბადების დღეა. იგი 91 წლისა გახდებოდა. ალბათ ეს თარიღიც ისევე ჩუმად და მოკრძალებულად ჩაივლის, როგორც დიდებული ქალბატონის მთელმა ცხოვრებამ ჩაიარა. მისთვის უცხო იყო ხმაური და ზარ-ზეიმები, იგი იმ ღირსეული ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებოდა, რომლის თუნდაც ერთი წევრის ხსენებაც კი საამაყო და საარაკოა ნებისმიერი ქართველისათვის.
თამარ ერისთავის დიდი ბებია დედის მხრიდან - სახელოვანი ქართველი მწერალი, „მაგდანას ლურჯას“ ავტორი ეკატერინე გაბაშვილი გახლდათ. ბაბუა – ეკტერინეს სიძე, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მწერალთა კავშირის დამაარსებელი და მისი პირველი თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი, დეიდა – 1921 წელს, საქართველოს დასაპყრობად შემოსეული ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ კოჯრის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მოწყალების და -მარო მაყაშვილი, ბიძა კი - ასევე რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ მებრძოლი, ცნობილი მხატვარი შალვა მაყაშვილი.
მამის მხრიდანაც შესანიშნავი წინაპრები ჰყავდა თამარ ერისთავს. ბაბუა ალექსანდრე (საშა) ერისთავი დასავლეთ საქართველოში კარგად ცნობილი მოღვაწე იყო. იგი XVII საუკუნის 30-ან წლებში რაჭიდან იმერეთში გადასახლებულ, ე.წ. „ბარის ერისთავთა“ იმ შტოს ეკუთვნოდა, რომელთა მამული სოფელი სალომინაო (ვანის რაიონი) იყო. სალომინაოელ ერისთავთა მფლობელობაში შედიოდა აჭარა-ახალციხის ქედის გარკვეული ნაწილი თავისი ტყეებითა და იალაღებით, ე.წ. „საერისთაო მთები“. ამ არეალში იყო ის ადგილიც, სადაც დღეს კურორტი საირმეა გაშენებული. საირმის მინერალური წყაროების აღმოჩენა, მათი პირველი მეცნიერული შესწავლა და იქ კურორტის დაარსების იდეა, სწორედ ალექსანდრე ერისთავის სახელთანაა დაკავშირებული. მან საკუთარი ფულით დაიწყო საირმისაკენ მიმავალი ვიწრო გზის გაფართოება და საკურორტო ზონასთან დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანა, მაგრამ ბოლშევიკური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამ, ამ დიდებული განზრახვის სისრულეში მოყვანა შეაწყვეტინა. დღევანდელი კურორტის ტერიტორიაზე, ალექსანდრე ერისთავმა ააშენა პირველი ხის სახლები, სადაც მუშაობის დროს ცხოვრობდა სახლიკაც ერისთავებთან და მუშებთან ერთად. ზაფხულობით, დასასვენებლად საირმეში აჰყავდა ოჯახი და თავისი დის, ლიზას შვილები (მათ შორის პატარა ელენე ახვლედიანი, შემდგომ ცნობილი მხატვარი). იგი, ბავშვებს ახლომახლო მთებში დაატარებდა და აცნობდა სამშობლოს სიდიადეს. ამ მოგზაურობებს, დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია პატარა ელენეზე, რომელიც მოხუცებულობის ჟამს იგონებდა, რომ პირველი დიდი აღტაცება ბუნების იდუმალებასთან უშუალო ზიარებით, მან სწორედ საირმისაკენ მიმავალ ხეობაში და მთის გადმოსახედებიდან სივრცის დანახვისას განიცადა.
ბებია - როსკან ნიჟარაძე, შესანიშნავი მოქართულე, ბიბლიითა და „ვეფხისტყაოსნით“ აღზრდილი, ღრმად ღვთისმოსავი ადამიანი იყო; ახალგაზრდობაში ქართული კაბითა და ჩიხტიკოპით იყო მოსილი, კარგად ცეკვავდა ქართულს. შესანიშნავად კერავდა, ქარგავდა ფერადი ძაფითა და ოქრომკედით. ხალხური მედიცინის ბევრი საიდუმლო იცოდა, ყველას უშურველად უმზადებდა წამალს და მკურნალობდა ავადმყოფებს. ზომიერი სიმკაცრით ზრდიდა შვილებს - ჯანსაღ ცხოვრებას აჩვევდა. სახლში (სოფელსა და ქუთაისში) საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. ბაბუა რუსეთიდან იწერდა ჟურნალებს. ბებიას კი „ივერია“ ჰქონდა გამოწერილი და სოფელში ხმამაღალი კითხვის საღამოებს აწყობდა, „ივერიაში“ დაბეჭდილ ქართულ თუ უცხოურ ნაწარმოებებს მოზარდებს სცენაზე აცოცხლებინებდა, ამ წარმოდგენებს კი ოჯახის წევრების გარდა, მეზობლებიც ესწრებოდნენ.
თამარ ერისთავი ნუნუ მაყაშვილისა და ლევან ერისთავის უფროსი შვილი გახლდათ. მამა, უნიჭიერესი ჰიდრომშენებელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლეგენდარულ ვლადიმერ ჯიქიასთან რიონჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. მეტად ორიგინალური საკუთარი პროექტით მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურის ამგები, 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს აბსურდული ბრალდებით, თითქოს თავისი აშენებული ელექტროსადგურის აფეთქება ჰქონდა განზრახული.
თამარი მაშინ 5 წლისა იყო.
უმამოდ დარჩენილ ძმისწულებზე ზრუნვა თავს იდო მამიდამ - მზია ერისთავმა, რომელსაც ამ გარემოებამ ბევრი პირადი ინტერესი დაათმობინა, მაგრამ მწუხარებისა თუ გაჭირვებისგან დაბეჩავება მზია ერისთავს არ სჩვეოდა. „კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“ ან „ჭირსა შიგან გამაგრება“, მისთვის არა მხოლოდ აფორიზმები, მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი იყო, რასაც საკუთარ ძმისშვილებსაც უნერგავდა.
დიდგვაროვანთა ღირსეულ ჩამომავალ თამარ ერისთავს, უსაგნო განდიდების სურვილი არასდროს ჰქონია, მისი წინაპრების მსგავსად, თავი, საქართველოს რიგით ჯარისკაცად წარმოედგინა მხოლოდ და დასძენდა: „გვარები და გვარიშვილები წავლენ და მოვლენ, ხოლო საქართველო დარჩება. ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის შესანახია იმის მიხედვით, ვის რა შეგვიძლია. ასე იყო მუდამ და ასე იქნება მომავალში. ამას მასწავლიდა ჩემი მამა-პაპა და მეც ამას ვასწავლი ჩემს შეგირდებს. ვინც კი ამქვეყნად გამაჩნდა და გამაჩნია, ყველა სამშობლოს გადარჩენის მცდელობაში იყო. დეიდა და მამიდა – მარო მაყაშვილი და ნათელა ერისთავი მოწყალების დები იყვნენ კოჯრის ფრონტზე. მარო მაყაშვილი იქ დაიღუპა, ოცდარვა წლის მამაჩემი, ლევან ერისთავი კი 1937-ში დაიჭირეს და დახვრიტეს. მე და ჩემი უმცროსი ძმა ვანში, ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდით, დედა და უფროსი ძმა – თბილისში იყვნენ. ასე გავნაწილდით, მაგრამ არავის დაუწუწუნია, ასეთ ქვეყანაში რატომ დავრჩითო – გულმა არ დაანებათ ამ ქვეყნიდან წასვლა – სამშობლო მაშინაც სამშობლოა, როცა დაპყრობილი, დაჩაგრულია, შენ კი ღატაკი და უძლური. ან