არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ავთანდილ ყურაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySat Oct 03, 2020 11:37 pm

ავთანდილ ყურაშვილი Avtand10
Avtandil Kurashvili

ავთანდილ ყურაშვილი
მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე

დაიბდა 1943 წელს.

წიგნები:
* გამოჩნდა მიწა : [ლექსები] / ავთანდილ ყურაშვილი ; რედ. გრ. ჯულუხიძე ; მხატვ. ა. თოდრია. - თბ. : მერანი, 1976. - 60 გვ. ; 17 სმ.. - 2000ც.[MFN: 20268]
* ნობი : [ლექსები] / ავთანდილ ყურაშვილი ; რედ. ნ. ხომერიკი ; მხატვ. ო. ქანდარია. - თბ. : მერანი, 1981. - 111 გვ. ; 17 სმ.. - 3000ც.[MFN: 20269]
* რკინის ყვავილი : [ლექსები] / ავთანდილ ყურაშვილი ; რედ. თეიმურაზ ლანჩავა ; მხატვ. გურამ დოლენჯაშვილი. - 1-ლი გამოცემა. - ქუთაისი : საბჭოთა საქართველო, 1978. - 76 გვ. ; 15 სმ.. - 2000ც.[MFN: 20271]
* სიზმარ-ბალადა : [ლექსები] / ავთანდილ ყურაშვილი ; რედ. თეიმურაზ ლანჩავა. - 1-ლი-მე-2 გამოცემა. - ქუთაისი : საბჭოთა საქართველო, 1983. - 207 გვ. ; 14 სმ.. - 10000ც.[MFN: 20273]
* სინათლის ნაპირი : [ლექსები] / ავთანდილ ყურაშვილი ; რედ. ა. გურჯიძე ; მხატვ. დ. დუნდუა. - თბ. : საბჭოთა საქართველო, 1974. - 52 გვ. ; 16 სმ.. - 2000ც.[MFN: 20275]
* ცდომილთა დღესასწაული : რომანი / ავთანდილ ყურაშვილი ; რედ. ტ. ჯანხოთელი ; მხატვ. ო. ქანდარია. - ქუთაისი : საბჭოთა საქართველო, 1986. - 332 გვ. ; 21 სმ.. - 15000ც.[MFN: 20276]


ბმული:
* https://www.facebook.com/people/ავთანდილ-ყურაშვილი/100009384535392
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ყურაშვილი%20ავთანდილ

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:00 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
მადლობა, ღმერთო,
რომ მაძლევ სიტყვას,
რომ მაძლევ ძალას, სიტყვით ვიხარო,
რომ ჩემი მტერი,თავში თუ მირტყამს,
არ შევიძულო და შევიყვარო...

ძვირფასო ძმებო,
ცრემლით ვწერ სტრიქონს,
ნუ დააყოვნებთ,მოდით,ვუგალოთ,
ვუყვარვართ უფალს,
სხვას არას ითხოვს -
გულით ამოთქმულს,
წრფელს და უბრალოს..

მშობელი იგი,მშობი ყოველთა,
ნათლისმფრქვეველი უღრან ღამეშიც,
თუ გიპოვიათ, ჩვენ,უპოველთა
შეგვინაწილეთ ამ სიამეში...

უფუარობის დღეების სიბრძნე
არ ანაღვლებდა,თურმე, ჰეროდეს,
უბრძანა: "პეტრეს მიეგოს ციხე,
იუდეველნი ხვალე მელოდენ"...

ვივიწყებ მრავალს,რაც უკან დარჩა,
არ ველტვი იმას,რაც ჩემს წინ არი! -
სამარის მიწა, ლაჟვარდის ფარჩა,
საფლავის ქვა და ირიბი ჯვარი...

თუმც, არ მთავრდება ამით ყოველი,
ის, უცნაური,უჩინარი და აუხსნელი,
ხელშეუხები,მიწისპირზე ჯერ უპოველი
და ცვლილებების
ცვლილებობით მარად უცვლელი
სულის გზა მელის,
წინ გიზგიზებს სვეტი ცხოველი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:02 am

ავთანდილ ყურაშვილი

არცთუ ძველი რვეულიდან

უკვე აღარავარ ოცის,
არც ორმოცის,
არც სამოცის;
წინკართან სიკვდილი მიცდის,
საცაა,ყელს გამომკოცნის...

ვთქვით,რომ საქართველო გვინდა,
თითქოს,კიდეც აგვისრულდა,
მაგრამ, არა ისე წმინდად,
მაგრამ,არა, როგორც გვსურდა;

აქეთ ჩრდილო, იქეთ საქსი,
უარესი - მტერი სახლშიც,
ცრუპენტელა,ფლიდზეფლიდი,
ასო-ასო აგვჩეხა და
ასე ნაწილნაწილ გვყიდის...

ვართ რჩევაში,
ვეძებთ პატრონს -
უმალ ბრძმედში რომ შეგვყაროს
და ხელახლა გამოგვადნოს...

ოდნავ-ოდნავ ვხედავ ნათელს,
თუ გვირაბის ბოლოს გავალთ,
მსურს,რუსთველის ვგავდეთ ქართველს
და არ ვიღაც ცვედან მავანს...

ვწუხვარ,
აღარავარ ოცის,
არც ორმოცის,
არც სამოცის,
შემომაცვდა ძვალზე ხორცი -
ჟამი დადგა გარდამოხსნის!..

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:04 am

ავთანდილ ყურაშვილი

სიზმარ-ბალადა

1
უუშორეს ვარსკვლავებს
ღამე მდორედ შეათოვს.
სოფლის ბოლოს ხარს კლავენ
და სანთელი კიანთობს.
რიყის ქვების გარშემო
შემოსხდომა ინებეს.
ხარკალიას წყალს ზემოთ
მწვადებს აშიშხინებენ.
ხარკალიას წყალს ზემოთ
თეთრი კოცონია
და ჩემს ტურფა სწორფერს
დევი მოსწოლია.
ვაი, ღამე მომპარეს
სატრფო უმხურვალესი.
დღეს არ, ხვალე მომკლავენ,
ძელგი ღვინით გალეშილს.
ხარკალიას წყალს ზემოთ
თეთრი კოცონია
და ჩემს ტურფა სატრფოს
დევი მოსწოლია.


2
ვაჰმე, ლარი შემწყდომია,
მშვილდი ვეღარ მომიზიდავს.
დევო, დევო, შვიდცოლიანს
რად გინდოდა ჩემი ციცა.
გაღმა თეთრი კარვებია,
ყველგან შენი ჯარი არი.
ვინ მიმუხთლა და შეგიხსნა
დერბენდი და დარიალი.
გვიან, როცა თმებს ივარცხნისმთვარე დახრილ მაყვლის ტოტზე,
მარჯვნივ დევი,
დევი მარცხნივ,
უკან დევის ბიჭი მომდევს.

ვაჰმე, ლარი შემწყდომია,
მშვილდი ვეღარ მომიზიდავს.
დევო, დევო, შვიდცოლიანს
რად გინდოდა ჩემი ციცა.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:05 am

ავთანდილ ყურაშვილი

მოხატული მთვარის ცრემლით

მივიწყებულ საყდრის ბჭესთან
თეთრი გოგო დალალს არხევს.
ღმერთო! შენი ტაძრის ფრესკა,
შენი მარიამის სახე...
მოხატული მთვარის ცრემლით,
სევდის უნაზესი ჩრდილით,
მარად ასე მოციმციმე,
სივრცის რკალით გადაჭრილი.
მივიწყებულ საყდრის ბჭესთან
თეთრი გოგო დალალს არხევ...
ღმერთო! შენი ტაძრის ფრესკა,
შენი მარიამის სახე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:06 am

ავთანდილ ყურაშვილი

იობი

იობმა ღმერთს შემომღერა,
თავის უფალს მადლი მისცა,
_ ათასი ბევრი მაწვალოს,
მე ვერ ვიტყვი
ღვთისა ძვირსა...
ხალხური
სისხლით მორწყული აი ეს გზა...
ბრძოლით დაღლილი
მივესვენები ბნელსა შიგან აყრილ ზმანებებს,
მშვიდობით, ჩემო სიმღერებო,
ცეცხლის ენები
დროშად ფრიალებს აგებული შუბის ტარებზე.
მზე ჩადგა. განა მართლა ღამდება,
ხმელზე ჩამოდის ცა მგლოვიარე,
მოაქვს ძილქუშით ტკბობა...
რა სალოცავში არ ვეგდე,
რა ხატი არ მოვიარე,
`სახლ-კარი გვივერანდება,
გველეშაპები გვმტრობენ~...
ავი, ბნელი და მღალავი,
პირმყრალი, ცრუ და მპარავი,
ჩემო ბებერო ფანდურო!
შავეთს ჩაგვლალავს დღესვე...
იქნება თეთრი სასახლე
სასახლე სულაც არ არი, _
ხმა ამოიღე, ოხერო!
ერთი წამოიკვნესე!..
ამდინარ-ჩამომდინარი
სოფლიდან გაცლას ლამობ;
აქ რაღას სტოვებ, მითხარი,
რა რჩება შენი ფასი...
არ მინდა, მოვკვდე მძინარი,
ყელ შეუმღერე ლარებს;
თუ სიკვდილია,
სიმღერით შევხვდეთ ქაჯსა და მაცილს...
არც ძირი, არცა ნაპირი,
ცრემლის წყარონი დიან...
სიტურფე სიიაფითა
მალი-მალ ჩაჰყრი მძივებს;
წამერთო ამოსახედი,
პირზე გადამდის ქაფი,
რა ჭირად ჩამომახურე
ლაჟვარდოვანი მღვიმე.
ხევიდან ამონაკვნესი
შეწურა, შედგა სვეტად.
კბილ-ბაგე გადაეფურცლა,
ცა აამტვრია ღამის...
ამ სისხლის სამოსელიდან
შენ ერთს _ მშვენიერს გხედავ,
ამ სისხლის სამოსელითა
რისთვის დამსაჯე, დედავ!
არ ყოფილიყო ნათელი,
არ იქნებოდა ბნელი;
არც მშვენიერის მშვენება,
არც უნაზესზე ნაზი...
ენა სველია, მაცდური
და ბევრი ცოდვის მთქმელი, _
ნეტამც არ გავჩენილიყავ,
არ მევლო ქვეყანაზე.
ურგები, უპატიური,
ნაკერი შენი ხელით,
ტანზე მერღვევა პერანგი _
ცეცხლი, ქარი და მტვერი...
მიწი-მიწ ჯვარი მიმყვება, _
ხმელეთი იქცა იობად...
როგორ მიყვარხართ, ბრიყვებო,
მშვიდობით კაცობრიობავ!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:08 am

ავთანდილ ყურაშვილი

თეთრო ქალავ!

ქალაქს გადირკალავს
წელი მდინარისა...
ვაი, თეთრო ქალავ,
გაუცინარისავ!
იქნებ ზღაპარიდან,
იქნებ იგავიდან,
ნავენახევიდან,
ნასათიბარიდან...
მიმოითოვლები,
მიმოედინები,
მწიფვა ბაღებისა,
მწიფვა ჯეჯილების.

ქალაქს გადირკალავს
წელი მდინარისა...
ვაი, თეთრო ქალავ,
გაუცინარისავ!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:19 am

ავთანდილ ყურაშვილი

ვ ი რ წ მ უ ნ ე, სიტყვა დროის პირმშოა

იხუთებიან ჩემი ლექსები წიგნში,
ვერ დააღწიეს წიგნის სამარეს თავი...
ვინ ახსნას,
ქვეყნად რის მისაღწევად ვიშვი
ან გულისგულში
ვის გასაგონად ვბღავი.

მამცნე,მო, მამცნე,
რაც არასდროს ჭკნება და ჰყვავის,
გვიხმობს:
არათუ გვეშინოდეს,გვიყვარდეს კიდეც..
გმადლობ,მხოლოო,
მდუმარებით საცნაურჰყავი,
შენი ცრემლია მზე,
სამყაროს რომ დაჰგიზგიზებს...

სულ რომ უყვარდი,
ახლა ჩემში ის ბავშვი ტირის,
ჩემშია იგი,
ჩემშივ იქმნა, ჩემში იშობა,
ის,გულის მღვიმეს
შეხიზნული პაწია მწირი,
ნაზიარები
გადაცრეცილ მარადისობას...

დროა ისეთი:
არც სინათლე, არც სიბნელეა,
ვიგრძენი, რაწამს
უხილავი შემეხო ხელი,
მომესალბუნა,
მომეფინა მკერდზე ნელიად
ის,ბუნდოვანი
ნეტარების უნები მთხზველი...

დაიდგრიალა,
შეჰკივლა და გახვრიტა ტვინი
მატარებელმა:
მუხრუჭებმა და გოგორებმა...
ცით მომჭვირვალემ
გადახრილზე აკრიფა ჩრდილი,
გამომიღვიძა
აწყოფილის რამ მოგონება:

ნეტავ, შემეძლოს,
იმ კვამლს ავყვე,ცაში რომ ადის...
რა გულისაა
სიახლოვე-სიშორე ხვამლის...
სივრცეს ატოკებს
უცხო-უცხო ძალის ხომალდი,
ნასთის ძაფივით,
უკან რჩება ფათფათა კვალი...

არა ვარ ისე, რომ უნდა ვიყო,
საკუთარ თავის თვითონვე მიკვირს:
გამახსენდება- თვალს ცრემლი მიპობს,
გამიხარდება და გული მიმდის.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:22 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
ვფიქრობ საქართველოზე,
კიდევ უფრო - იმ დროზე...
ღელეებზე, ტყეებზე,
ყვავილებზე, მინდორზე;

ცათაშიგან მომწყვდეულ
მოგორგორე სერებზე;
მწვერვალებზე, ქედებზე,
ქორებზე და ძერებზე;

სამოთხეზე,ედემზე,
ადამებზე, ევებზე,
კიდობანზე, მტრედებზე,
ეშმაკებზე, დევებზე;

მონობაზე, ყმობაზე,
ოქროებზე, ფულებზე,
აწმყოსა და მყოფადზე -
ჩვენს დახეთქილ გულებზე...

ზნეობაზე, ქცევაზე,
ხასიათზე, ნებაზე...
ხალხთა მიმოქცევაზე,
კაცთა აზროვნებაზე...

ბაზაზე და ბაზარზე -
ბაზრის გაკეთებაზე...
ღირსეულის ლანძღვაზე,
უღირსის ღირსებაზე...

იმაზედაც უფლება,
ამაზედაც უფლება,
გაუ... თავისუფლებას,
მაგრამ კუჭს არ უხდება...

პლანეტარულ გმობაში,
პლანეტარულ რყევაში,
მიჯექ - მოჯექობაში
და გზის რჩევა-რჩევაში

ვხედავ, ცა იქუფრება,
ხელი ღრუბლებს ეხება...
ხომ არ დაიღუპება,
ხომ არ გადიჩეხება,

უფლებით უუფლებო,
ყველა ცოდვის მტვირთველი,
მიყვარს თავისუფლება,
მომწონს თავისუფლება
მშიერი და ტიტველი ...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:24 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
ამ უსურვილო
ღამეების ბნედითი ბნედა
განმეორდება
ისევ ისე ცეცხლისფენებით,
ამოტანჯულხარ ჩემს თვალებში
და თვალთა ზედა
უსამოსელო,სამოსელით მოიმტვერები;

მოიმტვერები,
იაგუნდის მკერდს მოიბნელებ,
რა მშვენიერი,
რა ლამაზი იცი სიკვდილი,
ერთხრლ გიხილე,
ამოჰყევი ვარსკვლავთა ღელეს
უსახურობით სახიერი და ფერმიხდილი;

ლაჟვარდებიდან ამოჰყევი ვარსკვლავთა ღელეს,
შეღონებული,ნათლიერი,
ნათლით ნათლული,
და თითქოს შროშნებს,
ყელმოწყვეტით მიქნევდი ხელებს,
აქაფებული წყვდიადიდან ზეაღმართული...

რა დამღლელია
უკვდავების უსასრულობა
უძირობიდან
წამოსული შუქის მორევით...
ახარბებული,
დაქსაქსული დაქსასულობით
უბადრუკია
ჩემი ლტოლვა განმეორებით;

უბადრუკია
სული ჩემი მარად მგლოვარი, -
მოძრაობიდან
მოძრაობის იქეთ მეგულვი...
განკაფულია
თვალი თვალით ნაკლულოვანი,
განკაფულია
გული გულით გაქვავებული.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:26 am

ავთანდილ ყურაშვილი

თრიალეთი

ელამუნება მტკვარი შუშუნით
ზედ თრიალეთის გარუჯულ კანჭებს...
სერებს კი ასდევს ფერი თუთუნის -
ხმელი თუთუნის - ასდევს და ასდევს...

ღვთის ფუნჯის ერთი გაქნევაც ჰკმარის,
პატარძალივით ააფანცქალოს
ეს მთები, ჩემი სამშობლოს მთანი
შეშტერებულნი ზესთა სამყაროს;

და ბალღობიდან მათ გვერდით მდგომი,
მზე მაწრთობდა და ნამი მნავდა,
ვცდილობდი, ზნენი სამამაცონი
მექცია ჩემად: მეჭაბუკა და მენავარდა...

აგერ სარქალიც,
ბობღიალას - უძღვის ფარას და
ამოდის მნათიც,
მღვრიე-მღვრიე ქედებს აუყვა,
აიჭრა - ცაში,
თითქოს, თონის ჭადი ავარდა,
მოათებოვა წყლისპირეთი, ჭალა, ჭალუკა...

რისთვისაც ვქმნილვარ,
სასწაული არის ჩემთვის ის...
რისგანაც ვქმნილვარ,
სამუდამოდ მას ვუბრუნდები...
და რაც შთამბერა
იგი რჩება,რჩება ღმერთისთვის,
ალალი იყოს,
შემქმნელს ჩემსას მადლობა ეთქმის.

დასაბამიდან აქ ვიყავი,
ახლაც ვბრიალებ -
ხოდაბუნების ქარვა კამკამებს...
კვლავ უნდა წავწვდე
ქედზე ნისლის იალ-კიალებს -
ანგელოზების ამ გრძელ-გრძელ კაბებს;

დღეს კი, დღეს,
მართლა,ხვითო ტრიალებს -
ძნა ძნას მიჰყვება და ულო-ულოდ
მზეს პირზე ოქრო ჩამოსთქრიალებს,
ვუყურებ,ვტკბები და ვსიყვარულობ...

ო, რა კარგია,არსებობ ერთი -
ჩემში რომ სწუხ და ჩემშივე ხარობ...
აიფრიალებს,
ამოიყრის ფრთებს თრიალეთი -
ამირანია,
გამობმული ნათლიის პალოს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:28 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
შენი გულია, - რა ძალამ ადნო ლექსად;
რატომ მგონია, რად მეჩვენება: მე მწერ;
მე მიხმობს შენი ხმადაგუდული კვნესა,
მე უნდა დავყვე
შენი მკლავების ქვესკნელს;

რა არის აღმა, როცა არ ვიცი დაღმა...
რა ცეცხლის იქით,
რა ყინვის აქეთ ვხვდებით;
მე გიყეფ - ძაღლი,
შენც იწკმუტუნე ძაღლმა,
ყეფა-წკმიტუნით
ყეფა-წკმუტუნში ვკვდებით,

არის კი რამე,
როცა გვგონია, დღეს ვართ?!
ან ვინ აღნუსხა,
სისხლის წვეთებით რას ვწერთ...
შემეძლო ფრესკად,
გადამეხატე ფრესკად,
მაგრამ რად გინდა,
ჯაჭვი შესცვალო ჯაჭვზე.

სიკვდილი არის ზეიმის ბოლო ყელი,
სიკვდილი არის
ბოლო სინათლე სრული...
შენ გადმოდიხარ,
როგორც კანიდან გველი -
ტანჯვით იწყება ცასზედა სიარული...

ჰა, თვალებს ვხუჭავ
და ეს ძაღლური გეში
ვერ აღუდგება
მავედრებელის სურვილს:
მიერთვას ეშმაკს
ჩემი დაღლილი ლეში,
შენ კი, შენ დაო, ჩემი სპეტაკი სული.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:31 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
უნაყოფობა დროში
დროით არის მარადი;,
უნაყოფობით გულარძნილი ვდნებით,ვდნებოდით...
აგე,ხმელეთი,
პირაშკმული რკინის ჯალათი,
შედეგი შენი უნაყოფო მეფეთმეფობის.

ამ ქვეყანაზე ,ნუთუ,არვინ არ მოიწყინა,
ამა ქვეყნიდან,
ნუთუ,ზეცად არავინ აღხდა...
განიპო ცაი,
შეჰყინდა და გამოიბრწყინა -
ვერვინ დააგდო მძორი თვისი სათრევლად ძაღლთა...

ის განეფინა,
ის განევრცო განვრცობის ძალით,
სიცარიელის ამობობღდა შავი ობობა...
ვცან,ერთადერთი საიდუმლო -
ჰგიეს ტაძარი,
უნაყოფობა,დროში დროით უნაყოფობა!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:35 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
სიტყვავ,შობილო გამოუთქმელად,
მოუხილავის,უსახურის მსგავსო მსგავსებით;
აგჩეხ-დაგჩეხეთ,ძელზეც გაგსვით,
რჩები უცვლელად,
მე შენ მოგმართავ
არსებითზე არა არსებითს:

მას შემდეგ,რაც კი
მიწის ზურგზე გაჩნდა სოფელი -
ღვნის ტრფიალი,
მუცელღმერთა,ბილწი და მრუში,
რა ექნა ჩვენს ძმას,
ის ჩვენი ძმაც გახდა მომლხენი,
სუფრისმოყვარე,
მონადიმე და მოძილქუშე...

ხორცის განცხრომა
აგერ-აგერ უხაზავს გარჯას,
ჩვენ,იობივით,
თითო-თითო შევრჩით საწუთროს...
წკრიალებს ოქრო,
ტანს ასკდება დიბა და ფარჩა,
ფუვდება ხორცი,
რაც დრო გადის, ფუვდება უფრო...

ის სივრცეებში კვლავ უმიზნოდ
და ბრმად დაცურავს,
ის ებრძვის სივრცეს,
გაჟღენთილი სისხლით და ოფლით...
თქვი,რა შთაბერე
შენს სახექმნილ თიხის კაცუნას,
რომ არად უჩანს
ჩამობმული კისერზე ლოდი;

რა,რა ჩაუთქვი
ნეკნის ძვალზე ასხმულ საფუარს -
ჩვენს დაიკოებს,
სათნო ქალებს მემთვრალე ლოთის...
ვერ გავცდით მიწას,
როგორც აკვანს ვერ ძლევს აღუა
და გვებრძვის იგიც,
ძვლებდახრული, ვით კაშალოტი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:44 am


ცირა ყურაშვილის ლექსების კრებულის ,,სამოთხის სარკმელი" წარდგენა ქუთაისში
•Jul 24, 2013

ქუთისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, პოეტის შემოქმედების შესახებ საუბრობს მწერალი, ლიტერატურულ ჟურნალ ,,განთიადის" მთავარი რედაქტორი ავთანდილ ყურაშვილი



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:49 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
აღარ დავრბივარ მინდორში,დედი,
აღარც ქუჩებში დავთარაყანობ...
ქაღალდზე ვწვები,ქაღალდზე ვდგები,
ქაღალდში ვწუხვარ,ქაღალდში ვხარობ;

ქაღალდის ჭიად გავმხდარვარ ლამის,
ნეტავი,დედა,ერთხელ განახა,
ჩემი ბიბინა ქაღალდის ზვარი
და შენი შვილი შიგ მევენახე...

საქმედ ვიქციე სიტყვასთან ბრძოლა,
სიტყვასთან შეყრა,ჭიდილი ბნელთან..
ქაღალდის დიაცს დავისვამ ცოლად
და ქაღალდისშვილს გავაჩენთ ერთად;

ხო,დედი,დედი,უთხარი მამას,
რომ საქმე აქეთ გართულდა უფრო,
რომ სიზმარ- ცხადის უენო ყმა ვარ,
ულუკმაპურო, უფულო, უფრთო...

თუმც, ეს ქონება რაში მჭირდება, -
აღარც შენახარ, არც მამა მიმზერს
და ჩემი ბედიც დაეკიდება
იმ ჩემს ფურფუტა ქაღალდის შვილზე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:51 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
მოულოდნელად ვარსკვლავი წყდება,
თითქოს, ცა ვიყო,გადამიარა...
ვუწუხ ზესთაზესს: რად ამაყბედა,
თანაც - ამ უგბილ ადამიანად?!..

„ფლიდი ხარ, ფლიდი!“-
ყოფით ვბრუვდები,
ლაფში,ტალახში თანაზიარი
იმ ერთადერთი თავისუფლებით
სიკვდილში როა დიდზედიადი...

გამოშრა წყარო,გახმა ღრუბელი,
ხვატი შემომწყრა,გვალვა მეწვია
და მე არაფრად ქნას ვუბრუნდები,
ვერადა, თავი ვერ დავაღწიე;

ვერ ავიცილე, უკვდავი სნება -
ვარსკვლავები როს ბნელს დააცრიან,
ვერ გამოვიცვლი, არ გაიხდება,
- მიმაქვს ეს მიწა, ზედ რომ მაცვია...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:54 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
ავსებული ვარ მწუხარებით,
რომ ვეღარ გხედავ,
რომ სივრცეების ქვამარილი ღრუბლებმა მოხრა...
შენ, აღმართულო სამყაროს ზედა,
სიკვდილით უნდა გაუნათო
გზა ყველა მოკვდავს.

არის ხმელეთი,მოუპოვა
კაცმა ის ღმერთებს,
ეს ქვეყანაა,
რომ გვაფიქრებს იმ ქვეყანაზე...
თუა ნათელი, ის ნათელი ,
რაც წასკდა ზესკნელს;
თუ წყვდიადია ასხლეტილი
მკვლელის დანაზე...

მდუმარებიდან
მდუმარებით შემომცქერალი
შხამად დასწურე
მელნისფერი შენი შროშანი...
მადლობა სიტყვას,
იქ,იქ ვიყრით თავს სუყველანი,
იმ უხილავში,.იმ უთქმელში
არ სწუხს დრო-ჟამი;

არ სწუხს დრო-ჟამი
სიახლოვეს ამ სიშორეში,
ჩამორეცხილი მთვარის წყალით,
მთვარის ნალესით
ის, ის ამოდის
ღამეების მღვრიე მორევში,
ის,ის ნათელი
მოცვარული უფლის კაეშნით.


* * *
როცა სიტყვები ბაგეთაგან მოფრინავენ,
ან როგორც ღელეს აყოლილი ბატის ჭუკები,
მოცურავენ და სხივებს ისვრიან,
რად იხრებიან წამწამები --
დამძიმებულნი მლაშე ღრუბლებით,
ან ქალწულივით მდგარი თხმელები
რად ჩურჩულებენ:
-- ცრემლისთვის ვცოცხლობთ ქვეყანაზე...


* * *
საითაც მივალ და როგორც მივალ
მაინც მშობლიურ ღრუბლებს მოვდენი,
შენ გეკითხები - ცრემლი რომ გცვივა,
მოვკვდები, ნუთუ, მართლა მოვკვდები;

ვეღარ ავყვები ცისკენ ბალახებს,
ვეღარ წამიღებს უშენოს ღელე...
მადლობელი ვარ, რაც არ მანახე,
თუ უნდა ვნახო სიკვდილის მერე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 12:57 am

ავთანდილ ყურაშვილი

ცალ ყურში შესაშვები...

ჩემამდეც ფიქრობდნენ და ახლა, დღეს, არა მარტო მე ვფიქრობ ასე: პოეზია,მუსიკის მსგავსად,გახლავთ გამოუთქმელის,გამოუსახველის,სულაც, მოუხელთებელის,უფრო ნათლად,მყისიერი ელვების იდუმალი მებადური.ამიტომ,საკუთრივ პოეტი,თავისი განსაკუთრებულად გამახვილებული მგრძნობელობით,ჭვრეტის სიღრმითა
და სახელდაურქმეველი იმ უნარით,დაუნახავსაც რომ დასანახს ხდის,მართლაც, ელვების მჭერია და არა მიწიერი,ყოველდღიური სურა თხატების გადმომღები და მათი ლიტერატურული ასლების მიმწოდებელი.პოეზიისთვის ასლი უცხოა.უმრავლესობა პოეტებისა,ანუ "პოეზიის მკეთებლებისა",მომიტევეთ ეს უხუჯური გამონათქვი,ლიტერატურას
ქმნის მოსახელთებლით,შედარებით ზედაპირზე მდებარით,ადვილად მისაწვდენით,უფრო გაუჭირვებლად,დიდი ძალისხმევის დაუხარჯავად მკითხველთან მისატანით.
თუ ეს ნამდვილად ასეა, გამოდის,რომ ლიტერატურა შესაძლებლის,დასანახისა და ხელშესახების გამომხატველია, და ეს სულაც არ არის საჩოთირო,რადგან მსოფლიო გენიალური და დიდებული ლიტერატურით არის სავსე,აქედან გამომდინარე,გენიალური და შესანიშნავი ლიტერატორებითაც...
რა ხდება ამ დროს,პოეზიას რა მოსდის?!
თუ ანდრე მორუას მოვუსმენთ:"ხელოვნება ცხოვრებას ნიმუშებს აძლევს,ფანტაზიას - საყრდენს,გონებას - წესრიგს.უდიდესი წიგნი დღეს ისევე,როგორც გუშინ,მკითხველისთვის რჩება,როგორც შემარიგებელი წიგნი საკუთარ თავთან და სამყაროსთანაც. "ამაღლებული წუთების მოწიწებულ იმიტაციას" შეუძლია,ყველაზე სუსტი ადამიანიც კი აღამაღლოს."
რადგან ლიტერატურა საზოგადოების დაკვეთაა,იგი, საზოგადოება, საზრდოობს კიდეც ამ შეკვეთილით,ხოლო პოეზია მის ჩრდილში საწყლად დგას და უმწეოდ გამოიყურება,თუმცა,მიუხედავად ერთგვარი უგულვებელყოფისა,განგებისგან ბოძებული უხლავი ნესტარის წყალობით, განაგრძობს ხილულსა და უხილავში,ხელშესახებსა და ხელშეუხებელში ჩაღრმავებას - ეძებს,აგნებს და ნაპოვნი გასაცნობიერებელი,რაღაც ხარისხით, პოეზიის ენით გაცნობიერებული გადმოაქვს. ეს ქმედება,.მიახლოებით, იმ მეთევზის საქმიანობას ჰგავს,საკუთარი სიამონებისთვის რომ ბადეს ისვრის,გნებავთ, ანკესს,მაგრამ ნადავლს,გულალალად,სხვასაც უყოფს,აძლევს. აქედან გამომდინარე, პოეზია საზოგადოებრივი დაკვეთა არასდროს გახდება,იგი ლიტერატურის ჩრდილს ვერასდროს გამოაღწევს,მაგრამ,გაქრობით კი არასოდეს გაქრება,არასდროს გადაკეთდება,ლიტერატურულ ნორმებს,ლიტერატურულ ქცევებს,ლიტერატურულ მოდურ "იზმებს" არასდროს აჰყვება და არც დაექვემდებარება,რადგან იგი ფეხის ტერფიდან შედის,ზევით-ზევით მიიწევს,
მთელ სხეულში იბრჯნება და არა პირიქით - თავიდან ფეხებისკენ,როგორც ლიტერატურის შემთხვევაში ხდება...
ერთგან ესპანურ ენოვანი მწერალი ხიმენესი ამბობს: "თუ (პოეტი) წერს, საკუთარი სისუსტის გამო წერს,თუმცა,სიმართლე რომ ითქვას,სულაც არ არის ვალდებული,წეროს; ვინც ვალდებულია, წეროს, ის ლიტერატორია."
ისევ ხიმენესი: " ღმერთს შეუძლია,იყოს პოეტი; პოეტს კი - ღმერთი.პოეტის მიერ შექმნილი სამყარო ტოლს არ უდებს ღმერთის მიერ შექმნილს.თუკი ღმერთმა ხილული სამყარო შექმნა თავისთვისაც და ჩვენთვისაც საჩუქრად,.
პოეტისათვის ხილული სამყარო არ არის საკმარისი,ხელისცეცებით ცდილობს,შეაღწიოს უხილავის ტევრში
და იქ რასაც იპოვის, აჩუქოს,ვისაც სურს იმას.პოეზია არის "რაღაც თავისთავში," არაფერი და ყველაფერი, დასაბამიერი "მანამდე და შემდეგ..."
პოეზია ღმერთივითაა - არის,არ არის!...პირიქითაც შეიძლება:ღმერთი პოეზიასავითაა,ისიც არის, არც არის!...
სწორედ ამ "არის,არც არის!"შორისის განათება, განჩხრეკა და სულისმიერი გავლაა პოეზია.და,რადგან პოეზია სულის - უხილავის,ხელშეუხებელის,ხელთუქმნელის "მეცნიერება" ყოფილა,იგი უფრო რელიგიასა და ფილოსოფიას ნათესაობს, მუსიკის გარეშე კი, საერთოდ, წარმოუდგენელია.
პოეზია სულია, გრძნობაა, სუნთქვაა ანუ მუსიკა და თუ აზრიც ხელს უწყობს,ღვთაებრიობა სხვა კი არაფერია...
ვინმე იტყვის: რა თავში ვიხლი, რა საჭიროა,ის უხილავი ვიხილო და დავინახო,ან,დაგვანახონ,რასაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან არაფერი ესაქმება, უპრიანია,ადამიანის ის უხილავი მხარე გავანათოთ და იქ ვიპოვოთ საჭირო სავალდებულო ფასეულობანი ,- მართალი სიტყვა,მშვენიერებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაო. - ამიტომაც ვთქვი ზემოთ: ლიტერატურა საზოგადოებრივი დაკვეთაა და ოდნავ იმაზე მეტიც,რაც არცერთი მხარისთვის არ უნდა იყოს და
არცაა შეურაცხმყოფელი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 1:02 am

ავთანდილ ყურაშვილი

სამეგრელო, ჩელა...

რა ნაღვლიანად ტრიალებენ
თეთრი ყანჩები...
ფესვებს წყდებიან
და ალვები ადიან ცაში;
შენ კი აქ დგახარ,
ფეხუცვლელად,მარად აქ რჩები,
აქ, ჭაობების გარინდებულ
ამ მწვანე რკალში.

ძირს ჩამოსული ვარსკვლავია ციცინათელა,-
რა დათმენაა, ღამეები ლამბო და კემსო...
ისლის ქოხიდან გადმოსულო,
ო, ჩემო ჩელა,
ო, ჩემო ჩელა, ღვთაებრივო და უნაზესო.

ეს ჭორფლიანი ცაც
სნეულმა მიწამ იყარა,
ეს ჭაობებიც - მოუქნელი
და მძიმე ყბებით.
გადაიღუნა, ლაქაშები გადაიხარა, -
ატოკებს სივრცეს
შენი სწორი და სუსტი მხრები.

შემოასუნთქა,
პონტოს მხრიდან ამოდის ოხვრა,
ზღვა გლეჯს არტახებს
და ზღვა არსად არ ეშურება;
დუღს ჩემი კოლხა,
ოქროს ზეთში მცურავი კოლხა
და მჭახე-ყვითლად
ააშხეფეს სივრცე ხურმებმა...

გაჯერებული გოლეულით,
პილპილით,ტუხტით,
გადმოიღვრება
ბულბულების მაქცია ენა
და ჭილოფების ბუდეებში
მსხდარი ზურმუხტის -
წყალ-გრეხილების,
წყალ-ტბორების იწყება ფრენა;

შენ კი კვლავ გვთანგავ,
წინაპართა გაბმულო კვნესავ,
ო,ჩემო ჩელავ,
ამოზრდილო ამ ნაჩეხ ძვლებზე
და ცხენისკბილას ყვავილივით
ანათებ დღესაც
ამ მღვრიე გზებზე,
ქართველობის ამ დამღლელ გზებზე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 1:05 am

ავთანდილ ყურაშვილი

და ერთხელ, გვიან...

რა უნდა გითხრა იმაზე მეტი,
რაც შენ არ იცი ახლა სიკვდილზე...
ეჰ,აღარ შეგრჩა ფერ-ხორცი,დედი,
მინდვრის ფხალივით გამოიფიტე;

სიოს შეხება და ცაში ფრინავ,
ქარვაჩამდგარი სინათლე გაგდგამს,
ასე საწყალი და სიფრიფინა
როგორ გაგიშვა,დედილო, გაღმა...

ჰო, დაველოდოთ მთვარის ავსებას,
ჰო,ჩამოსწმინდოს ატმებს ბუსუსი...
რამ მოგაწყინა ამდენ ბავშვებში,
შენ იფუსფუსე,
შენ განაგრძე,დედი, ფუსფუსი;

ოღონდ,არ მკითხო,
რისთვის არ მიყვარს
ბუჩქის ყვავილი გაშლილი ველად,
რად მძაგს სიკვდილი,
როგორც მძაგს ვირთხა,
გაუაზრებლად და განუსჯელად...

აგერ ის ჯორკო,
ის ნამზითვი ძველი კალათიც...
ბიჭი წიგნს უზის
და კითხულობს:"ჩემო შვინდაო,"
ხოლო ბუხართან,შორიახლო,
ნაქურჩალათი
თავდაცობილი
ღიპიანი დოქი ყვინთაობს...

- დაბრუნებულან ყველა უკლებლად,
დაბრუნებულან
ვარდისფერი ჩემი კნუტები... -
როგორც ვარსკვლავი,
როცა ვარსკვლავს მიეშუქება,
მიყვარდა,მიყვარს,
შენ რომ შენს თავს ებუტბუტები;

და ერთხელ,გვიან,
როცა თვალებს წაერთვა ძალა,
როცა კედლებში
ამუსიკდა ჭრიჭინობელი,
ვიგრძენი,როგორ აფარფატდი,
გაფრინდი წყნარად
მთვარით ავსებულ
ფანჯარაში ჩემი მშობელი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6645
Registration date : 09.11.08

ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი EmptySun Oct 04, 2020 1:07 am

ავთანდილ ყურაშვილი

***
თითქოს,ვიოლინოს სიმებს ასხლეტილი ბგერა ხარ!
ნეტა, ღმერთმა რად ინება,
ასე რომ დამენახე;
ნეტა,ღმერთმა რად ისურვა,
რომ ასეთი მეხილე:
ყელაღერილს ჰგავხარ სურას,
მე კი მინდა,
ვიყო სურო შენს ტანზე აგრეხილი;

მე კი მინდა, მინდა ელი,
მუდამ რომ სასწაულს ელი,
წელზე შემოგხვიო ხელი,
შემოგხვიო, შემოგხვიო ხელი -
მიგიკრა და მიგიზიდო,
მკერდზე მიგიზიდო თრთოლვით,
ნაპირივით ტანშიშველი,
თეთრი, თეთრი
ვით უმტვერო თოვლი...

ზღვა ჩუმია როგორც.სევდა,
როგორც ლურჯი აბრეშუმი,
ზღვა სიმშვიდეს ასხივებდა
და ჰაერში,ოდნავ,მლაშედ სველი,
ქვე-ქვე ტოკავს.ორი შუნი,
შენი უბის ორი შველი...
სურვილი მკლავს, ქვიშასა ვჭამ,
შენ არაფერს, სულ არაფერს მშველი!

დღესაც მერამდენედ გვედრი,
დღესაც მერამდენედ გთხოვე,
ნუ მასიზმრებ,როს ვერ ვპოვებ,
ნუ მასიზმრებ,
ნუ მიავებ მეთქი,მაინც, უფალო!
გყვედრი ცხრა ასი წლის ნოე,
შენ რომ გაამუმიავე
და საკუთარ
სიზმარ-ცხადში ვჭყუმპალობ...

ჟანგიანი ანგელოზი
აქვე მშრალ-მშრალ ცრემლებს ღვრიდა,
ზღვის ხერხემალს მოუყვები
და მზის მხრიდან ამოდიხარ...
მე შენამდე რა ვიყავი,
შენს მერე კი გავხდი თიხა;
სხა რა ვიცი, რად ვიქცევი,
როცა იქით გადამიყვან...
მთავარია, ახლა აქ ვარ
და თუ მიყვარს,მართლა მიყვარს!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ავთანდილ ყურაშვილი Empty
PostSubject: Re: ავთანდილ ყურაშვილი   ავთანდილ ყურაშვილი Empty

Back to top Go down
 
ავთანდილ ყურაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: