Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 10:17 am
Tengo Avsajanishvili
ბრმასაც მოუხოლ თოლშია
ბრმასაც მოუხოლ თოლშია, ღამით რომ გაიმზიანობ, ეს დასაწვავი თოლებიც სულ შენსკენ გამირბიანო. შენგან ეულად დარჩენილს, მზე-მთვარე მამიდიანო, მე კი ეს მნათობ-ვარსკვლავნიც უშენოდ არ მინდიანო.
თენგო ავსაჯანიშვილი პოეტი
მე თ. ავსაჯანიშვილი დავიბადე ყაზბეგის რაიონის სოფ. გორისციხეში 1971 წელს, დავამთავრე სოფ სიონის საშუალო სკოლა და შემდეგ თბილისის სულხან საბას უნივერსიტეტი. ლექსებს ვწერ ბავშვობიდან, ვარ 5 პოეტური კრებულის ავტორი. ამჟამად ვცხოვრობ მშობლიურ სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
წიგნები: * აქ და იქ : ლექსები / [რედ.: ნონა სუჯაშვილი]. - ყაზბეგი : 2016. - 328გვ. * მე+შენ, ანუ ცრემლიანი დრო : ლექსები / [რედ.: კობა არაბული]. - თბ. : ლეთა, 2003. - 160გვ. * მელოდეთ : ლექსები / თენგო ავსაჯანიშვილი. - თბილისი : საქართველო, 1998. - 80 გვ. * სიკვდილს რომ შევეუღლები : ლექსები / თენგო ავსაჯანიშვილი ; [რედ. ამირან არაბული ; მხატვ. გიორგი ავსაჯანიშვილი]. - [თბ.] : ლეთა, 2000. - 88გვ. * აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა (ლექსები), თბ. : "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2005 - ISBN 99940-0-590-1 * იქ, მიღმა... (ლექსები), თბ. : ლომისი, 1998. * საიდან მოველ, ვინა ვარ (ლექსები), თბ. : მერანი, 1985. * წყალი საკალმახე (ლექსები), საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1978.
Last edited by Admin on Sun Apr 18, 2021 7:21 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 10:21 am
თენგო ავსაჯანიშვილი
ბებერი არწივის ბალადა
დაბერდა მთების არწივი , ას წელს არს მინატანები, რო ბოინობდა, მის აჩრდილს გულზე იხატდნენ ჭალები, ზეციდან როგორც მზის სხივნი, ყველგან უწვდოდნენ თვალები, იყო ლაღი და ამაყი, უჭრიდნენ ნისკარტ - ბრჭყალები, თავისი ნანადირევის სად არ ეფანტა ძვალები, არწივის ნასუფრალითა მუდამ ძღებოდნენ სვავები, მას ეპყრა დაბლა ხევები, მაღალი ზეცის კარები, მგელნიც ისევე უფრთხოდნენ, როგორც შუნნი და კრავები. ახლა დაბერდა, დაზანტდა, მხრებით ამ ზეცის მტარები, ბრჭყალნიც დაუცვდა და ფრთებშიც დაუცხრა ნიავქარები, სამი დღეა ფრენს მშიერი, ლუკმასაც არ გამკარები, მსხვერპლს ვეღარ იჭერს ხნიერი, აღარ აქვს ძველი ძალები, ნადირობს, ხევებს შამაფრენს ამ ყოფით განაწამები, ძირს, ხევში რაღაც დალანდა საკბილოს მინამგვანები, ჩაფრინდა ყინჩად მიმსვლელი, არა ჩუმ--ჩუმად მპარები, იქ დახვდა ლეში ჯიხვისა, საშინლად ანამყრალები, მეტად აწუხებს შიმშილი, ლეშისკენ იწევს ბრჭყალები, „შეჭამე!" -- კუჭი აცდუნებს, წამებით გადის წამები, ან უნდა მოკვდეს შიმშილით, ან ძმად იგუოს ყვავები. და უცებ თოფმა იქუხა, ბინდით დაუვსო თვალები, ამაიყივლა არწივმა: -- „მსროლელო გენაცვალები, მაინც არ მაკადრებინე ვაჟკაცთა არსაკადრები, არწივის ყოფით ვიცხოვრე ღმერთსაც არწივად ვბარდები!" და მოკვდა ბერი არწივი, საკუთარ სისხლში ნაღები, ზედ ესხა, როგორც ხმალ - შუბი, დამცვდარი ნისკარტ-ჭანგები.