გალაღებული როდის ვიყავით? ჩვენ ხომ ღმერთმა მარადიულად გადასარჩენი ქვეყანა გვარგუნა! ქართველობას დღესაც საფრთხე ემუქრება. ყველა თითქოს ჩვენს ჩანთქმას ცდილობს. ბევრი რამ უნდა მოვიგერიოთ, მათ შორის – უწიგნურობა. წიგნი და წიგნიერება მომავალ თაობას უნდა შევუნახოთ და ამით წარსულიც შეინახება“. იყო დრო, როცა მთელმა საქართველომ აიტაცა ამ სტრიქონებზე შექმნილი სიმღერა - „კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის, არც არავის ვემონები, არც ვბატონობ არავის“. ეს სიმღერა ამოუხსნელ სიამაყეს უღვიძებდა ქართველ კაცს. მას დღესაც მღერიან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს ლექსი არა ქართველს, არამედ შოტლანდიელ პოეტს - რობერტ ბერნსს ეკუთვნის, რომელმაც თამარ ერისთავის უბადლო თარგმანით ქართული სული და ჟღერადობა შეიძინა. თამარ ერისთავს უყვარს ჩვენსავით დაპყრობილი და გაუტეხელი ქვეყნის შვილები, შოტლანდიელები. ამიტომაც მიაგო პატივი ამ ქვეყნის პოეტებს, ქართულად თარგმნა და გამოსცა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია. ასეთ მძიმე საქმეს, ხშირად ინსტიტუტებიც კი ვერ უმკლავდებიან, მან კი მარტომ აზიდა ეს უმძიმესი ტვირთი.
მნიშვნელოვანი შემოქმედებითი წარმატებების მოპოვებამდე, თამარ ერისთავის ბავშვობა მძიმედ, უმამოდ და დიდი სულიერი მღელვარებით მიმდინარეობდა, არც წინაპართა ხსოვნა ასვენებდა, მაგრამ მათი სახელების ხსენება აკრძალული იყო. სწორედ ამ დროს ითავა მასზე მზრუნველობა მამიდამ – მზია ერისთავმა, რომელსაც 1941 წლიდან მოყოლებული, ქართველი ახალგაზრდების მრავალი თაობა „დეიდა მზიას“ ეძახდა.
მზია ერისთავისთვის არა მხოლოდ ძმისშვილების – თამრიკოს (როგორც ვეძახდით ახლობლები), გიორგის (გოგიტას) და ელიზბარის აღზრდა გახდა ცხოვრების მიზანი, არამედ ქართველ ახალგაზრდობაზე ზრუნვა იქცა მისი არსებობის დედააზრად. ეს კი ასე დაიწყო: 1940 წელს ქართველ მოსწავლეებს მთავრობისაგან საჩუქრად გადაეცა კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი სასახლე და განათლების სამინისტრომ სკოლისგარეშე დაწესებულების - „პიონერთა სასახლის“ გახსნა გადაწყვიტა. მზია ერისთავმა, თბილისის პიონერთა სასახლეს, ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის დაარსების იდეა შესთავაზა. სასახლეში აზრი მოიწონეს, განათლების სამინისტროშიც მხურვალედ მიემხრნენ და იდეის ავტორს კაბინეტისთვის სასწავლო გეგმის შემუშავება სთხოვეს. გამოცდილება თუ ცენზი მზია ერისთავს ოფიციალურად აძლევდა უფლებას ტურიზმის განვითარების მისეული ხედვა წარმოედგინა, ხოლო რას ითვალისწინებდა საბავშვო ტურიზმი, ეს მან საკუთარ პროექტში დაასაბუთა. დებულებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში უკვე არსებობდა ახალგაზრდების ფეხით მოგზაურობის ტრადიცია; ეს კი ქმნიდა ბრწყინვალე საფუძველს, რომ მზია ერისთავს დაესაბუთებინა ამ საქმის მოზარდ თაობაში დანერგვის აუცილებლობა. ეს იქნებოდა, ერთი მხრივ, სპორტი - მოზარდთა ფიზიკური წვრთნისა და გაჯანსაღების ერთ-ერთი საშუალება, მეორე მხრივ, მიზანდასახული მხარეთმცოდნეობითი მუშაობა და ბუნების მოვლენების აღქმისა და შესწავლის ერთგვარი სკოლა.
