ავთანდილ ჩხაიძე
* * *ვარ რეჟისორი, მე დავწერე თვითონ სცენარიც,
ჯერ სათეატრე არ დამდგარა ჩემი სეზონი.
წამლეკავს ცივი გარდასახვა – მოუსვენარი
და ვქმნი სიჩუმეს, როგორც ქმნიდა ნახატს სეზანი.
გაინაწილეთ ტაშისცემა – ღიმილი ყალბი,
ღირს საშინელი შეშინება ამ ერთ ღამედაც...
ჩონჩხიან გვამით მოჩვენება მიწისკენ გარბის,
სასახლის კართან უკვე მიცდის ლურჯი კარეტა...
მხოლოდ მუსიკა... ქარიშხალი და ცხელი ვნება!..
საქსაფონებო, ღრუბლებისკენ აიღეთ გეზი!..
ვარდები გულზე!.. მე ავდივარ დაუბრუნებლად–
სუყველასაგან შეძულებულ ცხოვრების გემზე...
რჩებით დარბაზში და ანტრაქტზე მიხსენებთ მხოლოდ
(ო, როგორ ბრწყინავს გირლიანდა – ჭაღები ბროლის)...
ქუჩის სცენაზე დავეცემი რაღაც უგონოდ–
თქვენ ამ სპექტაკლში არ გეკუთვნით არც ერთი როლი!
* * *
ცა უთელავთ ფეხქვეშ ლომებს,
მიწა – ავად მუსაიფობს.
ჩემი დიდზე დიდი ომი
ჩემი ღმერთთან მისვლა იყო!
სათქმელს ვინღა მიიოლებს,
სულს – ეჭვები რაღად მიყოფს?..
ჩემი დიდზე დიდი ომი
ჩემი ღმერთთან მისვლა იყო!
* * *
სიკვდილსაც დავიწყებიხარ...
მე მივავიწყდი დღეს ქვეყანაზე
ყველას... ყველაფერს... სუყველა კვირას.
ყველა ნაკიან წელსა თუ თვეებს,
დროსა და ქვაში ჩამალულ კილვას;
განკიცხვას... დუმილს... მოლოდინს... განცდას–
დაცხრა წუხილი დალეწილ გზებთან
და ჩემს კარებთან მზეგამომშრალი,
ფრთებდაჟანგული ყორნები სხედან.
არავინ მოდის... მე შევეჩვიე
ჩემს სიმარტივეს და გახუნებას.
მე შევეჩვიე სახლიდან გასვლას
და დიდი ხნობით არდაბრუნებას.
შევქმენი მცირე სამყარო – ქოხი
და მოგონება დავანთე ცეცხლად.
ვუცდიდი უფალს და ხორცდაფლეთილ
ტანზე ეკლების სამოსი მეცვა.
ვისთვის ყველა დღე სიბნელე იყო
და ვისთვის ღამეც იყო მზიანი! –
ასე ველოდი და სამწუხაროდ
მეორედმოსვლა დავაგვიანე!..
და თუ ოდესმე, ვინც ჩამოივლი
საფლავთან, სადაც კვლავ ფეთქავს გული:–
შეჩერდი, მგზავრო! – აქ ასვენია
სიცოცხლე – შენგან დავიწყებული!
* * *
მალე დარეკავს წასვლის საათი,
ლოდინს არ უყვარს დროის დანდობა.
ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის,
ყველაფრისათვის გიხდი მადლობას!
აწეულია ბოლო სასმისი
და საზეიმო დაცლას ვუნდები.
როგორც ზამთარში მკვდარი დაისი,
სულში ეცემა ყინვის გუნდები.
ფიქრი, ბრმასავით, სიჩუმეს დათვლის,
თვალებახვეულ იმედს ენდობა.
ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის,
ყველაფრისათვის ვითხოვ შენდობას!
დღეს დაბადება დიდი დამკვიდრდა,
თვითონ სიკვდილიც გაფითრდა რადგან
და ღვთისმშობელის თბილი კალთიდან,
ალბათ, ახალი იესო ადგა!..
ფარფატებს შუქი ჩამქრალი სანთლის–
უკვე იწყება ღამის ნათლობა...
ყველაფრისათვის, ყველაფრისათვის,
ყველაფრისათვის გიხდი მადლობას!
ვაგინებ სტრიქონს
ვაგინებ სტრიქონს სისხლით დაწერილს,
ვწვები ადრე და ვიღვიძებ გვიან...
დავცინი სიზმრებს – ავად დაწყევლილს,
ვკოცნი სამყაროს – ასე ნაგვიანს.
ხმაური მაინც ჩამითრევს ბილწი
და მხიარულად ქუჩას ვეხლები.
როცა საღამო თვალებში იწვის, –
გამექცევიან სუსტი ფეხები!
რომ ჰქვია, ვითომ, უბრალო ფითრი,
ისიც კი ჩემგან მიიფხორება...
რა არის ნეტავ – სულელი ფიქრი, –
სად მე და ასე – ცივი ცხოვრება!
გაორება
შურმა ნისკარტით
ჩასისხლა – კვეხნა
(არ შეუძლია
მოძმის გატანა)!..
ვხვდები, რომ შექმნა
პოეტი – ქვეყნად,
ცოტა – ღმერთმა და...
ცოტა... სატანამ!
გარდაცვლილ მეუღლეს
მე ხომ ყვავილივით გაგასვენე
(სიზმარშიც ლანდიც – ნათელაა!) –
შემეშვი, შე ქალო, დამასვენე...
ისედაც ყველაფერი ნათელია!
ცხოვრება ლამაზად ჩავლილია
(ტყისპირას ელოდება შველას შველი)! –
იმგვარი ალერსით ჩავილიე,
რასაც რომ ჰქვია... შვილიშვილი.
ბაბუ! – გამაღვიძებს (მძინავს ვითომ!) –
ქუთუთო ქვასავით დამიმძიმდა.
დამბღავის ქარი მინარეთით,
როგორ შევაჩერო წამი წმინდა?
ბავშვები – ასაკით მოგეწიენ,
ბავშვები უკვე... დიდებია!
ცხოვრება ჩემი – მოკლე წრეა,
ლექსები გულთან... ჩერდებიან!..
მაცალე ცოტახანს – დროს გავართობ
(სიზმარშიც ლანდი – ნათელაა!)
და მერე, ვიცი, შენც გაგათბობ...
ისედაც ყველაფერი ნათელია!
ზოგადად: მეუღლეს
გასაუბრება ხუმრობით
ვაჟი:
მოგიძღვენი მიხაკები
და ვარდები... ოხვრა.
მზეს თან გაჰყვა ჩემი სული
და ტკივილი... ოხრად!
. . . . . . . . . . . . . . . . . .
იქ მთავრდება სიყვარული,
იქნებ ლამის... მეცხრედ, –
როცა ჩემი ჭუჭყიანი...
წინდა გამირეცხე!
ქალი:
მოგიძღვენი გული ჩემი,
ტანი ჩემი... თოვლი!
შენ გიყვარდა შენი ლექსი –
„უპირველეს ყოვლის“!
იქ მთავრდება სიყვარული,
იქნებ ლამის... მეცხრედ, –
როცა ენა და კალამი,
ერთად აილესე!
* * *
ხუმრობით
ჩამწერეს მავნე პოეტთა
და ჯიბგირების სიაში...
და დედამიწამ დარეკა
შვაღამით... პოლიციაში!
ვის რას ვუშავებ... ვსვამ ლექსებს –
ქეთი მეშლება... ლიაში.
შე ცუდო ღამევ და მთვარევ,
რად რეკავ პოლიციაში?!.
სასაფლაო
სურათი
დატრიალდა ზამთრის ღამე, როგორც თეთრი მორევი–
არვინ არის, დედამიწავ, ალბათ, შენი მომრევი!..
როგორც იტყვი, რასაც იტყვი – თქვი უბრალოდ, გლეხურად:
ხომ არ ჯობდა ესე თოვლი გულზე გადაგეხურა?..
და პატარა, სულ პატარა, პაწაწუნა ბავშვები –
შენს გულმკერდზე – გორაკებზე, შენს მკლავებზე,
– დაშვებით,
შეგაჩვევენ გამოხედვას... მოფერებით, ალალად...
დაგარქმევენ სასაფლაოს – უფროსების სამალავს!
* * *
კი, მივდიე ამ ცხოვრებას,
ხან რა ბედით, ხან რა ყოფით...
მაგრამ ისევ მემუქრება
ჩემი სისხლის განაყოფი.
გაგიმარჯოთ, წვეტიანო,
მოწეულო ზურგში ქვებო!..
მიწევს სადღაც ჩაძაღლება
ჩამოზვინულ ხიდის ქვემოთ.
ვერ მივმხვდარვარ რა შევცოდე,
ანდა რაში მედო ბრალი?
მყავდა ერთი დიდი ღმერთი
და ცამეტი მეგობარი.
ვშლი ქვაღორღებს და მღვიმიდან
ამომცქერის მდარე ღამე...
შენ გგონია მე დავმარცხდი? –
მე, უბრალოდ, დავიღალე!
/ლიტერატურული საქართველო 2013 N64/