წიგნის დასახელება – „აქ და იქ“ (ლექსები) ავტორი - თენგო ავსაჯანიშვილი რედაქტორი - ნონა სუჯაშვილი მხატვარი - დიმიტრი ავსაჯანიშვილი წინათქმა - ამირან არაბული ყდა – რბილი გამოცემის წელი – 2016 გვერდების რაოდენობა – 328
ანოტაცია - წიგნი გამოიცა ყაზბეგის ეროვნული პარკის და ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით.
Last edited by Admin on Sat Apr 17, 2021 10:49 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 10:23 am
თენგო ავსაჯანიშვილი
მოხევის სიმღერა
„როცა შენს დალალებს ქარი შლის, მოჰგავხარ ნესტანს და თამარქალს, დედაშენს მოვტაცებ ქალიშვილს, თუნდ მერე ყაჩაღი დამარქვან.“ მთიულნი,თუშნი,ფშავ-ხევსურნი, გიწერენ დათაფლულ ბარათებს, სხვებმა თუ დამასწრეს მოხევეს, მაშინ კი ცოცხალი დამმარხეთ. ვაჟკაცებს,დაღარულთ ნახმლევით, ცაში მყოფთ მიწაზე დავაფრენ, დათმობას არა ვარ ნაჩვევი, სიკვდილსაც არ ვუთმობ არაფერს. ძვირფასო,ჩემთვის ხარ შექმნილი, ხელთ როგორ ჩაგაგდო სხვისასა, წაგიყვან ჯვრის უღელტეხილი მადლს გამოგვაყოლებს ჯვრისასა. თერგი მყავს ფეხმარდი მერანი ლაღად რომ მიარღვევს ქარაფებს, ათასიც მაწვიონ მდევარი შენს თავს მე ვერავინ წამართმევს. ძვირფასო,ყაზბეგზე უკეთესს, მერწმუნე ვერ ნახავ სანახავს, მთები ცის ლურჯ სუფრებს გაგვიშლის, ქოწილსაც ყაზბეგში გავმართავთ. ქარი რომ დალალებს გაგიშლის, მოჰგავხარ ნესტანს და თამარქალს, ყაზბეგში წაგიყვან ქალიშვილს, მერე თუნდ ყაჩაღი დამარქვან.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 10:25 am
თენგო ავსაჯანიშვილი
საქართველოს
ეგ ღმერთმა ნუ ქნას კვლავ თუ მოვცდები, საქმით ოცნებებს თუ ვერ გავწვდები, დღეს თუ ვერ გარგებ, როცა მოვკვდები, ერთ მუჭა მიწად შეგემატები! ავაჰმე! ნუთუ ისე წავხდები, რომ შვილი მშობელს ვერას გიშველი? შენი მგოსანი თუ ვერ გავხდები, შენს წმინდა მიწად მაინც ვიქცევი. დღეს სად მთავრდები?! ან სად იწყები?! სულ მედარდები, სულ მეფიქრები, მე რომ მოვკვდები და დავმიწდები, შენც ერთი მუჭით მეტი იქნები.
Last edited by Admin on Sat Apr 17, 2021 10:54 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 10:26 am
თენგო ავსაჯანიშვილი
ლექსები
* * * ჩემი თვალები - მშიერი ქორი, კვლავ შენს თავზემოთ შეკრავს ირაოს, დაფრთხება შენი თვალები - გნოლი და წამწამების ბუჩქში ფრთხიალობს.
* * * ჩამოუჯდება პეპელა ყვავილს, ყვეყნად სიცოცხლეს მეტად ამკობენ, რას ბაასობენ დინჯნი და წყნარნი? - ამ ცა-მიწისას ლაპარაკობენ.
* * * გათენდა შუბლზე მკოცნის დილის მზე, ერთი სიცოცხლე მიცანს უკმარი, ჩემში უთქმელი ლექსი იღვიძებს, როგორც მთის გულში ლავა ვულკანის.
* * * ისევ თოვს,ღმერთივით თეთრი სამყაროა, თოვლმა მთლად დაფარა დარიალ-გერგეტი. მარტო ვარ ისევე, არავინ არ მოვა, ამ თოვლში არავინ არ მოვა შენს მეტი.. ო, ასეთ თოვაში რა სამწუხაროა, მარტო ვარ, თუ შენაც ამაოდ მოგელი. შენი ხმაც მწყურვალი ამ სულის წყაროა, ეგ მზერაც ტანჯული ჟრუანტლის მომგვრელი. ისევ თოვს, ღმერთივით თეთრი სამყაროა, მთლად გადაქათქათდა ყურო და გერგეტი, მარტო ვარ ისევე, არავინ არ მოვა, ფიფქებად არავინ არ მოვა შენს მეტი...