მან მთელი გატაცებით, ოცნებისა და რეალობის ზღვარზე მყოფი გეგმებითა და ჩანაფიქრებით დაიწყო აღმზრდელობითი საქმიანობა. პირველად აქ დაირწა ქართული საბავშვო ტურიზმის აკვანი, რომლის ფუძემდებელი მზია ერისთავი ისე დარჩათ მეხსიერებაში მაშინდელ ნორჩ ტურისტებს, მათ შორის თამარსა და მის ძმებს, როგორც კეთილ ზღაპარში უფლის მიერ მოვლენილი ფერია. მზია ერისთავმა სასახლეში სამუშაოდ მიიწვია გამოჩენილი ალპინისტი ალექსანდრა ჯაფარიძე; მრავალმხრივი ინტერესების ლიტერატორი ფაცია პაიჭაძე; საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მეცნიერ-მუშაკი დენიზა გოზალიშვილი; მოგვიანებით, კაბინეტის ერთ-ერთი წამყვანი ძალა, საბოლოოდ კი კაბინეტის გამგე, გეოგრაფი მარინე უთმელიძე. კაბინეტში სხვადასხვა დროს მოწვევით მუშაობდნენ მხატვრები - ელენე ახვლედიანი, შალვა მაყაშვილი, ნინო ბრაილაშვილი, ნუცა თოფურიძე, ვერა ბელეცკაია და სხვ. ახალგახსნილ კაბინეტს თავს დასტრიალებდნენ ქართული მთამსვლელობის კორიფე ალიოშა ჯაფარიძე, ცნობილი გეოგრაფი და ალპინისტი დავით წერეთელი. მზია ერისთავის საქმიანობას ყურადღებას არ აკლებდნენ ცნობილი მეცნიერები: გიორგი ჩიტაია, ნიკო კეცხოველი, შალვა ამირანაშვილი, ვახტანგ ბერიძე და სხვანი. ამ გამორჩეულ მოღვაწეებთან ურთიერთობისას ყალიბდებოდა თამარ ერისთავისა და მისი ძმების მსოფლმხედველობა, სამშობლოს მთა-ბარში ფეხით მოგზაურობამ კი მის პოეტურ ნიჭს მძლავრად გააშლევინა ფრთები და სამშობლოს ბუნების ფერადოვნება შესძინა ლექსებს, რომლებიც შემდგომ ცალკე წიგნებად თუ კრებულებად აიკინძა.
ქალთა მე-6 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, თამარ ერისთავმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისურ განყოფილებაზე განაგრძო, რომლის დამთავრების შემდეგ, 15 წლის განმავლობაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისურს ასწავლიდა, შემდეგ კი უნიჭიერესი მთარგმნელებით დაკომპლექტებულ მთარგმნელობით კოლეგიაში გადავიდა. აქ მუშაობის პერიოდს ყოველთვის კმაყოფილებით იხსენებდა თამარ ერისთავი: „ვთარგმნიდი, ვწერდი კიდეც. გიორგი ლეონიძე ხშირად მეუბნებოდა - თამარ, ლექსები წერე, თორემ მთარგმნელის სახელი რომ მოგეკერება, ვეღარ მოიცილებო... შესაძლოა, მართლაც ასე გამოვიდა, თუმც გულწრფელად ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთეს ლექსებს ვწერ, ვიდრე იმ დროს ვწერდი. სამწუხროდ, დღეს პოეტობა დაუფასებელია, უფრო სწორად, ხალხს პოეზია ისევ უყვარს, ამ სიყვარულს რა გადააჩვევს, მაგრამ სახელმწიფოს აღარ აინტერესებს. გული მტკივა, როცა ტელევიზიებში მხოლოდ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. განა რამდენი წელი შეიძლება იარსებოს ერმა პოლიტიკით?! პოლიტიკა ერის სულიერ ღირებულებებს ვერ ჩამოაყალიბებს, ამის გარეშე კი ქართველები აღარ ვიქნებით. გული მტკივა ჩემი თაობის მწერლების იგნორირების გამო, მტკივა ახალგაზრდა მწერლების გამოც. საქართველო პოეტების ქვეყანაა და ხალხს საშუალება არ აქვს პოეტს იცნობდეს - წიგნი ძვირი ღირს და ყიდვა ჭირს. ტელევიზიებში პოეზიასა და მწერლობაზე თითქმის აღარ საუბრობენ, ეს კი ახალგაზრდა თაობაზე უარყოფითად აისახება... თავს იმით ვინუგეშებ მხოლოდ, რომ განგებისაგან ნაბოძები ნიჭი ჩვენი ღირებულებების განადგურების საშუალებას არავის მისცემს. მე მყავს მოწაფეები ინგლისურ ენაში, უმეტესობა ვაჟები არიან და თავიანთ ნაწერებს რომ მაჩვენებენ, აღტაცებული ვრჩები - იქ სამშობლოს დიდი სიყვარული იკითხება. ასე რომ, თვითგადარჩენის ინსტინქტი ყოველთვის ფხიზლობს და რისი დაცვაც ჩემმა თაობამ ვერ შეძლო, მომავალი თაობა აუცილებლად დაიცავს მას“.
ქალბატონი თამარი იმედით უყურებდა მომავალ თაობას, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მისებრ უმწიკვლო და ღირსეული ხალხი რომ არ არსებულიყო, აღარც საქართველო იქნებოდა და ვერც შთამომავლობა შეძლებდა ეროვნული ფასეულობების დაცვასა და გაფრთხილებას.
თამარ ერისთავის შემოქმედება უდიდესი სიბრძნით, სიწრფელითა და წარუვალი სამყაროული გრძნობებითაა გაჯერებული. ამიტომაცაა, რომ პოეტების ქვეყანაში მის პოეზიას ყოველთვის ჰყავს და ეყოლება თაყვანისმცემელი.
ჩვენ, თამარ ერისთავის ახლობლებს, არა მხოლოდ მისი პოეზია გვეძვირფასება, არამედ გვიყვარდა და გვიყვარს იგი, როგორც მამულიშვილობის, სამშობლოს განუხრელი ჭირისუფლის, უმშვენიერესი, უსათნოესი და უსპეტაკესი ქართველი ქალისა და უგულითადესი მეგობრის სახე, ვისთან სიახლოვე მუდამ გვალაღებდა, გვამაღლებდა, უდიდესი სითბოთი და სიამაყით გვავსებდა. თამარ ერისთავის სახელი, მისი არაჩვეულებრივი შემოქმედება - ლექსები, თარგმანები თუ ლიტერატურული გამოკვლევები სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის ხსოვნასა თუ საქართველოს არც თუ ღარიბ ისტორიაში.
ღმერთმა გაანათლოს ჩვენი შეუცვლელი მეგობრისა და უფროსი დის - თამარ ერისთავის სული!

30 აპრილი, 2023 წელი


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





თამარ ერისთავი  Empty
PostSubject: Re: თამარ ერისთავი    თამარ ერისთავი  Empty

Back to top Go down
 
თამარ ერისთავი
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» დიმიტრი ერისთავი
» თამარ ბურდული
» თამარ მეტრეველი
» თამარ დვალი
» თამარ ლომიძე

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: