არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ბაჩანა ჩაბრაძე

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 11:55 am

ბაჩანა ჩაბრაძე Bachan12
Bachana Chabradze

Bachana Chabradzé

სადგურში

წევს ქვაფენილი თეთრი, ანაზდად
გადარეკლილი შუქთა სისუსტით.
აქ შუაღამე ისე განაზდა...
აქ შუაღამე თენებას უცდის.
მუდამ ჩვეული მტრედის ჟივჟივი
შავ ლიანდაგებს დღეს აღარ ამკობს.
ბაქანზე ვიღაც დადის გიჟივით,
დადის გიჟივით და ლაპარაკობს...
და როგორც ყველგან, აქაც არ მივის
მე ძმა და ამან გამანადგურა!
მატარებელი, ვით სული, კივის...
მარტოობაა აქაც სადგურად.


ბაჩანა ჩაბრაძე
მთარგმნელი, პოეტი, ფილოსოფოსი

დაიბადა 1976 წლის 19 იანვარს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტში ფრანგული და იტალიური ენების განხრით. 1998 წლიდან სწავლა განაგრძო საფრანგეთში, თანმიმდევრულად ნანტის უნივერსიტეტის ფილოლოგიის, ხელოვნების ისტორიის და საჯარო ადმინისტრაციის დეპარტამენტებზე.

ქართულ პრესაში აქვეყნებს ესეებს, თარგმანებს და პოეტურ ნაწარმოებებს. არის ლექსების ორი კრებულის ავტორი: "ნაცრისფერი სამყარო" (1992) და "მთვარის სიმთვრალე"(1996). 2001 წელს, ნანტის უნივერსიტეტის, მერიისა და ასოციაცია "ნანტი-თბილისის" ეგიდით, ფრანგი მკითხველისთვის ჩაატარა ქართულენოვანი პოეზიისადმი მიძღვნილი კონფერენციები. იყო, პარიზში, იუნესკოს 32-ე გენერალური კონფერენციის დელეგატი. 2011 წლიდან მუშაობს პარიზის "დეკარტის უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკაში. 2015 წელს, გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანების კრებული "ფრანგული შანსონი", რომელშიც შესულია ჟორჟ ბრასენსის, ლეო ფერეს, ჟაკ ბრელის, სერჟ გენსბურის და ბორის ვიანის კულტად ქცეული სიმღერების ტექსტები. არის საერთაშორისო კლასიფიკაციის მოჭადრაკე (ELO 2243).

ნათარგმნი აქვს შემდეგ ავტორთა ნაწარმოებები:

ფრანგულიდან ქართულად:
გიიომ აპოლინერი (თეატრი), ანტონენ არტო, შარლ ბოდლერი, ლინდა მარია ბაროსი, როლან ბარტი, ჟორჟ ბრასენსი, ჟაკ ბრელი, ჟერომ გარსენი (წერილები), სერჟ გენსბური, პიერ გიიოტა, რაფაელ გლუკსმანი (წერილები), თეოფილ გოტიე, სერჯიო გუტილა, მაჰმუდ დარვიში (პოეზია და წერილები), ჟოზე მარია დე ერედია, ნიკოლა დელასალი (წერილები), ალფრედ დე მიუსე, იოაკიმ დიუ ბელე, ემა (კომიქსები), ალილ ვარდარი (პიესა 4 მოქმედებად), ჟაკ ვაშე (წერილები), პოლ ვერლენი, ბორის ვიანი (პოეზია), გრეგუარ ლემენაჟე (წერილები), კარიმ მირაუი (მოთხრობები), პიერ პერე, სენ-ჟონ პერსი, პოლინ პიკო (პოეზია და თეატრი), ჟაკ პრევერი, ალფრედ ჟარი (თეატრი), არტურ რემბო, "საეზი", საფო, იზაბელ სოჟფერი, ალენ სუშონი, "ტრიო", ლეო ფერე, ჰაიკე ფიდლერი, "შარლი ებდო" (წერილები), ვიქტორ ჰიუგო (პოეზია);

ქართულიდან ფრანგულად:
რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, ზაზა ბიბილაშვილი, ელა გოჩიაშვილი, ნუგზარ ზაზანაშვილი, ნატა ვარადა, თეა თოფურია, ნატო ინგოროყვა, რუსუდან კაიშაური, ანა კალანდაძე, ლია ლიქოკელი, რატი მეტრეველი, გაგა ნახუცრიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ლელა სამნიაშვილი, მაია სარიშვილი, ლია სტურუა, ეკა ქევანიშვილი, პაატა შამუგია, ირმა შიოლაშვილი, დავით ჩიხლაძე, თემურ ჩხეტიანი, ლელა ცუცქირიძე, მარიამ წიკლაური, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე, კატო ჯავახიშვილი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
* 2020 - წლის ერთ-ერთი საუკეთესო თარგმანი, თუმანიშვილის კონკურსი, თარგმნილი პიესა 2020, გიიომ აპოლინერის "ტირესიასის ჯიქნები"
* 2011 - ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია, კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთათვის (ფრანგული პოეზიის თარგმანები)
* 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია, ხმა უცხოეთიდან

ბიბლიოგრაფია:
* ფრანგული შანსონი (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2015. - 144გვ.. - ISBN: 978-9941-458-72-9
* მთვარის სიმთვრალე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1996. - 174გვ.
* ნაცრისფერი სამყარო : ლექსები (ავტორი). - თბილისი, გულანი, 1992. - 143გვ.
* ქართველი პოეტების ფრანგული კატალოგი ; 14 ავტორი, მწერალთა სახლი.
* ქართველი პოეტი ქალების ანთოლოგია, გამოცემა დაგეგმილია 2021 წლის გაზაფხულზე გამომცემლობაში "ლ'ენვანტერი", პარიზი.
* შიზო ლექსები, პაატა შამუგია, გამოცემა დაგეგმილია 2021 წლის ზაფხულში, გამომცემლობაში "ლა ტრადუკტიერი", პარიზი.

ბმულები:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001850/
* https://poetry.ge/pages/bachana-chabradze
* http://feminism-boell.org/ka/person/bachana-chabraze
* https://intelekti.ge/book_ge.php?id=462
* https://www.facebook.com/profile.php?id=100009464595842
* https://www.youtube.com/channel/UCrtBUC75_4PkQGIBOoYXxcw


„ფრანგული შანსონის“ წარდგინება პარიზში Présentation du recueil CHANSON FRANÇAISE à Paris

2016 წლის14 აპრილს, პარიზში, პოეტმა და მთარგმნელმა ბაჩანა ჩაბრაძემ წარადგინა თავისი თარგმანების კრებული „ფრანგული შანსონი“, რომელიც „ინტელექტმა“ გამოსცა. კრებულში შესულია ჟორჟ ბრასენსის, ლეო ფერეს, ჟაკ ბრელის, სერჟ გენსბურის და ბორის ვიანის სიმღერების ტექსტების თარგმანები. ISBN:978-9941-458-72-9 http://www.intelekti.ge/book_ge.php?i...

Le 14 avril 2016, à Paris, le poète et traducteur B. Chabradzé (Chabradze) a présenté son recueil de traduction CHANSON FRANÇAISE édité par INTELEKTI. Le recueil rassemble les traductions géorgiennes des textes de chansons de Georges Brassens, Léo Férré, Jacques Brel, Serge Gainsbourg et Boris Vian. ISBN: 978-9941-458-72-9 http://www.intelekti.ge/book.php?id=462

https://youtu.be/sEQLvMZU8tM

study


Last edited by Admin on Sun Dec 06, 2020 1:04 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:06 pm

ბაჩანა ჩაბრაძე

მთარგმნელთა დღესთან დაკავშირებით

დღეს უმადური და უსარფო საქმისთვის გარჯილთა - მთარგმნელთა საერთაშორისო დღეა.განსაკუთრებით ვულოცავ ქართველ მთარგმნელებს ამ დღეს, რადგან მათ განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში უწევთ თარგმნა და ხშირად - იმაზე მეტის კეთებაც, ვიდრე თარგმნაა, ზოგჯერ - უჰონორაროდაც! აქ იგულისხმება მოსამზადებელი პერიოდი, დემარშები რეპროდუქციის უფლებისთვის, სათარგმნი ტექსტის საფუძვლიანად შესწავლა, ავტორის სხვა ტექსტების გაცნობა, სხვა ენებზე არსებულ თარგმანებთან შედარება... მსგავს მომენტებს, ხშირად, მეტი დრო მიაქვს, ვიდრე წმინდად თარგმნას. შეიძლება, ვთქვათ, რომ მთარგმნელები ამ საქმეს ეწირებიან, თავს იმეტებენ. სიმბოლურია: თარგმნა ხომ, ზოგადად, გაწირვაა, გამეტება. მთარგმნელის ოსტატობა ხომ იმაში ვლინდება, თუ რას გაიმეტებს დედნიდან გადასაგდებად?!
და ეს ხდება მთავარი გამოწვევის, ზოგადად თავად თარგმნის ბუნდოვანი და მოუხელთებელი სპეციფიკის ფონზე:
თითოეული საქმიანობის მოტივაცია კარგად შესრულებული საქმით მიღებული კმაყოფილებიდან მოდის. მხატვრულ თარგმანში კი არაფერია უფრო ბუნდოვანი, ვიდრე "სიკარგის" ცნება. რას ნიშნავს "კარგი თარგმანი"? - ზუსტად რომ მიჰყვება დედანს? ვინ ადგენს, რა არის "სიზუსტე"? - ან კიდეც რომ ადგენდნენ, თუნდაც ყველაზე "უზუსტესი" კრიტერიუმებით, განა თარგმანი "კარგი" იმიტომ იქნება, რომ "ზუსტია"?! იქნებ ის არის კარგი თარგმანი, რომელიც "კარგად იკითხება"? მაშინ რა ვუქნათ ქართული თარგმანის არაერთ უპოპულარულეს ნიმუშს, რომელთა კარგადწაკითხვადობა, ძირითადად, სიზუსტის არც ისე დაცვით მიიღწა? ან იქნებ ის მოსაზრებაა სწორი, რომელიც ერთი კულტურის მეორე კულტურაში რეკონსტრუირებას მკითხველში გამოწვეულ ემოციაზე აფუძნებს, როცა იგი დედნის წაკითხვით გამოწვეულის მსგავსია? - თუმცა აქაცაა საშიშროება, რომ ეს ტექსტის "გაქართულების" ხარჯზე მოხდეს. მეტიც, მთარგმნელს, ამ ისედაც იგნორში მყოფ ელემენტს, თარგმანში თითქოს მთლიანად გაქრობა ევალება. თუმცა თუ მთარგმნელი "გაქრა", გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ემოციის რეკონსტრუირება? ეს უკანასკნელი ხომ სწორედ მთარგმნელის, როგორც ინდივიდის, პირად მეტაბოლიზმზეა დამოკიდებული?! - ხშირად, უფრო მეტადაც კი, ვიდრე თავად ენის შესაძლებლობებზე.
ცხადია, "არ არსებობს ღმერთი, გარდა ტექსტისა" (ირმა ტაველიძე: "გაწირვა და თავგანწირვა: თანამედროვე ქართული თარგმანები", არილი, ივლისი 2014). ეს "ღმერთი" კი, სხვა ენაზე, თავისით ვერ გაკეთდება, იგი კონკრეტულმა მთარგმნელმა უნდა გააკეთოს. ისიც ცხადია, რომ მთარგმნელმა, ტექსტში, რაც შეიძლება, მცირე კვალი უნდა დატოვოს. თუმცა ხშირად, მთარგმნელს უბრალოდ გამოსდის ის, რაც გამოსდის. დაგეგმვა შეუძლებელია, ვინაიდან ყოველი აქტი უნიკალურია. თუ მთარგმნელმა კონკრეტულ შემთხვევასა და მოცემულ მომენტში გამოსავალი თავად ვერ იპოვა, თარგმანის სახელოსნოები მას ვერანაირად დაეხმარება. იგი აქ საკუთარი ინტუიციისა და ნიჭის ამარა რჩება. ამავე დროს, "თანდაყოლილ ნიჭზე" ბუნდოვანი და არასანდო ცოტა რამ თუ მეგულება. ვფიქრობ, ეს "ნიჭი" სხვა არაფერია, თუ არა ვარჯიშით გაზრდილი ინტერესი.
თარგმნის ხელოვნებაში ძალიან ცოტა რამ არის ცხადი. აქ უფრო ეჭვებია, გაურკვევლობები. იმის მტკიცებაც კი საეჭვოა, რომ დედანზე უკეთესი თარგმანი ავტომატურად გულისხმობს ცუდ თარგმანს. მგონია, რომ რიგ შემთხვევებში, შეიძლება, უკეთ ითქვას მეორე ენაზე ის, რაც ითქვა პირველზე. "უკეთ თქმა" არ ნიშნავს აბსოლუტურად სხვანაირად თქმას: თუ თარგმანის ენის სინტაქსი დედნისაზე დიდი ხარისხის თავისუფლებას გვანიჭებს, თარგმანში დედნის ტექსტის ფორმულირების შესაძლო ვარიანტების რაოდენობაც იზრდება. ამ ვარიანტთაგან ერთ-ერთი თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს უფრო მოქნილი, დახვეწილი, ნიუანსური, რელევანტური თუ მოსახერხებელი დედნისეული შინაარსისა თუ ფორმის გამოსახატავად, ვიდრე დედნის ენაზე ფორმულირებული. ამასთან, ვინ იცის, სად გადის ზღვარი "სხვანაირად" თქმასა და "იგივენაირად" თქმას შორის?! ორ სხვადასხვა ენაზე ხომ ისედაც არასდროს ვამბობთ ერთსა და იმავეს. თარგმნა ხომ თეორიულად შეუძლებელია, რადგან უკეთეს შემთხვევაში, დედანს ვღალატობთ: მთარგმნელი ჩადის იმ "მშვენიერ და გარდაუვალ ღალატს, რომელიც პოეტის ენას მისივე ეროვნების სიმძიმისგან და თარგმანის ენაში მისი გალღობისგან იცავს" (მაჰმუდ დარვიში "უნივერსალურის ადგილობრიობა", გალიმარი 2000). არ არსებობს არანაირი წესი. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, "მოივაჭროს" ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებლობების მიხედვით და იმის მიხედვითაც კი, თუ რა ინტერპრეტაციას უკეთებს პასაჟს მთარგმნელი. მთარგმნელები ყოველ ნაბიჯზე "ვაჭრობენ" (უმბერტო ეკო: "თითქმის იგივეს თქმა", გრასე, 2007). ვაჭრობა აქ ნიშნავს მომგებიანი არჩევნის გაკეთებას - დანაკარგების და კომპენსაციების ევალუაციას. მთარგმნელი არ არის სიტყვების მომწოდებელი, არამედ - სულებისა, რომლებიც მას ერთი სამყაროდან მეორეში გადაჰყავს. სწორედ ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლაა "ვაჭრობის" ხელოვნება.
მთარგმნელი არ ითვალისწინებს მხოლოდ ლინგვისტურ წესებს, არამედ კულტურულ ელემენტებს, ტერმინის ფართო გაგებით. ყველა ენა თავისებურად ანაწევრებს, აღიქვამს და გამოხატავს სამყაროს. ზოგჯერ, გამოხატვის ფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსის სუბსტანცია. ამიტომ მთარგმნელს შეუძლია, განსაკუთრებით პოეზიაში, უარი თქვას სიტყვასიტყვით თარგმნაზე და გადაარჩინოს ბგერითი ეფექტი, ტემპი თუ რითმა. ეს არის არათუ დედნის ღალატი, არამედ ერთგულება. სიტყვები ქმნიან სამყაროებს. მთარგმნელმაც უნდა შექმნას იგივე სამყარო, რაც დედნის ავტორმა, თუნდაც სხვა სიტყვებით. თითქმის არასდროს ითარგმნება სიტყვის ყველა კონოტაცია, არც - ფრაზის ექსპრესიის რიტმი და ჟღერადობა, არც - სიტყვებით თამაში.
თარგმანზე მხოლოდ კამათი თუ შეიძლება. ვინ იტყვის, რომ საუკეთესოდ ერთგული მთარგმნელიც კი ახალ ნაწარმოებს არ ქმნის და არის "სკანერი"?! ვინ მოიხელთებს იმ კოგნიტურ პროცესებს, რაც ერთი ენიდან მეორეზე ნებისმიერ რეპროდუქციას ახლავს და რომლებიც ლინგვისტიკას, ლიტერატურას, ფილოსოფიასა და კიდევ ვინ იცის, რას შორის ბარბაცებს?!
მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენი მთარგმნელები აგრძელებენ თავგანწირვას და ქმნიან ნამდვილ მთარგმნელობით ბუმს, ქრონოლოგიური თუ სტილისტური მრავალფეროვნებით. ერთდროულად ითარგმნება როგორც კლასიკოსთა, ასევე თანამედროვეთა ნაწარმოებები; როგორც ტრადიციული, ასევე ნოვატორული ფორმები. თანაც ეს ხდება მოუმზადებელ ველზე, სადაც ხშირად, ლექსიკური უდაბნოა და მთარგმნელებს მთელი რიგი ტერმინოლოგიური ოაზისების აღმოჩენა უწევთ. ამ მხრივ, მთარგმნელები ხშირად განსაზღვრავენ თავად ქართულ ლიტერატურულ ენასა თუ ტენდენციებს და დიდ როლს თამაშობენ მათ განვითარებაში.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, გამომცემლები მეტი გულუხვობით მიუდგნენ მთარგმნელთა ანაზღაურებისა და შრომითი უფლებების საკითხს. შეიძლება, საკამათო იყოს თარგმანის "სიკარგე", მაგრამ წყალი არ გაუვა იმას, რომ ტექსტი ჩვენამდე მთარგმნელს მოაქვს. სწორედ მისი დიდი შრომის წყალობით ხდება შესაძლებელი ჩვენს ენაზე ამ ტექსტის ნებისმიერი აღქმა თუ განხილვა. ამიტომ სამართლიანი იქნება, თუ მთარგმნელი, ღირსეული ჰონორარის გარდა (სულ მცირე 0,10 €/სიტყვა), გაყიდულ ეგზემპლარებზე (პირველივე გაყიდვიდან) სულ მცირე 2%-ს მიიღებს, ექნება ანაზღაურებული შვებულება და სამკურნალო შესვენების უფლება (მიუხედავად იმისა, რომ მთარგმნელები "არასდროს ისვენებენ და არც ავად ხდებიან") და თარგმნილი ტექსტის თითოეულ აღწერაში, წარდგენაზე, სანომინაციო ჩამონათვალში, რეცენზიაში, რევიუსა თუ გადაცემაში მთარგმენლის სახელს სისტემატიურად მიუთითებენ!
მთარგმნელები ამას სავსებით იმსახურებენ! - გაერო-მ ხომ 30 სექტემბერი მთარგმნელთა დღედ იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის გამოაცხადა, რომელიც მთარგმნელებს შეაქვთ "ერთა დაახლოებასა და მათ შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების დამკვიდრებაში".

