
მაგდა კოტრიკაძე
ზამთრის სიძვამოწიფული ქალი სარკის წინ დგას და წვერს იპარსავს, ჩამოუსვა ბასრი სამართებელი, ჩამოთოვა უხეშმა თმამ. ტანზე აცვია ჟანგისფერი ქვედაბოლო, ნაცრისფერი ზედა, ფეხზე სანდლები, თავზე წაუკრია ძველმანის რეზინი, თითებზე უბნევია ფერადი ბეჭდები, თმა ფერფლისფერი, თვალები მელნისფრად უპრიალებს, უსუსური წამწამები შავი საღებავით დაუმუქებია, ხელები შემოდგომის ფოთოლივით უკანკალებს. თითქოს რაღაცას შეუშინებია, უყურებს თავს და ფიქრობს: რამ შემცვალა, რა გადამხდა ნეტავ?
ნახე როგორი თვალები მაქვს, ისე ძალიან დახრილი, რომ გეგონება სამყარო შიგ ჩამივარდა და ხელის ამოსმა ვერ მოვასწარიო. აირია მონასტერი, შემომაღამდა, სულში გვალვაა და უშიშრობა. მას ვისაც ეს ორი გრძნობა აწუხებს მშიერია, ადამიანებში ადამიანური სწყურია, უბრალოდ გიჟია, ეცინება იმაზე რა არაბუნებრივი და ხელოვნურია. ეცინება და არ სცხვენია, გაცინების.
ჩუ, ჩემო გაცინებავ, ჩუ, მაგრამ არაფერი გამოსდის, ისევ იმეორებს ჩუ. . .
პატარა გოგონა სახლიდან გამორბის, მერე მუხლებზე ეცემა და სტკივა, ცუდი გრძნობაა ტკივილი, გაგასილაქებს, მაგრამ გაფხიზლებს, კარგია ტკივილი როდესაც შეგიძლია იტირო და გული მოიოხო.
ფინჯანი ყავა, ოთახში ორნი და გაუგებრობა, ეს არის ჩემი ცხოვრება.
კვამლი და უმადობა. . .
რატომ არ გამოვიძინე თვალები მტკივა, დამიმძიმდა, თითქოს წლების წინ დაგროვილი დაღლიობა ეხლა მომადგა კარზე და მეძახის, მო-ვე-დი!
ალბათ დავბერდი და ეს არის.
ჩემო პატარავ, რატომ დამტოვე, თავნება შვილო, ხომ გეუბნებოდი.. . წარმოთქვა უცებ და სარკეს დააშტერდა, შენი ბრალია ყველაფერი, უტიფრად რომ მომშტერებიხარ. ჰა ჰა ჰა, გაჭრა სიცივე ხმამ, ყველი და პური კეთილი გული, ჰა ჰა ჰა, გაჭორა ღამემ პატარა გული, ყველი და პური. ეხლა გარეთ გავალ, სანოვაგე მაქვს მოსატანი.
გადის დიდ მოედანზე, ჭინკებო, ნემსიყლაპიებო, ცხოველებო, დეგენერატებო, ეცემა ხან ერთს, ხან მეორეს კაბას აუწევს და საჯდომზე უბწკენს, მერე ხალხი დაესევა, კინწისკვრით დაიფერთხავენ საზოგადოებიდან გიჟს, ჭკვიანები. . .
გზად პარატა მაწანწალა შეეგება
- ელა, როგორ ხარ?
- რა, ვიცი აბა, უპასუხა დაღლილმა ქალბატონმა
- სიგარეტი გააქ?
- არა, შენ?
- არა. ეჰ, აბა შენა ხარ რა. . .
ბუნებაში მინდა, მი-ნ-და
შედის ბოტანიკურ ბაღში და აგროვებს ფოთლებს, ბოთლებს და სახეებს. . . რა ლამაზია ბუნება, მე მარტო არ ვარ, ვიღაცას ვჭირდები, აი ამ ქალაქს, პირდაუბანელს, აი ამ დილას უტყვს და ყრუს, ბრმას და დავარდნილს, მუხლგადატყავებულს. . . ლამაზო მანდილოსნებო გაიხადეთ სამოსელი, ის თქვენს ტანს უფრო აშიშვლებს ვიდრე თავად სიშიშვლე. ჩემს ახალგაზრდობაში უფრო კარგი ტანსაცმელი ჰქონდათ, დადიოდნენ დიდი ქუდებით, ვუალებით, ფერუმარილით, მოხდენილი ქვედაბოლო ფარავდა ქალთა წვივებს, მამაკაცებს გაწკეპილი შარვლები და პიჯაკები ეცვათ.