* * * მე ვარ ღრუბელი,გაჟღენთილი ციურ ცვარ-ლექსით, ცაზე სიკვდილის მახვილივით ელვა ციმციმებს, ლექსის ღრუბელი ამა ქვეყნის სიმწუხარეში ლამაზ სიცოცხლედ,ლამაზ ლექსად გადავიწვიმებ. ჩემი სხეული გაეხვევა სუდარ-ღამეში მთაში ქალივით ჩემი მზრდელი ქარი იწივლებს, მე ჩავიღვრები შეყვარებულ ქალის თვალებში და სამუდამოდ სიყვარულის ცრემლად ვიბრწყინებ....
* * * არა გსურს, რომ ღვინოდ გეღვარო ბაგეზე, ან ე მაგ უმანკო ტუჩებით დამატკბო, რისთვისღა მაქეზებ, თერგივით ავღელდე და ვჭრიდე შენს გულში საკუთრ კალაპოტს. გრძნობები ხომ უკვე ლოცვებზე გავცვალე, რაც უფრო ახლო ვარ, მით უფრო გძულდები, მაგ თვალთა ჩინიდან ხომ უკვე წამშალე, ცრემლების კირით და წამწამთა ფუნჯებით. ზეცაზე ღრუბლები აწეწილ ლოგინს ჰგავს, მთვარე კი მაცდური გზად ღიმილს დამაწევს. ვისაც წვავს გრძნობები, უტკბესი ცოდვისგან ლოცვით და ვედრებით თავს ვერვინ დააღწევს. აშლილი ღრუბლები აწეწილ ლოგინს ჰგავს, შენს ვნებებს ეხსნება წმინდანთა ბორკილი, აშარი ქარი რომ თავისკენ მოგზიდავს და გულში გიხუტებს ხის მწვანე ტოტივით. წაწალ–მოფერებლად ირჩიე ქარები, შენ ჩემი ალერსი არასდროს გნდომია, გეენა გგონია ეს ჩემი თვალები და ჩემი მკლავები გველები გგონია. თუ არ გსურს, რომ ღვინოდ გეღვარო ბაგეზე, ანდა მაგ უმანკო ტუჩებით დამატკბო, რისთვისღა მაქეზებ, თერგივით ავღელდე და ვჭრიდე შენს გულში საკუთარ კალაპოტს!
* * * ჩემი თერგივით ღელვით ვიწყები, ჩემი თერგივით ცრემლით ვმთავრდები, შენ კი არასდროს არ მავიყწდები, შენ კი არასდროს არ გედარდები. ბეღურასავით ხელში გიკვდები და სიყვარულით ცამდე ვმაღლდები, ამ სიყვარულზე კვლავ მოგიყვები, როცა მეორედ დავიბადები. როცა ზეციდან კვლავ გესტუმრები, ცისფრად მოსილი, თოვლის ვარდებით... მაშინ ნამდვილად მოგეწონები, მაშინ ნამდვილად შეგიყვარდები.
*** ცის ბებერი ცრემლი დაგეღვრება თოვლად... როცა არ მომელი, სწორედ მაშინ მოვალ. ჩემს მოძღვართან დიდი აღსარება მელის, მიცნობს, რომ ვარ გიჟი და სიკვდილის მკვლელი... დაადნება შანდლებს ლოცვით კელაპტრები, ისევ დავიდარდებ და მომენატრები... იმ დღით სიკვდილს ვმტერობ (მაშინაც გიჟს ვგავდი), ასე უსაშველოდ როცა შემიყვარდი, მაშინაც გულს ჩემსას შენს გულს ვარითმებდი... კვლავ ვიქნები შენთან როცა არ ვიქნები. ,,შეშლილი ხმით’’ მიცნობ და ,,შეშლილი ფერით’’, იცნობ იმ ჩემს სტრიქონთ სამკაულით ცრემლის. ცის ბებერი ცრემლი დაგეღვრება თოვლად, როცა არ მომელი, შენთან მაშინ მოვალ. სავსე მაგ თვალ _ ქვევრთა ცრემლით დავითვრები... და ვიქნები შენთან, როცა არ ვიქნები.
* * * სათქმელი სიტყვა უფალმა მანდო, მინდოდა მეთქვა სიტყვაზეც მეტი, ჩემი სიცოცხლით რასაც ვერ ვამბობ, აი იმას ჩემი სიკვდილით გეტყვი. სული უფალთან დაფრენს ჩიტივით, სხეულს მიწიერს მიწა ღებულობს, ჩემს სამარესთან მეტყვის სიკვდილი: შენ გაიმარჯვე,დამარცხებულო! ეს ყველაფერი ქართული მიყვარს, სულსაც ქართული სიტყვა მოსავდა, რომ დამმარხავენ მშობლიურ მიწას ტანზე მოვირგებ ქართულ ჩოხადა.
* * * მიჰყევხარ შენი სისხლის მდინარეს შენივ ძვლებისგან შეკრული ტივით, აღმა და დაღმა გახეტიალებს სისხლის მდინარე თავაწყვეტილი.. გულს კალმახივით გააქვს ფართხალი, ქვეყნის გნიასი ვის არ დააფრთხობს, მზეს ჩაუშლია ყველა ნაწნავი, სისხლის ჩქერალში გულზე კალმახობს. ეგ ძვალთა ტივი სისხლის ღვარს მიჰყავს, სისხლის გაყინვას მტრები ცდილობენ, იცი,-ეგ სისხლი მაინც გაგრიყავს სანაპიროდან სანაპირომდე...
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 10:34 am
თენგო ავსაჯანიშვილი - „ძუ მგლის ბალადა“
თენგო ავსაჯანიშვილი
ძუ მგლის ბალადა
ძუ მგელი თავის ლეკვებთან არწივის მართვეს ზრდისაო. მგელმა თქვა: – "ობოლ მართვესა ძუძუ ვაწოვე მგლისაო, ალალი იყოს მასზედა ნაცვარი ჩემი რძისაო, თუმცა კი ფრინველი არის, სულ არის ჩვენი ზნისაო: ლეკვებმა თუ გააბრაზეს დათმობა არ იცისაო, თოლებს მგელივით აკვესებს, თან ქეჩოს აიშლისაო, ყვავ-ყორნებს დედას უტირებს, სიბასრე მისი ბრჭყლისაო, მისი კაუჭა ნისკარტიც მგელის კბილივით სჭრისაო, ნანადირევს რომ მოვუტან, ლეკვებთან ვუყოფ წილსაო, მათგან არ გამირჩევია, ვზრდი, როგორც თავის შვილსაო, სულ მალე ფრენას ისწავლის, პატრონ გახდება ცისაო, ვიცი, არც გამზრდელს შამარცხვენს, არც ბუდეს მაიშლისაო, თუ შაჰბედავენ ყორნები და იქნეს მფრთხალი მტრისაო, მის ცქერას მიჯობს, მანამდე თოლებს თუ გამამთხრისაო!"
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 10:58 am
თენგო ავსაჯანიშვილი
*** ყოველღამ მსტუმრობს ძილიო -- სიკვდილ-სიცოცხლის შვილიო, ლამაზი სახილველია, სიზმრებით დაფარჩილიო... ხან სიკვდილივით ავია, ხან სიცოცხლესვით ტკბილიო, ორივეს დამგვანებია, ორივესი სძევ წილიო...
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 11:00 am
თენგო ავსაჯანიშვილი
*** ემ სოფლად ჩვენი ცხოვრება, ზღაპარია და მითია, ჰოდა, ეს წუთისოფელიც, საინტერესო მითია. ზოგს უდგას ჭირის ლოგინი, ემ წუთას ზოგი ლხინჩია, ვის ყოფა უჩანს თამაშად, ვისთვის კი - მძიმე ტვირთია. ჩემთვის ეს წუთისოფელი, სევდისფერი და ფინთია, მე ეხლა, როგორც სანთელი - შენი თოლები მინთია!..
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 11:03 am
თენგო ავსაჯანიშვილი
საგალობლები
1 შენ ხარ ვენახი, ღვთისმშობელო, შენ ხარ ვენახი! ვხარობ ნაყოფის შენის გულის- ქვევრში შენახვით, შენ ხარ ვენახი, დედავ ღვთისავ, შენ ხარ ვენახი! ნაყოფი შენი სიცოცხლედ და წამლად გვენახვის, ო, ეს გალობაც ჩემ სულს მკურნავ ღვინოდ შევასვი, შენ ხარ ვენახი,ღვთისმშობელო, შენ ხარ ვენახი!
2 ალილუია, ღმერთო ჩვენო, ალილუია! ეს მოღუღუნე თეთრი მტრედი, ჩემი სულია, ღმერთს მხოლოდ შენ გცნობს, სხვისად თვალი დამილულია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, ალილუია! ჩემ სულში გალობ უფალო და გულში ყვავილობ, ალილუია, ალილუია, ალილო!
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 11:05 am
თენგო ავსაჯანიშვილი
*** მეხის ხმით დაფრთხნენ ღრუბლები, ერთმანერთს ჩემეეცალნენ, სად გადიხაფრნენ ქარები?- ღრუბელ-კრავთ აღარ მწყემსავენ... ეშმაკები და ქაჯები ელვის ხანჯლებსა ლესავენ... შენს მიერ გაჩენილები, ღმერთო, მირეკე შენთანვე!
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 11:07 am
თენგო ავსაჯანიშვილი
*** ჩემი უთქმელი ცრემლები კაბაზე ღილად გებაო, თან ეგრე ლამაზ ბრწყინავდა, ვით ცვარი ყვავილზედაო. მილეულ მთორის სხივები დაგაკვდებიან ზედაო... ცრემლით დათხრილი თოლებით მაინც ლამაზსა გხედაო...
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 11:09 am
თენგო ავსაჯანიშვილი
*** როგორც პეპელას ამშვენებსა ჭრელი კაბაი, მზექალო, ისრი დაგმშვენდების ხევსურულ სამოს... შახედე,შენიც გამამცხორა მთორე- ქადაი, ხატისკარ ვის დამწყალობებ, ვისას ბედს დალოც? გაზაფხულს აქვის ხევსურ ქალის სამოს- მზითევი... და ხევსურული ტალავარით ირთვის და ხარობს, ხევსურეთისკენ გადარბიან ღრუბლის კვიცები, გაოფლილები იქ დალევენ ანკარა წყაროთ. ხევსურ ქალას ჰგავ გაზაფხული ჭრელი კაბაით, შენაც გაზაფხულს დაგამგვანებს ხევსურულ სამოს... გამამცხორია ერბოთ სავსე მთორე-ქადაი, გაჭრის დასტური და შენს იღბალს წყალობით დალოცს...
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 11:11 am
თენგო ავსაჯანიშვილი
*** შენი სხეული მჭვირვალი და ზეცის ფერია, და მთვარის შუქზე წყაროსავით ისიც კამკამებს, სიყვარული რომ ვარსკვლავებით ცას აწერია, მინდა, მეც ასე გახატავდე კოცნის ვარსკვლავებს... აწმყოში უკვე გადიკვეთა ჩვენი ეს გზები, გზაჯვარედინი დაისახა, მართლაც ზღაპრული, მთელი ცხოვრება გზაშესაყარს ჩვენსას ვეძებდი, გზაჯვარედინის ჯვარზე უნდა ვიყო გაკრული, ეს ჩვენი გზები რომ შეერთდა, არ გაიყაროს, ფრინველებივით ჟღურტულებდნენ ტკბილად გულები, ეს სიყვარული უკეთესად უნდა ვისწავლოთ, და კიდევ გზები -- ერთმანეთში დასაბრუნები...
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 11:15 am
თენგო ავსაჯანიშვილი
მე და წვიმა
წვიმა კისკისებს - კრიიი... ვიწყებთ უცნაურ ჩურჩულს... -- წვიმავ, გიყვარვარ? -- კი! -- წვიმავ, რა გქვია? -- ჟუჟუ... მნათობთა სარკე - ცა, მზის სხივზე იწყებს ბზინვას, როგორ მაყვარებს თავს ეს თმაგაშლილი წვიმა... თბილი წვეთები წყლის პირზე ჩამომდის ღვარად, -- ჩემი ალერსი გწყინს? -- წვიმავ, რას ამბობ,არა! ვუკოცნი წვიმას თმას, წყლიან ჟუჟუნა თვალებს, წვიმავ, მითხარი რა!-- რომ არ დამტოვებ მალე! წვიმა ჩაბჟირდა-- წკრიიი... რომ ისმენს ხალხის ბუზღუნს, -- წვიმავ, გიყვარვარ? -- კი! -- წვიმავ, რა გქვია? -- ჟუჟუ...
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თენგო ავსაჯანიშვილი Sat Apr 17, 2021 11:19 am
თენგო ავსაჯანიშვილი
*** აიმ უსაზღვრო ცისა ვარ, ქვეყანას ზედ რო დანათის, აიმ მოხუცი მთისა ვარ, თმა-წვერი რო აქვს ბალახის, იმ ხევის არაგვისა ვარ, გული რო უცემს კალმახის, კიდევ იმ ყვავილისა ვარ, რო თალხავს კაცის სამარხი, აგე იმ ღრუბლებისა ვარ, მთით რო ჩამამყვნენ ქალაქჩი, კიდევ შენიც ვარ, მზექალო, მზედ რო ჩემს ცაზე გამასჩნდი.