30 სექტემბერი 2019

ბმული:
* https://apinazhi.ge/journal/270--.html

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:08 pm


Tiniko : Couleur Café de Serge Gainsbourg en géorgien. Traduction par B. Chabradzé ბაჩანა ჩაბრაძე
•Dec 7, 2020

Le groupe Tiniko interprète « Couleur Café » de Serge Gainsbourg en géorgien. Texte traduit par B. Chabardzé. Chant : Tini. Percussions : Patric. Guitare : Mickaël.
Source : https://www.youtube.com/watch?v=uMhUe...

ჯგუფი "თინიკო" ქართულად ასრულებს სერჟ გენსბურის სიმღერას "ფერი ყავის". თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე.

***
სერჟ გენსბური

ფერი ყავის

მიყვარს შენი ფერი ყავის,
შენი თმები ყავის,
შენი ყელი ყავის.
მიყვარს, როცა ცეკვავ ჩემთვის,
გამიელვებს როცა ყურთან
ჟღერა სამაჯურთა,
ლამაზ სამაჯურთა,
შენი ცეკვის ტემპს რომ ერთვის.

ფერი ყავის,
მიყვარს შენი ფერი ყავის.

რა საოცარ ალში მახვევ
ამ სიამის მნახველს,
თეძოებს რომ არხევ,
ნაზად არწევ თვალ-წამწამებს…
და თუ მაგარ ყავასავით
ჟინით ამაზვავებ,
ვნებით გამასვავებ,
გავათენებთ ჩვენ ამ ღამეს!

ფერი ყავის,
მიყვარს შენი ფერი ყავის.

სიყვარული, თავისთავად,
შეუმჩნევლად გავა –
როგორც ჭიქა ყავა,
ისე სწრაფად დაიცლება…
მოგვწყინდება როცა ყავა
და დაცხრება ლავა,
მაშინ ყოველივე
მიეცემა დავიწყებას.

ფერი ყავის,
მიყვარს შენი ფერი ყავის.

სერჟ გენსბური, 1964
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015

* https://intelekti.ge/book_ge.php?id=462

***

Couleur Café

J'aime ta couleur café,
Tes cheveux café,
Ta gorge café,
J'aime quand pour moi tu danses.
Alors j'entends murmurer
Tous tes bracelets,
Jolis bracelets
A tes pieds ils se balancent.

Couleur café,
Que j'aime ta couleur café !

C'est quand même fou l'effet,
L'effet que ça fait
De te voir rouler
Ainsi des yeux et des hanches.
Si tu fais comme le café,
Rien qu'à m'énerver,
Rien qu'à m'exciter,
Ce soir la nuit sera blanche.

Couleur café,
Que j'aime ta couleur café !

L'amour sans philosopher
C'est comme le café,
Très vite passé,
Mais que veux tu que j'y fasse.
On en a marre de café
Et c'est terminé,
Pour tout oublier
On attend que ça se tasse.

Couleur café,
Que j'aime ta couleur café !

Serge Gainsbourg, 1964
© Editions et Productions Sidonie / Melody Nelson Publishing

study


Last edited by Admin on Fri Dec 18, 2020 12:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:09 pm

ბაჩანა ჩაბრაძე

ფსკერი

ზღვა იყო ფიქრთა უღრმესი და შავი მორევი.
შენ ნაპირისკენ გამოგრიყა ტალღამ ულაყმა.
ფსკერს დაუტოვე უნაზესი ნაამბორევი
და დაქანცული, გაეკარი ქვიშას გულაღმა.
ო, არანაირ თეორიის შენ არ გჯეროდა,
არც - საქმიანი სახეების და ჩახველების,
შენ კაეშანი გიზიდავდა წამწამთ ჩეროთა
და უმიზეზოდ დაშვებული დაბლა ხელები.
წევხარ დაღლილი, დაგრჩენია მხოლოდ ლოდინი,
გახსოვს ალმასი და ჭაობიც აშმორებული
და იცი მხოლოდ, ახლა, როცა წევხარ ლოდივით -
კაცობრიობას ამ ზღვითა ხარ დაშორებული.
კაცობრიობას, სად უმიზნოდ და გულუბრყვილოდ
გაცვდა ბილიკი მერნისა და ცხენთა ჭენებით,
რომ ყოველივე წარმოდგენა იყო უკბილო
და ამ ზღვის ფსკერი ემუქრება გადაშენებით.
ო, ეს სილურჯე საუკუნეს რამდენს იკავებს!
არც აივსება, როგორც ხიდი არ გაიდება.
აჰა, ოდესღაც ცუნამებთან მოფარიკავე,
უძირო ფსკერზე განისვენებს შენი დიდება.
და შენ ინატრებ, რომ ნაპირზე მომკვდარიყავი,
რომ ცამ აცრემლოს შენი ტვინის გახრწნილ ხეობებს...
მერე ტალღები ახალ ცხედრებს გამორიყავენ
ამაოების მანტიაში გამოხვეულებს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:10 pm

ბაჩანა ჩაბრაძე

თეთრი წიგნი

მე რომ დიდი თეთრი წიგნი წავიკითხე გუშინ,
ტყუილია, არავინ მყავს მისი ფასი დღემდე!
ვერც ვერავის იმისდარად ვერ ჩავიძვრენ სულში,
მის მომხიბლავ ლაბირინთში ვერვინ იგრძნობს ჩემდენს.
და სად ვპოვებ მე სამყაროს იმ ოცნების ბადალს,
რომ მსოფლიოვ, ვერასოდეს შენ ვერ დაიჟღერდი
ისეთ ხმაზე, როგორაც ჟღერს დაგლეჯილი ყდა და
გვერდი შვიდასოცდასამი, ნატყვიარი გვერდი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:11 pm

ბაჩანა ჩაბრაძე

კაცი

რიჟრაჟზე, იგი არ დალევს ჩაის,
როგორც სუყველა, ესეც მოსწყინდა.
აუღელვებლად, კიბეს ჩაივლის
და სხივს დაიჭერს მზის სიმორცხვიდან.
მოიფშვნის თითებს, მოსინჯავს ჯიბეს,
კვამლს გადაყლაპავს - სურვილს ერთადერთს.
მერე უკანვე აივლის კიბეს
და ასე ივლის, ალბათ, ღმერთამდე.
აივლის კიბეს, მოვა ოთახთან,
შევა ოთახში ნაცნობი კარით,
სადაც ძველ ჭერზე მზე გადმოთაღდა
და საიდანაც ცას ხედავს გარეთ.
დარჩება თავთან… და იცის კაცმა -
არც ვინ აკლდება, არც ვინმე ავსებს,
რომ ჩვევად ექცა ყოველდღე ჯვარცმა,
რომ სიკვდილამდე იქნება ასე,
რომ დანაყულ წყლის აღარ ღლის ნაყვა
და არ სჭირდება ღმერთი მოწყალე.
დედის მუცლიდან მას ჩვევად დაყვა,
რომ სიკვდილამდე იყოს ცოცხალი.
მარტოა იგი… და გრძნობს სიმშვიდეს
ყოველ ღამე და ყოველ ცისმარე.
ვიდრე ძილისწინ თვალს მოიფშვნიდეს,
მან უკვე იცის ხვალის სიზმარი...
და სუნთქავს კაცი… და ცხოვრობს ვითომ -
ცოტა სუსტია იგი ამაში,
მაგრამ სანამდე არსებობს თვითონ,
სხვა კაცთა როლებს არ ითამაშებს!
ჩაივლის კიბეს და სხივდაყრილი
კვლავ შეისრულებს სურვილს ერთადერთს -
მზეს შეაბოლებს მზისგან დაღლილი
და კვამლს აჰყვება, ალბათ, ღმერთამდე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:12 pm

ბაჩანა ჩაბრაძე

თეთრი ნიღბები

აქ ვერ იტირებ, აქ ფარდებია
და შეიძლება მხოლოდ როლები.
პრემიერაზე ჩაგბარდებიან
თეთრი ნიღბები და პაროლები.
გამოგონილი სევდის მორგებით
არ იღლებიან, მე კი ვიღლები.
არ შეიძლება აქ აბორგება,
აქ თარეშობენ თეთრი ნიღბები.
აქ ტყუპებივით ერთმანეთს გვანან
და იმეორებს ყველა გუშინდელს
და საკვირველი არ არის განა,
ამ წარმოდგენებს არ შევუშინდე?!
მაგრამ ვერ ვტირი. აქ ვერ იტირებ,
აქ ვერ იქნები ცრემლით მაღალი.
ყველა ბგერიდან აფრქვევს სიკვდილებს
აქ მსახიობთა აყალმაყალი.
აქ თითქოს ყველა არის ფრთამალი,
მაგრამ სუყველა ლპება მალულად.
აქ მხოლოდ პოზა არის მთავარი
და გახელებულ აზრთა მარულა.
აქ სიამოვნებთ ყოფნა ამგვარი
და ერთმანეთის არ სურთ დანახვა.
მე ამ სცენებმა გადამაგვარა
და თვითმკვლელობის ჟინით დამნაღმა.
მე ძველი ქარი მიბნევდა თმაში
მზეს - დიოგენეს ეულ ჩირაღდანს.
ვერ აიტანა სულმა თამაში
და აკლდამაში გაუჩინარდა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:17 pm


Intervention du traducteur B. Chabradzé au Zoom de la Renaissance Française en Géorgie
•Dec 3, 2020

Intervention du traducteur B. Chabradzé au Zoom de fondation de la Délégation de la Renaissance Française en Géorgie (26.11.2020). Modération de la réunion par Mme Mzago Dokhtourichvili, présidente de la Délégation géorgienne. En présence de M. Dénis Fadda, président international de la Renaissance Française, Son Excellence, Monsieur Diégo Colas, Ambassadeur de France en Géorgie, M. Pierre Clouet, Directeur de l’Institut Français de Géorgie, M. Mohamed Ketata, Directeur régional – AUF - Europe Centrale et Orientale, M. Guiga Zedania, Recteur de l’Université d’État Ilia, M. Gotcha Javakhishvili, Ministre Conseiller de l'Ambassade de Géorgie en France et vice président de la délégation, Mme Tamara Demuria, Présidente de l’association « La Géorgie vue de France », professeurs, artistes, sportifs, éditeurs, écrivains et traducteurs.

მთარგმნელ ბაჩანა ჩაბრაძის ჩართვა "ფრანგული რენესანსის" ქართული წარმომადგენლობის დამფუძნებელ ზუმში (26.11.2020). შეხვედრის მოდერატორი: პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი, ქართული წარმომადგენლობის პრეზიდენტი. მონაწილეობდნენ: "ფრანგული რენესანსის" საერთაშორისო პრეზიდენტი დენი ფადა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის" რეგიონული დირექტორი მუჰამედ კეტატა, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი, "საფრანგეთიდან დანახული საქართველოს" პრეზიდენტი თამარა დემურია, მასწავლებლები, ხელოვანები, სპორტსმენები, გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები.


* https://youtu.be/uXCDOf_T35k

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:20 pm

არტურ რემბო

ოფელია

I

კუპრისფერ წყალზე, სადაც მთვარე არის დარაჯი,
თეთრად ტივტივებს ოფელია, როგორც შროშანი,
ტივტივებს ნაზად, გახვეული გრძელ სუდარაში...
- შორით კი ტყეებს ჟრიამულში გააქვთ დრო-ჟამი.

საუკუნეებს ჩაუვლია, რაც ოფელია
მრუმე დინებას მარმარილოს ფანტომად მიაქვს,
რაც მისი ნაზი შეშლილობა წყალს მოფენილა
და სევდის რომანსს უჩურჩულებს საღამოს ნიავს.

თაიგულებით მორთულ გულმკერდს უკოცნის ქარი,
უთრთოლებს ლეჩაქს, უსიცოცხლოდ წყალზე განფენილს,
ტირიფთა ცრემლით ენამება ფერმკრთალი მხარი
და ლერწმიანის უნიავებს შუბლს მონაბერი.

ზოგჯერ, გაცრეცილ დუმფარებით შემორკალული,
ჩიტს გააღვიძებს თხმელის ხეზე და ყურს მიაპყრობს,
როგორ მოსწყდება, მაღლით, ბუდეს ფრთათა მარულა:
- და ცას ჭიკჭიკი იდუმალი როგორ მიაპობს.

II

ო, ფერწასულო ოფელია! თეთრო, თოვლივით!
შენი არსება დინებათა დუდუნს დანებდა!
- ეს ის ქარია, ნორვეგიის მთებგადმოვლილი,
თავისუფლების გაკვეთილებს რომ გიტარებდა.

ეს ის ქროლვაა, ახლა სოველ თმებს რომ გიწეწავს,
უცხო შრიალით რომ გივსებდა, წინათ, ოცნებებს,
როცა ბუნებამ მელოდია გამოგიძერწა
და ყურს უგდებდი ღამის ოხვრას, ტყის საოცრებებს.

ეს ხმაა მბორგავ ტალღებისა, ასე ულმობლად
რომ დაგიმსხვრია გული ნორჩი და ხელუხლები.
ეს ის დილაა, როცა გიჟი პრინცი გსტუმრობდა
და უტყვს და ფერმკრთალს შეეგება შენი მუხლები!

თავისუფლება! სიყვარული! ცა! შენ ამ სიზმრის,
ვით თოვლზე ცეცხლის, ისე გსურდა აგიზგიზება:
მოჩვენებისგან მოქანცულო, ვერავინ გიხსნის,
- შენს ცისფერ თვალებს მისწვდა კვდომა და გაგიჟება!

III

- და მერე იტყვის პოეტი, რომ შუაღამეში,
ყვავილებს კრეფდი მთვარის შუქზე, იყო დრო-ჟამი,
და რომ გიხილა გახვეული გრძელ პირბადეში,
წყლის ზედაპირზე მოტივტივე, როგორც შროშანი.

1870

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2010", დიოგენე
"პოეტური თარგმანის ანთოლოგია", 2017

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:22 pm

საფო

ოდა აფროდიტეს

ო, ცისარტყელასტახტოვანო,
მარადიულო აფროდიტევ,
ზევსის ასულო,
გულთა მბეჭველო,
გევედრები, უზენაესო,
ნუ მისცემ ჩემს სულს დარდს და ნაღველს.