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა
დიდი მინდორი დანამა
დანამა დანამა დანამა. . .
ფოთოლი, რა მშვენიერი რამ არის გამხმარი ფოთოლი, მწვანე კვირტი, გამხმარი ფოთოლი. ..
მასწავლებელ შემოდის საკლასო ოთახში, ესალმება ბავშვებს, უყვება ყველაფრს იმის შესახებ, რაც ისტორიას შეეხება, დაბადებიდან დღემდე, მერე და რა ინტერესით, რა ემოციით, სხარტი აზროვნების პატარები ჰაერში იტაცებენ პედაგოგის ნაამბობს, მოსწონთ და უსმენენ, თვალებში შეცქერიან.
მასწავლებელი მუდმივად ერთ წერტილს მიშტერბია და აკვირდება.
შემოდგომაა. . . ნაღალატევი დღეები ითვლიან საათებს,
შემოდგომაა. . . ქალი ისე მარტო გრძნობს თავს როგორც არასდროს,
შემოდგომაა. . . ფიქრები ილეწებიან ცხოვრების სისხარტით,
შემოდგომაა. . . ფოთლების კვდომის დრო, თოვლის მაყარი.
შემოდგომაა. . ზამთარის სიძვა.
ფარდა გადაწია ქარმა, ქარმა ფარდა მშობიარის ბარძაყებივით გადახსნა, ფანჯარა შემოაღო დაუკითხავმა სტუმარმა, რა ზრდილობაა სხვის ოჯახში ასე შეიჭრა, თავხედი. .
წვიმის წვეთები აკვდებიან მინებს დროდადრო, წვიმა ღრუბლის შვილია, წვიმა სიყვარულის ცრემლებია, აი ის ღრუბელი ისე დაეჯახა სატრფოს, რომ გვერდი ჩაულურჯა, ისიც დაფრთხა და გამოეცალა, მაგრამ ცრემლები წასკდა თვალთა ქუთუთოებს, ჭრილობიანი ცრემლები. მალევე გადაიღო, მაშინვე როცა მასთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა მიჯნური, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა: “შენ სიკვდილივით ლამაზი თვალები გაქვს ქალბატონო.”
- ქალბატონმა გაიეშხა და თვალი ჩაუპაჭუნა, ისევ გადმოაქცია ციდან, ცოტაოდენი სითხე, გუგაზე შერჩენილი ცრემლი
ადამიანებმა თქვეს: მზე პირს იბანსო. . . ეს სიყვარულის ცრემლებია, სწორედ ასეა! ჩვენ ისე ვართ განლაგებულნი როგორც თეატრში, ზოგი ახლოდან უყურებს სპექტაკლს, ზოგი შორიდან, იარუსებიდან უჭირთ კარგად აღიქვან ყველაფერი, ზოგიც პირიქით, სპეციალურად ჩამოჯდება ხოლმე იარუსზე, კარგად რომ დაინახოს ყველაფერი და უბრალოდ ჩუმად იყოს, წყალი ჩაიგუბოს პირში და დადუმდეს თევზივით.
აჩუ-აჩუ ცხენო,
საით გაგაჭენო,
ალაზანი დიდია,
შიგ ბებერი ჰკიდია.
იმეორებს ელა.
ღიღინი, რა კარგი საშუალებაა ღიღინი, ჩემი ბედისწერაა. . .ღი-ღი-ნი
გაიპარა ჩემი სატფო ცივეთში, შემოდგომა ჩაისახა მძივეთში, აღარ მინდა ოცნებების მიღმეთში, დამაბრუნეთ, დამაბრუნეთ იქ სადაც ვინმეს კიდევ ვჭირდეები, ტყეში.
ბუჩქიდან გამოიხედა, დაინახა ქალი და მამაკაცი, მომნუსხველია ცქერა შორიდან, იმ ადმაიანების რომელთაც ერთმანეთი ჯერ კიდევ ავსებთ, ეს ყველაფერი ჩვენი ფანტაზიაა, რომელიც გვაცოცხლებს, ეს მისტიკა ფანდია რეალობის დასაფარად, აბა ახლოდან დააკვირდი, რა შემზარავი კანი აქვს, ყვითალი კბილები, გიფიქრიათ როგორ ზის თქვენი შეყვარებული უნიტაზზე და საზარელ სუნს აყებენს? არა, რათქმა უნდა თქვენ ამაღლებულ ლექსებზე და მხატვრულ პროზაზე ფიქრობთ, მაშინაც კი როდესაც უკვე ოჯახის შექმნა გაქვთ გადაწყვეტილი, ყოველთვის ოცნებობთ, ფანტაზიორებო, გაიხადეთ კაბები და მიხვდებით, რა ლამაზად მოსჩანს თქვენი სულის ანაფორა!!
ქალბატონი გაკვეთილს ხსნის, ისევ იმ წერტილს მიაშტერდა
- ნეტავ რას ჩააკვირდა ასე ინტერესით?
- სად იხედება ჩვენი მასწი?
- რა არის იქეთ?
ფანჯრის მიღმა ჩვენი სამყაროა, ფანჯრის მიღმა მთელი ქვეყნიერებაა, მიდიან დღეები, იწვიან საათბი.
ჩიტებო, რა ლამაზად ჭიკჭიკებთ, მშვენიერი გალობა ვისგან ისწავლეთ?
ზურგზე მოკიდებული ოჯახი, უქმრობა და ღალატი, მეგობრების, ადამიანების, ამინდის, ჯამრთელობის. ცხოვრება დამსხვრეული სარკეებით, გაუფასურებული ფიქრებით, ოცნებებით, რომელიც აღარავისთვისაა ძვირფასი... ცრემლი, რომელიც არავის უჩუყებს გულს, ტკივილი, რომელიც მხოლოდ შენია, გადიან დღეები ბასრი დანებით, ყოველ წამს კვეთენ გაწვრთნილი ქირურგის მტევნის მოძრაობით. ჩივის გული, რა უნდა გულს გარდა გულისა?!
ფეხი-ფეხზე გადაიდო და ჩაახველა, ისევ იმ ადგილს დააშტერდა, დღეს საკლასო წერა ვატარებ სკოლაში, ნეტავ რას დამიეწერენ ბავშვები? მათ დღევანდელ თემას ჰქვია, ღალატი, დირექტორმა ბევჯერ უსაყვედურა გაუგებარ თემებს ნუ აძლევო, მაგრამ ბავშვობიდანვე შეიქმნან წარმოდგენა რა არის მათი მთვარე, ცხოვრების თანამგზავრი.
ქალი უცებ შეცბა, თვალები დაძაბა და წამოიყვირა: “ ფოთოლი მოწყდა “, საოცრად შეწუხდა პედაგოგი, ბავშვებს ღიმილი აუცეკვდათ სახეზე, “ ფოთოლი მოწყდა” გაიმეორა ისტორიის მასწავლებელმა. და მის ირგვლივ დატრიალდა ყველაფერი, ყოველი დღე ფოთოლთან ერთად, ყოველი გაკვეთილი გარეულ საიმწვანეში.
შინ ბრუნდება, ისე თითქოს არავინ ელის, ისე თითქოს არავის სჭირდება, შინ ბრუნდება მოწყვეტილი ფოთლის დარდით.
თვალს ახსენდება პატარა გოგონა, ერთიციდა ნუკი, კოხტა კაბით, გაბზეკილი საჯდომით, მშვიდი სახით, საკოცნელად გამზადებული ლოყებით, წყლიანი შავი თვალებით, სწორი ოდნავ მსხვილი ფეხებით, ბავშვური აღნაგობით, თეთრი წინდებით, კოპწია, პრიალა ფეხსაცმელებით.
მერე იგონებს კოტეს, ოდნავ შევერცხლილი თმით, ანთებული მოზვერის თვალებით, ჩაფსკვნილი მკლავებით, ძლიერი ხელებით, დაბალზე შეჭრილი თმით, გაბედული ნაბიჯით, ჯიბეში ფულით და ხელაღებული, დაუფიქრებელი მოქმედებით.
ისინი ერთად ცხოვრობენ, მათ არაფერი უშლით ხელს.
უცებ შემოიჭრა სარკმლიდან ქარბუქი, დაიჭირა ელა ჩახადა კაბა და გაროზგა, ისე როგორც მამამ ბავშვობაში, ვაი რომ ვერაფერი შეასმინა, ვაი რომ თავად მიხვდა ბოლოს.
- ზარია, დაბმული.. მეზარება ყურმილის აღება, საშინლად მეზარება, კოტე აიღე.
- გისმენთ!
- მობრძანდით სკოლაში, ეხლავე
- კი მაგრამ რაშია საქმე?
- მობრძანდით, 3 საათზე პედ საბჭოა
- ელა, სკოლაში გიბარებენ! დაუძახა მეუღლედწოდებულმა
- ჰო, კარგი გამოვალ აბაზანიდან და მერე მითხარი.
* * *
- გამარჯობათ ქალბატონო ლეილა, როგორ ბრძანდებით?
- როგორ ვიქნები ქალბატონო თქვენნაირი დედების ხელში!
- რა გნებავთ? არ სწავლობს?
- ბოლოს როდის დაბანეთ ბავშვს ტანი ელა?
- ის დიდი ხანია თავისით ბანაობს, პატარა აღარ არის
- ამაში არ ცდებით, ის უკვე ქალია და მეტიც კი . . .
- რას ამბობთ ლეილა?!
* * *
რაც ყველაზე მეტად აშინებდა ელას დადასტურდა, მე-8 კლასელი ნუკი ფეხმძიმედ აღმოჩნდა და მერე ვისგან. . .
მოდის სახლში, შედის მისაღებ ოთახში, ხედავს კოტეს, რომელიც უყურებს ტელევიზორს, ისევ იმ არხს რასაც გუშინ, მშვიდად აუღელვებლად და ნოტიო თვალებით.
- რაო ელა რა უნდოდა იმ გადარეულს?
- არაფერი
- რა მოგივიდა, რას მომშტერებიხარ? ნუკი სადაა?
ელა წამში მის გვერდით აღმოჩნდა
- გაიწიე, გაგიჟდი! პირიდან წასკდა შეშლილის ხმა
- პურის დანამ გაიარა მის ღვიძლში და დაადუმა პატრონი. უცებ სიჩუმე გამეფდა, სკიპტრა აღიმართა ქალის მკლავში. უცებ სუნთქვაც გაჭირდა.
- მიშველეთ, ყვირის გაოგნებული მერვეკლასელი, მიშველეთ! იმეორებს თავდავიწყებით, ელა დაშტერებია მსხვერპლს, თან უცინის.
გოგონას ნერვიულობის გამო სისხლდენა ეწყება, ვერავინ შველის, ატონურიაო ჩურჩულებენ მეზობლები.
* * *
- ანანია სად არის ელა?
- ალბათ ისევ ფოთლებს აგროვებს.
- გადაეცი ეს ბოთლები. . საწყალი
- მაგია საცოდავი, იმ ბავშვმა იკითხოს, რომ მოუსწრაფა სიცოცხლე, ეგ თუ დედაა..?!
ფარდა გადაწია ქარმა, ქარმა ფარდა მშობიარის ბარძაყებივით გადახსნა, ფანჯარა შემოაღო დაუკითხავმა სტუმარმა, რა ზრდილობაა სხვის ოჯახში ასე შეიჭრა, თავხედი. . წვიმამ მალევე გადაიღო, მაშინვე როცა მასთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა მიჯნური, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა: “შენ სიკვდილივით ლამაზი თვალები გაქვს ქალბატონო.”
შემოდგომაა . . . ნაღალატევი დღეები ითვლიან საათებს,
შემოდგომაა . . . ქალი ისე მარტო გრძნობს თავს როგორც არასდროს,
შემოდგომაა . . . ფიქრები ილეწებიან ცხოვრების სისხარტით,
შემოდგომაა . . . ფოთლების კვდომის დრო, თოვლის მაყარი.
შემოდგომაა . . . ზამთარის სიძვა.