მომიახლოვდი,
თუ ჩემი ხმისთვის ერთხელ მაინც მოგისმენია,
როცა ტოვებდი მამაშენის ოქროს სასახლეს,
მიანდობდი ეტლს წარმტაც ჩიტებს,
რათა უსწრაფეს ქროლვითა და ფრთათა კამარით,
მაღლით, ზეციურ სილაჟვარდით გამოტყორცნილი,
წამოეყვანე ამ პირქუში ნაპირებისკენ.

ჩიტები უმალ აქ ჩნდებოდნენ, უნეტარესო,
და შენც უკვდავი, მომღიმარი ბაგით მკითხავდი,
თუ რა ახალი კაეშანი შეჰყროდა ჩემს გულს,
ან ხელახლა რისთვის გიხმობდი,
ან რა სურვილი მაწვალებდა სასოწარკვეთილს:

"მითხარ, ვინ არის ის ქალწული, ვის სიყვარულსაც
გაშმაგებით მე მევედრები?
ვინ შეურაცხყო გული შენი, ძვირფასო საფო?
დღეს თუ გაგირბის, გეტყვი, რომ ხვალ დაგედევნება.
დღეს შენს ნახვაზე უარს ამბობს? ხვალ თავად გნახავს.
დღეს არ უყვარხარ? ხვალ გინატრებს, უნდა თუ არა."

კვლავ გეძახი, დაბრუნდი ჩემთან,
განმარიდე ურვა სასტიკი,
ამისრულე გულისნადები,
დამიფარე ამ ქარიშხალში.

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

(ძველბერძნულიდან რენე ვივიენის 1909 წლის თარგმანის მიხედვით)

"ინდიგო" n°17, მარტი 2017

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:23 pm


მუსიე პრიუდომ, ვერლენი ქართულდ და ფრანგულად Monsieur Prudhomme, Verlaine en géorgien et en français
•Oct 5, 2019

"მუსიე პრიუდომ", პოლ ვერლენი ქართულდ და ფრანგულად (კითხულობს მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე). გამოყენებული მუსიკა: კლოდ დებიუსის "მთვარის შუქი".

Monsieur Prudhomme, Paul Verlaine en géorgien et en français (lu par le traducteur B. Chabradzé). Musique utilisée : Clair de lune de Claude Debussy.

* https://youtu.be/6uqP2apWiVw


@

პოლ ვერლენი

მუსიე პრიუდომ

ჭკუადამჯდარი, მერია და ოჯახის მამა.
მიმაგრებული საყელური უფარავს ყურებს.
უტყვი თვალებით უერთდება ოცნების ყურეს
და ქოშებიდან გაზაფხულის ეღვრება გამა.

მას არ იზიდავს ვარსკვლავები, არც მთვარე ართობს,
არც - მელოდია ხეივანში მგალობელ დასთა.
ან მობიბინე მდელოს რა აქვს საერთო მასთან?!
მუსიე პრიუდომ ერთ რამეზე ოცნებობს მარტო:

სურს, ქალიშვილი მიათხოვოს კაცს ნამუსიანს,
მდიდარ, ღიპიან ბოტანიკოსს, ვიღაც მუსიეს.
რაც შეეხება ლექსის მწერლებს, მათთან ავია -

ამ უქნარა და დაუვარცხნელ ხეპრეთა ურდოს
უფრო ვერ იტანს, ვიდრე თავის ქრონიკულ სურდოს.
და მის ქოშებზე გაზაფხულის ვარდნი ყვავიან.

1863

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ლიტერატურული გაზეთი", სექტ-ოქტ 2012
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015
"პოეტური თარგმანის ანთოლოგია" 2017

study


Last edited by Admin on Sat Dec 05, 2020 2:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:25 pm

შარლ ბოდლერი

შხამი

ბახუსმა იცის, როგორ მორთოს ბნელი მიწური
სასწაულებრივ დიდებულებით
და როგორ შექმნას ზღაპრულ სვეტთა მწკრივი ულევი,
ოქროვან ორთქლში ამოისრული,
თითქოს მზის ჩასვლით იღებება შავი ღრუბლები.

თრიაქი უფრო აუკვდავებს უკვდავ არსებებს,
ახანგრძლივებს უსაზღვროებას,
აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას
და ეს ლხენანი ჭარბად ავსებენ
სულს სიპირქუშით და არღვევენ მის მყუდროებას.

ეს ყოველივე ვერ ედრება შენი თვალების,
მწვანე თვალების შხამიან სურას,
ტბას, სადაც სული ჩემი თრთის და თავდაღმა ცურავს...
სად ოცნებები, შენით მთვრალები,
ილტვიან, რათა დაეწაფონ მწარე გუბურას.

ეს ყოველივე არ ღირს არც იმ მძლავრ სასწაულად
შენი მეტად მსუსხავი ნერწყვის,
ჩემს სულს რომ მარხავს არყოფნაში, უღონოდ სეტყვილს,
ვინც თავბრუსხვევას ვერსად წაუვა
და ბანცალ-ბანცალ, საიქიოს ნაპირებს ერწყმის!

1857

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2010", დიოგენე
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:27 pm

ჟაკ პრევერი

შემოდგომის ფოთლები

ო, ის დღეები მსურს, მოგაგონდეს,
როცა გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი!
ცხოვრებას მეტი ელფერი ჰქონდა,
მზემაც ჩახჩახი იცოდა მეტი.
ქარვისფერ ფოთლებს ხვეტენ და ყრიან.
მე კი არასდროს დამავიწყდება...
ქარვისფერ ფოთლებს ხვეტენ და ყრიან,
როგორც გარდასულ ხსოვნათა წყებას.
ჩვენს ხეივანსაც ქარი მისწვდება
და შემოძარცვავს ბოლო ღერომდე...
მე კი არასდროს დამავიწყდება,
ის მელოდია, შენ რომ მღეროდი:

“ეს სიმღერა ჩვენ გვგავს მეტად,
როს გიყვარდი
და მიყვარდი
და ვიყავით როცა ერთად.
შენ გიყვარდი,
მე მიყვარდი...
ცხოვრება კი გულებს ჩუმად
აშორებს და ნაღველს ურევს…
და ქვიშაზე, ტალღა მრუმე
წაშლის წყვილის ნაფეხურებს.”

ქარვისფერ ფოთლებს ხვეტენ და ყრიან,
როგორც გარდასულ ხსოვნათა წყებას.
ჩემი გული კი, უტყვი და ღია,
კვლავ იმ დღეების ერთგული რჩება.
ისე მიყვარდი, ისე მათრობდი,
დასავიწყებლად ვერ გაგიმეტე...
ცხოვრებას მეტი ელფერი ჰქონდა,
მზემაც ჩახჩახი იცოდა მეტი.
ერთადერთი ხარ, ვისიც მჯეროდა,
მაგრამ სინანულს არ მივცემივარ
და ის სიმღერა, შენ რომ მღეროდი,
დღესაც ჩამესმის, დღესაც ჩემია:

“ეს სიმღერა ჩვენ გვგავს მეტად,
როს გიყვარდი
და მიყვარდი
და ვიყავით როცა ერთად.
შენ გიყვარდი,
მე მიყვარდი...
ცხოვრება კი გულებს ჩუმად
აშორებს და ნაღველს ურევს…
და ქვიშაზე, ტალღა მრუმე
წაშლის წყვილის ნაფეხურებს.”

1945
(მარსელ კარნეს ფილმისთვის Les portes de la nuit; მუსიკის ავტორი: ჟოზეფ კოსმა)

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ლიტერატურული პალიტრა", იანვარი 2013
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:28 pm

სერჟ გენსბური

ბილეთების გამხვრეტი

მე ვარ ბილეთების გამხვრეტი,
წინ რომ ჩაუვლი და არც გახედავ.
გვირაბში, სადაც მზე ვერ აღწევს,
მგზავრი მგზავრს ასწრებს.
დრო რომ მოვკლა, თან მაქვს ერთი
ძველი "რიდერზ დაიჯესტი" –

შიგ ყვებიან დიდის ამბით,
თუ როგორ ასწორებს მაიამი...
მე კი დავმდგარვარ ამ ხვრელში და
ვოხუნჯობ მშვიდად...
არ არსებობს ცუდი საქმე –
გამხვრეტად ვმუშაობ აქ მე!

ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, ისევ ვხვრეტ და ვხვრეტ!
ეს – მეორე კლასი,
ეს – პირველი კლასი…
ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, კვლავაც ვხვრეტ და ვხვრეტ!

მე ვარ ბილეთების გამხვრეტი.
– თქვენ "ოპერაზე" უნდა ჩახვიდეთ!..
ხვრელში ვცხოვრობ, სხვა სახლს არც ვეძებ.
და ტანსაცმელზე
ქაღალდების ფიფქი მადევს
და მიმყვება ლოგინამდე.

აქ ზეცად ქაშანურია,
ვარსკვლავებად – საგანრიგო სია.
ზოგჯერ ოცნება გამიტაცებს,
ბაქანს ზღვად აქცევს,
შორ ნისლებში ვიკარგები,
ვხედავ, ჩემკენ მოდის გემი,

რომ მიხსნას ხვრელიდან, სადაც ვხვრეტ და ვხვრეტ!
მაგრამ გემი ქრება…
გონი მიბრუნდება
და ვრჩები ხვრელში და კვლავაც ვხვრეტ და ვხვრეტ!

მე ვარ ბილეთების გამხვრეტი.
– თქვენ, ჯობს, "ლევალუადან" წახვიდეთ!..
მომბეზრდა და ამომივიდა!
გავიქცე მინდა,
გავიპარო, როგორც ქურდი
და შორს მოვისროლო ქუდი!

მოვა დრო და ფრთებს მეც გავშლი,
მეც გავინავარდებ ბუნებაში,
გამეფინება შარაგზები,
და წავალ გზნებით!
და თუ ჩემი ზარი ისმა,
გავუდგები სამარის გზას.

ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, ისევ ვხვრეტ და ვხვრეტ!
დროა, გიჟმა მუშამ,
გავიკეთო შუბლში
ნახვრეტი, ნახვრეტი, ბოლო ნახვრეტი!

და ერთ ხვრელში ჩავეტევი
და მორჩება ნახვრეტები!

ნახვრეტები,
ნახვრეტები,
ნახვრეტები,
ნახვრეტები...

1958

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ლიტერატურული პალიტრა", იანვარი 2013
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:38 pm

ბაჩანა ჩაბრაძე Bachan11


ფრანგული შანსონი
ჟორჟ ბრასენსი, ლეო ფერე, ჟაკ ბრელი, სერჟ გენსბური, ბორის ვიანი
ISBN:978-9941-458-72-9კატეგორია:ახალი თარგმანებიგვერდები:144ფორმატი:14.8x21ყდა:რბილიფასი:6.30

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

ომისშემდგომ პარიზში ფრანგული სიმღერა ახალ ფრთებს ისხამს: დგება ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებელთა ხანა. ხალხი აწყდება სენის მარცხენა სანაპიროს კაბარეებს, სადაც შანსონიეები გამომწვევ და „მიუღებელ“ სიმღერებს ასრულებენ. ეს მომღერლები, უპირველეს ყოვლისა, პოეტები არიან, უპირატესობას ანიჭებენ ტექსტს და ზღვარს შლიან პოეზიასა და სიმღერას შორის. სწორედ ამ დროს ვხედავთ ჟორჟ ბრასენსის ნიჭის სრულ გამოვლინებას, ლეო ფერეს ლირიკული ექსპრესიის მწვერვალს, ჟაკ ბრელის ხელოვნების „კრეშენდოს“, სერჟ გენსბურის ექსტრავაგანტური ფენომენის დაბადებას და ბორის ვიანის შემოქმედების აპოგეას. მათ შექმნეს ფრანგული სასიმღერო ტექსტის ახალი ერა. ისინი დღემდე შთააგონებენ თაობებს.

წინამდებარე წიგნი ამ ავტორთა შანსონების თარგმანების კრებულია.


* https://intelekti.ge/book_ge.php?id=462

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 12:40 pm

ბორის ვიანი

დეზერტირი

ჩემო პრეზიდენტო,
წვრილად მოგწერთ ფიქრებს.
თუ დრო გექნათ, იქნებ
წაკითხვაც კი შეძლოთ.
დღეს გადმომცეს, მარშით,
მე უწყება ხელში –
რამდენიმე დღეში
მიბარებენ ჯარში.

ჩემო პრეზიდენტო,
მე ომში არ წავალ!
ხალხის მოსაკლავად
არ მოვსულვარ ქვეყნად!
ნუ გამიბრაზდებით,
მაგრამ უნდა გითხრათ
ჩემი ბოლო სიტყვა –
დეზერტირი ვხდები.

ჩემთვის, ომის წლები
გადაიქცა დრამად:
დამეღუპა მამა,
დამეკარგნენ ძმები.
საცოდავი დედაც
მოინელა დარდმა,
ბნელ სამარის გარდა
ვეღარაფერს ხედავს.

ტყვეს, დამატყდა სრული
უბედობის ცელი –
ამაწაპნეს ცოლი,
გამიძარცვეს სული…
ხვალ, რომ ირიჟრაჟებს,
რაღა დაგიმალოთ,
წარსულს სამუდამოდ
მივუხურავ კარებს.

გადავივლი მთა-ბარს,
ვიწანწალებ ობლად
ქალაქად თუ სოფლად
და ხალხს ვეტყვი ამას:
"კვერის დაკვრას მორჩით,
გონს მოეგეთ დროზე,
უარი თქვით ომზე,
არ წახვიდეთ ომში!"

თუ აანთეთ დენთი,
თუ სისხლს ითხოვს დავა,
მაშ, დაღვარეთ თავად,
ჩემო პრეზიდენტო!
მდევარს გადაეცით,
თუ ჩემამდე მოვა –
უიარაღოდ ვარ,
დე, გამიხსნას ცეცხლი.

1954

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2011", დიოგენე
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე

Male
Number of posts : 10
Age : 45
Location : France
Job/hobbies : Traduction
Humor : :D
Registration date : 05.12.20

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySat Dec 05, 2020 6:21 pm

გმადლობთ ამ ტოპიკის გახსნისთვის! <3

ამ ვიდეოში წარვადგენ (ფრანგულად) ალფრედ ჟარის პიესას "იუბიუ მეფე". ჩაწერილია ფრანგული ინსტიტუტის ციფრული ბიბლიოთეკისთვის "კულტურთეკი". პიესის ჩემი ქართული თარგმანი გამოქვეყნდა ჟურნალში ’’არილი’’ (დეკემბერი 2019 და მარტი 2020):



:::

ქ შეიძლება პიესის ქართული თარგმანის წაკითხვა:

* http://arilimag.ge/ალფრედ-ჟარი-იუბიუ-მეფე/ -- ალფრედ ჟარი – „იუბიუ მეფე“ (პიესა 5 მოქმედებად)


Arrow
Back to top Go down
https://www.youtube.com/user/jakvashe/videos
ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე

Male
Number of posts : 10
Age : 45
Location : France
Job/hobbies : Traduction
Humor : :D
Registration date : 05.12.20

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySun Dec 06, 2020 8:21 pm

არტურ რემბო

ხევში მძინარე

ჭალაში, სადაც ვერცხლისფერი მოჩქეფს მდინარე
და შეშლილივით ეჭიდება ნაპირზე ხავსებს,
სადაც მთებიდან მზე იღვრება პირმომცინარე
და აქაფებულ არემარეს სინათლით ავსებს,

ყმაწვილ ჯარისკაცს ბაგეგახსნილს ჩასძინებია.
თავშიშველს, კეფა უტივტივებს ქორფა ბალახში.
წამოწოლილა ზურმუხტოვან ტახტზე ნებივრად,
ფერმკრთალ სახეზე დაჰფენია სხივთა ბადახში.

ჩასძინებია ზამბახებში ტერფებგადაშლილს.
პირზე ღიმილი შერჩენია ავადმყოფ ბავშვის.
ბუნებავ, თბილად დაარწიე: სცივა მძინარეს.

ნესტოებს სულაც არ უთრთოლებს მძაფრი სურნელი.
მზის გულზე სძინავს, უძრავ მკერდზე დაუდევს ხელი.
ორი წითელი ნახვრეტი აქვს მარჯვენა მხარეს.

1870
თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2011", დიოგენე
"აფინაჟი", 2020 I-III


Last edited by ბაჩანა ჩაბრაძე on Mon Dec 07, 2020 3:26 am; edited 1 time in total

Admin likes this post

Back to top Go down
https://www.youtube.com/user/jakvashe/videos
ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე

Male
Number of posts : 10
Age : 45
Location : France
Job/hobbies : Traduction
Humor : :D
Registration date : 05.12.20

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptySun Dec 06, 2020 9:59 pm

ჟოაკიმ დიუ ბელე

ნეტავი მას, ვინც

ნეტავი მას, ვინც მოვლო მსოფლიო
და, ვით იაზონ და ოდისევსი,
გამოცდილებით და სიბრძნით სავსე,
კვლავ დაუბრუნდა მხარეს მშობლიურს!

ეჰ, როდის ვნახავ კვამლის დინებას
ჩემი პატარა საკვამურიდან,
ეზოს, ასე რომ საამურია
და ზვრებზე მეტად მეწადინება?

რომის სასახლეს მე მირჩევნია
ქოხი, მშობლით რომ შემომრჩენია,
მარმარილოებს – თხელი ფიქალი,

მე ვამჯობინე ლუარა ტიბროსს,
პალატინს ჩემი სოფელი მიჯობს,
ზღვის ჰავას – ანჟუს მსუბუქი ქარი.

1558

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ლიტერატურული გაზეთი", სექტ-ოქტ 2012
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015
"პოეტური თარგმანის ანთოლოგია" 2017

Admin likes this post

Back to top Go down
https://www.youtube.com/user/jakvashe/videos
ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე

Male
Number of posts : 10
Age : 45
Location : France
Job/hobbies : Traduction
Humor : :D
Registration date : 05.12.20

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptyMon Dec 07, 2020 3:09 am

მაჰმუდ დარვიში

დედაჩემს

დედაჩემის პური მენატრება,
დედაჩემის ყავა,
დედაჩემის ალერსი...
და დღითი დღე,
ბავშვობა იზრდება ჩემში,
და სიცოცხლეს ძვირად ვაფასებ, რადგან
თუ მოვკვდი,
დედაჩემის ცრემლების შემრცხვება!

თუ, ერთ დღეს, დავბრუნდი,
შენი ქუთუთოების მზის ქოლგად მაქციე.
ძვლები შენს უმწიკვლო ქუსლებქვეშ გაფენილი ბალახით შემიმოსე.
ნაწნავზე მიმიმაგრე,
კაბის ბოლოდან გამორღვეულ ძაფზე...
და მე ალბათ ღმერთად ვიქცევი,
ალბათ ღმერთად,
თუ შენს გულს ახლო გავუვლი!

თუ დავბრუნდი,
მორივით,
შენს ბუხარს შემიკეთე.
და თოკად გამაბი
შენი სახლის სახურავქვეშ...
ფეხზე ვერ ვდგები
შენი დღიური ლოცვის გარეშე.
დავბერდი.
ბავშვობის ვარსკვლავები ჩამომიწყვიტე
და მე მათ, დასაბრუნებელ გზაზე,
ბარტყებს გავუზიარებ...
შენი მოლოდინის ბუდეში!

1966

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

(არაბულიდან ელიას სანბარის თარგმანის მიხედვით. კრებულიდან "ჩვენ დედამიწა გვევიწროება", გალიმარი 2000)

"ახალი საუნჯე" n°1 (31), იანვარი 2016
Back to top Go down
https://www.youtube.com/user/jakvashe/videos
ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე

Male
Number of posts : 10
Age : 45
Location : France
Job/hobbies : Traduction
Humor : :D
Registration date : 05.12.20

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptyMon Dec 07, 2020 3:14 am

პოლ ვერლენი

კაბარეთა ხმაური

კაბარეთა ხმაური. ტროტუარის შლამები.
გაძარცული ჭადრები, ავდრით განაწამები.
ომნიბუსი ჭრიჭინა, ძლივს რომ იჭერს ბორბლები,
რკინის კორიანტელი, ლაფით დანადორბლები,
ზანტად რომ მიხრიგინებს, წითელ-მწვანე შუშებით.
წევა-წევით, კლუბისკენ მიმავალი მუშები,
ჟანდარმების ცხვირის წინ ახრჩოლებულ ნაღვერდლით.
ნესტი სახურავიდან კედლებს ჩამონაღვენთი.
ქვაფენილი დამსკდარი და ზედ გუბე მრავალი.
- ასეთია ჩემი გზა, სამოთხისკენ მავალი.

1870

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
Back to top Go down
https://www.youtube.com/user/jakvashe/videos
ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე

Male
Number of posts : 10
Age : 45
Location : France
Job/hobbies : Traduction
Humor : :D
Registration date : 05.12.20

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptyMon Dec 07, 2020 3:19 am

არტურ რემბო

ჩემი ბოჰემა

მე, გამორღვეულ ჯიბეებში მუჭებჩარგული,
მივაბიჯებდი. შესაშური მემოსა მანტოც.
მივდიოდი და მუზავ, შენზე ვფიქრობდი მარტო!
ო! რა ბრწყინვალე სიყვარულით მიძგერდა გული!

გზად, ერთადერთი, გახეული შარვლის ამარა,
მე, მეოცნებე ცეროდენა, ვიყავ გართული
რითმვით. "დიდ დათვზე" მომელოდა ბინა-ფარდული
და მოშრიალე ვარსკვლავების მეკრა კამარა.

საღამოობით, სექტემბერში, გზის პირას მჯდარი,
მე მათ ვუსმენდი, როცა, მძლავრი ბახუსის დარი,
მეამებოდა შუბლზე ცვარი - ჩემი დობილი;

როცა, რითმვისას, მეხვეოდა ჩრდილთა ფანტასმა
და ჩემს გაცვეთილ ფეხსაცმელზე ვჭიმავდი თასმას,
ვით ქნარზე - სიმებს, ცალი მუხლით გულს მიყრდნობილი!

1870

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ლიტერატურული გაზეთი", სექტ-ოქტ 2012
"აფინაჟი", 2020 I-III
Back to top Go down
https://www.youtube.com/user/jakvashe/videos
ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე

Male
Number of posts : 10
Age : 45
Location : France
Job/hobbies : Traduction
Humor : :D
Registration date : 05.12.20

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptyMon Dec 07, 2020 3:30 am

ბორის ვიანი

ბიზნესი

წინათ ვყიდდი იებს,
ლამაზს, ნაირნაირს,
ვაფასებდი იაფს,
ვერ გავყიდე მაინც!
მაკრატლებიც ვცადე,
სარკე-სავარცხლებიც
და ნაკრებიც დავდე
დახლზე სამართებლის.
ტვირთსაც დავათრევდი
დაღმართების ჩავლით
და სკამ-სავარძლებიც
მიტენია ჩალით.
შევეწირე ლამის
მიუღწეველ მიზნებს...
მაგრამ ბოლოს, ნამდვილს
მივაგენი ბიზნესს! –

პარიზის ქუჩებში ვაქროლებ "კადილაკს",
მსახურებს დიდ ხელფასს ვაძლევ,
ყოველი ჟანდარმი ჩემი ძმაკაცია,
ცხოვრების მოვედი აზრზე:
ქვემეხებს ვყიდი!
მაქვს ყველა ფერის,
პატარა, დიდი,
მოკლე თუ გრძელი...
მყიდველი ბევრი ჰყავს ამ ძვირფას ინსტრუმენტს.
– ბავშვს უარს ნუ ეტყვით, თუ ქვემეხს ისურვებს!
– იყიდეთ ქვემეხი!

დაიკავეთ რიგი,
სადაც ლულა ელავს!
მისი ჭურვით ირგვლივ
გადავბუგავთ ყველას.
ნაცარტუტად ვაქცევთ
შენობას თუ ქუჩას,
გამოჩნდება საქმე,
დასაქმდება მუშა,
ოჯახს შექმნის ტკბილად,
ეყოლება ბავშვი,
სახელმწიფოს მიმართ
არ დარჩება ვალში –
წამოჩიტულს, მყისვე
ომში გაისტუმრებს.
ბიჭიც, სიმღერ-სიმღერ,
შეაკვდება ჭურვებს!

ქვემეხზე იმდენი მივიღე დაკვეთა,
წითელზე, თეთრზე თუ შავზე,
რომ მესაფლავეებს აეწყოთ საქმე და
თავად კი აღმოვჩნდი მშრალზე –
ყველა კლიენტი
ჭურვს შეეხეთქა
და დავრჩი კენტად
ჩემს ქვემეხებთან...
და თავი მგონია კოშმარულ სიზმრებში...
ხალხს ვეძებ! ხელიდან მეცლება ბიზნესი!
– იაფად ქვემეხი!

1955

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"ლიტერატურული პალიტრა", იანვარი 2013
"ფრანგული შანსონი", ინტელექტი 2015
Back to top Go down
https://www.youtube.com/user/jakvashe/videos
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptyFri Dec 18, 2020 12:20 pm


ბაჩანა ჩაბრაძე - ამაოება ამაოებათა
•Dec 18, 2020

ამაოება ამაოებათა
© ბაჩანა ჩაბრაძე
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

ბაჩანა ჩაბრაძე

ამაოება ამაოებათა

წარსული მომავლით დაობლდა.
ტყუოდა, ვინც მასთან დავობდა,
იმ დროის ხახაში დაობდა
ებანი.
არ არის ვარსკვლავთა და-ძმობით,
ქიმერულ ღამეთა ანცობით
და უბედურებით ნაცნობი
შვებანი.
მიწაზე, სიცივე მწვერვალთა
რად იყო უდაბნოს ღელვა და
აღგზნება ცეცხლების ელვათა
და მეხთა?
ოაზისს საიდან მოველი?!
აქ არის ამაო ყოველი!
სუყველა დარდჩამომთოველი
დამიხვდა.
ქარია ჩემი, თუ სულია,
დამთავრდა და გარდასულია.
სიზმარიც დაიმსხვრა სრულიად
ლანდებად!
მათოვდა - მაწვენდა, მაწვიმდა...
გაცივდა, უდაბნოც გაცივდა.
ისიც, რას ტკივილი გაცრიდა,
მადნება.
და შენიც აიმღვრა თუ ყურე,
სანამდე გინდა, რომ უყურო -
მსოფლიო უთვალო, უყურო
ხარობდეს?!
იღვრება შხამად და გესლებად!
მე მისთვის აროდეს მეცლება,
ჩემთანაც არ შემოესვლება აროდეს.
მაღლიდან დავცქერი დაბლარებს -
ვინ - ქვესკნელს, ვინ ზესკნელს აბრალებს...
და თოვლო, შენც ვეღარ ნაპრალებს
დამითოვ.
მე მართლა ვერავინ გამიგებს,
ვერც - კაცი, ვერც - ბედის გამრიგე.
ავიგე, სამყარო ავიგე
ამიტომ!
ყოველი რომ გა-ა-ათასდა,
ნაპირს კი ვერავინ გადასცდა,
ვინ იცნობს შორიდან მართლაც და
გარიყულს?!
და თუმცა მსოფლიოს მოედო,
რომ უფალს სჭირდები ნოედო,
დუმილი! კრინტიც კი, პოეტო,
არ იყოს!

***
Vanity to ignore
The verse by Bachana Chabradzé (in Georgian)
This clip is made with: Nocturne in B-flat minor, Op. 9, No. 1 - Played by Vadim Chaimovich.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/tEXonGImNB4

ბაჩანა ჩაბრაძე 00-bac10

ბაჩანა ჩაბრაძე Ria10

ბაჩანა ჩაბრაძე Sa10


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე

Male
Number of posts : 10
Age : 45
Location : France
Job/hobbies : Traduction
Humor : :D
Registration date : 05.12.20

ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე EmptyWed Jan 06, 2021 1:08 am

იზაბელ სოჟფერი

იყიდე ქვემეხი

ნახე ეს თოფი
და დამბაჩები! -
მე ამით ვერთობი,
შარმია ეს ჩემი.
ლულების მიბჯენას შენს შუბლზე ვაპირებ!
რა, არ იცოდი, რომ მე ვარ ვამპირი?!
აი, მიზანშიც ამოგიღე!
დამწყებს ჰგავხარ... ბოლოს არ მოგიღებ.
მარტო ხარ? თუ გული სხვისკენ გაგირბის?
ხარ კი საჩემო კალიბრის?
ნეტა, თუ გიყვარს თოფით თამაში და
დაშნის ამოღება ქარქაშიდან?
არ გინდა, სასახლეში მეწვიო,
დაათვალიერო კოლექცია? -
მაქვს ათეულობით პისტოლეტი,
მგონი - ტანსაცმელზე მეტი.
შარმს ვარიგებ, რადგან ფასი არ აქვს!
სამაგიეროდ, ვყიდი იარაღს.
და თუ მიმეგობრებ, მაშინ
ერთ თოფს დაგითმობ დაბალ ფასში!

მოდი ჩემს მყუდრო მიდამოში
და სასხლეტებით ითამაშე!
ნუ დარდობ, ჩავკეტავ ბარაბანს.
თუ მოგწყურდა, იქვე, ბარი მაქვს -
რაც მოგესურვება, აჭაშნიკე!
გაჩვენებ ჩემს ძველ "კალაშნიკოვს"
და გული რომ არ გეტკინოს,
"კარაბინსაც" გაჩვენებ არგენტინულს -
იმდროინდელს, როდესაც "ვოლვერის"
მღერას სჭირდებოდა რევოლვერი!
"Volver ! Con la frente marchita, las nieves del tiempo…" 1

ომიანობისთვის, ვინახავ "ლიუგერს" -
მტერს საკადრისად მიუგებს!
ჩუმად მოპარვას ვინც ეცდება,
იმისთვის მზად მაქვს "ვინჩესტერი".
მაგრამ "სმიტი და ვესონით"
არ მინდა, რომ ვინმეს ვესროლო.
რინგზე კი, არ არის ურიგო
ჩემი ლამაზი "ბრაუნინგი".
გაქცევისას, თუ მუხლი დამემტვრა,
მზად მაქვს "P38".
სხვა შემთხვევებისთვის კი აქვეა
ჩემი ერთგული ტყვიამფრქვევი
და ზოგჯერ - დიდხანს რომ არ მოვცდე -
არც მეტი, არც ნაკლები - ყუმბარმტყორცნი.
ხოლო, როცა ვხვდები შენნაირ ბელ-ომს,
ვიყენებ მხოლოდ "პარაბელუმს"!

მაგრამ თუ, კარს უკან,
დააძრე "ბერეტა",
მექნება "ბაზუკა",
კოხტა და ფერადი...
ძაღლი ხარ? ყაჩაღი? - ვერ მივხვდი ერთი ნახვით!
ზოგიერთივით, შენც ხომ არ ხვრეტ?
"ვხვრეტ და ვხვრეტ, ვხვრეტ და ვხვრეტ, ისევ ვხვრეტ და ვხვრეტ..." 2
მიფრთხილდი, ბლომად მაქვს ვაზნები
და არ ღირს ჩემი გაბრაზება.
იცოდე, თუ გაცხარდა ეროსი,
მეც მოთმინების კენწეროზე
ავდივარ და ვისვრი "კოლტიდან"! -
მერე ნახავ თანატოსთან კოტრიალს!
თუ მომკლავ, მოკვდები თავადაც.
ეს არის გამოწვევაც და თავდაცვაც.

იმის ნაცვლად, რომ დაგიმიზნო,
არ გინდა, ყველაფერი დაგავიწყო?!..
ერთ ჯერზე, რამდენ ტყვიას ისვრი?
მათხოვე თოფი, მე აგიხსნი...
და როცა სროლით გულს ვიჯერებთ,
თუ კვლავ მოგწყურდა ტყვიის ჩქერი,
არც ცეცხლს შეუშინდი, აღარც დაღლას,
ქვემეხს გაჩვენებ ახალთახალს!
"იყიდე ქვემეხიიიი!" 3

და თუკი, ერთ დღეს ან ერთ ღამეს,
ამ ცელქობისთვის დამაკავეს,
მსაჯულთან თავს იმით გავიმართლებ,
რომ ერთი ნახვით გამივარდი!

2014

თარგმანი ფრანგულიდან და შენიშვნები: ბაჩანა ჩაბრაძე

1. კარლოს გარდელის სიმღერიდან "Volver"
2. სერჟ გენსბურის სიმღერიდან "ბილეთების გამხვრეტი"
3. ბორის ვიანის სიმღერიდან "ბიზნესი"

პროექტიდან: "მიწოდე პოეზია" - პოეზიის პირველი ფრანკოფონური ვებსერია, რომელშიც თანამედროვე ფრანგი პოეტები, მცირე ზომის ვიდეოებში, საკუთარ ლექსებს კითხულობენ. ვებსერიის მიზანია პოეზიის მიწოდება ფართო მსმენელისთვის.

Admin likes this post

Back to top Go down
https://www.youtube.com/user/jakvashe/videos
Sponsored content




ბაჩანა ჩაბრაძე Empty
PostSubject: Re: ბაჩანა ჩაბრაძე   ბაჩანა ჩაბრაძე Empty

Back to top Go down
 
ბაჩანა ჩაბრაძე
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: